ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჰანაგასა

ჰანაგასა

ანანო ბუბუტეიშვილი

ჰანაგასა


1933 წელს მეტროპოლიტენში პირველი მეტრო გაგვიხსნეს, რამაც უზარმაზარი ალიაქოთი გამოიწვია მოსახლეობაში. ათასობით ადამიანს მოეყარა თავი სადგურის შესასვლელთან, რომელიც წითელი ლენტით იყო გადაღობილი და ჩვენი ქალაქის მერს ელოდებოდა, როდის გაჭრიდა.

პაპანაქება სიცხე იდგა. მზე ისე მცხუნვარედ აჭერდა, თმიდან წურწურით ჩამომდიოდა სახეზე ოფლი, ნაცრისფერი მაისურიც ისე დამსველებოდა, ალაგ-ალაგ მუქი ლაქები მემჩნეოდა. ღია სანდალები მეცვა და მუხლებამდე შემოჭრილი კრემისფერი შორტი. ქუდის წამოღება დამვიწყებოდა. ჩემ წინ უამრავი ხალხი იდგა, მე კი ფეხის წვერებზე ვიწეოდი და ვცდილობდი, როგორმე თვალი მომეკრა პრიალა ვაგონებისთვის, რომლებიც სულ მალე მოსახლეობის გადაადგილებით დაკავდებოდა. გული გაგიჟებით ფეთქავდა, ჩემთვის ეს მოვლენა ზედმეტად მნიშვნელოვანი იყო. როგორც ოცდაორი წლის ყმაწვილისთვის, რომელიც ხვალიდან სადგურში მექანიკოსის თანაშემწედ დაიწყებდა მუშაობას ნახევარ განაკვეთზე.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა პრეფექტურებისგან განსხვავებით, ოსაკა შედარებით განვითარებული იყო, სათანადო განათლება მაინც არ მქონდა. ოსაკაში კობეს პრეფექტურადან ვიყავი ჩამოსული, იქ კი სწავლა-განათლებას ამ პერიოდში არც ისე დიდი ყურადღება ეთმობოდა. ოსაკაში ჩამოსვლა რომ გადავწყვიტე, მაშინ ოცი წლის ვიყავი. დედა მეუბნებოდა, მნიშვნელობა არ ექნება, აქ დარჩები თუ სხვაგან წახვალ, კარგ სამსახურს მაინც ვერ იშოვიო. ეს მეც ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ პატარა აღარ ვიყავი და გული ახალი თავგადასავლებისაკენ მიმიწევდა, რომლებსაც მარტო უნდა გავდგომოდი.

როგორც კი ფეხი ახალი ქალაქის მიწაზე ჩამოვდგი, თავი ძალიან უცნაურად ვიგრძენი. თითქოს მე საკუთარი თავი აღარ ვიყავი და ამის გააზრებისას, თითებზე მსუბუქი წაღიტინება ვიგრძენი. პირველი დღე უაზროდ ხეტიალში გავატარე. ქუჩების თვალიერებაში ჩავიკარგე; უამრავი მუსიკალური მაღაზია, რომელიც სავსე იყო შავი ვინილებითა და მისი ფირფიტებით, გარედან კი საზაფხულო თილისმები კონწიალობდა კარის ჩარჩოებზე, მომხმარებლის შემოსვლა რომ ეცნობებინა გამყიდველისთვის. ერთ-ერთ მათგანს რომ შევავლე თვალი, გადავწყვიტე, აუცილებლად გამოვივლიდი ამ გზაზე კიდევ და ერთ ვინილსაც შევიძენდი თავის ფირფიტასთან ერთად. ისეთ მელოდიას ავარჩევდი, ცეკვას რომ მომანდომებდა და საათობით დავატრიალებდი.

კარგად რომ ჩამობნელდა, უძრავი ქონების სააგენტოს მივაშურე. სადღაც ვიწრო ქუჩის ბოლოში მდებარეობდა თითქმის ექვსკვადრატიანი შენობა, რომელშიც ერთადერთ მაგიდას ხანში შესული კაცი მისჯდომოდა. ცხვირზე წვრილი სათვალე ეკეთა და რომ შევედი, რაღაც ფურცლებს ჩასჩიჩინებდა. ყურადღების მისაქცევად ჩავახველე და მანაც მაშინვე ამოიხედა ოდნავ დამფრთხალი თვალებით. მერე სკამზე მიმანიშნა, დაჯექი და მითხარი, როგორ სახლს ეძებო. ნახევარ საათში კი იდეალური სამყოფელი შემირჩია, მეპატრონე გააფრთხილა და დღის ბოლოს ჩემს პატარა ერთოთახიან მყუდრო ბინაში დავსახლდი.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში სად არ ვიმუშავე; თავდაპირველად იმ მაღაზიას მივაშურე, პირველ დღეს სეირნობისას რომ ჩამრჩა გულში და თითქმის მთელი წელი გამყიდვლად ვიდექი. პირველი ხელფასით პირველი ფირფიტაც ვიყიდე: "ანო ონეკოეტე", მასაო ფუჯივარასი. ტაიშოს პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორისა, რომელიც ძალიან მიყვარდა. ჩემმა უფროსმა მითხრა, ძალიან ჩამორჩენილხარ მოდას და გემოვნებაც მოგძველებია ამ ახალგაზრდა ბიჭსო, მე კი გამეცინა. შოვას პერიოდი სულ რაღაც შვიდი წლის წინ დაწყებულიყო და ეს ბებერი კაცი უკვე მომავალში, ბევრად წინ ცხოვრობდა.

