ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შუშის სასახლე

შუშის სასახლე

ბიძინას ფეხით სიარული უყვარდა, ოღონდ შემოსაზღვრულ და კონტროლირებად ტერიტორიებზე, ცხადია მისი დაცვის მიერ. ჩამოუვლიდა ხოლმე მშენებლობას კაი „პრარაბივით“ და დაიწყებდა შენიშვნების მიცემას, აქ ეს არ მომწონს, იქ ეს შეცვალეთ, აქ ფერი არ ზის, კიბეები გააფართოვეთო, მოკლედ მუშებს მოსვენება არ ჰქონდათ. ხუმრობდა კიდეც, მთლად მკაცრიც არ იყო, ვიღაცებს დააწინაურებდა ხოლმე ხანდახან, ზოგს ზედმეტს გადაუხდიდა, ზოგს რამეს აჩუქებდა და ასე. მისთვის რომ გეკითხათ, გეტყოდათ, რომ ეს მისი სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილი იყო, ასე მართავდა ის ადამინების ფსიქიკას. მას ჰქონდა პრეტენზია, რომ წამებში შეეძლო ადამიანებში მთავარი შტრიხების გამოვლენა და შემდეგ მათზე მანიპულირება, ცხადია მის სასარგებლოდ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთმანეთთან მოქიშპე, მაგალითად, პოლიტიკური მხარეები, ერთდროულად დაუფინანსებია, ისე, რომ ყველას ეგონა მის მხარეს იჭერდა. „Трюк“ -ებს ეძახდა ასეთ რამეებს. პატარა „Трюк“-ები მაქვს რაღაც მოფიქრებული და ნახე რა ვქნაო, იძახდა ხოლმე სახალხოდ, ვინმეს გასაგონად. მერე, იზამდა და უხაროდა ბავშვივით. მის თვალში, ქველმოქმედება, ხარკს ნიშნავდა, ხარკს დაგადებდა დახმარების შემდეგ, ოღონდ, ბუნებრივია ამ ხარკის გადახდას ფულით არ გთხოვდა, აბა, მაშინ რაღა აზრი ჰქონდა თუ ფული არ გიჭირდა, კეთილგანწყობის, მაამებლობისა და პრო-ბიძინობის ხარკი იყო ეს, რომელიც კაცმა არ იცის სადამდე უნდა გეხადა, უვადო იყო, სანამ მას სჭირდებოდა მანამდე, მას კი მუდამ სურდა გარშემომყოფებისგან მხოლოდ ხოტბის მოსმენა და რაღა დაგიმალოთ და, პიეტეტის უმაღლესი ფორმების გამოვლენასაც არ იუკადრისებდა თქვენგან, აი, მთლად საკრალურ ფორმებშიც კი, რაღაც ღვთაებრიობის, უჩინარობის, ყველგანმყოფობის და არც მეტი, არც ნაკლები, მთაწმინდისკენაც კი გაიწია და პანთეონში დაკრძალვისთვის ხელმოწერებსაც კი აგროვებდა წინასწარ, მის სიცოცხლეშივე, როგორც საკუთარი საფლავის ძეგლს უკვეთავდა მოქანდაკეს ბატონი ბონავენტურა, ერთ ძველ კარგ ფილმში. გავდა, გავდა, კინოგმირს ცოტათი. − ცოტათი წიგნის პერსონაჟსაც, ცოტათი თეატრის სუფლიორსაც, ყველაფერს ჰგავდა კაცმა რომ თქვას, გარდა პოლიტიკოსისა და სწორედ ეს ედარდებოდა მის საყვარელ მეუღლეს, ეკას. ეს იყო მისი უხასიათობის მიზეზი ახლაც, როცა სულ რაღაც სამი დღეღა იყო დარჩენილი არჩევნებამდე. მერე ყველაფერი შეიცვლებოდა. ეკას აშინებდა ის გაურკვევლობა, რომელსაც პოლიტიკა მოუტანდა მის ოჯახს, მის ქმარს, შვილებს, თავადაც. ეკას თვალში პოლიტიკა იყო ბინძური საქმე და, თუკი ერთხელ გაისვრიდი ხელს ამ სიბინძურით, მისი ჩამორეცხვა ძალიან დიდ ძალისხმევასთან იქნებოდა დაკავშირებული და ვინ იცის, იქნებ, ვერც დროს და ვერც ბევრ ფულს ვერასდროს მოეშორებინა ეს ლაქა.

