ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

პარასკევა -x

პარასკევა -x

აკო გავაშელი  

                           

                       პარასკევა  

 

                                                         I

 

     კარტს ვთამაშობდით. სულ მე ვიგებდი.

     - იცი, რატომ გვიგებს, ეშმაკია!

     - ეშმაკი რატომ ვარ?

     - იმიტომ, რომ რქები გაქვს!

     - რქები რატომ მაქვს?

     - შენს ჩრდილს რომ აქვს, იგივე შენ არა ხარ?

     სინათლე არ იყო. სანთლის შუქზე ჩემი ჩრდილი ეხატა კედელზე.

 

 

     - ბუ-ბუ-ბუ-ბუ... - ვმღერივარ, - მშვენივრად ატარებ დროს, პარასკევა!

     - ერთი მითხარი, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი?

     - როცა რაღაცას იპოვი და მერე დაკარგავ.

     - მაინც რა გიპოვია?

     - ჯერ არაფერი.

     - გარშემო ყველაფერი ყრია - ჰაერი სავსეა გამონაბოლქვით...

     - ცხოვრება სავსეა მიწით, ხეებით, ადამიანთა სხეულებით...

     - ძაღლებით, კატებით...

     - ჩემს გარშემო სიცარიელეა.

     - ყველას თავისი ცხოვრება აქვს...

     - თავის თავს ყველა აღიქვამს ერთეულში, ხოლო ყველა დანარჩენს მრავლობითში... და ეს ერთი რომ არა, მთლიანობა არ დაირღვეოდა.

     - თავისი თავი ყველას თავისი თავი ჰგონია! ...ახლა, შენს თავს რომ უყურებ, გგონია შენ შენ ხარ?

 სარკეში ვიყურები. ჩემს უკან საათის შემოტრიალებული გამოსახულება ჩანს, 12-ს უჩვენებს.

     - მე წავედი, - გარეთ გამოვდივარ.

 

-

     ლექციაზე მაგვიანდება.

     - რატომ დაიგვიანე? - მეკითხება ლექტორი.

     - სახლიდან გვიან გამოვედი... მერე, ნელა მოვდიოდი... ერთი ტროლეიბუსი გავუშვი, სავსე იყო; მეორეში ავედი, ტროლეიბუსიც ნელა მოდიოდა...

     - გადი გარეთ!

     გარეთ გავდივარ, წყლისკენ მივდივარ, წყალი მინდა დავლიო.

     - მთავარია, ფეხი არ წამოკრა! - უკან ვიყურები, რეზო მეხვევა (ეს ბიჭი ერთ დროს მგონი მიყვარდა).

     - როგორა ხარ?

     - რა ვიცი.

     - აბა ვინ იცის?.. კაფეში გადავიდეთ?

     - არა.

     - მაშინ დავსხდეთ ცოტა ხანს.

     კიდე მიყვარხარო, თუ გახსენდებიო; მაინც ვერ მივხვდი, რატომ მიმატოვეო - ახლა ამეების მოსმენა მინდოდა სწორედ - თუ გიყვარს ვინმე... რატომ არ მეუბნები, რომ მოგენატრეო!

     ვუყურებ და ვეუბნები - ისე არა უშავს, კარგ ტიპებს ვარჩევ!

     - არჩევ?! შენ რა, ღადაობ ბიჭებთან?

     - კი...

     - მართლა?

     - ცოტ-ცოტას.

 

 

     - ჩვენს სხეულში ისე ცხოვრობს სული, როგორც ჩიტი გალიაში.

     - მოხვედი? - მეკითხება სარკე. მეც ვაჩერდები და ვათვალიერებ საკუთარ სახეს, ხელებს.

     - მერე გაიხდი, როგორც ხელთათმანს და გადააგდებ. ადრე მძულდა, ახლა თანდათან ვიწყებ შეჩვევას.

     მაგიდაზე თეთრი, თითებიანი ხელთათმანი გდია. კიდევ, დაშნა და მომწვანო მანდილი. ლარნაკში - სისხლისფერი ვარდი.

     ჰამაკში ვწვები და ვქანაობ.

