ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ანატორი

ანატორი

ანატორი


თავი 1


თითქმის ჩაბნელებულ, მყუდრო ოთახში ანა ზურგჩანთას ჩასცქერის, ფანჯრიდან ღამის თბილისის, რუსთაველის გამზირის ელვარე ნათება პერიოდულად სხვადასხვა ფერად იღვრება ჰოსტელის პატარა ოთახში. ჰოსტელი, მთავარ გამზირზე, ნახევარსარდაფშია მოწყობილი და ხანდახან, ფანჯარაში რუსთაველზე მოსეირნე ხალხის ნაირ-ნაირი ფეხსაცმელებიც ჩაივლიან ხოლმე. ანა სულ ახლახანს ჩამოსულიყო საქართველოს დედაქალაქში, არადა თავადაც ქართველი გახლდათ, სულ 3 წლისა იქნებოდა, როდესაც მშობლებმა შტატებში წაიყვანეს აქაური უკიდურესი გაჭირვების გამო. ყოველთვის ჰქონდა დაბრუნების სურვილი, მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა და აი ახლა, როცა უკვე 30 წლისა იყო და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას და ყველაფერი ძველის წარსულში დატოვებას აპირებადა, გადაწყვიტა რომ თავგადასავალი სწორედ სამშობლოში - საქართველოში უნდა დაწყებულიყო - სუფთა ფურცლიდან. ზურგჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და გულმოდგინეთ შეუდგა ტელეფონიდან შეტყობინებების და კონტაქტების შლას, შლიდა ნერვიულად და თითქოს თითო წაშლილი კონტაქტით თუ შეტყობინებით, იმ ცხოვრების ნარჩენებს იშორებდა, რომლის ნაწილიც თავად აშკარად აღარ სურდა, რომ ყოფილიყო. 

ფიქრებში გართული წამოდგა და ჰოსტელის ლობისკენ გაემართა, მოძებნა სიძველისგან შელახული, მაგრამ მყუდრო და მოსახერხებელი სავარძელი, ჩაჯდა და კონტაქტების შლა გააგრძელა. ლობის ტერიტორიაზე სხვა არავინ ჩანდა, თუმცა ანა იმდენად გართული იყო საკუთარი საქმიანობით,  გარშემო მაინც ვერაფერს ამჩნევდა, ისიც ვერ შენიშნა, როგორ მიუახლოვდა, ორი, ცივი ბოთლი ლუდით „შეიარაღებული“ მარია, და ერთ-ერთი ჩაციებული ბოთლი გაუწოდა. მარია პორტუგალიიდან იყო და ასევე მარტო მოგზაურობდა, ანამ ის სწორედ ჰოსტელში გაიცნო და დამეგობრებაც სწრაფად გამოუვიდათ.  

-        Bom dia!, - მიესალმა მარია, ყურებამდე გაღიმებული მარიას შემხედვარე შეუძლებელი იყო, გუნება-განწყობა არ გამოგკეთებოდა.

-        ცივი ლუდი, დაიკო? - ანამაც გაიღიმა და ბოთლის გამოსართმევად წამოიწია.

-        მოიცა, მოიცა, - წამოიძახა მარიამ, ბოთლი თავსახურით ხის მაგიდაზე ჩამოაყრდნო და ზემოდან ხელი, კარგა ღონიერადაც დაჰკრა.

-        ესეც, ასე..აჰა გამომართვი, - მიაწოდა გახსნილი ბოთლი.

გოგონები სხედან ჰოსტელის ლობიში, სვამენ ლუდს და აწყობენ მხიარულად გეგმებს, რამდენი რამ აქვთ სანახავი. რამდენი რამე წაუკითხავს ანას საკუთარ სამშობლოზე, რამდენი წელია გეგმავს ამათუიმ ადგილის მონახულებას... თან მარიაც გამოჩნდა, იდეალური მეგზური ახალი თავგადასავლებისთვის, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ანას თავდაჯერებული ღიმილი დათამაშებდა სახეზე, კმაყოფილი იყო საკუთარი გადაწყვეტილებით, დაუფიქრებლად რომ აიღო თბილისის მიმართულებით იაფიანი ფრენის ბილეთი.

შემოაღამდათ, ქალაქის ხმაური შედარებით მიწყნარდა, თბილისი ნელ ნელა იძინებდა, გოგონები ისევ ლობიში ისხდნენ, საუბარში გართულები, ლუდიდან ქართულ ჭაჭაზე გადასულიყვნენ და ლოყებიც შეწითლებოდათ ალკოჰოლისგან.