ეკას ხმა არ ამოუღია რაც დივანზე დასხდნენ. თავი ოდნავ ქვემოთ ჰქონდა დახრილი და იატაკზე ერთ წერტილს ჩაჩერებოდა. ბიძინაც არ ჩქარობდა, იცოდა, ეს მისი საყვარელი მეუღლე იყო და აქ „Трюк“-ები არ გაუვიდოდა, არც აპირებდა, სიმართლე უნდა ეთქვა მხოლოდ.

ოდნავ უკან გადაიხარა და დივნის ზურგს მიაწვა. სიტყვებს უყრიდა თავს და ცდილობდა ამჯერად მაინც თავიდან აერიდებინა უსიამოვნო საუბარი.

− ეკა,− დაიწყო დინჯად და ხმადაბლა, − ხომ იცი, რომ არც მე ვგიჟდებოდი ამ ამბავზე დიდად. ხომ იცი ეს?

− ვიცი, მაგრამ შენ მამა ხარ, უფროსი ხარ და შენ უნდა დაგიჯეროს მან და არა პირიქით, − უპასუხა ეკამ ნაზი ხმით და ისიც დივანს მიეყრდნო.

− არ იცნობდე მაინც შენ შვილს.

− ვიცნობ და ძალიან კარგადაც ვხვდები საიდან მოდის ეს ყველაფერი.

− და საიდან? შენ რომ გგავს მანდედან, შენსავით ჯიუტი რომაა?

− ჩემსავით? კოპიო მამამისია.

− კარგი ახლა ეკა, უტა რომ შენი ასლია ამაზე ვიდავოთ, გინდ გარეგნულად, გინდ ხასიათით?

− ოჰო, ღმერთო ჩემო, ასეც რომ იყოს ჩემზე ჯიუტი შენ ხარ.

− ეკა, იცით ორივემ რამე და მიმალავთ?

− რას გიმალავ?

− ვხვდები საიდან მოდის ყველაფერიო და მე არ ვიცი რამე და ვერ ვხვდები? − ჰკითხა ბიძინამ ეკას და თან ინერციით გვერდით გადაიხარა. ბარძაყით პულტს დააწვა, რომელიც მის გვერდით, დივანზე იდო და ფარდა ავტომატურად გადაიწია ვიტრაჟებიდან. გამოჩნდა განათებული თბილისის პეიზაჟი და პრეზიდენტის სასახლე ელიას მთაზე. ბიძინას სახე შეეცვალა და წარბები შეჭმუხნა.

− ახალგაზრდაა, ამბიციური, სურს შენსავით მიაღწიოს წარმატებას, ხედავს, აქვს ამის ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი, რატომაც არა? აი, საიდან მოდის ყველაფერი.

− ჰო, მასეა, მერე, რა ვქნა მე, რა გავაკეთო? რომ გეუბნები შენსავით ჯიუტია-მეთქი, არა გინდა თუ არაო და აჰა.

− პატარა აღარაა, ოცის გახდა თვენახევრის წინ და შენი ვალია შეაგნებინო რა მოხდება, თუ ჩვენი ოჯახი პოლიტიკაში ჩაერთვება.

− ეკა, იცი, ძალა არ დამიშურებია მაგის აღზრდაზე შენთან ერთად და მგონი კაცი დადგა კიდეც. ისიც იცი, ავუხსენი ყველაფერი და არა ერთჯერ, მაგრამ, საოცრად ჯიუტია, საოცრად, თანაც, ბოლოს და ბოლოს რა უნდა მოხდეს ისეთი, ხალხის ნდობა მაქვს, იმ გიჟის მოშორებაში იციან ჩემ გარდა ვერავინ დაეხმარებათ და რატომ უნდა იყოს საშიში მაინც ვერ ვხვდები? არა, კი ვხვდები რაც არის პოლიტიკა და ტალახის სროლას მაინც დამიწყებენ, ჰოდა, სწორედ ამიტომ, მირჩევნია მე მესროლონ, ვიდრე უტას და ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, მე გავხდები პრემიერ-მინისტრი.