     ჯერ ამის წინ დაწყებული ნახატიც არ დამიმთავრებია - «სარკეებიან ოთახში» - კარები იღება და შემოდის ადამიანი, რომელიც ექცევა სარკეებს შორის. სარკეები სხვადასხვანაირ ჩარჩოებშია მოთავსებული, ყოველ მათგანს აქვს თავისი სახე და ადამიანი ყველა სარკეში ჩანს ისეთი, როგორიც თვითონ სარკეა და ეს მრუდე სარკეთა სამეფოა. ისინი ცვლიან - ამახინჯებენ თუ ალამაზებენ ადამიანის გარეგნობას (რომელიც იყურება ხან ერთ, ხან მეორე მათგანში და ვერ გაუგია, როგორია სინამდვილეში) - ეს არის ადამიანი, დანახული გარედან...

     მერე ჰამაკიდან იატაკს ვუბრუნდები, საღებავებს ვეძებ. ჰამაკი ახლა ობობას ქსელს გავს, ჭერზე გაკრულს. ფანჯარა თანდათან ბნელი ხდება. მთვარე ამოდის და ჩემს ჰამაკში წვება...

     ...ჩამომხრჩვალი ადამიანი, ჩამსხვრეული სარკე, ღია ფანჯარა და გალიიდან გაფრენილი ჩიტი. ვიღაცის ირონიული ღიმილი, დამცინავი სახე და ორაზროვანი მზერა...

 

 

     გრეხილი კიბეები ავიარე. კიბის ბოლოში არჩილი (ქანდაკების მასწავლებელი) იდგა. არასოდეს შემიმჩნევია, ასეთი ცისფერი თვალები თუ ჰქონდა.

     ლალი უკვე მოსულიყო და ცელოფანებს ხსნიდა თიხის თავს.

     ჩემი ნატურმორტისკენ წავედი. ამ ნატურმორტს სხვებიც ხატავენ. ჩემი მოლბერტი მარცხნივ იდგა. გოგენი თაბაშირის თავს ხატავდა ფანქარში.

     ლიას ჩემს დანახვაზე სახე უბრწყინდება:

     - შენ კორო ხარ თუ დეგა? - მეძახის.

     მეც მიხარია, მასთან მივდივარ. «სადა ხარ, უკვე გეძებდით!»

     ხატვას ვიწყებ. ლია ჩემთან მოდის, თვითონ უკვე დაღლილა ხატვით და ახლა ჩემი გართობაც უნდა. ვცდილობ, არ ავყვე.

     - მაკა, რა სერიოზული ხარ!

     მეცინება და მერე «ჩემი თავის» სანახავად მივდივართ, ლალი ოთხშაბათობით ჩემს თავს აქანდაკებს.

     - არჩილი კარგი ტიპია, არა? - ლია მეკითხება.

     - მაგარი.. რა ცისფერი თვალები აქვს!

     - მე სახეც მომწონს!

     - მეც, ჩვენ ხომ ერთნაირი გემოვნება გვაქვს!

     - დღეს ნატურას დახატავ?

     - უკვე მოსულია?

     - კი.

           მეორე ოთახში გავდივარ. “ნატურას“ ხატავენ. ლადო (ხატვის სტუდიის მთავარი მასწავლებელი) ხელით იღებს მის შიშველ ფეხზე ზომებს - ვიღაცას აჩვენებს, რა შეფარდებაა კოჭიდან მუხლამდე და მუხლიდან მენჯამდე მანძილებს შორის.

     ცოტა ხანს ვხატავ, მერე გამოვდივარ – ლიას ზურას ხატვა დაუწყია.

     - იმისათვის, რომ მხატვარი იყო, აუცილებელი სულ არ არის, რომ ხატავდე... - ამბობს ზურა და მიღიმის, როგორც ყოველთვის, ჭროღა თვალები უციმციმებს.

     ლალი მეძახის.

     - ახლავე, - ჩემი თავის გვერდით ვდგები, - ახლა შენს განკარგულებაში ვარ.

 

 

      ქუჩაში ვსეირნობ, მიყვარს ხოლმე ასე უაზროდ ხეტიალი – როცა არ იცი, სად მიდიხარ. ზოგჯერ ვინმეს ამოვირჩევ და უკან მივყვები – კოორდინაცია რომ არ დავკარგო ან გზა რომ არ ამებნეს... ვცდილობ, მივბაძო სიარულში, მიხრა-მოხრასა თუ თავის დაჭერაში. მინდა გავიგო, რაზე ფიქრობს ეს ადამიანი, რითია დაკავებული მისი ტვინი...

