მკითხველი
მკითხველი
მკითხველი
ნაწილი I
როდესაც ავტორი პერსონაჟს აღარ სჭირდება, ჯაჭვიდან რგოლი ვარდება, გაწყვეტილი წრე ნაკლულია და სანამ დასასრული დასაწყისს არ იპოვის წიგნი ვერ შეიკვრება. ყველაფერი არასწორია რაც დღეს ხდება, რაც უწინ ხდებოდა და რისკენაც მივედინებით. ლოგიკური კანონზომიერება, რომელიც ჩვენს სამყაროს უდევს საფუძვლად უსამართლოა. სურვილი რომელიც ჩვენდა დამოუკიდებლად გვიჩნდება, ვნება რაც განაპირობებს ცხოვრებათა სტილს, რეპროდუქციას, ნარცისიზმს და ვინ იცის კიდევ რა მრავალ სხვას. ყველაფერი ჩვენსავე დნმ-შია ჩაწერილი, სიტყვებად გაწერილი ცხოვრება: დაიბადე დაჰბადე და მოკვდი. თუმცა ზოგი დაგვიყვავებს შენსა გზას თვითვე ირჩევო, თუმცა შევეწინააღმდეგები და ვეტყვი მათ. "ხიდის საყრდენ ბოძთან წარმოქმნილი მორევის ტრიალის სტრუქტურას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, მაგრამ ამის საფუძველზე მტკიცებასაც არავინ დაიწყებს, რომ ეს მოძრაობა თავისუფალია " ზუსტად ასეა კაცობრიობის მოდგმის ეტაპები, ევოლუციური პროცესი მოძრაობაა, რომლის მხოლოდ განჭვრეტა, შეფასება და ვარაუდი ძალგვიძს. მერე ველურ ბუნებას გადავხედავთ და მის სილამაზეში ჩაძირულ სისასტიკეს დავინახავთ. თუმცა ადამიანს თავი მაღლა უჭირავს მას ხომ დრომ განვითარებული გონი, აბსტრაქციათა დვრიტა "ცნობიერი" აჩუქა. მაგრამ რით განსხვავდება აღმატებული მოდგმა ადამიანებისა ცხოველთა სამყაროსგან? განა იმით რომ კასტრირებული კაცი უკანონობაში მოვიყვანეთ ხოლო ძაღლი კანონიერებაში ? იმით რომ დღეს თვითგადარჩენის გზები ადამიანებში უფრო მეტად ლოიალურია ? განა ბუნკერში არ მოვუძახებთ გასაცოდავებულ ბებერს, რომელმაც სარგებელი დაკარგა ნორჩი თაობისთვის. განა საკუთარი შვილიც ტვირთის სახით წარმოდგენილი ხორცის გროვა არ ხდება?. სურვილებს დამონებულნი კონკურენციასა და ინდივიდუალიზმის მორევში არ ვითრევთ ერთმანეთს? და ბოლოს რა წერტილი. სიკვდილის დღე და გამორთული მექანიზმი. ჩამქრალი გული დასუსტებული სხეული და მაინც რა იქნებოდა ადამიანს საკუთარი ევოლუციური პროცესების მართვა, რომ შეეძლოს რა იქნებოდა რომ კაცობრიობა ასეთი არ ყოფილიყო. რა მოხდებოდა რომ ლომს შველი არ მოშიებოდა ? და მაინც ვაგრძელებ ცხოვრებას, შეიძლება ისიც მითხრათ რომ მე ჩემი კანონმდებელი დავამარცხე, მაგრამ არა მოსამართლე ის კი არ არის ვინც წერს არამედ ის ვინც კითხულობს. დიახ, მე მინა კაროევი ვარ და დღეს სახლიდან წამოვედი.
