ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცხოვრება შენშია, ბარბი!

ცხოვრება შენშია, ბარბი!

თავი 1 დღე პირველი

-თბილისი, უფრო დიდი ქალაქი წარმომედგინა!-ჩაილუღლუღა ბარბარემ, რომელიც მიწისზედა გადასასვლელ ხიდზე კესოსთან ერთად გადადიოდა.

-რატომ არ მოგწონს?!-ჩაეძია კესო და თავადვე განაგრძო მონოტონური საუბარი - თბილისი, დიდი ქალაქია! მეტი რაღა გინდა?! დედაქალაქია! ცხოვრება დუღს! ყველა თბილისისკენ ისწრაფვის!

-მე, უფრო დიდ ქალაქში მინდოდა სწავლა და თბილისიც დიდ ქალაქად წარმომედგინა…

-კარგი რა, ბარბი!- კესომ ირონიულად სცადა სიტყვა მოეჭრა მეგობრისთვის და დაამატა.

-ამაზე დიდი რაღა გინდა?!

-რაღაც განსაკუთრებული, რომელიც ჩემს სწავლაში გათენებულ ღამეებს დამიფასებდა და ღირსეულ ჯილდოდ მერგებოდა,ლამაზ, დიდ, განვითარებულ ქალაქში სწავლა...-თქვა ბარბარემ და კიბის ბოლო საფეხურები სწრაფი ნაბიჯებით ჩაირბინა.

-კარგი რა, ბარბარე! ღმერთს მადლობა უთხარი, რომ თბილისში ჩავირიცხეთ და თანაც საუკეთესო უნივერსიტეტში. ჩვენი კლასელების უმეტესობა, ბანძ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ!- თქვა კესომ, რომელიც ბარბარეს უკან ნელი ნაბიჯებით მიჰყვებოდა.

-აი, ასოცდათერთმეტი ნომერი მარშუტკა! გააჩერე!- შესძახა უცებ

ბარბარემაც რეფლექსური, სწრაფი მოძრაობით ხელი დაუქნია სამარშუტო ტაქსს, რომელიც ისეთი გადავსებული იყო, რომ უკვე შიგ ადამიანს ვერ იტევდა. გოგონებმა სრული სიჯიუტით შეავიწროვეს, ისედაც ვიწროდ და ერთმანეთს მიტმასნული მგზავრები და მოკუნტულებმა სამარშუტო ტაქსის კარი მჭიდროდ მიიხურეს.

-მოვასწარით!-აღტაცებით წამოიძახა კესომ, რომელით თავს დედოფლად გრძნობდა ამ განსაკუთრებულ დღეს და ბარბარეს გახედა, რომელიც მოკუნტული ტრანსპორტის ფანჯრიდან გზას ადევნებდა თვალს, რომ უნივერსიტეტს არ გასცდენოდნენ.

ბარბარე და კესო ზღვისპირა ქალაქ ანაკლიაში დაიბადნენ. სკოლის მერხიდან მოყოლებული სულ ერთად იყვნენ. იქ სადაც ნახავდით ბარბარეს, იქვე იყო კესოც და სადაც კესოს მოჰკრავდით თვალს, იქვე იყო ბარბარეც. ისინი როგორც წიგნებში და ლამაზ რომანტიულ ფილმებშია, იდეალური და საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მათ შორის არ არსებობდა არაფერი, რაც დაფარული, უცხო და განუხილველი თემა იყო.

გემოვნებაც კი, ორივეს ერთნაირი ჰქონდა და ამას, მათი ერთნაირი სტილის სამოსიც მოწმობდა. ორივეს ერთნაირი პიჯაკი ეცვა. უბრალოდ, ერთს მწვანე, ხოლო მეორეს ვარდისფერი.

-აქ გაგვიჩერეთ!-მიმართა ბარბარემ მძღოლს, როგორც კი შეამჩნია, რომ უნივერსიტეტის შენობას მიუახლოვდნენ. მძღოლიც თითქოს მზადყოფნაში იყო, მალევე დაამუხრუჭა და სამარშუტო ტაქსიც დაცარიელდა. გოგონებიც სწრაფად შეუერთდნენ უნივერსიტეტის ჭიშრისკენ მიმავალ ბრბოს.

-რომელ აუდიტორიაში გვაქვს ლექცია?!-ჰკითხა ბარბარემ კესოს, რომელიც შავყდიან ბლოკნოტში ცხრილს ათვალიერებდა.

-ასმეჩვიდმეტე ოთახში! მგონი, ქვემოთაა, ბოლო სართულზე!- სწრაფად უპასუხა კესომ მეგობარს და ნაბიჯებს აუჩქრა. გოგონებმა სწრაფად ჩაირბინეს კიბის საფეხურები და სწრაფადვე, ქუსლების კაკუნით გაირბინეს დერეფანი და მორიდებით შეაღეს აუდიტორიის კარი.

-მოდით! მოდით! სწრაფად!-მიმართა ხანშიშესულმა პროფესორმა გოგოებს, რომლებმაც მითითებისთანავე დაიკავეს წინა რიგში ადგილები და გაფაციცებით მიაშტერდნენ შუა ხნის ქალბატონს, რომელიც გაღიმებული სახით, ამაყად ათვალიერებდა ასობით სტუდენტთა მასას, რომელთაც ოთახში ხმაურიანი ზუილი ჯერაც არ შეეწყვიტათ. ის იდგა მშვიდად, გაღიმებული სახით და ელოდებოდა, როდის მოემზადებოდა თითოეული სტუდენტი ლექციისთვის და სათანადო, სწავლამოწყურებულ მზერას მიაპყრობდნენ ოთახის ცენტრში მდგარ მთავარ პერსონაჟს.

