ღმერთების კარანტინი
ღმერთების კარანტინი
ღმერთების კარანტინი
თავი I
Omnia mutantur, nihil interit -Neil Gaiman[1]
რომს ნელ-ნელა ეპარებოდა თებერვლის დილის სუსხი და ძველი შენობები თანდათანობით იფერებოდა ოქროსფრად. ხალხი ახალი დღის შესახვედრად ემზადებოდა, ბაზარი მალე გაივსო მოვაჭრეებითა და მუშტრებით, ქალაქი კი გამოცოცხლდა და ახმაურდა. წინა ღამით უძინარი, ვნებისაგან გათანგული როსკიპებიც ჩაბნელებული კუნჭულების კუთვნილ ადგილებს აწეწილი თმის სწორებით დაუბრუნდნენ. ვიწრო ქუჩებში მძიმედ აღჭურვილი ჯარისკაცების ფეხის ხმაც უმალ გაისმა. მეომრებს მეწამულისფერი ტოგა,ლითონის დიდი,ოთხკუთხა ფარი და გრძელი შუბები ამშვენებდათ - რომში 200 წლის წინ სისხლით მოპოვებული მშვიდობა ნელნელა ირღვეოდა, საუკუნოვან ქალაქს გერმანული ტომები თავს ხშირად ესხმოდნენ. ლეგიონი სიმღერისა და აბჯრის ხმის თანხლებით მიემგზავრებოდა ქვეყნის საზღვრების გასამაგრებლად, ხანდახან ქუჩის ქალების საარშიყო შეძახილებისა და სტვენისაგან გათამამებული ჯარისკაცები თავს მაღლა სწევდნენ და ისე აგრძელებდნენ სიკვდილისაკენ მიმავალ გზას. იმპერიას ბრძენი მარკუს ავრელიუსი მართავდა, რომში კი ოქროს ხანა ნელ-ნელა იწურებოდა.
მუდამ ხმაურიანი ქალაქის მტვრიან ქუჩებში მიაბიჯებდა ჩაფიქრებული, საშუალო ასაკის მამაკაცი. მას მუქი,ხვეული თმა მხრებამდე სწვდებოდა, გამოკვეთილი ნაკვთები და თხელი ტუჩები ჰქონდა. სქელი წარბები ლამაზ სარტყლად გასდევდა გრძელ, აპრეხილ წამწამებს და ჰარმონიულად ეხამებოდა მის ოდნავ კეხიან ცხვირს. ტანთ ტრადიციული თეთრი შალის გრძელი ტოგა ემოსა, ტერფებს კი საქონლის ტყავისგან შეკერილი კალიგა უმშვენებდა. მამაკაცი ინტერესით აკვირდებოდა ყველაფერს, თითქოს პირველად ხედავდა რომაელ მეომრებს,მოქალაქეებსა თუ დიდებულ ნაგებობებს. ქუჩის ბოლოში ერთმანეთზე გადაფსკვილი ადამიანების სილუეტი ნელ-ნელა მოახლოვდა და მილეული მზის ფონზე ქალის ბინძური, სიძველისგან გამდნარი ტუნიკა გამოიკვეთა, საიდანაც ოდესღაც ლამაზი გოგონას დალურჯებული, შებღალული ბაყვები მოჩანდა.
ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა, სერვიუსი ეძახდა.
- საით გაგიწევია, მაქსიმუს ?
- ზუსტად შენკენ მოვიჩქაროდი.
- აბა რა ხდება, რა ამბავია?!
- დედა კვლავ შეუძლოდაა. რამდენიმე დღეა, თავს დავტრიალებ,მაგრამ უკეთესობა არ იგრძნობა. მაშინვე შენ მოსაძებნად გამოვეშურე, ვიფიქრე, იქნებ ცოცხალს მოუსწროს-მეთქი. წამოდი, ვიჩქაროთ.
ძმებმა სასწრაფოდ გადაჭრეს ახმაურებული ფორუმი, ჩქარი ნაბიჯითვე გაიარეს მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩები, ჩაუარეს დანგრევის პირას მისულ ფერად შენობებს და საბოლოოდ მიადგნენ მაქსიმუსის სამყოფელს. ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეს ორი კელაპტარი ჰფენდა სინათლეს. შესასვლელი სამკურნალო ბალახების გამაღიზიანებელი სუნით იყო გაჟღენთილი. ოთახის ცენტრში პატარა ლოგინი იდგა, სადაც ავადმყოფს ჩასძინებოდა. ცოცხალ-მკვდარი ლივია ქვეშაგებში გახვეულიყო, აცხელებდა. ქალის საშინელი, სისხლიანი ხველა სამარისებულ სიჩუმეში ექოდ გაისმოდა ხოლმე. მაქსიმუსს ყველა ღონე ეხმარა, ავადმყოფისთვის სისხლიც გამოეშვა, მაგრამ ლივიას აქამდე უცნობი დაავადება შეჰყროდა და სასიკვდილოდ იყო განწირული.
