ბნელი ჩრდილები
ბნელი ჩრდილები
პროლოგი!!!!
იბეთის ველზე წვიმის ქარიშხალი მძვინვარებდა.
უკვე მესამე დღე იყო, რაც ცის კაბადონს მზე ერთხელაც არ ენახა. ვიწრო ქუჩაზე ტალახის გუბეები იდგა. ორივე მხარეს სიძველისაგან ჩამოქონქილი ხის დახლები გასდევდა და აღმართის ბოლომდე არ უჩანდა დასასრული. რაღაც ბაზრის მსგავსს მოგაგონებდათ, თუმც ამინდივით უღიმღამო და უბადრუკი გახლდათ. დახლებს წყალი საცერივით გასდიოდა. ყველა უბედურებასთან ერთად ნაგებობებს არც საწვიმარი კრამიტი ჰქონდა და არც რაიმე სხვა თავდაცვითი საშუალება. ზემოდან გადმოსული ნიაღვარი აქეთ-იქეთ ეხეთქებოდა და იქაურობას უფრო მეტად შემზარავს ხდიდა. ისეთი ამინდი იყო, საღ აზრზე მყოფი ადამიანი ძაღლსაც, რომ არ გამოაგდებდა გარეთ. ყინვა ძვლებამდე ატანდა. სულ მალე, კი წვიმას თოვლიც შეერია და სანამ ეულად მიმავალი მგზავრი გრძელ აღმართს აივლიდა არემარე თეთრმა საფარმა შეცვალა.
ახლა უკვე კარგად თოვდა.
ისე ბნელოდა, თითქოს სამყაროში ადამიანთა მთელი მოდგმა ერთდროულად გადაშენებულიყოს. მხოლოდ ერთგან, ქუჩის ბოლოში ბჟუტავდა ორიოდე ჩირაღდანი. სწორედ იქეთ მიიკვლევდა გზას ეს უკანასკნელი.
ფეხი ტალახის სქელ მასაში ჩაკრა და მეორე ნაბიჯის გადასადგმელად გაჭირვებით ამოსწია. იმანაც ასაჩქარებლად სახრე მოიმარჯვა და უკან მიმავალ ცხენს ზედ ზურგზე გადაუჭირა. მიუხედავად პატრონის მცდელობისა შექმნილ სიტუაციაში ცხოველიც უძლური შეიქნა.
კარგა დიდხანს კი მოუნდა აღმართის ავლას, მაგრამ არ გაჩერებულა. როცა ქოხს მიუახლოვდა შვებით ამოიხვნეშა, წელში გასწორდა და წვიმის წყლისგან გალუმპული შუბლი სახელოთი მოიწმინდა.
ჩირაღდანს ქარი ათამაშებდა, თუმცა მაინც ირკვეოდა ხელით ამოჩხაპნილ აბრაზე გაკეთებული წარწერა “ტყის ჩრდილები”.
სანამ მგზავრმა თვალი შეავლო ვიღაც გალეშილმა კარს შიგნიდან წიხლი ჰკრა და გარეთ ბანცალით გამოვიდა. აბრა მოყანყალდა და ახლა ცალი ყურით ძლივსღა ეკიდა. კაცი იგინებოდა და ცარიელ სივრცეს ელაპარაკებოდა. აქეთ-იქეთ ტრიალში ფეხი აებნა და ტალახში მოადინა ზღართანი. მერე როგორც იყო თავი წამოსწია და ხელში მხოლოდ მგზავრი შერჩა . იმანაც შეუღრინა, მაგრამ ცხენისთვის განკუთვნილი მათრახი ზედ სახეზე გადაეჭირა და ძაღლივით ააწკმუტუნა.
კაცმა უინტერესოდ გადააბიჯა და გზა განაგრძო. ცხენი იქვე მიაბა დაა შიგნით შევიდა. იქაურობა იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე გარედან მოსული თვალისთვის იყო წარმოსადგენი. გაძინძგლულ ფართუკებში გამოწყობილი ქალები მაგიდებს შორის დაძრწოდნენ და საჭმელს არიგებდნენ. ხანდახან რამდენიმე მონეტის სანაცვლოდ კოცნასაც არიგებდნენ და ხშირად უფრო მეტსაც.
ერთ-ერთი გოგო მოსულს კისერზე ჩამოეკიდა, მაგრამ კაცმა იგი აგრესიულად მოიცილა და თვალი კუთხეში მდგარი მაგიდისკენ გააპარა. ქალმა ახლა სხვა კაცზე დაიწყო ნადირობა, მაგრამ წასვლამდე სტუმარს უკმაყოფილო მზერა სტყორცნა.
კუთხეში მდგარ მაგიდასთან შავებში გამოწყობილი კაცი იჯდა. წინ ღორის ხორცი ედო და უღიმღამოდ ჯიჯგნიდა. თავი მაშინ წამოსწია, როდესაც მკლავის სისქის მათრახი მაგიდას ხმაურით დაეცა. ზედ აშკარად იკვეთებოდა მხრებზე რქებგადაწყობილი ცხოველი. მასპინძელმა ამოხედა და მშვიდად გაუღიმა. ლუდის კათხა მანამ მიაჩოჩა სტუმრისკენ სანამ იგი ადგილს დაიკავებდა.
-დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენმა ხალხმა ერთმანეთის მიწებზე უნებართვოდ გადასვლა შეწყვიტა.- თქვა მოსულმა,- ისე კი აქაურობა დიდად არ შეცვლილა?
