ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

+ - =

+ - =

              „ + - =“

 

იქამდე...

I

... ძაღლები ჰყეფდნენ, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ისმოდა მანქანების მოძრაობის, მათი  დამუხრუჭებისა და დასიგნალების ხმები, ხმები ფეხით მოსიარულე ადამიანებისა, უფრო ზუსტად, მათი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფეხსაცმლის ლანჩებისა, სხვადასხვა სიმძლავრით რომ ხვდებოდნენ მიწას, ისმოდა ხმა ხეების შრიალისა და მათი ამშრიალებელი ქარისა, ხმა კარის გაღებისა და დაკეტვისა, ხმა ლიფტის ასვლისა და ჩამოსვლისა, ის მისტიური - პამ! - პოეტურად რომ მიგვანიშნებს სართულზე ამაღლებასა თუ ჩამოდაბლებას, ისმოდა მუსიკა, ისმოდა შარი-შური, ისმოდა დაგა-დუგი, ისმოდა ბრაგა-ბრუგი, ისმოდა კაკუნი, ისმოდა ბრახუნი... მოკლედ ყველა ხმა, რომელიც ქალაქის ცხოვრებას ბუნებრივად ახლავს თან, მაგრამ მაინც უჩვეულო სიჩუმე იყო, სამარისებური სიჩუმე. სიჩუმე, რომელსაც არ არღვევდა მისი ყველაზე ხშირი დამრღვევი - ადამიანის სიტყვა. დღეს სანიტარული დღე იყო.

-გოობ!

პასუხი არ არის.

-გოობ!

ისევ არა.

-გოობ, გამოდი შენი დედის კუნთები დავზილე! გამოდი უნდა მოგკლა! უნდა გესროლო!

 ეთამი ნაგანის ტარით აბრახუნებდა გობის ბინის კარზე რაც კი ძალა ჰქონდა და ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა.

 სახლის წინ პოლიციის ორი მანქანა გაჩერდა. იარაღმომარჯვებულებმა სწრაფად აირბინეს ორი სართული, მესამე უკვე ნელა აიარეს და ფრთხლად მიადგნენ გობის კარს. სერჟანტმა იარაღი მიუშვირა ეთამს და მკაცრი ტონით მიმართა.

-სსუ! არ გაინძრე, ძმობილო!.. სიყვარულით, სიკეთით!  

 ეთამს პოლიციელების დანახვა აშკარად გაუკვირდა, მათი მისვლა არც გაუგია. თვალზე მომდგარი ცრემლი იარაღიანი ხელით მოიწმინდა.

-ჩვენთან უნდა წამოხვიდეთ თუ შეიძლება! სიყვარულით, სიკეთით!

-წადი თქვენი!

მეორე სერჟანტმა ელექტროპისტოლეტი დაუმიზნა და ისე მიმართა.

-თქვენი სიტყვის ტარების უფლება გვაჩვენეთ, გეთაყვა! სიყვარულით!

-სახლში დამრჩა!

 ეთამს ელექტრო ტყვია ჯერ მკერდში მოხვდა, მერე მარჯვენა ხელში და იარაღი დაუვარდა, წამში დაადეს ხელბორკილები.

-თქვენ დაპატიმრებული ხართ,ვერბალური კანონის პირველი მუხლის და სანიტარული დღის კანონის დარღვევისთვის.

 -გამიშვით თქვენი, გამიშვით უნდა მოვკლა ეს ნაგავი! ბიპ, ბიპ, მიშველე!

-„სილენციო“, დროზე!

 ეთამს ყელზე წამალი მიასხურეს, ყვიროდა, ჩხუბობდა, ილანძღებოდა, იმუქრებოდა, მაგრამ მისი უკვე აღარავის ესმოდა, ხმა მაღლა ამოუსვლელად, მისსავე შიგანში იკარგებოდა, კვდებოდა. 

***

 - წკინ! - დაიძახა ელექტროღუმელმა და პატრონს მიანიშნა ჩემში დავანებული პიცა მზად არის, წაიღეო. კომპიუტერთან მიმჯდარ ბიპს ჯერ ამისთვის არ ეცლა, დაძაბული შესცქეროდა მონიტორს და კითხულობდა ტექსტს, რომელზეც მთელი ღამე იმუშავა. ტექსტი არ იყო დიდი, სულ 50 სიტყვას შეიცავდა. პირველი წინადადების წაკითხვის მერე, კმაყოფილმა დაიქნია თავი, მაგრამ უკვე მეორე წინადადებაში რაღაც არ მოეწონა და ჯერ ერთი წარბი ასწია მაღლა უკმაყოფილომ, მერე მეორე შეუნაცვლა. კითხვას განაგრძობდა, თუმცა ყოველი მომდევნო სიტყვა კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდა და ეს ძალიან, ძალიან აბრაზებდა. სახეაწითლებული წამოხტა სკამიდან, გამწარებულს ერთი გემრიელად უნდა შეეკურთხა, მაგრამ გონს დროზე მოვიდა და მობილურ ტელეფონში ბალანსი გადაამოწმა  - „თქვენს ბალანსზე არის 6 უფასო სიტყვა. გახსოვდეთ დღეს სანიტარული დღეა.“ ბიპი დაფიქრდა, გონებაში საგინებელი სიტყვების გადარჩევა დაიწყო. „ეს ჩემს ბრაზს ბოლომდე ვერ გადმოსცემს... არა, არც ეს, რამე უფრო მკვეთრი მინდა... “ სიტყვების მარაგი ცოტა იყო, ბრაზი კი დიდი, გადარჩევის პროცესი გაიწელა.