ეკას გააჟრჟოლა ამ სიტყვების გაგონებაზე. თვალწინ წარმოუდგა ბრბოთი სავსე აუდიტორია, როგორ ყვირიან, იგინებიან და იფურთხებიან. ალყას არტყამენ პარლამენტის შენობას და სკანდირებენ უწმაწურ სიტყვებს, ითხოვენ პრემიერისა და პარალმენტის თავმჯდომარის გადადგომას. თვითონაც არ იცოდა რატომ ფიქრობდა ამაზე, მისდა დაუკითხავად მოდიოდნენ ეს კუპრივით მუქი ღრუბლოვანი ზმანებები. ხალხის ხმა, რომელიც გრგვინვასავით ჭექდა და აყრუებდა მის სმენას, თითქოს, მართლაც ესმოდა. მისი ოჯახის ლაფში ამომსვრელი ყიჟინა ექოდ იშლებოდა მისი ყურის ნიჟარებთან, სულ ცოტაც და, აქვე, ზედმეტად ახლოს და ნათლად გამოიკვეთებოდნენ ავისმომასწავებელი სილუეტები მომავლის ჯერ კიდე სუფთა და ფითქინა ტილოზე, რომელსაც ამდენი წელი რუდუნებით ხატავდა მისი ოჯახი და, რომელიც ძალიან ჩვეულებრივად გადაიქცეოდა ჯვალოდ და ფეხით გაითელებოდა უამრავი ადამიანის მიერ. ძალაუფლება, რომელიც რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც აბსოლუტურად რყვნის, არასდროს გამხდარა მისთვის ასეთი ნამდვილი და ახლო. ვერასდროს იფიქრებდა მანამდე, რომ ასე უჩვეულოდ და მოულოდნელად შემოიჭრებოდა მისი ყოვლისმომნუსხველი და მსახვრელი ხელი მისსავე ოჯახში და წაგლეჯდა ორ საყვარელ ადამიანს, მეუღლეს და უფროს ვაჟს, დედის პირველ სიხარულს, ამაზე ახლოს, სხვა როგორ უნდა გაევლო ამ ძველ და ყოვლისმპყრობელ ლანდს? თითქოს, ხომ არაფერი, ხალხი მხსნელად ისახავდა მის ოჯახს, ცაც მოწმენდილი იყო და სწორედ ეს აკრთობდა და სცემდა თავზარს, რომ ხედავდა, ხედავდა მეხის გავარდნას ამ მოწმენდილ ცაზე, ახლავე ხედავდა, სანამ ჯერ კიდევ ყველაფერი კარგად იყო და იმასაც გრძნობდა, რომ ის იყო მარტო, ეული, როგორც ჩაფერფლილი ჯორდანო ბრუნო, ბრმა, ისტერიულად პირჯვრისმწერების წინააღმდეგ, რომლებიც თვალის სინათლეს, მისით აგიზგიზებულ კოცონად თუ სახავდნენ მხოლოდ. ეკას ეჩვენებოდა, რომ ყველა მხოლოდ მონასტერს ხედავდა, მის გარე კედლებს, შენობას, ეზოს, ფასადს, სარკმლებს, მთელს არქიტექტურას, მაგრამ ვერავინ ხედავდა მას არეულს, ვერავინ გრძნობდა მისი საყრდენების შლას. დიდი მორწმუნეობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სწორედ ახლა გაახსენდა ბავშვობაში წაკითხული სიტყვები სახარებიდან. ეს სიტყვებიც ხომ ტაძარზე და მონასტერზე იყო, იქაც, მაშინაც, ორიათასი წლის წინაც ხომ მხოლოდ შენობებს და ნაგებობებს ხედავდნენ მხოლოდ და აკი, წაიყვანეს კიდეც მოწაფეებმა კაცი ვინმე ნაზარეთიდან, გალილეველი ღარიბ-ღატაკი ხუროს შვილობილი, სახელად, იესო, ტაძრის შენობების დასათვალიერებლად. ამაყი ებრაელები, როგორ არ ეამაყათ ღმერთისთვის მეორედ აგებული პირველად დანგრეული სოლომონის ტაძრით? გოროზი ქართველები, როგორ არ ეამაყათ კომუნისტების დროს დანგრეული ტაძრის ადგილზე აგებული პარლამენტის სასახლით? „...ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა“. ჭექდა მის ყურებში გალილეველი კაცის სიტყვები, ჭექდა და ამავე დროს უზომო სიმშვიდით ავსებდა, რომ მარტო არ იყო, მისგან მიტოვებული, დავიწყებული და გაფერმკრთალებული რწმენის მარცვალი მას იმ უკიდეგანო, ჩაჟამებულ უფსკრულს უვსებდა, რომელსაც მთელი ძალით და მთელი არსებით განიცდიდა, სხვასაც დაუნახავს, მერე რა, რომ დიდი ხნის წინ. შეუგრძნია და უხილავს ის, რასაც ახლა თავად მთელი არსებით გრძნობდა. ეს გახსენება, სულ მცირე, პაწაწკინტელა, თუმცა მაინც შვებად ექცა.

