ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გზა სარკიდან უსასრულობამდე

გზა სარკიდან უსასრულობამდე

გზა სარკიდან უსასრულობამდე

      ვფიქრობ ცისარტყელაზე, როგორც ჩემი ცნობიერების ინფორმატიკულ ველზე და ველოდები შემოღამებას, რომ შევმარტოვდე საკუთარ სულში, სადაც სასიზმრეთი იდუმალებით სავსე, ლაბირინთოვანი გზით მიმიყვანს და დამტოვებს მარტოს, იმაზე მარტოს, ვიდრე ჭალაში მდგარ ერთადერთ ზითისხილის ხეს...

      რაღაცნაირად, ვგავართ ერთმანეთს ადამიანები, თანაც, სულ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულები, მაგრამ ზოგჯერ, გონებისა და მეხსიერების ერთნაირი ხვეულებით... და ვდუმვართ, ან, ვხმაურობთ მსგავსად, გატოლებული სიხშირითა და ტალღების ერთდროული ამოქაფებით...

      სარკმელი ღიაა და მიწყნარებულ ცის თაღზე, მთვარე კონწიალობს, ადგილს ვერ მოერგო ეტყობა და მიგვიანებს საბაბს, რომ ჩემს საძინებელს მივაშურო. საწერ მაგიდაზე სტუდენტობისდროინდელ დღიურს შევავლე თვალი და მყისიერი მოულოდნელობით, თითქმის სულერთიად, გადავშალე და შემომეკითხა თარიშვილის სტრიქონი:

                  ,,ცაში ოთახი განათდება იაპონურად,

                  ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,

                  მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,

                  მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს,“ (ნ.თარიშვლი)

        ბოლოდან თავისკენ დავიძარი და - ,,ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ ,,ვეფხისტყაოსანს’’... ღმერთო, რა ტკივილია! შემეშინდა ურუსთაველოდ დარჩენილს! შეცბუნებული დავიძარი საწოლი ოთახისკენ და თავს შევახსენე:  ,,რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა...“

        ეს იყო და უეცარმა დაღლილობამ, თვალთახედვაში, მხოლოდ ოთახის, ვენერას ტანსხეულიანი, მოჩუქურთმებული სარკე შემომატოვა...

        სარკეებიან უსასრულობაში გადავაბიჯე და ყველა სარკიდან იაიოი კუსამას დაკოპლილი გეომეტრიული ფიგურები მიღიმოდნენ... ყველაფერი ბევრი, ძალიან ბევრი, არა - უფრო ბევრი და ნიჭიერებამდე ლამაზი იყო!

        ალბათ, ბურატინოს, ოქროს გასაღების პოვნა იმისთვის ენდომებოდა, რომ ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ან ჩემს მაგივრად და საკუთარი თავის შეცნობის გზა, კუსამას ფიგურებს მიღმა მოეძებნა!...

        სარკეები ზოგჯერ წყლისფერობდნენ და თავიდან ინთებოდნენ, ოღონდ, ჩემის სხეულის მოძრაობებით ხან ჩემი ღიმილებითა და თმების ჰაეროვანი შერხევით. იქაც, იქაც ვიპრანჭები!...

        ხელი დამიმძმიმდა და ძლივს მივხვდი, რომ ხელში ,,ვეფხისტყაოსანი’’ მეჭირა.

საოცრებავ! აქ რისთვის მოვხვდი ნეტა?! - ჰო - კა -ი -დო! - ექოსავით გაისმა ჩემი საკუთარი ხმა და გამახსენდა, ერთი გოგონას მოძებნა მინდოდა!... ზუსტად არ ვიცი, რას ვეტყოდი, მაგრამ მის ჭკვიან თვალებში ჩახედვა მსურდა! არ ვიცი, რა ერქვა, არც ახლა ვიცი, მაგრამ გათენებამდე იქნებ ვიპოვო, რომ ჩემი წიგნი ვაჩუქო...

        შარშან წავიკითხე სადღაც, ალბათ, სოციალურ ქსელში, რომ კუნძულ ჰოკაიდოზე, კამი-შირატაკის სადგურზე, 2016 წლის მარტამდე, დადიოდა მატარებელი ერთადერთი გოგონას გამო, რომელიც მიჰყავდა სკოლაში. გოგონამ დაამთავრა სკოლა და მოიხსნა რეისი, რადგან სხვა მგზავრი არ ჰყავდა...

         შვიდი წელია გასული! როგორ ვიპოვი?! ან რა საჭირო იქნება ჩვენი, ორი გაუგებრობის შეხვედრა?! ეს, იმ აკვიატებულ ახირებას მაგონებს, 2006 წელს, ათენში რომ მოვისმინე: აკროპოლისზე ხარაჩოები შემოედგათ ერთგან, რესტავრაციას უკეთებდნენ გადასასვლელებს, უცებ, მომცრო ტანის ძალიან საყვარელი გარეგნობის, სახემოვლილი და ტუჩსაცხშეფერებული კოპცია მოხუცი ქალბატონი შევამჩნიე, ახლოს მივედი, რომ ხელი შემეშველებინა, მან ჭკვიანი თვალებით შემომხედა და მადლობა გადამიხადა ინგლისურად. ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა, იმდენად ბედნიერი, რომ ვკითხე: - მოგწონთ?