კაცმა ხმამაღლა გადაიხარხარა და ჩანგალზე წამოგებული ხორცი კბილებს შორის გადაისროლა.
-სწორედ ეს არის მთის ხიბლი. იგი ყოველთვის ისეთი გხვდება როგორიც დატოვე!
თავი 1
გაშავებული ტუჩებიდან ფერფლად დასდინდა გამხმარი სისხლი.
ცხენის ჩლიქებმა მოხავსებულ ქვაზე იწყეს როკვა.
ხელის თითებში ელვასავით გაკრთა ცეცხლის ალი.
კისერზე შებმული ოქროს სამკაული გასხლტა და გველივით დაიკლაკნა.
შავი წვეტიანი თითები კისერში ეცა კაცს და მოზაიკას დაახეთქა.
სუნთქვაშეკრული მხოლოდ ვედრებას უბედავდა ღმერთად ქცეულს.
კუნაპეტი შავი თმა მის მრისხანე თვალებს შეერწყა და წამში მის ადგილას ქალი გაჩნდა.
გული ფოლადზე დაცემული უროს მსგავსად უძგერდა.
შავი თმა მასაც ქონდა.
ვიღაცამ ხმამაღლა ისივლა და მის ხმას ბავშვის ტირილი მოჰყვა.
კოშკის სარკმელზე გოგონა იჯდა. კალთაში ჩვილ ბავშვს არწევდა და უმღეროდა. მისი ხმა სიკვდილზე უფრო სევდიანი და ავისმომასწავებლად იდუმალი იყო. ფეხზე მსხვილი რკინის ჯაჭვი გამოებათ და რამდენჯერაც მოქაჩავდა ის ჯაჭვი მიწაში მიითრევდა.
მისი სახე უმანკო ბავშვივით ნორჩი და ფერმკრთალი იყო.
უფრო მაღალ კოშკთან ქვიშის ზღვაში ვიღაც მიხოხავდა. სიცხისგან გათანგული ვეღარავის ცნობდა.
ქვის კედლებს მიღმა თმაშევერცხლილი კაცი საკუთარ სიკვდილს დანატროდა.
მზე სადღაც ზღვის გადაღმა ჩაიკარგა და თან წაიღო სამყაროს ყველა იმედის სხივი.
ყველა სადღაც გარბოდა, მაგრამ ბნელი ჩრდილები არავის ტოვებდა უპასუხოდ...
ბოლოს მათაც დაკარგეს ძალა და ჩრდილთა გოდებამ კიდის-კიდემდე შეძრა სამყარო
მალე მათი ხმა აღარავის ესმოდა...
ქალმა თვალები გაახილა. სევდამ გული შუაზე გაუპო. თითქოს რამდენიმეწლიანი ღრმა ძილისგან პირველად მოსულიყოს გონს. მსგავსი ზმანება ბოლოს როდის ნახა აღარც ახსოვდა.
ოთახში მზის სხივები იღვრებოდა. ჯერ ისევ ბურანში მყოფმა რამდენიმე სილუეტი ამოიცნო. ერთ-ერთი თავზე დაადგა და მოწიწებით გაუწოდა ხელი.
-დილა მშვიდობის თქვენო სამეფო უმაღლესობავ!
საკუთარ ფიქრებში ჩაკარგულმა ქალმა პასუხის გაცემაც ვერ მოიფიქრა.
-კარგად ხართ?-შეშფოთდა მსახური გოგო.
-კარგად ვარ გმადლობ ტარა! დღეს მარტო ჩავიცმევ. გთხოვთ დამტოვოთ- დედოფალს დაღლილი ხმა ჰქონდა. შუბლზე ოფლის წვეთები ცვარად ეტყობოდა. ქალმა საწოლიდან ფეხები გადმოსწია და ადგომა სცადა.
-ჰო, მაგრამ...
ქალი შეტრიალდა და უპასუხოდ გავიდა მეზობელ ოთახში. სარკმელი ღია იყო და დილის სიო სასიამოვნოდ იჭრებოდა შიგნით. ბაღის კიდესთან საშუალო სიმაღლის, ახალგაზრდა და მოხდენილი გოგონა იდგა და თავდახრილ მსახურს ეკამათებოდა. ქალმა სევდანარევი მზერა გააყოლა მის სილუეტს და თავი გადააქნია, როდესაც იგი ცხენს მოახტა და გააჭენა.
ეს ელოიზა იყო. დედოფლის უფროსი ასული. ის ვინც მას დღეებს,ღამეებსა და სიზმრებს უფრთხობდა.
ქალმა ხავერდოვანი შავი კულულები შეისწორა და კარადას მიუახლოვდა. კანკალით გადასწია კარი და ტანსაცმელში მიჩურთულ ნივთს დაუწყო ძებნა. როგორც კი ცივი სხეული შეიგრძნო შიშისგან გააჟრჟოლა. წითელი აბრეშუმის ქსვოვილი გადასწია და დახედა. შინდისფერ სფეროს ბურთში ელვასავით ათამაშდა ცისფერი ჩრდილები. თითქოს მის შიგნით ღრუბლები ცურავდნენ და ერთიმანეთს ეხეთქებოდნენ.
“გახსოვდეს ჯენარა! - უთხრა ერთხელ მას მამამ- ყოველი ადამიანი აჩრდილია. წარსულის, აწმყოს ან მომავლის. ყველა ადამიანს აქვს ისტორია! ყველა ადამიანი იმსახურებს, რომ ჰქონდეს ისტორია. ზოგი მათგანი ლეგენდებს შემორჩება. ზოგი-კი ჩაიფერფლება და დავიწყებას მიეცემა,მაგრამ რომ არა ფერფლად ქცეული აჩრდილები, არც ლეგენდების არსებობას ექნებოდა აზრი.”
