ამბავი - მაგიური კალენდრის ისტორია
ამბავი - მაგიური კალენდრის ისტორია
სანახაობა ნახევარ საათში დასრულდა. სამუშაო დღე დაიწყო. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხანში ელექტროენერგიის ნათურებზე მიწოდების შესამოწმებლად გასვლა დამჭირდა. საწყობის ბოლოში აპარატურის ოთახთან რომ მივედი, კამერებისგან უხილავ ადგილას, იღბლიანი თანამშრომელი დამხვდა. თაროებთან იდგა და შავ კვადრატულ ნივთს დებდა ყუთში. ცდილობდა სწრაფად ჩაედო. ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა. უცებ რომ დამინახა, დაიბნა. ნაბიჯ-ნაბიჯ უკან გაიწია. -უკაცარავად, ბოდიში. - მითხრა, პატარა ყუთი თაროზე შემოდო, თავი დახარა და სწრაფად გაეცალა ადგილს. გაკვირვებული დავრჩი. სიტუაციამ ძალიან დამაინტერესა. ეს ნივთი, რომელიც ეჭირა, საწყობს ეკუთვნოდა, მაგრამ შინაგანი ინტერესი მიბიძგებდა, რომ ამომეღო და მენახა. ნელ-ნელა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. ირგვლივ მიმოვიხედე, მივხვდი, რომ კამერა ვერ მხედავდა. თაროდან ყუთი გადმოვიღე და გავხსენი. შიგნიდან ყრუ წიკწიკის ხმა ამოდიოდა. ამ ნივთს ხელი დავავლე. ამოვიღე. პატარა შავი კალენდარივით იყო. ორი დიდი ციფერბლატი წიკწიკებდა. ერთი საათს აჩვენებდა, მეორე - წუთებს. ოდნავ ქვემოთ ორი ჰორიზონტალური ხაზი იყო, ერთზე თვეები ეწერა, მეორეზე კი - რიცხვები, ხოლო გვერდებზე წლების ამთვლელი ჰქონდა. უცნაური ნივთი იყო ძალიან. რამდენჯერმე შევათვალიერე თავიდან. შემდეგ კალენდარი თაროზე შემოვდე და თვითონ ყუთში ჩავიხედე. შიგნით ქაღალდი იდო, ოცდაათი წლის წინანდელი საბუთი, რომელზეც ანტიკვარის აღებისა და ჩაბარების თარიღები ეწერა. გამიკვირდა, თუ როგორ გაჩერდა იგი ამდენ ხანს. როგორც წესი, აქედან ყველა ნივთი მალევე მიჰქონდათ აუქციონზე. საბუთს კიდევ რომ გადავხედე, შევამჩნიე, რომ პირველ ფურცელზე აზრი წყდებდა. როგორც მივხვდი, ყუთში უნდა ყოფილიყო ასევე მეორე ქაღალდიც, რომელსაც კალენდრის ისტორიაზე უნდა მოეყოლა. პირველ ფურცელზე მხოლოდ მისი დამზადების და პოვნის თარიღი ეწერა, 1864 და 1900 წლები.
მოულოდნელად ნათურებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს თამაში. შემდეგ საწყობის შუაგულიდან ყვირილი შემომესმა. შველას ითხოვდნენ. კალენდარი და საბუთები მაშინვე ფართე ჯიბეში ჩავიდე. აპარატურის ოთახში გავემართე, დავალებული საქმე შევასრულე და შემდეგ, როგორც დანარჩენი ყველა, მეც წავედი იმ ავის მომასწავებელი ხმებისკენ, რომლებიც თანდათან უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ. ფეხს მაქსიმალურად ავუჩქარე. ადგილზე რომ მივედი, დავინახე, თუ როგორ იწვა უგონოდ იღბლიანი თანამშრომელი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახე, როცა შევუსწარი, როგორ დებდა ჩუმად კალენდარს უკან, ყუთში.
