ჩემთან
ჩემთან
ჩემთან...
შესავალი
მას შემდეგ რაც ჩემს თავს მივეყუნჭე და ვისწავლე თუ რა არის ჭეშმარიტი სიკეთე მარტოობისა, რიგრიგობით, ძალდატანების გარეშე თავისი ნებით ამოძვრნენ ჩემი სულიდან სხვა ადამიანები. გზადაგზა შევიტკბე მარტოობის საამო ნაყოფი, რომელმაც მოგვიანებით მთლიანობა შესძინა ჩემს ჯერ კიდევ ამოუცნობ შორეულ მეს და ელვასავით ინათა მასთან დაახლოების დაუოკებელმა სურვილმა.
ასე მგონია მარტონი ვიქნებით მანამ, სანამ დავიწყებდეთ ძიებას დაკარგული ნაწილისა, რომელიც რატომღაც ფიზიკურ მეორე ნახევრად წარმოგვიდგენია მხოლოდ... ყველაზე მთავარს კი, საკუთარი სულის დაგმანულ სიღრმეებს არათუ ვეძიებთ, ბუნდოვნადაც კი არ
ვუმზერთ საუბედუროდ.
თავი პირველი
წვიმიან დღეებში, როცა ისე ფრთხილად უნდა იარო, რომ გზაზე განრთხმულ ლოკოკინებს არ აუტეხო შემზარავი ტკაცატკუცი, განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო სუფთა სინდისითა და ფეხსაცმლით რომ შეხვიდე შინ.
და რადგან ბებიაჩემი ის ქალი გახლდათ, რომელიც ამინდის მიუხედავად გაბრაზების დროს ცალ ფეხს განზე სწევდა და მაღლა აწეული ტერფით ქუსლს ეყრდნობოდა, ეს ფაქტი ლოკოკინებთან არაფერ შუაშია, მაგრამ იმ საღამოს ყველა მათგანს რომ ავარიდე ბილიკზე ფეხი და შეციებული შევვარდი გავარვარებულ ოთახში,მეგონა ოჯახის სხვა წევრებიც ჩემნაირად კმაყოფილნი იქნებოდნენ...
მაგრამ ზუსტად ამ მანერით დამხვდა ბებო, რომელსაც ხელში ქრესტომათიის წიგნი ეჭირა და ამაოდ ცდილობდა ჩემი ძმისთვის სქოლიოდან ამოკრებილი სიტყვების მნიშვნელობა განემარტა. თანაც დარწმუნებული იყო, მისაღებ გამოცდებზეც აუცილებლად რომ შეხვდებოდა აღნიშნული წინადადებები.
რაკი დავრწმუნდი რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, მოწყვეტით ჩავეშვი გვარიანად მორყეულ, ხმელ, მუცელამოღრმავებულ სავარძელში, რომელსაც შეძლებისდაგვარ სირბილეს დედაჩემის შეკერილი გაწყალებული ბალიში თუ სძენდა. როცა მარტო ვრჩებოდი, ჩავიკარგებოდი შიგნით, შევალაგებდი ფეხებს ფანჯრის რაფაზე, გავუშტერებდი თვალს ეზოს ბოლოში ჰორიზონტის შეზღუდულ კონტურებს და იმას ვფიქრობდი, სადამდე გასტანდა ჩემი მარტოობა, ან როდის, რომელ რიცხვში მოვკვდებოდი. ვინ უფრო მეტს იტირებდა, დედა თუ ბებიაჩემი. 100 წელსაც რომ მეცოცხლა თუნდაც, ხომ იარსებებდა კონკრეტული თარიღი, რომელიც ათეულობით წრებრუნვის შემდეგ მაინც მე დამელოდებოდა, რომ თავის თავზე აეღო ჩემი სიკვდილის მოკრძალებული სიმძიმე... ამავდროულად სხვა ადამიანებიც ხომ დაიბადებოდნენ იმ დღისით...
დროთა განმავლობაში მივხვდი, ჩემი მარტოობა საშიშ იერს რომ იძენდა და სიკვდილზე ფიქრი გავაიშვიათე.
მაშინ კი, იმ მორყეულ სავარძელში ვიჯექი და ფანჯრის რაფაზე ფეხების შელაგებისგან ვიკავებდი თავს. ვინაიდან არც მარტო ვიყავი და არც იმის სურვილი მქონდა სიკვდილზე მეფიქრა... თვალები მივლულე და რადგან იმ საღამოს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპისთვის გვარიანად დიდი და მკაფიო წერტილი დამესვა, ჩემთვის ერთობ ფაქიზი ამბავი ჩემებურად დავწერე.
* * *
მე ორჯერ დავიბადე.
პირველად მაშინ, როცა ცრემლდამშრალმა და გაოგნებულმა დედაჩემმა ჩემი ამქვეყნად მოვლინების გადაყვეტილება მიიღო და შემდეგ უკვე დეკემბრის იმ დამზრალ საღამოს.