დედოფალს გაახსენდა და თვალები მოხუჭა. მისი პატარა და ნორჩი სხეული მომენტალურად მოდუნდა და მკლავები ჩამოუშვა.
სფერო ღია სარკმელზე შემოდო და ისევ ეზოს გახედა.
შორს, სადღაც სივრცეში შავი ულაყი ჰორიზონტს მიაპობდა უკან კი მდევრები მიჰყვებოდნენ.
***
როგორც წესი დილით ბაზრის ქუჩები სავსე იყო ხალხით. მზის გულზე დაყრილ აუარება საქონელში ყველა ხელებს უფათურებდა. ზოგი ყიდვას ცდილობდა, ზოგიც კი უტიფრად ხელზე რამის გაყოლებას. ყველა რაღაცას გაჰყვიროდა ან უმისამართოდ გარბოდა.
დედაქალაქში ძირითადად აუტანლად ცხელოდა და თუ კი როდესმე წვიმა მოსვლას ინებებდა ყველას თავ-ბედს აწყევლინებდა. ყველაფერი მტვერსა და ნაგავში გამოეხვეოდა ხოლმე, განსაკუთრებით კი ბაზრობა. წინა დღით წვიმის მოსვლის გამო გზებზე ტალახი იდგა, თუმცა ამას ხალხის ნაკადი დიდად არ შეეჩერებინა.
ქუჩის კუთხესთან ხუთიოდე ცხენი შედგა. პირველი ახალგაზრდა კაცი ჩამოხტა და ხელი გაუწოდა გოგონას, რომელსაც უმანკო და ბავშვური სახე ჰქონდა. ამასთან ისეთი გამხდარი იყო იფიქრებდით ყოველი ამოსუნთქვისას თავს ძალას ატანსო. ხალხის უმრავლესობამ ყურადღება მიაქცია ცისფერ აბრეშუმში გამოწყობილ პატარა ქალბატონს. ორი თანმხლებთანაგი აქეთ-იქედან ამოუდგა, რამაც ყველას მიახვედრა რომ იგი ჩვეულებრივი გლეხი არ იყო. გოგონა გზა და გზა უღიმოდა ინტერესით მომზირალ სახეებს. ყოველი მათგანი განსხვავდებოდა მისგან და ერთმანეთისგანაც. ყოველ მათგანში იგრძნობოდა ყოველდღიური სიდუხჭირე, ტანჯული ცხოვრება და ამ ცხოვრებისგან დამძიმებული ტვირთი. გული ჩიტივით აუფრთხიალდა, მაგრამ არ შეჩერებულა. ყოველი მათგანის სახეს გრძნობდა, მათ მზერას და ინტერესს. თავად კი დაუჯერებელ რეალობაში თავგაყოფილმა გადაწყვიტა ყულფი გაეწყვიტა და ცოცხალი დარჩენილიყო.
დღეს ის პირველად ცხოვრებას პირისპირ შეხვდა და გული სევდით აევსო. იმ ხალხს შორის ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნებოდა ისეთი, რომელიც მას ჰგავდა.
-ისინი ვერ ხვდებიან ვინ ვარ მე?- გოგონამ ნაზი და მინავლებული ხმით იკითხა.
-ვერა მეფის ასულო. ალბათ ჰგონიათ, რომ რომელიმე ვაჭრის შვილი ხართ ან მოხელის.
-აქურობა...- სიტყვა ჩაუწყდა გოგოს
-მძიმე სიტუაციაა მეფის ასულო. ხალხს უჭირს, მაგრამ მამათქვენი ეცდება ყველაფერი გამოასწოროს. ჩვენ კი მგონი სჯობს უკან დავბრუნდეთ.- კაცს ხმაზე შეეტყო, რომ დიდად თავადაც არ სჯეროდა იმის რასაც ამბობდა.
-მინდა ვნახო.
-სახიფათოა. აქ ბევრი უსიამოვნო ინცინდენტი ხდება. ჩვენ კი პრობლემები შეგვექმნება იმისთვის, რომ დაუკითხავად წამოგყევით.
-როდესაც ჩემი და მოდის, მასაც იგივეს ეუბნებით?
გოგონას მეტისმეტად მეამიტი სახე ჰქონდა, მაგრამ როგორც შეეძლო ისე გამოხატა სიბრაზე. მცველი გაჩუმდა.
-მეც ისეთივე უფლებები მაქვს როგორიც მას. მეც მეფის ასული ვარ. მეც მაქვს უფლება გიბრძანოთ.
-ის, თქვენო მოწყალებავ... თქვენც ხო კარგად იცნობთ მას!
-მას ვერ ეწინააღმდეგებით. ის აქ ხშირად დადის და ხალხს აკვირდება. უნდა თავი მათ ნაწილად იგრძნოს. მე რატომ არ შემილია იგივე გავაკეთო? ეს ხომ ჩემი ხალხიცაა. უმცროსი ვარ, მაგრამ უფლებები მეც ხომ მაქვს.
