უსახელო
უსახელო
პატარა სამოთხე
ისააკი უკვე წინ მიაბოტებდა. შენობის ყველაზე სუფთა და ნათელ მხარეს ვიყავით და იმ ოთახში მივდიოდით, რომელსაც ბავშვობაში „პატარა სამოთხე“ შევარქვით. ისააკი უცნაური ცეკვის მოძრაობებს ასრულებდა და თან წინ მიძუნძულებდა. დროდადრო უკან გადმომხედავდა, რათა დარწმუნებულიყო ვუყურებდი თუ არა და თუკი მეცინებოდა მის სისულელეებზე. ისააკის ოქროსფერი კულულები ჰაერში დახტუნაობდნენ, თითქოს თავადაც ცდილობდნენ ცეკვას. ხელებს შეუჩერებლად კლაკნიდა და ცაში ხლართავდა. მე კი სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. რაც თავი მახსოვს, ისააკი ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაცინებას. ჩემი პირველი და ყველა მნიშვნელოვანი მოგონებებიც სწორედ ისააკს უკავშირდება. ყველა პატარა თუ დიდი სიხარული ჩემს ცხოვრებაში ყოველთსვის ისააკის ნაწილს მოიცავდა.
ორი მიტოვებული ბავშვი, რომელთაც ოჯახი ერთმანეთში იპოვეს.
ამ პანსიონის კედლები ბევრ უსიამოვნო მოგონებას იტევს, თუმცა ისააკი ერთადერთი ბედნიერების სხივი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს ქვრებოდა. ალბათ ჩემი მფარველი ანგელოზიც ეთქმის, ვინ იცის?
ცოტა ხნით ისევ გავიჭერი ფიქრებში და ბიჭის ხმა თითქოს შორიდან მომესმა. თურმე უკვე დიდი ხანია რაც მეძახის.
-კაი, სად დაფრინავ?-მკითხა თავისი მზუნველური ტონით და ლოყაზე რბილად მიჩმიტა, რომ გამოვფხიზლებულიყავი, შემდეგ თეთრ კარებს მიეყრდნო და მაცდუნებლად მომაცქერდა -ჩემ უნაკლო მოძრაობებზე ფიქრობდი არა? -მკითხა და წარბები აათამაშა.
- ფიქრად არ ღირდა ნამდვილად - მივახალე მისი ნარცისიზმით მობეზრებულმა და ოთახში შესვლა დავაპირე, მაგრამ კარებთან სწრაფად გადამეღობა.
-საზიზღარო ბავშვო-თქვა და ცხვირი შეჭმუხნა, ვითომ მართლა ბრაზობდა- არ ვაპირებ ამ კარების გაღებას მანამ, სანამ ბოდიშის ნიშნად არ მაკოცებ- მითხრა და საყვარლად აეპრიხა ტუჩის მარჯვენა კუთხე, თან იმ მხარეს ლოყაც ჩაეჩხვლიტა.
-როგორი გამაღიზიანებელი ხარ-ვუთხარი და მისი სახე ხელში მოვიქციე, ისე რომ ლოყები მიმეჭყლიტა მისთვის და ტუჩებზე ოდნავ, ძალიან ნაზად ვაკოცე. ვიცოდი, რომ ამას არ მოელოდებოდა, ამიტომ მესიამოვნა მისი გაკვირვებული გამომეტყველება და აჭარხლული ლოყები. სიცილის შეკავება ვერ შევძელი და ხმამაღლა ავხარხარდი, რაზეც უფრო მეტად აწითლდა.
-საზიზღარი ბავშვი-ბურდღუნებდა ისააკი თავისთვის და უკვე კარებს აღებდა, თან მრავალმნიშვნელოვნად იქნევდა ხელებს -ბარემ ისიც მითხარი როგორ გიყვარვარ და რომ შენი ცხოვრების აზრი ვარ და ბლა ბლა ბლაა-თქვა სარკასტულად, მაგრამ არც მე დავნებდი მარტივად.
-აი სწორედ მაშინ, როდესაც ცოლობას მთხოვ და საკურთხეველთან ვიდგებით, წინ გადმოვიხრები და ყურში ჩაგჩურჩულებ, რომ მიყვარხარ-ვუთხარი სიცილით და ხელები კისერზე შემოვხვიე-ასე არ სჯობს?
