ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ამბები ახალი იმრონიდან

ამბები ახალი იმრონიდან

ნამდვილი ხელოვანი  757 წელი პირველი გამოცხადებიდან   თავი პირველი     მაშ, მალე ამ წუთისოფლის კიდევ ერთი შედევრი გაიბრწყინებდა ? ბიანკას კმაყოფილს ჩაეღიმა და თავისი ოთახის აივნიდან ხალისიანად მოავლო თვალი ჯერ მიწისფერ ცას და შემდეგ ქალაქის შენობების ალაგ-ალაგ დათოვლილ სახურავებს. გათოშილი კრამიტები და ფიქლები ნაღვლიანად გაშეშებულიყვნენ და ცივი ქარის მიერ მოტანილი ნამქერის შეხებაზე თითქოს კიდევ უფრო იბუზებოდნენ. მაგრამ მათი არ ესმოდა ბიანკას, არც იმ ხალხის, რომელიც დღედაღამ სიცივის ან აჭყაპებულ ფილაქნებზე სიარულის გამო წუწუნებდა. როგორ შეიძლება თოვლი არ გაგხარებოდა ? თან სად ? – ბელეგაში. აქეთ ხომ თოვლი კიდევ უფრო იშვიათი იყო, ვიდრე პატიოსანი ბერი ან მოციქული კასტა-მარინოში ? „საწამლავი... ყველაზე კარგი საშუალება საწამლავია. თან ქალს განსაკუთრებულად უხდება საწამლავით მოქმედება... ძალზედ პოეტურია“, – შორეული რუხი კოშკებისა და პირქუში კედლების მიღმა აკანკალებულ მოთეთრო ზღვას მიაშტერდა ბიანკა. მოქუფრული ცა ხელახალი გათოვებით ემუქრებოდა აქაფებულ წყალს. უცებ ამადეოს სახე წარმოუდგა თვალწინ, როცა ეს უკანასკნელი შხამის მწველ მარწუხებს იგრძნობდა ფაფუკ მუცელში და ნაღვლიანმა აღტაცებამ ერთიანად აუფრიალა გულ-მუცელი. ასე ეგონა, ქალაქის შენობების თავზე მონავარდე ცივი ქარი სხეულში შეუძვრა და ახლა სასიამოვნოდ უღიტინებდა მის შიგნეულობას. ვინ იცის, ჩემზე სპექტაკლებიც კი დადგან დიდმა მაესტროებმაო, გაიფიქრა და გაახსენდა ათიოდე წლის წინ თვითონ როგორ თამაშობდა ჩრდილოეთ ერქონის იმპერატორის მკვლელის, მშვენიერი აურელიას როლს დელლა-ვერდეს ამფითეატრში.   „ბიანკა... ბელეგას არქიმოციქულის მკვლელი. მმ, კარგად ჟღერს.“   ვინ იცის, ჩემი თავიც მე ვითამაშოო, ჩაეცინა. როცა ამადეოს სულს გააფრთხობინებდა შეეძლო ისევ რომელიმე თეატრს შეერთებოდა, ან სულაც... სულაც თავად გამხდარიყო დიდი მაესტრესა. კი, თავისუფლად შეეძლო თავისი თეატრი დაეფუძნებინა, – იმ ოცდახუთი ოქროთი, რომელსაც ამადეოს მკვლელობისთვის დაჰპირდნენ თავისუფლად იყიდდა მიწას გლეხებითურთ რომელიმე გაღარიბებული მცირე დონისგან ან მემამულე რაინდისგან და ულამაზეს შენობას წამოჭიმავდა იქ – პირველ თეატრს, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ბელეგას დიდი ქალაქების ამფითეატრებს. დადგებოდა და თავისივე სამფლობელოში თავადვე დაწერდა და დადგამდა პიესებს... თავადვე ითამაშებდა ზოგიერთ როლს. კიდევ, ნიჭიერ, დაუფასებელ მსახიობებსაც დაიქირავებდა და იქვე აცხოვრებდა საბრალოებს... თეატრში –ცხოვრებისგან ნაგვემ ხელოვანთა ერთადერთ ამქვეყნიურ თავშესაფარში. სხვებსაც მიიღებდა იქ – მწერლებს, პოეტებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს. განა ესენი ნაკლებ საჭირონი არიან სპექტაკლების წარმოდგენისას ? დააკელი წვნიანს მარილი ან წყალი, ცხიმი ან მწვანილი, რა გამოვა მისგან ? იქნებოდა ბიანკა სხვა ხელოვნებთან ერთად და მათი დახმარებით ხელახლა შეასხამდა ხორცს ერთმანეთზე მხურვალედ შეყვარებულ ტონიოსა და კარლას... ჰერცოგ ნოვარესა და მის საყვარელს, ყვითელთვალება ალმას... ცივის მიერ შუაზე გაგლეჯილ დონა სესილია დი მარცანოს და დიდი ხნის წინ მტვრად ქცეულ სხვადასხვა პიროვნებას ბელეგას ისტორიიდან... და არა მხოლოდ ბელეგას, არამედ მთელი ახალი იმრონის ისტორიიდან; განასხეულებდა და მაყურებელთა გულებამდე მიიტანდა მნიშვნელოვან, სასაცილო, საზარელ, ხალისიან, ბედნიერ, ტრაგიკულ ისტორიებს. რეალურს თუ გამოგონილს – ყველაფერს აჩვენებდა მათ. არაფერს დაუმალავდა. აჩვენებდა ცხოვრებას ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. მათ ოცნებებს ფრთებს შეასხამდა, თუმცა, შემდეგ ამ ფრთებს დაამტვრევდა და მიწაზე დაანარცხებდა მათ, ტალახიან, ცივ მიწაზე, სადაც ცოცხალი არსებები დაუსრულებლად იბრძვიან გადარჩენისთვის, სიამოვნებისთვის, ძალაუფლებისთვის, სიდიადისთვის, სიყვარულისთვის. იმდენი ხალხი დაიწყებდა სიარულს მის „ხელოვნების ტაძარში“, რომ ვერც პატრიარქები და არქიმოციქულები, ვერც დონები, გრაფები, ჰერცოგები თუ მეფეები გვერდს ვერ აუვლიდნენ მის თეატრს... ხოლო, მისი დაკეტვა რომც მოენდომებინათ, ისეთ წარმოდგენას შესთავაზებდა ბიანკა მათ, რომ დაკეტვა კი არა, იქნებ, იმას შეხვეწებოდნენ, ჩვენც შენს „ხელოვნების ტაძარში“ დაგვიტოვე სამუდამოდო. – მაშ, თეატრი... მაესტრესა ბიანკა... არქიმოციქულის მკვლელი... მეუფეო, რა პოეტურია, –ჩურჩულით თქვა თავისთვის და კვლავ საძინებელში შევიდა. ამადეო მუცელზე იწვა და მშვიდად თვლემდა. ბიანკამ უკვე კარგა ხანია იცოდა, როგორ უნდა გაეჭენებინა იმგვარად კაცი, რომ ამ უკანასკნელს ისე ტკბილად სძინებოდა, როგორც ახლა ამადეოს ეძინა. ერთადერთი, ვისაც ვერაფერი უშველა, თეატრ „გენტოს იების“ მაესტრო როლერო იყო – ზედმეტად მშფოთვარე გულის პატრონი. ყველაფერზე ღელავდა იგი, ყველაფერზე ბობოქრობდა. თუმცა ეს შფოთიც ელამაზებოდა ბიანკას. შფოთიც ხომ ამ ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორც სიმშვიდე ან ბედნიერება. განა ყველაფერი, რაც ამ ცხოვრებაში ხდება, სრულყოფილი არაა ? და არათუ შფოთი, არამედ ისიც კი მშვენიერი მოეჩვენა ბიანკას გულის სიღრმეში, როდესაც მაესტრომ კასტა-ვერდეს ერთ-ერთი სამორინეს ვალის გამო თავი ჩამოიხრჩო იმ ტრაქტირის საჯინიბოში, სადაც მათი თეატრი იყო დაბინავებული. ბავშვობიდან მოყოლებული ბიანკა რატომღაც ისე ხედავდა ცხოვრებას, როგორც ერთ დიდ სპექტაკლს, ხოლო როდესაც მისი ოჯახის საგვარეულო ციხესიმაგრესთან მოხეტიალე თეატრმა ჩამოიარა და მამამისის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სოფელში წარმოდგენა გამართა, იმდენად მოიხიბლა ცხრა წლის გოგო მსახიობთა თამაშით, რომ თავის უფროს დას, კორას უთხრა მეც მათსავით ვარ, რადგან ასე მგონია, სინამდვილეში ბავშვი არ ვარ და უბრალოდ ბავშვის როლს ვთამაშობო. როდესაც ცამეტი წლის იყო და მამამ მათი მეზობელი დონ კარუზოს ვაჟზე გათხოვება დაუპირა, სახლიდან გაიპარა და პალმიროსთან დაბანაკებულ მოხეტიალე თეატრს, სახელად „დანილიელ ობლებს“, შეუერთდა. თეატრის მაესტრომ, ვინმე დანტე ვალენტელმა დიდი ნიჭი დაინახა მასში და გაშლილი ხელებით მიიღო თავის მსახიობთა რიგებში. იმის მერე ბიანკამ მთელს ბელეგაში დაიწყო მათთან ერთად წოწიალი. რამდენჯერმე ერგუნდიაშიც იყვნენ გადასულები და სადაც მიდიოდნენ ყველგან თავბრუდამხვევ წარმოდგენას სთავაზობდნენ მდიდრებსა თუ ღარიბებს, მდაბიოებსა თუ დიდებულებს – ყველას. ნელ-ნელა ბიანკამ ყველაფერში ხელოვნების დანახვა დაიწყო. თვალს მიაპყრობდა ხოლმე ამომავალ თუ ჩამავალ მზეს და სანახაობით მონუსხულს ბურძგლები აყრიდა კანზე; შეაცქერდებოდა დღის სინათლეზე თეთრ-ლურჯად მოლივლივე