-არც გვიფიქრია თქვენი უფლებების უგუნებელყოფა თქვენო მოწყალებავ- მსახურმა თავი დაბლა დახარა.- ჩვენ ვინ ვართ ეს შემოგკადროთ. უბრალოდ სახიფათოა. მსგავს ადგილებში ძალიან საჩოთირო ამბები ხდება ჩვენ კი საკმარისი რაოდენობის არ ვართ რათა თავს აგარიდოთ ყველა უსიამოვნება.
გოგონას საქციელი ცოტა არ იყოს და ახირებად ეჩვენებოდათ მხლებლებს, თუმცა კი ვერ იმჩნევდნენ.
მსვლელობა გზაჯვარედინს მიუახლოვდა. გზა ბაზრის სხვადასხვა მიმართულებით იყოფოდა. აქეთ-იქედან სავაჭრო დახლები აუყვებოდა. რადგან ჯერ ისევ დილა იყო ხალხი გასაყიდ საქონელს ზედ აფორმებდა და მუშაობისთვის ემზადებოდა. ცენტრალურ ადგილას კი მრგვალი მოედანივით მოეწყოთ. ფიცრებით შეჭედილ უშნო შემაღლებულზე მხოლოდ ძელი იყო ჩარჭობილი. გოგონას წარმოდგენა არ ჰქონდა მას რისთვის იყენებდნენ.
-აქ უხეირო წარმოდგენებს მართავენ ქუჩის მასხარები თქვენო მოწყალებავ.- ნაწილობრივ სიმართლე თქვა მსახურმა- ხანდახან კი ხალხს სიტყვითაც მიმართავენ . ზოგი მეფეს ადიდებს-ზოგიც აძაგებს.
-ჩემი და აქ ხშირად დადის?
-კვირაში რამდენჯერმე თქვენო მოწყალებავ, თუმცა მას აქ უკვე უბრალო ხალხიც კარგად ცნობს..
-ხალხს ეყვარება, როდესაც დედოფალი გახდება.
კაცი გაჩუმდა. უხეიროდ დააცეცა თვალები სხვადასხვა მიმართულებით და აშკარად ცდილობდა პასუხზე თავი აერიდებინა.
-არა?
-ალბათ...- კაცის ხმაში ეჭვი იგრძნობოდა
-მითხარი რას ფიქრობ.
-ხალხი სხვანაირად ფიქრობს მეფის ასულო. თვლიან, რომ ქვეყანა მან არ უნდა მართოს. მაპატიეთ, მაგრამ ასეა...
-რატომ?
-იმიტომ, რომ... ქალია. ჩვენ არ გვყოლია არასდროს ქალი მმართველი მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. დღეს კი ქვეყანას ძალიან უჭირს. ხალხი დამშეულია. საზღვრები კი...გადასალახზე* საშინელებები ხდება.
-საზღვრებთან სიმშვიდეა. არასდროს მსმენია, რომ საზღვრებთან პრობლემებია. რა ხდება საზღვრებთან?- გოგონამ თავი სულელად იგრძნო თუმცა არ შეიმჩნია.
მას არასოდეს არაფერს უყვებოდნენ და მნიშვნელოვან საკითხს მისგან შორს იჭერდნენ. ყველა ჯერ ისევ ბავშვად თვლიდა მიუხედავად იმისა, რომ უკვე თექვსმეტი წელი შესრულებოდა.
-ჩვენი მეზობლები… აღმოსავლეთის მიწები ცდილობს ჩვენს დაპირისპირებას. ჯერჯერობით შორიდან და ამ სიტუაციაში ქალის მოსვლა ქვეყნის სათავეში არავის მიაჩნია მართებულად. ხალხს ეშინია. თუ ომი იქნება...
-ხო, მაგრამ...
-ისედაც მეტისმეტად ბევრი გითხარით თქვენო სამეფო უმაღლესობავ. გთხოვთ ნუ გახდებით ჩემთვის თავის წაცლის მიზეზი. როგორც ჩანს ამ საკითხს თქვენგან შორს იჭერენ და ალბათ აქვთ კიდევაც ამის მიზეზი.
მეფის ასულმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხალხში შეხლა -შემოხლა დაიწყო. გზის მეორე მხრიდან კაცი ყვიროდა და ხელებს იქნევდა. ორი მათგანი, კი რაღაცას მოათრევდა. გოგონას მსგავსი რამ მის დღეში არამც თუ ენახა არამედ არც კი წარმოედგინა. რაც უფრო ახლოვნებოდა ყვირილის ხმები მით უფრო სწრაფად ეჯახებოდა ხალხი ერთმანეთს. ყველამ იმ პატარა მოედნისკენ იწყო სვლა სადაც ცოტა ხნის წინ მხოლოდ ძელი იყო ჩარჭობილი. ზოგი ცნობისმოყვარეობას მოყვებოდა ზოგიც კი სეირის ყურების აუტანელ სურვილს. ბაზრის მოედნებზე ყოველთვის იყო სანახაობა და არც მაყურებლის ნაკლებობას განიცდიდნენ.
-რა მოხდა?- ხმა ლამის გაეპარა მეფის ასულს.
-როგორც ეტყობა ჩხუბია. ალბათ სჯობს წავიდეთ თქვენო მოწყალებავ.- კაცი გოგონას წინიდან აეფარა, მაგრამ უკნიდან მომავალმა საშუალოზე მაღალმა კაცმა იგი მუჯლუგუნით გადასწია განზე და არეულობას შეუერთდა. ტყავის ჩექმები მუხლამდე ჰქონდა ამოქაჩული და ღიპი კარგა შესამჩნევად ეტყობოდა.
-მოსამართლე! მოსამართლე!სად არის მოსამართლე?
