ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნახე, ფეხზე ვდგავარ

ნახე, ფეხზე ვდგავარ

ნახე, ფეხზე ვდგავარ


პროლოგი


მანქანაში ოფლის, ალკოჰოლის და სიგარეტის ტკბილი სუნი ერთმანეთში გაჟღენთილიყო და როგორც წესი, გასანიავებლად ალბათ ფანჯრებს ჩამოსწევდნენ, რომ არა წვიმა. სამი ბიჭი ხუთი წუთია უკვე რაც ერთმანეთს უყურებს და ისტერიულად იცინის იმ ამბის დეტალების გახსენებაზე რაც მათ რამდენიმე წუთის წინ გადახდათ.

-        წამო, წავიდეთ თორემ თუ ატალახდა უარესად აქაურობა, აქვე ჩავრჩებით. - ამბობს მძღოლის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა.

-        მოიცა, ნიკაც მოვიდეს, რა გჭირს. მოფსავს და მოვა უცებ.

-        რა მოფსავს, შეჩემა. სად, ამ წვიმაში? დატყდა ეგ აქედან და დავაი წავიდეთ ჩვენც.

თქმა, მანქანის დაძვრა და ტალახში ბორბლების გაჭედვა ერთი იყო.

-        მოგიტყან პირი, - ეუბნება რულთან მჯდომი მის გვერდით მყოფს.

-        ე, ბიჭო, აბა ახლა მე თავი დამანებე! - პასუხობს სიცილით და მალე ისევ ყველა სიცილს იწყებს, რა დროსაც მძღოლი სიჩქარეს ტალახიდან ამოსასვლელად უმატებს, უცბად ამოდის ბორბლები სველი მიწიდან და ისე რომ გაჩერებას ვერ ახერხებენ, მანქანა პირქვე ეშვება მდინარეში.

რამდენიმეტონიანი ჯართი ოღროჩოღრო კიდეებზე ეშვება და ყოველ ქვაზე მიხეთქებისას გამყინავ ხმას გამოსცემს, რომელსაც თან მანქანაში მჯდომი ადამიანების შემზარავი ღრიალი ერთვის და ერთმანეთთან უჩვეულო კონტრასტს ქმნის. ბუნებას რომ საუბარი შესძლებოდა, ალბათ უკმაყოფილებას გამოთქვამდა მომხდარის გამო, რადგან იფიქრებდა, რომ მას წარმოდგენას ართმევენ. ბოლოს დახეთქებასთან ერთად ძლიერი აფეთქების ხმაც ისმის და წამით, წვიმისა და დროის გარდა ირგვლივ ყველაფერი ჩერდება რა დროსაც მალევე სველ მიწაზე გველებივით ამოდიან ცეცხლის ენები და სველ მიდამოზე გზას დიდი მონდომებით იკვლევენ. იმდენად დიდით, რომ წამის მეასედში მთლიანი მანქანის ძირი უკვე ცეცხლს აქვს დაფარული და თითქოს გამიზნულად მანქანის შიგნით ჩამტვრეული ფანჯრებიდან მიიკლაკნებიან. მალე უკვე სამივე უგონოდ მიგდებულ სხეულს ცხვირზე უღიტინებენ, ხელს ართმევენ მისასალმებლად და საკუთარ კლანჭებში აქცევენ რომ ისინიც იმავე ქარს გააყოლონ, რომელიც ხვალ დაუბერავს და მანქანის ნარჩენებს ირგვლივ მიმოფანტავს.

ფარდები ასწიეთ

ტირის, ოღონდ ამჯერად ცა ტირის. თავსხმა წვიმაა და ქარიც ისე უბერავს, სხეულზე თმებს ყალყზე აყენებს. ქუჩები წყლით ივსება, ირწყვება უპატრონოდ მიგდებული თვალსაჩინოებისთვის მიწაში ჩაგდებული ყვავილები, ქუჩის ძაღლები თავშესაფარს ეძებენ და ზოგიც, დანებებული იქვე წევს და ზედ აწვიმს. ბიჭი მძიმე ნაბიჯებით მიუყვება გზას და მიუხედავად საშინელი ამინდისა, აჩქარებას არ ცდილობს. თეთრი გრძელსახელოებიანი მაისური რომელიც სისველისგან ფერგამტარი გამხდარა, ერთიანად შემოკვრია ტანზე და სხეულის ყველა ნაკვთი დეტალურად ჩანს. მათ შორის, თუ კარგად დააკვირდებით, ჩანს დალურჯებებიც რომლებიც გამაყრუებელი ტკივილის ბიძგებს გამოსცემენ, მაგრამ ბიჭი ამაზე კონცენტრაციას ვერ ახდენს. მომხდარს ისე დაუბინდავს მისი გონება, რომ ვერაფერზე ფიქრობს. დგავს მექანიკურ ნაბიჯებს იმ ადგილამდე მისაღწევად, სადამდე მისასვლელადაც გზა თვალდახუჭულმაც იცის. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე წვიმით სავსე გუბეებში ყოფს ფეხს და შხეფები აქეთ-იქით ისხმება. რეზინისძირებიანი ფეხსაცმელები უჩვეულო ხმას გამოსცემენ. ბიჭს რომ ესმოდეს მის ირგვლივ რა ხდება, ამ ხმაზე შერცხვებოდა და ეცდებოდა რამენაირად ისე ევლო, რომ ზედმეტი ხმაური არ გამოეწვია მის ნაბიჯებს, თუმცა არც არავინ არაფერს ეტყოდა თუ წაუყრუებდა. გარეთ ხომ მაინც არავინ იყო იმ მომენტში. მხოლოდ ის.

