ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცადამყვანი

ცადამყვანი

ქარიაშვილების უბანს რომ ჩამოცდები, სოფლის შესასვლელიდან მალევე ნათელას სახლს დაინახავ. სახლზე მიდგმული ბოსლითა და პატარა, მყუდრო ეზოთი.ჭიშკარს შეაღებ თუ არა ფეხებთან დიდი, ლამაზი ქვები შეგხვდება. ბოლნისური ჯვრითა და ანგელოზების გამოსახულებით. მთელ ეზოს შხამიანი ცადამაყვანები ფარავს. ადამიანს ჭკუიდან აცდენსო - ასე ამბობდნენ სოფელში. ნათელა და მისი წინაპრების სახლი მისტიკასა და იმ ამბებთან ასოცირდება, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დატრიალდა და მისი კვალი დღემდე ეტყობა მასაც და გარემოსაც. ერთი შეხედვით იმ ეპოქისათვის ჩვეულებრივმა მოვლენამ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, თანაც სამუდამოდ და ყველაფერი დროსა და სივრცეში გაყინა. ნათელა ბებო ბუნდოვნად მახსოვს. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მისი სიკვდილის შესახებ შევიტყვე. სამი დღე და ღამე არ გამოჩნდა  და საბოლოოდ ბოსელში იპოვეს გარდაცვლილი. გული გასკდომოდა საწყალს და საქონლის ფუნაში იყო პირქვე დამხობილი. არც შვილი ჰყავდა და არც ვინმე ნათესავ-მყვარებელი, ამიტომ სოფელმა ითავა მისი დაკრძალვა, ბოსლის კარი რომ შეაღეს, ხრწნისა და ფუნის აუტანელი სუნი გამოვარდა. პირქვე დამხობილს თავზე ძროხა ედგა, რომელიც საზარლად ბღაოდა და ამ საშინელ სურათს კიდევ უფრო შემზარავს ხდიდა. ბოლო დროს ისედაც ჭორად დადიოდა - ჭკუიდან შეიშალაო . თურმე ღამღამობით ეშმაკები ელანდებოდა. ხშირად, შუაღამით ცას თვალს მიაშტერებდა და თუკი ვინმეს ახლომახლო შეამჩნევდა, საჩვენებელ თითს ტუჩთან მიიტანდა, მერე სიცილი აუვარდებოდა და გაფუჭებული თოჯინასავით იმეორებდა: ეშმაკები! გარს ეშმკათა ლეგიონი გვახვევია და ვერც ვამჩნევთო. ან კიდევ სახლის მეორე სართულიდან გადმოდგებოდა და გულამომჯდარი ტიროდა. ტიროდა მთელი გულწრფელობით, თან სწრაფ-სწრაფად იწერდა პირჯვარს და გაიძახოდა, შეგრისხოს წმინდა გიორგიმო. ბებოსაგან ვიცოდი, რომ ხალხური შელოცვების დიდი მცოდნე იყო.  ბავშობაში ღამით კოშმარები მესიზმრებოდა და სწორედ ამიტომ, ბებომ და დედამ გადაწყვიტეს ნათელასთან მივეყვანე, რომ შეელოცა. მთელი ნახევარი საათი ლოცვებს ბუტბუტებდა და წმინდა გიორგისა და ღვთისმშობელს, ჩვენი სოფლის წმინდანსა და მცველს, შეწევნას და დახმარებს თხოვდა ხოლო ბოროტებას კი წმინდა გიორგის მახვილითა და ძალით აშინებდა. ერთადერთ ყველაზე უფრო ნათელ მოგონებად ნათელა ბებოზე მხოლოდ ეს შემომრჩა და მისი სიკვდილის ამბავი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  ჩემზე .  რამდენიმე წლის შემდეგ სოფლის შარაზე მოხუცები  იხსენებდნენ მის უკანასკნელ ტანჯვით სავსე დღეებს. ამბობდნენ, თუკი რაიმე მამისაგან ჰქონია დანატოვარი, ტანსაცმელი, წიგნები ან კიდევ სურათი, ყველაფერი დაუწვავს. ალბათ გულის სიღრმეში ეშინოდა წარსულის და მამის ცოდვების, რომელსაც ვერა და ვერ აღწევდა თავსო, ან როგორ უნდა დაეღწია, როცა მისი ნასახლარი დღეს ნაძრახ ადგილად ითვლება . სახლი და ეზოც სრულად გაპარტახებულია და სურო აქ მოდებული. სასაფლაო, სადაც ნათელა დაკრძალეს, ყოფილი ეკლესიის ადგილას იყო. მისი მამის მონდომებით რომ დაანგრიეს და ეს მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული უბოროტო ქალიც იქვე დაასაფლავეს. მაშინაც ბევრი ამბობდა, მამის ცოდვებმა სიბერეში ხომ არ უწიაო, მაგრამ ამაზე საუბარს ყველა თავს არიდებდა, ერთგვარი უთქმელი შეთანხმება იყო დავიწყებული ისტორიის თავიდან