ციხესიმაგრე
ციხესიმაგრე
ციხესიმაგრე
პირველი ზარი
სკოლის გვერდზე, სადარბაზოსთან ვიდექით. სიგარეტს ვეწეოდით თავჩახრილები. ტიტე მეუბნებოდა, ნაფასს არ არტყამო. ერთი-ორიჯერ, მართლა დავარტყი, დამარეტიანა. გამვლელები ავი თვალით გვიყურებდნენ და ვცდილობდით, არავის შევემჩნიეთ. მეშინოდა, ვინმე უფროსს წიოკი არ აეტეხა. მაგათ ეგრე სჩვეოდათ. სად იზრდებით, არ გრცხვენიათო? - აგვეკიდებოდნენ და ისე გვაგრძნობინებდნენ თავს, თითქოს წინაპართა შერცხვენის მოწმე გამხდარიყვნენ. ეტყობა, მხოლოდ ცუდად გაზრდილებს ჰქონდათ დაშავების უფლება. ტიტესთან ყოფნა, გაცილებით საიმედო იყო. ისეთი მწარე პასუხები იცოდა, ნებისმიერს გაუშვებდა კუდამოძუებულს. მეც გონიერი მეთქმოდა (მასწავლებლები ორივეს თანაბრად გვაქებდნენ ), მაგრამ ტიტე ჩემზე ენამახვილი იყო. კამათისას, ვწითლდებოდი და ენა მებმეოდა.
სკოლაში შესვლის საკითხს განვიხილავდით. სიბეჯითე მოსაბეზრებელი აღმოჩნდა და გაფუჭებაზე ფიქრით, ჯერ სიგარეტის მოწევა დავიწყეთ, მერე ალაგ-ალაგ, ლუდის დალევა.
გაცდენებზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი. არები დასწრების რაოდენობას უტოლდებოდა.
- კინოში წავიდეთ მარო რაა. გეპატიჟები - მთხოვა ტიტემ.
ხუთი ლარი მქონდა წინა კვირის ნაკოწიწები. სულ თვითონ მპატიჟებდა. მრცხვენოდა, მაგრამ ფული არასოდეს მქონდა, რადგან ბუფეტში ჭამას ოჯახის სამი უნაღვლისბუშტო წევრი მიკრძალავდა. ღრმად სწამდათ, კონტეინერით სახლის საკვების ტარება გადამარჩენდა. იმას ვერ ხვდებოდნენ, სკოლის სასადილოში რომ ჩანთიდან გუფთის ამომღები არ ვიყავი.
მოსწავლის ფასდაკლებით, ერთი ბილეთი ჩემითაც მომივიდა. ტიტეს კინოხელოვნება იტაცებდა. ალმადოვარის ახალი ფილმი გადიოდა. ძალიან გაბრაზდა, როცა რომანტიკული კომედიის სანახავად, სალაროსთან შეკრებილი ხალხი იმაზე თხუთმეტჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ. ასაკობრივი ზღვრის მიუხედავად, ტიტე ჩემს უფროს ძმად ჩათვალეს და უპრობლემოდ შემაყოლეს. სიმაღლის გამო, მისთვის პირადობაც არ მოუთხოვიათ.
თითო-ოროლა ვისხედით დარბაზში.
გამოსვლისას, ლუდი იყიდა. აქვე გავამხელ, სიგარეტსა და ალკოჰოლსაც უპრობლემოდ გვატანდნენ მაღაზიებიდან.
ქაშუეთის უკან დავსხედით, სკვერში. ეკლესიას გამოვერიდე. ღმერთის მომერიდა. ტიტე დამცინოდა. ათეისტი იყო, თუმცა საკონტროლოებზე, ხშირად მთხოვდა, მის მაგივრადაც მელოცა.
ფილმი არ მომეწონა. მამამ ქალიშვილზე მოძალადე კაცი მოიტაცა და ქალად გადააკეთა. ზუსტად ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მგონი, ახალი ტრავმა ავიკიდე მაგისი ნახვისას, მაგრამ აბა როგორ ვიტყოდი.
ჩემი მეგობარი აღფრთოვანებული ჩანდა.
გაუჩერებლად საუბრობდა ფილმის იდეაზე. თავს ვუქნევდი, ვითომ მეც ბოლომდე ჩავწვდომოდი არსს.
- ფიზიკაში ბევრი გაცდენა გვიგროვდება - ამოიოხრა და ლუდი ისეთი სახით მოსვა, ფილმის კადრი გეგონებოდა. თითქოს დედა მოუკლეს, სასმელით იქარვებს დარდს და თან შურისძიების გეგმას ისახავსო.
ოთხი ენა იცოდა: ქართული, ინგლისური, რუსული და ფრანგული. პროტესტის ნიშნად, მასწავლებელთან თავს იკატუნებდა, თითქოს ასოებსაც ვერ სცნობდა რუსულად. სკოლაში, ამბობდნენ, რომ მტრის ენა საჭირო იყო.
- თუ შემოგვესევიან და სიტყვასიტყვით აღგვიწერენ, რანაირადაც გვიპირებენ წამებას, უმჯობესია, ვერ გავიგოთ. სიურპრიზები მიყვარს - უფრო მყარ არგუმენტს უხვედრებდა ტიტე.
ხომ ვამბობ?
