ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

მოთხრობები

 

ჩრდილები

 

თავი I

ალბათ, ადამიანის გონება საუკეთესო დროის მანქანაა მთელს სამყაროში, მოგონებები კი, საუკეთესო საშუალებაა წარსულში სამოგზაუროდ.

ბავშვობაში, როდესაც მე და ჩემი ძმა ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, მამასთან ერთად ქვეყნის დასავლეთით, მთებს შორის მდებარე, ერთ პატარა სოფელში ვცხოვრობდით. ჩვენი სოფელი რამდენიმე მცირე ზომის, ერთმანეთის მსგავს, დამრეც გორაკზე არსებული ოციოდე ძველებური, აგურის სახლისგან შედგებოდა, რომელსაც სამი მხრიდან ხშირი ტყე, ხოლო მეოთხე მხრიდან პატარა, მთის მდინარე ესაზღვრებოდა. მდინარის გაღმა, სოფლის პირდაპირ, ქვეყნის მთავარი საავტომობილო გზა გადიოდა, რომელიც ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს ერთმანეთეთთან აკავშირებდა. მოგვიანებით, გზას ადგილმდებარეობა შეუცვალეს და სულ სხვაგან, ჩვენი სოფლისგან შორს, მთებს გადაღმა გადაიტანეს.

იმის გამო, რომ გზა ჩვენი სოფლის პირდაპირ იყო, ღამით მანქანების შუქი პირდაპირ

სოფლის მიმართულებით ანათებდა, საკმაოდ შორი მანძილის მიუხედავად, სოფლამდე მინც აღწევდა და რამდენიმე სახლს ხვდებოდა.


ჩვენი სახლი, რომელიც სოფლის განაპირას, უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობდა, ერთ- ერთი იყო მათ შორის, რომელსაც გზიდან მომავალი შუქი ანათებდა. სინათლე პირდაპირ ჩემი და ჩემი ძმის ოთახის ფანჯრებს ხვდებოდა, რის გამოც, ოთახის კედლებსა და ჭერზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩრდილები ჩნდებოდნენ. სინათლე იღებდა იმ ყველაფრის სახეს, რაც გზიდან ჩვენს სოფლამდე გზაში ხვდებოდა, თან მოჰქონდა და ოთახის კედლებსა და ჭერზე გადმოჰქონდა.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით ერთ ადამიანს მოსწონდა. ეს ჩემი პატარა ძმა, ნიკა იყო. მას შეეძლო, ძილის წინ, საათობით ეყურებინა ოთახში საიდანღაც გაჩენილი უცნაური

ჩრდილებისთვის და მათ შესახებ დაუსრულებლად ელაპარაკა. იმდენად უყვარდა, რომ ბოლოს, ამ ყველაფრის გარეშე, აღარც კი იძინებდა ხოლმე.


საღამოობით, ჩვეულებისამებრ, ორივე ჩვენს ოთახში, ერთმანეთის გვერდით მდგარ, ჩვენ- ჩვენს საწოლებზე ვიწექით და ოთახის კედლებსა და ჭერზე მოელვარე ჩრდილებს

ვათვალიერებდით. გივი როგორც ყოველთვის, აღტაცებით უყურებდა ამ უცნაურ სანახაობას და ჩრდილებს თვალს ვერ აშორებდა.


-აბა, თუ იცი, ეს რა ცხოველი იყო?! - შევეკითხებოდი ჩემს პატარა ძმას და ჭერზე წამიერად გამოჩენილ გაურკვეველი ფორმის ჩრდილზე მივუთითებდი.

-რათქმაუნდა ვიცი, ეს ხომ ცხენი იყო! - მაშინვე დაუფიქრებლად მიპასუხებდა საკუთარ თავში დარწმუნებული ნიკა და ისევ ჩრდილებზე დაკვირვებას გააგრძელებდა.

-არ ვიცი, მგონი ჟირაფს უფრო გავდა! - დაეჭვებით ვიტყოდი მე და ჩემს ძმას შეუმჩნევლად გავხედავდი.


-არა, ეს ცხენი იყო! - ხმამაღლა წამოიძახებდა გაბრაზებული ნიკა. ჟირაფს გრძელი კისერი აქვს, ცხენს კი მოკლე! - მშვიდად დაუმატებდა იგი ბოლოს და თავისი გამჭრიახობით კმაყოფილი ნიშნისმოგებით გადმომხედავდა.


მე მეცინებოდა. რათქმაუნდა, ჩრდილი რომელზეც ვლაპარაკობდით, არც ჟირაფს გავდა და არც ცხენს. ჩვეულებისამებრ, ასე განგებ ვიქცეოდი ხოლმე, რადგან ვიცოდი, რომ გაბრაზდებოდა. ყოველთვის ბრაზდებოდა ხოლმე, როდესაც ამ დროს რაიმეს

შევუსწორებდი. მისი გაბრაზება კი, ნამდვილად მშვენიერი თავშესაქცევი საშუალება იყო ჩემთვის.


