ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჩრდილი კედელზე გაირბენს და ქრება

ჩრდილი კედელზე გაირბენს და ქრება

ჩრდილი კედელზე გაირბენს და ქრება

 

 

პირველი ნაწილი

თორმეტი წელი

 

ვინაიდან მე თითქმის ყველგან ვარ, ხშირად ყოველთვის, ანუ ყველას ვსტუმრობ და ვისაც ჯერ არ ვსტუმრობ, როცა შესაბამისი დრო დადგება უთუოდ ვესტუმრები, ლამის შეუძლებელი იყო დღეს იქ არ ვყოფილიყავი, სადაც თორმეტი წლის წინათ. ეს სირთულეს სულაც არ წარმოადგენს, მითუმეტეს რომ ყველგან ერთდროულად შემიძლია ყოფნა, ჩემს ხედვასა თუ სმენას არაფერი გამოეპარება, მიუხედავად იმისა, რომ არც თვალი მაქვს და არც ყური. და არა, განა ვპატრულირებ, პერიმეტრს არ ვზვერავ და არც ინფორმაციას მაწვდის ვინმე. მე თვითმკმარი ვარ, თავისთავადი, არ მჭირდება საარსებო წყარო, არც ჯაშუშები. არავინ მიხმობს, არავის ვჭირდები, არავისთვის სარგებელი მე არ მომიტანია, მაგრამ ვარსებობ და იძულებული ვარ, გავაგრძელო არსებობა. არც მომწონს და არც მძულს, დამოკიდებულებები არ გამაჩნია, ოდესღაც გავჩნდი და შეკითხვები არ დამისვამს, ფაქტი ფაქტად მივიღე და საქმეს შევუდექი. ჩემი საქმე კი რთული სულაც არ არის. ოდითგანვე მხოლოდ არსებობა მევალებოდა. სადაც საჭიროა, ვარსებობ, ხანდახან ვქრები. ისეც ხდება, რომ მომენტალურად ვქრები და ვჩნდები ხოლმე, მოკლე ხანში იქნებ რამდენჯერმეც... ერთი კი არის, ჩემს გაძევებას ხშირად ცდილობენ. ხშირად-მეთქი, ვიძახი, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ, ყოველთვის. არავის ვსიამოვნებ, არაერთი ამიფორიაქებია, სულის სიმშვიდე დამირღვევია, ზოგი სასოწარკვეთას მისცემია, ზოგს თავი მოუკლავს... ზოგიც უბრალოდ ზის და არაფერს აკეთებს, სანამ რაიმე მიზეზით არ გავქრები. თქვენ დაასახელეთ და მე ყველაფერი მინახავს, მათ შორის ჩემი მიზეზით მომხდარი. მაგრამ აქ ვერას გავაწყობ, ბუნებით ბოროტი არ გახლავართ, საქმე მაქვს ასეთი. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ცუდ სახელს მომაწერენ, არავინ მისურვებდა საკუთარი თავისთვის. მტრისთვის, იცოცხლე, თუმცა კი განადგურება ჩემი საქმე არ არის. მე დიდი თავსატეხის ერთი ნაწილი ვარ მხოლოდ. ჩემნაირი კიდევ ბევრია, უარესებიც და უკეთესებიც, თუმცა ამას ხალხი იძახის, ზედმეტი და უსარგებლო არცერთია. მე ხომ ვიცი, მე ხომ ყველაფერი მინახავს. მე ხომ მაშინ ვიყავი, სანამ ჩემი ყოფნის ახსნა შესაძლებელი გახდებოდა. აკი მოგახსენეთ, თავისთავადი ვარ მეთქი, ანუ უძველესი ვარ და მოუშორებელი. უჩემობა როგორ არ შეიძლება, ოღონდ ისე არა, რომ სულ არ ვიყო. სადღაც მუდამ ვიქნები და საიდანაც მომიშორებენ, ადრე თუ გვიან ისევ დავბრუნდები.

 

თორმეტი წლის წინათ სწორედ აქ ვიყავი. ვიყავი მძლავრი, თუმცა კი ბობოქარი არ ვყოფილვარ. მე ან ვარ, ან არა, თუმცა ზოგჯერ უფრო დიდი ვარ, ყოვლისმომცველი და ასე განსაჯეთ, თვალთ დაბნელებაც კი შემიძლია. მაგრამ არასწორად არ გამიგოთ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე მხოლოდ ძახილს მივყვები. ერთადერთი, რითიც თავი შემიძლია შევიქციო, დაკვირვება და სურათების დაჭერაა.

 

