ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფაფასუა

ფაფასუა

 ფ ა ფ ა ს უ ა

                                          

თავი I. უნივერსიტეტი


ეროვნული გამოცდები დამთავრდა. სხვა საქმე აღარ მქონდა. ჩემი, როგორც ფაფასუას, ერთადერთი მოვალეობა სწავლა იყო. მხოლოდ ისღა დამრჩენოდა პასუხებს დავლოდებოდი, თუმცა ისედაც ვიცოდი პასუხი. სწავლას საქართველოს პირველ უნივერსიტეტში, უფასო ფაკულტეტზე, განვაგრძობდი. სკოლაში ისტორია ჩემი საყვარელი საგანი იყო. ძალიან მიყვარდა მისტიკური და ლეგენდარული ამბების კითხვა, რადგან ეს არსებული რეალობისგან გაქცევაში მეხმარებოდა. უკვე დიდი ვიყავი, ტაძარშიც აღარ დავდიოდი. ჯვარიც მოვიხსენი, რადგან მას ჩემი დახმარება არ შეეძლო. ერთი სული მქონდა სახლს როდის დავტოვებდი და დედაქალაქში ჩემს ცხოვრებას დავიწყებდი.

დედა კმაყოფილი იყო. უხაროდა ჩემი წარმატება. დედა მშვიდი ბუნების ადამიანია, სიყვარულის დიდი უნარით. მისი უშუალო დამსახურებაა ჩემს ცხოვრებაში სიყვარულის პატარა ნაპერწკლის არსებობა, რომელიც ყოველთვის იმედს მისახავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

მამა, როგორც ყოველთვის, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მისთვის სულ ერთი იყო, მთავარია სასმელი დაელია, ეჭამა და დაეძინა. სოფელში უბადლო სახელით ვსარგებლობდი, როგორც ზრდილობიანი და წესიერი ბიჭი, საოცრად ჭკვიანი და წარმატებული. უფრო კი უკვირდათ, ამისთანა ლოთ კაცს ასეთი წესიერი შვილი როგორ ჰყავსო, ამბობდა ხოლმე დედა. 

პაპა ძალიან ამაყობდა ჩემი წარმატებით და უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ყოველთვიური პენსია დამინიშნა. ასე ჯიბის ფულის პრობლემა მოხსნილი მქონდა. მეც მიყვარდა პაპა, არა მარტო საჩუქრებით განებივრების გამო, არამედ მასში დამცველს ვხედავდი. ის ხშირად მიცავდა მამის აგრესიისგან. მას თავისთვის სახლში ორი ოთახი ჰქონდა, სადაც თავს ხშირად ვაფარებდი. იქ მამას შემოსვლა არ შეეძლო. პაპა მე და ჩემს დას ყოველთვის გვიცავდა და აგრესიითვე პასუხობდა მის „გაუბედურებულ“ შვილს, როგორც თავად მოიხსენიებდა. პაპა ხშირად ფულს გვაძლევდა, სეზონურად ტანსაცმელს გვყიდულობდა, ტკბილეულს გვიზიარებდა და ზამთრის ცივ დღეებში გახურებული შეშის ღუმელის სითბოსაც.

         სექტემბრის თვე იწურებოდა, მაგრამ ზაფხულის ცხელი დღეები სუნთქვას ისევ აუტანელს ხდიდა. ქარი სიახლეებს ზუზუნებდა. პაპა ზამთრისთვის შეშას აგროვებდა, მამა ისევ სვამდა, დედა კი გემრიელი საჭმელების კეთებას განაგრძობდა. გარდერობიდან ჩემი ძველი სამგზავრო ჩანთა გადმოვიღე, რომელიც პაპას ნაჩუქარი ფულით ვიყიდე წლების წინ, როცა ზღვაზე წავედი. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა კლასის დამრიგებელმა დამირეკა და მითხრა, როგორც სკოლის საუკეთესო მოსწავლეს, რომ ათი დღით ანაკლიის ბანაკში მიშვებდნენ. მაშინ 15 წლის ვიყავი და ზღვა პირველად ვნახე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მინდოდა ეს ათი დღე ძალიან ნელა გასულიყო. მივხვდი რომ ზღვა მიყვარდა, რადგან ჩემი აზრებიც ზღვასავით ბობოქარი და უკიდეგანო იყო. ჩემი ნივთებისა და ტანსაცმლის შეგროვება დავიწყე. არც თუ ისე ბევრი ტანსაცმელი მქონდა. ერთი სამგზავრო ჩანთა და ზურგჩანთა სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.