 ბიპი, წარმატებული ლაკონელი მწერალი იყო, ანუ მწერალი-ადაპტორი,როგორც მეორენაირად ამ პროფესიის ლიტერატორებს უწდებდნენ. მას გამოქვეყნებული ჰქონდა კლასიკური პროზის ანთოლოგია 10 შამპუნის ფლაკონეულად, ანტიკური ტრაგედიები 8 კბილის პასტეულად, რჩეული მოთხრობები ოც ტუალეტის ქაღალდეულად და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ნაწარმოები, ხელსაწმენდებად, ტილოებად, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებად. რას იზამ? ასეთია თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნა, სიბრძნესთან ზიარება ყველას უნდა, წიგნების კითხვისას დროის დაკარგვა და ფიქრი კი, არც ისე ბევრს. ურჩევნიათ ნახევრად მზა მდგომარეობაში დაკონსერვებული სიბრძნე, ისეთივე ადვილი შესასანსლი იყოს, როგორც ბიპის ელექტროღუმელში გამომცხვარი ნახევარფაბრიკატული პიცა. ამიტომ ბაზარზე მწერალ- ადაპტორების მოთხოვნა გაჩნდა.

 ლაკონელები იღებენ რომელიმე დიდ ლიტერატურულ ნაწარმოებს და მათ ადაპტირებას ახდენენ, ანუ ცდილობენ დროს მოარგონ, ყველაფერი ზედმეტი გამოაცალონ და დატოვონ მთავარი. მაგალითად, ბიპთან „შაგრენის ტყავი“ სულ რაღაც 45 სიტყვაში დაპატარავდა, გაქრა ყველაფერი ზედმეტი რაც შიგნით იყო: გაწელილი ინტერიერის აღწერის სცენები, რომლითაც აშკარად სცოდავდა ჩვენი ონორე, გრძელი დიალოგები რომელიც ტემპს აგდებდა, მკითხველს ინტერესს უნელებდა და უბიძგებდა შუა გზაზე მიეტოვებინათ კითხვა, დარჩა მხოლოდ ის რაც მთავრია, ის რასაც თვალს ვეღარ მოწყვეტ - ამბავი. კი, ტექსტი გვარიანად შეიკრიჭა, აბა როგორ?! მაგრამ მთავარი ხომ დარჩა? დარჩა ატომის უმცირესი ნაწილაკები, რომლებიც უკვე აღარ იშლება. სამაგიეროდ უდიდესი ლიტერეტურული ნაწარმოები შეგიძლია წაიკითხო სულ რაღაც 3 წუთში და ამისთვის წიგნიც კი არ გჭირდება, საკმარისია საპნის შეფუთვას, ან შამპუნის ეტიკეტს დახედო. ჭეშმარიტად! - ლიტერატურა ყველგან და ყველაფერში!

 ყოველდღიური მოხმარების საგნებზე წიგნების ბეჭდვა ბიზნესისთვის იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, კომპანიები უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ ახალ-ახალი წიგნების გამოსცემად, საუკეთესო ლაკონელი მწერლების მოსაზიდად. მას მერე რაც ზედმეტი ლაყბობა კანონით აიკრძალა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა და ევროპის ამ პატარა ქვეყანაში, ახლა ნამდვილი ლიტერეტურული ბუმი იყო.

 თუმც, მიუხედავად წარმატებული სამწერლო კარიერისა, მიუხედავად უამრავი პრიზისა და პრემიისა რომელიც მას მიეღო, ბიპის შემოქმედებაში მაინც არსებობდა მარცხი, თუ არ ვიხმართ კიდევ უფრო მძიმე შეფასებას - კატასტროფა. მერემდენე წელია უშედეგოდ ცდილობდა „პატარა უფლისწულის“ ადაპტირებას. ამ წლების მანძილზე ადაპტირების რამდენი მცდელობა ჰქონდა თავადაც აერია, სამაგიეროდ კარგად ახსოვდა შედეგი - მათ შორის არ ვარგოდა არც ერთი. თითქოს თავიდან კარგად იწყებდა, აი როგორც გუშინ, მაგრამ როგორც კი ამბის გადმოცემაზე მიდგებოდა საქმე, მაშინვე ჩიხში ექცეოდა. ვერაფრით გამოაცალკევა ეს ჯანდაბა - „ზედმეტი“ და ეს ოხრობა - „მთავარი“, ყველაფერი ისე იყო აზელილი... ეს ამბავი ყველამ იცოდა, მეგობრები ხო დიდი ხანია აბუჩად იგდებდნენ. სახლი სავსე იყო, მათ მიერ ნაჩუქარი წიგნებით, სკამებით, ჭიქებით, ჰალსტუხებით, საათებით, ქუდებით, მაისურებით და კიდევ ათასნაირი ნივთით, რომლებიდანაც სახენაღვლიანი, ყვითელთმიანი ბიჭუნები იყურებოდნენ, უფრო სწორედ ბიპს უყურებდნენ და თავხედურად ახსენებდნდნ მწერლურ მანკს, რომლის წამლისათვის ავტორს ჯერ ვერსად მიეგნო. უფრო ამიტომ იყო, რომ ბოლო 4 წელიწადია დაბადების დღე არ გადაუხდია, აღარ უნდოდა ახალი ექსპონატები შეჰმატებოდა მისი მარცხის მუზეუმს.

-ოხ, შენი დედის კულულულები დავწანი! .. სიყვარულით!