თავი 1
ქუჩაში დარჩენილს პანიკური შეტევა, აღშფოთება გულისშემძვრელი უგზოობა და კიდევ ათასი რამ გიდევს ცნობიერში. მივდიოდი იქ რისი მისამართიც არ ვიცოდი, ვსუნთქავდი ჰაერს რომელიც ჩემი სამშობლოსი არ იყო, მაგრამ არც ის ვიცი რომელი ქვეყნისა იყო, რომელი დედაქალაქის, ქალაქისა თუ სოფლის, გაყვანილი გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მატარებლები, რომლებიც მიწიდან 10 მეტრზე, ზოგი 100 მეტრზე და კიდევ ზოგიც 1000 მეტრზე მდებარეობდა, მაგრამ ფეხები მაინც მიბიძგებდა სვლისკენ, პირველი ინსტინქტი რაც ადამიანს უჩნდება ეს მშობლიური კუთხეში დაბრუნებაა, გაურკვევლად მივაბოტებდი ცარიელ ქალაქებში, უფრო სწორედ იმდენად სავსეში რომ ვეღარ აღვიქვამდი სად იწყებოდა სივრცე და სად მთავრდებოდა ობიექტი. სად იყო ველი და სად მთა მაგრამ ფაქტია ფეხები იმაზე სწრაფად მიმოძრავებდა ვიდრე უწინ, როცა ჩემი ბედი მწერლის მიერ დაწერილ,გაწერილი, გამოხარშული, შემუშავებული დაგეგმილი და გათვლილი იყო, მე ახლა იმაზე მეტად უფორმო და იმაზე მეტად გამჭვირვალე ვარ ვიდრე ჩემი სახელია, შეიძლება განვსაჯო იგი ჩემი ცხოვრებისთვის, ჩემდა დამოუკიდებლად გაჩენილი სურვილებისთვის, მაგრამ სახელის დარქმევისთვის ვერაფერს ვეტყვი, გაარტყა, ან შეიძლება ახლაც მისივე განსაზღვრული ცხოვრებით ვცხოვრობ, განსაზღვრულად მომანიჭა თავისუფლება, განმერიდა და მე ხარაჩოებ მოხსნილმა გაშრობა ვერ მოვასწარი, ჩამოვიღვარე. თბილი კარცერიდან გაყინულ განზომილებაში აღმოვჩნდი, მშობლების ხელი მინდა თბილი, მოსიყვარულე, უანგარო, სვებედნიერი სუფრის გემო, ღვინის მიერ გაბუჟებული გონება და დედის მიერ ნათქვამი სიტყვა. „არ გაცივდა კაშნე მოიფარე“, „ესეც გადაიღე“, „პირსახოცს მოგიტან“, „ყავა მოვხარშოთ“ , კიდევ სიზანტე მინდა თბილი საწოლი მინდა ძილი მინდა , უწყინარი ფშვინვა, თვლემა, ღვიძილი მინდა ეს სურვილი ფეხებს სიჩქარეს მატებს, გულს წნევას, გონებას აღმაფრენას და წამის მეასედში ინტუიციურად შემთხვევითობით მშობლების კარებს უფრთოთ ვეხეთქები, ცრემლებდაღვრილი ვებოჭები კარის სახელურს. კარი გამიღეთ თქვენი შვილი ვარ, ვყვირი უხმოდ რადგან ბგერები ემოციამ შემიჭამა. ასლუკუნებულმა ხელები გავიწვდინე, ჩავიჩოქე ვედრების ლოცვა მოვაყოლე, ცრემლებმა სახე დამიწვეს, ყინვამ ხელები, სადარბაზოში დაგებულმა ფილებმა მუხლები, შემოვიძარცვე, ძაძებამარა დავუყვები გზათა კვეთებს, პარალელებს, აცდენილ ხაზებს, გონებაში უძღები შვილის დაბრუნების იგავი მახსენდება, რატომ ვერ გავაგონე ხმა მამას, უკან რატომ ვერ მიმიღეს? არაკი ჩემთან როგორც დაწერილიყო ისე რად არ წარიმართა, თუ მამა კი არა ღმერთი უნდა ყოფილიყო? ლოგიკამ მიღალატა, მძიმე თავისუფლება კი კიდევ უფრო მეტად ჩაეკონა ჩემს მხრებს. მონობის, მარიონეტობის დროს ადამიანი მსუბუქია, რადგან საკუთარ წონას ვერ გრძნობს. მანიპულირებული თოკებისგან გათავისუფლების შემდეგ კი ფრენაუნარშეძენილი ეშურება ცის კაბადონს, მეც ასე ვქენი, მაგრამ მძიმე აღმოჩნდა ბოძებული საჩუქარი. მე ახლა ვფრინავ მაგრამ არაა გაფრენით არამედ დაცემით, ისე როგორც კლდიდან გადმოვარდნილი ბარტყი რომელიც ფრენას სწავლობს და თან ძირს ეშვება. მახსოვს ბავშვობაში ერთ მოთხრობას მასწავლიდა დედა, უცხო ენაზე იყო, ეს ენა არ მიყვარდა მერთულებოდა. მაგრამ მოთხრობა სევდიანი და ამავდროულად ძალიან პოეტური იყო. ავტორი ფოთლის ოცნებაზე გვიყვებოდა, რომელსაც პეპლად გადაქცევა ფრენის შეცნობის მიზნით უნდოდა. ბოლოს სურვილი რეალობად ექცევა, შემოდგომა მოვა მოწყდება იგი და ბოლო წამების ჟამს ბედნიერების უსაზღვრო წამებს იგემებს. ტექსტი მხოლოდ თარგმნით მქონდა, ღამის 1 საათი იყო, დედას ეძინებოდა, დაღლილი იყო, თუმცა სკოლაში უსწავლელს ვერ გამიშვებდა. ამიტომ ვისხედით სამზარეულოში ის ფინჯან ყავას წრუპავდა, მე კი გამოთქმით ვკითხულობდი ტექსტს, ბოლოში რომ მივედი ყელში ბურთი გამეჩხირა, ხმა გამიწყდა, საბოლოოდ კი ბარაქიანი გოდება მოვრთე.
- რა დაგემართა მინა? რა უნდა ამის თარგმანს მე გადაგითარგმნი ზედ დააწერე და ხვალ სკოლაში წაიკითხავ.
