ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ქუჩის დღიურები

ქუჩის დღიურები

       9 მაისი, ვერის ბაღი, 2009 წელი

ბაბუასა და შვილიშვილის დიალოგი

 

ვერის ბაღში ვუცდიდი მეგობარს... უცაბედად, ბაბუასა და შვილიშვილის საუბარს შევესწარი, რომელიც გონებაში სანთელივით მეღვენთებოდა.

– ბაბუ, რას ნიშნავს მეგობრობა?

– რას ნიშნავს და, როცა ძალიან გაგიჭირდება, შენს გამო უღრან ტყეს რომ გამოივლის. როცა დაკარგულს მოგძებნის და გვერდში დაგიყენებს. ძალიან რომ გაგიჭირდება, ხელს გამოგიწვდის. შენს სიხარულსა და მწუხარებას თანაბრად რომ გაიზიარებს. ღმერთმა არ ქნას და, თუ ყველა ზურგს შეგაქცევს, მაშინაც კი თუ შენ იქნები დამნაშავე, ის არ მიგატოვებს, არამედ ხელს გამოგიწვდის და ტკივილს აგარიდებს. როცა შენი ღიმილის მიღმაც კი, შენს ტკივილს დაინახავს და სასოწარკვეთილს იმედის ნაპერწკალს ჩაგისახავს. აი, ეს არის ნამდვილი მეგობრობა!

– დღეს არის ასეთი მეგობრობა, ბაბუ?!

           ბაბუ დარდიანად უყურებდა გამვლელ-გამომვლელთა ნაბიჯებს და წამებით ღრმა ფიქრებში წასულიყო. წარსულში თუ გადავარდა. თითქოს მიავიწყდა შვილიშვილი.

     — ბაბუ, არის?!

     შვილიშვილის განმეორებითი კითხვისათვის, ჩანდა არ იცოდა როგორ ეპასუხა. ბუნებრივმა ემოციებმა კი თავისი გაიტანა.

– დღეს, როცა ჩანხარ მაშინ გხედავენ... ან როცა შენგან რაღაცას მოელიან. როცა არც სახელი გაკლია და ალბათ, არც ფული... წამიერად გაჩუმდა მოხუცი. მიხვდა, ამგვარი საუბარი ნაადრევი იყო შვილიშვილისთვის, რომელიც გაფაციცებით უსმენდა და თითქოსდა ხვდებოდა ბაბუს სევდიან თვალთა მეტყველებას.

– თუმცა, ამით გული არ უნდა გაიტეხო, ბაბუ! შეიძლება ის ერთადერთი მეგობარიც იპოვო ზუსტად მაშინ, როცა არ ელოდები.

– ეგ ხომ არაა მეგობრობა? სევდიანი გამომეტყველებით შეხედა ბავშვმა.

– რა თქმა უნდა, არა. – ძალდატანებით გაუღიმა ბაბუმ.

– რა სამყაროში ვცხოვრობთ, თუკი ერთმანეთისთვის არ ვართ?!

ბაბუმ აქაც ვერ შეიკავა თავი.

– მხედველობით სამყაროში. გულები დაიკარგა, ბაბუ! გულები!

მოხუცი გაკვირვებული, თავისთავზე განაწყენებული, დამნაშავე სახით მიაჩერდა შვილიშვილს. გამვლელ-გამომვლელები ნაბიჯებს აბიჯებდნენ. მე მათი ნაბიჯების მიღმა ბაბუისა და შვილიშვილის მწუხარებას ვითვლიდი.

 

3 ივლისი, კლასიკური გიმნაზია, 2009 წელი

იმედიანი მზერა

 

პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის მესამე საფეხურზე შუახნის ქალი ერთ მიმართულებით, მოღიმარ-მოფიქრალი სახით იყურებოდა. იმედიან ფიქრის საბურველში გახვეულ სათნო იერის ქალბატონს, ქაშვეთიდან გამოტყორცნილი სხივი მოსევდისფროდ ამეტყველებდა.

მე ნელა ამოვდიოდი მიწისქვეშეთიდან. ვუყურებდი მის თბილ და იმედიან სახეს. შორიახლოს შევჩერდი. რატომღაც მომინდა მეტად ჩამეხედა მასში, რადგან ურყევი, გულთბილი მზერა შევიცანი.

სახეზე მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა. იმედიანი მზერით შესცქეროდა ნორჩ გოგო-ბიჭებს, რომლებიც პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, დიდი, თეთრი ბანერებით იდგნენ და დახმარებას ითხოვდნენ პატარა, ობოლი ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად.

ვინ იცის, გულში როგორ ეფერებოდა, ან როგორ ეჯერა, რომ ზუსტად ეს ბავშვები, ქალაქის მომავალი გულანთებული თაობა, ერთმანეთის გვერდში დგომით გააგრძელებდა ქვეყნის მომავალს.