ოფლისგან გაწუწულს შუბლზე ზოლებად ეწყო თმა. გეგონებოდათ საგანგებოდ იმ დღისთვის ქონდა დავარცხნილი.
-ეს თაღლითი, პატარა მახინჯი მათხოვარი. ხო მაინც დაგიჭირე არა შე პატარა პარაზიტო,- კაცმა წიხლი აიღო და უთავაზა პატარა ბიჭს, რომელსაც ორი ახმახი კაცი ძალმომრეობით მოათრევდა. პატარა და გალეული იყო და ფეხის წვერებით მიწაზე მოჭიდებას გაჭირვებით ახერხებდა, თუმცა ამაოდ. ბავშვმა ამოიკვნესა სანამ კაცი ისევ ყვირილს მორთავდა.- სად არის წყეული მოსამართლე?
-სამართალს ნუ შეურაცხყოფ ბარიბას,- ამოიროხროხა ვიღაცამ და ბავშვისკენ გაიკვლია გზა. კაცს შეეტყო რომ ეს ბავშვი უკვე არაერთხელ ყავდა ნანახი.
-პატიება მითხოვია სამართლის წინაშე ბატონო, მაგრამ ეს პატარა მახინჯი მათხოვარი ბავშვი ყოველდღე მძარცვავს. დახლიდნ პურს იპარავს. არა ხო მაინც დაგიჭირე შე თაღლითო.- გაცეცხლება ისევ გაახსენდა ბარიბასს, აიღო და წიხლი კიდევ უთავაზა გვერდებში საცოდავს. იგი ისეთი გამხდარი იყო, რომ მეფის ასულს მოეჩვენა თითქოს ძვლების ტკაცუნის ხმა მოესმა.
გოგონა სახტად იდგა შორიახლოს და ლამის იყო ფეხები მოჰკეცვოდა.
-გაროზგეთ, გაროზგეთ...-დაიყვირა ვიღაცამ მასიდან და მეფის ასულმა მხოლოდ ახლაღა შეამჩნია გარშემო ხალხი არნახული რაოდენობით მოგროვილიყო.
-მოიპარე ბიჭო?- აგდებით ჰკითხა მოსამართლემ.
ბავშვმა თავი დააქნია და საწყალი თვალებით შეხედა კაცს.
-რატომ ქურდობ და საწყალ ხალხს მოსვენებას არ აძლევ?
ბიჭს არ უპასუხნია. ხვდებოდა, რომ თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა. ყველაფერი იმათ მხარეს იყო ცოტა ხნის წინ საწყალ ადამიანებად, რომ მოიხსენიეს.
-ქურდობს იმიტომ, რომ შია. ხალხი მშიერია და ყველაფერს აკეთებს თავის გადასარჩენად. ბავშვს რატომ სთხოვთ პასუხს მუხთალი ცხოვრებისთვის?- გამოესარჩლა ხანში შესული დაბალი და მსუქანი ქალი, რომელიც აშკარად ენერგიული იყო. ვაჭარი ახლა მისკენ წამოენთო და ხელების შლით გამოემარა.
-ენა ჩაიგდე ქალო. ამ ქვეყანაში ქალებისთვის ჯერ ააზრის გამოთქმის უფლება არავის მიუცია. შია და პატრონმა მიხედოს. მე რა მისი პატრონი ვარ ვარჩინო?
-შენნაირები არიან ყველანაირი უბედურების სათავე ბარიბას. ეშმაკის ფეხი!- რაც შეეძლო ხმამაღლა დაიყვირა უკანასკნელი სიტყვები. ქალი ისევ დიდ გულზე იყო.
-ენა გააჩერე ქალო-მეთქი - ხალხს გადმოევლო კაცი და მოსარჩლეს ეცა. თვალები ბრაზისგან სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა.
-რა ხდება?- ამოიკვნესა მეფის ასულმა, რომელიც განზე იდგა და სიტუაციას აკვირდებოდა.
- ახლა იჩხუბებენ და სჯობს რაც შეიძლება სწრაფად დავტოვოთ აქაურობა.
- როზგი თორემ არ ვიწამებ შენი სამართლისას იცოდე- თითი დაიქნია ვაჭარმა და უკან დაბრუნდა. მოსამართლეს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ამ გაქსუებული ვაჭრის ყვირილი- აბა ერთი ჩემს დახლს ისევ გაეკარე ხელებს დაგაჭრი შე ეშმაკის მოგზავნილო.
კიდევ ერთხელ გაიქაჩა ვაჭარი, მაგრამ ამჯერად მოსამართლემ ხელის აწევით შეაჩერა. კაცი დაღლილი ჩანდა და ერთი სული ჰქონდა იქაურობას გასცლოდა ამისთვის კი ყოველგვარ მოთხოვნილ სასჯელზე იყო თანახმა.
-გადასახადებს პირნათლად ვიხდი ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ გადასახადს- ბარიბასმა ყურსუკან წასჩურჩულა მოსამართლეს ეს უკანასკნელი სიტყვები- ასევე პირნათელ სამართალს ვითხოვ.
-ათი როზგი და მომწყდით თავიდან შენც და ეს შენი ბავშვიც.
ცხვირი აიმრიზა მოსამართლემ. ვაჭრის ატანა არც ერთი წუთით აღარ შეეძლო. ბარიბასი სიამოვნებისგან გაიჯგიმა და გახუნებული ტუნიკა ორივე ხელით მრავალმნიშვნელოვნად გაისწორა. ახლა მხოლოდ სანახაობით უნდა დამტკბარიყო.