მე ხმას ვერ ვიღებ.
- მინაა გესმის? დაიძინე თუ გეძინება
ხელახლა ვიწყებ ღრიალს
- დაიძინე მორჩა ნუ გადათარგმნი.
მე კი უხმოდ გავემართე საწოლისკენ. ბალიშში თავი ჩავრგე და ფოთოლი საკადრისად გამოვიტირე. მეორე დღეს ორიანი მივიღე რადგან თარგმნისას ისევ წყლის ბურთი მომაწვა. კლასში ტირილი კი არ მინდოდა და დამშვიდებულმა მასწავლებელს მორცხვად მოვახსენე არ გადამითარგმნია-მეთქი, იმან კი ჟურნალში ლამაზფეხიანი ნიშანი ჩამიწერა. დედას არ უჩხუბია, ეგონა ცუდი ნიშნის გამო გამწარებული ვიქნებოდი, ასეც იყო მაგრამ მიზეზი ფოთლის სიკვდილი გახლდათ. იქნებ ჩემი მწუხარება დედისთვის რომ მეთქვა აეხსნა რომ მოთხრობის დასასრული სინამდვილეში საბედნიეროა, რომ დროული სიკვდილი სასრულობის საუკეთესო ვარიანტია. განა მე აღტყინებულმა არ დავფარე კილომეტრები ფეხით, როცა მშობელთ კარისკენ მივისწრაფოდი, ამ შუა გზაში მე რომ სასრული მეგემა ვერ გაგონების ტრაგიკულ მომენტს არ შევიგრძნობდი, მაგრამ მე ფოთოლივით არ გამიმართლა ისევ ვვარდები, დავფრინავ ქვევით.
***
იმდენი დრო გავიდა, რომ აღარც კი მახსოვს ყავის დალევა მეგობართან ერთად რა განცდა იყო. ახალი რეალობა უთუოდ სხვა რამეს მოასწავლიდა, თითქოს სამყარომ ფერი იცვალა, თითქოს რომელიღაც სიმიდან სხვაზე გადმოვჯექი, რაღაც კი იყო ნაცნობი ჩემს ძველ ცხოვრებასთან თუმცა აშკარად გადასხვაბგერებული, დახლებზე ციმციმებდა გასაყიდი პროდუქტის ელექტრონული რიცხვები. ჩემი ქაღალდის ფული აქ უფუნქციო იყო. ყველაფერი სმარტფონებით წყდებოდა. ეს მოსალოდნელიც იყო თუმცა ასე ადრე ? განა ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ქმარი მივატოვე, ჰო მოღალატე ქმარი ვის სახელსაც ვერაფრით ვიხსენებ, თითქოს ჩემს ცხოვრებას განგებ დაევიწყებინა იგი. ვინც არ უნდა ყოფილიყო მის სანახავად მისვლას აზრი არ ჰქონდა. მას შემდეგ რაც მშობელმა დედამ და მამამ ჩემი ხმა ვერ იცნეს ყველაფერი სხვანაირი გახდა. წუთში ვიქეცი მათხოვრად თუმცა ეს ის წუთი იყო ნამდვილად რომ 60 წამისგან შედგება. ჯერ ტაატით მივაბიჯე ბანკის აპარატს სადაც ფულს ვერაფრით ვერ შეიტანდი, მხოლოდ ტელეფონი შეგეძლო მიგედო. შემდეგ ოპერატორს დაველოდე რომელსაც ჩემი საუბარი გაუგებარ ბოდვად მოეჩვენა. 59 წამი და უკვე ამჯერად ხელკავგამოდებული დაცვას გავყავი შენობიდან. მე კიდევ ისევ გავყვიროდი, რომ უბრალოდ მშიოდა და თანხის ანგარიშზე შეტანის გარდა აღარაფერი დამრჩენოდა. 58 წამი და ჯიბიდან ქაღალდის ფულის ამოღებით ყველას ვუმტკიცებდი ჩემს სიმართლეს ფულის ქონის შესახებ. მშვიდად გამაცილეს ისტორიისა და კულტურის მუზეუმში სადაც ჩემი თანხის ჩაბარებასა და ცოტაოდენ მატრუს მპირდებოდნენ. 57 წამი და გავარკვიე რომ მატრუ აქაური ფული იყო მე კი სხვა ვიყავი. თუმცა აქ აშკარად ნაცხოვრები მქონდა ჩემს მეუღლესთან ერთად, წვეულებებზეც მივლია დამიცინია, მიხარხარია მიტირია მაგრამ დაჟინებით მიმტკიცებენ, რომ თუკი მწადია საკვები ვიყიდო მატრუ უნდა ვიქონიო. როდესაც სახელი მკითხეს და ასევე ქაღალდზე ამობეჭდილი საკუთარი თავი ვუჩვენე. გარკვევით გამიმეორეს
- პასპორტი ქალბატონო.
56 წამი.
- აბა ეს რა არის ?
გაღიზიანებული ვპასუხობ მე.