ქალმა ბავშვებს მზერა აარიდა, თავი მსუბუქად დახარა და დინჯი ნაბიჯით ჩაუყვა მიწისქვეშეთისკენ ჩამავალ ბეტონის კიბეს. მის ნაბიჯებში, თითოეული დარჩენილი წელი იკვეთებოდა. მან ქალაქს, მომავალ თაობას, წამებში უსაზღვრო სითბო აჩუქა.

სანამ მისი მსგავსი ადამიანები ივლიან ამ მტვრიან, გასაცოდავებულ, მაგრამ მაინც მშვენიერ ქალაქში, მანამდე დრო იმედიან მზერას ვერ წაშლის.

ქალაქის ქუჩებში კვლავ ივლიან ღიმილიანი გოგო-ბიჭები და აუყვებიან აღმართებს ხმაურიანი, ლაღი შეძახილებით. მიწისქვეშა გადასასვლელებში ისევ ჩაივლიან შუახნის ქალბატონები, რომელთაც სახეზე სანდომიანი ღიმილი დასთამაშებთ და არ დაიშურებენ სითბოს, რათა გამვლელებს აჩუქონ ლამაზი წამი და მასში ჩატეული მარადისობა.

23 აპრილი, ნავთლუღის ავტობუსი, 2010 წელი

შენ თუ არა, მე მოგაფერებინებ თავს

 

ბიჭუნა სამგზავრო ავტობუსში გაბრუნჩული სახით ამოვიდა. არ ვიცი, რატომ ჰქონდა ასეთი გაბუტული, უკმაყოფილო სახე, ალბათ ვინმეზე იყო განაწყენებული, ან ვინ იცის. ზურგით ცენტრში, რკინის ბოძს მიეყრდნო და ავტობუსში ხალხის თვალიერება იწყო. რაღაცას ეძებდა.

მისი თვალები სათითაოდ ჩამოუყვა ხალხის უტყვ მეტყველებას და მზერა ერთ სანდომიანი სახის გოგონაზე შეაჩერა, რომელიც სარკმელში იყურებოდა და თავის ნატიფ ნაკვთებს, გარეთ ჩარბენილ სამყაროს უზიარებდა. გოგონას გრუზა თმა და კოხტა პირი სახე, ლამაზად აჩენდა. იგი იჯდა და არაფერზე ფიქრობდა.

მისი ცქერისას ვერ დაითმინა ბიჭუნამ, რომელიც სულ თერთმეტი, თორმეტი წლის თუ იქნებოდა. თავისი ქერა, კულულებიანი თმა შეარხია, ძელს მოწყდა და ნელა მიუახლოვდა მას.

გოგონას მისკენ არც გაუხედავს, არც შეუმჩნევია მისი მოახლოება.

– რა გქვია?

მცირედ გაკვირვებულმა, ალმაცერად გამოხედა, თუმცა მის უკარება გამოხედვაში, სანდომიანობა მაინც იგრძნობოდა.

– თამუნა!

– თამუნა შეიძლება ხელი მომცე?

– ხელი მოგცე? რად გინდა?

გოგონას გაეღიმა და სახე კვლავ სარკმლისკენ მიატრიალა. თითქოს აგრძნობინა, შენი ბავშვური თამაშის ხასიათზე არ ვარ და არც სურვილი მაქვსო.

ბიჭუნას ყურადღება არ მიუქცევია მისი გულგრილობისათვის, აღარც რამე უთხოვია, სასწრაფოდ დასტაცა გოგონას ხელს და გულზე აკოცა, შემდეგ თავზე დაიდო და მისი ხელის გულით თავის მოფერება დაიწყო. ღიმილიანი სახით შესცქეროდა გოგოს და თავს, თავისივე ბავშვური ღიმილით იცავდა, რათა მოფერების ნაცვლად, ერთი წამოთაქება არ მიეღო.

მიუხვდა პირმშვენიერი თავხედურ გულისთქმას და ხელი შეატოვა მის თმებს და პატარა, ადამიანური გაღიმებაც აჩუქა.

ბიჭუნამ სიამოვნებისგან თვალები დახუჭა, ასე გავიდა რამდენიმე წამი, ხელი არ აუღია თავიდან და როგორც კი ავტობუსის კარი გაიღო, მაშინვე მოკურცხლა.

გოგონა მართლაც მშვენიერი იყო. მათი არაორდინალური შეხვედრა კი გამორჩეული განცდის დამბადებელი იყო ჩემი გულის მეხსიერებაში.

ვისაც ყველაზე მეტად აკლია სითბო, მათ მეტად სჭირდებათ მოფერება, რაზეც უარის თქმა დანაშაული იქნება.

 

 

8 თებერვალი, კოჯორი - თბილისი, №106 ავტობუსი, 2010 წელი

მძიმე ჩანთა

 

კოჯორ-ტაბახმელის №106 ავტობუსი ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა. გასვლამდე 41 წუთია დარჩენილი, ავტობუსი კი უმეტესად იმდენად ივსება, ფეხზე დგომაც ჭირს. კოლმეურნეობის მოედნამდე მისვლას 30 წუთი სჭირდება. წლების განმავლობაში ვსარგებლობდი ამ მარშრუტით, სადაც ყველანაირი რჯულის და ასაკის ადამიანი იყრიდა თავს.

