ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჰირაიეტი

ჰირაიეტი

სევდა საკმაოდ უცნაური მექანიზმით მოქმედებს ადამიანზე და მის შინაგან მდგომარეობაზე. არ იცი როდის, რატომ ან რა გზით მოგადგება სიბნელიდან წამოსული ჩუმი, თუმცა, ამავდროულად, შემაძრწოლებლად ხმაურიანი მასა. მართალია, ვერ ხვდები კონკრეტულად რა მომენტში შემოუშვი შენს სხეულში იგი, მაგრამ მისი გავრცელების არეალი იმდენად ფართოა, რომ ყველგან გრძნობ, ყველა ორგანოში, უჯრედში, თუ ნერვულ სისტემაში. ხანდახან ფეხის თითების წვერებსაც კი დაიპყრობს და მაშინ ხვდები გასაქცევი გზა უბრალოდ აღარ გაქვს.

დიდი ხანია რაც ამ გრძნობას დავუმეგობრდი, შევიყვარე და საკუთარი სისხლისა და ხორცის ნაწილად ვაქციე, ამის მიუხედავად მაინც მაქვს ხოლმე მომენტები, როდესაც მისი თავზე დატყდომა ჩემთვის მოულოდნელი და ხანდახან მტკივნეულიც კი არის.

ასეა, შეიძლება რაღაცას შეეჩვიო, ელოდებოდე და იცოდე კიდეც რისი მომტანია ეს შენთვის, თუმცა შეჩვევა შეგუებას არ ნიშნავს.

სწორედ ეს მეგობარი მეწვია დღეს. როგორც სჩვევია ხოლმე დაუკითხავად შემოაბიჯა ჩემს პირად სივრცეში, უხეშად და თავხედურად დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი და ამპარტავნულად მიყურებდა ზემოდან, იცოდა რამხელა გავლენა ჰქონდა ჩემზე და უკან დახევას არ აპირებდა.

სკოლიდან დავბრუნდი, რა თქმა უნდა, სახლში არავინ დამხვდა. სიცარიელეს სრულიად ჩაეყლაპა ჩვენი სახლი მას შემდეგ, რაც დედამ დატოვა. ხანდახან მაწუხებდა კიდეც ეს არაფრის მთქმელი, გაურკვეველი სიჩუმე, რომელიც არ ვიცოდი ავის მომასწავლებელი იყო თუ უბრალოდ სიმშვიდის წინაპირობა.

თოთხმეტი წლიდან საკმაოდ უცნაურად დამჩემდა ჩემი ოთახისთვის თავის შეფარება. მეგონა ალტერნატიულ სამყაროში ვცხოვრობდი, სადაც წყნარად შემეძლო ჩემს თავთან მარტო დარჩენა და სრულად შეგრძნება იმ მარტოობის, რომელიც ჩემს ყველა ძვალში იყო გამჯდარი. სიამრტოვის განცდაზე ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ, რადგან ჩემს მთლიან გულს გულწრფელად სჯეროდა, რომ სამყაროში არ დაბადებულიყო არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩემს მხოლოდ ერთ განცდას მაინც ჩაწვდებოდა. ყველაზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია. კონკრეტული მომენტი არ მახსოვს როდის გავიაზრე, რომ ამხელა სამყაროში მარტო აღვმოჩნდი საკუთარ განცდებთან და შიშებთან ერთად, რომელიც ჩემთვის ყველამხრივ დამანგრეველი აღმოჩნდა.

ალბათ პირველად ამ დღეს გამიელვა თავში საზიზღარმა სიმართლემ - სიკვდილი არ არის ყველაზე საშინელი რამ, რაც ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეემთხვეს.

ამიტომაც, ასე მარტივად, ყველას გავექეცი და ავაშენე კარიბჭე, უზარმაზარი კედელი, ჩემსა და ყველა იმ ადამიანს შორის, რომელიც ოდესმე შევიყვარე, მოვინატრე, მოვეფერე და გულთან ახლოს მოვუშვი. ამ საქციელის დედააზრს მეც კი ვერ ვხვდებოდი ხანდახან, მაგრამ იყო რაღაც ჭეშმარიტი ამ გადაწყვეტილებაში, რომელსაც იმედი მაქვს თქვენ მაინც გაიგებთ.

***

დაუფიქრებლად შევედი ჩემს მიტოვებულ ოთახში, რომელიც მარტო მე მეკუთვნოდა, ერთადერთი რაღაც, რაც ჩემი იყო, ჩემი იდენტობის დიდი ნაწილი და სევდით დამძიმებულმა დავიწყე ნივთების დალაგება. ყურადღების გადატანა და ამ გრძნობის მინელება მინდოდა. არ უნდა დამეთმო ჩემი ფიქრები ამ ძლიერი განცდისთვის, რომელიც ასე ჯიქივით ცდილობდა გამარჯვებას.

მოულოდნელად ცხოველური სურივლი დამეუფლა წარსულის ქექვის, ჩემი თავის ხილვის, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა რა დაატყდებოდა თავს.

