ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცისარტყელა

ცისარტყელა

ცისარტყელა

 

ნაწილი 1

თავი 1

 

 და მე სიკვდილი გადავწყვიტე...

 სარკის წინ სრულიად შიშველი ვიდექი და დაჟინებით ვუყურებდი საკუთარ სხეულს, თითქოს ამ სხეულს ეს სული არ ეკუთვნოდა, რადგან მეტისმედად ლამაზი იყო მისთვის. მივუახლოვდი სარკეს, რადგან შეხება მომინდა, მაგრამ უნებლიეთ კანკალმა ამიტანა და ცრემლები წამომივიდა, ხოლო მაშინ ვიხილე ნამდვილი სილამაზე, რომელიც სარკეში იყო გამომწყვდეული და გავაცნობიერე, რომ რეალურ სამყაროში ეს სილამაზე არასდროს ჰპოვებდა ჭეშმარიტებას. ნეტავ რას განიცდის პეპელა ცხოვრების იმ მოკლე დროში?

 თითოეული ის მომენტი, რაც კი ერთად გაგვიტარებია დაშორების ჟამს დაუფასებელი დარჩა, მაგრამ დრო გადიოდა და წამიც კი ღირებული ხდებოდა, რადგან ის უკვე მოგონებად იქცა.

 ჩვენ შორის იყო ვნება, მიზიდულობა, მონატრება, ეჭვიანობა, ეგოიზმი, შეურაცხყოფა, მანიპულაცია, ზიზღი... არ იყო სიყვარული, მაგრამ იყო მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ვნება, რაც ორივეს გვაგიჟებდა. უჩვეულო გრძნობა მქონდა, თითქოს საკუთარი ნების წინააღმდეგ ვმოქმედებდი და მიუხედავად ამისა მაინც წავედი იქ, სადაც გული ბოლომდე არ მიმიწევდა, უბრალოდ ავდექი და არჩილთან შესახვედრად პარიზში წავედი.

პარიზი, 27 ოქტომბერი, 2021 წელი.

-        რომ მოვკვდები, იტირებ? - ვკითხე მე.

-        გააფრინე? - დაიბნა ის.

-        მიპასუხე.

-        არ ვაპირებ. - ალმაცერად შემომხედა და მომიგდო არაფრის მომცემი სიტყვები.

-        იტირებ? - არ ვეშვებოდი.

-        რატომ მოგივიდა ეგ სისულელე თავში? - ცდილობდა თავი აერიდებინა ამ კითხვაზე, ამიტომ კითახვას კითხვითვე უპასუხა.

-        კითხვას პასუხი სჭირდება. - ჩუმად და მშვიდად მივუგე.

-        არ ვაპირებ გიპასუხო.

-        რატომ? მე ხომ ვერ ვნახავ იმ დადგმულ სცენებს?! - ირონიაც მოვიშველიე.

-        გიჟი ხარ. - მიზეზიც გამონახა.

-        იტირებ?

-        ამის გაფიქრებაც არ მინდა. - მომეჩვენა, რომ აქ სიყალბე შეჰპარვოდა და ვცდილობდი გამეტეხა, ამიტომ დაჟინებით ვატრიალევდი ერთი და იგივე კითხვას.

-        იტირებ?

-        არ ვიცი.

-        უკვე გაიფიქრე და ჩემი სიკვდილიც დაუშვი.

-        გაჩუმდი. - თითქოს გაბრაზდა და შემდეგ მითხრა. - მე შენ მჭირდები.

-        გრძნობ, როგორ ბრუნავს დედამიწა?

-        რა თქმა უნდა, არა! - მისგან კატეგორიული პასუხი და დამცინავი ღიმილი მივიღე.

-        ღრმად ჩაისუნთქე, შემდეგ იფიქრე დედამიწაზე... წარმოიდგინე გაზაფხულზე აყვავებული ხე და იფიქრე მასზე, იფიქრე სითბოზე, სიყვარულზე, ხელოვნებაზე, შენზე და ჩემზე... ჰო, სიყვარულიც ხომ ხელოვნებაა და გენიალური ხელოვანი უნდა იყო, რომ ასეთი შედევრი შექმნა სიყვარულის სახით.

-        შენ სულ გააფრინე? - ხმა გაებზარა, მაგრამ მე არ ვჩერდებოდი.

-        ძვირფასო, აქ ყველა ვაფრენთ, უბრალოდ განსხვავებულად.

-        რატომ არ ეშვები ამ სისულელეებს.

-        მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ.

-        როგორი ხარ? - ეს კითხვა არასდროს მიყვარდა.

-        არ ვიცი... არც კარგი, არც ცუდი... აი, ასეთი ვარ... - ლაპარაკი შემაწყვეტინა.

-        ახლა არ დაიწყო.

-        რატომ არ მაცდი ლაპარაკს?

-        შენი მოსმენა არ მინდა.