დიდი სიხარულით მოვიტანე ფირფიტა სახლში და მთელი ღამე მის სმენაში გავატარე. თხელ ფუტონზე ვიყავი წამოგორებული, ფანჯარა ღია მქონდა და გრილი სიოც დაბორიალობდა აქეთ-იქით. მაშინ ალბათ ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. პირველი ხელფასით შეძენილი პირველი ფირფიტა და ისიც საყვარელი მუსიკოსის შესრულებით.

ნახევარი წლის შემდეგ განცხადებების დაფასთან, რომელიც ჩვენი პრეფექტურის მთავარ მოედანზე იყო განთავსებული, უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. მიახლოებას კარგა ხანს ვერ შევძლებდი, ამიტომ აქა-იქ მდგომების ჩოჩქოლს ვუგდე ყური და გავიგე, რომ 1933 წელს ოსაკაში პირველი მეტროს გახსნას აპირებდნენ. იქვე ვაკანსიაც ყოფილა მიმაგრებული. მექანიკოსის თანაშემწეს ეძებდნენ, რომელიც სადგურის გახსნისთანავე შეძლებდა მოვალეობის შესრულებას. როგორც კი გავიგე, მაშინვე გავიქეცი მთავარ ჰოლში და სამუშაო ადგილის მსურველთა სიაში ჩავეწერე. მეხუთე ვიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამსახური გარანტირებულად მეკუთვნოდა 1933 წლიდან. წელიწადნახევრის განმავლობაში ნაგროვები ფულით მეტროს გახსნამდე თავისუფლად მივატანდი. ამიტომ, გახარებულმა ჩავალაგე პატარა ზურგჩანთა ერთი უბრალო მაისურით, შორტებითა და პატარა ბენტოთი, რომელიც გზად მეყიდა მომცრო მაღაზიაში და გავუდექი გზას შირაჰამასკენ.  იმდენად შორს იყო, ჩემს ქალაქს, კობესაც კი უფრო მალე მივაღწევდი.

ზღვა არასოდეს მენახა. კობესთან ახლოს არ იყო პლიაჟი, ამიტომ, უკიდეგანოდ გადაჭიმულ კამკამა წყალზე მხოლოდ ჰაერიდან თუ დამეჭირა აქა-იქ ვინმეს ნათქვამი. ჩემი პირველი შვებულებით, გადავწყვიტე, კიდევ ერთი სურვილი ამესრულებინა.

ნაპირს რომ მივადექი, ჩანთა ქვიშაზე დავაგდე, ხელები განზე გავწიე და გაფართოებული გულითა და ფილტვებით ჩავისუნთქე სუფთა ჰაერის გაველურებული ნაკადი, რომელიც მშვიდ, ლივლივა ოკეანეს მოჰქონდა ჩემამდე. წყლის ზედაპირზე ციმციმა მცხუნვარე მზის ანარეკლი კამკამებდა, მის მბრწყინავ სხივებს ირეკლავდა და ასხლეტილი სინათლე ბრილიანტებივით იბნეოდა გარშემო. თითქოს, აი, ცოტაც, ოდნავ გასწიე ხელი და ამ ძვირფას ქვას ჯიბეშიც კი ჩაიდებო. სუსხიანი ნიავი ნესტოებს მიწვავდა, პირი კი ღიმილში ყურებამდე გამწელვოდა. ოკეანეზე ლამაზი ცხოვრებაში არაფერი მენახა.

რომ მომშივდა, იქვე წავიხემსე რამდენიმე რვაფეხა სოსისით, კვერცხის ომლეტითა და ორი ცალი ონიგირით.  დედაჩემის გაკეთებულს არც ერთი სჯობდა.

ნაპირზე ამომსკდარი ტალღების ხმა სიმღერასავით ჩამესმოდა და სიამოვნებისგან თვალებსაც ვნაბავდი. ნეტავ აქამდე მოვსულიყავი-მეთქი, ვიფიქრე კიდეც, როცა წინ, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, კეისაცუკანმა (პოლიციის ოფიცერი) ჩამიარა. ჭაობისფერი პიჯაკი და შარვალი ეცვა, თავზე იმავე ფერის ქუდი ეხურა, მკერდზე კი მისი წოდების შესაფერისი ჯილდოებიც ჩამოეკიდა. რამდენჯერმე წარბშეხრილმა შემათვალიერა. ხან მე მიყურებდა, ხან ჩემს დაცარიელებულ ბენტოს ყუთს და ნესტოებს ბერავდა. თავი უხერხულად ვიგრძენი და რამდენიმე წუთში წამოვდექი. ჩემი ნივთები ისევ ზურგჩანთაში ჩავაწყვე, ოთხმოცდაათი გრადუსით დავუხარე თავი და წამოვედი. 