-მანამ სანამ სალექციო ორმოცდახუთი წუთი გასულა, უნდა მოვასწროთ დღეს, მინიმუმ საკუთარი თავის წარდგენა მაინც!-წარმოთქვა პროფესორმა, ხშირი მოწევისგან ჩახრინწული, თუმცა დამაჯერებელი ხმით. ოთახში სამარისებური სიჩუმე მაშინვე ჩამოწვა და როდესაც, უკანასკნელმა სტუდენტმაც გადაშალა რვეული ლექციის ჩასანიშნად, მან განაგრძო:

-როგორ ფიქრობთ, რა არის ის ერთადერთი სიტყვა, რითაც შეიძლება, რომ დაიწყოს ლექცია?-მიმართა კითხვით აუდიტორიას და რათქმაუნდა იქ მყოფთაგან გაისმა მრავალი განსხვავებული ვერსია.

-მისალმებით!- წამოიძახა ბოლო რიგში მჯდომმა ახალგაზრდამ, რომელსაც ღიმილით აღვსილმა პროფესორმა, უარის ნიშნად თავი დაუქნია.

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!-წარმოთქვა მორიგმა სტუდენტმა. პროფესორს ისევ გაეღიმა, უარის ნიშნად ისევ თავი გააქნია და ინტერესაღვილმა დაიწყო აუდიტორიაში მსხდომი სტუდენტების დათვალიერება, მორიგი პასუხის ძიებაში.

-გაცნობით!-წამოიძახა მორიგმა სტუდენტმა, თუცა პროფესორს,  არც მისი პასუხი მოეწონა.

-Well, -წარმოთქვა პროფესორმა. - მე გახლავართ, თქვენი ლექტორი და ამ კათედრის ხელმძღვანელი დიანა გეგეჭკორი... და მთელი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, მე შეგასწავლით...

-გაცნობით! ხომ გაიჟღერა ამ ვერსიამ პროფესორო?!-ნიშნისმოგებით საუბარი გააწყვეტინა მორიგმა სტუდენტმა.

-well, მე ასე არ ვიტყოდი!-გაეღიმა  პროფესორს.

დარბაზი დადუმდა.

-well, ეს არის სიტყვა, რომლითაც, ყველა ერუდირებული ადამიანი საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ამბობს, მანამ, სანამ საუბარს დაიწყებს.

-well, ეს არის, ერთგვარი პაუზა, როდესაც მოსაუბრე იღებს უხილავ ტაიმაუტს, რომ გონებაში ჩამოაყალიბოს წინადადება. ანუ, ჯერ დაფიქრდეს და შემდეგ გადმოსცეს აზრი.

პროფესორმა განაგრძო თავის წარდგენა და სტუდენტებს გააცნო თავისი ნაშრომები, წიგნები, აზიარა მეცნიერთა დღიურ წესრიგს და ცხოვრების სტილს. ბარბარე და კესო თვალებაციმციმებულნი უყურებდნენ ძლიერ, შემდგარ პროფესორს, რომელიც ბიოლოგიის კათედრის გამგე იყო და გონებაში ორივე მათგანი წარმოიდგენდა, თუ როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება, თუკი ისინი ყველაფერს გულმოდგინებით, სიბეჯითით და ძლიერი მონდომებით შეისწავლიდნენ. ალბათ, რომელიმე მათგანი, ოცი წლის შემდეგ, ისეთივე შემდგარი პიროვნება იქნებოდა, როგორსაც ქალბატონი დიანა წარმოადგენდა, თავისი დახვეწილობით და პროფესიონალიზმით.

როდესაც ზარის წკრიალის ხმა გაისმა, იმის ნიშნად, რომ ლექცია დასრულდა. დიანამ უკანასკნელად მიმართა სტუდენტებს:

-ახალგაზრდებო! იპოვეთ თქვენი გზა! თქვენი მიმართულება! და გონებაში წარმოიდგინეთ, როგორი, ან ვინ იქნებით, დღეიდან ათი წლის შემდეგ! ეს არის, თქვენი დავალება ხვალისთვის! უბრალოდ, დაფიქრდით და საკუთარ თავს მოუსმინეთ!

-დიახ! დიახ, რათქმაუნდა!- გაისმა კანტიკუნტად აუდიტორიაში სტუდენტთა შეძახილები. გოგონებმა, პროფესორს მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ.

-რა კარგი ქალი იყო!- წარმოთქვა აღტაცებულმა ბარბარემ, რომელიც კესოსთან ერთად სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა დერეფანს.

-აჰამ!-კვერი დაუკრა მობილურ ტელეფონში თავჩაქინდრულმა კესომ, რომლის სახეზეც მაცდური ღიმილი იკითხებოდა და კლავიატურაზე თითების სწრაფი მოძრაობით შეტყობინებას წერდა.

-ჰა, თქვი ეხლა, რა ხდება?!- ჰკითხა ბარბარემ და ინტერესაღვსილმა მეგობრის ტელეფონისკენ თავი გაწია.

-ლექსო მოსულა! გარეთ მელოდება!-უკასუხა კესომ მეგობარს და მობილური ტელეფონი ჯინსის შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიცურა.