− რა მოგივიდა ეკა? − ჰკითხა ბიძინამ. შეამჩნია შფოთი, რომელიც სახეზე ეწერა.

− არა, არაფერი, უბრალოდ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ რადგან მხოლოდ ასეა, რა გაეწყობა, შემპირდი, შემპირდი, რომ საქმეს იქამდე არ მიიყვან, მთელი ჩვენი ოჯახი სალანძღავი გახდეს ხალხის წინაშე. პირობა მომეცი აქ და ახლა, ამ წამს, თქვი... თქვი... − თითქმის ყვიროდა ეკა.

− დაწყნარდი კარგი, გპირდები, − შეცბუნებული პასუხობდა ბიძინა, ეკა კი განაგრძობდა თხოვნას, შემპირდი, რომ თუ საჭირო იქნება გადადგები და ყველას გადააყენებ ვინც საჭირო იქნებაო. თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა, მთავარი იყო მეუღლისგან პირობა მოესმინა.

− კარგი ეკა, რა მოგივიდა კაცო, ვაჰ! გპირდები!

− ძალიან მპირდები, თუ ისე რა?

− ძალიან ჰო.

− ძალიან კარგი. გაგახსენებ იცოდე მაგ პირობას, თუ დარღვევას დააპირებ.

− გამახსენე კარგი, ოღონდ შენ დაწყნარდი ახლა, თანაც გვიანაა უკვე, ათი საათია, დავწვეთ, ხომ იცი, ხვალ, დილითვე სტუმრებს ველოდებით, ის გოგო უნდა მივიღო, რა ჰქვია, სულ მავიწყდება, აი, უნივერსიტეტის ამბავზე, ფიზიკოსი რომაა.

− ჰო, მახსოვს. მერე შტაბში გელოდებიან.

− ვიცი, ვიცი და წავალ, − ამოიხვნეშა ბიძინამ და თვალი გაუშტერდა.

 

თავი 2

 

მეორე დილით, გამთენიისას, როცა ბიძინას ჯერ კიდევ ეძინა, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ვაშინგტონი-თბილისის რეისი დაეშვა. ჩამოფრენის დარბაზში კლავდიანე ბეთანელი იცდიდა. დანიშნულების ადგილზე ადრე მისვლით, კონტროლის შეგრძნება ეუფლებოდა ხოლმე, ეტყობოდა ახლაც ასე მოქცეულიყო და ამ რეისის მომლოდინეს მოუთმენლობა იპყრობდა, თუმცა სახე გაუნათდა, როდესაც აეროპორტის უზარმაზარი შენობის სივრცეში განლაგებული ხმის გამაძლიერებლებიდან გოგონას მიკნავლებული ხმა გაისმა, რომელიც რეისის ჩამოსვლას აუწყებდა იქ მყოფთ. A3 ზომის თაბახის ფურცელი, რომელზეც ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად, დიდი ასოებით ეწერა, − აგნია ჰალიგანი, Agnia Halligan, სკამიდან აიღო და ჩქარი ნაბიჯებით ესკალატორისკენ გაეშურა. დინჯი სიარულის მანერა თავდაჯერებულობას ჰმატებდა მის პიროვნებას, რაც ისედაც არ აკლდა სიმპათიურ, ასე 35 წლამდე ახალგაზრდა კლავდიანე ბეთანელს. არც ძალიან მაღალი ეთქმოდა, თუმცა ტანთან შედარებით ნორმალური ზომის მხრებით, ოდნავ სუსტი და გრძელი სახით, უცხო თვალისთვის, ცოტა კიდევ იმატებდა სიმაღლეში. თითქმის ქერა თმები (ალბათ უფრო ქერათმიანთა ტიპს მიეკუთვნებოდა) გვერდით გადაევარცხნა, ჟღალი წვერი კი ებრაულ ყაიდაზე, დაბალზე ჰქონდა შეკრეჭილი, შეეფერებოდა კიდეც აღმოსავლეთმცოდნეობის დოქტორს, ფილოსოფოსსა და იოგას ინსტრუქტორს. კავკასიელს ხომ ჩამოგავდა და ჩამოგავდა ჭროღათვალებიანი კლავდიანე, რძისფერი კანითა და არწივისებურად გამჭოლი, თამამი და ლამის ველური მზერითაც კი. წინწამოწეულ ყვრიმალებიანი, სწორნაკვთებიანი და ნოღა ცხვირიანი სახე, ოდნავ გამოწეული, მაგრამ არა ორად გაყოფილი ნიკაპით ბოლოვდებოდა. ტუჩები არც წვრილი ჰქონდა და არც სქელი, საშუალო ზომის და მოდუნებული, სულ მცირედ გაწეული კიდეებში, ღიმილისკენ გადახრილი ცოტათი, თუმცა არც მთლად შიზოფრენიკივით და არც სიდჰართა გაუტამასავით, უმუშევარი, მაგრამ კმაყოფილად მომღიმარი რო შემოგვცქერის ხოლმე ბუდისტური ხატებიდან, ან ქანდაკებებიდან. გაუტამას უმუშევრობასთან დაკავშირებით სულ ის ხუმრობა ახსენდებოდა ხოლმე კლავდიანეს ერთხელ რომ თქვა ლექციაზე, საგნების უშუალო აღქმაზე საუბრობდა და ამბობდა, მაგალითად, ხე რომ აღვიქვათ, არაა საჭირო ვიცოდეთ მისი სახელი, ჯიში, წარმომავლობა, სიდიდე და ა.შ. სახასიათო შტრიხები, ჩვენი ინტერპრეტაციები, ბლოკავენ ხისგან მიღებულ უშუალო, არავერბალურ აღქმას, მისი სილამაზით და სინორჩით აღტაცებაში რომ მოვყავართო. საკმარისია, აი, ასე, ბავშვივით პირდაღებულებმა ვუყუროთ მწვანე, ხასხასა რაღაცას და არ მოვაქციოთ ის ჩვენი შეფასებების ტყვეობაშიო, თუმცა, თუ გარემოს დაცვის ორგანიზაციაში, ან სამინისტროში აპირებთ მუშაობის დაწყებას, ხეზე რომ შეგეკითხებიან, პირდაღებული და ხელებგაშლილი დგომით წინ ვერ წახვალთო, მეორეს მხრივ, აგე, შეხედეთ ბუდას ქანდაკებას, ზის თავისთვის, კმაყოფილი, მაგრამ უმუშევარიო.

