ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შევხვდებით Zoom -ში!

შევხვდებით Zoom -ში!

„ჩემი სასოწარკვეთილი პიერო“ , „ჩემი ხელმოცარული პიერო“ და მსგავსი ... ვათა კი ბავშვობიდან დიდი უკუღმართი და „ფხაჭუნა“ აზრების წყალობით სულ შინაგან ჭიდილში იყო დადგენილ, საყოველთაოდ მიღებულ სტერეოტიპებთან და მუდამ დინების საწინააღმდეგო გზით ეწადა სვლა ...ხან გამოსდიოდა და ხან არა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ჯერაც იმ ასაკში გახლდათ, როცა ადამიანი თავის თავს ეძიებს და ჯერჯერობით სიამოვნებას ვერ იღებს სულის დანაშრევთა არქეოლოგიური კვლევის წიაღსვლებით, ანუ სულში ხელის ფათურის ამ რთული და ხანგრძლივი, თანაც სიურპრიზებით აღსავსე, პროცესით...კარგა ხანს ებრძოდა ბავშვობის მეგობრებში გამეფებულ იარლიყს, მაგრამ ამოდ და ბოლოს, თავადაც მობეზრდა, ხელი ჩაიქნია და და ბედს დამორჩილდა...  იმ ერთადერთის და განუმეორებელის, ანუ „მალვინას“ გული კი მაინც ვერ მოიგო ... ის კი , „მალვინა“, ასაკის მატებასთან ერთად, ფიფქიობაზე მეოცნებე, ჯერ პრინცესობაზე გადავიდა ფილმ „რომაული არდადეგებიდან“, მერე ჯულიეტობაზე გადაინაცვლა , მერე სკარლეტ ო’ჰარას  პერსონაჟმა მოაჯადოვა და საყვარელ ფრაზად აქცია სკარლეტის ცნობილი ფრაზა: „ამაზე მე ვიფიქრებ ხვალე!“ უცერემონიოდ და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე , კისკისით შეხტებოდა ხოლმე საკლასო ოთახში ან მასწავლებლის მაგიდაზე , ან ღია ფანჯრის რაფაზე, მხრებზე გადაიყრიდა თმის ოქროსფერ კულულებს, დიდრონ ზურმუხტისფერ თვალებს ეშმაკურად და ცუღლუტად ააციმციმებდა და ბროწეულისფრად შეღებილი ბაგიდან ნაკადულივით ჩამოარაკრაკებდა სკარლეტის ჯადოსნურ სიტყვებს... ასეთ წუთებში ვათას ეგონა , რომ დედამიწა ორჯერ სწრაფად იწყებდა ბრუნვას და ერთდროულად, მას თავს დაჰნათოდა  მზეც, მთვარეც და ვარსკვლავებიც, რომელთაც როგორც მძივის უიშვიათეს მარცვლებს გაყრილი ძუა, ისე აკავშირებდა შვიდფერი ცისარტყელა ... ასეთ წუთებში ვათას ეგონა, რომ თუ ამ ცისარტყელას ქვეშ გაძრომას მოასწრებდა, მისი ჯადოსნური სურვილი ასრულდებოდა, სასწაული მოხდებოდა და „მალვინა“ შეიყვარებდა ისეთს, როგორიც არის ...