არ გახსენების. სასაფლაოზე შემორჩენილი იყო ეკლესიის ზარები, რამდენიმე ხატი და ჯვრები. ძირითადად სალოცავად ამოსული ადამიანების მიერ ამოტანილი და დატოვებული. ჩემთვის ეს ისტორია და მისი გმირები პირველად აქედან გახდა ცნობილი, შემდეგ კი ყველაფრის მცოდნე ბებიასთან მივედი. ის კი  დაწვრილებით მომიყვა მთელ ისტორიას თავისი ტრაგედიითა და ქაოსით, რაც ჩვენს ოჯახსა და ერთ ღვთისგან მივიწყებულ, რაჭულ მთებში მოქცეულ სოფელში დატრიალდა. წვიმიანი საღამო იყო. ღუმელის წინ ვისხედით მე და თუთა ბებო. ცინკის სახურავს კაკალი ეცემოდა და უცნაურ ხმას გამოსცემდა. გარეთ ციცინათელები ჩანდნენ . ღუმელში ცეცხლი გიზგიზებდა. კედლიდან  სტალინისა და ლენინის ამაყი პლაკატი დაგვცქეროდა. ახლადდაკრეფილი სოკოები ტაფაზე იხრუკებოდა. ჩვენი სახლი განმარტოებით, სოფლის ბოლოს იდგა, ასწლოვან ცაცხვის ხეს ბუ შესჩვეოდა. ჭინკის, ან სულაც ალის კვალი არსად შეინიშნებოდა. თუკი საიდანმე ავსული გამოჩნდებოდა, მაშინათვე ხალხური შელოცვა უნდა გეთქვა და იმ წამსვე გაქრებოდნენ. გარს ფოცხვრების მთა გვეკრა . ჩვენი ეზოდან ხელისგულივით რომ მოჩანდა. ამაზე კარგი მცველი არსად გვეგულებოდა. ეგ და კიდევ ორლულიანი თოფი საფანტის ტყვიით. ერთი სიტყვით, უშიშრად ვგრძნობდით თავს. თავდაპირველად მაინც იმ კაცმა დამაინტერესა, ამ ამბის მთავარმა მოქმედმა გმირმა. დასაწყისში რომ ვახსენე ნათელა ბებო, მისი მამა. სახელად აკაკი ერქვა. ტანად დაბალი და ხმელი კაცი ყოფილა. ულვაშებით, მუშაობით დაკოჟრილი ხელებით. კბილები და თითები თუთუნის მოწევისგან ჰქონია შეყვითლებული. ღარიბი გლეხის ოჯახიდან ყოფილა, უფრო სწორად ღატაკის. შრომა და მიწის ჩიჩქნვაც დიდად არ ყვარებია. ამიტომაც შესრულებულა თუ არა 18  წლის, პირდაპირ თბილისისკებ წასულა. ჩასვლისთანავე ბოლშევიკურ პარტიაში შესულა, პარტიის ბილეთი გულში ჩაუკრავს და მას შემდეგ აღარც მოუშორებია. ის კი არა, წითლებთან ერთად შემოსულა თბილისში ჩაგრული მუშებისა და გლეხების გასათავისუფლებლად. დენთის კვამლიც უყლაპია და რევულუციისთვის სიცოხლესაც არ დაიშურებდა, თუკი პარტია თხოვდა ამას, სრულად იდეოლოგიზირებული, უღმერთო და მარად მზადყოფი კაცი ყოფილა აკაკი. ყოველგვარი ძველი წესის მოძულე . ღრმად დაგროვილი ბოღმითა და შურით. ერთი შეხედვით ამ მშვენიერ ნაცრისფერ კიტელში გამოწყობილი, წითელვარსკვლავიანი ქუდით მოსიარულე კაცის უკან დიდი ბოროტება იმალებოდა. რაღა თქმა უნდა კეთილი სურვილებითა და იდეებით შენიღბული. პატიოსანი ადამიანის ჩაგვრისგან გათავისუფლება შეიძლებოდა ცუდ საქმედ ჩაეთვალა ვინმეს.. ხალხის მტრების, კონტრრევულუციონერების გამოაშკარავება და მათი სახალხოდ დასჯა საჭირო იყო ახალი ქვეყნისა და ახალი ადამიანის შესაქმნელად. ოდესმე ვინმეს საყოველთაო კეთილდღეობისთვის უსისხლოდ მიუღწევია?!. ამ ყველაფერს წინამძღოლის, ბელადის ძლიერი ხელი და ურყევი რწმენა სჭირდებოდა. ნაპერწკლიდან აინთება! მთავარია რწმენა ერთი დიდი სამშობლოსი და ბელადის, რომელიც ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. მილიონობით დაჩაგრული პროლეტარის ხმა აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. რომელი ჭკუათმყოფელი დაინახავდა ზემოთ ჩამოთვლილში რაიმე უარყოფითს. ვინ იტყოდა უარს ნანატრ თავისუფლებაზე, თანაც ლანგრით მირთმეულზე. მთავარია მხოლოდ ღმერთი დაემხოს და ახალი ხალხის წიაღიდან წამოსული ბელადით და პარტიით ჩანაცვლდეს. ამის შემდეგ მზის სხვივებიც კი უფრო ნათლად მოეფინება. აკაკის ყოველი სიტყვის სჯეროდა . წერა-კითხვის მცირე მცოდნეს