     შევდივართ მაღაზიაში, გამოვდივართ; შევდივართ მეორე მაღაზიაში, ისევ გამოვდივართ, შევდივართ მესამეში...

     გადავდივართ ქუჩაზე, ეკლესიის წინ პირჯვარს ვიწერთ..

     კიბეზე მათხოვარი ზის, თავზე ცხვირსახოცი გადაუფარებია და სახე გასწითლებია, სასაცილი ტიპია და ფულს ვუგდებ ქუდში.

     ახლა ქალი მიწვდის ხელს და ფულს მთხოვს, მაგრამ მეტი აღარ მაქვს. შემოვტრიალდი - «ქალებს არ ვაძლევ», - ვამბობ ჩემთვის და მეცინება.

     ამ დროს ლაშა დავინახე – მაღალი, გამხდარი (პოეზიის საღამოებიდან ვიცნობდი, კარგ ლექსებს წერდა და ცოტა არ იყოს მომწონდა კიდეც), მატარებელივით მიდიოდა - დიდი ნაბიჯებით, წელში ოდნავ მოხრილი და ხელების ქნევით. ჩემდაუნებურად გავაყოლე ჯერ თვალები, მერე - თავი, ტანი და ფეხები.

     უცებ აზრად მომდის, რომ შეიძლება დამინახოს და ტრაექტორიას ვიცვლი.

 

 

     სახლში მისულს სტუმრები დამხვდნენ - ნიკა და ნეკა (ჩემი ბიძაშვილები), დედამ მითხრა - მაკა, სადა ხარ ამდენ ხანს, ეგონათ, რომ აღარ მოხვიდოდი და წასვლას აპირებდნენო.

     - როგორა ხარ შე სულელო? - ნიკა ლოყაზე მჩქმეტს.

     ნეკა ჰამაკში მოკალათებულა. დაღლილობას ვგრძნობ.

     - შენ იცი, კოსმოსში რომ კაცი გაფრინდება, რა მოუვა? - ნიკა მეკითხება.

     - რა?!

     - ვუთხრა?

     - უთხარი.

     - მრგვალი დაბრუნდება! - ისე უხარია, ხომ არ გაგიჟებულა-მეთქი, დაკვირვებულად ვუყურებ.

     თუმცა, ახლა ვიღას უკვირს სიგიჟე - მე ამის წინ ესკალატორზე წარმოვიდგინე, რომ ცხენი ვარ და ისეთ ხმაზე დავიჭიხვინე, რომ კინაღამ გული მე თვითონ გამისკდა!..

     - ...ფორთოხალი, რომელსაც ფცქვნიან... - ამბობს ნიკა.

     მე კი ამ დროს ჩემთვის ჩუმად ვფრუტუნებ - ცხენების მიმართ სისუსტე მაქვს, ჰიპოდრომზეც რომ დავდიოდი, მაშინაც სულ ცხენი მეგონა ჩემი თავი. ფეხი მქონდა ნატკენი... რაო, სიამოვნების განცდაო? - მგონი ნიკა რაღაც საინტერესოს ყვება - ...გგონია, რომ ფორთოხალი ხარ!?...

     - გგონია, რომ ფორთოხალი ხარ და გფცქვნიან!

     დედას ხილი შემოაქვს.

     ნეკა სიგარეტს უკიდებს.

     - ოთახში მოვწიო თუ აივანზე?

     - როგორც შენ გინდა.

 

 

 

     ლექციაზე ნუ აგვიანებ, - მეუბნება ჯგუფხელი, - და ნუ აცდენ, თქვენი გულისთვის კურატორი მე მეჩხუბება.

     ერთ ლექციაზე ვიჯექი, მერე გარეთ გამოვედი, მეორე ლექცია გაცდა.

     - აღარ მოვალ, – ვეუბნები ჯგუფელებს, - ხატვა მაქვს.

     კედლის გასწვრივ რაღაც ხის კიბე ეგდო, კიბის ერთ სეგმენტში გუგა ჩამჯდარიყო ფეხებმოკეცილი. მე კიბეზე ჩამოვდიოდი, როცა მივუახლოვდი, გამარჯობა-მეთქი, ვუთხარი. მას გამომეტყველება არ შეუცვლია, ისე ასწია წარბები მაღლა. “რა უცნაური ტიპია”, – ვფიქრობ, – “თან ძაან მაგრად ხატავს!”