-        მიზეზი მითხარი?

-        მაღიზიანებ. - ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის.

-        რა დაგიშავე?

-        დამიშავე? - მომიახლოვდა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ იმდენად არ მესიამოვნა მისი მზერა, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი და თავი მარჯვნივ მივატრიალე, სადაც მოულოდნელად აღმოვაჩინე მივიწყებულ კედელზე ჩამოკიდებული ბოტიჩელის შედევრი „ვენერას დაბადება“, რაც ჩემი ინტერესის ობიექტი გახდა და მისი ლაპარაკი ბზუილად იქცა. - თუ მისმენ მაინც?

-        დიახ, გისმენ.

-        წლებია ვისმენ შენს არანორმალურ აზრებს, ახლა მეკითხები კიდევაც, რა დამიშავე? არ გრცხვენია?

-        წადი. - ძალიან ცივად ვუთხარი, რადგან დავიღალე.

-        სად წავიდე? - ნამდვილად გაოცდა და არ ელოდა.

-        სადაც გინდა.

-        არსად არ მინდა.

-        არ მაინტერესებს. - მისი აქ ყოფნა უკვე მეტისმეტად მაგიჟებდა და ფარული კანკალი ამივარდა.

-        არც მე. - წასვლას არ აპირებდა, მაგრამ მე ვგრძნობდი, როგორ მეპარებოდა შიში, უბრალოდ მაშინ არ მესმოდა საიდან გაჩნდა ასე უმიზეზოდ.

-        წადი-მეთქი.

-        არ წავალ.

-        წახვალ.

-        როგორ წავალ?

-        უბრალოდ ადექი და წადი, ძალიან მარტივია.

-        შენ თვითონ წადი.

-        მე არსად არ ვაპირებ წასვლას.

-        არც მე.

 ორივე გავჩუმდით.

 სურვილი არ მქონდა, რამე მეთქვა, ამიტომ ყავა დავისხი, სიგარეტს მოვუკიდე და ფიქრებში გადავეშვი, მაგრამ მან ისევ დაარღვია ყველაფრის მთქმელი სიჩუმე.

-        რამის თქმა გინდა?

-        ...

-        მისმენ მაინც? - ჩემმა მეტისმეტად ხმაურიანმა სიჩუმემ გაანრისხა და ხმა აიმაღლა.

-        რა გაყვირებს? - მშვიდად ვკითხე მე.

-        არ ვყვირივარ, უბრალოდ ასეთი ტონი მაქვს.

-        უფლება არ გაქვს მიყვირო და საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს ჩემთან.

-        ნუ მაგიჟებ. - საშინელი გამოხედვა ჰქონდა, ხოლო მაშინ მომეჩვენა, რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი და მე შემეშინდა. - დროა გაერკვე საკუთარ თავში, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა.

-        არ მაინტერესებს, სიამოვნების მისაღებად სხვებს ზიანს არ მივაყენებ.

-        ეს არც მიფიქრია.

-        რა იფიქრე?

-        მინდა დაგეხმარო, ოღონდ თუ საშუალებას მომცემ. - ალბათ ეს მისი ტაქტიკური სვლა იყო, რადგან ეჭვები შიგნიდან ახრჩობდა.

-        რატომ გამოგყავარ საცოდავ ქალად? განა მხოლოდ მე განვიცდი?

-        ნერვებს მიშლი. - როცა კითხვებს უპასუხოდ ტოვებდა, მაშინ სულელივით იქცეოდა და ცდილობდა თავი დამნაშავედ მეგრძნო. – “ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია. მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ერთმანეთს” ვიღაცის გასამწარებლად.

-        რისი თქმა გინდა?

-        დრო ყველაფერს ფარდას ახდის, ამიტომ შორიდან დაგაკვირდები.

-        ეჭვები გკლავს, არ მენდობი და გგონია, რომ ყველაფერს ვიტყვი. - ეს მეტკინა, რადგან ეჭვიანობისა და არ ნდობის მიზეზი არასდროს მიმიცია. - ნამდვილი იდიოტი ხარ.

-        არ გიყვარვარ.

-        ახლაც ვერ გრძნობ?

-        რას უნდა ვგრძნობდე?

-        თუ როგორ ბრუნავს დედამიწა.

-        მასხრად მიგდებ?

-        არა, მასხარა კარგი ვინმეა.

-        მე?

-        ეგოისტი და მესაკუთრე ხარ. - სიმართლეა, რადგან მსხვერპლს მხოლოდ ჩემგან მოითხოვდა, სანაცვლოდ ერთი თბილი სიტყვაც არ ემეტებოდა ჩემთვის.

-        მართლა ვერ გრძნობ?

-        ვგრძნობ, როგორ მირტყამს ტვინში შენი საუბარი.