გადავწყვიტე საოჯახო ფოტოების დათვალიერება. იშვიათად, მაგრამ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა იმ კადრების ნახვა, რომლის ნამდვილობას ვერ ვხვდებოდი ხოლმე. არ ვიცოდი რა იყო რეალური და რა ილუზია, მის ქვეშ ნაზად შემალული ისტორიებიც არ მახსოვდა, თითქოს ამ დროს მომხდარმა ყველა მოგონებამ მტკიცედ გადაწყვიტა ჩემი მიტოვება და გონებიდან სრულფასოვნად ამოიძირკვა თავი. მაინც მომწონდა კატაის იმ ვერსიისთვის ცქერა, რომელსაც არ ვიცნობდი და აღარც არსებობდა კიდეც. ხშირად საათობით ვიჯექი ხოლმე და ვფიქრობდი როგორი იყო ის, რა მოსწონდა, რა აბედნიერებდა, მართლა გულწრფელად იცინოდა თუ მხოლოდ ფოტოებისთვიც, რომელსაც წლების მერე მხოლოდ ფერი შეცვლოდა და გადახუნებულიყო.

ფოტოების მოსაძებნად დედ-მამის, ახლა უკვე მხოლოდ მამის, ოთახში შევედი. ოთხი წელია, რაც დედა წავიდა და ამ უგემოვნოდ გაწყობილ ოთახში ბევრი არაფერი შეცვლილა. მხოლოდ დედის ნივთები გამქრალიყო. ამ დროის განმავლობაში ალბათ არც ერთი კარგი სიტყვა არ მომისმენია მასზე, ჩემს მშობელ დედაზე, რომელზეც მტკიცედ ცდილობდნენ, რომ ცუდი დამოკიდებულება მქონოდა და გაუსაძლისი სიძულვილით აევსოთ ჩემი გული. მამაჩემი აგინებდა როგორ დატოვა შვილი და თითით საჩვენებელი ოჯახი, ყველას რომ შურდა, აი ისეთი. ბებია წყევლიდა, რომ არსად გაეხარებინა, ის ნამდვილი დედა არ იყო და ალბათ ვიღაც კაცს გაჰყვა, ქალებს ხომ მარტო სიყვარული შეუძლიათ, მარტო ამის გამო დაანგრევენ ოჯახს და ააშენებენ. სხვა მიზეზები უბრალოდ არ არსებობს. პირადად მე არასდროს შემიტანია ეჭვი მის ამ საქციელში. ასე უსიტყვოდ, უხმოდ მჯეროდა მისი. მიხაროდა, რომ ჩემს გენებში დედაჩემის გენეტიკური კოდი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მამაჩემის.

მივადექი იმ ერთადერთ ადგილს სადაც ფოტოებით სავსე ყუთი მეგულებოდა. მოუთმენლად ვიყავი, ვერ ვისვენებდი და ვცქმუტავდი.

ყველაფერი გადავქექე და ყუთი ვერსად ვიპოვე. გავბრაზდი. უფრო მეტად რის გამო ვბრაზდებოდი არ ვიცი, ყუთის ვერ პოვნის გამო თუ იმის გამო, რომ იმას ვერ მივაღწიე, რაც ასე ძალიან მსურდა. გამარჯვების სურვილი შიგნიდან მჭამდა. სიჯიუტეც დედისგან გამომყვა ალბათ. ახლა დარწმუნებით ვიცოდი რამე მაინც უნდა მეპოვა, რაც მონატრებულ დედას გამახსენებდა და ცოტა ხნით ამ გრძნობას გამინელებდა, თუნდაც რაიმე ნივთი, მაგრამ ალბათ მამამ ყველაფერი გააქრო, რადგან დედის წასვლისგან გამოწვეული ტკივილი კიდევ უფრო არ გაემძაფრებინა.

ჩამოვჯექი და შევეცადე ყველა სამალავი გამეხსენებინა, სადაც მამა ადრე სასმელს მალავდა ხოლმე.

საწოლის გვერდზე ერთი დიდი სარკიანი კარადა იდგა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ უგემოვნო ინტერიერს კიდევ უფრო აუშნოებდა. ვფიქრობდი, ალბათ იმის უფლებაც არ მისცეს დედას, რომ თავისი ოთახი გემოვნებით მოეწყო - თქო.