რასაკვირველია, ჩემი ძმის დამოკიდებულებას ჩრდილებისადმი სერიოზულად ვერასდროს აღვიქვამდი. ალბათ გასაგებია, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი უბრალოდ პატარა ბავშვის ფანტაზია იყო და მეტი არაფერი. ვერც კი ვხვდებოდი, როგორ ახერხებდა, რომ ყველა ეს

უფორმო და უცნაური ჩრდილი, რაღაც ცხოველისთვის ან ფრინველისთვის ასე მოხერხებულად მიემსგავსებინა, თან ამავდროულად, ეს ყველაფერი ასე დარწმუნებით გაეკეთებინა. რათქმაუნდა, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ დროს სერიოზულად ველაპარაკებოდი, მხოლოდ ის იყო, რომ არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა. სინამდვილეში კი, რასაკვირველია, ეს ჩრდილების ამბავი დიდ სისულელედ მეჩვენებოდა და გულის სიღრმეში ეს ყველაფერი სასაცილოდ არ მყოფნიდა.


ნიკა მხოლოდ 5 წლის იყო, მე კი 14-ის. დიახ, მე მთელი 9 წლით ვიყავი ჩემს ძმაზე უფროსი. ის ჩემი დაბადებიდან, დიდი ხნის შემდეგ მოევლინა სამყაროს. ეს ყველასთვის

მოულოდნელად მოხდა. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი მოულოდნელი მოვლენა იმ დღეს - დედაჩემი მშობიარობის შემდეგ, რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.


მისმა გარდაცვალებამ ყველაფერი სამუდამოდ შეცვალა. ამ ამბავმა ჩემი და მამაჩემის ცხოვრება თავდაყირა დააყენა და მას შემდეგ დიდად აღარც დალაგებულა. ერთადერთი, ვინც არაფერს განიცდიდა, რამდენიმე დღის ახალშობილი იყო, რომელიც საწოლში

უზრუნველად იწვა და მხიარულად იცინოდა. მან ჯერ არ იცოდა, რა ხდებოდა სამყაროში, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ მოევლინა. ალბათ ზოგჯერ უკეთესიც არის, როდესაც რაღაც არ გესმის. უკეთესია, როდესაც რაღაცის გაგება არ შეგიძლია.


დედაჩემის გარდაცვალებამდე, მამაჩემი აღმოსავლეთით, ქვეყნის თითქმის მეორე ბოლოში მდებარე ერთ-ერთ ქალაქში მუშაობდა. იმის გამო, რომ ქალაქი ჩვენი სოფლიდან ძალიან შორს იყო, ჩვეულებისამებრ, იგი მხოლოდ თვეში ერთხელ, ორი ან სამი დღით თუ ახერხებდა ხოლმე სოფელში ჩამოსვლას, დანარჩენ დროს კი, ჩვენგან შორს, ქალაქში ატარებდა.

დედაჩემის გარდაცვალებიდან მალევე, მამაჩემი სამსახურიდან წამოვიდა და ქალაქიდან სოფელში გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა დედის გარეშე დარჩენილი შვილებისთვის მიეხედა. ახლა მისი სამუშაო, ჩვენი მოვლა გახდა.

დრო სწრაფად და შეუმჩნევლად გადიოდა. ჩვენც, ერთი შეხედვით, თითქოს თანდათან ყველაფერს შევეგუეთ და ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდით.


დედაჩემის გარდაცვალებასთან შეგუება ალბათ ყველაზე მეტად მამაჩემს გაუჭირდა. იგი სოფელში ძალიან შეცვლილი დაბრუნდა. თუკი მანამდე იგი ყოველთვის ყველას მიმართ

ძალიან თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი იყო, ახლა თითქოს ბევრად ცივი, გულგრილი და უხეში გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისევ ძველებურად თბილად გვექცეოდა, იგი თითქმის აღარ ლაპარაკობდა და იშვიათად თუ გაიცინებდა. ზოგჯერ კი, რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ ადგილზე მონუსხულივით გაუნძრევლად იჯდა და სადღაც

შორს, სივრცეში იყურებოდა. მეჩვენებოდა, თითქოს ამ სამყაროში მხოლოდ მისი სხეული დარჩენილიყო, ფიქრებით კი სულ სხვაგან, სადღაც სხვა სამყაროში, აქედან ძალიან შორს იყო. სადღაც, სადაც მის გონებას ყოფნა უნდოდა. მასთან, ვისაც ალბათ ვერასდროს შეელეოდა.


მე დაბნეული და გაკვირვებული ვიყავი მამაჩემის ასეთი უეცარი ცვლილებით. ვერასდროს წარმომედგინა, ადამიანის ასეთი ცვლილება საერთოდ შესაძლებელი თუ იყო, მითუმეტეს ისეთი ადამიანის, როგორიც მამაჩემი იყო. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ იმ ძლიერი და სულიერად მტკიცე კაცისგან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი, თითქმის აღარაფერი დარჩენილიყო. ვხედავდი, რომ მისი ეს თვისებები, თვალსა და ხელს შუა სადღაც

გამქრალიყო, მოულოდნელად სადღაც ისე აორთქლებულიყო, თითქოს არც არასდროს არსებობდა. იგი იმდენად იყო შეცვლილი, ზოგჯერ დაჯერებაც კი მიჭირდა, რომ ეს კაცი ნამდვილად მამაჩემი იყო. ზოგჯერ ისიც კი მეჩვენებოდა, რომ მამაჩემი სოფელში საერთოდ არ დაბრუნებულა და ვიღაც სხვა, სრულიად უცხო კაცი დააბიჯებდა ჩვენს სახლში.

