ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

წარსულის ლაბირინთში

წარსულის ლაბირინთში

„თუ შენ არ ისწავლი საკუთარი თავის მართვას, შენ მართვას დაიწყებენ სხვები!“

რომელიღაც წიგნში წაკითხული ეს ციტატა, მოვა დრო და სიცოცხლეს შემინარჩუნებს...

კარგად გათენებულია. ჯერ ისევ საწოლში ვწევარ. ადგომის არანაირი სურვილი არ გამაჩნია, ან რა აზრი აქვს?!

მზერა, საძინებელი ოთახის გაცრეცილი ჭერიდან ნელ-ნელა რუხი ფერის კედელზე გადადის. ვფიქრობ... თუ როდის დაიწყო ეს ყველაფერი? როდის მივედი სულის ასე გამოფიტვამდე? როდის დავკარგე სიცოცხლის, უფრო მეტიც, უბრალოდ არსებობის სურვილი?

ფანჯარაზე ჩამოშვებული სქელი ფარდები, ოთახში მზის შუქს შემოსვლის ნებას არ აძლევენ. ნეტავ თუ ანათებს ისევ მზე? ზოგჯერ ამაშიც მეპარება ეჭვი. კარგა ხანია რაც მისი სხივების სიმხურვალით გამოწვეული სიამოვნება აღარ მიგრძვნია. „სიამოვნება“ დიდი ხანია ამ სიტყვამაც დაკარგა ჩემთვის მნიშვნელობა. თანდათან გახუნდა, გაუფერულდა და ბოლოს სადღაც გაქრა.

მზერა, შემთხვევით რუხ კედელზე ჩამოკიდულ საათს შევავლე. უკვე შუადღის თორმეტი საათია. თავს ძალას ვატან და საწოლიდან ვდგები. საღამურზე ხალათს ვისხამ, ტანსაცმლის ჩაცმას არ ვაპირებ. ან რა აზრი აქვს?!

სამზარეულოში გავდივარ, სადაც ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ. მექანიკურად ვაღებ კარადას, საიდანაც მექანიკურად ვიღებ ქვაბს. მასში მექანიკურად ვასხამ წყალს, მექანიკურად ვანთებ ქურას და ზედ მექანიკურად ვდგამ ქვაბს. ვფიქრობ... მაკარონი მოვხარშო?! მე არ მშია, მაგარ „ის“ მოვა და...

სამზარეულოს მაგიდასთან, სკამზე მოწყვეტით ვეშვები. ისეთ დაღლილობას ვგრძნობ, თითქოს, მთელი დღე, ზურგით მძიმე ტვირთი მეთრიოს. მახსენდება, როდესაც პატარა ვიყავი იმდენად ბევრს ვოცნებობდი, რომ ხშირად ილუზია რეალობაში მერეოდა. ახლა ოცნება აღარ გამომდის. ხანდახან ვცდილობ, თავს ძალას ვატან, მაგრამ არ გამომდის. დროთა განმავლობაში ეს უნარიც დამიკარგავს. თუმცა, აღარც ამას აქვს მნიშვნელობა!

ფიქრებიდან წყლის შიშინს გამოვყავარ. რა ხანია ადუღებულა, ცოტა დამშრალა კიდეც. წყალს ვამატებ, მერე ისევ სკამზე ვჯდები და ფიქრებს ვუბრუნდები...

ბავშვობა პეპლების ფრენას გავს. მწვანედ მობიბინე მდელოზე მსუბუქად, რომ დაფარფატებენ. ისეთივე ფერადი, ბედნიერი, უდარდელი და სამწუხაროდ ისეთივე ხანმოკლეა, როგორც პეპლების სიცოცხლე.

ჩემი ბავშვობაც ასეთი იყო. მშობლების მიერ შექმნილ მშვიდ, საღ, მოსიყვარულე გარემოში ვიზრდებოდი და შედეგად ბედნიერი ბავშვი ვიყავი.

ქურაზე წყალი ისევ აშიშინდა. მასში მექანიკურად ვამატებ მარილს და შემდეგ მაკარონს...

ლაღი გოგონა კი ვიყავი, მაგრამ პასუხისმგებლობით სავსე. გულჩათხრობილი არასდროს ვყოფილვარ, ემოციებს არ ვმალავდი. მომწონდა სიყვარულის და სითბოს გამოვლინება ყველას და ყველაფრის მიმართ.

სამხრეთ იტალიის ერთ პატარა, მაგრამ ზღაპრულად ლამაზ ქალაქში დავიბადე. მას შემდეგ რაც მეხსიერება არ მღალატობს, თავს ბედნიერ ბავშვად ვგრძნობდი. ცხოვრებას დიდი ენთუზიაზმით შევუდექი. ყველაფერი მომწონდა მასში. ერთნაირ სიამოვნებას მანიჭებდა: ბავშვებთან თამაში, ცეკვა, მუსიკა, გაკვეთილების მომზადება და სკოლაში დაუსრულებელი საკონტროლო წერაც კი...

