მკვლელობა ჩემს საყვარელ ქალაქში
მკვლელობა ჩემს საყვარელ ქალაქში
-თავი პირველი -
- გ ა მ გ ზ ა ვ რ ე ბ ა -
...ვიღაც მსუბუქად შემეხო მხარზე;
-Wach auf, Herr, wir müssen gehen!
-ბატონო?
თვალები მოვიფშვნიტე. მობუზული ვიწექი აეროპორტის მოსაცდელი ჰოლის ჩემზე გაცილებით პატარა სავარძელში.
ახლად შეფხიზლებულმა ჯერ ვერ გავიაზრე, სად ვიყავი. მერე , ძილის წყალობით ნაწილებად დაშლილი ტვინის უჯრედები საბავშვო კალეიდოსკოპივით წამიერად აიკინძა და ბებერი მოტორიც ამუშავდა.
შორიდან აეროპორტის დიქტორის ნამძინარევი და ჩახრინწული ხმა ისმოდა.
გასამგზავრებლად გამზადებულ ადამიანთა სხვადასხვა ტიპაჟები - ცხოვრებაში ერთმანეთის გზას რომ არასგზით არ გადაკვეთდნენ, ახლა მდუმარედ, წინასწარშეთანხმებულივით და ზედმიწევნითი წესრიგით აჰკროდნენ ერთმანეთს და ტაატით მიიწევდნენ აეროვაგზლის გასასვლელისაკენ;
ლედ ნათურების ცივი ანარეკლით შემაწუხებელ , გარეთ გამავალი გეიტის მინის დიდ ფანჯრებში , ჩამუქებული , შორეული პერსპექტივით იკითხებოდა თვითმფრინავის გაბლარული, მუქი სილუეტი;
ეს ყველაფერი მანამ აღვიქვი, სანამ ლოგიკური დრო გაივლიდა ჩემკენ მზრუნველად დახრილი ოქროსფერსათვალიანი, ჭაღარა გერმანელის საპასუხოდ.
მერე უხერხულად გავიღიმე.
დაახლოებით მივხვდი, რომ ადექი, დროაო - მითხრა;
„პირველი არა ხარ, ძმაო, ვისაც უცხოელი ვეგონე!“- გავიფიქრე და ესღა ვუთხარი:
-I am sorry! I can’t speak German, but anyway, thanks for caring for me, Herr…
-Rayner! – სასწრაფოდ შემაგება ჭაღარამ და ხელი გამომიწოდა - Just Rayner Gerner... Never mind, I speak English quite well! Excuse me, somehow I thought, you were German too!
„-არ მიკვირს, რომ გიკვირს - გავიფიქრე, ის კი არა, თბილისის ქუჩებში მოწყალებას მუდამ უცხო ენაზე მთხოვენ-ხოლმე!“
უბოდიშოდ გავიზმორე და ქვასავით მაგარ სავარძელში წამოვჯექი.
…გერმანელი, სახელად რაინერი, ცოტა ხნით კიდევ შეყოვნდა, ალბათ ეგონა, რომ ავდგებოდი და თვითმფრინავის ასაფრენი ზოლისკენ გამავალი გეიტისკენ გავყვებოდი იმ უსაშველო რიგის სულ ბოლო წერტილში დასადგომად;
მე გაუნძრევლად ვიჯექი და აეროპორტის დიდ ფანჯრებში შემოპარული ამაჟრიალებელი განთიადის ყველაზე შორეულ ხაზს მივჩერებოდი.
გამკრთალ ალიონს მეწამული ეკრა და ადრიანი გაზაფხულის გაურკვეველი ფერები ძალიან აბუნდოვნებდა სიმრუმეში ჩანთქმულ შორეთს.
ჰორიზონტის მეწამული ფერი მეხამუშა.
ქუთაისს ალბათ ისევ აბეზარი ქარიშხალი დაპრესავს დილიდან, მაგრამ მე უკვე შორს ვიქნები - თუ დორტმუნდში არა, ალბათ რომელიმე ევროპული ქვეყნის თავზე - თბილ და მანათობელ დურალუმინის მფრინავ ლიმუზინში...
შემამცივნა. ნამძინარევმა ვიგრძენი - ცივი ოფლით ვიყავი ჩანამული და გუნებაში შევიკურთხე;
მთელი ცხოვრება ენას ვუყოფდი და ვმოძღვრავდი თაზოს - რატომ ეწევი, - რატომ ილპობ ფილტვებს, შე სულელო-მეთქი და აი, ბედის ირონია! ალბათ ახლა ის გამომიყოფს ენას - ესეც შენო!
ისე კი ჩემმა ექიმმა, სიკვდილის კლოაკადან ჩემმა პირველმა გამომთრევმა - კახა ვაჭარაძემ ისიც კი მითხრა - მწეველი რომ ყოფილიყავი, კაი ხნის წინ მოგტკეპნიდნენო! ეჰ, გენეტიკა მაინც თავისას შვრება, ძმაო...