ვხედავ, ყველა მგზავრი თავის ფიქრებსა და საზრუნავშია. ავტობუსში თითქმის ყველაფერს გაიგონებ. აქ დრო შეუმჩნევლად გადის. მგზავრთა დაღარული შუბლის ხაზები, შრომისგან გაუხეშებული ხელები, მძაფრად გაგრძნობინებენ ცხოვრების სინამდვილეს.

გზად, მთებსა და გორაკებს შეფენილ სახლის სახურავებზე, აქა-იქ მოჩანს ტალახისფერი საკვამურები, საიდანაც მკრთალად ბოლავს ნამწვავის ნასუნთქი და ერევა გრილ და გამჭვირვალე ჰაერს. რაც უფრო მაღლა ადიხარ, გრძნობ, ჰაერის სიჯანსაღეს, რომელიც განუზომლად კვებას შენს სხეულს და ავსებს სიცოცხლის ხალისით.

კოჯორს რომ ჩამოსცდები და ხალიჩასავით უხერხულად დაცემულ ქალაქისაკენ დაეშვები, წავკისიდან ნახატივით ჩანს კავკასიონის მონაკვეთი. ყაზბეგისა და მთიულეთის მხარმიბჯენილი მთები. ღრუბელი თუ არ ეფარება და ცა სუფთაა, ამაყი და მედიდური მყინვარწვერი მოჩანს, რომელიც არც თუ ისე თავმდაბლურად გადმოჰყურებს შორიახლოს მყოფ მოთეთრო მწვერვალებს. შედარებით მომცრო მთები, მყინვარწვერთან მისასვლელი საფეხურებია, საიდანაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთი ხელის გაწვდენაზე, გულზე მოქარგული ყვავილივით ჩანს.

ფიქრებში ჩაფლულს, ჭაღარა ქალბატონის ხმამ გამომაფხიზლა.

– მომეხმარები ჩანთის ჩატანაში?

 წელში მოხრილი ჭაღარა ქალი, ჩანთის სიმძიმეზე მეტად, ცხოვრებას დაემძიმებინა.

როგორც კი ხელი ვკიდე ჩანთას, შევძახე:

– უჰ, რა მძიმეა! – შეიძლება ამ სიმძიმის ტარება?!

ჩანთა ძალიან მძიმე იყო. მიკვირდა, როგორ ახერხებდა ბებო მის ტარებას. დახმარებას დავპირდი... ვინ იცის ჩანთაში რა ეწყო. მოგონებები? თუ ცხოვრებით სავსე ისტორია? ან იქნებ მთელი სარჩო-საბადებელი.

მოხუცმა შვებით ამოისუნთქა და მადლიერი თვალებით შემომხედა.

– ღმერთმა დაგლოცოს!

გზის გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ მოხუცმა მოკრძალებულად მითხრა:

– მომეცი, შვილო, ახლა მე წავიღებ.

– არა, – მტკიცედ ვიუარე!

– ასეთი მძიმე ჩანთის ტარება გაგიჭირდებათ...

– თქვენ იყავით ახალგაზრდები კარგად. პირიქით, ეს ჩვენ უნდა გაგიფრთხილდეთ, მოხუცები.

– არა, ბებო, მოხუცებს უფრო გჭირდებათ გაფრთხილება. ჩვენ ახალგაზრდებს რა გვიჭირს, ძალა არ გვაკლია და ღონე.

მივუყვებოდით ქუჩას – მე აწმყო და ის – წარსული. ორივეს ფიქრები ერთმანეთისას ჰგავდა...

– რატომ უნდა ატარებდეს ამ ასაკის ადამიანი ასეთ სიმძიმეს, ნუთუ მხოლოდ ტვირთია ცხოვრება? ნუთუ არჩევანს არ უტოვებს ადამიანებს?! ვფიქრობდი და პასუხი ვერ გამეცა კითხვისათვის.

დაღმართი იმაზე უფრო მძიმე გასავლელი ხდებოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. მოხუცს ამ ჩანთაში მთელი ცხოვრების ტვირთი ჩაედო. ცოტა გამიჭირდა მისი ტარება, მაგრამ რას ვიტყოდი. გულწრფელად მეცოდებოდა იგი.

– საკმარისია, შვილო, მე წავიღებ ახლა!

– არა უშავს, მიგატანინებთ, სადაც მიდიხართ. თქვენ ის მითხარით, სად მიბრძანდებით, არ მეჩქარება. – არ გადავუხვიე მის გზას, მსურდა გაჩერებამდე მიმეცილებინა.

– ამდენს ვერ შეგაწუხებ!…

– რა შეწუხებაა, პირიქით! მიხარია!

ასე მივდიოდით ხმაურიან ტროტუარზე, სადაც მტვერი და დროის უსამართლობა ენაცვლებოდა ერთმანეთს.