-წადი, შენ მაშინ ლექსო ნახე! მე კი ამასობაში ბიბლიოთეკაში შევალ და იმ წიგნებს ავარჩევ, რომლებიც შეიძლება ამ წელს გამოგვადგეს. -თქვა ბარბარემ და მეგობარს თვალის კუთხეებიდან ჩამოღვენთილი ტუში მოწმინდა.

-უი, გადამივიდა მაკიაჟი?-შეცბა კესო

-არა, ცოტა იყო გადმოსული, ეხლა კარგია! მიდი, წადი! და შეგხვდები ლექციაზე!

-კარგი, წავედი! აბა შენ იცი!-თქვა კესომ და კიბეები სწრაფად აირბინა

ბარბარე, უნივერსიტეტის დერეფნის ბოლოში მდებარე ბიბლიოთეკისგან გაეშურა, ხოლო კესო მისი პირველ და ერთადერთ სიყვარულთან შესახვედრად. კესოს და ლექსოს ერთმანეთი სკოლის მერხიდან გაეცნოთ და თინეიჯერთა რომანტიული სიყვარულის ისტორიით, არამარტო ანაკლიის მცხოვრებნი, არამედ მიმდებარე ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობაც დაინტერესებულიყო. კესო იშვიათი სილამაზის, ბუნებრივად ხვეულთმიანი, შავ თვალებხატულა გოგო, ერთობ საინტერესო და სასურველი იყო ნებისმიერი ახალგაზრდა მამაკაცისთვის. მასაც ეს ყოველივე ძალზედ შეეფერებინა და ახლოს არავის იკარებდა. მხოლოდ, ლექსო გახდა ის ახლაგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც მისი ასაკისთვის შეუფერებელი მამაკაცობით, უდროოდ მოხიბლა ახალგაზრდა გოგონა. და, შეყვარებულებს სწორედაც რომ, დაუდგათ ის ნანატრი დრო, როდესაც სიყვარულის მალვის ნაცვლად, მისი გამოხატვა შეეძლოთ. ათასი თვალის და ათასი ყურის მოშორებით... ანაკლიასგან შორს.

ბარბარე, ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე დარეგისტრირდა და რიგებად ჩამწკრივებულ წიგნის თაროებს მიაშურა. ნაზად შეეხო ახალთახალი წიგნების ყდებს, რამოდენიმე წიგნი თაროდან გადმოიღო, ნაზად გადაფურცლა, ნესტოებთან მიიტანა და სურნელი ღრმად შეისუნთქა. ბარბარე, წიგნებს თაროებიდან ნელა და თანმიმდევრობით იღებდა. პირველ გვერდს გადაფურცლავდა, რამოდენიმე წინადადებას წაიკითხავდა და ისევ უკან აბრუნებდა. ის წიგნების რიგებს შორის მშვიდად მოძრაობდა, თითქოს არსად ეჩქარებოდა და როგორც კი, თაროებს შორის პატარა სავარძელი იპოვა, მაშინათვე მოკალათდა და მორიგი წიგნი ინტერესაღვსილმა გადაფურცლა.

სწორედაც, რომ ბარბარე იყო ის გოგონა, რომელსაც შეეძლო დღეები, კვირები, თვეები და თუნდაც წლები გაეტარებინა წიგნთა გარემოცვაში და დროის გასვლა, ვერც კი ეგრძნო, რომ არა ჩოჩქოლის ხმა, რომელიც რეგისტრატურიდან გამოდიოდა.

-no... no…! can you speak Georgian? Russian? -ხმამაღლა და აღელვებული საუბრობდა რეგისტრატურაში მომუშავე გოგონა

-Georgian, ცოტა-ცოტა! –უპასუხა მამაკაცმა, რომელმაც განაგრძო- haben Sie diese Buch?

-ვერაფერი ვერ გავიგე, რას მეკითხება!-წაიბუზღუნა გოგონამ და არემარეს თვალი ამაყად შეავლო, თითქოს ოთახში ეძებდა იმას, ვისაც დაადანაშაულებდა, რომ გერმანული სათანადოდ ვერ ესწავლა. ბარბარემ, წიგნების თაროებიდან გვერდულად გამოყო თავი და იკითხა:

- დახმარება ხომ არ გჭირდებათ?

რეგისტრატორთან მდგარმა მამაკაცმა, ბარბარეს დანახვისთანავე ხელი დაუქნია და ღიმილიანი სახით მიესალმა:

-Hallo!

-Hallo, brauchen Sie Hilfe?- იკითხა ისევ ბარბარემ და მამაკაცს მიუახლოვდა. მხსნელის გამოჩენისთანავე რეგისტრატორმა გოგონამ, ემოციები ვეღარ შეიკავა და აღტაცებულმა წარმოთქვა:

-მადლობა ღმერთს! ვერაფერი გავიგე! შენი თავი, ღმერთმა გამომიგზავნა!

ბარბარემ მამაკაცს შეხედა და მამაკაცმა რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, ფურცელზე დაწერილი წიგნის დასახელება აჩვენა.

-Ich brauche diese Buch, bitte!-გაიმეორა მამაკაცმა ხელახლა

-გერმანულენოვანი ლიტერატურა სჭირდება!-უთხრა ბარბარემ რეგისტრატორს

-კი, გვაქვს გერმანულენოვანი ლიტერატურა, რიგი ოცდათორმეტი, განყოფილება რვა. -გოგონამ მონაცემთა ბაზაში ჩაიხედა და განაგრძო:-თუმცა, მას ჯერ რეგისტრაცია არ გაუვლია.