გულწრფელად სურდა, მთელი სამყარო შეცვლილიყო და მისი ნაწილი თვითონაც გამხდარიყო. უნდოდა მდიდრებისთვის წაერთმია და მისნაირი გაჭირვებულებისთვის დაერიგებინა. მთელი ქონება, სხვისი თუ თავისი, საერთო გაეხადა და ერთ დიდ ოჯახურ კოლმეურნეობად გადაექცია. პარტიაშიც აქტიურად და ბეჯითად მუშაობდა და ამაგრებდა თავის უჯრედს. აგიტაცია სხვებს მასზე უკეთ გამოსდიოდათ, თვითონ კი იარაღს და კუნთებს სჯერდებოდა. სწორედ ამის გამო აფასებდნენ და პატივს სცემდნენ პარტიული ამხანაგები და არამარტო ამის გამო. კიდევ ერთი თვისების გამო, რაც აუცილებელი იყო ნორჩი ბოლშევიკისათვის - დასმენისა და გაწირვის იმ უნიკალური, ფაქტობრივად თანდაყოლილი ნიჭის ქონისთვის. ეს მეტად ღირებული და დაფასებული თვისება გახლდათ. ხელახლა შობილი საბჭოთა ადამიანი სწორედ ამ თვისებათა ერთობლიობით უნდა გამოწრთობილიყო. დედა პარტია თავისი შვილების ერთგულებას და მისდამი სიყვარულს სწორედ ამით ზომავდა, რაც უსიტყვო მორჩილებასთან უნდა ყოფილიყო შეზავებული. აკაკი ზედმიწევნით აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს , იმისთვისაც მზად იყო, ნებისმიერი დაეხვრიტა ვინც სხვანაირად ფიქრს მაინც გაბედავდა. აზრისა და ფიქრის დიქტატურა ერთი მთავარი ქვაკუთხედი იყო ბოლშევიკური წყობის. არ იფიქროთ , რომ ამგვარად მოაზროვნე მხოლოდ აკაკი იყო. არა, ის მხოლოდ ერთ-ერთი, რიგითთა შორის რიგითი იყო.უბრალოდ მეტად მონდომებული და ცოტათი ტლანქი და უხეში. ძველი წყენებიც სულს უღრღნიდა, მაგრამ მოთმინებით იცდიდა როგორც მორჩილ ჯარისკაცს შეეფერებოდა.ერთ დროს არავინ იყო, რევულუციამ კი ახალი სახლი, მიწა, კოლმეურნეობის ასამდე საქონელი და მცირეოდენი ძალაუფლებაც უბოძა და ისიც რიგით გლეხს, სულ ერთი საფეხურით წინ ავიდა, საიდანაც ძლივსღა მოჩანდა უწინდელი სიღატაკის კვალი, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორი იყო. ტერორის და დანოსების ხანის თავდაპირველი მონაწილეც იყო. სიამოვნებით კითხულობდა და წერდა დანოსებს. შუაღამეს ჩექმების ბრახუნითა და იარაღის ჟღარუნით უვარდებოდა კლასობირვ მტრებს და სულ კინწისკვრით მიათრევდა ენკავედეს ჯურღმულებისკენ ან სულაც არარსებულ მიღმიერ სამყაროში გზავნიდა თვალის დაუხამხამებლად. ათეიზმი განსაკუთრებით იტაცებდა და კიდევ მეცნიერული კომუნიზმი. მართალია კითხვა დიდად არ ეპიტნავებოდა, მაგრამ ლოზუნგებსა და ფრთიან ფრაზებს კარგად იმახსოვრებდა. ასე მაგალითად, რელიგია ხალხის ოპიუმიაო, ლენინის ამ ცნობილ ფრაზას მძინარეც იტყოდა. მღვდლების კასტა მჩაგვრელი მეფის მსახურები არიანო, ესეც კარგად ჰქონდა ტვინში ჩაბეჭდილი. როცა მეთაურმა ბრძანა, მღვდლები გაკრიჭეთო, პირველი თვითონ წამოხტა და ერთ მოხუც დიაკონს სამართებლით პირწმინდად გაპარსა შეჭაღარავებული წვერი. შემდეგ კი კმაყოფილმა მიაძახა - დღეიდან მე ვიქნები შენი მფარველი ანგელოზი, იმაზეც მადლობა თქვი, აქვე რომ  არ გაგათავეო. ასეთი იყო აკაკი და მორჩა. სხვანაირად ყოფნა არ შეეძლო და არც უნდოდა, სიმართლე რომ ითქვას. ყველაფერთან ერთად გულმავიწყიც  იყო და მხიარულიც. არყის უზომო სმა და ლეკურის  ცეკვა უყვარდა. ქალებსაც ეტანებოდა. შვებასა და ხსნას პოულობდა. მოზღვავებული ენერგიისგან იცლებოდა. ქვეყნად არ ეგულებოდა ისეთი რამ, რისი გაკეთებაც არ შეეძლო. არავინ და არაფერი იყო მისი მორალის შემაკავებელი. ავრცელებდა პროკლამაციებს, აწყობდა დივერსიებს და ტკბებოდა იმ ნანატრი ცხოვრებით, რომელზეც ყველაზე უფრო თამამ ოცნებაშიც კი ვერც გაბევდა წარმოდგენას. ბავშობაში ტყეში საათობით