შემოდგომისფერ ქალაქს ქარი აცოცხლებდა, აქა-იქ ფოთლებიც ცვიოდა და ჰაერში ფრიალით იფანტებოდა. სიჩუმე ისევ ჭაღარა ქალმა დაარღვია. მადლობა გადამიხადა და ავტობუსის გაჩერებასთან გაჩერდა, საიდანაც მისი უკანასკნელ ფოთოლივით შერჩენილი სიცოცხლის გზა გრძელდებოდა.

მივუყვებოდი დამტვერილ აღმართს. ჩემი გონება ღირსებისა და ადამიანურობის განცდით აღვსილ ცხოვრების სიმძიმეს გადაეწონა, ვით ჭაღარა ქალბატონის მძიმე ჩანთა. თითქოს ყველაფერი კანონზომიერია და დაბალანსებულად გადანაწილებული ამ სამყაროში, სადაც ბეწვის ხიდია გადებული ცასა და დედამიწას შორის, რომელზეც სიფრთხილით გავდივართ. გავდივართ იქამდე, სანამ დასასრულის დასაწყისამდე არ მივალთ. ახალი ცხოვრების დასაწყისამდე. მხოლოდ იქამდე გასავლელი გზაა მოხუცის ჩანთასავით უმძიმესი.

9 ნოემბრის სევდა - ცხრა აპრილის ბაღში, 2011 წელი

 

ცხრა აპრილის პარკში, ახლად დაგებული ბეტონის ფილები, გამხმარ ფოთლებს დაეფარა. გაშიშვლებული ტოტები სხეულიდან მოწყვეტილ ფოთლებს სევდით დაყურებდნენ... ტოტები უნიათოდ აგრძელებდნენ აქეთ-იქით ცქერას, თითქოს ვინმე მშველელს ეძებენო. მის ტანს, უცაბედად უცნაურად და მძიმედ მოსიარულე სხეული მიეყრდნო. კაცი, წელში მოხრილ-მოკუზული, უგერგილოდ იყურებოდა სადღაც. ისიც ხესავით უიმედო ჩანდა, თუმცა ყრუ დროებას არ ეპუებოდა და გარემოებისაგან რაღაცას ითხოვდა.

მათი დანახვისთანავე ყველაფერი დაგვავიწყდა. საკუთარი, აწ მოწყვეტილი, თუ მოწყვეტის მოლოდინში მყოფი ჩემი ფრთები და მისი უკანასკნელი ფოთოლი. მძიმე კაცი ხის აფხავებულ სხეულზე ისვენებდა. ხეს აშფოთებდა მისი სიახლოვე. ხეს ჩემთან ერთად სხვა რამ სწყუროდა და ეს სიცოცხლე იყო. ქორფა და ნორჩი, სრულიად უმანკო, სილაღითა და სიმშვენიერით სავსე. ჩვენ იმ მომენტში იმედი გვჭირდებოდა, როგორც თევზს წყალი, ფრინველს კი ფრთები და სივრცე. იმედი, რომელიც ახალი შეგრძნებებს გაგვიჩენდა. სიხალისეს, სიცოცხლის წყაროს წყლიდან პეშვებით შეგვასმევდა და გუნებას გამოგვიკეთებდა. სულ რამდენიმე მეტრში, მისი გაშლილი, თუმცა შიშველი ტოტების ქვემოთ, რკინის კონსტრუქციით აწყობილ ხის სკამზე, 13-14 წლის გოგონებმა მოიკალათეს. ისინი მოხდენილად და შეხმატკბილებულად საუბრობდნენ. ხეს გუნება გამოუკეთდა, მე კი ენერგია მომეცა. ერთ გოგონას სახეზე, ფაქიზად იძერწებოდა სინორჩის ნატიფი ნაკვთები. თეთრი, ფითქინა კანი. ზღვისფერი თვალები. გრძელი და ბზინვარე წელამდე ჩამოშლილი თმა. ნაზად არხევდა სიო მის შალისებრ თმას. უჩვეულო ჰარმონიით ამოძრავებდა გოგონა თხელ ხელებს. თლილ თითებს ჰაერში პიანისტის ოსტატობით გრაგნიდა. განგებას მასში, უდიდესი სიფაქიზით ჩაექსოვა მოხდენილობა.

გოგონას თითებში, მხატვრულ-ფილოსოფიურად, უჩვეულოდ ჰაეროვნად მოეთავსებინა თეთრი სიგარეტი, შავი ფილტრით. სიგარეტი, შავი ფერის ტანსაცმლისა და გრძელი თმის ფონზე, ეფექტურს ხდიდა მის მოხდენილ, ტანწერწეტა სხეულს. ჯდომის მანერა, ხელოვნების ნიმუშად მეჩვენებოდა, რადგან ერთი ფეხი მეორე ფეხზე გველურად დაყრდნობილი, მიმზიდველად კანტურობდა. სიგარეტის ბოლი, მის სრულყოფილად ნაქანდაკარ სახეს შთამბეჭდავ იერს ანიჭებდა. ცეცხლწაკიდებული, სიგარეტის ბოლს ტოტებისკენ ხამუშად გზავნიდა და სანაცვლოდ, ერთ ამოხედვას არ კადრულობდა. ტოტები, რომელიც ჩემსავით სიცოცხლის ხალისს ეძებდა და ზემოდან მათი ცქერით ტკბებოდა, თითქოს იღრუბლებოდა. კარგი მხატვარი მოისურვებდა, ეს კადრი, რასაც მე ვხედავდი სამარადისო ფერწერულ ტილოდ ექცია. გამორჩეული პოეტი, თავის სტრიქონებში გენიალურად აღწერდა ქალიშვილის ჰარმონიულობას და ტოტების სევდა ნარევ მზერას. ქალაქის მუსიკოსი, მისი თმის სურნელებიდან გამოთხოვილი ნოტებით, შექმნიდა მარადიულ კომპოზიციას.