 ძალიან კი სცადა ბიპმა სალანძღავ სიტყვებში მთელი ბრაზი და იმედგაცრუება ჩაედო, მაგრამ სულ ტყუილად, სიტყვები იმდენ ხანს არჩია, ბრაზი უკვე მინელებულიყო და იმედგაცრუებაც იფანტებოდა. კაცმა რომ თქვას, რა იყო ამ იმედგაცრუებაში ახალი? არც არაფერი, „პატარა უფლისწულის“ ადაპტირება კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა, ეს იყო და ეს.

 ბიპი წინ დადებულ გათოშილი პიცის ნაჭერს უაზროდ მიშტერებოდა და ფიქრობდა, საბედნიეროდ ფიქრი ჯერ კიდევ უფასო იყო. „რატო ვერ ვამოკლებ?.. რა მეპარება?.. რატო ვერ ვხვდები რა არის მთავარი?.. რა არის ამ პიცაში მთავარი? რა არის ის, რისი გამოკლებითაც, პიცა აღარ იქნება პიცა? პამიდორი, ხახვი, ძეხვი, ზეთისხილი?.. ცომი. შეიძლება პიცა სოკოთიც გააკეთო, თევზითაც და კიდე ათასი ჯანდაბით, მაგრამ თუ ცომი არ იქნება, არ იქნება პიცაც. რა არის „პატარა უფლისწულის“ ცომი?.. თავიდან ბოლომდე ცომია!“ გაბრაზებულმა დაარტყა მუშტი მაგიდას. ფიქრებიდან მობილური ტელეფონის სიგნალმა გამოიყვანა, ბიპმა გზავნილს დახედა. „ბიპ, ჩვენ გიჟ ძმაკაცს უნდა მიხედო. ეთამი თანამშრომელს მიუვარდა მოსაკლავად და დაიჭირეს. დროზე მიდი, სანამ კიდე რამე სისულელე ჩაუდენია. თვითონ წავიდოდი, მაგრამ მაგარ სკანდალზე გავედი, ტიპებს კვალში უდგავარ და ვერ ვშორდები. ჯიჯი.“ ბიპმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, საძინებელში შევიდა და ტანსაცმლის კარადა გამოაღო. 

***

 ჯიჯიმ რომ გზავნილში ტიპებად მოიხსენია, ორი ახალგაზრდა კაცი იყო. მათ ლაპარაკს შემთხვევით მოკრა ყური ავტოფარეხში, 20 წუთის წინ და მეგაზეთის ყნოსვამ ეგრევე აგრძნობინა, საქმე რაღაც მნიშვნელოვანს ეხებოდა. არა, ჩუმ-ჩუმად სანიტარულ დღესაც ბევრი ლაქლაქებდა და ეგ გასაკვირი არ იყო, ცდილობდნენ ჩურჩულით ელაპარაკათ, ათას ხრიკებს იგონებდნენ ხმის სკანერი რო არ ჩართულიყო და პოლიცია არ დადგომოდათ თავზე, მაგრამ აქ თვითონ საუბრის შინაარსი იყო საინტერესო.

„-რა კურსით ფასობს?

-სიტყვა?

- ჰო.

- ჩვენთან 1346,33. ევროპის მასშტაბით, კიდევ უფრო მეტად.

-ძალიან მაღალია, სანიტარულმა დღემაც არ უშველა.

-აქ ლაპარაკი სახიფათოა...

-წავედით?

-ჰო, ოფისში.“

 უფასოდ ლაყბობის აკრძალვის ოფიციალური ვერსიის ჯიჯის არასდროს სჯეროდა, მეტისმეტად ხელოვნური ჩანდა და იმიტომ. თურმე, ნუ იტყვით და - „გადამეტებულ საუბარს მოჰყვება ბევრი ტყუილი, ტყუილს ლანძღვა-გინება, გინებას აგრესია, აგრესიას ხოცვა-ჟლეტა - ადამიანი კი მხოლოდ ბედნიერებისათვის არის გაჩენილი, ის და მხოლოდ ის არის ამ სამყაროს ბატონ-პატრონი, ამიტომ უნდა უზრუნველჰყოს ამ პლანეტაზე სრული კეთილდღეობა... “-აი დაახლოვებით ასეთი სისულელეები ეწერა ევროოჯახის -„სიტყვაზე კონტროლის დეკლარაციაში“. გეგონება, როცა ადამიანებმა საერთოდ არ იცოდნენ საუბარი, მაშინ არც ხოცვა იყო და არც ჟლეტა, ანდა უტყვობა ავი საქმის კეთებაში კაცს ხელს უშლის.

 ყოველ დღე ადამიანს უფასოდ ეძლეოდა 150 სიტყვა, ამის ზემოთ კი თითოეულ ზედმეტ სიტყვაზე, კარგა გვარიანი თანხა უნდა გადაეხადა. უფასო საუბარი დასაშვები იყო, მხოლოდ სახელმწიფო უწყებებში.