ამ დროს გარედან სიცილის და შეძახილების ხმა შემოესმათ და ცოტა ხანში ჰოსტელის კარიც გაიღო. ოთხმა ახალგაზრდამ მხიარულად, მაგრამ მაინც მორიდებით შემოაბიჯა სასტუმროში. აქცენტზე ეტყობოდათ, ბრიტანელები იყვნენ, სამი ბიჭი და გოგონა. ისინიც აქ დაბინავებულან. გოგონებმა და ბრიტანელმა მოგზაურებმა მალევე მოახერხეს საერთო ენის გამონახვა, ამაში რათქმაუნდა ნამდვილმა ქართულმა „ჭაჭამაც“ დიდი როლი ითამაშა. ბრიტანელები მალევე გაეცნენ გოგონებს. ლივერპულიდან იყვნენ, ჯიმი, სწორედ ის გაეცნო პირველი გოგონებს, მხიარული, ჩალისფერთმიანი ახალგაზრდა და მისი მეგობრები, მარკი, დიდი ზომის სათვალიანი და მუდმივად დავთარში, ან ლეფტოფში თავჩარგული. სწორედ მარკს დაეგეგმა დეტალურად და ნაბიჯ-ნაბიჯ ჯგუფის მოგზაურობა საქართველოში, ზუსტად გაერკვია, რა ადგილების მონახულებას მოასწრებდნენ ამ ორი კვირის განმავლობაში და ზუსტი გეგმა, თავისი მარშრუტითაც შეედგინა... და დეივი, ძვირადღირებული ბრენდის ტანსაცმელში გამოწყობილი, მოდური ვარცხნილობით და დაყენებული ბიცეფსებით, შეყვარებულ - სარასთან ერთად, ქერათმიანი, ზედმეტად გარუჯული, გაპრანჭული გოგო... ისეთი ტიპი ჩანდა, ლაშქრობაში ქუსლებიანი ფეხსაცმელიც რომ მოაქვთ და მუდმივად რაღაც დამცავებს რომ ისვამენ სახეზე თუ ტანზე... საერთო ჯამში მხიარული და სასიამოვნო ტიპები ჩანდნენ ოთხივენი, როგორც გაირკვა ხვალ დილით ადრე ხევსურეთში მიემგზავრებოდნენ მინივენით, კოშკიც წინასწარ დაეჯავშნათ ისეთ ადგილას სადაც არც ტელეფონი და არც ინტერნეტი არ მუშაობს და დიდი თავგადასავლებითვის ემზადებოდნენ.

-        წავიდეთ, ანა? რას იტყვი? - უკვე კარგად შეზარხოშებულმა გადმოულაპარაკა მარიამ, ანას. - ისედაც ხო ვაპირებდით ხევსურეთში წასვლას? - ანამ გაუღიმა და თავი დაუკრა...

„მშვენიერი ვარიანტია“, გაიფიქრა ანამ, მართლაც, მარიასთან დამეგობრება უკვე მოესწრო, მხიარული ლივერპულელებიც კარგი ტიპები ჩანდნენ... ხევსურეთის შესახებ მამას, ბევრი ამბავი მოეყოლა ანასთვის ბავშვობაში, უნიკალური ძველი არქიტექტურა, კოშკები, საოცარი ბუნება კავკასიონის ქედის გასწვრივ... საქართველოში ჩამოსვლის პირველი წუთიდან აპირებდა დაეგეგმა ერთი კარგი მოგზაურობა ხევსურეთის მიმართულებით და აჰა, ყველაფერი უკვე გამზადებული იყო, მშვენიერი კომპანიით, ამიტომაც ანასაც ბევრი არ უფიქრია გადაწყვეტილების მიღებისას და დათანხმდა. მარიამ სიხარულისგან შესძახა, ადგილზე შეხტა და ოთახში გაიქცა ზურგჩანთის ჩასალაგებლად, სულ რამდენიმე საათიც და პატარა მწვანე მინივენით დაადგებოდნენ ხევსურეთისკენ გზას.

 

თავი 2

სუსხიანი დილა გათენდა, მზის სხივები ნელ-ნელა აღვიძებდა ძველი თბილისის ფერად ფასადებს. მწვანე ფერის, კაი ნახმარი მინივენი ჰოსტელის შესასვლელთან იდგა, მარკიც აქვე იყო, ზურგჩანთით და მძღოლს ესაუბრებოდა. თან უკმაყოფილო მზერით საათს ჩასცქეროდა და პერიოდულად ჰოსტელის გამოსასვლელ კარს გახედავდა, იმ იმედით რომ რომელიმე მისი მეგობარი გამოაღებდა კარს.

ნელ-ნელა ყველანი გარეთ გამოვიდნენ, გუშინდელი ღამის შედეგები მარკის გარდა, ყველას ეტყობოდა სახეზე, მარკი ხომ არც სვამდა და არც სიგარეტს ეწეოდა.

დეივი ნაბეღლავის ბოთლით ცდილობდა თავის გამოფხიზლებას, სარა მის გვერდით მოჩანჩალებდა, იმ იმედით, რომ დეივი ოდესმე მოიკლავდა წყურვილს და სარასაც ეღირსებოდა ცივი ნაბეღლავით ნაბახუსევი შეგრძნებების შემსუბუქება.

