ქაღალდის გედი
ქაღალდის გედი
***
სოფლის ბოლოში პატარა, ფანჯრებზე ცელოფანაკრული და სახურავზე აქა-იქ კრამიტამოვარდნილი ამბულატორიის შენობა თავისი არსებობის ენდშპილში იყო.
ამბულატორიაში სტანდარტულად ერთი ექიმი, ერთი ექთანი და ერთიც სანიტარი მორიგეობდა, არასტანდარტულად ყოველდღე. დატვირთული მუშაობით არასდროს გამოირჩეოდნენ.
უხვად იყო გადაძახილები.
- გოგი ექიმო, ფეხი გავიჭერი...
- მოდი, მოდი, ძია ვასო. ახლავე მოგხედავ. - ყოველთვის ღიმილითა და სითბოთი იღებდა ექიმი პაციენტებს.
- მაკუნა, სტერილური და ბეტადინი, ნუნუ დეიდა, ბოდიშის გიხდით, ცოტა გავაჭუჭყიანეთ აქაურობა.
- კარგი რაა, ვასო, ისევ ტალახიანი ფეხებით შემობოდიალდი, არააა?! - სიცილით გამოსძახებდა ხოლმე ნუნუ დეიდა.
- გოგი ექიმო, ჩემი სახლის ყველი და შოთები მოგიტანე, უარი არ მითხრა.
- დიდი მადლობა, ძია ფრიდონ. მეტი აღარ შეწუხდე, იცოდე.
ექიმი თანასოფლელებს ფულს არასდროს ართმევდა, აჩემებული ჰქონდა, აბა ხელფასს რაში ვიღებო?!
- გოგი ექიმო, ჩემი დაყენებული სუფთა ღვინო მოგიტანე, ჩემმა შვილიშვილმა დაწურა, მააშ.
- დიდი მადლობა, დათა პაპა, მაგრამ ხომ იცი სასმელს არ ვსვამ. თქვენ მიირთვით.
- კაცო მე მივირთმევ, მააქვს კიდევა სახლში. თან გამიგია რო გულისთვისა კაიაო და მართალია?
- მართალია. აბა როგორ?!
- მაშინ აი გამომართვი და დალიე ხოლმე, შენც ხო ჯანმრთელად უნდა იყო, შვილო. ჩვენ რა გვეშველება მერე - დათა პაპამ ბოცა საორდინატოროს კართან დადგა.
- მოდი ასე შევთანხმდეთ, ეს წაიღე და ყოველ საღამო ერთი ჭიქით ჩემი სადღეგრძელო დალიე ხოლმე, შვილიშვილთან ერთად. შევთანხმდით?
- ოიიი რა უცნაური კაცი ხარ ჩვენში რომ დარჩეს. ხილი მაინც გამომართვი კაცო, ჩემი ბაღისაა.
- ოო ხილზე უარს არ გეტყვი. მადლობა, დათა პაპა.
- ღმერთი შენკენ შვილო.
ასეთი იყო სოფლის ცხოვრება.
ერთ დღეს ექიმი სოფლისთვის უჩვეულო მოვლენამ გააღვიძა. მანქანის ხმა, ხმამაღალი და უთავმოყვარეოდ უხარისხო მუსიკით.
ჩვეულებრივზე 3 საათით ადრე გაღვიძებული საწოლიდან ზანტად ადგა, ხელ-პირი დაიბანა და ნელი სეირნობით წავიდა ამბულატორიისკენ. გზად წითელმა სპორტულმა მანქანამ რამდენჯერმე ჩაუქროლა და სულ გაამტვრიანა, თან ის უხარისხო მუსიკა დაჰყვებოდა.
- დათა პაპა და ძია ფრიდონი არიან სოფლელები და ესენი განვითარებულები?! - ჩაიცინა ექიმმა და ჩვეული ნელი, მძიმე და უხმო ნაბიჯებით განაგრძო გზა.
სამსახურში მისულს კარი ღია დახვდა.
- მაკუნაა...
- მე ვარ, გოგი ექიმო.
- ნუნუ დეიდა, ასე ადრიანად აქ რამ მოგიყვანათ?
- უიმე გოგი ექიმო, ამ ამოსაწყვეტებმა გამაღვიძეს, მთელი დილაა დაქრიან გიჟებივით... ისე ვნერბიულობ თანა, შვილო, რამე არ მოიწიონ. თქვენ რაღატო მოხვედით? ყავას ხომ არ ინებებთ?
- არა, არ შეწუხდეთ, მეც გამაღვიძეს მაგ ,,ამოსაწყვეტებმა" - სიცილით უპასუხა გოგიმ.
- უიმე, გოგი ექიმო, ნუ იწყევლებით, ძალიანა გთხოვთ რააა... როგორ შეიძლება, არ შეგშვენით
- თქვენთვის თუ შეიძლება?!
- კაცის პირისგანა წყევლა მაინც ცუდათა ჟღერს.
- აბა შევიგინო?!
- იიიმე, რას ამბობთ, გინება მითუმეტეს არ მოგიხდებათ.
ის დღე სოფელში ჩვეულებრივზე ნელა გადიოდა. უცბად ამბულატორიის კარი უცნობმა ახალგაზრდამ შემოაღო.
- საავანტყოფო აქაა?
- დიახ, გისმენთ ქალბატონო.
- ჩემს მეგობარს მეორე დღეა სტკივა გულთან და იქნებ რამე გვირჩიო - საღეჭი რეზინის ,,მოცდენის" გარეშე განაგრძო გოგონამ.