55 წამი და პოლიციამ დამკითხველის ოთახში განმაწესა.
- თვენი სახელი.
- მინა
- გვარი
- კაროვიევი
- ასაკი
- 32
- ალფა ტიპი თუ ბეტა
- რაა?
- რომელი ტიპის პასპორტი გაქვთ რომ საძიებო სისტემაში მოვძებნო
მინდოდა მიმეხალა პირში აქედან ვარ ესაა ჩემი სამშობლო და ახლავე საელჩოს დავურეკავ-მეთქი, მაგრამ სახელი არ ვიცოდი ქვეყნის სადაც დავიბადე სახელი არ ვიცოდი, ეროვნება წამეშალა. გაურკვეველი წარმომავლობისა ვიყავი. საჩქაროდ პასპორტი ჯიბიდან ამოვაძვრე და დავხედე წასაკითხად თუმცა კითხვა არ ვიცოდი, ასოები იქ რაც იყო დატანილი ჩემთვის უცნობი გახდა, რაღაც უზარმაზარ ხარვეზში გავეხვიე, ვერაფრით ვიხსენებდი როდის ამერია გონება ასე, როცა მშობლებმა კარი არ გამიღეს? იქნებ სანამ ასფალტზე მეძინა დიდი დრო გავიდა, თუმცა ამდენი ?
გავუწოდე წიგნაკი, რომლის შინაარსი გაურკვეველი მახსოვრობიდან მქონდა შემორჩენილი.
- ინებეთ ვუთხარი მე.
ჟღალთმიანმა მამაკაცმა საბუთი გამომართვა და სკანირება დაიწყო. ახლა შევამჩნიე რომ მეტყველება, რაც ჩემდაუნებურად გამჩენოდა სულ სხვა იყო სულ განსხვავებული იმ ძველისაგან. აღარაფერი დარჩენოდა ნაცნობი, მხოლოდ დედიშობილა მოგონება. ამასობაში ბატონმა თითის ანაბეჭდი ამიღო მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდა თუმცა თარიღი გაურკვევლად შორი იყო რეალობასთან. ხელმეორედ დამიფიქსირეს პაპილარული ხაზები, აქრომატულ ფერებში ნელ-ნელა დაიწყეს ეკრანზე გამოსახვა.
- 70 მილიარდში ერთი.
- რა არის ბატონო ?
- ამდენია ალბათობა იმისა რომ თქვენი თითის ანაბეჭდი სხვისას დაემთხვეს.
- ვერ გავიგე იპოვეთ ჩემი მონაცემები ?
- არ იძებნება სხვისას ემთხვევა, არქივიდან, ახალს შევადგენთ.
- ქაღალდის ფულით საკვებს ვერ ვყიდულობ.
- ჩუმად.
პაპილარული ხაზები იდენტიფიკაციის საუკეთესო საშუალება. თითებით რამდენ რამეს ეხება ადამიანი, საყვარელი მოშინაურებული ცხოველის სველ ცხვირს, დაუმუშავებელ ქვას, ჟელატინს, პლასტმასის ქილებს, შუშის ჭიქებს, ქვასანაყს, ბროწეულს, მზესუმზირას, ნუშს, ფოთლებს, მიწას, თითები წლების განმავლობაში იმადვე არ რჩება იზრდება ილეწება. თითები მგრძნობელობის აღსაქმელი აპარატია. კლიტორს იწვალებ, ყურის ბიბილოს იზელ, ყვერებს იფხან, თვალებს იჩქმეტ, ცხვირს იქექავ. თვალდახუჭული, რომ იყო მაინც მიხვდები რას ეხები, ცივია თუ თბილი სველია თუ მშრალია, ცოცხალია თუ მკვდარი. და მაინც ხაზების განუმეორებლობა პერმანენტულია. განსაკუთრებულია თითოეული და ერთიანია გენიალურობა. თუმცა სწორედ თითოდ ყოფნა გაშიფვრის წინაპირობად იქცა. სწორედ ამიტომ ვზივარ აქ და ტექნოლოგიების მცოდნე სამართლის მცველი თითებს მიმოწმებს.
- გამარჯობა განყოფილება 8 ს ვუკავშირდები?
- მე მონიტორინგისა და უსაფრთხოების ქვეშტაბიდან გესაუბრებით. დღეს ხარვეზი დაფიქსირდა.
- დიახ ანომალია
- კონკრეტულად ინფორმაცია არ მოიპოვება ბაზაში არ არის, პასპორტი არქაულია.
- გადმოვეცი მონაცემები რაც ახლახან შევადგინე.
- გმადლობთ
- დიახ გამოვუშვებ.