…არადა ხომ კარგად ვიცოდი, რომ ძილში გავვოფლიანდებოდი და მაინც მოვიკალათე აქ, კომფორტულად; შეწყვეტილი ძილი შემენანა თუ რა ჯანდაბა დამემართა!
ოხ ეს ნაადრევი რეისი;
ადრე გამოცხადება სავალდებულოაო;
ჯერ კიდევ შუაღამეზე ხომ უნდა მოემზადო, მერე ვიღაც მანქანიანი ადამიანი ძილს უნდა მოსწყვიტო - ტაქსი იქნება ეს, ოჯახის წევრი, მეგობარი თუ სულაც მეზობელი... იძულებული ხარ შეაწუხო, რომ აეროპორტამდე მიგიყვანოს...
რეგისტრაციის მერე კი უნდა იჯდე და ელოდო , როდის დაგიძახებენ.
ჩემს გასაცილებლად ადრე წამომხტარი მაიკო-დაიკო შემეცოდა.
არადა, არც უნდოდა წასვლა ჩემს გაფრენამდე, მაგრამ ქმარ-შვილის მერე ორი შვილიშვილიც რომ დავაფიცე, შეწუხდა - ისე, როგორც ბოლომდე შეუსრულებელი მისია აწუხებთ პატიოსან ადამიანებს;
უკუსვლით წავიდა და აეროპორტის გამავალ კართან მდგარმა უკანასკნელი ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
მერე იყო, რომ სითბომ და აეროპორტის მონოტონურმა გადაძახილ-გადმოძახილებმა მომთენთა და არც ვიცი, ამ პატარა და უხეშ მოსაცდელ სკამში ძალით ჩატენილს როგორ ჩამთვლიმა.
აგერ კიდევ ეს რაინერი თავისი მზრუნველობითა და დახვეწილი ზრდილობით...
რა მეჩქარება! ამხელა რიგს ხომ დრო უნდა, სანამ ესენი გასასვლელში გავლიან... და რა აზრი აქვს - პირველი გახვალ თუ მეასე - თვითმფრინავი ხომ მაინც თავის დანიშნულ დროზე გაითქვიფება ქუთაის-კოპიტნარის მოწითალო განთიადით აჭრელებულ ცაში...
-000-
...თვითმფრინავში რომ შევედით, საბედნიეროდ, ილუმინატორთან მოვხვდი.
ყველა გამიგებს ამ აღტაცებას, ვისაც პატარაობიდანვე უგემნია თვითმფრინავით მგზავრობის ხიბლი, როცა ამ მომრგვალო ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილი ლაინერის აფრენის თანამონაწილე ხდები; როგორ დაგივლის ტანში წამით შეჩერებული რკინის ჩიტის მეყსეული აჩქარება - ასაფრენ ბილიკზე რომ წინ გაიჭრება გიჟივით, უმატებს სიჩქარეს, ფიუზელაჟი ბრიხინს, რეაქტიული ძრავა კივილს, კაუჩუკის ბორბლები დგარადგურს და როცა მთელი ეს მუსიკა აპოგეას აღწევს, უცებ... ჩამოვარდნილი სიჩუმე... ყურები ჯერ კიდევ წივიან გაუსაძლისი დისტორშენის გავლენით და მალევე უკლებენ დეციბალებს. სალონში დგება აბსოლუტური და მომაჯადოებელი სიჩუმე - თვითმფრინავი მიწას მოსწყდა...
ამ წამიდან იგი ღვთიურ საზღვრებში უსანქციოდ შეჭრილი უცხო სხეულია, რომელსაც არ იცი - ეპატიება თუ არა ასეთი თავხედობა...
----
სალონის პანელებზე კარგა ხნის განმავლობაში ენთო ღვედების შეკვრის მკაცრი ბრძანება; მერე ისიც ჩაქრა და შუქიც გაბაცდა.
რამდენიმე საათი და დორტმუნდის კარს სტრატოსფეროდან მივუკაკუნებთ...
-000-
...თვითმფრინავმა ნებადართულ სიმაღლეს მიაღწია თუ არა , ვალმოხდილი მევენახესავით გასწორდა წელში და მგზავრებმაც ამოისუნთქეს. ზოგმა ლეპტოპი გახსნა, ზოგმა ყურსაცვამი მოირგო და წინა სავარძლის უკანა ზურგზე ჩასმულ მონიტორში ჩართულ ტელეპროგრამას მიაჩერდა გაღიმებული, ზოგმა წიგნი გადაშალა, ზოგმა თანამგზავრთან შეწყვეტილი საუბარი განაახლა.
მეც მოვწყდი ილუმინატორს და ჩემს გვერდით მჯდარ მეზობელს გავხედე.
ოჰო! ისევ რაინერი! სალონის რიგებში რამდენიმე ადგილი თავისუფალი იყო ;
ჯერ ვიფიქრე - იქედან ხომ არ გადმოსკუპდა-თქო, მაგრამ დავასკვენი, რომ თვითნებურად მაინც არ გადმოჯდებოდა. გერმანელია და იმიტომ.
