ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მალე მოვალ, იკე

მალე მოვალ, იკე

– მე როცა მინდა მაშინ მოვალ, ჩემია ის სასტუმრო – ლეამ ხუმრობით მედიდური გამომეტყველება მიიღო – ძველებურად უბრალო თანამშრომელი კი აღარ ვარ

– აჰამ, მშვენიერია, მობრძანდით, ეზოს დამალაგებინებთ

– ეზო უნდა დავალაგოთ? – ვითომ გაუკვირდა აჩის – ისა, მგონი მე არ გამომიშვებენ

– იცოდე ტორტს არ გაგასინჯებ – დაემუქრა იკე

– ჰო, კაი, მოვალ

– ესე იგი – წამოდგა მარკოზი, კართან მივიდა, გამოაღო და გარეთ გაიხედა – დიდი მაგიდა გვჭირდება, სარდაფში კი გვაქვს მაგრამ ის სანახევროდ მორყეულია, იმის დაშლას და ამოტანას ყველაფერი სჯობს

– ირენეს ხომ აქვს ეზოს დიდი მაგიდა? – მოაფიქრდა ლეას – ბაღში რომ უდგას, ზუსტად საჩვენოა, წვრილი და გრძელი მაგიდაა, ბევრი ბავშვი დაეტევა

– მშვენიერი აზრია – მოპირდაპირე მეზობლის სახლისკენ გაიხედა მარკოზმა – დღესვე ვეტყვი ირენეს

– გახსოვთ იკე რომ სამი წლის გახდა ეზო როგორ იყო მორთული? – კარის გვერდს მიეყრდნო ლეა – ჰოდა ისევ ისე გავალამაზოთ. ეზოს თავზე წვრილ, თეთრ თოკებს გავაბამ მაშინდელივით და ზედ თეთრ ბუშტებს დავამაგრებ, თან რამე ყვავილი ავიღოთ და მთელი ეზო იმ ერთი ყვავილით გავაფორმოთ, განსხვავებული და დასამახსოვრებელი იქნება, მაგალითად, თეთრი ვარდები

– რა თეთრი ვარდები? ქორწილი ხოარაა? – წინკარში გამოვიდა აჩეც – რამე უფრო საბავშვო და მხიარული, მაგალითად მზესუმზირები

– აუ, კი რა – ახტა იკე – ლამაზია მზესუმზირები, თან ვან გოგიც მიყვარს

– მშვენიერია – მოეწონა ლეასაც – მინის ლარნაკებში ლამაზ შეკვრებად ჩავალაგოთ, მაგიდის გაყოლებაზე ჩავამწკრივოთ

– მაგ საქმეს შენ მოგანდობ, ლეა, ეზოს გალამაზება არ გეშლება, მე კი, ღობისა და ჭიშკრის შეთეთრება მომიწევს – ეზოს გადახედა მარკოზმა – ახლა საჭმელებზე და სტუმრებზე იფიქრეთ

– რისი ტორტი გსურს, ქალბატონო? – გადმოხედა აჩემ იკეს

– რა თქმა უნდა, მარწყვის, ან კივის, ან ბანანის და შოკოლადის

– ჩამოყალიბდი ახლა

– ჟოლოს – გაიკრიჭა იკე – ვგიჟდები ჟოლოზე

– აჰამ – მარკოზი ლეას მიუბრუნდა – შენ გეცოდინება კარგი საცხობი, და მიდი, შეუკვეთე, დიდი ოღონდ, დაახლოებით ორმოცდაათი ნაჭერი რომ მაინც გამოვიდეს, თითო ბავშვზე ორ-ორი ნაჭერი რომ ვიანგარიშოთ

– და გარედან როგორი იყოს?

– დინოზავრები ეხატოს რაა – იყვირა იკემ – პტეროდაქტილი[1] ეჯდეს ზემოდან

– აუჰ – გაეცინა აჩეს – არქეოპტერიქსი[2] რომ ეჯდეს?

– გასაგებია, ეგრე ვეტყვი – ლეა სამაჯურს შეეხო და ჰოლოგრამა გახსნა

– დაპატიჟე დღეს ჯგუფელები? – იკეს მიუბრუნდა მარკოზი

– კი, ყველას ვუთხარი მაზეგ დაბადების დღე მაქვს-მეთქი, ცოტა ხანში მივწერ ყველას და ვეტყვი რომ აქ ვიკრიბებით

– იმ პირველკლასელსაც უთხარი? – გაეცინა მარკოზს

– ვის?

– წეღან რომ მითხარი სკოლაში ერთი ბიჭი მყვარობსო – გაიკრიჭა მარკოზი

– მამაა! – გაბრაზდა იკე, თან ეცინებოდა – ხომ იცი, არ მიყვარს ეგეთი ხუმრობა, მას მოვწონვარ, ესაა სულ

– მოიცა, მოიცა – ყური მოკრა აჩემ ნათქვამს – რაო, მარკოზ? იკე, შეყვარებული გყავს?