უაზროდ გრძელი დერეფანი გავიარე, ვგრძნობდი კედლები უფრო მეტად მსუბუქი იყო ვიდრე ადრე, დაბურული და თანაც გამჭვირვალე, ბეტონი იყო გამჭვირვალე ,ბეტონში ადამიანების მიმოსვლის ლანდები იკვეთებოდა. სილუეტების მოძრაობის ტრაექტორია თუმცა კონკრეტიკას ვერ დაინახავდი ვინ რას მუშაობდა რით იყო დაკავებული, ეს სათუოა. ფულიც ჯიბეში აღარ მედო კულტურამ თუ რაღაცამ დაიტოვა ექსპერტიზაზე და ხო ის წამები ვეღარ დავასრულე რადგან გაილია. ფულის ამბის პასუხიც მოვიდოდა. ირწმუნებოდნენ ეს ისევ არქაულის ნაბეჭდი ქსეროასლი თუა 500 მატრუზე მეტს ვერ მივიღებდი. თუ ნამდვილად ორიგინალია მაშინ საკმაოდ მსუყე თანხაზე იყო საუბარი, მაგრამ მანამდე ჩემი იდენტობა იყო გასარკვევი ,მერე რაღაც მეორე პასპორტზე მკითხეს დაავადების არ ქონის ფურცელი უნდა ყოფილიყო და კიდევ სისხლის უჯრედების განლაგების ქუერ კოდი. როგორც აღმოჩნდა არცერთი მქონდა. მოწყენა, რომელიც ძვალ-რბილში თავიდანვე მქონდა გამჯდარი გაურკვეველი ტრანსფორმაცია მიიღო. Mitklang მესმოდა შორიდან, ღმერთო ჩემო ახლა აქ ვზივარ პოლიციის განყოფილებაში, მუზეუმში გამაგზავნეს და იქიდან სამართალდამცავებთან მოვხვდი ისიც, არ ვიცი ეს ხალხი მეხმარება თუ ჩემს დაღუპვას ცდილობს. კითხვებს გარკვევით მიმეორებენ „თქვენი წარმომავლობა ქალბატონო“, მე კი არ ვიცი საიდან ვარ, ვერ ვპასუხობ, ისინი ისევ თითის ბალიშებს მიმოწმებენ. ისევ მეკითხებიან „დარწმუნებული ხართ რომ არ იცით“ მე კი უკვე ტირილი მინდება, არ ვიცი და ნეტავ არც გამახსენდეს, არ ვიცი და ნეტავ არც მომაგონდეს, არ ვიცი და ნეტავ ეს კითხვა აღარ დამისვათ. მერე თავში ხელები ვიტაკე, ესეც კი არ ვიცოდი რატომ ვურტყამდი საკუთარ თავის ქალას ასე გამეტებით, რამ მაიძულა ამ მდგომარეობამდე მისვლა და ისევ „Mitklag“. ვერ ვთარგმნიდი რა იყო თანაჟღერადობა ასე გადმოითარგმნებოდა, ასე გადმოიღვრებოდა ჩემს გონებაში, მაგრამ რას ნიშნავს ჟღერადობა ოღონდ „თანა“, ვის უნდა ვუჟღერდე და ვის სიმზე უნდა გამოკვრა აი ეს თითები რომლებიც 100 ჯერ შემიმოწმეს დაასკანერეს, დაანათეს ულტრაბგერა თუ პოლიბგერა თუ მულტიბგერა თუ არ ვიცი რა აღარ გამიკეთეს. მე მათაც ვერ ვამტყუნებ, რადგან ისინიც საგონებელში არიან ჩავარდნილი. ჩვეული რუტინული დღე, მოცემული სამუშაოს მოცულობა და ყოველდღე ერთი და იმავეს კეთება ტაატით. მაგრამ ძალიან სწრაფად, ხოო აქ სისწრაფე როგორც მივხვდი გადამწყვეტია, მალე უნდა შესრულდეს სამუშაო, რადგან მეორე დღის გეგმას რაიმე არ დაემატოს, ყველაფერი გათვლილი და გამოძიებულია, იდეალურამდე მიყვანილი პერფექციონისტამდე აყვანილი, მაგრამ შეხედე აქ დაკვირვება მართებთ მათ. 10 000 საბუთში როცა 1 ანომალიაა და შენ ამ მოცულობას 1 საათში აკეთებ გამოდის რომ სამუშაო 8 საათის დროს 8 ანომალია იჩენს თავს ანუ დასწარფებული მუშაობა ანომალიათა რიცხვის ხდომილებას ზრდის და მოცემული საქმე მოცულობაში არ იზრდება მაგრამ გროვდება. სისწრაფეს თავისთავადი სინელე მოჰყვება და შეუმჩნევლად გაიძულებს ის განვითარებული სიჩქარე რა წინდაუხედავადაც აიკრიფე, კიდევ უკეთ გადაიაზრო. თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ ამ დროში და ამ სივრცეში პარადოქსების მიერ გამოწვეული შეფერხება არც იმდენად აფერხებს პროცესს, რომ მას იგივე ტემპი ვუწოდოთ რაც უწინ იყო. უწინ ხო... სადაც მე ვცხოვრობდი და რისი ასავალ-დასავალიც ძაფის გორგალივით ამებურდა და გაგორდა როგორც უმისამართოდ მიმართული სიტყვები.
- საერთოდ რაიმე გახსოვთ თქვენს წარმომავლობაზე ?