       - ,, ჩემი ცხოვრების ოცნება ამისრულდა! 100 წლის გავხდი და ახლა მეღირსა ამ დიდებულების ნახვა!...“ ცრემლი ჩამოეპარა ლამაზ სახეზე, აღმოსავლურ იდუმალებასა და კდემამოსილებას, კიდევ უფრო ამშვენებდა წყლისფერი კრისტალი, ლოყაზე ნება -ნებად რომ ჩამოსრიალდა... გაირინდა იაპონელი ქალბატონი...

       ჩემს ახირებას, თუ სურვილს დავუბრუნდი...ვინ იფიქრებდა?! ვინ დამიჯერებს, რომ იმ უცნობი გოგონას შეხედვა მომინდა, ჩემი წიგნის ჩუქება და იმის მოსმენა, სად გააგრძელა სწავლა და თუ იპოვა ცხოვრების იკიგაი?

       სარკეები ალაპარაკდნენ, მაგრამ მე ვერაფერს ვგებულობდი... იაიოი გამოჩნდა ბადრიჯნისფრად შეღებილი თმებით, ვერშესაცნობი დაბნეულობით, მძინარე ბავშვის მსგავსი ოდნავი ღიმილით და ისევ კოპლები... ბურთები... გოგრები... შავი, თეთრად დაწინწკლული ცხენებით... დაუჯერებელია! ერთ ცხენზე მე ვიჯექი, თეთრი კაბა და მზისფერი კოპლები, ცელქად და უწესრიგოდ მოძრაობდნენ... და ისევ ბევრი - ,, მე ‘’...

      კუხალას ამასწინდელი გაკვირვება და კითხვადქცევა გამახსენდა:

     ,,რა ვქნა ?! ბევრი ხარ და შეუსწავლელი, ამიტომაც, არ სრულდება ბოლომდე, არცერთი შენი პორტრეტი!’’

     - რას დასრულდება ?! აი, სად გამოვქცეულვარ?! აი, სად გავბევრებულვარ! ჩემი წარმოსახვითი უსასრულობების კვეთა, ამ ჯადოსნურ სარკეებშია მიმოფანტული და ოდნავ დაბნეული და შიშდაკარგული ვარ!...

      აღარაფრის ძებნას არ ვაპირებ გარეთ! ყველაფერი ჩემშია!

      კუსამას მინდა ვთხოვო, იქნებ, გატეხილი ფაიფურის თოჯინები დახატოს! მე წერილებს დავწერ ბავშვობადაკარგული გოგონებისთვის, კიდევ, დედებს მონატრებული ბიჭებისთვის. თუ ისურვებს, ჩემს წერილებს, ფერად-ფერადი კოპლები მიახატოს, რომ ადრესატებმა გაიღიმონ და მერე ოდესმე ეს ღიმილებიც ისე გაბევრდეს, როგორც უსასრულობის სარკეში ჩემი მრავალფეროვანი ხატება!

      ეს რა არის?! - სარკეში მატარებლის ვაგონი მოძრაობს...სად მივდივარ? რომელი ქვეყნის მთებია, რომელსაც ვხედავ? ან, მოწყენილი სახე რატომ მაქვს?

      სიმარტოვე!...ეს მშვენიერი სიმარტოვე, რომელიც ჩალის ქუდის ქვეშ, თავდახრილსა და ვითომ უჩინარსაც, არ მიგატოვებს! არაუშავს იმ ქვის სანახავადაც მარტო წავალ, მეცამეტე ქვა რომ არსაიდან ჩანს...მგონი, კიოტოშია...ერთი სიტყვაც არ ვიცი იაპონურად, რა უნდოდათ ადამიანებს, რას იამპარტავნეს ბაბილონის გოდოლის აგებისას?! ვერც ღმერთს მისწვდნენ და ერთმანეთთან სალაპარაკო ენაც გაბევრდა!

      სახე! ჩემი სახე! თითები! ღიმილი! თვალები! როგორმე შევძლებ გზის გაკვლევას! სულ ვამბობ! მიკვირს! ყველა რომ გზას ეძებს..ჩემნაირი ძილმოხეტიალე მესტრიქონეც, განდეგილობას შეხიზნული ბერიც, კეთილგონიერი მეცნიერიცა და პატარა უფლისწულიც...