მაშინ დიდი ვიყავი, უზარმაზარი, ლამის მხარზე ვეწექი ყველას. საკმაოდ ბევრნი იყვნენ - მეზობლები, მეგობრები, ახლობელ-ნათესავები, მოძღვარი, მესაფლავეები... კუბოს ნელ-ნელა უშვებდნენ დაბლა და ბოლოს მიწაც მიაყარეს. ჩამოღვენთილი სახეებით იდგნენ, მხოლოდ ოთხი მათგანი ტიროდა. მსუქანი თავსაფრიანი ქალი იმ ხელით, რომელშიც ცხვირსახოცი ეჭირა, ცრემლს იწმენდდა და დაკარგული ხმისგან მხოლოდ საცოდავად ხაოდა, მეორე ხელი კი უფრო ახალგაზრდა, ასევე შავებში გამოწყობილი ქალის ხელში ჰქონდა გაყრილი. ახალგაზრდა ქალი მოხუცს იჭერდა, თუმცა კი საცაა თავადაც მოტყდებოდა. სლუკუნისაგან ღონეგამოცლილი იმხელა წონას როგორ უძლებდა, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ცერემონიის ბოლომდე რაღაცნაირად მაინც დაიჭირა თავი. მესამე ქალი გვერდით ედგათ, ცალ ხელში მასაც ცხვირსახოცი ეჭირა, მეორე კი ბავშვის მხარზე ედო და ერთმანეთის გამაგრების გარდა ამას ის გაუთვალისწინებელი დანიშნულებაც ჰქონდა, რომ დედის ლოყიდან ჩამოსრიალებული ცრემლი ქალს ისევ ხელზე ეცემოდა, რაც შვილის პიჯაკს დასველებისგან იცავდა. ბიჭი ინტერვალებით წამოიტირებდა, იჯერებდა გულს, გაჩერდებოდა, მერე ისევ წასცვივდებოდა ცრემლები.... ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო და ამიერიდან ვეღარასდროს დამივიწყებდა. გარდა იმისა, რომ პირველად შემიგრძნო მთელი არსებით, ჩემი აღქმაც გაიჩინა. სულ პირველად ეს მოხდა მაშინ, როცა ბებიამ ტანზე მიიხუტა და ამოილუღლუღა, დამიობლდა ეს უბედურიო. მას მერე ლამის აღარ მოვშორებივარ და არაუშავს თავიდან თუ სიცარიელე დამარქვა, მერე უთუოდ მიხვდებოდა ჩემს ზუსტ სახელს.

 

იდგნენ ასე თავჩაღუნული კაცები და ქალები, ხოლო როცა მიცვალებული საბოლოოდ მიაბარეს მიწას და იქ აღარაფერი ესაქმებოდათ, მანქანებში ჩასხდნენ და სარიტუალო დარბაზს მიაშურეს.

 

რაღა თქმა უნდა, ქელეხი ვერ ჩაივლიდა ჩემს გარეშე. ქელეხი კი არა, უჩემოდ ქორწილს არ ჩაუვლია, სადაც, წესით, არაფერი უნდა მესაქმებოდეს, აქ კი მითუმეტეს რომ ზედგამოჭრილი ვიყავი. დარბოდნენ აჩრდილებივით გამოწყობილი ქალები სუფრის ერთი ბოლოდან მეორეში, აალაგებდნენ ცარიელ ან ნახევრადცარიელ თეფშებს, გაიქცეოდნენ სამზარეულოში და უკან სავსეთი ბრუნდებოდნენ. მოქონდათ ხაჭაპურები, ლობიანები, ცალკე ლობიო, იქ პური იყო დასამატებელი, აქ თევზი, სად ბოლოკი და სად ღვინო. მიდიოდა დიდი სმა, ამისა და იმის მოგონება, უპირველესად აწ უკვე მიწას მიბარებული კაცის, რომელსაც (საწყალს) ცოლ-შვილი უპატრონოდ დარჩა.

 

რა უდროოდ წავიდაო, იტყოდა ერთი. ეცოცხლა ცოტა მეტიო, დაამატებდა მეორე. წამია კაცის ცხოვრება, ერთ წუთში ხარ და მეორეში.... სინანულით გადააქნევდა თავს მესამე. მეოთხე ახალ პერსპექტივას შემოიტანდა - წასულებს რა უჭირთ, სხედან ზეცაში და გვიყურებენ, ცოცხლებმა ვიკითხოთ, ამ სიცარიელით რომ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრებაო და ამ ნათქვამით ხალხის სიმპათიასაც დაიმსახურებდა. ჭირისუფალთან მივიდოდა მავანი, თუკი რამე შემიძლიაო, თავს შესთავაზებდა, გვერდით მიგულეო. მათ ადგილას მე უეჭველად ვკითხავდი შვილის, ქმრის ან მამის გაცოცხლება თუ შეგიძლია მეთქი, მაგრამ მე არ ვყოფილვარ და მაშასადამე, არც პასუხის გაცემა შემძლებია. თუმცა, იქ კი ვიყავი და ყველას თუ არა, ბევრის ზურგიდან ვუყურებდი ამ სანახაობას.

 

თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ და ისევ ამ ადგილას ვარ, ოღონდ ხალხი უფრო ნაკლებია და ვინც მაშინ იყო, მათგან მხოლოდ რამდენიმე. საფლავს მიწა გვერდით გაუჭრეს და ახლა სხვას ასაფლავებენ. მას, ვინც მაშინ აქ იდგა და ცრემლი სდიოდა. ქვეყნად დაკრძალვას არ ჩაუვლია, მე რომ იქვე არ ვყოფილიყავი. ვის რა მიზეზით ვახლივარ. ჩემს მასპინძელთა უმეტესობას წასვლა ეჩქარება. აქ იმიტომ ვარ, რომ ისინი არიან, თორემ როგორც კი ქვიდან მომზირალს ზურგს შეაქცევენ, ალბათ მეც გავქრები.