ამ კარადის ქვეშ წიგნების ხროვა შევნიშნე, არეულად ეყარა ბევრი მაკულატურა, რვეულები, ფურცლები, წიგნები, ყველაფერი, რასაც აღარავინ იყენებდა. ხელით შევეხე და ვიგრძენი რომ მტვრის დიდ ფენას დაეფარა, თითქოს დიდი ხნის წინ ვიღაცას ნაგავში გადასაყრელად გაემზადებინა, თუმცა ვერ გაემეტებინდა და ახლა იქ უფუნქციოდ ელაგა. ყველფარი გამოვჩხრიკე, გადავათვალიერე და ფასული ვერაფერი ვნახე, უბრალოდ რვეულები იყო ჩემი ან ჩემი ბიძაშვილის უმცროსკლასების ნაწერები. ვერც ვხვდებოდი ასეთი რამე შენახვად რატომ ღირდა, გენიოსი არც ერთი ვიყავით, არამგონია ჩვენი ნაჯღაბნები ვინმეს რამეში გამოსდგომოდა. ხროვის ბოლოში ერთი პატარა, უმნიშვნელო საწერი რვეული შევნიშნე, რომელიც გადაცვეთილი და უგემოვნო ყდით გამოირჩეოდა. მარტივი მისახვედრი იყო რომ ეს ჩემი არ იქნებოდა, რადგან ასეთ ბანალური რვეულის ყდებს აღარ უშვებდნენ. გადავშალე და მართალიც აღვმოჩნდი იმდენად ძველი იყო რომ ფურცლები გაყვითლებულიყო და გამხმარიყო. თუ ფაქიზად არ მოექცეოდი ალბათ მალე დაძვრებოდა კიდეც. თვალი გშევავლე და ერთი თარიღი შევნიშნე. ის თარიღი რომლის დროსაც მე ძალიან პატარა ვიქნებოდი. ხელწერა მაშინვე ვიცანი, დედასი იყო. დედას დღიური. გამიხარდა. მარტო ის არა, რომ არაფრის ძიებაში შემთხვევით დედას ხელნაწერებს შევეჩეხე, უფრო მოგების სურვილის დაკმაყოფილება აღმოჩნდა ჩემთვის სასიხარულო, რასაც ხშირად ვერ განვიცდიდი ხოლმე. კითხვა დავიწყე.

31 ივლისი, 2005 წელი.

ორი დღის წინ დიდი ცოდვა ჩავიდინეე, აბორტი გავიკეთე. სქესი გოგო იყო, ღმერთო მაპატიე და ჩემო შვილო მაპატიე, გოგო ნამდვილად არ არის გასაჩენი. ქალი წვალებისთვის არი დაბადებული, ჩემს თავს აღარ ვჩივი, მაგრამ ჩემს გოგოზე ვდარდობ, ნუთუ მანაც ჩემსავით უნდა იტანჯოს. დღეს მაგრად მეჩხუბა ირაკლი, სელითაც კი შემეხო. ძალიან ფსიხია და ელემენტარულ რამეზეც შეიძლება ხელი აწიოს, წონასწორობიდან გამოდის. ყველაფერი წარსულს ჩავაბარე, ჩემი ბავშვობა დავასამარე, ნაადრევად ვიქეცი ქალად, ნამდვილ ქალად, რომელიც ზრუნავს შვილებზეც, მეუღლეზეც, ოჯახზეც და სხვა რაღა უნდა ამ ბიჭს ვერ ვიგებ , ყოველთვის მე როგორ უნდა მოვითმინო, ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და როდემდე მოვუთმენ, მეც ხომ ადამიანი ვარ, ყოველთვის მის ნაკლზე მე ვხუჭავ თვალს თვითონ არ უნდა რამე დათმოს. კიდევ როდემდე მეყოფა ნერვები? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, ერთხელ მეც გამოვალ წყობიდან და რაღაც სისულელეს ჩავიდენ.

ღმერთო დამიფარე ბოროტებისგან.“

გავშრი. გული ისე ხმამაღლა მიცემდა ვფიქრობდი, რომ მთელს კორპუსს, უბანსა და ქალაქს ესმის როგორ დარბის ჩემი პატარა გული-თქო. მინდოდა კიდევ წამეკითხა, კიდევ ერთი ისტორია, ერთი ფურცელი, მაგრამ შიშს ვერ ვერეოდი. მჭამდა და მღრღნიდა წარსულში დაბრუნების გარდაუვალი შიში. წარსული იყო ჩემი დღევანდელი პიროვნების შექმნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ჩემი ყველა პრობლემისა და ჯოჯოხეთური ტკივილის, რასაც ვერასდროს ვიშორებდი და არასდროს მტოვებდა, რაც ყოველდღე მახსენებდა თავს და ყურში ჩამჩურჩულებდა, რომ არაფრის ღირსი ვიყავი. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და არაფერს წარმოვადგენდი. მზად ვიყავი უკვე შეხორცებული, მაგრამ ჩემს სხეულში ღრმად შრამად დარჩენილი ჭრილობების განსაახლებლად?

 

***

ფიქრებიდან მამაჩემის შემოსვლამ გამომარკვია და მიწაზე დამაბრუნა. არც ვიცოდი რამდენი ხანი ვიყავი გათიშული და ჩაფიქრებული. ასე მემართება ხოლმე, რეალობას ვწყდები და დროის აღქმის უნარს ვკარგავ. მეგონა რომ გონებამ სხეული მიატოვა და ცოტა ხანს ასე უგონოდ ვეგდე. კარი არ ჰქონდა გაღებული, რომ მის მძიმე, მკაცრს ნაბიჯებზე ვიცოდი ის იქნებოდა. თავის ოთახში ჩემ დანახვას, რა თქმა უნდა, არ ელოდა ამიტომ ჩემი სხარტი გონებით რაღაც სისულელე ტყუილი მოვიფიქრე და მასთან შესახვედრად და კიდევ ერთი ცინიზმით სავსე დიალოგისათვის მოვემზადე.