თავი VI
სამუშაო დღე მომხდარის გამო ნაადრევად დასრულდა. პოლიცია სასწრაფო დახმარებასთან ერთად მალე მოვიდა. გონწასული საკაცეზე დააწვინეს და უახლოეს კლინიკაში წაიყვანეს. ადგილზე იყვნენ ჟურნალისტებიც. საწყობი რამდენიმე დღით დაიკეტა. თანამშრომლებს წინასწარი ჩვენებები ჩამოგვართვეს და შემდეგ ყველანი გამოგვიშვეს. გასახდელში კალენდარი პატარა ჩანთაში გავახვიე. შენობიდან რომ გამოვედი, მწვანედ განათებული წარწერა დავინახე - „ყვავილების კუთხე“. პატარა კაფე იყო, ჯერ კიდევ ღია. მეც გზა გადავკვეთე და კარი შევაღე. ხალხი კანტიკუნტად იჯდა. ყველასგან განმარტოებით, კუთხეში, მერვე მაგიდასთან მოვკალათდი.
- გამარჯობა, რას ინებებთ?
- ერთი პატარა ლატე, თუ შეიძლება! - ვუთხარი ოფიციანტს, რომელიც დაჯდომისთანავე მოვიდა ჩემს მაგიდასთან.
შეკვეთის მოლოდინში გარემოს ვაკვირდებოდი. კაფეში კედლები წითელ-თეთრ ფერში იყო. საკმაოდ მშვიდი გარემო დამხვდა. მაგიდებზე პატარა ყვითელი ლამპები ეწყო. ცენტრში წიგნების თაროები შევამჩნიე. ჰიუგო, ჰემინგუეი. ძალიან შემოქმედი ადამიანი უნდა ყოფილიყო ამ ადგილის მეპატრონე, ვფიქრობდი... კალენდრის ჩანთიდან ამოღებას არ ვჩქარობდი. მუშაობის შემდეგ ცოტაოდენი დასვენება მჭირდებოდა.
უეცრად გულმკერდთან დარტყმა ვიგრძენი. თითქოს, ჰაერი დამძიმდა და სუნთქვა გამიჭირდა. მოულოდნელად ჩამობნელდა. კაფეში ნისლი ჩამოწვა. თვალები დამებინდა, ცივმა ოფლმა დამასხა, კანკალმა ამიტანა, კბილებმა ღრჭიალი დამიწყეს. რამდენიმეწამიანი სიყრუის შემდეგ წიკწიკის ხმა გავიგე, თითქოსდა შიგნიდან მომავალი, გამაყრუებელი, შემზარავი. შეშინებულმა თვალები მაგრად დავხუჭე და თავი ჩავხარე. საათის ხმა მატულობდა, მტანჯველი ბგერები უფრო და უფრო ძლიერად ხვდებოდნენ ყურის ბარაბნებს. ყოველი წამის გასვლა გამაყრუებელ ნაკვალევს ტოვებდა ჩემში. ნისლმა მთლიანად მოიცვა ყველაფერი. უეცრად ხმები გაჩერდა და ფეხის ხმა მომესმა. მთელ ტანში მოდებული ტკივილით, შინაგანი კვნესით, თავი ავწიე. ამოხედვისთანავე დავინახე ის. უკიდეგანო ნისლიდან არსაიდან გაჩენილი დამყურებდა ზემოდან. გრძელი შავი მოსაცმელი ეცვა, მისი მრგვალი სათვალეები და ცილინდრის ქუდი თეთრ ცივ სხივებს ირეკლავდა. ის იყო დიდებული უცნობი, რომლის დანახვისას თითქოსდა რაღაც ძალამ მიმაკრა და მიმაჯაჭვა მას. ვერ ვინძრეოდი. მზერა გამიშტერდა. საათი წიკწიკს უკვე ხმადაბლა განაგრძობდა. დიდებულმა უცნობმა, ისე, რომ სახე არც შესტოკებია, კალენდარი ხელში აიღო და შემომხედა. რამდენიმე წამს მიყურა. შემდეგ ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო. სანამ საბოლოოდ წავიდოდა, კალენდარი მაგიდაზე დამიდო, რომელზეც საათი მძიმედ აგრძელებდა სვლას. საბოლოოდ კი დრო ერთ ადგილზე გაჩერდა...