მაკარონი მზად არის. ქვაბიდან წყალი გადავღვარე და სადილი ორ თეფშზე გადავანაწილე. შემდეგ, მაცივრიდან წინა დღეს გაკეთებული პომიდვრის სოუსი გამოვიღე და ისიც ქურაზე შემოვდგი გასათბობად.

დერეფანში შემოსასვლელი კარი გაიღო. „მოვიდა“. გავიფიქრე და მექანიკურად გამაჟრჟოლა. „ის“ ნელი ნაბიჯით შემოდის სამზარეულოში, სკამზე ჯდება, დამცინავი ღიმილით მიყურებს და მეკითხება: -ანა, დღეს თმა არ დაგივარცხნია?

-არა! -ვპასუხობ მექანიკურად.

-ისევ ხალათით რატომ ხარ? ტანსაცმელი სულ შემოგაცვდა? -აგრძელებს დაკითხვას ირონიულად.

პასუხს აღარ ვცემ, აზრი არ აქვს!

სამზარეულოს მაგიდაზე პომიდვრის სოუს მოსხმულ მაკარონს ვუდგამ თეფშით. უსიამოვნო გამომეტყველებით უყურებს საჭმელს და მეუბნება: -სხვა ვერაფერი მოიფიქრე? უკვე ორი დრეა ამას ვჭამ.

ხმას არ ვიღებ, ლაპარაკმაც დიდი ხანია დაკარგა აზრი. სკამზე ვზივარ და უაზროდ ვიყურები უსასრულობაში.

-შენ რატომ არ ჭამ? -მეკითხება ისევ.

-არ მშია!

თეფშს საგულდაგულოდ ასუფთავებს, იზმორება და სხვათა შორის მეუბნება: -ამაღამ ვმუშაობ, დილამდე არ დავბრუნდები. შემდეგ, მისაღებში გადის და ტელევიზორის წინ დივანზე წვება. მექანიკურად ვალაგებ მაგიდას და ჭურჭლის რეცხვას ვიწყებ.

-ყავა გააკეთე! -მესმის მისაღები ოთახიდან.

ორ ფინჯანს ვამზადებ, „მისთვის“ დივანთან მიმაქვს, სამზარეულოში ვბრუნდები და სიგარეტს ვანთებ...

ყავა ძალიან მიყვარს. უშაქროდ ვსვამ, რომ სრულყოფილად შევიგრძნო მისი საოცარი არომატი. ეს, ერთადერთი სასიამოვნო რიტუალია ჩემ ცხოვრებაში, თუმცა, ამ სასიამოვნო რიტუალს, არასასიამოვნოს ხდიან მწარე ფიქრები...

ძალადობის უამრავი ფორმა არსებობს ჩვენ დაუნდობელ საზოგადოებაში. მათ შორის ერთ-ერთი მძიმე ფორმა, ფსიქოლოგიური ტიპის ძალადობაა, რომელიც, ადამიანის სულს ნელ-ნელა ასახიჩრებს, აავადებს, ცხოვრების მიზანს ართმევს და უმოძრაოს ხდის. თუ კი ადამიანი სულიერად ძლიერი და ბრძოლის უნარიანია, შესაძლებელია დაღუპვას გადაურჩეს. ფსიქიკურად სუსტი, ემოციური ადამიანი კი ადვილად მიდის სასოწარკვეთილებამდე...

მისაღებ ოთახში შევდივარ. „ის“ დივანზე წამოწოლილა და თვლემს. გზას საძინებლამდე ვაგრძელებ, საწოლის ზემოდან ხალათით ვწვები და მოგონებებში ვიძირები...

პატარაობიდან შეთვისებული ჩვევები და შეხედულებები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მომავალზე, მის ემოციებზე, განცდებზე, საქციელზე და შესაბამისად შედეგებზე. მშობლების როლი ადამიანის აღზრდაში და მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უსაზღვროდ დიდია. ისინი ნებით თუ უნებლიეთ ერევიან ბავშვის სულიერ სამყაროში, უცვლიან მას ხასიათს და შეიძლება ითქვას მომავალ ცხოვრებასაც.

ჩემი მშობლები, აზრობრივად ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. პატიოსანი, განათლებული და ტრადიციების მიმდევარნი, ყოველთვის მტკიცედ იცავდნენ საკუთარ შეხედულებებს. ორივე უცხო ენების სპეციალისტი იყო და ერთ უნივერსიტეტში უკითხავდნენ ლექციებს. დედაჩემი ხისტი, მომთხოვნი ხასიათის პროფესორი იყო, მამა შედარებით რბილი და დამთმობი. ორივე დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა როგორც სტუდენტებში, ასევე საკუთარ კოლეგებს შორის.

რაღა თქმა უნდა, რომ მათ ძალიან ვუყვარდი, ზომაზე მეტად, ცოტა ეგოისტურადაც. ისე მზრდიდნენ, რომ ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. მე, მათი ერთადერთი შვილი, მათი თვალის სინათლე და მომავლის იმედი ვიყავი. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ კეთილშობილ, ზრდილობიან და განათლებულ პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი...

-ანა! -მოგონებებიდან „მისი“ ხმა მაფხიზლებს.