– აუუ! ახლა ამას დააჯერე – სახე შეეცვალა იკეს – სკოლაში ერთ ბიჭს მოვწონვარ, მეტი არაფერი

– აბა რა, მოწონებით იწყება ყველაფერი, შენც მალე შეგიყვარდება – გამომწვევად გაიცინა აჩემ და სახლში შევარდა

– აუ, შენ მოდი აქ! – დაიყვირა იკემ და აჩეს გაეკიდა

– დაიწყეს უკვე ამათმა? – გამოვიდა ლეა სახლიდან – შევუთანხმდი, ორსართულიანი ტორტი იქნება, კვირას მოგიტანთო

– და ფასი?

– არაფერი, მოდი, ეს ტორტი ჩემი საჩუქარი იყოს, სხვა მაინც ვერაფერი მოვიფიქრე

– ხომ იცი, არაა საჭირო, ისედაც რამდენი საჩუქარი მოგაქვს სულ ამისთვის

– არ დაიწყო ახლა, გადაწყვეტილია, ტორტიც ეკუთვნის იკეს და ეზოს ლამაზად გაფორმებაც. კარგი ყვავილების ჯიხური ვიცი, ქვემოთ, მეტროსთან, ჭადრის ქვეშ. შევუკვეთ და ორშაბათს პირდაპირ მოიტანენ ყვავილებს

– იმედია მზესუმზირები ბლომად აქვთ, მთელ ეზოს რომ ეყოს

– საჭმელებზე რა ვქნათ?

– შევუკვეთოთ, მაგაზე ფიქრით ნუ ავიტკივებთ თავს

– ჰოდა, მოგვარებულია იკეს დაბადების დღის ამბები. უი, რა გამახსენდა – ჩაილაპარაკა ლეამ და ჰოლოგრამა გახსნა – დღეს პორტილოს კიდევ ერთი კრიტიკული სტატია ვნახე ინტერნეტში, აბა, გამოიცანი ვის ლანძღავს

– რას მერჩის ეგ კაცი? – გაეცინა მარკოზს – რამდენიც რამეს ვთარგმნი და ვაქვეყნებ, ყველაფერს აკრიტიკებს, სხვა საქმე არ აქვს?

– აბა რა გეგონა მაშინ რომ ის მსოფლიო ტურნირი მოუგე – გაეცინა ლეას – ის დამარცხება ვერ მოუნელებია დღემდე

– მხოლოდ ეგ არა, მანამდეც მერჩოდა, გახსოვს ათი წლის წინ რომ რაპანუის[3] ეპიტაფიები[4] გავშიფრე? ჯერ კიდევ იქიდან დაიწყო ჩემი კბენა, თავიდან ვბრაზობდი, მაგრამ მერე შევეჩვიე – ეღიმებოდა მარკოზს – ეგ სტატია რატომ გაგიკვირდა? თვე არ გავა ისე, ჟურნალისტებთან რომ არ წამკბინოს

– აქ განსაკუთრებით მოინდომა – სახლისკენ გაიხედა ლეამ – მართალი ხარ, არ ღირს ნერვების შლად

– აჰამ, რაშვებით თქვენ? – თავი შეყო მარკოზმა სახლში – ცოცხალი ხართ რომელიმე?

– რაღაც მოგუდული ხმები ისმის – გაეცინა ლეას – წამო, გავაშველოთ

– იკე, დადე ეგ შუბი, ტანზანიიდან ძლივს ჩამოვიტანე აქამდე და შენ ნუ მოუღებ ბოლოს

– აჩე, დასვი ბავშვი – ლეამ სამზარეულოს მაგიდის ალაგება დაიწყო – და ზრდასრულივით მოიქეცი, ოცდათხუთმეტი წლის გახდი ზუსტად ერთი თვის წინ, ცნობისთვის

– ამან დაიწყო – ერთხმად დაიყვირა ორივემ

– სულერთია ვინ დაიწყო, იცოდეთ, მე დავასრულებ – მშვიდად ჩაილაპარაკა მარკოზმა და შემოსასვლელი კარი მოხურა

ჭიდაობა დასრულდა, აჩე ნოხზე იყო გაწოლილი და მძიმედ სუნთქავდა, იკე – დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელს ჩამოადო. ჭიდაობით დაღლილს იქვე ჩაეძინა, ასე რომ, საღამოს აღარც ფილმი ყოფილა და აღარც – კოცონი.


2

მეორე დილით ბალახის მკრეჭი ადრე მოვიდა. სარდაფიდან ფოცხი და ფიწალი რომ ამომქონდა, რამდენიმე ქილა თეთრი საღებავიც ამოვაყოლე და სანამ მოლი წესრიგდებოდა, მე წინა თეთრ ღობესა და ჭიშკარს კიდევ უფრო ვათეთრებდი. მესერს წელიწადში ერთხელ ვღებავდი, ზამთრის სიცივეების დაწყებამდე ისედაც ვაპირებდი, ახლა კი ამისთვის მშვენიერი საბაბი მომეცა.