ჯერ კიდევ დედის წიაღიდან ვიბრძოდი გადარჩენისთვის და ალბათ ის მუხუდოს მარცვლისოდენა ვერც ვიფიქრებდი მომავალში არაერთხელ რომ მომიწევდა სიცოცხლესთან ამგვარი ჭიდილი. მაინცდამაინც ფიზიკური ყოფნა-არყოფნის ხიფათი არ მქონია იქნებ, თუ არ ჩავთვლით მუცლადყოფნის პერიოდს, თუმცა მთელი შეგნებული ცხოვრებაა ვიბრძვი, როგორღაც თავი რომ დავაღწიო ხალხს.
ახლა კი, იმ ნაჩქარევად შექმნილი ოჯახის ნაყოფი მხრებით დავატარებ ამოუცნობ შიშებს, დედის მუცლიდან წყევლასავით რომ დამყვება და მხოლოდ ზრდასრულ ასაკში გავაცნობიერე.
იქნებ ზუსტად ვერ შევძლო საწყალი და შეშინებული დედაჩემის მაშინდელი შფოთიანი ფიქრები გადმოვცე, მაგრამ მოგვიანებით თავადვე მიხვდებით, როგორ დამისახიჩრა სული მუხუდოსხელა მარცვალს მუდამ გაბრაზებული მამისგან უარყოფის არაერთმა მცდელობამ.
მაინც დავიბადე. კანონიერად, თუმცა ჩემი მშობლების შეუღლებიდან რამდენიმე თვეში. როგორც დედა იხსენებს, გადაუთვლიათ მეზობლებს იმ დაკოჟრილ თითებზე შეუღლებისა და ჩემი დაბადების თარიღები და რამდენიმე კვირა რომ დააკლდათ მშობიარობის ლოგიკურ თარიღამდე, გადაუსავსავებიათ თავები, ეჭვის თვალით დაუწყიათ ყურება საწყალი დედაჩემისთვის. მერე ბებიაჩემს უვაჟკაცია და ისე მოუკვარახჭინებია საქმე, იმის მერე აღარავის დასცდენია სიტყვა. ქვემოუბნელი ნათელას უბადლო მეხსიერება და ნებსით თუ უნებლიედ აზროვნებას წინ გასწრებული ენა რომ არა, არც მე მეცოდინებოდა ტაბუდადებული თემის წვრილმანი დეტალები. აღარც დედაჩემს მოუწევდა ასე უადგილო თავის მართლება ჩემს წინაშე, ბებიაჩემს კი ომახიანად ჩახველება და ხრინწიანი ხმით იმ აბეზარი ქალის დაჭმუჭნული პირის უარესად მომუწვა. ისიც იძულებული გამხდარა საბოლოოდ დაეჯერებინა, ნამდვილად უდღეური რომ გავჩნდი.
დიდი ხანია ბავშვობის ასაკს გავცდი... მაგრამ მაინც, ფეხდაფეხ მომდევს ის შორეული, ტკბილი სურნელი. მუდმივად დამყვება შეგრძნება, თითქოს ეს-ესაა დაღლილმა დედაჩემმა ღუმელიდან გამოდგა ვაშლის სახელდახელო ნამცხვარი. მე კი ვაშლისავე მომჟავო და დარიჩინის ტკბილი სურნელით გაბრუებული ნერვულ ბოლთას ვცემ სამზარეულოში. ნამცხვარი კიდევ არა და არ ცივდება. არადა ბავშვობაში სხვაგვარად იყო. საყვარელი ნუგბარიც ნელდებოდა და არომატული ფხვიერი ლუკმებით მადიანად ვიტენიდი პირს.
სანელებლების სურნელიც აღარ არის უწინდელივით მძაფრი.
ხის დაბალ, დაშაშრულ მწვანე სკამს მივიდგამდი სამზარეულოს ზედა თაროსთან. გადმოვაწყობდი სულ უკან შეხიზნულ ვანილის კოლოფებს, დარიჩინისა და მუსკატის კაკლის მომცრო ქილებს, ქიშმიშის ჭრაჭუნა პარკებსა და ქოქოსის ფერად-ფერად ფანტელებს. კარადაც რომ ვეღარ იტევდა მაცდურ ნოტებს, მთელს სამზარეულოში გამოძვრებოდა ხოლმე სურნელი და სიცოცხლით ავსებდა გახუნებულ კედლებს.
აარა, ძველებურად აღარაფერია... მივეყუნჭები ჩემსავე ფიქრებს და საყვარელი სურნელით თრობის მეტი აღარაფერი შემიძლია. ისეთი უმწეო ვარ მერე.... აღარც დედა ამზადებს ნამცხვარს და აღარც მე მაქვს სურვილი ვინმეს გაკეთებული გავსინჯო. მერე ვდგავარ და რაღაც უკვე ჩავლილს ამაოდ ვებღაუჭები. ზოგჯერ ვეღარ ვუძლებ ყოველდღიურ, მომაბეზრებელ რუტინას. უსასრულო სევდად დამდევს ქალაქის ხმებში ჩაკარგული, ჩიტების ძლივას გაგონილი ჟივჟივი და ავტობუსში, ოფლისა და სუნამოს სუნში არეული ადამიანების გაუთავებელი გნიასი.