        ბინის პრობლემა გადაწყვეტილი იყო. დედაჩემის დეიდასთან დავრჩებოდი სწავლის მთელი პერიოდი. დედა სოფელი დიღმიდან იყო. აქ ცხოვრობდნენ დედამისი, ორი ძმა და დეიდა. დედაჩემის დეიდა და მისი ქმარი უზარმაზარ სახლში მარტო ცხოვრობდნენ. ერთი ბიჭი ჰყავდათ, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგეს. 14 წლის ბიჭს მინდორში მწყემსად ყოფნისას მეხი დაეცა და მიღებული დაზიანებების შედეგად გული გაუჩერდა. სოფელმა მისი ხსოვნა უკვდავყო და სექტემბრის პირველ კვირას, მისი გარდაცვალების დღეს, დიდგორის ველზე მისი სახელობის დოღი დააწესა. დიდედას სურვილი იყო მათთან მეცხოვრა, სანამ სწავლას დავასრულებდი და ფეხზე დავდგებოდი. 

დიდედას ვიცნობდი, როგორც ძლიერ ქალს, რომელიც კაცებს სათანადო წინააღმდეგობას უწევდა. ეს თვისება ძალიან მხიბლავდა ქალებში. ქორწინებაში არც მას გაუმართლა. მისი ქმარი ზორბა და აუტანელი ხასიათების კაცი იყო. განსაკუთრებით მყაყე ხასიათი ჰქონდა სასმლის მიღების შემდეგ. უფრო კი, როგორც თავად ფხიზელი ამბობდა, მთვრალზე უადვილდებოდა იმათი ლანძღვა, ვისაც საღ გონებაზე ერიდებოდა. დიდედას ხშირად შეურაცხყოფდა, მაგრამ არც დიდედა რჩებოდა ვალში, რადგან, როგორც ამბობდა, ღმერთის გარდა არავისი ეშინოდა. დედამ და ბებიამ კარგად იცოდნენ დიდედას ქმრის ამბავი, თუმცა ფინანსების უქონლობის გამო არ შეეძლოთ ჩემთვის ბინის ქირაობა და დიდედას წინადადებას სიხარულით შეხვდნენ. საცხოვრებლად დიდედასთან გადავედი.

        ჩემმა კლასელმა და პირველმა საუკეთესო მეგობარმაც ჩააბარა, სამედიცინოზე. ახლა ორივეს ახალი ცხოვრება უნდა დაგვეწყო და ისე ხშირად ვეღარ შევხვდებოდით როგორც ადრე, როდესაც სამეფო კარის თამაშების ახალ სეზონსა და ჰარი პოტერს ერთად ვუყურებდით და საათობით განვიხილავდით. მე და ნიკა ჯერ კიდევ მეორე კლასიდან ვმეგობრობდით. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმოდა და ცხოვრების შემეცნებას წლებთან ერთად განვაგრძობდით. თუმცა განსხვავებაც ბევრი იყო. გაკვეთილების მომზადება ყოველთვის მასზე უკეთ გამომდიოდა. მახსოვს ჯერ კიდევ ნოკიას ტელეფონით მირეკავდა და მათემატიკის ამოცანების გაკეთებაში ვეხმარებოდი. გარდა ამისა, კომპლექსური იყო. ბავშვობიდან არ უყვარდა გარეთ დიდი ხანი ყოფნა, უფრო ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. მე კი სულ ქუჩაში ხეტიალი და გართობა მსურდა, ასე ნაკლებად მიწევდა მამაჩემის დანახვა. მიუხედავად განსხვავებებისა, ძალიან მოგვწონდა ერთად ყოფნა და, შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ბევრი დაუვიწყარი დღე ვაჩუქეთ. განსაკუთრებით ბევრს ვმსჯელობდით სიყვარულზე და სწორედ ეს თემა გახდა ჩვენი დაშორების მიზეზი. 

           ძალიან მიყვარს ჰარი პოტერი. ბავშვობაში ჯადოსნური ჯოხით მეც ვერთობოდი და ჯადოქრის როლსაც ხშირად ვირგებდი, რის გამოც სხვა ბავშვებისთვის არც ისე მიმზიდველი ვიყავი. როგორც დედაჩემი ამბობდა, მაგ დროს ჩემი ტოლები უკვე კაცობდნენ, მე კი ისევ ცანცარა ვიყავი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰოგვორტსის მსგავს ადგილად წარმომედგინა და მაგიურ სამყაროში შესასვლელად ვემზადებოდი. პირველად უნივერსიტეტში ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წავსულიყავი. ქალაქის გზები არ ვიცოდი და, რაღა დაგიმალოთ, არც ჩემმა ზრდასრულმა ბიძებმა. გადაწყდა რომ ბებია გამყვებოდა.