ზუსტად იმგვარად, როგორც - საინგილოს მორწმუნეთ, რომელთაც სჯერათ, რომ ვინც ცისარტყელას ქვეშ ერთხელ მაინც გაძვრება, აუცილებლად დაბრუნდება „გურჯისტანში“, ანუ „ღვთისმშობლის წილხვედრში“ , ესე იგი, საქართველოში ... ხო გულუბრყვილოა, მაგრამ ამგვარი  იყო ვათას სიყვარული: მიუღწეველი, იშვიათი და ფერადი, მაგრამ შორეული და ბედნიერებასავით მუდამ წინმსწრაფვი, რომელიც სულ წინ მიგიძღვის, ხელის ერთ გაწვდენაზეა, მაგრამ ვერ იჭერ მზის ათინათივით მოუხელთებელსა და ბრწყინვალეს...  ბედი არ გინდა?!- ამ ბედნიერებამ არც გაახარა ბოლომდე ბიჭი და არც თავი დაანება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყებინა, გულიდან გადაეგდო, სახადივით მოეხადა, ან აცრილიყო, როგორც ჩუტყვავილასა და წითელაზე... „მალვინამ“, თითქოს ჯინაზე, მაინცადამაინც თეატრალურში ჩააბარა სამსახიობო განყოფილებაზე და უნივერსიტეტის კედლებში კიდევ ოთხი წელი არ მისცა მშვიდი ძილის საშუალება ვათა უკლებას, ეგ კია მხოლოდ, რომ ის ბაღისდროინდელი ზედემტი სახელი „პიერო“ აღარ შეუხსენებია და ვათა ამითაც კმაყოფილი, დროდადრო დერეფანში რომ გადაეყრებოდა სასურველ ხატებას, უწინდებურად მუნჯდებოდა, ქვავდებოდა და გაფითრებული მოწამე მლოცველივით ფრესკასავით ეკვროდა დერეფნის ბათქაშშეციცქნილ კედლებს... „მალვინა“ ამჩნევდა და ვერც ამჩნევდა ამ უხერხულობას, ან უბრალოდ, თვალთმაქცობდა, რომ ვერ ამჩნევდა და იქნებ, ქვეშეცნეულად, გაუაზრებლად, კიდეც მოსწონდა პარალელურ ჯგუფელი მომავალი არტისტი, რომელსაც ბედი სად გადაჰყრიდა სასცენო ფიცარნაგზე , არავინ უწყის ...„მალვინა“ კი, უწინდებურად მშვენიერი და მიუწვდომელი, მუდამ ურიცხვი თაყვანისმცემლით გარშემორტყმული, პეპელასავით ყოველი დღეცისმარე მოფარფატე, ხელთათმანებივით იცვლიდა თავდავიწყებაში გადავარდნილ კავალრებს და უამრავ ჭორსა და მართალ თუ გამოგონილ ისტორიას ახალ-ახალ საზრდოს აძლევდა ... რას არ გაიგებდით მასზე?!...პიკანტურს, თამამს, სკაბრეზულს, თითქმის დაუჯერებელს, თუმცა, „მალვინას“ ეს ყოველივე ფეხზე ეკიდა და არხეინად დანარნარებდა უნივერსიტეტის აუდიტორიებში და თავისი გამომწვევი ჩაცმულობითა და ქცევით კიდევ მეტი ჭორის საბაბს აძლევდა ლაყაფისმოყვარულთ...