აუტანელია მონატრება, მტკივნეულად რომ მიხუთავს გულ-მუცელს, იქვე რომ მიყუნჭულა ჩემში, ზედ მზის წნულთან და გაზაფხულზე ჭექა-ქუხილად და წვიმის ხმად მატყდება თავზე. მერე ის სუნი რომ ავარდება ტენიან მიწას, ჩემს სოფელში რომ იცოდა, ოქროსფერი რომ ხდებოდა ჰაერი ნაშუადღევი თქეშის შემდეგ. მახსენდება, როგორ აავარვარებდა იმ დანგრეულ ერთადერთ ასფალტიან გზას მზე და ლამის ცას სწვდებოდა ორთქლის მოცეკვავე ენები.
ჰო, უმოწყალოდ მახსენებს თავს თითოეული ფრაგმენტი და ბრაზმორეულს ნერვიულად მითამაშებს სისხლით დაბერილი ძარღვები ყელზე.
რად ბრაზობ ადამიანო, გამომიხტება ის პატარა, კეთილი ჭინკა, დაბადებიდან რომ ვზრდი ჩემში. ძალაუნებურად სასიამოვნო მიმართულებით ვცვლი მონატრების მტკივნეულ შეგრძნებებს და ვფიქრობ:
აბა, გაგონილა მარადიულად ბავშვობაში დარჩე? პეპი ხომ არა ვარ გრძელი წინდა, მუხუდოს მარცვლები რომ აყლაპა მეგობრებს. ან ჩემს სოფელში რომ მეცხოვრა სულ, საიდან მეცოდინებოდა მხოლოდ იქ რომ ამოდის ვეებერთელა დისკო მეზობლად მდგარი ნაძვის წვერიდან, ყოველ ჯერზე რომ მეშინია არ დაკაწროს წიწვებმა. მერე გათოშილ ბეჭებს მზრუნველად რომ მითბობს და ქათქათა გოგო-ბიჭებს ანცად უწინწკლავს სახეებს ჭორფლით.
მზე ერთია, მაგრამ მგონია ჩემსავე სოფელში მაინც სხვანაირად ზრუნავს ჩემზე.
მერე გადავეშვები შორეულ ამბებში, ჰაერში გამოკიდებულს ზანტად რომ მარწევს იმ ერთადერთი მზით გამთბარი მოცისფრო ეთერი და ბავშვობის საამო ბურანში მაგდებს. რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება ბოლომდე მიენდო ჰაერის რბილ ნაკადს და შორს დარჩენილ ამბებთან აღადგინო უცნაურად თბილი, ლიცლიცა კავშირი. როცა ძალიან დარდიანი ვარ, მაშინ იოლია უფრო.
რაღაც ძალა შემაჟრჟოლებელ სიგრილედ მოედება დამძიმებულ უპეებს და ნელა, მოზომილად მიცხრობს დარდისგან დასიებულ თვალებს.
პირველი ატაცება ჭირს თორემ... მერე ისეთი მჩატე ხდები, სულ უფრო მსუბუქად მიარღვევ დროის მიხვეულ-მოხვეულ დერეფნებს.
მერე წარსულ დროში, სისხამზე, ჯერ კიდევ ნაცრისფრად რომ გამოკრთის ჩრდილები და ალაგ-ალაგ შემაშფოთებლადაც მუქდება, ისევ ხედავ როგორ ამოდის ის ვეებერთელა დისკო მეზობლად მდგარი ნაძვის წვერიდან, და კვლავაც გეშინია, ისევ არ დაკაწროს წიწვებმა...
რა მინდოდა აქეთ....
დიდი ამბავი, უსაშველო ხომ არაფერია?! დავაჯდები ავტობუსს და 3 საათში სოფლად ვარ უკვე...
ან იქ რაღა მინდა. ერთი-ორი ადამიანის გარდა ნაცნობი ჯაგნარი და ხეები თუ მახარებს. აი ის რამდენიმე ადამიანიც კი მალევე მბეზრდება. ვგრძნობ, როგორ მჭირდება ცოტა ხნით მარტოდმარტო დავრჩე მორკალული გორაკებისა და მათზე გადაშლილი ბუჩქნარის, დამშრალი მდინარის, მოფარღალალავებული ქოხმახებისა თუ კანტიკუნტად მდგარი, ფასადშეთეთრებული, მტკიცე სახლების პირისპირ. მაისის მიწურულს მხოლოდ მე მცემდეს ჟასმინის ის მშრალი, მოტკბო სურნელი, ნესტოებს რომ მიჰყვება დიდხანს და ჩუმად გავცქეროდე ბავშვობის ბილიკებსა თუ ორღობეებს.