-თქვენი შეკვეთა, ბატონო! - ოფიციანტმა გამომაღვიძა. -ჩაგძინებიათ. ალბათ, რთული დღე გქონდათ...
-დიახ, დიახ... - შევხტი, მაგრამ არ შევიმჩნიე. თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე. - მადლობა შეკვეთისთვის! - ნაძალადევად გავუღიმე ოფიციანტს და გარშემო კაფეს თვალი მოვავლე. ნისლი გამქრალიყო. აღარანაირი კვალი აღარ ჩანდა იმ სანახაობისა, რომელიც რამდენიმე წამის წინ თვალწინ მედგა. ვცადე, თავი დამეჭირა, დავმშვიდებულიყავი. ნელ-ნელა ჩვეულებრივ ყავის სმაც დავიწყე, მაგრამ უეცრად საათის ხმა შემომესმა. შიშით მთელი ტანით შევხტი და ერთიანად შევყვირე. კაფეში ყველამ გაკვირვებულმა შემომხედა. მოულოდნელად ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. არ ვიცოდი, რა მექნა. დაბნეულმა ირგვლივ მსხდომებს მზერა მოვარიდე, უკან დავჯექი, სირცხვილით თავი ჩავხარე და ყავის სმა გავაგრძელე. ემოციებმა მაინც მძლია. გული ამიჩქარდა. რამდენიმეწუთიანი შინაგანი შფოთვის შემდეგ, როცა საბოლოოდ გაქრა შიშის გრძნობა, შეკვეთის საფასური გადავიხადე და კაფედან გამოვედი. სახლისკენ მძიმე, ფიქრებით სავსე ნაბიჯებით დავიძარი.
ჩემს ქუჩასთან უკვე ახლოს ვიყავი, ავტობუსის ერთ გაჩერებას რომ ჩავუარე. დასასხდომ გაჩერებებზე, როგორც წესი, დრო საათის, წუთის და წამის მიხედვით ეწერება. როცა ჩავიარე ციფრები 00:00:00 საათს აჩვენებდა, მაგრამ ეკრანზე დრო ყოველ წამს იცვლებოდა, საბოლოოდ კი კვლავ ნულები იწერებოდა. ვიდექი და გაკვირვებული ვუყურებდი. უეცრად საათის წიკწიკი შემომესმა. ხმა ნელ-ნელა გაიზარდა. კაფეში ნანახი გამახსენდა. შიშმა ამიტანა, ხელები თავზე შემოვიჭირე -გაჩერდი! გაჩერდი! - ვყვიროდი. ჩავიმუხლე, თვალები მაგრად დავხუჭე. ხმამ თანდათანობით კიდევ მოიმატა. გამაყრუებელი ბგერებისგან თავი საშინლად ამტკივდა, მეგონა, ყურებიდან სისხლი წამომივიდოდა და როცა ეს წიკწიკი უკვე აუტანელი გახდა, უეცრად დამთავრდა. ყველაფერი ისევ ღამის სიჩუმემ მოიცვა. მხოლოდ ძაღლების შორეული ყეფა არღვევდა სიმშვიდეს. თვალები გავახილე, წამოვდექი. ხელები ყურებს მოვაშორე. გარშემო მიმოვიხედე. ცხოვრება კვლავ თავის რიტმში იყო. მაგრამ შემდეგ შევამჩნიე ჩემგან გამომავალი სინათლე, რომელიც ქუჩის ბოლომდე აღწევდა. მაშინვე დავიხედე და ჩემს მხარზე გადაკიდებული ჩანთა გავხსენი, რომელიც შიგნიდან ანათებდა. სინათლე კალენდრისგან მოდიოდა. ფოსფორისფერი მიეღო და გაცხელებულიყო. ხელში რომ ავიღე, სიმხურვალისგან თითები დამეწვა, ვეღარ დავიჭირე და ძირს დამივარდა. დავარდნისას მაშინვე დაკარგა სინათლე. შეშინებული, რომ ანტიკვარული ნივთი გავტეხე, მის ასაღებად დავიხარე. შევამოწმე. მივხვდი, მთელი იყო და ამოვისუნთქე. წიკწიკის ხმა ჩუმად ისევ ისმოდა. თავად კალენდარი გაცივებულიყო. მოულოდნელად მასზე თარიღი შევამჩნიე, რომელიც 14 ოქტომბერს აჩვენებდა, სამშაბათს. მაგრამ უკვე ოთხშაბათი იყო.