ზღვას და მის თითებში ნაზი ხიცინი იწყებდა ცეკვას; მოჰკრავდა თვალს ბედნიერ სიძე-პატარძალსა და მექორწილეებს და გული სიხარულით ევსებოდა; ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ სახეებს იღებდნენ მამაკაცები მასთან წოლისას და აღტაცება ერთიანად იპყრობდა მთელ მის არსებას;  ხედავდა როგორ არხევდა ქარი იასამნის ტოტებს, როგორ აგლეჯდა მას ყვავილებს, როგორ უფლეთდა ფოთლებს და აღფრთოვანებული იყო ამით; უცქერდა, როგორ ტიროდნენ დედები თავიანთი შვილების მიწაში ჩადებისას და აღმაფრენას ძლივს მალავდა; უმზერდა, როგორ ბუზებივით იხოცებოდა ხალხი წითელი ჟამიანობისას და მოჯადოებული მისჩერებოდა მესაფლავეთა ტალახიან ფორნებზე შემოლაგებულ მათ გვამებს; ესმოდა, როგორ გმინავდნენ მომაკვდავები და ისეთი გრძნობამორეული უგდებდა ყურს მათი ნატანჯი პირებიდან ამოსულ ბგერებს, გეგონება, არ უნდა, ერთი პატარა გაფაჩუნებაც რომ გამორჩესო. ყველაფერი – სიკეთე, ბოროტება, სიყვარული, სიძულვილი, სიამოვნება, ტკივილი, სიმდიდრე, სიღარიბე, ნაყროვანება, შიმშილი, სილამაზე, სიმახინჯე – ხელოვნება იყო. დიადი ხელოვნის მიერ შექმნილი სრულყოფილება. ოღონდ, ნურავის ეგონება ბიანკას მხოლოდ სხვების თავზე დატრიალებული ამბები ხიბლავდა. არა, თვითონაც ყველაფრის თანაზიარი იყო თავის ცისქვეშეთის და-ძმებთან ერთად და მის თავს მოწეული ნებისმიერი რამ აღაფრთოვანებდა. როდესაც მისი პირველი ქმარი და თანამსახიობი გერალდო დათვრებოდა და მუშტებს დაუშენდა ხოლმე, ბიანკას თვალებიდან გადმოდენილი ცრემლების მიღმა საოცარი სიამოვნება იმალებოდა; როდესაც მისი შვილი, ხუთი წლის ალესანდრო კეთრმა მიისაკუთრა, მის მძიმე გლოვაში ერთგვარი სიტკბოს წვეთებიც ერია; როდესაც ცხელებისგან გათანგული ლოგინად ჩავარდნილა, ყოველი მტკივნეული ამოსუნთქვითა და ამოხველებით ყველაფრის შემოქმედ დიად ხელოვანს ადიდებდა; როდესაც მეორე ქმარმა, დელლა-ვერდეს ყასაბთა გილდიის თავმჯდომარემ, ანტონიომ ქუჩაში გამომწვევად სიარულისა და ცალფეხა მჭედელ ბენიტოსთან დაწოლის გამო ბეჭდიანი არათითი მოჰკვეთა თავისი ჟანგიანი წალდით, ბიანკას ტაკვიდან გადმოდენილი სისხლი ტკივილიან სადიდებელს უგალობდა იმ გარემოებებს, რომლებმაც მტვრიან ფილაქნებზე მისი დაღვრა გამოიწვია. „მმ, ისევე როგორც ყველაფერი, ამის სიკვდილიც ნამდვილი შედევრი იქნება... და წილად მხვდა პატივი მე შევასხა ხორცი ამ შედევრს... მე, მაესტრესა ბიანკამ“, – ჩაეღიმა ბიანკას ამადეოს ზღარბივით აჩეჩილი, თითქმის ბოლომდე გაჭაღარავებული თმის შემხედვარეს, რომელსაც ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი ნაირ-ნაირი ჩრდილებით ეფერებოდა. – ადგომის დროა, თქვენო უწმინდესობავ ! – საწოლთან მინარნარდა ქალი და სასთუმალთან ჩამოუჯდა საყვარელს. კაცმა თვალები ნელა გაახილა და ბუღასავით დაიზმუვლა. შემდეგ კვადრატულად გაკრეჭილ წვერზე დაისვა ხელი. – რა... რა ხდება ?... რა ხდება ? – ასე არ მითხარი, დილის მეათე საათზე გამაღვიძეო ? - ბიანკამ ბუხრის გვერდით დადგმულ კარადასავით მექანიკურ საათს შეხედა, რომლის მოვერცხლილი ისარიც უკვე თითქმის მეათე საათთან იყო მისული, – აღარ გახსოვს ? დღეს, მეთორმეტე საათზე საბჭოს შეხვედრა გაქვს დანიშნული, შე ძილისგუდავ. ადექი ! ამადეო ზურგზე გადაბრუნდა და ამოიხვნეშა. თვალები ისევ დახუჭა. – მმმ... ეჰ... ნეტავ, რა ჭირად მინდოდა ეს არქიმოციქულობა ? წყეულიმც იყოს ლაზარო. – იმ უბედური მეფისგან რაღა გინდა ?   – რა მინდა ? რა მინდა და მან არ დამარწმუნა, გინდა თუ არა არქიმოციქული უნდა გახდეო ? ხოდა, ახლა იმ ჩრდილოელი ნაბიჭვრების დანები სულ ჩემკენაა მომართული. – ოჰ, ოჰ, – ჩაეცინა ბიანკას, – იმ დღეს არ მითხარი ბავშვობიდან ვოცნებობდი ახალი იმრონის არქიმოციქული გავმხდარიყავიო ? ჰა ? ეგრე არ მითხარი, შე მელაკუდა ? ოდითგან მინდოდა, მთელს ახალ იმრონს ჩემს ჭკუაზე ევლოო. ახალი იმრონის ვერა, მაგრამ მთელი ბელეგასი ხომ გახდი ? – ხო, მაგრამ, – ეშმაკურად გაეღიმა ამადეოს, – არ ვიცი... როგორც წესი, ყველაფერი უფრო რთულადაა ხოლმე, ვიდრე კაცს გგონია. ვინ იფიქრებდა, რომ ის ნაბიჭვრები ასე გაგიჟდებოდნენ ჩემს არქიმოციქულობაზე ?... არა, ლაზარომ იცოდა და ზუსტად მაგიტომ დამეხმარა არქიმოციქულის სკიპტრა დამეკავებინა ხელში... უბრალოდ, ტრაკის ჩვენება უნდოდა კემბრიისთვის, ჰოდა ახლა იქით გვაჩვენებენ თავიანთ ცივ ტრაკებს ის ნაბიჭვრები... ოგერ-კერმუდის და ბაშდურის ურდოებივით მოგვაწყდებიან სადაცაა. ხავერდის ხალათზე მიაჩერდა ბიანკას ამადეო, უფრო სწორად იმ ადგილს, სადაც მკერდი ეგულებოდა. ესეც აღაფრთოვანებდა მამაკაცებში ბიანკას, – მათი სიმარტივე, ასე ძლიერ რომ იზიდავდა მათ ქალის ძუძუ: სიმბოლო მაძღრობისა და ნეტარებისა. ვინ იცის რამდენი მათგანის სიცოცხლე შეუწირავს მათ სირბილეს. ომები, დუელები, ჩხუბები, – განა, ხშირად ქალთა მკერდის გამო არ იწყებოდა ? ყოველ შემთხვევაში, ბელეგაში ასე იყო. ის, რაც მამაკაცებს სიყრმისას კვებავდა, ჭაბუკობისას ან ზრდასრულობისას მათი დაღუპვის მიზეზად იქცეოდა. ოხ, მართლაც რა პოეტური იყო მთელი ეს უბადრუკი პროცესი. – ყველაფერი რთულადაა, – გაუღიმა ბიანკამ, – მაგრამ, ამავდროულად, მარტივად... ძალიან მარტივად. – ჰო. ერთ რამეში კი ძალიან გამიმართლა, – ქათქათა ბალიშზე დასვენებული თავი კატასავით გადახარა გვერდზე ამადეომ, – ფილოსოფოსი საყვარლით ბევრი ვერ დაიკვეხნის, – ბიანკამ საყვარლის ჩასუქებული თითები შეიგრძნო მკლავზე, - თან, ასეთი ლამაზით... ნეტავ, ვის აქვს შენნაირი გახუხული ქვიშასავით მუქი და თან ასეთი... ასეთი ფაფუკი კანი ? ვის ? ვის აქვს შენნაირი ხავსივით მწვანე თვალები ? – ოჰო, – ჩაეღიმა ბიანკას, – ვიღაცას პოეტური გამონათქვამები უსწავლია ?! – ჰო, დამეტყო შენი ძუძუს წოვა. ერთი ეგაა ფილოსოფიას ვერაფერი გავუგე. – ყველა ადამიანი სულით ფილოსოფოსია, ამადეო... უბრალოდ, ზოგს სიმართლისთვის თვალის გასწორება ეშინია.   – ჰმ, – იდაყვზე წამოჯდა არქიმოციქული და დაამთქნარა, – რომელი სიმართლისთვის ? – იმ სიმართლისთვის, რომ სიმართლე არ არსებობს ! – ფართოდ გაიღიმა ბიანკამ და ფეხზე წამოდგა. ხალათი გაიხადა, საწოლზე დააგდო და დედიშობილა ფურცლებდახვავებული საწერი მაგიდის გვერდით დადგმული მუხის დიდი ჩუქურთმებიანი კარადისკენ წავიდა შესამოსად. ამადეომ თავი გააქნია. უკვე თითქმის ერთ წელია მიჩვეული იყო საყვარლის უცნაურ გამონათქვამებს და არასდროს იწუხებდა თავს მათი სიღრმის ჩასაწვდომად. მხოლოდ იმის გააზრება შეუძლია, რაც ამა თუ იმ მომენტში სჭირდება ან რაც გადარჩენაში დაეხმარებაო, მისი რეაქციებით გახალისებული ფიქრობდა ხოლმე ბიანკა, მხოლოდ ქვები, ფოლადი, ფული, დაუსრულებელი ინტრიგები და ძალაუფლებაა მისი სამყაროო. – შენც დაესწრები დღევანდელ შეხვედრას ! – სახსრების ტკაცუნით წამოჯდა ამადეო და ბამბის ფაფუკ მაქმანებიან წუღებში ჩაყო ფერმკრთალი ფეხები, – როცა გვერდით მყავხარ გამბედაობა მემატება... გამბედაობა ყოველთვის გჭირდება კაცს, როცა ჯიუტ თხებთან გაქვს საქმე. – მერე აბატი გაეტანო ? – ამადეოს მიერ ნაყიდი ხავერდის სისხლისფერი კაბა გამოიღო ბიანკამ და განზრახ ისე დაიფინა სხეულზე, რომ ცალი ძუძუ გამოსჩენოდა, – ისევ რომ დაიწყოს ყვირილი: „მეძავებს არაფერი ესაქმებათ „ქალაქის მმართველ საბჭოში“ ?