-        მიდი, მიდი დამცინე. - ისევ სიგარეტს მოვუკიდე და ხარბად დავეწაფე. - არ გჯერა, ხომ ჩემი?

-        რა თქმა უნდა.

-        არც ჩემი სიზმრების?

-        არავითარ შემთხვევაში.

-        ხშირად გხედავ სიზმრებში.

-        როგორი ვარ იქ?

-        სევდიანი.

-        კიდევ?

-        არასდროს საუბრობ.

-        სწორადაც ვიქცევი. - ეს თქვა და გამომცდელად შემომხედა, რადგან ჩემი რეაქცია აინტერესებდა.

-        სიზმარშიც კი ჩემი არ ხარ.

-        ეს შენ არ გსურს. - დარწმუნებით თქვა მან.

-        იქნებ სხვა ცხოვრებაში გაგვიმართლოს? - ვკითხე მე.

-        ნუ იძახი სისულელეს. - ხელი ჩაიქნია, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და სახეზე უზარმაზარი კითხვისნიშანი აღებეჭდა.

-        ჩემს სიტყვებში არასდროს არაფერია სისულელე. - დასაბუთებული სერიოზულობით ვუთხარი და დავინახე, როგორ გაუფითრდა სახე.

-        შენ ადამიანის ღირსი არ ხარ. - ბრაზისგან მიყვიროდა და მე ამას ვიტანდი, რადგან მეშინოდა. - სირაქლემას მაგონებ, რომელიც მიწაში ცოცხლად გარბის. - აქ თვითონაც ძალიან ანერვიულდა და კედელს მუშტები დაუშინა. - შენ მე ბოლო მომიღე. - შემეცოდა, მაგრამ საკუთარი თავი უფრო მეცოდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე დაწყებული დამესრულებინა, სანამ კიდევ უფრო შორს შევტოპავდით.

 დიდად დასრულების სურვილი არ მქონია და ვუთხარი მე.

-        სანამ პარიზში ჩამოვიდოდი ძალიან ატუტუცებული ვიყავი და მეგონა, რომ რაღაცებზე გადაბიჯება მარტივი იქნებოდა, მაგრამ პირველი შეხვედრის შემდეგ ფიქრებში ღრმად გადავეშვი, რადგან საკუთარ თავს ვერსად გავექცევი. - აქ მცირე პაუზა გავაკეთე, ისევ სიგარეტს მოვუკიდე და ლაპარაკი გავაგრძელე. - მხოლოდ მეგობრობის შემოთავაზება შემიძლია თუ შენც გსურს.

 მან მძიმედ ამოიოხრა, გაფითრებული იყო, სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი დაჰკარგვოდა და მისი შემყურე საკუთარმა სიტყვებმა თავადვე შემაშინა.

-        მე ერთგული ვარ, მაგრამ ყველა თვითონ მტოვებს, თვითონ მიდიან... მთელი ჩემი ცხოვრება ასე იყო და ამას მივეჩვიე. - მითხრა მან და ძლივს შევიკავე ცრემლები. - ცოცხალი სარკაზმი ხარ და შენთვის ყველაფერი სულერთია.

-        ჩემგან მსხვერპლი გჭირდება? მე რა მომავალი მაქვს? დამალული უნდა ვიყო? როცა ამომწურავ, მოგბეზრდები და მიიღებ იმას, რაც გსურს, მაშინ მიმაგდებ.

-        ყოჩაღ, ამას არასდროს გაპატიებ. - სიმართლე ასეთია, თავდაცვას გაიძულებს. - ლაპარაკი დავასრულე.

-        შენ უკეთესი წარმოდგენა გაქვს? წამშალე შენი ცხოვრებიდან, რადგან ისედაც არ არის იქ ჩემი ადგილი. - რატომღაც ტირილი აზრადაც არ მომსვლია, უბრალოდ მისგან შორს ყოფნა მინდოდა.

-        კარგად იცოდი ვინც გიყვარდებოდა და ზედმეტად ნუ მოსთქვამ.

-        ნამდვილად არ დამიგეგმავს სიყვარული.

-        მხოლოდ ღმერთმა თუ იცის ჩვენი მომავალი.

-        რომელი მომავალი? ჩვენ მომავალი არ გვაქვს. - ეს სიმართლეა, მაგრამ არ ვიცი თავად რა აზრები უტრიალებდა თავში.

-        შეგყვარებოდა უცოლო და არ მოგიწევდა დამალვა. - ძალიან მწარე იყო ეს სიტყვები, მაგრამ მაინც გავიღიმე და ვუთხარი:

-        როცა მოვკვდები, სწორედ მაშინ დასრულდება შენი ცხოვრება.

-        მგონი მეთამაშები, არ გიყვარვარ და საერთოდ რა მონატრებაზეა საუბარი?! გინდა, რომ მიწასთან გამასწორო. - თითოეულ საქციელს სხვა ახსნა არ ჰქონდა და არც ვამტყუვნებ, უბრალოდ ჩემზე პროვოცირებდა, რაც ძალიან მაწუხებდა. - იქნებ როგორ მინდა მესმოდეს, რომ გიყვარვარ.