-რა? -ვეკითხები გაუნძრევლად.

-მოდი აქ!

ზლაზვნით ვდგები ფეხზე და მისაღებში გავდივარ.

-დაჯექი! -მითითებს დივანზე და მეც ვჯდები.

-დღეს, მგონი ლიზა დავინახე. -ამბობს ღიმილით.

-რაა? მერე? -ვეკითხები მოუთმენლად.

-მერე, არაფერი! -მპასუხობს გულგრილად.

-როგორ თუ არაფერი? -ხმაში გაოცება მეპარება. -არ დაელაპარაკე?

-არა! ჩემგან შორს იყო. ან რა უნდა მეთქვა?

-რატომ არ დაუძახე? ხომ იცი როგორ მინდა მისი ნახვა? ტელეფონის ნომერი მაინც გეკითხა... -სასოწარკვეთილებამდე მივყავარ „მის“ უგულობას.

-რა ვიცი, არ გამახსენდა. -მპასუხობს ცინიკური ღიმილით.

-დარწმუნებული ხარ რომ ლიზა იყო? -ვეკითხები ისევ აღელვებული.

-კი! ყოველ შემთხვევაში, ძალიან კი გავდა... -მპასუხობს და სააბაზანო ოთახისკენ მიემართება ღიღინით.

ნახევარი საათის შემდეგ მისაღებ ოთახში ბრუნდება. მე, გაუნძრევლად ვზივარ ისევ იმ ადგილას სადაც „მან“ დამტოვა. გულგრილად მივლის გვერდს და საძინებელში შედის.

-ჩემი ჯინსის შარვალი, სადაა?

-რომელი?

-გუშინ რომ მეცვა! -მეუბნება და ოთახიდან მაისურის ამარა გამოდის.

-გასარეცხი იყო, აბაზანაში გავიტანე.

-რატომ არ გარეცხე? მჭირდება! -ხმაში ბრაზს ურევს.

-ხვალ გავრეცხავ, დღეს სხვა ჩაიცვი. -ვპასუხობ უინტერესოდ.

-არაფრის მაქნისი ხარ! -მეუბნება და საძინებელში ბრუნდება. მისი გულმოსული ლანძღვა კიდევ ისმის ოთახიდან, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. მერე გამოდის და ისე, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს, სახლის კარს იჯახუნებს...

 

 

 

 

***

მეგობრობა უძლიერესი კავშირია ორი მონათესავე სულს შორის. ჭეშმარიტი მეგობარია ადამიანი, რომელსაც შენი უსიტყვოდ ესმის და რომლის იმედიც ნებისმიერ სიტუაციაში გაძლიერებს. მეგობარი, ყველა ნორმალური ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელთან ერთადაც, სრულყოფილად შეიგრძნობ წარმატებასა თუ იმედგაცრუებას, სიხარულსა თუ ტკივილს.

იყო დრო, როდესაც მეც მყავდა ერთი ასეთი მეგობარი, ლიზა. მხიარული, მოსიყვარულე და სიცოცხლით სავსე გოგო, რომელსაც, პირველი კლასიდან ვიცნობდი. ჩვენი მეგობრობა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო მაშინ, ჩემს ცხოვრებაში...

იმ ზაფხულს თექვსმეტი წელი შემისრულდა. სასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად, კლასელებმა წვეულების მოწყობა გადავწყვიტეთ. დილით, დედამ ჩემს ოთახში თავი შემოყო და მითხრა: -დილა მშვიდობისა ანა! ლიზა მოვიდა, უკვე კიბეზე ამოდის.

-კარგი დედა, უთხარი ჩემთან შემოვიდეს. -ვუპასუხე ახლად გაღვიძებულის ხმით და სასწრაფოდ ლოგინიდან წამოვხტი. გარდერობის კარი გამოვაღე, საიდანაც თეთრი მაისური და ღია ფერის ჯინსი გამოვიღე.

ლიზა ოთახში შემოვიდა. მოწითალო ფერის ხვეული თმა კეფაზე აეკეცა და სახეს ხელით ინიავებდა.

-ძალიან ცხელა? -შევეკითხე მისალმების შემდეგ.

მან, თავისი ლამაზი მწვანე თვალები შემომანათა და პასუხის ნაცვლად წამოიძახა:

-ჯერ არ ჩაგიცვამს? ჩქარა! ხომ იცი, რომ დღეს ბევრი საქმე გვაქვს. -თან, მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა.

-ორ წუთში მზად ვიქნები. შენ ის მითხარი ადგილი თუ გამონახეთ წვეულების გასამართად?

-კი! ლუკას მშობლების აგარაკზე ვიკრიბებით. ძალიან ლამაზი ადგილია. ერთი სული მაქვს საღამო როდის მოვა...

დილიდანვე აჟიტირებულმა ლიზამ ხელი ჩამკიდა და თითქმის სირბილით გამიყვანა დერეფანში. ფეხებზე „კედები“ ჩავიცვი და ჩანთას ხელი წამოვავლე.