-მაშინ, პირადობას დაგიტოვებს და დაარეგისტრირეთ! მე კი, წიგნების განყოფილებამდე მივაცილებ!

-კარგი ასე ვქნათ!- დაეთანხმა გოგონა, რომელსაც თავი ისევ კომპიუტერში ჩაერგო და ზედაც არ უყურებდა ახალგაზრდებს.

-Also, Sie braucht ihre Ausweis für Anmeldung und ich kann ihnen zeigen, wo Sie Deutsche Literatur finden.-უთხრა ბარბარემ მამაკაცს

-Ach! Toll. Sehr nett von Ihnen!-წარმოთქვა აღტაცებულმა მამაკაცმა, ხელჩანთიდან პირადობის ბარათი ამოიღო და რეგისტრატორს მიაწოდა.

-jetzt ich Zeige ihnen deustche Literarur und wenn Sie zurück kommen, bekommen Sie ihre Ausweiss zurück!- ბარბარემ აუხსნა ახალგაზრდას, რომ სანამ ის წიგნების განყოფილებამდე მიიყვანდა მას, გოგონაც დაარეგისტრირებდა ბიბლოთეკაში და დაბრუნებისას უკან მიიღებდა მის პირადობის მოწმობას.

-აი უკვე მოვრჩი! მარტო მისი სახელი და გვარი ჩავწერე. ესეც საკმარისია! აი ბარათიც!- თქვა რეგისტრატორმა და გოგონას ბარათი მიაწონდა და განაგრძო:- აუხსენი, თუ როგორ უნდა გამოიყენოს გოგონი, კარგი?!

-კარგი!- უპასუხა ბარბარემ და სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ რეგისტრატორმა რიგში მდგომ ახალგაზრდებს მიმართა

-შემდეგი ვინ არის?

ბარბარემ, მამაკაცი გერმანული ლიტერატურის განყოფილებამდე მიაცილა, გამოემშვიდობა და ის იყო რომ, კარებისკენ უნდა შეტრიალებულიყო, რომ ისევ მოესმა მამაკაცის ხმა

-Riechen Sie es nicht?

ბარბარე უცებ შეჩერდა და გაოცებულმა შეხედა გერმანელს, რომელსაც ერთ-ერთი წიგნი გადაეშალა და სურველი ღრმად შეესუნთქა. როგორც კი, ბარბარეს გაოცებულ სახეს თვალი მოჰკრა, თაროებზე სწრაფადვე მოძებნა გერმანულ-ქართული ლექსიკონი, სწრაფადვე დაიწყო ფურცვლა და როგორც კი, საჭირო სიტყვა იპოვა, ბარბარეს შეხედა და წარმოთქვა:

-სუნი!- მამაკაცმა, წიგნის ფურცლები ისევ ნესტოებთან მიიტანა, ღრმად შეისუნთქა და ბარბარეს გაუღიმა.

-Ich habe es gesehen!-დაამატა ბოლოს. ბარბარეს შერცხვა, არ იცოდა რა ეპასუხა, რა უნდა გაეკეთებინა. ვერ მიმხვდარიყო, თუ როდის მოასწრო გერმანელმა მისი დანახვა. ის ხომ მარტო იყო, როცა წიგნების სურნელს ღრმად ისუნთქავდა.

- Daniel!-წარმოთქვა უცებ მამაკაცმა და გოგონას ხელი გაუწოდა

-ბარბარე!- წარმოთქვა დაბნეულმა ბარბარემ და მამაკაცს ხელი ჩამოართვა, რომელმაც ქართულ-გერმანული სალაპარაკო ლექსიკონი სწრაფად გადაფურცლა, სასურველი ფრაზა ამოიკითხა და ბარბარეს აციმციმებული თვალებით შეხედა

-ისევ შევხვდებით?! ხომ?!..

ბარბარე დადუმდა. არ იცოდა რა ეპასუხა. მის ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რაღაც რომანტიული.

-კი?! არა?!...-ისევ ამოიკითხა დანიელმა მორიგი სიტყვები ლექსიკონიდან.

ბარბარემ გაიღიმა, როდესაც შეამჩნია, რაოდენ აღელვებული იყო მამაკაცი. ის ხომ უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა, ახალ პროფესიას ეუფლებოდა და იქნებ, დრო დადგა, შანსი მიეცა რაღაც ახალისთვის, სრულიად უცხოსთვის, შემოსულიყო მის ცხოვრებაში.

-შეიძლება!- თქვა ბარბარემ, ბიჭს გაუღიმა და კარებისკენ გაემართა.

მამაკაცმა, სწრაფად დაიწყო სიტყვის მოძებნა ლექსიკონში, რომ ეთარგმნა, ის რაც ბარბარემ რამოდენიმე წამის წინ უთხრა. უეცრად ფურცვლა შეწყვიტა, სახე დაუმშვიდდა და ღრმა მზერა მიაპყრო ბიბლიოთეკის კარებისკენ მიმავალ ბარბარეს.