     ზემოთ ლია, ლალი, კიდევ ვიღაცეები და სხვები იყვნენ - ზურას საკაიფო მაიკა ეცვა, ფეხბურთელები ეხატა ზედ.

     ნატურმორტის ხატვა ახლა სხვა კუთხიდან დავიწყე. ლია ჯერ მაქებდა, მერე ისე მიყურებდა, გინდა-მეთქი დაგახატინო, ვკითხე. გიჟდება, ისე უყვარს თავიდან საღებავების დადება. მე პირიქით ვარ, ბოლოში მიყვარს, როცა ვხვეწავ-ხოლმე.

     ზურას თავისი ნახატი «ქრისტეს სიმშვიდე» ჰქონდა მოტანილი.

     - რა უცნაური თვალები აქვს! - ნახატთან ახლოს მივედი და თვალებში ჩავხედე, - შენ გგავს, იცი?

     ზურა პატარა ბაჭიას მეძახის - ვითომ თვითონ დიდია! ზღაპრების მოყოლაც იცის.

     გარეთ გამოვდივარ, უკვე ბნელა. მეტროს შესასვლელთან ლაშა დგას - თვალები სიბნელისთვის მიუპყრია.

     «ლაშას შეყვარება არ შეიძლება,»- ვფიქრობ, - «მან თვითონ უნდა შეიყვაროს!»

 

 

     გ.მ.-ს (ანუ გუგას) ნახატის წინ ვდგავართ.

     - შეყვარებულია, - ეუბნება ლია ზურას ჩემზე, - სიზმარში ხედავს!

     - ხომ გითხარი, გუგა კი არა, მისი ნახატი ვნახე-მეთქი.

     ეს ნახატი მართლა სიგიჟემდე მომწონს.

     - რა მნიშვნელობა აქვს!

     ზურა საქმეს მიწყობს, - გინდა, თავისი სხვა ნახატებიც დაგათვალიერებინოს, სახლში იცი, რამდენი აქვს? თუ გინდა, ვეტყვი, რომ ეს ნახატი გაჩუქოს!

     ჩუქებით, ვიცი, არ მაჩუქებს და არც მინდა.

     ლია და ზურა გადიან, მარტო ვრჩები.

     გუგა შემოდის, შორიდან უყურებს თავის ნახატს, მერე ჩემთან მოდის.

     - შენ ცოტა გაიწიე, რა!

 

 

     ცოტა ხანს ბაღში ვიყავი ლალისთან ერთად, მერე ლალი წავიდა და მარტო დავრჩი.

     ვხედავ, რეზო მოდის ჩემსკენ. მოვიდა და რაღაცნაირად, თბილად თუ მზრუნველობით დამიწყო ყურება. ჩაის სახლში შესვლა შემომთავაზა. ჯერ არ მინდოდა, მაგრამ, რომ მეხვეწა, მესიამოვნა და დავთანხმდი.

     მერე ვუთხარი, მეზარება-მეთქი, შემოსვლა - ჩაის სახლს რომ გავუსწორდით და გზა გავაგრძელეთ. მთელი გზა სიყვარულზე ლაპარაკობდა. მერე კაფეში შევედით და წვენი დავლიეთ. უკან არასოდეს იხედებიო? - მკითხა. ისევ ფილარმონიას ჩავუარეთ, კიბეებზე ხელი მომხვია და სცადა ეკოცნა, ძლივს მოვიშორე. «შტერი ვარ, რას მოვყვებოდი!»

     - იქნებ შენ იცი, შენთან რატომ წამოვედი? - ვეკითხები, - ამხანაგები ხომ მაინც ვიყავით, არა?

     - მეტი არაფერი?!

     ვუყურებ და მეღიმება:

     - საერთოდ მიყვარს, როცა გვერდით ადამიანია...

     - კიდევ კარგი, ადამიანად მაინც მთვლი, მაგისთვისაც დიდი მადლობა!