არცთუისე შორიდან რაღაცის აფეთქების გამაყრუებელი ხმა ისმის და ბიჭი მოულოდელობისგან (და არა შიშისგან, არც სიცივისგან) კანკალს იწყებს. წვიმისგან ისედაც ჩახუთულ ჰაერს უფრო მეტად ამძიმებს უცბად მოვარდნილი ბოლის სუნი, რომელიც იმდენად გაუსაძლისი ხდება, რომ ქუჩაში მარტოდ მოსიარულე ადამიანი მექანიკურად იფარებს პირზე დამპალი მაისურის საყელოს. ეს უკანასკნელი უარესად ხუთავს, რადგან ტუჩებზე ეკრობა სველი ნაჭერი და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ამიტომ, თავს ანებებს.

ბიჭს უკან გახედვაც არ სჭირდება რომ გაიგოს რამდენად ძლიერია გაჩენილი ცეცხლი, რადგან ისედაც კარგად ხედავს მის წინ ასფალტზე არეკლილ ცეცხლის ენებს.

ხმაურზე ფანჯრები იხსნება, ცნობისმოყვარე თავები გამოდიან გარეთ და სანახაობას შესცქერიან დიდი ინტერესით. გარშემო კორპუსებიდან ხმაურისგან გამოღვიძებული პატარა ბავშვების ტირილის ხმა ისმის რასაც ალბათ ცოტა ხანში დედების ყვირილი ჩაანაცვლებს უკვე, რადგან არ იციან გადაბჟირებული შვილები სხვანაირად როგორ ჩააჩუმონ. ამ ხალხისგან ცოტას თუ გაახსენდება სახანძროში დარეკვა, მაგრამ ნეტავ არც არავინ დარეკოს. მოედოს ტყის შუაგულში გაჩენილი ხანძარი მთელს ქალაქს და ყველაფერი ერთი ამობერვით მტვრის სქელ საბნად აქციოს. ნეტავ ახლა მაინც შეისმინოს მან ეს სურვილები, ვინც ზოგადად გვისმენს და შემდეგ სურვილებს გვიხდენს, - ჩურჩულებდა ბიჭი. როგორ სურდა მისი ყველაზე ხმაურიანი სიჩუმისთვის მოესმინა ვინმეს. გამოხმაურებოდა, შეპასუხებოდა, რჩევა მიეცა ან მხარი, რომელსაც თავს ჩამოადებდა და კიდევ ერთხელ ბევრს იტირებდა იმ მხარზევე ღრმად ჩაძინებამდე.

კორუსთან მისული სახლში ასვლის ნაცვლად გეზს ავტოფარეხისკენ იღებს, რომელიც ყველაფერს იტევს გარდა ავტომობილისა და ყველაზე მნიშვნელოვანს და ბევრს - მოგონებებს. ეს ფარეხი ადრე პაპამისს ახლა კი უკვე მას ეკუთვნოდა მხოლოდ. შესაბამისად, ისე ჰქონდა მოწყობილი, როგორც სურდა, ან სადამდეც ნერვები ყოფნიდა. გატეხილ ბოქლომს (რომლის გამოცვლაზეც წლების განმავლობაში რა თქმა უნდა არავინ დაინტერესებულა) გვერდით ატრიალებს, ქვედა ნაწილი ხელში რჩება რომელსაც ჯიბეში იდებს. კარს აღებს და შიგნით შედის. სიბნელისთვის თვალის შეჩვევა არ უჭირს, რადგან ისედაც კარგად დაებინდა მისთვის წვიმას მხედველობა მთელ გზაზე. გვერდით მიჩოჩებულ მაგიდას კარისკენ აჩოჩებს მაინც, თავდაცვის მიზნით, რომ „დარწმუნდეს“ არავინ დაადგება უჩუმრად თავზე და იმავე მაგიდიდან ნავთის ლამფას იღებს, რომლის ანთებაც ოდესღაც პაპამისმა ასწავლა და ცეცხლს უკიდებს. რამდენიმე წამში ფარეხის ნაწილი პატარა მბჟუტავი სინათლით ნათდება. სიჩქარეს უმატებს, რადგან არ იცის როდის ჩაქრება ლამფაში შუქი და იწყებს ღუმელში ცეცხლის დანთებას. შემდეგ იქვე დიდ ქვაბს წყლით ავსებს და ზედ ღუმელზე დებს რომ გაცხელდეს. სანამ ეს მოხდებოდეს, დროს იხელთებს და ოთახის გარშემო დალაგებულ სანთლებს ურბენს რომ ისინიც დაანთოს და შემდეგ, პატარა აბაზანას (რომელსაც ადრე ღვინის დასაწურად იყენებდნენ) რეზინის მილით წყლისგან ნახევრად ავსებს. ამ ყველაფერს ისე ჩუმად აკეთებს, მთელს სივრცეში მხოლოდ მისი ღრმა ამოსუნთქვების და ტკივილისგან (რომლის შეგრძნებებიც ნელ-ნელა უცოცხლდება) წამოკვნესების ხმები ისმის შიგადაშიგ.