შინ მალე მივედი. სიარულისგან ფეხები მტკიოდა. დაღლილი ტანსაცმელგაუხდელად ჩავწექი ლოგინში და წამში ჩამეძინა.
თავი VII
მაღვიძარამ დილის რვა საათზე დარეკა. ამაზრზენი ხმა არა და არ ჩერდებოდა. უიმედოდ ვცდილობდი ხელით ჩამეხშო ეს საშინელი ბგერები ჩემს ყურთან. საბედნიეროდ, ღილაკი ვიპოვე. თვალები გავახილე, ასადგომად მოვემზადე. გავიზმორე. ძალები მოვიკრიბე.
აბაზანაში შევედი. წყალი გადავივლე. რომ გამოვდიოდი, სარკეში ჩავიხედე. მივხვდი, წვერი ისევ გასაპარსი მქონდა. ონკანი მოვუშვი და სახეზე წავისვი ქაფი. წინა დღის მსგავსად, წყალი აბაზანაში კვლავ წვერის გაპარსვისას გაიჭედა. ვერ გამეგო, რა სჭირდა. სახე სამზარეულოში მოვიბანე.
რომ ჩავიცვი, საათს გავხედე. სამსახურში მაგვიანდებოდა. საჭმლის ჭამასაც ვერ ვასწრებდი. სწრაფად ჩავიცვი და გასასვლელად მოვემზადე. კარს რომ ვაღებდი, უცებ კალენდარი გამახსენდა, რომელიც სახლში მრჩებოდა. ეს ნივთი მინდოდა, საწყობში უკან, თავის ადგილას დამებრუნებინა, რადგან მეშინოდა გამოძიების დამთავრების შემდეგ ვინმეს არ მოეკითხა იგი და რაიმე პრობლემა არ შემქმნოდა, მით უმეტეს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის იმ თანამშრომელს ეჭირა. ამიტომ კალენდარი კვლავ იმ ჩანთაში ჩავდე, რომლითაც საწყობიდან წამოვიღე, ზურგზე გადავიკიდე და სამსახურში წავედი.
საწყობში რომ მივედი, ჩემდა გასაკვირად, სამუშაო დღე ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო და ყველა იმ შემთხვევაზე ლაპარაკობდა. ათასი აზრი ისმოდა ყოფილი თანამშრომლის მოულოდნელ სიკვდილთან დაკავშირებით. ზოგიერთი ამბობდა, რომ ცხოვრებამ ჩვენს იღბლიან თანამშრომელს მოგების წილ სიცოცხლე წაართვა. ერთი კაცი ამბობდა, გავიგე მემკვიდრეებმა ქონების მალე მისაღებად აქ მოსვლამდე როგორ მოწამლესო. ყოველი მოსაზრება, რომელიც გაჟღერდა, საკმაოდ რეალური ჩანდა იმ გაურკვეველ მდგომარეობაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფონზე, რომელიც დატრიალდა. საზოგადოებრივი განხილვები ნახევარ საათში დასრულდა, ყველა თავის პოზიციაზე დადგა. სამუშაო დღე დაიწყო...
შუადღის თორმეტზე, შესვენებაზე სხვებისგან შეუმჩნევლად გავეშურე გასახდელისკენ და ჩანთიდან კალენდარი ამოვიღე. იგი კვლავინდებურად თვალისმომჭრელად ბრწყინავდა სინათლეზე. ანტიკვარი ჩუმად პერანგის ქვეშ დავმალე, გასასვლელისკენ წავედი. გასახდელიდან რომ გამოვედი, განსაკუთრებული სიფრთხილით მივედი საწყობის ბოლოში, საიდანაც იმ დღეს კალენდარი წამოვიღე.