გადაკარგვა და სოკოს კრეფა უყვარდა. ნაძვის კევის გემო და და ახლადდაკრეფილი სოკოს სუნი ახლაც კარგად აგონდებოდა. ხშირად შიმშილი სოკოთიც მოუკლავს. ცნობა კარგად არ გამოსდიოდა, ამიტომ ერთხელ ამანიტა მუსკარიებით ძლიერად მოიწამლა. სამი დღე და ღამე ჰალუცინაციებში იყო გახვეული. ელანდებოდა უდაბნო და ჩამავალი მწველი მზე, კანზე რომ ელამუნებოდა. საკუთარ თავში იძირებოდა და სულ მთლად კარგავდა რეალობის აღქმას. მოწამლვის კვალი მაინც დაეტყო  სახეზე დიდი ლაქის სახით, მაგრამ ეს არ აღელვებდა,  პირიქით, ერთგვარ ნიშნად აღიქვამდა, ბედისწერის ნიშნად და კიდევ იმის, რომ უნდა ეცოცხლა. მისმა არსებობამ ამით მნიშვნელობა შეიძინა. გადარჩენა შეძლო. ნაგვიდან პირდაპირ პარტიული გახდა და ისიც გადიდკაცებული და გაძლიერებული სხვაგან სად უნდა წასულიყო, თუ არა თავის სოფელში. იქ ბევრი ვინმე და რამე ეგულებოდა გამოსასწორებელი  და შესაცვლელი. ამას გარდა უღმერთოთა კავშირში ახლად გაერთიანებულს უნდოდა, ამ კუთხითაც გამოეჩინა თავი. ფიქრობდა, მთელი მოწინავე ახალგაზრდობა ებრძვის  ეკლესიებს, წვავს ხატებს და ანადგურებს ღმერთის არსებობის კვალს, მე რითი ვარ მათზე ნაკლებიო. ისიც იცოდა, ამით საბოლოოდ მოახერხებდა პარტიის გულის მოგებას და კარგი ჯილდოსთვისაც შეეძლო გამოეკრა ხელი. თანაც მთებში საბჭოთა წყობა  კარგად ვერ იკიდებდა ფეხს.  ხალხი ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდა საბჭოეთს.  აკაკი კი აქაც გამოიჩენდა მარიფათს და იდეოლოგიის ფანატიკურ სიყვარულსაც გამოავლენდა. პარალელურად კი მიტოვებულ მშობლიურ სახლს  და მივიწყებულ დედ-მამასაც ინახულებდა. გვერდზე სოფელში ერთი მშვენიერი გოგონაც ეგულებოდა, რომელიც რახანია ელოდებოდა, რაჭის ჰაერიც მონატრებოდა   წყნარი გარემო, მხჩოლავი ბუხრები და მთები, სადაც თავს მშვიდად და ლაღად გრძნობდა. ბუნების შეურყვნელი სილამაზე და ტყეები, სადაც ხეტიალი  ასე  ძლიერ უყვარდა. ორი ამხანაგი გაიყოლა. დომენტი და ლუკა. თანასოფლელები და ერთნაირად მოფიქრალი ხალხი. სამივეს გადაწყვეტილი ჰქონდა იქაური პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა. სამიზნეებიც შერჩეული ჰყავდათ და გეგმაც წინ და წინ ჰქონდათ შედგენილი. აკაკიმ კარგად იცოდა, მისი დრო მოსულიყო.მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი,მოვედინ სუფევა შენი , იყავ ნება შენი,ვითარცა ცათა შინა , ეგრეცა ქვეყანასა ზედა,პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს დამომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებენ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ თქვა მღვდელმა  და ეკლესიის რკინის მძიმე კარი გამოიხურა. თვალში სინათლე თითქმის დაკარგული ჰქონდა, ამიტომ ხელჯოხს ეყრდნობოდა. ბარბაცით მიდიოდა სახლისკენ და თან ლოცვებს ბუტბუტებდა. ოცდაათ წელზე მეტხანს ერთგულად ემსახურა ტაძარს და სამი სოფლის მრევლს. აღარცკი ახსოვდა რამდენი ნათლობა, ჯვრისწერა და წესი ჰქონდა აგებული. ახლა კი, უკვე ას წელს მიტანებული თავს ანებებდა იმ ყოველივეს, რისიც ასე სჯეროდა. გული სინანულითა და სევდით ევსებოდა. ხელში აღმსარებელთა დავთვრები ეჭირა და ცხოვრებაც კინო-ფირივით ცოცხლდებოდა. აგონდებოდა ახალგაზრდობა და ის შემართება, რითიც შეუდგა საქმეს. თავიდან ძალიან გაუჭირდა საერო საქმეს გამომშვიდობება.ეშმაკურად ეღიმებოდა, როცა ქალებს იხსენებდა. როგორ უყვარდა ლამაზი, მოვლილი ქალი. თავადაც ერთ დროს ჯან-ღონით სავსე კაცი იყო. ქალების გულთამპყრობელი ახალგაზრდა მღვდელი, რწმენითა და ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ,თანაც შეძლებული გლეხის ოჯახიდან.