ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

უკანასკნელი დღეების პატრიარქი

უკანასკნელი დღეების პატრიარქი

- რაზე, მამაო? - წამოწითლდა სარდიონი და ქვემოთა ყბა წინ წამოწია - ასე შვრებოდა ხოლმე, როცა ნერვიულობდა.

- მე ის ფული ჩემს ოჯახს, ეკლესიას და ქრისტეს მოვაკელი, ხომ ხვდები. თანაც საქმე კაპიკებს არ ეხება, თორემ ძუნწი სულაც არ ვარ. შენს სიძეს სანთლის ხარისხი გაუფუჭდება, თუ ფული არ შემოვა ჩვენთან. ის ფული, რაც მოგეცი, ეკლესიის ფული იყო - აბა, ჩემი ხომ არ იქნებოდა? მე უპოვარი ვარ, ხომ გესმის, - შეუპოვრად ცრუობდა, სახეზე ნერვი არ უტოკავდა, - მე ვიღაცა რაღაცას მაჩუქებს და იმით ვცხოვრობ. ჩათვალე, ტაძარმა გამომგზავნა, მიდი, დაელაპარაკე, რომ იქნებ, მალე დამიბრუნოსო ჩემი კუთვნილი ფული.

- მე, მამაო, უბრალოდ...

- ვიცი, სარდიონ, - გააჩერა დიმიტრიმ. აქ იმისთვის არ მოსულიყო, რომ სხვების საუბარი ესმინა - თვითონ უნდა ელაპარაკა, - გხედავ, როგორ მიჯაჭვულხარ საწოლს. ეს ყველაფერი გაივლის. შენი რწმენა ახლა გამოცდას გადის. ვიცი, რომ გულწრფელი ქრისტიანი კაცი ხარ, ამიტომაც გაძლევ მეორე შანსს - მეც, როგორც გულწრფელი ქრისტიანი კაცი - მეორე შანსს იმისთვის, რომ დამიბრუნო ის ფული. უფრო სწორად, ეკლესიას დაუბრუნო. ოღონდაც, გაიგე, იმდენი დრო გავიდა, რომ ის დაბრუნებული ფული, რომელიც არც იმდენი იყო, რომ საჭირო საქმისთვის დახარჯულიყო და არც იმდენი, რომ მომავლისთვის შეგვენახა, გაუფასურდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ, კი, ორიათას ხუთასი თუ, ასე, სამ ათას დოლარამდე დაბრუნებული გაქვს, - არადა, რა თქმა უნდა, ზუსტად იცოდა, რომ სამი ათას ასი დოლარი დაუბრუნა ლომოურმა, - მაგრამ აწი ისევ ხუთ ათასს დააბრუნებ. ჩათვალე, საერთოდ არ გადაგიხდია. ესაა ჩემი მეორე შანსი და შენი რწმენის გამოცდა, რომელიც, დამიჯერე, ახლა და ასეთ მდგომარეობაში შენთვის გადამწყვეტი იქნება.

- რას ქვია! - შემოვარდა ოთახში თამარა, - როგორ ეუბნებით ხეიბარს ამას?! როგორ უნდა გადაგიხადოთ ამ საცოდავმა?! ნუთუ, სინდისი არ შეგრჩათ?!.

მამა დიმიტრიმ სიტყვა ,,სინდისი“ გაიგო თუ არა, წარბები შეკრა, საწოლს ორივე ხელი დააყრდნო და ფეხზე წამოდგა. დიდი ხანი არიდებდა თვალს თამარას, თითქოს მთელ თავის გამანადგურებელ ძალას იკრებდა, მერე კი ზევიდან დახედა. დაახლოებით, მეტრი და ოთხმოცდაათი სანტიმეტრი იყო, თუმცა კიდევ უფრო მაღალი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თანაც - შავებში. ასე ზევიდან დახედა ქალს თავისი განმგმირავი ნაცრისფერი თვალებით, ძველი აღთქმის ღმერთის რისხვით სავსე თვალებით, კბილები კბილებზე მიაბჯინა, მერე ყბა გაათავისუფლა და პირველივე მოწყვეტილი აზრი სიტყვებად გამოუშვა:

- აღიარე ვალი, - თამარას მიმართულებით გაიჭრა სიტყვები.