მაგრამ მაინც, სულ სხვა სიხარული მებლანდება ტანზე, ტრასიდან რომ ავუყვები სოფლისკენ შარაგზას. კაკლების ჩრდილებქვეშ შეყუჟული სოფლელები კამათელს რომ აგორებენ და სკოლიდან გამოვარდნილი ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან სირბილში. იმ ოღლოჭიჭობაში საკუთარ თავსაც რომ ვხედავ, წლების წინანდელს. ოდნავ დამფრთხალსა და მაინც, სახლისკენ სირბილით მიმავალს. რამდენჯერ გავუსწორე თვალი მუდმივი გაოცებისგან შუბლზე გაჩენილ მიმიკურ ხაზებს. ხელის მტევნებზე ამობერილ ლურჯ ძარღვებსა და ბარძაყებზე ჩამწყდარ რამდენიმე კაპილარს. დედაჩემი 35 წლის რომ გახდა, მეგონა სიბერემ დაიწყო ათვლა მის სახეზე. ისეთი შორეული, წარმოუდგენელი ჩანდა ჩემთვის. ახლა კი, როცა თავადაც მივუახლოვდი იმავე ასაკს, უჩვეულოდ დაღლილი და არაქათგამოცლილი, ინსტინქტურად მივყვები ოკრობოკრო შარაგზას.
ამბობენ, რომ ნაადრევად შევეჭიდე მარტოდმარტო ცხოვრების სირთულეებსა თუ ამოუცნობ ხიფათს, უზარმაზარ ქალაქში ბნელი სადარბაზოებისა და ნესტიანი ქუჩების სახით გამუდმებით რომ დაჰყვება ახალგაზრდა ქალს ზურგში. ბუნებრივია ამ აზრებს ჩემი მარად ცნობისმოყვარე სამეზობლო აყალიბებს საღამოს საუბრების დროს ან დილით, საქონელს რომ დააშოშმინებენ და ფინჯან ყავას კოლექტიურად ეტანებიან იმ გადაღლილი, კანდამსკდარი თითებით.
ვერ იფიქრებდნენ დამოუკიდებლად თუ შევძლებდი ცხოვრებას უშველებელ ქალაქში. რადგან ოჯახის ხელმოკლეობისა თუ არასაკმარისი სურვილის, მრისხანე მამებისა და მარად მორჩილი, მუნჯი დედების გამო თავის დროზე ვერ დათმეს ძროხების დატიკული ცურები თუ გავარვარებული თონე. თითქოს იმისთვისღა ზრდიდნენ, ხელსაყრელ ოჯახში დაედოთ ბინა მოკრძალებული მზითვით. მერე ისხდნენ და გაწყალებულ ტანსაცმელს ჯიუტად კემსავდნენ 90-იანების იმ გამურულ წლებში.
ზოგჯერ ბებიაჩემიც ერთვებოდა ესოდენ მნიშვნელოვან ბაასში და დედაც, რომელიც ისეთი უმწეოა, განსხვავებული აზრის ამოსათქმელად რამდენიმე ღრმად ჩასუნთქვა რომ სჭირდება, კვერს უკრავდა დედამთილს. მერე აენთებოდა მრისხანების ცეცხლი დომინანტობას ჩვეულ ჭაღარა ბებიაჩემს, ავისმომასწავებლად გადააქნევდა მრგვალ სახეს და სათვალის ზემოდან ირიბად უმზერდა აბეზარ მეზობლებს გაფართოებული კაკლებით. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა-განათლებას ესოდენ მოკლებული გახლდათ, მაინც გასდევდა ის შინაგანი, არისტოკრატიული ხაზი. ხშირად აკრიტიკებდა დედაჩემს, შვილების მუჭში გამომწყვდევას რომ ლამობდა გამუდმებით. აკი გამომიბა კიდეც კაბის კალთას და მისივე დაუოკებელი სურვილი რომ არა სხვა დედების მსგავსად თავადაც მოეღერებინა ყელი ქალიშვილის სტუდენტური ცხოვრებით, ალბათ სამუდამოდ მიმჯაჭვავდა სახლს და დამღუპავდა კიდეც იმ თავისი კალთით.
ბოლომდე მაინც ვერ გაწყდა ჭიპლარი. უფრო მეტიც, ყელზე შემომეჭდო და ჰაერის ნაკადს პორციებად მიზოგავდა.
თავი მეორე
რა იციან ხანდახან რა ეშმაკი მიტრიალებს სულში. ზოგჯერ ისიც მგონია, ვიღაცამ ყველაფერი რომ იცის ჩემზე და ღრუბლებზე ჩამომჯდარი, შუბლმოჩრდილული, ბავშვობიდან მაკვირდება დაჟინებული მზერით. მერე უხერხულობის ალმური მედება ერთიანად. წარმოვიდგენ როგორ ეშვება ციდან უზარმაზარი მახვილი და მკერდს მიგლეჯს. მტკივა, იმასაც ვგრძნობ სისხლი როგორ მეღვრება ჭრილობიდან. მერე უცნაური შვება მეუფლება, იქნებ უზარმაზარ უსიამოვნებას გამარიდეს განგებ?!