 

 

 

თავი 2 დაგეგმილი და მოულოდნელი შეხვედრა

იმ დღის შემდეგ, ბარბარე ბიბლიოთეკას იმაზე ხშირად სტუმრობდა, ვიდრე ეს მას ჩვეულებრივ სჩვეოდა. მას ლექციებს შორის შესვენებისას, ლექციის შემდეგ, შებინდებამდე, სწორედ ბიბლიოთეკაში, გერმანულენოვანი წიგნების სექციაში მჯდომარეს ნახავდით. ის იჯდა სრულიად მარტო. ცალი თვალით წიგნში იხედებოდა, დროგამოშვებით კი მისი მზერა, ხან შემოსასვლელისკენ, ხან კი წიგნების რიგებს შორის მონაცვლეობდა.

-არამგონია, სწორ გადაწყვეტილებას იღებდე ბარბარე!-უსაყვედურა კესომ მეგობარს, რომელიც ჰაინრიხ ჰაინეს წიგნის ფურცლებს ერთმანეთის მიყოლებით ფურცლავდა.

-არა, სწორი გადაწყვეტილებაა! ასე სწავლა უფრო გამიადვილდება!- თავის აწევის გარეშე უპასუხა ბარბარემ კესოს

-გერმანული, ხომ სკოლაში ვისწავლეთ. უნივერსიტეტში უცხო ენად, ინგლისური უნდა ავირჩიოთ! გერმანული, ხომ უკვე საკმაოდ კარგად იცი?!-განაგრძობდა კესო მეგობრის დარწმუნებას

-კესო, ნუ ცდილობ ჩემს გადაბირებას! მინდა გერმანული უფრო საფუძვლიანად შევისწავლო!- მყარად იცავდა ბარბარე თავის გადაწყვეტილებას

-კარგი. როგორც გინდა, მაგრამ მე ჩემი უკვე გითხარი! იცოდე, მერე არ ინანო!

-არა, არ ვინანებ კეს!-ბარბარემ მეგობარს გაბრწყინებული სახით შეხედა და გაიღიმა

-დღეს გაქვს ლექცია?- მაშინათვე ჰკითხა კესომ მეგობარს, როგორც კი შეამჩნია, რომ წიგნების უკან, თაროზე დაბრუნება დაიწყო.

-ხო! რამდენიმე წუთში იწყება-თქვა ბარბარემ და როდესაც მეგობრის ნაღვლიანი სახე დაინახა დაამატა - გეფიცები, არ ვინანებ! შემდეგ სემესტრში, ინგლისურსაც დავიწყებ გპირდები!

-კარგი, როგორც გინდა!-თქვა კესომ, მეგობარი კარის ზღურბლამდე მიაცილა, თვითონ კი, თაროდან, ისევ ჰაინეს წიგნი გადმოიღო, ბარბარეს სავარძელში მოკალათდა და კითხვა დაიწყო.

ბარბარემ, სწრაფად აირბინა კიბის საფეხურები მესამე სართულამდე, დერეფანიც, იმავე, სწრაფი ნაბიჯებით გაირბინა, ხოლო როდესაც აუდიტორიას მიუახლოვდა, თმები შეისწორა, ხელჩანთიდან მინიატურული კოსმეტიკური სარკე ამოიღო, აღელვებულმა შიგ ჩაიხედა, გაიღიმა და აუდიტორიის კარი მორიდებით შეაღო.

ოთახში თხუთმეტიოდე სტუდენტი იმყოფებოდა, რომელთაც კარის გაღებისთანავე მზერა ბარბარესკენ მიმართეს და როდესაც პროფესორის ნაცვლად ახალი ჯგუფელი შერჩათ ხელთ, ისევ განაგრძეს ერთმანეთში საუბარი.

-გოგო, მართლა არ ვიცი, თუ რატომ დამიწერა დაბალი შეფასება! ნამდვილად არ ვიმსახურებდი! მთელი ღამე გავათენე და მაინც უშედეგოდ...- ეწუწუნებოდა ერთ-ერთი გოგონა, მის უკან, მაგიდასთან მჯდომ ახალგაზრდას.

-მეც, იმაზე ცუდი შეფასება მივიღე, ვიდრე ველოდი!-კვერი დაუკრა მეორემ, რომელიც მის გვერდით მაგიდასთან იჯდა.

-ასე ხომ,  GPA-ს გამიფუჭებს! არადა, როგორ მინდა დაფინანსება, რომ მივიღო. წარმოიდგინე, ყოველი თვის ბოლოს შოპინგი... თანაც ოჯახის ჯიბის ფულის გარეშე! ეს ხომ ნამდვილი საოცრებაა!- დაიწუწუნა ისევ პირველმა გოგონამ

-თუმცა, ვაღიაროთ სიმპათიურია!-აღტაცებით წამოიძახა წინა მერხზე მჯდომმა გოგონამ

-ნუ, მაგას ეხლა ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ცოტა ადამიანობა აკლია!-შეეპასუხა გვერდზე მჯდომი გოგონა და სწორედ, ამ დროს ,გაიღო ოთახის კარი და ოთახში შემოვიდა მაღალი, მხარბეჭიანი, ქერა ფერის თმებითა და ცისფერი თვალებით, ხელში შავი ტყავის ხელჩანთით, ბარბარესთვის კარგად ნაცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, ბიბლიოთეკიდან.

ბარბარეს, მის დანახვისთანავე თვალები გაუბრწყინდა, ცივმა ოფლმა დაასხა და ლოყებიც შეუწითლდა. დიახ, ეს, ის დანიელი იყო, რომელსაც ბარბარე ასე მოუთმენლად ელოდა, ყოველ დღე ბიბლიოთეკაში, თუმცა იმ დღის მერე არ შეხვედრია.