საბედნიეროდ, სექციებს შორის არავინ შემხვედრია. ნელა და ფრთხილად ჩავდე კალენდარი ყუთში. სანამ თაროზე შემოვდებდი, კიდევ ერთხელ ჩავხედე მას, ცდუნებას ვერ გავუძელი. მისი ყურებისას გულისცემა ყურებში მესმოდა. თითქოს რაღაც ძლიერი კავშირი არსებობდა ჩვენ შორის.
- ჰეი, მანდ! - მოულოდნელად მომესმა ხმა. დავიხარე. გავშეშდი. მივიხედ-მოვიხედე, არავინ ჩანდა. დავიძაბე. სმენად ვიქეცი. ნაბიჯების ხმა მოახლოვდა. კალენდარი ნელ-ნელა ამოვიღე ყუთიდან და ისევ პერანგის ქვეშ ამოვიდე.
- რომელი ხართ აქეთ? - გავძახე. პასუხის მოლოდინში მთელი ყურადღებით დავიწყე თაროებს შორის სექციების თვალიერება. შემეშინდა, რომ ვიღაცამ გამომიჭირა. უკვე ვფიქრობდი პასუხებს კითხვაზე, თუ რას ვაკეთებდი იმ მომენტში იქ და რატომ ვიქექებოდი საწყობის ყუთებში. თუ გამომიჭერდნენ, ყველაზე კარგ ვარიანტში მხოლოდ სამსახურიდან გამომიშვებდნენ, ხოლო ცუდის შემთხვევაში, ალბათ, ქურდობის გამო დამიჭერდნენ კიდეც. სწორედ ამიტომ მთელი ყურადღებით ვიდექი და ველოდებოდი პასუხს.
საბოლოოდ აღარავინ გამოჩნდა. მეც დრო ვიხელთე, სანამ კიდევ მარტო ვიყავი, კალენდარი უკან ყუთში ჩავდე. თაროზე შემოვდე. ღრმად ჩავისუნთქე, ნერვები დავიმშვიდე და სასადილოსკენ გავემართე. რამდენიმე სექციის გავლის შემდეგ კვლავ შემომესმა ხმა.
-ჰეი, გესმის?! თუ გინდა, შენს ქურდობაზე უფროსთან არ ვთქვა, აქეთ გამოიხედე. - შევჩერდი და ინსტინქტურად ხმის მიმართულებით, გვერდით თაროებს შორის გავიხედე. თვალის გუგები გამიფართოვდა, მზერა გამეყინა. იქ, საიდანაც ხმა მოდიოდა, გარდაცვლილი თანამშრომელი იდგა. გაღიმებული მიყურებდა. ძველებურად ცოცხალი იყო. სიკვდილის არაფერი ეტყობოდა. ენა მუცელში ჩამივარდა. ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი. ხუთი დღის გარდაცვლილი ადამიანი ცოცხლად იდგა ჩემ თვალწინ. უბრალოდ შოკირებული ვიყავი. შეშინებულმა ინსტინქტურად რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ნელა უკან. უკან დახევისას შემთხვევით ფეხი გვერდულად დავდგი, ამან გამომაფხიზლა. მაშინვე რაც ძალა და ღონე მქონდა მოვიკრიბე და გამოვიქეცი იქიდან. გავრბოდი ისე, რომ არაფერი მესმოდა. ერთადერთი რამ, რაც იმ მომენტში მამოძრავებდა, იყო სხვებამდე მიმეღწია და მარტოს აღარ მეგრძნო თავი. როგორც წესი, შესვენებისას საწყობის გასასვლელთან ბანქოს სათამაშო მაგიდა იშლებოდა. მეც ამ მიმართულებით ავიღე გეზი. საბედნიეროდ, მაშინაც არ დაურღვევიათ ჩვეულება. ცხოვრებაში არასდროს მქონია ვინმეს დანახვით გამოწვეული მსგავსი სიხარული, როგორც მაშინ. ყველა გაკვირვებული მიყურებდა...