           სოფელი დიღმის ბირჟიდან თეთრ დუქნამდე 7 ნომერი ავტობუსით ვიმგზავრეთ. ეს გზა ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო, რადგან მას ყოველ ზაფხულს გავდიოდი, როდესაც სასკოლო არდადეგებზე დასასვენებლად გორიდან ჩავდიოდი. მაშინ როცა მთელი დედაქალაქი დაცლილი იყო, ზოგი ზღვაზე, ზოგი კი მთაში იყვნენ წასულები, მე დედაქალაქში დასასვენებლად ჩავდიოდი. უფასო დასვენება ხომ ასე სანატრელია ყოველი მშობლისთვის საქართველოში. თეთრი დუქნის გაჩერებიდან 14 ნომერ ავტობუსში გადავსხედით. ეს მარშრუტი კი უკვე ჩემთვის უცნობ და ქალაქის ახალ ხედებს მაცნობდა. ვარაზის ხევიდან ვაკეში ასასვლელ რიყის ქვით მოკირწყლული გზიდან დავინახე თსუ-ს პირველი კორპუსის სამკარიანი შენობა, რომლის მხოლოდ ფოტო მქონდა ნანახი. უნივერსიტეტის ეზოში შესვლისთანავე ჩემს წინ აღმოჩნდა ცნობილი ქართველი მოღვაწეების და უნივერსიტეტის დამაარსებელთა ძეგლები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე ჯავახიშვილი, ვაჟა-ფშაველა და სხვები. მთლიანი ლანდშჩაფტი ჩემში რაღაც გრაციოზულ სურათს ქმნიდა და დიდებულ გრძნობას იწვევდა. სწორედ ეს ადგილი უნდა გამხდარიყო ჩემი ახალი სახლი და აქ უნდა გამეჩინა ისეთი მეგობრები, როგორებიც ყოველთვის მინდოდა.

 

           ხელშეკრულების დასადებად მეორე სართულზე უნდა ავსულიყავი და ბებიაც გამომყვა. მოულოდნელად ბებიას კიბეზე ფეხი დაუცდა და დაგორდა. ერთდროულად საშიში და სასაცილო მომენტი შეიქმნა. საბედნიეროდ ბებიას არაფერი დაუშავდა. მის წამოყენებაში უნივერსიტეტის დაცვაც დამეხმარა. იმ საღამოს სტუდენტების ჯგუფში ვკითხულობდი თუ ვის ვინ წამოჰყვა პირველ დღეს უნივერსიტეტში. პირველკურსელების ნაწილი დასცინოდა იმ სტუდენტებს ვისაც, მშობლები ახლდნენ. მე კი ბებიასთან ერთად მივედი, რომელიც კიბეებზე დაგორდა კიდეც. ამის გახსენებაზე სიცილისგან რამის გავიგუდე და ტკბილად ჩამეძინა.

           მომდევნო კვირას უნივერსიტეტეში სწავლა დაიწყო. პირველი ლექცია 9 საათზე ტარდებოდა. დიდი გზა მქონდა გასავლელი. 7 საათზე ავდექი. ისევ ბნელოდა. გამოვიპრანჭე. ყავა დავლიე და 7:45 წუთზე გაჩერებაზე ვიდექი. ბებიამ მითხრა, რომ 51 ნომერ ავტობუსს გავყოლოდი და პირდაპირ უნივერსიტეტთან მიმიყვანდა. ამჯერად, დიღმის მასივში უნდა შემეცვალა მარშრუტი. მართალია, თბილისის ქუჩებს საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ვაკვირდებოდი და ძალიან სწრაფად ვსწავლობდი. ერთი შემთხვევაც არ მახსოვს დავკარგულიყავი ან მარშრუტი შემშლოდა. შეიძლება ითქვას, ორიენტირება ჩემი ძლიერი მხარეა. ადრე მივედი, როგორც ყოველთვის ჩემი ზეპუნქტუალობა არ მშორდებოდა.

           პირველ ლექციაზე ჩვენი შუახნის ქალბატონი ლექტორი ანალების ფრანგულ საისტორიო სკოლაზე საუბრობდა. სიტყვა ანალების გაგონებაზე ნახევარი დარბაზი ახარხარდა. მცირედ გაკვირვებულმა პროფესორმა იკითხა: ” რატომ იცინით ბავშვებო”? ცხადია, არავის უპასუხია და თავადვე გაახსენდა, რომ მის წინ 18 წლის ბავშვები ვისხედით და არა მეცნიერები. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, თავის გამოჩენა მიყვარდა, რამდენიმე კითხვა დავსვი. სკოლაში პოპულარული ბიჭი ვიყავი და არც უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩემი რეიტინგის დავარდნას და ასეც მოხდა. ლექციის დასრულების შემდეგ ერთი გოგო მომიახლოვდა, მითხრა რომ ისიც ჩემს კურსზე იყო. ფურცელზე თავისი სახელი და გვარი დამიწერა, ფეისბუქზე ასე მნახავო. ძალიან გამიხარდა, პირველი შემთხვევა იყო, როცა გაცნობის ინიციატივას მე არ ვიჩენდი.