ფაბიუსებმა იმედგადაწურული დამხმარე დაითხოვეს და ავადმყოფის მოვლა ითავეს. მაქსიმუსი მისავათებულ დედას სასთუმალთან ჩამოუჯდა და დროდადრო შუბლიდან ოფლს წმენდდა, უფროსი ძმა კი ნერვიულად გადი-გამოდიოდა ოთახში.
- სიმართლე მითხარი, როგორ ფიქრობ, ამაღამ გაატანს?
- ძალიან სუსტადაა, ამ ღამეს თუ გადაურჩა, ეგეც ღმერთების წყალობა იქნება.
- არ აქვს უფლება, რომ მამასავით დაუმშვიდობებლად დაგვტოვოს. - ძლივს ამოიჩურჩულა ბედსშეგუებულმა სერვიუსმა.
კოლიზეუმი მთელი თავისი დიდებულებით რომის შუაგულში იწონებდა თავს. მზე უკვე კარგად ამოწვერილიყო და ამაოდ ცდილობდა თებერვლის სიცივისგან გაყინული ქალაქი გაელღო. დროდადრო ქუჩიდან შემოსული ადამიანების ფეხის ხმა, ცხენების ფლოქვების თქარუნი და გამვლელების ხმამაღალი საუბარი არღვევდა სახლში გამეფებულ გამაღიზიანებელ სიჩუმეს. მოულოდნელად კარზე მოკრძალებული კაკუნის ხმა გაისმა და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ნელ-ნელა გამოიკვეთა გოგონას სილუეტი. ახალმოსულს მეწამულისფერი, ორნამენტებით გაფორმებული ტუნიკა ეცვა. მოყავისფრო, გრძელი, სწორი თმა ლამაზად ეხამებოდა იმავე შეფერილობის თვალებს. გოგონა ძმებს მიუხლოვდა,ჯერ კიდევ ბავშვურ სახეზე ოდნავ ღიმილმა გადაჰკრა და მხოლოდ მაშინღა იცნო სერვიუსმა თითქმის დაქალებული ოქტავია. გახარებული მაქსიმუსი სატრფოს გადაეხვია.
- ძვირფასო, აქ რას აკეთებ?
- სხვაგან სად უნდა ვიყო?! დედათქვენის ამბავი გავიგე,მთელი უბანი მასზე ლაპარაკობს. ვიფიქრე, ასეთ დროს სადილი არც კი გაახსენდებათ მეთქი და სახლიდან რაღაცეები წამოგიღეთ.
- მე გავალ, დედას დავხედავ, იქნებ გამოიღვიძა.
- შეიძლება, მეც წამოვიდე?
- კარგი, წამოდი. - უპასუხა მაქსიმუსმა.
პატარა სარკმელში უსიცოცხლო მზის სხივი ამაოდ ცდილობდა შემოჭრას. მისუსტებული ლივია გამოფხიზლებულიყო და მოძველებულ ხის საწოლზე წამოჯდომის ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. მოხუცთან წამებში გაჩნდა სამი ახალგაზრდა. ოქტავიამ ქვეშაგები გაუსწორა, მაქსიმუსმა და სერვიუსმა კი დედა წამოაჯინეს და კითხვები მიაყარეს.
- აბა, როგორ ხარ?
- დედა, თავს როგორ გრძნობ?
- ისევ გახველებს?
ლივიას დახეთქილ, უფერულ ტუჩებზე ძლივსშესამჩნევმა ღიმილმა გადაჰკრა. ქალმა პირველ რიგში წყალი მოითხოვა. მაქსიმუსი იმწამსვე წავიდა დედის თხოვნის შესასრულებლად, მას ოქტავიაც მიჰყვა.
- მარტო წყალი რას უზამს, აუცილებლად უნდა ჭამოს კიდეც, იქნებ ცოტა მოძლიერდეს.
- ჰო, გუშინ დილის მერე ლუკმა არ გადასვლია პირში.
ოქტავიამ კალათიდან პური, ყველი, კორკოტი, ჩირი და კვერცხი ამოალაგა. ყველაფერი ლამაზად გაანაწილა თიხის დიდ ლანგარზე და ლივიასთან გაიტანა.
- დედა, ოქტავიამ საჭმელი მოგვიტანა. ჩვენც არაფერი გვიჭამია, ერთად ვისადილოთ.
- დიდად არ მშია, მაგრამ ცოტას მაინც ჩავიცმუცნები.
ძმებმა ნუგბრით სავსე თეფში დედას მიაწოდეს, თვითონ აქეთ-იქიდან მიუცუცქდნენ და თან ილუკმებოდნენ. ოქტავია ოდნავ მოშორებით იდგა და თვალებგაბრწყინებული შეყჰურებდა მათ. ლივიამ გოგონა მასთან მიიხმო.
- ოქტავია, დიდი მადლობა ჩემ შვილებზე ზრუნვისთვის. დამპირდი, რომ როცა მე აქ აღარ ვიქნები, კვლავ გულმოდგინებით მიხედავ მათ.
გოგონამ მარილიანი ცრემლი გადაყლაპა, ვერაფერი უპასუხა ქალს და მხოლოდ თავის დაქნევა შეძლო. ლივია გულაჩუყებულ ოქტავიას ლამაზ სახეზე მიეფერა და გულში ჩაიკრა.
