ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გაყიდული

გაყიდული

გარეთ თოვდა. ბარდნიდა. ირგვლივ არაფერი ჩანდა. სახლის სახურავებს თეთრი თმასავით ეხურა თოვლის ფანტელი. ნოემბრის პირქუში, ნაირსახოვანი დღეები, უეცარმა, ცივმა ზამთარმა ჩაანაცვლა. მშვიდი ღამე კი, ყინვაგამძლე, გრძელმა ღამეებმა შეცვალა. ერთი კვირა ხდებოდა რაც გადაუღებლად თოვდა. სისპეტაკეს მოეცვა მთელი ქალაქი. ცივი ზამთარი გვექნება! ისმოდა ყოველი მხრიდან. ზეცა ფიფქებს არ იშურებდა და უხვად გვიგზავნიდა. ქარიც, აქეთ-იქით დავალებულივით დაჰქროდა, აგროვებდა და ჩემს ფანჯარასთან მოჰქონდა. ყინავდა. ახლახან მიძინებულ ბუნებას წინ გრძელი ზამთარი ელოდა.

დერეფანში ვიდექი. ფანჯრიდან ვუყურებდი თოვლის ფანტელებს, რომლებიც ზეციდან მოფარფატებდნენ და ძირს უგზო-უკლოდ იკარგებოდნენ. თხელი პერანგი მეცვა, ალაგ-ალაგ გამოძენძილი, ღილები აქა-იქა შემორჩენოდა. შარვალიც თხელი იყო, მოკლე, კოჭებს ძლივს მიფარავდა. ყინვა შარვლის ტოტებში ისე ატანდა, თითქოს არც მცმოდა. გრძელ დერეფანში სიცივე დაძრწოდა და ყველა მხრიდან მიტევდა. ზამთარი წელს მეტისმეტად მკაცრი იყო, განსაკუთარივით ამ შენობაში. უზარმაზარ ფოიეში ყინვა მეფობდა.

სიცივის მიუხედავად ადგილს ჯიუტად არ ვტოვებდი. ვიდექი და ხან ზეცას შევცქეროდი, ხანაც ვიწრო გზაჯვარედინს. სადაც არცერთი მხრიდან სულიერის ჭაჭანება არ იყო. ათასში ერთხელ კანტიკუნტად თუ გაივლიდა თითო მანქანა, და ისიც ისე სწრაფად, თვალის მოკვრას ვერ ვასწრებდი. საიდუმლო ადგილს ჰგავდა. უსახელოს, მივიწყებულს, თითქოს აქაურობის შესახებ არავინ იცისო. თოვლის ფიფქებით გართული ვიდექი და ოცნებებში დავფრინავდი.

ეს ადგილი მიტოვებული ბავშვების თავშესაფარი იყო. უფრო ზუსტად, რომ გითხრათ ე.წ პანსიონი. აქ მცხოვრებ ყველა ბავშვს თავისი ისტორია ჰქონდა, რომელიც ზოგს ახსოვდა, ზოგს კი არა. მათი ისტორიების თანახმად დედებმა შვილები აქ იმიტომ მოიყვანეს, რომ მათზე ზრუნვა ვერ შეძლეს. იყვნენ ისეთებიც ვისაც არ მისცეს შვილის გაზრდის უფლება. ზოგმაც უბრალოდ დატოვა და წავიდა. აქ მყოფი ყველა ბავშვი განწირული იყო, რადგან იმედი იმისა, რომ აქაურობას ვინმე დატოვებდა არ არსებობდა.  ეს შარვალი და სხვა ტანსაცმელი, შარშან გაზაფხულზე ჩვენთან მოსულმა სტუმრებმა მოიტანეს. ვისაც რა მოგვერგო ის დაგვირიგეს. სულ ასე ხდებოდა რაც თავი მახსოვს.

ზოგიერთ ბავშვს, დედა კვირაში ერთხელ აკითხავდა, ზოგს თვეში ერთხელ, ზოგსაც საერთოდ არა. ბევრი რამ აუხსნელი და გაუგებარი იყო, უამრავი კითხვა გვიჩნდებოდა, მაგრამ კითხვებით ვერავის მივმართავდით, რადგან პასუხის გამცემი არავინ იყო. იყვნენ ისეთებიც, ვინც არც იცოდა ვინ იყო. ჰყავდა თუ არა მშობელი, მოაკითხავდა თუ არა.