-დედა მივდივართ! ბევრი საქმე გვაქვს და საღამოსკენ დავბრუნდები. -გავძახე დედას და კარი გამოვაღე.

- არ ისაუზმებთ? -შემეკითხა დერეფანში გამოსული დედაჩემი.

-გვეჩქარება! ბარში ვისაუზმებთ. ვუპასუხე კიბის ბაქანზე გასულმა. შემდეგ. სასწრაფოდ გამოვემშვიდობე და კიბეებზე დავეშვით.

-ბედნიერ დღეს გისურვებთ! -მოგვაძახა ზემოდან დედამ.

ქუჩაში მშვენიერი ამინდი იდგა. მოკრიალებულ ცაზე, ღრუბლის ნაგლეჯიც კი არ მოჩანდა. ზაფხულის მზე, დაუშურვებლად ასხივებდა სითბოს და სინათლეს. საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე მდებარე კაფე-ბარიდან მადისაღმძვრელი სურნელი გამოდიოდა. მე და ლიზა სასაუზმოდ შევედით.

-გამარჯობა ლაურა! - მივესალმე დახლში მდგარ ახალგაზრდა გოგონას.

-გამარჯობა ანა! -მიპასუხა მან და ჯერ ისევ ცხელი კორნეტოები მოგვაწოდა.

-კაპუჩინოც გაგვიკეთე რა... -თხოვნით მიმართა ლიზამ.

-ასე ადრიანად საით მიიჩქარით? -გვკითხა ლაურამ და კაპუჩინოს მომზადებას შეუდგა.

-დღეს დიდებული დღეა! საღამოს წვეულება გვაქვს და უნდა მოვემზადოთ. -უპასუხა ლიზამ და ცხელი კორნეტო მადიანად ჩაახრამუნა.

-კარგ გართობას გისურვებთ! მე კი მთელი დღე უნდა ვიმუშაო, სანაპიროზეც კი ვერ გავალ. -გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა მან და კაპუჩინოს ფინჯნები ცხვირწინ დაგვილაგა.

საუზმე დავასრულეთ, ქუჩაში გამოვედით და ქალაქის ცენტრში მდებარე სუპერ-მარკეტისკენ ავიღეთ გეზი. წვეულებისთვის ერთჯერადი ჭურჭელი და ხელსახოცები შევიძინეთ, შემდეგ, მიკროავტობუსით ლუკას მშობლების აგარაკზე წავედით.

სახლი, სადაც წვეულება იმართებოდა, პირდაპირ ქვიშიან სანაპიროზე იდგა. ეზო, დაბალი ხის ღობით შემოესაზღვრათ, საიდანაც ლურჯად მოლივლივე ზღვის ულამაზესი ხედი იშლებოდა. ჩვენი მეგობრები უკვე მოგროვილიყვნენ და საქმიანად ფუსფუსებდნენ. ახალგაზრდული ასაკისთვის დამახასიათებელი მხიარული განწყობა სუფევდა ირგვლივ.

ლუკას მივუახლოვდი, რომელიც სამზარეულოში ხილს რეცხავდა და შევეკითხე:

-სანდრო სადაა?

დილით აქ იყო, მერე სადგურზე წავიდა.

-სადგურზე რა უნდა? -გავიკვირვე მე.

-მისი ბიძაშვილი ჩამოდის, შვებულებით. რომელიც, თურმე დიჯეია და სანდრო დაგვპირდა, რომ საღამოს კარგი მუსიკით გაგვილამაზებს.

-რა მაგარია! -ტაში შემოჰკრა ლიზამ და ხელსახოცების დაკეცვა გააგრძელა.

მზა ღვეზელები დავჭერი და თეფშებზე გადავანაწილე. ბიჭებმა ეზოში მაგიდები და სკამები გააწყვეს. გოგონები ყველის და ლორის ბუტერბროდების კეთებით იყვნენ გართულები. საღამოს ხუთი საათისთვის, ერთიანი ძალებით საქმე მოვათავეთ და ერთმანეთს დროებით გამოვემშვიდობეთ. ჩემ სახლამდე არც ისე დიდი მანძილი იყო გასავლელი. მე და ლიზამ ფეხით დაბრუნება გადავწყვიტეთ. კლდეში გამოჭრილი კიბეები ავათავეთ და ფართო მოედანზე გავედით. მოაჯირთან შევჩერდი და მომაჯადოებელ ჰორიზონტს თვალი გავუშტერე, სადაც ცის და ზღვის სილურჯე ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს.

-რას მიაშტერდი, პირველად ხედავ? -გამეხუმრა ლიზა და მხარი გამკრა.

-რა ლამაზია ჩვენი ქალაქი არა, ლიზა? -აღმომხდა ჩემდაუნებურად.

-არის რა... -მიპასუხა მან და მხრები აიჩეჩა.

-რას ქვია?! „არის რა“ მაინც, რას უწუნებ?

-არც არაფერს. უბრალოდ, ძალიან პატარაა. მე, დიდი ქალაქები მომწონს. ლამაზი პარკებით, უშველებელი სავაჭრო ცენტრებით, ცათამბჯენებით... -დაიწყო ლიზამ მხატვრულად.