- კარგი, რა გატირებთ. ღმერთების წყალობით დედა უკეთ გრძნობს თავს, იმედია მალე საბოლოოდ გამოჯანმრთელდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. - თქვა სერვიუსმა.
ოქტავიამ სლუკუნი შეწყვიტა, ცრემლებისგან დანამული სახე მოიწმინდა და ლივიას ფეხებთან, საწოლზე ჩამოჯდა. სნეულმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა,რომ მივიწყებული ისტორიების გახსენებით ოთახში არსებული დაძაბულობა მოეხსნა.
- დიდი ხნის წინ, სანამ ნუმერიუსს ღმერთების რისხვა დაატყდებდა თავს, ზამთრობით,დიდთოვლობისას, სასრიალოდ დაგვყავდით ხოლმე. მაშინ პატარები იყავით, ასე 3-4 წლისანი. რამდენიმე პირ ტოგას, ფეხზე კი მატყლის წინდებს ამოგაცვამდით, რომ არ შეგცივნოდათ. შემდეგ ჩვენს მეზობლად აზიდულ მოყინულ გორაკზე ავიდოდით, თოვლიან ზედაპირზე ხბოს ტყავს გავშლიდით,ზედ წამოვსხდებოდით, კალთაში ჩაგისვამდით და დიდხანს ვსრიალებდით.
- ნაწყვეტებად მახსოვს ეგ ყველაფერი - ჩაეღიმა უკვე ზრდასრულ სერვიუსს.
- ის თუ გახსოვს, ზაფხულობით ატალახებულ მდინარეზე რომ ვჭყუმპალაობდით ხოლმე? მამას როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, აქეთ-იქიდან ჩაგვკიდებდა ხელს და ტიბრის გამწვანებული ნაპირებისკენ მივყავდით აუტანელი სიცხისგან თავის დასაღწევად.
- კი, ცურვა მამამ მანდ გვასწავლა. ცოტა რომ გავიზარდეთ მერე მარტოც ვიპარებოდით საბანაოდ, როგორც კი შანსი ჩაგვივარდებოდა ხელში. ერთი-ორჯერ პონტე მოლედანაც გადმოვმხტარვართ ჭაბუკობისას.
- ბიჭებო, ძალიან სასიამოვნოა თქვენი პატარაობის ისტორიების მოსმენა,მაგრამ მგონი ჯობს, ლივიას გამოვეცალოთ და ცოტა ხნით დასვენების საშუალება მივცეთ. - სიყვარულით აღნიშნა ოქტავიამ.
ქალმა მას მადლიერი თვალებით შეხედა,საწოლში მოკალათდა და უკანასკნელად გააყოლა თვალი ოთახიდან გამავალ ახალგაზრდებს.
- უკვე ბინდდება, ჩემი წასვლის დროა - ჩაილაპარაკა ლივიას ოთახიდან გამოსულმა გოგონამ.
- წამოდი, გაგაცილებ.
- არა, დედასთან დარჩი, იქნებ უცებ რამე დასჭირდეს. მარტოც გავიგნებ გზას, არ იდარდო.
ძმებმა მზრუნველ ოქტავიას მადლობა გადაუხადეს და კარამდე მიაცილეს, შემდეგ კი კვლავ დედას ოთახში დაბრუნდნენ. ავადმყოფს ჩასძინებოდა, სუნთქვა კვლავ უჭირდა და დროდადრო ახველებდა კიდეც.
თებერვლის ისედაც გრძელი,სუსხიანი ღამე უფრო გაიწელა. მოწმენდილ ცაზე ვეებერთელა მთვარე იწონებდა თავს. ოთახი კიდევ უფრო ჩაბნელებულიყო, მხოლოდ მნათობის შუქს ირეკლავდა ადგილ-ადგილ. სამარისებულ სიჩუმეს სხვენში მოფუსფუსე მღრღნელები არღვევდნენ მხოლოდ, ძმებს ეღვიძათ და უბრად თავს დასტრიალებდნენ დედას. გულის სიღრმეში ორივემ იცოდა,ლივია რომ თვალებს აღარ გაახელდა,მაგრამ მაინც მთელი მონდომებით ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ საყვარელი ადამიანისთვის. გამთენიისას თოვა დაიწყო, ნელ-ნელა გადაიპენტა ამაყი რომი. პალატინუსის ბორცვზე თავმოყრილ მდიდრულ მარმარილოს სასახლეებს ბამბის ქულასავით შემოხვეოდა ახლადდადებული, ფაფუკი თოვლი. ლივიამ უკანასკნელი სუნთქვა ბარდნის შეწყვეტას გააყოლა.