- მინა კაროევი, ასაკი არ ვიცი სავარაუდოდ 32 ოდესღაც სამშობლოდან აქ ჩამოვედი. ჩამოსვლამდე ჩემი მეგობრები დავკარგე მაგრამ არ მიდარდია, აბეზარი გოგო იყო ერთ-ერთი მათგანი, მეორე უბრალოდ მომბეზრდა. მშობლები საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდნენ, სხვაგან ოღონდ სახელს ვერაფრით ვიხსენებ, მე მარტო ვიყავი და მასწავლებლად ვმუშაობდი, იქაც თავს საოცრად მაბეზრებდნენ, ბავშვები მუდმივი ენთუზიაზმით შემომცქეროდნენ, მაგრამ მე რა უნდა მეთქვა მათთვის ასეთი ჯადოსნური და გასაოცარი? მითხარით რა უნდა მეთქვა, რომ მოვწონებოდი? რა უნდა გამეკეთებინა რომ სამაგალითო ვყოფილიყავი? განა რა.. მე მეტი ვიცოდი მათზე? რადგან ასაკით დიდი ვიყავი მე არ მითხოვია ცხოვრებისთვის გაზრდა, მე დაბადებაც არ მითხოვია და რა უნდა ამეხსნა მათთვის ის თუ რამდენად უსიტყვო ვიყავი ? ის თუ რამდენად უაზრო მომავალი ექნებოდათ წინ? მე უნდა მომეწოდებინა მათთვის უნდა მომეწოდებინა...
- დამშვიდდით და დეტალებზე ვისაუბროთ, იქნებ სკოლის ნომერი ან კოდი გახსოვთ? დეპარტამენტში ძალიან ბევრი საბუთია, უამრავი ადამიანის საჩივარი შემოდის და გთხოვთ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს საქციელს, რამეთუ თქვენი ყოველი სიტყვით დაკარგული წუთი ვიღაცისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე შეიძლება აღმოჩნდეს. ეს პოლიციაა და აქ არ ვისმენთ თქვენი ისტორიის პოეზიას, უკვე პოეზია დიდი ხანია იქცა იარაღად, რომელიც საჭირო დროს იქნება გამოყენებული, მე რასაც გეკითხებით ეს არის ადგილები, ადამიანების სახელები, ის რაღაცები რაც დაგვეხმარება თქვენი იდენტიფიკაციისთვის.
ქვედა ტუჩმა საოცრად დამიწყო კანკალი, ამდენი ემოცია, ამდენი ისტერია არასდროს დაგროვილა,მე ხომ ყოველთვის ვაკონტროლებდი ხმის ტონს, საქციელის ჟანრს, მოძრაობის ტრაექტორიას, ახლა კი ეს ყველაფერი მწყობრიდან გამოვიდა... საერთოდ თითქოს გამომცვალეს მაგრამ სიტყვა მაინც დავუმთავრე.
- ...მომეწოდებინა, რომ არ უნდა გაზრდილიყვნენ.
- სკოლის ნომერი ?
- არ მახსოვს.
- სკოლის კოდი?
- არც ეგ ვიცი.
- ქუჩა ან სახლი სადაც ცხოვრობთ.
- არ მაქვს.
- მშობლების სახელები ან გვარები, ასაკი წარმოშობა.
- არ მახსოვს.
- მეგობრების?
- მით უფრო.
რაღაცები ჩაინიშნეს ჩემზე მერე ჩემი აიდი ბარათის მოსანიჭებლად მონაცემები სადღაც გაუშვეს. ჩემი სახელო დააწერეს ფაილს #29891 მინა კაროევი. დაეგზავნა სხვადასხვა განყოფილებას. მერე სკრინინგზე შემიყვანეს ძუძუს თავებიდან დაწყებული ფეხის ფრჩხილით დამთავრებული ყველაფერი შემიმოწმეს. სამოსელი ისევ უკან დამიბრუნეს. და ჩემზე საუბარი ისე გააგრძელოს თითქოს იქ არც ვყოფილიყავი.
- ვის უნდა გადაეცეს, ლაბორატორიას?
- ლაბორატორიას რისთვის?
- აი იმ არქაულს რომ დაემთხვა მაგისთვის.
- არა მგონია, მგონი ფსიქიატრიულში გაუშვებენ, გაფანტული სკლეროზი, ეს ისედაც ხშირი შემთხვევაა.
- ანუ სოციალურ პროგრამაში არ ჩაეწერება?
- თუკი ფსიქიატრიული დაადგენს, რომ ჯანმრთელია სოციალურს გადასცემენ.
- მანდედან დიდხანს ვერ გამოძვრება.
- ფსიქოდან ?
- ხო.
- რა იყო შეგეცოდა?
- მომეწონა კაი ვინმეა.
- მაშინ წაიყვანე და შენ მოუარე.
- დავრეკავ და გადასცემენ.
- მომისმინე უთხარი რომ საბუთები გაუმზადდება და მერე მაგასაც მივაწოდებთ.