მეურნეობა და მიწები მრავლად ჰქონდა რამდენიმე სოფელში იჯარით გაცემული. მეფის ბეჭდით იყო დამტკიცებული თითოეული მათგანი. ფული და ქალები მის მთავარ ნაკლად ითვლებოდა, თუმცა პატიოსანი მღვდლის ოჯახში გაიზარდა სადაც სულ ღმერთზე, სამოთხესა და ჯოჯოხეთზე მიდიოდა საუბარი. ნიკოლოზი არ გავდა მამას. ბევრად თავნება და თავისუფალი ადამიანი იყო. საქმისა და მოქმედების ჯეროდა. ყიდულობდა მიწებს და გასცემდა იჯარით - ამით ფულს შოულობდა და არც რაიმე სიამოვნების მოკლებაზე ამბობდა უარს. გვიან დაღვინდა და გონება გაეწმინდა. ღმერთის პოვნაც იოლი საქმე ნამდვილი არ იყო მისთვის. მუდმივად გაორება სჭირდა მამის ზეგავლენის გამო . თავს ამქვეყნიურ სიამეთა მოტრფიალე კაცად მიიჩნევდა. ქეიფი და დროსტარება მისი ბუნების ნაწილად მიაჩნდა და ალბათ ასეც იყო. მღვდლად აღკვეცის მერეც გადაუხვევდა ხოლმე დადებული აღთქმიდან, ოღონდ მთლად ისეც არა, როგორც ამას ავი ენები უვრცელებდნენ. სასულიერო სემინიარიაში მამის დიდი მონდომებით ჩააბარა და ბოლოს და ბოლოს გააგრძელა მათი გვარის გზა. ზუსტად ამ დროს გადაწვიტა, რომ თავის შვილს არაფერს დააძალებდა და ნებას მისცემდა თავისი თავის უფალი თვითონვე ყოფილიყო. ესეც რომ არა, დიდი ქონება დაეგროვებინა და მისი შთამომავლობა უზრუნველად იცხოვრებდა, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, გაიფიქრა. აბა რას წარმოიდგენდა თუ  მირონცხებულ იმპერატორს დაამხობდნენ და თავისსავე სარდაფში ამოწყვეტდნენ მასაც და მთელ მის ოჯახსაც. ტაძრის გამოკეტვაც ხომ საერთოდ აზრად არ მოუვიდოდა. რევულუცია პროგრესად არასდროს მიაჩნდა. პირიქით, მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო და ამაზე ქადაგებით არასდროს იღლებოდა. ცდილობდა, რაიმენაირად ეს აზრი მრევლამდე მაქსიმალურად მიეტანა. წითელ ეშმაკებს და კაცთა მკვლელბს ეძახდა. დაუფარავად ზიზღით ლაპარაკობდა ლენინზე, როგორც ამქვეყნიური ჯოჯოხეთის მომწყობზე და მირონცხებული იმპერატორის სადისტ მკვლელზე, თუმცა გრძნობდა, ხალხის დიდ ნაწილს არ ესმოდა მისი. უფრო ეშინოდათ წარმოთქმული სიტყვების. ეპოქა იცვლებოდა და ქაოსი დგებოდა. დრო, როცა მცირე ჯგუფებს, მოხერხებულებს, დაუნდობლებს შესაძლებლობა  ეძლეოდათ, ხოლო უმრავლესობა კი ბრიყვდებოდა ხამდებოდა კიდეც ნანატრ სხვის ქონებას, ამიტომ შენდობამ, სინანულმა, სიკეთემ აზრი და მნიშვნელობა დაკარგა.  დამშეული მასების აზვირთებული ტალღები ჯერ რუსეთს ეხეთქებოდა და ჭკვიანი კაცი იმასაც შეამჩნევდა, რომ ვერც პატარა საქართველო მოახერხებდა მშრალზე გამოსვლას. ბოროტება მძლავრობდა და ძლიერდებოდა,  მოხუცი მღვდლის ლაპარაკი კი აღარავის ესმოდა. ახალი ქვეყანა იქმნებოდა, სადაც ძველის ადგილი აღარ რჩებოდა, ამიტომაც გამოკეტა ტაძრის კარი და მისი ბედი მომავალს მიანდო, თუნდაც შორეულს, მაგრამ იმ მომავალს, სადაც ღმერთს ხალხი თავიდან გააცოცხლებდა . მღვდელ ნიკოს ისე არაფრის წამდა, როგორც იმის, რომ ერთ დღეს ბოლშევიკებიც ისევე გაქრებოდნენ, როგორც მეფის რუსეთი დაემხო და ხალხი კვლავ თავისი ნებით და მართალი, სწორი რწმენით აუცილებლად დაუბრუნდებოდა ეკლესიასა და ღმერთს . ქუთაისისა და თბილისის სემინარიებში სწავლისას გაღვივდა მასში რწმენა. იქაურობიდან რუსი სასულიერო პირების ზიზღი და ქართულ ენაზე ლოცვის სიყვარული გამოყვა. გულდასმით კითხულობდა ქართველ ღვთისმეტყველებს. შინაგანად  გრძნობდა, სწორ გზაზე იდგა და მამის ნაკვალევს უფრო თამამად მიჰყვებოდა. ბევრ ნათესავთან და ახლობელთან ურთიერთობა გაუფუჭდა სწორედ ბოლშევიკების მიუღებლობის გამო. მეძველმანეებს ამსგავსებდა თავს. თითქოს წარსულის ყოველ ნაკუწს ეჭიდებოდა და ცდილობდა არ მიეღო დამრთგუნველი , სისხლიანი რეალობა, სადაც აღარც ღმერთის და აღარც მისი ადგილი აღარ იყო. წარსულსა და აწყმოს შორის იყო გაჩხერილი და ერთადერთი, რაც იმედს აძლევდა უკეთესობის რწმენა იყო. ასი წლის იყო და საკუთარი თვალით ბევრი რამ ჰქონდა ნანახი. კაცის მკვლელებიდან დაწყებული შარაგზის მათხოვრებით დამთავრებული ყველას პირადად იცნობდა და მათი ცხოვრებისაც კარგად ესმოდა. ღმერთის ხელს ყოველ ადამიანში ხედავდა, რადგან სინანულის და კათარზისის ჯეროდა. სულის უკვდავება იყო ის იდეა, რაც ასე ასულდგუმულებდა და იმედი შენდობის ძალის. ათასჯერ დაცემულთა გზა აუცილებლად ღმერთამდე მიდიოდა, შეიძლება იმაზე უფრო მალეც კი, ვიდრე იმ ხალხის, ვინც მათზე მართლად და სწორად ცხოვრობდა. ამის მაგალითი კი პირველ რიგში თვითონ იყო და ამიტომაც იდგა ასე მყარად ამ აზრზე. მეძველმანედ ვიქეციო - იძახდა, ბარგად და ტვირთად შვილისთვისო, მაგრამ სიცოცხლე მაინც უნდოდა თუნდაც იქამდე, ვიდრე შვილიშვილებს ისევ არ ნახავდა. ბრმავდებოდა და არც ამას ჩიოდა, ალბათ რაც სანახავი იყო ვნახეო და მადლობა მოწყალე უფალს , რომ ამ უგუნურ ხალხს აღარ მაჩვენებსო. უსინათლოც კი თქვენზე მეტს ვხედავო - უთხრა კაცს რომელმაც მისი ეკლესიის დახურვის ბრძანება გასცა. მღვდელ ნიკოს ცოლიც გარდაცვლოდა მისი იმედი და ბურჯი. ეს რომ არა,  შვილს არც თხვოდა ამოდი და მომხედეო, იმიტომ , რომ შვილსაც ბევრი პრობლემა აწვებოდა მხრებზე. ოთხი პატარა შვილი და ამასთან ათასი წვრილმანი თუ მსხვილმანი საზრუნავი. ცხოვრება გავურთულეო, ფიქრობდა, მაგრამ უკვე ვეღარც თავს უვლიდა და კარმიდამოს მოვლაც უძნელდებოდა. სანამ შეეძლო იქით ეხმარებოდა და ფულსაც უგზავნიდა. დურგლობის სწავლაში მიეხმარა და სიყვარულითაც გაზარდა. ფეხზეც ძლიერად დააყენა და ახლა უკვე სიკვდილსაც უდრტვინველად შეეგებებოდა. განა რა უნდა ყოფილიყო სიკვდილი? ერთი წამის საქმე და მისი მომქანცველი მოგზაურობაც დასრულდებოდა. პირნათელი წავიდოდა ამ ქვეყნიდან. იქ კი, ღრუბლებს მიღმა, ღმერთს მინდობილი იქნებოდა, როგორც მთელი ეს ასი წელი, რომელმაც ათი დღესავით ჩაიარა. ძლივსძლივობით მიაღწია სახლს და სარწეველა სკამში ჩაეშვა. გაჰყურებდა თავის შექმნილ სამკვიდროს და ფიქრობდა. ენატრებოდა , აგონდებოდა ცოლი, მისი მზრუნველი სახე და ერთად გატარებული წლები. მოგონებებში გადაშვებულს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ლოცვითაც უფრო მეტს და შეძლებისდაგვრად დიდხანს ლოცულობდა. იხსენებდა მრევლს და შენდობას ითხოვდა მათთვის. აღმსარებელთა სია, ეკლესიის შემოსავალი და გასავალი, ყოველი იჯარის, სახლისა და მეურნეობის გასავალი მოწესრიგებულად ჩაელაგებინა ხის სკივრში. როდის მიაკითხავდა სიკვდილი არავინ იცოდა, ამიტომ თადარიგს წინასწარ იჭერდა. ხატები და შანდლები, რისი გადამალვაც შეძლო, სასთუმალთან ჰქონდა გადანახული. გულდამშვიდებული საკუთარ სულში თვლემდა. ცოლსაც წესი თვითონ აუგო და სრული ქრისტიანული რიტუალების დაცვით მიაბარა მიწას. მიწას , რომელიც წესითა და რიგით მისთვის მსუბუქი უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ მღვდელი აღარც იყო და თავს დამარცხებულ კაცად თვლიდა. ახალი საუკუნე ძალას ხმაურითა და ძალადობით იკრეფდა . თელავდა დიდს თუ პატარას და აქრობდა ზნეობას. გაუნათლებელი, უმაქნისი ბრბო იღებდა მართვის სადავეებს, ფეხქვეშ თელავდნენ ტაძრებს და ბარბაროსების მსგავსად ანადგურებდნენ ერის ისტორიას. თავად კი ვერაფერს ცვლიდა და ეს უძლურება კიდევ უფრო თრგუნავდა. მღვდელი ნიკო - ასე იცნობდნენ ისინი, ვისაც ახსოვდათ სხვა დრო რწმენისა და თავისუფალი საქართველოს მოკლე დღეებიდან. რას აღარ მოსწრებოდა, მაგრამ ფიქრებით მაინც ტაძარს დასტრიალებდა. სამარადისოდ ნაშენს ჰგავდა. გამოთლილი ქვებით, მოჩუქურთმებული, საკმევლითა და სანთლებით განათებული. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იყო და ამიტომაც მარიამობას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. მთელი რაჭიდან მოდიოდა პრუდუქტებით დატვირთული ხალხი, იშლებოდა სუფრა ეკლესიის ეზოში და აღნიშნავდნენ მარხვის დასრულებას. იგონებდნენ წასულებს და მადლობას სწირავდნენ უფალს ახლად დაბადებულთათვის, ლხინისთვის და ყოველგვარი სიკეთისთვის. იკვლებოდა საკლავი და იყო ერთი ჟრიამული. ოჯახივით იყვნენ შეკრულები სამი სოფლის მოსახლეობა . ერთად გადაჰქონდათ სუსხიანი ზამთრები და ემზადებოდნენ გაზაფხულის ბუნიობისთვის. აღდგომას ზარების რეკვით მოივლიდნენ სოფლებს, აკურთხებდნენ სახლებს და ზეიმობდნენ. სიცოცხლე ჩქეფდა და მსახურებსაც იწირავდა ღმერთი. შემოწირულობების გარდა ეკლესიას თავისი მსხვილფეხა საქონელიც ჰყავდა, კიდევ ქათმები და მცირე ბოსტანი. მეათე  საუკუნის ტაძარი კი იდგა მთელი დიდებულებითა და მშვენიერებით, წინაპრებისა და დღევანდელების მეოხად. ასე გალია მღვდელმა ნიკომ სიცოცხლე , ბევრჯერ მომაკვდავის სარეცელთან, მის მეგობრებთან მჯდარა და ბევრს უკანასკნელი ზიარებაც სწორედ მისგან ჰქონდა მიღებული. მომაკვდავებს იმედით ავსებდათ მისი ლოცვა და იდეა , რომ იქ, სადღაც ღრუბლებს მაღლა მარადიული სიცოცხლე და სამოთხე ელოდებოდათ. შვილმკვდარი შავოსანი დედები ხშირად მოდიოდნენ სასაფლაოზე და მათთან ერთად საათობით ლაპარაკობდა სასუფეველსა და ანგელოზად წასულ ჩვილებზე, ზეციდან რომ დასცქეროდნენ ოჯახებს და მფარველოდბნენ. ბევრი ტრაგედიისა თუ სიხარულის მომსწრე იყო მღვდელი ნიკოლოზი. მემატიანესავით ახსოვდა, ვინ როდის დასახლდა სოფელში, ვის რა უჭირდა და რა ულხინდა. დღეს კი აღარაფერი დარჩენილიყო აქედან. ამ ქაოსსა და რევკომების პერიოდში ნაცნობებიც ფერს იცვლიდნენ. ისეთ რამეებს აკეთებდნენ, რომ ვერც კი წარმოიდგენდა. გაზეთებიდან თუ დეპეშებიდან მხოლოდ სიკვდილი და განადგურება ისმოდა. წარმატებით მოსპეს და ამხილეს კლასობრივი მტრები. გადაასახლეს ოჯახები ტროცკისტობისთვის. ამ სიტყვებს მიღმა ხომ ჩვეულებრივი ადამიანები იდგნენ. გადასახლებულთა და დახვრეტილთა სია არა და არ მთავრდებოდა. ლამის ბიბლიური არმაგედონი გადაეფარა ამ შემზარავ ამბებს და ამას დამატებული შიში, რომელიც ყველგან დაძრწოდა - გამოხედვაში, ურთიერთობაში, უწინდელი ერთობაც მტრობად და ღვარძლად გადაიქცა. ბოროტება ბატონობდა და ძლიერდებოდა. მღვდლებს ან კრეჭდნენ ან კლავდნენ. უღმერთოთა კავშირი მიტინგს მიტინგზე ატარებდა, რელიგიის გამხრწნელ სენზე ქადაგებდა. ათეიზმი, არც მეტი არც ნაკლები, მეცნიერაბად გადაიქცა და სრულად აიკრძალა რელიგიური დღესასწაულები, უფრო სწორად კი, ჩანაცვლდა სოციალისტურით. დაუმორჩილებლები, ამბოხებულები ციხეებში ჩაყარეს ან უსახელო სამარეებში ლპებოდნენ. ბრძოლას აზრი ჰქონდა დაკარგული და ეგეც რომ არა, აღარც მებრძოლები ჩანდნენ სადმე. ამიტომაც განერიდა და განმარტოვდა. ამ არეულობაში ვეღარ ხედავდა თავის ადგილს და სიკვდილს დანებებული იმასღა ნატრობდა, შვილსა და შვილიშვილებს ეცხოვრათ მშვიდად. მისი ძმის შვილებისთვისაც