მიხვდა, რომ მისი ჩემს გვერდით ყოფნა გამიკვირდა, ოდნავ შემცბარმა გამიღიმა, მხრები აიჩეჩა და თავისი ბილეთის ყუა გამომიწოდა - ვითომ: რა ვქნა, ძმაო, ეს ადგილი მერგო, თორემ როგორ შეგაწუხებდიო!
ნეტავ რატომ ჩათვალა, რომ მაწუხებდა? იქვე რომ არ წამოვხტი და არ გავყევი იმხელა რიგში დასადგომად?
-მე ვიცი თქვენი სახელი, თქვენ კი ჩემი არა!- გავუღიმე და ხელი გავუწოდე - კონსტანტინე!
იმან გაიცინა, შეცბუნება აშკარად გაუქრა, ჩემი ხელი აიღო და რამდენჯერმე მაგრად ჩამომართვა.
-თქვენმა ბლანჟემ შემაცდინა, თქვენი წარმომავლობა რომ ვერ დავადგინე; მაპატიეთ, სადაური ხართ თუ გერმანელი არა?
-ქართველი, თანაც წარმოშობით ამ კუთხიდან ვარ, საიდანაც ავფრინდით! - გულღიად ვუთხარი და თითი ილუმინატორისაკენ გავიწვდინე;
-Ach so… - თავისთვის ჩაილაპარაკა და ინსტიქტურად ჩემი ქალაქის განთიადის მხარეს გაიხედა;
ნამდვილად კაი ტიპი სჩანდა და ყბედსაც არ ჰგავდა - ამ ოთხი საათის განმავლობაში თავი რომ მოებეზრებინა. ძალიან ძვირფასი ბრენდული ლაბადა ეცვა და ნიანგის ტყავის ინკრუსტირებული ხელჩანთა ედო მუხლებზე. ღიმილიც გამოზომილად შუალედური ჰქონდა და გაღიმებისას ერთი ზომის და ფერის კბილები გაუელვებდა-ხოლმე.
„ალბათ ჩასმული აქვს, თორემ ამ ხნის კაცს რა შეარჩენდა ასეთ უზადო ყბას“ - გავიფიქრე; სამოცს კარგა ხნის გადაცილებული ეთქმოდა.
მერე სავარძელში წამოიწია, ლაბადა გაიძრო და ჩანთასთან ერთად სალონის ზედა თაროში დაუნანებლად შეჩურთა. მერე თბილი პერანგის საყელო შეისწორა, ჩაახველა და დაჯდა.
შევატყვე, ლაპარაკის დაწყება უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
-საქართველო როგორ მოგეწონათ? - ისევ მე გავჭერი ლენტი;
-ძალიან, ძალიან მომეწონა! ჩემთვისაა ზედგამოჭრილი... იცით, მე ცხოვრების ჯანსაღ წესს ბავშვობიდან მიმაჩვიეს. არ ვსვამ, არ ვეწევი, მუდამ ლაშქრობებში და მოგზაურობებში დავდივარ ფეხით, მწვერვალებზეც ავსულვარ მოყვარული ალპინისტის რანგში...
„ეტყობა იღბალი გინდა კაცს, თორემ მე არ მიშველა მაგ ჯანსაღმა წესმა!“ - დანანებით გავიფიქრე;
ამასობაში რაინერი ხელების მოშველიებით გადავიდა თავისი მონოლოგის სენტიმენტალურ ნაწილზე.
-საქართველო ზუსტად საჩემო ქვეყანაა! ამ პატარა მიწაზე ყველაფერია - მზეც, ყინულიც, ზღვაც, მთაც, მღვიმეც, ალპური ზონაც და ტროპიკულიც, ნუ , მოკლედ, იდეალური ადგილია. ალბათ კიდევ ჩამოვალ.
- საქართველოში როგორ მოხვდით? გირჩიათ ვინმემ თუ...
-გერმანიაში ერთი ქართველი ნაცნობი მყავს; რამდენიმე წლის ჩამოსულია და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა გამაცნო - ქალაქის მუნიციპალიტეტში ერთად ვმუშაობთ...
და ერთხელ ქართულ ვახშამზეც კი მოვხვდი. ისე იყო ის ახალგაზრდა კაცი მონატრებული თავის ქვეყანას, რომ სულ საქართველოზე მელაპარაკებოდა. ასეთი აქტიური თუ ხარ, აუცილებლად უნდა ნახო საქართველოო.
„ასეთი ემოციური გერმანელი არც მახსოვს... ძველი კინოქრონიკებიდან მხოლოდ მესამე რეიხის ბოსები ლაპარაკობდნენ ტრიბუნებიდან ასე აღტკინებით!“ - გავიფიქრე და თავი დავიტუქსე, რომ ეს ღიმილიანი კაცი ლამის იმ ურჩხულებს შევადარე.
