ბეტონების იქით
ბეტონების იქით
სამრეკლო საკმაოდ შორს იყო ჩვენი კელიისგან, თუმცა ხმა იმდენად მძაფრი და ჟღერადი იყო, რომ ასე მეგონა, ყურზე პატარა ანგელოზი მეჯდა, რომელიც სპეციალურად ჩემთვის უკრავდა ზარებს. საწოლიდან სწრაფად წამოვდექი, დაშვებული შეცდომა გამოვისყიდე და ქურთუკი მოვიცვი, რომ არ შემციებოდა, ონკანისკენ წავედი, წყლის წამოსვლას დიდი ძალდატანება სჭირდებოდა, თითქოს დევის ისტორია, რომელიც დაპატრონებულია წყალს, წამიერად გაცოცხლდა და ჩემს რეალობაში ჰპოვა ასახვა.
ჭირვეულობით დავიბანე ხელ-პირი, გამოვიხეხე კბილები და ვეცადე ერთიორჯერ კიდევ შემესხა წყალი სახეზე, რომ სასწრაფოდ გამოვფხიზლებულიყავი. მორჩილი ანტონიც ფეხზე იყო, მელოდებოდა როდის მოვრჩებოდი ჩემი დილის რიტუალს და როდის დაიწყებდა ის - მისას.
გადავწყვიტე დავლოდებოდი და მასთან ერთად წავსულიყავი დილის ლოცვებზე, რადგან ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო. ფაქიზად და შეუმჩნევლად ვაკვირდებოდი მის თითოეულ მიხვრა-მოხვრას, ანაფორის დეტალებსა და მის წვერს, რომელიც სადაცაა ჩაყლაპავდა მის სახეს.
მორჩილ ანტონს მშვიდი და სანდომიანი ხმა ჰქონდა, სიტყვები გარკვევით მესმოდა, თითქმის ერთ ტონალობაში საუბრობდა და არ მიჭირდა აღქმა. მისი ცისფერი თვალები უსასრულო ოკეანეში იყვნენ ჩაფლულნი და “ღლაპი მე”-ც კი ვგრძნობდი, რომ რაღაც სტკიოდა, დარდი სჭამდა და ამ ყველაფერს მისი ცხოვრების გადაწყვეტილებასთან ვაკავშირებდი: “ალბათ, რაღაც მოხდა და ამიტომ გადაწყვიტა მონასტერში წამოსვლა”, - ვფიქრობდი და მასთან თითოეული დიალოგი მიმტკიცებდა ამ ვარაუდს.
ანტონი მორჩა თავის რიტუალს, მოიწესრიგა ანაფორა, შეისწორა სკუფია და გამიხმო ლოცვისკენ. დღის გეგმაზე საუბრით ანტონმა უხერხული დუმილისაგან იხსნა ჩვენი ურთიერთობა:
- ლოცვა 6-ზე დაიწყება, 9-სკენ დამთავრდება. ლოცვის შემდეგ მე სანთლების გასაკეთებლად მივდივარ და თუ გინდა წამომყევი, თან მიყურებ, თან გასწავლი, რთველში ხო ხარ ნამყოფი? - დავუქნიე თავი, - ხოდა, როგორც ჩურჩხელებს აკეთებენ, ეგრე ვაკეთებ სანთლებსაც. მგონია, რომ მოგეწონება, სახალისოა, თან საპასუხისმგებლოც, ჩვენი გაკეთებული სანთლები სხვადასხვა ტაძრებში მიაქვთ, ამიტომ, უნდა მოვინდომოთ, ჩვენზეც არის დამოკიდებული ვიღაც რომ სამებაში სანთელს დაანთებს და ღმერთს რამეს შესთხოვს, ეგ შესრულდება თუ არა! - და აუტყდა სიცილი, მეც ავყევი, შეიძლება იმიტომ, რომ გავიაზრე მისი ხუმრობა, შეიძლება იმიტომ, რომ მან გაიცინა და უბრალოდ ავყევი.
ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა ლოცვა, რომ გამეგო როგორ კეთდება საეკლესიო “ჩურჩხელა”.