გული მწყდებოდა, უფრო დიდხანს რომ არ მომეცა გაჩერების საშუალება და ამიტომ, გადავწყვიტე, საღამოს ისევ დავბრუნებულიყავი.  სიარულისას თეთრი ქვიშა თითებს შორის ისე დასრიალებდა, თითქოს წყლის ტალღები მეამბორებოდა კანზე.

მაღლობს რომ მივადექი, ჩანთა ძირს ჩამოვდე და წელში გავიმართე. მზე უკვე გადასვლას აპირებდა და თუ საღამოსაც დაბრუნებას ვაპირებდი, მაშინ ჩემს წასვლას სახლში ახლა აზრი აღარ ჰქონდა. ვერც ცხენს ვნახავდი, ალბათ მანქანასაც არავინ გამიჩერებდა გზად,  ამიტომ, იქვე ბეტონის ნაგლეჯზე ჩამოვჯექი და ნიკაპი მტევნებს დავაყრდნე.

სინანულის უეცარმა ტალღამ ოკეანესავით წალეკა ჩემი გონება. უკვე დიდი ხანი გამეტარებინა მარტო ყოფნაში, მაგრამ მსგავსი შეგრძნება პირველად დამეუფლა. თითქოს უზარმაზარმა სიცარიელემ შთანთქა ჩემი მთელი არსება. ფიქრი მინდოდა, მაგრამ რაზე, არ ვიცოდი. ჩემს ცხოვრებაში არ ხდებოდა არაფერი საინტერესო, ამაღელვებელი. ის, რასაც შეიძლებოდა გულის ფანცქალით დავლოდებოდი, გარდა სადგურის გახსნისა, რომელსაც უკვე კარგად შევგუებოდი. არ მქონდა სადარდებელი, მაგრამ არც ბედნიერების მიზეზი გამაჩნდა. არ მყავდა ვინმე, ვისაც ჩემს თავს მივუძღვნიდი. არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, რა გამეკეთბინა. თითქოს ვიწრო ბილიკზე მივსეირნებდი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. საკუთარ თავში, ცხოვრებასა და სამყაროში ჩავიკარგე. აქამდე ამაზე არასდროს მეფიქრა, ახლა კი გული იმდენად დამძიმებული მქონდა, ოკეანის ნახვის სურვილიც კი სულ გამქრალიყო. უეცარ სევდას მოვექციე თავის კლანჭებში.

- ასე უდარდელად ცხოვრება რატომ არ შემიძლია შევირგო? -ჩავიჩურჩულე და ფრთხილად წამოვდექი. დაბუჟებბული მუხლები მოვისრისე, ტანსაცმელი ჩამოვიფერთხე და ის იყო ჩანთაც უნდა მომეგდო მხარზე, რომ გვერდით გრძელ კიმონოში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალბატონი დავლანდე.

სიფრიფანა წითელი ვაგასა გაეშალა თავს ზემოთ, თვითონ კი თეთრ ქვიშას დაჰყურებდა. მისი სამოსისა და ქოლგის თვალიერებით გართულმა, ვერც შევამჩნიე, თვითონაც როგორ მომჩერებოდა და როცა მის სახეს ავხედე, წამით, სულ რაღაც წამით, ერთმანეთის მზერები დავიჭირეთ. მერე კი უმალვე ამარიდა თვალი და ცოტა ხანში, სულაც დაიძრა ადგილიდან. 

რომ დავინახე, როგორ გადადგა წინ რამდენიმე მომცრო ნაბიჯი, ჩანთას მაშინვე დავავლე ხელი და დავედევნე. არ ვიცოდი, ასე უცებ რამ მომწყვიტა ადგილიდან, მაგრამ გული გამალებით მიცემდა, სუნთქვა სულ ამერია, მისი სხეულის შემხედვარეს კი თითქოს თვალებში ციცინათელები ამიკაშკაშდა. 

მოყვანილი წელი ჰქონდა, კიმონოს სქელი ქამრით შემორტყმული. ჭრილიდან თლილი გრძელი ფერმკრთალი ფეხი მოუჩანდა, ტერფზე კი თეთრი დაბალყელიანი წინდა და ხის სანდალი ეცვა. სახეზე თმის ღერები ჩამოჰყროდა უაზროდ, თუმცა მის სახეზე მთელი სამყაროს არსებობაზე უფრო აზრიანად გამოიყურებოდა ასეთი ვარცხნილობა. შავი ღერები ჰქონდა. სინათლეზე მარგალიტივით მბზინავი. ტუჩებზე შინდისფერი ტუჩსაცხი ესვა, ძალიან მკრთალად. თვალებზე კი გრძლად წაესვა მუქი ფანქარი. 

ჩემი მიახლოება რომ იგრძნო, ქოლგა ოდნავ დასწია და მოჭუტული თვალებით დამაკვირდა. მერე კი ისეთი გამომეტყველება მიიღო, უსიტყვოდაც მივხვდი, რის კითხვასაც ცდილობდა. 