ყველაზე მაგარი პასუხები ჰქონდა.
ენებში ვერ ვიყავი ძლიერი. ფიზიკაში ორივე ვკოჭლობდით. თან არცოდნის გამო, იმდენი გაცდენა დაგვგროვებოდა, სახუმაროდ აღარ გვეცალა. სემესტრში, შვიდ დაუსწრებლობაზე საშემოდგომოს გვტენიდნენ.
- არ იდარდო. არებს ამოვშლი - გავამხნევე. მარტივი საქმე არ იყო. კლასელები თუ დაგვინახავდნენ, რასაც ვმაიმუნობდით, გაბრაზდებოდნენ. დანაშაული მთელი კლასისთვის უნდა ჩაიდინო და არა მხოლოდ მეგობრისთვის.
ორი მასწავლებელი გვყავდა კრიმინალური ფანტაზიის თანამზრახველად: მათემატიკა და ინგლისური. ხშირად, სასწავლო ნაწილიც. ჩვენს კლასზე ამბობდა, სხვანაირად ცოცხალი ბავშვები ხართ და მაგის გამო, ბევრ რამეზე დავხუჭავ თვალსო.
მართლა ხუჭავდა.
ბევრი ისეთი სისულელე მიუჩქმალავს, რასაც დირექტორი არ შეგვინდობდა,
წინა წელს, ინგლისურის მასწავლებელი, მივლინებით ესტუმრა ინგლისს. კოლეგებს იქაური პასტები ჩამოუტანა, საშლელებით. ფატალური შეცდომებისგან თავის დაზაზღვევად. მაგით ავსებდნენ ჟურნალს. მათემატიკის გაკვეთილზე, ჟურნალს უჩუმრად ვიღებდი და არებს ვიშლიდი ჩვენთვის.
ლუდი მომეკიდა.
ჩემმა დაქალმა ნატუკამ გამაფრთხილა, ასე თუ გავაგრძელებდი, სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. ლუდის სმა დიდ დანაშაულად ითვლებოდა თხუთმეტი წლის გოგოსთვის. მოწევას ვუმალავდი. ძალიან მკაცრი იყო. განა, ჩემთან მეგობრობას გაწყვეტდა. უბრალოდ, დედასავით დამარიგებდა ჭკუას და ყოველ დღე, ნამუსზე ამაგდებდა.
სახლში დროზე მივედი. ნუნუკა ბებია მელოდებოდა. არაფერი უეჭვია გაცდენილ გაკვეთიელბზე. მაკარონი დამახვედრა. იფიქრა, ძველებური რეცეპტით ესიამოვნებაო და მაკარონი გამიქეთა შაქრით. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, გულისრევის შესაკავებლად. არაფერი ვაგრძნობინე. რანაირად შეიძლება, დესერტად ისეთი საჭმელი მოგწონდეს, რომელიც მარილით უფრო გემრიელია?
ტიტემ მომწერა. მალე ლაშა უნდა გაეცნო ჩემთვის. გული მომეწურა. ბევრს საუბრობდა ამ ახალ ლაშაზე, რომელიც ცურვაზე გაიცნო. მაგათი ასაკის ბიჭებს, ბიჭებთან მეგობრობა უფრო მოსწონდათ, ვიდრე ღიპიან გოგონებთან. დიდი საფრთხის წინაშე ვიდექი. ტიტეზე ახლობელი არავინ მყავდა. ვერავის დავუთმობდი.
ჩვენთან, წინა წლის დასაწყისში გადმოსულიყო. ბოლო მერხზე მჯდარი, მობუზული გვაკვირდებოდა. მეორე დღეს, ისეთი მაგარი რამე დაახეთქა, „ძველი ბიჭებით“ დაწყებული, უხეში გოგონებით დამთავრებული, ყველა ინტერესით შემოიკრიბა გარშემო.
- წინა სკოლაში, სამასწავლებლოში ვიპარებოდი და ინგლისურ მარილს ვურევდი ყავაში. კუჭი ეშლებოდათ. მთელი დღე, ტუალეტში ისხდნენ - იცრუა. აქამდე, ჯერ არასოდეს გაებედა მსგავსი. თავის დასამკვიდრებლად, მშვენიერი სვლა აღმოჩნდა.
ბოლო გაკვეთილამდე გასტანა პოპულარობამ.
ყურადღების ცენტრში ყოფნა კი უყვარდა, მაგრამ სხვა ადამიანად გარდასახვა ეჯავრებოდა. ისიც აღიზიანებდა, ხალხი თუ სიმპათიით იყო მის მიმართ განწყობილი. მოზარდებისას რას გაიგებდი. ზოგჯერ, გვინდოდა, ვყარებოდით და ზოგჯერ, ვინმე ისეთი გამოჩნდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, იმისგან სიძულვილი რომ კომპლიმენტად მოგვეჩვენებოდა.
გვერდზე მივუჯექი, გათბობასთან, ძალიან მციოდა, რადგან ჩვენი ერთი ფანჯარა ზამთარში ვერ იკეტებოდა და ზაფხულში აღარ იღებოდა.
მთელი გაკვეთილი, მოთხრობას ვწერდი.
- რას წერ? - მაშინვე მკითხა. ინტერესიანი ბიჭი იყო. მითუმეტეს, ისეთი ადამიანებით ინტერესდებოდა, ვინც წერდა ან ხატავდა.