თან მდევს დანაშაულის განცდა, ზოგჯერ ზუსტად არც კი ვიცი რის გამო. ერთიანად ვშფოთავ, როცა წარმოვიდგენ რანაირად აღმიქვამენ სხვები. ნეტავ როგორ ვამთქნარებ, ან ხველის დროს მუშტს რამდენად ბუნებრივად ვიფარებ პირზე?! იქნებ ჭამის მანერა მაქვს ნაკლებად ლამაზი? ვფიქრობ და უხერხულობის გრძნობა ერთიანად მწვავს შიგნიდან.
პირველ კლასში ვიყავი, მერხის ქვეშ წინა დღისით ჩემივე ხელით მიკრული საღეჭი რეზინი რომ ავაძრე. უკვე გამკვრივებულ ბურთულას ვაღლაჭუნებდი და ჭაღს მივჩერებოდი ჭერზე. თეფშის ფორმა ჰქონდა და რაღაცნაირად უცხოპლანეტელების იმ ხომალდს წააგავდა, ამასწინათ რომ წავაწყდი გაზეთში. საკლასო ოთახში შემოსულიყო თემური. იდგა და დანაშაულზე წასწრებულივით მიყურებდა კარიდან. ნელ-ნელა იზოგავდა ჩემი შერცხვენით გამოწვეულ ნეტარებას, ასე გარდაუვალი რომ იყო. ატუზულიყო გამხდარი, გამურული ბიჭი, გამუდმებით რომ ისრუტავდა ცინგლებს და ჩემს მოთმინებას უმოწყალოდ სცდიდა. მეც ნერვებაშლილი და შიგნეულობა გამოხრული ვიჯექი და ჩუმად ავყვებოდი ხოლმე იმის სხმურტლუნს. შურისძიება ეგებ არც თუ ისე სრულყოფილი გახლდათ, თუმცა ოდნავ მაინც ვიმშვიდებდი გულს.
იდგა ეს მუდმივად სურდოიანი ბიჭი და გამომცდელად მიყურებდა. თავისი საბედისწერო ცხვირის შესრუტვა რომ არა, ჭერზე დაკიდებულ მოქანავე თეფშს თვალს არც მოვაცილებდი. მოგვიანებით მთელ კლასს მოსდო ახალი ამბავი. ისინიც ბედნიერები და პირდაღებულები მომჩერებოდნენ, თითქოს თავად არასდროს მოქცეულიყვნენ მსგავსად. მაშინ გადავწყვიტე, სხვებისთვის დასაცინი აღარასდროს გავმხდარიყავი. მეტი ყურადღება და თავშეკავება გამომეჩინა უნდა. თუნდაც სრულიად მარტო ვყოფილიყავი... კედლებსაც თვალები ჰქონდათ და ის ვიღაც, ბავშვობიდან რომ მაკვირდებოდა, მეტად მოხერხებულად მოკალათებულიყო ღრუბლებზე, ჩემთან ერთად იზრდებოდა და იხვეწებოდა თავისი უნარ-ჩვევებით. იქნებ დროთა განმავლობაში უფრო ოსტატურად მოემარჯვებინა ის თავისი ჭოგრიტი?
ზოგჯერ რომელიღაც მივიწყებული ღრმულიდან ბოროტად აიზლაზნება კვამლი, დაიკლაკნება, მოედება თითოეულ კუნჭულს და ასე დაგრეხილი შემეხიზნება უმწეო ფიქრებში. თითქოს გავეშებული ძერა მიაწყდაო მუშტისხელა ქვას ამოფარებულ წრუწუნას მინდორში. მერე ჯიუტად დამტრიალებს თავს და ყოველ ღონეს ხმარობს, თავისი ძლევამოსილება რომ დამანახოს. ნისლჩამდგარ, უღრან ტყეს ჰგავს ჩემი ფიქრები. არავინ ვარ, არაფერს წარმოვადგენ... უფრო მეტიც, ჩემი თავი მევე გამოვიგონე. ნებისყოფის დაძაბვა და უზარმაზარი ენერგია მჭირდება, მჭმუნვარე ფიქრებს რომ დავუსხლტე და იმ უღრან ტყეში იქამდე დავრბივარ, სანამ მზე არ ჩადგება და ჰაერიც რძისფერის მაგივრად გამჭვირვალე, თხელ უბეებს არ გაიკეთებს. მერე იქამდე ვძაბავ გონებას, სანამ არ გავფანტავ ბურუსს და იმ დიდი ხის ქვეშ არ აღმოვჩნდები, რომელიღაც მხარეს პატარა კუნჭულსაც რომ მალავს ჩემთვის. რამდენჯერმე მესიზმრა კიდეც, თითქმის ისე იყო როგორც ჩემს ფიქრებში,ოღონდ გაცილებით მუქი და საზარელი მეჩვენა ყველაფერი.
იქნებ ზედმეტად ვერჩი საკუთარ თავს და უბრალოდ ყველაფრის უგულებელყოფაა საუკეთესო გამოსავალი?! იმ წარმოსახვითი დამკვირვებლის თანხლებით, რომელიც მევე გამოვიგონე და იმდენად მახლობელი გახდა ჩემთვის, ცოტა მეუხერხულება კიდეც ერთი ხელის მოსმით გავაქრო.