 

 

 

 

 

თავი II


ამბობენ, დრო საუკეთესო მკურნალიაო. დროის გასვლასთან ერთად, მამაჩემი თითქოს მდგომარეობიდან თანდათან გამოვიდა. იგი ნელ-ნელა ყველას მიმართ ისევ ისეთი თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი გახდა, როგორიც მანამდე იყო. ახლა მან უკვე ლაპარაკიც ჩვეულებრივად დაიწყო და უკვე ხშირადაც იცინოდა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ისევ ძველებურად იყო.

მხოლოდ ის იყო, რომ ზოგჯერ, მხოლოდ რამდენიმე წამით, მას ისევ ძველებურად გაუშეშდებოდა მზერა და წამიერად ფიქრებში გაუჩინარდებოდა, მაგრამ მალევე

გამოერკვეოდა ხოლმე და დაბნეული მიმოიხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდა, მისთვის არაფერი შეგვემჩნია, ვხვდებოდი, რომ ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა წარსულთან შეგუება და ყველაფრის დავიწყება. ვერ მოეხერხებინა ის, რაც ჩვენთვის მაინცდამაინც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ის, რაც ადამიანებს, ჩვეულებისამებრ ასე კარგად გამოგვდის.


ის ფაქტი, რომ ყველაფერთან შეგუება შეგვიძლია, ჩვენ, ადამიანებს, ალბათ მთელს სამყაროში ყველაზე ბედნიერ და ამავე დროს ყველაზე უბედურ არსებებად გვაქცევს. ეს


თვისება ერთდროულად ჩვენი ყველაზე საშინელი წყევლაცაა და ამავდროულად საუკეთესო საჩუქარიც. წყევლა, რომლისგანაც თავს ვერასდროს დავიხსნით და საჩუქარი, რომელზეც უარს ვერასდროს ვიტყვით. ეს გრძნობა იმდენად ღრმად და ძლიერად არის ჩვენში, რომ მისგან გათავისუფლება არ გვიწერია და სამუდამოდ ერთად ყოფნისთვის ვართ განწირულები.


დროის გასვლასთან ერთად, ჩემი ძმაც სწრაფად იზრდებოდა. როდესაც იგი ცოტა წამოიზარდა და ახლა მისი მიხედვა უკვე მეც შემეძლო, მამამ ჩვენს სოფელთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში დაიწყო მუშაობა. იგი დილით მიდიოდა ხოლმე სამსახურში და უკან საღამოს ბრუნდებოდა. ამ დროის განმავლობაში კი, ჩემს ძმას მე ვუვლიდი. მის მოვლაში ხშირად მოხუცი ცოლ-ქმარიც მეხმარებოდა, რომლებიც სოფელში, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ. ეს კეთილი მოხუცები ხშირად იყვნენ ჩვენი სტუმრები და ჩვენთან დიდ დროს ატარებდნენ. იმის გამო, რომ მოხუც ცოლ-ქმარს საკუთარი შვილი არ

ჰყავდა, მათ მამაჩემი საკუთარი შვილივით უყვარდათ, მე და ჩემი ძმა კი შვილიშვილებივით ვიყავით მათთვის. მამაჩემი მათაც, ისევე როგორც სოფლის დანარჩენ მოსახლეობას, ხშირად ეხმარებოდა სხვადასხვა საოჯახო საქმეებში. ამის გამო, მან მალევე დაიმსახურა სოფელში ყველას ნდობა და სიყვარული.


გადიოდა დრო. ერთ დღეს, ჩვენი სოფლის გაღმა მდებარე საავტომობილო გზას, უცნობი მიზეზების გამო, ადგილმდებარეობა შეუცვალეს და სულ სხვაგან, სოფლისგან მოშორებით, მთებს გადაღმა გადაიტანეს. რათქმაუნდა, გზიდან ჩვენი სოფლისკენ მომავალი სინათლეებიც და ჩრდილებიც მასთან ერთად გაუჩინარდნენ.

მეც და მამაჩემმაც ვიცოდით, რომ ეს ამბავი ჩემს ძმას ძალიან არ მოეწონებოდა, თუმცა სხვა გზა არ იყო, ეს ყველაფერი მისთვის როგორმე უნდა გვეთქვა. საღამოს, როდესაც

დასაძინებლად დავწექით, მამაჩემი ჩვენს ოთახში შემოვიდა და ორივემ ერთად ვცადეთ ჩემი ძმისთვის ამ ყველაფრის ახსნა, თუმცა უშედეგოდ - ნიკას არაფრის გაგონება არ უნდოდა. იგი მხოლოდ ტიროდა და ჯიუტად იმეორებდა, რომ ჩრდილები დაბრუნებულიყვნენ. მე და მამაჩემი დაბნეულები ვუყურებდით გაჯიუტებულ ჩემს ძმას და არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა.


უეცრად მამაჩემს, თითქოს რაღაც გაახსენდაო, თითქმის მუდმივად ნაღვლიანი, ჩამქრალი თვალები წამით გაუბრწყინდა, საწოლიდან სწრაფად წამოდგა და საძინებლიდან გავიდა. მე გაკვირვებულმა გავაყოლე მზერა მას - ვერ მივმხდარიყავი, რა ხდებოდა მის გონებაში და რას აპირებდა იგი.