რაინერი კი არ ცხრებოდა:
-წუხელ, სანამ რამდენიმე საათით დავიძინებდი წამოსვლამდე, დავურეკე იმ ჩემს ქართველს და იცით რა ვუთხარი? ამ ორმა კვირამ საქართველოში დიდ აღმოჩენამდე მიმიყვანა-მეთქი! რაო, რაო?- მოუთმენლად მკითხა - რა და ის, რომ საქართველო უკანასკნელი სამოთხეა დედამიწაზე-თქო! გულწრფელად ვუთხარი და ალბათ არც არასდროს არ შევიცვლი ამ აზრს.
- მიხარია, რომ მხოლოდ კარგს ფიქრობთ ჩვენზე - ნასიამოვნებმა ვუთხარი და მხარი ვიცვალე, რომ ცოტა წამეძინა;
ასე მივფრინავდით ნორდრაინ-ვესტფალენის მხარისკენ და ჩვენ-ჩვენს საფიქრალზე ვფიქრობდით...
-000-
...ალბათ ჩემი ბრალია ეს.
მე „წამოვიყოლე“ ქუთაისიდან ასეთი ნაგიჟარი ქარი - გაზაფხულის დორტმუნდს მიწაზე რომ აზანზარებდა და ჩვენს კოხტა ლაინერს ჰაერში. საბოლოოდ გათენდა და ღრუბლებიდან ახლად გამოფრენილები ადვილად ვამჩნევდით, სადღაც მოუსვლელში როგორ მიერეკებოდა მათ მოუსვენარი ქარი.
მგზავრები დაძაბულები იყურებოდნენ ილუმინატორებიდან და უკვე ზედმეტიც იყო „ღვედების შეკვრის“ ყბადაღებული ბრძანება - ისედაც ყველას შეეკრა გულმოდგინედ. შეშფოთებული ჩურჩული უფრო აუტანელს ხდიდა მფრინავი მანქანის სტიქიასთან შეჯახებას.
რაინერი სერიოზულად აქნევდა თავს თვითმფრინავის ყოველ „ჩაგდებაზე“ და რატომღაც საათს დაჰყურებდა განუწყვეტლივ.
მიუხედავად ყველაფრისა, მიწა ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. ლაინერსაც ემატებოდა გამბედაობა და როცა ბოლოსდაბოლოს დასაფრენ ბილიკს ღონემიხდილი დაასკდა (მე ასე მომეჩვენა), მთელმა სალონმა სამადლობელი ტაში მოცხო...
---
...ძრავები კარგა ხნის დადუმებული იყო, მაგრამ ფეხზე წამომხტარი მგზავრები გასვლას ვერ ახერხებდნენ - ტრაპი ჯერ კიდევ არ მოედგათ. უმრავლესობა მოუსვენრად აბაკუნებდა ფეხებს და ჭერზე აკაკუნებდა.
რაინერმა , ეტყობა, მხედველობაში მიიღო ჩემი გამოცდილება და სავარძელში დარჩა. არც ლაბადა და არც ჩანთა არ ჩამოუღია თაროდან - ალბათ იმიტომაც, რომ გასვლის მომლოდინე ხალხი იდგა ჩვენს სავარძლებთან და ჭიდაობას ვერ დაუწყებდა.
მე ამასობაში ჩემი მობილური ტელეფონი ჩავრთე, როუმინგის დახმარებით ერთ-ერთი გერმანული ქსელი-როგორც მახსოვს „ვოდაფონი“ მოვძებნე და დავუკავშირდი.
ეკრანზე ჩაირთო „Welcome screen“- ი, მასზე კი ირაკლი გამოისახა თავის ორი ეშმაკუნით.
ამ დროს ჩემს ყურთან გმინვა გაისმა:
-Oh Mein Gott!
გაკვირვებული შემოვბრუნდი რაინერისკენ - თავი ხელებში მოექცია და ჩემი ტელეფონის ეკრანს გაოგნებული მიჩერებოდა;
-What? - ქუჩის ბიჭივით ვკითხე - ზრდილობიანი ფორმა იქნებოდა „პარდონ?“ - მაგრამ დავიბენი - რა მოუვიდა-მეთქი!
-Immerhin ist dies Irakli! - წამოიძახა;
ამ ფრაზიდან მხოლოდ „ირაკლი“ გავიგე და გაკვირვებულმა ვუპასუხე:
-Yes, He is! My older son – Irakli!
აქ რაინერს ლამის ისტერიულად გაეცინა და მეც მივხვდი, რატომ;
-ააა, ანუ ეს არის თქვენი ნაცნობი ქართველი? - სიცილით ვკითხე;
-დიახ, დიახ! ისაა! მე თქვენც გიცნობთ შორიდან, სახელიც ვიცი - ქონსთანთაინი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სწორედ “ის” ქონსთანთაინი იქნებოდით! მთელი გზა ამდენს ვისაუბრებდით და ბოლოს ასეთი სიურპრიზი გველოდა;
-ესე იგი თქვენც გრონაუში ცხოვრობთ და არა დორტმუნდში? მეც გიცნობთ! ირაკლის ცოლის დის ქმარი - ტონი იოზეპსი და თქვენ კოლეგები ხართ ქალაქის მუნიციპალიტეტიდან და სწორედ მან გაგაცნოთ ირაკლის ოჯახი - თქვენც ხომ ასე მომიყევით ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში?