-ეიი, გეყოს!-მითხრა ისააკმა, რომელსაც უკვე ყურებიც ასწითლებოდა. როგორც ჩანს საბოლოოდ დამნებდა- ნუ ხითხითებ, ვინმე რომ გამოჩნდეს, იცოდე თავს წაგაცლი!-დამიყვავა და თეთრი მეტალის კარები შეაღო, ბოქლომი და დუბლიკატი გასაღები კი ჯიბეში ჩაიტენა. პირველი მე შემატარა და შემოსვლისას კარები ჩაკეტა.
„პატარა სამოთხე“ სრულიად ცარიელი ოთახი იყო, რომელსაც მრავალფეროვნებისთვის მხოლოდ ორი ფანჯარა თუ გააჩნდა. იქიდან ჩვენი პატარა ქალაქის ხედი იშლებოდა, თუმცა პანსიონის გვერდით მდებარე ქარხნის გამო, ძირითადად სულ ორთქლსა და კვამლში იყო დაფარული. ნისლიანობის პერიოდებში კი მე და ისააკი ვცდილობდით გამოგვეცნო რა გვიმალავდა ლონდონს- სმოგი თუ კვამლი.
ოთახი მრავალი ისტორიის, საბედისწერო შემთხვევებისა და იდუმალების მომსწრეა. აქ შეგვეძლო საათობით გაგვეტარებინა დღეები, თუ უძილარი ღამეები. ვაწყობდით გეგმებს მსოფლიოს დასაპყრობად და ხანდახან მალულად, სამზარეულოდან აწაპნილ საჭმელსაც შევექცეოდით. ეს ოთახი ჩვენი ერთგული მესაიდუმლე იყო და ყოველ დღე, აქ ჩვენი თავის რაღაც ნაწილს ვტოვებდით. ჩვენი სამომავლო სახლის ინტერიერსაც კი ვაწყობდით, რომელშიც, რა თქმა უნდა, ერთად ვიცხოვრებდით. სავარაუდოდ ევროპის რომელიმე გარეუბანში. წარმოვიდგენდით, რომ დიდ კედელზე ფილმი გადიოდა და ერთმანეთს სიუჟეტს ვუყვებოდით, მსახიობებს ვახმოვანებდით...მოკლედ, „პატარა სამოთხე“ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.
ისააკმა ამასობაში ადგილებში გამორღვეული ნაცრისფერი ჟაკეტი გაიძრო და ძირს დააფინა, რათა მოხერხებულად დავმსხდარიყავით.
-როცა ფილტვების ანთება დაგემართება, მე არ დამაბრალო-ვუთხარი და ჟაკეტზე კოხტად დავჯექი.
-როდესაც ჩამეხუტები, ვერანაირი დაავადება ვერ მომეკარება-მომიგო პასუხად თვალის ჩაკვრით და თავადაც ძირს გაიშოტა. მის პასუხზე თვალები ავატრიალე.
-როდის უნდა დაჭკვიანდე?
-ალბათ უკვე გვიანიცაა-თქვა მრავალმნიშვნელოვნად, თითქოს ასი წლის მოხუცი ყოფილიყოს და შარვლის ჯიბიდან დატკეპნილი სიგარეტის კოლოფი ამოიღო, თავის ვერცხლისფერ სანთებელასთან ერთად.
თუ გინდათ რომ ეს ახალგაზრდა ყმაწვილი ზუსტად აღგიწეროთ, წარმოიდგინეთ რომ სტილითა და საუბრის მანერებით ისააკი კურტ კობეინის ბრიტანელი ორეული იყო. ბიჭის მიზანიც იყო მომღერალთან მსგავსება, რომელსაც წლებია აღმერთებს. ყოველთვის მისნაირ ტანსაცმელს იცვამდა, თმებსაც კობეინის მსგავსად იჭრიდა, თუმცა ბუნებრივადაც ჰქონდა „მაგარი ბიჭის“ და როკ-ენ-როლის ვარსკვლავის მიმოხვრა. გარეგნულად კი ძალიან ბევრ მსგავსებას ვერ იპოვიდით. ბიჭს ურჩი, ქერა კულულები ჰქონდა, რომლებიც კატეგორიულ უარს აცხადებდნენ დასწორებაზე. უფრო ფემინური სახის ნაკვთებიც, ღია ცისფერი თვალები კი ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებივით უციმციმებდა და მუდამ ბედნიერების ნაზი სხივი დასთამაშებდა.
