ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სილუეტს მიღმა

სილუეტს მიღმა

     ვერც ვუმხელდი ჩემს სიხარულს ვერავის, ვიცოდი, ვერავინ გამიგებდა. ამ იმედგადაწურულს მხოლოდ შენ მანუგეშებდი. ოცდაათი დღე ვიტანჯე, ათასმა წნეხმა ვერ გამტეხა. ერთ დღეს ისევ გალას შეტყობინება მოვიდა, მას სურდა ჩვენი ექიმთან მიყვანა და დეტალების გარკვევა, თუ რამდენად კარგად ვიყავით. აი, აქ მწარედ მოვტყუვდი, ჩემო ბიჭო. ის დღე იყო ჩემი სულის დასახიჩრების დღე. დღე, რომელმაც საზარელ შედეგამდე მიგვიყვანა. დღე, რომელიც სიცრუით გააჯერა გალამ და ჩემი ცრემლებით მორწყო. მისი შემზარავი ხმა, ჩემკენ დასარტყმელად გამოწვდილი ხელი არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან. მისგან არცერთხელ არ  მქონდა მოსმენილი მსგავსი სიტყვები, რომლებითაც «მამკობდა». თითქოს თავისი ძალისა და გავლენის დემონსტრირებას ახდენდა.  ვტიროდი, მტკიოდასულისა და სხეულის თითოეული  უჯრედი. ვტიროდი შენ გამო, შენს განცდებზე ამ დროს. ჩემს ცრემლებს შენ გრძნობდი ყველაზე მეტად. მეშინოდა, არ დამეკარგე თავდაკარგულს, ძალაგამოცლილს, უსუსურს, დამცირებულს და განადგურებულს. მისი მუქარა არ სრულდებოდა, გამალებით საუბრობდა, თუ როგორ მიაღწევდა საწადელს.

-  გთხოვ,შვილო, მაპატიე! არ მინდოდა, ეს ყველაფერი გტკენოდა!

-          გთხოვ, განაგრძე დედა... - ვხედავ, ჩუმად როგორ მოიწმინდა  ანაფორით ცრემლი.

-          

- შვილო, გონს რომ მოვედი, უკვე სახლში ვიყავი. ვაკვირდებოდი მშობლებს, ბებიას და ვიცოდი, ამ ხალხს ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ისინი მე და შენ ვერ გაგვიგებდნენ. მათ გონებაში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული სხვისი აზრებით ცხოვრებას. ისინი არ მაპატიებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ვიცოდი, შენთან ერთად მომიწევდა ჩემი ბავშვობის კერის კარების გაჯახუნება. უნდა დამეტოვებინა ეს ადგილი. მაგრამ ის, გალა, არ ჩერდებოდა. მრავალგზის ვთხოვე, ნუ მიმიყვანდა გაუცნობიერებელ ქმედებამდე. მტკიოდა შენი პატარა და, რომელსაც დედა სულით ხორცამდე უყვარდა. მაშინ ის შვიდი წლის იყო. მას საოცარი დღეები ვაჩუქე ამ შვიდი წლის მანძილზე. ჩვენ ერთმანეთს ვუთბობდით სულს. სწორედ, ამ არჩევანს განვიცდიდი. არ ვიცოდი, როგორ და რა გზას დავდგომოდი. ზუსტად რამდენიმე საათი ვიფიქრე, რომ სჯობდა დამესრულებინე რკინის სკამზე, ეს იყო ადგილი, სადაც სიცოცხლის დასასრულისთვის გამოჰქონდათ განაჩენი თეთრ სამოსში გამოწყობილ ადამიანებს. მეც გალას დავემსგავსე, იცი? გთხოვ, მაპატიო!..