ძმებმა დედა ფაბიუსების გვარის შესაფერისად დაკრძალეს. მოხუცს ერთი ობოლუსი ჩაატანეს საფლავში, რათა მის სულს მდინარის პირას ასწლეულობით უპატრონოდ არ ეხეტიალა. რომს ქარბუქი და ყინვაც ესტუმრა. კრაჭუნა თოვლზე გადადგმული თითოეული ნაბიჯის მკაფიო, სასიამოვნო ხმა არღვევდა მიძინებული ბუნების მდუმარებას. სასაფლაოდან სახლისკენ მიმავალ გზაზე კვლავ სერივუსმა დაარღვია მწუხარებისგან გამოწვეული აუტანელი მდუმარება:
- ახლა რას აპირებ? მარტო ხომ არ გამოიკეტები ცარიელ სახლში? ჩვენთან წამოდი. ხომ იცი, კორნელიასაც და ტიბერიუსსაც ძალიან გაუხარდებათ შენი დანახვა.
- მარტო მირჩევნია ყოფნა,ბევრი საქმე მაქვს. მაგრამ, ცოტა ხნით მაინც წამოვალ,რძალსა და ძმისშვილს მოვინახულებ.
სერვიუსმა უმცროს ძმას სიყვარულით მხარზე ხელი მოუთათუნა და ორმა ახალგაზრდამ სიცივისგან მობუზულ ქალაქში დინჯად გააგრძელა გზა.
***
ზამთარში რომი ყველაზე მეტადაა მოწყენილი. მოქუფრულ ცაზე აქა-იქ ფთილა-ფთილა ღრუბლები მოჩანს, გამჭოლი, ცივი ქარი აუტანლად ზუზუნებს და ძვალსა და რბილში ატანს. ამაყ ქალაქს სიცოცხლის ნიშან-წყალი თითქოს აღარ ეტყობა, მხოლოდ მშიერი,გამხდარი ძაღლები დაძრწიან დათოვლილ ქვაფენილზე და მათი ყმუილი სინქრონულად ერწყმის ჭრაჭუნა თოვლზე შეციებული რომაელის აჩქარებულ ფეხის ხმას.
კარგა ხნის სიარულის შემდეგ, ძმებმა მიაღწიეს სერვიუსის სამყოფელამდე. მისი მოკრძალებული სახლი ქალაქის მეორე მხარეს იწონებდა თავს. გარს პატარა, მოვლილი ეზო ეკრა. თებერვლის სიცივეს მიწიდან ახლად ამოწვერილი მცენარეებისთვის დაღი დაესო, მოეყინა. ძვირფასი თვლებით შემკულ საპატარძლო კაბას მოგაგონებდათ ეზოში მიმოფანტული ყოჩივარდას ნაადრევად გამოტანილი კოკრები,რომლებსაც ლამაზად დაჰფენოდა თრთვილი. ქვებით მოკირწყლული ბილიკი პირდაპირ სახლის შესასვლელს უერთდებოდა.
სიცივისგან გათანგულ ფაბიუსებს სახლში შესვლისთანავე სისხლი გაუთბათ. ოთახში შეშისა და სადილის სასიამოვნო სუნი იდგა. მაქსიმუსმა იქაურობას თვალი მოავლო. აღარც ახსოვდა, ბოლოს ძმას როდის ესტუმრა და ამ ხნის განმავლობაში თითქოს ყველაფერი შეცვლილიყო. ოთახი შეეთეთრებინათ და აქა-იქ მოეხატათ კიდეც. კუთხეში დიდფოთოლა მცენარეები იწონებდნენ თავს. კორნელია ღიღინით დაფუსფუსებდა, პატარა ტიბერიუსს ხის ფიგურებით ეთამაშებოდა და ისე იყო გართული,რომ ვერც კი შენიშნა სტუმრების მოსვლა. ქალს გრძელი,ყორანივით შავი თმა ცხენის კუდივით შეეკრა და სამკაულებით მოერთო. პატარა,სწორი ცხვირი და ხშირი წამწამები ჰქონდა. მის ლამაზ სახეს მაყვალივით შავი თვალები მატებდა ელფერს. თამაშში გართულმა ცელქმა ტიბერიუსმა მოულოდნელად მწვანე თვალები შეანათა ახალმოსულებს, სათამაშოები დაუდევრად შეაჩეჩა დედას ხელში და დაუფიქრებლად გაექანა მათკენ.
- დედიი, ძია მაქსიმუსი გვესტუმრა!
გახარებული ბიჭუნა მთელი ძალით შემოეხვია საყვარელ ბიძას. მაქსიმუსმაც ერთადერთი ძმისშვილი უმალვე ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა. კორნელიასაც ძალიან გაუხარდა მისი დანახვა. ქალმა შეციებული ძმები ცეცხლისკენ მიიპატიჟა და ხუჭუჭა ტიბერიუსი მხოლოდ მაშინღა ჩამოსკუპდა ბიძის მკლავებიდან.
- მოგშივდებოდათ, ახლავე მოგიტანთ რამეს.
- აბა შენ იცი, კორნელია, შენებურად გაგვიმასპინძლდი, გაუზავებელი ღვინოც მოგვართვი, რომ იქნებ სასმელში ჩავიკლათ გულის შემაწუხებელი დარდი.