-კატაი, რა კარგია აქ რო ხარ მა. არ დავლიოთ ერთად? - გულში გამეცინა, დღეს კარგი დღე მქონია. ირაკლის სიმთვრალის ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული სახისგან, მეორე შემრჩა ხელში, როდესაც თავს იდეალურ ადამიანად წარმოიდგენს და სიყვარულით აღსავსეა.

-არა, უნდა ვიმეცადინო - მოკლედ მოვუჭერი და შევამჩნიე როგორ დაეტყო სახეზე გაღიზიანება. შემეშინდა. ვიცოდი აგრესია იხეთქებდა მის ვენებში და მსხვერპლი ისევ მე ვიქნებოდი, რადგან ამ ბოლო დროს ხელში სხვა არავინ რჩებოდა.

- დედაშენს გავხარ. იმის გვარზე ხარ წასული. ილოცე რო შენც სახლიდან არ გაგდო -ქანაობდა და თან ჩემკენ ისვროდა სიტყვებს. მის ხმაში ზიზღის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი, ჩემდამი, ოჯახისადმი, სახლისადმი, ყველასადმი უსაზღვრო ზიზღი. ხანდახან მიკვირდა კიდეც, როგორ შეეძლო ადამიანის გულსა და გონებას ამოდენა ზიზღის შენახვა, თუმცა ხშირად ვერც ინახავდა ხოლმე და უმისამართოდ ისროდა. ვაი, იმას ვინც შემთხვევით მისი სამიზნე გახდებოდა. - იმედი მაქვს შენც მასსავით ქუჩის ქალი არ გამოხვალ- აგრძელებდა, თითქოს ცდილობდა წყობიდან გამოვეყვანე და თავისი ეგო დაეკმაყოფილებინა, ჩხუბის დოზა ესაჭიროებოდა, ბრაზის გამოშვება.

- უნდა დავიძინო - ვუთხარი და კარებისკენ წავედი, არც ჩემთვის იყო მარტივი სიბრაზის კონტროლი მითუმეტეს მაშინ, როდესაც დედაჩემზე მსგავს ფრაზებს ვისმენდი.

როგორც მოსალოდნელი იყო არ დანებდა. ცდილობდა გამოვეწვიე და ჩემგან მცირედი რეაქცია მაინც მიეღო. ხელი ხელზე წამავლო და კედელისაკენ მკრა ხელი.

წარმოდგენა არ მაქვს სიმშვიდის შენარჩუნება როგორ შევძელი. ვგრძნობდი როგორ მებერებოდა ყველა ძარღვი და ვფიქრობდი ან ახლა დამისკდება ან ახლა - თქო.

- კიდევ ერთხელ ხელს დამაკარებ და პოლიციაში დავრეკავ - მშვიდი და გაწონასწორებული ხმით დავიწყე ლაპარაკი. მხოლოდ მე ვიცოდი რომ ცოტაც და ტირილისგან გავსკდებოდი, მაგრამ არ ვაპირებდი ჩემი ცრემლები იმ არარაობისთვის დამენახებინა, ვინც ჩემ წინ კაცივით იდგა, თუმცა კაცის არაფერი ეცხო.

გადაიხარხარა. დამცინოდა. ასე, უსირცხვილოდ დამცინოდა. თვალებში მიყურებდა და მზად იყო საკუთარ შვილზე ხელი აეწია და თვითონაც არ იცოდა რატომ. თვალებში მიყურებდა და მეცოდებოდა. ამ საქციელის მერეც კი შეცოდების მეტს მის მიმართ ვერაფერს ვგრძნობდი.

- მიდი, დარეკე, დედაშენივით ბოზი ხარ. ეგეც პოლიციით მაშინებდა, მაგრამ ორივემ ვიცით სად დაამთავრა. ხო ხედავ მიგატოვა და მიგაგდო. ჩემგან წასასვლელი კიდე არსად გაქვს. იცხოვრებ ისე, როგორც მე მინდა და გეტყვი, გასაგებია? თუ გინდა რომ შენც გააჯვა ამ სახლიდან?

სიბრაზისგან მთლიანი სხეული დამიბუჟდა, თითქოს რაღაც ჩემი ორგანიზმიდან გამოღწევას ლამობდა და იმის გამო რომ არ ვუშვებდი შინაგანად მღრღნიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კანის შიგნით მილიონობით სამართებლით მსერავდნენ. კარებს მივვარდი და გავიქეცი. ჩემ ოთახში გიჟივით შევვარდი. არ ვიცოდი რა მექნა, რა უნდა მომემოქმედებინა ასეთ დროს? არც არავინ მყავდა, სრულიად მარტო ვიყავი. ჩამოვჯექი და დაველოდე შემდეგი ტალღა როდის დაიწყებოდა. ვიცოდი ამით არ დაასრულებდა არაფერს, პირიქით, ყველაფრის დასაწყისი იყო.