მარუშიძეს უცნაურად ეჩვენა ეს სიტყვები, ცოტა არაბუნებრივადაც კი, მაგრამ მაინც ძლიერმოქმედად. თავი მართლა ძველ აღთქმაში ეგონა. ქვევიდან ისიც ჯიქურ უყურებდა მამაოს და არაფერს თმობდა.

- არა, - ზიზღით თქვა მარუშიძემ და თავი ეშმაკეული ეგონა.

- აღიარე ვალი, - იმეორებდა მამა დიმიტრი ზუსტად იგივე ტონით, ზუსტად იგივე ტემპში, იგივე ხმითა და გამომეტყველებით.

კარზე ამ დროს ორი მოკლე კაკუნი გაისმა და მერე სახელურიც ჩამოიწია. ოჯახი უცებ ჟივილ-ხივილმა მოიცვა, როცა ზღურბლზე გია ნინიძემ, მარიკა ლომოურმა და მათმა ორმა შვილმა გადმოაბიჯა - გიამ და მარიკამ გადაწყვიტეს, ქალაქგარეთ გასულიყვნენ ორი დღით მარტოები, და შვილებს ბებია-ბაბუას უტოვებდნენ იმ დღეს. ქურთუკს იხდიდა გია, როცა ყნოსვით იგრძნო, რომ ირგვლივ დაძაბულობა იყო. მხიარული სახე შეეყინა და თითქოს მხიარულადვე დარჩა, მაგრამ უბრალოდ ემოციის შეცვლა ვერ მოასწრო, როცა სასტურმო ოთახში შევიდა და საწოლში აწითლებული სარდიონი, სახედაგრეხილი თამარა და წარბშეკრული მამა დიმიტრი დაინახა. სარდიონი უცბად ისე გაწითლდა, ერთი გაფიქრება ყველამ იფიქრა - დიმიტრიმაც კი - ისევ ხომ არ ჩაექცაო სისხლი, თუმცა გონზე იყო, და გონს რაც შეეხება, გიაც ძალიან მალე მოეგო - თამარას მხარზე ხელი მოხვია, უთხრა, დამშვიდდიო, მერე მამაოსთან მივიდა და უმორჩილესად სთხოვა, გვერდზე ოთახში გასულიყვნენ.

- მამაო, რა ხდება, მითხარით, გთხოვთ, - ანერვიულებული გია ნინიძე მაინც სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.

- შენ არ იცი, გია, მაგრამ გეტყვი, რომ სარდიონს ვალი ჰქონდა ჩემი - ხუთი ათასი დოლარი, - უთხრა დიმიტრიმ. პირდაპირ გასაოცარი იყო, როგორ არასდროს ეცვლებოდა ტონი, - ნახევარიც არ გადაუხდია, როცა ეს უბედურება შეემთხვა, მაგრამ ეგ ფული, შენც გეუბნები, ეკლესიის იყო და, ვინც ეკლესიას ფულს პარავს, ის ღმერთის მტერია. ყველანაირად მშვიდად ავუხსენი და, შენი სიდედრი რომ არ შემოვარდნილიყო, იქნებ, რამე შეთანხმებისთვისაც მიგვეღწია, მაგრამ...

- ჰო, თამარა ცოტა მოუთმენელი ქალია, - ძალით დაეთანხმა გია.

მამა დიმიტრი დუმდა, გიას უყურებდა და თვალებით ჭამდა. ნინიძე, თავის მხრივ, იდგა და ისიც მიყუჩებულიყო, და ამ მიყუჩებაში იკითხებოდა როგორც უკმაყოფილება, ისე - შეცოდება. საბოლოოდ, შეცოდებამ სძლია - ოღონდაც, რა თქმა უნდა, სიდედრ-სიმამრის შეცოდებამ - უკმაყოფილებას, და თავისი აზრი დიმიტრის გაანდო:

- მამაო, - უთხრა, - თუ გაწყობთ, ჩემი ყოველი შემოსავლიდან რაღაც პროცენტი აიღეთ. ასე გადავიხდი ჩემი სიმამრის ვალს, ოღონდ, გთხოვთ, უნდა იცოდნენ ჩემმა ოჯახის წევრებმა, რომ თქვენ მისი ვალი უარყავით.