მათ შორის ვიყავი მეც … 

ჩემი ამბავი ასე იწყება. დედა არასდროს მინახავს. არც რამე ვიცოდი მასზე. როდესაც მისი ამბავი ვიკითხე, მითხრეს, სულ მთლად ახალშობილი მოგიყვანა, უცერემონიოდ დაგტოვა და წავიდაო. ამ მონათხრობის არ მჯეროდა და რამდენად მართალი იყო არავინ იცოდა. სამი დღის ისეთი თეთრი ვყოფილვარ ავადმყოფს ვგავდი. ფიქრობდნენ ვერ გადავრჩებაო.

გადავრჩი...

ჩემს შესახებ ორადორი რამ ვიცოდი. სახელი და დაბადების წელი, რომლის მიხედვით 7 წლის ვიყავი. თუმცა, ალბათ მოგონილი. ხილული რომ არ ყოფილიყო ჩემი გარეგნობა, ვიფიქრებდი ესეც მოგონილიაო. მომცრო ტანის, ასაკთან შედარებით დაბალი და ძალიან გამხდარი. ოდნავ მომრგვალო, ერთ მუჭა თეთრ, ფითქინა სახეს, შავი აბრიალებული თვალები გამოკვეთდა და ცოცხალ იერს აძლევდა. ჯაგარივით უხეში და სქელი თმა მუდამ ერთ ნაწნავად ჩაწნული ზურგს მიმძიმებდა. საშინლად მაღიზიანებდა ჩემი თავი, ამიტომ სარკეს სულ თვალს ვარიდებდი. საკუთარი არაფერი მომწონდა. არც გარეგნობა, არც სიმაღლე და არც ხმა. რაც წესით, პირველ ეფექტს ქმნის. როგორც ამბობდნენ ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, დანარჩენებისგან არაფერით გამორჩეული და ცხოვრებაზეც ორმაგად გაბრაზებული.

ჩემსავით კიდევ რამოდენიმე ბავშვი იყო, ვისაც დედა ნანახი არ ყავდა. აქ მუდმივად გვიმეორებდნენ რომ შეცდომის ნაყოფი ვიყავით, რომ მასზე ფიქრის უფლება არ გვქონდა. რადგან ამას არ იმსახურებდა. გვიმეორებდნენ, რომ მისი არჩევანი იყო ჩვენი ამგვარი ყოფა. მუდმივად ცდილობდნენ დედის მიმართ ჩვენში სიძულვილის გაღვივებას, მაგრამ მათი შეგონება ვერაფერს ცვლიდა. ყველა იმ სისასტიკის მიუხედავად, რაც იქ ხდებოდა, ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი დანაშაულია შეაძულო ბავშვს გამჩენი დედა, რომელიც ასე გვწამდა.

არ მახსოვს რამე ახალი მქონოდა. არასდროს მცმია ჩემი ზომის. უმეტესად მეცვა დიდი, მკლავებთან გადაკეცლი, ან პატარა და მოკლე. მაგრამ როცა ბავშვი ხარ ყველაფერი გახარებს, სხვისი გამონაცალიც გიხარია და გეახლება, ამიტომ სიხარულით ველოდით, როდის მოვიდოდნენ ჩვენთან კეთილი ადამიანები.

იყო პერიოდები, როცა თვეების მანძილზე არავინ მოდიოდა. ვიზრდებოდით, ტანსაცმელი კი გვიპატარავდებოდა. დიდი ზომის ჯემპრები წლობით გვეცვა. გვეცვა იქამდე, სანამ არ დაიხეოდა და მთლად გამოუსადეგარი არ გახდებოდა. ბოლოს კი სულაც შეწყვიტეს მოსვლა. ამბობდნენ ყველას უჭირსო. ზედმეტი არავის ქონდა, რომ სხვისთვისაც ეწილადებინა. ამიტომ ყველა დასვენებული იყო მნახველებისგან. განსაკუთრებით მოხუცი დარაჯი, რომელიც ყველაფერზე წუწუნებდა. სამაგიეროდ ჩვენ, ბავშვები, ფანჯრებს ვიყავით აკრულნი, მუდმივ მოლოდინის რეჟიმში. განსაკუთრებით კი ის ბავშვები, ვისაც დედა პერიოდულად აკითხავდა. ისინი ორმაგად, ყველას ერთდროულად ელოდნენ.