-მე... მე უბრალოდ...ვიფიქრე, რომ თქვენი ქოლგა ძალიან ლამაზია, -საცოდავად აღმომხდა დაღლილობისგან ამოყოლებულ ქშენასთან ერთად. მის სახეზე კი შეუმჩნევლად გარბენილი ღიმილი დავიჭირე. ქოლგა დაკეცა.

 

-თქვენი შორტებიც არ არის ურიგო, -სიცილით მითხრა და ზურგი მაქცია. ლოყები სიმხურვალისგან ისე გადამიწთლდა, თითქოს ცეცხლი მომეკიდა. ისეთივე ნაზი ხმა ჰქონდა, როგორიც თავად იყო და როგორც კი პირველი ბგერა გავიგონე, მაშინვე ვიფიქრე, რომ მისი ხმის სმენა ცხოვრების ბოლომდე მენდომებოდა. მისი ჰაეროვანი მსუბუქი ჟღერადობა იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე რომელიმე ვინილის ფირფიტა, რომლებისთვისაც აქამდე მომესმინა. - ახლა კი მაპატიეთ, აქ უნდა დაგემშვიდობოთ. -მორიდებულად დამიკრა თავი, ქოლგა ისევ გაშალა და გზას გაუყვა. მე კი ფეხები თითქოს მიწასთან შემზრდოდა, ადგილიდან ვერ დავიძარი რომ დავდევნებოდი და სახელი მაინც მეკითხა.  

იმ საღამოს ზღვის ნაპირას აღარ გავსულვარ. ბენტოს ცარიელი ყუთი ზურგჩანთაში კარგად ჩავმალე და ფეხით გამოვუყევი სახლის გზას. 

ტრასაზე რომ გამოვედი, მანქანის გაჩერება ვცადე. შებინდებულიყო და ავტომობილების ფანრების შუქზე ჩემი გაშვერილი ხელის დანახვა ალბათ შეუძლებელი იყო. იმაზე ფიქრი დავიწყე, გარეთ თუ მომიწევდა გათევა, ისევ ზღვას ხომ არ დავბრუნებოდი. ნაპირზე დავაგებდი ჩანთაში საგულდაგულოდ ჩაკეცილ პატარა გადასაფარებელს და ზედ წამოვგორდებოდი. თუმცა, მერე ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი გამახსენდა და გონებაში ახლა მორიგი სცენა დამეხატა, როგორ წამომდგომია მძინარეს თავზე სერიოზული გამომეტყველებით, დოინჯშემორტყმული შუა ხნის პოლიციელი და მიცდის, როდის მოვიფშვნეტ ნამძინარებ თვალებს.

ნაპირზე დარჩენა გადავიფიქრე და ხელი ისევ დიდი მონდომებით გავიშვირე ჩემკენ მომავალი მანქანებისკენ. რამდენიმემ გულგრილად ჩამიარა ისე, რომ საჭესთან მყოფს არც კი გამოუხედავს ჩემკენ. მერე კი, შევნიშნე, როგორ შეანელა ჩაისფერმა ნისანმა სვლა და საბოლოოდ ჩემ წინ შეჩერდა. ფანჯრიდან თავი გოგომ გამოჰყო. გრძელი შავი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი, წვრილი საყურეები ეკეთა, ზედატანი კი მუქი პიჯაკით შეემოსა. მკაცრი შეხედულება ჰქონდა თვალების წაგრძელებული ჭრილით, წვრილი ტუჩებითა და თხელი ცხვირით. ტანსაცმელსაც ეტყობოდა, რომ აქ არ შეეძინა. იაპონელი მანდილოსნები ხომ ძირითადად კიმონოს ან მოკრძალებულ გრძელ კაბებს ატარებდნენ. თმებიც მუდამ აკურატულად ჰქონდათ კანზაშის თმისამაგრებით დამაგრებული, მას კი უბრალოდ გადაევარცხნა მუქი თმა და სულ ეს იყო.

-საით მიდიხარ? - მომესმა უცხო ხმა. ფანჯრიდან თავგამოყოფილმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და უკმეხი ტონით მკითხა. სანამ პასუხს გავცემდი, თვალს არ აშორებდა ჩემს კრემისფერ შორტებს. -ამხელა ყმაწვილს ხუთი წლის ბავშვის ტანსაცმელი არ შეეფერება, -დაამატა. ფეხებზე დავიხედე, გაჭუჭყიანებული ბათინკები, ისევ იგივე კრემისფერი შორტი და ამოჯაჯული პერანგი მეცვა. მართლაც, გეგონებოდა ქვიშაში თამაშით დასვრილი პატარა ვიყავი. თავიდან მისი სიტყვები შეურაცხყოფად მივიჩნიე, საკუთარი თავის შეთვალიერების შემდეგ, ჩამეღიმა.

-შინსაიბაშიმდე მივდივარ, - მხარზე ზურგჩანთა შევისწორე.

