წარმოდგენა #2
წარმოდგენა #2
- თუ ჩვენი გალაქტიკის გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ვერა.
- არის ლოგიკა მაგაში, მაგრამ შეგახსენებ, რომ ახლა ჩვენი გალაქტიკისგან ძალიან შორს ვართ.
- ჰო, ვიცი. არ გადავიდეთ? - გორამ გასასვლელ კიბესთან ლუქი ფრთხილად შეაღო.
- დამაცა, ცოტა აზრზე მოვიდე. ის რა არის გორა, შეხედე! - მატიამ ისე შესძახა, ცხადი იყო რაღაც უჩვეულო ხდებოდა.
- სად? - გორა მატიას აჩქარებით მიუახლოვდა - ჰოო, მგონი გვიპოვეს.
- ეგ მაგათი ხომალდია? - თითით მიანიშნა მატიამ მოძრავ აპარატზე.
- ალბათ, უფრო კერძო მანქანაა.
- გვიახლოვდება! - ისევ შესძახა მატიამ - ღმერთო, რა აყლაყუდაა.
- რაც მთავარია, ადამიანის იერი აქვს, - გორა შედარებით მშვიდად გამოიყურებოდა.
- იქნებ შეგნებულად მიიღო ჩვენი იერი? - არ ცხრებოდა თავზარდაცემული მატია.
- კარგი ერთი, რას როშავ! - გორამ ბარგის შეგროვება დაიწყო, თან თვალს უცხო მამაკაცს ადევნებდა.
- რა ვიცი, უცხოპლანეტელებზე გადაღებულ ფილმებში ისე სწრაფად იცვლიან იერს...
- ეგ ფილმებში ხდება - არ დაასრულებინა გორამ - თან, ახლა აქ უცხოპლანეტელები ჩვენ ვართ - გორამ ღიმილით გადახედა მამაკაცს და ზურგჩანთა მხრებზე მოიგდო, თან რამდენიმე ჩანთა მასაც მიაწოდა.
მატიამ ჩანთებს ხელი სწრაფად დასტაცა და გორას უკან აედევნა.
კაცმა ლუქი გააღო და გარეთ ისე გამოვიდა, იფიქრებდი, დიდიხნის უნახავი მეგობრის სანახავად ჩამოსულაო. უცნობიც იქვე დაუხვდა და კარგი ნაცნობივით მიესალმა:
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. არ შეშინდეთ, მეც ადამიანი ვარ - უთხრა ღიმილით.
- ადამიანი? და როგორ? - მატია უცნობს ცხვირწინ აეტუზა და როგორც ახალაღმოჩენილ გალაქტიკას ისე ათვალიერებდა.
- ჩვენი წინაპრები ამ პლანეტაზე დიდი ხნის წინ გადმოსახდნენ - არმიმ ცნობისმოყვარე სტუმარს ხელი გაუწოდა, რითიც ბარგს გამოგართმევო ანიშნა, თან საუბარი განაგრძო, - თუ ნებას მომცემთ, თქვენი მასპინძელი ვიქნები.
- რასაკვირველია, - მატიამ ჩანთა სიამოვნებით მიაწოდა - გვაპატიეთ, მაგრამ გაოცებულები ვართ. აქამდე თქვენი არსებობის შესახებ არაფერი გვსმენია.
- ვიცი, - კაცმა ბარგი გამოართვა - თანდათანობით ყველაფერში გაგარკვევთ, ახლა კი, თქვენი ბარგი ჩემთან გადმოიტანეთ, დღეიდან ჩემი სტუმრები იქნებით.
მატია იმაზე გაოგნებული იყო, ვიდრე მოელოდა. სანამ მასპინძელი მანქანაში ბარგის განთავსებით იყო დაკავებული, დრო იხელთა და გორას გადაულაპარაკა:
- როგორ გგონია, გვეღადავება? - თან ახალ ნაცნობს თვალს არ აშორებდა.
- არა მგონია. იუმორისტისთვის ზედმეტად მაღალია, - ისე უპასუხა გორამ, რომ კაცისთვის არც კი შეუხედავს, ხან ტანზე მოტმასნილ ტანსაცმელს ისწორებდა, ხან ახალი სამყაროს ლანდშაფტს სწავლობდა.