ხანდახან მეგონა დედა მეც მომაკითხავდა, დარწმუნებული ვიყავი, გამოჩნდებოდა და მათი დამოკიდებულება ჩემს მიმართ ოდნავ მაინც შეიცვლებოდა. გავცქეროდი გზას, მაგრამ ის არ ჩანდა... ყოველ ღამე იმ იმედით ვიძინებდი, რომ სიზმარში ვნახავდი. მინდოდა მენახა როგორ გამოიყურებოდა, როგორი ხმა ჰქონდა, როგორი ღიმილი, წარმოვიდგენდი როგორ ჩამიხუტებდა და მომეფერებოდა, მაგრამ სიზმარი სიზმრად რჩებოდა და ნატვრა ნატვრად. იმ ხშირსა და ერთსა და იმავე სიზმრებში მხოლოდ შორიდან ვხედავდი, ახლოს არ მოდიოდა. კიბეზე ჩავრბოდი, დერეფნის ბოლოს, შემოსასვლელ ღია კარში სინათლის ბოლოს იდგა და მელოდა. შორიდანაც ისეთი იყო, როგორიც ჩემს წარმოსახვაში. მაღალი ყელით, განიერი მხრებით და სწორი სილუეტით. თავაწეული, ხელებგამოწვდილი რომ იდგა. ყოველ ჯერზე, რაც ძალი და ღონე მქონდა გავრბოდი, მაგრამ დედამდე ვერასდროს ვაღწევდი, როგორც კი ვუახლოვდებოდი მეღვიძებოდა და იმ ღამეს ტირილში ვატარებდი.

არ ვიცი, სხვა ბავშვებს რამდენად უყვართ მშობლები, ან თუ ხვდებიან როგორ გაუმართლათ, რომ მათთან ცხოვრობდნენ და ყოველდღე ხედავენ. ალბათ არ ესმით, ალბათ ფიქრობენ ეს ჩვეული მდგომარეობა და წესია, რომ ეს ასეც უნდა იყოს და სხვაგვარად როგორ... მაგრამ ჩვეენ, ჩვენ ვიცოდით რამხელა ბედნიერება ხვდათ მათ წილად და როგორი იღბლიანები იყვნენ, რადგან მათი ჩვეული და უშფოთველი ცხოვრება, დედის კალთაზე თავის დადება, თმაზე მოფერება და ჩახუტება, ჩვენ სანატრელი გვქონდა. დაძინებისას ზღაპარს არავინ გვიყვებოდა, ძილის დროს საბანს არავინ გვისწორებდა, ნავთის ლამპებსაც ჩვენით ვაქრობდით და მერე ხელის ცეცებით ვაგნებდით საწოლებს. ეს ჩვენი ბავშვობა იყო. ბავშვობა, რომელიც აქ არ არსებობდა. აქ ყველა დიდებად დავიბადეთ და დაბადებიდან ყველაფერი გვახსოვდა, უმნიშვნელო დეტალიც კი. ხანდახან როცა რამეზე ვიცინოდით და ვმხიარულობდით, ვხვდებოდით რომ რაღაც გვაკლდა, რაღაც, რაც ბავშვის სულს ანთებს და ავსებს. ამ დროს მთელი სიმძაფრით შევიგრძნობდით რომ აქ ყველაფერი ჩამქრალი იყო.

ჩემი სიჯიუტის გამო ხშირად მსჯიდნენ. დასჯის მიზეზი ნებისმიერი რამ შეიძლება გამხდარიყო. არ ვეპუებოდი უსამართლობას და ვაპროტესტებდი, შედეგად კი მხვდებოდა. ვისჯებოდი, თუ ოდნავ ხმამაღლა გავცემდი პასუხს, ვისჯებოდი სიცილის დროსაც. დავსჯილვარ მათი უხასიეთობის გამოც. მახსოვს, ერთხელ ისე მცემეს, თვალები ორი დღე დასიებული მქონდა და ვერაფერს ვხედავდი. ცემა აქ ჩვეულებრივი რამ იყო. ბავშვები ერთმანეთის ამბავს ძალიან განვიცდიდით. ერთმანეთს ვუვლიდით და ვუფრთხილდებოდით. ხანდახან, უფროსი ბავშვები პატარების სიცელქეს საკუთარ თავზე იღებდნენ, მაგრამ ეს არ ჭრიდა და მერე ყველას ერთად გვსჯიდნენ.