ერთი წუთის შემდეგ, ჩვენი ოთახის კედელზე უეცრად პატარა ჩრდილი გაკრთა. ერთ

ჩრდილს მალე მეორე მიჰყვა, მეორეს მესამე, მეოთხე, მეხუთე... ცოტა ხანში ოთახის ჭერი და კედლები მთლიანად ჩრდილებით გაივსო.


-ჩრდილები ბრუნდებიან! - წამოიძახა გახარებულმა ნიკამ და ფეხზე წამოხტა.


ისინი ბრუნდებოდნენ. ჩრდილები ძველებურად იღებდნენ სხვადასხვა ცხოველებისა და ფრინველების სახეს, ოთახის კედლებიდან ჭერზე გადადიოდნენ და კვლავ უკან ბრუნდებოდნენ, წამით უჩინარდებოდნენ და შემდეგ ისევ თავიდან ჩნდებოდნენ.


-ჩრდილები დაბრუნდნენ! ისინი დაბრუნდნენ! - გაიძახოდა გახარებული ჩემი ძმა, ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში დარბოდა და ჩრდილებს დასდევდა.

მე დაბნეული და გაოცებული ვუყურებდი ამ სანახაობას რამდენიმე წუთის განმავლობაში, ეს შეუძლებელი იყო. ვერ ვხდებოდი, როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი.

როდესაც გამოვერკვიე, საწოლიდან სწრაფად ავდექი და საძინებლიდან გამოვედი. მამაჩემი არც მისაღებში იყო და არც რომელიმე სხვა ოთახში. შემდეგ სახლიდან ეზოში გავედი და მამაჩემი დავინახე - იგი ეზოს გარეთ, ღობესთან მდგარი ხეების უკან, ფანრით ხელში იდგა და ჩვენი ოთახის ფანჯრებს ანათებდა.

როდესაც დამინახა, შემომხედა და ფანარი რამდენიმე წამით ძირს დაუშვა.

-დაიმახსოვრე დათო, იმედი ყოველთვის უნდა არსებობდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის მიუხედავად! - მხოლოდ ეს თქვა მან. შემდეგ კი გაიღიმა, ისევ შებრუნდა და ფანჯრებისთვის სინათლის ნათება გააგრძელა.

მართალია, როდესაც ამას ამბობდა, მე მიყურებდა და მომართვითაც მე მომმართავდა, მაგრამ ერთი წამით რატომღაც მომეჩვენა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ საკუთარ თავსაც ელაპარაკებოდა.

„იმედი ყოველთვის უნდა არსებობდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის მიუხედავად!“- მისი ეს ფრაზა თავში დიდი ხნის განმავლობაში მიტრიალებდა. მაშინ კარგად ვერც გავიგე, რას გულისხმობდა იგი, როდესაც ამას ამბობდა. თუმცა, რა გასაკვირია, მე ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ამ სიტყვების მნიშვნელობას მხოლოდ მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი.

ასე რომ, ჩრდილები დაბრუნდნენ. საღამოობით, როდესაც მე და ჩემი ძმა დასაძინებლად ვწვებოდით, მამაჩემი შეუმჩნევლად გადიოდა ეზოში და ფანრით ჩვენი საძინებლის ფანჯრებს ანათებდა. ჩრდილები ისევ ყოველ საღამოს ჩნდებოდნენ ჩვენს ოთახში.

ჩვენც, ძველებურად, ჩვენს საწოლებში ვიწექით, ჩრდილებს ვათვალიერებდით და ვკამათობდით იმაზე, თუ რომელი ჩრდილი რა ცხოველს ან ფრინველს ჰგავდა. ასე

გრძელდებოდა მანამ, სანამ საბოლოოდ რომელიმე ჩვენგანს არ ჩაეძინებოდა. მანამდე კი, მამაჩემი ღობის გარეთ, ხეების უკან იდგა და პირნათლად ასრულებდა თავის საიდუმლო მისიას.


ასე გადიოდა დრო, სანამ ერთ დღეს, ყველაფერი არ შეიცვალა.


თავი III

გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო. მე და ჩემი ძმა ტელევიზორს ვუყურებდით და თან მამას სამსახურიდან დაბრუნებას ველოდებოდით. ცოტა უცნაური იყო - უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ის კი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო.

-დათო, სად არის მამა, რატომ არ მოდის? - მკითხა ნიკამ, რომელსაც ტელევიზორის

ყურებისთვის თავი დაენებებინა და პასუხის მოლოდინში ცნობისმოყვარედ მიყურებდა.

-მალე მოვა, ალბათ სამსახურში ბევრი საქმე ჰქონდა და გვიანობამდე მოუწია მუშაობა! -

ვთქვი მე და საკუთარი სიტყვები საეჭვოდ მე თვითონ მომეჩვენა.

ცოტა ხანში, გარედან ადამიანის ლაპარაკის ხმა მომესმა. ჩემი ძმა მაშინვე ფეხზე წამოხტა, ფანჯარასთან მიირბინა და გარეთ ჩვეული ცნობისმოყვარეობით დაიწყო ყურება.

