ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ქალი უცხო სანაპიროსთან

ქალი უცხო სანაპიროსთან

ოქტომბერი იწურებოდა. დეიდა ნანა დილიდანვე პატარა სამგზავრო ჩანთის ჩაწყობას შეუდგა.

_ ლილე, სამი დღე არ ვიქნები, დედიკო, _ თავი არ აუწევია, ოთახის ჩუსტებს ცელოფანში ახვევდა და თან ჩანთის გვერდით ჯიბეში ტენიდა, _ მეგობარს დროებითი შემცვლელი სჭირდება და წავალ, ცოტა ფულს გამოვიმუშავებ, ამ ბინის ქირასაც ხომ გადახდა უნდა, ცალკე ჩემებთან გასაგზავნი თანხაც მჭირდება. შვილიშვილს დაბადების დღეზე გავახარებ, _ თითქმის თავისთვის ბუტბუტებდა ნანა. მერე თავი ასწია, მაგრამ წელი ვერ გამართა, მოღუნული ხერხემალი მეტად არ უშვებდა, რომ წელში გამართულიყო,  _ აბა, თქვენ იცით, კონტაქტზე ვიქნები. თუ ვერ გიპასუხეთ, შეტყობინება დამიტოვეთ, პაციენტი რთული ყოფილა, შეიძლება დროზე ვერ მივიდე ტელეფონთან.

_ კარგი, დეიდა ნანა, ყველაფერს მივხედავთ. სათვალე არ დაგავიწყდეთ, _ ლილემ ხატების კუთხედან ნანას სათვალე მიაწოდა.

_ მანანას დარდი მაქვს, თავს კარგად ვერ გრძნობს ამ ბოლო დროს. შენი იმედი მაქვს, ყურადღება მიაქციე, შვილო.

_ კი, კი, რა თქმა უნდა.

დეიდა ნანამ გორგოლაჭებიანი ჩანთა გააგორა გასასვლელისკენ და კარი გაიხურა. „ნანა ცოტა მხნედ მაინც არის, აი, მანანა კი...“ _ გაიფიქრა ლილემ მისი გასვლის შემდეგ და სამზარეულოში შევიდა. მაცივრიდან პროდუქტები გამოალაგა და კერძის მომზადებას შეუდგა. ამ დროს დაურეკეს ტელეფონზე და მოულოდნელმა ზარმა ძალიან გაახარა. დასაქმების აგენტმა სამსახურის შესახებ დეტალები გააცნო და შეხვედრა დაუნიშნა მოსავლელი ქალის ოჯახის წევრებთან.

_ ლიკა, გოგო, მგონი მეშველა! _ მაშინვე დაურეკა მეგობარს. _ ნეტავ, რას მკითხავენ? ნახევარს მაინც თუ გავიგებ?

_ გაიგებ, მიხვდები ყველაფერს. ცოტაოდენი ხომ გესმის... ის ტექსტი ხომ ისწავლე, რაც შენ შესახებ უნდა მოყვე? ელემენტარულია: ვინ ხარ, სახელი, საიდან ხარ... გამოცდილებაზე გკითხავენ და უთხარი, რომ საქართველოში ექთანი იყავი, დაიმახსოვრე, „ნერსი“ ექთანს ნიშნავს, _ ორივემ გაიცინა, _ მოკლედ, წარმატებები, ჩემო ლამაზო, ღმერთი შენთან!

_ ოქეი, დაგირეკავ!

მანანა უგუნებოდ იყო, ოთახში შემოსვლისთანავე ლოგინზე ჩამოჯდა, თავი ჩაქინდრა და წამლების ყუთის ქექვა დაიწყო.

_ მანანა დეიდა, ხვალ მივდივარ შეხვედრაზე, სამსახურთან დაკავშირებით. მგონი ვიწყებ!

_ გილოცავ, ჩემი გოგო, მშვენიერია. მაშ, მარტო გვტოვებ მე და ნანას? _ გაეცინა. _ არ მოგენტარებით?

_ ხომ იცი, გამოსასვლელ დღეებში თქვენი ვარ! _ ლილე ახლოს მიუჯდა, თეთრ თმაზე მიუალესა და ყურთან გადაუწია. ლილესთვის ეს ორი მოხუცებული მოკლე ხანში ახლობელი ადამიანები გამხდარიყვნენ. ერთმანეთი ჩაიბარეს სამშობლოს მოწყვეტილმა ემიგრანტებმა.

მანანა წამოწვა.