           უნივერსიტეტი დავათვალიერე. მაშინ ძველი მოდელის ე.წ. ლიფტიანი მობილური ტელეფონი მქონდა, რომელიც მამიდაშვილმა მაჩუქა, და სურათების გადაღება ვერ შევძელი. სინამდვილეში კი ძალიან მეუხერხულებოდა ჯიბიდან მისი ამოღება. მომშივდა. გარეთ ჭამისთვის საკმარისი ფული არ მქონდა და სახლში დავბრუნდი. შემდეგში ჩემმა ერთ-ერთმა კურსელმა ურთიერთობებზე საუბრის დროს წამომაძახა, რომ შენ ყოველთვის ადრე მიდიოდი ხოლმეო. მიზეზი მქონდა.

           ფინანსური პრობლემა ცალსახა იყო. პაპაჩემის დანიშნული პენსია გზის ფულში არ მყოფნიდა. ორი ვარიანტი მქონდა, ან ძალიან მაგრად უნდა მესწავლა და სტიპენდია მომეპოვებინა ან სწავლაზე ხელი ჩამექნია და სამსახურის ძებნა დამეწყო. პირველი გზა ავირჩიე. პირველი სემესტრი წარმატებით დავხურე, თუმცა ჩემი ქულები სტიპენდიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონკურენციაში დამატებით ითვალისწინებდნენ კონფერენციებში მონაწილეობასა და გამოქვეყნებულ სტატიებს. მე კი ჯერ მხოლოდ პირველ კურსზე ვიყავი. გადავწყვიტე სტუდენტურ კონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა. ჩემთვის ნაცნობ ლექტორს ხელმძღვანელობა ვთხოვე და საკონფერენციო ტექსტის მზადებას შევუდექი, რამაც საბოლოოდ სტიპენდია მომაპოვებინა. ძალიან მიხაროდა. საახალწლოდ განვადებით ახალი მობილური შევიძინე.

           მუდმივი მეგობრების გაჩენაზე სულ ვფიქრობდი და უნივერსიტეტზე კარგი ადგილი ამისთვის სად უნდა მენახა. მაშინ უნივერსიტეტში ბევრი თანატოლი გავიცანი. დიდად კომუნიკაბელურობით არ გამოვირჩეოდი, უფრო მორიდებული და თავის თავში ჩაკეტილი ტიპი ვიყავი, რომელიც ლექციების მერე სახლში ბრუნდებოდა. თანაც, კურსელების უმეტესობას იმ შემთხვევაში ვხდებოდი, თუ ერთი და იგივე საგანი გვქონდა არჩეული, სხვა შემთხვევაში შეხვედრის შანსები მინიმალური იყო. ერთ გოგოსთან დავახლოვდი. ძალიან თბილად მექცეოდა, სულ მეხუტებოდა ხოლმე შეხვედრისას და მეც მოუთმენლად ველოდი მის გამოჩენას ლექციებზე. მოულოდნელად გაუჩინარდა, ლექციებზეც აღარ დადიოდა. მერე გავიგე რომ გათხოვდა. ცოტათი მეწყინა.

           ახლო მეგობრები სულ მინდოდა, მაგრამ მათი დაპატიჟება სახლში არასდროს შემეძლო. თავდაპირველად მამაჩემის გამო, რომელიც ძალიან ბრაზობდა სახლში თუ ვინმეს მივიყვანდი. მახსოვს, ნიკა რომ ჩემთან გადმოვიდოდა მაშინვე უკან გარბოდა ხოლმე, როცა მამაჩემი ყვირილს დაიწყებდა. ცხადია, არავის სურს მთვრალი კაცის ბოდვის მოსმენა. ამჯერად კი სხვის სახლში ვცხოვრობდი. თანაც, დიდედას უზარმაზარ სახლში, იმ პერიოდში, ერთი ოთახი ითავსებდა სამზარეულოს, საძინებლის, აბანოსა თუ მისაღების ფუნქციას. უნივერსიტეტში სიარული განსაკუთრებით ზამთრის თვეებში მიმძიმდა.