ვათას აღიზიანებდა ეს ყოველივე, უფრო სწორედ, ეს ათასი ტყუილ-მართალი ისე არ უშლიდა ნერვებს, როგორც თავად „მალვინას“ გულგრილი დამოკიდებულება მათდამი... ხოლო მას შემდეგ ,რაც ტექნოლოგიების დახვეწამ ეს ჯანდაბა გამოგონება - „სელფი“ დანერგა ყოველდღიურობაში, „მალვინა“ , რომ იტყვიან, მთლად გაგიჟდა და გადაირია : „ფეისბუქი“ ,  „ინსტაგრამი“ „ტიკ-ტოკ“-ი გაძეძგილი იყო მისი ნაირ-ნაირი „პოსტებით “, ფოტოებით, „სელფებით“ ... სახლში, სააბაზანოში, ქუჩაში, სკვერში, ლიფტში, კიბეებზე, აუზში, სარპეტიციოში, აივანზე, პლაჟზე, ზღვაში, მთაში, რესტორანში, სცენაზე... - სად არ იღებდა სამახსოვრო კადრებს კეკლუცობით, ჯღანვით, ენის გამოყოფით, ტუჩების ვნებიანი დაბერვით, წარბებაზიდული, თვალებდაჭყეტილი, ორაზროვნად მზერამილულული, მოცინარ-მოხარხარე, ათასნაირ პოზაში , სარაფნში, კაბაში, ჯინსში, სპორტულ სამოსში, საცურაო კოსტუმში, პირსახოცშემოხვეული, რუჯით, მაკიაჟით, უმაკიაჟოდ, თმაგაშლილი, თმაგადაწეული, გაჩეჩილი... ყველგან „მალვინას“ „სელფები“ და მის ქვეშ მისნაირი „ნაშოჩკა“ დაქალების აღტაცებული კომენტარები და აღფრთოვანებული,  სურვილების თავბრუდამხვევი კორიანტელი, შიგადაშიგ უცნობი თაყვანისმცემლების ვნების ამოოხვრები, არც თუ იშვიათად ავხორცი, სკაბრეზული შეფასებები, არაორაზროვანი შეთავაზებები, თაიგულები, საჩუქრები, კოცნები , „გიფები“ და „გულები“ , „გულები“, „გულები“ დაუსრულებლად ...ასი, ათასი...მილიონი...მილიარდი! ... ვათას ვერ გაეგო, რატომ ან როგორ უნდა იყოს ადამიანი ასეთი თავქარიანი, ამჩატებული ან ინდიფერენტული საკუთარი ცხოვრებისადმი, იმიჯისადმი, საზოგადოებრივი აზრისადმი... თუნდაც ყოველივე ტყუილი იყოს, თუნდაც მტრებისა და მოშურნეების მიერ იყოს შეთხზულ -გამოგონილი ... „მალვინა“ იმდენად უაზროდ, კონვეირული სისტემით დებდა საკუთარ „სელფებს“ სხვადასხვა „ლოკაციებიდან“ და სიტუაციებიდან, რომ დაკვირვებული თვალი წამის სიზუსტით აღადგენდა როდის, სად და ვისთან ერთად ატარებდა დროს მათი „დაჩექინებული“ ავტორი... სულო ცოდვილო და, ვათამ ჯერხანობას იეჭვა, ეს ვითომდა ტრაკქარიანი გოგო უშიშროების შესაბამისი ორგანოებიდან ხომ არ არის „დავრბოვკებული“ და როგორც რიგითი აგენტი „N“ დავალებას ხომ არ ასრულებსო...მერე უკუაგდო ეს ეჭვი და „მალვინას“ ქალურ თამაშისმოყვარეობას დააბრალა, აქაოდა, სხვადასხვა თაყვანისმცემლების ჯინაზე დებს მაკომპრომატირებელ ფოტოკადრებსო... ერთხელ ისიც კი გაიფიქრა, გულახდილად დალაპარაკებოდა ბავშვობის მეგობარს, მაგრამ ვერ გაბედა:

- „სახლიდან რომ გადიხარ, სარკეში ჩაიხედე, რომ ხომ არ აბრკოლებ შენი გარეგნობით მამაკაცებს და ხომ არ აგდებ ცოდვაში სხვა ადამიანებს “, -ახსენდებოდა ვათას შემთხვევით მოსმენილი ვიდეოჩანაწერი ერთი უცნობი სასულიერო პირის ტელეეთერიდან და რომ წარმოიდგენდა საკუთარ თავს , როგორ ესაუბრება „მალვინას“ მისი ცხოვრების წესსა და სხვა ამბებზე, ასოციაციურად სულ ის მამაო წარმოუდგებოდა და მაშინათვე გადაიგდებდა ხოლმე თავიდან ამ ფიქრს ... ბოლოსდაბოლოს, სულაც არ იყო მისი საქმე ახალგაზრდა ქალის პირადი ცხოვრება და თავგადასავლები, ამიტომ , როგორც იტყოდა, ცხონებული „მაესტრო“ „ვისი ტიკი-ტომარა გამაიჩანჩლებოდა?!“ ვათას სახით , არავის აინტერესებდა და პირველ რიგში, „მალვინას“ „ეკიდა“, „თან  სუ ცალ ფეხზე!“...

ისე გაფრინდა ოთხი წელი, მათი გზები არსად გადაკვეთილა, მხოლოდ ერთმანეთის საჩვენებელ გამოცდებზე, ღია გაკვეთილებსა თუ საკურსო სპექტაკლებს ესწრებოდნენ და ეგ იყო ხანმოკლე პაემნების, ( პაემნების არა იხვი!- უფრო რუტინული შეხვედრების!) ) მთელი ალია-ბალია. მაგრამ, ხომ არის ნათქვამი, კაცი რომ ბჭობდა და უფალი კი, ღრუბლების ტახტრევანზე წამოწოლილი, გულიანად იცინოდა... ასე დაემართა ვათას და პირველად დაფიქრდა იმაზე, რომ არაფერი ხდება მზისქვეშეთში სასხვათაშორისოდ და შემთხვევით ...

-„დიახ, ჩვენ მოგვდის ის, რაც უნდა მოგვივიდეს არა იმიტომ, რომ ვიღაც ამას გვიწყობს , არამედ იმის გამო, რომ სამყარო ასეა გამრუდებული...“ ვათა უკლება ყველაფერში ეთანხმებოდა თავის საყვარელ ლექტორს, რომელიც მუდამ აოცებდა სიღრმითა და იმავდროული სისადავით...

-რა არის ის მთავარი , რაც ადამიანმა უნდა გაბედოს ? -ჰკითხა ერთხელ ლექციის შემდეგ აუდიტორიაში შემორჩენილს და საოცარი პასუხი მიიღო ერთადერთი სიტყვით :

-„აზროვნება!“

-და სიმართლე სადღაა? - არ მოეშვა ვათა ...

-სიმართლე არავინ იცის ,რა არის. ჩვენ მხოლოდ გულწრფელი სუბიექტურობა შეგვიძლია , - თქვა ლექტორმა, ღიმილით დაემშვიდობა და დერეფანში გავიდა...და ვათა მიხვდა, რომ მარადიული ის არის მხოლოდ, ვინც გაიგო ვინ არის თავად!...

 

. . .

 

„თავზარამ“ სულ რაღაც ერთ კვირაში გამაოგნებელი დასკვნა დადო - რომ ორივე დაზარალებული ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა დაცემის შედეგად, სხვაობა მხოლოდ ის იყო, რომ გოგოს გარდაცვალება სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დადგა , ხოლო ბიჭი სიმძიმის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეკორაციის, ზედ დაცემამ და ახდილ „ლუკში“ ჩავარდნამ იმსხვერპლა ...ცხადი იყო, რომ სპექტაკლის საკმაოდ მასშტაბური და მძიმე დეკორაცია რომ ზრიალით მოწყდა ტროსებიდან, მთელი ინერციით თავქვე წამოვიდა და დაეცა, სიცოცხლისათვის საბედისწერო დაზიანებები მიაყენა მსხვერპლს. ახლა თამაზ კირთაძესა და დავით ბაბუხადიას ისღა რჩებოდათ, რომ უნდა გამოეცნოთ, ეს ზემოხსენებული დეკორაცია მავანის დაუდევრობის , ანუ სამსახურებრივი გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის გამო ჩამოვარდა, ანუ , როგორც „დავითამ“ მიანიჭა ფორმულირება, „სცენის მემანქანეებმა და მუშებმა „გაასხეს“, თუ ვიღაცამ საგანგებოდ მოუშვა კარგად დამაგრებული ბროლის სასახლის საკიდელი ტროსები „შტანგეტზე“, რომლსაც არაერთი ამაზე მძიმე და არანაკლებ მასიური დეკორაციისათვის გაუძლია .

თეატრის დირექტორი ანდრო ბრეგაძე არათუ აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არამედ პირადად მოითხოვა გაცნობოდა თანამშრომლების დაკითხვის ოქმებს - დაბერდა კაცი თეატრში და ასეთ ტრაგედიას თუ მოესწრებოდა, ნამდვილად ვერ წარმოედგინა...თან რა დროს? -საბავშვო ზღაპრის დადგმის გენერალურ რეპეტიციაზე  შუაგულ პანდემიაში ...