აბაზანაში ღუმელიდან გადმოდებულ ცხელ წყალსაც ამატებს. ხელით სინჯავს, არც ისე ცხელია წყალი, მაგრამ ატანა შეიძლება. წვიმისგან დასველებულ ტანსაცმელს იძრობს და მათთან ერთად, ერთიანად გრძნობს ქანცის გაძრომასაც. ზემოდან დაჰყურებს მის შიშველ სხეულს. სხეულს რომელიც ასე ძალიან სძულს, მაგრამ თან შეგუებია იმ ფაქტს რომ ის მას ეკუთვნის და ვერაფერს შეცვლის.

ფეხს აბაზანაში დგამს და მოკუნტულად, მაგრამ მაინც წვება თბილ წყალში რომელიც ერთიანად აბრუებს და თან ამოსუნთქვის საშუალებასაც აძლევს ამავდროულად. თვალის კუთხით უყურებს ფანჯარას, რომელზეც სანთლების ნაცვლად ადრე მოსამწიფებლად გაწყობილი კარალიოკები იდო და რომლის ლაქებიც დღესაც კარგად ჩანს მზის სინათლეზე. სამამდე ითვლის სანამ წყალში თავს ჩაყოფდეს და გაჩერდებოდეს იქამდე, სადამდეც ძლებს სუნთქვის შეკავებას. ასე აკეთებს რამდენიმეჯერ, სანამ ერთიანად დაღლილს, ტკივილებისგან ასლუკუნებულს აბაზანაშივე არ ჩაეძინება.

***

გამთენიისას უკვე როცა გამოეღვიძა თორნიკეს და სხეული გაყინული წყლიდან ამოჰყო, წვიმას უკვე გადაეღო და სიცივე სულ ოდნავღა ცრიდა. გაზაფხულის დილაადრიან სუსხს უფრო დაარქმევდი ამ ამინდს ადამიანი, რომელსაც ზაფხულის დადგომამდე ყოველდღე ეგებები დილაადრიან გაღვიძებისას.

ოთახს თვალს ავლებს და იქვე მიყრილი ტანსაცმელი, რომელიც რა თქმა უნდა ისეთივე გალუმპული იყო როგორიც გახდისას, წუხანდელ ამბებს ახსენებს და მუცელში უსიამოვნო შეგრძნება უვლის. წინა დღეებში მიგდებულ შარვალს პოულობს რომელზეც ზედ მისი სპერმა აქვს შეწმენდილი და შიშველ სხეულზე იცვამს. აბაზანაში საცობს ხსნის რომ წყლისგან დაიცალოს, სხვა ყველაფერს ისე ტოვებს როგორც არის და ამჯერად სახლში ადის.

რატომღაც ოჯახში მიაჩნიათ რომ ეს უბანი და განსაკუთრებით მათ კორპუსში ცხოვრება უსაფრთხოა (რაც თორნიკემ ალბათ მათ შორის ყველაზე კარგად იცის, რომ ასე არ არის) და ამის გამო სახლის კარს თითქმის არასოდეს კეტავენ. შესაბამისად ისიც თავისუფლად, რკინის სახელურის ჩამოწევით შედის სახლში და პატარა ხმაურზე პასუხიც არ იგვიანებს.

-        თორნიკე, მოხვედი? - დედა. რა თქმა უნდა ის არასოდეს ადგება რომ თორნიკეს მიესალმოს, ან დაინტერესდეს როგორ არის, - სად იყავი გუშინ მთელი დღე?

-        გარეთ, - მოკლედ და ცივად პასუხობს.