      ჩემი გზა, ხშრად, მუსიკის რვეულის ხუთხაზოვან ბილიკებს ჰგავს,ხან რომელ ხაზზე ავდივარ, ხან დაბლა ჩამოვდივარ და პირველ ხაზს ისე ვეკიდები, როგორც დედოფალთან ალერსს შეჩვეული ვერცხლის საყურე, პარიზული ორნამენტებითა და ჰაერში ასურნელებული პაწია სიყვარულით...ჩემი გზა...ვიოლინოსა და ბანის გასაღებს შორის შეერთება-შეფერების მისტიური რიტუალი!...

       ეს ღამე!...სარკეების წრეში მოქცეული ჩიტბეღურასავით, ჭიკჭიკი მომინდა! ამბობენ, ჩიტების ჭიკჭიკი გალობა კი არ არის, არამედ სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრების მცდელობაა და ხმის გაწვდენა, რომ საკუთრივ მოხაზული არეალი არავინ დაურღვიოს, არ წაართვას, არ მიითვისოს!

     ეს რა სინათლეა?! კარები გაიღო...შორეთიდან უსპეტაკესი სინათლე შემოკრთა,ძალიან შორს, ყრმით ხელში, მოჩანს მეწამულისფერ კაბაში გამოკვართული უსხეულო სხეული, დაუტევნელის დამტეველი და ჩემი ერის მემკვიდრეობითი ნუგეში...ღრუბლისებრ სავალზე თეთრი ვარდები დაბნეულან და მიმოფანტულან... არეკლე სარკევ! დედამიწის ყველაზე სპეტაკი ქალი და დედა არეკლე! გადაამრავლე ეს სისპეტაკე ყველა ქვეყანასა და ყველა პლანეტაზე! სასროლეთი ამოლუქე სარკევ!

     ვიღლები...სხეული, სისხლის ხმაურსა და მოძრაობას, ერთიანი გარინდებით გრძნობს. რაღაც მაგდებს სარკეების ოთახიდან...

     ტიტრებივით, ბევრჯერ ჩნდება წარწერა -ჰოკაიდო...

     ის გოგო! ის უნდა ვიპოვო! საკუთარმა ხმამ გამომაღვიძა...თვალები გაუბედავი სიფრთხილით გავახილე და მომეჩვენა, რომ იატაკი დაკოპლილი იყო, თითქოს, მართლა გაიარა კუსამამ...

      წამოვდექი, ფეხშიშველი მივედი სარკესთან, ვენერას თავი დაეხარა და თითქოს ისე მიკვირდებოდა... თეთრ მაგიდაზე სავარცხელი, ალმასებიანი ბეჭედი და „ვეფხისტყაოსანი’’ იდო...

      მაინც ვაჩუქებ! -საკუთარ თავს პირობა მივეცი ხმამაღლა და საწოლში დავბრუნდი.

      სარკმლიდან გაპარულ მთვარეს, უიშვიათესად ლურჯსა და მისტიურს, საკურას ყვავილებით დაფიფქული ღრუბელი ადევნებოდა და საალერსოდ ბგერდებოდა ალუბლების სიფრიფანობით ატეხილი ღუნღულა ქაფქულა... ცის სიღრმეში ჩემი სახელის პირველი ასოს ინიციალი, წვრილი ვარსკვლავებით აწყობილი, საიმედოდ, შუქ-სინათლით კიაფობდა... ჩიტების აჭიკჭიკებამდე, ვიღაცის გამოგონილი დრო დარჩენილიყო...

       ჩემს ეზოში, ჰამაკიც არ მოძრაობდა... ხავერდის შავ ბალიშზე, უცნობს, ოქროსფერი მულინის ძაფით ამოექარგა - ი ა პ ო ნ ი ა ...

       დედამიწაზე დავბრუნდი! სასიზმრეთის კარი გამოვიხურე იმის იმედით, რომ ოდესმე, სხვა დროსა და სივრცეში, აუცილებლად გავაგრძელებდი გზას შორეული აღმოსავლეთისკენ, მზისა და ნიჭიერების შესახვედრად... არ მკითხოთ - რატომ?! რადგან, ერთადერთი პასუხი, რაც მაქვს, არის - იმიტომ! შემოღამებიდან შემოღამებამდე და სარკეებთან შეხვედრამდე, დაგემშვიდობებით.

       უშორესი სიწმინდით ბრწყინავს საქალღმერთე ფუძიამა, საპატარძლო ფატასავით შვენის თოვლის სისპეტაკე და ვიდრე ძინავს, ტბათა ლივლივა სარკეები ჩემს სარკეებშიც იჭრებიან, უცნაურ გზაკვეთას, თუ შეხებას მონატრებულნი. მთის ძირში, სილამაზითა და სიმშვიდით შემკული გეიშა, ალუბლის მიმოფანტულ ყვავილებს, კიმანოს მოხატულ კალთაში იგროვებს და იდუმალი ღიმილით მიყურებს, თითქოს არსაიდან!...