-დიახ , აბსოლუტურად სწორს ამბობთ! ტონი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული მოქალაქე, მეცენატი და გავლენიანი ადამიანია! ახლახანს მუნიციპალიტეტის არჩევნებიც მოიგო - ისე უყვარს მთელ ქალაქს, რომ დიდი სხვაობით გაიმარჯვა! მერე ფრაქციაც ჩამოაყალიბა და დღეს მათი გავლენა უმთავრესია ქალაქის ცხოვრებაში. ვამაყობ, რომ ანტონიო იოზეპსის არა მარტო კოლეგა, არამედ მეგობარიც ვარ!
-ჰოო, ტონი ჩვენც ძალიან გვიყვარს. გამორჩეულად კეთილი , მზრუნველი და საქმიანი კაცია.
სალონში ხალხის მასა შეთხელდა. ალბათ ტრაპი მოედგათ და მგზავრები ნელ-ნელა გადიოდნენ. ჩვენც წამოვდექით სავარძლებიდან ისე, რომ საუბარი არ შეგვიწყვეტია. რაინერმა ლაპარაკით გახსნა ზედა თარო, თავისი ნივთები ამოიღო და მერე მგზავრების მიერ სალონში ღიად დატოვებული ყველა თარო ჩაკეტა ფრთხილად. სანამ საბოლოოდ შემობრუნდებოდა, ვეცადე, რომ მოგვრილი ღიმილი მომესხიპა ტუჩებიდან. არ ეწყინოს მეთქი.
-000-
...კიდევ ერთი უსაშველო რიგი გველოდა საპასპორტო კონტროლის ქაუნტერთან. გაქვავებული სახის გერმანელი ჩინოვნიკები გულმოდგინედ ამოწმებდნენ პასპორტებს, სადაზღვევო პოლისებს და სასტუმროების ჯავშნებს. ერთ ცეტი გარეგნობის ახალგაზრდას ფულის ჩვენებაც კი მოსთხოვეს რატომღაც.
რაინერი პასპორტმომარჯვებული და გაჩუმებული იდგა ჩემს გვერდით და ერთად მივიწევდით გასასვლელისკენ. უცებ რაღაც მოაგონდა, შემობრუნდა და მკითხა:
-აქედან გრონაუმდე ხომ ლამის ასი კილომეტრია! ვინმე დაგხვდებათ აქ თუ?...
-რა თქმა უნდა! ირაკლი დამხვდება...
-Ach so…
-თქვენც წაგიყვანთ გრონაუში! ირაკლის რატომ არ უთხარით , რომ დღეს მოფრინავდით?
რაინერმა ჩაიცინა , სათვალე მოიხსნა და უარის ნიშნად თავი გააქნია;
-ერთი ის, რომ მე არავის შეწუხება არ მიყვარს! აბა დაუკვირდით: ძალიან ადრე უნდა ამდგარიყო , სამუშაო უნდა გაეცდინა, საცობებს უნდა არიდებოდა, რომ დროზე მოსულიყო...
სინდისის ქენჯნა დამეწყო: იქ იყო და, მაიკო-დაიკო წამოვახტუნე წყალტუბოში, აქაა და - ირაკლი !
---
-ალბათ ისევ შევხვდებით, არა? - ღიმილით შემეკითხა დამშვიდობებისას, როცა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს;
-რა თქმა უნდა! ჩვენ შორის ისეთი ადამიანები დგანან, რომ უეჭველად! - ვუპასუხე და მაინც ვკითხე - ირაკლი სადაცაა მოვა; ეს - ესაა ველაპარაკე, არ დაელოდებით? ერთად წავიდოდით!
-იგივეს შემოთავაზებას მეც ვაპირებდი - ჩემი ავტომანქანა აეროვაგზლის სადგომზე მაქვს დატოვებული. მოიწყინა ალბათ უჩემოდ (გაიცინა). ახლა წავალ და ავამუშავებ. ირაკლის ბოდიში მოუხადეთ, რომ ვერ დაველოდე - აუცილებლად შევხვდებით - ხომ ასე თქვით არა?
თავი რომ დავუქნიე, უკანასკნელად გამოაჩინა მბზინვარე კბილები და რომელიღაც კარიდან მოხერხებულად გაძვრა.
ქარმა იკლო, მაგრამ ახლა წვიმამ იმძლავრა. საშინელია ამ მხარეში ქარ-წვიმა... ძვალ-რბილში ატანს...