- შემოიყვანეთ, გავსინჯავ.
- ანუ, აქ არაა და ისე რომ მითხრა რამე?
- თუ არ გავსინჯე და კვლევები არ ჩავატარე, ისე დანიშნულებას ვერ მოგცემთ.
- აუუუუ - გოგონამ კარი გაიჯახუნა და გავიდა.
ნუნუ დეიდა და გოგი ერთმანეთს მიაშტერდნენ გაკვირვებულები.
- ამოსაწყვეტი - დააწია ქოქოლა ნუნუმ.
- უტვინო, დეგენერატი. - ჩაილაპარაკა გოგიმ.
- გოგი ექიმო, არ გიხდებათ.
- ტყუილი ვთქვი რამე?!
ამ პაციენტის უცნაური ახლობლის გარდა იმ დღეს ამბულატორიაში სხვა არავინ მისულა. მაკუნა და ნუნუ დეიდა სახლში წავიდნენ. ექიმმა დარჩენა გადაწყვიტა, იფიქრა, სახლთან ისევ არ დამაძინებენ და აქვე დავიძინებო. შუაღამეს 15 წუთის გადაცდენილი იყო, როცა ექიმი ამბულატორიის კარსა და ფანჯრებზე ბრახუნმა გააღვიძა. გოგიმ ფანჯრიდან გაიხედა, მუსიკიანი მანქანა, მუსიკის გარეშე, საღეჭრეზინიანი გოგო- საღეჭი რეზინის გარეშე და ხშირ-წვერიანი სიგარეტის სუნად აყროლებული და მზისსათვალიანი გატანჯული და ნაცნობ სახიანი ბიჭი.
ექიმმა უხალისოდ, მაგრამ ჩვეული ღიმილით გააღო კარი, თან ფიქრობდა ,,ღამე მაინც მოიხსნას ეს სათვალე, ან უხდებოდეს მაინც.”
- დიახ, გისმენთ.
- ანუ, ხომ გითხარი სტკივა მეთქი! წამლები რატო არ გამომიწერე?!
- მეც ხომ გითხარით, ქალბატონო, პაციენტის გამოკვლევის გარეშე დანიშნულებას ვერ მოგცემთ.
- ვაიმე! აჰა მოგიყვანე და იკვლიე რამდენიც გინდა.
- დამშვიდდით.
- ვკვდები, ძალიან მტკივა, ექიმო - სიტყვებს ალკოჰოლური სასმელების ნაზავის სუნი ამოყვა.
- სად გტკივათ?
- ვაიმე ხო გითხარი, გულთან-მეთქი.
- ქალბატონო, ხელს მიშლით.
მაკუნას სახლიდან გამოძახება გოგის არ უნდოდა. მარტო მოუნდა მუშაობა პაციენტის დანახვისას. როგორც ადრე… პაციენტი საწოლზე დააწვინა, ოთახიდან მტვრიანი ელექტროკარდიოგრაფი გამოაგორა და მუშაობას შეუდგა.
- გოგონა, თუ არ შეწუხდებით, პაციენტის მონაცემები ფურცელზე დამიწერეთ. სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ნომერი თუ იცით და ტელეფონის ნომერი. პაციენტისთვის თვალის მოუშორებლად სთხოვა ექიმმა.
ფურცელზე კალმის წვერის ფხაჭუნი ნერვებს უშლიდა ,,ნუთუ არ შეუძლია რამე რბილზე დადოს" თან პაციენტის სახეს აკვირდებოდა და ახსენდებოდა, ოღონდ გახსენება არ უნდოდა...
წარსულის ფიქრებში იყო, როცა გოგონას ხმამ გამოაფხიზლა.
- სად წავიღო ეს ფურცელი?
- მომაწოდეთ... - ხელის კანკალით გამოართვა, დახედა. ცხოვრებაში პირველად უნდოდა, რომ შემცდარიყო, მაგრამ არა... ნაცნობი სახელი და გვარი წარსულიდან.
- დიდი ხანია, რაც გტკივათ? - მიმართა ექიმმა პაციენტს.
- დილიდან... მოვკვდები?
- კარდიოგრამას გადაგიღებთ და ვნახოთ. ადრეც გქონიათ ასეთი ტკივილი?
- კი, 5 წლის წინ. სტენდირება ჩავიტარე.
- სტენტი ჰქვია მაგას, 25 წლის ასაკში როგორ მოახერხე?
- რა გითხრათ ექიმო... ახლაც ეგაა?
- არამგონია, მაგრამ გამორიცხულიც არაა.
- ეკგ, წინაგულთა ფიბრილაცია, ტაქსისტოლია - 110. ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკი. სგარბოსა - დადებითი.
- რას იძახი, ექიმო, ვერაფერი გავიგე.
- ოდესმე უთქვამთ, არითმია გაქვსო?
- არა.
- წნევას გაგიზომავთ.
- თავბრუ მეხვევა.
- არ მიკვირს.
საპროცედუროში მთვრის შუქი იჭრებოდა. ექიმის თავში ძველმა მიძინებულმა ხმამ ხითხითით და სისინით გაიღვიძა.
-ეს... ჩვენი... შანსია.
- ...
- შურის... ძიება.
- ...
- შენც.... იცი... რომ... ინფარქტია.
- ვიცი! მერე?!
- ისიც... იცი... რა... არ... უნდა... გააკეთო - სისინითა და ამავდროულად თავბრუდამხვევი ეშხით იძახდა ხმა.
- ვიცი! მერე!
- ისიც... იცი... სად... დევს...