 

დაცემის ამბავი

 

სანამ ცოლ-ქმარს გვერდიგვერდ დაკრძალავდნენ, მე მათი მუდმივი თანამგზავრი ვიყავი. ქალის უფრო და უფრო დიდხანს, რადგან თუ ადამიანი საღ გონებაზე ვერ არის, მე მასთან ნაკლებად მესაქმება. კაცი კი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, იშვიათად იყო ფხიზელი. აი, როცა ფხიზელი იყო, ჩემს ნაკლებობას ნამდვილად არ ჩიოდა, არც წარსულში და მითუმეტეს, არც ამ წარსულით ნასაზრდოებ აწმყოში. ხელებჩამოყრილი კაცი იყო, ასეც და ისეც, გამხდარი, წვერგაუპარსავი, შეჭაღარავებული. არა, სულ ასეთი კი არ ყოფილა, მე სიკვდილის წინა პერიოდზე მაქვს საუბარი. მანამდე, სანამ ასეთი გახდებოდა, უბრალოდ თვალებჩაცვენილი იყო, აი უფრო მანამდე კი არც ეს ემჩნეოდა მაინცდამაინც და სიმპატიურ ბიჭადაც ითვლებოდა. ეს იყო იმ დროში, რომელშიც ყველაზე უფრო ადვილი იყო ცუდ დროებაზე რაღაცების დაბრალება და ყველა სწორედ ასე იქცეოდა. რა სჯობს, გადააბრალე გარემოფაქტორებს, შენი რა მიდის, სინდისი მაგას არ უნდა და ძალისხმევა. პირიქით, ალბათ სჭირდებოდა კიდეც ამ ხალხს ასე მოქცევა, თორემ ყულფის რიგებს დააყენებდნენ. ო, თუ ვიყავი, მაშინ ვიყავი. კუთხე არ იყო უჩემოდ და კუნჭული, ლამის თაგვებსა და ქუჩის ძაღლებში შემეღწია, თუმცა კი აბა იქ რა მესაქმებოდა. მოკლედ, საჩემო დრო იყო. ტოლები იყვნენ. ეს გოგო, თამარი, ცოტა უფრო დიდი, მაგრამ შესამჩნევად არა. ორივე ახალგაზრდები. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა მათი შეუღლების ამბავში, მაშინ ბევრი იპარებოდა, ბევრსაც იტაცებდნენ. ერთი შეხედვით თამარს არც ერთი ეწერა ბედში და არც მეორე, მაგრამ ადგა და გაიპარა, რადგან როცა მშობლებს განუცხადა, სოსოს უნდა გავყვეო, საშინელი უარი სტკიცეს. იქ ვიყავი და ვუყურებდი, როგორ მიათრევდა მამა ოთახში, მაჯაზე ხელი ჰქონდა წავლებული, ღია კარში შეიქნია, გამოიჯახუნა და გასაღებითაც კი გამოკეტა. იჯდა და ქვითინებდა, მაგრამ რა უნდა ექნა, მეექვსე სართულიდან ხომ ვერ გადახტებოდა?! ალბათ მაშინ გადაწყვიტა, მე თქვენ გიჩვენებთო.

 

ვერ გაეგო, რატომ იყო მამა ასე წინააღმდეგი. ვითომ ასაკი კი არ უწყობდა ხელს, მაგრამ აქ ასაკი არ ყოფილა პრობლემა, ლამის სრულწლოვანი და გაუთხოვარი უფრო რთული მოსაძებნი იყო, ვიდრე პირიქით. თხუთმეტი-თექვსმეტი წლის გოგოებს უკვე შვილები ჰყავდათ და ოჯახები ებარათ, მამამისი კი დიდად პროგრესული მოაზროვნე არასდროს ყოფილა. სიმართლე რომ ითქვას, არც სიმკაცრე ამშვენებდა მის თვისობრივ ჩამონათვალს, თორემ ჩანაფიქრის გაჟღერებასაც კი რა გააბედინებდა. დედაც ასეთი იყო, ერთადერთი შვილი ჰყავდათ და თავს ევლებოდნენ. არ ეთმობოდათო იმასაც ვერ ვიტყვით, ყველა შეგუებულია, რომ ოდესღაც შვილი უნდა წავიდეს, თავისი გზა ნახოს. მითუმეტეს გოგოს მშობლები - აბა რას ნიშნავს, რომ იტყვიან, პატრონს უნდა ჩავაბაროო?! ანდაც რა, დედამისი არ იყო ჩვიდმეტის, მამამისს რომ გაყვა? ბებიამისი რამდენის იქნებოდა ნეტავ? თოთხმეტის? თხუთმეტის? თექვსმეტის ხომ მაინც იქნებოდა? მე ზუსტად ვიცი, რომ ოცდასამის იყო, მაგრამ აბა როგორ ვეტყოდი. აი იმისი დედა კი იყო ცამეტი წლის და კაციშვილი არ ყოფილა, წინააღმდეგ რომ ხმა ამოეღო. მითუმეტეს, ოცი წლით უფროს კაცს გააყოლეს. თამარმა იცოდა ეს ამბავი, უფროსი თამარის, ანუ ბებიისაგან. იმას კიდევ, რადგან მამას არ მოსწრებია, და-ძმისაგან ჰქონდა მოსმენილი. უფრო მართებული იქნება თუ მეც იქიდან დავიწყებ მოყოლას, რამეთუ ისტორიის ჯაჭვის უშორესი ყველაზე მყარი რგოლი ალბათ იქ არის. იმის უკან რაღა თქმა უნდა არის სხვა ამბები, ამბებს რა დალევს, მაგრამ იმათი კლანჭი თამარს ნაკლებად სწვდება. ადამიანები ჩემსავით უსასრულობაში არ არიან განვრცობილნი, წარსულიდან ყველა მოდის, მაგრამ ყველას აწმყოს წარსული მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე სწვდება, მერე კი კავშირი კი არ ქრება, მაგრამ იმის ყოფნა-არყოფნას უკვე აზრი აღარ აქვს.