სიგარეტის ბოლი იმედით მაცქერალ ხეს, ფანტასმაგორულად ეხვეოდა ტყავზე და ჩემს გუნება-განწყობილებას იზიდავდა. წამი წამ ტოტიდან, ნამის სახით ცრემლი ცვიოდა და გოგონას კისერზე ეწვეთებოდა. რამდენჯერმე ანგელოზის სახით მაღლა ამოიხედა გოგონამ. მაგრამ ცა გარღვეული, ღია სილურჯისა და ბამბებივით დაფხრეწილი ღრუბლების გარდა, ვერაფერი დაინახა. მას ტოტებისკენ არც მიუქცევია ყურადღება. ვერც ტოტის სევდანარევი წამი იგრძნო, რომელიც დღეს უსწრებდა. მორალური ძალაუფლება, მშვენიერების განცდას წყენაში აგდებდა. მას თავის არსებობის სამყოფელში ცვლილებები გამოეწვია და ცხადად აღქმული სინამდვილისათვის სასამართლო მოეწყო. ეს ლამაზი არსება საჯაროდ გაესამართლებინა. მიზეზად მხოლოდ სიგარეტის კვამლის გამო, რომელიც მის სილამაზეს აღმატებულად წარმოაჩენდა.

იქნებ მართლაც, უსიგარეტოდ უფრო მშვენიერი ყოფილიყო მისი გამოძერწილი, თხელი სხეული. ნაკვთების მხატვრულობა. მოძრაობის ჰარმონიული და ელასტიკური მეტყველება. რომელ სილამაზეს უფრო შეამჩნევდა მგრძნობიარე თვალი, გოგონას სიგარეტით, თუ გოგონას უსიგარეტოდ. ხე ფიქრობდა, რომ კვამლის სახით გოგონას მსუბუქი სიმახინჯე ერეოდა, რაც მის ფილტვებს გაანაცრისფრებდა და შემდგომ სილამაზეს დაუკარგავდა. ვინ და რა გამოუკეთებდა ხის ტოტებს ხასიათს. იქნებ, ის დამწვარი სიგარეტი იყო მიზეზი, გოგონა რომ შეამჩნია. იქნებ კვამლს რომ არ შეეწუხებინა, არც ჩაეხედა დაბლა და თვალთვალი იმ მძიმე კაცისთვის მიეყურადებინა, უზარმაზარი ტვირთით, უსიამოვნოდ რომ ეყრდნობოდა ხის ტანს. ახლა იგი კაცი, მძიმე ტვირთით და ფოთლების გათელვის სიცხადით, ბეტონის ფილებს ბებრულად მიყვება. მას ხის ძირიდან აკრეფილი, დიდ ნაჭერში გატენილი გუდა ფოთლები მიაქვს. გაოცებული ხე შესცქერის წელში მოხრილ, იდუმალ კაცს. რად უნდა, ან სად მიაქვს ამდენი ფოთოლი.

ფიქრისა და დროის მატარებელ ტოტებს, აწუხებდა ცნობაწართმეული, დაკარგული ბილიკი, ფერშეცვლილი სინაზე, უმანკოებას მოწყვეტილი დარდი და მწუხარება კაცთა მოდგმისა.

ცხრა აპრილის ბაღი... მასში ფოთლები კვლავ იშლებოდნენ, გარდაცვლილი თესლივით, შემდგომ წელს მრავლად რომ უნდა აღმოცენდეს. საითაც გაიხედავდა მგრძნობიარე თვალი, ხის ძირში, თუ გარშემო, ყველგან ფოთლები მიმოფენილიყო. იდგნენ ხეები, როგორც უპატრონოდ დარჩენილი სასაფლაოები. იქ აღარ იყვნენ ახალგაზრდები, აღარც მე ვჩანდი. ის ბებერი კაცი კვლავ მოდიოდა ფოთლების წასაღებად.


 

           11 ნოემბერი, რუსთაველის მიწისქვეშა გადასასვლელი, 2012 წელი

ჩადრიანი წვიმა

 

გვიანი ღამე ახლოვდებოდა. წვიმას გაურბოდა ახალგაზრდა, რომელმაც სირბილით მიწისქვეშა გადასასვლელს მიაღწია, სწრაფად ჩაირბინა სიბნელისაგან ჩაშავებული საფეხურები და ვერნისაჟულ გვირაბს გაუყვა. პარალელურ კიბეებთან შეჩერდა, ცას ახედა, ღრმად ჩაისუნთქა და წვიმისგან დროებით თავშეფარებული, კვლავ თქეშში გასაქცევად მოემზადა.