           სიცივეში მეძინა. ხელ-პირის დასაბანად ეზოში ჩავდიოდი, სადაც ყინულივით ცივი წყალი მოდიოდა, ასე რომ დილით გამოფხიზლება სულაც არ მიჭირდა. წყლის გადავლების პრობლემა ჰო სულ დღის წესრიგში იყო. კვირაში თავის დაბანას ორჯერ ვახერხებდი და ამაზეც მეუბნებოდნენ გაცივდები ასე ხშირად ნუ იბანო. თავს უხერხულად ვგრძნობდი, ვფიქრობდი, იქნებ გაზს რომ ვწვავ არ სიამოვნებთ თქო. ასე იყო თუ ისე ზოგჯერ ვერ ვიბანდი და უნივერსიტეტის ლექციებზე ქუდი მეფარა.

           კურსზე პოპულარობა მალევე მოვიპოვე. რამდენიმე უფროსკურსელსაც დავუახლოვდი სათანადო რჩევების მისაღებად. გამიმართლა, ისინიც ბეჯითი სტუდენტები იყვნენ და ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ერთ-ერთი საუკეთესო კურსი ვიყავით ფაკულტეტზე. აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი კურსელებისა კარგად სწავლობდა. მეორე კურსზე სამი სტუდენტი ვლიდერობდით და ჩვენს შორის კონკურენცია უფრო და უფრო მწვავდებოდა.

           გარე სამყაროსგან თავი უნდა დამეცვა. ჩემი ფაფასუობა რამით უნდა გადამეფარა. წარმატებულ და ნიჭიერ სტუდენტს კი არავინ დაიწუნებდა. მესამე კურსზე თავი გავიგიჟე, თითქმის ყველა კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა და უმაღლესი შეფასებები მოვიპოვე. მეექვსე სემესტრის შედეგებით ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, რომელზეც იმ დროს დაახლოებით 3-4 ათასი სტუდენტი სწავლობდა, პირველ ადგილზე გავედი. იმ დღეს ბიბლიოთეკაში ვმეცადინეობდი, როდესაც ჩემი კურსელები მოვიდნენ და მითხრეს, ბატონმა გურამმა ლექციაზე თქვა: “მიულოცეთ თქვენს კურსელს ფაფასუასო, პირველ ადგილას გავიდაო”.

           ბატონი გურამი მაშინ ევროპა-ამერიკის ისტორიას მიკითხავდა და მის ლექციებს აღარ ვესწრებოდი, რადგან შუალედურ გამოცდაზე დაბალი შეფასება დამიწერა. გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე პაპა დაიღუპა. სოფელში წავედი და ყველა თემის სათანადოდ დამუშავება ვერ მოვასწარი. საგამოცდო ბილეთში ზუსტად ის თემა შემხვდა, რომელიც აღარ გადამიკითხავს, თუმცა დავწერე ყველაფერი, რაც მახსოვდა. ნაწერში ფაქტობრივი შეცდომა არ მქონია, უბრალოდ რამდენიმე ფაქტი და მოვლენა გამორჩა, რის გამოც ასეთი დაბალი ქულის მიღება უსამართლობად მივიჩნიე. გავასაჩივრე. თითქმის ერთი კვირა ველოდი აპელაციის შედეგს. სისტემაში ცვლილება არ ჩანდა. გადავწყვიტე ბატონ გურამთან პირადად მივსულიყავი.

-გამარჯობა, ბატონო გურამ, ჩემი ნაწერი გავასაჩივრე და აპელაცია ისევ არ მიგიღიათ?

-ფაფასუა შენ ხარ?! გელოდებოდი.

-დიახ, მე ვარ.

-მოდი შენს ნაწერს გაჩვენებ, ეს ქულა რაც დავწერე ისედაც მომატებულია. აი ეს არ გიწერია… ეს ფაქტი გამოტოვებული გაქვს… უბრალოდ, შენს შედეგებს გადავხედე და მართლა ძალიან კარგი ქულები გაქვს. არ მინდა რომ ის ლექტორი მე აღმოვჩნდე, ვინც ამ შედეგებს გაგიფუჭებს და, ვინაიდან ფინალურ გამოცდაზე მაქსიმალური ქულის აღება თითქმის შეუძლებელია, ორ ქულას მოგიმატებ, რათა შანსი გქონდეს საგნის ფრიადზე დახურვისა.

-ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის.

კაბინეტიდან გავედი. დერეფანში ჩემი ახალგაზრდა ლექტორი ზაქრო შემხვდა.

-გამარჯობა ფაფასუა, როგორ ხარ?

-კარგად ზაქრო, თავად?