მაგრამ იცის, რომ თავის ოთახში რომ გავიდეს სახლის ის ნაწილი უნდა გაიაროს სადაც ახლა დედამისი იმყოფება და მის მზერას გვერდს ვერანაირად ვერ აუვლის. ამიტომ ღრმად ისუნთქავს ჰაერს და სახლში შესვლის შემდეგ პირველ ნაბიჯებს დგამს თუ არა, მუცელში ისევ ის გრძნობა უმეორდება. ამჯერად ზემოდ მიიწევს ნელ-ნელა და ყელში აბჯენს. ტუალეტში გარბის და ისე, რომ უნიტაზზე თავსახურის აწევას ძლივს ასწრებს, მუხლებზე მორთხმით ეცემა და აღებინებს. პირში საშინელი, მწარე გემო უდგება და კბილები უღრჭიალებს. სანამ სახის დასაბანად ნიჟარასკენ წამოიწეოდეს, უნიტაზში ჩარეცხვამდე თეთრ სითხეს ავლებს თვალს. მაჯებით ეყრდნობა ცივ მარმარილოს ნიჟარას და საკუთარ გამოსახულებას უყურებს სარკეში. ძალიან უნდა რომ თვალი აარიდოს მის ანარეკლს, მაგრამ არ გამოსდის, თან იმის ინტერესი აქვს სახეზე ყველა ნაკვთი უკეთესად გამოიკვლიოს. გარდა სხეულზე დალურჯებებისა, რომელსაც აქაიქ უკვე ისედაც მოკრა თვალი, ჩალურჯებებს ახლა თვალებთან და კისრის მიდამოებშიც ამჩნევს.

„ესღა უნდოდა ჩემს თვალებს“ - ბუტბუტებს და თხელი, მოქნილი თითებით (რომლებზეც ყველაზე ხშირად იღებს კომპლიმენტს) სახეს ეხება.

ტუალეტიდან გამოდის და ტელევიზორიდან წამოსული ხმის გაგონებაზე მისაღები ოთახის ზღურბლზე ჩარჩოს მტკივანი მკლავით ეკიდება საინფორმაციოს მოსასმენად. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორს არასოდეს უყურებს, ახლა ნაცნობი სიტყვები ესმის რაც შეყოვნებისკენ უბიძგებს. ერთ-ერთ არხზე რეპორტიორი უბედური შემთხვევის შესახებ გადმოსცემს ინფორმაციას, რომელიც ქალაქის რეკრეაციულ ზონაში დატრიალდა. ბევრი ვერაფრის გაგებას ასწრებს, მაგრამ სიუჟეტიდან ნანახი ბოლო კადრები მომხდარის ადგილიდან ეცნობა. ოთახში შერბის, ლეპტოპს რთავს და ისე რომ ძებნაც არ სჭირდება პირველ სიახლეს, რასაც კითხულობს სწორედ ამ ამბავზე ყვება დეტალებს.

„4 აპრილს თვითმხილველების თქმით ღამის პირველ საათზე აფეთქების ხმა გაიგონეს რის შემდეგაც რამდენიმე მათგანმა სახანძროში დარეკვა სცადა, თუმცა ვინაიდან ტელეფონების უმეტესობას მიღება ჰქონდა დაკარგული უამინდობის გამო კონტაქტზე გასვლა შეუძლებელი გახდა, რამაც ზემოთხსენებული უწყებების ინფორმირება გააჭინაურა და ინციდენტს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რა გახდა ამის მიზეზი, შეიძლებოდა თუ არა მათი გადარჩენა დროული რეაგირების შემთხვევაში და გრძნობს თუ არა ჩვენი მთავრობა მომხდარის გამო პასუხისმგებლობას, ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ შესაბამისი სტრუქტურები. თუმცა შევძელით გავსაუბებოდით ერთ-ერთ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მომხდარის ადგილას იმყოფებოდა და მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: გარემოს დათვალიერების შემდეგ ვინაიდან და რადგანაც ინციდენტის ადგილას არ არსებობდა არანაირი კამერა, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემდა რომ გვენახა ის თუ რა მოხდა სინამდვილეში, ნანახზე დაყრდნობით ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ მანქანაში მყოფმა - და მინდა ვისარგებლო ბარემ შემთხვევით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. - ახალგაზრდებმა ვერ შენიშნეს ნიშანი რომელიც იუწყებოდა რომ იმ კონკრეტული ადგილის იქით აღარ გრძელდებოდა გზა და თხრილში თავიანთი დაუდევრობის გამო გადავარდნენ.

მინდა ჩვენს მკითხველს შევახსენოთ, რომ სამი გარდაცვლილიდან მხოლოდ ერთის ვინაობის დადგენა გახდა შესაძლებელი ხოლო დანარჩენ ორს კი ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდებათ.

მომხდარის გამო ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის რედაქცია დიდ მწუხარებას გამოხატავს და იზიარებს გარდაცვლილების ოჯახების ტკივილს.“

თორნიკე სარწეველა სკამის საზურგეზე მოწყვეტით ეშვება, თავს უკან აგდებს და ისტერიულად იცინის. მან ხომ სამივეს სახელი იცის ზეპირად. თვალდახუჭულადაც, დაუხუჭავადაც და ახალ გაღვიძებულზეც. ისინი ხომ სხვა ყველაფერთან ერთად მისი მეზობლებიც იყვნენ.

შეიძლება სამ ადამიანზე ცოტა დაეჭვებულიყო, მას ხომ ოთხი ახსოვდა, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო მის თავში ან უბრალოდ უნდოდა, რომ ეს ადამიანები გარდაცლილები ენახა და არ აინტერესებდა იქნებოდა თუ არა ეს სიმართლე.