-        ჩვეულებრივი პროვოკატორი ხარ, მაგრამ არ გამოგივა.

-        ცუდად არ დაამთავრო ეს თამაში, ფრთხილად იყავი. -  ვგრძნობდი, რომ სახეზე ალმური მედებოდა, რადგან ეს სიტყვები ისე ჟღერდა, როგორც მუქარა, მაგრამ მაინც გავიღიმე და მოჩვენებითი სიმშვიდე შევინარჩუნე.

 სწორედ მასთან შეხვედრისას გავერკვიე საკუთარ გრძნობებში და მაშინ მართლა ვიგრძენი დედამიწის ბრუნვა, ამიტომ საღამო ჟამს მე სიკვდილი გადავწყვიტე, რათა დიდებულ მზის ამოსვლასთან ერთად თავიდან დამეწყო ცხოვრება.

თავი 2

 

თბილისი, 8 მარტი, 2023 წელი.

 

-        მისმენ? მეც ვარ რა შენ რომ გელაპარაკები, მაგრამ რა ვქნა? სამყაროს გავემიჯნე და მხოლოდ შენ თუ მოგიყვები ამბავს, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება ყირაზე დააყენა და გახდა აქ ყოფნის უტყუარი მიზეზი.

 მგონი საერთოდ არ მისმენდა, რადგან ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს, თუმცა მის გვერდით ვიჯექი. ლაპარაკი გავაგრძელე.

-         საკუთარ თავს განვიკითხავდი იმის ფონზე, რაც გავაკეთე და ამან ფსიქიკური აშლილობა აშკარად გამოავლინა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 6 წლის ასაკში მშობლებმა ბნელ ოთახში ჩამკეტეს იმის გამო, რომ სწავლა არ მინდოდა. ამ მეთოდმა ნამდვილად გაამართლა, უბრალოდ სწავლასთან ერთად ბონუსად შფოთვით აშლილობასაც გამოვკარი ხელი და შენ? შენ რატომ ხარ აქ? მოგვიანებით მეტყვი? კარგი, არ გაძალებ, რადგან აქ დრო თავზესაყრელად გვაქვს. მე? რატომ ვარ მე აქ? ჰო, მხოლოდ შფოთვითი აშლილობის გამო არ ვარ... ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, ხოლო დროთა განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო ფსიქოლოგიურ დაავადებებსაც გადავეყარე, მაგრამ მასთან შეხვედრამ ჩემი მდგომარეობა გაამწვავა და აღმოცენდა ის, რაც ჩვენი ანუ შენი და ჩემი გაცნობის მიზეზი გახდა. - გავიღიმე, ფეხზე წამოვდექი და მასთან ახლოს მივედი. - მე კასი ვარ და შენ რა გქვია? არ მეტყვი ხომ? ალბათ ასე სჯობს. - სწორედ მაშინ, როცა დავნებდი წამიერად მან თავი ჩემკენ შემოატრიალა და ადგილზე გავშეშდი. - ღმერთო ჩემო.

 მხოლოდ ამის თქმა შევძელი, რადგან მისმა სსილამაზემ სულელურ მდგომარეობაში ჩამაგდო. ბოტიჩელის ვენერას მაგონებდა, უბრალოდ განსხვავება ასეთი იყო: ის იყო ბოტიჩელის ვენერა, რომელიც ზღვის ქაფიდან იშვა და იდგა მონუმენტურ ნიჟარაზე, რაც მიგვანიშნებს რომ ქალღმერთია, ხოლო ეს ვენერა იშვა ქალის საშოდან და ზის ამ ეზოში ხის სკამზე, რაც მიგვანიშნებს რომ შეურაცხადია. მადლობა ღმერთს, რომ არავინ დამინახა თორემ „გატისკვა“ არ ამცდებოდა.

-        ვენერა, ჩემი გესმის? მგონია, რომ გესმის. იცი სხვა საუკუნეში რომ გვეცხოვრა ამ სიპტომით ცოცხლად დაგვწვავდნენ, რადგან მაშინ ფსიქოლოგიურ აშლილობას დემონურ ძალებს მიაწერდნენ, მაგრამ შემომხედე და გულწრფელად მითხარი რას ხედავ, როცა მე მიყურებ? - მივაშტერდი პასუხის მოლოდინში, მაგრამ არც კი გამომხედა. - არაფერს მეტყვი?

