ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია

სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია

თავი 3 - არქილანდი

                                  Munera,crede mihi capiunt hominesque deosque-საჩუქრები ატყვევებენ, მერწმუნე, ადამიანებსაც და ღმერთებსაც (ოვიდ.).

   მთავარ ლანდორში შუა დღის ლოცვა მიმდინარეობდა.*მოხუცი არქილანდი ჩახლეჩილი ხმით კითხულობდა ზღვის ღმერთის სადიდებელ გალობებს. ხალხი სულგანაბული უსმენდა თავის სულიერ ლიდერს და ცდილობდა ერთი სიტყვაც არ გამორჩენოდა მისი ნათქვამიდან. ლოცვა დასასრულს უახლოვდებოდა,როდესაც ლანდორში უბრალო ტანსაცმელში გამოწყობილი საპიენტ და თომას ნატომერები შევიდნენ, მოფარებულ ადგილას დადგნენ, დაიცადეს სანამ ხალხი წავიდოდა და შემდეგ არქილანდთან მივიდნენ. ორმა კბილებამდე შეირაღებულმა მცველმა ხმალზე იკრა ხელი, მაგრამ მოხუცმა გააჩერა ისინი.

-მოუშვით ეს ბატონები, ულანდორის სახლში ვერაფერს დამიშავებენ.

-რამის დაშავებას არც ვაპირებთ, თქვენო უსათნოეოსობავ, უბრალოდ, გვსურს ცალკე გაგესაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე-ბოლო სიტყვები საპიენტმა ხაზგასმით წარმოთქვა და კაპიუშონი გადაიძრო. არქილანდმა იცნო ეგონასის დიდებული მთავარი და მცველებს უბრძანა, გარეთ დადექით და არავინ შემოუშვათო, შემდეგ კი ძმებს მიუბრუნდა:

-ბატონო საპიენტ, ბატონო თომას, რას მივაწერო ასეთი უცნაური ვიზიტი?არც ამალა გახლავთ, არც მცველები და უბრალო, ღარიბულ ტანსაცმელში ხართ გამოწყობილი, თანაც ჩემთან მარტო გასაუბრება გნებავთ.

-ახლავე ყველაფერს აგიხსნით, თქვენო უსათნოესობავ. საქმე ჭაბუკ მეფეს ეხება-დაიწყო საპიენტმა.

-ულანდორმა დალოცოს ჩვენი ახალგაზრდა მბრძანებელი.

,,დალოცვას გონება გაენათებინა ის ჯობდა“-გაიფიქრა თომასმა, მისმა ძმამ კი ვითომ ვერ გაიგონაო მოხუცის სიტყვები, ისე განაგრძო:

-მოგეხსენებათ, ალბათ, რომ ორი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა.

-დიახ, გავიგე ამის შესახებ.

-თუ ასეა, დარწმუნებული ვარ იმასაც ხვდებით, რაოდენ შეურაცხმყოფელია ჩვენთვის. - მთავრებისთვის ეს გადაწყვეტილებები. არქილანდმა არაფერი უპასუხა.

-დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ხელმწიფე უნდა მოვიშოროთ.

-მოიშოროთ?

-დიახ. მან ტახტი უნდა დაკარგოს.

-ხვდებით მაინც, რას ამბობთ?! ეს ღალატია!

-რა თქმა უნდა, ღალატია, მაგრამ გამართლებული. - ჩაურთო თომას ნატომერმა.

-თქვენო უსათნოესობავ, გთხოვთ კარგად დაფიქრდეთ, იაგელ არნატოდის ტახტზე დარჩენა არც თქვენ მოგცემთ ხელს, იცით, კიდევ რას აპირებს?

-რას?

-მესამე რეფორმის გატარებას. სალონდორო გადასახადების გაუქმება სურს.

მოხუცს სახე შეეცვალა.

-როგორ ბედავს?! - კბილები გააღრჭიალა მან.

-მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნება. - ეს ურცხვი ტყუილი მესამე რეფორმის შესახებ, საპიენტ ნატომერმა არქილანდის მეფის წინააღმდეგ ასამხედრებლად შეთხზა.

-ულანდორი დასჯის ამ კადნიერებისთვის მაგ ლაწირაკს! - ბობოქრობდა მილენიის სასულიერო ლიდერი.

-იქნებ ულანდორამდე ჩვენც გვექნა რამე. - ირონიულად შენიშნა თომასმა.

-ჩემი ძმა მართალს ამბობს, რაიმე უნდა ვიღონოთ და თავიდან მოვიშოროთ მეფე, რომელიც საერო და სასულიერო პირებს უპირისპირდება. აქ სწორედ ამისთვის ვართ, თქვენო უსათნოესობავ. ჩვენ-მთავრები ვაპირებთ, რომ იაგელი ტახტიდან ჩამოვაგდოთ და მის მაგივრად პრინცესა კატარინა ავიყვანოთ.

   არქილანდს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა.

-დამცინით?

-როგორ გეკადრებათ.

-მილენიას ქალი მმართველი არასოდეს ჰყოლია. ეს შეუძლებელია.

-შესაძლებელი იქნება თუ ჩვენ მოვინდომებთ.

-ჩვენ?

-დიახ.

-მე შეთქმულებაში მონაწილეობას არ მივიღებ.

-ამას არც გთხოვთ, თქვენ მხოლოდ ორი მარტივი რამ გევალებათ.

-მაინც რა?

-პირველი: იაგელის კორონაციაზე გვირგვინს დააგდებთ ,ვითომ დაგივარდათ და მეორე მისი სიკვდილის შემდეგ...

-სიკვდილის? თქვენ მის მოკვლას აპირებთ?

,,არა,დასასვენელად გავუშვებ კუნძულზე**, ეს კაცი ან ძალიან შტერია ან თავს ისულელებს“-გაიფიქრა გულმოსულმა თომასმა,ხმამაღლა კი ეს თქვა:

- სხვანაირად არ გამოვა, თქვენო უსათნოესობავ, ის ლაწირაკი ნებით არ დათმობს ტახტს.

-გასაგებია.

-იაგელის სიკვდილის შემდეგ, - განაგრძო საპიენტმა- გამოაცხადებთ, რომ ხილვა ნახეთ, რომელშიც ულანდორმა გითხრათ, თუ ტახტზე პრინცესა კატარინა არ ავა, მილენია დაიღუპებაო.

-მეტი არაფერი მომეთხოვება?

-არა.

-მაინც რატომ უნდა დაგთანხმდეთ?

-იმიტომ,რომ მეფის მოშორება თქვენს ინტერესებშიც შედის.

-მართალია, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა.

-დღეს საღამოს ჩემი ხალხი ათას ოქროს მილენს***მოგიტანთ.

-ეს უკვე საინტერესოა. შევთანხმდით. - არქილანდმა დამჭკნარი ხელი საპიენტს გაუწოდა.

-ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებდით.                    

-არა, ეს ბებერი გაიძვერა ნახე, ოქროს ხსენებაზე თვალები კინაღამ ბუდიდან გადმოუცვივდა, ცოტა მეტი რომ გეთქვა ალბათ თავისი ხელით გამოჭრიდა იაგელს ყელს. - ეუბნებოდა თომასი ძმას, სასახლეში რომ ბრუნდებოდნენ.

-ოქროს გამო ხალხი ყველაფერს აბიჯებს. სიყვარულით დაწყებული ღირსებით დამთავრებული. გამონაკლისი არც ჩვენი არქილანდი აღმოჩნდა, თანაც რეფორმაზე მოგონილმა ტყუილმა გვარიანად შეაშინა და გააბრაზა.