პირობა ნამდვილად შეასრულეს და ხანგძლივი - ფაქტიურად უძილო ღამის მიუხედავად, დილით ადრე გასვლა მაინც მოახერხეს, როგორც დაგეგმილი ქონდათ. მარკი კმაყოფილი იჯდა მძღოლის გვერდით და ცოტა არ ესიამოვნა, როდესაც მძღოლმა უცერემონიოდ და კითხვის დასმის გარეშე გაუკიდა სიგარეტს. მხიარული ტიპი ჩანდა მძღოლი, გელა, მოღეღილი პერანგით და აწითლებული ლოყებით, ინგლისური უკვე საკმაოდ დაემუღამებინა და აქტიურად ცდილობდა ამის დემონსტრირებას. მინივენი ნახევრად რაღაც ტომრებით იყო დატვირთული, ამიტომაც ჩვენს გმირებს საკმაოდ მჭიდროდ უწევდათ ჯდომა.

-        მანდ კიტრია ტომრებში, ჩემი ბაღიდანაა, სუფთა, ნატურალური! მეც იმათსავით ქიმიკატებს კი არ ვახმარ... ჭამეთ, რამდენიც გენებოთ, პახმელიაზე უნდა გესიამოვნოთ წესით, ნორმალურ ფასად მაინც ვერსად ვაბარებ, - შემოტრიალდა მძღოლი და გაღიმებულმა, ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები მიანათა მგზავრებს.

-        კიტრი კი არა, მე ვიცი ეხლა რაც გვიშველის, - თქვა ჯიმმა და ზურგჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო.

სიგარეტის კოლოფი ამოიღო და კოლოფიდან ორი წინასწარ გამზადებული ჯოინთი გააძრო.

-        გუშინ ბიჭებმა მაჩუქეს, სვანურიაო, ესე მითხრეს... ვნახოთ აბა, ქართული ბალახი როგორია...წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? - მიუბრუნდა გელას ჯიმი.

-        არა, შვილო, მიირთვით, რაზეა საუბარი, მერე კიტრიც დააყოლეთ, გესიამოვნებათ გამშრალ ყელზე, აბა მე საჭესთან ვარ, თორემ მეც სიამოვნებით შემოგიერთდებოდით.

მანქანა დინჯად მიიწევდა საქართველოს მთიანი პეიზაჟების გასწვრივ. ბუნება გამოღვიძებას იწყებდა, გაზაფხულის ფერები სულ უფრო მკვეთრად იკვეთებოდა მთის ფერდობებზე შეფენილ, ახლად აყვავებულ, ნაირ ნაირ ბუჩქებსა და ხეებზე. მანქანა, როგორც ვთქვით, საკმაოდ ნახმარი და „ნაომარი“ იყო, გელას დროდადრო სიჩქარის კოლოფთან ჭიდაობა უწევდა და ერთი ორს გემრიელადაც შეუკურთხებდა ხოლმე. ამის შემხედვარე თავიდან ცოტა ანერვიულდა მარკი, ვაი თუ ამან ხევსურეთამდე ვერც აგვიყვანოსო, მაგრამ მალევე დარწმუნდა, გელამ აშკარად ხუთიანზე იცოდა თავისი საქმე და შეუთანხმდა, რომ მათთვის ზუსტად ერთ კვირაში ავტობუსის გაჩერებაზე მოაკითხა.

ამასობაში მანქანის უკანა მხარე მთლიანად ბოლით აივსო, გარედან რომ შეგეხედათ მინივენისთვის, ფანჯრებიდან იმდენი ბოლი გამოდიოდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რაც შიგნით ხდებოდა... სიცილის ხმა ნელ-ნელა ფიქრებმა და სიჩუმემ შეცვალა, ყველა მოდუნდა და ფიქრებს მიენდო, ნაბახუსევის უსიამოვნო მოვლენებიც ნელ-ნელა გაქრა, სხეულში მოთენთილობა იგრძნეს და ძილი მოერიათ. სიჩუმემ დაისადგურა, მარია მუსიკას უსმენდა ყურსასმენებით და თავის რიტმულ მოძრაობასაც აყოლებდა, მარკი ისევ მძღოლთან საუბრობდა.

ანას ჩასძინებოდა, თავი მანქანის დაორთქლილ ფანჯარაზე მიეყრდნო. მანქანის რიტმული რყევა სასიამოვნოდ არწევდა მგზავრებს. ქართული ხალხური მუსიკის ხმა ჩუმად ისმოდა გელას მაგნიტოფონიდან. ყველაფერი სასიამოვნოდ მიდიოდა, თუმცა ანას სახეზე აშკარად ეტყობოდა, რაღაც უსიამოვნოს და დაძაბულს ხედავდა სიზმრად, მუშტებიც შეკუმშული ჰქონდა და სახეზე ოფლის წვეთები ემატებოდა.