წავაკითხე.
სახლში მისულმა მომწერა, ძალიან მომწონს რასაც წერ, რაღაცით ჩემი თავი გამახსენაო.
მოთხრობა ერთ გოგონაზე იყო. ტყესთან ახლოს ცხოვრობდა პატარა სახლში და წარმოსახვითი მეგობარი ჰყავდა, ჩვენსავით.
მაშინ, ერთმანეთს უდიდესი საიდუმლო გავანდეთ:
ტიტეს წარმოსახვითი ძმა ჰყავდა, მე - და. დამაფიცა, არავისთან წამოგცდეს, ჩემს ძმას ბიჭები მოსწონს და რამდენჯერაც ახლოს გაგვივლის ვინმე სიმპათიური, იმდენჯერ ჩემი ძმის განცდილ ჟრუანტელს ვგრძნობო.
ჩემი და ვამპირი იყო. დამიცავდა, თუ ვინმე მაწყენინებდა. ტიტეს აზრით, მზრუნველობა არ მჭირდებოდა. სხვა პლანეტიდან ვიყავი მოვლენილი მშვიდობის მისიით და მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, სრულიად ქვეყნის დაცვა შემეძლო.
- ჩვენი კლასი სულ სხვადასხვა ჯგუფებად იყოფა - ამბობდა ის - საქმის გამრჩევი ძველი ბიჭები, სნობი გოგონები, ფრიადოსნები, ჩამშვები შკოლნიკები და ჩვეულებრივი ხალხი. შენ ყველა მათგანთან კარგი ურთიერთობა გაქვს. დანახვისთანავე ვიგრძენი, თვალები უფრო ცოცხალი და ანთებული გქონდა, ვიდრე დანარჩენებს. ვიცოდი, შენი ნდობა შემეძლო, რადგან სპეციალური დავალება გაქვს,სამყაროში, მშვიდობა უნდა დაამყარო.
ეგეთი სიტყვები ცხოვრებაში არავისგან მომესმინა. მაგის შემდეგ, რადგან ერთმანეთთან ჩვენი წარმოსახვა ვამხილეთ, საუკეთესო მეგობრები დაგვერქვა. უბრალოდ, ხმამაღლა არ ვამბობდით. ალბათ, გვერიდებოდა.
ასეთ მეგობარში მეცილებოდა ვიღავა ლაშა!
ვარჯიშსა და ცურვაზე ერთად დადიოდნენ.
უწინ, მეც შემიყვანეს მშობლებმა. ერთი ნაკლი მქონდა, რამე აქტივობას ამოვიჩემებდი, მშობლებს ფულს გადავახდევინებდი, ვივლიდი და ორ კვირაში, ენთუზიაზმი მიქრებოდა.
მერე, ონკანის წყლით ვასველებდი პირსახოცს, რეზინის ქუდთან ერთად ვფენდი აივანზე და სამსახურიდან დაბრუნებულ მშობლებს, ეგონათ, თითქოს მეც ახალი მოსული ვიყავი აუზიდან.
ნუნუკა ბებომ ყველაფერი იცოდა. მაგარი მესაიდუმლე მყავდა. სიტყვა არავისთან დასცდებოდა.
* * *
მეორე დღეს კეთილი ვინებე, სკოლაში წასასვლელად მოვემზადე. ჩემს ოჯახში ცოტა უკუღმართი ხალხი ცხოვრობდა. მაგალითად, სხვა მშობლები, დილით ბავშვებს აღვიძებდნენ. ჩვენთან მე ვესხმოდი თავს დედ-მამას სამსახურში რომ არ დაგვიანებოდათ. თუ კარგ ხასიათზე ვიყავი, ყველიან ომლეტებსაც ვუწვავდი. ბებიაჩემს არ ვაწუხებდი. ვფიქრობ, ყველაზე მაგარ ასაკში პენსიონრები იყვნენ. არსად მირბოდნენ, რამდენიც უნდოდათ, იმდენს კითხულობდნენ და სერიალებსაც ნებისმიერ დროს უყურებდნენ. ყოველი დღე თავისუფალი იყო. ერთი ის მადარდებდა, გასართობად, პენსია არ მეყოფოდა სიბერეში.
სკოლაში მისვლისთანავე, შოთა დირექტორი დავინახე ჩვენს პარალელურ კლასელთან, გაბრიელთან ერთად. გული ამიჩქარდა. ნატუკამ თვალები დამიბრიალა, თავი ხელში აიყვანეო. ვიბნეოდი და ვსულელდებოდი. შოთა მაგრად მიყვარდა, გრაფ დრაკულას მაგონებდა იერით.
ტიტე ამბობდა, სულელიაო.
ნიკუშა წამომეწია და ხელი გადამხვია.
- რაღაც უნდა გითხრა - ყურში ჩამჩურჩულა - გაბრიელი შოთას ნათლულია. თავისი მანქანით დაჰყავს სკოლაში. ეტყობა, მაგიტომაც არ სჯიან ხოლმე რაზბორკების გამო. მაგარი მომყომარებელია - ნიკუშასგან მაგის გაგონება გამიკვირდა. თავად, სკოლის ერთ-ერთ ყოჩად და საქვეყნოდ ცნობილ საქმეების გამრჩევად ითვლებოდა.