- ასე მგონია ბებიაჩემს ვესტუმრეთ სოფელში. გახსოვს? ფილმში ვნახეთ - ახლა სახლში მიგვიყვას, გაგვიმასპინძლდება...
- აბა, შენ რა გეგონა, ხელოვნური ინტელექტი K5 დაგვხდებოდა?
- რატომ, K5 ძალიან საყვარელია- წამით ოცნებამ გაიტაცა მატია - და არ მითხრა ახლა გაკვირვებული არ ვარო - მალევე მოეგო ყმაწვილი გონს.
- რასაკვირველია გაკვირვებული ვარ - გორა მეგობარს მიუბრუნდა - მოდი, მოდი, დამეხმარე! იქნებ ეს ბარგიც მოვათავსოთ საბარგულში - კაცმა მხარი იცვალა და ის-ის იყო მასპინძლის მიმართულებით დააპირა წასვლა, მეგობარი წინ გადაუდგა და შეაჩერა.
- და რა იცი ვინ არის, რა მიზნები აქვს, ჩვენს ხომალდს ხელში რომ ჩაიგდებენ, შენ მერე მესაუბრე.
- მომისმინე, ისედაც ამათ ხელში ვართ. ახლა რა უნდა მოიმოქმედო? აჯობებს მშვიდად ვიყოთ. რაღაც გამოვა ამ საქმიდან.
- კარგი, კარგი. მიდი, მოგყვები - ისე სწრაფად მოუჭრა მატიამ, იფიქრებდით, უცნობის მზერა იგრძნოო.
არმის თავისი საქმე მოეთავებია და ახალჩამოსულებს მიახლოებოდა:
- დიდი ადგილი არ არის, მაგრამ როგორმე დავეტევით, - მანქანის კარი გამოაღო და სტუმრები შეიპატიჟა.
- დავეტევით, ასეთებში დავტეულვართ - თქვა მატიან სიცილით და გორას მკლავზე ჩაფრენილი, სანახევროდ გამჭირვალე კაბინაში მოთავსდა.
*
- „ყოჩაღ! შეგიძლიათ 20 წუთით შეისვენოთ, ოღონდაც ნუ დაიგვიანებთ.“
რეჟისორი დარბაზში ჩავიდა. ასისტენტი უმალ მიუახლოვდა, ხელში ყავის ჭიქები ეჭირა. ორივენი მოშორებით დასხდნენ, სცენისგან ზურგშექცევით, დროგამოშვებით უკან იხედებოდნენ.
სცენაზე დავრჩი. ამ ორ, ჩემთვის უცნობ ადამიანს, თვალს შორიდან ვადევნებდი. მშვიდად საუბრობდნენ, პერიოდულად ერთმანეთისკენ იხრებოდნენ, ძირითადად ქალის პროფილი მოჩანდა. მამაკაცის სახეს უკან რომ იხედებოდა მაშინ ვხედავდი.
ხერხემალი რომ დამესვენებია, რბილი საგანი ვიპოვე და ზედ გავწექი. ცოტა ხნით სცენაზე მარტო დავრჩი. ვიწექი და რეჟისორის სიტყვებზე ვფიქრობდი. რამდენიმე დღის წინ ეუბნებოდა ერთ-ერთს, თქვენ ადამიანები მიპოვეთ და იმათ იმდენი ექნებათ სათქმელი, სპექტაკლს ყოველ 100 მეტრში დავდგამო.
დროდადრო, როცა კულისებიდან მეგობრების თამაშს თვალს ვადევნებდი, რეჟისორის სიტყვები მაგონდებოდა და იმაზე ვფიქრობდი, ნეტა ჩვენი სათქმელი როგორ ჟღერდა?
*
- ეშმაკმა დალახვროს! - არმიმ ტექსტური შეტყობინება შეამოწმა.
- მშვიდობაა მეგობარო? - მატია მხრებში პირველად გაიშალა.
- მიმართულების შეცვლა მოგვიწევს.
კაცმა საჭე სწრაფად დაატრიალა და რამდენიმე წუთში გიგანტური შენობის სახურავზე დაეშვნენ. გამომყევითო, ანიშნა მგზავრებს. ლიფტიდან რომ გამოვიდნენ, უზარმაზარ დარბაზში აღმოჩდნენ. დარბაზი სამართავი ტექნიკით იყო სავსე. არმიმ შედარებით მცირე ზომის ოთახზე მიანიშნა, აქ დამელოდეთო, თავად კი დარბაზში გაბრუნდა.