 

***

არ მეშინია.

არ მეშინია.

არ მეშინია.

ხმამაღლა ვიმეორებდი და ვცდილობდი ჩემი ქვეცნობიერისთვის მართლა შემეპარებინა ის ფაქტი, რომ არ მეშინოდა და არაფერი იყო საშიში იმ გამხეცებულ ადამიანში, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი.

ბრახუნი გავიგე. ახლიდან იწყებოდა სპექტაკლი.

სასაცილოდ მეჩვენებოდა ყველაფერი. მიუხედავად იმ აუტანელი გრძნობისა, რასაც ახლა განვიცდიდი მაინც მსიამოვნებდა, რომ ცოტახნით ჩემი ყოველდღიური დეპრესიული ფონისგან ამ საზარელი გზით გავრბოდი. რა უფრო უარესი იყო არ ვიცოდი.

კარებზე ბრახუნი იყო. არ ჩერდებოდა ხმაური და ვიცოდი ახლა თუ დავნებდებოდი შემდეგზე უარესი იქნებოდა, მერე კიდევ უარესი და ასე უსასრულოდ გაგრძელდებოდა ჩემი ტანჯვა. ავდექი და კარები გავაღე. სიმშვიდე ისევ უცნაურად შემოიჭრა ჩემს სხეულში, არ ვიცოდი რა მჭირდა, თითქოს ჩემმა გონებამ იცოდა რომ სხვა ადამიანებს არ უნდა ვენახე განადგურებული. აფთარივით შემოიჭრა ჩემ ოთახში და გაცეცხლებული ყველა საშინელ სიტყვას ისროდა, რაც კი მის გონებას შეესწავლა წლების განმავლობაში. კარგად არც მესმოდა ყველა სიტყვა და წინადადება. მხოლოდ ისინი, რომლებიც ყველაზე მტკივნეულად ჟღერდნენ:

- შენ არაფერს წარმოადგენ და მთელი ცხოვრება ასე იქნები.

ვდუმდი.

-ვერაფერს მიაღწევ და სადღაც ყელ გამოჭრილს გიპოვი ეგეთი ჩაცმის გამო.

ვდუმდი.

-არავის უყვარხარ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მართლა გიყვარდა შენგან წავიდა და მიგაგდო, ვერ გაგიძლო ან შენ ვინ გაგიძლებს?

ვდუმდი.

ეს სიტყვები მტკენდა თუ მაცინებდა ვერ ვხვდებოდი. უკვე მიჩვეული ვიყავი არაფერი იყო ახალი, რაღას უნდა გავეკვირვებინე? სრულიად მოულოდნელად ჩემს სხეულში აქამდე უცნობი ძალა გაჩნდა. იმდენად ძლიერი რომ მისი დაკავება ვერაფერმა შეძლო. არაამქვეყნიური სისწრაფიდ მოედო ჩემს შიგნეულობას. ყვირილი დავიწყე.

-მე? მე არ ვუყვარვარ არავის? ვერ ხედავ საკუთარ დედასაც კი სძულხარ. დასანახად ვერ გიტანს, ცდილობს მოგიშოროს და სახლიდან გაგაგდოს. ოჯახი დაგინგრია და ახლა შენი დანახვაც არ უნდა. შენ რას წარმოადგენ? შენი ცხოვრება რა არის? არაფერი. მარტო ჭამა და სმა. - ყველა სიტყვას გულისამრევი ცინიზმით ვისვროდი და თან ვიცინოდი. წარმომიდგენია როგორი საზიზღარი დასანახი ვიყავი გვერდიდან, ისრებივით იფანტებოდა ჩემი ყოველი სიტყვა და მამაჩემს სხეულს უკაწრავდა ყველა მხრიდან. არ ვჩერდებოდი. ვერ ვჩერდებოდი და მძულდა საკუთარი თავი, რადგან ზუსტად იმ მხეცს ვგავდი, რომლისგანაც ასე ფეხაკრეფით ვცდილობ გაქცევას. ზუსტად ირაკლი ვარ. ყველა სიტყვით. ქმედებით. გვერდიდან ვუყურებდი თავს და იმავე პოზაში ვიდექი. რას წარმოვიდგენდი რომ იმ ადამიანად გადავიქცეოდი, რომელსაც ბავშვობიდან დასანახად ვერ ვიტან. ირაკლის ხმა აღარ მესმოდა. მხოლოდ მე ვყვიროდი. ბრაზისგან გაბერილი სიტყვები ჰაერში დაფრინავდნენ და იქვე სკდებიოდნენ.