რა წამს ნაბიჯის გადადგმა დააპირა, მაშინღა შეამჩნია კიბეებთან ზორბა ტანის, წვიმაში მჯდომარე, შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც თავზე ჩადრი ჰქონდა ჩამოფარებული და ერთი ხელი სამოწყალოდ გაწვდილი.

წვიმა თავს ესხმოდა და ჩადრიანის მომრგვალებულ ტანზე ყველა მიმართულებით ვრცელდებოდა. ყმაწვილს ეს ქალი ადრეც ენახა. ნანახმა წამში ერთ ადგილზე გააშეშა. იდგა და უყურებდა. ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. დილემის წინაშე იდგა. წასულიყო და წვიმაში მყოფი, სველ ბეტონზე მიეტოვებინა, თუ რაიმე ეღონა მის დასახმარებლადა. რომ დარჩენილიყო, არ იცოდა, რა უნდა ეღონა. როგორ დაეხმარებოდა. წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადგა. საკუთარი ხმა უარს ეუბნებოდა. წასვლის ნებას არ რთავდა.

დეიდაო, დაუძახა!

– გისმენ, შვილო.

– ჩამოიწიეთ ცოტა დაბლა, რადგან წვიმა დაგდით.

პასუხი არ გასცა ჩადრიანმა, თითქოს აღთქმული ჰქონდა, წვიმაში, სველ და ცივ ბეტონზე ჯდომა მდუმარედ გაეგრძელებინა.

– ჩამოიწიეთ რამდენიმე საფეხურით დაბლა, თუ ინებებთ დაგეხმარებით.

კვლავ არაფერი უპასუხა.

ბიჭმა არ იცოდა რა ექნა, წასულიყო, თუ ისევ ერთ ადგილზე მდგარიყო.

ამ ფიქრში იყო გახვეული, როცა ვიღაც ბიჭმა გამოიარა და მათ წინაშე გაკვირვებული შედგა.

რა ხდება?

– ვთხოვე, ჩამოქვეითებულიყო ცოტა დაბლა. არ მიჯერებს. არადა მთელი წვიმა ზედ დასდის. უთხარი შენც, იქნებ გაიგოს.

– დაგეხმარებით, ჩამოიწიეთ ქვემოთ.

– წადით შვილო, მიჩვეული ვარ!

– ჩამოდით, რა ქალბატონო!

– წადით, შვილო, მადლობა!

ორივე თხოვნა შეუსმენელი გახდა. მეორე ბიჭიც მასთან ერთად დადგა და შეუერთდა ყმაწვილის კეთილ განწყობილებას. ერთად დაიწყეს საუბარი, თუ რა შეიძლებოდა მოემოქმედათ.

ამ დროს ორმა გოგონამ გამოიარა და ისინიც ცნობისმოყვარე სახით შედგნენ. იკითხეს, თუ რა ხდებოდა.

რომ გაერკვნენ სიტუაციაში, ჩადრიანს მათაც დაუწყეს თხოვნა, იქნებ წვიმიდან ცოტა დაბლა ჩამოსულიყო. ვერც მათმა მუდარამ გაჭრა, იგი კვლავ ჯიუტად განაგრძობდა წვიმაში ყოფნას.

კიდევ ერთმა გოგონამ გამოიარა. მან ის ბიჭი, რომელიც პირველი მოვიდა ჩადრიანთან, იცნო, გამოესაუბრა და შეუერთდა ჯგუფს.

ნელ-ნელა, ჰაერი უფრო ცივდებოდა, დრო კიდევ გვიანი ღამისკენ მიიწევდა. ზამთრის პირი იყო და ღამე სუსხიან ჰაერში ეხვეოდა.

კიდევ ერთმა გოგონამ გამოიარა. მანაც იკითხა, თუ რატომ იდგა აქ ეს ხალხი, ასეთ ამინდში.

– რა ხანია, ვეხვეწებით ამდენი ხალხი, რომ ჩამოვიდეს რამდენიმე საფეხურით დაბლა და არ გვიჯერებს. ხელიც შევაშველეთ, მაგრამ არ იძვრის, არადა მთელი წვიმა ზედ დასდის.

ერთმა იქ მყოფთაგანმა ხუთლარიანი ჩაუდო ხელში, სხვა რა შემიძლიაო თქვა და წავიდა. მას რიგ-რიგობით გაჰყვნენ სხვები. იქ მყოფმა გამვლელებმა შეძლებისდაგვარად ხურდები დაუტოვეს. ბოლოს კვლავ ის პირველად მისული ყმაწვილი დარჩა მარტოდ მარტო ჩადრიან ქალთან.