 ლანძღვა-გინება-მუქარა, საერთოდ აიკრძალა, მისი ჩანაცვლება შეიძლებოდა მხოლოდ ძალიან მარტივი და უწყინარი ფორმებით, უფრო მოფერებას რომ ჰგავდა და არა მუქარას ან ლანძღვას. ყველა, ოდნავ მაინც აგრესიული მიმართვა, უნდა დამთავრებულიყო სიტყვებით - „სიყვარულით! სიკეთით!“. ზოგჯერ ცხადდებოდა სანიტარული დღე, როდესაც სიტყვები არ იყიდებოდა და მხოლოდ წინა დღის მონარჩენით უნდა გესარგებლა, ან ჩუმად ყოფილიყავი. „სიტყვაზე კონტროლის დეკლარაცია“ ევროოჯახმა საცდელ რეჟიმში, სამი თვით მიიღო, მაგრამ ეს - სამი თვე, უკვე წელიწადნახევარი გრძელდებოდა. ყველა გრძნობდა, ყველა ხვდებოდა, რომ ამ დეკლარაციის მიღების ნამდვილი მიზეზი სულ სხვა რამ იყო და ამ მიზეზს მთავრობა საიდუმლოდ ინახავდა. მოქალაქეებმა თავიდან ვერც კი დაიჯერეს ასეთი კანონის მიღება, როცა დაიჯერეს და გაიაზრეს, პროტესტი გაუჩნდათ, იყოს გამოსვლები, უზარმაზარი დემონსტრაციები მთელი ევროპის მასშტაბით, იყოს მსხვერპლიც. შემდეგ ევროოჯახმა აამოქმედდა პროპაგანდისტული მანქანა, დანერგა წახალისებები, ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანი შეჩვეოდა ახალ ყოფას და პროტესტიც ნელნელა მინელდა, ვიღაცეები კი უკვე ბოლომდე შეჩვეოდნენ დუმილში ცხოვრებას.

 „აა, პოლიციაში მიდიან“ - გაიფიქრა ჯიჯიმ, როცა ტიპებმა ქუჩაზე აუხვიეს და პოლიციის დეპარტამენტისკენ აიღეს გეზი. მაგრამ უკვე ადგილზე მისულებმა, ისე არხეინად აუარეს გვერდი შენობას, მისთვის ზედაც არ შეუხედავთ. „ესე იგი, პოლიციელები არ არიან.“ ტიპებმა მომდევნო ქუჩაც გადაჭრეს და სკვერში შევიდნენ, სკვერი დილაობით თითქმის ცარიელი იყო, ასე იყო ახლაც. „იქნებ ვინმეს ხვდებიან?“ არავის შეხვედრიან, სკვერიც გაიარეს და მარცხნივ ჩაუხვიეს, აქ სახელმწიფო დაწესებულებები არ იყო. „საიდუმლო სამსახურს სადმე ბინა ექნება, ალბათ იქ მიდიან.“ ჯიჯის მოულოდნელად ნაცნობი ხმები შემოესმა და ეს არ იყო, მანქანის, ან რაიმე ხელსაწყოს ხმა, ეს ადამიანის ხმა იყო... უფრო სწორად ადამიანების. ისინი ყვიროდნენ, კიოდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ, ერთმანეთს ეძახდნენ... „ბავშვები!“ 16 წლამდე საუბარი შეუზღუდავი იყო და რა თქმა უნდა ეს წესი ვრცელდებოდა საბავშვო ბაღებზეც. „აქ რა უნდათ?“ ტიპები საბავშვო ბაღის შესასვლელთან შეჩერდნენ, სადაც რატომღაც საგუშაგო მოეწყოთ, ყველა საჭირო ატრიბუტით. ჯიჯი მოშორებით იდგა და უყურებდა. საგუშაგოდან პოლიციელმა გამოჰყო თავი.

-საბუთები.

 ტიპებმა ჟეტონები უჩვენეს.

-შებრძანდით.

 საბავშვო ბაღის რკინის კარი ავტომატურად გაიღო, ჯიჯი შორიდან ხედავდა ეზოს, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, ჟრიამულობდნენ და პატარა მონაკვეთზე მაინც ხდიდნენ სამყაროს სრულყოფილს, ამ დაწყევლილ სანიტარულ დღეს. 

***

-ტუუუ! - თქვა კარმა და გაიღო, ბიპი საკანში შევიდა. კარმა ისევ იგივე თქვა და დაიკეტა. ეთამი რკინის ნარზე ეგდო და ეძინა. ბიპი მიუახლოვდა მეგობარს, დახედა, მერე შეანჯღრია.

-ეთამ! ეთამ!

ეთამმა გამოიღვიძა და თვალები მოიფშვნიტა.

-ბიიპ?! დიდი ხანია მოხვედი? როგორა ხარ?

-აშკარად შენზე უკეთ.

-ეგ ნაღდია! - ჩაეცინა ეთამს.

- ამით მაინც არის კარგი აქაურობა, ლაყბობა უფასოა.

-თუ გაქ სალაყბო, კი.

- ვის მიუვარდი მოსაკლავად?

ეთამმა თავი ჩახარა.  

- ამოღერღე, ამაზე უარესი მაინც აღარაფერი გელოდება.

-გობს.

-ეგ ვინ არის?

-ერთი დამპ...

-ჰა, ჰა!

-თანამშრომელია...

-და იმის დანაშაული მარტო ეგ არი?

-არა... იმასაც ენიაკი მოსწონს.

-ამიტომ უნდა მოკლა?

-შენ აზრზე არა ხარ ბიპ!

-მომიყვანე.

 ბიპი გვერდით მიუჯდა.

-მოკლედ, იმ დღეს კაცურად შევთანხმდით...გადავწყვიტეთ ორივე დავლაპარაკებოდით ენიაკს და რომელსაც აირჩევდა, იმისი გახდებოდა.

-მერე?

-გუშინ ჯიბეში ერთი სიტყვაც არ მეგდო, ვთხოვე ორი დღე მოვიცადოთ, ფულს ვიშოვნი და მერე დაველაპარაკოთ მეთქი...

-მაგრამ, არ დაგელოდა და დაელაპარაკა.

-უკვე ისიც ვნახე, როგორ ეხვეოდნენ...

-იმ დღეს, 300 სიტყვა გიყიდე და ენიაკთან ისე გაგიშვი...