- ფულის ამბავზე რა გაირკვა ?
- ვერაფერი ძალიან ძველია და ყალბი თუ ორიგინალი ვერ დაადგენენ.
- ანუ?
- ანუ თვითონ დააძველა მატრუს გამოძალვის მიზნით რომ საექსპონატოდ გაეშვა თუ მართლა ორიგინალია ვერ გაიგებ.
- ისე ჯობია თვითონ დაეძველებინა.
- სადმე იპოვა ვინმეს ნამაიმუნარი ხუმრობა.
პოლიციამ ესკორტით გამაცილა. კარი გამიღეს აი იმან, ვინც ჩემზე ამბობდა მომეწონაო, შუბლზე მაკოცა გამიღიმა და მომაძახა მანდ მაგრად გაერთობი და ვერ მოიწყენო. მეგონა ახლა, კლოუნები, სასაცილო სამოსში გამოწყობილი ადამიანები ჩემს გაღიმებას მთელი ძალით შეეცდებოდნენ. შენობის შესასვლელამდე ბანერი იყო გაკრული ადამიანის სხეულით ჩვეულებრივი რეალური შიშველი ადამიანი, თუმცა გენიტალიების გარეშე. ქვევით კი წარწერა „წინ ახალი მომავლისკენ“, მერე რეკლამა უჩინარდებოდა და მყისვე იმავე ეკრანზე ახალი ლოზუნგი თავისი მოწოდებით აფრთხილებდა თუ ინფორმაციას აწვდიდა ადამიანს. „230 მატრუ 1 დღის მეგობარი; “ ვერაფრით გავიგე ის რაც ამათთან ფული იყო რატომ ეწერა სიტყვის „მეგობარი“ გვერდით. პირველი რისი კითხვაც ფქისოთერაპევთან მომინდა სწორედ ეს იყო. თუმცა მანამდე უამრავ ეკრანზე მიმადებინეს თითები მერე თვალის გუგები, შემდეგ ფეხის ტერფები, შემდეგ ლაზერი მომანათეს, კიდევ შემდეგ რაღაც სითხეში ჩამაყოფინეს ხელი, იმავე კაბინეტში კი სრულიად შეშლილი დაახლოებით 14 წლის გოგონა ჰოლოგრამის თოჯინას ჰოლოგრამის კაბებს ურჩევდა. როცა გამოსახულების შემოსვას დაასრულებდა კისკის იწყებდა გაუთავებლად, უწყვეტად იცინოდა, მისი შემჩერებელი არავინ იყო მხოლოდ ხუთიოდე წუთის შემდეგ გაბმულმა ხარხარმა რომ ყრონტი აუწვა გაჩერდა და ისევ შეშლილი ღიმილით ამჯერად ცრემლმორეულმა განაგრძო სამოსის არჩევა. კიდევ რამდენიმე წამი და სიმშვიდე უჩვეულოდ მოეფინა სახეზე. “mitklang’’ ისევ გამიელვა თავში, პატარა გოგოს მეც სწორედ იმავე სიგიჟით მივეფეთე სახეში და გამწარებული შემოვყვირე:
- Mitklnag იცი რა არის ?
გაშტერებული შეჰყურებდა თავის ჰოლოგრამას, თითქოს მისთვის კითხვაც კი არ დამესვას. მე კი ვიცოდი რომ მან იცოდა, ვუყვიროდი და მუშტებს კეფაში ვცემდი, მერე დაცვამ გამომაცალა ხელიდან მისი ოქროსფერი თმა, მე კი მძიმედ სუნთქვა დავიწყე, ისე დამღალა ამ ორ წამიანმა გაბრძოლებამ, რომ გული საგულედან ამომვარდნოდა, მისი ხმა კისერში ამომდიოდა, შემდეგ კი ყრუდ დამიგუბდა ყურებში. ისევ გავიარე დერეფნები. ამჯერად თეთრ ოთახში, თეთრი ზეწრებით გაწყობილ საწოლზე დამაჯინეს, მაგიდა ხის იყო უკან კი ტყავით გადაკრული ზურგიანი სკამი ედგა. კარი ვიღაცამ შემოაღო, თუმცა არ შემოსულა, სახე სხვაგან ჰქონდა მიმართული, საუბრითაც სხვას ესაუბრებოდა. მერე მთლიანად გახსნა შესასვლელი, შემომხედა, მიხურა ღიობი და მაგიდას საქმიანად მიუჯდა. ჯერ დაუწყო პლანშეტს ყურება. ამომხედავდა რაღაცაზე ჩაფიქრდებოდა, შემდეგ ისევ ეკრანს დაუწყებდა ცქერას.
- გამარჯობა.
- Mitklang იცით რას ნიშნავს ?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- საგიჟეთში რატომ მომიყვანეს ?