- მარცხენა ტუმბო, მეორე უჯრა, მესამე ყუთი...
- გააკეთე...
-...
- შენი... თვალით.... ნახავ.... როგორ... უშედეგოდ... ებღაუჭება სიცოცხლეს, როგორ ჩახედავ აგონიით აღსავსე თვალებში და როგორ ეტყვი, რომ აჯობე. - ხმა უკვე აღარ სისინებდა.
- გოგონა, შეგიძლიათ მარცხენა ტუმბოს მეორე უჯრა გამოაღოთ და მესამე ყუთიდან ორი ამპულა მომაწოდოთ? - გაყინული ხმით თქვა ექიმმა. ჩვეული სითბო მისი ხმიდან სადღაც დაკარგულიყო. გოგიმ ამპულებიდან წამალი ამოიღო, შპრიცი ხელში შეათამაშა, პირბადე ჩამოიწია, პაციენტს მიმართა ,,ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება, quid pro quo”და ჯოჯოხეთური ცეცხლით თვალებში, ინექციისთვის მოემზადა.
- მიდი! რაღას ელოდები?! - მბრძანებლურად განაგრძო ხმამ. - 2 ამპულა და ყველაფერი ისე მორჩება, ვერავინ გაიგებს. არც ის გაუკვირდება არავის, ,,ჩვეულებრივ" სოფლის ექიმს ასეთი ,,შეცდომა" თუ მოგივა.
- მაგრამ შენ არ ხარ ჩვეულებრივი. - უეცრად მდუმარე საუბარში მესამე, ნაზი, მაგრამ მკაცრი ხმა ჩაერთო.
- შენ! შენ... დამტოვე! ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდი!
- დიახ... დიახ... მხოლოდ... მე... დავრჩი... მასთან… როცა… ყველამ მიატოვა… მე დავრჩი… მე… მხოლოდ... მე... - ხმა ისევ ასისინდა.
- მენატრები. იცი?! - კბილებიდან გამოსცრა ექიმს.
- ვიცი.
- მან.... შენ.... დაგტოვა...
- არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ მჭირდება. ისე ახლოსაა... შანსია.
- დიახ... დიახ... ეს... შანსია...
- შენც ხომ იცი, რომ შურისძიება შენი ნაწილი არაა, რომ არ გაგაბედნიერებს, ხომ იცი?!
- სწორედაც... რომ... გაგვაბ... გააბედნიერებს...
- მჭირდები. იმიტომ რომ უშენობას ვეღარ ვუძლებ. აღარ მინდა... სახლში მინდა. გოგის ცრემლი წამოუვიდა. პაციენტის ხმამაღალმა კვნესამ გამოაფხიზლა, მისი განწირული სახის დანახვაზე ხელი უარესად აუკანკალდა და შპრიცი გაუვარდა.
- გოგი...
- მიცანი?!
- გიცანი.
- …
- გადავრჩები? - გოგიმ ძირს დაგდებულ შპრიცს დახედა, პირბადე შეისწორა და თავის აუწევლად უთხრა.
- გადარჩები.
***
საპროცედუროში სულის გამყინავი დუმილი გამეფდა, რასაც მხოლოდ მონოტონურად მოზუზუნე კარდიოგრაფი არღვევდა.
- გოგონა, ბრიგადას გამოვიძახებ და თბილისში გადაგიყვანენ. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
გადამყვანი ბრიგადა, ექიმისთვის წარმოუდგენლად მალე და პაციენტისთვის წარდმოუდგენლად გვიან, სულ რაღაც ზედმეტად გაწელილ 1 საათში მოვიდა.
ექიმმა პაციენტი ბრიგადას გადააბარა და დამშვიდებული სეირნობით წამოვიდა სახლისკენ. მეგზურობას მხოლოდ კვლავაც ასისინებული ხმა უწევდა.
- შენ.... ჩემი… შენი… შანსი... ხელიდან... გაუშვი...
- შემეშვი.
- როდემდე... უნდა... ჰქონდეს... მის... აჩრდილს... ჩვენზე.... ამხელა... გავლენა...
- არანაირი ,,ჩვენ" აღარ არსებობს.
- გაიხსენე... ის... შეგრძნება... როცა... მხოლოდ... მე... მისმენდი... როცა... ხელში... შპრიცი შეათამაშე... ხომ იგრძენი ცოცხლდ თავი? ხომ ჩქეფდა შენში სიცოცხლე?! ხომ დაგიარა სიამოვნების ჟრუანტელმა?! ხომ დაგიხტოდნენ თვლებში ეშმაკუნები... - მოსისინე ხმა უკვე მბრძანებლური კილოთი საუბრობდა.
- მაკუნას ხსენება მეორედ აღარ გაბედო.
- ექთან მაკუნას გულისხმობ?!
- ნუ მეთამაშები! კარგად იცი, ვისაც ვგულისხმობ.
ექიმიმმა სახლის კარი შეაღო დიდი ხნის დასაზეთი კარის ჭრიალი თითქოს მთელ ორღობეში გაისმა. ოთახში შუქი არ აუნთია. ჩანთა იატაკზე დააგდო, მაგრამ თვითონ ყოველთვის ამბობდა, რომ ,,არაფერი არ გდია, უბრალოდ იატაკზე დევს" თან ჩაიცინა - დედა რომ მხედავდეს, აჯაჯღანდებოდა, მე ვუპასუხებდი ,,დედიკო, გენიოსები, ქაოსზე ვბატონობთ".