 იმდედგაცრუებულმა სახე დავმანჭე და იქვე აღმართულ უზარმაზარი მუხის ხის ქვეშ ჩამოვჯექი. ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე უზარმაზარი მწვანე სივრცე მდელოს სახით, რომლის ცენტრში განთავსებული იყო ღია ნაცრისფერი გოთიკური სტილის შელახული შენობა. შენობას ირგვლივ შემოვლებული ჰქონდა მეტალის ეკლისებრი კონსტრუქცია, რაც ძალიან არ უხდებოდა და შემზარავ ელფერს სძენდა, მაგრამ თანდათან თვალი ეჩვევოდა და ესეც კი ჩვეულებრივი ხდებოდა. გალავნის იქით მოჩანდა ბობოქარი შავი ზღვა, რასაც უეცრად განრისხებული ცა ერწყმოდა. რატომღაც შენობა და მუხის ხე ერთმანეთის პირისპირ იდგა, თითქოს ამ ორს შორის რაღაც კავშირი იყო. მწვანე მდელოზე მოძრავ ადამიანთა სილუეტებს ვხედავდი, რომლებიც თეთრ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი და თავისებური დამახასიათებელი მოქმედებებით გამოირჩეოდნენ ერთმანეთისგან. ეს ყველაფერი კინოს ჰგავდა, მაგრამ როგორ აღიქვამდა ამ სურათს გოგონა, რომელსაც ბოტიჩელის ვენერას ვამსგავსებდი?

 წარმოდგენა არ მაქვს გარეთ რა ხდება.

-        იცი მიყვარს, როცა სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ, საკუთარ შიშველ სხეულს დეტალურად ვაკვირდები, რადგან მგონია, რომ ამ დროს სულიც შიშვლდება და მის დანახვას შევძლებ. დედამიწაზე პრობლემების გარეშე არსებობა შეუძლებელია და ეს მოსაწყენიც იქნებოდა ჩვენნაირი ადამიანებისთვის. როგორ გგონია, აქ მარტო ვართ? წუხელ სიზმარი ვნახე, სადაც ჩემი შვილი და მე ზღვის ნაპირს მივუყვებოდით... ზღვას ტალღები არ ჰქონდა იმის მიუხედავად, რომ ძლიერი ქარი ჰქროდა, მაგრამ ეს სულაც არ იყო ჩემთვის უცნაური... სხვა არაფერი მომხდარა სიზმარში და გამომეღვიძა... მე შვილი არ მყავს. - მან ისევ გამომხედა და თვალი თვალში გამიყარა, შემდეგ მორიდებით თვალი ამარიდა და მისი მზერა გვალვისგან დახეთქილმა მიწამ მიიპყრო. მომეჩვენა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა. - როგორ ფიქრობ, ეს სიზმარი ჩემ სამომავლო მარტოობაზე მიანიშნებს? მიჭირს შევინარჩუნო სიმშვიდე, რადგან ეს წარსული საკუთარი ჩრდილივით ყველგან თან დამყვება. ერთ დღეს ყველაფრის მიმართ ინტერესი დავკარგე... საკუთარ თავთან ურთიერთობის უნარიც კი ხელიდან გამომეცალა და თანდათან მდგომარეობა გამიუარესდა. დამეწყო უძილობა, დაძაბულობა, გაუარესებული შფოთვა, ენერგიის არქონა, მადის ცვლილება, უსარგებლობის განცდა და კონცენტრაცია დავკარგე. თითქოს ეს ჩემს დეპრესიაზე მიანიშნებდა, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი ერთადერთი სუიციდისადმი ინტერესი არ გამაჩნდა. - ცრემლები ვერ შევიკავე. - ეს ჩემს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იყო, რადგან ყველა ახლო ადამიანმა ზურგი მაქცია და პრობლემის წინაშე მარტო აღმოვჩნდი... დახმარება მჭირდებოდა, მაგრამ არავინ მეგულებოდა გარშემო, ამიტომ უმისამართოდ ქუჩაში ხეტიალი დავიწყე. ბოლოს აქ აღმოვჩნდი. - ვთქვი ეს და ცრემლები მოვიწმინდე. - ზოგჯერ პერიოდულად ვითიშები, თითქოს გონება მებინდება და ნაცნობი ხმები ჩამესმის... ზოგჯერ მეძახის, კასი, კასი და სწორედ მაშინ გონს მოვდივარ, მაგრამ არასდროს დავდივარ ხმების ჭკუაზე, რადგან მათი არ მჯერა.

 სამყაროში არსებული ფერები ჩემთვის ზედმეტად ჭრელი და გამაღიძიანებელი იყო, მაგრამ აქ არსებულმა ფერებმა სიმშვიდე მომიტანა. მას ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორი დახვეწილი იყო, როგორ შვენოდა ეს თეთრი სამოსი, თითქოს გაუფურჩქნავ ვარდს ჰგავდა და რატომღაც აქ ამოჰყო თავი. რას ვხედავ, როცა მას ვუყურებ? კლასიკურ ქალს, რომელსაც ატკინეს, მისი გრძნობები ფეხქვეშ გათელეს, ზედ გადაუარეს, არაფრად ჩააგდეს, რადგან მასში მხოლოდ გარეგნული სილამაზე დაინახეს და სული? განა შეიძლება მის ლამაზ სხეულში მახინჯი სული ცხოვრობდეს? ორი ვარიანტია.