ლილემ კი ტელეფონი აიღო და შვილებს ახალ ამბავზე შეტყობინება გაუგზავნა _ `მესიჯის~ წერას მორჩა, თვალი მანანასკენ გაექცა, ქალი მიწოლილიყო, უცნაური ფერი დასდებოდა, პირი ოდნავ გაეღო და ღრმად სუნთქავდა.

_ მანანა დეიდა! _ მივარდა ლილე და ლოყაზე ხელი მიადო, _ გძინავთ? მანანა ხმას ვერ იღებდა. ხელი უღონოდ ჩამოუვარდა საწოლიდან.

_ ღმერთო, ვაიმე! რა უნდა ვქნა? ცუდადაა ქალი.

ისევ ლიკას დაურეკა.

_ მიშველე, მანანა ცუდადაა, გონება დაკარგა.

_ გინდა 911-ზე დავრეკოთ? თუმცა, რას გეკითხები, აბა, სხვა ვინ მოგვხედავს! მოიცა, ახლავე დავრეკავ.

20 წუთში მანანას სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოსკენ მიაქროლებდა. ლილეც მასთან იყო, მოპირდაპირე სკამზე ჩამომჯდარიყო და შიშისგან ერთიანად კანკალებდა.

ჰოსპიტლის შესასვლელთან გაჩერდნენ. ავადმყოფი საკაცით სწრაფად შეაგორეს პირველადი დახმარების განყოფილებაში, ლილე დაბნეული მიჰყვებოდა ბორბლებიან საწოლს. თვალს არ აშორებდა მანანას დახუჭულ თვალებს და მიტკალივით სახეს.

ადგილი ანიშნეს, სადაც უნდა დამჯდარიყო და მოეცადა. სასწრაფო დახმარების მისაღებ განყოფილებაში უამრავი ფერადხალათიანი პერსონალი საქმიანად მოძრაობდა, ზოგს გადასხმის აპარატი მიჰქონდა, ზოგი კი ავადმყოფობის ისტორიებს დაარბებინებდა. დერეფანს დახლიანი მაგიდა ჰყოფდა. იმ დახლს იქით კომპიუტერებთან თეთრხალათიანები იდგნენ, სავარაუდოდ ექიმები. ლილემ დეიდა ნანას შეტყობინება გაუგზავნა და ჰოსპიტლი მისამართიც აცნობა. არავის უკითხავს პაციენტის საემიგრაციო სტატუსი და არც ის, თუ ჰოსპიტლის ხარჯებს როგორ გადაიხდიდნენ. არავის შეუწუხებია თავი მსგავსი ფორმალობებით. მთავარი იყო გადაერჩინათ. ექთანებმა ავადმყოფს ხელოვნური სუნთქვის აპარატი დაუდგეს, ვენიდან სისხლ აუღეს, ტომოგრაფიაც გადაუღეს.

ლილემ მთელი ღამე სკამზე გაატარა. დილისკენ ავადმყოფი ცოტა მოსულიერდა და თვალები გაახილა. ლილე მასთან მივიდა და მიეფერა:

_ ნუ გეშინია, მანანა დეიდა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მალე გაგიშვან აქედან.

მანანას ცრემლები გადმოუგორდა ჩამუქებული თვალების კუთხეებიდან.

_ ლილე, როგორ მინდოდა მომესწრო საქართველოში წასვლა, როგორ მინდოდა!.. _ ყბა აუკანკალდა და ცრემლის მდინარემ ლილეს ხელები დაუსველა.

_ რას ჰქვია, გინდოდა? წახვალ, აბა რაა, აი, დადგები ფეხზე და ეგ არი _ მიდიხარ შენს შვილებთან! თვითონ აგიღებ ბილეთს. ახლა მხოლოდ ცოტა დამშვიდდი, ინსულინი მაღლა გაიქცა და ამიტომ წევხარ ახლა აქ, კომას გადაურჩი... ახლა საშიში არაფერია, მანანა დეიდა. დაიძინე, დაისვენე.

მანანას ლაპარაკი არ შეეძლო, იქნებ კიდეც უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ მხოლოდ რაღაც წაულუღლუღა. სისუსტე არ აძლევდა მკაფიოდ ლაპარაკის საშუალებას.

ლილეს ლიკამ დაურეკა მოსაკითხად.