ქაოსით, უჰაერობით, დაუსრულებელი საცობებით... -გავაგრძელე მე. -რომელი დიდი ქალაქი შეედრება ამ სრულყოფილებას? -მივუთითე ზღვაზე. -უყურებ და ყველა დარდი იფანტება გულიდან. ან, ამ ჰაერს? -და რაც შემეძლო ღრმად ჩავისუნთქე ზღვის სურნელებით გაჯერებული ჰაერი. -პირადად მე, არც ერთ ცათამბჯენზე არ გავცვლიდი...

-კარგი, არ გაცვალო! ვინ გაძალებს? ოღონდაც ახლა გაინძერი და ჩვენი ქალაქის მშვენიერი ხედებით სხვა დროს დავტკბეთ. პირობას გაძლევ, ხვალ, ზეგ და ერთი წლის შემდეგაც ასეთივე იქნება. -მითხრა მოუთმენლად ლიზამ და ნაბიჯს აუჩქარა.

სახლში მისულს, დედა და მამა სამზარეულოში დამხვდნენ. ყავას სვამდნენ და თან საუბრობდნენ.

-ანა მოხვედი? -გამომძახა დედამ, როდესაც შესასვლელი კარი შევაღე.

სამზარეულოში შევედი და ჯერ მამას ვაკოცე ლოყაზე, შემდეგ დედას.

-რა ქენით? დაასრულეთ სამზადისი? -შემეკითხა მამა.

-კი მამა, ყველაფერი რიგზეა! -ვუპასუხე და მაგიდას მივუჯექი. დედამ, მორჩენილი ყავა ფინჯანში დამისხა და მომაწოდა.

-თორმეტ საათზე მოგაკითხავ. -მითხრა მამამ.

-არა, მამა! ლიზას მამა მომიყვანს, დაგვპირდა.

-კარგი, მაგრამ არ დააგვიანო. ხომ იცი, ვნერვიულობ საღამოს შინ თუ არ ხარ.

-კი, ვიცი! მაგრამ, არ ვიცი წვეულება რა დროს დასრულდება. პირობას გაძლევ ძალიან არ დავაგვიანებ. -ვუპასუხე მამას. ყავის ფინჯანი გამოვცალე და სააბაზანოში გავედი.

საღამოს რვა საათისთვის, მწვანე კაბინაში გამოპრანჭული ლიზა, ნარნარით შემოვიდა ჩემს ოთახში.

-რა ლამაზი ხარ! როგორ გიხდება ეს კაბა. -ვუთხარი და ღიმილით შევათვალიერე. ლიზა კეკლუცად შემობზრიალდა თითის წვერებზე და კმაყოფილმა გადაიკისკისა.

-შენ კიდევ ანგელოზს გავხარ თეთრ კაბაში! სანდრო რომ დაგინახავს თავბრუ დაეხვევა. საწყალი ბიჭი, მართალია ვერაფერს გეუბნება, მაგრამ აშკარაა, რომ შენი სიყვარულით იწვის.

-საიდან მოიტანე? ჩვენ ხომ ბავშვობის მეგობრები ვართ. -თვალი ავარიდე ლიზას.

-ეს შენ ფიქრობ მასე. სანდროსათვის კი მეგობარზე ბევრად მეტი ხარ, დამიჯერე! -მითხრა ლიზამ ნიშნისმოგებით.

-ნუ სულელობ, გეხვეწები! -ვუპასუხე სერიოზული ხმით და სარკეს მივუახლოვდი. გრძელ თმაზე სავარცხელი ნელა ჩამოვისვი. თმა, ზაფხულის მზეს აქა-იქ გაეხუნებინა და ოქროსფერი მბზინვარება შერეოდა. სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე. გარუჯულ ტანზე თეთრი კაბა მართლა მიხდებოდა. შავი თვალების მშვიდი და გულწრფელი გამომეტყველება, ნათელ შუქს ფენდა ჩემ ახალგაზრდა და ლამაზ სახეს. სარკეს კმაყოფილი იერით მოვშორდი. ლიზა უკვე გასასვლელთან მიცდიდა, წამოვეწიე და სახლიდან ერთად გავედით.

წვეულებაზე რომ მივედით, ბინდდებოდა. ეზოში ჩვენი მეგობრების ტევა არ იყო. გართობის ეშხში შესული ახალგაზრდები ხუმრობდნენ და მხიარულად იცინოდნენ. საიდანღაც დაბალი მუსიკის ხმა ისმოდა. ეზოს თვალი მოვავლე და ჩვენკენ მომავალი სანდრო დავინახე.

-როგორ ხარ? -მკითხა მან ღიმილით და ლოყაზე მაკოცა.

-კარგად! შენ? -კითხვა დავუბრუნე მხიარულად.

-მეც კარგად! თეთრი კაბა ძალიან გიხდება. -მადლობის ნიშნად გავუღიმე და თავი დავხარე.

მოულოდნელად, მიკროფონში ლუკას ხმა გაისმა: -ახალგაზრდებო, წვეულებას გახსნილად ვაცხადებ! -წარმოთქვა მან და სუფრასთან პომპეზურად მიგვიწვია.