ჩვენს საცხოვრებელ სახლს ორსართულიანი შენობა წარმოადგენდა, რომელიც ექვსი საძინებელი ოთახისგან, ორი სააბაზანოსგან და ერთი დიდი სასადილო ოთახისგან შედგებოდა. ოთახებს ერთმანეთთან დიდი, უშველებელი დერეფანი აკავშირებდა, რომელიც უამრავ მძიმე კადრს ინახავდა. დაბლა, პირველ სართულზე სასადილო ოთახში, ნებართვის გარეშე ჩასვლა გვეკრძალებოდა. ამიტომ ძირითად დროს, ერთად, ჩვენს საძინებელ ოთახებში ვატარებდით.

სართულებს შორის კიბესთან, კიდევ ერთი დამაკავშირებელი ოთახი იყო. შავი რკინის კარით და დიდი ბოქლომით. თავიდან გვეგონა, რომ ოთახს ძველი ნივთების შესანახად იყენებდნენ, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ რომ ეს დასჯისთვის განკუთვნილი ოთახი იყო. რომელსაც მხოლოდ ერთი, პატარა ფანჯარა ჰქონდა და ისიც ისეთ მიუვალ ადგილას, რომ მზის სხივები ოთახამდე ვერ აღწევდა და განათების გარეშე ბნელოდა. მათთვის კი ზუსტად ეს სიბნელე წარმოადგენდა დასჯის ერთ-ერთ სახეობას. იქაურობა სარდაფს ჰგავდა. ერთ კუთხეში ფიცრები ეყარა, მეორე მხარეს რკინის მაგიდა იდგა და იქ მოხვედრილი დასჯილი ბავშვი ცივ მიწაზე იძინებდა. სახლს ყავდა დირექტორი, ორი აღმზრდელი, ორი მზარეული და დარაჯი, იგივე კარისკაცი. ეს უკანასკნელი ყველა ფუნქციას ითავსებდა. დილიდან საღამომდე გარეთ იდგა და ათვალიერებდა ვინ აივლიდა-ჩაივლიდა.

პატარა ვიყავი, ბუნდოვნად მახსოვს ჩვენთან მოსული სტუმრები და მათი უშველებელი სანოვაგით დატვირთულები კალათები. მოჰქონდათ ყველაფერი, რისი მოტანაც შეიძლებოდა. საჭმელი, სასმელი, ტკბილეული, ხილი, ტანსაცმელი. რაც ჩვენთვის საარსებო წყარო იყო. მათი გამოწვდილი ხელი, აქ იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე ეს მათ ეგონათ. მათი ძველი ნივთები ჩვენთვის იმ ახალზე მეტი იყო, რაც მათ ქონდათ და ეს ის რეალობა იყო, რაც მხოლოდ ჩვენ ვიცოდით. სხვისთვის უმნიშვნელო, მოძველებული ნივთი ჩვენთვის ყველაფერი იყო. ზოგისთვის დალხინებული ცხოვრება კი - ზედმეტად სასტიკი და მკაცრი.

მახსოვს, ერთ-ერთი სტუმრობისას მნახველებმა უცნაური კალათა მოიტანეს, რომელიც ფერად-ფერადი, ბრჭყვიალა თოკებით იყო გაფორმებული. პირველი ვიზუალმა მიიქცია ჩვენი ყურადღება, მაგრამ კიდევ უფრო განვცვიფრდით, როცა შიგნით ისეთივე უცნაური ფორმის და ზომის ბრჭყვიალა, ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეული ტკბილეული დაგვხვდა. რომელსაც შოკოლადი ერქვა. დაგვირიგეს. სახელიც ისევე გემრიელად ჟღერდა, როგორი გემოც ჰქონდა., წითელ-ყვითელ ქაღალდში შეხვეული საოცარი არომატის, ტკბილი, ხრაშუნა და ნაზი ტექსტურა ერთმანეთში გემოვნებით შერწყმულიყო. გაოგნებული ბავშვები ერთმანეთს ხელებში შევყურებდით. ეს გემო ჩვენთვის ისეთი უცნობი და სასიამოვნოდ უცნაური იყო ვერ აგიღწერთ. და ამ გემოს, მერე, მრავალი წელი ვნატრობდით, რადგან წლების მანძილზე აღარ განმეორებულა.