მე ჩემი ორი მძიმე ჩანთა მოვიკიდე და ხვნეშით წავედი ლაით-ბოქსზე მითითებული ტაქს-სადგომისაკენ, სადაც ირაკლიმ და მე შეხვედრა დავთქვით ტელეფონით ორი წუთის წინ...
თავი მეორე
გ რ ო ნ ა უ -
...ირაკლის მანქანაში თბილოდა. ქარი ზოგჯერ წამოიწუილებდა, მაგრამ აღარ დაგიდევდით. მოხერხებულად ვიჯექი ძველი „ოპელის“ რბილ, წინა სავარძელში. სასიამოვნოდ ტყაპუნებდა წვიმა მანქანის პარპრიზზე და ქსილოფონის რაღაც გაურკვეველ, მონოტონურ მელოდიას ქმნიდა.
გახარებული ირაკლი ათას რამეზე მელაპარაკებოდა. მეც შიგადაშიგ ვუსმენდი - მეტწილად კი თბილისში დატოვებულ სამ ადამიანზე ვფიქრობდი - ნეტავ როგორ არიან-მეთქი.
ერთი მხრივ, სული ზეიმობდა ირაკლის ეშმაკუნების და მათი დედის - უაღრესად თბილი და მოსიყვარულე თეკოს ნახვის მოლოდინით, მეორე მხრივ კი გული მეკუმშებოდა, რომ ჩემი ოჯახიდან მარტო მე მერგო მათთან ჩახუტების შესაძლებლობა;
ერთ მომენტში ირაკლი გაჩუმდა და სახეში შემომაცქერდა. რაღაცნაირად მიხვდა, ეტყობა და მითხრა:
-გიმძიმს ხომ? პირველად ხდება, რომ შენ ასე მარტო მოდიხარ ჩვენთან!
ამოვიხვნეშე:
-ჰო რა! ვერ ვარ ჩემს „მატორზე“... არ შემიძლია ასე მარტო ბოდიალი.
...ეს ორი მძიმე კვირა. მარტოდ ყოფნის თოთხმეტი დღე. საქართველოში დასმული დიაგნოზი - გაურკვეველი... მერე კი ყოვლისშემძლე ტონის ძალისხმევით მოპოვებული ტერმინები გერმანელ პულმონოლოგებთან... მისივე პირადი გავლენით ნაშოვნი და გამოგზავნილი სამკურნალო გერმანული ვიზა. მამაზეციერის ფუნქციებში ირაკლის და ჩემი ხათრით შეჭრილი იესო ქრისტეს თანამემამულე - არამიული წარმოშობის გერმანელი, თავისი გავლენით ქალაქს რომ აზანზარებს...
წვიმამ ფუგა დაამთავრა და ჩერნის ეტიუდზე გადავიდა...
...მწვანე ჭიშკარს ვაღებ და ზღვის გოჭები ქუჩაში გარბიან. მინდა გავეკიდო, მაგრამ დამეკარგნენ, დაწევა მინდა და ვერ გავრბივარ - ისე მივეზარდე მიწას...
---
...ქალაქურმა კლაქსონებმა აბურდული სიზმრიდან გამომიყვანეს. მოვსულვართ გრონაუში. მე ისევ გაოფლილი ვარ, თუმცა ახლა უკვე არაუშავს - მივალ მათ სახლში და კაპიტალურად მოვწესრიგდები...
---
...სანამ ირაკლი თავისი ცოლ-შვილით გრონაუში არ დასახლდა, ასეთი სახელის ქალაქის არსებობაც კი არ ვიცოდი. ამ მხარეს ნორდრაინ-ვესტფალენი რქმევია თურმე. ამ ქალაქზე გადის გერმანია-ჰოლანდიის საზღვარიც, რომელიც ასფალტზე დახატული ერთი მქრქალი ხაზია მხოლოდ!
ჰოლანდიაში გადასვლას მაშინ ატყობ, როცა გერმანულისგან განსხვავებულ - ყვითელ სანომრე ნიშნიან ავტოებს ხვდები ქუჩაში. სხვანაირად არა ...
...ჯერ აახენში ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ, როცა ანტონიოს კარგი სამსახური შესთავაზეს ქალაქის მუნიციპალიტეტში და ამას გარდა, როცა თავისი სამშენებლო ბიზნესის უფრო მეტად გაფართოების შესაძლებლობა მიეცა, თავისი ოჯახით უყოყმანოდ გადმობარგდა გრონაუში;
მალე ირაკლიც გადმოსახლდა - სულ ერთი არაა გერმანიაში სად დასახლდები? ყველა რეგიონში, დიდ ქალაქსა თუ პატარა სოფელში ხელისუფლებისგან თანაბარი ზრუნვა იგრძნობა, რესურსებიც თანაბრად ნაწილდება და უფლება-მოვალეობანიც ერთნაირია.