ახალგაზრდა დიასახლისი სასწრაფოდ დაფაცურდა. მაქსიმუსის სტუმრობა ყოველთვის დღესასწაული იყო მთელი ოჯახისთვის, ამიტომ სახეზე ღიმილმოფენილი კორნელია ბედნიერი შეუდგა საქმეს. დედას პატარა ტიბერიუსი დიდი მონდომებით ეხმარებოდა სუფრის გაწყობაში და აქეთ-იქით დაარბენინებდა სანოვაგითა და სასმლით დატვირთულ ჭურჭელს. ძმები ღუმელს შეშას უკეთებდნენ და ხანდახან სიყვარულით გადმოხედავდნენ მოფუსფუსე დედა-შვილს. თიხის პრიალა ქოთნები სავსე იყო ბოსტნეულისა და ბურღულეულის წვნიანით, სალათებითა და პულეთი. შავფიგურებიან მბზინავ თიხის დოქს, რომელშიც გაუზავებელი, მუქი სისხლისფერი ღვინო ესხა, მარტივად გამოარჩევდით დანარჩენი, უბრალო, თიხისგან გამომწვარი ჭურჭლისგან. კორნელიამ ახალგამომცხვარი კვერები ტაბლაზე დააწყო და დაიძახა:
- მოდით, სადილი მზადაა.
ანცი ტიბერიუსი მოუთმენლად ელოდა უფროსების ტაბლასთან დასხდომას, რომ საყვარელი ბიძის კალთაში მოკალათებულიყო. მაქსიმუსმაც თვალებგაბრწყინებულ ძმიშვილს გაუღიმა და გულში ჩაიკრა. როგორც კი უფროსებმა ჭამა დაიწყეს, ბიჭუნამ იმწამსვე ხელი დასტაცა ცხელ,ფუმფულა პურს და გემრიელად ჩაილუკმა. ყველას სიცილი აუტყდა.
- კორნელიას ღუმელიდან გამოღებული არ აქვს პური, რომ ტიბერიუსი ეგრევე ხელს დაავლებს და თვალებმინაბული შეექცევა ხოლმე. ყველაზე მეტად ცხელ-ცხელი კვერები უყვარს, შეუძლია მხოლოდ ეგ ჭამოს მთელი დღე და სხვა არაფერი.
- ტყუილად წუწუნებ. - ჩაეღიმა მაქსიმუსს. - ვინმეს ხომ არ გაგონებს? პატარაობიდან მოყოლებული შენც ასე არ იყავი? დედა სულ ძალით გაჭმევდა ხოლმე ბოსტნეულსა და ფაფებს,იმასაც მხოლოდ იმ პირობით მიირთმევდი, თუ შემდეგ ცხელი პურის კარგა მოზრდილ ნაჭერს გიწილადებდნენ.
- ხო, ეგეც მართალია. - გაეცინა სერვიუსს და ძმის კალთაში მოკალათებულ, ლოყებაღაჟღაჟებულ შვილს სიყვარულით გახედა.
- მაქსიმუს, ოქტავიას შესახებ არაფერს მოგვიყვები? - ეშმაკურად ჩაეკითხა მაზლს კორნელია, სანამ მისი მეუღლე ღვინოს თასებში ანაწილებდა.
სატრფოს ხსენებისას მაქსიმუსს ლოყები შეეფაკლა და სასწრაფოდ უფროს ძმას გახედა საყვედურნარევი მზერით. სერვიუსმაც, თითქოს იგრძნოო, უცებ ასწია დოქიდან თავი და სასწრაფოდ მიახალა ძმას:
- ნუ მიყურებ ეგეთი სახით, მე არაფერი მითქვამს.
- შენ თუ არა, აბა სხვამ ვინ უთხრა?
- როგორ თუ ვინ, გუშინ ყველა მაგაზე ჩურჩულებდა, ოქტავია ფაბიუსებს ესტუმრაო. რა თქმა უნდა, შენ გეტრფის ყმაწვილი ქალი. სერვიუსს გუშინ წამოსცდა, ისე დაქალებულა, ძლივს ვიცანიო. რას აპირებ, სიყვარულში როდის უნდა გამოუტყდე? - თამამად შეუტია რძალმა.
- მე ხომ სულ გეყვარებით? - მოულოდნელად იკითხა პირგამოტენილმა ტიბერიუსმა.
- რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ უყვარდე. - გაეცინა მაქსიმუსს და ატიტინებულ ბიჭს ხუჭუჭა თმაზე მიეფერა.
მაქსიმუსის პასუხით კმაყოფილმა ბიჭუნამ მშვიდად განაგრძო ჭამა. საუბარში ახლა უფროსი ფაბიუსი ჩაერთო.
- ძმაო, მართლა, როდის აპირებ დაოჯახებას? ვხედავ, რომ გიყვარს ოქტავია, მასაც უყვარხარ, რაღას ელოდები?
- ლივიას ავადმყოფობის გამო ბოლო ხანებში ნორმალურად ვერც კი ვიცლიდი მისთვის. ახლა კი,როცა დედა აღარაა ცოცხალი, მინდა, რომ ჯერ მის არყოფნას შევეგუო და მერე შეიძლება მაგაზე ფიქრი.