- ბატონო?! - ოდნავ ხმას აუწია დიმიტრიმ. - ესე იგი, პირდაპირ ვუთხრა, რომ დამიყოლიე?

- თქვენთვის ხომ მთავარი ისაა, რომ თანხა მიიღოთ, - ხმას კიდევ უფრო დაუწია ნინიძემ, - ჰოდა მიიღებთ, თუ გაწყობთ ასე, როგორც ვთქვით. სულ ასეთ ამბებში არიან ესენი - ხან ვინაა ცუდად, ხან ვინ კვდება, ხან ვის აქვს ვალი, ხან სად გადადიან... თამარაც კი, დამიჯერეთ, წკიპზეა - ხომ შეამჩნიეთ, როგორ ვერ იკავებს თავს. ახლა ამათთვის ის აჯობებს, რომ ბევრი რამე არ იცოდნენ - თავიანთიც ჰყოფნით. იქნებ, შეიცოდოთ. შეგპირდით და, აგერ, მე გადავიხდი მათ ვალს.

ალბათ, თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, მამა დიმიტრის მთელი კაცობრიობა ეზიზღებოდა, მაგრამ ახლა ეს მდაბიოები, ამ სიტყვის ყველაზე უფრო საზიზღარი მნიშვნელობით, გულს ურევდნენ.

- კარგი, - დათანხმდა ბოლოს, - ოღონდაც იცოდე, მე ამათ არ ვეტყვი, რომ ჩემი ვალი აღარ აქვთ. შენ უთხარი. ჩემი პირით ამ სიტყვებს არ გავაგონებ.

- ვეტყვი, კი, ვეტყვი, მამაო. მადლობა დიდი, - თავი დაუხარა გიამ. დიმიტრიმ წამით დაადო თავზე ხელი, მერე ზიზღით მოაცილა.

მამა დიმიტრი სასადილოს მხრიდან გავიდა შემოსასვლელში და იქიდან - გარეთ. გია ნინიძემ, რომელმაც კარი გაუღო, სადარბაზოს გასასვლელამდეც მიაცილა.

- ჩემი ნივთებია ზევით. ჩამომიტანე, - უთხრა დიმიტრიმ და დაელოდა.

ნინიძემ ზუსტად ერთ წუთში მოაგროვა ყველაფერი და მამაოს ჩამოურბენინა, მერე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და, ბოდიშის მოხდით, ისევ უკან აბრუნება დააპირა. დიმიტრის ბევრი მშვენიერი იდეა მოუვიდა გონებაში - განსაკუთრებით მაშინ, როცა დაინახა, როგორ ჩამოუცუნცულა ნივთები ნინიძემ. სახეზე ძლივსშესამჩნევი ღიმილი ეფინა და ცდილობდა, მთელი პირი არ გაწელვოდა. ნინიძეს ხელიც კი ჩამოართვა, წარმოიდგინეთ, მერე უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას. გია ნინიძე ხელის ჩამორთმევამ ძალიან დააბნია - ასე არასდროს არავისთან უქნიაო, გაიფიქრა, მერე, ძველ ფიქრებს დაბრუნებულმა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ისევ დაბრუნდა უკან, მისი ცოლის მშობლების სახლში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე თავი

ცისკრის ვარსკვლავი

მამა დიმიტრის სხეულის საშუალო ტემპერატურა მისი მრისხანების პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა და კვირას, შუადღეს, კანკალმა აიტანა. ეს იყო ჩამოუყალიბებლობის კანკალი - ვერ გაერკვია, ზემოთხსენებული მრისხანების გამო იყო ასე ცუდად, თუ დამცირების, თუ პრობლემის ვერგადაჭრის, თუ შეურაცხყოფის და სხვა კიდევ მრავალი მიზეზის გამო.