 -ჰმ, უნდა გენახა წინა ღამით როგორ ვანაწილებდი იმ სამას სიტყვას, როგორც ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე... რომელ სიტყვებს უნდა გაეჭრათ გაუვალი გზა ენიაკის გულისკენ, რომლები უნდა გადასულიყვნენ შეტევაზე, რომლებს უნდა მოექციათ ალყაში და რომლებს უნდა შეეპყროთ და ჩემთვის მოერთმიათ....

-მერე, რა მოხდა? ბრძოლა გადაიდო?

-არა.- ამოიხვნეშა ეთამმა. - შევხვდი მაგრამ სიტყვა ვერ ვუთხარი.

-და ის 300 სიტყვა საკუთარი თავის ლანძღვაში მიახარჯე.

-არ მეყო და კიდე 30 ახალი ვიყიდე...

***

-ეს საიდუმლო ობიექტია, ამ საბუთით აქ ვერ შემოხვალთ! - უთხრა პოლიციელმა ჯიჯის და პრესის წარმომადგენლის მოწმობა უკანვე დაუბრუნა ცივად.

- ეს ხო საბავშვ...- „ ეს ხო საბავშვო ბაღიაო?“ - უნდოდა ეთქვა, მაგრამ დროზე მოკეტა და მორჩილად აიფარა საჩვენებელი თითი ტუჩებზე. მერე გულზე დაკიდებულ ბლოკნოტში დაიწყო რაღაცის წერა. ასეთი ბლოკნოტები, „სფიქერებს“ რომ ეძახდნენ, დიდიან-პატარიანად ყველას გულზე ეკიდა, განსაკუთრებით სანიტარულ დღეებში. „ეს საბავშვო ბაღია და არა საიდუმლო ობიექტი, როგორც ჟურნალისტს აქ შესვლის უფლება მაქვს კანონით.“ - ეწერა ბლოკნოტიდან ამოხეულ ფურცელზე.

 -ეს საიდუმლო ობიექტია! - კი არ თქვა, იმ გაწვდილი ფურცელივით დაჭმუჭნა სიტყვები პოლიციელმა და ტელეფონს დასწვდა. 

 ჯიჯიმ მორჩილად ასწია ორივე ხელი, გნებდებითო და უკან-უკან დაიხია, პოლიციელმა ტელეფონი დადო. ის ქუჩა ბოლომდე რომ ჩაიარა და თვალს მიეფარა, მაშინღა ამოიღო ჯიჯიმ მობილური ტელეფონი და გზავნილი აკრიფა - „როკ, რაც გინდა ის ქენი, რა საბუთიც გინდა მიშოვნე, რამდენიც გინდა გადამახდევინე, მაგრამ ხვალ ერთ საიდუმლო ობიექტზე უეჭველად უნდა შემაპარო. მისამართს მოგწერ. ერთ საათში შენთან ვარ.“

 

***

კარმა ისევ იგივე - ტუუ! - თქვა და ბიპი საკანში შებრუნდა.

-ეთამ, თანხა შევიტანე, დღეს ღამეც მოგიწევს აქ ყურყუტი და ხვალ დილიდან თავისუფალი ხარ....

-მიშვებენ? - აღმოხდა გაკვირვებულ ეთამს. 

-ჰა, დარჩენა ხო არ გინდა? წავიდე, ფული უკან გამოვიტანო?

-არა, არა. გამიკვირდა უბრალოდ, ბოლობოლო ადამიანს მიუვარდი მოსაკლავად....

-მკვლელი რო არა ხარ, ამას ესენიც ხვდებიან, დანარჩენი ჩემმა ადვოკატმა მოაგვარა... ხო მართლა, შენი ნაგანი რო არ ისროდა, იცოდი?

-არა!..

-სიტყვა არ დაგცდეს, მაგან გიშველა. ადვოკატმა მოკვლა კი არა, შეშინება უნდოდაო და იმათაც ყლაპეს...

-ვინც იარაღი მომყიდა იმ კაცმა, ტყვიას ტყვიაში აჯენსო...

-ტყვია ვერა, მაგრამ შენ კინაღამ ჩაგსვა... აი, ნახე... - ბიპმა შარვლის ჯიბეები მოქექა და პლასტიკური ბარათი ამოიღო. - ეს ჩემი სახლის გასაღებია, პოლიციას დაუტოვებ, აქედან რო გაგიშვებენ, პირდაპირ ჩემთან წახვალ იცოდე. დაისვენე, აზრზე მოდი, ჭამე, სვი, რაც გინდა აკეთე, ოღონდ ერთ რამეს დამპირდი...

-რას?

-უჩემოდ სამსახურში არ წახვალ! ზეგ მეც წამოგყვები, იმ გობს დაველაპარაკები, შეგარიგებთ, შენ აწეწილს დავალაგებ და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. მპირდები?

ეთამი ჩაფიქრდა.

-ეთამ!

-კარგი, კარგი!

- ხვალ ჩემ ძმასთან მივდივარ კლინიკაში, ამიტომ სახლში არ დაგხვდები...

-როგორ არის? ისევ ისე?

 ბიპმა თავი დააქნია.

-ისევ ისე... ცუდად.

 

***

 ჯიჯიმ ტაქსი გააჩერა და მძღოლს მოხეული ფურცელი გაუწოდა - „გაზეთ „ახალი ერა“- ს რედაქცია“, ეწერა ზედ. მძღოლმა თავი დააქნია და ნავიგატორში მისამართი მოძებნა, დაიძრნენ.