ანტონმა ჩემთვის ნაცნობი გზით არ მიმიყვანა ტაძრამდე, რეალურად, ეს უფრო მოკლე და მარტივი გზა აღმოჩნდა, რომლის გავლაც, თურმე მონასტრის ვიზიტორი ქალებისთვის აკრძალული ყოფილა - გვირაბი, რომლის შიგნითაც კედელში ამოღრუტნული კვადტრატისებრი დახურული სივრცეებია, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი სანახაობად იქცა. ამ კვადრატისებურ სივრცეებში ძვლები(რომელზეც ანტონმა მითხრა, რომ მონასტრის ასკეტი ბერების ძვლები იყო) მოეგროვებინათ და სპეიცალური შუშით დაეფარათ, გვირაბის გასავლელად 3-4 წუთი იყო საჭირო, თუმცა ჩემმა ცნობისმოყვარეობამ და ადამიანის ძვლების პირველად ხილვამ ცოტა მეტი დრო წაიღო. ანტონმა დამაჩქარა და გადავწყვიტე თავისუფალი დროისთვის გადამენახა სანახაობის დეტალურად დათვალიერების სიამოვნება.
მივაღწიეთ ტაძრამდე და პირდაპირ შევიჭერით შიდა სივრცეში, რადგან ჩემ გამო ლოცვაზე დავაგვიანეთ და ყველა - მორჩილი, ბერი თუ სტუმარი - შიგნით იყო. მე და ანტონი ტაძრის მარჯვენა კუთხეში ავიტუზეთ, რომ არავის შეემჩნია ჩვენი დაგვიანება, ის მყარად მოთავსდა კედლის მხარეს მე კი მას ამოვუდექი გვერდში, თვალებით დამიანესა და ლუკას ძებნა დავიწყე, მინდოდა, რომ მასთან გამოლაპარაკების საშუალება ისევ მქონოდა, ლუკას გაცნობისკენ დიდად არც მივილტვოდი, რადგან მეგონა, რომ დამიანესთან დროის გატარება ჩემთვის საკმარისი იქნებოდა. დამიანე ვერ ვიპოვე, შეიძლება ზევით იყო ასული და ქერუბიმების გუნდთან ერთად კითხულობდა ლოცვას, მაგრამ ხომ გამაფრთხილებდა გუშინ?
ცოტახანი ვცდილობ, რომ ლოცვაზე ვკონცენტრირდე და მერე გარეთ გავალ, რომ არ იფიქრონ მოვალეობის მოხდის მიზნით მოვიდაო. ასეც ვიქცევი, მედავითნეების მცირე ვერბალურ პაუზას ჩემს სასარგებლოდ ვიყენებ და ჩუმად მივიპარები გარე სივრცისკენ, სადაც ხის გრძელი სკამი, განთიადი და მძიმე სუსხი მელოდება. მზე უკვე ამოძრომას ცდილობდა, რასაც ცაზე ერთმანეთში აზელილი იისფერი, ვარდისფერი და ლურჯი ფერის კონტურები ამცნობდა სამყაროს - ეს პეიზაჟი იმ მხატვრის პალიტრას ჰგავს, რომელიც მთელ ღამეს თეთრად ათენებს, რომ თავისი ნამუშევრის ერთი მცირე დეტალი დაასრულოს.
ლოცვის ხმები ისევ გასდევს საუნდტრეკად ცისკარს, მე ვიყურები ჰორიზონტისკენ, რომ მზის ამოსვლის ერთი კადრიც კი არ “გავმაზო”, ვუყურებ ცას და მგონია, რომ იქ, სადაც ჩემი თვალთახედვის არეალი სრულდება, სრულდება ცაც და სრულდება ქვეყანა - საქართველოც, იმის შემდეგ კი იწყება ახალი ცა და ახალი ქვეყანა, ასე მეგონა დიდი ხანი, ვიდრე გეოგრაფია ჩემი საყვარელი საგანი არ გახდებობდა - ვფიქრობდი, რომ ყველა ქვეყანას თავისი ცა ჰქონდა, როცა ეს ცა მორჩებოდა დიდი კედელი ჩამოეშვებოდა, რომელიც გვამცნობდა, რომ “იწყება ახალი ქვეყნის ცა!”, ქვეცნობიერში ალბათ ეს ყველაფერი საზღვრების აღქმის სიმბოლო იყო, ასე აღიქვამდა “ღლაპი მე”-ს გონება აეროტორიას.