- არ მომწონს ეგ გაბრიელი - ამოვიოხრე. ვეჭიანობდი. გაბრიელის ადგილას, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. შოთასთან დიდ დროს ატარებდა. მე მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ მოვკრავდი თვალს მთელი დღის განმავლობაში.
- რა დაგიშავა - გაუკვირდა ნიკუშას.
ჩემი და ნიკუშას მეგობრობას, პირველ კლასში ჩაეყარა საფუძველი, როცა პირველივე დავალება გადავაწერინე. ჭკუა ვიხმარე, ვიფიქრე, წელში მოკაკული, ჩაცუქული ბიჭი რამეში გამომადგებოდა.
ერთხელ, ვაჯას კვარტლებში შევეჩეხე შემთხვევით. ჩვენს სკოლელებთან იდგა, უფროსკლასელებთან. მგონი რეზი და ბაჩი ერქვათ. მეშვიდეში ვიყავით, ეგენი მეცხრეში. თანატოლებისთვის, დიდ ავტორიტეტს წარმოადგენდნენ. რომელი უმშვენიერესი გოგო მე ვიყავი, ჩემთან მეგობრობით ნიკუშას ეამაყა. მეგონა, დამაიგნორებდა.
გამოიქცა, ყველა გამაცნო.
- მარომ მომიყვანა მეშვიდე კლასამდე - გამოაცხადა ამაყად - სკოლასაც მარო დამამთავრებინებს.
მაროც ნიკუშამ შემარქვა.
მარიამი მერქვა.
ერთი წლის წინ, ოჯახშიც დავიჟინე, მარო დაეძახათ. ცოტახანი აპროტესტეს, მაგრამ დიდხანს ვერ შემეწინააღმდეგნენ. მთლიანად მარო გავხდი.
მამაჩემს ცოტათი ეწყინა სახელის შემოკლება. მამიდაჩემის სეხნია ვიყავი. 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილიყო.
ნიკუშას გარდა, საქმეების გამრჩევ სხვა ბიჭებსაც ვედაქალებოდი. რა მექნა? როცა თხუთმეტი წლის ხარ და თავი ძალიან მახინჯი გგონია, ბულინგის ასარიდებლად, განთქმულ ბულერებს უნდა დაუახლოვდე.
თავიდან, ბიჭებს ჩემი დაქალი ნატუკა მოსწონდათ და როგორც სასურველ გოგომდე გადასასვლელ ხიდს, ისე მეკონტაქტებოდნენ. ნატუკასთან კრახის განცდისას, ჩემთან მეგობრობას აგრძელებდნენ, რადგან ჯიგარი ვიყავი (ასე ვხასიათდებოდი). სასწავლო წლის დასაწყისში, კლასის პრეზიდენტადაც ამირჩიეს ხმათა უმრავლესობით. სასიამოვნოდ მახსენდებოდა ეგ დღე. სამი კანდიდატი ვიყავით: მე, მშვენიერი ელენე და ფრიადოსანა ცოტნე. ცოტნე ჭვიანი ბავშვი იყო, მაგრამ შატალოებზე არასოდეს დაგვყვებოდა, თან ენის ყრანტალი სჩვეოდა დირექტორთან. ნიკუშას, გიორგის და თემოს ისე შეეშინდათ, ეგ არ გახდეს ჩვენი ლიდერიო, ხმები გააყალბეს და თხუთმეტბავშვიან კლასში, ოცი ხმა დამიგროვდა. პარალელურ კლასებში, მოსწავლეების რაოდენობა ოცდაათს აღწევდა, ჩვენგან, ათი ბავშვი ცუდი ყოფაქცევისა და გაცდენის გამო გაერიცხათ წინა წლებში.
მასწავლებლები ამბობდნენ, მაგათი უმრავლესობა დევნილები არიან და სწავლის არაფერი გაეგებათო. ვიფიქრე, დევნილი უცოდინარ ბავშვს ნიშნავდა. მერე მამამ მნიშვნელობა ამიხსნა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, ისე რატომ იყენებდნენ ამ სიტყვას, თითქოს სალანძღავი ყოფილიყო.
პრეზიდენტობის კანდიდატობის ერთ-ერთი მეტოქე, ფიზიკის მასწავლებლის შვილიშვილი იყო. ბებიამისი მშვენიერ ელენეს ეძახდა მოფერებით. ტროას ომის მიზეზად მაინცდამაინც, ვერ გამოდგებოდა, მაგრამ ლამაზი ნამდვილად ეთქმოდა. მისი სახე მომწონდა ცხვირზე პატარა წაწვეტებული კეხით და ლოყებზე გაბნეული ჭორფლებით. სხვებს ქერა თმისა და მწვანე თვალების გამო ესიმპათიურებოდათ. ცოტა მტირალა იყო. ტიტემ ბოღმიანი უფრო ეძახა, როცა ჩემი გამარჯვებისას, მაგრად აღვარღვარა ცრემლები. რაღაცნაირად, მესმოდა ელენესი. ცხოვრებაში, პირველი დამარცხება გაცილებით რთულია, ვიდრე ყოველი მომდევნო. დროთა გამავლობაში, ეჩვევი და აღარ გაღელვებს.