ორმა კაცმა ფეხების ფხოკიალით გადმოათრია ბიჭი ხის ფიცრულ არენაზე და ძელზე დაუწყო მიბმა.
მეფის ასულმა კოპები შეყარა. შიშისგან ფერი წაერთვა. ისეთი განცდა დაეუფლა თითქოს ამწუთას მას ამზადებდნენ გასაროზგად.
-რამე ...რამე რომ ვიღონოთ? - წამოიწყო მან და თან იგრძნო უზარმაზარი ნერწყვი როგორ გადასცდა კისერში.
-მიხვდებიან ვინც ხართ და ამ ბრბოსგან ვერ გამოგიხსნით. სულ ხუთნი ვართ და სჯობს აქაურობას გავეცალოთ.
მცველი უკანასკნელ ძალებს იკრეფდა, რომ მეფის ასული დაერწმუნებინა წაჰყოლოდა თუმცა გოგონა ისე ჯიუტობდა. აშკარა იყო ფეხის მოცვლას არ აპირებდა.
-ტყავი გასძვრება საწყალს ამ შოლტისგან. ნახეთ რა გამხდარია .
-აქ დღეში მასეთს ათს მაინც როზგავენ თქვენო მოწყალებავ.
მეფის ასულს ხმა კისერში გაეპარა. საკუთარი თავი სძულდა იმის გამო, რომ ასეთი უსუსური და გამოუსადეგარი იყო.
-ის როგორ მოიქცეოდა?
-ვინ ის? - მცველმა სცადა წაეყრუებინა, თუმცა კი კარგად ხვდებოდა ვისაც გულისხმობდა პატარა ქალბატონი. უსიამოვნებები უფროსი დისგანაც არ აკლდათ ხოლმე და ცდილობდნენ ეს მაინც დაემორჩილებინათ.- ახლავე წავიდეთ მეფის ასულო.
-ჩემი და... ელოიზა როგორ მოიქცეოდა.
-თქვენ არ ხართ ელოიზა. უმეცრებას ნუ ჩაიდენთ მეფის ასულო თორემ ყველას თავებს დაგვაცლიან. ისედაც ჩვენი აქ ყოფნა უკვე დანაშაულია.
გოგონას უსამართლობის ჭია შეუძვრა გულში. უფრო მეტად იმის გამო, რომ უსუსრ ბავშვად თვლიდნენ. დედამისი დედოფალი ჯენარა სასახლის ბაღის იქეთ სასეირნოდაც კი არ უშვებდა. ღამ-ღამობით აკითხავდა და ჩვილი ბავშვივით საბანს უსწორებდა. უკვე დიდი ხანი იყო რაც ელოიზა სასახლის სხვა ნაწილში გადასახლდა და მსახურებიც თავისი ჰყავდა. პარტარა დას კი ჯერ ისევ მშობლების ოთახის გვერდით საძინებელში ეძინა და მისი ყოველი მოძრაობა უკვე ცნობილი იყო მეფე-დედოფლისთვის. თავის გამოჩენის ბრიყვულმა სურვილმა დასძლია და გაუბედავად გადადგა ნაბიჯი წინ. მხლებელმა ხელით სცადა დაეჭირა, მაგრამ ისე სწრაფად გაუსხლტა ვეღარ მოასწრო. დატყვევებული ბავშვი უკვე ხელებით იყო მიბმული და განაჩენს ელოდა.
-როგორ ბედავთ სასჯელის აღსრულებას მეფის განაჩენის გარეშე.- გოგო ხის მოედანთან მიიჭრა და დაიყვირა. ხელები მუშტად ჰქონდა შეკრული და სიმამაცესაც ამჟღავნებდა, თუმცა კი გული უკანკალებდა.
ყველამ უკან მოიხედა. იქ მართლაც ბევრი ხალხი იყო და პატარა ქალბატონმა ახლაღა გააცნობიერა თავი რა შარშიც ქონდა გაყოფილი. მოსამართლე შუა გზიდან შემოტრიალდა. აშკარად დაღლილი ჩანდა ამ ყველაფრით და უნდოდა იქაურობას სასწრაფოდ გასცლოდა. მხლებლებმა დროის უსწრაფესად გაიაზრეს რაც იყო მოსალოდნელი და სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის მოემზადნენ.
-შენ რა გგონია სულელო გოგო, რამდენი ბავშვიც ბაზარში იქურდებს მეფე მაშინვე აქეთ გამორბის?
-და ის მაინც მეფეა. არ გაქვთ უფლება...
-მე ქალაქის ერთ-ერთი მოსამართლე ვარ და შემიძლია ზოგიერთი წვრილ-წვრილი საქმე ჩემი ნებით გადავწყვიტო.- გამოაცხადა კაცმა- მომისმინეთ პატარა ქალბატონო, სახლში წადით და თქვენს აბრეშუმში გამოეხვიეთ. ამის მსგავსი მათხოვრები თქვენი გასარჩევი არ არის.- ხელი გაიშვირა ბავშვისკენ კაცმა მერე კი გზას მრავალმნიშვნელოვნად გახედა. გოგონას აშკარად იქეთ მიუთითებდა.
-როგორ ბედავ რამე მიბრძანო.