-ბატონო ანდრო, თუ რაიმე საეჭვოს ან სიახლეს შენიშნავთ, იმედია, დაუყოვნებლივ, გვაცნობებთ, იმაზე კი არ დაგვემდუროთ, რომ თხოვნაზე უარის თქმა გვიწევს- ძიების მასალები და დაკითხვის ოქმები კონფედენციალურია და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაჯაროებას არ ექვემდებარება, - თამაზი ფეხზე წამოდგა და ამ მკვეთრი ჟესტით ანდროს ზრდილობიანად მიანიშნა, რომ მისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა ...

-მესმის, მაგრამ... - აღელვებული ანდრო ბრეგაძე ვერ თუ არ მიუხვდა თამაზს ფეხზე წამოდგომის მიზეზს, მაინც ჯიუტად აგრძელებდა თავისას:

-როგორ, კაცო, აგერ 50 წელია თეატრში ვარ და რანაირ მთავრობას, რა დროებას არ მოვესწარი, მაგრამ დღისით -მზისით ასეთი რამ გაებედოს ვისმეს, მომკალით და, არც მინახავს და არც მსმენია... ჩემ ხელში გაზრდილია ეგ ბიჭი, გოგო კიდევ რამდენიმე თვის წინ მოვიდა... განა, რა უნდა დაეშავებინათ, რა ცოდვა მიუძღვით, რომ ასე გაიმეტა უფალმა ...განგებამ... ვიღაც არაკაცმა გარეწარმა?!...

- ესე იგი , თქვენ მაინც კონკრეტულ პიროვნებას ეჭვობთ და არა სცენის მუშების არაპროფესიონალიზმს, ასე ვთქვათ, „ჩემფეხობას“ არა? - კარში „დავითა“ იდგა და გამომწვევად მომზირალი, მოთმინებით ელოდა ანდროს პასუხს ... ანდრო დავით ბაბუხადიას დანახვაზე სასწრაფოდ ფეხზე წამოდგა და კეთილგანწყობილი ღიმილით ხელი გაუწოდა მისალმების ნიშნად: 

-არა, ახლა, მე ასე, უცერემონიოდ ვერავის დავადებ ხელს, თანაც ეს ოხერი დეკორაცია ასგზის საკუთარი ხელით მაქვს შემოწმებული, თანაც, არ არსებობს, რეპეტიციის წინ არ დავიარო სცენის ყველა -კუთხე კუნჭული და ყველა დეტალი თვალში არ გავატარო ...ჩემი ასაკის და გამოცდილების კაცს, მერწმუნეთ, პროფესიონალიზმი ნამდვილად არ ესწავლება!

- კი ბატონო, ასაკს და გამოცდილებას ჩვენ მხოლოდ პატივს მივაგებთ ! ... მაგრამ ...ეგებ თვალში კი გაატარეთ, მაგრამ... მაინც თეატრის ხელმძღვანელი ხართ და !...

-ეს „მაინც“ როგორ გავიგოთ?

-როგორ და, როგორც პასუხისმგებელი პირი, მარტივად რომ ვთქვათ, ნებსით თუ უნებლიედ , ხელს აფარებთ ნამდვილ დამნაშავეს, თუნდაც სცენის მემანქანეს, ან რომელიმე მუშას?... ჰო, ჰო, რას მომჩერებიხართ ? როგორც ხელმძღვანელს, საკუთარი თეატრის პროფესიული პრესტიჟი და საკუთარი სავარძელი გაწუხებთ, არ გინდათ როგორც მენეჯერმა სამსახური დაგატოვებინონ და უფრო მეტიც - ამ სიბერეში იუბილეს გადახდის და შრომის დამაფასებელი სიგელ-გუჯრების და ჩინ -მენდლების ნაცვლად თანამზრახველობისათვის ციხეში ჩაგაყუდონ... რა, არა?! რატომ უნდა გენდოთ სიტყვაზე, რა დამსახურებით?

ანდრო ბრეგაძეს ჯერ ზაფრანისფერი დაედო, მერე გამწვანდა და ბოლოს სულაც დაკარგა ფერი, გულისკენ წაიღო მარჯვენა ხელი და ერთი კი ამოიგმინა: „ჰაერიო!“ და სავარძელის საზურგეს მიეყუდა...