ნისლიანი სოფელი, დაახლოებით მე-16-18 საუკუნე... ქვის, მკაცრი შენობებით და კოშკებით გარშემორტყმული სოფლის მოედანი, ანა ცდილობს გაერკვეს, სად იმყოფება, ათვალიერებს არემარეს... მოშორებით, შავ ნაბადში გამოწყობილ უზარმაზარ, ბნელ სილუეტს ამჩნევს, მას ხელში შუბი უჭირავს, დიდი ვერცხლისფერი შუბისთავით, შუბს სალოცავის მიმართულებით ისვრის და ხატს შუაზე აპობს. ანა გაოცებული აკვირდება, ხატი შუაზე იპობა თუ არა, სოფლის თავზე შავი ღრუბელი ეშვება, შავ ნისლში გახვეული შენობები კიდევ უფრო შემზარავ შეხედულებას იძენენ. მიწიდან თითქოს რაღაცა ამოხეთქვას ცდილობს, ჯოჯოხეთური ტანჯვის ხმები ისმის ნაპრალებიდან. ქაოსია, ხალხი პანიკაშია. ანა ისევ შავ სილუეტს გახედავს, და შავ ნაბდიანიც სწორედ მაშინ შემოტრიალდება და თავისი წითელი თვალებით, თვალს თვალში გაუყრის. ანა მთელ სხეულში სიცარიელეს და ტკივილს იგრძნობს, თითქოს შავი სილუეტი, მისი წითელი თვალებით მის სულში შეღწევას ცდილობს.

ამასობაში გელამ კარგა გემრიელად „იამაში“ ჩაარტყა და მანქანის საგრძნობი შეხტომის გამო ყველას გაეღვიძა. ანა არ იმჩნევს, რომ ისევ კოშმარი დაესიზმრა, მარიას ხომ უკვე მოუყვა თავისი უცნაური სიზმრების შესახებ, არ უნდოდა ახალი ნაცნობებიც ეგრევე საკუთარ უძილობაზე წუწუნით დაეღალა.

შებინდებულიყო, მზეც ჩადიოდა, ნარინჯისფერი მკვდრის მზის სხივები ნაირ ნაირ ფორმებად იხატებოდა მინივენის ინტერიერში. უკვე ქვიან, სოფლის გზაზე მიაჯაყჯაყებდა გელა მწვანე მინივენს.

-        აბა, გაემზადეთ, ცოტაც და უნდა ჩამოგსვათ, ბოლო მონაკვეთის გავლა ფეხით მოგიწევთ, არაფერია 5 წუთის სავალია, - მხიარულად გადმოსძახა გელამ მგზავრებს.

მანქანა სოფლის ავტობუსის გაჩერებასთან გაჩერდა, გარშემო კაცი შვილი არ ჩანდა, უკვე საღამო იყო, ხალხი სახლებში, დასაძინებლად ემზადებოდნენ.

-        აბა მეგობრებო, ერთ კვირაში დილით თორმეტზე აქ გელოდებით, აბა, თქვენ იცით... კიტრი წაიღეთ, ერთი ტომარა, შეჭამეთ, ჩემი ბაღის სუფთა კიტრია, ცოდოა, მილპება მანქანაში, - ერთი ტომარა კიტრი ჯიმს მხრებზე აჰკიდა და დანარჩენებსაც დაემშვიდობა.

მანქანა დაიძრა და ნელ-ნელა ხევსურეთის სიბნელეში გაუჩინარდა.

-        წავედით, კოორდინატების მიხედვით ჩვენი ღამის გასათევი ადგილი აქეთ უნდა იყოს, - თავდაჯერებით თქვა მარკმა, და ჯგუფს აღმართისკენ გაუძღვა.

მართლა ბევრი სიარული არ დასჭირვებიათ და მალევე მიადგნენ ქვის, იდუმალად წამოჭიმულ ტრადიცუილ ხევსურულ კოშკს.

-        ესაა ჩვენი სასტუმრო? - დამცინავად ჩაილაპარაკა დეივმა.

-        ეს არის ხევსურული კოშკი, და კი, ეს არის ჩვენი დროებით საცხოვრებელი, სანამ აქ ვიქნებით, - უკმაყოფილოდ უპასუხა მარკმა, თან აღფთროვანებას ვერ მალავდა და კოშკს ნაირ-ნაირ ფოტოებს უღებდა სხვადასხვა რაკურსებიდან, თავისი პროფესიონალური, ფირიანი ფოტო-აპარატით.

გარშემო სრული სიბნელე იყო და არაფერი ჩანდა, უკვე ძალზე დაღლილებიც იყვნენ და ბევრი თვალიერების თავი არცერთს აღარ ქონდა, ხვალ ყველაფერს კარგად, დასვენებულზე დაათვალიერებდნენ.

-        წამოდით, შევიდეთ, ვნახოთ შიგნით რა ხდება, - ძირს დაგდებული ზურგჩანთა ისევ ზურგზე მოიკიდა და კოშკის კიბეებზე ასვლა დაიწყო მარიამ.

-        გასაღები მანდვე უნდა იყოს, აი მაგ ქვის ქვეშ, ეგრე მოგვწერა მეპატრონემ, - ასძახა მარკმა მარიას, რომელიც უკვე კარის გაღებას ცდილობდა.

-        ვის რად უნდა ამდენი კიტრი? ვინაა ამის მჭამელი, - უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა ჯიმმა, ტომარა ისევ ზურგზე მოიკიდა და ქვის კიბეებზე მისი ათრევა დაიწყო.