მას არ გააჩნდა ფული, თეთრიანიც კი რომ მისთვის მიეცა და თავადაც წასულიყო. თუმცა ჰქონდა მოლაპარაკე გული, რომელიც სახლისკენ არ უშვებდა. იდგა ბიჭი და იჯდა ქალი. წვიმდა და წვიმდა გადაუღებლად. წვიმას ქარი ერთოდა, ქარს გვიანი ღამე და მწუხარე სუსხი. მას საკუთარ თავზე მეტად ბიჭი შეებრალა, თავს ძალა დაატანა, წამოდგა და უთხრა:

– მადლობა შვილო, წადი ახლა სახლში, ცოდო ხარ.

მძიმედ ამოთქვა სიტყვები, საფეხურზე ნაღვლიანად ჩადგა ნაბიჯი, ნელ აუარა გვერდი ყმაწვილს და მრავალი ცხოვრებისეული კადრით აღსავსე კიბეებზე, ნელა დაიწყო ასვლა. კიბეების თავში, რუსთაველის ქუჩაზე ლამპიონების სინათლე იმედიანად იფრქვეოდა.

იდგა ყმაწვილი და უყურებდა, უყურებდა, თუ როგორ ნელა აპობდა გვირაბის ბურუსს ქალი და სიბნელიდან სინათლისკენ ზღარბივით მიიწევდა.

იგი ალბათ სახლისკენ მიდიოდა.

31 დეკემბერი, თავისუფლების თეატრი, 2013 წელი

თეთრი სიკვდილი (ახალი წლის სევდანარევი სიმშვიდე)

 

წვიმიან ქუჩას ძალუმად ასკდებოდა, დაბანილი, უფერო ქარი.

ფოთლები სიბრალულით შესცქეროდნენ მთაწმინდის მთაში ჩამავალ მზეს და გარინდულნი, სევდანარევი გამომეტყველებით აცილებდნენ უკანასკნელ სხივებს.

პატარა ფინიამ გზისპირას მდგარ სახლის კარს კუდის ქიცინით მიაშურა და საყვარლად შეჰყეფა. უცებ გაიღო კარი, თითქოს პატრონს წინასწარ სცოდნოდა მისი მოახლოება და სულმოუთქმელად დალოდებოდა კართან, როგორც დედა შვილს. პატრონის გრძელმა მტევნებმა, სწრაფად აიტაცა სიცივისაგან მობუზული ფინია და თბილი, მოღიმარი სახით ჩაიხუტა.

პარალელური ქუჩის ბოლოდან ორი შეზარხოშებული კაცი ხელიხელგადახვეული მობარბაცებდა. გაუთავებლად ღიღინებდნენ. მათ მხრებსა და დიდრონ ღიპებს ქეიფის და დარდიმანდული განწყობის ალმური ასდიოდა.

მეტროს სადგურიდან ხელიხელჩაკიდებული დედა-შვილი გამონარნარდა. გოგონას, კოპლებიანი ციცქნა ყვავილივით კაბა, ახალი წლის მოლოდინით გამოცოცხლებულ ქუჩას უპირატეს იერს ანიჭებდა. დედის თეთრ, მზრუნველ სახეში კი ერთიანად ანთებულიყო შვილის სითბო და ფართო ქუჩის მომნუსხველი ღიმილი.

გოგო-ბიჭები ხელჩაკიდებულნი მიარღვევდნენ ახლად დაგებულ გზას და კისკისით ახალისებდნენ ცენტრალურ ქუჩას.

ხეები ლაღად იმზირებოდნენ და დროგამოშვებით გამვლელების მისამართით ფოთლებს გზავნიდნენ, რათა სალამი მიეცათ ახალი წლის მოლოდინში მყოფ ნატანჯი ხალხისათვის.

ქუჩა დადებითი ენერგიით ივსებოდა.

ახალი წელი ამიტომაც მიყვარს, რომ ქალაქში საგრძნობლად იმატებს დადებითი განწყობილება, საჭირო ატმოსფერო, რაც ადამიანებს ყოველგვარ გასაჭირსა და მწუხარებას დროებით ავიწყებს.

ასეთ გარემოებაში „ასკოლკასავით“ გამოჩნდა დადებითი ენერგიის დამატყვევებელი, გამჭოლი კადრი. ვიღაც ადამიანი, თავისუფლების მოედანთან არსებულ პარკის გისოსებთან თავჩახრილი შეუმჩნევლად სუნთქავდა. გახუნებულ შარვალსა და რამდენიმე ძველმან მაისურში გახვეული, დაბერილი თავით, თავჩახრილ მონუმენტივით იდგა. თავზე ყავისფერი ნაჭერი ჰქონდა დახვეული, რათა სახე და თავი დაემალა. დაკვირვებული თვალი ჩრდილში მდგარს ამჩნევდა როგორი დეფორმირებული, დიდ თავი, განზე გაწეული, კოჟროვანი შუბლი და სქელი კისერი ჰქონდა, რომელსაც თითქოს თავზე მეხი დასცემოდა და შუაზე გაეპო. შემდგომ ვინმე მავან სპეციალისტს ძალიან ცუდად შეეერთებინა თავის ნაწილები.