       მზე მშვიდობისა!

       სიწმინდის მთამდე გამიყოლე ოდესმე, სიზმარეთო, მანამდე კი, მინდა მოგანდო, რომ...

                 ის არის, ის არის დარბაზში სულ მარტო!

                 ფილმები ცხოვრების გაკვეთილს აწვდიან...

                 იესოს ბატკანი ნიკალამ დახატოს

                 და მერე, მურაკამს სიზმრიდან გავიყვან!

                                                                             

       

                                                                                                                                             

 

კომენტარი: ,,კუხალა,, - XX – XXI - საუკუნეების ცნობილი ქართველი მხატვარი: ჯემალ კუხალაშვილი.

ნ.თარიშვილი, უსათურო ლექსი


შოკოლადი ჩილით

კარზე ვიღაცის კაკუნი ისმოდა... გავიხედე ცისარტყელას საჭვრეტიდან და ,,ფერადი“ მეზობელი დავინახე. კარი გავაღე და ,,ტელეფონზე გთხოვენო“ - მომაძახა. ავჩქარდი და უკან გავყევი. გადადებული ყურმილი ავიტაცე და დავინტერესდი, ვინ იყო?!..

ყურმილს იქით, უბნების მოშორებით, ჩემი ფეხმძიმე მეგობარი, საუბარს სწრაფობდა, მთხოვდა სოფელს დამსგავსებული ქალაქის დიდ და თითქმის, ცარიელ უნივერსამთან შევხვედროდით. დრო შევათანხმეთ და სახლში ავბრუნდი.

ციოდა. გიორგობის თვე ოდნავ იმეტებდა მზის სხივებს და წინა დღით, ქარის ჩამოფოთლილ ქუჩებს, დაგვიანებით ხვეტდა ხუჭუჭათმიანი მაღალი მეეზოვე. ვიცანი! ერთელ, ხელით შეკერილი ფლოსტები ჩამოატარა სართულ-სართულ. იქნებ ვინმეს ეყიდა...

კიდევ კარგი, ჩექმები ჩავიცვი, თვალწასულ წვივსაკრავსაც ფარავდა და ფეხებიც აღარ მეყინებოდა...

მაღაზიასთან, დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქალი მელოდებოდა, მივუახლოვდი, გადავკოცნე და ვკითხე, საით წავსულიყავით?! ხელი გამიშალა და კუპონები მაჩვენა, მერე ხელი გაიშვირა ქუჩის ბარდიურზე ჩამომჯდარი ფუმფულა ქალბატონისკენ და გაბრწყინებული თვალებით მიმანიშნა, იქით წავსულიყავით. ბარდიურზე დაემწკრივებინათ: შოკოლადები - თურქული წარწერებით, საღეჭები და სხვადასხვა ხილის წვენის დასამზადებელი ფხვნილები. მაიკომ ოთხი ცალი პატარა, სიგარეტის ფორმის შოკოლადი იყიდა და ორი ცალი მე მომაწოდა, ვუარობდი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა! შოკოლადებს ქაღალდები შემოვაცალეთ და გემრიელად მივირთვით. არ მახსოვს, თუ ოდესმე ასეთ გემრიელი და სასიამოვნო რამე დამიგემოვნებია მანადმე. ყველაზე დიდი გაჭირვების წლები იყო! გაღატაკებული ქვეყნის მეოცნებე სტუდენტები, შემოდგომის ფოთლებს ვატანდით უამრავ აუხდენელ ოცნებას...

თითები მოგვეყინა. მოსაღმოვდა და ქუჩაში ვეღარ გავჩერდებოდით. უღიმღამო სახით გავეშურეთ ჩვენი ბნელი და ცივი სახლებისკენ. ეზოებში ცეცხლი ენთოთ, ხელებს ითბობდნენ მოხუცი კაცები.

უშაქრო პიტნის ჩაი სხეულს გვითბობდა ცოტა ხნით და ერთმანეთზე ფიქრით ვიძინებდით. მაინც რა იყო, რა ერთიანად ჩამოფარღალალდა ყველაფერი?! დათოს და მუკის კუჭის წყლული გაუჩნდათ, ალბათ ნაკლებადვარგისიანი ცხიმის, ან საკვების გამო! ზეითუნის ზეთს გრამობით ვყიდულობდი, რომ მიმეწოდებინა დათოსათვის, ტკივილებისაგან საბანს რომ ღეჭავდა და ცდილობდა, არ შეგვემჩნია მისი ტანჯვა.