მტვრიანი თაროდან წამლის ფირფიტა გამოიღო, დიდ ჭიქაში ცოტა წყალი დაისხა და მაგიდაზე დაჯდა თან ჩაიცინა - დედა რომ მხედავდეს, აჯაჯღანდებოდა.
ოთახის ბნელი კუთხიდან უსხეულო სილუეტი დაიძრა.
- წამლებს აღარ სვამ, ხო?! - თბილი, მაგრამ საყვედურნარევი ხმით მიმართა სილუეტმა ექიმს.
- როგორ არა... არც ერთი არ გამომიტოვებია...
- იმ უხსენებელივით რომ სისინებ, ატყობ ხო?! მე მატყუებ?! - ხმაში უკვე სიმკაცრე იგრძნობოდა.
ექიმმა დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით გაიღიმა.
- რას გაჩუმდი?! რა გაცინებს საერთოდ!
- არ გატყუებ...
- ესე იგი, წამლებს ისევ იღებ?!
- კი!
- მაშინ მე აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?! - უკვე იყვირა ხმამ.
ლანდი ექიმს გვერდზე მიუჯდა და ხელის ხელზე დადება სცადა.
- სახლი გენატრება?
- ხომ იცი, რომ ძალიან მენატრება.
- განსაკუთრებით?
- ყველა განსაკუთრებით მენატრება…
- შეცვლილი ხარ, ისეთი აღარ ხარ, როგორიც დაგტოვე. ადრე წვერს არ ატარებდი, მაგრამ თმა გქონდა და არც იარები გქონდა სახეზე. როგორ მოახერხე? ტატუც გაგიკეთებია.
- ჰო… გოგონებმა რომ იცით ხოლმე, რთულ პერიოდში ან წითლად იღებავთ თმას, ან კარეს იჭრით. წითლად შეღებვა კი ვიფიქრე თავიდან, მაგრამ ძალიან სასაცილო იქნებოდა, ამიტომ სულ გადავიპარსე. საშინელებათა ფილმის პერსონაჟს რომ არ დავმსგავსებოდი, წვერი მოვუშვი. ხელზე რა ტატუც მაქვს, ურობოროსი ჰქვია. დრაკონი, რომელიც საკუთარ კუდს შთანთქავს, მარადისობის სიმბოლოა. ის, ზარმაცი, წამოწოლილი რვიანი რომაა, ამის ვარიაციაა.
- გახსოვს, როგორ დაიწყო თქვენი და ჩემი ურთიერთობა?
- არა...
- არც მე.
- მხოლოდ მომენტებიღა მახსოვს. ადგილები, შეგრძნებები, კადრები...
- წამები, მზერა, ხელის სითბო...
- დასაწყისი კი არ მახსოვს.
- დასაწყისი კი არ მახსოვს. - ერთხმად და აღტაცება ნარევი სინანულით თქვეს ხმამ და ექიმმა.
ექიმი კი წარსულის მოგონებათა ჟანგიან მორევში გადაეშვა.
***
- ჰო, საიდან დავიწყო?! ახლა სარკის წინ ვდაგავარ. ვიპრანჭები. აბა?! მთელი 12 წელია არ გამოვპრანჭულვარ. - სიცილით ესაუბრებოდა ნააბიტურიენტალი სტუდენტი ანარეკლს - უნივერსიტეტის პირველი დღეა, პირველი ნაბიჯები ექიმობაში. წესით საინტერესო უნდა იყოს.
- რაზე ფიქრობ? - გამოაფხიზლა ხმამ ექიმი.
- ვითომ, არ იცი...
- მანდედან რომ ჩემ გაცნობამდე შორია?
- ჰო. მერე რა?
- შენ გახსოვს როგორ მიხვედი პირველად უნივერსიტეტში?
- არა...
- იმიტომ, რომ მე არ მახსოვს... ქლოეს ქლოე როდის დაარქვი?
- ჩემს ხეს? მეორე კორპუსთან რომაა… - ლანდს აღტაცებისგან თვალები აუციმციმდა.
- ჰო.
- არ გახსოვს, ჰო?
- ისიც კი არ მახსოვს, მითხარი თუ არა, მაგრამ ფოტო მახსოვს. კიდე იცი, რა მახსოვს?
- მგონი ნაჩხუბრები რო ვიყავით და პარკში ფოთლებს ფოტო გადავუღე? - ექიმმა ხმამაღლა გაიცინა.
- საშინელი მოსაუბრე ხარ, იცი? გენატრები ხოლმე?
- არ ვიცი. ალბათ...
- არა. არანაირი ალბათ.
- საშინელი მოსაუბრეები ვართ.
- ...
- როგორ გამოიპრანჭე პირველი დღისთვის?
- პიჯაკი, ლურჯი პერანგი და დაწმენდილი ფეხსაცმელი... მეტროში დამადგეს, ოღონდ მერე ფეხი. დიდ წითელ დარბაზში შეგვიყვანეს და იქ იყო პრეზენტაცია, ვიღაც ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავდათ ჩამოყვანილი და გვივყებოდა, როგორ და რატო გადაწყვიტა პედიატრობა და მერე გუდაურზე იძახდა რაღაცას. სიტყვა არ მახსვოს რა მოყვა, მერე ჯგუფის ნომრები დაგვირიგეს, ჯგუფელები რომ გვეპოვა. მე მეოცე მეჭირა და ქუთაისურმა ხმამ მომითითა - ,,მაგი უკუღმა გიჭირავს, ძამია".
ლანდმა გაიცინა, სცადა ექიმის მხარზე თავი დაედო.
- ოჰ, როგორი სიმპათიური იქნებოდი. იცი, ალბათ მომენატრებოდი.