- ხო, მაგრამ მანამდე ვინ მოგხედავს? მთელი დღე თავჩაუხრელად შრომობ და უამრავ სნეულს უვლი, აქამდე დედა გახსენებდა რომ უნდა გეჭამა კიდეც. ახლა სულ მარტო რომ იქნები, საქმეში ჩაკლავ დედას სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს და რეალობის აღქმას დაკარგავ. ცოტა ხნით ჩვენთან დარჩი, კორნელია გულმოდგინედ იზრუნებს შენზე, ტიბერიუსსაც ძალიან გაახარებ და ერთი დიდი ოჯახივით ვიცხოვრებთ. მანამდე ლივიას ამბავსაც შევეგუებით და ოქტავიასაც შეირთავ. რას იტყვი?
- ზუსტად არ ვიცი, რამდენიმე დღე მომეცით და მოვიფიქრებ - ჩაილაპარაკა გვარიანად შეფიქრიანებულმა მაქსიმუსმა.
სადილის შემდეგ ანცმა ტიბერიუსმა საყვარელ ბიძას ხელი ჩაჰკიდა და გვერდით ოთახში გაიყვანა, რათა მამის ნაჩუქარი ხის ახალი სათამაშო ცხენი ეჩვენებინა. ნაკეთობა ზრდასრულ ადამიანს წელამდე მისწვდებოდა, მასიური ხისგან კოხტად გამოჩორკნილი იყო და სქელი თოკის აღვირი ამშვენებდა. ლამაზ და ძლიერ ფეხებს ნახევარრკალის ფორმის,ზევით მიმართული ორი ცალი სადგარი აერთიანებდა და ტიბერიუსს საშუალებას აძლევდა, სათამაშო ცხენი გაეჭენებინა. ნაკეთობით აღფრთოვანებულმა მაქსიმუსმა თვალებგაბრწყინებულ ბიჭუნას გახედა, რომელიც უკვე შემოსკუპებულიყო თავის საყვარელ სათამაშოზე,ხელში ხისსავე ხანჯალი ეჭირა და მეომრის როლს ირგებდა.
- აბა მითხარი ტიბერიუს, ვის ეომები? - თბილად ჰკითხა არსებული სურათით გულგამთბარმა ბიძამ პატარას.
- საზიზღარ ბარბაროსებს ვებრძვი, რომიდან უნდა გავყარო, მათი ადგილი აქ არ არის. დაბრუნდნენ ღმერთებისგან მიტოვებულ უნაყოფო მიწებზე, ჩვენ თავი დაგვანებონ - დაუფიქრებლად უპასუხა ბიჭმა. - რომ გავიზრდები, მხედართმთავარი გავხდები, სახელოვანი მარკუს ავრელიუსის ერთგული მსახური ვიქნები და რომის ტერიტორიებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ.
მაქსიმუსი ასეთ პასუხს არ ელოდა და გაკვირვებული შეჰყურებდა ხუჭუჭა ონავარს. ამასობაში სერვიუსი შემოვიდა ოთახში და პირდაღებულ ძმას სიცილით უთხრა:
- რაც ეს ცხენი ვაჩუქე, იმის მერე სულ ამას გაიძახის. რატომ გადაწყვიტა, რომ მეომარი უნდა გახდეს,ჯერ არ ვიცი. სულ მეხვეწება, რომ სამჭედლოში წავიყვანო და როცა მიმყავს, მასზე ბედნიერი არავინაა - საათობით შეუძლია ერთი ნაკეთობის წინ იდგეს და მისი ყველა წერტილი დაკვირვებით შეისწავლოს. განსაკუთრებით თვლებით გაწყობილი აბჯარი მოსწონს. თუ ჩვენთან დარჩენას გადაწყვეტ, თავადვე ნახავ როგორი აღფრთოვანებით უყურებს ჭედვის პროცესს და ცდილობს, ყველაფერში მომეხმაროს. საბოლოოდ ხელს უფრო მიშლის, ვიდრე მეხმარება, მაგრამ ხანდახან მაინც მიმყავს ხოლმე.
- რატომ გიკვირს? პატარები რომ ვიყავით ჩვენც ძალიან მოგვწონდა მამასთან სამჭედლოში სიარული და ჩვენც მეომრობაზე ვვოცნებობდით. მთელი ბავშვობა ერთმანეთთან ხის ხმლებით ფარიკაობაში გვაქვს გატარებული. მაგრამ აგერ დრო გავიდა და მეომარი კი არა, ლამის ექიმობასაც გავურბივარ. - სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა მაქსიმუსმა.
- ხო, დრო ბევრ რამეს ცვლის.
- კარგი იყო თქვენთან სტუმრობა, თითქოს ცოტახნით დედაზე დარდიც კი გადამავიწყდა. მაგრამ ახლა ჩემი წასვლის დროა, ავადმყოფებს უნდა მივხედო. თქვენ შემოთავაზებაზე ვიფიქრებ და რამდენიმე დღეში გაგაგებინებთ პასუხს.
- რახან შენსას არ იშლი და მაინც მიდიხარ, გაგაცილებ.