აქ ყველაფერში სიმკაცრე იგრძნობოდა. ყველა ნაბიჯზე გრძნობდი, რომ არაფერს წარმოადგენდი. ვიცოდით, რომ არაფრის უფლება არ გქონდა და ჩვენი დამცველი არავინ იყო. დასჯილ და ნაცემ ბავშვთან დასამშვიდებლად არავინ მოდიოდა. ეს ფუნქცია შედარებით უფროს ბავშვებს ქონდათ აღებული. გვეფერებოდნენ და ამბობდნენ, ესეც გაივლისო. საუზმეზე დაგვიანება საუზმის გარეშე დარჩენას ნიშნავდა. ჩაცმაშიც დიდები გვეხმარებოდნენ, რომ მოგვესწრო და დროულად ჩავსულიყავით ქვევით, რადგან ყოველი მეორე დღე, ისედაც მშვრები ვიყავით. ოთხი ბავშვი ჩემთან შედარებით კიდევ უფრო პატარა იყო. მათ მეტი ზრუნვა სჭირდებოდათ ამიტომ სადილად თუ რამე მოგვრჩევოდა ჯიბეებში ვმალავდით.

დაძინების დროც მკაცრად გვქონდა განსაზღვრული. ყოველთვის ერთსა და იმავე დროს ვწვებოდით და დიდხანს არ გვეძინებოდა. ყველაზე ადრე ვწვებოდი და ძალით დაძინებას ვცდილობდი იმ იმედით, რომ დედა დამესიზმრებოდა და ამჯერად მაინც მივაღწევდი მასთან, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ხდებოდა.

ღამღამობით, ჩემი ფანჯრიდან კარგად მოჩანდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. უამრავ წვრილ ვარსკვლავს შორის ყველაზე დიდი ვარსკვლავი ამოვარჩიე და ყოველ ღამე ვყარაულობდი. ყოველთის უძრავად, ერთ ადგილს რომ ბრწყინავდა. თითქოს ყველაზე ლამაზი და რაღაცით გამორჩეულიყო დანარჩენებისგან. ის ჩემი მანათობელი ვარსკვლავი იყო და ჩემს ცაზე ანათებდა. ნეტავ დედაც თუ ხედავდა, თუ გრძნობდა ჩვენს კავშირს. თუ გრძნობდა ჩემს განცდებს, სულ მასზე რომ ვფიქრობდი და მენატრებოდა. მწამდა, რომ სადღაც ახლოს, ისიც ხედავდა. მწამდა, რომ საბნად ერთი ცა გვეხურა, მაგრამ ცა, საბნად ქცეული ვერ მათბობდა, ვერ შველოდა ჩემს სიცივეს და მწუხარებას.

როდისმე გიფიქრიათ რომ ეს დაიმსახურეთ? მე მიფიქრია. როცა მარტო ვრჩებოდი და ეს ძალიან ხშირად ხდებოდა, ათას რამეზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი რომ უშნო დავიბადე, არ მოვეწონე და აქ ამიტომ მომიყვანა. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი რომ ეს დროებითი იყო, გავიზრდებოდი, დავმშვენდებოდი და აქედან წამიყვანდა. მაგრამ ვიზრდებოდი, ასაკი

მემატებოდა და ვხვდებოდი რომ ფიქრები, რომელთაც თავში უსასრულო არზაური მოეწყოთ, მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო და მეტი არაფერი.

ერთი ღამეც არ ყოფილა ფანჯრის წინ მდგომს, ღმერთისთვის დედის გამოჩენა არ მეთხოვა.

ეს სახლი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო. შორიახლოს არაფერი ჩანდა, რამე რომ მომხდარიყო კაციშვილს ვერ მიაწვდენდი ხმას. ღამღამობით, როცა ყველა იძინებდა საწოლიდან ჩუმად, ფეხაკრებით ვდგებოდი. მხოლოდ ღამით, ლამპიონის მოციმციმე შუქზე, შორს, ძლივს შესამჩნევად მოჩანდა სახლები, რომლებიც ზოგი წითელი, ზოგი კი ნაცრისფერი სახურავით გადაეხურათ.

ვუყურებდი ამ სახლებს და ვფიქრობდი, ნეტავ თუ მექნება ოდესმე ასეთი სახლი. თუ მექნება ბევრი ნათურით განათებული თბილი ოთახი, სადაც მშობლებთან ერთად ვიცხოვრებ, სადაც არავინ მიმითითებს როდის ვჭამო და დავიძინო. მშობლებს ვნატრობდი, თუმცა ვიცოდი რომ არ მყავდა. მინდოდა ვინმე მყოლოდა. ვინმე, ვისაც ვეყვარებოდი, ვინც იზრუნებდა, ვინც არ დამსჯიდა, მომივლიდა და მშიერს არ დამტოვებდა.