          მახსოვს, ანამარიასთან გამომშვიდობება. წარმოგიდგენია, ჩემს პირმშოს დავემშვიდობე?! ვიცოდი, ან ხორციელად ვეღარ დავბრუნდებოდი მასთან ან კიდე დავუბრუნდებოდი სრულ აგონიაში მყოფი, ფსიქიკურად შეშლილი დედა.  დამეთანხმები ალბათ, ორივე შემთხვევაში სწორი იყო ჩემი გამომშვიდობება. დავტოვე ადამიანი, რომელიც თვალებში შემომციცინებდა. მისთვის ყველაფრის საწყისი და ბოლო ვიყავი მე, ყველაფრის საზომი ადამიანი. განსაკუთრებული მზრუნველობით გამორჩეულ ანამარიას ვტოვებდი მარტო. ვართმევდი ყველაფერს კეთილს, ლამაზს და ფერადს. ვტოვებდი სიცარიელეში, ჩემს სითბოს ვართმევდი. ვიმეტებდი გაუგონარი ტკივილისთვის ყველაზე ძვირფასს. სამგლოვიარო ტანსაცმელში გავახვევდი  ჯერ არც კი მომწიფებულ სხეულს. მის თვალებში ვაქრობდი ყოველგვარ სხივს. იცი, როგორ მძულს საკუთარი თავი ამ ყველაფრის გამო. სამუდამოდ მარტოობისთვის და სიცარიელისთვის ვიმეტებდი შვილს, რომლის გასაჩენად ვიტანდი აუტანელ ტკივილს მთელი ოცდაოთხი საათი. ადამიანს ვტოვებდი, რომლის გამოც დავნებდი და ვიტანდი გაუსაძლის მდგომარეობასა და ადამიანებს., რომლებიც მიწამლავდნენ სულსა და გულს. მის გამო ვცდილობდი ყველაფერს ირგვლივ. იცი, საოცარი ჩვეულებები გვქონდა ჩვენ ორს, ბევრს ვთამაშობდით, ვსწავლობდით, ვსეირნობდით და ერთად ვიზრდებოდით. მან გამიღო კარი ამ შეუცნობელ და უგანზომილებო გრძნობის. თავიდან მახსოვს, როგორ მეშინოდა პირველი ემოციების და გრძნობის, როცა გავიგე დედა ვხდებოდი. არასდროს დამავიწყდება მისი მედიდური ლურჯი თვალები და შავი ხვეული თმა, რომელიც გულზე მტკიცედ მეკვროდა. მთელი ძალით ცდილობდა მომჭიდებოდა. აი, ზუსტად მაშინ ვიგრძენი, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც უკიდეგანოდ უნდა ჰყვარებოდა, ეზრუნა უპირობოდ და დაეცვა ყოველთვის ყველასა და ყველაფრისგან. მე? მე კი ვტოვებდი მას. მახსოვს მასთან გამოსამშვიდობებელი ჩახუტება, თითქოს ვცდილობდი შემესრუტა და თან გამეყოლებინა. მისი სიკეთით სავსე თვალები და სიტყვები „დედა მიყვარხარ!“ დღესაც კი შემზარავად ჩამესმის ყურში და მთელ სხეულს მიყინავს ზუსტად ისე, როგორც მაშინ.

         დავუკოცნე პირი-სახე და კარი გავიხურე. შენს მოსაკლავად დავადექი გზას. წარმოიდგინე, როგორი დილემის წინაშე ვიდექი და როგორ მტკიოდით ორივე. დღესაც ვერ ვუყრი თავს სიტყვებს იმ დარდის გადმოსაცემად, რომელსაც მაშინ განვიცდიდი. ოღონდ თქვენს შორის არ მქონოდა არჩევანი გასაკეთებელი და საკუთარ უბადრუკ სიცოცხლეს დავთმობდი დაუფიქრებლად. ეს უკანასკნელი ნეტა მქონოდა! ან შენი და უნდა დამეტოვებინა მარტო ან კიდე შენ უნდა ამომეძირკვე ჩემგან. იმ წუთას მეზიზღებოდა შენი მამა. ადამიანი, რომელმაც მტვრად მაქცია. უმისამართოდ მოხეტიალე სულს ვგავდი, რომელიც არსებობის ბოლო წუთებს ითვლიდა. სტკიოდა, ყვიროდა , ამას კი ვერავინ ხედავდა. ხმა კი არც არავის ესმოდა. თითქოს ჩემს ირგვლი ყველა დაბრმავებულიყო და ყურთასმენაც დაეკარგათ ან ,უბრალოდ, არ უნდოდათ ჩემი გაეგოთ.