-ალბათ მამა მოვიდა! - გავიფიქრე მე, წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.

არა, ეს მამაჩემი არ იყო. როდესაც გარეთ გავიხედე, ეზოს ჭიშკართან ხალხის ჯგუფი დავინახე. ძალიან უცნაურად მომეჩვენა, რატომ იყო შეკრებილი ამდენი ადამიანი ერთად ჩვენს ჭიშკართან.

-აქ დარჩი, ახლავე მოვალ! - ვუთხარი ჩემს ძმას და კარი გამოვაღე.

გარეთ გავედი და ჭიშკრისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი. მივდიოდი და თან ფეხები უკან მრჩებოდა, გული რაღაც ძალიან ცუდს მიგრძნობდა. ამასთან, რაც უფრო ვუახლოვდებოდი მათ, ეს გრძნობა მით უფრო ძლიერდებოდა.

ჩვენს ჭიშკართან თითქმის მთელი სოფელი შეგროვილიყო. ხალხს შორის იყვნენ ჩვენს მეზობლად მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარიც, რომლებიც ჩვენთან დიდ დროს ატარებდნენ. შეკრებილთაგან თითქმის ყველას თავები ძირს დაეხარათ და გაჩუმებულიყვნენ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გაურკვეველი ჩურჩულის ხმა ისმოდა ჯგუფის უკანა რიგებიდან.

როდესაც ახლოს მივედი, მოხუცი ცოლ-ქმარი ჯგუფს გამოეყო, ჭიშკარი გააღეს და ეზოში შემოვიდნენ. ეზოში შემოსვლისთანავე, ცოლმა ქმარს ჩუმად რაღაც უთხრა, რის შემდეგაც, კაცი ჩემსკენ წამოვიდა, ქალი კი ჭიშკართან დარჩა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ქალი ტიროდა.

-ღმერთო, საწყალი ბავშვები! - მომესმა ამ დროს ვიღაცის ჩურჩულის ხმა.

-რა ეშველებათ, ისინი ხომ სულ მარტო დარჩნენ! - ხმადაბლა შეიცხადა ვიღაც სხვამ და ჩურჩული შეწყდა.

მე გაოგნებული ვიდექი. ვერ მივმხდარიყავი, რას ამბობდნენ ეს ადამიანები. რატომ ლაპარაკობდნენ ისინი ასე უცნაურად?! რატომ ვიყავით საწყლები?! რას გულისხმობდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ სულ მარტო დავრჩით?!


კაცი მომიახლოვდა, მხარზე ხელი მომხვია და იქვე, ეზოს კუთხეში მდგარი სკამებისკენ წამიყვანა. როდესაც სკამზე ჩამოვჯექით, მოხუცმა ხელი ისევ მხარზე დამადო და საუბრის დაწყება დააპირა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა და ვერაფრის თქმა შეძლო. შემდეგ იგი ცოტა ხნით გაჩუმდა, თითქოს ძალებს იკრებსო.


-დათო, შენ უკვე პატარა აღარ ხარ, უკვე ბევრი რამ გესმის და ბევრ რამეს ხვდები! - როგორც იქნა დაიწყო მოხუცმა, მაგრამ ხმა კიდევ ერთხელ ჩაუწყდა და გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ვერ ვხვდებოდი, ასეთი რა უნდა ეთქვა მოხუცს ჩემთვის, ასე რომ უჭირდა თქმა. თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებდა, მაგრამ მათგან ერთ-ერთი, სხვებთან შედარებით ყველაზე საშინელი და შემზარავი იყო. საკუთარი გულისცემა ისე ხმამაღლა და ნათლად მესმოდა, მეგონა ჩემს გვერდით, ჩემგან სულ ახლოს, ვიღაც გრდემლზე უროს მთელი ძალით

ურტყამდა და ეს ხმა სულ მალე დამაყრუებდა.


-რა ხდება, იოსებ ბაბუა, პირდაპირ მითხარი! - ძლივს მოვახერხე თქმა.

მოხუცი ცოტა ხანს კიდევ ყოყმანობდა და არაფერს ამბობდა. შემდეგ კი, მძიმედ ამოიოხრა და მხარზე ხელი მთელი ძალით მომიჭირა.

-დათო, მამაშენი... ის გარდაიცვალა! - ძლივს გასაგონად თქვა მოხუცმა და ხმა ისევ ჩაუწყდა.

 

 

შემდეგ მოხუცი კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა, თუმცა მე მხოლოდ ისეთი ცალკეული სიტყვები და ფრაზები მესმოდა, როგორიცაა „ავტოსაგზაო შემთხვევა“, „მანქანა“, „ხევი“,

„ცხედარი“. ასევე მოხუცი რაღაცას ამბობდა სიძლიერეზე, ცხოვრების გაგრძელებაზე, მამაჩემის სურვილზე, ჩემს ძმაზე, მაგრამ მე უკვე თითქმის აღარაფერი მესმოდა, ვეღარაფერს ვხედავდი და მოხუცის ხელსაც, რომელიც ჩემს გასამხნევებლად, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს მხარზე იდო, თითქმის ვეღარ ვგრძნობდი. ამ დროს უკვე, ჩემს გონებაში ერთადერთი აზრი ტრიალებდა, გონებას მიღრნიდა და მოსვენებას არ მაძლევდა.