- ეს საგიჟეთი არ არის, ძალიან ცდებით აქ ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, დაკავდნენ სოციალური სამსახურით და მეტი სარგებელი მოუტანონ კაცობრიობას. აქ თქვენ გიჟს არავინ გიწოდებთ, გოგონა რომელსაც თქვენ თავს დაესხით, გასაოცარი ნიჭისა და უნარის მქონე ინდივიდია, რომელზედაც უზარმარ იმედებს ვამყარებთ, გვწამს მისი გამოყენება სასარგებლო იქნება საყოველთაო მიზნებისთვის. მე მესმის რომ თქვენ დაბნეული ხართ, მაგრამ ნდობა რომელსაც ჩვენ გიცხადებთ და რომლის მოლოდინიც თქვენგანაც გვაქვს დაგვარწმუნებს რომ აქ გიჟი არავინ არაა.
- მეგობრობა 1 საათით 250 მატრუ ?
- ა, ეგ თქვენ არ დაგჭირდებათ აქ სრულიად უსასყიდლოდ გაგიწევენ მეგობრობას.
- ვინმე ფულს იხდის ამაში?
- ჭიქა.
- ჭიქა?
- რა არის ჭიქა ქალბატონო მინა?
- ჭიქა სასმელი საშუალებაა.
- მართალი ბრძანდებით მაგრამ რა არის ჭიქა ?
- შუშისგან დამზადებული..
- ეგ როგორ არის მე კი გეკითხებით რა არის იგი ?
- სადაც სითხე ფორმას იღებს.
- ნორმალურზე დაბალია.
- რაა?
- თქვენი ინტელექტის მაჩვენებელი არამატერიალურ ჭრილში.
- ეს ცუდია ხომ ?
- ზედმეტადაც კი.
- რა მეშველება ?
- არ ვიცი გამოვძებნით, ყველაფერი გამოსწორებადია.
- და ჭიქა რა არის ?
- იცით, თქვენ იცით რაც არის, მთავარია არ შეშინდეთ.
- რა არის ჭიქა.
- ჭიქა ჭიქაა.
- ეს ხომ ისედაც ვიცოდი.
- არ იცოდით, და არც ახლა იცით.
ჩემში გაუგონარი ეჭვის ჭია წარმოშვა თეთრხალათიანმა, თვითონ კი ეჭვშეუპარებლად განაგრძო ეკრანის ცქერა, თან შიგადაშიგ წესებს მაცნობდა, აქ ცხოვრების პირობებს, რას მოელოდნენ ისინი ჩემგან და რას უნდა მოვითხოვდე მე მათგან. რა? ეს კითხვა ბევრჯერ ისმებოდა პასუხიც ჩვეული იყო. თუმცა დაჟინებით მიმეორებდა, რომ მე არ ვიცოდი მან კი იცოდა და საერთოდ ამ დროსა და სივრცისა ყველამ იცოდა. „თქვენი ოთახი საწოლის კარადისა და მაგიდისგან შედგება, ეს ხშირად იმეორეთ, საკვებს თქვენ თვითონ აირჩევთ სასადილოში ან ოთახში შემოიტან, სააბაზანო საერთოა დერეფნის ბოლოში მხოლოდ სამნი ისარგებლებთ, შენ ევი და ნაივური“ ყურში წუილმა დაიწყო ფრენა. „საკუთარ პლანშეტს მალე მიიღებთ, გამოყენებას დაგასწავლით თუკი შეფერხება წარმოიშვა.“ ღმერთო ჩემო რამდენს ლაპარაკობდა, მე მხოლოდ მორეულ რულს ვემონები ის კი არ ამთავრებს. „სეანსები დილით იქნება, ნაშუადღევს მოკლე სამუშაო გრაფიკი ხოლო საღამოს ჰობი“ იქნებ გაჩერდეს, ტვინი ამხადა, „წამლებს ძილის წინ მიგაღებინებთ, რადგან არც იმდენად რთულადაა საქმე მცირედი წაშველება მხოლოდ 2 აბი დღეში“ ააააააააააააააააააააააააააააააააააა
სიჩუმე დადგა.
გავიდა.
- 1 აბს შუადღისას მოგცემთ და დაიძინეთ.
არც დამიხედავს ისე გადავყლაპე მწვანე იყო მაგრამ ყვითლის სუნი უდიოდა. ფერი ვიყნოსე, ელესდე მომცა? კი მაგრამ ჯერ არ დამილევია წინასწარი რეაქცია როგორ მექნებოდა. საწოლზე წამოვწექი შუქი შემეხო, არა ისე როგორც უწინ ეს არ იყო კანის თბობა, არამედ შეხებისგან თრთოლაა, მე გიჟი არ ვარ, მაგრამ ისე რატომ ვიქცევი თითქოს ვიყო? რატომ არ დავუმტკიცებ მათ რომ მე ნორმალური ვარ, ამით ყველაფერი დასრულდება. მეძინება სხივო თავი დამანებე ნუ მიღუტუნებ.
ეჭვი შემეპარა, რომ მე ნორმალური ვიყავი. თერაპევტთან საუბრისას დისკუსიაში დავმარცხდი, ამან განაპირობა ჩემი სამკურნალოდ დატოვების აუცილებლობა.