გორა ოთახში დამონტაჟებული მაკრო სქემების დათვალიერებას მოჰყვა. მატია იქვე მდგარ სავარძელში მოკალათდა. თვალებდახუჭული იჯდა. მცირე დროით გამოძინება განეზრახა. ოთახს დარბაზისგან მხოლოდ მინის კედელი ჰყოფდა, ამიტომ დარბაზში ახალი ადამიანის გამოჩენა გორამ მარტივად შენიშნა.
- სია! - არმი სწრაფად გაეშურა ქალისკენ.
- რას აკეთებ, გადაირიე?!
- ადამიანები არიან, შეხედე, ისეთივე ადამიანები, როგორებიც ჩვენ ვართ.
- ადამიანები? წარმოგიდგენია რა მოხდება ჩვენ შესახებ რომ შეიტყონ?! მაგათ პლანეტაზე ადამიანებმა რამდენიმე ომი აწარმოეს. ერთი გოჯა მიწის გამო, ერთმანეთს ხოცავდნენ და წვავდნენ. ატომური იარაღის გამოყენებასაც კი არ მორიდებიან, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღზე რომ არაფერი ვთქვათ. ამათ ხელში ისტორია რეზინის ბურთად იქცა, ახლა საიდანაც მოუნდებათ, წიხლს იქედან დაარტყამენ.
- ჩვენი წინაპრები ვინ იყვნენ? ჩვენ რა სხვა წინაპრები გვყავს?
- ჩვენ მას შემდეგ, ამათგან განხსავავებით, ევოლუციის დიდი გზა გამოვიარეთ.
- ჩვენ თუ შევძელით, ესენიც შეძლებენ.
- რაზე ლაპარაკობ საერთოდ არ გესმის, ისინი არასოდეს დათანხმდებიან...
- რასაკვირველი არ დათანხმდებიან, მაგრამ თუ დროს მომცემ, აგიხსნი, ასე რატომ მოვიქეცი.
- ამის ახსნა ყველასთვის მოგიწევს. უკვე შევატყობინე. ალბათ მალე გამოგიძახებენ.
- დამშვიდდი, ყველაფერი არც ისე ცუდადაა.
- შენ გგონია ჩვენი წინაპრები მხოლოდ ცოდნამ გადაარჩინა? გიფიქრია, აქ რატომ დასახლდნენ? რატომ არის ჩვენი არსებობა ასე გასაიდუმლოებული? ამ პლანეტაზე, ერთიანი ძალისხმევით ადამიანებმა სახელმწიფო შექმნეს და იცი, თითოეულ ჩვენთაგანს ყველაზე მეტად რა გვაშინებს? იმ ცხოვრების დაკარგვის გვეშინია, საუკუნეებია რომ ვაშენებთ!
- სია, ძალიან კარგად მესმის შენი, მაგრამ მგონია დრო დადგა ჩვენი კარჩაკეტილობა დავასრულოთ.
- ეგ შენი გადასაწყვეტი არ არის. ხვდები მაინც რა ხიფათში ჩაგვაგდე? მზად ხარ ორი ადამიანის სიცოცხლის გამო პლანეტის მომავლით გარისკო?!
- შენსგან ვისწავლე, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.
- თავს ნუ მოიტყუებ არმი, როგორ ფიქრობ, აქ რისთვის მოვიდნენ? ახლა ალბათ ჩვენ საუბარს მიწაზე ისმენენ. ჩვენს კოსმიურ სივრცეში არ უნდა შემოგეშვა. ეს ოხერი დანადგარები რისთვის არსებობს?!
- მსჯელობში შენც ამათ დაემსგავსე.
- კარგი ერთი.
- დაშვიდდი. ყველა საჭირო ზომა მივიღე. ინფორმაციას ვერავის გადასცემენ. ყველა საკომუნიკაციო სადგური დახშულია. უკეთეს შემთხვევაში, დაკარგულებად ჩათვლიან.
- ძალიანაც ნუ იქნები მაგაში დარწმუნებული, ტექნოლოგიებში ყოველდღიურად ვითარდებიან.
- ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. შენ რომ გგონია არც ეგეთი კაციჭამიები არიან.
- მალე გამოგიძახებენ. მაინტერესებ სხვებს როგორ დაარწმუნებ.
- დამეხმარები?
- არც იოცნებო!
*
სიას როლს მაგდა ასრულებდა. ერთმანეთისგან მაშინ მინის კედელი გვყოფდა. ისე ვუსმენდი, თვალს არ ვაშორებდი. ბრაზობდა, მაგრამ მაინც მშვენიერი იყო. იმ დროს მეგონა, მაგდაზე მეტად ცხოვრებაში ვერავის ვენდობოდი. მაგდა ერთადერთი იყო, ვის გვერდითაც უშფოთველად შემეძლო ცხოვრება.
მაშინ, პირველ ეპიზოდში როლს რომ ასრულებდა, ვფიქრობდი, ადამიანებმა მაგდას თავი ვერ მოაწონეს-მეთქი და შემდგომში, არაერთხელ მოუგვრია ამ აზრს ჩემთვის საამო ღიმილი.
„ტექსტი კარგად უნდა ისწავლოთ, გასაგებია?! არ უნდა გეშლებოდეთ! გაიაზრეთ, როლი გაიაზრეთ!“ - ზოგჯერ გვიწყრებოდა ხოლმე რეჟისორი, მაგრამ საერთო ჯამში კარგები ხართ, კარგებიო, რომ შეგვაქებდა, ყველა წყენა გვავიწყდებოდა.
*
- ლუკა, საგზლის წაღება არ დაგავიწყდეს, ყურადღებით იყავი!
- დედა, დღეს ხომ რეპეტიცია მაქვს.
- შვილო, გუშინ ხომ ვისაუბრეთ ამაზე. დღეს მასწავლებელს გაყევი ექსკურსიაზე, ცოტას დაისვენებ, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ.
- დედა, რეპეტიციას როგორ გავაცდენ?!
- არ შეიძლება შვილო სულ ჩაკეტილ შენობაში ყოფნა.
- ეჰ, კარგი, ვინმე გააფრთხილე მაინც.
- არ იღელვო, გავაფრთხილებ. გაიქეცი. გელოდებიან.
ლუკამ საგზალი ჩანთაში ჩაალაგა და სკოლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. ავტობუსში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი რამდენიმე ადგილი. ჩანთიდან სმარტფონი ამოიღო და შეტყობინება გადაიკითხა:
- სად ხარ? გელოდებით.
- დედა ექსკურსიაზე მიშვებს - სწრაფად აკრიფა პასუხი.
- ხუმრობ?
- არა, დღეს ვერ მოვალ.
- გორას გარეშე როგორ უნდა ვითამაშოთ?!
- მოიფიქრეთ რამე.
- რეჟისორმა არაო.
- აბა რაო?
- არ ვიცი, ფიქრობს.
- კარგი, წავედი.
- და სად მიდიხართ?
- მოიცა დავაზუსტებ.
- მომწერე.
- ბოტანიკურშიო.
- კარგი.
*
ავტობუსი ბოტანიკურის შესასვლელთან გაჩერდა. მაისის თვე იყო, ამიტომ აქა-იქ რამდენიმე ტურისტს თუ მოჰკრავდით თვალს. წინ გიდი მიგვიძღოდა და მონდომებით გვაცნობდა დაცული ლანდშაფტის თავისებურებებს. შიგადაშიგ საუბარში მასწავლებელიც ერთვებოდა. დროდადრო ვჩერდებოდით და ვისვენებდით. ადმინისტრაციამ ადგილიც კი გამოგვიყო პიკნიკის მოსაწყობად.
ულამაზესი ტროპიკული ბუნება, ზღვის შესანიშნავი ხედებით, ადამიანს ფიქრის უნარს ნამდვილად დააკარგვინებს - მოსწავლეების მწკრივს მექანიკურად მივყვებოდი. რამდენი კილომეტრი გავიარეთ, არც კი გამიაზრებია. თითქოს იქ არც ვყოფილიყავი.