არასოდეს შემხვედრია ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე ისევე ძლიერ უყვარს, როგორც ისააკ სტონემს, თუმცა სიმართლესაც აქვე გეტყვით და ბევრ ადამიანს არც შევხვედრივარ. უბრალოდ ვიცი, რომ სადაც არ უნდა წავიდე, რამდენი ადამიანიც არ უნდა გავიცნო, ვიცი...ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლეს ისევე ძლიერ ვერავინ შეიყვარებს როგორც ისააკ სტონემი.
ცოტა ხანს თეთრ კედელს ზურგით მივეყუდე და ვაკვირდებოდი მისი პირიდან გამოსულ სხვადასხვა ფორმის კვამლს, რომელიც ჰაერში ისევე იშლებოდა, როგორც საღებავი წყალში. ვუყურებდი რგოლებსა და თამბაქოს გაკვამლულ სხეულს, თუ როგორ იშლებოდა სინათლის პატარა სხივებში და მთვრალი დაბარბაცებდა ერთი მტვრის ნაწილაკიდან მეორეზე. ამის ყურებამ ოდნავ მომადუნა და ახლაღა გავაიზრე, როგორი დაძაბული ვიყავი მთელი დღე- არა, მთელი კვირა.
მგონია, რომ საათი ზედმეტად სწრაფად გარბის და ვერაფრით ვეწევი. თითქოს ცხოვრება მირბის, მე კი უკან ვრჩები. ადგილზე ვარ გაყინული და ყველაფერს პატარა ბუშტიდან ვუყურებ, რომელიც ცალკე, სადღაც დალივლივებს, მაგრამ არასოდეს მაძლევს საშუალებას რაღაც გავაკეთო ან ჩემი ნებით ვაკონტროლო. ნუთუ მთელი ჩემი ცხოვრება ეს იქნება? ეს გაყინული, გაჩერებული რუტინა?
-ნიბლია?-ამომძახა ისააკმა და თავი კალთაში ჩამიდო. ყურადღება მალევე მივაქციე და ვიცი ახლა მკითხავს რა გჭირსო, მელაპარაკეო და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა მინდა რომ დავმშვიდდე, ამიტომ პირველი მე ვიწყებ ლაპარაკს:
-ამ სიგარეტს საიდან იღებ? -ვეკითხები მე- ყოველთვის როგორ გაქვს პირში გაჩრილი, არასოდეს გითავდება?
ისააკს მსუბუქად ჩაეცინა და სანამ მიპასუხებდა, სიგარეტი ერთხელაც გააბოლა.
-ჩვენი ბებერი ჯო მიწილადებს ხოლმე ორ-სამ ღერს, დღეს რომ მოიტანა ხარახურები, მაშინ მომცა.-მითხრა და ტუჩზე თითი აიფარა-არ გასცე იცოდე-გამაფრთხილა მან და მეც იგივე ჟესტით გამოვაჯავრე,რომ არ გავცემდი.ან ვისთან რა უნდა მეთქვა?
-დღეს თუ ხარახურების დღე იყო არც მახსოვდა, ოთახში ვიჯექი მთელი დღე და არც გამიგია-ვუთხარი ოდნავ გულდაწყვეტილმა, თუმცა დიდად არასოდეს მეხალისებოდა რაიმეს ხარახურებიდან არჩევა, რადგან კარგს ვერასოდეს ვერაფერს ვპოულობდი.
ბებერ ჯოს თავისი ფურგონი ყავდა, რომლითაც პროდუქტებს ეზიდებოდა პანსიონში, ამიტომ ხანდახან საჩუქრებითაც მოდიოდა ხოლმე. ეს „საჩუქრები“ კი მდიდარი ბავშვებისგან გადაგდებული ან მეორადებში ჩაბარებული ნივთები იყო, რომელსაც ჯო დროდადრო ეზიდებოდა ჩვენთან. ბავშვებმა კი ამას ხარახურები იმიტომ ვუწოდეთ, რომ ყველაფერ კარგს, მაგიურად, ყოველთვის პირველს დაიტაცებდნენ და უმეტესობისთვის მხოლოდ ხარახურები რჩებოდა.
ისააკმა შემატყო იმედგაცრუება, ამიტომ ჯიბიდან სასწრაფოდ ამოიღო კასეტა და მე გამომაწოდა. კასეტის შიგნით ფურცელზე ელიოტ სმიტი და ალბომის სახელი either/or ეწერა.