-დაჯექი, - მხოლოდ ეს მიპასუხა, მარჯვნივ გადაიწია, კარი გააღო და ისევ საჭეს დაუბრუნდა.

მეც უხმოდ მოვუარე მანქანას და მის გვერდით მოვკალათდი. ჩანთა ფეხებს შორის მოვათავსე, ღვედი გადავიკარი და ხელები მუხლებზე ჩამოვიწყვე. ძრავის ჩართვისას მთელ სხეულში მანქანის ვიბრაცია ვიგრძენი. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შემოჰხვია თხელი თითები საჭეს და ადგილს მოსწყდა.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ყოველ შემთხვევაში, მე ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს დაძაბულობისგან გასქელებულსა და დამძიმებულ მდუმარებას მაკრატლითაც კი გავჭრიდი. უცნობი კი წარბშეუტოკებლად მისჩერებოდა გზას. საჭეს ხელის ნაზი, ფრთხილი მოძრაობებით ატრიალებდა ხან მარჯვნივ, ხან - მარცხნივ. გონებაში ათასი რამ მიტრიალებდა, თემები, რომლებზეც შემეძლო ლაპარაკი წამომეწყო, მაგრამ რატომღაც სიტყვასაც ვერ ვამბობდი. დროდადრო მისკენ ვაპარებდი თვალს და მის უჩვეულო გარეგნობას ვსწავლობდი. რაღაცით იმ ქალბატონს მაგონებდა, ზღვის პირას რომ შემხვდა შუა დღისით. შავი თმა, თხელი კიდურები და ნატიფი სახე. თუმცა, განსხვავება მათ შორის ის იყო, რომ კიმონოთი შემოსილს თვალებში სიცელქე დასთამაშებდა, ჩემ გვერდით მჯდომი უცნობის სახე კი არანაირ ემოციას არ გამოხატავდა.

ნეტავ საყვარელი ადამიანი თუ ჰყავს? -  გავიფიქრე და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. მერე უეცრად კი გული იმაზე ჩქარა ამიძგერდა, ვიდრე რამდენიმე წამის წინ. თვალი თვალში გამიყარა, მანქანა გაჩერდა.

-ადამიანს ამდენი ხნით მიჩერება საერთოდ არ არის ზრდილობიანი. რაც არ უნდა გიტრიალებდეს თავში, მაინც არაფერი გამოგივა, - თვალები ოდნავ მოჭუტა და ჩემკენ გადმოიხარა. ნერწყვი ლოდად გადავაგორე.

-მე...

-რა გქვია? - მაშინვე მომიჭრა სიტყვა. წინ გზაც გათავისუფლდა და მანქანაც დაიძრა.

-მიცუკი.

-გოგოს სახელია, -ჩაიხითხითა. ვერ მივხვდი, ამჯერადაც დამამცირა თუ გულთან ახლოს მისატანი არაფერი უთქვამს.

-დედაჩემს გოგო უნდოდა ჰყოლოდა, -მისი განაცხადი რატომღაც კიდევ უფრო გავამყარე ამ მცირედი ინფორმაციით.

-ახლა გასაგებია, რატომაც გამოიყურები გოგოსავით. თავიდანვე ასე ვიფიქრე, თუმცა არ მეგონა, რომ სახელიც შესაფერისი გექნებოდა. კაცი რომ შემოგხედავს, ერთი შეხედვით, უბრალო სტუდენტს ჰგავხარ, მაგრამ კარგად რომ დაგაკვირდეს, გეტყობა, ისეთ ოჯახში გაიზარდე, მშობლები ცივ ნიავს არ გაკარებდნენ. სანამ დაწყებით კლასებს დაამთავრებდი, ალბათ დედიკო ხშირად გაწყობდა პატარა გოგონების კაბებში, კიმონოებსა და იუკატებში. თმაც საკმაოდ გრძელი გექნებოდა, ნაირ-ნაირი სამაგრებით რომ შეებნია თავზე კოსა. სავარაუდოდ, ცოტა ფერუმმარილსაც გცხებდა ხოლმე ლოყებზე, მერე კი საყვარელ ფოტოებსაც გიღებდა.

პირი დავაღე. ჩვენი ნახევარ საათიანი მგზავრობის განმავლობაში ამდენი პირველად ილაპარაკა. თუმცა ამაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი სიმართლე იყო. მე კი წარმოდგენა არ მქონდა, ჩემი ცხოვრების ასეთი დეტალები ერთი შემოხედვით, დაულაპარაკებლად, პირველსავე შეხვედრაზე, როგორ გამოიცნო. საპასუხოდ არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა მეთქვა. მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ადამიანების ამდენად კარგად ამოცნობა ნამდვილად არ იყო ჩემი ნიჭი. საერთოდაც, არ ვიცოდი, რამე ტალანტს

თუ ვფლობდი. არაფერი მეხერხებოდა.