 

შორეული რგოლის ამბავი კი ასეთი იყო, რომ შერვაშიძეების ოჯახში გოგო გაჩნდა. თავადს, როგორც ჯერ კიდევ მიმართავდნენ, თოფი ნამდვილად არ დაუცლია, მეტიც, მეც კი ვესწრებოდი ამ ყველაფერს. ამას ორი მიზეზი ჰქონდა - სამი გოგოს მამას იმედი ჰქონდა, მეოთხე მაინც მეყოლება გვარის გამგრძელებელიო, მაგრამ, როგორც უკვე იცით, ასე არ მოხდა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ბავშვი ყრუ დაიბადა. დიდი ამბავი იყო, რა ცოდვა აქვს ამ კაცს ასეთი, რომ ღმერთმა მეოთხეც გოგო აჩუქა, თან ყრუო, კითხულობდა ხალხი და პასუხი არავინ იცოდა. ჩვეულებრივი კაცი იყო ალექსანდრე შერვაშიძე, თავისი დროის შესაფერისი, არავითარი განსაკუთრებული თვისებებით, თუმცა კი მაგისი თავადობა მხოლოდ გვარი იყო და სხვაზე ცოტათი მეტი ქონება. ბავშვს ელისაბედი დაარქვეს და თუ მისი დები ქალთა გიმნაზიაში მიაბარეს, ელისოს, როგორც მოფერებით ეძახდნენ, ეს ბედნიერება ვერ ხვდა წილად. ხალხში ნაკლებად გამოყავდათ. ერთი კი იყო, ღმერთმა რაც სმენა წაართვა, იმის სანაცვლოდ სილამაზე უბოძაო, იტყოდნენ ერთმანეთში მოახლეები და მართლაც, ვისაც ბავშვი ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი, ვერაფრით ხსნიდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი ბედნიერება და უბედურება ერთდროულად ებოძებინა იმ მადლიანს. დიდი ხანი იცოცხლა ელისაბედმა და მას შემდეგაც კი, რაც კნეინას მოყვანილმა რუსის ქალმა, ეკატერინა პეტროვნამ, ჟესტური ენა ასწავლა, თუმცა მთელი ცხოვრება თან ვახლდი, ჩემთვის სახელის დარქმევა ვერ შეძლო.

 

ახლა რაც შეეხება მისი გათხოვების ამბვავს. გაზაფხულზე დიდი სუფრა გაიშალა შერვაშიძეებში, თავადი ნახევარი საუკუნისა შესრულდა. ყველამ იქ მოიყარა თავი, დიდმა თუ პატარამ, განსაკუთრებით კი - ე.წ. არისტოკრატებმა. ბავშვი უკვე ცამეტი წლის იყო და კარგად აღზრდილი, როგორც თავისი წრის ახალგაზრდა ქალს შეეფერებოდა, მაგრამ მის გამოჩენას მაინც ერიდებოდნენ. ამიტომ სასტუმრო ოთახში მხოლოდ სამი უფროსი ქალიშვილი დახვდათ სტუმრებს და მათაც იმდენი ტაქტი ეყოთ, მეოთხეს ამბავი არ ეკითხათ. თუმცა კი ყველას სმენოდა, კნიაზს სახლში მზეთუნახავი ყავსო და ნანახი კი არავის ჰყავდა. ამიტომ ერთი სული ჰქონდათ, თვალი მაინც მოეკრათ ამ მშვენიერებისთვის. ეს ბედნიერება ხვდა წილად მაჩაბლის კაცს, რომელმაც, ცოტა რომ შეზარხოშდა, სასახლის ბაღში გასეირნება გადაწყვიტა და სწორედ იქიდან შეავლო თვალი ელისაბედს. ერთად ვიყავით ოთახში მე და ახალგაზრდა ქალი, როცა ის მაგიდასთან იჯდა და ნაწნავს იშლიდა. ეს მისი ერთ-ერთი გასართობი იყო და რამეთუ ასეთი ბევრი არ ჰქონდა, ერთ-ერთი საყვარელიც. დაჯდებოდა ხოლმე, გაჰყურებდა ბაღს და იშლიდა და იკრავდა ნაწნავს. სწორედ ამ საქმეში იყო გართული, როცა ბაღში მარტოდ მოსერინე შალვა მაჩაბელმა შემთხვევით გაიხედა მისი სარკმლისკენ და მხოლოდ თვალი მოკრა გოგონას. ელისომ შეამჩნია ეს, ალბათ დაიმორცხვა და სასწრაფოდ გაეცალა სარკმელს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სამი დღე იყო გასული ამას იქით, როცა შერვაშიძეების კარს სამი ფაეტონი მოადგა. ეს ამბავი იმდენ ხანს დადიოდა ხალხში, რომ ათასი კუდი გამოება და ზოგი იმასაც კი იძახდა, ვითომ მაჩაბელმა დიდი ფული შეაძლია შერვაშიძეს, იმან კიდევ თავისი ქალი მიჰყიდაო. სხვები იმასაც ჰყვებოდნენ, რადგან მსურველი გამოჩნდა, თან ასეთი წარჩინებული გვარისა, თავადს სულ არ უფიქრია, ისე გაატანა თავისი გოგოო. ყველაზე აბსურდული მაინც ის ვერსიაა, ვითომ შერვაშიძემ ნადიმზე დაიყოლია მაჩაბელი, ცალკე გაიყვანა გოგოს სანახავად და უფრო რომ დაერწმუნებინა, დიდ მზითევს დაჰპირდაო. რად უნდოდა მაჩაბელს მისი მზითევი, აქეთ იყიდდა მთელ ოჯახს. მე იქ ვიყავი და ზუსტად ვიცი, როგორც მოხდა, ამიტომ სხვაზე უფრო დამეჯერება.