წელში იმართება, სკამიდან დგება და ტკივილისგან ყრუდ კვნესის.

„ეს გაივლის, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ“ - ბუტბუტებს, სახის იმ ნაწილს ეფერება ცალი ხელით სადაც ახსოვს რომ დალურჯებები აქვს და სუფთა ტანსაცმელს კარადიდან იღებს, ჭუჭყიანებს კი ერთად უყრის თავს და გასარეცხად ოთახიდან გააქვს. სანამ სარეცხის მანქანა გამოირთვებოდეს გარდაცვლილების ფოტოებზე მიწერილი კომენტარების წაკითხვით ირთობს თავს. ეს ჩვევა ხომ ყველას გვაქვს. თან გვრცხვენია, ხმამაღლაც ვერ ვამბობთ, მაგრამ რაღაცნაირად, შინაგან ეგოს ვიკმაყოფილებთ ამ საქციელით. რამდენიმე დღე შავი ლენტები იტრიალებენ პროფილის ფოტოებზე და შემდეგ ეგენიც გაქრება. მუდმივი ხომ ისედაც არაფერი არის.

გარეცხილ, ნესტიან ტანსაცმელს ხელშივე იზვავებს და აივანზე გააქვს. იქვე მაგიდაზე აწყობს დ სათითაოდ მავთულებზე გაკიდებას (რა თქმა უნდა სარეცხის სწორად გაფენის წესის არ დაცვით) უსწორმასწოროდ იწყებს. მთავარია გაშრეს, როგორ გაფენ რა აზრი აქვს? - ფიქრობს და იმავე მომენტში დაბლიდან წამოსული ხმაური სიტყვებად ნელ-ნელა აღწევს მის გონებაში, იშიფრება და ერთ მნიშვნელობას იძენს. უკვირს, აქამდე როგორ ვერაფერი გაეგო. სადარბაზოსთან ბევრ ადამიანს მოეყარა თავი. მათ შორის კამერამომარჯვებულ ჟურნალისტებსაც და ყველა ერთხმად ლაპარაკობდა, ზოგიც ტიროდა.

როგორც ჩანს ერთ-ერთი უკვე მოიყვანეს.

ბევრი შაქარი

ირონიულია რომ მაშინ, როცა სამყარო უნდა იქცეოდეს, რომ ოდნავ მაინც იყოს ახლოს ადამიანების განცდებთან ამინდი, მზე ამოდის და იმდენად შემაწუხებლად აჭყეტს, ცდილობ სადმე ჩრდილი იპოვო, რაც გადახერხილ ქალაქში არც ისე მარტივია.

უბანში შეკრებილი ხალხიდან ვისაც რა შეუძლია სახეზე იმას იფარებს. გაზეთებს, ჩანთებს, ყელზე მოსახვევებსაც. დღეს უფრო მეტად შავი ფერი ჭარბობს. უცნაური ჩვევა აქვთ ამ ქალაქში მაცხოვრებლებს. მიაჩნიათ რომ სხვა რომც არაფერი გქონდეს გარდერობში, აუცილებლად ორი სახის ტანსაცმელი გაწკიპინებული მაინც უნდა გეკიდოს; ერთს რომელსაც დაბადების დღეებზე ჩაიცვამ და მეორეს ისეთ შემთვევებზე როგორიც დღეს არის.

ხმაური ნელ-ნელა ზევით იწევს. ბურუსივით ტრიალდება და მესამე სართულის ფანჯრებამდეც აღწევს. თორნიკე ფეხზე დგება. ხის დრომოჭმულ ფანჯარას, რომელსაც ზოგგან წებოვანი ლენტები აქვს აკრული რომ ქარმა ოთახში ნახვრეტებიდან არ შემოაღწიოს, მობეზრებით ბოლომდე კეტავს და ისევ საწოლზე ეშვება.

ზურგზე წევს. ოთახის კარი მოხურული აქვს. ხელში ჩოგბურთის ბურთი უკავია (რომლის თამაშიც არ იცის, მაგრამ სპორტის სახეობიდან მხოლოდ მას აფასებს) და დროდადრო ზემოთ ისე აგდებს, რომ ჭერს მოხვდეს და ცდილობს უკან გამოქანებული, ისევ ხელში დაიჭიროს. გონების გაფანტვის არაჩვეულებრივი ხერხია. მაშინ, როცა თავს ცუდად გრძობს, ღელავს და შფოთვისგან ხელები უკანკალებს ერთადერთი რამაა რასაც მისი დამშვიდება შეუძლია, მაგრამ ახლა მოუსვენრობას ჰყავს შეპყრობილი და იმის გამო, რომ მის სუნთქვას უკვე სხეული ვეღარ იტევს ხმამაღლა ქოშინებს. საწოლზე ადგილს ბევრჯერ იცვლის. რთულია იპოვოს ისეთი ადგილი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და გაჩერდება სულ ცოტა ხნით მაინც.