_ გოგო, რამე შეჭამე, მეორე დღეა მანდ ხარ, მეც ვერ გაკითხავ, ხომ იცი, ვმუშაობ. იქნებ საღამოს მაინც მოვიდე და წამოგიღებ რამეს, _ დაჰპირდა მეგობარი.

_ მშიერი არ ვარ, ლიკუ, გამოვედი აქვე, რაღაც ვიყიდე და ვჭამე. კაი, გელოდები.

_ კი მაგრამ, სულ მანდ რომ ხარ, რას შველი? დასვენება და გამოძინება არ გინდა? იქნებ ერთი-ორი საათით მაინც წახვიდე სახლში, თორემ ეგრე გადაიქცევი.

_ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ლიკა. დეიდა ნანა სამი დღე ვერ მოვა ჰოსპიტალში, რომც მოვიდეს, იმ ასაკიანმა ქალმა რა უნდა გაუკეთოს? უბრალოდ, ვინმე პატრონი უნდა იყოს აქ, ამბის შემტყობი. ამ ქალს სხვა აქარავინ ჰყავს და აბა, რა ვქნა? იქნებ რამე დასჭირდეს. ჰოდა, ვიქნები რა, ძალიან მეცოდება. თავისი შვილი სულ ბანკის ვალზე ელაპარაკებოდა და მანანა კიდე ვერ მუშაობს, სულ ამაზე ნერვიულობდა.

_ ნეტავ მაგისი შვილის შეგნებას რა... რაღა დროს მაგისი ემიგრაცია და მუშაობაა, თავად არის მოსავლელი.

_ კარგი, არ გვინდა. ნუ განვიკითხავთ, თავიანთი ოჯახის საქმის თვითონ იციან.

_ არაფერიც არ იციან! _ ხმას აუწია ლიკამ. _ ახლა რომ წევს და გადასხმებისთვის ხელები აქვს გაშვერილი აქეთ-იქით, იქიდან უშველონ, აბა, თუ რამე იციან!

_ კარგი ხოო, გამოკეთდება, დიდი იმედი მაქვს!

_ ღმერთმა ქნას, წავედი, დაო, და საღამოს ვეცდები გამოვიდე.

_ ოქეი.

სამი დღე და ღამე ლილე ჰოსპიტალს არ მოშორებია. მანანას მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდებოდა. დეიდა ნანა ტელეფონზე რეკავდა და ვიშვიშებდა იმის გამო, რომ დროებითი სამსახურიდან გამოსვლა არ შეეძლო. მაგრამ ლილე მასაც ანუგეშებდა, რომ არ უჭირდა თავის გართმევა.

ნანა სამი დღის მერე ქაქანით მოვიდა. შუბლზე ოფლის წვეთები ეყარა.

_ პირდაპირ იქიდან მოვდივარ, დედიკო, როგორაა ახლა მისი ამბავი, ჰა? რაო, რა თქვეს? _ დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვა, რომ მაღალი, ახალგაზრდა, თეთრხალათიანი მამაკაცი პირდაპირ მათკენ გამოეშურა.

_ გამარჯობა. ძალიან ვწუხვარ. ეს წუთია, პაციენტი გარდაიცვალა. ვიზიარებ. თქვენ ვინ ბრძანდებით გარდაცვლილის?

_ რაა? _ დაიბნა ნანა და დაფეთებული თვალები მიანათა ექიმს. _ რა თქვით?

_ ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო, _ ინგლისურად მიუგო ექიმმა, _ ავადმყოფის გარდაცვალების დრო დილის 10:35 საათია.

დეიდა ნანა სკამზე გაშეშებული დაჯდა, ხელსახოცი ამოიღო და სახე მასში ჩამალა.

_ მანანიკო აღარაა! ერთმანეთს შევპირდით, რომ ერთად წავიდოდით აქედან. ხომ შემპირდიი, მანანა?! ახლა რა ვქნა მე, მარტომ? ჩვენ ხომ დებივით ვიყავით ამდენი წელი? მიმატოვა, დედიკო, მიმატოვაა! _ ლილეს ცრემლიანი თვალები მიაპყრო.

ლილე მის წინ ჩაიმუხლა, მუხლებზე ხელი შემოხვია, თავი კალთაში ჩაუდო და თავადაც აქვითინდა.

ნანამ ორივე ხელი თავზე მოხვია და ღია წაბლისფერი თმა დაუკოცნა. დერეფანში რამდენიმე ადამიანი ჩუმად იდგა. თავს სინანულით აქნევდნენ და შემდეგ ისევ თავის საქმეს აგრძელებდნენ.