ირაკლიმ ოთახი დატოვა. ისტერიული კივილი შეწხდა. ფრონტის ხაზზე ორივე მხარემ უკან დაიხია. მეც შემოვბრუნდი ჩემს ოთახში და კარებთანვე ჩავიკეცე. ტირილი ამიტყდა. მთლიანი სხეულით ვცახცახებდი და ვეღარაფერს ვგრძნობდი. ვერ ვსუნთავდი, თითქოს საკუთარი ცრემლები მახრჩობდნენ და ყოველ ამოსუნთვაზე შევიგრძნობდი რომ აღარ მყოფნიდა ჰაერი. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აღარსად არსებობდა საკმარისი ჟანგბადი და მივხვდი, რომ ისევ პანიკური შეტევა დამეწყო. რაღაც უნდა მომემოქმედებინა და არ უნდა მიმეცა ჩემი წყეული გონებისთვის იმის უფლება, რომ ასე უმწეოდ მიტოვებული ჩემი თავი უარესად დაეტანჯა. ვიცოდი, ვიცოდი ყველაფერი ჩემ გონებაში ხდებოდა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას იმას, რაც მე დავმართე საკუთარ თავს. როგორი უძლური ვარ. უსუსური. იქნებ მართლა არაფერს წარმოვადგენ ამ სამყაროში და უკეთესი იქნება თუ აღარ ვიქნები? და ზუსტად ამ მომენტში იატაკზე უგონოდ ვითიშები. მეძინება? ან უარესი? არ ვიცი. უკვე აღარაფერი ვიცი, მაგრამ არაუშავს.

 

***

საზიზღარი, გულისამრევი ეიფორიით გამომეღვიძა. კიტა დამესიზმრა. დიდი ხანია ასეთი რეალური სიზმარი არ მინახავს. კიტა, ულამაზესი იყო, შავი ღილებიანი პერანგი ეცვა და თმა, როგორც ყოველთვის თივის ზვინივით გადახლართული ჰქონდა ერთმანეთში. მზე პირდაპირ სახეზე ანათებდა და წერტილებად დაყრილი ჭორფლები მკაფიოდ გადაკვროდა მის მთლიან სახეს. თვალები უელავდა. სხვადასხვა ემოცია ილანდებოდა მისი თვალებიდან და თითქოს ვცდილობდი ის ერთი დამეჭირა მე რომ მინდოდა. ის ერთი, რომელსაც ყოველთვის გაფაციცებით ვეძებდი ხოლმე კიტას თვალებში, მაგრამ ამჯერად ბრაზის მეტს ვერაფერს ვხედავდი. ჩემზე იყო გაბრაზებული. ვძულდი ყველაფრით, რაც კი ამ სამყაროში ებადა.

პირველად დამესიზმრა ასეთი სიზმარი, ძირითადად ჩემს სიზმრებში ბედნიერების ილუზიაა წარმოისახება ხოლმე, რომელიც კიდევ უფრო მწარედ მაჭრს წიხლს ჭრილობებზე, რადგან ვიცი, რეალური ცხოვრება ზედმეტად სასტიკია იმისთვის რომ ასეთი ბედნიერება დიდ ხანს ვიგემოთ ადამიანებმა. გამოღვიძება კი ხელიდან მგლეჯს იმ ყველაფერს, რასაც სიზმარში ვხედავ. ამიტომ არ მძინავს ხოლმე. დიდი ხანია მასზე უარი ვთქვი, ახლა მეორე მიზეზიც დაემატა: კიტა და მისი ზიზღი ჩემდამი, რომელიც ისეთივე წარმოსახვის ნაწილია, როგორიც ჩემი დროებითი ბედნიერება.

უკვე აღარ ვიცი ძილი ღირს თუ არა. ვგრძნობ ძილის დროს როგორ ვიკარგები, თითქოს სხვა სამყაროს კარს ვაღებ, შევდივარ უსასრულო სივრცეში სადაც სინათლეც არ მჭირდება გზის გასაკვლევად. ვმოგზაურობ იქ სადაც მინდა, ვხედავ იმას რაც არასდროს მექნება. გამოღვიძებულს მხოლოდ შავ-თეთრი ყოველდღიურობა მხვდება ეს კი ბოლოს მიღებს. მეშინია რომ ძილის დროს იმას დავინახავ, რაც რეალურ სამყაროში ვერასდროს მექნება და ვერ მივიღებ. მეშინია საკუთარი ფანტაზიის, ვუფრთხი სიზმრებს, რომელიც ძილის საკუთრებაა, რომელსაც ვერ ვაკონტროლებ, რაც სრულიად მითრევს წარმოსახვის მორევში, მაკარგვინებს რეალობის განცდას და ბოლოს, როდესაც ვბრუნდები იქ რა ადგილსაც მართლა ვეკუთვნი ვრჩები მარტო იმ ილუზიასთან რომელიც ამ სამყაროსთვის განკუთვნილი არ არის. ფიქრების გაკონტროლება ძალმიძს, მაგრამ სიზმრებს ვერსად მივჩქმალავ, ვერ გავაქრობ. ნეტავ სამუდამოდ შემეძლოს იქ დარჩენა, იმ ადგილას სადაც ვერავინ მამჩნევს, სადაც ჩემი საკუთარი გონებაა ერთადერთი ღმერთი. ამიტომ ვფიქრობ რომ ძილი არ მინდა. ყოველ დღე უფრო და უფრო ვხდები იმ ადგილის ნაწილი თვითონ რომ შევქმენი გონებაში. რეალობისა და სიზმრის გამმიჯნავ ხაზს ვერ ვპოულობ ამიტომ მგონია ჩავიკარგები და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ვიპოვი, ვიცხოვრებ იქ სადაც ყველაფერი იდეალურია მაგრამ არარეალური.