 ჯიჯი ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე, რაც შემთხვევით მოისმინა და ნახა. „...საბავშვო ბაღი საიდუმლო ობიექტია! რა ჯანდაბაა ვერ გავიგე? რას უნდა აკეთებდნენ შიგნით ისეთს, რისი გამჟღავნებაც საშიშია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის? დახუჭობანას რადიაქტიულ სახეობას მიაგნეს? თუ რომელიმე ვირუსი გადადის დაჭერობანას თამაშის დროს?.. ანდა იქნებ ექსპერიმენტებს ატარებენ, ამ ხმაურიან და მოძრავ ციცქნებზე?“

 ჯიჯი ხვდებოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ჩაავლო ხელი კუდში, ოღონდ ჯერ მხოლოდ „კუდი“ ეჭირა ხელში და წარმოდგენა არ ჰქონდა ამ კუდს როგორი „მხეცი“ მოჰყვებოდა, მხოლოდ საინტერესო და რეიტინგული, თუ საყურადღებო და სიცოცხლისათვის საშიში. „ხვალ აუცილებლად უნდა შევიპარო, რადაც უნდა დამიჯდეს... ბოლობოლო, რომც დამიჭირონ რას მიზამენ? მასალაზე მონადირე ჟურნალისტი ვარ, ბევრი ჩემგან ზრდილობის ელემენტარულ გამოვლენასაც კი არ ელის, რომელ კანონის პატივისცემაზეა ლაპარაკი? დიდი-დიდი, ისევ ციხეში ჩამაყუდონ ცოტა ხნით, ეს კი ისევ გაზრდის ტირაჟს...“

 გულმოკეთებულმა ჯიჯიმ ღრმად ამოისუნთქა და ფანჯარაში გაიხედა, ერთ-ერთ სარეკლამო დაფაზე ბიპის ფიზიონომიას მოჰკრა თვალი - „შამპუნი „ხისტი სინაზე“, წარმოგიდგენთ დიდი ლაკონელი მწერლის ნაწარმოებებს 5 ფლკონად. რუსული კლასიკური ლიტერატურა გადმოცემული მხოლოდდამხოლოდ 150 სიტყვაში, ნუ დაკარგავთ დროს გრძლად თქმულის კითხვაში, მაშინ როდესაც ის ითქმის მოკლედ. შამპუნი „ხისტი სინაზე“ ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე.“

 „ჰმ! დიდი მწერალი! გამომივიდა ეგაც! “ - ჩაეცინა ჯიჯის. რაც სამყარო დამუნჯდა, სარეკლამო აბრების რიცხვმა ერთი-ორად იმატა, უტყვ რეკლამაზე მოთხოვნა გაიზარდა და ყველგან ისინი იყო აკრული. ჯიჯის სარეცხი საშუალების ერთი სარეკლამო აბრა ეუცნაურა, - „სპაი“ - იგრძენი სიკეთე!“ - ეწერა ზედ. უცნაური კი ის იყო, რომ პროდუქტის სახელი წვრილი ასოებით, ძლივს შესამჩნევად ეწერა, სიტყვა - სიკეთე კი, ოცჯერ უფრო დიდად, თანაც მყვირალა, წითელი ფერის საღებავით. ჯიჯიმ მობილური ტელეფონით ბანერს ფოტო გადაუღო.

 ადგილზე მისულს უთხრეს რედაქტორი გეძებდაო და ჯიჯიც მაშინვე მისი კაბინეტისკენ წავიდა. როგორც კი კარი შეაღო, მაგიდასთან მჯდარმა რედაქტორმა რაღაცის წერას თავი ანება, ჯიჯის ირონიულად გაუღიმა და შემდეგ სადგამ დაფაზე მარკერით გაკეთებული წარწერისკენ მიანიშნა ხელით. დაფაზე ეწერა - „რომელი საათია? სადა ხარ აქამდე, შე ნამუსოდეფიციტის სინდრომით დაავადებულო ადამიანო?“

 ჯიჯიმ წარწერა წაშალა, მარკერი აიღო და პასუხი დაწერა. – „ოზი, არ დამიგვიანია, ძალიან მნიშვნელოვან კვალზე გავედი, ნამდვილი სკანდალია!“ ოზი მაგიდიდან წამოდგა და დაფასთან მივიდა, ერთხანს წარწერას უყურა, მერე ჯიჯის შეხედა, მისი ნაწერი წაშალა და დაწერა - „მატყუებ!“ ჯიჯიმ ჯერ თავი აქნია უარყოფის ნიშნად, არ გატყუებო, მერე კი დაფაზე მიაწერა - „ჩემი დედის თეძოები დავზილე ნელსაცხებლით, თუ გატყუებდე!“ ჯიჯის არგუმენტმა გაჭრა, ოზი ჩაფიქრდა. – „რა საქმეა?“ - მიაწერა წვრილად. ჯიჯიმ ყველაფერი წაშალა და დაწერა - „სიტყვაზე კონტროლის დეკლარაციას ეხება. ჯერ რაღაცეები გასარკვევი მაქ, დრო მჭირდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, იმის კვალს მივაგენი რასაც ევროოჯახი ამდენი ხანი გვიმალავს. ეს სენსაცია იქნება! დიდი სკანდალი!“

 ოზიმ დაფა მოასუფთავა და დაწერა - „შეგახსენებ, ცოტა ხნის წინ ერთი ასეთი სკანდალი რედაქციას ნახევარი მილიონი დაუჯდა, შენ კიდე 4 თვე ეგდე ციხეში.“ – „ეხლა ნაღდად არ ვცდები, ვგრძნობ სწორ კვალზე ვარ.“ - უპასუხა ჯიჯიმ. – „გაფრთხილებ, კიდევ რამე შარში არ გაგვაყოფინო თავი!“ 

 ჯიჯი დაფიქრდა, მერე ისევ მარკერი აიღო და წერა დაიწყო. - ჩემი დედის ძუ... აქ უკვე ვეღარ მოითმინა ოზიმ და დაიყვირა.