 

შერვაშიძე შეძლებული კაცი კი იყო და გვარიც კარგი ჰქონდა, მაგრამ გვარობის დრო წარსულს ჩაბარდა. უფრო ბრწყინავდა, ვიდრე ოქრო იყო, თუმცა ოქროობას კი იჩემებდა. მაჩაბლებთან დანათესავება რა თქმა უნდა ხელს უწყობდა, ამიტომ თუმცა არ შეიტყო, გულის სიღრმეში ძალიანაც გაიხარა, როცა კართან მომდგარი სასიძო დაინახა. სამი ფაეტონი იყო მეთქი, ვახსენე და პირველში თავად მაჩაბელი იჯდა, ახალგაზრდა, ლამაზი კაცი, ყოვლად წარჩინებული და პატივსაცემი. მეორეში ქუდი ედო, როგორც ამ თავისი პატივის ნიშანი, ხოლო მესამეს მაყრიონი მოჰყავდა. შერვაშიძეს უფროსი ქალიშვილი გათხოვილი ჰყავდა, ამიტომ როცა სტუმარი მიიღო, დანარჩენი ორი ახლდა თან და ბუნებრივია, რომელიმე მათგანის ხელის თხოვნას ელოდა. ამიტომ სახტად დარჩა, როცა მაჩაბელმა მესამე, უმცროსი ქალიშვილის ხელი ითხოვა. ერთი კი იფიქრა, ხომ არ დავთანხმდე, ასეთი შანსი მეორე აღარ მომეცემაო, მაგრამ მერე პატივმოყვარეობამ სძლია და ამნაირი კაცი უარით გაისტუმრა. რას იტყოდნენ ქალაქში, შერვაშიძემ მაჩაბელს დაწუნებული ქალიშვილი შეაპარაო?! მითუმეტეს, ორი უფროსი გასათხოვარი ჰყავდა. არა, ხალხს ასე ვერ აალაპარაკებდა, ამიტომ არათუ ხელზე უთხრა უარი, ელისაბედი არც კი გამოაჩინა. არადა, როგორი იმედი ჰქონდა მაჩაბელს, რომ კიდევ ერთხელ იხილავდა მის მშვენიერებას...

 

მაგრამ შალვა მაჩაბელი იმის კაცი არ იყო, ასე მარტივად შეგუებოდა ბედს. მოახლეები გაქექა და გამოქექა, მოკავშირე სჭირდებოდა შერვაშიძეების სახლში შესაპარად და ამბის გადასაცემად. გაარკვია, რომ ერთი იმათი და ერთი თავისი მოახლე ნათლიმირონები ყოფილან, ჩუმად დააბარებინა და ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა, მერე კარგი გასამრჯელოც მისცა და წერილიც გაატანა, ოღონდ არა თავადთან, არამედ ეკატერინა პეტროვნასთან. კაბინეტში არ ვყოფილვარ და არ ვიცი ზუსტად რა საუბარი შედგა მაჩაბელსა და ქალს შორის, მაგრამ მომდევნო საღამოს ელისაბედს ვახლდი, როცა ეკატერინა პეტროვნამ უკანა ბაღში გაიყვანა გასასეირნებლად, რომლის გასასვლელთანაც მაჩაბლის გამოგზავნილი ფაეტონი იცდიდა. ქალმა ბავშვი შიგ ჩასვა, თვითონაც ავიდა და იმ დღიდან ელისო მშობლიურ სახლს მხოლოდ სტუმრად თუ ეწვეოდა ხოლმე. შვილი და მისი მასწავლებელი რომ აღარ გამოჩნდნენ, დედამ მაშინვე ქმარს აცნობა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის ის იყო დიდი ამბავი უნდა აეტეხათ, მაჩაბლის გამოგზავნილი კაცი მოვიდა, ბატონის დანაბარები უნდა გადმოგცეთო. ალიაქოთის ატეხას აზრი არ აქვს, თქვენს ქალს მაინც არ დავაბრუნებ და ხალხშიც ტყუილად მოიჭრით თავს, ამიტომ განვაცხადოთ, ვითომ როცა ხელის სათხოვნელად მოვედი, უარი სულაც არ გითქვამთ და ჩვენი ოჯახები ერთმანეთს ნებით დავუკავშირეთო. თქვენი ქალიშვილი დღეიდან ჩემთან იცხოვრებს, თუმცა ცოლად მანამ არ შევირთავ, სანამ თვითონ არ იქნება თანახმაო. მზითევზეც თავს ნუ შეიწუხებთ, მხოლოდ ელისაბედის საყვარელი ნივთები გამოგვატანეთო. ბოლოს კაცმა ისიც დაამატა, ეკატერინა პეტროვნაც აქ დარჩება, გადაწყვეტილი მაქვს თავადაც შევისწავლო ჟესტების ენაო. ბევრი იყვირა ალექსანდრე შერვაშიძემ, იგინა და ილანძღა, მაგრამ რაღას გააწყობდა, იცოდა რომ მაჩაბელი მართალი იყო. ახლა ამ ამბის საქვეყნოდ გავარდნა მხოლოდ ლაფს თუ დაასხამდა თავზე და ეგეც არ იყოს, მაჩაბლებთან დაკავშირება არ იყო პატარა ამბავი. მოკლედ, ცოტა აღშფოთდა, მაგრამ შეეგუა და ისიც კი წამოცდა, ელისოს გათხოვება ყველაზე ძნელი მეჩვენებოდა და აკი ყველაზე ადვილი გამოდგაო.