 

***

კიტა ბოლოს ორი წლის წინ ვნახე სანამ ქალაქს დატოვებდა. მე დამტოვებდა. პატარა რომ ვიყავი სულელი ბავშვივით მჯეროდა ერთი აზრის თან იმდენად ღრმად რომ ხანდახან ვფიქრობდი გენეტიკურ კოდში ასე მიწერია - თქო. ახსნას ვერ ვუძებნიდი რატომ ვფიქრობდი ასე, თუმცა ეს აზრი კოლოსალურად დიდი შეცდომებისკენ მიბიძგებდა. სინანულით არაფერს ვნანობდი. ვფიქრობდი რომ ადამიანები რაღაცით არიან დაკავშირებულები, ძაფით, რომლის საშუალებითაც ისინი კილომეტრების მიუხედავად ერთმანეთს მაინც ყოველთვის იპოვიან. ეს კავშირი არც სიყვარულია და არც რაიმე გრძნობა, ეს არის რაღაც, რასაც ვერცერთ უკვე არსებულ სახელს ვერ შეუსაბამებ. ამიტომ მეორე ადამიანს, რომელიც შენთან ასე, ძაფითაა დაკავშირებული ჰირაიეტი დავარქვი. კიტა ჩემი ჰირაიეტი იყო. ვერასდროს აღვწერდი კიტასადმი იმ გრძნობებს, რაც გამუდმებით ჩემს სხეულში ტრიალებდა და დაფოფინებდა. პირველივე დანახვიდან მივხვდი და ეს არ იყო რაღაც სილაღის გრძნობა ან მუცელში პეპლები, ეს იყო დაკარგვის შიში. ჯერ არ მყავდა გაცნობილი, რომ უკვე კატასტროფულად მეშინოდა ვიღაც წამართმევდა მის თავს ან, უარესი, ჩემი არასწორად სიყვარულით თვითონ დავკარგავდი და უარს იტყოდა ჩემზე. ასეც მოხდა. დღემდე გონებაში მემუარივით მაქვს ამოტვიფრული ჩვენი ბოლო დიალოგი. სიჩუმეში ვისხედით. ჩვენთვის ერთად ყოფნაც საკმარისი იყო უბრალო ბედნიერებისათვის არათუ დიალოგებით დახუნძლული დროის მონაკვეთი. იმ დღეს ავდექი და გავბედე, ყველაფერი ვუთხარი რისი თქმაც მინდოდა, რადგან ვიცოდი მას მეორედ ვეღარ დავკარგავდი. ასეთი დამღუპველი ჩვევა მაქვს მაშინ ვიღებ ხმას, როდესაც ყველაფერი გვიანია.

მიყვარხარ - მეთქი ვუთხარი და მსოფლიოში ასეთი ხმამაღალი სიჩუმე არასდროს მომისმენია. სიჩუმე რომელიც რაღაცას გაჰკიოდა, მკაფიოდ და გასაგებად, მე არ მინდოდა გაგება მერჩივნა მისი პირიდან მომესმინა ის სიტყვები, რომლებიც იმედგაცრუებას მაგემებდნენ. უფრო დიდხანს გაგრძელდა ეს სიჩუმე ვიდრე წარმოვიდგენდი, თითქოს წლები გავიდა და ამ წლების მერე კიდევ შევხვდით ერთმანეთს და ამ დროის შემდეგაც იგივე კითხვაზე ველოდი პასუხს, თუმცა პასუხი არ იცვლებოდა, არსად ჩანდა იმედიც. ალბათ მაშინ იყო პირველად რომ დავნებდი ცხოვრებაში, პირველად დავყარე ფარ-ხმალი და ისიც სიყვარულის გამო. შიშნარევი მოლოდინით შევყურებდი მას. დუმდა.

-პასუხის გაცემა არ არის საჭირო - დავამატე მშვიდად, არ მინდოდა უაზრო ვალდებულება ამეკიდებინა მისთვის, არ იმსახურებდა.