-ნუთუ, ისევ მზერა გაუშეშდა წამიერად?! ნუთუ, ისევ ფიქრებში გაუჩინარდა სულ რამდენიმე წამით?! - ვეკითხებოდი ჩემს თავს. ამასობაში კი, ჩემს გარშემო არსებულმა სინათლემ ნელ-ნელა გაუჩინარება დაიწყო.

სინათლე თანდათან სულ უფრო და უფრო ქრებოდა და მას სიბნელე ანაცვლებდა. ეს ყველაფერი კი, მანამდე გრძელდებოდა, სანამ ბოლოს, სრულ სიბნელეში არ აღმოვჩნდი.

როგორც აღმოჩნდა, გონება დავკარგე. ეს მხოლოდ შემდეგ გავიგე. ასევე გავიგე, რომ გონ- დაკარგული სახლში მეზობლებმა შემიყვანეს. როდესაც გამოვფხიზლდი, უკვე ჩემს საწოლში ვიწექი, თავზე კი, შეშინებული ჩემი ძმა, მოხუცი ცოლ-ქმარი და კიდევ რამდენიმე სხვა მეზობელი მადგა.


თავი IV

იმ ღამეს, მოხუცი ცოლ-ქმარი ჩვენთან დარჩა, დანარჩენი მეზობლები კი შინ წავიდნენ. რათქმაუნდა, ჩემი ძმისთვის, არც მე და არც სხვას არაფერი უთქვამს მამაჩემის სიკვდილის შესახებ. გივის ვუთხარი, რომ მამა ამაღამ სხვაგან რჩებოდა და შინ ხვალ დაბრუნდებოდა. ხვალ რამეს მოვიფიქრებდი, ახლა კი მას ვერაფერს ვეტყოდი. ან კი, როგორ უნდა მეთქვა 5 წლის ბავშვისთვის, რომ მამამისი გარდაიცვალა?! 5 წლის ბავშვისთვის, რომელმაც ჯერ

დედამისის სიკვდილის შესახებაც არაფერი იცოდა და იგი უბრალოდ სხვა ქვეყანაში, შორეულ მოგზაურობაში წასული ეგონა, საიდანაც მალე დაბრუნდებოდა და ბევრ ტკბილეულს ჩამოუტანდა. არა, ამას ვერ გავაკეთებდი.


უკვე საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც მე და ჩემი ძმა ჩვენს ოთახში დასაძინებლად შევედით. როდესაც ჩემი ძმა თავის საწოლში დავაწვინე და ჩემი საწოლისკენ წავედი, ნიკამ საწოლიდან წამოიწია და გარშემო მიმოიხედა.

-დათო, ჩრდილები სად არიან? - თქვა მან და გაკვირვებულმა შემომხედა.

მე ადგილზე გავშეშდი. ჯანდაბა, ეს დაწყევლილი ჩრდილები სულ დამავიწყდა.

-სად არიან ჩრდილები, დათო? - კითხვა გაიმეორა ნიკამ.

მე უკან დავბრუნდი და ჩემი ძმის საწოლთან მივედი. ნიკა ისევ გაკვირვებული მიყურებდა და პასუხს ელოდებოდა.

-ჩრდილები... ჩრდილები წავიდნენ! - დავიწყე მე.

-როგორ თუ წავიდნენ, სად წავიდნენ?

-ისინი ზემოთ წავიდნენ, ზეცაში. აი, იქ! - ვთქვი მე და ნიკას ფანჯრიდან ჩაბნელებული ცა დავანახე.

-კი მაგრამ, რატომ წავიდნენ ჩრდილები ზეცაში?

ამ დროს, თითქოს ყელში რაღაც გამეჩხირა და სუნთქვა შემეკრა.

-იმიტომ... იმიტომ, რომ იქ მათ სხვა ჩრდილები ელოდებოდნენ და მათთან ერთად

უნდოდათ ყოფნა! - ძლივს ამოვილუღლუღე მე და ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე.

-ხომ შეიძლებოდა, რომ ჩვენი ჩრდილები ზეცაში არ წასულიყვნენ?! იქ ხომ ისედაც ბევრი ჩრდილია, ხომ შეიძლებოდა ისინი ჩვენთან დარჩენილიყვნენ?! - ხმაში წყენა შეეტყო ნიკას.

მე აღარაფერი მითქვამს. სუნთქვა კვლავ შემეკრა, შევბრუნდი და თვალზე მომდგარი ცრემლი დავმალე.

-როგორ ფიქრობ, ჩრდილები ოდესმე დაბრუნდებიან?! - ისევ არ მეშვებოდა ნიკა.

მე ისევ არაფერს ვამბობდი. სუნთქვა ისევ ძალიან მიჭირდა და ვერ ვლაპარაკობდი.


-არა, ისინი არ დაბრუნდებიან, აღარასდროს დაბრუნდებიან, გესმის?! - ვეღარ მოვითმინე ბოლოს. მალე მივხვდი, რა შეცდომაც დავუშვი, მაგრამ უკვე გვიანი იყო და მოვემზადე, რომ ჩემი ძმა ტირილს დაიწყებდა და მისი დამშვიდება მომიწევდა.