თანდათან იქნებ მივხვდე, რა გვემართება ადამიანებს. რატომ გვიხუთავს სულს არაფრის მაქნისი დარდები? თითქოს ნამდვილი საფიქრალი გამოგვლეოდეს.
გარდა ამისა, უცნაური საფრთხის წინაშეც აღმოვჩნდი. შეიძლება ცოლად გავყვე ბიჭს, რომელსაც იქნებ ძალიანაც ვუყვარვარ, მაგრამ მე ისე რა. ეს ,,ისე რაა“ გრძნობები ყოველთვის ყველაფერს აფუჭებენ. დიდი ხანია გაქრა ის ვნება და მუცლის გვრემა, ახალი ემოციებით ატაცებული ქალები ჰაერში რომ დაკონწიალებენ. ხანდახან მგონია სრულიად გაუაზრებლად ავიჩემე ეს ბიჭი.
ბოლო კურსზე ვიყავი, ჩემივე ჯგუფელი, აწ უკვე ჩემი საქმრო ოდნავ მთვრალმა და შეთამამებულმა რომ წარვუდგინე ოჯახს. ჩემი ძმა აიმრიზა, რა დროს შენი შეყვარებულიაო და ვიდეოთამაშებს მიუბრუნდა, მამამ რომ გამოუგზავნა გასულ წელს. დედაჩემს გულზე მოეშვა. დეკანის ძმისშვილი ვერ იქნებოდა ცუდი ბიჭი.
მერე როგორ ზრდილობიანად იქცეოდა ჩვენთან, თბილისში ნაქირავებ ოთახში რომ დავპატიჟე ყავაზე და დედას გავაცანი.
-ჩვენს დროში ისეთი იშვიათია თან სწავლობდე და ამავდროულად მუშაობდე არც ისე ურიგო ადგილას. - აღფრთოვანებული მიაჩერდა დავითს და მზრუნველად მოუსვა დაშაშრული ხელი ლოყაზე.
არადა ნაკლებად მაინტერესებდა მოეწონებოდა თუ არა. ვალდებული ვიყავი გამეცნო, რომელიმე ჭორიკანა, ქალაქში რძის გასაყიდად ჩამოსულ მეზობელს ხელიხელჩაკიდებულები რომ არ დავენახეთ სადმე და კალთებჩამოხეული არ შევარდნილიყო დედაჩემთან ჩემს ,,უზნეობაზე“ სალაზღანდაროდ.
იმასაც ვნატრობდი გულის ძალიან ღრმა, ბნელ კუნჭულში, ნეტავ საერთოდ არ მოეწონოს და მერე თამამად ავუხსნი დავითს, რაოდენ პატივს ვცემ მშობლის აზრს და მშვიდად დავიშლებით-მეთქი.
ერთგვარი მოვალეობა იყო ესეც. ჩემს გარშემო ყველას ჰყავდა ვიღაც ისეთი, ვისთან ერთადაც კლავდა მოსაწყენ დროს, კინოში მიდიოდა ან ვაკის პარკში, მის კალთაზე მიყრდნობილს ეძინა მშვიდად. აბა ქვემოუბნელ ნათელას დავენახე მსგავსად, ქვეყანა დაინგრეოდა უთუოდ.
წლებია ხელკავგამოდებულები ვტკეპნით ნაცნობ კაფეებს. რამდენჯერმე სოფელშიც მყავდა ჩემთან. სასაცილო ამბავი იყო. მკლავებდაკაპიწებული დედაჩემი და ბებიაჩემი როგორი ენთუზიაზმით ცდილობდნენ რაღაცისთვის დაემსგავსებინათ ჩვენი მორყეული სახლი.
ესეც მოჩვენებითი უბრალოებით როგორ იღებდა ჯონჯლიანი ჯამიდან ხახვებს ორი თითით?! არ იყო მაგისი სტილი, მაგრამ დაანახა ჩემებს, ქალაქელი ტრიპაჩი რომ არ გახლდათ მაინცდამაინც.
მერე როგორ მკვირცხლად გადაირბინა ბრტყელი ქვები ატალახებულ ეზოზე და იმ ხის პატარა ოთახსაც იოლად მიაგნო, ბუნებრივი მოთხოვნილებები გინდა არ გინდა მისი მონახულებისკენ რომ გიბიძგებს. არანაირი უკმაყოფილება ან ზიზღი მიგრძვნია მისგან. გულმოდგინედ იბანდა ხელებს ეზოს ჟანგიან ონკანთან და საპნიანი შხეფები უწინწკლავდნენ შარვლის ცისფერ ტოტებს. მე კი ვიდექი ატუზული და შერცხვენილი კარის მომპალ ჩარჩოსთან და მთელი ტანით ვგრძნობდი, ჩემს სახლში მაგ ბიჭის ადგილი რომ არ იყო.
უჰ, ნეტავ საერთოდ შეიძლებოდეს უბრალოდ გავქრე ან რომელიმე ხის ფუღუროში გადავსახლდე სამუდამოდ.