 პატარა რომ ვიყავი, სანამ საშუალო სკოლაში არ გადავედი, მანამდე დედა ყოველთვის მაძალებდა სახლში მისთვის გოგონებისათვის შეკერილ ტანსაცმელებში გამოვწყობილიყავი. თუ ზაფხული იყო და ფოიერვერკების ფესტივალზე მივდიოდით ნათესავებთან ერთად, აუცილებლად ყვავილებიან იუკატას მაცმევდა, თმასაც ყვავილიანი საბნევით მიმაგრებდა და ისე გავყავდი ქუჩაში. თავიდან ეს საერთოდ არ მაწუხებდა, თუმცა როცა წამოვიზარდე და მივხვდი, თავს არაკომფორტულად ვიგრძნობდი ყველაფერი ისევ ასე რომ გაგრძელებულიყო, ერთ-ერთი ოჯახური ვახშმის დროს მკაცრად განვუცხადე, გოგონების ტანსაცმელს აღარ ჩავიცვამ-მეთქი, რაზეც უხმოდ დამიკრა თავი, წამოდგა, იქვე მიფენილი რამდენიმე კაბა და კიმონო კოხტად დაკეცა და თავის ოთახში შეიტანა. მას მერე, არც აღარასოდეს მომიკრავს თვალი მათთვის. თუმცა, პირველი რამდენიმე დღე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, რომ მისი ოცნება დავამსხვრიე.

-ნაო, -მარჯვენა ხელი გამომიწოდა. -სასიამოვნოა შენი გაცნობა, მიცუკი სან.

-ბიჭის სახელი. ალბათ შენს მშობლებს ბიჭი უნდოდათ, -დამცინავად მივუგე და ხელი ჩამოვართვი.

-არა, ჩემი სახელი თვითონ ავირჩიე, -სიცილით მომიგო და მანქანის სიჩქარეს მოუმატა. -ამ სიშორეზე რამ წამოგიყვანა?

-პლიაჟის სანახავად მოვედი, მაინტერესებდა, -ხელი ჩანთას დავადე. წამით ოდნავ გაოცებით გამომხედა.

-ზღვა არ გინახავს?

-არა.

-არასდროს?

-არასდროს.

გაჩუმდა.

-ალბათ სამსახურით ძალიან დაკავებული ხარ და იმიტომ, -მხრები აიშვირა. თითქოს სამარცხვინო საქციელში გამოვტყდომოდი და გამართლებას ცდილობდა.

-ჯერ არ ვმუშაობ. სადგურის გახსნას ვუცდი. ცოტა-ღა დარჩა.

-სადგურში რა უნდა აკეთო?

-მექანიკოსის თანაშემწე ვიქნები. რამე თუ გაფუჭდება და შეკეთება იქნება საჭირო, დავეხმარები, ინსტრუმენტებს მივაწოდებ. ბევრი საქმე თუ დაგროვდება, გავინაწილებთ და ეგ არის.

-რა უინტერესოდ ჟღერს.

-დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი შეფასებისთვის, ნაო-სან, -თვალები ავატრიალე.

-მაგიტომაც დავირქვი ნაო (იაპ. პირდაპირი), -თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.

მას შემდეგ ხმა აღარცერთს ამოგვიღია. ჩამობნელდა. ცაზე ციმციმა ვარსკვლავები მოჩანდა და შიგადაშიგ ქუჩებზე შემაძრწუნებელი სცენების მომსწრენი ვხდებოდით. ხან ვიღაცას ძარცვავდნენ, ხანაც ოცდაოთხ საათიანი მაღაზიის კედელთან საკეთი გაბრუებული გამვლელი ახალგაზრდა გამყიდველ გოგონას თავს აბეზრებდა. ამ ყველაფრის შემყურე, თავს ამაზრზენად ვგრძნობდი, ნაოსგან განსხვავებით, რომელიც თვალსაც არ ახამხამებდა. მხოლოდ გზას უყურებდა და დროდადრო გადმომხედავდა ხოლმე რომ შეემოწმებინა, ხომ არ ჩამთვლიმა შემთხვევით.

დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა, როცა მანქანა ჩამოქონქილ, ჩაბნელებულ შენობასთან გააჩერა. მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა, მანქანის ნომერზე მუქი ნაჭერი ჩამოაფარა და ჩემს კართან შეჩერდა. მომაჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა არ დაუძრავს, ვიგრძენი, უნდა ავჩქარებულიყავი. ჩანთას ხელი დავავლე და მაშინვე გადმოვედი. ამდენხნიანი მგზავრობის შემდეგ ისევ მყარ უძრავ მიწაზე ფეხის ჩამოდგმა შეუდარებელი შეგრძნება იყო. ჩემი ნივთები მხარზე გადავიკიდე. ნაო შენობის შესასვლელისკენ წავიდა და მეც მორჩილი ლეკვივით უკან ავედევნე. წარმოდგენა არ მქონდა, სად მომიყვანა. გარედან არანაირი აბრა ჰქონდა, განათება, საერთოდ არაფერი.