მანანას პანაშვიდი გადაუხადეს სპეციალურად საქართველოს საკონსულოსგან დაქირავებულ დარბაზში. პარაკლისი ქართველმა მღვდელმა ჩაატარაა, რომელსაც ნანა და მანანა აღსარებებს აბარებდნენ ხოლმე. მიცვალებულისთვის საკონსულომ თავისი ხარჯებით კუბო შეუკვეთა და სამშობლოში გადასვენებისთვის საჭირო ფორმალობებიც მოაგვარა. ერთ კვირაში უკვე მოხუცი მანანას ცხედარი სამგზავრო თვითმფრინავის ტვირთის განყოფილებაში ბარგის გვერდით დაასვენეს და საქართველოსკენ გაუშვეს. თან გაჰყვა მონატრებული სამშობლოს ნახვის, შვილებთან და შვილიშვილებთან ჩახუტების აუსრულებელი ოცნებები და  ქართველი ემიგრანტების მხურვალე ცრემლებიც. სამუდამო ძილი მანანამ საქართველოში ნანატრ მიწაზე გააგრძელა.

 

***

ნისლიანი დილა და ნაცრისფერი ქუჩის სიჩუმე ლილეს სიცოცხლის ხალისს უკარგავდა. ორი ოკეანიდან აორთქლებული წყლის კონდენსაცია მაქსიმალურად მომატებულიყო და თითქოს ლოდივით დასწოლოდა ამერიკის კონტინენტს. რამდენიმე მეტრში რამის დანახვა თითქმის შეუძლებელი იყო. დილის 7 საათზე ლოგინიდან წამოდგომა არ უნდოდა ლილეს, მაგრამ სამსახურში უნდა წასულიყო და თან თითქოს მისი სხეული უკვე ლოგინსაც ეხამუშებოდა. თვეში ორ დღეს გამოსასვლელს იღებდა და ამ დროს ხან საქმეზე დარბოდა, ხან ლიკას ან სხვა მეგობრებს ხვდებოდა. ზლაზვნით გაიარა მანძილი სააბაზანომდე, სარკეში თავის თავს ძალით გაუღიმა. სახეზე წყალი შეისხა. ცივმა წყალმა ცოტა გამოაცოცხლა. სამზარეულოში გამოსულმა მინის ჩაიდანი ცეცხლზე შემოდგა. საწრაფოდ მოამზადა ყავა, სპორტულ ტანსაცმელში გამოეწყო. ჩანთაში ჩაყარა გასაღები, მეტროს ბარათი და ტელეფონი. ყავის პატარა თერმოჭიქას ხელი დაავლო და მეტროსკენ მიმავალ გზას გაუყვა. ჩახუთული, სულის შემხუთველი ჰაერი ბოლომდე ვერ ხსნიდა ფილტვებს, ცხელმა ყავამ ცოტა უშველა, ტონუსი იგრძნო და ფეხს აუჩქარა. ამ ქალაქის შლეგიან რიტმს ფეხს თუ არ აუწყობდა, ალბათ ზედ გადააბოტებნენ.

ეს არის მეგაპოლისი, სადაც სიჩუმე არ არსებობს და ყოველდღე რაღაც იცვლება. უბრალოდ კი არ ხმაურობს, გუგუნებს და გაქცევაზეა; არც დღე სძინავს, არც ღამე და საოცრად ჰიპერაქტიურია. ყველაზე მეტ ყავას ნიუ იორკში სვამენ და ყოველი ოცდამეერთე მილიონერია. თუ არა ასეთი რიტმით თავდაუზოგავი შრომა, ვერც მილიონებს იშოვის და ალბათ ვერც ამდენ ყავას დალევს აქაური კაცი.

ქალაქს დილის 5 საათზე უკვე ღვიძავს და მეტროც ამ დროს საგიჟეთს ჰგავს. ლილეც მეტროს ამ ხალხმრავლობას შეერია. წინ ორსაათიანი გზა ელოდა. ბრუკლინიდან ქვინსამდე მეტროს მანჰეტენი უნდა გაევლო, 42-ე თაიმ-სქვერზე რამდენიმე პლატფორმა გადაკვეთა. მე-7 ნომერი მატარებელი მალე მოვიდა. ამ ხაზზეც ვაგონებში კონდიციონერები ლამის ყინავდა და საკმაოდ ციოდა. მეტროდან ფერდაკარგული გამოვიდა და პირდაპირ ავტობუსის გაჩერებისკენ გასწია, რომელიც ამერიკელების საყვარელი `სტარბაქსის~ წინ იყო. ცისფერმა ავტობუსმა დააგვიანა. ლილემ გაჩერებასთან ავტობუსის ბილეთი აიღო და ჩანთაში დაუდევრად ჩააგდო. 