– მამ, რაშვები? – წინა კიბეზე ჩამოვიდა იკე, წინკარის წინ, მზეზე მწოლ ფილემონს თეთრ მუცელზე მოეფერა, მისგან მარცხენა მხარეს, მეზობლის მესერთან მდგომ მხრებში მოხრილ მინდვრის მოხუც მკრეჭს მორიდებულად მიესალმა და ჩემკენ წამოვიდა

– დილა მშვიდობისა, ლამაზო – გავხედე თმააწეწილს – მესერს ვღებავ, ხომ მოგწონს?

– აბა რა – ახალგაღვიძებული სახით მომიახლოვდა იკე – რომ დაგინახე უცებ ტომ სოიერი[5] მეგონე

– უამე, ჩემი ნაკითხი კოალა ვინ არის? ისე, ახლა ბუს უფრო გავხარ

– დატენე იუმორი? – მკითხა წარბაწეულმა

– კი, ბოლომდე – გამეცინა მის ნათქვამზე – ეგ ჯაგრისი მომაწოდე, კაი იყოს, არ მოკიდო ხელი, დაისვრები

– მამ, ამ ბალახებს სად წავიღებთ? – გახედა იკემ პატარა მწვანე ზვინებს – დავწვავთ?

– ჯერ არ დაიწვება, ნედლია, უკანა ეზოში გადავყრი, და როცა გახმება მერე დავწვავ

– მამ, ნახე ბალახში ხვლიკი მიტანტალებს – მოლისკენ წავიდა იკე

– აჰამ, იტანტალოს – ჯაგრისი საღებავში ამოვუსვი, დავიხარე და ჭიშკრის ძირები აუჩქარებლად, საგულდაგულოდ გადავათეთრე

– ერთი აგერ ქვაზეა წამოწოლილი – გაეცინა იკეს – რამხელა ხვლიკია, ნახე, ღიპიანი

– ჰო, იყოს, მზეს ეფიცხება, ცივსისხლიანია და ეგრე თბება

– ცივსისხლიანი? – გაუკვირდა იკეს – ანუ ბოროტია?

– არა, არა – გამეცინა მის ნათქვამზე – ანუ მისი სხეულის შინაგანი ტემპერატურა მთლიანად ამინდზეა დამოკიდებული

– ანუ?

– ანუ ის რომ სიცივეში გაიყინება. თბილსისხლიანებს, მაგ: ძუძუმწოვრებს, მათ შორის ადამიანებს, შინაგანი ტემპერატურა აქვთ, ქვეწარმავლებს კი – არა, ამიტომაც ატარებენ ზამთარს მიწისქვეშ

– ა, უი, და მზეზე რომ ჩაეძინოს? – დაინტერესდა იკე, ხვლიკს ისევ მიუახლოვდა და ახლოდან დახედა – ძაან რომ გადახურდეს?

– არ ჩაეძინება ეგრე მარტივად – ღობის ძირში ამოსული ბაია ცალი ხელით ამოვთხარე და ბალახების ზვინისკენ მოვისროლე – რომ არ გადახურდეს მაგიტომაც გამოდის დილას და საღამოს, როცა მზე ძალიან ძლიერად არ აცხუნებს, მაგრამ თუ მაინც გადახურდა, სადმე ჩრდილში გადაწვება ან მიწაში ჩაძვრება

– ვაა, საინტერესოა, აუ, მეც მინდა ცხოველებზე ამდენი ვიცოდე

– წაიკითხე მერე, მარტივია

– ანუ თუ ვისაც სულ სცივა ცივსისხლიანია? – გაეღიმა იკეს – ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ყოფილა ცივსისხლიანი, სულ იძახის მცივაო

– მაგას სკოლაში მაინც და მაინც ნუ გაიმეორებ – გამეცინა და ცელანდინიც ამოვძირკვე ერთი ხელის მოსმით

– ეს რა კარგი სიტყვა ვისწავლე

– აჰამ, არ გშია შენ?

– ცოტა, რა გვაქ?

– მიდი, შედი, წყალი აადუღე, შემოვალ და გაგიმზადებ საუზმეს, და ბარემ ფილემონსაც დაუყარე სადილი, საუზმე მგონი სულ შეჭამა


[1] პტეროდაქტილი (ბერძ: Πτεροδάκτυλος) – პტეროზავრის სახეობა, დედამიწაზე ბინადრობდა დაახ. 150 მილიონი წლის წინ

[2] არქეოპტერიქსი (ბერძ: Aρχαιοπτέρυξ) – მფრინავი დინოზავრის სახეობა, ფრინველის წინაპარი

[3] რაპანუი (ინგლ: Rapa Nui) – აღდგომის კუნძულების მაცხოვრებელთა უძველესი ენა

[4] ეპიტაფია (ბერძ: Επιτάφιος) – საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერა

[5] ტომ სოიერი – ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის მოთხრობების პერსონაჟი, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში მესერს ღებავს