-მადლობა, კარგად. ბატონმა გურამმა შენზე მკითხა როგორი სტუდენტიაო, მე ვუპასუხე ძალიან კარგი თქო და თქვა ვითომო?! ჰო მშვიდობა გაქვს?

-კი ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ შუალედური გავასაჩივრე და, ალბათ, დააინტერესა ვინ ვიყავი.

-კარგი, აბა წარმატებები!

-მადლობა.

ბატონ გურამთან მეორე შუალედურზეც და ფინალურ გამოცდაზეც მაქსიმალური შეფასებები მივიღე. იმ საღამოს კი, როცა ჩემს კურსელებს აცნობა სტიპენდიატთა რეიტინგის სათავეში ჩემი მოხვედრის შესახებ, თავადვე გაარკვია თუ როგორი სტუდენტი ვიყავი.

           განსაკუთრებული პოპულარობა მომიტანა პროფესორ ნაპოლეონის საგანში მაქსიმალური ქულის აღებამ. ეს ის ლექტორი იყო, რომლის საგანშიც ყველაზე მეტი სტუდენტი იჭრებოდა და მაქსიმალური შეფასება ათწლეულში ერთხელ თუ იწერებოდა. ფინალურ გამოცდაზე დასაწერ თემებში ელისაბედ ტიუდორი და ლუდოვიკო XIV შემხვდა. თითქმის 15 გვერდი ვწერე, ყველა ფაქტი და მოვლენა თანმიმდევრულად და გაანალიზებულად დავწერე. მეგონა, 1-2 ქულას მაინც დამაკლებდა, მაგრამ ჰოპ და სისტემაში 100 ქულა გამოჩნდა. სიხარულისგან ბიბლიოთეკაში კვიცივით ჰაერში ავკუნტრუშდი. ხოლო მომდევნო სემესტრში, როცა პროფესორ ნაპოლეონს დერეფანში შევხვდი მითხრა: “იცი ფაფასუა, ჩემთან მოდიან სტუდენტები და მეკითხებიან, კი მაგრამ ასი ქულა როგორ დაუწერეთ, რანაირადო. მე კი ვპასუხობ, ეკუთვნოდა და დავუწერეო”.

           ბაკალავრიატზე ყოფნისას ანტიკური საზოგადოებით ვიყავი გატაცებული, ვკითხულობდი ჰომეროსს, ბერძნულ ტრაგედიებს, ვსწავლობდი ლათინურ ენას, მაშინ როცა სიმარტივისთვის ჩემმა კურსელებმა თურქული ენა აირჩიეს. განსაკუთრებით მომწონდა ლათინური სენტენციები-გამოთქმები. ჩემი ფავორიტია “Omnia mea, mecum porto - ყველაფერ ჩემსას თან დავატარებ”. დღემდე ასე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას. 

           დიდი სიმპათიებით ვიყავი განმსჭვალული ქალბატონ მაკას მიმართ, ჩვენი ანტიკოსი ლექტორი, რომლის ყველა არჩევითი საგანი გავიარე. როგორც თავად ამბობდა, სტუდენტს ჯერ ლექტორი უნდა მოეწონოს და მერე მის ყველა საგანსაც ინტერესით მოეკიდებაო. რატომღაც მეგონა, რომ ეს სიტყვები მე მომემართებოდა. ჩემი მომავალი საბაკალავრო ნაშრომი სწორედ მისი ხელმძღვანელობით დავიცავი.

           ეტაპობრივად, ვსწავლობდი რელიგიას, ფილოსოფიას, არქეოლოგიას, კულტურას, ენათმეცნიერებას და სხვა უამრავ საინტერესო თემებს. ჩემი ცნობიერება და თვალსაწიერი თანდათან იზრდებოდა, მიყალიბდებოდა სამყაროსა და ადამიანების შესახებ ჩემეული მსოფლმხედველობა. შეიძლება ითქვას, ბაკალავრიატის პირველ წლებში ჩემი ლიბიდო მთლიანად რეალიზდებოდა სწავლაში. ყოველი ახალი თემის აღმოჩენა და გააზრება ჩემში თითქოს ინტელექტუალურ ორგაზმებს იწვევდა. შემეცნების დაუოკებელი სურვილი ყველაფერზე წინ მეყენა, სანამ მეცნიერების ახალი დარგი არ აღმოვაჩინე, რომელმაც ყოფით რეალობასთან დამაბრუნა და მთელი ჩემი მრავალწლიანი ილუზორული ფარის მსხვრევა არ დაიწყო.