როგორც აღმოჩნდა, კოშკს ელექტრო-ენერგია არ მიეწოდებოდა, სამაგიეროდ გასანათებლად უამრავი სანთლები და ნავთის ლამფაც კი დახვდათ, კუთხეში კი უკვე კარგად გახურებულ და აგიზგიზებულ ბუხარს, ტკაცატკუცი გაუდიოდა, შეშის მარაგიც ბლომად დაეტოვებინათ. მოხურეს მძიმე ხის კარი და კოშკში პირველი ღამის გასატარებლად მოემზადნენ. სარკმელებიდან თბილი ნათება და მხიარული ჟრიამული გამოდიოდა, ნელ-ნელა შუქიც მიილია და ჟრიამულიც მინელდა, დიდი მგზავრობის შემდეგ ყველას მალევე დაეძინა, დეივს და მარკს ლოგინის გაშლაც ხვალისთვის გადაედოთ და ხის ტახტებზე ზემოდან, ჩაცმულებს ჩასძინებოდათ.

 

თავი 3

გუშინ მართლაც დიდი გზა გაიარეს, ძალიან დაღლილები იყვნენ და დაბნელდა თუ არა გათიშულებს დაეძინათ. რა თქმა უნდა, დილით, უთენია პირველი მარკი წამოხტა და აკურატულად გაასწორა თავისი ლოგინი. აპირებდა გეგმას არ ჩამორჩენოდა და დანარჩენების გაღვიძებას შეუდგა. დღე მთლიანად დაგეგმილი და დატვირთული ჰქონდა, უამრავი მოსანახულებელი ადგილით. ამინდიც შესანიშნავი იყო, ახლად ამოსული მზის სხივები ნაზად ეფინებოდნენ ხევსურეთის ნაირ-ნაირ კლდეებს თუ ფერდობებს. ისაუზმეს და ბევრი დრო აღარ დაუკარგავთ, პირდაპირ გაეშურნენ ნაყოფიერი დღის დასაწყებად.

ხეობას მიუყვებოდნენ, ქვემოთ, ხეობის ძირში პატარა, მაგრამ სწრაფი მდინარე მოჩუხჩუხებდა, ზემოდან, მთის ფერდობიდან, ქვის კოშკები მკაცრად გადმოჰყურებდნენ, კოშკებს დილის მზე ეცემოდათ და ისინიც თითქოს ნელ ნელა ფხიზლდებოდნენ. ანა გაოცებას ვერ მალავდა, რამდენჯერ მოუყოლია მისთვის ამ ადგილის შესახებ მამას, რამდენი ფოტო უჩვენებია და ახლა თავად ხედავდა უკვე ამ ყველაფერს, ამ საოცარ ბუნებას, უნიკალურ კოშკებს.

საკმაოდ ბევრი რამის მონახულება მოასწრეს ერთი დღისთვის: ხავსით დაფარული სალი კლდეები, რომელთაც ვერცხლისფერი ჩანჩქერები შუაზე აპობდა, თუ ცაში გადმოკიდებულ კლდეებში გამოკვეთილი მისტიური გამოქვაბულები და ხევსურეთის შუაგულში, ჩაკარგული ძველისძველი დასახლებები - ნასახლარები... ჯერ კიდევ ბევრ საინტერესოს და იდუმალს უმზადებდა ჩვენს გმირებს, ხევსურეთის ულამაზესი ბუნება და ატმოსფერო.

უკვე შუადღე იყო, მდინარის პირას მყუდრო ადგილი მოძებნეს და წასახემსებლად სუფრა გაშალეს. მარიას სენდვიჩები წინასწარ გაემზადებინა და ფოლგაში გახვეულები ამოალაგა ჩანთიდან.

-        აუ გაიხარე რა, ვკვდები შიმშილით, - მოუთმენლად გამოსტაცა დეივმა, ფოლგაში გახვეული სენდვიჩი, ხელიდან მარიას.

-        მოიცა, ყავაც გვაქვს, დაიცადე ადამიანურად ამოვალაგოთ, - მარიას თერმოსით ცხელი ყავაც ჰქონდა გამზადებული და ყველას თითო ჭიქა ჩამოურიგა.

-        ის რა ნანგრევები ჩანს?, - ხელი გაიშვირა ჯიმმა მდინარის პირას მდგომი, პირქუში, სიძველისგან ჩამუქებული და დახავსიანებული ქვის პატარა შენობისკენ.

-        წამო, აბა ვნახოთ, - წამოიძახა სენდვიჩის უზარმაზარი ლუკმით პირგამოტენილმა დეივმა, სარას ხელი ჩაჰკიდა და სწრაფი ნაბიჯით, ნაგებობისკენ გაეშურა.

რაც უფრო უახლოვდებოდნენ შენობას, უფრო და უფრო გრძნობდნენ მძიმე და ბნელ აურას მის გარშემო.

-        ერთი, ამას შეხედეთ, - შესძახა ჯიმმა და შენობის პატარა სარკმელთან მიირბინა.