დედას ვეღარ ველაპარაკები გულახდილად. მას შემდეგ რაც მეხუთე კლასში ღრმად ჩავისუნთქე და გავუმხილე, მერხთან გვერდით მჯდომი ერეკლე რომ მომწონდა ძალიან. შავი ღრუბლები ჩამოიმხო თავზე და დიდი ხვეწნის შემდეგ პარალელურ კლასში აღარ გადამიყვანა. ტაბუ დაედო ამ თემას, მისი აზრით უმწიფარი სიყვარულის ნაადრევ გამოვლინებებს.
მამა დიდი ხანია წავიდა, ჯერ კიდევ პატარა რომ ვიყავი. ვხედავდი, მთელი ღამე როგორ იჯდა მაგიდის სანათთან და მის ყბებზე გადაკრულ ტყავს ისეთი საშიში იერი დაჰკრავდა, დარწმუნებული ვიყავი რაღაც სული რომ ჩაუსახლდა შიგნით. ჩემთვის გაუგებარ ფრაზებს ამბობდა ჩუმი, ხრინწიანი ხმით. დედაჩემი მისჩერებოდა მუდარით აღსავსე გაოგნებული თვალებით, ჩაშავებული უპეები მათ ლოგიკურ გაგრძელებას რომ წარმოადგენდა. ვხვდებოდი რაღაცის თქმა რომ სურდა, მაგრამ შიშიც ჩაბუდებოდა იმ ვეება, მრგვალ კაკლებში. მე პატარა ოთახში ვიყავი შეყუჟული, დედაჩემი სალოცავად რომ იყენებდა და ზოგჯერ ცრემლებსაც მისი დარაბებდაგმანული სიბნელის მიღმა ჩქმალავდა საგულდაგულოდ.
ვიდექი ხახადაღებულ კარს უკან, განგებ გამოჩორკნილ ნაპრალთან, ერთხანს გასაღებიც რომ ერგებოდა და გაშმაგებული მამა ხშირად გვკეტავდა აბსურდული მიზეზებით. მისაღები ოთახიდან მოსალოდნელი ომის მოლოდინში უნებურად სუნთქვაც გავაიშვიათე. დროდადრო ღვთისმშობლის ხატს ვკიდებდი თვალს, ნაპრალიდან გამოსული შუქი სპეტაკ ნაკვთებზე რომ ეფინა.
ვხედავდი როგორ ისხდნენ ყელგამშრალი, გამეხებული დედა და უსიამოვნო გამომეტყველების მამა, ამღვრეული თვალებით რომ უყურებდა ცოლს და თასში აღმართული ვაშლების ყვითელ პირამიდას ხან ვეება ნაყოფს დაადებდა ზემოდან, ხანაც აიღებდა და მოკბეჩას ლამობდა, მერე გადაიფიქრებდა და უკან აბრუნებდა კვლავ. თითქოს დრო გაჰყავდა.
ხილიანი თასის გვერდით ხშირად მოიძებნება დანა, გასაფრცქვნელად,დასაჭრელად... ჩვენც გვქონდა ასეთი, სახელურმომდნარი, შავტარიანი, ხერხიანი პირით. წარმოვიდგინე როგორ აიფოფრებოდა არაამქვეყნიური ძალით გამხნევებული დედა იმ ერთადერთ, გახუნებულ ხალათში, მამა კი არგაჩუმებული ენის გამო დანას მოუქნევდა სახეში. მეორე ვერსიაც მქონდა, გააფთრებული რომ ისროდა დანას კარისკენ და შიგ თვალში მხვდებოდა. მერე არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, საკუთარი თავი გამეყიდა და სამალავიდან ბღავილით გამოვვარდნილიყავი, თუ ჩუმად მომეთმინა ის ტკივილი და ცალი თვალის დაკარგვით გამოწვეული სევდა.
ისეთ კადრებსაც ხშირად ვდგამდი გონებაში, ულმობელად რომ ხოცავდნენ ერთმანეთს და ჩვენც მოხუცი ბებიის ამარა ვრჩებოდით სოციალური დახმარებისა და მეზობლების სამადლოდ. სცენართა უმეტესობაში კი მამა უვნებელი, იმ თეთრ თვალებზე წითელ კაპილარდამსკდარი, გაოგნებული გვიყურებდა შვილებს და გამარჯვებულის ყიჟინა დაჰკრავდა იმ საზარელ მზერაში.
სინამდვილეში კი დანა უძრავად იდო ვაშლების დაჟანგული ნაჭრების პირისპირ. ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვება მოგუდული ხმით იუწყებოდა ქარიშხალ კატრინას შესახებ, ამერიკის რომელიღაც შტატს რომ ემუქრებოდა. ნეტა როგორი იყო ეგ კატრინა?! ან რატომ არქმევდნენ მაინცდამაინც ქალის სახელებს სტიქიურ მოვლენებს. განა კაცები უფრო საშიშები არ იყვნენ?