-ეგ მართლა კარგად მოიფიქრე,საპიენტ.საწამლავის საქმე როგორაა? დარწმუნებული ხარ, რომ იმოქმედებს?

-დარწმუნებული ვარ.

-ვაჭარმა სახეზე ხომ ვერ გიცნო?

-ვერ მიცნობდა. ჯერ ერთი უცხოელი იყო, მერე მეორეც, სახე დაფარული მქონდა.

-მაგაზე არ დაეჭვდა?

-ვაჭრისთვის მთავარია საქონელი გაყიდოს, ხოლო ის თუ ვინ იყიდის, რატომ და რისთვის მეორეხარისხოვანია.

-საპიენტ, არის კიდევ რაღაც, რაც მაშფოთებს.

-რა?

-იქნებ ორლანდ არნატოდმა იაგელის სიკვდილის შემდეგ გამეფება მოინდომოს და კატარინას გზაზე გადაეღობოს.

-ეგ გამორიცხულია. ორლანდი ძმიშვილს არ დაუპირისპირდება, არც ბიჭს და არც გოგოს.

-კარგი, ის არა, მაგრამ მისი ვაჟი?

-ის მითუმეტეს.

-რატომ?

-არ შეგიმჩნევია როგორი თვალებით უყურებს ხოლმე კატარინას? უგონოდაა შეყვარებული.

-შენ საიდან იცი?

-ოდესღაც მეც ვიყავი ამ გრძნობით მთვრალი.

   საპიენტ ნატომერის ცხოვრებაში მართლაც იყო, პერიოდი,როდესაც სიყვარულისგან ფრთაშესხმული მიწას ფეხს არ აკარებდა, ცხოვრება სამოთხედ ეჩვენებოდა და მზის ამოსვლას ღიმილით ეგებებოდა. მისი გული ნათელს მოეცვა და ბოროტება ფეხს ვერ იკიდებდა, მაგრამ იმ დღეს,როდესაც მიწა მიაყარა თავისი ცხოვრების აზრს, ადამიანს რომელიც სამყაროს ერჩვნა,მისი გულიც გაცივდა, მასში ღრმად გაიდგა ფესვი სიავემ და ნათელი წერტილები უმოწყალოდ შემუსრა. ასე იქცა ერთ დროს სიკეთითა და სიყვარულით სავსე საპიენტი ემოციებისგან დაცლილ, სასტიკ ადამიანად.


  • *-ლანდორებში ყოველდღიურად სამი ლოცვა ტარდებოდა,დილის,შუადღისა და საღამოსი.
  • **-ასადონი-მილენიის ულამაზესი კუნძული.
  • ***-მილენი-ფულადი ერთეული მილენიაში.

1 ოქროს მილენი უდრის 1000 ვერცხლის მილენს.

1 ვერცლის მილენი უდრის 100 სპილენძის მილენს

1 სპილენის მილენი უდრის 10 რკინის მილენს.

 

                                                      თავი 4-კორონაცია

   ,,მინისა დედოფლის" მოედანზე უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ხალხი თავის ახალგაზრდა მბრძანებელს ელოდა. ტრადიციის მიხედვით გარდაცვლილი მონარქის დაწვიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ ქვეყანა გლოვას ამთავრებდა და მთავარ ლანდორში მეფის კორონაცია იმართებოდა. ახლა სწორედ ეს დღე იყო.

    იაგელ არნატოდი და მისი ამალა მოედანზე იშვიათი ჯიშის ცხენებით, მდიდრული ეტლებითა და ძვირფასი ტახტრევნებით შებრძანდნენ. ხალხი მხიარული შეძახილებით შეეგება ყმაწვილ მეფეს, ამ უკანასკნელს სახეზე ღიმილი ეფინა და თბილი დახვედრით გახარებულს თვალები უციმციმებდა. მთავარი ლანდორის შესასვლელთან საზეიმო ანაფორაში გამოწყობილი არქილანდი იდგა. მარინიებით მოოჭვილი მისი გვირგვინი მზეზე საოცრად ბრჭყვიალებდა. იაგელი ჩამოქვეითდა,მასთან მივიდა და ხელზე მოწიწებითემთხვია, მოხუცმა იგი დალოცა და ლანდორში შეუძღვა. მეფის თანმხლები ამალაც მათ მიჰყვა. კორონაცია დაიწყო.