შავი პიჯაკი და თეთრი პერანგი ეცვა. ყელზე კი მუქი ლურჯი, ყავისფერკოპლებიანი ჰალსტუხი ეკეთა. მიუახლოვდა გამშვებ პუნქტს, საიდანაც ჩამოსული მგზავრები უნდა გამოსულიყვნენ. აბრა ზემოთ წამოსწია და აქეთ-იქით თვალიერებას შეუდგა. შორს იყურებოდა სივრცეში, თითქოს ძეხორციელს კი არა, რაღაც მიუწვდომელ, უჩინარ არსებას ეძებსო. ასეთ დროს, სრულიად ეგზისტენციის წარმოქმნისა და დაშლის სქელი რძის ოკეანეში, მისი ტრანსცენდენტურად სერიოზული სახე, გამომეტყველებას, თვალებიდან გამომკრთალ მომაჯადოვებელ სიმშვიდედ ადედებდა და პირველი, რამაც მორიგ ასეთ გაშეშებაში კინეტიკური იმპულსი შეიტანა, მსახიობ ანია ტეილორის მსგავსად, დიდი და საფეთქლებამდე გვერდებზე გადასული, დარბაზის სიშორეში მოსრიალე წყვილი თვალი იყო, რომელიც უფრო და უფრო უახლოვდებოდა მას და, როდესაც იმ მანძილზე მოუახლოვდა, როცა უკვე შეგიძლია კაცს ხელი გაიწვდინო და დაიჭირო, დაისაკუთრო, ადამის მოდგმის ყველაზე მძაფრი და მეტყველი გრძნობა, დაუფლების, კონტროლის გრძნობა გამოავლინო, აი, სწორედ მაშინღა შეამჩნია, ნუშისებრი თვალები, არა მსახიობივით ყავისფრიდან მწვანეში გარდამავალი, არამედ ხელოვნურ განათებაზე ქრიზოლიტისფერი, ხოლო მზის შუქზე, მწვანიდან მრუმე იასამნისფერში შერეული, ხანდახან კი, უცნაურ ლილისფრად მბრწყინავი უნდა ყოფილიყო.