აქ რომ გადმოხვალ საცხოვრებლად, სასურველია რომ პირველ ხანებში, თავის დასაზღვევად, ახლოს გყავდეს მეგობარი ოჯახის თუნდაც ერთი, აქაურ საზოგადოებაში უკვე ადაპტირებული წევრი მაინც - ცხოვრების და მუშაობის ძირითად პრინციპებში რომ გაგარკვიოს, დაგაკვალიანოს, დაგეხმაროს, გირჩიოს, საჭირო ადამიანები გაგაცნოს და საკუთარი მეგობრებიც დაგამეგობროს - აი ისეთები - რაინერი რომაა...
ტონიმ საკუთარი ძმასავით მიიღო ირაკლი - თუმცა თავადაც არ აკლდა დედმამიშვილები; გარდა ნათესაობისა, მან იგი შეიყვარა მისი მშვიდობიანი და პოზიტიური ხასიათის , შემოქმედებითი ნიჭის და ლუდით მისებრ დიდი გატაცების გამო. ბევრით დაეხმარა კიდეც და საცხოვრებელი ფართიც შედარებით იაფად აშოვნინა - თანაც მის აპარტამენტთან ახლოს, სადაც ირაკლის ნებისმიერ საღამოს შეეძლო სტუმრობა.
---
...ირაკლიმ ავტო დეკორატიულ არხთან გააჩერა.
მანქანას შიდა მხრიდან, პარპრიზზე, რაღაც საათისმაგვარი მოწყობილობა დაუმაგრა - ეტყობა პარკინგის დროის საჩვენებლად;
საკმაოდ განიერი და კოხტა ეს არხი წითელი ხაზივით მიყვება ქალაქის პერიმეტრს და განუმეორებელ ხიბლს მატებს გრონაუს. არხი ყველა სეზონზე სავსეა ფრინველებით - ხან იხვები ბუღნაობენ, ხან თოლიები ქურდბაცაცობენ - არხის მოაჯირზე თუ რამე სასუსნავი წამით ჩამოდე, აუცილებლად აგაფცქვნიან; ბევრია ერთ ფერში გადაწყვეტილი ბეღურებიც და მოკლედ აქ ჭიკჭიკ-ტკრციალითა და ფრთების ფრთხიალით დუღს და გადმოდუღს სიცოცხლე. ნებადართულიც რომ იყოს , ადგილობრივთაგან არც არავის არ მოდის აზრად თოფი დაუმიზნოს ამ მშვიდობიან ფრთოსნებს - და ამიტომ ფრინველებს დიდად არ ეშინიათ ორფეხა არსებების...
...ირაკლიმ ჩემს ჩანთებს ხელი დაავლო და არხის ხიდზე გადავიდა. მე სატარებლად მხოლოდ ხელჩანთა დამრჩა და გაწევ-გამოწევაც არ დამიწყია - ისედაც ძლივს მივათრევდი ფეხებს - უკვე საფუძვლიანად ვიყავი დაღლილი და მოწყვეტილი.
ირაკლი ხალისიანად მიაბიჯებდა. წინასწარ ტკბებოდა იმ სურათის წარმოდგენით, როგორ თავგანწირულად შეახტებოდნენ დიდი ხნის უნახავ ოპას ანცი მარია და დელიკატური მათეო... როგორ დაისაკუთრებდნენ ქართულ სასუსნავებს, ომას გამოგზავნილ ქართულ სათამაშოებსა და წიგნებს...
---
...მე და ირაკლიმ ის ულამაზესი ხეივანი გავიარეთ, აგრერიგად რომ მომწონდა. ეჰ, როგორ ძველი შეყვარებულებივით დავსეირნობდით ღამის სიჩუმეში მე და ირმა წინა, ერთობლივი ვიზიტის დროს...
გუნება მომეშხამა. თუმცა აქ ყველაფერი ისე ძველებურად გამოიყურებოდა, როგორც ორი წლის წინ... ქუჩის იგივე მრავალნაირი სანათები, რომლებიც რატომღაც კვლავ ბჟუტავდნენ ახალგათენებულზეც, ბრენდული მაღაზიების სანაქებო ვიტრინები, პურის საცხობ ფარდულის დახლებზე ამაყად წამოჯგიმული მადის აღმძვრელი ლაპლაპა ბროჩენები - მარიასთვის რომ ვყიდულობდი კინდერგარტენში წაყვანის წინ - დილაადრიან;
ყველაფერი ძველებურად იდო. თითქოს დრო არ იძროდა აქ და ასაკოვანი ადამიანისთვის მარადიული სიცოცხლის ილუზია იქმნებოდა...
ირაკლიმ მძიმე ასხმულა ამოიღო, მალევე მოძებნა საჭირო გასაღები და სადარბაზოს მექანიკური კარი გააღო. მერე ძველებური ლიფტის კარები მოხურა და თავისი სართულის ღილაკს თითი დააჭირა. ლიფტმა მორიდებით ჩაიხრიალა და მძიმედ დაიძრა...