ხმას არ იღებდა. თავისი მუქი ნუშისფერი თვალებით სიცარიელეს მიშტერებოდა. სივრცეში იყურებოდა და როგორც ყოველთვის ოდნავადაც ვერ ვხვდებოდი რა ტრიალებდა მის თავში. ვუყურებდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი რომ ნამდვილად არსებობდა, ნამდვილი იყო, ჩემი იყო, ჩემი ფიქრები და აზრები ჰქონდა გაზიარებული, ხანდახან გრძნობებიც კი, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა მისთვის ეს ყველაფერი. ასე უხმოდაც კი ვგრძნობდი იმ კავშირს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მოსვენებას არ მაძლევდა. ჩემი სული მისას ისე იზიდავდა, როგორც მაგნიტი რკინის ანათალს.

- საკმარისზე მეტი ხარ, კატაი. - მისი ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ფიქრებიდან გამორკვევა ვერ მოვასწარი. იქნებ მართლა არ იყო რეალური? იქნებ რაღაც არსება იყო, რომელსაც ჩემი ფიქრების წაკითხვა შეეძლო, მაგრამ ასე არ იქნებოდა უბრალოდ იმდენად კარგად მიცნობდა ზედმიწევნიც იცოდა ჩემი ფიქრები, სიტყვები, წინადადებები და ქმედებები.

- მეტი? - სხვა ვერაფრის თქმა მოვახერხე.

ჩუმად იყო. კიდევ დიდ ხანს იყო ასე და მოუთმენლობა ნელ-ნელა მიჭამდა სხეულს. შიშნარევი მოლოდინით შევყურებდი.

- ზედმეტი უფრო. - არ ვიცოდი რაზე ლაპარაკებდა. თითქოს გამოცანა მითხრა და პასუხს ვერ ვხვდებოდი.

სხეული გამიხევდა. რატომ ვერ აღმოჩნდა ჩემი სიყვარული საკმარისი- თქო სულ ამას ვფიქრობდი და ახლა? საკმარისი არა, ზედმეტიაო. ცხოვრებაში პირველად მითხრეს ეს. ძირითად შემთხვევებში საკმარისად კარგი არ ვიყავი, საკმარისად ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული, ბედნიერი და კიდევ ათასი რამ ახლა კი ზედმეტი ვიყავი? იმაზე მეტი ვიდრე ჩემგან მოელოდნენ? ნეტა ბევრად მეტი თუ ცოტა? იმაზე უარესი შეგრძნება აღმოჩნდა ვიდრე არასაკმარისობაა.

ამის შემდეგ ბევრი არ გვილაპარაკია. ადგა, მაკოცა და წავიდა. მეორედ აღრ მინახავს, არც მსმენია მასზე რამე. ერთადერთი, რაც ვიცი ის არის, რომ ზუსტად იმ მომენტში მიმატოვა, როდესაც ცხოვრებაზე იმედის ნაპერწკალს ვიღვივებდი. ბოლო სინათლე ჩააქრო ჩემს თვალებში და გაუჩინარდა.

“you drew stars, around my scars

and now I’m bleeding.”

 

***

რთული დასაჯერებელია, როდესაც შენზე უარს ამბობენ. ძალიან დიდ ხანს უარყოფის ფაზაში ხარ. არ გჯერა, არ იჯერებ, არ გინდა რომ დაიჯერო, თუმცა სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას, რომლითაც თვალებს დაგთხრის. შემდეგ საკუთარ თავში ეძებ პრობლემებს ყველა ნაკლი ფსკერიდან ნაპირზე ამოგაქვს და იმ თვისებებსაც, რომლებსაც აქამდე ნაკლად არ თვლიდი უკვე მინუსებად აღიქვამ. აღარაფერი აღარ მოგწონს შენში და უკვე იმასაც ფიქრობ რომ შენც მიატოვებდი შენს თავს, შენი თავი რომ არ იყოს. იქნებ დაიმსახურე? ღირსი იყავი, რადგან არც ერთი შენი გადაწყვეტილება სწორი არ არის. იქნებ სწორისა და არასწორის განსაზღვრება არეული გაქვს და ვეღარ არჩევ უკვე, დაკარგული ხარ, დაბნეული, მაგრამ სამყაროში არსებული ვერც ერთი გარემოება ვერ შეგიმსუბუქებს იმ მდგომარეობას, რასაც ამ მომენტში გრძნობ. არც ტირილი გშველის, არც დარდი, ფიქრი ხომ საერთოდ, მალავ ყველაფერს, აქრობ და სადღაც ჩქმალავ არ გინდა ვინმემ დაინახოს. კითხვებს თავს არიდებ და ამასობაში იმდენჯერ იძახი წინადადებებს „კარგად ვარ“ , „არაფერი მიჭირს“, რომ უკვე გაწვრთნილ მატყუარად ყალიბდები. ამ ყველაფრის უმაღლესი წერტილი კი ის არის, რომ შენთვის ორგანული ხდება ეს მდგომარეობა, ყოველდღიურობის ნაწილი და წინააღმდეგობასაც ვეღარ უწევ. ასე უნდა ყოფილიყო და მორჩა. ვერაფერი გიმსუბუქებს ამ დარდს და ტკივილი ტკივილად რჩება.