სადღაც, შუა გზაზე, მანქანის საყვირის ხმა გავიგონე. რიგი ერთბაშად აირია და სხვადასხვა მიმართულებით გავიფანტეთ. გორა! გორა! ნაცნობი ხმები შემომესმა. ვიცოდი, რომ მიპოვიდნენ. მასწავლებელი რომ მოგვიახლოვდა, ქვაფენილზე უკვე ერთად ვიდექით.
- აქ რა ხდება? აქ საიდან გაჩნდით?
- ჩვენთან ერთად წამოვლენ, - ვთხოვე მასწავლებელს.
- კარგი, ოღონდ ფრთხილად იყავით.
მისი გაფრთხილება მუქარას უფრო ჰგავდა. მერე გიდს გასძახა, ყველაფერი წესრიგშია, ჩვენი მოწაფეები არიანო და გზა განაგრძო.
ჩემი დასვენებაც აქ დასრულდა. გახარებულიც ვიყავი და აღელვებულიც. მანქანა ერთ-ერთი მსახიობის აღმოჩნდა, თავად შეუთავაზებია, ვისაც გსურთ, წაგიყვანთო. ჩვენც მეტი რა გვინდოდაო, ჰყვებოდნენ. მსახიობი იმ ეპიზოდებში თამაშობდა, უხილავი ძაფები რომ შევარქვით, თითქოს ჩვენ რომ გვეხმარებოდნენ და სინამდვილეში - სპექტაკლის გაგებაში მაყურებელს.
*
- არმი შემოდი, ყველა შენ გელოდება - გასძახა სიამ.
არმი ხალხით გადაჭედილ დარბაზში შევიდა და მისთვის გამოყოფილი ტრიბუნა დაიკავა.
- მოგესალმებით, ბატონებო, მზად ვარ ყველა თქვენს შეკითხვას გავცე პასუხი.
- კვლევითი ცენტრიდან მოვიდა ინფორმაცია. უცნობი საჰაერო ხომალდი ჩვენი ორბიტის უახლოეს სადგურზე მოძრაობს. ეშმაკმა დასწყევლოს, ვინ მეტყვის, იქამდე როგორ მიაღწია?! - უსაფრთხოების მინისტრი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.
- ყველაფერს აგიხსნით, ბატონებო.
- დიახ, აგვიხსენი, რის საფუძველზე მიიღე გადაწყვეტილება? ობიექტი რატომ არ გაანადგურე? - ჰკითხა გენერალმა.
- პირველ რიგში მინდა გაცნობოთ, რომ საიდუმლო დანაყოფი გავგზავნე ხომალდის შესასწავლად. მალე თქვენს წინაშე ახალი ანგარიშით წარსდგებიან. კომუნიკაციის შესაძლებლობა სრულიად დავახშეთ, ამიტომ, ინფორმაციის გადაცემას ვერაფრით შეძლებენ. გარდა ამისა, როგორც მაცნობეს, ხომალდზე რამდენიმე გვამი იქნა აღმოჩენილი...
- ჯანდაბა არმი, რეებს ბოდავ, ვის რაში სჭირდება ის გვამები! - ახლა საუბარში პლანეტარული ოპერაციების ხელმძღვანელი ჩაერთო.
- იმის თქმას ვაპირებ, რომ იმ ორმა, დაშვების უფლება რომ მივეცი, ვეჭვობ მიწაზე ფეხი პირველად დადგა. ხომალდზე არსებული ტექნიკური შესაძლებლობები რომ არა, დღეს, ვერც სიარულს შეძლებდნენ და ვერც მეტყველებას. უამრავი ჩიპი ვიპოვეთ, რომელიც ლურჯი პლანეტაზე მოგვითხრობს. გასაგებია, ადამიანის იერი ხელოვნური ინტელექტის წყალობით შეინარჩუნეს.
- არ მესმის ეს საუბარი რა საჭიროა. მშვენივრად ვიცი იმ პლანეტისგან რა მანძილი გვაშორებს - საუბარში გენერალი ჩაერთო.
- ლურჯი პლანეტა არც ისეთი სახიფათოა, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია, - მამაკაცი საკუთარი პოზიციის დაცვას განაგრძობდა - ცხადია, ჩვენამდე მოღწევა არ არის მარტვი, და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, როგორ არის დაცული ასტროსფერო, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენამდე მოღწევა შეუძლებელია...