-        შენი სახელიც კი არ ვიცი და ვენერა შეგარქვი... რა გქვია სინამდვილეში? - გამომცდელად შევხედე, მაგრამ ოდნავადაც არ განძრეულა, თან ჩემთვის არ ეცალა, რადგან ისევ დამსკდარ მიწას იყო მიშტერებული. - რა გადაგხდა ცხოვრებაში? არასწორად არ გეჩვენება მე რომ საკუთარ ისტორიას გიყვები და შენ ჩუმად ხარ? ჰო, ამის მოყოლა არავის დაუძალებია და შეიძლება არც გაინტერესებს, უბრალოდ ჩემი შინაგანი მდგომარეობა განთავისუფლებას ითხოვს, ამიტომ რატომღაც შენ ყველაზე სანდოდ მიგიჩნიე და მომინდა ყველაფრის მოყოლა. - თან თვალს არ ვაშორებდი. - ვიცი თავი მოგაბეზრე, თუმცა ბოლომდე დარწმუნებულიც არ ვარ ამაში, რადგან უკუჩვენებას აქამდე გამოავლენდი. - ამანაც არ გაჭრა, საერთოდ ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და უცებ სიგარეტის მოწევა მომინდა. - როგორ გგონია, როდის არის ადამიანი ბედნიერი? - ჩვენ გარშემო ადამიანები მოძრაობდნენ, მაგრამ არავინ გვაქცევდა ყურადღებას, რადგან არ ვაინტერესებდით. ყველა რაღაცაზე ფიქრობდა. - ზოგჯერ საკუთარ გონებაში უჩვეულო სიჩუმე დგას, მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება როცა ქარის ზუზუნი ჩამესმის ყურში და მოულოდნელად მეხის ჩამოვარდნის მსგავსად სხეულში რაღაც უცნობი ტკივილი დამივლის. თითქოს ჩემში დემონი ცხოვრობს, რომელიც უპირობო ლიდერია და მე უძლური ვარ მასთან. - ჩემს ცხოვრებაში არსებული ყველა მიზეზის გამო სევდა მომაწვა და უცებ ყვირილი მომინდა, რათა ის უარყოფითი ენერგია, რაც შიგნით იყო გამომწყვდეული სადღაც შორს გამეშვა, მაგრამ რომ მეყვირა გამკოჭავდნენ, როგორც საცდელ კურდღელს, თანაც ორივე მდგომარეობა გამოუვალი იყო, ამიტომ ისევ გაჩუმება ვარჩიე და სიმწრისგან მუხის ხეს ძლიერად ჩავეხუტე. - წვიმას აპირებს... სჯობს შევიდეთ.

 შენობაში შესვლამდე ერთხელაც შევხედე არემარეს და ხარბად დავიწყე ამ პეიზაჟის გონებაში აღბეჭვდა, თავი დაბლა დავხარე და გვალვისგან დამსკდარ მიწას მივაშტერდი, სადაც ამოზრდილიყო მინდვრის ყვავილი ია და მე ის ახლა შევამჩნიე. ისევ გავიღიმე, თითქოს ამ ღიმილმა გაყინული სხეული გამითბო.

 ერთი კვირა გადაუღებლად წვიმდა და ამ დროის განმავლობაში დღის სინათლე მხოლოდ ფანჯრიდან ვიხილეთ... ჩემს ოთახს ფანჯარა არ ჰქონდა... ნეტავ რატომ? ვენერაც არ ჩანდა, რადგან... მხოლოდ კარგ ამინდში გარეთ თუ დავინახავდი.


 

თავი 3

 

 პარიზი, 29 ოქტომბერი, 2021 წელი.

 

 უკუნით სიბნელეში ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი სულიდან ამომავალი მძიმე სუნთქვა არღვევდა.

-        გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია. - ვუთხარი მე, რადგან ბედნიერი წამი დავიჭირე.

-        სტანდარტულ ხასიათზე ვარ ჯერჯერობით. - მიპასუხა მან. მისის „სტანდარტული ხასიათი“ ნიშნავდა იმას, რომ მუდამ უკმეხი იყო.

-        სახლში მარტო ხარ? - ვკითხე, რადგან ეჭვები მღრღნიდა.

-        ძალიან კარგად იცი რომ მარტო არ ვარ და ნუ იგესლები გველივით. - ჩემი ეჭვი დამტკიცდა და ცოტათი არ მესიამოვნა.

-        რატომ მელაპარაკები ცუდად? ჩემთან ხმასაც კი აუწიე და რა უნდა ვიფიქრო?