ამ ქალაქმა კანონის დაცვა და მორჩილება ასწავლა. `სტარბაქსის~ კარი მუდმივად იღებოდა და იკეტებოდა და ამდენად, ყავის სასიამოვნო სურნელი ქუჩაშიც აღწევდა. ლილე ყავისთვის შევიდა _ `ლატე კარამელით~ და შოკოლადის კრუასანები აიღო და ამასობაში ავტობუსიც ჩამოდგა.

ნიუიოკელები სამსახურებში ამ ყავის გარეშე არ მიდიოდნენ. ყველას კომფორტული კედი ან ბოტასი ეცვა და საქმიანი გამომეტყველებით მიიჩქაროდა. ლილეს არავინ უყურებდა, მით უმეტეს, თვალებში, მაგრამ თუ შემთხვევით ვინმე თვალს გაუსწორებდა, აუცილებლად ზრდილობიანად გაუღიმებდა, თითქოს ამ რაღაცნაირი ბანალური ღიმილით ეუბნებოდნენ, როგორი გაგიმართლა, რომ ცოცხალი ხარ და თან ამ ქალაქში მოხვდიო. რაღაც ასეთს იჭერდა ლილე მათ ღიმილში. ავტობუსი რომ გაჩერდა, ბოლო საფეხურიდან თითქმის გადმოხტა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ, სადაც უკვე ელოდებოდნენ. პაციენტი გაბადრული შეხვდა. 94 წლის ქალბატონს ყოველთვის ეგონა, რომ, თუ ლილე სახლიდან გავიდოდა, წავიდოდა და აღარ დაბრუნდებოდა, ამიტომ დასვენების დღის შემდეგ ლილეს დაბრუნებას ქალი ლამის აღტაცებით ხვდებოდა. მოხუცის მოვლა რთული არ იყო, მით უფრო, რომ ამ ქალს რთულად მოსავლელიც არ ეთქმოდა, მაგრამ 24 საათი ერთი და იმავე კედლებისა და ნივთების ყურება ახალგაზრდა ქალს უნებურად სტრესავდა. კედლებს თითქოს უხილავი ხელები გამოესხათ და ლილეს დასახრჩობად ყელში უჭერდნენ. მოუთმენლად ელოდებოდა მომენტს, როდესაც ამ სახლისა და მოვალეობისგან გაიქცეოდა და პასუხისმგებლობის ტვირთს ცოტა ხნით მაინც მოიშორებდა. მისი პირადი ცხოვრება რამდენიმე მეგობართან ურთიერთობებით შემოიფარგლებოდა. მათთან მცირე დროით შეხვედრებით ცოტათი მაინც უფერადდებოდა მოსაწყენი დღეების რუტინა. ყოველდღიური სატელეფონო საუბრები დედასა და შვილებითან მაინც ვერ შველოდა დათრგუნვილი ქალის ყოფას. მარტოობის აუტანლობა მეტასტაზებივით მოედო და ნელ-ნელა ასტკივდა.

სახლს, სადაც ლილემ ორი წელი იმსახურა, პატარა ლოჯია ჰქონდა, რომლის ფანჯარა ქუჩას უყურებდა. ეს ფანჯარა მისთვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი კარის გასაღები იყო. აქედან ულამაზესი „ვაიტსტონ-ბრიჯი“ მოჩანდა, ხიდი, რომელიც ნიუ-იორკის პატარა კუნძულებს _ ქვინსსა და ბრონქსს _ აკავშირებს. ამ მაღალთაღიანი ხიდის ცქერა ლილეს საყვარელი სანახაობა იყო, განსაკუთრბით ღამით. ხიდი თითქოს სამშობლოს აშორებდა, მის გაღმა კი თითქოს მისი ოცნებები ჩამომსხადირყვნენ ნათურებად ანთებული საქართველოზე. შთამაგონებელი ზემოქმედება ჰქონდა. თუმცა ქალის ცხოვრება ვაიტსტონის დასახლებაში ფანჯრის მიღმა და ხიდის აქეთ ჩაიკეტა და დროც უსაშველოდ გაიწელა.