ამის გაგონება იყო და ბიჭუნამ თამაში შეწყვიტა, გამობაჯბაჯდა და ფეხებზე შემოეხვია საყვარელ ადამიანს. მაქსიმუსმაც არ დააყოვნა, ფუმფულა ძმიშვილი ხელში აიტაცა, ერთიანად დაუკოცნა გაბუშტული ლოყები და ხუჭუჭა თმა სიყვარულით აუჩეჩა. შემდეგ სამზარეულოში მოფუსფუსე კორნელიას შეაკითხა დასამშვიდობებლად, რძალსა და სერვიუსს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში თავის გადაწყვეტილებას ამცნობდა. მაქსიმუსმა ძმის სახლის კარი გამოიხურა და ჩაფიქრებულმა, მძიმე ნაბიჯებით განაგრძო გზა ჩაბნელებული რომის თოვლიან ქუჩებში.
თავი II
Amore et melle et felle est fecundissimus - Plauto[2]
კორვინუსების სახლში ვახშმობა უკვე დაემთავრებინათ და ოქტავია ნასუფრალს ალაგებდა, როცა ხის კარზე კაკუნის ხმა გაისმა. გოგონამ მოხუცებულ მამას გახედა, რომელსაც ბუხართან ჩასძინებოდა და მშვიდად ფშვინავდა. რადგანაც ახალგაზრდა ქალს სახლში სხვა არავინ ეგულებოდა, იძულებული გახდა, კარი თავად გაეღო. მან კედლიდან ერთ-ერთი ჩირაღდანი ჩამოხსნა და დაუპატიჟებელი სტუმრის შესახვედრად გაემართა. ოქტავია სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როცა კარს მიღმა მაქსიმუსი შერჩა ხელში.
- ამ დროს აქ რას აკეთებ? ხო ყველაფერი რიგზეა? - სწრაფად მიაყარა ანერვიულებულმა გოგონამ.
- მშვიდობაა, თადეუსის სანახავად შემოვიარე. - უთხრა ვაჟმა და გოგონას ლოყაზე ნაზად აკოცა.
- შემოდი, შემოდი - ლოყებშეფაკლულმა ოქტავიამ სახლში შეიპატიჟა საყვარელი მამაკაცი.
ხმაურზე მოხუცს გამოეღვიძა და ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა სტუმარში მაქსიმუსი რომ ამოიცნო, უცებ დაჭყიტა თვალები, ფეხზე შეძლებისდაგვარად მალე წამოდგა და ახალგაზრდას მიესალმა.
- ძალიან ვწუხვარ დედას გამო და ბოდიშს გიხდი, რომ დაკრძალვაზე ვერ მოვედი. ამ ბოლო დროს ფეხი განსაკუთრებით მაწუხებს და ვერაფრით შევძელი ლოგინიდან წამოდგომა. - მოიბოდიშა ჭაღარაშერეულმა, სამოც წელს მიტანებულმა სანდომიანი სახის მოხუცმა, შემდეგ კი სტუმარს ბუხართან მდგარი სკამისკენ მიუთითა და თვითონ მის მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა.
- ზუსტად მაგ ფეხის სანახავად მოვედი - სიცილით უპასუხა მაქსიმუსმაც.
ოქტავია მამაკაცებს ღვინითა და ხილით გაუმასპინძლდა და გვერდით ოთახში გავიდა. მაქსიმუსმა საჭირო იარაღები მოიმარჯვა და პაციენტის მდგომარეობის გულმოდგინედ შესწავლას შეუდგა. ამპუტაციის შემდეგ კიდურს შეხორცება დაეწყო და ჯერჯერობით არაფერი იყო საგანგაშო. ექიმმა თადეუსს ფეხი დაუმუშავა, ხელახლა გადაუხვია და დაარიგა, ეცადე, ჭრილობას მოუარო, რომ ნაკერები არ გაგეხსნასო.
- ეჰ, შვილო, ისედაც ორი დღის წუთისოფელი დამრჩენია ამ ქვეყანაზე - წაიწუწუნა სანდომიანმა მოხუცმა.
- თუ თავს ისე მიხედავთ, როგორც დაგავალეთ, კიდევ დიდხანს იცოცხლებთ.
- დღეს უფრო ადრე გელოდებოდი, გზად სადმე შეიარე? - უცებ შეცვალა თემა თადეუსმა.
- სასაფლაოდან სერვიუსთან წავედით, იქიდან მოვდივარ - ხმადაბლა დაიწყო მოყოლა ახალგაზრდა კაცმა - ვახშმობისას ჩემმა ძმამ დროებით მასთან საცხოვრებლად გადასვლა შემომთავაზა. დედის გარეშე სახლიც ისეთი ცარიელია, რომ იქ მისვლაც არ მინდა და არ ვიცი რა უნდა ვქნა - სევდიანად დაასრულა მოყოლა ხელებში თავჩარგულმა სტუმარმა.
- მგონი სჯობს, რომ ძმის შემოთავაზებას დათანხმდე. სერვიუსთან და მის ცოლ-შვილთან ერთად ყოფნით დედის გარდაცვალებას ბევრად მარტივად გადაიტან, მერე ალბათ საკუთარ ოჯახსაც შექმნი და ლივიას სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან თანაცხოვრებასაც ისწავლი. ეცადე, დრო არ დააჩქარო და წვალებით, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გამოგივა. - მამაშვილურად დაარიგა მოხუცმა ჭაბუკი.