გაჩაღდა ჭამა-სმა. შიგადაშიგ, მუსიკის ხმას ჩვენი მხიარული სიცილი და ხმამაღალი გადაძახილები ახშობდა. ლიზამ, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა ყურში ჩამჩურჩულა: -ეს ვიღაა? შეხედე, როგორ მოგჩერებია. -მის მზერას თვალი გავაყოლე და ჩემს პირდაპირ მჯდარ შავგვრემან, უცნობ ბიჭს სახეში შევხედე, რომელიც, გამჭვირვალე ცისფერი თვალებით დაჟინებით მაკვირდებოდა.

-არ ვიცი, პირველად ვხედავ. -გადავუჩურჩულე ლიზას და ისევ უცნობისკენ გავიხედე. მან, თვალი თვალში გამიყარა და ოდნავ გამიღიმა. მისმა ღიმილმა, რატომღაც უსიამოვნო შეგრძნება მომგვარა და მაშინვე თვალი ავარიდე.

ცოტა რომ დავნაყრდით, წყვილ-წყვილად წამოვიშალეთ, ეზოს შუაგულში შევგროვდით და მუსიკის რითმს ავყევით. ლუკა და ლიზა ჩახუტებულები ცეკვავდნენ. მე, სანდროსთან ვცეკვავდი. მუსიკა, რომ დასრულდა ცისფერთვალება ბიჭი მოგვიახლოვდა და სანდროს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. სანდროს სახეზე უსიამოვნების ჩრდილმა გადაურბინა, შემომხედა და უხალისოდ მომმართა: -ანა გაიცანი! ჩემი ბიძაშვილი, ლეო...

 

 

 

***

მოგონებები უსასრულოდ ირევიან. დივანზე მიწოლილი თვალებს ვხუჭავ და გონებაში წყვდიადი მეფდება. გამთენიისას სიცივისგან გათოშილს მეღვიძება. აბაზანას ცხელი წყლით ვავსებ და შიგ ვწვები. გაყინულ სხეულს, თანდათან სასიამოვნო სითბო უბრუნდება.

ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... ვითვლი აბაზანის ქათქათა, თეთრ ფილებს. თუმცა, მათი რაოდენობა ზეპირად ვიცი. კედლებზე ოთხმოცი მომცრო ზომის ფილაა გაკრული, იატაკზე კი უფრო მოზრდილი ზომის, ოცი. ფილების თვლა მბეზრდება და თავს ვანებებ. ისევ მტკივნეულად იშლებიან ფიქრები...

„ნუთუ შესაძლებელია, რომ, ოცდაექვსი წლის ასაკში, ცხოვრება მობეზრებული გქონდეს?“ -ვეკითხები საკუთარ თავს. –„როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? აუცილებლად რაღაც უნდა შეცვალო! უნდა იმოქმედო!“

„როგორ?“ -მეკითხება ჩემი შინაგანი ხმა.

„იფიქრე! გამოსავალი მოძებნე“ -მოვუწოდებ მას.

„არ არსებობს გამოსავალი!“ -მპასუხობს უიმედოდ, ის. მძიმე ფიქრებიდან თავის დასახსნელად ისევ მოგონებებში ვიძირები.

იმ წელიწადს, როდესაც წვეულებაზე ლეო გავიცანი, ჩემს ცხოვრებაში თანდათან არასასიამოვნო ცვლილებები დაიწყო; პირველი მტკივნეული ცვლილება ის იყო რომ ლიზას მამა, სამუშაოდ ქვეყნის ჩრდილოეთით გადაიყვანეს, ჩემი ქალაქიდან ძალიან შორს. მან კი თავისი ოჯახი და რა თქმა უნდა ლიზაც თან წაიყვანა. მეგობართან განშორებამ ენით გამოუთქმელი ტკივილი მომაყენა. უეცრად თითქოს მარტო დავრჩი მთელ სამყაროში, თითქოს საყრდენი კედელი გამომაცალეს.

მახსოვს, ლიზას გამგზავრების დღეს ორივემ ბევრი ვიტირეთ. მე, მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება ვერ წარმომედგინა, ლიზას კი ჩემი დატოვება უმძიმდა, მაგრამ, გამგზავრება მაინც უხაროდა. ის ხომ დიდ ქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობდა, ჰოდა, მის ოცნებას ფრთები ესხმებოდა. სიახლეებით სავსე, ბედნიერი დღეები ელოდა წინ.

ლუკა და სანდრო, ყველანაირად ცდილობდნენ ჩემთვის ლიზას წასვლით გამოწვეული მწუხარება შეემსუბუქებინათ. ამიტომ, მთელ აგვისტოს გვერდიდან არ მომცილებიან. ლეო, რომელიც ჩვენზე ხუთი წლით უფროსი იყო, შვებულებით ჩვენ ქალაქში დარჩა და შესაბამისად ისიც სულ ჩვენთან ერთად იყო. ცხელ დღეებს სანაპიროზე ვატარებდით. საღამოობით კი ხან კაფე-ბარში, ხანაც კინოში, ახალი ფილმების სანახავად დავდიოდით. ლეო, ჩემს მიმართ აშკარა ინტერესს ამჟღავნებდა, რაც სანდროს დიდად არ სიამოვნებდა, მაგრამ, არაფერს ამბობდა.