არ ვიცი, მიხვდით თუ არა, ამიტომ მე გეტყვით: მამა დიმიტრისა და გია ნინიძეს შორის კიდევ ერთი შელაპარაკება მოხდა. ნინიძის მიერ მიცემული პირობის აღსრულება უნდა დაწყებულიყო - ესე იგი, მისი იმდღევანდელი შემოსავლის რაღაც პროცენტი მამა დიმიტრის უნდა მიეღო - როცა მესანთლემ უსირცხვილოდ გამოაცხადა, დღეს ვალისას ცოტა ნაკლებს გადავიხდი და შემდეგ კვირას შევავსებ ამ დანაკლისსო. იმდენად არ ელოდა დიმიტრი პირველივე კვირას შეთანხმების დარღვევას, რომ ხმაც კი არ გაუცია, სახე გაეყინა, მის შიგნით კი ცეცხლის ენები მძვინვარებდნენ. მაშინ, როცა სარდიონ ლომოურთან შელაპარაკება განმუხტა ნინიძემ, მამაოს ერთი მშვენიერი იდეა დაებადა - გაასტუმრებინებდა მესანთლეს ვალს სრულად, მერე კი მოიშორებდა, სამსახურიდან გაუშვებდა და ვინმეს იპოვიდა მის შემცვლელად, ვინმე ცოტათი ნაკლებად ბუნტისთავს, მეტად მორჩილს და არც ისე გონებაგამჭრიახს. თუმცა, თუ ნინიძე ასე აპირებდა გაგრძელებას, დიმიტრის ამ გეგმის აღსრულება გაეწელებოდა, ეს კი არ უნდოდა. უკვე თითქმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რომ გიასთან ერთად აღარ ყოფილიყო აღარანაირ საქმეში.