 

ელისაბედს გვერდიდან არ ვშორდებოდი. პირველად იყო ასე მარტოდმარტო უცხო გარემოში. მასწავლებელი კი ახლა თან, ყველაფერს უხსნიდა, ეუბნებოდა რომ ახლა აქ უნდა იცხოვროს, რომ ქალაქში ყველაზე სასურველმა კაცმა სწორედ ის აარჩია, რომ დიდი პატივია, მშობლებიც თანახმა არიან, მალე ქორწილს გადაიხდიან, შვილებს გაუჩენს და მთელი ცხოვრება დედოფალივით იცხოვრებს, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვს არაფრის გაგება არ სურდა, ამიტომ როცა ეკატერინა პეტროვნა ისევ ქერის ორმოში ჩავარდნაზე დაიწყებდა საუბარს, პროტესტის ნიშნად თვალებს ხუჭავდა და ქალიც ნებდებოდა. მაჩაბელს ეს არ აღელვებდა, კაცი სიმშვიდისა და ცივი გონების განსახიერება იყო, მოთმინების უნარი კი უსასრულო ჰქონდა. ალბათ ამ თვისებებისა და განსაკუთრებული დიპლომატიურობის წყალობით იყო, რომ როცა წითლები შემოვიდნენ, არათუ გადარჩა, ქონების მნიშვნელოვანი ნაწილიც შეინარჩუნა. ვიღაც მოისყიდა, ვიღაცას მოურიგდა, როგორღაც გამოძვრა და პირველ დიდ ტალსაღასაც გადაურჩა. მშვენივრად იცოდა, რომ ელისაბედი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ იმ ასაკს მიღწეული, რომ მალე მის სხეულში დიდი ალიაქოთი ატყდებოდა, თავში კი პეპლები დაიწყებდნენ ფრენას. იცოდა და ელოდა, რა ჰქონდა საჩქარო?! მისმა ლოდინმა შედეგი მართლა გამოიღო და ელისოსაც მართლა შეუყვარდა ქმარი. ცოტა ხანს ისე იყო, რომ მე მათი ხშირი სტუმარი სულ არ ვყოფილვარ. აქა-იქ მოვკრავდი თვალს ერთსაც და მეორესაც რომელიმე სხვა ადამიანის ზურგიდან, უშუალოდ მათ კი ნაკლებად ვახლდი და როცა ვახლდი, ისიც მცირე ხნით. ეკატერინა პეტროვნამ მართლა შეასწავლა შალვას ჟესტების ენა და ელისაბედიც იმდენად კი გაიზარდა, რომ ძიძა და მასწავლებელი აღარ სჭირდებოდა, მაგრამ არ დაუვიწყეს ღვაწლი და მათ სახლში საცხოვრებლად დატოვეს. მითუმეტეს, როცა იქნებოდა და შვილები ეყოლებოდათ, აწ უკვე ყოფილი მასწავლებელი ისევ საჭირო გახდებოდა. რამდენიმე წელი გაგრძელდა ასეთი იდილია და ჩემი მეხსიერების პატრონიც კი ვერ მოყვება ზოგიერთ დეტალს, მაგრამ ხომ ვიცოდი, და ალბათ თავადაც იცოდნენ, რომ ადრე იქნებოდა თუ გვიან, ისევ გავხდებოდი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ეს კი მაშინ მოხდა, როცა წითელი ტალღა ისევ აბობოქრდა და ამჯერად მათი სახლის კარის შემოგლიჯა.

 

ოჯახში იმ დღეს დავიდე ბინა, როცა მაჩაბელების ერთი მოახლის შვილი მოადგათ რაზმთან ერთად, ახლა ეს მამული ხალხს ეკუთნისო. შალვამ კი გაიბრძოლა, მაგრამ დრო გამოცვლილი იყო, მისი ძველი ნაცნობები, რომელთა მეშვეობითაც პირველი ტალღა გადაცურა ან დახვრეტილები იყვნენ, ან გადასახლებულები, ან კიდევ - აზრშეცვლილები. დაიჭირეს და წაიყვანეს და ელისაბედს იგი აღარასდროს უნახავს. ადგა და მამის სახლში გაიქცა. ამ დროს უკვე ჰყავდა ორი შვილი და მესამეზე იყო ორსულად. არც იქ დახვედრია კარგი ბედი, ორი დღე არ იყო გასული რომ აქაც მოვიდნენ, მაგრამ თავადი თავის კაცებთან ერთად თოფით ხელში დახვდა და უკან გაბრუნება მოუწიათ. აუცილებლად დაბრუნდებიანო, თქვა მამამ და ჩალაგება დაიწყეს, ხვალ დილითვე დასავლეთში მივდივართო. შუაღამით გაეღვიძა, თავზე ეკატერინა პეტროვნა ედგა და სიბნელეში რაღაცას ანიშნებდა, მერე ფანჯარა გახსნა და მიუთითა აქედან გაიპარეო. რის ვაივაგლახით გადაძვრა, მუცელი საკმაოდ მოზრდოდა და მოძრაობაში ხელს უშლიდა. მერე ბავშვებსაც დაეხმარნენ გადმოსვლაში, ქალი კი შიგნით დარჩა და იმ გასასვლელისკენ მიანიშნა, საიდანაც წლების წინ შალვასთან გააპარა. ელისოს ვერაფერი გაეგო, მაგრამ ბავშვებს ხელი მოჰკიდა და იქითკენ გაიქცა. როცა თვალს კარგად მიეფარა, დიდი ბუჩქის უკან დაიმალა და სახლისკენ დაიწყო ყურება, ეგებ რაიმე გაერკვია. სწორედ მაშინ დაინახა, როგორ მოჰყავდათ საღამურებში ჩაცმული ბორკილდადებული დედ-მამა და უფროსი და, რომელიც ჯერ კიდევ მშობლების სახლში ცხოვრობდა. მათ უკან მოყვებოდნენ მოურავი და სხვა მოახლეები, სულ ბოლოს კი, კიბის თავზე, ფორმაში გამოწყობილი კაცის გვერდით იდგა ეკატერინა პეტროვნა და პედესტალიდან უყურებდა ჭიშკრისკენ მიმავალ პროცესიას.