არქიმოციქულს გაეცინა. – ჰა-ჰა, ზუსტად ეგრე იძახდა იმ დღეს. კი. ჭირსაც წაუღია ეგ სულელი ბებერი. თუ რამეს გაბედავს, მაშინვე თავის ადგილზე მოვსვამ... მჭირდები ! ჩემი ნიჭიერი და ბრძენი ბიანკა მჭირდება. უჰ, რა ქალი ხარ ! სულთა მეუფემ დაგილოცოს ეგ საგულდაგულოდ გამოძერწილი სხეული ! ახლა მოსამზადებელი არ ვიყო, შენ გიჩვენებდი სეირს !   – თქვენს სამსახურში მიგულეთ, თქვენო უწმინდესობავ ! – რევერანსი გაუკეთა შიშველმა ბიანკამ კაბით ხელში და, როგორც სჩვეოდა, ფართოდ გაიღიმა.   ****   დარბაზში შესულებს „ქალაქის მმართველი საბჭოს“ წევრები მოსულები დახვდნენ. პირველი, ჩასუქებული ხაზინადარი ბაროლე წამოვარდა ფეხზე, შემდეგ დანარჩენები. აბატმა გაეტანომ ზიზღით დაბერილი თვალები მიანათა ბიანკას და შემდეგ ისევ ფიჭვის სქელ მაგიდას ჩააჩერდა, რომელზეც სამკუთხა ფარის ფონზე გადაჯვარედინებული ხმლები იყო გამოსახული, - მარინესეების საგვარეულო გერბი. ამადეოს ვაჟები – თადეო და ანჯელო – არქიმოციქულის სავარძელთან ყველაზე ახლოს მოთავსებულიყვნენ მაგიდის ორივე მხარეს. შემდეგ მოდიოდნენ ხაზინადარი ბაროლე და კასტა-მარინოს მთავარი მსაჯული დემონტე, აბატი გაეტანო და მთავარინკვიზიტორი დომენიკო, მაგიდის ბოლოში კი ქალაქის დაცვის მეთაური, დონ ფაბრიციო როვერე იდგა. – თქვენო უწმინდესობავ ! – ერთხმად დაიძახეს საბჭოს წევრებმა და თავი დაუკრეს არქიმოციქულს. არქიმოციქულის პირადი გვარდიის კაპიტანი, დონ ლორენცო ბრენტო, რომელმაც თავის ორ რაინდთან ერთად მიაცილა ამადეო და ბიანკა შეხვედრების დარბაზში, პირდაპირ ამადეოს სავარძლის უკან ჩამოდგა ქანდაკებასავით დანარჩენ რაინდებთან ერთად. სამივე ფანჯარა დაკეტილი იყო. შუშებს წარამარა ახლიდა ნამქერს ქარი. გარედან შემოსული ცივი და რუხი სინათლე საბჭოს წევრთა ნამძინარევ სახეებს ზანტად ეფინებოდა და მოქანცულ ელფერს სძენდა მათ. ერთადერთი, რაც ბელეგელთათვის დამახასიათებელ მხურვალებას ინარჩუნებდა, გობელენებიანი კედლის ქვემოთ გამოჭრილი ბუხარი იყო, რომელიც გადამეტებული აგზნებით აცეკვებდა ღაჟღაჟა ცეცხლის ალებს თავის გაუმაძღარ მუცელში შეყრილ გაშავებულ შეშის ნაჭრებზე. – დასხედით, გთხოვთ ! – დაიძახა ამადეომ და მაგიდის თავში დადგმულ მისთვის განკუთვნილ ზარნიშებიან და ლალის თვლებით მორთულ სავარძელში ჩაესვენა. ბიანკას სკამი არქიმოციქულის სავარძლის გვერდით იდგა. ისევე როგორც საბჭოს რიგითი წევრების სკამებს, მასაც ორნამენტებიანი რბილი საზურგე ჰქონდა და ლამაზად მოჩუქურთმებული ფეხები.აბატი გაეტანოს გარდა ყველამ მაშინვე სკამებზე დააკრა უკანალი. – არ... არ უნდ ვილოცოთ, თქვენო... თქვენო უწმინდესობავ ?   – აჰ, რა თქმა უნდა, – არქიმოციქული ისევ ფეხზე წამოდგა ზოზინით და ისე მიაჩერდა აბატს ბიანკამ იფიქრა ყელში არ სწვდეს უცებო. დანარჩენებიც ხელახლა წამოდგნენ ფეხზე. ბიანკა, რა თქმა უნდა, გვერდით ედგა საყვარელს და ამჯერად პირდამუწული იღიმოდა მხოლოდ. ამადეომ ერთაზე ჩაარაკრაკა დიად მოციქულთა ლოცვა და შემდეგ დახმარება შესთხოვა სულთა მეუფეს, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ საბჭოს შეხვედრაზე. – მაშ, ასე – ლოცვის შემდეგ მყუდროდ მოკალათდა სავარძელში არქიმოციქული და შალის თეთრი კაბის კალთები შეისწორა. კისერზე ჩამოკიდებულ ხუთშვერილიან ოქროს სამეუფეო წრესაც მიეფერა საფირონისთვლიანი და ძოწისთვლიანი ბეჭდებით გამშვენებული თითებით, –აბა, რა ამბებია ? სკამებზე ჩამომჯდარმა საბჭოს წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და ბიანკასთან ახლოს მჯდომმა თადეომ, რომელიც ორი წლის წინ, არქიმოციქულად არჩევისთანავე, სამოციქულო ჯარების მთავარსარდლად დანიშნა მამამისმა, ხმა აიმაღლა. – მამ... თქვენო უწმინდესობავ, როგორც ჩემმა ჯაშუშმა მომწერა, ერგუნდიაში უკვე დაიწყო რეკრუტთა გაწვევა, – თან, ბიანკასკენ ნაღვლიანად აპარებდა თვალს თადეო. „რაო, კიდევ ხომ არ გინდა აგატირო, პატარა ლეკვო ?“ – ბიანკას თვალწინ წარმოუდგა როგორ გამოუტყდა სიყვარულში ამადეოს უფროსი ვაჟი თითქმის ერთი კვირის წინ და როგორი გრძნობით სთხოვდა ერთად გავიქცეთ აქედანო, ხოლო როდესაც უარი მიიღო ქალისგან, როგორ გადმოდინდა თვალებიდან ცრემლი ნაწყენი პატარა ბავშვივით. – ოლდენიდანაც მსგავსმა ხმებმა მოაღწია ჩემს მეორე ჯაშუშამდე, – განაგრძო თადეომ, – ამას გარდა, სურსათ-სანოვაგის მოგროვებაც დაუწყიათ... ჰარდინგიდან დამარილებული საქონლის ხორცითა და ლორით დატვირთული ოთხმოცი გემი დაძრულა სამხრეთისკენ... ალბათ ერგუნდიაში ჩავა. – ჩვენკენ აპირებენ გამოლაშქრებას, წყალი არ გაუვა ! – გაქათქათებულ კბილებში გამოსცრა ხუჭუჭთმიანმა ანჯელომ, რომელიც უმცროს სარდლად ჰყავდა უფროს ძმას დანიშნული. თადეოს მსგავსად, მასაც ტყავის დათბილული შავი კამზოლი ეცვა და ფარჩის ცისფერი მოსასხამი ჰქონდა მარცხენა მხარზე მოგდებული, – ჩრდილოელი დამპალი არქიმოციქულის მოწოდებას ყველანი ძაღლებივით ემორჩილებიან, როგორც ჩანს ! ამადეომ ტუჩები ოდნავ შეათამაშა და ახლა ხაზინადარ ბაროლეს მიაჩერდა. – თქვენო უწმინდესობავ, – დაიკნავლა ხაზინადარმა და აწითლებული ცხვირის წვერზე დაისვა საჩვენებელი თითი, – ვშიშობ, იმ დღეს რაც დამავალეთ არ... არ გამომივიდა... მეფე ლაზაროს ხაზინადარმა, ფლავიომ იქით მოგვწერა შვიდასი ათასი არია გვასესხეთო... მარენცაზე გალაშქრებას აპირებს მეფეო. – განა ვერ ხვდება ეგ ყეყეჩი, რომ მთავარი და დამღუპველი საფრთხე ახლა ჩრდილოეთიდან მოდის ? – თითქმის ყვირილზე გადავიდა ამადეო, – ნუთუ, ვერ ხვდება, ახლა მხოლოდ ერთიანობა რომ გადაგვარჩენს ?  ყველამ ერთმანეთს გადახედა. „ჰა, ნუთუ, აპატიებთ მეფისთვის ყეყეჩის წოდებას ვინმეს ?“ – გახალისდა ბიანკა. რა თქმა უნდა, არავინ არაფერი თქვა. – დანარჩენმა მეფეებმა რა მოიწერეს ?... ენცომ და კონსტანტინომ. – ჯერ-ჯერობით არაფერი, თქვენო უწმინდესობავ, – თვალები მორცხვად დახარა ხაზინადარმა, – არც თავისუფალი ქალაქებიდან ისმის რამე. არქიმოციქულმა მზერა ჭერს მიაპყრო და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. – რეგვენები, ჯიუტები... სულელები... კარგით, ჩვენმა ბამბით მოვაჭრეთა გილდიამ რაო ?   – ოცი ათას არიას გვასესხებენ, თქვენო უწმინდესობავ. სამწუხაროდ მეტს ვერაო, ასე მომახსენა თავმჯდომარე რაგოსამ, – ტუჩები მტკივნეულად მოკუმა ხაზინადარმა, - იმრონის ზღვაში ჩვენს თხუთმეტ ხომალდს მეკობრეები დაესხნენ თავს და ძალზედ დიდი ზარალი ვნახეთო... ცხრა ათასამდე ფუნტი ბამბა გაუტაცებიათ და ხომალდებიც, თქვენო უწმინდესობავ. ამადეომ თვალები დახუჭა და გაღიზიანებულმა დაუტყაპუნა მარჯვენა ხელის გული მაგიდას. – დანარჩენმა გილდიებმა, რაო ? მქსოველებმა, ოქრომჭედლებმა, ცხენებით მოვაჭრეებმა, მენახშირეებმა, კიდევ ვინ არიან ?... მეწაღეები და მეპურეები. რა მოიწერეს ? მაგათ გარდა სხვებიც ხომ არიან კიდევ ? – ბამბით მოვაჭრეთა გარდა, ჩვენი ქალაქის თექვსმეტივე გილდია საერთო ჯამში დაახლოებით ოცდაათი ათას არიას გვასესხებს, თქვენო უწმინდესობავ, – ამოიქშინა ხაზინადარმა, – მეტს ვერა. ზოგმა რა მიზეზი მოიწერა, ზოგმა რა... რომელიღაცამ თქვა ბანკის ვალი გვაქვს და ათას ხუთასზე მეტს ვერ გასესხებთო, მეპურეებმა თქვეს, კაროლას ველზე რომელი ბეღლებიც გვაქვს ცეცხლი გაუჩნდა, ხორბალი დაგვეწვა და ახლა ისტლენდიდან გვიწევს შემოტან... – ოცდაათი ათასი, – არქიმოციქულმა სიტყვა გააწყვეტინა ხაზინადარს, – დაუმატე ბამბის ოცი ათასი, ეგეც შენი ორმოცდაათი ათასი. ბევრი არაა, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების გასამრჯელოს კი დაფარავს სადღაც ორი თვე მაინც, არა, ძვირფასო ხაზინადარო ? – დიახ, თქვენო უწმინდესობავ, – სქელქუთუთოებიანი თვალები მოჭუტა ხაზინადარმა და გონებაში აშკარად თვლა დაიწყო, – დიახ, დაახლოებით ორი თვე.   – თქვენო უწმინდესობავ, – დაიძახა მთავარინკივიზიტორმა და თავისი ნახშირივით შავი და ხშირი წვერ-ულვაში ააცმაცუნა, – მე... ვშიშობ, მე ცუდი ამბავი მაქვს... დიდმა მაგისტრმა მანეროლემ უარი მომწერა... მხურვალე მიწებიდან ბაშდურის ურდოები მოცურავენ ჩვენსკენ და მათ მოსაგერიებლად ვემზადებითო... კასტა-მარინოს დასაცავად ახლა არ გვცალიაო... გთხოვათ, ჩვენთვის ილოცოსო. – ესე იგი, ილოცოსო, არა ? – ამადეომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ბოღმიანად ჩაეღიმა, – სულ თავს გავიდნენ ეს ორდენები. – მე კი, – აბატმა გაეტანომ გაქუცული თავი მოიფხანა, – მე კი... წმინდა პაოლოს ორდენის მაგისტრმა მომწერა, ჩვენ... ჩვენ... – რაო, ძმაო გაეტანო ? – მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით არქიმოციქული, – რა მოგწერათ ?აბატმა შეშინებულმა მოავლო თვალი ჯერ ბიანკას და შემდეგ არქიმოციქულს. – ასე მომწერა, რომ... რომ... – რაო ? ჰა, ამოღერღე ბერიკაცო ! კიდევ ერთხელ, თვალებგაფართოებული მიაჩერდა ბიანკას მოხუცი აბატი და შემდეგ მაგიდას ჩააშტერდა დაჟინებით. – ასე მომწერა... ჩემს რაინდებს ვერ გავწირავ იმ არქიმოციქულის დასაცავად, რომელიც უქორწინებლობის აღთქმას... უქორწინებლობის აღთქმას... არღ... არღვევსო. – ნამდვილად ეგ მოგწერათ ? – გაეღიმა ამადეოს, – იქნებ სხვა რამეებიც ეწერა იმ მოღალატის წერილში ? ჰა ? ეგრეა ? გადმომეცით შემდეგ ეგ წერილი ! პირადად მინდა წავიკითხო ! აბატმა თავი დააქნია და მაგიდის თვალებით ბურღვა განაგრძო. – რა გინდა, რომ ქნა ? – სავარძლის საზურგეზე გადაწვა არქიმოციქული, – იმ უწმინდურის მოწოდებაზე ჩრდილოეთში ერთიმეორეს ასწრებს ყველა და ჩემს ხმობას თაგვის ცურცლის ფასი აქვს ბელეგაში...   – ძია მატეო ხომ ჩვენ გვერდით დგას, არა ? – მხრები ნერვიულად აათამაშა ანჯელომ. – გაჩუმდი ! – დაუბღვირა თავისმა ძმამ. – მერე რამდენი ჯარისკაცი ჰყავს ძია მატეოს ? – გაღიზიანებული მიუბრუნდა უმცროს ვაჟს არქიმოციქული, – მთელი ჩვენი ჯარი ფორცაშია... სამი ათასი კაცი. მიუმატე მაგას ჩვენი ვასალების ხალხი გლეხებიანად, ჰა, რამდენი ? ხუთი ათასი კაცი ? ეგეც შენი რვა ათასი... იცი ჩრდილოეთიდან რამდენი კაცი მოგვაწყდება ? მითხარი, შვილო, მითხარი. – არ... არ ვიცი, – დაიბნა ანჯელო. – ბელეგას პირველი ომის დროს ორასი ათასი კაცი მოაწყდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს ყველა მხრიდან... ორასი ათასი. გესმის ? თან, მაშინ ჩრდილოელებს არ მიუღიათ ომში მონაწილეობა. ახლა კი, მგონი მოარჯულა ეგ ველურები აროსმა... ეგენიც ჩამოეთრევიან აქ თავიანთი ბინძური დაწნული წვერებით... სამასი ათას კაცზე ნაკლები არ იქნებიან. საბჭოს წევრებს ოხვრა აღმოხდათ. – მაშ, სხვა გზა არ მრჩება, – მხრები აიჩეჩა ამადეომ, – მომიწევს ჩემი ძალაუფლება სრულად ავამოქმედო. დღესვე მივწერ ახალ წერილებს როგორც მეფეებს, ისე იმ უნამუსო მაგისტრებს და თავისუფალი ქალაქების პრეფექტებს... ვეტყვი, რომ კასტა-მარინოს თუ არ დაიცავენ, სამოციქულო საყდრიდან განვკვეთ ! ყველას ! არავის დავინდობ ! კი, ეგრე ვიზამ ! სხვა გზას არ მიტოვებენ... დონ ფაბრიციო, რა მდგომარეობაშია ჩვენი კედლები ? – ქალაქის დაცვის მეთაურს მიმართა ამადეომ. – ისა... ეეე, – დაიბნა რაინდი. ეტყობა, არ მოელოდა ასე უცბად თუ მიმართავდა მას არქიმოციქული, – კარგ მდგომარეობაშია, თქვენო უწმინდესობავ... კი, კარგ მდგომარეობაში. თუმცა, ფირალეს და... და აურელიას კედლებს ნახეთქები აქვთ გაჩენილი და... და ღრმულები კიდევ... ბევრი ღრმული. ჩრდილოეთის კარიბჭის მხარესაც ბევრი ღრ... ღრმული აქვს კედელს... საკმაოდ ღრმა ღრმულები. – ძალიან კარგ მდგომარეობაში ყოფილა, ვერაფერს იტყვი, – ამადეომ ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე ბეჭდებიანი თითები, – ხაზინადარო ბაროლე, რა გვაქვს სამოციქულო საცავში ? – აამ... ოცდაათი ათასი არია, თქვენო უწმინდესობავ, – მოიკუნტა ხაზინადარი, –ორმოცდაათი... არა, ორმოცდათორმეტი ფუნტი ვერცხლი და... და სამოცი ოქროს მონეტა. ამადეომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, ბიანკას კი ძლივსშესამჩნევად ჩაეღიმა და ირონიულად გაიფიქრა, მეც ხომ არ დავეხმარო ამათ გასაცოდავებულ საცავს, როცა გასამრჯელოს გადამიხდიანო. – დონ ფაბრიციო, – კვლავ ქალაქის დაცვის უფროსს მიმართა არქიმოციქულმა, – საუკეთესო კალატოზები იპოვეთ ქალაქში და კედლების შეკეთებას შეუდექით. თუ საკმარისი არ იქნებიან, ბრუგეადან ჩამოიყვანეთ... ნახევარ წელიწადზე მეტი არ გვაქვს, სანამ იმ უწმინდურის მიერ დაგეშილი ხალხი მოგვაწყდება ჩრდილოეთიდან. – თქვენო უწმინდესობავ, – თვალები გაუფართოვდა რაინდს, – მე... მე... ფული... კალატოზები ისე არ იმუშავებ... – თქვენი აზრით, რატომ ვკითხე ხაზინადარ ბაროლეს საცავის შესახებ ? ჩვენი ძვირფასი ხაზინადარი შესაბამის რესურსებს გამოგიყოფთ, კალატოზებს რომ გასამრჯელო გადაუხადოთ.ბაროლე ჯერ დაიბნა, შემდეგ უმალ დააქნია ნაკეცებიანი თავი და რაინდს მიაჩერდა. – და თავის რომელიმე მოხელესაც გამოგიყოფთ ძვირფასი ხაზინადარი, ხარჯების თვლაში რომ დაგეხმაროთ. იცოდეთ, ისე უნდა აღადგინოთ კედლები, რომ ქალწულის საშოზე უფრო დახშული იყოს ! არქიმოციქულის ბოლო სიტყვებზე აბატსა და მთავარინკვიზიტორს ლამის ერთდროულად მოეღუშათ სახეები, მაგრამ უმალ მოადუნეს ნაკვთები, რამე რომ არ შეემჩნია მას. – დონ ფაბრიციო, იცოდეთ, პირადად შევამოწმებ ყველაფერს. ყოველ კედელს დავივლი და საგულდაგულოდ შევამოწმებ.  რაინდმა თავი დაუკრა ამადეოს. – და თხრილი ? რ