კარი ჭრიალით შეიღო. დერეფანში ყავისფერი ხალიჩა ეგო სიგრძეზე, კედლებზე ერთი წყვილის უამრავი შავ-თეთრი ფოტო ეკიდა. თითოეულ მათგანში ერთმანეთს ეხვეოდნენ, მხოლოდ მათი უკანა ფონი, ტანისამოსი და ვარცხნილობა იცვლებოდა. შემოსასვლელში ხის მაღალი მაგიდა და ერთი სკამი იდგა, რომელზეც ნაცნობი სახის მქონე ახალგაზრდა გოგო იჯდა ჭრელ კიმონოში გამოწყობილი. ღია წაბლისფერი თმა მხრებზე ეფინებოდა, მაგიდაზე ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა. იმდენად ყურადღებით კითხულობდა და ინიშნავდა რაღაცებს, ჩვენი შემოსვლა ვერც კი შეამჩნია. კარგად რომ მივუახლოვდით, ნაომ ჩაახველა და გოგონამ მაშინვე წამოჰყო თავი.

-ნაო! - შესძახა და მოსაგებებლად ჩვენკენ გამოიქცა. ნაოს კისერზე ჩამოეკიდა, მერე რამდენჯერმე თავისი სრული ტუჩებით ლოყაზე აკოცა და ისევ ჩაეხუტა. -მეგონა, დღეს აღარ მოხვიდოდი.

-მაპატიე, აიაკა. შემაგვიანდა. უფრო ადრეც ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ გზაში ჭუჭყიანი კატა გადამეყარა და გამოვიყოლე, -თავით ჩემზე ანიშნა და ეშმაკურად ჩაიკისკისა. ისევ დამამცირა. ისევ არაფერი ვთქვი.

-მიცუკი, -თავი დავუკარი მასპინძელს. გოგონამ ნათელი ღიმილი შემომანათა.

-ჰორი აიაკა, -ნაოსგან მოუშორებლად წარმიდგინა თავი. -შენს ოთახში მხოლოდ ერთი ფუტონია გაშლილი, ოთახებიც არ გვაქვს თავისუფალი. დღეს ჩემთან ხომ არ დაიძინებ? -ჩემს მეგზურს ახედა.

-რატომაც არა, სასიამოვნო ღამეს გავატარებთ, -ნიშნის მოგებით მიუგო და ისევ ჩემკენ გამოიხედა. მისი უცნაური პასუხები და გამომეტყველებები მაბნევდა. რას ნიშნავდა ეს მისი „სასიამოვნო ღამე“? თუმცა, როგორც ჩანს, ჩემგან განსხვავებით, აიაკა ბრწყინვალედ ჩასწვდა ნაოს სიტყვების არსს, რადგან სახე იმაზე მეტად გაუნათდა, ვიდრე მაშინ, როცა პირველად დაგვინახა.

მაგიდის გვერდით ხის დაკლაკნილი ვიწრო კიბეები მიუყვებოდა მეორე სართულისკენ, საითკენაც ჰორი სანი გამიძღვა. მეორე სართულზე ოთხი პატარა რიოკანი იყო, აქედან ორში ჯერ კიდევ ენთო მკრთალი შუქი. ერთ-ერთის კარი გააღო და ამაყი სახით მიმანიშნა გაფენილ ფუმფულა ფუტონზე.

-აქ დაიძინებ, -ისე მითხრა, თითქოს თან მადლობას მიხდიდა, ნაო ჩემ გამო მის ოთახში რომ აპირებდა დღევანდელი ღამის გათევას. -დამატებითი ბალიშები თუ დაგჭირდეს, კარადაშია. სანთლებიც იქვე უჯრაშია ჩალაგებული. საჭმლისთვის პირველ სართულზე უნდა ჩამოხვიდე. თუ მოუსწრებ, ხუთ წუთში მისოს წვნიანსა და ონიგირის დაგახვედრებ. ნაო ძალიან მალე ჭამს, შეიძლება შენს ჩამოსვლამდე აღარაფერი დატოვოს, ამიტომ იჩქარე. -ეს-ღა დაამატა და პატარა ტერფების ბაკუნით ჩაირბინა პირველ სართულზე.

ოთახი პატარა, მაგრამ მყუდრო იყო. მრგვალი მომცრო ფანჯრიდან სინათლე საერთოდ არ შემოდიოდა, მხოლოდ მაგიდაზე ნახევრად ჩამწვარი სანთელი ჰფენდა შუქს აქაურობას.

ჩანთა ტატამიზე ჩამოვდე მაგიდის გვერდით, პერანგი შევიხსენი და ფუტონზე ჩამოვჯექი. ღრმად ჩავისუნთქე. თვალები დავხუჭე და მხოლოდ მაშინ-ღა მივხვდი, რაოდენ უცნაურ სიტუაციაში ვიმყოფებოდი. დილით სახლიდან რომ გამოვედი, მხოლოდ ზღვის ნახვასა და ნაპირზე სოსისების მირთმევას ვგეგმავდი, მერე ჩემს ციცქნა საცხოვრებელს დავუბრუნდებოდი, ბრინჯს მოვიხარშავდი, ნორის ფირფიტებს ჩავაფშვნიდი, ჩაისაც დავაყოლებდი, დავიძინებდი და მეორე დილით ისევ იმაზე დავიწყებდი ფიქრს, მთელი დღე რის კეთებაში შეიძლებოდა გამეყვანა. მაგრამ ამ ყველაფრის ნაცვლად, სამი უცხო გოგო გავიცანი, ერთ-ერთ მათგანთან ერთად რამდენიმე საათი ვიმგზავრე, მერე მასთან ერთადვე ღვთისგან მივიწყებულ სასტუმროში მოვედი და ახლა მის ერთ-ერთ რიოკანში ფუტონზე ვიჯექი სანთლის შუქზე, ჩამობნელებულ ფანჯარას ვუყურებდი და ველოდებოდი, როდის ამოიწურებოდა ხუთი წუთი, რომ აიაკა სანის მიერ მომზადებული მისოს წვნიანისა და ონიგირის ბურთების შესაჭმელად ჩავსულიყავი ქვედა სართულზე.