     უნივერსიტეტში დავბრუნდით, მაგრამ ლექცია ვერ ვიპოვე, სად ტარდებოდა. ისევ გარეთ გამოვედით, ბაღი სტუდენტებით იყო სავსე, დასაჯდომი ადგილი არ იყო.

     - ქვემოთ ჩავიდეთ, - მთავაზობს.

     - იქ რომ სკამი არ არის?

     - მე ვიცი, არის.

     

 

ბაღის ბოლოში ჩავდივართ, ზოოპარკისკენ. მივყვები, იქ უკვე არავინ აღარ არის. ჩემდა უნებურად დისტანციას ვიცავ, რომ გაქცევა მოვასწრო.

     ღობესთან ამწის ყელი გდია, წვიმისაგან დაჟანგული.

     - ეს არის სკამი?

     მერე მეც არ ვიცი, როგორ მოხდა - მე ღობესთან ვდგევარ, ზურგით მიყრდნობილი და რეზო მეხვევა. ხელი რკინის ძელზე მიკიდია. გაუშვიო, მერამდენედ მეუბნება.

     - გინდა აქ დავრჩეთ, სანამ არ მომბეზრდება?

     - მთელი ღამე? - ვეკითხები.

     - რა იცი, რომ მთელი ღამე არ მომბეზრდება?!

     მკოცნის და ვგრძნობ, როგორ ღელდება. ვაკვირდები და არ ვიცი, რა გართობაა - ჩემდაუნებურად ვკაიფობ (მაინტერესებს, სადამდე მივა). თავს ვეღარ იმორჩილებს... ხელს ვკრავ. არ გაგიშვებო!.. მუშტებს ვუშენ.

 

-

 

     ჰამაკში ვწევარ და მუსიკას ვუსმენ. ღმერთს ვუყვარვარ-მეთქი, ვფიქრობ - როცა უკვე აღარ მეგონა, მაშინ დავუსხლტი რეზოს ხელიდან.

     - მაკა, გამოდი, ვივახშმოთ! - დედა მეძახის.

     - ახლავე, დე...

     რეზოზე ფიქრს ვერ ვიშორებ, თავში ყველაფერი არეული მაქვს. ვიხსენებ, რა მოქნილი, პანტერასებური ტანი ჰქონდა რეზოს და ხელით რომ ვაწვებოდი, როგორ ედრიკებოდა და როგორი ძვლები ჰქონდა; როგორ მთიშავდა მისი კოცნა, თუმცა გონებას მაინც არ ვკარგავდი და რა ჯოჯოხეთური სიამოვნება იქნებოდა, მეც გიჟურად მეკოცნა და ორივე გავგიჟებულიყავით!

     ვაანალიზებ, ვინ მოიგო და ვინ წააგო...

     - მაკა! - ისევ მეძახიან.

     სამზარეულოში გავდივარ.

     დედა ბლინს მიდებს თეფშზე.

     - ყველაფერი წესრიგშია? - მეკითხება მამა - რატომ იგვიანებ?

 

 

     ლექციაზე ისევ დამაგვიანდა. ლექტორმა შემიშვა, ისე კი, მგონი არც უნდოდა. კიდევ კარგი, ჩემი ჩანთა ჯგუფელებს გავატანე, - და მითხრა:

     - ახლა კარები ღია დაგხვდა, თორემ, დაკეტილი რომ ყოფილიყო, ალბათ ჩამოანგრევდი კარებს - გამიღეთ, ჩანთა შიგნით არისო!

     - რატომ? - ვუთხარი, - დავაკაკუნებდი და თუ არ გამიღებდით, წავიდოდი ისევ.

     - წადი მაშინ, - მითხრა და მე დასაჯდომად წავედი.

     - ეს მართლა ვერ მიხვდა, რა ვუთხარი? - ჰკითხა ლექტორმა სტუდენტებს.

     მე ჯერ კიდევ არ ვიყავი დამჯდარი და ვკითხე:

     - სახლში წავიდე?

     - რა ვიცი, სადაც გინდა.

     ჩანთას ვიღებ.

     - წინასწარ რატომ არ მითხარი, დამაგვიანდებაო?

     - არ ვიცოდი, თუ დამაგვიანდებოდა... საათი არ მქონდა.

     - დერეფანში სულ საათები არ კიდია?

     - კი, კიდია და... მოვრბოდი! - ვთქვი და ლექტორმა ისე გულიანად გაიცინა! და ყველა იცინოდა და მეც ვიცინოდი.