- დიახ, ვიდრე ვინმე ჭკვიანი უსაფრთხოების სისტემას არ გათიშავს. ფუი, - უსაფრთხოების მინისტრი აღარავის ერიდებოდა.
არმიმ ისე განაგრძო საუბარი, თითქოს იქ არაფერი მომხდარა:
- ხომ ხედავთ, ბატონებო! ჩვენამდე მაინც მოაღწიეს, თუ ჩვენი ცივილიზაციის შესახებ კვლავ არაფერი ეცოდინებათ, შესაძლოა, რამე სახიფათო ექსპედიცია წამოიწყონ და მაშინ...
- თქვი რას გვთავაზობ.
- გთავაზობთ მათთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას.
- სულ გამოშტერდა...
- დააცადე! დაასრულებინე! - უსაფრთხოების მინისტრი ახლა გენერალმა დააშოშმინა.
- ცხადია, სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებს ეძებენ, ამიტომ არ მგონია, ჩვენთან დაპირისპირებით რამე მოიგონ.
- ასე შენ ფიქრობ! მერე?
- შეგვიძლია საერთო მიზნები შევიმუშავოთ და კოსმოსის კვლევა გაერთიანებული ძალებით გავნაგრძოთ.
- პარტნიორობა შევთავაზოთ?
- რატომაც არა, ისინი უკვე აქ არიან. როგორ შეძლებთ მათ შეჩერებას? ადრე თუ გვიან, პრობლემებს მაინც შეგვიქმნიან.
- ძალიან ოპტიმისტი ხომ არ ხარ? ხომალდზე ნაპოვნი ჩიპები გადმოტვირთე და კარგად გაეცანი მაგათ ისტორიას, - საუბარში სია ჩაერთო.
- როგორც არ უნდა იყოს, თუ საერთო მიზნებზე შევთანხმდებით, ორივე მხარე მოგებული დარჩება.
- თუ შევთანხმდებით. შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება, - კომუნიკაციების მინისტრი შუბლის სრესას მოჰყვა.
- ჰო, ძალიან სარისკოა, არავინ იცის სინამდვილეში რას მოიმოქმედებენ, - დაეთანხმა გენერალი.
- თუ შევთანხმდებით, ლურჯ პლანეტაზე ჩვენი დიპლომატების გაგზავნა ჩანასახის მდგომარეობაში მოგვიწევს, ჰა, - ღიმილნარევი ხმით განაცხადა ოპერაციების ხელძღვანელმა.
- ეს მისია მაინც ძალზე სახიფათოდ მეჩვენება. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო, - განაცხადა გენერალმა მცირე დუმილის შემდეგ, თან არმის მიუბრუნდა - კარგი, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, შეგიძლია იმ ორ უმიწაწყლოს უპატრონო.
- მადლობა. შევასრულებ, - როცა დარწმუნდა, რომ დარბაზის დაყოლიება შეძლო, არმის გულზე მოეშვა.
*
მოცემულ ეპიზოდში, თეატრის ცნობილი მსახიობები თამაშობდნენ. მხოლოდ არმი იყო ჩვენი ტოლი.
ამ სცენის გახსენებაზე, თვალწინ ერთადერთი პეიზაჟი წარმომიდგება - ბუმბერაზი მწვერვალებიდან ამომავალი მზე ნელ-ნელა როგორ მიგორავს ცის კაბადონზე და ზენიტს როგორ აღწევს.
*
- გუშინ ისევ ვნახე სიზმარი - თქვა ლუკამ მოულოდნელად.
შესვენება უჩვეულოდ გახანგრძლივდა. მსახიობები, კულტურის სახლის წინ, ხის ჩრდილში მოკალათებულიყვნენ და რეჟისორის გამოჩენას ელოდებოდნენ.
- ისევ ხედავ სიზმრებს? - ჰკითხა მაგდამ ინტერესით.
- ნამდვილად სიზმარი იყო? - დაიტერესდა მაღალი.
- სხვა რა უნდა ყოფილიყო? - მიუბრუნდა ბიჭი მაღალს.
- მაგალითად, შენი ფანტაზია.
- არა, მეძინა, - ლუკა დარწმუნებული საუბრობდა.
- გახსოვს როგორ გაიღვიძე?
- არა, სხვა სიზმრიდან გავიღვიძე.