          დღე იწურებოდა. მწველი მზე უფრო ამძიმებდა ჩემს ტკივილისგან გაბერილ სხეულს. მივათრევდი კიდურებს , თითქოს მექანიკურად მოძრაობდნენ. ბუნდოვნად მახსოვს თეთრხალათიანი ექიმი, რომელიც მიხსნიდა შენი მოკვლის გზებს. ცრემლები არ ჩერდებოდა და ვხვდებოდი, რომ მე იქ არ ვიყავი, სადაც საჭირო იყო. მახსოვს, სკამიდან როგორ წამოვხტი, მოვუბოდიშე და გავიქეცი. სწრაფი ტემპით დავტოვე იქაურობა. თითოეული კედელი, საფეხური მზარავდა. იცი, როგორ შემძულდა საკუთარი თავი იმ წუთას?!გადაწყვეტილებაც ნათელი იყო, თუ შენ ვერ დაგიცავდი და უნდა მომეკალი, მეც აღარ ვიქნებოდი. მეც შენთან ერთად უნდა წამოვსულიყავი. ვერ დაგტოვებდი მარტო, ცივ და მიუსაფარ ადგილას. ამ გადაწყვეტილებით გულდათუთქულს, გზადაგზა მხვდებოდნენ გაკვირვებული სილუეტები, მაგრამ ისინი ჩემთვის აღარც არსებობდნენ. მე მივდიოდი ქუჩაში, თან მიმქონდა დაგლეჯილი, დასახიჩრებული და განადგურებული სული! თითოეული ამოსუნთქვა მეტად მიმძიმებდა სხეულს და სადღაც უკუნითში მიმაქანებდა. ტკივილი იყო  წარმოუდგენელი და შესაზარი. ვიცოდი, ბოლო ღამეს ვათენებდით ერთ სხეულში, ბოლოჯერ გვიცემდა გული. ის საღამო იყო ყველაფრით უკანასკნელი, ყველაზე გრძელი და ცრემლიანი ღამე. მუცელს ვეფერებოდი, გიმღეროდი და ზღაპრებს გიკითხავდი. იცი, ვერ გავბედე შენთვის მეთქვა ჩემი გადაწყვეტილება. სრულიად უმწეოს გიხსნიდი, როგორი იყო შენი და, თუ როგორ ეყვარებოდი. ასე გავათენე ის ღამე. თვალიც ვერ მოვხუჭე. ძლიერად ვეხვეოდი საკუთარ მუცელს, ადგილს სადაც შენ მეგულებოდი. ეს იყო ბოლო წამები, რომელსაც შენთან ვატარებდი. გიჟივით ხან ვიცინოდი და ხან ვტიროდი. ოჰ, რა დიდი იყო ტკივილი ჩემი, ყველაზე მწველი და ყველაზე დიდი.

              გათენდა, ურცხვად ამოანათა მზემ. გაშმაგებულმა აზრებმა არ დამანება, არ დამაცადა დილის ამბორი მზესთან. თვალცრემლიანი გავუდექი გზას, როგორც დამნაშავე სასჯელის აღსასრულებლად. ვიცი, რომ დღეს უნდა გარდავიცვალოთ. ვიცი და მეწვის სული. მტკივა თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი. ყველაზე მძიმე მაშინ გახდა ჩემი კიდურები, თითქოს ვეღარც ვერეოდი. ძალაგამოცლილს ვერ მიმყავდა საკუთარი თავი. მახსოვს, როგორ ავიყვანე ხელში ჩემი დაბეჩავებული სული და როგორ მივიყვანე სასჯელის აღსასრულებლად. მახსოვს, როგორ გაიღო ჩემს დანახვაზე კარი, სადღაც მიღმიერში მეპატიჟებოდა ვიღაც. ვიღაც , ვინც ან დამცლიდა ამ ტკივილსგან ან კიდე უფრო დამწვავდა და ჩემს დაფერფლილ სხეულსა და სულ მიმოფანტავდა სადღაც. ამ ფიქრებში გართული, უცნობის ხმამ გამომაფხიზლა და გადმომცა მუყაოს ქაღალდში გახვეული წამლების გროვა. აი, ამ წამლებით ვასრულებდი ჩვენს თანაარსებობას.