მე გამარჯვება მიხაროდა. პრეზიდენტები დირექტორის კაბინეტში ვიკრიბებოდით და სკოლის ლოგოს, სლოგანის ან დროშის შერჩევაში ვიღებდით მონაწილეობას.
ყველაზე მეტად, შოთა დირექტორის ნახვა მაბედნიერებდა.
შოთა რომანტიკულად არ მიყვარდა. ეგეთი სიყვარულის მე არაფერი გამეგებოდა. უფრო, ამოჩემებული მყავდა. ხშირად მემართებოდა. ფილმებშიც, ბოროტ პერსონაჟებს ვირჩევდი და საკუთარ თავზე მეტად ვიყვარებდი (მათ შორის იყო ჩემი წარმოსახვითი და). ანტაგონისტებს ფილმის ბოლოს, სიკვდილი ახასიათებდათ.
ვგლოვობდი.
თან თვეების მანძილზე.
ბოლოს, წითური ჯადოქარი მომიკვდა და ორმოცი დღე, სოციალური ქსელის პროფაილზე, შავი ფერი მეყენა. გაკვეთილებზეც სულ მეტირებოდა.
შოთა დირექტორი დრაკულას ჰგავდა. მაგიტომაც მიჩქარდებოდა გული მისი დანახვისას.
მასწავლებლები მეუბნებოდნენ, რომ მიჯაჭვულობა იყო ჩემი პრობლემა. მიკვირდა, რადგან ყველას შეეძლო ეფიქრა, ახლა ამ გოგოს მაქსიმალური სიზუსტით ვუსვამთ დიაგნოზს და ტვინში ყველაფერი დალაგებული ვერ აქვსო.
სჯობდა თავი ბრძენებად ეგრძნოთ, ვიდრე ეფიქრათ, თითქოს ჩემი საქმის არაფერი გაეგებოდათ. ხალხის გაოგნებას მაშინ აქვს აზრი, როცა ჰგონიათ, ასი პროცენტით გიცნობენ და მოულოდნელს ვეღარაფერს იზამ. უცებ, ბრახ! გააოგნებ. და თურმე როგორი არაპროგნოზირებადი აღმოჩენილა ეს ჩვენი მიჯაჭვულობის სინდრომით შეპყრობილი მარო.
ბოროტ პერსონაჟებს რაც შეეხება, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა შვიდი წლის ვიყავი. დედაჩემი რაღაც იტალიურ სერიალს უყურებდა და მეც ჩუმ-ჩუმად, თვალ-ყურს ვადევნებდი. იქ ერთი ძალიან ლამაზი ქალი მონაწილეობდა, რომელსაც შემთხვევით, ერთი ადამიანი შემოაკვდა, ოციოდე კი უბრალოდ გააუბედურა.
ბოლოს, მაინც ვერ დაუმტკიცეს დანაშაული. ყველაფერი შერჩა. ეგ იყო პირველი და უკანასკნელი, რომელიც გადარჩა, არ მოკლეს. ეტყობა, სცენარისტს უყვარდა.
იდეალური პრინცესები ძველმოდურად და მორალისმკითხველებად მეჩვენებოდნენ. თითქოს ვიღაცას დიდი ხნის წინ, სქემა შეექმნა თუ როგორი უნდა ყოფილიყო დადებითი პერსონაჟი და დღემდე, ამ სქემის მიხედვით ხელმძღვანელობდნენ. ქართული წიგნების კითხვისას, გმირადშერაცხული ყველა კაცი ვეფხისტყაოსნის ავთანდილს მაგონება. თითქოს, რაინდებს შეცდომის უფლება არ ჰქონდათ და სიმამაცე, თავდადება მოეთხოვებოდათ. განა რამეს ვერჩოდი ამ ავთანდილს. ჩემი სტილის ბიჭი არ იყო უბრალოდ.
ანტაგონისტები მერჩივნა. იმ ფილმებში რომ მეცხოვრა, რომელზეც ვგიჟდებოდი, უეჭველად ბოროტებთან ვიმეგობრები. კეთილები ისედაც არაფერს დამიშავებდნენ. სჯობდა, იმათი მოკავშირე გავმხდარიყავი, ვისგანაც საფრთხე მელოდა.
ლიტერატურა და კინო ჩემი თავშესაფარი იყო. ნებისმიერ რამეს სინდისის ქენჯნის გარეშე მოვიწონებდი. განკითხვის არ შემეშინდებოდა (სოციალური ქსელების გარდა. მანდ თუ გულახდილად გაასაჯაროვე, რაც მოგწონს და რაც გეჯავრება, ჯვარზე გაგაკრავენ).
ბოლო დროს, ისეთი ქართული სერიალი შემიყვარდა, დარწმუნებული ვიყავი, ჩემს იქაურ რჩეულს არასდროს მომიკლავდნენ, რადგან სერიალის შეუცვლელი პერსონაჟი გამხდარიყო. მთელი რეიტინგი ზურგზე ეფინა. მირანდა ერქვა. გრძელი, სრიალა თმა ჰქონდა, მოგრძო ცხვირი და განსაკუთრებულად ინდივიდუალური გარეგნობა (ცოტათი მძიმე ხასიათით). არც კეთილი ერქვა, არც ბოროტი. ერთი სიტყვით, ადამიანს ჰგავდა - უყვარდა, სძულდა, შეცდომებს უშვებდა. ზოგჯერ, ძალიან კარგადაც იქცეოდა. საუბრისას, გრძელ თითებს მოქნილად ალივლივებდა ჰაერში. სარკესთან, ხშირად ვვარჯიშობდი, მსურდა იგივენაირად გამომსვლოდა, თუმცა მოკლე თითები მქონდა. თან კოტიტაც. კოტიტა ალბათ იმიტომ, რომ საკონტროლოების წერისას, ფილმის ყურებისას ან ჩემი ოჯახის წევრების პანაშვიდის წარმოდგენისას, პირში ვიდებდი. ტიტე რამდენჯერაც წამასწრებდა, თავის თითებსაც პირში მტენიდა. მავნე ჩვევებთან ბრძოლის ბრუტალური ხერხები ჰქონდა.