ესენი სწორედ ის თვალები აღმოჩნდნენ, რომლებსაც პირიც გამოებათ, ცხვირიც, ყურებიც, თმებიც, ენაც აიდგეს, რაღაცას ამბობდნენ კიდეც, შეიძლება მასაც კი მიმართავდნენ, მაგრამ კლავდიანე გაქრა, მის ადგილზე, როგორც ახლად ჩაძირულ გემის ადგილას სპირალურად დახვეული მორევი რჩება, აი, ეგეთი ამორფული შეგრძნების გუნდა დნებოდა დამაბრმავებლად ცეცხლოვანი თვალების სიცხეში. სულ ეს იყო რაც მისგან დარჩა იმ წუთას.

− გამარჯობა, ცუდად ხომ არ ხართ, ხომ არ დაგეხმაროთ? − გაისმა ხმა, − თაბახი გიჭირავთ ჩემი სახელით, ინგლისურად და ქართულად წერია, − აი თურმე რა! ახლაღა გამოერკვა კლავდიანე და უკვე გარკვევით ესმოდა ენერგიული, ოდნავ ბოხი, თუმცა ნაზი ამავე დროს და ლაღი ხმა, ვინ იცის კიდევ რა და რამდენჯერ გაიმეორა ამ ხმამ მანამდე, ფაქტი იყო, კლავდიანემ მხოლოდ ეს სიტყვები გაიგონა პირველად.

− უკაცრავად, ვერ დაგინახეთ, − მიუგო კლავდიანემ, − ...უცებ, უფრო სწორად, მგონი დაგინახეთ და მერე ვეღარ, თუ... კარგით, შევეშვათ, თქვენ აგნია ჰალიგანი ხართ, მე კლავდიანე ბეთანელი ვარ, დიახ, სწორედ თქვენ გიცდიდით, შეამჩნიეთ კიდეც აბრაზე თქვენი სახელი რომ ეწერა ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად... მომეცით ჩანთის წამოღებაში დაგეხმარებით, კიდევ ხომ არ ელოდებით ვინმეს?... უფრო სწორად ბარგს, ბარგს ხომ არ ელოდებით-მეთქი ვიგულისხმე?

ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა კლავდიანეს ასეთი უცაბედი ფერიცვალება, გამვლელებისთვის და აგნია ჰალიგანისთვისაც, რომელიც რამოდენიმე წამის წინ დახმარებას სთავაზობდა კაცს, მან კი აქეთ შესთავაზა დახმარება ჩანთის წამოღებაში.

ვისაც გამოუცდია და თავზე მოულოდნელად დატეხია ძლევამოსილი, გაუგებრად ამორფული და, იქვე, მხურვალე გრძნობა, მხოლოდ ის თუ გაუგებდა კლავდიანეს იმ წუთას. ვერავინ გადაარწმუნებდა, რომ არ ეჩვენებოდა, ისე ყოვლისმომცველად გაუჯდა ტანში ახალი განცდა.

− არა გმადლობ, სულ ესაა, − უცბად მოუჭრა აგნიამ კლავდიანეს, რომელიც მის ჩანთას ჩაფრენოდა, − გაუშვით ჩანთას ხელი, უკაცრავად! − წამოიყვირასავით აგნიამ და ჩანთა ძლიერად გამოქაჩა თავისკენ.

კლავდიანე შეცბა. სწრაფად გამოერკვა. ჩანთას ხელი გაუშვა.

− უკაცრავად, უკაცრავად, პირიქით, სულ გამოვშტერდი, მინდოდა დაგხმარებოდით, ამხელა გზაზე ნამგზავრები, დაღლილი იქნებით?

− ვარ, ოღონდ ჩანთას მე წამოვიღებ, − აგნიამ, ცოტა არი იყოს გაბრაზებულმა მიუგო და შუბლის ცალ მხარეს ჩამოშლილი თმა ყურთან გადაიკეცა.

კლავდიანეც საბოლოოდ გამოერკვა სიტუაციაში და გასასვლელისკენ გაუძღვა სტუმარს. ახლაღა შეავლო თვალი გოგონას, რომელიც მის გვერდით მოდიოდა.