შემოხვეული შალიდან მხოლოდ მოთეთრო წვერი და გატეხილი სათვალის მინა უჩანდა.

გამვლელები არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ, არც თვითონ პასუხობდა ვინმეს, ან რაიმეს.

გარემოებასთან საურთიერთო კარები, მყარად ჰქონდა ჩარაზული. იგი თავის სამყოფელში სასტიკად ჩაკეტილი ჩანდა. მის გარშემო თითქოს არავინ და არაფერი ხდებოდა. თავადაც ვერავის ხედავდა, ან ხედავდა და არ ჩანდა.

გაძარცვულ ტანსაცმელსა და ჩამოწეულ მხრებზე ფოთლები ნუგეშის სახით ეცემოდა.

ის ამოჩემებულ, თითქოს გაუქმებულ ადგილს მუმიასავით დაჰყურებდა და თან მის გარშემო შემოკრებილ კატებს საკვებს უყრიდა. კატები უშფოთველად შემოხვეოდნენ გარს. მადლობას სწირავდნენ მწყალობელს.

ის გაუნძრევლად იდგა თავჩაღუნული და კატებს მდუმარედ უყვებოდა თავის ამბავს, რომლებმაც გაცილებით მეტი იცოდნენ მის შესახებ ვიდრე ადამიანებმა.

იგი მდუმარებით სუნთქავდა და სიჩუმით პასუხობდა გაყრუებულ, ცივ გარემოებას იმ კითხვებზე, რასაც ალბათ საკუთარ თავს უსვამდა.

რატომ?!

ცხოვრება უცნაურია, რადგან არ იცის ადამიანების გარჩევა და რატომღაც ცხელ ქვაბში ისეთ ადამიანს მოახვედრებს, რომელშიც უმანკოა, რათა დაასახიჩროს. შემდეგ ყველას დასანახად ახეტიალებს ქუჩებში აღმა-დაღმა, რათა ადამიანებში ადამიანურობა და სიბრალული გამოიწვიოს.

ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ დავუთმე თეთრ სიკვდილს ამხელა ყურადღება, როცა ჩემს დადებით განწყობილებას შეიძლება შევერთებოდი და მეც სხვათა მსგავსად გავლაღებულიყავი საახალწლო განწყობილებით.

მას თეთრი სიკვდილი დავარქვი. თეთრი რადგან არავის არაფერს უშავებდა და თოვლივით სპეტაკი იყო. სიკვდილი რადგან, არავის სურდა მასთან ურთიერთობა, კატების და ფინია ძაღლების გარდა. მისთვის მატერიალურ კეთილდღეობას სამუდამოდ ზურგი შეექცია. და მაინც საინტერესო იყო, რატომ იდგა უმისამართო ხედვაში გარინდული, ის ასე მშვიდად, ან რას ხედავდა ამ გაუგონარ წუთისოფელში.

15 ივლისი, 2013 წელი

როცა გული სიძულვილით არის სავსე, ის დაავადებულია და მას განკურნება სჭირდება. გავლენებში მყოფი ადამიანები გიბიძგებენ ამ ემოციით აღივსო და შენც საკუთარ თავში წარმართულ ამ უთავბოლო ბრძოლაში ჩართული ამაოდ ცდილობ თავის დაძვრენას, რადგან დასაყრდენს ვერ პოულობ. როცა ძლიერი ხარ, მანკიერს ეძებენ შენში, რათა იქიდან გამოგხრან და არ გეტყვიან, თუ რამდენად კარგი და ძლიერი ხარ, რადგან ისინი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ შენი უბედურებით იკვებებიან და ასეთები ადამიანები აღარ არიან.

 

* * *

ნიჭიერი კაცი ნათლით არის სავსე, თუმცა, ვაი, რომ ეს ცხოვრება ცუდ კაცებს კრუხის წიწილებივით ჩეკს. ცხოვრებაში ვითომ ბოროტება იმარჯვებს, თუმცა კაცობრიობას ვალად ნათელი რჩება და ბოროტების კვალი ქრება. აი, ამით იმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე და შთამომავლობაც ამას აფასებს. ბოროტთა ნაკეთებს კაცობრიობა მხოლოდ მაგალითისთვის ინახავს მომავალი თაობისათვის, რომელსაც ვერ ვსწავლობთ.

 

* * *

ცხოვრება ეკლებით არის სავსე და ამ ეკლიან სავალზე, გზა სიფრთხილით უნდა შეარჩიო, რადგან სიარულის დროს ეკალი არ შეგერჭოს და სისხლისგან არ დაიცალო.

ამ ეკლებს არა ცხოვრება, არამედ ადამიანები ქმნიან ისე, რომ ვერც აცნობიერებენ.

ეს ეკლები პრობლემებია, ცხოვრებისეული პრობლემები და თუ შენ მთავარი მიზნისკენ მიმავალი, ყველა ეკალს დააკვირდები და მასზე რეაგირებას მოახდენ, დანიშნულების ადგილამ