თუმცა, ნიკა არაფერს ამბობდა. შემოვბრუნდი და ჩემს ძმას დავხედე - მას ჩაძინებოდა. ვუყურებდი, როგორ მშვიდად და უზრუნველად ეძინა. ეძინა ყოველგვარი საფიქრალის და სადარდებლის გარეშე. და იმ წუთში, მე მისი საშინლად შემშურდა, მთელი არსებით

შემშურდა ჩემი ძმის მშვიდი ძილის.


დიდხანს ვუყურებდი მძინარე ჩემს ძმას. ბოლოს, დაწოლა გადავწყიტე და სკამიდან წამოვდექი. ამ დროს, მძინარე ჩემი ძმა ოდნავ შესამჩნევად გამოძრავდა.

-სად წახვედით, ჩრდილებო?! - ძილში ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან, შემდეგ კი გვერდზე გადაბრუნდა.

მე სუნთვა ისევ შემეკრა. ცრემლები ყელში მომებჯინა და მეგონა მალე დამახრჩობდა. თავს ვეღარ ვიკავებდი, სუნთქვა საშინლად მიჭირდა, სასწრაფოდ ჰაერი მჭირდებოდა.

მეშინოდა, ჩემი ძმა ან მეზობელ ოთახში მყოფი მოხუცი ცოლ-ქმარი არ გამეღვიძებინა. საძინებლიდან სასწრაფოდ გამოვედი, მისაღები ოთახი გავიარე და ეზოში გავვარდი. ეზოდან სირბილით გავედი და მთელი სოფელი სირბილით გავიარე. როდესაც დავრწმუნდი, რომ

სოფელს გავცდი, გავჩერდი და ირგვლივ მიმოვიხედე - გარშემო არავინ იყო.


-სად წახვედით, ჩრდილებო?! - მთელი ძალით შევყვირე ჰაერში, შემდეგ კი, მუხლებზე დავეშვი და ცრემლები ამოვუშვი.

-სად წახვედით, ჩრდილებო?! - რამდენიმეჯერ გაიმეორეს მთებმა და ხმა გაუჩინარდა. და მე მივხვდი, რომ შორიდან მესაუბრებოდა ის ერთადერთი ადამიანი, ვისი იმედიც დღეიდან უნდა გვქონოდა მეც და ჩემს ძმასაც. ადამიანი, ვისაც დღეიდან, ჩემი ძმისთვისაც უნდა მიეხედა და საკუთარი თავისთვისაც. ეს ადამიანი მე ვიყავი.

 

 

 

 

 

თავი V


სახლში ერთი საათის შემდეგ დავბრუნდი. საძინებლის კარი ფრთხილად გავაღე და ჩუმად შევედი, რათა ჩემი ძმა არ გამეღვიძებინა. თუმცა, ამ დროს, სიბნელეში სკამს წამოვედე, სკამი გადაბრუნდა და ხმაურით დაეშვა იატაკზე. ხმაურზე ჩემს ძმას გამოეღვიძა, ლოგინზე წამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა.

--დათო, სად იყავი?! - თქვა მან ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ.

-არსად. დაიძინე, უკვე გვიანია! - ვთქვი მე და ჩემი ძმის საწოლთან, სკამზე ჩამოვჯექი.


ნიკამ შემომხედა. იგი რამდენიმე წამის განმავლობაში ცნობისმოყვარედ მაკვირდებოდა, შემდეგ კი, ისევ დაწვა და ოთახის ჭერს დაუწყო ყურება. იგი რამდენიმე წუთის

განმავლობაში ჩუმად უყურებდა ჭერს. შემდეგ კი, ისევ ჩემსკენ გადმობრუნდა და მე თითქოს უკვე ვიცოდი, რის თქმას აპირებდა.


-როგორ ფიქრობ, ჩრდილები ისევ დაბრუნდებიან?! - თქვა მან.

 

 

 

 

 

ოჰ, ისევ ეს ჩრდილები. ნეტავ, რატომ არ ავიწყდება ეს ჩრდილები?!


-იმედი მაქვს, ისევ დაბრუნდებიან. ძალიან მინდა, რომ დაბრუნდნენ! - ჩუმად დაამატა ბოლოს ნიკამ და გაჩუმდა.

-იმედი?! - გამიელვა მე თავში. ეს სიტყვა ასე ძალიან საიდან მეცნობოდა?! რატომ იყო ეს სიტყვა ჩემთვის ასეთი ძვირფასი?! რატომ იყო მისი გაგონება ჩემთვის ასეთი მტკივნეული?!

-„დაიმახსოვრე დათო, იმედი ყოველთვის უნდა არსებობდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის მიუხედავად”! -გამახსენდა უცებ მამაჩემის ნათქვამი და ერთიანად გავფითრდი.

-დათო, რა გჭირს, კარგად ხარ? - მკითხა ნიკამ. იგი საწოლიდან წამომდგარიყო და გაკვირვებული მიყურებდა.

-იმედი ყოველთვის უნდა არსებობდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის მიუხედავად! -

ვთქვი მე და ხმა ამიკანკალდა.

ნიკა ისევ გაკვირვებული მიყურებდა. იგი ვერ მიმხვდარიყო, რა მჭირდა.