- სხვა სიზმრიდან? გახსოვს იგი?
- ბუნდოვნად.
- კარგი, მთავარი მოყევი.
- ყველაზე მაღალი სახლის სახურავზე ვიდექი.
- ეგ ალბათ სპექტაკლის გავლენით.
- ალბათ.
- მერე?
- თეთრ ღრუბლებში ვიყავი გახვეული, მზესაც ვხედავდი.
- კიდევ?
- მერე გავიფიქრე, რომ აქედან მტკვრის დანახვასაც შევძლებდი.
- მერე?
- მერე გავიხედე და დიდი მდინარე დავინახე.
- მტკვარი?
- არ ვიცი, დიდი მდინარე, მერე დიდი მაგისტრალები.
- დედაქალაქში იყავი. იქ რატომ ჩახვედი?
- არ ვიცი.
- და შენ რას აკეთებდი?
- უბრალოდ ვიდექი და ბუნებით ვტკბებოდი, მაგრამ, სიზმარშივე უცნაურად მეჩვენა.
- რაზე ამბობ?
- ისეთ სიმაღლეზე ვიდექი და არც შიში მიგვრძნია, არც ადრენალინის სიჭარბე. ჩემს თავს ვეკითხებოდი, რატომ არ მეშინოდა. მერე, ვცადე გადამემოწმებია, ფეხებს მყარად ვგრძნობდი თუ არა, მაგრამ ფეხები საერთოდ ვერ ვიგრძენი. ალბათ ძილის დროს კუნთები მოდუნებულია და...
- ჰო, ალბათ. მერე? მერე რა მოხდა?
- ნეტა შიშს რატომ ვერ ვგრძნობ-მეთქი? - ამ შეკითხვით გამეღვიძა.
- ნამდვილად სპექტაკლის გავლენაა - დაასკვა მაგდამ - ცათამბრჯენების იდეა სპექტაკლიდან მოვიდა, თან დედაქალაქი ყველაზე მეტად ჰგავს მეგაპოლისს.
- ჰო, სავსებით შესაძლებელია.
- და ბოლოს როდის იყავი დედაქალაქში? - დაინტერესდა მაღალი.
- გასულ წელს.
- ჰო, საინტერესოა.
- თავში შესანიშნავი იდეა მომივიდა - უცებ მაღალი ფეხზე წამოიჭრა და შენობისკენ გაემართა - მომყევით! სწრაფად მომყევით!
- სად მიდიხარ?! - გასძახა მაგდამ.
მიუხედევად იმისა, რომ პასუხად არაფერი მიუღიათ, ბიჭს მაინც უკან დაედევნენ. შენობაში ერთბაშად შეცვივდნენ, კიბეები სწრაფად აირბინეს და მალე შენობის სახურავზე აღმოჩნდნენ.
- აქედან მხოლოდ ზღვა მოჩანს - მშვიდად უთხრა ლუკამ.
- შეგვიძლია მზის ჩასვლას თვალი აქედან ვადევნოთ - ხელით ანიშნა მაღალმა და თან მოაჯირზე ჩამოჯდა, - სიმაღლის ისევ გეშინია?
- ჰო, მეშინია, თან მსიამოვნებს.
- გამოდის, დაკარგული გრძნობა იპოვე - სიცილით ახარა ბიჭმა.
*
ასაკის მატებასთან ერთად, დაკარგული გრძნობების ხელახლა პოვნის შესაძლებლობაც მცირდება. ჩვეულებრივ, გარემოსგან იმსისქე კედლით ვართ გამიჯნულები, რომ გვეჩვენება, თითქოს ყველაფერი მშვენიერი ჩვენს მიღმაა და ჩვენსგან დამოუკიდებლად არსებობს. ზოგჯერ, მცირე წინააღმდეგობის დაძლევაც კი საკმარისია, ენით აღუწერელი ბედნიერების მისაღწევად. ზოგჯერ, ერთი კედელი ან ერთი სართული გვაშორებს სასურველს. ზოგჯერ, საკმარისია ყველაფრისგან გავთავისუფლდეთ - გრძნობებისგან, რწმენისგან, ჩვენი შეხედულებებისგან და გაშიშვლებულებმა შევხედოთ სამყაროს, რათა უკეთ გავიაზროთ, რა არსებობს სამყაროში ჩვენი წყალობით და რა - ჩვენი მონაწილეობის გარეშე.