     - კარგი, დაჯექი.

 

 

     ხატვის მერე პოეზიის საღამოზე ავდივართ.

     პავლე, ტიტე, თემური... ყველანი იქ არიან. ლაშა არ ჩანს.

     სანამ მოვიდოდით, “ნატურას” ვხატავდი და ისე გამიტაცა, ვფიქრობდი, არაფერი ისეთი საინტერესო არ არის-მეთქი, როგორც “ნატურის” ხატვა. ახალი “ნატურა” მოგვივიდა - ყველა ძვალი, ყველა კუნთი ისე კარგად ეტყობა! - მშვენიერი აღნაგობის ბიჭია.

     პირველკურსელის ლექსებს ვისმენთ, თან სულ ამაზე ვფიქრობ, ლალისაც ვუთხარი - როგორ მინდა, ახლა ისევ ვხატავდე, რომ არ ვხატავ, ცუდად ვარ-მეთქი.

     ჩემს უკან პავლე იჯდა და ხუმრობით რაღაც სისულელეებს მეუბნებოდა. მეც სისულელეებითვე ვპასუხობდი.

     «ჟიურიში» ტიტეც იყო. ამის წინ ვიღაცამ თქვა - «ტიტე რა საყვარელიაო!» - ცოტა გამიკვირდა, იმიტომ, რომ ტიტეს პატარა, უფორმო სხეული უფრო თანაგრძნობის და შეცოდების განცდას იწვევდა ჩემში, ვიდრე იმას, რომ მეფიქრა, ტიტე რა საყვარელია-მეთქი. ახლა კი ვაკვირდებოდი და მეჩვენებოდა, რომ ტიტე მართლაც საყვარელი იყო - თუ ადამიანი ბუნებით არის ლამაზი, მაშინ საყვარელიც არის! ტიტე კი კეთილია, მეგობრული და ემოციური. «რა საყვარელია ტიტე!» - ვფიქრობ - «ტიტე ყველას უყვარს!»

 

 

__

 

     ლალი მაქანდაკებდა, არჩილი როცა მოვიდა და ჰკითხა - ჩინური წესით ძერწავო? – ვითომ გააშაყირა, იმის მაგივრად, რომ ქანდაკების გვერდით ვმდგარიყავი, მის წინ ვიდექი და ვუყურებდი (ლალის ვეხმარებოდი). რაღაცეები შეუსწორა - შუბლი ასეთი გამობურცული არ არის, ყური ცოტა დაბლა დაუწიეო.

     - კეხიანი ცხვირი მაქვს? - ვეკითხები ლალის, - წინიდან რომ არ მეტყობა!

     - შენ ბევრი რამე არ გეტყობა! - ლია მიახლოვდება.

     - ცერაძე გახსოვს? - ვეკითხები.

     - რა დამავიწყებს! შენ შიზოფრენიკს გეძახოდა, არა?! - იცინის.

     - შუაში ხაზს რომ ვერ ვავლებდი, იმიტომ...

     - თქვენი მასწავლებელი? - ლალი კითხულობს.

     - პირველ კურსზე რომ გვყავდა.

     ხატვა შტრიხებიდან და რგოლებიდან დაგვაწყებინა.

     - თან მკაცრიც იყო!

     - პირველად რომ დავაგვიანე, იცი, როგორ მეჩხუბა?.. აუ, რა გიჟი იყო! მასთან ერთად სუყველა გიჟები ვხდებოდით! მოჰქონდა წიგნები, ლაპარაკობდა მხატვრებზე, მათ ნახატებზე - თან რა გატაცებით! ისეთი გადამდები ემოციები ჰქონდა!...

     - ცოტა ხანს პირი მოკუმე! - ლალი მეუბნება.

     «ახლაც რომ წარმოვიდგენ მის სახეს, მგონია, ასხივებს!»...

     – დავიღალე, – ვამბობ, – ხატვა მინდა.

     – კარგი.

     ნატურმორტთან მივდივარ, დღეს მინდა დავამთავრო – როლებში შევდივარ, უკვე ორივე ხელით ვხატავ...