მეფის ასული წამოენთო და კაცს შეუბღვირა. თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობდა. როცა საქმე დიდებულებს ეხებათ მათ ყოველთვის ახსოვთ ის ერთადერთი რამ რასაც არავის და არაფრის გამო არ დათბოდნენ. პატივმოყცვარეობის განსაკუთრებულად გაძლიერებული განცდა. სანამ იგი ნაბიჯს გადადგამდა კაბა რაღაცას წამოედო და წაბორძიკდა. მოსამართლეს ჩაეღიმა. ძნელი წარმოსადგენი იყო რას აპირებდა, მაგრამ იგი გოგონასკენ დაიძრა.
-გიბრძანებთ უკან დაიხიოთ.
ერთ-ერთმა მხლებელმა ბრბოში გზა ძლივს გაიკვლია და მიშველება სცადა. თან ხელი ხმალზე ეჭირა, რადგან წარმოდგენა არ ქონდა რა წამს დასჭირდებოდა მისი გამოყენება. ახლა ალბათ მთელი არსებით ნანობდა ბავშვს, რომ დაუჯერა და წამოჰყვა. მხოლოდ მეფის ასულის კი არა მათი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა.
ახალგაზრდა ქალბატონი სანამ რამეს მოიმოქმედებდა ისევ ცალი ფეხით წაბორძიკდა და ამჯერად მიწას დაენარცხა.
მხლებელმა ხმალი ქარქაშიდან ამოაძრო და სანამ მოსამართლე წაქცეულ გოგონას მიუახლოვდებოდა სასწრაფოდ დაუღრიალა:
-ახლავე უკან დაიხიეთ. მეფის და სახელმწიფოს სახელით გიბრძანებთ უკან დაიხიოთ.
მოსამართლე შეცბა და უკან დაიწია. მისთვის ცხადი იყო რომ მეფის დაცვა ელაპარაკებოდა.
-სასახლის დაცვა?
-მეფის ასული აიმირა ალაკორნი- დანარჩენმა ორმა მხლებელმა გოგონა ფეხზე წამოაყენა. იგი შემცბარი და შერცხვენილი ჩანდა. მთელი სამოსი და პირისახე მტვრით ჰქონდა მოთხვრილი. მისი უწინდელი შემართებაც თითქოს სადღაც გამქრალიყო. ხელი სახეზე მოისვა და ტალახმა ცხვირი გაუთხაპა. მცველს ცალი ხელით გოგონა ეჭირა მეორე ხელით კი ხმალს იმარჯვებდა. დანარჩენი ოთხიც სასწრაფოდ ახლოს მოვიდა, რათა სიტუაცია შეძლებისდაგვარად კონტროლირებადი გაეხადათ.
‘’ახლა ალბათ მასხარას ვგავარო!’’-გაიფიქრა გოგომ. მას ყოველთვის ემართებოდა ის რაც თავის დღეში არ დაემართებოდა ელოიზას.
-მომიტევეთ თქვენო უმაღლესობავ.- ცალ მუხლზე დაეშვა მოსამართლე. აღარც ის ჩანდა უწინდებურად შემართული.
-როგორ...როგორ ბედავთ თქვენ...-დაყვირება სცადა გოგონამ, მაგრამ დაცვამ მზერით აიძულა გაჩუმებულიყო. მოედანი ხალხით იყო სავსე და კიდევ უფრო მეტი ემატებოდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს გადასძახეს მეფისასულის იქ ყოფნის თაობაზე.
-ჩემი სამართალი, ჩემი სამართალი...- ისევ წინ გამოიჭრა ვაჭარი, რომელსაც წესიერად ვერც კი გაეგო რა ხდებოდა.- აღასრულეთ სამართალი.
-გაჩუმდი ბარიბას ახლა მაგის გარკვევის დრო არ არის. -მუჯლუგუნი ჰკრა მოსამართლემ, მაგრამ კაცი უარესად აპილპილდა.
- მომრიგებელი მოსამართლე ტყუილად გქვია შენ. არაფერზე მორიგებასაც არ აპირებ.
- უკნ დაიწიე, სანამ ეგ თავი ბეჭებთან არ გადაგაცალეს ბარიბას. ვერ ხედავ, რომ შენ წინ სამეფო ოჯახია?
-იტყუება. როდის იყო მეფის ასული ხუთი კაცით დადიოდა ბაზარში?- მის სიბრიყვეს საზღვარი არ ჰქონდა.
რამდენად უგუნური შეიძლება იყოს ადამიანიო, ჩაილაპარაკა მომრიგებელმა მოსამართლემ და შეტრიალდა. გარშემო მოგროვილ ხალხში ისევ ჩოჩქოლი ატყდა. ახლა ყველა გოგონასკენ იწევდა. მასთან მისვლას და გამოლაპარაკებას ცდილობდნენ. ხუთიოდე კაცი, კი მოწოლილ ტალღას ვეღარ უმკლავდებოდა. მათ წრე შეკრეს მეფის ასულის გარშემო და ცდილობდნენ ბრბო მასთან ახლოს არ მიეშვათ.
-გითხარით, რომ არ იყო კარგი აზრი თქვენო მოწყალებავ.- კბილებში გამოსცრა სასახლის დაცვისგან ერთ-ერთმა.
გოგონას სახეზე სასოწარკვეთა დაეტყო. დაცემის დროს გადაყვლეფილი ხელი კაბის ნაჭრით გადაიფარა. მოსამართლე ცდილობდა ბრბოსთვის აეხსნა, რომ ახალგაზრდა ქალბატონთან ასე მხეცებივით მოქცევა არ შეშვენოდათ.