       პრინცესა კატარინა ფიქრებში ჩაძირულიყო. უსამართლო კანონი რომ არა,ახლა წესით მისთვის უნდა დაედგათ გვირგვინი. ის ხომ ბავშვობიდან ძმაზე ჭკვიანი,მოხერხებული, გონიერი და ნაკითხი იყო.რამდენჯერ გაუგონია, მისი აღმზრდელებისა და მასწავლებლების ჩურჩული: ,,ეჰ,რა დასანანია, რომ გოგოა, კაცი რომ ყოფილიყო, შესანიშნავი მეფე იქნებოდა“. ჰო, კატარინა არ იყო კაცი და ამიტომ მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოიდგენდა, როგორ ადგამდა არქილანდი გვირგვინს. ბავშვობაში ხშირად იპარებოდა სამეფო დარბაზში და ოქროს ტახტზე ჯდებოდა, ერთხელ დედამისის მოახლემ შეუსწრო და მაშინვე ყველაფერი უამბო თავის ქალბატონს. დედოფალმა ქალიშვილი დატუქსა და ამის  გაკეთება სასტიკად აუკრძალა. ,,ეს შენი ტახტი არაა, კატარინა და არც არასოდეს იქნება, მამაშენს ეკუთვნის, მერე კი მას იაგელი დაიკავებს.“

,,ტახტზე იაგელი ავა.“ ეს სიტყვები ყოველთვის გულზე ხვდებოდა პრინცესას. სამეფოს მბრძანებელი მისი ძმა უნდა გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერებას მაზე ადრე თვითონ მოევლინა. იმის გაცნობიერება, რომ ქალად დაბადების გამო იჩაგრებოდა, კატარინას საშინლად აბრაზებდა და მოსვენებას უკარგავდა, თუმცა ძმა მაინც ძალიან უყვარდა და მასზე არასდროს გაბოროტებულა. რა იაგელის ბრალი იყო კანონის ასეთი უკუღმართობა. ახლაც, მისი ყურებისას, გულში სითბო ეღვრებოდა, მაგრამ ამ სითბოს მაინც ერეოდა უსამართლობის მწარე შეგრძნება. კატარინას ფიქრთა ძაფი გალობამ გაუწყვიტა.მგალობლებმა ტკბილი ხმით დაიწყეს ზღვის ღმერთის დიდება.კორონაცია დასასრულს უახლოვდებოდა. ლურჯ ანაფორაში გამოწყობილმა ლანდმა* არქილანდს წითელ ბალიშზე დადებული სამეფო გვირგვინი მიუტანა, მოხუცმა აიღო და ის იყო მეფისთვის უნდა დაედგა თავზე, რომ წაბორძიკდა და ხელიდან გაუვარდა. ყველამ შეცბუნებულმა გადახედა ერთმანეთს, დედოფალი გაფითრდა. იაგელიც აღელდა, მაგრამ ცდილობდა არ შემჩნეოდა. არქილანდმაც შეშფოთებული სახე მიიღო. ლურჯანაფორიანმა ქურუმმა  გვირგვინი აიღო და სასულიერო ლიდერს გაუბედავად მიაწოდა, კორონაციის სიმბოლო ამჯერად  ახალგაზრდა მეფის თავზე აღმოჩნდა.

-ულანდორმა დალოცოს ჩვენი მბრძანებელი! დიდება მეფეს!

-დიდება მეფეს! - გაიმეორეს სხვებმაც და თავები დახარეს.