მისი აზრით ის, ასე, 22-23 წლისა უნდა ყოფილიყო. ეცვა თავისუფლად; − ხორცისფერი თხელი, პრიალა კოლგოტი და ზემოდან მოკლე ღია ფერის ჯინსის შორტები, თეთრი მოკლემკლავიანი პერანგი, რომელიც შორტებში ჰქონდა ჩატანებული და თეთრი ბოტასები. შეხსნილი საყელოდან მაღალი, ღია ხორბლისფერი კისერი მოუჩანდა. მარცხენა ხელის მაჯაზე ოქროსფერი, მრგვალი, თხელი და დაბალი, თეთრციფერბლატიანი საათი ეკეთა მუქი თაფლისფერი სამაჯურით. კლავდიანესაც ჰქონდა მსგავსი საათი, მხოლოდ, დღეს არ ეკეთა და ვერ გამორკვეულიყო, რატომ გამოიყურებოდა ეს საათი ასე განსხვავებულად და მომაჯადოვებლად ამ გოგოს მაჯაზე. თვალი ააყოლა მკლავის გლუვ ზედაპირს და იგრძნო რა კარგად ანაწევრებდა დროს შიგნიდან კანსმობჯენილი, ბაცი, მომწვანო ვენების ნაზი ტონები, საათობით შეიძლებოდა ყურება. უეცარმა შიშმაც კი შეიპყრო, თუ რა ელოდა უფრო ზემოთ, ცასთან უფრო ახლოს, არა, კი ახსოვდა, რა დაავიწყებდა იმ თვალებს, მაგრამ სხვა რამ არ ენახა ჯერ და ცნობისმოყვარეობაც ჰკლავდა ყველაფერთან ერთად.

ადამიანების ყურადღება შერჩევითია, ხან რას წამოწევს წინა პლანზე, ხან რას და, როცა რამე წარიტაცებს მას, სამგანზომილებიანი ნახატივით, თითქოს, იბურცებაო, ზემოთ ამოდის ეს რაღაც, ხოლო სხვა დანარჩენი უკანა პლანზე ფონად რჩება. სხვაგვარად არ შეუძლია ჩვენს განპირობებულ ყურადღებას, რა ქნას, ასეთი შექმნა განგებამ და საკუთარ თავზე მაღლა ვერ ახტება.

და, როცა კლავდიანე ავტომობილის კარს ჯენტლმენურად უღებდა აგნიას, ის კი მადლობას უხდიდა, მაშინღა გააპარა თვალი მისი სახისკენ. ცდილობდა მისი აღქმიდან აგნიას თვალების გაქრობას, იგნორირებას, რომ სახის სხვა ნაწილები დაენახა. რაღაც სულელური ფრაზაც კი გაახსენდა მეგობრული საღამოდან ამას წინებზე რო  ღლიცინებდნენ ერთი ნახვით შეყვარებაზე. რატომ გაახსენდა? რა დროს ეს იყო, არც კი ენახა ბოლომდე. პარალელურად, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ კლავდიანეს ჯერ არ ეცალა ამისთვის, ისევ ვერ გამორკვეულიყო იმ ბურუსიდან, თვალებს ჯერ ისევ ის კვამლი უმღვრევდა, ცეცხლწაკიდებულს რომ აუვიდა რამოდენიმე წუთის წინ. ჯერ უნდა ენახა წამკიდებელი, კარგად უნდა ენახა, ენა თავისას გააკეთებდა, არ ღელავდა, თავისუფლად ლაპარაკობდა, მიჩვეული იყო საჯარო და პირად საუბრებსაც და საკუთარ ინტუიციასაც ენდობოდა.

მართალია თბილისის აეროპორტის დარბაზი უზარმაზარ ვიტრაჟებიანია და დღის შუქიც უხვად აღწევს მასში, თუმცა გარეთ გამოსულზე და ამომავალ მზის სხივებზე, სულ სხვაგვარი მოეჩვენა აგნია კლავდიანეს. იგი ხვდებოდა, როგორ თავშივე გამოირიცხა ობიექტური აღქმა და შეფასება. რასაც ახლა დაინახავდა, ყველაფერი მისი სუბიექტური შეფასების ნაყოფი იქნებოდა და იმასაც კარგად აცნობიერებდა, როგორ წამებში მოექცეოდა ამ შეფასებების ტყვეობაში.