რაღაცნაირად, ყველაზე ადრე გავბრაზდი ყველას სიღარიბეზე აუხდენელ ნატვრებზე, მონატრებულ კარამელზე, ვერგამოცვლილ ფეხსაცმელზე, ვერნაყიდ კაბებზე, ნათხოვარ პალტოზე, ვერშეძენილ წიგნებზე, ლამაზი საცვლებისაგან გამოჭრილ- შეკერილ საბანკეტო სამოსელზე, უტრანსპორტო და ფეხით სიარულზე, გამოზოგილ პურის ლუკმაზე, რომელიც წინა ღამით, ლოდინის შემდეგ ძლივს გვქონდა ყველას!.. გავბრაზდი, როცა გავიგე, რომ მეგობრის მეცნიერი დედა, მარნეულში ეხმარებოდა აზერბაიჯანელებს ჭარხლისა და სტაფილოს ამოღებაში  და ნაოპერაციებ ქალს, განა რამეს უხდიდნენ?! _ მხოლოდ ბოსტნეულს ატანდნენ!.. აუტანელი იყო, რომ ისედაც ცხოვრებისაგან შელახული გონიერი დედები, მაწვნის ქილებს აბარებდნენ ჯიხურებს...

თითქოს წლების ნაფიქრი ყოფილიყოს, წავედი ძალიან შორს! მაცილებდნენ მეგობრების ცრემლიანი თალები და კიდევ უფრო დარდიანი გულები!... ზაზიკოს, ერთი მუჭა იერუსალიმიდან ჩამოტანილი მიწა დავუტოვე სახსოვრად და ავტობუსში ასულს, მხოლოდ ჩემთვის გასაგონად ამომძახა: ,,მალე დაბრუნდი, დაგელოდებით!“

საზღვარი გადავლახე და თურქეთში შევედი. წვიმდა, ნისლი და ტალახი სამგლოვიარო ელფერს აძლევდა ქვეყანას. სკოლიდან დაბრუნებული ბავშვები, დათხვრილები და ცხვირმოყინულ-გაწითლებულები, მიიჩქაროდნენ შინ. თითქმის, ორი დღე ვიყავი გზაში...

როგორც იქნა, მზის სითბო, სინათლე და სივრცე დავინახე! სოკრატეს, არისტოტელეს და პლატონის სამშობლოში შესვლა სხვაგვარად გამიხარდა! დიდი ხნის მონატრებული ღიმილიანი სახეები დავინახე და ღრმად ამოვისუნთქე! ჩემთვის უცნობ ენაზე საუბრობდნენ ადამიანები. პირველ გაჩერებაზე მივხვდი, რომ ბედნიერ ხალხში მოვხვდი, მზიანი გულისა და სულის მომეჩვენა ყველა. უკან მიხედვას გადავეჩვიე, თითქოს სამშობლოს სუსხი საზღვებზე გავიხადე და ობოლი ბავშვივით მივატოვე წარსული!..

ანტონის ვარდისა და იანის პარიოს ხმები სასიამოვნოდ ჟღერადობდა რესტორნის ვესტიბულში. მარინელას სიმღრა, რომელიც სხეულმა იგრძნო სიტყვების გარეშე, მოგვიანებით ვთარგმნე: ,,ზოგჯერ მინდა, ცა გამოვცვალო, მაგრამ გზები არ არსებობს. სხვა დროს ვფიქრობ, როგორ მიყვარხარ და ბოდიშს გიხდი!“..

ჩემი სულის ხმაურით და ვიბრაციებით, შევერიე ცისფერ ცას, მწვანე ზღვას და ახალი ადამიანების სიყვარულს. შევეჩვიე ფერადოვნების ლივლივს და თავისუფლების ჩანჩქერში მოკრძალებულ გაგრილებას... გული ათენისკენ მიწევდა, თესალონიკიდან ათენისკენ არაერთხელ გავემართე, აკროპოლისი მიხმობდა თითქოს, მაგნიტივით მიზიდავდა და ანტიკური ხანის ქანდაკებებს შორის სიარული, მწყვეტდა ხოლმე თანამედროვეობას. ვერ ვიგებდი, მინდოდა თუ არა ქალღმერთობა?! ჰერაზე ვფიქრობდი, რას ერჩოდა დიონისეს, რად მიუსია ტიტანები დასაგლეჯად?! რაღაცნაირად მეუცნაურებოდა, ზევსმა, მხოლოდ გულის გადარჩენა რომ მოასწრო და არ დააფლეთინა ტიტანებს. როგორც დიონისე ეძებს ადამიანი, რომელიც მას აკლია, ასე ვეძებთ ჩვენც დიონისეს გულს, რომელიც დაგვაკლდა ოდესღაც...