 

ორსული ქალი ორი ბავშვით დიდი ხანი ვერ დაიმალებოდა, გამთენიისას მილიციელმა შენიშნა ქუჩაში მოხეტიალე, წესით დასთან და სიძესთან მიმავალი და განყოფილებაში გააქანა ვინაობის დასადგენად. ამის გარკვევა რთული არ იყო, ყველამ იცოდა მაჩაბლის ცოლის ამბავი. სხვისთვის შეიძლებოდა დახვრეტა ან გადასახლება მიესაჯათ, როგორც ხალხის მტრისათვის, მაგრამ ასეთი საცოდავი, თან ორსული შეენანათ, ბავშვებიც კი დაუტოვეს. ახლადაღზევებული ძველი ნაცნობის წყალობით მალე მისთვის ბინაც გამოინახა და სამსახურიც. მთლად ბინა არ ეთქმოდა, ნესტიანი სარდაფი იყო, მაგრამ ხალხის მტრების შვილს მეტი არ ეკუთვნოდა, სამუშაოდ კი ფაბრიკაში გაამწესეს, სადაც იჯდა და ხელთათმანებს კერავდა. იმ სარდაფშივე გააჩინა მესამე შვილი, გოგონა, რომელსაც უფროსმა და-ძმამ თამარი დაარქვა და ისე გამოვიდა, რომ უნებლიედ მისი შვილიშვილის სახელიც შეურჩევიათ.

 

მათი შემდგომი ცხოვრების ყველა დეტალი ზეპირად ვიცი იმ მომენტამდე, სანამ უფროსი შვილი ციხეში დაიღუპებოდა, სადაც სასჯელს ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გამო იხდიდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მთვრალი დაესხა თავს მილიციელს, შუათანა კი პირველივე შესაძლებლობაზე გათხოვდებოდა და დედისა და დისკენ აღარც მოიხედავდა. მითუმეტეს რომ კარგი ქმარი შეხვდა, მშრომელი და პატიოსანი და პატარაობაში ამდენი უბედურების მნახველს აღარ უნდოდა წარსულში გახედვა. ვინ იტყვის, იმედი ჰქონდა, თავს უკეთ მიხედავენო თუ უბრალოდ აღარ აღელვებდა, მაგრამ აშკარად დაღლილი კი იყო. ელისაბედი ფაბრიკაში ხელთათმანებს კერავდა, შუათანამ რომ დას დაუბარა, მე ვთხოვდები და აღარ მოვალო და მართლა აღარ დაბრუნებულა. სამნი დავრჩით სარდაფში.

 

ტკბილ-მწარე აღზევების ამბავი

 

მე ძველებურად მივყვებოდი მათი ცხოვრების გზას. გაღვიძებისას საწოლის ვხვდებოდი დედა-შვილს, მივაცილებდი სამსახურში და მოვაცილებდი იქიდან. ფაბრიკაში ჩემზე მეტი არაფერი იყო, იქ კი, რაღა თქმა უნდა, ყველგან ვიყავი და ყოვლისმომცველი. ბევრი წელი გავიარეთ ასე. მათთვის ბევრი, თორემ ჩემთვის აბა რა მნიშვნელობა აქვს დროს?! თამარი გაიზარდა და დედის მსგავსად ლამაზი ქალი დადგა, როცა ელისაბედს ემატებოდა და ემატებოდა ნაოჭები. ბოლოს იმდენი მოემატა, მის სახეზე დარდისაგან დატოვებული კვალის მეტი არაფერი იყო დარჩენილი. ასეც უნდა მომხდარიყო, მეტად ახალგაზრდამ დაიწყო დაბერება, რამეთუ მანამდე დედოფალივით ნაცხოვრებს გაუჭირდა ახალ დროსთან შეგუება. უყურებდა თამარი დედას და გამოსავალს ეძებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა ეღონა. განათლება ვერ მიიღო, წერა-კითხვა და დედასთან ლაპარაკიც კი და-ძმის წყალობით იცოდა, ვერ ახერხებდა ფეხის მოკიდებას. კერვა ისწავლა, კარგად ისწავლა და უბანში ხანდახან კლიენტიც გამოუჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ ხშირად ნაჭრების საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდათ და ამ საქმისგან ბევრი არაფერი გამოდიოდა. ნისიად აიღებდა ხოლმე და ჩვეულებრივ, ვალს პატიოსნად ისტუმრებდა, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ლამის მთელი შემოსავალი ისევ ვალის გასტუმრებაში მიდიოდა, ამიტომ ამ საქმეზე ხელი აიღო. მერე, ერთხელ იყო, რომ ერთმა მისი სილამაზით მოხიბლულმა კაცმა რესტორანში შესთავაზა მუშაობა. ფაბრიკაში, ქალებთან რომ გააჟღერა, სულ სიცილი დააყარეს, აბა მანდ პატიოსან გოგოს რა უნდაო. იქვე კი ჩაიქნია ხელი, სხვების თანდასწრებით, მაგრამ იმ კაცს მაინც მიაკითხა და თუმცა მიმტანობაზე უარი განუცხადა, დამლაგებლად ვიმუშავებ საღამოს საათებში, თუ გინდათო, სანაცვლო პირობა წაუყენა. კაცს ბევრი არ უფიქრია, მაშინვე დათანხმდა და რაღაც ხანი მართლა მუშაობდა იქ. დამატებით შემოსავალს კი არ ხარჯავდა, ინახავდა, იძახდა, ერთ დღეს იმდენი უნდა შევაგროვო, რომ ამ სარდაფიდან სამუდამოდ წავიდეთო. მაგრამ საჭირო თანხის მეასედიც არ ჰქონდა შეგროვებული, რომ მაგიდის წმენდის დროს უმიმტანოდ დარჩენილმა სტუმარმა ცუდად წაატანა ხელი, თამარი კი შემობრუნდა და სილა გააწნა. მაშინვე გაათავისუფლეს.