შესვენება რომ დამთავრდა, მუშაობა განახლდა, მაგრამ მე საწყობში დარჩენა აღარ შემეძლო. მეგონა, ის თანამშრომელი კვლავ სადმე გამოჩნდებოდა და რაიმეს დამიშავებდა. ძალიან დაბნეული და აფორიაქებული ვიყავი. თანამშრომლები მეკითხებოდნენ, რა მჭირდა, რა მოხდა, მაგრამ ამაზე საუბრისას ენა მივარდებოდა და ხმას ვეღარ ვიღებდი. თან არც მსურდა გამემხილა სამსახურში გარშემო მყოფთათვის ნანახი, რადგან არავინ დაიჯერებდა და შეიძლებოდა ჩემი ახლად შექმნილი რეპუტაცია მათ წინაშე შემელახა. ამიტომ საბოლოოდ ოჯახური პრობლემები მოვიმიზეზე.
სამსახურიდან რომ გავეთავისუფლე, მომხდარზე ფიქრებში გახვეული საწყობთან ახლოს მდებარე კაფე „ყვავილების კუთხეში“ შევედი.
-გამარჯობა! ეს თქვენ დაიწყეთ ახლახან იმ საწყობში მუშაობა? - ოფიციანტი შესასვლელშივე მომადგა.
-დიახ, დაახლოებით ათი დღეა, რატომ მეკითხებით? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-იქ, კუთხეში, ერთი მამაკაცი ზის, მითხრა, საწყობიდან ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდოდა და მისთვის გადამეცა, რომ ელოდება. აი, მარჯვნივ ზის. - ოფიციანტმა გამიღიმა და მერვე მაგიდაზე მიმითითა. მის ხელს მზერა გავაყოლე. როგორც კი თვალი მიმართულებას გავუსწორე, მყისვე გონება დავკარგე...
მერვე მაგიდასთან ჩემი ხუთი დღის წინ გარდაცვლილი თანამშრომელი იჯდა. ის ისევე იღიმოდა, როგორც ერთი საათის წინ თაროებს შორის და წინ შავი კალენდარი ედო, რომელიც საწყობში თავის ადგილას დავტოვე.
თავი VIII
რამდენიმე წუთი უგონოდ ვიყავი. მალე მომასულიერეს. გონს რომ მოვედი, შეშინებული ოფიციანტი და მომღიმარი უცნობი, სავარაუდოდ, ექიმი დავინახე, რომელიც ჭიქა წყალთან ერთად ხელში იდგა. როგორც კი გავახილე თვალი, ამ მომღიმარმა უცნობმა წყლიანი ჭიქა გვერდზე გადადო. წამომაყენეს, სკამდე დამსვეს.
- დიდი მადლობა დახმარებისთვის. - გავიგე ხმა, რომელიც საკმაოდ ნაცნობი იყო. ოფიციანტი განზე გადგა. ჩემ წინ სკამზე კი გარდაცვლილი თანამშრომელი ჩამოჯდა. როცა შემომხედა, შინაგანმა კანკალმა ამიტანა. გავფითრდი.
-ნუ გეშინია! დამშვიდდი, მოიცადე და ყველაფერს აგიხსნი. - მითხრა მან და წყალი მომასმევინა. - ისე, რომ იცოდე, მთელი დღეა შენთან საუბარი მინდა. მაგრამ ჩემი დანახვისთანავე გარბიხარ, მე კი, ასაკოვანი, ვეღარც გეწევი... - მხარზე ხელი შემომკრა და გამიღიმა.
-რ... რ... რ... ააა... გ... გ... გინ... დ... დოო... დათ? - ძლივს ამოვილუღლუღე. მისმა გაღიმებამ კიდევ უფრო ამაღელვა. ეს რომ შემატყო, წამოდგა და ჯიბიდან დამამშვიდებლები ამოიღო. ორი ფირფიტა ეჭირა.
-ვიცოდი, რომ დამჭირდებოდა... - ჩაილაპარაკა, წამალი ფრთხილად თავისი ხელით დამალევინა. შემდეგ კი უკან, ისევ ჯიბეში ჩაიდო. ჩემს დამშვიდებას ელოდებოდა. საათზე, რომელიც მაჯაზე ეკეთა, დროს ითვლიდა. სიტყვას არ ძრავდა. პარალელურად თვალებშიც მიყურებდა. მე ისევ შეშინებული ვუყურებდი მას. თითქოსდა, ძველებურად ცოცხლად გამოიყურებოდა, ნამდვილად. დრო დამჭირდა მივმხვდარიყავი, რომ ის, მართლაც, რეალური იყო, რეალური, როგორც ნაბახუსევი დილით. მაგრამ მაინც ვერ ვიგებდი, თუ როგორ იჯდა იმ დროს ჩემ წინ.