ლოცულობდა. ისინი კი მართლა ჩაყლაპაო დრომ, ფიქრობდა. პარტიულებად და მგზნებარე სტალინისტებად გადაქცეულიყვენ. წამხადარიაო მათი მოდგმა, ამას ჩიოდა. ღვინოს ეტანებოდა. დილაობით ერთ ჭიქა სუფთა ხვანჭკარას აუცილებლად სვამდა. თმა და წვერი გაჭაღარავებული ჰქონდა. ანაფორას მაინც ჯიუტად ატარებდა და არც ლოცვებს იშლიდა. ზოგჯერ მოაკითხავდნენ ხოლმე მოსანათლად ან ჯვრის დასაწერად. ეზოს უკან, ტყეში აღასრულებდა საიდუმლოს თუმცა იცოდა უთვალთვალებდნენ და ისიც იცოდა, არ კლავდნენ იმიტომ, რო ამისთვისაც ძალიან ბებერი იყო და აღარც არავის ენაღლებოდა. დაუძლურებული ღმერთს მადლობას უხდიდა იმ სიკეთვის რაც ენახა და განეცადა. გვიან ღამით გადამალულ ხატებს გადმოალაგებდა და ლოცულობდა სანამ ცოტა ღონე ქონდა. როგორც კი მისი შვილი ერეკლე ჩამოვიდოდა, ყველაფერს მას გადასცემდა. ახლა ის უნდა გაძღოლოდა მეურნეობას და იქნებ ხატები და ეკლესიის ნივთებიც გადაერჩინა. შვილიც მონატრებოდა. თბილისიდან უკვე მიეღო დეპეშა - მოვდივართ და ნურაფერზე ინაღვლებო. ერეკლეთი ძალიან ამაყობდა. ერეკლე ახალგაზრდა იყო, მაგრამ ბევრი ცუდი რამე გადახდა თავს. პირველი ცოლი გარდაეცვალა და ორი პატარა გოგო მისგან ყავდა დარჩენილი. სამი შვილი კი მეორე ცოლისგან შეეძინა. პროფესიაც კარგად ჰქონდა შერჩეული და მარჯვეც იყო. დურგალი იყო, ხეზე მუშაობდა თბილისში და ალბათ აქაც გამოძებნიდა რამეს. მეოცე საუკუნის ოცდაათიანი  წლების გაზაფხული იდგა, ყვავილობისა და ხვნა-თესვის პერიოდი. გათენებისას ხმაურმა გამოაღვიძა, ერეკლე უკვე ჩამოსულიყო. იმხანად ერეკლეს ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი ოჯახი იყო. დაღვინებულსა და დადინჯებულს აღარ იტაცებდა ტიფლისური ბოჰემა და მადათოვის კუნძულზე ღვინოში გათენებული ღამეები. ბუნებით მშვიდი და მგრძნობიარე იყო, თუმცა ემოციებს დიდად ვერ გამოხატავდა. ოცდაათს უკვე გადაბიჯებული ჰქონდა და ცხოვრებაში ბევრი ქარტეხილის ნახვა მოესწრო. ღმერთის სწამდა მაგრამ თავისებურად. ნაკლებად რელიგიური იყო , რიტუალები და ცერემონიები არ მოსწონდა, უფრო სჯეროდა ღმერთის არსებობისა და მისი ძალის, რომელიც უსაზღვრო იყო და ყველა კაცისთვის თანაბრად სამართლიანი. ამასთან, ბედისწერის გარდაუვალობაშიც ეჭვი არ ეპარებოდა და მის ნიშნებსაც არა ერთხელ გადაყროდა. სიცოცხლეც ერთ ხანმოკლე მოგზაურობად წარმოედგინა, სადაც ტრაგედია და კომედია ენაცვლებოდა ერთმანეთს. ცხოვრება კიბეაო, ხშირად უყვარდა ამის თქმა, ხან ზევით ადიხარ, ხანაც ქვევით ჩამოდიხარო. პროგრესსა და ადამიანის შემოქმედებას აღმერთებდა და ცდილობდა, ამის ნაწილი ყოფილიყო. იცოდა, დიდი გარდაქმნების პერიოდში უწევდა ცხოვრება და ასე ეგონა, ყველა გამოწვევისთვის მზად იყო, ტიფლის ქალაქში ბევრი რამ ესწავლა და ენახა- ძმობა, ერთგულება, დროს ტარება, მუშაობისა და ფულის ყადრი, სოფლისა და ქალაქის გამოცდილების ერთგვარი ნაზავი იყო. ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. ეს ნიჭი თითქოს თან დაჰყოლოდა. სულ ცდილობდა, მოვლენებს არ ჩამორჩენოდა და ამიტომაც თავის პროფესიაში დაფასებულ და საზრიან კაცად ითვლებოდა. გახსნილი და გულღია იყო. როდესაც პირველი ცოლი გარდაეცვალა, მაშინ უფრო რელიგიური გახდა და რწმენა მისთვის ერთგვარ იმედად გადაიქცა- საყვარელი ადამიანების ბოლომდე არდაკარგვის, სამოთხისაც ამიტომ ირწმუნა და გულში ღრმად დაიმარხა ეს აზრი. ამის შემდეგ შეიცვალა, უფრო კარჩაკეტილი და მარტოსული გახდა. ძველებურად უდარდელად ვეღარ დადიოდა დუქნიდან დუქანში. სასმელიც გართობის კიარა, სევ