მაგასაც ძალიან მოსწონდა ჩემი სათაყვანებელი მირანდა. ყველაზე ლამაზ ქალად მიაჩნდა. ერთხელ, როლის შემსრულებელმა, ინტერვიუში ისიც თქვა, რომ პუტკუნა კაცები მოსწონდა, რის შემდეგადაც, ტიტემ ერთკვირიანი დიეტა დაარღვია და გადაწყვიტა, შეპუტკუნებულიყო.
შაბათ-კვირის სერიებს ორშაბათ დილით, განმეორებით ვუყურებდით ერთად და მაგრად ვერთობოდით.
დღიური მქონდა. თუ რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა ცხოვრებაში, ჩემს მირას ვწერდი. მაგალითად:
„მირას
გამარჯობა მირა. ორი წამით მოვწყდები ცხოვრებას, რომელშიც ვარსებობ და მოგიყვები სიყვარულზე, ჩემი გული რომ ვეღარ იტევს. ეს არ არის მოზარდის გატაცება, რომანტიკული სიყვარული ან უბრალოდ ამოჩემება. ეს რაღაც უცნობი, გაუგებარი გრძნობაა. უკვე მესამე წელია, სკოლის დერეფანში ვხედავ. გამარჯობით ვიცნობ, თუმცა საკმარისია შევხედო და ვხვდები, აქამდე არსებული ყველა ემოცია, წამში იფლითება და ადგილს მხოლოდ შოთა იკავებს. არ მყოფნის მისი ყურება. ტიტეს არ მოსწონს, რომ სკოლის გაცდენისას, ზოგჯერ ვიწყენ და უკან მიბრუნება მინდება. მისი ნახვის გარეშე ჩავლილი დღე უიმედო და სევდიანია. თუ ვტირი, რამე მაწუხებს, შოთას სახეს წარმოვიდგენ. ასეთ დროს, მსურს ჩემთან მოვიდეს, ჩამეხუტოს და ლოყაზე მაკოცოს. მინდა, იცოდეს რასაც ვგრძნობ, თუმცა ვშიშობ, სხვანაირად გაიგებს. გასულ წელს, გამოცდებისას, როცა ჩაჭრის საფრთხე მემუქრებოდა, ერთხელ შემოვიდა კლასში, თვალი შეგვავლო. მაშინ მივხვდი, დანებების უფლება არ მქონდა, რადგან დაბალი ქულების მიღებისას, სხვა სკოლაში გადამისვრიდნენ და ვეღარ ვნახავდი. მთელი ძალა მოვიკრიბე. იმდენი შემძლებია, რომ ჩემ გარდა, კიდე სამ-ოთხ ბავშვს დავაწერინე ინგლისური (მაინცდამაინც ყველაფერს ვერ დავიბრალებ, რადგან თავიდან, ტიტემ გადამაწერინა და შემდეგ, დანარჩენ კლასს დავეხმარე).
მირა, ძალიან მომენატრე. წინა კვირას, საპროტესტო აქციებს გადმოსცემდნენ და ახალი სერიები ვერ გავიდა. ტიტე მეუბნებოდა, სერიაზე კი არ უნდა ვიდართოთ, ჩვენც ქვეყნის გვედით უნდა ვიდგეთო. მართალიცაა, მაგრამ ზოგჯერ ქვეყნის ინტერესების გამო, პირადი სურვილების დათრგუნვა მიჭირს. იმედია, როცა გავიზრდები, სხვაგვარად ვიფიქრებ“.
- აი, საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს - გამომაფხიზლა ნატუკას ჯუჯღუნმა, თორემ ისევ შოთას ვუყურებდი - მიკვირს, რანაირად ამსგავსებ მახინჯ შოთას და ქარიზმატულ ვამპირს.
გული მწყდებოდა, ყველა მახინჯად აღიქვამდა ჩემ გარდა. თუ ბევრს მოეწონებოდა, მაგაზეც ნერვები ამეშლებოდა. კონკურენცია მოტივაციას მითრგუნავდა.
ბოლო დროს, მიშტერების გამო, ჩემი ქცევა უხერხულად ჩანდა. მაგ კაცსაც, გასაღიზიანებლად სხვა არაფერი უნდოდა. უსამართლო აგრესიას ვატყობდი. შუა გაკვეთილზე, საპირფარეშოში გასულს თუ დამინახავდა, მიყვიროდა.
უკან მაბრუნებდა, კლასში.
ნეტა, საკუთარ პასუხისმგებლობად ჩათვილა მაგის გამო თუ ჩავისფასვდი?