სახე ოდნავ ფერმკრთალი ეჩვენა, სამაგიეროდ როგორ კოხტად მოყვანილი და საოცრად სიმეტრიული ნაკვთები ჰქონდა, ადამიანს ეგონებოდა მსოფლიოს ყველა გრაფიკულმა დიზაინერმა ერთად შეიმუშავა და დახვეწა კომპიუტერულ პროგრამაში, შემდეგ კი სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდა და რაღაც სასწაულით სულიც კი შთაბერა და გააცოცხლაო. თვალები, როგორც ვთქვით, გააქრო თვალთახედვიდან და მაშინღა დაინახა ხშირი, გრძელი და მუქ ქერა თმებზე კიდევ უფრო მუქი წარბები თვალებს რომ გადმოფარვოდნენ ქონგურებივით. თხელი ტუჩები ვარდისფერი მბზინავი ტუჩსაცხით დაეფარა და სიცილისას ასეთი ტუჩებისათვის მოულოდნელად გრძელი პირის ჭრილიდან, ჯანმრთელი, ქათქათა კბილები მოუჩანდა. როგორ არ ჰგავდნენ ეს ტუჩები რომელიმე მორიგ ხორციან ქლიავისფერ ტუჩებს, განსაკუთრებით კი ბიოპოლიმერული გელის ინექციური ფილერით დაბუშტულებს. ცალ მხარეს მოკლედ შეჭრილი, ხოლო მეორეზე ნიკაპამდე ჩამოშლილი სწორი თმის ფონზე, ყელვიწრო დოქის ყელივით კისერი, კიდევ მეტ სიმაღლეს და მომაკვდინებელ სილამაზეს აფრქვევდა. ეს ნახევრად ბიჭური ვარცხნილობა ხომ საერთოდ გზა-კვალს აურევდა ყველაზე გულგრილ და აპათიურად განწყობილ პიროვნებასაც კი. არც აპრეხილი და არც კეხიანი, სულ სწორი ცხვირი, როგორც ჯეკპოტი ისე ჯდებოდა მისი მიმიკების თამაშში.

კლავდიანე გამოშტერდა. სხვა ვერც ერთი სიტყვა, იმ მომენტში, ახლოსაც ვერ გაივლიდა მის მდგომარეობასთან. მისი წინათგრძნობა გამართლდა ჟრჟოლასა და პეპლებს რომ უქადდა ტანში. როგორც კონტროლირებადი აფეთქებისას მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ზუსტად ისე ჩამოიშალა თავისუფალი ვარდნით და გასწორდა მიწასთან. ახლა რაღაც უნდა ეღონა და მისი ეს უღონობა, როგორმე შეეფუთა და ეკონტროლებინა, რომ მის მომნუსხველს არაფერი შეემჩნია, ან, ყოველ შემთხვევაში, რაც შეიძლებოდა ნაკლებად გაეცა თავი მის წინაშე.

გზატკეცილი მალე გაიარეს და თავისუფლების მოედანზე ქორთიარდ მარიოტის სასტუმროსთან გაჩერდნენ. გადავიდნენ. ნიამ ჩანთა აიღო უკანა სავარძლიდან. გზაში რაღაცებზე ილაპარაკეს. როგორც ჩანდა, ერთმანეთის სახელების მოკლე ვარიანტების გაცვლაც მოესწროთ, ასე უფრო მოსახერხებელი იყო. სახელები კარგი, მაგრამ აგნიას ეჩვენებოდა, კლავდიანე ზედმეტად ცდილობდა რაღაცებს. აჭარბებდა, ცოტაც და ალბათ ეტყოდა სასტუმროს ნომერში გამოგყვები და ყავას მოგიმზადებო. არაფერი მსგავსი არ მომხდარა სინამდვილეში მოსალოდნელი რომ იყო მაინც, რადგან კინს ამ სოფლისა აღარ ეთქმოდა, თუმცა დახვეწილი მანერებისა და ჯენტლმენური თვისებების წყალობით, რომლებიც შერჩენოდა, გადიოდა ფონს. ეს იყო მისი ნავსაყუდელი სახე არ დაეკარგა და უცაბედად უმოწყალო გრძნობას ვულკანივით არ ამოეხეთქა მისი არსებიდან.

შეთანხმდნენ თერთმეტს რომ დააკლდებოდა 15 წუთი კინი გამოუვლიდა.

საოცრად თბილი და უფრო კი ცხელი დღეები მიეწყო ერთმანეთს თბილისში და არა მხოლოდ. მიუხედავად შუა შემოდგომისა არ მთავრდებოდა საზაფხულო, ე.წ. „ბარხატის“ სეზონი ბათუმში, ქობულეთში, სარფში, გონიოში.

„ბარხატის“ სეზონი, ეს ტერმინი ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს დამკვიდრდდა საქართველოში თავად რუსი დამსვენებლების გავლენით, ასე ეძახდნენ პერიოდს აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე.

აგნია ნომერში ავიდა და საწოლში ტანსაცმლიანად ჩაესვენა. ახლაღა იგრძნო დამქანცველი მგზავრობისგან გამოწვეული დაღლა. რულიც კი ეძალებოდა, თუმცა რაღაც მაინც არ აძინებდა