მამაკაცმა ხელჩანთა მაგიდაზე დადო, ოთახს გადახედა და ოთახის მარჯვენა კუთხესთან მზერა წამიერად გაეყინა. მან მზერა ბარბარესთან შეაჩერა, თვალი თვალში გაუყარა, შემდეგ სწრაფი მოძრაობით დაფისკენ შეტრიალდა და ახალი თემის ახსნა დაიწყო.

მისი ხმა, მამაკაცურად ომახიანი და ნაკადულივით მშვიდი იყო, მისი დგომის მანერა, სარეკლამო ბანერიდან გადმოსულ მსახიობს ჰგავდა. ის საუბრობდა დინჯად და აუღელვებლად, დროგამოშვებით აუდიტორიას შეავლებდა თვალს და ისევ განაგრძობდა თემის განვრცობას.

ბარბარე უსმენდა და ნატრობდა, მას, ისევ შეეხედა მისთვის, ან გამოლაპარაკებოდა, თუნდაც ისე, როგორც ეს, მათი პირველი შეხვედრისას მოხდა. თუმცა პროფესორმა, ბარბარესკენ მზერა, მხოლოდ ერთხელ მიმართა და ეს ბარბარეს არაფრით განსაკუთრებული ეჩვენა. ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი პროფესორის გამოხედვა, რომელმაც ოთახში ახალი სტუდენტი შეამჩნია.

ბარბარე ფიქრებში იყო გართული, რომ ზარიც დაირეკა და სტუდენტებიც სკამებიდან აიშალნენ. ბარბარე, ისევ მაგიდასთან იჯდა და პროფესორს თვალს არ აშორებდა. მან კი, ისევ ისეთივე სიდინჯით და აუღელვებლად ჩაალაგა ხელჩანთა, როგორსაც მთელი ლექციის განმავლობაში ავლენდა. ბარბარემ, კარებისკენ მიმავალ უკანასკნელ სტუდენტს შეავლო თვალი და იმედით აღვსილმა, პროფესორს შეხედა, რომელმაც თავაუღებლად დახურა ხელჩანთის ღილაკები და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.

ბარბარე, თითქოს სკამზე გაიყინა. ერთმანეთში არეულიყო სირცხვილის, გაუგებრობის და იმედგაცრუების შეგრძნება. თითქოს მისი ყველა კუნთი გაყინულიყო და მეტყველების უნარი დაჰკარგვოდა.

-იდიოტი ხარ ბარბარე, იდიოტი!- ჩაილაპარაკა რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ბარბარემ. სკამიდან ნელ-ნელა წამოდგა და ოთახიდან გავიდა. შემდეგი ლექციის ნაცვლად, ის ტერასაზე გავიდა და ჰორიზონტს მიაშტერდა. ასე იჯდა ჩუმად, რამოდენიმე საათი, ბოლოს ზურგჩანთიდან იისფერყდიანი, ტყავის დღიური ამოიღო, მონიშნულ გვერდზე გადაშალა და ჩაწერა:

,,დღე 31

მე ის ვიპოვე, თუმცა ძალიან შევცდი... მეგონა სულ სხვანაირი იყო... განსხვავებული. მაგრამ შევცდი... მწარედ შევცდი. იქნებ არც უნდა მომეძებნა,თუმცა უკვე გვიანია... მე, ის ვიპოვე და ძალიან მეტკინა!

მრცხვენია... საკუთარი თავის მრცხვენია! რატომ მეგონა, რომ მომესალმებოდა, გამომელაპარაკებოდა და ისევ ვიგრძნობდი, იმ განსაკუთრებულ გრძნობას,რომელიც ჩვენი პირველი შეხვედრისას დამეუფლა!

ჩემი ბრალია! მხოლოდ ჩემი ბრალია, ჩემი ასეთი მდგომარეობა!“

ბარბარემ, საწერი კალამი, დღიურის გარეკანზე მიამაგრა და ისევ ზურგჩანთაში ჩადო.

მზე უკვე დასავლეთისკენ იხრებოდა. ღამდებოდა.

ბარბარე გასასვლელი კარისკენ გაემართა და ის იყო, რომ შენობიდან გავიდოდა, რომ უეცრად ადგილზე გაიყინა.

-ბარბარე!-მოესმა ხმა ზურგს უკან

-ბარბარე, დამელოდე!-გაიმეორა ნაცნობმა ხმამ

-თქვენ?- გაკვირვებით, თუმცა სიამაყით წარმოთქვა ბარბარემ, როდესაც მის წინ აქოშინებული პროფესორი დაინახა.

-ყავა დავლიოთ?-ღიმილით და გამართული ქართულით იკითხა დანიელმა

ბარბარემ საათს დახედა.

-აქვე, მყუდრო კაფეა!- განაგრძო ბიჭმა და დაამატა -გთხოვ...

-კარგი, დავლიოთ!- დაეთანხმა ბარბარე, თუმცა ცდილობდა თავდაჯერებულობა და სიმტკიცე ხმაში ისევ შეენარჩუნებინა.

ისინი ნელი ნებიჯებით გაუყვნენ, უნივერსიტეტის უკან გამავალ ვიწრო ბილიკს.

-ბოდიში!- სიჩუმე დაარღვია დანიელმა

-რატომ იხდით ბოდიშს?-გაკვირვება ვერ დამალა ბარბარემ

-დიდხანს გალოდენე...-განაგრძო ბიჭმა

-არ დაგლოდებივართ!-იცრუა ბარბარემ

-არ მინდოდა ლექსიკონი!-განაგრძო დანიელმა მცირე ხნის პაუზის შემდეგ

-ვერ მიგიხვდით...- ოფიციალურობას ინარჩუნებდა ბარბარე

-ლაპარაკს ვსწავლობდი...-თქვა ბიჭმა და დაამატა - ქართულში!