-უკეთესად ხარ? - მკითხა ორ წუთში ხმადაბალი ტონით.
-სიმართლე გითხრა, უკეთესად ვარ. - წამლის შედეგად, შედარებით მშვიდად ვიყავი, მაგრამ ხელებში მაინც ვგრძნობდი მცირედ კანკალს.
-მოკლედ. - დაიწყო მან. - რადგან უკვე შედარებით კარგად ხარ, ეს ნიშნავს, რომ შემიძლია დავიწყო საუბარი! - ჩაახველა. - როგორც ვიცი, ხუთი დღის წინ უნდა მოვმკვდარიყავი. სამწუხაროა, ალბათ. სიკვდილის წინ დიდი თანხა მოვიგე, ეს ნამდვილად სასიხარულოა, მაგრამ, მაგრამ წესი წესია და მეც მივიღე, რაც მეკუთვნოდა. დროის მარადიული დინების სიხარბის გამო შეცვლა სიცოცხლის სანაცვლოდ დამიჯდა. არ დაიჯერო ის, რასაც თანამშრომლები ჩემზე ლაპარაკობენ და არც ის, რასაც პრესა დაწერს, როცა ჩემი სხეულის გაკვეთის შედეგებს მოიპოვებენ. ჩემს სიკვდილზე არავის არ აქვს წარმოდგენა ამ დედამიწის ზურგზე. დიახ, მე ჩემს მემკვიდრეებს არ მოვუკლივარ. მე მათ გამო დავთმე ჩემი სიცოცხლე. ისინი პატარა პრობლემას შეეჩეხებიან ჩემი სიკვდილით და მოუწევთ ამის გამო საფასურის გადახდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი შეძლებენ ჩემი ძმისშვილის მკურნალობის გადახდას და ასევე, ჩემი შვილიშვილების სწავლის ფულსაც გასწვდებიან და როგორც ვნახე, დატოვებულ მემკვიდრეობას მთლიანად კარგად გამოიყენებენ, ყოველი შემთხვევისათვის მომავალში ასე იყო. - წამით შეჩერდა, ახლოს მოიწია და ჩუმად განაგრძო: -მე მესამ მომკლა. იმ მამაკაცმა, რომელმაც ეს კალენდარი ჩამაბარა და, სავარაუდოდ, უკვე შენც ნახე ის - მაღალი, ულვაშიანი, ცილინდრის ქუდით. - აღნაგობის აღწერის შემდეგ თვალები გამიფართოვდა. - შენ ნახე ის! კი, კი. ნახე, სახეზე გეტყობა, რომ უკვე შეხვდი მას. მეც ასეთივე რეაქცია მქონდა, როცა ჩემმა წინამორბედმა ის მიხსენა პირველად. - ჩაეცინა. საუბარი უკვე ჩვეულებრივ განაგრძო. - ძალიან არასასიამოვნო არსებაა ხომ? იცოდე, ლაპარაკი უყვარს, ოდნავ თავის თავზე შეყვარებულიცაა, ამიტომ, როცა კვლავ შეხვდები, ფრთხილად იყავი, არ გააბრაზო. მესა ამ კალენდრის სულია. ეს კალენდარი მან დიდი ხნის წინ შექმნა, მაგრამ მოვლენათა მარადიული დინების შეცვლის ძალა მას არ გააჩნდა, რაც არ უნდა მოემოქმედებინა, საბოლოოდ შედეგი მაინც იგივე დგებოდა. ადამიანის სიცოცხლე მარადისობას ყოველთვის მიჰქონდა. სწორედ ამიტომ მესამ დროსთან შეთანხმება დადო და თავისი სიცოცხლის ფასად მისცა ამ კალენდარს ძალა მოვლენათა მარადიული დინების შეცვლისა. მესა ცბიერი და ჭკვიანია, კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას, ამიტომ სიკვდილის შემდეგ მისი სული კალენდარში ჩასახლდა, რათა ეკონტროლებინა ყოველი მფლობელი, არ სურდა ერთპიროვნულად ჩაეგდო ვინმეს ხელში მსგავსი