გონებიდან ფიქრებს ვერაფრით იშლის. სულ იმ ღამეზე და ინციდენტზე ფიქრობს. იმ პერიოდში არადა ერთმანეთის მიყოლებით მოხდა ორი ინციდენტი. პირველზე რატომღაც ოღონდ არავინ საუბრობს. თუმცა არც სურს. ვინმეს რომ ამ თემაზე ესაუბრა არც იცის, როგორ შეიძლებოდა ეგრძნო თავი. წარმოდგენაც არ უნდა. ოთახში ფანჯარა დაკეტილი აქვს, რადგან გარედან დიდი ხმაური შემოდის და ძალიან აწუხებს, თუმცა იმისთვის რომ ჰაერმა სულ პატარაზე მაინც მიაღწიოს მასთან ოთახის კარი ოდნავ აქვს შეხნილი. ბოლომდე მას არც არასოდეს აღებს, რადგან სულ შიშველი უყვარს ყოფნა. იცის, მარტო რომ ეცხოვრა ალბათ სახლში არც არასოდეს ჩაიცვამდა ტანაცმელს.

საწოლიდან დგება, ოთახიდან გადის და ისე, რომ დედამისს არ შეეჩეხოს, ჩუმად იპარება სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად. როცა ყავას სვამს სურს რომ სიმარტოვეში იყოს. მაქსიმალურად განიცდიდეს ყველა გემოს, ყველა ყლუპს რასაც ყელში გადაუშვებს. მისთვის ყავის სმა რიტუალად არის ქცეული, რომელსაც ვერავის უზიარებს რადგან მას როგორც რაღაც ინტიმურ ჩვევას ისე აღიქვამს. დედამისისგან უჩუმრად მოქმედებას ვერ ახერხებს, რადგან შედის თუ არა სამზარეულოში პირდაპირ მას ხედავს. არიადნა მაგიდის კუთხეში ზის და ჭიქას, რომელიც ორი წუთის წინ ერთჯერად ხელსახოცზე ჰქონდა გადაბრუნებული, ახლა დიდი ყურადღებით აკვირდება და ფიგურებს ჩაჰკირკიტებს. ხმაურზე ოდნავ იშმუშნება იმის ნიშნად, რომ გაიგო შვილის შესვლა ოთახში და თუ რამის თქმა სურს, შეუძლია უთხრას. ხშირად ასე, უსიტყვოდ, პატარა ქმედებებით (ხმაურებით) ეხმიანებიან ერთმანეთს და ამით ორივე კმაყოფილია რომ არცერთი იქცევა ისე, თითქოს ამ სახლში ერთი ადამიანის გარდა სხვა არავინ არსებობს. თორნიკე მის ამ ქცევას უყრუებს და წყლის გასაცხელებლად მადუღარას რთავს.

-        ცხელია წყალი, ამ წამს გამოირთო - ეუბნება არიადნა.

-        არაუშავს, იყოს ცოტა ხანს რომ უკეთ გაცხელდეს, - პასუხობს თორნიკე და კარადიდან მის საყვარელ ჭიქას იღებს რომელსაც დიდი ასოებით აწერია „თუ შეგიძლია რომ ამაზე იოცნებო, ნიშნავს რომ გააკეთებ კიდეც“ და ორ კოვზ ხსნად ყავას ყრის შიგნით.

-        წამალი გიყიდე დილით. უნდა ნახო გარეთ რა ამბავია.

-        გადავიხედე წეღან. როდის წავა აქედან ეს ხალხი?

-        ალბათ ჯერ კიდევ დიდხანს იქნებიან, - ოხრავს, - ძალა ვერ ვიპოვე რომ მეც ჩავსულიყავი. ასეთი ლამაზი ახალგრაზრდები, ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. მათ მშობლებთან ერთად ყოველ დღე პარკში დაგატარებდით და გასეირნებდით ხოლმე. წარმოგიდგენია ალბათ, რომ რთულია ჩემთვის მათი ამ მდგომარეობაში დანახვა. უსამართლობაა ასეთი მიზანდასახული, ნიჭიერი ახალგაზრდები რომ მიდიან ამ ცხოვრებიდან.

-        ანუ, მე რომ მოვმკვდარიყავი მაგას გაამართლებდი, - ეუბნება თორნიკე და თან ადუღებულ წყალს ასხამს ჭიქაში.

-        ნუ სულელობ! შენც ნიჭიერი ხარ, დარწმუნებული ვარ, იპოვი შენც საკუთარ თავს რამეში და ბევრ წარმატებას მოიპოვებ.

თორნიკემ იცის, რომ ამ სიტყვებს იმიტომ ამბობს დედამისი, რომ ჩაეთვალოს უბრალოდ, რომ რაღაც თქვა, რომ ვითომ ისიც დედაა, თანაც უნიკალური და მის შვილზე და მის მომავალზე ფიქრობს. ონკანიდან ჭიქაში ოდნავ ცივ წყალს ამატებს და იქვე ბარზე დგამს.