,,შეიძლება, ვაჭარბებ, - ფიქრობდა დიმიტრი იმ ღამით, ლოგინში მოწრიალე და ოფლით შუბლგაწუწული, - შეიძლება, ჩემი ნერვები აღარც ისეთი მტკიცეა. ხელები მღალატობს, სხეული გამცემს“. პირველი საათი იყო, მამაო საკუთარ ლოგინში ვერ ისვენებდა. თვალებს როცა ხუჭავდა, ვერ იძინებდა, მაგრამ, როცა ახელდა, ბუდეები სტკიოდა. შუალედური მდგომარეობა არ არსებობდა. ადგა, შუქი აანთო, ძილის წინა ლოცვებიც წაიკითხა, სიცხეც გაიზომა, მერე ისევ დაწვა, თუმცა ამ პატარა გადაადგილების დროს თურმე ენერგიაზე მოსულიყო. რა უცნაურიაო სხეული, გაიფიქრა, როცა უნდა დაიღალოს, მაშინ წამოენთება ხოლმე, და როცა მზად უნდა იყოს, მაშინ მომჩვარდება, ლამის სიკვდილამდე მოდუნდებაო. საბანი გადაიხადა, მუხლები მოკეცა და ჭერს მიაშტერდებოდა, მის ადგილას სრული სიბნელე რომ არ ყოფილიყო. უცებ თვალწინ ნინიძის სახე დაუდგა და იღლიები ისე გამოუსველდა, თითქოს შიგ ჩააწურესო, ვთქვათ, ძმრიანი ღრუბელი. დაახლოებით, ნახევარ წუთში მამა დიმიტრი მთლიანად ოფლის გუბეში იწვა. სუნთქვა გახშირებოდა და ძვლები ატკიებოდა. წამით გაიფიქრა, ცოლს დავუძახებო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. ლოგინიდან წამოიჭრა, ბარბაცით მივიდა ჩამრთველთან და ოთახი გაანათა. სარკეში მისი სახე საქონლის ხორცის ნაჭერზე უშნოდ დაკიდებული ქონივით თეთრი იყო და მზის გულზე მომუშავე კაცის მკერდივით სველი, შუბლი კი ისე შეეჭმუხნა, რომ წარბები ლამის ერთმანეთზე ედებოდა. თვალები გიჟისას მიუგავდა და ერთიანად კანკალებდა. რა იყო ეს? პანიკური შეტევა? რამე ვირუსი? იქნებ, კორონავირუსი, რომელიც მისი პიკის პერიოდში არ გადაეტანა დიმიტრის, და რომელიც დღემდე შიშის ზარს სცემდა გარკვეულ წრეებს? შურისძიება უნდოდა, გია ნინიძის განადგურება, ტალახში ამოსვრა, შეფურთხება ანდაც ქვით ჩაქოლვა, როგორც ძველ აღთქმაში. ძველი აღთქმა უფრო უყვარდა მამა დიმიტრის, ვიდრე - ახალი. იაჰვე იყო მისი ღმერთი, მძვინვარე, ცეცხლოვანი, ქალაქების გამანადგურებელი, ბავშვებისა და უდანაშაულოების მომნელებელი, ეჭვიანი, რომელიც ვერ იგებდა იობის უბედურებას, რადგან საკუთარ დიდებულებას ანახვებდა მას, შვილებს ართმევდა და აძლევდა, მამულს უქრობდა და უჩენდა. დიმიტრი ასეთი ღმერთის წარმოდგენამ ცოტა დაამშვიდა და ძვლების ტკივილი ჩაუცხრო. საკუჭნაოში დაეშვა, კონიაკი სამზარეულოში გამოიტანა და დაისხა. ორი ჭიქა გადაკრა, მერე საყინულე გამოაღო და ყინულის კუბიკები გამჭვირვალე ჭიქაში ჩააგდო, ზედ კი წყალი დაასხა, რომ მალე გაცივებულიყო. დაჭიმულობა მოეხსნა, თუმცა ფეხებზე შესცივდა - ფეხშიშველი იყო - და ტუალეტში მოუნდა. საქმე რომ მოითავა, ცივი წყალი მთელ სახეზე შეისხა და თავის ფითრ, ნატანჯ სახეს შეხედა, რომელიც ძალიან ესიმპათიურა. ტანჯვა მიხდებაო, გაიფიქრა და, სანამ თავის ოთახში დაბრუნდებოდა, სასტუმრო ოთახში, ტელევიზორის ქვეშ ერთ-ერთი უჯრის კუთხეში პატარა კოლოფში საგანგებოდ გადანახული ორი ღერი ,,უინსტონიდან“ ერთი აიღო. თავის ოთახში ამავალ კიბეებზე გაიფიქრა, სანთებელა დამავიწყდაო, და ისევ კანკალს მოჰყვა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ საწოლის გვერდით, ტუმბოზე, ხატებთან საკმეველი ედო, ზედ კი - ასანთი, და დამშვიდდა. რა მჭირსო, შეშინებულმა