            კლინიკის საპირფარეშოსთან ველოდი ჩემს რიგს, მერჩივნა მარტო ვყოფილიყავი და არავის შეეშალა ჩემს „დიად“ გადაწყვეტილებაში ხელი.ძალიან მძიმედ მივიხურე კარი. მეშინოდა და იცი რისი? შენთან შეხვედრის. მაგრამ გავაგრძელე აბების გახსნა და ორ მუჭად შეგროვილი ას ოცი ტაბლეტი ძალიან მტკივნეულად გაუდგა მისთვის ჩემს მიერ მიჩნეულ გზას. მიცახცახებდა სხეული, მეშინოდა და მახსენდებოდა ყველაზე ძვირფასი წუთები, დღეები ჩემს ცხოვრებაში. წამიერად გამირბინა თვალწინ გავლილმა დღეებმა. ვიცოდი, აღარ შემეძლო უკან დახევა. გავუდექი გზას რადიოლოგის კაბინეტისკენ, სადაც ჩემი კუთვნილი ადგილი მქონდა. მინდოდა მამაშენის სიცრუე გამექარწყლებინა. მსურდა ეს გადაწყვეტილება გალას სცოდნოდა და გავუგზავნე მას შეტყობინება:

«მოგესალმები, გალა! დღეს, ჩვენ ორნი ერთ აზრზე ვართ. მახსოვს შენი რუდუნება და მოწოდება, როგორ გავმხდარიყავი თანაზიარი შენი აზრისა. ეს უკანსკნელი რამ არის, რაშიც დაგეთანხმე. დღეს შენ თავისუფლდები ამ ტვირთისგან, რასაც ჩვენი, ჩემი და შენი შვილის სახელი ჰქვია. როგორც გინდოდა და შეგპირდი, ჩვენ აღარ ვიქნებით“

-                   ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც  გავიმეტე გალასთვის.  დღემდე მახსოვს, როგორ ჩამოწვა ბინდი ჩემს გარშემო. თითქოს გულისცემაც მინელდა. აღარ ანგრევდა კედლებს ან აღარ შესწევდა ძალა. ალბათ, უკანასკნელი ხმებიც კი დამშორდნენ, თითქოს ისინიც გარკვეულ ბრაზს გამოხატავდნენ. სილუეტები ჯერ დაიგრიხნენ, შემდეგ კი ერთმანეთში აირივნენ და ჩამოწვა უკუნეთი. ვხედავდი, როგორ ეხვეოდნენ ადამიანები ჩემს უსულო სხეულს, ცდილობდნენ, მიწაზე დასვენებული ხორცთა გროვა აეკოწიწებინათ, წამოეყენებინათ და სული შთაებერათ, მაგრამ ეს მათ შესაძლებლობებს სცდებოდა. ჩვენ უკვე გავფრინდით. თითქოს ის სიმძიმე იმ მიწაზე დასვენებულში დავტოვე და მე ახლა სიმჩატისგან აკეკლუცებული, გახარებული დავბოგინებდი განუზომელ სივრცეში.

           მესმის ხმები. გვეპოტინებიან, არ გვიშვებენ, ვეცოდებით, მიბრაზდებიან,ასე როგორ მოგექეცი შენ და საკუთარ თავს. ახლა უკვე მეცოდება საკუთარი თავი, სხეული. ვუყურებ როგორ შემომაჭრეს სამოსი და როგორ ცდილობენ ჩვენს გადარჩენას. სუნთქვაც კი არ შემეძლო დამოუკიდებლად. მკვდარი სხეული, რომლის ფილტვებიც კი დანებებულიყვნენ, მაგრამ ტვინს გააზრებული არ ჰქონდა ჩემი მიტოვება და ჯიუტად აგრძელებდა თავისი ფუნქციის შესრულებას. მახსოვს, ეს სიმჩატეც სადღაც გაქრა, მიიკარგა ხმებიც, მხოლოდ გაურკვევველი ზუზუნი მესმოდა. ვხვდები, რომ თვალებს ვახელ, მაგრამ თვალზე ბნელი ბინდი მადგას, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, გავერკვე, რა ხდება ჩემს თავს. დიდი დაჟინებული მზერის შემდეგ ვხედავ გაფერმკრთალებულ ჭერს, რომლის ბოლოს გარკვევას ვცდილობ და ვხედავ, რომ არ სრულდება, რაღაც განუზომელ სივრცეს ქმნის. მესმის რაღაც დიანმიური ხმები. ვცდილობ, თვალი შევავლო ყველაფერს ირგვლივ. ამ ოთახში საშინლად ციოდა, ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი იყო. განათების ფონზე კი ყველაფერი უფრო ცივი და უსულო ხდებოდა. ვიგრძენი, გულმკერდში გაჩხერილი უცხო სხეული, რომელიც რაღაცას უერთდებოდა  და ბოლო არ უჩანდა.  შემეშინდა, ჩემი სხეული დაფარული იყო ათასი მილით. ჩემთვის სრულიად გაურკვეველი იყო მათი დანიშნულება. მხოლოდ მათგან მიყენებულ ტკივილს და გაუცხოებას ვგრძნობდი. მახსოვს, ძალიან ბუნდოვნად,  როგორ მიახლოვდებოდა თეთრი სილუეტი და რაღაც მანიპულაციის შემდეგ ჩემი სხეული იყინებოდა. ვგრძნობდი იმ სილუეტის მიერ შეშვებული წამლის გაფანტვას სხეულში. არ შემწევდა ძალა არანაირი მოძრაობის. თითქოს რაღაცნაირად ვიკარგებოდი. კისრამდე გადმოფარებული თეთრეული უსუსურობის, მიღმიერთან გადასვლის არეალს ქმნიდა. ვერ ვმართავდი საკუთარ სხეულს.