-ოცდაათ დღეში შეუძლებელი შეძელით!- ისევ უკმეხად უპასუხა ბარბარემ

-ოცდამეთერთმეტე დღე მთავრდება დღეს!- შეუსწორა დანიელმა

-ანუ, ქართულ ენას სწავლობდით...-წაილუღლუღა ლოყებაწითლებულმა და დაბნეულმა ბარბარემ

-დიახ, ენას ვსწავლობდი!- გაიმეორა ბიჭმა

-კაფე ახლოსაა?- სიჩუმის ჩამოდგომის შეეშინდა ბარბარეს და ბაგებზე მომდგარი მორიგი კითხვა სწრაფადვე დასვა.

-კი, აქვეა კუთხეში!-უპასუხა დანიელმა და მის წინ მდგარ ჩეხური კორპუსის კუთხისკენ მიუთითა.

ბარბარე, ჩუმი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ქვაფენილებზე და გრძნობდა, სისხლი რაოდენ სწრაფად მოძრაობდა მის სხეულში. ეგონა, მისი სხეული აგიზგიზებული ბუხარი იყო, რომელიც საცაა ატკაცუნდებოდა და სიმხურვალისგან აღრიალდებოდა. ბარბარე გრძნობდა, თუ როგორ ეკიდებოდა ცეცხლის ალი სახეზე და რომ მისი სიმხურვალისგან გასაგრილებლად თვალებს აწყლიანება დაეწყოთ. ,,დრო რა ნელა გადის... ეს რა მემართება?!´´ -ბარბარეს გონებაში, აზრები ქაოსურად, ერთმანეთში არეულიყო.

დანიელმა, გოგონას კაფეში შესასვლელი კარი გაუღო, დინჯად მიჰყვა უკან და ღრმად, თუმცაღა, ჩუმად შეისუნთქა ბარბარეს თმისგან მომავალი, ველური ვარდის სურნელი, რომელსაც ის სიარულისას შლეიფად ტოვებდა.

-კაპუჩინო, კოვზნახევარი შაქრით!- უთხრა ბარბარემ მაგიდასთან მოახლოებულ მიმტანს

-მეც, თუმცა უშაქრო!- სწრაფადვე მისცა შეკვეთა დანიელმაც და როგორც კი, მიმტანი მაგიდას მოშორდა, მან მზერა ბარბარეს მიაპყრო. გარემოს, ბარბარეს მზერა უფრო იდუმალი გაეხადა. მისი სახე, მაგიდის სანათიდან მბჟუტავ სინათლეს, ოდნავ გაენათებინა. ადრე აწითლებული ლოყები, ჩრდილებს, მუქ ფერში გადაესახა, ხოლო მის თვალებზე მომდგარი სიხარულის ცრემლები,მკრთალ სინათლეს, ბრილიანტებივით აებრჭყვიალებინა.

-არ ვიცი, რა ვთქვა! - წარმოთქვა დანიელმა და მცირე ხნის პაუზის შემდეგ განაგრძო

-მთელი ეს დრო, ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა... მაგრამ ეხლა ყველაფერი ამერია და თავდაყირა დადგა!

-ამ ყოველივეზე გიფიქრიათ?- ჩაეძია ბარბარე და დანიელს ინტერესაღვსილმა შეხედა

-ყავაზე?... კაფეზე?..-აკანკალებული ხმით წაილუღლუღა ბიჭმა

-არა... ვერც კი წარმომედგინა.

-მაშინ, როგორ წარმოგედგინათ ჩვენი შეხვედრა?- ჰკითხა ისევ ბარბარემ

-განსხვავებულად!-მოკლედ უპასუხა ბიჭმა

-მაგალითად?- ჩაეძია ბარბარე

-როგორც ფილმებში!... რომანტიულად!- უპასუხა დანიელმა და სახეზე ღიმილი ვერ დამალა

-ჩვენი შეხვედრა არ იყო რომანტიული?- ისევ ჩაეძია ბარბარე

-იყო?- დაბნეულმა ბიჭმა კითხვა შეუბრუნა ბარბარეს

-პირველი შეხვედრა... ლოდინი... ლექცია... მზის ჩასვლა... გასეირნება...-დაიწყო ბარბარემ იმ სიტყვების წარმოთქმა, რომელებიც მოკლედ ასახავდა რომანტიზმს მასში.

-მგონია, რომ ჰგავს ეს ყოველივე რომატიულ სცენას!- დაიბნა ბოლოს ბარბარე და მიმტანის მიერ მოტანილი კაპუჩინო შესვა.

დანიელს გაეღიმა.

-პირველი შეხვედრა... სწავლა... მოლოდინი... სიურპრიზი... მოულოდნელი შეხვედრა... თვალთვალი... მზის ჩასვლა... გასეირნება...- ჩამოთვალა დანიელმაც მისთვის რომანტიზმის ამსახველი სურათი და მანაც შესვა კაპუჩინო.

-თვალთვალი?- დაიბნა ბარბარე

-ლექციის შემდეგ კაბინეტიდან გადევნებდი თვალს... შენ ტერასაზე იჯექი, სამი საათი და ცამეტი წუთი.- თქვა დანეილმა და ბარბარეს ხელს ხელი ჩაკიდა.