-        სხვა გამოსავალი არ დამიტოვე. - ეს სიტყვები ისე ჟღერდა, თითქოს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.

-        ხმის აწევა გამოსავალია? იქნებ ამ ტონმა იმოქმედა? - ჩემს კითხვებზე თავადვე ჩავფიქრდი და ვცდილობდი პასუხები მეპოვა.

-        არაუშავს, ეგეც გაივლის. სამომავლოდ გეცოდინება რომ ჩემთან თამაში არ შეიძლება. - თამაში? წლებია მიცნობს და ახლა რატომ გადაწყვიტა ასე მტკიცედ, რომ ვეთამაშები? აქ უკვე მისი არ ნდობა გამოვლინდა. - აქ გასართობად ჩამოხვედი და ახლა მიდიხარ... მიდიხარ, რადგან მოგბეზრდი. ზოგჯერ მგონია, ვინმესთან ნიძლავი გქონდა დადებული, რომ შენი გავხდებოდი და იქნებ შეხვედრის მიზეზიც ეს იყო?!

-        ჯანდაბამდე გზა გქონია. მორჩა. - ძალიან გავბრაზდი, რადგან ეს ბრალდებები უმიზეზო იყო.

-        ჩემი აზრი დავაფიქსირე და შენ მოთმენის უნარი უნდა გაგაჩნდეს, რომ კითხვაზე პასუხი გამცე. მადლობა ჯანდაბაში გაგზავნისთვის.

-        შენთვის შეინახე ეგ დამპალი აზრები და ეჭვები.

-        უნდა ამიხსნა, რომ ვცდები და სიმართლეს არ ვლაპარაკობ.

-        ვერ გცნობ.

 პარიზში სრულიად სხვა არჩილი დამხვდა. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს ცვლილება, მაგრამ მისი აგრესია აშკარა გახდა. ცხოვრებაში მსგავსი სარისკო ნაბიჯი არასდროს გადამიდგამს და მისგან მხოლოდ ბრალდება, უპატივცემლობა, დამცირება, შეურაცხყოფა და თავდასხმა მივიღე.

-        კარგი, ნუ ნერვიულობ, დამშვიდდი. - ვერ მივხვდი ეს ცინიკურად მითხრა თუ მართლა ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.

-        თუ ჩემში ეჭვი გეპარება მაშინ თავი დამანებე. - ეს სიტყვები თავისით ითქვა, რადგან არ მინდოდა ის ჩემგან წასულიყო.

-        მე ყოველთვის ყველაფერზე მაქვს ეჭვი, მაგრამ ამას დაკვირვება და დრო გამოააშკარავებს. - ძალიან დარწმუნებული იყო საკუთარ სიტყვებში.

-        ნამდვილად სულელი ვარ, რომ ცოლ-შვილიან მამაკაცთან პარიზში ჩამოვედი და მასთან რომანი გავაბი. - ეს ვთქვი და საკუთარი თავის შემრცხვა.

-        არაუშავს, გაივლის. - თითქოს მას ეს საერთოდ არ აწუხებდა.

-        რა გინდა არჩილ?

-        არაფერი, უბრალოდ ნუ ნერვიულობ.

-        თავად გჭირდება ნერვების დაწყნარება.

-        მე წყნარად ვარ დამიჯერე. - მგონია, რომ ჩემი ემოციებით იკვებებოდა და სიამოვნებას ანიჭებდა ეს.

-        რა დაგიშავე? - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

-        არაფერი დაგიშავებია. - მართლა სიამოვნებდა ჩემი ნერვიულობა, ხოლო როცა მდგომარეობიდან გამომიყვანდა, მზრუნველი საყვარლის ამპლუაში მევლინებოდა.

 პირველი შეხვედრის შემდეგ, ის სახლში წავიდა, სადაც ცოლ-შვილი ელოდა, ხოლო მე სასტუმროში წავედი, სადაც ერთი კვირით მქონდა ნომერი დაჯავშნილი. მეორე დღეს 22:57:00 საათზე მისგან შეტყობინება მივიღე და ძალიან გამიხარდა, რადგან მეგონა გონს მოეგო და მეც ცდუნებას აღარ ავყვებოდი. ის მწერდა, რომ სჯობდა მეგობრებად დავრჩენილიყავით, რადგან მე საუკეთესო გოგო ვიყავი დიდი მომავლით, ხოლო მას ცოლ-შვილი ჰყავადა და საყვარელი ნამდვილად არ სჭირდებოდა, არც არავის გაუბედურება სურდა და თუ დავიტანჯებოდი ეს დროებითი იქნებოდა. მე უნდა მქონოდა ბედნიერი ოჯახი, რომელსაც აუცილებლად ვიმსახურებდი. თვითონ ეს ყველაფერი უკვე ჰქონდა და არ შეეძლო ოჯახის მიტოვება, უბრალოდ არჩევანის წინაშე დამაყენა: ან საუკეთესო მეგობარი,ან უბრალო ნაცნობი, ან არარაობა... ბედნიერება მისურვა და მთხოვა, რომ პასუხი არ დამებრუნებინა, მაგრამ ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი? არ დავაყოვნე და ვუპასუხე, რომ ამ შეტყობინებით ძალიან გამახარა და არ მსურდა მისი დაკარგვა, რადგან დიდ პატივს ვცემდი, როგორც ადამიანს და ამის შემდეგ ჩემს თვალში მეტად ამაღლდა, მაგრამ არ გაჩერდა და მეც ცდუნებას ვერ ვძლიე.