ფანჯარაში გამოდებული ადამიანის თავის ქალა იდო, თითქოს ვიღაცას საგანგებოდ გამოედო ესეთ ადგილას, გამვლელების ყურადღების მისაქცევად. დეივი საერთო გადაწყვეტილების მიღებას არ დაელოდა და უხეშად შეაღო შენობის ძველი ხის კარი. შენობა ძველი საძვალე-სამარხი აღმოჩნდა, ოთახის ორივე მხარეს, ფილაქვისგან თარო-საწოლები იყო მოწყობილი, ზედ კი ადამიანების ჩონჩხები - დაგროვილი, ძვლები და თავის ქალები იმდენად მრავლად იყო, რომ თაროებზეც აღარ დატეულიყო და მთელს იატაკზე იყო მიმობნეული. შიგნით ქარიც უცნაურად უბერავდა და საზარელ ხმებს გამოსცემდა, გეგონებოდათ მგლოვიარე ქალების ტირილი ისმისო, სადღაც შორიდან... თვალწინ გაშლილმა შემზარავმა სურათმა ყველას ჟრუანტელი მოჰგვარა. გარდა დანახული სურათისა, ანა გრძნობდა რომ რაღაც არაწმინდა ტრიალებდა შიგნით, რაღაც ბნელი და იდუმალებით სავსე...

-        ამას შეხედეთ, - ერთ-ერთ კედელს მიადგა დეივი და ხელით ზემოთ მიუთითა, კედელზე სპეციალურ ფოსოში ჩამაგრებული თვალისმომჭრელი, ვერცხლისფერი შუბის თავი მოჩანდა.

მის გარშემო კედელზე სანთლების ნამწვები შემორჩენილიყო.

-        წესით, კარგი ფასი უნდა ქონდეს...! რას იტყვით ?! - ხარბი თვალებით მიაშტერდა დეივი არტეფაქტს.

-        დეივ, არ გინდა, ნუ მოკიდებ ხელს... აშკარად ეტყობა, ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანი ნივთია... დატოვე თავის ადგილას! - შეეცადა ანა დეივისთვის აეხსნა არ შეხებოდა შუბისთავს.

-        კაი რა, არამგონია, ამათ ეს კიდე რამეში გამოადგეთ... თან აშკარად კარგი ფასი ექნება... დიდი ბოდიში პატივცემული მკვდრებო, - ერთ-ერთი თავის ქალა ხელში აიღო დეივმა და ვითომ ესაუბრებოდა, ისე მიმართა ირონიულად, - ამას მე წავიღებ, თქვენ აშკარად აღარ დაგჭირდებათ... - და დაიწყო კედლიდან შუბისთავის გამოძრობა, ადვილი არ აღმოჩნდა.

-        აჰა ხო ხედავ, დეივ , აქ ურჩევნია ყოფნა, შეეშვი რა , დატოვე სადაცააა, ფოტო უკვე გადავუღე და მერე დავაკვირდეთ, - მარკიც ცდილობდა დეივისთვის რამე გაეგებინებინა, მაგრამ დეივი ისეთი მოწადინებული იყო, აღარაფერი გააჩერებდა.

ჯიბიდან დანა დააძრო და კედლის ნაწილების ჩამოშლის შემდეგ, როგორც იქნა უხეშად გამოაძრო შუბისთავი. ამ დროს ისევ ქარმა დაუბერა და კარი მოაჯახუნა...

-        ვაიმე, ცუდათაა ჩვენი საქმე, - ჩაიხითხითა დეივმა.

-        კაი გავიდეთ რა, რაღაც ძალიან ცუდად ვგრძნობ აქ თავს შიგნით, - თითქოს თავბრუ დაეხვა მარიას. - ჯანდაბა, წამლის დალევა ისევ დამვიწყებია, - ამოიღო ჯიბიდან კაფსულა, ჯიმს წყლის ბოთლი გამოართვა და დალია.

დეივმა კმაყოფილი სახით შუბისთავი ჯიბეში ჩაიდო და ყველანი სამარხის შენობიდან გამოვიდნენ.

მარკი იქვე ქვაზე ჩამოჯდა და ზურგჩანთიდან ლეფტოპი ამოიღო, რაღაცას ეძებდა დიდი გულმოდგინებით, სრული ინფორმაცია ხევსურეთზე წინასწარ გადმოეტვირთა ლეფტოპზე, იცოდა, აქ რომ ინტერნეტის პრობლემა დახვდებოდათ.

-        სოფელი ანატორის სამარხი ყოფილა, დაახლოებით მე-18 საუკუნეში მთელ სოფელს რაღაც ამოუცნობი დაავადება შეჰყრია და დედაბუდიანად ყველა ამოუხოცავს... თავისი ფეხით მოდიოდნენ მომაკვდავები თურმე და ამ აკლდამებში, უკვე დახოცილი ხალხის გვამების გვერდზე წვებოდნენ და თავადაც სკვდილს ელოდებოდნენ... რათა დაავადება არ გავრცელებულიყო. აქვე ნახავთ, პატარა ჩვილი ბავშვის ნეშტსაც, რომელიც დედას ხელში უჭირავს და სავარაუდოდ ძუძუს აჭმევს, - გულისყურით უსმენდნენ ყველანი მარკის მიერ მოთხრობილ შემზარავ ისტორიას.