ღმერთო, ნეტავ გამოჩნდებოდე და მიშველიდე.

მთელ დღეებს ხატვაში ვატარებდი. ვიწექი თუ ვიჯექი ვხატავდი. ორი ფერის ფანქარი მქონდა. ღია და მუქი ნაცრისფერი. რაც არ ენანებოდათ ფურცლები იყო. უხვად გვირიგებდნენ. საერთო ოთახის ერთ კუთხეში თაროზე რამოდენიმე სქელი წიგნიც იდო. ეს წიგნები თავისივე ნახატებით იმდენჯერ მქონდა ნანახი ზეპირად ვიცოდი, მაგრამ მაინც მიყვარდა მათი ახლიდან დათვალიერება. ყველაზე მეტად წითელი წარწერებით გაფორმებულები ნახატები იქცევდა ჩემს ყურადღებას. კითხვა არ ვიცოდი. მაინტერესებდა რა ეწერა. წიგნს ხან აქიდან შევატრიალებდი ხან იქედან, დავცქეროდი და გონებაში სავარაუდო წინადადებებს ვიგონებდი.

-გავიზრდები და კითხვას აუცილებლად ვისწავლი. დაუსრულებლად ვიმეორებდი ყოველ ჯერზე.

სახლს, უშველებელი, მრგვალი თაღებით გაწყობილი განიერი ფანჯრები ჰქონდა. ფანჯრის რაფაზე სახატავი ნივთები წიგნთან ერთად ამქონდა. ეს ადგილი ჩემი ჯადოსნური ბუდე იყო. აქ თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობდი. რაფაზე ყველა ნივთი ეტეოდა და ადგილი ჩემთვისაც რჩებოდა. აქედან კარგად მოჩანდა თვალუწვდენელი მოსაწყენი სივრცე, ალაგ-ალაგ ჩაკვეხებული მაღალი სახლებით, რომელიც თითქოს საშიშადაც გამოიყურებოდა. მეორე მხარეს, სივრცის მიღმა ჰორიზონტზე, კი წვერი მოუჩანდა მწვერვალს, რომელიც მუდმივად თეთრი იყო.

დღის სინათლეს ღამის წყვდიადი მერჩივნა. ღამე დღესთან შედარებით მეტად ნათელი და გულწრფელი იყო. ღამე ვერ ხედავდი გაბოროტებულ, გულგრილად მომღიმარ სახეებს. არ გესმოდა გულის მომკვლელი სიტყვები. ღამის მუქი ფერები, ბევრად უფრო წმინდა იყო, ვიდრე დღის სინათლე და ის გარემო, რაშიც ვცხოვრობდით. ღამე ჩემს ოცნებებში ვეშვებოდი. წარმოვიდგენდი მყუდრო სახლს, სადაც მე, ჩემს და-ძმასთან ერთად მაგიდასთან ვიჯექი, დედა კი იქვე ფუსფუსებდა, ჩვენთვის ტკბილეულს ამზადებდა და სიყვარულით გვიმზერდა. აი, ასეთი იყო ჩემი ოცნებები. რომელიც დაბადებიდან ნატვრად მქონდა ქცეული. 

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა არის ჯოჯოხეთი?

 - ეს არის დაუსრულებელი შიმშილი და დასჯა. თქვენ ალბათ, ვისაც ეს ადგილი არ გინახავთ, ვერც დაიჯერებთ რომ ვინმე შეიძლება ასე ცხოვრობდეს. ამას მხოლოდ ის მიხვდება და ის გაიგებს, ვისაც ასეთ ადგილას უცხოვრია. აქ უფლებები არ არსებობდა. სათამაშო თოჯინებივით ვიყავით, რომლებსაც მაშინ აჭმევდნენ და დააძინებდნენ როცა მოესურვებოდათ. ვაკეთებდით იმას, რასაც გვეტყოდნენ და მიუხედავად უსიტყვო მორჩილებისა, კარგად მოპყრობის იმედი მაინც არ გვქონდა...

ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობას, რომელსაც ჩემში შიმშილი იწვევდა. როცა ის მომიკაკუნებდა გულ-მუცელი ამეწვებოდა, აქეთ-იქით ვაწყდებოდი, ვწრიალებდი, თითქოს სხეულში გველეშაპი ჩაგისახლდა და მოსვენებას არ გაძლევსო. ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და შიმშილზე აღარ მეფიქრა. წამოვკრეფავდი ფურცლებს, ფანქრებს და სახატავად ჩემს კუთხეში, ფანჯრის რაფაზე ვძვრებოდი. თითქოს ის კუთხე ჯადოსნური ყოფილიყოს, თითქოს მავიწყებდა კიდეც შიმშილს, მაგრამ დროებით, დიდხანს არ მშველოდა.

ბოლო დროს სახლს უცნაური მნახველები შემოეჩვივნენ. მათ ძველებთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ჩვენთან არაფერი მოჰქონდათ. პირიქით, მალულად გვათვალიერებდნენ, შემდეგ კი ბავშვები მიჰყავდათ. ნელ-ნელა ვხვდებოდით რომ ყოველი ასეთი სტუმრობის მერე თითო ბავშვი ქრებოდა. შედარებით გვიან განგვიმარტეს, რომ ბავშვებს აშვილებდნენ, გაშვილება კი სხვა სახლში ცხოვრების გაგრძელებას ნიშნავდა.

ერთ ასეთ დილას, საუზმისას, უცნაური შესახედაობის ქალი გვესტუმრა. თავზე თავსაფარი გაეკრა, თავსაფრის ქვეშ ალაგ-ალაგ თეთრი თმა მოუჩანდა. მხრებზე გრძელი ჟანგისფერი სამოსი მოესხა და დაუფარავად გვათვალიერებდა, თან თავს აქეთ-იქით აქნევდა. ჩაფსკვნილ სხეულს ღონივრად იმორჩილებდა, მოუხეშავად დაატარებდა და თავზე ისე დაგვყურებდა, როგორც გასაყიდად გამოფენილ ნივთებს. ყველა მხრიდან შეგვხედავდა, მზერას ფეხიდან თმის ბოლო ღერამდე აგვაყოლებდა და ასე გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე ყურებით არ დაიღლებოდა, ან ოთახებში არ გაგვიშვებდნენ. 

იმავე საღამოს, გვიან, ყველასგან მალულად, ოთახიდან გამიყვანეს და გასაიდუმლებულად მამცნეს, რომ ხვალიდან სხვა სახლში გავაგრძელებდი ცხოვრებას. კარგად ვერც ვიაზრებდი რა ხდებოდა, მაგრამ მთავარი მესმოდა. აქედან მივდიოდი და დედა მეყოლებოდა. იმ მომენტში მნიშვნელობა არ ქონდა დედა ნამდვილი იქნებოდა თუ არა. მთავარი ის იყო აქაურობას თავს დავაღწევდი.

ღამე თითქმის არ მეძინა. ზუსტად არ ვიცი რას ვგრძნობდი, შიშს თუ სიხარულს, დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცოდი რომ, ამ სახლში ყოფნის ეს ბოლო ღამე იყო და ამით კმაყოფილი ვიყავი.

დილით მართლაც, ყველას რომ ეძინა გამაღვიძეს. ოთახიდან უჩუმრად გამომიყვანეს და ნახევრად მძინარე საჩქარო წესით გამომაწყვეს. ეხლაც მახსოვს რა მეცვა. თეთრი ნაქსოვი გრძელსახლებიანი ჯემპრი. დიდი, გრძელი მკლავებით და თხელი შავი შარვალი. ფეხზე კი სამი ზომით დიდი ფეხსაცმელი, რომელსაც ძირი ისე ქონდა გაცვეთილი, რომ დავაბიჯებდი ფეხის გულებს ვგრძნობდი. ბიჭივით გამოწყობილი ვიყავი. გრძელი თმა რომ არა, ვერც გამარჩევდით ბიჭისგან. თეთრი კანით და დიდი, შავი თვალებით ყველას ყურადღებას ვიქცევდი. გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი უკვე პირველ სართულზე ვიყავი. ისევ ის ქალი იყო. ამჯერად სხვა ფერის თავშალი უფრო შინაურულად გაეკრა და კართან ახლოს დოინჯ-შემოყრილი იდგა. გარეთ ისევ ბნელოდა.