     – ღამე აქ ხომ არ უნდა გაათენო? – ზურა მეკითხება, – უკვე ყველანი წასულან, ქილით გამხსნელი მოაქვს, ხელებს ვიბან. კიბეებზე ჩამოვდივართ.

     – შენ იცი, „ქონდრისკაცები“ არსებობენ, – ამბობს ზურა, – მართლა არსებობენ, ფანტაზია რეალურად არსბობს!

 

     

     უძილობა დამჩემდა - ღამ-ღამობით მეღვიძება და მიკვირს, რომ ვარსებობ, ისევ აქ ვარ და ყველაფერი გრძელდება, ჯერ არ დამთავრებულა.

     ავდექი და ჩონჩხების ხატვა დავიწყე - ისე, გასართობად. მერე მომინდა, დამეხატა ქუჩა, სადაც ადამიანების მაგივრად ჩონჩხები ივლიდნენ... სახურავზე შავი კატის ჩონჩხი (ჩონჩხს შეეტყობა კატა რა ფერის იყო??)... ადამიანის გვერდით საყელურზე გამობმული, თავდაღუნული ძაღლის ჩონჩხი, მის გვერდით რომ მილასლასებს და პატრონივით წელში მოხრილა; შენობის გამოსასვლელ კარებთან - ახალგაზრდა მამაკაცის ჩონჩხი, შეიძლება მასთან ერთად ქალიც დავხატო...

     ჩონჩხი - სიცოცხლის მყარი, უცვლელი საწყისი, ჩვეულებრივ სიკვდილის სიმბოლოდ რომ გვესახება.

     ...ეშმაკის ჩონჩხი - ჰი, ჰი, ეშმაკი რა არის და იმისი ჩონჩხი რა იქნება!

     ...მაღლა ამხტარი თუ აფრენილი სპილოსძვლისფერი ჩონჩხი, ჰაეროვან ცხვირსახოცს რომ უქნევს დედემიწას (ჰო, ამ ფიგურას ცენტრში მოვათავსებ, ბაცად ლურჯი ცის ფონზე)... და იცრიცება დიდი, ყვითელი მზის სხივებში...

 

 

     2 მეტრი სიგრძის ტილო: აივანი, მოაჯირთან ახალგაზრდა ქალი - ჩვენგან ზურგშექცევით, მის წინ გადაშლილი საოცარი სილამაზის მთები. წინა პლანზე - მაგიდასთან დამჯდარ სერიოზულ, ფიქრიან, თმებჩამოშლილ ქალს ძალიან სქელი, გადაშლილი წიგნი უდევს წინ (მერე ვიღაცამ მითხრა, ეს ცხოვრების წიგნიაო). მარცხნივ - დიდი, თეთრი ძაღლი აივანზე წევს.

     ეს ყველაფერი არარეალურობის შეგრძნებას იწვევს, თუ ეს სხვა, უფრო მძაფრი რეალობაა!

     მზე ამოდის და მთებზე ჯადოსნურ ფერებად იღვრება. მათი შერევა არსად არ აქრობს ერთმანეთს, მხოლოდ აძლიერებს - ნამდვილი, სუფთა... ჭკუიდან შემშლელი ფერები!

     - შენი სიყვარულის ნახატი! - ლიაც ჩემთან მოსულა.

     - არ მიყვარს, რამდენჯერ გითხრა!

     კარებისკენ მივდივარ. ამ დროს გუგა შემორბის ოთახში, გვერდზე ვხტები, რომ არ დამეჯახოს. ლია იცინის.

     გუგა ხატვას იწყებს. მე ახლა შორიდან ვუყურებ. ერთი გოგო მიდის მასთან, მისი კურსელი და რაღაცას ელაპარაკება, ბატონო გუგათი მიმართავს. გუგა კი არაფერს პასუხობს და მარტო იღიმება.

 

 

     «სუყველას შეყვარება შეიძლება...»

     «რას მელაპარაკები!»

     «ბოლოს როდის იყავი შეყვარებული?»

     «ბოლოს? ბოლოს... 17-ის.»

     «მერე?»