აგვისტოს ბოლოს ლეო წავიდა. ზაფხულიც თანდათან მიიწურა და სექტემბერში სკოლაში დავბრუნდით. უნივერსიტეტისთვის მზადებას შევუდექი, სწავლაზე გადავერთე და ლიზას გარეშე ცხოვრებასაც თანდათან მივეჩვიე. მე და ლიზა, შიგადაშიგ წერილებს ვწერდით ერთმანეთს. მე, ჩემ ამბებს ვუყვებოდი, ის თავისას. ლიზა კმაყოფილი იყო ახლად შეძენილი მეგობრებით. ისიც სწავლის გაგრძელებას აპირებდა უნივერსიტეტში.

ერთ დღეს, როდესაც სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი, ჩემ კორპუსთან ლეო დავინახე. ტროტუარზე მოუთმენლად დააბიჯებდა.

-გამარჯობა! აქ რას აკეთებ? -ვკითხე მისი მოულოდნელი ვიზიტით გაკვირვებულმა.

-შენ სანახავად ჩამოვედი, ძალიან მომენატრე! -მიპასუხა აღელვებულმა და სახეში ჯიქურ მომაჩერდა. მისი ნახვა დიდად არ გამხარებია, მაგრამ ქუჩაში დგომა უხერხული იყო და სახლში დავპატიჟე. ჩემი მშობლები სამსახურიდან ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ. ყავა გავაკეთე და სასტუმრო ოთახში მაგიდასთან დავსხედით.

-არაფერს მეტყვი? -მკითხა ლეომ, რადგანაც კრინტს არ ვძრავდი.

-არ ვიცი რა გითხრა, შენს ნახვას ნადვილად არ ველოდი.

ლეო შეიშმუშნა და რაღაცნაირად ამაყად თუ შემოტევით დაიწყო ლაპარაკი: -მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, აუცილებლად დღესვე უნდა გითხრა სათქმელი. რაც შენ გაგიცანი მოსვენება დამეკარგა, ჩემს ფიქრებში მხოლოდ შენ ხარ. გულს ვერაფერს ვუდებ, საქმეს ვეღარ ვაკეთებ. მგონი შემიყვარდი! -მითხრა ნერვიულად, აღგზნებულმა და პასუხის მოლოდინში მომაჩერდა.

ასეთი შეუსაბამო ტონით სიყვარულის ახსნა პირველად მოვისმინე და ცოტათი დავიბენი. შევეცადე პასუხი გარკვევით ჩამომეყალიბებინა, ამიტომ პაუზა გამიგრძელდა. ლეოს თანდათან გაღიზიანება დაეტყო. თავს ძალა დავატანე და მშვიდად წამოვიწყე:- გულწრფელი ვიქნები ლეო, შენი გრძნობებით თამაშს არ ვაპირებ. ჩვენ, შეგვიძლია ვიმეგობროთ, სხვა ურთიერთობა, სამწუხაროდ არ გამოგვივა.

პასუხი აშკარად არ ესიამოვნა. მომეჩვენა, თითქოს თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მისმა გამჭვირვალე თვალებმა სუსხიანი გამომეტყველება მიიღეს. კიდევ რაღაცის თქმა დავაპირე. მაგრამ, ლეო ფეხზე წამოიჭრა და ჩქარი ნაბიჯით გასასვლელს მიაშურა. უკან ავედევნე. ამ დროს, კარი გაიღო და დერეფანში ჩემი მშობლები შემოვიდნენ. რადგან, ლეო არასდროს არ ენახათ და შესაბამისად მას არ იცნობდნენ, გაკვირვებულები მიაჩერდნენ უცხო ყმაწვილს.

-გაიცანით, სანდროს ბიძაშვილი, ლეო! -ვუთხარი აბნეულად.

-ლეომ, ჩემ მშობლებს თავი უსიტყვოდ დაუკრა და გამოუმშვიდობებლად გავიდა სადარბაზოში.

 

 

 

 

 

***

„სიყვარულზე“ მსმენია, რომ, ყველაზე ამაღლებული გრძნობაა ყველა ადამიანურ გრძნობათა შორის. მისი ჭეშმარიტი შეგრძნება კი მხოლოდ დიადი და ნათელი სულის მქონე ადამიანებისთვისაა შესაძლებელი. ბოროტი, უსუსური შინაგანი ბუნების პატრონები, ამ დიდებული გრძნობის არსს ბოლომდე ვერ წვდებიან. მის ძალას ვერ უძლებენ, ვერ ერევიან...

ზარის ხმა აშლილ მოგონებებს მაწყვეტინებს. აბაზანიდან სასწრაფოდ ამოვდივარ, სველ ტანზე ხალათს ვიცვამ და დერეფანში გავრბივარ.