-ქარია, რამე მოახურეთ. თქვა როცა მივუახლოვდით. მალევე საიდანღაც გაცრეცილი პირსახოცი მოიტანეს. ქალმა პირსახოცი ღონივრად გამოგლიჯა ხელიდან და მხრებზე მომახვია. თვითონაც გაისწორა ტყავის ქურთუკი და სიბნელეში გავუჩინარდით.

რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ერთ მიყრუებულ ადგილას ამოვყავით თავი. ტრანსპორტიდან ჩამოსულებმა ფეხით კიდევ დიდხანს ვიარეთ. ნაცრისფერ ცაზე დროდადრო ელვა იკლაკნებოდა, მერე უცებ ინათებდა და ძლიერად იქუხებდა. დამფრთხალი აქეთ-იქით ვიყურებოდი, ვცდილობდი სახე დამემალა, მაგრამ ქარი მძვინვარებდა და წვიმას სახეში მცემდა. სულ ერთიანად გავლუმპულიყავი. ქალი გზადაგზა ჩერდებოდა, ცალი თვალით ნაძალადევად დამხედავდა და იკითხავდა.

-ხომ არ გცივა?

-ცოტა. ვუქნევდი თავს.

სიცივისგან ხელები და ფეხები გამყინვოდა და ნელ-ნელა მგრძნობელობას ვკარგავდი. ფეხსაცმელებიც კარგა ხანია წყალით სავსე მქონდა.

-ცოტაც მოითმინე მალე მივაღწევთ. ნაბიჯს აუჩქარა. დიდ და მოქნილ ნაბიჯებს სწრაფად დგამდა და მეც მიმათრევდა. დროდადრო ხელს მიშვებდა და ჩანთას ხელიდან ხელში ინაცვლებდა. ეტყობოდა მძიმე იყო... ამ მონაცვლეობის დროს ვჩერდებოდი, ქარს ვერ ვუმკლავდებოდი, უკან მხევდა და სიცივისგან გადაადგილებას ვეღარ ვახერხებდი. ცოტა ხნის სიარულის შემდეგ სვლა შეანელა.

მოვედით. თქვა გულგრილად და დაბალი სახლის წინ გაჩერდა. სახლი მიწაზე გართხმულიყო. წითელ კრამიტის სახურავს ქარი ისე არხევდა, იფიქრებდით ეს ესაა მოგლიჯავსო. ეზო, წლების წინ რკინის მავთულით შეღობილი სიძველისგან ფორმადაკარგული წაქცევაზე იდგა.

შევედით. სახლშიც ისე ციოდა, როგორც გარეთ. ქალმა ჩანთა კუთხეში მიაგდო. ახლავე მოვალ, სადაც ადგილს ნახავ დაჯექი, თავისთვის ჩაილაპარაკა და კარს უკან მიიმალა. იქაურობას თვალი მოვავლე. ოთახს ერთი ფანჯარა ქონდა და ზედ შუშის ნაცვლად სქელი, ჭუჭყიანი ცელოფანი გაეკრათ. ორი რკინის საწოლი ერთმანეთის გვერდით მიედგათ, შუაგულში კი პატარა მაგიდა, რომელიც ოდესღაც თეთრი ფერის იყო ქვაბებში აღარ მოჩანდა.

-ნეტავ სად ვარ? ამ სახლს ხომ ჩემი საცხოვრებელიც სჯობდა.

ოთახის კარი ჭრიალით გაიღო. მოხუცი კაცი ხმაურით შემოვიდა და იქვე მდგარ ღუმელთან შეშა დაყარა. ჩემთვის არ შემოუხედავს ისევ უკან გავიდა. დრო და დრო გარედან ყვირილის ხმა მოისმოდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი მაგრამ აშკარად ერთმანეთში ჩხუბობდნენ. მალე ჩაწყნარდნენ. ადგილიდან არ ვიძროდი. ფეხები სიცივისგან მეწვოდა. ცოტა ხანში ქალმა ოთახის კარი შემაღო და მკითხა:

- ღუმლის ანთება იცი? 

-არა.

-არაუშავს ისწავლი. ახლოს მოიწიე. მითხრა გაწბილებული ხმით და ხელში რკინის ნაჯახის მსგავსი შემომაჩეჩა. ერთი ხელისთვის მემძიმა და მეორე შევაშველე, მაგრამ მაინც ვერ მოვერიე და იატაკზე დამივარდა.