-გაანებე ამ დედაშენს თავი! იმ ქალის გარეშე ვერაფერი უნდა დამიმტკიცო? წავა-წამოვა - დედის ტერფები, დედის კუნთები, დედის თეძოები, დუნდულები... ზეპირად ვიცი უკვე დედაშენის სხეული!

- თქვენ დაარღვიეთ სანიტარული დღის რეჟიმი და დაგეკისრებათ ჯარიმა. - ჩაირთო ხმის სკანერი.

- წადი შენი ელექტრო დედაც მივთიშე! - შეუკურთხა ოზიმ სკანერს და მერე ჯიჯის მიუბრუნდა. - ამ ჯარიმას შენ გადაიხდი!

ჯიჯიმ თავი დაუქნია მორჩილად, კარგიო.

 

***

 ბიპი საფლავებს შორის დადიოდა და ქვებზე დატოვებულ ეპიტაფიებს აკვირდეობდა. სულ ასე იყო, ყოველი შემოქმედებითი მარცხის შემდეგ, უახლოეს სასაფლაოზე მიდიოდა და ჭირისუფლებისგან დატოვებულ წარწერებს კითხულობდა. რა იყო ეს? საკუთარი არასრულყოფილი ნიჭის გამოტირება ამ გამოტირებულ ადამიანთა საძვალეზე თუ ძალიან უცნაური,მაგრამ მაინც თერაპია? ეს ზუსტად თვითონაც არ იცოდა... შესაძლოა ორივე ერთად. გარდა იმისა, რომ აქ ბოდიალი აწყნარებდა, რაღაცეებს ასწავლიდა კიდეც. ეპიტაფი-ად ხომ მხოლოდ იმას აწერენ, რაც გარდაცვლილის ხასიათში მთავარი იყო, ან რაც მისი სიკვდილის უსამართლობასა და მოულოდნელობას გაუსვამს ხაზს, მისი მიზანია უცნობს რომელიც წარწერას წაიკითავს, ზუსტი წარმოდგენა შეუქმნას, ვინ წევს მის ფეხქვეშ. მოკლედ, ესეც ლიტარატურაა, ზოგჯერ გემოვნებიანი, ზოჯერ უგემოვნო, ხან მეტისმეტად გრძელი, ხან უფრო მოკლე,ხან ყალბი, ხან ასეთი, ხან ისეთი, მაგრამ მაინც ლიტერატურა. „ ისე იცხოვრე და წახველ იმ ქვეყნად, ამ ქვეყანაზე მტერი არ გყოლია, ერთი კაცის გარდა! ის ერთი კაციც შენვე იყავ, რად მოიკალ თავი ბიჭო?“ ბიპს ჩაეცინა. „უგემოვნოა, მაგრამ როგორი გულწრფელი და არცერთი სიტყვა ზედმეტი!“ ფრაზა ჩაიწერა და გზა გააგრძელა. სასაფლაო ცარილი იყო, სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა, მათზე სანიტარული დღის კანონი არ ვრცელდებოდა. „როგორი იქნებოდა „პატარა უფლისწულის“ საფლავის ეპიტაფია? აქ განისვენებს უფლისწული პატარა პლანეტიდან სადაც... არა, ბევრი სიტყვაა და თან არაფრის მთქმელი... წავიდა ჩვენგან უფლისწული და დაობლდა ეს პლანეტა!.. ღმერთო ჩემო რა პათეტიკური საშინელებაა!.. აქ განისვენებს ბიჭი, რომელიც ბავშვობაშივე ჩაწვდა სიბრძნეს, რომელსაც ვერაფერს უგებენ დიდები... ვითომ?“ ბიპი მიხვდა, სიტყვების გადარჩევის ეს ვითომ უწყინარი და თავშესაქცევი პროცესი, მთელი სიცხადით აბრუნებდა შემოქმედებასთან და დაიძაბა. მორიგი მარცხის შიშით ფიქრი შეწყვიტა და ამოზრდილი, უკვე მოსაწყვეტად გამზადებული სიტყვები, უკანვე, ნიადაგში ჩააბრუნა. სასაფლაოს გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. გზად, ობლად ამოზრდილ ეკლიან ვარდს მოჰკრა თვალი და შეჩერდა. „იქნებ სიტყვები მართლა ზედმეტია? ყველაზე ცოტაც კი... იქნებ, უფლისწულის საფლავზე მხოლოდ მისი უსაყვარლესი ვარდი უნდა იყოს გამოსახული, თავისი ოთხი ეკლით და მეტი არც არაფერი?“

 

***

პოლიციის დეტექტივი - ეწერა როკის კაბინეტის კარზე, რომელზეც სამჯერ დააკაკუნეს.

-მობრძანდით.

კაბინეტში სამოცს გადაცილებული, წარმოსადეგი, სანდომიანი სახის მამაკაცი შემოვიდა.

-დეტექტივი როკი, თქვენ ბრძანდებით?

-გახლავართ, დაბრძანდით... -მიუთითა სკამზე და თვითონაც სავარძელში ჩაეხეთქა, რადგანაც წონის გამო როკი საკმაოდ მძიმე იყო. - რით შემიძლია დაგეხმაროთ?