-ვინ არის? -ვკითხულობ ინტერკომის ყურმილში.

-ფოსტა! მესმის საპასუხოდ. „თუმცა, სხვა ვინ შეიძლება იყოს?! ამ სახლში ხომ არასდროს არავინ არ მოდის.“ სადარბაზო კარის გასაღებ ღილაკს თითს ვაჭერ და საძინებელ ოთახში გავდივარ. შემშრალ ტანზე ტანსაცმელს ვიცვამ. „ის“ არ დაბრუნებულა, აგვიანებს. შიმშილის გრძნობა სამზარეულოში მექაჩება. მაცივრის კარს ვაღებ, თითქმის ცარიელია. შიგნით მხოლოდ ორი კვერცხი დევს. კვერცხებს ვხარშავ. ერთს მე ვჭამ, მეორეს „მას“ ვუტოვებ. შემდეგ, ფანჯარასთან ვჯდები და ცხელ ყავას მივირთმევ სიგარეტით ხელში...

სანდრო, ქალაქის ძველ უბანში ცხოვრობდა. მისი სახლისკენ მიმავალ ვიქრო ქუჩას სწრაფი ნაბიჯით გავუყევი. მჭიდროდ მიჯრილი შენობებიდან, ერთ კართან შევჩერდი და ზარის ღილაკს თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში, სანდრომ ფანჯრიდან გადმომხედა.

-ჩამოდი! -ავძახე ნაჩქარევად. მან, თავი დამიქნია და ფანჯარას მაშინათვე მოსცილდა.

სანაპიროსკენ მიმავალ გზას უსიტყვოდ გავუყევით. ზღვაში უადგილოდ შეჭრილ კლდის ყურეზე გავედით და მოზრდილ ლოდზე ჩამოვსხედით. ძლიერი ქარი ქროდა. აქაფებული ტალღები, ხმაურით ეხეთქებოდნენ კლდის ნაპრალებს.

-რა მოხდა? -მკითხა სანდრომ როგორც კი დავსხედით.

-გუშინ ლეო იყო ჩამოსული. არ გინახავს?

-ჩემი ბიძაშვილი? -გაიკვირვა მან. მე, თავი დავუქნიე.

-არა, არ მინახავს.

-სკოლიდან დაბრუნებულს, სახლთან დამხვდა.

-მერე? -ოდნავ ხმა დაეძაბა სანდროს.

-სახლში ამომყვა და სიყვარულში გამომიტყდა. -ვთქვი და გავჩუმდი.

-შენ, რა უპასუხე? -მკითხა შეპარვით.

დაწვრილებით გავუმეორე, რაც წინა დღეს ლეოს ვუთხარი და თან დავამატე: -მისმა რეაქციამ ცოტა შემაშინა. იმედგაცრუებული და გაბრაზებული მომეჩვენა.

-შემდეგ? -იკითხა ისევ სანდრომ.

-ჩემი მშობლები სამსახურიდან დაბრუნდნენ და ლეო წავიდა.

სანდრო, კარგა ხანს იჯდა ჩუმად და ფიქრობდა. განრისხებულ ზღვას შიშჩამდგარი თვალებით შევყურებდი და ტალღების გამაყრუებელი ხმაური ჩამესმოდა ყურებში. ნაცრისფერ, ჩამუქებულ ცაზე მკვეთრად გაიელვა და ძლიერი ჭახანის ხმა გაისმა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სანდროს გადავხედე. ის, ფიქრებიდან გამოერკვა, შემომხედა და მითხრა: -ლეო არ არის კარგი ადამიანი, მისგან თავი შორს დაიჭირე!..

ფანჯარას ვშორდები. „ის“, მთელი დღე არ გამოჩენილა. ალბათ, ხელფასი აიღო და ისევ თამაშობს. შეიძლება ორ-სამ დღეს აღარც მოვიდეს.

დივანზე ვჯდები, ტელევიზორის პულტს ხელში ვიღებ და ჩამრთველს ვაწვები. შემდეგ, მორიგეობით ვცვლი სატელევიზიო არხებს. ადრე, ფილმების ყურება ძალიან მიყვარდა, ახლა ვეღარ ვუყურებ. რა სისულელეა! სინამდვილეში, ცხოვრება არც ისეთი მშვენიერია, როგორც ფილმებში გვაჩვენებენ. პირიქით, უსამართლოდ სასტიკი და დაუნდობელია! ტელევიზორს ვთიშავ. გაყინულ საწოლში ვწვები სიცივით მოკუნტული. დაძინების იმედი არ მაქვს. წარსულის მოგონებები ფილმის კადრებივით ცოცხლდებიან უკუნეთ სიბნელეში...

ზამთარი ისე დაასრულდა, ლეო სულ ორჯერ ვნახე, უფრო სწორად, დავინახე. ჩემ სკოლასთან ახლოს, მანქანაში იჯდა და ნახევრად ჩაწეული ფანჯრიდან მითვალთვალებდა. მე, ორივეჯერ თვალი ავარიდე და მასაც აღარ შევუწუხებივარ.

ივნისში სკოლა დავამთავრეთ. ის