ჰორიზონტის ხაზზე ნელ-ნელა თავს ყოფს მზე, არღვევს მას და მძიმედ ამოაქვს ტანი, ამასობაში ცისკარი განთიადად, ხოლო განთიადი - რიჟრაჟად იქცევა, რიჟრაჟი ვარდისფერ და იისფერ ფერებს აძევებს ცის სამყაროდან და მონოტონურად რჩებიან ყვითელი და ლურჯი, განუყრელი მეგობრები, მარტო. ამასობაში დილა იწყება, მე კი მთელი ეს პერიოდი გარეთ გავატარე, თავს ვიდანაშაულებ, რომ ტაძარში ამდენი ხანია არ შევსულვარ და გამოვეკერე ცას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს შიგნით იდგები თუ გარეთ, ლოცვის ხმა მთელ ეზოს არის მოდებული, ყველა სივრცე აქვს დაკავებული და სულ რომ კელიაში ჩაიკეტო, მგონი, მაინც მოაღწევს შენამდე. ისიც კი ვიფიქრე, იქამდე თუ მოვა ხმა, ბარემ ხვალ აღარ ავდგები, საწოლიდან მოვუსმენ ლოცვებს-მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი, რომ აქ საქმე კომფორტის დათმობის ხარჯზე ტაძრის შიდა სივრციდან ლოცვის მადლის ზიარებაში იყო. თანაც მედავითნეებს ფიზიკური მხარდაჭერა სჭირდებოდათ, შენ საწოლში იკოტრიალო, ვიღაცამ ლოცვა გიკითხოს და ეს “მადლი” ამ ფორმით გაგიზიაროს, ცოტა უსამართლობასთან გვაქვს ხო ადგილი?!
ნამუსი მაწუხებს და ტაძარში ვბრუნდები, თანაც დილა ისე არ მიყვარს, როგორც “გადილავების” პროცესი და თავს უფლებას ვაძლევ მოვწყდე აქაურობას. Სუმად ვიძურწები ტაძარში და ვატყობ, რომ ადამიანების რიცხვმა მოიმატა, რატო არა, გამოიძინეს და როცა მიხვდნენ, რომ ეყოთ და საკმარისი ძილის რესურსი ჰქონდათ კუზში ჩაგროვებული, მაშინ მოვიდნენ, მე ვიკითხო, მწყემსივით სტარტზე რომ ვიყავი დილის 6 საათზე.
დავიწყე დამიანეს ძებნა, იქნებ ისიც გამოძინებულთა ნაკადს მოჰყვა-მეთქი, გადავუარე მთელ შიდა სივრცეს თვალები, ვიპოვე იოანე, დამიანეს გუშინდელი კომპანიონი და მაღაზიის გამყიდველი, რომელიც საკურთხეველზე იყო დამხობილი(ალბათ, ამ წამს მოვიდა, ვიფიქრე), ვიპოვე ანტონი, რომელსაც ადგილი შეეცვალა და მარცხენა მხარეს რამდენიმე მორჩილთან ერთად განიხილავდა რაღაცას, ხელის ჟესტებს ხშირად იყენებდა, შეიძლება რამე მნიშვნელოვანს განიხილავდნენ ან მისი გაკეთებული სანთლები არ მოეწონა ვინმეს და ის გაბრაზდა.
ვეძებ დამიანეს, ისე, თითქოს სნაიპერი მეჭიროს და სამიზნის მოსაძებნად ყველას ვუშვერდე “პრიცელს”, ჩემმა სამიზნემ ამჯერად იმუშავა და დამიანე აღმოაჩინა, ის კანკელის გასწვრივ, ტაძრის უკიდურეს მარჯვენა მხარეს პირველ ხაზში იდგა, უკნიდან ბოდიბილდერს წააგავდა, გუშინ მას უკუნითში ვუყურებდი და მხოლოდ სილუეტებს ვხედავდი, დიდად არც მისი სახის ნაკვთები შემისწავლია და არც მისი მიხვრა-მოხვრა. დამიანე ექსტროვერტი იყო, ჩემი დაკვირვების ხანგრძლივობისას დამიანემ რამდენიმე ადამიანთან ძალიან ახლობლური ურთიერთობა დაამყარა, ვაკვირდებოდი მას და მის გარშემომყოფთ და ვგრძნობდი, რომ თითოეულ მათგანს სიამოვნებდა დამიანესთან ყოფნა, მეტიც, ერთმანეთს ებრძოდნენ, რომ რამენაირად გაეტანათ სიტყვა დამიანესთან დიალოგში.