- ეს მხოლოდ მე მინდა, რომ ასე მეგონოს, ასე მჯეროდეს... ჰო, რას გიყვებოდი, გამოპრანჭული მივედი-მეთქი, ორშაბათის სემინარები, რა თქმა უნდა, გაცდა სამშაბათს ანატომია მქონდა პირველი. კიდე იცი რა მახსენდება? ჩვენი პირველი და ალბათ ერთადერთი პაემანი.
- პიცა რომ ვჭამეთ?
- ჰო. რა ლამაზი ადგილი იყო. როგორ აარჩიე?
- მე არ ამირჩევია. შენ აარჩიე.
- რას ამბობ. ზუსტად მახსოვს.
- მოხვედი და მითხარი აბა თუ გამოიცნობ სად მივდივართო, მე კიდე პირველივე ცდაზე გამოვიცანი. - გამარჯვებული ხმით თქვა ლანდმა.
- გამოიცანი არა ის. წარმოდგენაც კი არ მქონდა, სად უნდა წავსულიყავით. უბრალოდ რომ მეთქვა სადაც გინდა იქ წავიდეთ-მეთქი დაიწყებდი ,,არ ვიცი, შენ, სადაც გინდა” და მსგავს რაღაცეებს, ჰოდა ცოტა ვიეშმაკე.
- ცოტა?! ცოტას მნიშვნელობა იცი, საერთოდ?! - ღიმილით უპასუხა ლანდმა
- ,,ცოტა” სუბიექტურად ინტერპრეტირებადი საზომი ერთეულია.
- მაშინ აი ამას იცნობდი?! - ლანდმა მოსისინე ხმაზე ანიშნა
- არა, ან შეიძლება კი. იცი, არ ვიცი, ალბათ ყოველთვის იყო ჩემი ნაწილი, მაგრამ ასე თავისუფლად… თავისუფლად არა. არც ჩემზე ჰქონდა ამხელა გავლენა, მხოლოდ ჩემი განსაკუთრებული სისუსტის პერიოდში ბედავდა ხმის ამოღებას...
- გააგრძელებ მოყოლას?
- ჰო, ყველა მიღებული ქულა თუ შექება პატარა ბავშვივით მიხაროდა და მეგონა, რომ ყველაფერი შემეძლო...
- ახლაც შეგიძლია ყველაფერი ხომ იცი, მე შენი მჯერა.
- სისულელეა. ეს ისაა რისი მოსმენაც მინდა, რაც მინდა, რომ სიმართლე იყოს. ვგავარ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია?! ვზივარ და ჩემს წარმოსახვას ვემაკამთები... ყოვლისშემძლე ადამიანები აი ამას არ ყლაპავენ - ექიმმა წამლების ყუთი და ჭიქა მოისროლა.
- ადექი! აიღე! ახლავე!
- რატო?
- იცი, რატოც.
- დედას არ გაეხარდებოდა?
- დედას არ გაეხარდებოდა.
- დედას ლეგენდარული სხარტულები მოგიყევი შენ? სასწაული იუმორის გრძნობა აქვს.
- არა.
- ერთხელ მამა მთვრალი მოვიდა სახლში. დედა ცოლის რეჟიმში ხვდება. ,,რა დალიე?!” მამა ბედნიერი პასუხობს - არაყი და დედა ძალიან გაღიზიანებული ,,რა არი, პატარა ბავშვი ხარ ?!” ერთხელ რაღაცაზე ვკამათობდით, მე ჩემსას ვჯიუტობდი, ის თავისას და მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა და ,,დედა, მე შენგან განსხვავებით კარგი ადამიანი ვარ”, ერთხელ ჩემი გაღვიძება უნდოდა, მაგრამ იმას ხომ არ აღიარებდა, რომ უნდოდა, რომ გავეღვიძებინე და ოთახში შემომივარდა ,,დე, ღამე ხო არ შეგცივდა?”, თითქოს არაფერი მაგრამ ივლისის ბოლო იყო… და ჩემს საყვარელს, ოთახში ვიჯექი, ვკითხულობდი და ვეძახი ,,დე, ჩაი გამიკეთე რა” გამოვიდა სამზარეულოდან შემოყო ჩემს ოთახში თავი და ,,მაწონი ხო არ გინდა ?” - ექიმმა ჭიქიდან წყალი მოსვა. - დედას, არც ფსიქოტროპულები გაეხარდებოდა...
- დიდი ხანია რაც შეწყვიტე მიღება?
- კი.
- რატომ?
- იცი, რატოც.
- მენაგლები?!
- მე დავიწყე?!
- მომენატრა შემთან კამათი.
- დეგენერატო.
- როდის ამოიდგა იმან ხმა, არ მოგიყოლია ჩემთვის.
- ალბათ სულ ჩემთან იყო და ვერ ან არ ვამჩნევდი... არ ვიცი.
- გააგრძელე.