ზღაპრების არ იყოს, დიდი დრო გავიდა, თუ ცოტა დრო, ჩვიდმეტი წელიც მიიფურცლა ცხოვრების კალენდარმა. არ ვაპირებდი უკან დაბრუნებას, მაგრამ ყველაფერი ისე აეწყო, რომ უფალმა ისურვა და ერთ დღესაც, ქაოსური პოლიტიკური კლიმატის ქვეყანაში მოვხვდი, უკვე შეცვლილ და არაძველებურში თითქოს, მაგრამ იდუმალებით მოცულ სამყაროში, სადაც კოსტუმიანი, ინტელექტუალური ზღარბები და დამფრთხალი ბეწვიაბაჭიები დიდი ბრძოლისთვის ემზადებოდოდნენ და გადავწყვიტე, სამშობლოსთვის არყოფნის ვალები ერთბაშად დამებრუნებინა.მეგობარმა მამა მიქაელთან მიმიყვანა და ზუსტად ასე წარუდგინა ჩემი თავი - ,,ვალების დასაბრუნებლად დაბრუნებული ქართველია, მამაო!“ და მერე...

მერე დავდიოდი ოდესღაც ნაცნობ ქუჩებში და ვეძებდი მისამართდაკარგულ მეგობრებს, კიდევ ... ხმაურს!..

ყველა ადამიანს თავისი ბგერითი ხმაური აქვს და იმ ნაცნობ, სიხშირის ტალღებს ვეძებდი, მაგრმა ყველა და ყველაფერი შეცვლილიყო!...

ყუთიდან ძველი წერილები ამოვიღე, ერთდ ნაგროვები, ჩვიდმეტი წლის მონატრების ბარათები და უკან დავუბრუნე ყველას, ვინც რაღაცნაირად სახეშეცვლილი მეჩვენა!

აღარავინ ცდილობდა ბოლო ლუკმის გაზიარებას, ყველა საკუთარ სასახლეს აგებდა და საერთოდაც, არ ეცალათ ერთმანეთისთვის.

 ვიღაც, მეხუთე სართულის ფანჯრებიდან აღარ იყურებოდა, სახლი გაყიდულიყო და სიჩუმეს დაესაკუთრებია ორდერი. აღარ მაჩუქეს სიმწრით გამომცხვარი ლობიანი და აღარავინ მიფრთხილდებოდა, როცა ნახევრადგანათებულ ქუჩას მივუყვებოდი. ზაზა დამხვდა ისევ იმ თვალებით, გაცილებისას რომ ცრემლშეკავებით მიყურებდა, მაგრამ ამჯერად ტკივილები შემოუგროვდა! შემოუგროვდა და ჩაიკვანძა ავადმყოფობა მის ფაქიზ სულში და თხელ სხეულში. ,,შენ ჩემი ოჯახი ხარ!“ - მითხრა ერთხელ და ძმასავით, ერთგულ და შეუცვლელად მეგულებოდა, ვიდრე არ მიგვატოვა ყველა აქეთ ნაპირზე და არდაბრუნების მისამართზე გადასახლდა! ჩემი ბუტია ხასიათის გამო, აღარც მის სახლში მივსულვარ, შეწყვეტილ და დაკარგულ ხმაურს ვერ გავუძლებ!

უბან-უბან, იმდენი გასხვისებული სახლი დარჩა, უჩემიანო, ბავშვობის ტკბილ წლებს რომ მოვინატრებ, მოსაფერებლადაც ვეღარავის ვპოულობ. და ვისაც შემთხვევით გზად გადავაწყდები, საკუთარი ხელით მოდუღებული ყავისა და ჩაის მადლი გაუცხოებულად ეჩვენება და ურჩევნია, კაფეში დაგპატიჟოს, სადაც არც სტენდალური ფერების იდუმალებაა და არც ბუკინისტური წიგნთსაცავის მყუდროება...

იმ დღეს, ჩემი დაბრუნების წლების აღნუსხვას ვფიქრობდი, საკუთრი თვი მოვიპატიჟე ვიტრაჟულ გარემოში, მუსიკისა და ალუბლის ნამცხვრის თნხლებით, დიალოგი გავუმართე, ვკითხე, ხომ არაფერი ენატრებოდა და იმ მეორე ,,მე“-მ შავი შოკოლადის ფილა მომაწოდა, რომელზეც წითელი წიწაკა მიეხატა დიზაინერს და უფრო გერმანულად, ვიდრე ინგლისურად, ან ელინურად, მიეწერა: ,,შავი შოკოლადი ჩილით“. ჩემი ცხოვრების გემო ვიგრძენი, გავიღმე და უკან დავუბრუნე მინიშნებით მიხვედრილმა.

ემიგრანტების ცხოვრებას პიკანტური გემო აქვს, თვისებური, ტკბილ-მწარე მოგონებებით, გამოტოვებუი მშბლიური სიზმრებით, სხვათაგან შევსებული ადგილებით, სალოსური გარდასვლებით, შავ-თეთრი ფიგურების მოძრაობით... მაგრამ გადარჩენილი სითმამით, სიმართლით, ჩილის პიკანტურობით, ჩანთის პატარა ჯიბეში შენახული სარკითა და გულის გულში გადამალული ეკალმოცლილი ვარდით...