     «რა მერე... გგონია, არ მინდა, კიდევ მიყვარდეს... ოღონდ ისე კი არა, რომ «შემახვიოს» და რამე... მე თვითონ, ჩემით, ყველაფრისგან დამოუკიდებლად რომ შევიყვარო - მაშინ შევძლებ გამოვხატო ჩემი გრძნობები და ეჭვსაც არ შევიტან იმ სიტყვებში, რასაც მე მეუბნებიან... მეთვითონ ვეტყვი იმას, რისი მოსმენაც მინდა და ეს არ იქნება ტყუილი, რადგან მე დავიჯერებ იმ სისულელეს, რასაც სიყვარული ჰქვია!”

 

 

     ლია იჯდა და ხატავდა. მე რომ მივედი, გაუხარდა. მუხლებზე ხელი მომხვია და - მაკა როგორ მიყვარსო! - გამოაცხადა.

     ზურა ისევ ცხვირს ხატავდა. ამ ბოლო დროს ცხვირების ხატვის მეტს არაფერს აკეთებს - არც კი ვიცი, უკვე რამდენი ცხვირი დახატა. ბავშვობაში მარტო ყვავილებს ვხატავდიო, ამბობს... თავის სასიყვარულო თავგადასავლებს უყვება იქ მყოფთ, რომელიც ხუთი წლიდან იწყება - მეზობლის გოგო; სკოლა; ჩოგბურთის კორტები...

     გოგენი (ანუ ზაზა) თაბაშირის თავს ხატავდა ზეთში - პირქუში, მდუმარე გოგენი.

     გივი გოეთეს «ფერთა თეორიის» შესახებ მელაპარაკება.

     გუგას ნახატთან მივდივარ - ყოველდღე ახალი რაღაც ემატება - თვალებს არ ვუჯერებ - მზის ერთი სხივი მთებიდან პირდაპირ აივანზე ეცემა! ყველაფერს რაღაც უცნაურად განვიცდი და მეჩვენება - იქ, იმ ფერად სამყაროში თავისი სიცოცხლეა, მოძრაობა, მხოლოდ ჩვენთვის ერთი წამით შეჩერებულან. ცოცხლები არიან პერსონაჟები - მოაჯირთან მდგარი ქალის თვალებით ვუყურებ მთებს და მის სხეულში ვგრძნობ უცნაურ ჟრჟოლას! ხოლო აივანზე დგას მკრთალი ჩრდილი, რომელსაც ნაზად შერევია თმებჩამოშლილი, მკერდსავსე ქალის ნელი ფიქრი და დიდი, ფუმფულა ძაღლის თეთრი გარინდება.

     უცებ მომეჩვენა, რომ მთელი ეს პერიოდი უიმედოდ შეყვარებულის როლს ვთამაშობდი. «მის ჩლიქებს ლოკავ და ნაფეხურებს ეთაყვანები!» - პარასკევას ჩურჩულიც სწორედ ამ დროს ჩამესმა. «არც ისეთი შორეული და მიუწვდომელია, შენ როგორც გგონია, გადადგი ნაბიჯი და თვითონ დარწმუნდები!» არა, არ შემფერის შორიდან ტკბობა, აღტაცება მხოლოდ ფერებით - რომანტიკა რომანტიკაა, იქ მათლაც შეიძლება ლამაზი იყოს მეოცნებე, პოეტურად შეყვარებული, მაგრამ ცხოვრებაში სულ სხვანაირად ყოფილა!..

     - მაკა, რა მოგდის?! - გარშემო ვიყურები, ოთახში ლალი შემოსულა და გაკვირვებული მიყურებს.

     - დღესვე სიყვარულს ავუხსნი!

     - რა-ა?

     - მივალ და ვეტყვი, რომ მიყვარს!

     - ჯერ გაიცანი, დაუმეგობრდი...

     - რა საჭიროა.

 

 

     გაჩერებაზე ამოვდივარ. ვხედავ, მიწისქვეშა ამოსასვლელის მეორე ბოლოში გუგა ზის. მისკენ მივდივარ.

     - ელოდები ვინმეს?

     - არა.

     მის გვერდით ვჯდები.

     - სახლში მივდივარ, - ამბობს, - სიგარეტის მოსაწევად დავჯექი. აი, იმ სახლში ვცხოვრობ, - ხელს იშვერს.

     მის ხელს თვალი გავაყოლე - «ისა?»

     - არა, მაგის გვერდზე.

     ისევ გაჩერებისკენ ვიყურები, ხალხს ვათვალიერებ.

     - წავედი, - ამბობს და დგება.