*
თვალგახელილ გორას სახეზე სინათლის სხივი დასთამაშებდა. სულ ცოტა 5 წუთი დასჭირდა საგნები ერთმანეთისგან რომ განერჩია. დიდი დრო არ იყო გასული, გვერდითი ლოგინიდან მატიას ფრუტუნის ხმა რომ შემოესმა. ბიჭს ჯერ კიდევ ეძინა.
ფრთხილად წამოდგა ლოგინიდან და ბარბაცით გავიდა ოთახში. ფართო ფანჯრებიდან ქალაქს გახედა. ცათამბრჯენები ერთმანეთისგან შორიშორს აეშენებიათ. თავისუფალ ვაკეზე კი ბუნების არნახული წალკოტი იშლებოდა. ცოტას თუ მოუვიდოდა აზრად, ჯუნგლებში ამოდენა მეგაპოლისი შეექმნა. ეს იყო ბუნებისა და ცივილიზაციის არნახული შერწყმა.
„ვა, ნამდვილი სამოთხეა“,- გაიფიქრა გორამ ხმამაღლა და რომ არა ფიზიოლოგიური მოთხონილებები, ფანჯარასთან კიდევ დიდხანს იდგებოდა - „იმედია საპირფარეშოს ვიპოვი“ - სახლში ყველა კარი გამოაღო, სანამ უზარმაზარ ოთახს არ მიაგნო. აბაზანა, რამდენიმე განყოფილებისგან შედგებოდა. საპირფარეშო, ოთახის უკიდურეს ნაწილში მოეწყოთ, აბაზანა ნამდვილ შადრევანს ჰგავდა. შარდისგან რომ გათავისუფლდა, მცირე დროით სარკის წინ იტრიალა, ცხადია, აბაზანის მიღებაზე ფიქრობდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ტექნიკის გარემოცვაში იყო გაზრდილი, ამიტომ აბაზანის მოხმარების წესებში გარკვევა არ გასჭირვებია. სანამ შხაპით ნებივრობდა, წლების მანძლზე წაკითხულ მასალებს იხსენებდა. მას ხომ მთელს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკა ჰქონდა. ცდილობდა, სხვა ცივილიზაციებთან ანალოგები ეპოვა. „მაიას ცივილიზაციას რომ ნიუ-იორკი გაეშენებია“ - ფიქრობდა გორა - „ცოტა ძველ-ბერძნული არქიტექტურა და ბევრი მოდერნიზმი, ანდა...“ წყალი ისეთი რბილი ეჩვენა, აბრეშუმივით ედებოდა სხეულზე. „ესეც შენი ნანატრი სახლი“, - დიდი ხანია მსგავსი შვება არ განეცადა. კარადაში სუფთა პირსახოცი იპოვა და ტანი კარგად გაიმშრალა. პირსახოცი წელზე მჭიდროდ გაინასკვა და ოთახში ნახევრად შიშველი გავიდა. მატია ფანჯარას მისჩერებოდა:
- ვაა, რა სილამაზეა - გორა რომ დაინახა, მაშინღა ამოილუღლუღა - ჩვენს პლანეტას მაგრად ჰგავს, არა?
- ერთი-ერთში.
- და აქ როგორ აღმოვჩნდით?
- იმან, სია რომ ჰქვია, გახსოვს?
- ო, არა, ის ფაშისტი?
- კი, იმან მოგვიყვანა.
- მეგონა, ჩვენგან კატლეტებს გააკეთებდა. მაპატიე დამეძინა, დაღლილი ვიყავი. აქ შენ ამომათრიე? არაფერი მახსოვს.
- მე არა, ვიღაცა იყო, არ მახსოვს რა ერქვა, სიას დამხმარე. მარტო იმ გოგოს სახელი დამამახსოვრდა.
- ჰო, მაგის სახელს რა დამავიწყებს. ახლაც კოშმარივით ჩამესმის ყურებში.
- მიდი, შხაპი მიიღე, ცოტა აზრზე მოხვალ.
- საით? ეს, ეს არის აბაზანა?! - კარების მიღმა ყრუდღა მოისმოდა მატიას შეძახილები.
*
<