---
...არ აღვწერ იმ აჟიოტაჟს, რაც ჩემს მისვლას მოჰყვა ნეუშტრასეს თოთხმეტ ნომერში. ბავშვები ყირაზე გადადიოდნენ სიხარულით. მერე, ჩანთების გახსნა რომ დავიწყე, აღტაცებული ყვიროდნენ - „ქაქუჩარი, ქაქუჩარიო!“ –„საჩუქარი“ ჰქონდათ მხედველობაში.
თეას ბედნიერებისგან უბრწყინავდა სახე და ჩემს საპატივცემლოდ იმდენი ორიგინალური კერძი და იმდენი უცხო დესერტი დამახვედრა, რომ ალბათ თვეობით ვერ მოვერეოდი.
ირაკლი ხუმრობით ტუქსავდა - რა ამბავია, ცოლო, აქცევ ოჯახსო? ჩვენი შეხვედრის საყოველთაო სიხარულს კი აშკარად აკლდა ძირითადი კომპონენტები - ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები...
საუზმის მერე თეამ ბავშვებს მოუწოდა - ბაბუ დაღლილია და აცალეთ, ცოტა დაისვენოსო. მაგრამ საძინებელი ოთახის კარებში ხან ერთი ჭინკას თავი გამოჩნდებოდა და ხან მეორესი - თან ერთმანეთს მკაცრად აფრთხილებდნენ „ჩჩჩ, Opa schläft!“ (ბაბუს სძინავსო)...
ასეთ დროს რა დამაძინებდა! ხელი დავუქნიე - შემოდით-თქო! ისინიც შემომისხდნენ ლოგინზე აქედან და იქედან - მარიამ თავისი ნახატები დამათვალიერებინა, მათეომ სათამაშოები მომიტანა - „ლეგოს“ კუბიკებიც მომართვა - „ჰაუსი ავაშენოთო...“
რაღა სჯობდა მათთან ყოფნას...
როცა სასტუმრო ოთახში დავბრუნდით - (ხელში მათეო მეკავა, ზურგზე კი მარია მეჯდა) თეამ დამსვა და სერიოზული სახით გადმომიშალა ექიმებთან ჩემი ტერმინების განრიგი, დრო და მისამართები. უკიდურესი მოუცლელობის მიუხედავად, თავადაც წამყვებოდა , რომ ჩემსა და ექიმებს შორის დიალოგში თარჯიმნობა ეთავა. ირაკლი სამუშაოზე გავარდა და თეას დაუბარა - ტონიმ დარეკა, საღამოს ოჯახით გვესტუმრება კოტეს სანახავად და აბა შენ იცი, ხომ იცი, რა უყვარს ტონისო!
მეც ვიცოდი, რა უყვარდა ტონის - წინა ჩამოსვლაზე ირმამ აჭარული ხაჭაპურის საღამო მოაწყო და დაინტერესებულმა ტონიმ ორი, ლამის თავისზე დიდი აჭარული გადასანსლა. და როგორც მისმა ქართველმა ცოლმა - თეას დამ - მაკამ, სიცილით მოგვიყვა - კინაღამ გადაყვა ცხიმის ამხელა ულუფასო! თუმცა ამან ვერაფრით ვერ წაახდინა მისი სიყვარული ამ ქართული დელიკატესის მიმართ;
-თავი მესამე -
- პ ი რ ვ ე ლ ი დ ღ ი ს ს ა ღ ა მ ო -
გრონაუში მოსაღამოვდა. უკვე მთლიანად აღვიდგინე დაკარგული ენერგია ასეთი დაუმთავრებელი და დამქანცველი მგზავრობის შემდეგ. ამაში ეჭვგარეშეა, მარიას და მათეოს მიუძღვოდათ მეტი წილი.
გრონაუს ლამაზ, გაზაფხულის ფერებით გალამაზებულ პარკშიც შემოიპარა ბინდი. კვლავ აციმციმდნენ ხეივნის ღამის ილუმინაციები და სიომ ყვავილების სურნელი ჩამოატარა ჩვენს ფანჯრებთან.
ოთახში შევბრუნდი. თეა ენერგიულად შლიდა სავახშმო მაგიდას. ირაკლი მცირე ზომის საკუჭნაოში მიმდგარიყო და იქაურ სასურსათო ქსელში ნაყიდ ღვინოებს უთვალიერებდა ეტიკეტებს. ცოტა ხანი იყოყმანა: „ წითელი და ნახევრად ტკბილი შემოვდგა სუფრაზე - როგორც მაკას უყვარს, თუ თეთრი და მშრალი - როგორსაც ტონი მიირთმევსო?“
ბოლოს ხელი ჩაიქნია და ორივე წამოიღო;
თეას ცომში უკვე გამოყვანილი ჰქონდა აჭარულები და სტუმრებს ელოდებოდა - იქვე რომ შეეცხო ჰაერღუმელში და მერე ცხლად მიერთმია მათთვის. ისინი კი, ცოტა არ იყოს, იგვიანებდნენ - შვიდი საათი კარგა ხანი