-        მითხარი სად დევს წამლები, ბარემ ოთახში შევიტან.

-        შემოსასვლელში, ჩანთაში ნახე.

მიდის, მოაქვს ჩანთა და დედამისს აძლევს:

-        ხომ იცი რომ არ მიყვარს სხვის ჩანთებში ძრომიალი.

-        ოჰ, თორემ შენც ახლა რამე ისეთი არ იპოვო მანდ, - ეუბნება და ჩანთიდან წამლებიან პარკს იღებს თუ არა, თორნიკეს აწვდის.

-        მადლობა, - ეუბნება და ოთახში წამლითა და ყავით ხელში ბრუნდება.

ჭიქას ფანჯრის რაფაზე, კუთხეში დებს და თვითონაც იქვე ჯდება. მიუხედავად იმის, რომ ფანჯრიდან არანაირად განსაკუთრებული ხედი არ იშლება, მაინც უყვარს აქ საათობით ჯდომა და ხალხზე დაკვირვება. ტელეფონში Pitter J-ს (ჯგუფის რომელიც ახლახანს აღმოაჩინა) სიმღერას რთავს, ყავის ჭიქას ხელებში იქცევს და ფიქრებს საშუალებას აძლევს ტვინის უჯრედები აქეთ-იქით ხლართონ.

უცბად არიადნას ხმა აფხიზლებს და პირველ წამებში ისეთი განცდა აქვს, თითქოს ღრმა ძილიდან გამოაფხიზლეს და ცდილობს ადგილსამყოფელი გაიგოს.

-        თორნიკე, ხმას დაუწიე! - ეუბნება და ტელეფონისკენ ანიშნებს, - გრცხვენოდეს რა. შეიკავე თავი ასეთ დღეებში.

თორნიკემ იცის რომ პროტესტის გამოხატვას აზრი არ აქვს. უჩუმრად ასრიალებს ხელს ტელეფონისკენ და ხმის დაწევის ნაცვლად, მთლიანად თიშავს სიმღერას.

-        რომელი საათია, მიიღე წამალი?

-        არა, ცოტა ხანში ვიზამ, - პასუხობს.

-        თუ ხელები გიკანკალებს ისევ, მითხარი და დაგეხმარები.

-        არ მჭირდება, დედა. წლებია უკვე რაც ამას ვაკეთებ.

-        კარგი, შვილო. როგორც საჭიროდ ჩათვლი, - ეუბნება და ოთახიდან გასული კარს ნახევრად კეტავს, - ყურსასმენები დაგიტენე და გაიკეთე თუ გინდა რამის მოსმენა! - აძახებს უკვე კარს მიღმა.

ყურსასმენები. არც ახსოვდა ბოლოს როდის გამოიყენა, ან სად დადო. დედებს ერთი მაგიური ჩვევა აქვთ, ნანახიც რომ არ ჰქონდეთ ნივთი, მაინც იციან ის სად დევს.