ისინი კი ისხდნენ ჩუმად. დედა იმ თავისი ჭრელი ხალათის ჯიბიდან დროდადრო ცხვირსახოცს იღებდა და ცხვირის წვერს იფხანდა. ხანაც ცხვირსახოცისავე კუთხით ფრჩხილსა და ნუნას შორის გამყოფ ხაზს აწვალებდა. მომეჩვენა რომ ტიროდა. მამა სკამიდან აიზლაზნა და გარეთ გავიდა. დედაც გაჰყვა უკან, ზურგმორკალული და დამარცხებული. წარმოვიდგინე, თითის ბალიშებიც ერთიანად რომ გაუბუჟდებოდა უსათუოდ.
ხმა ისევ არცერთს ამოუღია.
იმ ღამეს ბევრი ვიფიქრე. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მშობლების უხმო ომი. იმას კი ვგრძნობდი, რაღაც აქამდე არმომხდარი და მნიშვნელოვანი ამბავი დაგვტეხოდა თავს.
დილით მამა აღარ დაგვხვდა. მისი ნივთები და კუბოკრული, მწვანე ჩანთაც გამქრალიყო სახლიდან.
წასულა.
დარწმუნებული ვიყავი, მაგ კაცის ბრალი რომ იყო ყველაფერი. იმ რაღაცა ბნელი სულით შეპყრობილმა ვეღარ გაგვიძლო და უბრალოდ გაიქცა სახლიდან.
ბებიაჩემი მიმჯდარიყო ტახტის კუთხეში, ბრინჯს არჩევდა და იცრემლებოდა. მივხვდი, იმ საღამოს მლაშე ფლავი გვექნებოდა ვახშმად.
დედამ მაინც მოსწმინდა პირი ქმარს. სოფელში რომ არ გამოსდიოდა საქმე და საზღვარგარეთ ბედს ეწეოდა ნამდვილად . მერე ჩვენც წაგვიყვანსო, თავადვე არ სჯეროდა თავისი სიტყვების. გულის გამოკეთება სცადა ვითომ.
წელიწადში ერთხელ თუ გზავნიდა ასიოდე ევროს. ჰოდა აღარ მყავს-მეთქი რომ ვამბობ, ერთი-ორი კეთილისმყოფელი კი შეიზმუკუნებს ხოლმე, ცოცხალ კაცზე რაებს ამბობო, მაგრამ თან მყავს და თან არც... განა დიდი განსხვავებაა ამაში, როცა არც მორალურად გრძნობ მისგან მხარდაჭერას და ფინანსურადაც მხოლოდ ძმის დაბადების დღე თუ ახსენდება. როგორ უმართლებთ ჩვენს ქვეყანაში ბიჭებს. გადაწყვეტილი ამბავია, მამრობითი სქესია უპირატესი.
სიმართლე ისაა, რომ მამის წასვლა ერთგვარი შვება იყო ჩემთვის. იმდენჯერ მინატრია დედა მაინც წასულიყო სახლიდან. თავისი ძმის რომ არ მორიდებოდა ალბათ ასეც იზამდა. ახლა კი ზის დედამთილთან ერთად და კარაქს დღვებავს ან ძროხებს წველის. დროდადრო უსმენს მის გაუთავებელ ლანძღვას მწირ პენსიასა და ჩიჩახვგამოტიკნული, გაუმაძღარი ქათმების შესახებ. ლათინოამერიკული სერიალები დაბალ ხმაზე ყოველთვისაა ჩართული და გარუჯულ, პრიალა კანიან გოგოებს რომ ვუყურებ, როგორ კოცნიან მალულად პლანტაციებში თავიანთ ბიჭებს, უნებურად შეშინებული ვიცქირები ირგვლივ, ხომ ნამდვილად მარტო ვარ ოთახში?!
ერთი სიტყვით, მამაჩემის წასვლის შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით მოჩვენებით სიმშვიდეს, უმიზეზოდ აყვირებული მშობლების ჩხუბის დროს ოთახში შეკეტვასა და გულამოსკვნილ ტირილს რომ ანაცვლებს და მეც ნაკლებად მძიმე ჰაერს ვსუნთქავ სახლში.
თითქოს მთელი სამყარო მემსხვრეოდა თავზე. მეორე დილით შერცხვენილი მივდიოდი სკოლაში. ასე მეგონა ყველამ იცოდა ჩვენი ოჯახის ამბები. თითქოს ფირი გამდევდა შუბლზე ჰორიზონტალურ რკალად, მასწავლებლებს უთუოდ რომ შეეძლოთ დაწვრილებით გაეშიფრათ მოჩვენებითი ღიმილის მიღმა შეჩურთული დარდები. ამიტომ სულ უფრო ხშირად ვცდილობდი ნაკვთებდარბილებული, მშვიდი სახით გამოვცხადებულიყავი სკოლაში. თუმცა გაბზარულ თვალებს ვერაფერს ვუხერხებდი.
გარეთ კი ისევ ჩვეულებრივად ანათებდა მზე და ჩემი ერთი-ორი კისკისა კლასელიც ალერსით ემშვიდობებოდა მამას მანქანის კართან.
ყველაზე თამამმა დ