-ჩრდილები… ჩრდილები უნდა დაბრუნდნენ! - წამოვიძახე მე და ფეხზე სწრაფად წამოვდექი. ისინი დღესვე უნდა დაბრუნდნენ! - ვთქვი მე და ხმა უფრო მეტად ამიკანკალდა.

ნიკა უკვე ცოტა შეშინებული მიყურებდა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა.

-დათო, დღეს უკვე ძალიან გვიანია, ჩრდილებს შეუძლიათ ხვალ დაბრუნდნენ! - თქვა ბოლოს მან შეშინებულმა.

-არა, ისინი ახლავე უნდა დაბრუნდნენ, გესმის?! ჩრდილები ახლავე უნდა დაბრუნდნენ! -

ნერვიულად ვიმეორებდი მე და ხმა სულ უფრო მეტად მიკანკალებდა.

მე ოთახიდან სწრაფად გამოვედი, მისაღებში ფანარი ავიღე და გარეთ გავედი.

-ჩრდილები უნდა დაბრუნდნენ, ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ! იმედი ყოველთვის უნდა არსებობდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის მიუხედავად! - ვიმეორებდი მე გონებაში და მთლიანად ვცახცახებდი.


როდესაც ჭიშკარს მივუახლოვდი, ერთი წუთით ცას ავხედე. ცა მთლიანად შავი და საშინლად ჩაბნელებული იყო. იგი იმდენად ბნელი იყო, რომ რაც არ უნდა გეცადათ, მასზე ერთ პატარა, ნათელ წერტილსაც კი ვერ იპოვიდით.


-ღმერთო, რამდენი არიან! - გავიფიქრე მე. შემდეგ კი, ჭიშკარი გამოვაღე და ეზოდან გავედი.

გარეთ გავედი და ღობესთან მდგარი ხეებისკენ წავედი. გზაში ჩაბნელებულ ცას კიდევ ერთხელ შევხედე. ამ დროს, ჩემს ზევით, ზუსტად ჩემს თავზე, უეცრად ორი ჩრდილი დანარჩენებს გამოეყო და ცაზე მოძრაობა დაიწყეს. ისინი ცის ერთი წერტილიდან მეორის მიმართულებით ერთად გადაადგილდებოდნენ და ერთმანეთს წამითაც არ შორდებოდნენ. მომეჩვენა, რომ ჩრდილები მე მომყვებოდნენ.

მე ფანრით ხელში, ღობესთან მდგარი ხეებისკენ მივდიოდი.

მივდიოდი და არ ვიცოდი, ხვალ რა იქნებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, მე და ჩემს ძმას მომავალში რა გველოდებოდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სულ მალე, ჩვენს საძინებელში ჩრდილები ისევ დაბრუნდებოდნენ. ისინი ძველებურად, ერთმანეთის მიყოლებით

შემოიჭრებოდნენ ფანჯრებიდან და ოთახი მთლიანად ჩრდილებით გაივსებოდა. ჩრდილები ისევ ძველებურად მიიღებდნენ სხვადასხვა ცხოველებისა და ფრინველების ფორმას, ისევ თან მოიტანდნენ უამრავი ზღაპრული არსებისა და მითიური პერსონაჟის გამოსახულებას.

მათთან ერთად კი, ისინი თან ასევე მოიტანდნენ სიხარულს, თან მოიტანდნენ ბედნიერებას.


და რაც მთავარია, ისინი თან მოიტანდნენ იმედს. იმედს, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. იმედს, რომ ჯერ არაფერი არ მთავრდება, რომ ცხოვრების გაგრძელება ყოველთვის შესაძლებელია.

იმედის არსებობა კი, ყოველთვის აუცილებელია. იგი ყოველთვის უნდა არსებობდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის მიუხედავად...

 

ადამიანის გონების საიდუმლოებანი

 

თავი I

-საღამო მშვიდობისა, მის პიტერსონ!

მოხუცმა ქალმა თავი ზემოთ ასწია და მოსულს შეხედა. მის წინ შუახნის მამაკაცი იდგა და იღიმოდა. ეს ხომ მისი მეზობელი, კევინ უილიამსი იყო.

- საღამო მშვიდობის, ბატონო კევინ! - გაუღიმა მოხუცმა ქალმაც, რით შემიძლია დაგეხმაროთ?!

- ოთხი ნაყინი, თუ შეიძლება! - უთხრა მან მოხუც ნაყინის გამყიდველს და ფული გაუწოდა.

- ოთხი ნაყინი?!  - რატომღაც დაიბნა მოხუცი.

- დიახ, ოთხი ნაყინი. ერთი ჩემი ცოლისთვის, ქეითისთვის, თითო-თითო ჩემი შვილებისთვის - ჰარისთვის და ბეტისთვის, და ერთიც ჩემთვის! - გაიცინა კაცმა. ისინი ხომ აქვე დგანან, ნუთუ ვერ შეამჩნიეთ?! - გაუკვირდა მას და ხელით იქვე, ახლომახლოს მიუთითა.

მოხუცი ქალი შებრუნდა და იქით გაიხედა, საითაც კაცი უთითებდა. რამდენიმე წამის განმავლობაში იგი დაბნეული იყურებოდა მითითებულ მხარეს, შემდეგ კი, მოულოდნ