ბოლოს არც ისე ხშირად გადიოდა ხოლმე სახლიდან. მიეწება სახლის კედლებს და ცხოვრობდა ძირითადად ოთხ კედელში. მისი ერთადერთი გასასვლელი რამდენიმე კიბის ქვემოთ იყო, ავტოფარეხში. ძალიან ჩაიკეტა. მეგობრებთანაც, „მეგობრებთანაც“ და ყველაზე მთავართან - საკუთარ თავთანაც. უკვე არც მასთან იყო გულახდილი. ატყუებდა თავს რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა და დალაგდებოდა უკეთესობისკენ, მაგრამ ის არ იცოდა რის ხარჯზე ან როდის უნდა მომხდარიყო ეს და ტანჯავდა ლოდინის გაუთავებელი რეჟიმი. დროც ისე შეუპოვრად იწელებოდა, საათის ისრები ისე იკვანძებოდა ერთმანეთში, თითქოს ჭიდაობენ და იმის საშუალებას არ აძლევენ ერთმანეთს, რომ რომელიმე მათგანი მაინც წავიდეს წინ. მალევე დაღამებულიყო და თუ უნდოდა, ნურც გათენდებოდა. სხვა მხრივ კი მაინც სწრაფად გარბოდა დრო, უკან რომ იხედებოდა ხვდებოდა რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოესწრო აქამდე. ადამიანის არსი იმდენად არის შებყრობილი იმით, რომ ცხოვრებაში რაღაც შექმნას, რამეს მიაღწიოს, რომ სრულიად ავიწყდება ფსიქიკური ჯანმრთელობა და ეწირება შემდეგ მისგან გამოვლენილ სიმპტომებს, რომელზეც აქამდე იმის გამო ხუჭავდა თვალებს, რომ სულ სხვა რაღაცები ჰქონდა გეგმაში და მასეთ „წვრილმანებზე“ ფიქრს იმ მომენტში დროს ვერ დაუთმობდა. ეზიზღებოდა საკუთარი ცხოვრება და ვერც ამტყუნებდა დედამისს, რომ არ სჯეროდა საკუთარი შვილის, რადგან შეუძლებელია სხვას მოსთხოვო ისეთი რამ იწამოს, რაც შენ თვითონაც არ გჯერა. უბრალოდ, ხანდახან ადამიანებს გვსურს ხოლმე, რამე დადებითის მოსმენა. სიბნელით მოსილ ცხოვრებაში პატარა სინათლივით ჩაიღვრება ხოლმე ჩვენში და ვინ იცის, იქნებ უცბად ფეხზეც კი წამოგვაყენოს. არავისგან არასოდეს არ უგრძვნია გვერდში დგომა. იყო ის და საკუთარი თავი მხოლოდ და ყველაზე მეტად კი ის სტკიოდა, რომ არ იცოდა, რა არის ოჯახი და რას ნიშნავს, ოჯახის წევრებს ერთმანეთი უყვარდეთ. მარტო თვითონ იცის ალბათ, რამდენი ღამე გაუტარებია ტირილში უმამოდ გაზრდილს და რამდენჯერ გამწარებულა სხვა ბავშვების დანახვისას, რომლებსაც გვერდით თავიანთი მამები მიუყვებოდნენ, რამდენჯერ დამჯდარა საქანელაზე და წარმოუდგენია როგორ უღიმიან მოშორებით მჯდარი მშობლები მას, რომლებიც ეხუტებიან და სიყვარულით შესცქერიან ერთმანეთს, რამდენი წიგნი გადაუდია ღამით საწოლის გვერდზე და რამდენჯერ დაუტოვებია ანთებული ტუმბოზე ლამაზად დადებული პატარა სანათი იმაზე ფიქრით, მამა რომ მორჩება ჩემთვის წიგნის წაკითხვას, ის ჩააქრობს შუქსაც და მომცემს საშუალებას შემდეგ ტკბილადაც დავიძინოო. დილით რომ ეღვიძებოდა, იმ შუქს თვითონ აქრობდა ხოლმე მაინც. რომ იზრდები, ბევრს ჰგონია რომ წარსულის ასეთი მომენტები ქრება და მის ადგილს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ანაცვლებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაფერი რაზეც ბრძოლობ, რასაც უმკლავდები ნებიმიერ ასაკში, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენში ილექება, შენშივე რჩება და დროდადრო, უადგილო ადგილას ჩნდება და თავს გახსენებს ხოლმე. ეუბნებოდა საკუთარ თავს ხშირად, გავიზრდები, რომც ვერავინ ვიპოვო ვინც ჩემს გვერდით იცხოვრებს, შვილს მაინც ავიყვან და ისე გავზრდი, ისეთ რამეს მივცემ, რაც მე დამაკლესო და ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებდა რომ მის შინაგან პატარა მე-ს ეპოვა სიხარული და შვებით ამოესუნთქა.

ფანჯრის რაფიდან ფრთხილად ხტება. სამზარეულოში გადის და იმის გამო, რომ მადა არ აქვს, მაგრამ აუცილებელია წამლის მიღებამდე რამე მაინც შეჭამოს, პურის პატარა ნაჭერს იღებს მაცივრის გვერდით, კალათიდან და სანამ შეჭამდეს, თითზე ნემსს იჩხვლეტს, შემდეგ თითებით ცდილობს კანიდან საკმარისი სისხლი გამოწუროს, წინასწარ გამზადებულ აპარატში ჩადებულ ფირფიტაზე პატარა წვეთი გადააქვს და ილოდება მანამ, სანამ ციფრები გამოისახება ზედ. არიადნას მიცემული პარკიდან ყუთს იღებს, ინსულინის შპრიცი ამოაქვს, ღრმად ჩაისუნთქავს და მუცლის მიდამოში ნემსს იკეთებს. ცოტა ხანში იგივე მოქმედებას იმეორებს. ახლიდან აცხობს სისხლის წვეთს ფირფიტას რომ შემდეგ გამოსახული ციფრები ერთმანეთს შეადაროს და მანამ სანამ ამას აკეთებს, იმ ყუთს აკვირდება საიდანაც წამალი ამოიღო. გადის ოთახიდან და დედამისს ისევ იგივე მდგომარეობაში, სამზარეულოში მჯდარს პოულობს.

-        დედა, ერთ წელზე მეტია უკვე ამას აღარ ვხმარობ. დაგავიწყდა რომ ექიმთან ერთად დოზა შევცალეთ? - ეკითხება თორნიკე და თან ყუთს აჩვენებს.

-        გაიკეთე უკვე? ღმერთო, ეს როგორ დამემართა. არც უკითხავს კონსულტანტს ისე მომცა ყუთი და მეგონა, ახსოვდა რასაც ვყიდულობდი ხოლმე.

-        გავიკეთე, მაგრამ არაუშავს.

-        ჩადი რა ქვემოთ, დე, იქნებ გამოგიცვალონ?

-        ჯანდაბას.