ოცნებობს ვერ ეშვებოდა, როდის აიღებდა თბილისისკენ სამგზავრო ბილეთს, როგორ ჩამოირბენდა ტრაპიდან, მუხლებზე დაიჩოქებდა და მშობლიური მიწას დაკოცნიდა, მერე კი თავისუფალად მოივლიდა საყვარელ ქუჩებს, ღრმად ჩაისუნთქავდა მონატრებულ ჰაერს ბედნიერებით ანთებული. ლოჯიის ფანჯარასთან ფიქრები დაუსრულებელად ბარდნიდა: `ნეტავ ამ სიშორეზე გადაკარგული, როდისმე თუ ვიპოვი საკუთარ თავს? თითქოს დავიკარგე, სადღაც დავფარფატებ... იქნებ თავიდანვე ასე მეწერა, რომ უცხო ქალაქში უნდა მესწავლა ახლიდან ფეხის ადგმა?~

პატარა, მრგვალ მაგიდას მიუჯდა და ხელები ზედ დააწყო. ბებერი ხის ტოტები ლამის ფანჯარაში შემოჭრილიყვნენ, გაფოთლილ ტოტებში ციყვების ხტუნვას გააყოლა თვალი. Oორი ციყვი ერთმანეთს დასდევდა. `ნეტავი ამათ, სახლში არიან, _ გაიფიქრა, _ ხან რა უაზრობაა, ხატვა რომ გავაგრძელო, დროს მაინც მოვკლავ~, _ უცებ გაახსენდა ბავშვობის გატაცება და ეს აზრი მოეწონა. აი, სწორედ აქ ჰქონდა ხატვისთვის უამრავი დრო. ძალიან მოუნდა ფერებთან თამაში, ყველა განცდისა და ნანახის ქაღალდზე გადატანა, რომ ნაცრისფერი რეალობა გაეფერადებინა.

მალე `ამაზონიდან~ გამოწერილი ფანქრებით, ფუნჯებით, საღებავებითა და მოლბერტით გაივსო მანსარდა, რომელიც ამ სახლში მისი საძინებლის ფუნქციას ასრულებდა. ასე თუ ისე, ხატვისთვის მშვენიერი პირობები იყო და მეტი რა უნდოდა. მიიღო მასალა და მოფრინდა ახალი სამყაროც. რადგან ნებით თუ უნებლიეთ დროსთან ბრძოლასა და სევდაში გამოიკეტა, ხატვა მაინც მისცემდა გასაქანს თავისუფლებაში ეფრინა. აქ მოაწყობდა სულისთვის სარბენ ბილიკებს. ნახატებში კი მოეფერებოდა ყველასა და ყველაფერს, რაც კი მის სულსა და გულს მონატრებოდა. ჩანაფიქრი რეალობად იქცა. Mმოკლე პერიოდში თითები გაითხუპნა უამრავი ფერით ერთბაშად, ხატავდა მოწყურებულივით. აქ ყველა ერთად ჰყავდა: წარსულში დარჩენილი ადამიანებიც ქაღალდზე და ტილოზე სტუმრობდნენ და ისახებოდნენ. ფუნჯით ბარიერებსაც ანგრევდა და მომავლისკენ სავალ გზებს ლამაზად დააქროლებდა. საღებავები ერთმანეთს ქალ-ვაჟის სიყვარულივით ერწყმოდნენ და ტილოზე სახლდებოდნენ. ქალის თითებში იძერწებოდნენ უხვფერიანი კომპოზიციები. ლილეს ნაზი თითები ფაქიზად მიმოდიოდნენ ქაღალდზე ჯერ ფანქრით, შემდეგ ფუნჯით. ემოციები ცოცხლდებოდნენ სუფთა ტილოებზე, თუმცა ნახატებს ლილეს მეტი ვერავინ ხედავდა, არც ლიკა, არც ანანო და არც ნატო. მეგობრებს კი არ უმალავდა, უბრალოდ ეს ის შინაგანი სამყარო იყო, რომლის სანაპიროზეც მარტო სეირნობდა და სულზე ასხმულ ღრუბლებს ფრანივით დაატარებდა.

როგორც იქნა, გამოსასვლელი დღე მოვიდა. ეს ისეთი შეგრძნება იყო, ერთი სული რომ გაქვს, გარეთ ჩიტივით გაფრინდე, ან მძიმე ნივთები დაბლა დაყარო.