ისევ გამოვართვი შოკოლადის ფილა და კვადრატები ჩამოვატეხე, მახლობელი თაროდან ჰემინგუეის წიგნი ჩამოვარდა და ძლივს წავიკითხე სათაური : ,,მშვიდობით, იარაღო!“ კაფეში ამბავი მოიტანეს: ისრაელში, სიკვდილის ანგელოზი ცას მკერდს უჩეხავსო!.. შოკოლადის ფილა შავ-წითელ ქაღალდში გავახვიე და დავბრუნდი შინ...

ყველა კედელი ნათხოვარს ჰგავს და აღარაფრის დაკარგვა აღარ მაშინებს... გარეთ ისევ ფოთოლცვენაა, როგორც მაშინ, ოცდაათი წლის წინ... წუხელ საღამოს, ფეხთან , უზარმაზარი ჭადრის ფოთოლი დამეფინა და სახსოვრად წამოვიღე სახლში...

ჩემს ოთახში პიკანტური სურნელია, ლამის, მანდარინებსაც წიწაკა მივახატო  იაიოი კუსამას განმეორებითი კოპლების მსგავსად....

 


 

 

ნატეხები სიზმრიდან

 

 

ანასტასია

 

მარტია ახლა და... მე, ისევ არ ვცხოვრობ კოლორადოს შტატში, არც სანდორინში, არც კაპადოკიის ახლოს, მაგრამ მინდა, შორს ვიყო რაღაცნაირი ქალაქიდან!....

ორი წლის წინ , მინდოდა, ბესიკ ხარანაულის მეზობლად მეცხოვრა, ან ხარხელაურის, ხანდახან მოვიწვევდი, ან ვესტუმრებოდი და ვისაუბრებდით , იქნებ, მეტი უბრალოება გადმომდებოდა....

გამიგია სიმარტოვის სურვილი, ან , პირიქით , ხალხმრავლობისა და ხმაურის, მაგრამ სიმარტოვეში შექმნილი ხმაურის სიყვარული გამოვიგონე და იმას, რასაც იაპონელის იკიგაი ჰქვია, ჩემს თანდაყოლილ უნარად ვგრძნობ.

გუშინდელი დღე პლანეტის შემოვლას ჰგავდა, კარდიოგრამული ფრაგმენტები რომ ვინმეს გადაეღო, ალბათ, ალპურ მთაგრეხილებს მიამსგავსებდა...

ნაცნობი უცნობი ისიც და შენც, მერე გაქცევა, მერე აუცილებელი საქმეები და ბოლოს სალოსამდე მისვლა....

სანთელი მოვინდომე, სიჩუმე და სიწყნარე სინათლით იქნებ შემევსო.

კიბის საფეხურის ხმა მიჩუმდა და ბიჭუნას რომ ჰგავდა, ისეთი ბავშვი, წინ დამიდგა: "შეიძლება, სანთელი მოგცეთ?"

- მე?! არ ვიმსახურებ! ზუსტად ვიცი, არ ვიმსახურებ, პატარავ , შენგან!

- " გთხოვთ, დაანთეთ!"

ვილოცე, თუ ვიფიქრე, ზუსტად არ ვიცი, როგორც არ ვიცი , სად ვიწყები და სად ვმთავრდები. წამოსვლისას ბავშვი გამომყვა, " შენ მარტო არ უნდა იარო, შეპყრობილი კაცია და არ გავნოს რამე".

- რა გქვია?

- ანასტასია .

ბიჭი მეგონა..... ვეძებდი მიზეზს რაღაცასთან მსგავსების. სკამზე ჩამოვჯექით. შევთავაზე, ზღაპარი მომეყოლა , თუ მომისმენდა. - ოსკარ უაილდი გსმენია?

- მე გოდერძი ჩოხელის მოთხრობებს ვკითხულობ.

- რამდენი წლის ხარ?

- 12-ის.

დავიწყე მოყოლა: ლონდონიდან ეგვიპტისკენ გადამფრენ მერცხალსა და ბედნიერ პრინცზე... პატიოსანი თვლების ღარიბებზე გაცემასა და ჩონჩხად დარჩენილ სიხარულზე, სანაგვეზე გადაგდებულ გულზე და ფრთებით ზედ გადაფარებულ მკვდარ ჩიტზე....

- შენნაირი მასწავლებელი რომ მყავდეს, ბედნიერი ვიქნები!

წავიდა და ისევ დაბრუნდა, მეგობრები მოიყვანა, მათაც უნდოდათ ზღაპარი მომეყოლა, მაგრამ ვაგვიანებდი....

მივხვდი, რომ სადღაც მინდა ვიყო, უბრალო ადამიანებთან, ზუსტად არ ვიცი, რაში დავეხმარებოდი, მე ხომ ჯერაც ვერ ვიგებ, რა შემიძლია, ავტყდი, ბედნიერებას ვიპოვი - მეთქი და უცებ ჩემივე სტრიქონები მახსენდება - ვარ კი შენი ღირსი?! მერე თავადვე რომ ვაპროტესტებ - ხარ კი ჩემი ღირსი?!