-მამაშენი მატყუარაა...- წამოიყვირა ვიღაცამ. აიმირა ადგილზე ტრიალს მოჰყვა და სცადა გაეგო ვისი ხმა იყო.
-მეფე გვატყუებს.
-ხალხი შიმშილით იხოცება.- ვიღაცეებმა არენის მიმართულებით ქვა ისროლეს. მცველმა ფარი ასწია და როგორღაც მოასწრო მეფის ასულისკენ გამოსროლილი ქვა მანამდე აესხლიტა სანამ გოგონას მოხვდებოდა.
-აღმოსავლეთის ხალხი საზღვრებს არბევს. სად არის მეფე?
-სამართალი გვინდა.- ბრბო წააქეზა ბარიბასმა. ძელზე მიბმული ბავშვი ყველას ძალიან სწრაფად დაავიწყდა.
გაუთავებელ ხორხოცსა და გაწევ-გამოწევაში ვერავინ შენიშნა ზურგში მომდგარი რამდენიმე ცხენოსანი. პირველად შავი ულაყი შედგა. ზაფხულსა და შემოდგომის პირს დედაქალაქი განსაკუთრებით მტვრიანი იყო. შავ ულაყს უკან შვიდიოდე მხედარი მოჰყვა. არენაზე ჩამოწოლილ მტვერში უცნაურად მოსჩანდა აიმირას ცისფერი აბრეშუმის კაბა. დანარჩენი ყველაფერი გადახუნებული და უფერული იყო.
ჯარისკაცებმა ხალხის მასა აიძულა კოლიდორი შეექმნათ და გზა წინ ისე გაეკვალათ. დანარჩენმა მხლებლებმა თითქოს შვებით ამოისუნთქეს. მათი დანახვისთანავე მეფის ასული შიშმა აიტანა და ეცადა სახე მხლებლის ზურგს უკან დაემალა.
-ვინ არის?- ამოთქვა ბარიბასმა.
-ელოიზა? ისაა?- წაიჩურჩილეს ხალხში და მალევე მისი სახელი ამ თავიდან იმ თავში ექოდ გადაიცემოდა.
-ელოიზა...ელოიზა...ელოიზა...
როცა საქმე მას ეხებოდა სიტუაცია ყოველთვის ერთნაირი იყო. მის სახელს ზურგს უკან ჩურჩულით იმეორებდნენ და თვალს არიდებდნენ.
-მისი სამეფო უმაღლესობა ელოიზა ალაკორნი. - გამოაცხადა თანმხლებმა. დის მრისხანე მზერამ გული შუაზე გაუპო აიმირას.
-აქ რა ხდება?- მშვიდად იკითხა მან. მისი უჩვეულო სიდინჯე გარშემომყოფთათვის ყოველთვის ყველაზე მტანჯველი იყო . მან დიდი შავი თვალები, რომელსაც ყოველთვის ალმასივით ათამაშებდა ინტერესით მიაპყრო მოასამართლეს. ცხადი იყო,რომ მისგან ელოდა პასუხს. აბა უბრალო გლეხებისგან ან გაშმაგებული ვაჭრისგან რა პასუხი უნდა მოეთხოვა, როცა კანონის დამცველი იქვე იყო?
-ცოტაოდენი გაუგებრობა თქვენო უმაღლესობავ. -თავი ისე მდაბლად დახარა კაცმა ლამის მიწას განერთხო.
ელოიზამ ამჯერად დის ჩამოგლეჯილი და გაწვირული გაბისკენ გააპარა თვალი.
-ეს რა უგუნურებაა აიმირა?- ყურთან წასჩურჩულა, თუმცა კი გაუცინა. დას მკლავებზე შემოხვეული აბრეშუმი გაუსწორა და ისევ დანარჩენებს მიუბრუნდა .- რა გაუგებრობაზეა საუბარი?
ელოიზა კვლავ მოსამართლეს მიუბრუნდა:
- ბავშვმა იქურდა მეფის ასულო და ვაპირებდით ცოტათი დაგვესაჯა.
-ბავშვის ნაქურდალისთვის შეიკრიბეთ აქ მთელი ქალაქი?
-პური მომპარა თქვენო მოწყალებავ. ყოველ დღე იპარავს. განა მარტო ჩემთან. დაგვაწამა მთელი ვაჭრები- ბარიბასი წინ გამოიჭრა და მოწიწების ნიშნად თავი ლამის მიწამდე დახარა, თან სასოწარკვეთილი ელოდა სხვა ვაჭრებისგან მხარდაჭერას, თუმცა სიტყვაც არავის დაუძრავს.- საშველი აღარ გვაქვს. მოსვენებას არ გვაძლევს. აქ ყველა დამეთანხმება თქვენო მოწყალებავ.
ელოიზამ კაცი შეათვალიერა. ნაცრისფერი ტუნიკა ეცვა. ძალიანაც არ იყო გაცვეთილი და ვერც უბრალოებას დასწამებდი.
-შენი დახლი სად არის?
-იქეთ თქვენო მოწყალებავ. –ხელი გადაიშვირა კაცმა.- პატივი დამდეთ და მეწვიეთ.
მის მლიქვნელობას ყოველგვარი საზღვარი ჰქონდა დაკარგული. საკუთარი როლის თამაშით ისე იყო გართული რომ ვერც ერთხელ ვერ შეამჩნია როგორ ჩაეღიმა მეფის ასულს. ელოიზას ყველაზე მეტად მლიქვნელები ეჯავრებოდა.
-მაჩვენე!
ბარიბასი ლამის ფრენა-ფრენით წ