ბრუკლინში დამსვენებლებით გადაჭედილ ოკეანის სანაპიროს მცხუნვარე მზე წვავდა. მონაბერ თბილ ქარზე ლივლივებდა ლურჯი ტალღები. სილაში შიშველი ფეხი იწვოდა, ტალღების ქაფში ბავშვები დახტოდნენ ან ირწეოდნენ. ლილემ შორიახლოს დიდი მზისფერი პირსახოცი მიაფინა და ზედ ჩამოჯდა, ყვითელ საცურაო კოსტიუმს შიფონის მწვანე, გამჭვირვალე მოსაცმელი უფარავდა, თავზე ჩალისფერი, მრგვალი ქუდი ეხურა. წყალში შესვლას ჯერ არ ჩქარობდა, ჰორიზონტს გასცქეროდა, სადაც ოკეანე ლურჯი ატლასივით პრიალებდა. გემები ტივტივებდნენ. სანაპიროს გასწვრივ, ბილიკთან რესტორნები იყო ჩამწკივებული და ცნობილი ჰიტების ჰანგები ისმოდა. გარეთ ქოლგის ქვეშ სიცხისგან გათანგული ადამიანები ყინულიან სასმელებს აგემოვნებდნენ. თოლიები ფრთაგაშლილები არტყავდნენ წრეებს ოკეანეზე. ცოტა მოშორებით წყლის ველოსიპედებზე წყვილებიც ისხდნენ. მზისა და წყლის თერაპიას მოეცვა სანაპიროს დამსვენებელი.

წყალში შესვლა მოუნდა, ქუდი იქვე, პირსახოცზე დატოვა და წამოდგა. თეთრი, გაურუჯავი კანი ბროლივით ანათებდა აფროამერიკელებისა და ლათინოამერიკელების მუქ კანთა ფონზე. ცხელ სილაზე ფეხაკრეფით გადაიარა და თბილ წყალში შეცურა, ნელა მოუსვა თხელი მკლავები და ფეხები ოდნავ ააფართხალა. დიდ მანძილზე გაცურვას ვერ გარისკავდა, ტალღებში ცურვამ გატაცება იცის, შეიძლება მანძილი გვიან განსაზღვრო, ამიტომ ნაპირთან ახლოს დარჩენა ამჯობინა, ხელებისა და ფეხების ნელი რიტმული მოძრაობით ლამის ერთ ადგილას ბანაობდა. უცებ ფეხებზე რაღაც მოედო. ადგილი მოინაცვლა და ამ დროს მის გვერდით უცნობმა მამაკაცმა წყლიდან თავი ამოყო, სახიდან წყალი ჩამოისხიპა და ქალის პირისპირ გაჩერდა. საკმაოდ სიმპათიური ჩანდა, მოკლედ შეკრეჭილი წვერითა და მუქი შავი თმით. შველივით თვალები ჰქონდა და ოდნავ მოხრილი ცხვირი, რაც მამაკაცურ გარეგნობას ძალიან უხდებოდა.

_ ბოდიში, რომ შეგეხეთ, _ თქვა ქართულად და ოდნავ გაიღიმა.

_ არაფერია, _ ღიმილით მიუგდო სიტყვა ლილემ და ზურგი შეაქცია.

_ გინდა გავცუროთ? _ მხიარულად იკითხა უცნობმა და წყალი გადააფურთხა.

_ უკაცრავად?

_ უბრალოდ, ვიკითხე, _ ისევ გაიღიმა.

_ არა, გასვლას ვაპირებ, _ თქვა ქალმა და იმწამსვე ნაპირისკენ გაცურა.

უდაბნოსფერი ფხვიერი ქვიშა თითისწვერებით გადაირბინა. გამშრალება არც უფიქრია. მლაშე წყალი წვეთებად შერჩენოდა ახორკლილ კანს. პირსახოცზე მუცლით გაწვა. მზემ მალე გაუთბო სხეული, ცოტა ხნის მერე ზურგზე ამოტრიალდა, მუხლები ოდნავ მოკეცა და მზეს სახით მიეფიცხა _ განაბული უსმენდა ოკეანეს. თოლიების ჭყივილი და ტალღების დგაფუნი თითქოს შტრაუსის ვალსს ასრულებდა. ამ ხმებში ლილეს ჩაეძინა.

_ არ დაიწვათ, _ გამოაღვიძა ვიღაცის ხმამ. უცნობი თავზე ადგა და თეძოზე პირსახოცშემოხვეული დასჩერებოდა. ის ტიპი იყო, წყალში რომ ნახა.