ძალაუფლება. გატყობ, გაგაოცე, მგონი, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გითხარი... ისე, ჩემზე, ალბათ, მიხვდი, რომ წარსულიდან ვარ. კალენდარი... - ისევ ხმას დაუწია, თითქმის ჩურჩულით განაგრძო. - მე ამ კალენდრით მოვედი აქ. აი, შეხედე, ამით დღეების არჩევა შეგიძლია, ამით წლების, ამით თვეების, საათების, წუთების. ყველაფერს რომ სასურველ დროზე დასვამ, ამ ისარს მიიტან შუაგულში, კუთხეში ღილაკს დააჭერ და ბუმ! ნათება იქნება. დაიმახსოვრე, დროში როცა იმოგზაურებ, თვალები ყოველთვის დახუჭე. ჩემს წინამორბედს ამაზე მე არ გავუფრთხილებივარ და პირველ ჯერზე სინათლისგან დაბრმავებული სამი დღე თვალებჩაწითლებული დავდიოდი, იმდენად წითელი მქონდა, რომ ლამის პრობლემები შემექმნა მხედველობაზე. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ იყო სასაცილო. კარგი, მოკლედ, მგონი ყველაფერში გაგარკვიე, სათქმელიც თითქმის აღარაფერი მაქვს. უკანასკნელად ერთ კოლას დავლევ და წავალ ჩემს სამყაროში. ისე, სხვათაშორის, შენც მოგიწევს ერთ დღეს სასურველი ეპოქის არჩევა, რომელშიც იცხოვრებ. ჩვენ ყველას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გვაქვს უფლება, ავირჩიოთ ისტორიიდან რომელიმე დრო, რომელშიც გავაგრძელებთ სიცოცხლეს. ჩემი წინამორბედი, მაგალითად, ეგვიპტეში ფარაონის კარზე წავიდა სამოღვაწეოდ, იმის წინამორბედი, როგორც მახსოვს, რომის სენატში აირჩიეს. ისტორია სავსეა უცნობი წარსულში მოღვაწე პირებით. მე საერთოდ მაიას ტომთან ვაპირებ თანაცხოვრებას. მინდა მათი კალენდრის შექმნაში მივიღო მონაწილეობა და უკანასკნელი თარიღი 2012 წლის მაგივრად უფრო მალე დამთავრდეს. ეს მსოფლიოში ბევრად ნაკლებ არეულობას გამოიწვევს, როცა მას იპოვიან, უკვე უკანასკნელი თარიღის წელი გასულიც იქნება... კარგი, ჩემი წასვლის დრო დადგა. - წამოდგა. - აბა, კარგად, ჩემო მეგობარო, სასიამოვნო იყო შენთან საუბარი! - ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად. -წარმატებებს გისურვებ შენს ახალ ცხოვრებაში. დამიჯერე, ეს, ბევრ კარგს მოგიტანს. - მითხრა და კალენდარი გამომიწოდა. თვალებში შემომხედა. გამიღიმა. შემდეგ მაგიდას დახედა. -ეს გამომადგება. - თქვა და კოკა-კოლის მინის პატარა ცარიელ ბოთლს დაავლო ხელი. - ამას მათ დედაქალაქში ერთ-ერთ ტაძარში კედლის შუაში აგურებს შორის ჩავაშენებ. თუ მოინდომებ, შეგიძლია დიდი აღმოჩენის ავტორიც გახდე. - გაიღიმა, ზურგი შემაქცია. კაფედან გავიდა.
- დაუჯერებელია... -ვფიქრობდი ჩემთვის. იმ მომენტში ათასი აზრი და შესაძლებლობა ტრიალებდა ჩემს თავში. ახალი ცხოვრების დასაწყისს ვგრძნობდი. ადრენალინს მთელი ჩემი ორგანიზმი მოეცვა. ცვლილებების ქარიშხალმა საწყისი წერტილი აიღო.