           სკოლის პერიოდიდან კარგად ვსწავლობდი, მაშინაც კი როცა მთვრალი მამაჩემი მაგიდიდან წიგნებს მიყრიდა. სულ ვამბობ ხოლმე, სწავლამ გადამარჩინა მეთქი. ტოქსიკური გარემოს წიგნების სამყაროთი ჩანაცვლებაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო. მესამე კურსის ბოლოდან სწავლა, როგორც გარე სამყაროსგან დამცავი ფარი, ვეღარ მშველოდა. მოტივაციას თანდათან ვკარგავდი. ჩემმა კურსელმა კულტურის კვლევების პროგრამის შესახებ მომიყვა, ძალიან საინტერესოდ და აღფრთოვანებული საუბრობდა. იმ საღამოს საგნების ცხრილს გადავხედე. ჩემი ყურადღება ორმა თემამ მიიპყრო, იდენტობამ და კულტურულმა ტრავმამ.

           ისტორიის მიმართულებაზე ტრადიციული ისტორიოგრაფიული მოდელით გვასწავლიდნენ და ნაკლებად ითვალისწინებდნენ თანამედროვე მეცნიერების ახალ თეორიებსა და მოდელს. ამიტომ, იდენტობის მნიშვნელობასა და როლზე თითქმის არ მქონდა ინფორმაცია, მით უფრო კოლექტიურ მეხსიერებასა თუ კულტურულ ტრავმებზე. იდენტობის მთავარი კითხვა, ვინ ვარ მე? მოსვენებას არ მაძლევდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საკუთარი თავის ძიების პროცესში ვიყავი. გენდერი და სქესი, მასკულინობა და ფემინურობა, სოციალური როლები, ნორმები და წესები, სექსუალობა და დისკრიმინაცია, დომინანტი ჯგუფები და უხილავი ჯგუფები, ჰომოფობია, ქსენოფობია, ეთნოცენტრიზმი და სხვა უამრავი უცხო ტერმინებით გაივსო ჩემი გონება. ამ ინფორმაციის ერთბაშად გააზრება არ შემეძლო და თანდათან მივყევი. განსაკუთრებით ფსიქოლოგ ივრინგ გოფმანის სიტყვებმა დამაფიქრა, რომელიც ამბობდა: “ჩვენ ყველა ავანსცენაზე ვიმყოფებით და სხვადასხვა სოციალურ როლებს ვასრულებთ”, (დედა, მამა, და, ძმა, ცოლი, ქმარი, შეყვარებული, ექიმი თუ სხვ.). მისი აზრით, მარტო ყოფნისასაც კი ვთამაშობთ.

           ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი კონსტრუქტივიზმის თეორიის შესწავლის შედეგად, რის თანახმადაც მთელი რეალობა ჩვენი წარმოდგენებითაა შექმნილი და პირობითად შეთანხმებულია. არ მესმოდა საერთოდ რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას წარმოსახვით რეალობაში, ან რა საჭირო იყო ამდენი ომი, ტკივილი და ყველაფერი ცუდი. საშინელი შეგრძნებაა, როცა ყოფის აუტანლობა ამაოებად იქცევა და მთელი სამყარო თავზე გენგრევა. ამ დროს რწმენა გჭირდება რომ გადარჩე და მიზანი გქონდეს. საკუთარი თავის გარდა კი არაფერი გამაჩნდა.

           კულტურული ტრავმის კვალდაკვალ ჩემს ტრავმებსაც გადავხედე. ყველაზე მეტად ტრავმის განკურნების გზები მაინტერესებდა. როგორც სასწავლო რიდერში ამოვიკითხე, ტრავმასთან გამკლავების რამდენიმე გზა არსებობდა, მათგან ორი პერსონალურ დონეზეც თავსებადი იყო. პირველის მიხედვით ტრავმასთან გამკლავებისთვის აუცილებელი გზა მასზე საუბრით იწყებოდა. ჰო და შევუდექი ჩემი ტრავმების გაზიარებას, ჩემს შიგნით არაფერი დამიტოვებია. თითქმის ყველა გავაქციე და დიდად არ მიშველა, თუმცა კომუნიკაციური უნარები დამეხვეწა, მორიდებულობამ და კომპლექსებმაც უკან დაიწია. უკვე სხვა ადამიანად ვგრძნობდი თავს. მეორე გზა პატიება იყო. ევა მოზესივით უნდა მეპატიებინა ჩემი “მენგელეებისთვის”.