გოგონას, მთელ სხეულში თითქოს, მაღალმა ძაბვამ გაუარა... ეუცნაურა, თუმცა ესიამოვნა მამაკაცის ხელის შეხება... მანაც მეორე ხელი დაადო დანიელის ხელს და თვალებში შეხედა.

-თქვენ პროფესორი ხართ... მე კი სტუდენტი...- ხმა აუკანკალდა ბარბარეს

- საკუთარ თავს, პროფესორს ვერ ვუწოდებ- გაიღიმა დანიელმა და განაგრძო

-მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, თუმცა გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი, რომ გამოცდილება მიმეღო სტუდენტებთან მუშაობით.

-ჩვენ არ გვაქვს ასეთი პროგრამა...მაგისტრატურის სტუდენტმა, ლექციები წაუკითხოს სტუდენტებს!- დაამატა ბარბარემ

-არც ჩვენ გერმანიაში. თუმცა, მე ვსწავლობ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და ჩემი ნაშრომისთვის კვლევას ვაკეთებ.

-კვლევას?.. რა კვლევას?

-ადამიანის ქცევებზე დაკვირვებით... თუმცა, დეტალებს არ მინდა ჩავუღრმავდე! - მოკლედ უპასუხა დანიელმა

ბარბარე უხერხულად შეეიშმუშნა, დანიელის ხელს ხელი მოაშორა და კაპუჩინო ნაძალადევად შესვა.

-ჩემი სუპერვაიზერი ჰერ მაიერი, აღინიშნავს, რომ ეს კვლევა შეიძლება მეცნიერულ აზროვნებაში, რაღაც ახლის დასაბამიც კი იყოს და ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული, ბევრი შეხედულებაც კი შეცვალოს! -ღრმა და ჩაფიქრებული ხმით წარმოთქვა დანიელმა

-გასაგებია! ამიტომაც არ შეგიძლიათ, ჩემთან დეტალებზე საუბარი!-თქვა ბარბარემ და მოჩვენებითი ღიმილი აჩუქა ბიჭს

-არამარტო შენთან... არავისთან...! მანამ, სანამ დისერტაციას არ დავიცავ!-გაიღიმა დანიელმა და დაამატა

-როდესაც დისერტაციაზე დაიწყებ მუშაობას და ღრმად ჩაეფლობი კვლევებში, მაშინ მიხვდები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკითხის კონფიდენციალურობა.

-მესმის! თუმცა ასე სწრაფად ამის გააზრება მიჭირს!- თქვა ბარბარემ და მზერა გააყოლა ქუჩაში მიმავალ წყვილს, რომლებმაც სწრაფი ნაბიჯებით გაიარეს კაფის ვიტრინა.

-ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, თუმცა შენნაირს არასდროს!- თქვა დანიელმა და გოგონას თვალებში შეხედა

,,ტიპიური ბიჭი, გოგოს დაკერვის იმიტაციით!“ -გაიფიქრა ბარბარემ და ბიჭის თვალებს მზერა გაუსწორა

-ადამიანები, ერთმანეთს არასდროს გვანან!- თქვა ბარბარემ და დასძინა -რათქმაუნდა, ჩემნაირსაც, მხოლოდ ჩემთან თუ იპოვით!

-ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს...

-...თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ!- შეაწყვეტინა სიტყვა, ბარბარემ და თვითონ დაასრულა წინადადება.

-დიახ!-დაუდასტურა ბიჭმა

,,აბა რა, სხვას არც ველოდი!-გაიფიქრა ბარბარემ

-რა?- დანიელის შეკითხვამ გამოაფხიზლა ბარბარე და სიმწრისგან ენაზე იკბინა, როცა მიხვდა, რომ ხმამაღლა გაიფიქრა ის, რაც მხოლოდ მის გონებაში უნდა დარჩენილიყო.

-ვერ მივხვდი...-ჩაეძია დანიელი

-ჩემთვის, მოულოდნელი არ ყოფილა თქვენი საუბარი!- უპასუხა ბარბარემ

-რატომ?

-მამაკაცები, ხომ ხშირად ერთი და იგივე ხერხს იყენებენ, მანდილოსანთან საუბარისას.

-ვერ დაგეთანხმები!

-ეს უკვე თვალნათლივ გამოჩნდა.

-ვერ დაგეთანხმები!- გაიმეორა დანიელმა

-რატომ?

-იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთს არ გვანან!

ბარბარეს შერცხვა და გაჩუმდა.

-ბოდიში, ზედმეტი მომივიდა!- წაილუღლუღა გოგომ და დანიელის მზერას თვალი აარიდა

-არაუშავს! მესმის!...

ბარბარემ მორიდებით დახარა თავი და მაჯის საათს დახედა

-გაგვიანდება?- ჰკითხა ბიჭმა

-არა, თუმცა სახლში მეგობარი მელოდება და ინერვიულებს!

-ბოდიში...- თქვა დანიელმა ჩუმი ხმით და მორიგი კითხვა დაუსვა გოგონას

-წავიდეთ?

-წავიდეთ...

-მე გადავიხდი!

-მადლობა...

ბიჭმა ანგარიში დახურა და მამაკაცური ჟესტით, გოგონას ისევ კარი გაუღო.

-ცივა...- თქვა ბარბარემ, როგორც კი ქარმა გაშლილი თმები აუწეწა