-        ლეგენდის თანახმად, აქაური სალოცავის - „ანატორის ჯვრის“ ხატისთვის ვიღაც კაცს შუბი უსვრია და ხატი შუაზე გაუპია, „ანატორის ჯვარი“ გაბრაზებულა და ესე დაუსჯია მთელი სოფელი, - მარკის ისტორიაზე ანას თავისი წინადღის სიზმარი გაახსენდა, მაგრამ დიდი ყურადრება არ მიუქცევია და არავისთვისაც არაფერი უთქვამს.

მისტიურმა ადგილმა, თავისი შემზარავი ისტორიით, მოგზაურებს ცოტა არ იყოს გუნება-განწყობა დაუმძიმა, თან უკვე დაღლილებიც იყვნენ და მზეც უკვე ჩასვლას იწყებდა და ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ დღეისთვის საკმარისი იყო და კოშკისკენ გაემართნენ. მდინარის პირს ჩაუყვნენ, ანატორი თავისი შემზარავი სამარხით უკან მოიტოვეს და აღმართს დაადგნენ, რომელიც უნდა გაევლოთ სანამ კოშკს მიაღწევდნენ.

კოშკში დაბრუნებულებს, დიდად ხალისი აღარ ეტყობოდათ, ალბათ დაღლილობაც თავისას შვებოდა. საღამოს სუსხმა და ბინდმა, დღის სითბო და სინათლე ჩაანაცვლა. ჯიმი ბუხართან ჩაკუზულიყო და ცეცხლში შეშას ამატებდა, ერთი კაი ცეცხლის აგიზგიზება და გათბებოდა ოთახი.

ერთადერთი დეივი მშვენიერ ხასიათზე იყო, ხელში თავის ახალ მონაპოვარს კმაყოფილი სახით ათამაშებდა და თან რაღაცას ხმამაღლა ღიღინებდა, ერთი ორჯერ ოთახში მდგომ კარადას გაუქანა ჩასარჭობად შუბისთავი, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და შუბისთავი ძირს გასრიალდა... დეივმა აიღო და უფრო ძლიერად გაისროლა ხის კარადისკენ... ანა და ჯიმი ცდილობდნენ, აეხსნათ დეივისთვის, რომ ადამიანის ძვლებით გავსებული სამარხიდან წამოღებულ ნივთან ესე უდიერად მოპყრობა არც ისე კარგი იდეა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, დეივი როგორც ყოველთვის არავის აზრს არ ითვალისწინებდა. შუბისთავი როგორც იქნა ხის კარადაში გაარჭო და აღტაცებით შესძახა! მაგრამ უეცრად... კარში გარჭობილმა ბუხრის ცეცხლის ალზე მოელვარე შუბისთავმა კანკალი და ძაგძაგი დაიწყო, თითქოს ხის კარიდან თავის განთავისუფლებას ცდილობდა, წამის მეასედში ამოძვრა კარიდან, შემოტრიალდა და პირდაპირ დეივისკენ გამოექანა, დეივმა სასწაულებრივი სხარტი რეაქციის შედეგათ მოახერხა, თავი გვერდზე გაწია და მისკენ ელვის სისწრაფით მომავალი შუბის თავი აიცილა.

-        ოო, ეს უკვე ხუმრობა აღარაა, რა ჯანდაბა ხდება?! - შესძახა ჯიმმა, ყველანი დაძაბულები და შეცბუნებულები უყურებდნენ დეივს.

-        არაფერი, კარმა აისხლიტა, რა უნდა მომხდარიყო, თუ, როგორც იცით ხოლმე რამე მისტიურ კუდს გამოაბამთ ეხლა ამ ამბავსაც...? - ჩაიხარხარა დეივმა და შუბის თავი იატაკიდან აიღო.

ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, ბუხარი კარგად გაღვივებულიყო და სიჩუმეს მხოლოდ შეშის ტკაცატკუციღა არღვევდა.

-        კარგი, მგონი დღეისთვის გვეყოფა, ჯობია დავისვენოთ, ხვალ ისევ ადრე უნდა ავდგეთ, - ჩაილაპარაკა თავდაჯერებულად მარკმა და ლოგინის გაშლას შეუდგა.

დეივის გამოხტომებით დაღლილმა და შუბის ინციდენტით დაფეთებულმა დანარჩენებმა დავა აღარ დაუწყეს მარკს და ყველამ მორჩილად დაიწყო დასაწოლად მზადება.

 

 

თავი 4

ისევ ჩაბნელებული სოფლის მოედანი, ხალხი შეშინებული, სახლების ფანჯრებს და კარებებს შიგნიდან საგულდაგულოდ რაზავენ... და ისევ ნაცნობი სცენა - შავ ნაბადში გახვეული სილუეტი - ისევ შუბს სასროლად ამზადებს, სულში ჩამწვდომი, გამკივანი ხმით გადაიხარხარებს და შუბს ხატის მიმართულებით ტყორცნის.