 როკი პასუხს ელოდა და თან ფიქრობდა საიდან ეცნობოდა ამ კაცის სახე, სად ჰყავდა ნანახი. მერე გონებამ ეს წარმოსადეგი კაცი თავისით ჩასვა კვადრატში და როდესაც დაბლა ტიტრიც მიაწერა, როკი მიხვდა ტელევიზორში ენახა, თან ძალიან ბევრჯერ. იმის გაცნობიერებაც მოასწრო, რომ მის წინ ახლა ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი იჯდა.

-მინდა გამოძიება დაიწყოთ. - უპასუხა ბატონმა მრელმა.

-რასთან დაკავშირებით? მოხდა რამე?

-კი. ადამიანი დაიკარგა... - თქვა ჩაფიქრებულმა.

-გასაგებია. სახელი, გვარი? ბოლოს სად ნახეს? ვინ ნახა? რომელ საათზე?

 დააყარა კითხვები როკმა, ბლოკნოტი გადაშალა, კალამი მოიმარჯვა და ჩასაწერად მოემზადა.

- არა თქვენ ვერ გამიგეთ...

- როგორ? ადამიანი დაიკარგაო და...

- კი, დაიკარგა.

- ჰოდა, იმისთვის რომ ვიპოვნოთ გვჭირდება...

- ის ადამიანი სქესში დაიკარგა.

- უკაცრავად? სად?

- სქესში. ვერ გაურკვევია, ქალია თუ კაცი.

 როკმა ეჭვით შეხედა მრელს, იცოდა მდიდარ ადამიანებს თავისი უცნაურობები სჭირდათ, ვერ გაეგო ამ კაცის მოსვლა ერთ-ერთი ასეთი უცნაურობის გამოვლინება იყო, თუ კიდე რაღაც სხვა.

-უკაცრავად მაგრამ, ვერაფერი გავიგე.

- რა არის აქ გაუგებარი?გითხარით კაცი სქესში დაიკარგა, ვერ გაუგია პროცენტულად უფრო მეტად ქალია, თუ კაცი? ამიტომაც ვერ გადაუწყვეტია, გაიკეთოს სქესის შეცვლის ოპერაცია თუ არა. მინდა მასზე თვალთვალი დააწესოთ, გამოიძიოთ და დადოთ დასკვნა, ვინ არის ეს ადამიანი, ქალი თუ კაცი?

 როკმა ჩაახველა.

-იცით... ვშიშობ ეს ჩვენი პროფილი არ არის. - ბლოკნოტი დახურა. - ეს უფრო ფსიქოლოგების საქმეა... ისინი უნდა გაესაუბრონ, შეისწავლონ მისი ფსიქიკური მდგომარეობა და დასკვნაც იმათ უნდა დადონ.

-მაგ უსაქმურებს ნუღარ მიხსენებთ! - თქვა გაღიზიანებულმა მრელმა და სანდომიანი სახე უშნოდ მოეჯღანა. - ლაქლაქის გარდა არაფერი იციან, წლებია ელაპარაკება, მაგრამ არავითარი პროგრესი! ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდნენ წინ! ფულის ხარჯვის გარდა არაფერი შერჩა!

-მაგრამ აქ პოლიცია უძლურია!

-პოლიცია კონსტიტუციით არის ვალდებული დაეხმაროს მოქალაქეს ნებისმიერ საკითხში, რომელშიც დახმარება შეუძლია.

-აქ კრიმინალი არ ფიგურირებს, ჩვენ კი კრიმინალს ვებრძვით!

-ბატონო როკ, მიცანით?

- დიახ, ვიცი ვინც ხართ.

- თუ ცოტა ხანში პრემიერ-მინისტრი დაგირეკავთ, მაშინაც უარს მეტყვით?     

 როკი დაფიქრდა, იცოდა მის წინ ძალიან გავლენიანი კაცი იჯდა.

-შეუძლებელს არაფერს გთხოვთ... უთვალთვალეთ როგორც კრიმინალს, შეისწავლეთ როგორც დამნაშავე და თვის ბოლოს თქვით, ის ქალია თუ კაცი?

-გამოდის, ჩვენს აზრს პროფესიონალ ფსიქოლოგებზე მაღლა აყენებთ? - ჩაეცინა როკს.

-გაცილებით. ისინი ბევრს ფიქრობენ მეორეხარისხოვანზე, თქვენ კი პირველ რიგში მთავარზე ფიქრობთ.

 „კაცმა რომ თქვას, რა არის ამ თხოვნაში რთული? სერჟანტები იმ ტიპს დააკვირდებიან, შეისწავლიან და ბოლოს მეტყვიან ქალაჩუნაა თუ არა...“

-კამერების და მიკროფონების დამონტაჟება დაგვჭირდება! - თქვა როკმა.

- სადაც გნებავთ და როცა გნებავთ! - სანდომიანობა დაუბრუნდა მრელის სახეს.- ... და კიდევ, ოპერაციის ყველა ხარჯს თვითონ დავფარავ, უარს არ მივიღებ!

-კი ბატონო. ხვალიდანვე დავიწყებთ დაკვირვებას... მაგრამ ობიექტის სახელი არ გითქვამთ, ვინ არის თქვენი? შვილი? შვილიშვილი? მეგობარი?

-მე თვითონ.

 როკს ღიმილი შეაშრა.

-თქვენ?

-აქამდე ვერ მიხვდით? - გაეცინა მრელს.

 როკმა იგრძნო, მისი როგორც პროფესიონალის აქციების ფასმა, წინ მჯომი ადამიანის თვალში აშკარად იკლო. ეცადა ეს მზრუნველობის გამოვლინებით გადაეფარა.

-მაგრამ თქვენ ცნობილი