- პირველი კურსი საკმაოდ წარმატებით დავამთავრე. საშუალო ქულა 3,7 მქონდა. სტუდენტობა კარგად მახსენდება, რამდენიმე კარგი მეგობარი მყავდა… მეოთხე კურსზე მე და ჩემმა მეგობარმა მოვიფიქრეთ ინოვაციური მეთოდი, თუ როგორ უნდა შეიპარო კლინიკაში, ნებისმიერ განყოფილებაში ისე, რომ არავინ ზედმეტი კითხვა არ დაგისვას. მთავარია გქონდეს ხალათი და სასურველია ფონენდოსკოპი, ოღონდ ფონენდოსკოპი ჯიბეში, პირველკურსელივით კისერზე არა. ჩაიცვამ ხალათს, ოღონდ არ უნდა შეიკრა, შედიხარ კლინიკაში და ესალმები დაცვას, ვითომ, დიდი ხანია იცნობ. ფსიქოლოგიური მომენტია იმას ჰგონია, რომ ამხელა ექიმია, თვითონ მიცნობს, მე არ მახსოვს ვინაა… და ამას არ აღიარებს და ხმას არ გცემს, ისიც უბრალოდ გესალმება და გზაში ფორმიანი ვინც შეგხვდება ზოგს ვერბალურად ესალმები ზოგს თავის დაკვრით და მიდიხარ. არაერთხელ გამოგვიცდია, გენიალური მეთოდია.
- რა იდიოტები ხართ. მერე რა დაგემართა ? სწავლას ვგულისხმობ.
- რა ვიცი, არ ვიცი.
- გააგრძელებ?
- ჰო, ამაზე ვსაუბრობდით. იცი? წარმოდგენა არ მაქვს, რისი ხმაა. თითქოს ჩემი შინაგანი ხმაა, მაგრამ ეგეც არაა, იმიტომ რომ ისეთ იდეებს მაწვდის, რასაც მე არ გავაკეთებდი, არასდროს. არც ერთ შემთხვევაში. ან იქნებ გავაკეთებდი?! არ ვიცი…
- გიჭირს საუბარი?
- აუფ, ვითომ არ იცი. მიჭირს. ძალიან მიჭირს. შენთან მინდა.
- იცი, რომ ამაზე პასუხი არ შემიძლია.
- შეგიძლია! მაგრამ მე მოსმენა არ მინდა.
- კიდევ ვერ დამივიწყე?!
- შემეშვი. მიდი ბარემ ისიც დაამატე ,,ჩვენ შორის ისეთი არაფერი მომხდარა, ასე რომ გენატრებოდეო".
-...
- მიდი! გელოდები!
- გადარჩება ის შენი პაციენტი?
- ინფარქტი?
- ჰო.
- სამწუხაროდ. - ექიმმა ხარბად დალია დიდი ჭიქიდან წყალი
- ნუ ამბობ ასე.
- როგორ ასე?! რომ მინდა, რომ მოკვდეს?
- მართლა რომ გდომოდა მისი სიკვდილი...
- შენი აჩრდილი ვერ შემაჩერებდა?!
- ზუსტად.
- საკურთხევლის სანთელივით ანათებს შენზე მოგონებები ჩემს ცხოვრებას! ჩემს წარმოსახვაშიც კი ვერ იაზრებ შენს მნიშვნელობას.
- იდიოტი ხარ! ჩვეულებრივი იდიოტი.
- კი, იდიოტი ვარ. იდიოტი და უმაქნისი, რომ არ გავაკეთე ის ინექცია.
- ეგ არ მიგულისხმია...
- ვიცი რაც იგულისხმე. ადამიანის სულის გატეხვა და დამსხვრევა ძალიან ჩუმი და წყნარი რამეა, ბევრად საზარელია ამის აღიარება. აღიარების შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გაქვს, ის ინექცია კი ჩემი აღიარება იქნებოდა. შენი მოგონებაა ერთადერთი ემოცია, რაც ჩემში ცოცხლობს, შენ იყავი ერთადერთი ნათელი, წუწუნა წერტილი, შენ! მაგრამ ამის გააზრება არასდროს არ გინდოდა. ყველაფერს დავთმობდი, მხოლოდ ერთხელ. ერთხელ რომ შემეძლოს შენთან შეხება, ლოყაზე ხელი მოგადო, შენ თავი გადაწიო და ჩემი ხელი შენს ლოყასა და მხარს შორის მოაქციო, გამიღიმო და მეორე ხელით ჩუმად თავში წამომარტყა. მე რომ გკითხავ, რა გინდა?! შენ ყველაზე უდანაშაულო და მეამიტი ხმით მითხრა ,,მე არ ვიყავი” და ხარხარი აგიტყდეს. შენი სითბო მენატრება…
- და ხვდები იმას, რომ სანამ ჩემი აჩრდილი და მოგონება შენ გვერდით იჯდება და შენს უაზრო თამაშში აგყვება, მანამდე ცხოვრებაში წინ ვერ წახვალ?
- ...
- ხვდები?!
ექიმს ლანდისთვის პასუხი არ გაუცია. უბრალოდ თავი დააქნია.
- მერე?!
- არ მინდა წინ წასვლა, არსად წასვლა არ მინდა. შენთან მინდა.
- საცოდავი და პათეტიკური იდიოტი ხარ, რომელსაც უნდა, რომ ყველას ეცოდებოდეს.
- ადამიანობასა და აპათიურ არსებას შორის ერთადერთი წინაღობა შენი მოგონებაა.
- დაანგრიე ეს წინაღობა, დამივიწყე, აზრი არ აქვს...
- არ მინდა შენი გაშვება... არ შემიძლია...
- შეგიძლია! რახან მე ეს ვთქვი, ესე იგი, შეგიძლია!
- და ამასთან გინდა რომ დამტოვო?!
- მე... მე... მჯერა შენი.
- სტყუი!
- ...
- ...
- სოფელში სამუშაოდ რატომ გამოიქეცი?
- ვითომ არ იცი.
- მე ყველაფერი კარგად ვიცი. შენი აღიარება მჭირდება. შენი სიტყვებია, აღიარების შემდეგ უკან დასახევი გზა აღარაა.