მიდი მარო აბა, ექსპერიმენტი ჩაატარე. ჩაიფსი, რათა შოთას რეაქციას დააკვირდე.
კაცის ყვირილი მწარედ მხვდებოდა გულზე. ქალისას მიჩვეული ვიყავი, წარბს არ ვიხრიდი. ჩემი მასწავლებლები სულ გვიწიოდნენ.
* * *
ფიზკულტურის გაკვეთილზე პარალელური კლასი შემოგვიერთეს. სპორტის თალიკო მასწავლებელმა გაიხარა, დროა, თქვენნაირმა ტყიურებმა, წესიერი ბავშვების გარემოცვა შეიგრძნონო. მაგრად ვბრაზდებოდით, როცა სხვას გვადარებდნენ. ორი მიზეზის გამო: პირველი - ყველა ინდივიდუალირია, მითუმეტეს, ბავშვი. მეორე - სრულყოფილება საერთოდ არ შედის ჩვენს ინტერესებში.
სპორტდარბაზში, მობუზულ ტიტეს მივუჯექი. ძალიან სპორტული იყო, მაგრამ არეულობასა და უწესრიგობას უფრთხოდა ვარჯიშისას. შესაბამისად, ჩვენთან ერთად, არასოდეს თამაშობდა.
- ეს ჩვენი პარალელური კლასი რატო არ მოგწონს, მაინც ვერ ვხვდები. მოწესრიგებული, ბეჯითი და ზრდილობიანი ხალხია, დალაგებული ოჯახებიდან - მეუბნებოდა ნატუკა.
- პრობლემური ოჯახისშვილები მირჩევნია - გამეცინა.
- ჰო. მამა თუ არ გყავს ციხეში, ლოთი ბაბუა და ლუდომანი დედა, მარო შენთან არ იმეგობრებს - თქვა ნიკუშამ და მერე გადაბჟირდა. ეს თვისება ძალიან მომწონდა მასში, თავის ტრაგედიებს და ღრმა დარდს იუმორით უდგებოდა. თან ხმამაღლა თუ ღადაობ საკუთარ ცხოვრებაზე, სხვები უფრო ნაკლებად დაგცინიან. მთლად დაცინვას ვერავინ შებედავდა, წამში, ცხვირ-პირს დაალეწავდა ნებისმიერს. ერთხელ, მეთერთმეტე კლასელი ისე ჰყავდა ნაბეგვი, სკოლის ექიმიც მიხვდა, ნახშირით ვერ უშველიდა და ბინტებით დარბოდა.
გადავწყვიტეთ, მათთან გვეთამაშა, თორემ ჩვენი კლასი პატარა დაწყევლილ კუნძულს დამსგავსებოდა. ამ კუნძულზე მოსახვედრად უცხო ადამიანი წყლის გადაცურვას თუ დააპირებდა, პირანიები წამში შთანთქავდნენ.
შემოთავაზებამ გაიჟღერა, გაშეშობანა ვითამაშოთო და ინდაურებივით, ყველამ ერთხმად აიტაცა. ცივმა ოფლმა დამასხა. სხვებიც ნახავდნენ, როგორი დონდლო ვიყავი. წრეშიბურთი კარგად გამომდიოდა. ერთი მხრიდან თუ მესროდნენ, მხოლოდ მოტრიალებას ვასწრებდი და მეორე მხრიდან მომავალ ბურთს ფეხებს შორის ვაძვრენდი. ინტენსიურ სირბილს თუ საჭიროებდა, ეგეთ თამაშებში მაგრად ვისვრივი.
ერთხელ სოფელში, სიმინდის მოსაპარად გადასულ ბავშვებს ოთხმოცი წლის ქალი გამოგვეკიდა და მხოლოდ მე დამიჭირა. ნაქურდალი ტაროები იმდენჯერ მირტყა თავში, სანამ სულ ბოლომდე არ გამოვთაყვანდი. ნანუკა ბებოს თქმით, იმის მერე დამიცურდა ბოლომდე.
გაშეშობანას თამაშისას, საპირისპირო გუნდიდან, თავიდანვე ყველა ჩემკენ დაიძრა. ეტყობა, შუბლზე მეწერა, გზიდან როგორი ადვილი ჩამოსაშორებელი ვიყავი და პირველ რიგში, სუსტების გაგდება მოინდომეს. ტიტეს გაბარიტები ცხოვრების ყველა ასპექტში მადგებოდა.
გასაშეშებლად ჩემკენ მომავალ ბავშვებს, მთელი სისწრაფით ესხმოდა თავს და მხარზე რამდენიმე ფენად იკრავდა.
- მემგონი სამუდამოდ დააშეშა ეს საცოდავები - ხითხითებდა ნატუკა.
ტიტე თხუთმეტი წლის ბავშვის კვალობაზე, ძალიან მაღალი და მკვრივი იყო.
ერთხელ რომ იტყოდა, ბოქსზე მივდივარო, კვირის მომდევნო დღეებში, ცურვაზე მიმავალი გვიქნევდა ხელს.
ნატუკაც არაბუნებრივბად სწრაფად დარბოდა. ვეხუმრებოდი, ვამპირის სიჩქარეს კრეფ-თქო. ხუთი პარალელური კლასელი ისეთი შემორტყმით დააშეშა, ფაქტობრივად, ცემას უტოლდებოდა.