_ ხომ არ დაგეძინათ? დიდი ხანია ასე წევხართ. ვიფიქრე, გავაღვიძებ-მეთქი... ბოდიში.

ლილე გამოფხიზლდა.

_ გმადლობ, კარგად ვარ.

უცნობი მაღალი, ათლეტური აღნაგობის იყო, განიერი მხრებით. ქალმა წამში შეათვალიერა ეგზოტიკური შეხედულების მამაკაცი და მზრუნველი იერიც აქვსო, გაიფიქრა.

ლილე ოდნავ წამოიწია და მუცელზე დაიხედა _ კანი გავარდისფრებოდა, მკლავები და ფეხები კი უფრო მეტად. მთელი სხეული უხურდა. სასწრაფოდ წამოიმართა, მწვანე შიფონის მოსაცმელი შემოიცვა, ქუდი თავზე ჩამოიფხატა და სანაპირო დატოვა.

სახლში შესვლისთანავე სააბაზანოში შევიდა, მლაშე წყალი ჩამოიბანა. ჯინსი და თეთრი მაისური გადაიცვა და თურქულ, პატარა კაფეტერიაში შევიდა. აქ საოცრად სურნელოვან ყავას ადუღებდნენ. ერთი თურქული ყავა და ხაჭოს ნამცხვარი აიღო. ძალიან ესიამოვნა. კაფეტერიაში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ძირითადად წასაღებად შემოდიოდნენ: ყიდულობდნენ ნამცხვრებს და მიდიოდნენ. ვიტრაჟთან მიდგმულ მაგიდასთან გოგონა ლეპტოპში კლავიატურაზე რაღაცას საქმიანად ბეჭდავდა, აქვე მაღალ სკამზე მამაკაცი ჩამომჯდარიყო და ტელეფონს `სქროლავდა~. ლილემ იცნო _ ისევ ის უცნობი „ეგზოტიკა“.

`კიდევ გამომელაპარაკება~, _ გაიფიქრა და ის იყო ადგომა დააპირა, რომ მამაკაცი მის მაგიდასთან თავის ყავიანად გადმოჯდა.

_ დათო მქვია, თქვენ?

_ ლილე... მაგრამ მე მივდივარ.

_ მერამდენედ უნდა გამექცეთ? _ გაუღიმა წყრომით.

_ არა, _ დაიბნა ლილე, _ მე... მართლა წასვლას ვაპირებ.

_ დარჩით რა ცოტა ხანს. ქართველები ვართ, ემიგრანტები. ბოლოს და ბოლოს, ამდენი საერთო გვაქვს.

_ ქართველი ემიგრანტები! სულ ესაა, სხვა რა გვაქვს საერთო?

_ და ხომ შეიძლება კიდევ მეტი გვქონდეს? _ დათო გაიკრიჭა.

_ არა, მეტი არაფერი გვექნება! _ მტკიცებით ფორმაში დაუგდო წინადადება ლილემ.

_ შეიძლება მოგწეროთ?

_ ბოდიშს ვიხდი, უნდა გავიდე, _ აღარ დაელოდა დათოს ნებართვას და დატოვა კაფეტერია. ვაჟმა უკმაყოფილო თავის ქნევით თვალი გააყოლა კარში გამავალ ლილეს.

ემონსი ერთ-ერთი გრძელი და რესტორნებით გაჭედილი ქუჩაა ბრუკლინში, რომელსაც ოკეანის წყალი შუაზე ჰყოფს. ხშირად კატერები და პატარა გემები დგანან ამ წყალში მორიგი მარშრუტის მოლოდინში. შებინდდა, როცა ლილე მიადგა ემონსთან ხიდს და წყალს გადახედა. წყალზე გედები დაცურავდნენ. ზაფხულის ამ საღამოს ნელი სიო უბერავდა და სიცხის ბუღი ცოტა გაენელებინა. ლილე მოაჯირს დაეყრდნო.

_ ლილე, იცი, გედებმა როგორი სიყვარული იციან? _ ქალმა თავი მკვეთრად შემოაბრუნა. სპორტულად გამოწყობილი დათო მასთან სულ ახლოს იდგა. ორივე ხელი შარვლის ჯიბეში ჩაეწყო და კიდევ უფრო უახლოვდებოდა._ერთი თუ ამოირჩიეს მეწყვილე, მას არასოდეს შორდებიან, მთელი სიცოცხლე ერთად არიან. ერთი თუ მოკვდა, მეორეც კვდება.