წამოდგომა რომ დავაპირე, ნესტოებში მისოს სურნელმა მომიღიტინა. ჩანთიდან ჩემი ჩხირები ამოვიღე და ოდნავ ასწრაფებული ნაბიჯებით გავეშურე სასადილოსკენ. გონებაში ჩამრჩა ჰორი სანის ნათქვამი, რომ შეიძლებოდა აღარაფერი დამრჩენოდა, თუ საკმარისად სწრაფად არ გამოვცხადდებოდი სავახშმოდ. რომ ჩავედი დერეფნის ხის მაგიდაზე დალაგებული ჯამები და შუაგულში მომცრო ზომის ქვაბი დამხვდა, რომელიც სავარაუდოდ წვნიანისთვის იყო განკუთვნილი. გარშემო აიაკა სანი და ნაო შემოსხდომოდნენ. მასპინძელმა რომ დამინახა, ხელი მხიარულად დამიქნია და მეც ღიმილით გავეშურე მათკენ.

ჩემ წინ მისოთი სავსე ჯამი და ონიგირის სამი ბურთულა იდო. ჩხირებიც მოემზადებინა. ხელში ჩემები რომ შენიშნა, აიაკამ მაშინვე მაცნობა:

-ყველაფერი სუფთაა. თვითონ დავრეცხე.

-არა, მე ეგ არ მიგულისხმია, -ვიგრძენი სირცხვილისგან როგორ ამიხურდა ლოყები და ჩხირები ჯიბეში ჩავიდე.

-სამი ონიგირის ბურთულა მხოლოდ შენ გაქვს, ჩათვალე საჩუქარია, რადგან დღეს პირველად მესტუმრე, -ესეც კმაყოფილად დაამატა. მეც სიხარულის ნაპერწკალი გამიღვივდა წამით, მაგრამ მერე ჩემ წინ მჯდომი ნაოს თეფშს დავხედე და ხუთი ბურთულა რომ დავინახე, მაშინვე ჩამიქრა. საჩუქარი, არა?

-საიდან ხარ? - გოგონამ ბრინჯი ჩაკბიჩა.

-კობედან. ცოტა ხნის წინ ჩამოვედი.

-რისთვის?

-სამუშაოს საძებნელად, -წვნიანი მოვხვრიპე. გემრიელი იყო.

-და იპოვა კიდეც, ოღონდ ისეთი მოსაწყენი, შეიძლება სმენისას ჩამოგეძინოს კიდეც, -ჩაგვეჭრა ნაო. აიაკას თვალები კიდევ უფრო კაშკაშად აენთო. იდაყვები მაგიდის ზედაპირს ჩამოაყრდნო და ინტერესით სავსე სახით მომაჩერდა. უხმოდაც კი მივუხვდი, რომ უფრო მეტის მოსმენა სურდა და მეც დავიწყე მოყოლა, როგორ ჩამოვედი დამოუკიდებლად კობედან ოსაკაში საცხოვრებლად უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რათა სამსახური მომეძებნა და მარტო ცხოვრების გემო გამეგო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჰორი სანი ძალიან დიდი აღტაცებით ისმენდა ჩემს ნაამბობს, რამდენჯერმე თავიც ისე დამიქნია, თითქოს ჩემი მშობელი ყოფილიყო და ჩემი არჩევანით კმაყოფილი, ასე მეთანხმებოდა.

სასაცილო სანახავი იყო. ტანად პატარა და გამხდარი იყო, ქცევებით ბავშვს მაგონებდა, რომელიც თავის უფროსად მოჩვენებას ცდილობდა. თუმცა, ჩემთან შედარებით, ალბათ მართლაც გაცილებით შემდგარი და ბევრად უფროსი იყო. საკუთარი სასტუმრო ჰქონდა, გემრიელ საჭმელს ამზადებდა და ნაოსთან მეგობრობდა.  პატარა და რომ მყოლოდა, ალბათ ასეთი იქნებოდა-მეთქი გავიფირე.

-მართლაც მოსაბეზრებელია, -საბოლოოდ მხოლოდ ეს თქვა, როცა მოყოლა დავასრულე.

-ხომ გითხარი, -ხარხარით წაჰკრა ნაომ ხელი მხარზე. -ამაზე მოსაწყენი საქმიანობა მეორე არაფერია.