ერთი, ელენე დაგვიჯაბნეს და რა თქმა უნდა, ისევ ჯღავილი მორთო. მასზე შეყვარებული პარალელური კლასელი ბიჭები ამშვიდებდნენ. ჩვენგან არავის მოსწონდა. როგორი ლამაზიც არ უნდა ყოფილიყო, თუ ყველაფერზე ტიროდა ვერ იწონებდნენ. ტიტეს თქმით, ელენეს ქცევას მანიპულაცია ერქვა, რადგან ხშირად იმის გამოც ქვითინებდა თუ მასზე მაღალ ქულას ვიღებდი. საკუთარი წარმატების გამო, თავს უხერხულად მაგრძნობინებდა.
სხვა კლასელები, ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ ცივილურად ვერ მოხერხდებოდა ჩვენთან თამაში. გვესმოდა მათი. ერთხმად ვეთანხმებოდით მასწავლებლებსაც ისეთ გამოთქმებზე, რომელზეც სხვა ბავშვები უძაბავდნენ. მაგალითად: „ტყეში იზრდებით“ ან „ცხოველები ხართ“. შეწინააღმდეგება ხშირად ხანგრძლივ, დაუსრულებელ კამათს იწვევდა. ჩემს კლასს კი გრიგოლ ხანძთელის სიტყვები, “ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი – ოქროი რჩეული”, თავისივე სასიკეთოდ გაეგო და უფროსებთან მოოქროვილები ვხდებოდით. დროის ფუჭი ფლანგვაა, შეეწინააღმდეგო ადამიანებს, რომელთაც ბოლო ორმოცი წელია, აზრი არაფერზე შეუცვლიათ.
ერთი-ორჯერ, ცხოველების ფერმაც გვიწოდა მუსიკის მასწავლებელმა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ თვითონ არა, თუმცა კლასის ოთხმოც პროცენტს წაკითხული გვქონდა ორუელი. მაგრად შევარცხვინეთ ჩამჭრელი კითხვებით.
გაკვეთილის ბოლოს, ოფლიანი და წებოვანი ბავშვები რომ აქეთ-იქით გაიფანტნენ, სტადიონთან ჩამოვჯექი. ტიტეს ველოდებოდი. სახეზე წყალი უნდა შევისხა და დამელოდეო, დამიბარა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჯერ იღლიებს დაიბანდა, მერე დეზადორიდან დაწყებული, ოდეკოლონით დამთავრებული, ყველაფერს იპკურებდა და ასე, ნახევარ საათში დააყენებდა საშველს. გაბრიელი მომადგა უკმაყოფილო სახით. რაღაცნაირი ტიპი იყო. ერთი წინადადებაც არ გვქონია ერთმანეთში გაცვლილი, მაგრამ უსიტყვოდ ვხვდებოდი, ვეჯავრებოდი. მე ხო საერთოდ არ მეხატებოდა გულზე. ჩემი გაგება როგორღაც შეიძლებოდა. შოთა დირექტორში მეცილებოდა, მაგრამ იმისთვის არაფერი დამეშავებინა. უმიზეზო ზიზღი რანაირი ამბავი იყო...
- ეს შენ - მითხრა და ხელებში ქაღალდი ჩამიკუჭა. თვალებშიც არ შემოუხედავს. ასე ბიძაჩემი იქცეოდა დაბადების დღეზე, ასლარიანის ჩუქებისას.
გავშალე.
დიდი გომბეშო ეხატა ჩემნაირი სათვალით.
- ავტოპორტრეტი დაგიხატე - გამიცინა. შემზარავი სიცილი ჰქონდა. უფრო იმიტომ, რომ მე დამცინოდა. ისე არაუშავდა. როგორი ბოროტი პერსონაჟი აღარ შემყვარებია, მაგრამ გაბრიელის გვერდით, ყველანი ანგელოზებად მომეჩვენა.
- ავტოპორტრეტი საკუთარ პორტრეტს ნიშნავს.
- მე შენი დავხატე.
- ავტო აღარ გამოდის - წამოვდექი და მოვშორდი. ჩემკენ მომავალი ტიტე დავინახე. უკანა ჯიბეში ჩავიდე ნახატი. ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა, ეს ორი ერთმანეთს დატაკებოდნენ. გაბრიელიც კაი მაღალი ვინმე იყო და თან ჩხუბისას გონება ეკეტებოდა, წიხლებს ისე უმისამართოდ იქნევდა, სამიზნეს მოარტყამდა თუ დერეფანში მიმავალ მეორეკლასელ გოგოს, მაგისი აღქმა დაჰკარგვოდა.
სკვერში გავედით. უგუნებობას მემჩნეოდა. ჩემი მოთხრობის ახალი თავიც ვერ წავუკითხე გულიანად. მიყვარდა, როცა მაფასებდა. შენიშვნებს კრიტიკოსივით კი არა, მასწავლებელივით მაძლევდა. პრობლემას დამისვამდა და მერე, გადაჭრის მიმართულებასაც მაძლევდა. გაბრიელის ნახატი ამოვიღე. გავშალე და შევაჩერდი.
- ეს რა არის? - მკითხა.
- რაღაცა სისულელე. მე დავხატე - დავიბრალე. მრცხვენოდა, რადგან გაბრიელ