-        შუაზე გააპო... - ისმის ხალხის შიშნარევი შეძახილები... - შუბით ხატი შუაზე გახლიჩა... - ანა ამჯერად უკვე სოფლის მოედანზე დგას, ტანზე ძველი ადგილობრივების მსგავსი სამოსი აცვია და გაოცებული აკვირდება მოვლენების განვითარებას.

სოფლის თავზე კვლავაც საზარელი შავი ღრუბლები იყრიან თავს, ცაში ქვესკნელიდან ამომძვრალი შავი სილუეტები დაფრინავენ, თითქოს რაღაცას ზეიმობენო.

ანა გზის მოპირდაპირე მხარეს გოგონას ამჩნევს, დაფლეთილი ღამისპერანგით, შეშინებული ათიოდე წლის გოგონას ხელში წიგნი უჭირავს და დაჟინებით მისჩერებია ანას, ოქროსფერი თმა, სულ დასვრილი და დასველებული, მხრებზე აქვს ჩამოყრილი... ფართოდ გახელილი, შეშინებული, ცრემლიანი თვალებით თითქოს რაღაცას ანიშნებს ანას. ანა დაუფიქრებლად იწყებს გზის გადაკვეთას, რათა გოგონას მიუახლოვდეს, თუმცა გზად საზარელი, ცაში მოფრიალე შავი სილუეტები ეღობებიან, ცდილობს ანა გზის გაკვლევას, ერთი შავი სილუეტი პირდაპირ მისკენ მოფრინავს და მის სხეულში გამჭოლად გაივლის, ენითაუწერელ ტკივილს და წვას იგრძნობს ანა გულის ფიცარში და ტკივილისგან შესძახებს... დაფეთებულს და სრულიად გაოფლიანებულს ეღვიძება ლოგინში, ცდილობს ნელ-ნელა გონს მოვიდეს, გარშემო სიჩუმე და სიბნელეა, ოთახს თვალი მოავლო, უცებ ანას თვალის გუგები გაუფართოვდა, როდესაც ფანჯრის რაფაზე ამძვრალი, ღამის პერანგში გამოწყობილი სარა დაინახა... ერთი ნაბიჯიც და გადავარდება და პირდაპირ ქვის საფეხურებზე დაეხეთქება...

-        სარა, რას აკეთებ მანდ? - შესძახა დაფეთებულმა ანამ, მის ხმაზე დანარჩენებსაც გაეღვიძათ, თუმცა სარას არანაირი რეაქცია არ ჰქონდა ანას ძახილზე, თითქოს ისევ ღრმა ძილში იყო და ვერ ახერხებდა გაღვიძებას....

ანა უკნიდან მიეპარა და ხელის სწრაფი მოძრაობით იატაკზე ჩამოაგდო...

-        რა ხდება? რა სჭირს?, - დასახმარებლად მივარდა ლოგინიდან ახლად წამომხტარი მარია...

-        არ ვიცი, ესე იდგა, ჩემ ხმაზე არ რეაგირებდა, შემეშინდა და ძირს ჩამოვაგდე, ერთი ნაბიჯიც და გადავარდებოდა... - ქოშინით შეეცადა ანა, მოეყოლა რაც მოხდა.

-        ვიწვი, ვიწვი, მიშველეთ... - სარა ნელ-ნელა გონს მოდიოდა, სახე მთლად გავარვარებოდა და გაწითლებოდა, აშკარა იყო, ძალზე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა...

-        მიშველეთ, შიგნიდან ვიწვი...წყალი დამასხით, ცეცხლი მიკიდია... - განწირულად ლუღლუღებდა...

ანამ სასწრაფოდ პირსახოცი დაასველა და სარას შუბლზე დაადო, ესიამოვნა გრილ პირსახოცთან შეხება, მაგრამ სიმხურვალით პირსახოციც წამებში გავარვარდა, თითქოს მდუღარე წყლით იყო გაჟღენთილი... მარია ჩანთაში იქექება, რაღაცას ეძებს, დანარჩენებიც წამოდგნენ, ყველანი სარას გარშემო დგანან და ვერ ხვდებიან რით დაეხმარონ.

-        აი ეს მიეცი, ტემპერატურას დაუწევს და დაამშვიდებს. - მარიამ ორი აბი და წყლის ჭიქა გაუწოდა ანას.

სარას ანამ თავი ფრთხილად წამოუწია და ჭიქა წყლით ტაბლეტი გადააყლაპა... ცოტა ხანში წამალმა აშკარად იმოქმედა, ოდნავ სიცხემაც დაუწია და ჩაეძინა.

მომდევნო დილას სარას მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, უფრო და უფრო ემატებოდა ტემპერატურაც და უკვე მოლანდების და ცხადის გარჩევაც უჭირდა.

-        ესენი ვინ არიან? რატომ დგანან ჩემს საწოლთან, გაიყვანეთ...! - გაჰყვიროდა იგი განწირულად.

-        ჩვენ ვართ, სარა, სხვა არავინ არ არის ჩვენს გარდა... - ცდილობდნენ მის დამშვიდებას მეგობრები...