- შენ დასავიწყებლად.
- გამოგდის მერე?!
- დამცინი კიდეც, ხო?!
- გიყვარვარ?!
- ალბათ... არ ვიცი.
- არანაირი ალბათ.
ექიმი მოულოდნელად ამოუცნობმა მრისხანებამ მოიცვა, მაგიდიდან ჩამოხტა, ლანდს მოსცილდა, თვალი თვალში გაუყარა და ზედმეტად დაჭიმული გიტარის სიმისებრი ხმით თქვა
- არა.
- რა?!
- სალომე.
ექიმმა ახალი ჭიქა წყლით გაავსო, წამლები აიღო და ხარბად დალია. რამდენიმე წუთში ყველა ხმა გაჩუმდა, ბრილიანტის ნაფხვენებით მოჭედილი მოგონებათა ცა ეტაპობრივად გაქრა და დარჩა მხოლოდ მისივე წარმოდგენით აპათიური ადამიანი. - ძილის დროა. გრძელი დღე იყო. ჩაილაპარაკა ექიმმა და დიდ სავარძელში ჩაეფლო.
დილით ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა.
- ჰო, სკამის კვალობაზე კარგად მეძინა... - მაგიდაზე დარჩენილ ჭიქას შეხედა, სახე მოეღუშა და კარადისკენ წავიდა. - ჰო, აღარ უნდა ,,დამავიწყდეს". მაგრამ მჭირდება კი ეს ყველაფერი?! - ექიმი ზიზღით უყურებდა წამლის ფირფიტას და თან ერთ აბს იღებდა. - თითოეული ცარიელი ფირფიტა ჩემი უმწეობის და მარცხის სიმბოლოა, მაგრამ მე უმწეო ხომ არ ვარ?! უნივერსიტეტში როგორ ვიძახდი ხოლმე? ,,ნებისმიერი რამ, რაც სხვას შეუძლია, მე უკეთ შემიძლია". მე არც პირველი ვარ და არც ბოლო, ვისაც არ გაუმართლა, ,,ბლექ ჯეკის” თამაში მაინც ვიცოდე... კარტში ხო გამიმართლებდა... ისე უნდა ვისწავლო, ოღონდ ჯერ სწრაფად ანგარიში 21 ის ფარგლებში - ექიმმა ხმამაღლა გაიცინა - არ მჭირდება ეს ყველაფერი... ექიმმა ფირფიტა სანაგვეში ჩააგდო. სახლში მინდა. პრობლემებს გაქცევით ვერ მოვაგვარებ, ხომ ასეა?! ასეა ასე...
იმ დღეს გოგი სამსახურის ნაცვლად სოფლის გამგეობაში წავიდა, ჯერ შვებულების - ხოლო შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლების ფორმა შეავსო. ჩემოდანი აიღო და ავტოსადგურზე ავტობუსს დაელოდა.
ექიმის წასვლის ამბავი მთელ სოფელს მოედო, ზოგი თხოვნით, ზოგი საჩუქრით, ზოგიც საერთოდ მოთხოვნით ცდილობდა გოგის გადარწმუნებას, მაგრამ ყოველი ცდა უშედეგო იყო. ჯიუტად იმეორებდა ,,სახლში უნდა წავიდე", სოფელი კი პასუხობდა, აქაც შენი სახლიაო, სანახავად ჩამოვალო, ცრუ დაპირება გასცა ექიმმა და ავტობუსში ავიდა.
სახლამდე გზა ძალიან გაიწელა, იმდენად გაიწელა, რომ ექიმმა მთელი განვლილი გზის გონებაში გადათამაშება მოასწრო. გაიხსენა, როგორ აუფრიალდა გული პირველად როცა შეეხო მას, ყველა მოგონება, ყველა შეგრძნება, ყველა წამი სათითაოდ ახლიდან შეიგრძნო.
როგორ იდგნენ მეტროში ერთად და ცალ-ცალი ყურსასმენით როგორ უსმენდენ მუსიკას, მაგრამ სიმღერის სახელი ვერ გაიხსენა... ყველა მისი ნათქვამი სიტყვა გაიხსენა,მასთან გატარებული ყველა დღე, მისთვის გაკეთებული ყველა სიურპრიზი... სათითაოდ სულ ყველა.
აქამდე ამ აზრებს განვითარების საშუალებას არ აძლევდა, მოგონებათა ტურბულენტურ მორევში ჩაძირვის ეშინოდა, ეშინოდა, რომ ადამიანობის შენარჩუნების ბეწვის ხიდზე ვერ გაივლიდა. ახლა კი გაიაზრა, გაიაზრა, რომ არ ღირს წარსულის გადაწყვეტილებათა ეჭვქვეშ დაყენება, მისმა ყველა გადაწყვეტილებამ მოიყვანა ამ ავტობუსში, ამ სკამზე.