რა მინდოდა, რატომ ვოცნებობდი , რომ ვყოფილიყავი განსხვავებული?! მკეთებოდა პიონერის ყელსახვევი სხვა ბავშვებივით, რატომ მახრჩობდა?! რას გავრბოდი წარჩინებული ბავშვი შატალოზე, ვყოფილიყავი დედას ბუშტი!

რას ვაპროტესტებდი უსამართლობას როსნაძესთან , დამეჯერებინა , რომ ყველა დიდი მწერალი და პოეტი იყო  - საბჭოთა მიღწევა!

რა მინდოდა პატარა გოგოს მიტინგების მოწინავე რიგებში?! რას გავექეცი ბნელ ქვეყანას?! ხომ აღარ დარჩა ჩემი ადგილი არსად, არავისთან, აღარაფრისთვის?!

ყველაფერი შემეშალა! მათ შორის შენც, უსახელო სიმარტოვევ, სად მოვხვდი, ნუთუ იქ, სადაც უნებლიეთ, შეცდომა თუ მოგივიდა, დაგკარგავენ და წერტილის ღირსადაც არ გაგხდიან! სიცარიელე ვიყავი, სიცარიელე დავრჩები!

თვალები .... ბზარები, გზები, ციფრები, განტოლებები, ვალენტობადაკარგული სიტყვები....

გაქცევა.... ვისწავლე მეც.... ჰაერის უკმარისობა და პარიზზე ფიქრი... ჩემი მატარებელი , ჩემი წლების ვაგონებით, ისტორიები.... მოლოდინის ბაქანთან, არ ვიცი,  ვინ დგას.

დამიბრუნდი, იკიგაი!

საათს არ ვაყენებ მაღვიძარაზე, გონებით ვმართავ დროს და ისევ ვიცი, რომ სხვისი საქმე მაქვს გასაკეთებელი.

არ დააბრალოთ მარტებს ღალატი! ყველაზე მართალია მარტი, ცხოვრების ნამდვილ ფერებს და სიცრუეშეზავებულ სიმართლეს გიყვება.

" ნუ დამემდურები , თუ ვერ შემოგხედავ

თვალდახუჭულს , ხსოვნის ისეთი ჩრდილები მყავს იქ მოქცეული,

თვალს რომ გავახელ , ხომ დამეკარგება?!

ნუ დამემდურები!"

 

 

სიზმარში სიცოცხლის სანაცვლოდ

 

სველი სიცივის სევდა შუზების ქვეშ ქოშინებს და ნაკვალევს შლის. ქამარი წელიდან ყელამდე ასულა და ვერგამოთქმული გაკვირვება ხრიალებს. ფერუმლეკი მაჯებს ეჯაჯგურება და ძალადობს.

სიკეთეს სახრჩობელას უმზადებენ!...

- რას სჩადიხართ?!- ვყვირი და ვერავის ვაგონებ.

- მასში დარჩენილი ბავშვი უნდა ჩამოვკიდოთ!

- რატომ ხარხარებთ?!

- საინტერესოა მდიდარი კაცის ყულფში შეგდება!

- რა დაგიშავათ?!

- ვიღაცისთვის იმედად ქცეულა!

- გაჩერდება!

- არა!

- ხელი არ მოკიდოთ!- საკუთარმა ხმამ შემაკრთო. სიზმრიდან გადმოვედი და შიში ჩავაწყე წარსულის კოლოფში.

წვიმს და მაინც, გავრბივარ გარეთ, მართლა წვიმს....ცუდად მოფიქრალი გრეტა , ყინულის სარკეში იყურება, სასახლის იქით გადაუხედავს ამასწინათ და ათასი ჭორ-მართალი დაფქვა... შევწუხდი, აბსტრაქტულ ფიგურებს ვაგდებ გუბეებში და შხეფი თხუპნის ნაბალახარს.

ლურჯი " სეზონი" ხის თაროზე დაყრილა და ვერ ვიგებ, რად ვირჩევ .... დაუთვლელი სიძველეები ჩაკეტეს. აჩუქურთმდა სიონი და ყვება კარგ ამბავს. ყველა ნიღაბი მოიძრო თურმე ,,იმან“... მე, მეშინია! მგლისთავიანი ორფეხები ბასრ კბილს მიჩვენებენ. ვერ ვეტევი ჩემში , პლანეტების აბსტრაქციაში ვახვევ სურვილს და მინდა, შორს წავიდე, სადაც ხმაური აზრიანია და მართალი!

გვირგვინს მაჩეჩებს პატარა ბავშვი და მინდა გამოვუტყდე, რომ " აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის!".

კედელს იქით, 21- ე საუკუნის კურაპალატი ღელავს და გულისცემა რადიოტალღასავით სწრა