           ევა მოზეს კორი იყო ჰოლოკოსტს გადარჩენილი ორი ტყუპი დიდან ერთ-ერთი. მისი მშობლები და უფროსი დები ნაცისტებმა დახოცეს, ხოლო თვითონ მის ტყუპისცალთან ერთად ტყვედ აიყვანეს და შემდგომში ექიმ იოსეფ მენგელეს გადასცეს, რომელიც ტყუპ ბავშვებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდა, არიული რასის სწრაფი გამრავლების მიზნით. ახალგაზრდობის წლებში ის და მისი და მთელი რიგი ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებოდნენ, რაც, როგორც სჯეროდათ, აუშვიცის ბანაკში ყოფნის შედეგები იყო. მისი და მირიამი თირკმლის უკმარისობით იტანჯებოდა. ევამ თავისი თირკმელი გადაუნერგა და როგორც თქვა: “ მე მყავს ერთი და მაქვს ორი თირკმელი, ჰო და არჩევანი ადვილი იყო”. მირიამმა დიდხანს ვერ იცოცხლა და 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ევა მოზესმა კი ნორმალური ცხოვრების გაგრძელების მიზნით აპატია ექიმ მენგელეს ყველა ის საშინელება, რაც მას და მის დას გაუკეთა. იგი 85 წლის ასაკში ზუსტად იმ წელს გარდაიცვალა, როცა მე კულტურულ ტრავმას ვსწავლობდი. ჰო და მეც ვთქვი, მე მაქვს ერთი გული, რომელსაც ბევრის პატიება შეუძლია.

           პატიება, მართლაც, უძველესი მაგიაა. მჯერა, რომ ჩვენი ცხოვრება აკვიატებებისგან შედგება. რწმენისგან განსხვავებით აკვიატება წარსულის რწმენაა აწმყოში. გვწამს რომ წარსულში გვატკინეს, მოგვატყუეს ან იმედი გაგვიცრუეს, რაც ხშირად აწმყოში ურთიერთობებს გვინგრევს და ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ პატიება გვათავისუფლებს ამ აკვიატებისგან. როდესაც იმ ადამიანს ვაპატიებთ, რომელმაც გვატკინა, ამით საკუთარ თავს მეორე შანსს ვაძლევთ.

           კულტურის კვლევებით ისე ძალიან დავინტერესდი რომ მაგისტრატურაზე ამ მიმართულებით გაგრძელება გადავწყვიტე. ჩემი ისტორიის სწავლების მერვე სემესტრი კოვიდ-პანდემიის დაწყებას დაემთხვა. უნივერსიტეტში დასწრებული მეთოდით სწავლა შეწყდა. ყველანი სახლებში ჩავიკეტეთ და კომპიუტერებს მივუსხედით. გამიმართლა რომ ლეპტოპი მქონდა, რომელიც სწავლის დაწყების წელს, ჩემს მეთვრამეტე დაბადების დღეზე, პაპის ნაჩუქარი ფულით შევიძინე. სხვა მხრივ ყველაფერი ცუდისკენ შეიცვალა.

           უნივერსიტეტს მოვწყდი და ჩემს ახალ არც თუ ისე კარგ, მაგრამ მამაჩემისგან შორს მყოფ ცხოვრებასაც. სოფელში დაბრუნება მომიწია. აბიტურიენტებიც დავკარგე, რომელთაც ისტორიაში ვამზადებდი, მათსავე ბინებში დავდიოდი ზაჰესიდან წერეთლის მეტრომდე და იქიდან ნახალოვკაში სოფელი დიღმიდან. ნუ, ერთი მხრივ, ასე წოწოალის დისკომფორტი კი მომეხსნა, თუმცა სახლში გამოკეტვას კი მერჩივნა.

           პანდემიის გამო ბევრმა ჩემმა კურსელმა თავი შეიკავა სწავლის გაგრძელებაზე, თუმცა მე სწავლის გარდა რა უნდა მეკეთებინა წარმოდგენა არ მქონდა. თანაც, თუ შევყოვნდებოდი თავს ჯარში მიკრავდნენ, რაც დიდად არ მინდოდა. სამაგისტრო გამოცდები ჩავაბარე, თუმცა გრანტი ვერ მოვიპოვე. ახლა კი სადმე მუშაობა უნდა დამეწყო, რათა სწავლის გადასახადი დამეფარა. მაგისტრატურის ლექციები საღამოს საათებში ტარდებოდა, რაც ხელს უწყობდა სტუდენტებს მუშაობაში. ხელთ ისტორიის ბაკალავრის ხასხასა დიპლომი მეპყრა და ისტორიის მასწავლებლის გამოცდა მქონდა ჩაბარებული. მიუხედავად ამისა, სკოლაში არ შემიშვეს, ჩემი ასაკისა და გამოცდილების არ ქონის საფუძველზე, რაც ყველაზე არა ლოგიკურ ამბად მიმაჩნდა.