ახლაღა დახედა ბილეთს 1/07 სიმბოლოებს თავისი ღმერთი თუ ჰყავს, ალბათ, ხმამაღლა დასცინოდა. ეს ხომ მათი პირველი შეხვედრის დღე იყო, გაახსენდა ის ღამე, როცა პირველად მისწერა მესიჯი, გაახსენდა ის უკომპრომისო, თითქმის დაუნდობელი, მაგრამ ერთადერთი ადამიანისადმი სიყვარულით მოწამლული პერსონაჟი, რომლის სახელის ხსენებასაც ხმამაღლა ვერავინ ვერ ბედავდა. ამ დროს მის გონებაში პირველად ამუშავდა რაღაც უცნაური მექანიზმი, ეგონა, რომ ედმონდ დანტესივით თვალები ჩაუქრებოდა, მაგრამ არა... პირიქით... ხმამაღლა გაიცინა - მე ხომ ყველაფერი შემიძლია - ჩაილაპარაკა და განაგრძო თავისივე გონებასთან დაპირისპირება, ოღონდ ეს არ იყო წარმოსახვით პერსონაჟებსა და ხმებთან ბრძოლა, ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ადამიანობასა და უსულო, რეფლექსურად მოფუნქციე თოჯინობას შორის, სადაც ნებისმიერი წვრილმანი კრიტიკულ მნიშვნელობას იძენდა. იმას ვერ იგებდა, თავიდან დაეწყო თუ ბოლოდან საკუთარ წარმოსახვასთან ჭიდილი, ალბათ ბოლოდან, როცა საბოლოოდ სძლია თავისვე მანკიერ სურვილებს. ფიქრობდა, მისი წარმოსახვის ყოველ სიტყვაზე... დარწმუნებული იყო კი, რომ ადამიანი უყვარდა და არა მისივე ავადმყოფ გონებაში შექმნილი იდეალური ვერსია... ჰო სალომე... სალომე... აქამდე სახელის წარმოთქმისაც კი ეშინოდა, სახელები ხომ ძლიერი სიმბოლოებია... წარმოსახვით ხმებსაც კი აუკრძალა მისი სახელის ხსენება და თავისივე უმწეობის დასაფარად მისი მარჯვენა, მაგრამ როგორც თვითონ ხუმრობდა, მარცხენა ხელის, მაკუნას, სახელი დაარქვა. ალბათ იმიტომ რომ უფრო გაემყარებინა მისი საჭიროების ილუზია ან ხშირად რომ ჰქონოდა ამ სახელის წარმოთქმის მიზეზი... ვინ იცის? იქნებ ორივე?
რაც კარგი იყო, კარგი იყო. ძალიან კარგი, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი მთავრდება, მარადიული ხომ არაფერია. გაიხსენა სალომეს გარდა სხვა ადამიანები მის ცხოვრებაში, როგორ გრძნობდა მათთან ერთად თავს, როგორ ეზიზღებოდა საკუთარი თავი სხვასთან რომ კარგად გრძნობდა თავს, როგორ უჩნდებოდა იმ ადამიანებისადმი აგრესია, რომლებიც სალომეს ადგილის დაკავებას ცდილობდნენ...
სალომესაც ჰქონდა ნაკლი? აი, ეს შეკითხვა კი პირველად დაუსვა საკუთარ თავს. ამაზე დიდ ხანს ფიქრობდა და, საბოლოოდ, მაინც თანხმობის ნიშნად დააქნია თავი. ის აიგნორებდა, ბლოკავდა ყველა ნეგატიურს, რაც მას უკავშირდებოდა, უბრალოდ არსებობას არ აღიარებდა, თავის თავსაც კი ვერ უტყდებოდა, როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც ნაკლი აქვს? თან არა ერთი. ამ დროს თითქოს დრო და სივრცე გაიყინა, ექიმმა თავი მარტოსულად იგრძნო, მიხვდა, რომ აქამდე რასაც გრძნობდა, ყოველივე ეს მისივე წარმოსახვის შედეგი იყო, არაფერი არ იყო რეალური... მაგრამ ეს სევდიანი ფიქრი მისივე გონებაში ამუშავებულმა უცნაურმა მექანიზმმა გააქარწყლა, თუ ის ყველაფერი მისი წარმოსახვის შედეგი იყო, ესე იგი, მან არ იცის ამ გრძნობის შესახებ, არაფერი, ესე იგი იმედიც ვერ გაუცრუვდებოდა. თვითონვე უკვირდა თავისი ოპტიმზმის... ეშინოდა ამ აზრისთვის განვითარების უფლება რომ მიეცა, იქნებ ესეც რომელიმე ვერაგი ხმა იყო, რომელიც იმედს მისცემდა და საბოლოოდ დაანგრევდა... ღირს კი ეს ყველაფერი ამ რისკად?! ალბათ კი. ალბათ სიყვარული მაშინაა ნამდვილი და ცოცხალი, როცა ადამიანი არა მისი დადებითი, არამედ უარყოფითი თვისებების გამო გიყვარს. იყო კი ასეთი მის ცხოვრებაში? ამაზე კი ჰქონდა მყარი პასუხი. - არა. ესეიგი ყველაფერი წინ იყო.
ამ ფიქრებში იყო გართული, როცა ავტობუსი მის სახლთან გაჩერდა, ექიმი დინჯად ადგა, ჩამოვიდა ავტობუსიდან, კარი შეაღო და
- დე, მოვედი.
***
ექიმი კარზე ბრახუნმა და კარს იქით ხმაურმა გააღვიძა.
- გოგი ექიმო! გოგი ექიმო!
გოგიმ თვალები გაახილა, ზანტად მიმოიხედა. ,,ნაცნობი ოთახია, მაგრამ ის არა, სადაც დავიძინე“- თავისთვის ჩაილაპარაკა
- გოგი ექიმო! კარგად ხართ? - გოგიმ ფანჯარაში რამდენიმე სილუეტის
გარჩევა შეძლო. ,,როდიდან აქვს ჩემს მეორე სართულზე მდებარე ოთახს ასე დაბლა ფანჯარა?’’ გაგვიღეთ, გთხოვთ - არ ჩერდებოდა გარედან ხმა.
- ა... ახლავე... რომელი ხარ? - დაბნე