 

აზრი არ ჰქონდა, პატიოსანი შრომით ვერაფერს მიაღწევდა, არაპატიოსან გზაზე კი გახედვაც ეთაკილებოდა. შეიძლება ღარიბი, უპატრონო და გაუნათლებელი იყო, მაგრამ უღირსი არ ყოფილა. ისეთი გზა უნდა მოეძებნა, რითიც თან წუმპედან ამოვიდოდა და თან ხალხს ლაპარაკის საშუალებას არ მისცემდა. მაშინ გადაწყვიტა, რომ უნდა გათხოვილიყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვისზე, მაგრამ აუცილებლად შეძლებული უნდა ყოფილიყო. ხომ წაართვეს კარგი ცხოვრება, რომელიც მემკვიდრეობით ეკუთვნოდა, ჰოდა ადგებოდა და ნებისმიერ ფასად უკან დაიბრუნებდა. ნაკითხი არ ყოფილა, მაგრამ სირთულეებმა ეშმაკობა ასწავლა. ყველა ხერხს გამოიყენებდა და თავისი ოჯახის დიდებას თუ ვერ დაიბრუნებდა, რისი იმედი არც ჰქონია, იმდენს მაინც შეძლებდა, რომ მასაც და დედასაც ღირსეული ცხოვრება ჰქონოდათ. ხელი იმანაც შეუწყო, რომ უკვე დადგა ის დრო, როცა გვარიშვილობის გამო არავინ დასდევდათ, წერილიც კი მიიღეს, სადაც ლამის პირდაპირ ეწერა, ესა და ეს რომ დაგიხვრიტეთ, არ მოვიქეცით მთლად კარგადო. დედამისისთვის არ უჩვენებია, რაღა ეყარა ამაში, თვითონ არც მამას იცნობდა და არც ვინმეს დედის მხრიდან, ჰოდა იმდენად ძნელი გადასატანი არ ყოფილა, რამდენადაც ელისაბედისთვის იქნებოდა. რატომ მოვუკლა ის მცირე იმედიცო და დახია, მერე კი ცეცხლს მისცა.

 

დაზოგილი ფულით ნაჭერი იყიდა და ლამაზი კაბები შეიკერა, მოხდენილი, ყვავილებიანი. კაცების ტვინის გალაყებას განა რა უნდა, ნებისმიერს მოხიბლავ შარმითა და ეშმაკური გამოხედვით, მაგრამ ნებისმიერი არ ყოფილა მისი მიზანი. ვინმე ისეთი უნდოდა, ვისაც შეძლება კი ექნებოდა, მაგრამ ტვინი არა. მსხვერპლი დამყოლი და ადვილად მანიპულირებადი უნდა ყოფილიყო, თამარი უნდა გაეღმერთებინა და მის ჭკუაზე ევლო, სასურველია ისე, რომ ეს ვერც კი გაეაზრებინა. აი, მაშინ კი გამარტივდებოდა ცხოვრება, პირველ რიგში ელისაბედი დაჯდებოდა, ამოისუნთქავდა და სიბერეს შეირგებდა, მერე კი თამარი, რომელიც თავს ყველგან და ყოველთვის გაიტანდა, მაგრამ თავის გატანა არასდროს ყოფილა მისი მიზანი. თავი სარდაფშიც გაქონდათ. ასეთი კაცი ან ასაკოვანი და მარტოხელა უნდა ყოფილიყო, ან კიდევ ძალიან ახალგაზრდა. ლუდხანებსა და სახინკლეებში სიარულს ხომ ვერ დაიწყებდა, გარდა იმისა, რომ მეძავად მიიჩნევდნენ, ყველა ჯურისა და სახის კაცი იქ იყრის თავს, მიდი და არჩიე რომლისგან შეიძლება ელოდე რამეს და რომელია უსარგებლო, ვინ გამოდგება და ვინ არა. სადაც მხოლოდ შესაბამისი კაცები იკრიბებიან იქ თამარს არავინ შეუ