- მე და ჩემი ძმა ჯერ კიდევ პატარები რომ ვიყავით და მამას სახელოსნოში მივყვავდით ხოლმე, სერვიუსი ყოველთვის აღტაცებული შეჰყურებდა ნუმერიუსს და უნდოდა, თავადაც შეესწავლა ლითონის წრთობის ხელოვნება. ეს მე დიდად არ მაინტერესებდა და ძირითადად შორიდან ვადევნებდი თვალს. სანამ ცოტა წამოვიზარდე, მამა გარდაიცვალა და მისი სიკვდილის სარეცელზე დავდე პირობა, რომ შეუძლებელს შევძლებდი ადამიანების გადასარჩენად. ამის შემდეგ ორი ათწლეული გავიდა და მაინც, დღეს დედაჩემი ჩემი ხელით დავკრძალე. - სევდიანად დაასრულა მან.
- მაქსიმუს, ხომ იცი, იმ ვაჟიშვილივით მიყვარხარ, რომელიც არასდროს მყოლია და შენთვის კარგის მეტი არაფერი მსურს. ამიტომ, რასაც გირჩევ, კარგად მომისმინე და იქნებ მერე მაინც შეწყვიტო საკუთარი თავის დადანაშაულება. ადამიანები ღმერთებისგან იმით განვსხვავდებით, რომ უკვდავები არ ვართ და სამწუხაროდ, არც ერთ ჩვენგანს არ ძალუძს სიკვდილთან ომის მოგება. შენ შეიძლება ბრძოლა მოუგო, მტერი ცოტა ხნით შეაჩერო, მაგრამ საბოლოოდ ციხე შიგნიდან ტყდება და სიკვდილის წინაშე შენც და ყველაც უძლურები ვართ. ეს არის გარდაუვალი რეალობა, რომელთან შეგუებაც მოგიწევს.
- ეგ ყველაფერი მაშინ გავიაზრე, როცა ჰიპოკრატეს შევფიცე ჩემი საქმისადმი ერთგულება, უბრალოდ როცა მშობელს ეხება საქმე, ცოტა მიჭირს სწორად მსჯელობა. დიდი მადლობა რჩევისა და მასპინძლობისთვის! რაც მამა გარდაიცვალა, მას მერე თქვენმა თანადგომამ მოგვიყვანა მეც და სერვიუსიც აქამდე, ამ ამაგს არასდროს დაგივიწყებთ.
გულაჩვილებულმა მოხუცმა სკამიდან წამოდგომა სცადა, მაქსიმუსი მიეშველა. შემდეგ ბავშვობის მეგობრის შვილი გულში ჩაიკრა და მამაშვილურად დალოცა. დასჯილი ბავშვივით კედელთან ატუზული ოქტავია ჩუმად ადევნებდა ამ სცენას თვალყურს და სიხარულისგან ტანში ჟრუანტელი უვლიდა, რადგან იცოდა, რომ ღირსეული კაცი უყვარდა და არჩევანს მამაც მოუწონებდა.
- აბა, ერთნახევარი ფეხით ცხოვრებაც ცხოვრებაა?! - თავიდან წამოიწყო თადეუსმა.
- აბა, როგორ გინდათ?! - ჩაეღიმა ექიმს - წლები გავიდეს და არაფერი შეიცვალოს?!
- კარგი იქნებოდა. ალბათ ყველაფერს გავცემდი, ისევ ახალგაზრდა რომ ვიყო და მკლავი მიჭრიდეს. მე და შენი მშობლები ერთად გავიზარდეთ, ახლა კი როცა ლივიაც აღარ წერია ცოცხლების სიაში, ალბათ მეც მალე მომიკაკუნებს ორკუსი და თავით გადავეშვები უსასრულობის მორევში.
- ჯერ კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლოთ, ოქტავიას თქვენი იმედი აქვს.
- არა, დიდი ხანია ჩემი გოგონასთვის ხელით სათრევი ტვირთის გარდა არაფერი ვარ. უზომოდ ვუყვარვარ და მთელი გულით მივლის, სწორედ ეგ მაშინებს - არ მინდა სულ მე დამფოფინებდეს. თან, ვგონებ ჩემზე მეტად სხვისი იმედი აქვს - ეშმაკურად ჩაიღიმა თადეუსმა და მოპირდაპირე სკამზე მოულოდნელობისგან გახევებულ მაქსიმუსს გახედა.
მამაკაცს სირცხვილისგან სახეზე სისხლი მოაწვა, ჩაიბლუყუნა სასწრაფოდ უნდა წავიდე, სხვა პაციენტებიც მელოდებიან, ხვალ შემოგივლითო და ოთახიდან გაიძურწა. მოხუცმა ბედნიერების ზარები შემოჰკრა, რადგან ექიმის ასეთი რეაქცია მის ეჭვებს ამართლებდა და ამით უზომოდ კმაყოფილი იყო.