გაიფიქრა და უეცრად გამოცლილი ენერგიით შეაღო ოთახის კარი. როცა სიგარეტს პირში იჩრიდა, დაინახა, რომ თხელი თითები ჯერ კიდევ უკანკალებდა. ასანთი აიღო და ფანჯარა გამოაღო, მერე კი ისე დადგა, რომ გარედან არ გამოჩენილიყო - ყოველი შემთხვევისთვის. ასანთს რომ გაჰკრა, ცეცხლი ავარდა და სახე გაუნათა, რომელიც ფანჯარაში მკვდრის სახესავით აირეკლა. დიმიტრის ხელიდან გაუვარდა ასანთის ანთებული ღერი, მაგრამ მალევე მოვიდა გონს და ჯერ ფეხი დააბიჯა, რომ ჩაექრო, შემდეგ კი ფანჯრიდან მოისროლა. ამჯერად ფანჯარასთან ზურგით დადგა, მაგრამ რამდენიმე ცდის მერეც კი ვერ გაუკიდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ნერვიულობდა და უარესად ხდებოდა. ბოლოს ტირილიც დააპირა, მაგრამ ფანჯარას საკუთარი ნებით გაუსწორა თვალი, წარბები ისევ შეჭმუხნა და მკაცრად შეხედა საკუთარ ანარეკლს. ხელი გაიმაგრა, ასანთს გაკრა და აანთო. ამჯერად ცეცხლის ნათებამ მის სახეს მხოლოდ ცეცხლოვანება მიანიჭა, სხვა - არაფერი. სიგარეტს მოუკიდა და პირველი, გოგირდიანი ნაფაზი ხარბად შეისუნთქა. ნელა ეწეოდა, დიდ ნაფაზებს ურტყამდა და ქაღალდის წვის ხმაზე მშვიდდებოდა. ცას უყურებდა - უღრუბლო იყო, ვარსკვლავებით გაჭედილი, და ერთი ვარსკვლავი აქტიურობდა ყველაზე მეტად, ყველაზე კაშკაშად ანათებდა. დიმიტრის მოეჩვენა, რომ ზედმეტადაც კი. ვენერა იცნო. ნუთუ, უკვე თენდებოდა? მობილურის ეკრანს დახედა - სამი საათი და ცამეტი წუთი იყო. დიმიტრიმ არ იცოდა, ამ დროს ანათებდა ცისკრის ვარსკვლავი თუ უფრო გვიან, ამიტომ ყურადღება არ მიაქცია და ,,უინსტონს“ კიდევ ღრმა ნაფაზი გამოარტყა. რცხვენოდა, რომ თავს ვერ აკონტროლებდა, და იმისიც რცხვენოდა, რომ სიგარეტი მოწია. ლეგენდა გაახსენდა თამბაქოზე: როცა იესო ქრტისტე დედამიწაზე იყო, მას ყველა მცენარემ დაუხარა თავი და მორჩილება აღუთქვა, თამბაქოს გარდა; მივიდა იესო და უთხრა თამბაქოს, დახარეო თავი, მაგრამ თამბაქომ უარი უთხრა, ამის გამო კი ის დაიწყევლა. მამა დიმიტრის არ სჯეროდა ამ ლეგენდის, თუმცა ფიქრობდა, რაღაც სიმბოლური უნდა იყოსო ამ ამბავში. სიგარეტი რომ ჩაიწვა, ნამწვი სამ თითს შორის მოიქცია, შუა თითი გაკრა და თავისი სახლის ღობის მიღმა მოისროლა. ამ სამი თითით ვიწერო პირჯვარს, გაიფიქრა მერე. ,,მამა, ძე და სულიწმინდა, - თითებს აკვირდებოდა, - მაგრამ არ ვიცი, რომელი რომელს აღნიშნავს.“ ის იყო, ძილი მოერია და მოცემული შანსის გამოყენება გადაწყვიტა, რომ საკუთარმა ანარეკლმა ფანჯარაში თვალი მოსჭრა, ოღონდაც ამჯერზე არა იმიტომ, რომ ან შემაშინებელი იყო, ან რამე მსგავსი, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტად განათებული ეჩვენა. ცას გახედა. ვენერა სულ მთლად გათავხედებულიყო, მთვარეზე უფრო კაშკაშა და სიდიდითაც მეტი ჩანდა. დიმიტრის თვალი გაუშტერდა - ეჩვენებოდა, თითქოს ვარსკვლავი უფრო და უფრო ახლოვდებოდა, მისკენ მოძრაობდა. რამდენიმე წამი დასჭირდა ცისკრის ვარსკვლავს იმისთვის, რომ მთელი ცა მოეცვა და დიმიტრი დაებრმავებინა. მამაომ მკლავი თვალებზე აიფარა დასაცავად, მაგრამ სინათლეს მაინც ვერ გაუძალიანდა. ყვირილი უნდოდა და, ალბათ, იყვირებდა კიდეც, რომ მოესწრო, თუმცაღა, როგორც უკვე მიხვდებოდით, ვერ მოასწრო. გონება დაკარგა და გაითიშა.