ერთადერთი, რა გრძნობაც მაწუხებდა,  ტკივილი იყო. ოღონდ ვერ ვარკვევდი, რომელი უფრო ძლიერი იყო - სულის თუ სხეულის. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ორივე რაღაცისთვს, ამოუხსნელისთვის იბრძოდა. უცებ საიდანღაც ნაცნობი, თითქოს ძალიან ახლო სილუეტი გამოჩნდა. ვაკვირდები და ვცნობ დედას, რომელსაც თვალები ცრემლებით გადაუღლია, სახე გაჰფითრებია, მოკუმული ტუჩები კი გალურჯებია. ვაკვირდები და ვხედავ მის მოცახცახე სხეულს, ხელებს, რომლებმაც შეხებისთანავე სიცივისგან დამწვა. ასეთი ცივი ხელები მას არასდროს ჰქონია. ერთ დროს ეს ხელები თითოეულ მტკივან ადგილზე  მინანავებდა, ახლა კი სრულიად უცხო, ცივი მტევანი უსულოდ ედო ჩემს სახეს. ირღვევა სიჩუმე:

-         ამ ბავშვს როდის იშორებ?

       ეს იყო ყველაზე საშინელი სიტყვები, რომელთა გაგონებაც  მომიწია. დავუწყე საკუთარ თავს წყევლა, თუ რატომ გადავრჩი და თვალებიდან გადმოღვრილი მძიმე ცრემლის წვეთები სადღაც თმებში ჩაიკარგა. ეს იყო სიხარულითა და ტკივილით გაჟღენთილი ცრემლი. მიხაროდა, რომ შენც ჩემთან ერთად გადარჩი, ისევ ჩემში აგრძელებდი სიცოცხლეს, ისევ მე გიცავდი. მაგრამ დედა? დედა იყო ტკივილი ჩემი. იმ სიტყვების მერე აღარც გამიგია, რას ამბობდა, თითქოს ძალიან დამშორდა. ვხედავდი მხოლოდ ტუჩების მოძრაობას და სხვას არაფერს. და ისევ თეთრი სილუეტი, რომელმაც მამცნო შენი კარგად ყოფნა. მითხრა, რომ ყველაზე ძლიერ ადამიანს ვატარებდი მუცლით. ბედნიერებისგან მინდოდა მეყვირა, ყველას გაეგო ჩვენზე. მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა. თითქოს მობრუნებულს, დაღლილმა გულმა უარი მითხრა პარტნიორობაზე. იცი, ის გაჩერდა.  გაჩერდა   ჩემ გამო, დავღალე. მან ვეღარ შეძლო ჩემთვის აეწყო ფეხი. არც კი გამაფრთხილა , უბრალოდ, გაჩერდა. მაგრამ შენ, ჩემო პატარა, შენ იყავი ის ერთადერთი, ვინც არ დამტოვა. მე გარდაცვლილ უსულდგმულო სხეულს დავყურებდი, შენ კი საოცარი სიდინჯითა და სიმშვიდით ელოდი დედას. მჯერა, შენ დაეხმარე შენი პატარა გულით ჩემს გადაღლილ გულს, ამუშავებულიყო, ისევ ეძგერა, როგორც ადრე. ალბათ, შენ არ დაანებე ჩვენი მელოდიის გაწყვეტა. სწორედ, შენი სიჯიუტით დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს. ისევ გამალებით და ყველაზე რიტმულად დაიწყო ჩემს სხეულში ორმა გულმა მუშაობა.