-        გული მტკივა არა იმის გამო, რომ შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ არის, არამედ იმის გამო, რომ საშინელი ფიქრები გაქვს. - ვთქვი მე და ყელში ცრემლი მომებჯინა. - როცა მიხვდები, რომ შენი წყეული ფიქრები სისულელე იყო, მე აღარ ვიქნები. - ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე.

-        სად იქნები გამაგებინე? მე ჩემ აზრს ყოველთვის დავაფიქსირებ და შენ რას გადაწყვეტ ეგ უკვე შენი საქმეა. - ვგრძნობდი, რომ მიშორებდა. - უნდა წავიდე, თავი მტკივა და მეძინება.

-        როგორც გინდა, უბრალოდ შენი ამ საქციელის შემდეგ ჩემგან პასუხებს არ ელოდო.

 შუაღამით უცნობ ქალაქში მარტო დამტოვა. რა უნდა მექნა? ავდექი და სასტუმროსკენ გავემართე ფეხით. გასეინებაც გამომივიდა და საშუალება მომეცა ქალაქი დამეთვალიერებინა, ამიტომ ჩემ სევდიან სახეზე ღიმილი გამოვსახე, რაც უცნაურად მეჩვენა, მაგრამ ამაზე ფიქრით თავი აღარ შევიწუხე და გზა გავაგრძელე. უცებ შევამჩნიე, რომ ქალაქი ნისლში იყო გახვეული და ჩემი ღიმილი კვლავ სევდამ შეცვალა, რადგან იმ მომენტში მხოლოდ სასტუმროს ნომერში ყოფნა მსურდა. ტაქსი გავაჩერე და მასზე ფიქრი დავიწყე, როცა დავინახე ის ცოლთან ერთად, როგორ უტიფრად მიუყვებოდა პარიზის სველ ქუჩას.

 ოთახში შევედი, იქ სიცარიელე დამხვდა. საწოლზე მძიმედ დავენარცხე და ჭერს მივაშტერდი. ფიქრებში ღრმად გადავეშვი და ვგრძნობდი, რომ ყველგან მარტოობა მელოდა, რადგან ცხოვრებაში მიმართულება დავკარგე. ისტერიული ტირილი ამივარდა, ხოლო ამ მდგომარეობისგან სხეული ამტკივდა.

 და ბოლოს, ძალ-ღონე გამოცლილი სხეული ავწიე, აივანზე გავედი, სიგარეტს მოვუკიდე და გავიღიმე.

-        რატომ მომატყუე?

-        რას გულისხმობ?

-        დაგინახე.

-        სად დამინახე?

-        წუხელ ცოლთან ერთად. - ხელის თითები ნერვიულად ავათამაშე. - გეთქვა, რომ არ გინდოდა ჩემთან ყოფნა და გაგიგებდი, მაგრამ უაზროდ მომატყე.

-        არ მითქვამს ტყუილი, უბრალოდ არ მინდოდა გენერვიულა და ამიტომ წავედი.

-        ცოლთან. - ეჭვიან საყვარელს ვემსგავსებოდი.

-        თავის ტკივილი არ გამიყუჩდა... მასაც არ ეძინა. - ის თავს იმართლებდა.

-        ამიტომ სასეირნოდ გამოხვედით.

-        რა უნდა მექნა?

-        ჰო.

-        ახლა ძალით უნდა მესროლო სიტყვები? მაშინ აღარ შევხვდეთ ერთმანეთს.

-        როგორც დაიმსახურე ისე გელაპარაკები და თუ გინდა, რომ აღარ შევხვდეთ... - მცირე პაუზა გავაკეთე, რათა მეტად გამემძაფრებინა საკუთარი ქმედება.

-        კარგი. - ეს პასუხი არ მესიამოვნა.

-        გენდე და გამოგყევი, ხოლო სანაცვლოდ რა მივიღე? არც არაფერი მითხოვია, არც ვითხოვ, უბრალოდ გამანადგურე და თუ სამაგიეროს გადახდა გინდოდა მაშინ გილოცავ, რადგან მიწასთან გამასწორე. - სიმშვიდე ვერ შევინარჩუნე და შეტევაზე გადავედი.

-        რას გულისხმობ? მე რა დაგიშ