-ეს ხარახურებიდან არაა, ნუ ტექნიკურად არის, მაგრამ ჩემი ფულით გიყიდე-ამიხსნა ისააკმა -მაილზმა პირველმა დაავლო ხელი, ამიტომ ცოტა შევაჭრება მომიწია-მითხრა და თმები მოცხვად აიჩეჩა, თან ლეკვის თვალებით მიყურებდა, აინტერესებდა მომეწონა თუ არა მისი საჩუქარი.
-კი მაგრამ ამის ფული საიდან გქონდა?-ვკითხე მე, სიხარულის ცრემლებისგან ალბათ უკვე თვალები მიბრწყინავდა.
-მთელ სამეზობლოს გაზონები გადავუკრიჭე, ამიტომ ცოტა სახარჯი ფული დამიგროვდა-მითხრა და თავი ვეღარ შევიკავე, ცრემლები ჩამომცვივდა და ძლიერად მოვხვიე ხელები კისერზე. ისააკის მთელი სხეული ჩემკენ მოვიზიდე და ისე ძლიერად ვეხუტებოდი, რომ უკვე სუნთქვა მიჭირდა.
ისააკს ღიმილისგან ლოყები ჩაეჩხვლიტა და თან თმაზე ნაზად მეფერებოდა.
-აბა ხომ არ გეგონა რომ დამავიწყდებოდი ნიბლია-მითხრა და ცრემლიანი თვალები ჩამიკოცნა.
ფაიფურის
მეორე დღეს ისეთი მზიანი ამინდი გამოდგა, რომ ბავშვები, ყველანი გარეთ გაცვივდნენ და არეული სახლი დაგვიტოვეს. მომვლელებმა მითითებები მოგვცეს რა გაგვეკეთებინა და თავად საკუთარ ოთახებში შეიკეტნენ „განსატვირთად“. ზოგი კი ქალაქში წავიდა სასეირნოდ. ხანდახან მომვლელებისაც კი მშურდა, რადგან იმის თავისუფლება მაინც ჰქონდათ, რომ დამოუკიდებლად წასულიყვნენ ქალაქში და ესეირნათ, ან მეგობრებს შეხვედროდნენ, გაეცნოთ ბიჭები, წასულიყვნენ წიგნის მაღაზიებში, კინოთეატრებში, გამოფენებზე...რამდენი რამ იყო, რისი გაკეთებაც ქალაქში შეგეძლო, თუკი ცოტა ფული გქონდა და დამოუკიდებელი იყავი.
მე კი არც ფული მაქვს და არც დამოუკიდებელი ვარ, ამიტომ მე და ჩემი ოთახის მეზობელი გრეისი ავდექით და იატაკის გახეხვა დავიწყეთ, ჩვენი მესამე ოთახის თანამცხოვრები ალისა კი სამზარეულოში ჭურჭლის რეცხვას შეუდგა. მათი ერთმანეთისაგან დაშორებულად ყოფნა ჩემი სტრატეგია იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ასაკით თითქმის თანატოლები ვიყავით, გრეისის თავი ჩვენს დედობილად მიაჩნდა და ძალიან უყვარდა სხვებისთვის ჭკუის დარიგება. მე ასე თუ ისე მომთმენი ვარ და შემიძლია რამდენიმე კრიტიკას გავუძლო, მაგრამ ალისა ჩემი სრულიად საწინააღმდეგოა და გამუდმებით ბრაზდება ყველა შენიშვნაზე. მათი ეს, წინ და უკან სიტყვა-პასუხი კი უკვე ჩემს მოთმინებაზეც მოქმედებს ხოლმე, ამიტომ გადავწყვიტე მათი დაშორება ყველას ნერვების გადასარჩენად.
-კაილ ცარიელ ჩოთქს ნუ უსვამ, საპონშიც ამოავლე, თორემ აძვრება საღებავი-მისაყვედურა გრეისიმ და გულში გავიფიქრე რა საღებავზეა ლაპარაკი, ცარიელი ფიცრებიათქო,მაგრამ ხმა გავიკმინდე და უბრალოდ თავი დავუქნიე. ბოლო დროს პასუხის გაცემის ენერგიაც კი გამომელია. ალბათ გადავიღალე.
ამასობაში რამდენიმე ბავშვმაც შემოაბოტა ტალახიანი ფეხებით, და საპნიან წყალში ჩატოპეს. გრეისიმ ყვირილი ატეხა და ბავშვებს უკან გაეკიდა, მე კი დამარცხებულად მოვისროლე ჩოთქი და ღრმად ამოვიოხრე, თან სუნთქვას ვარეგულირებდი. როცა თვალები გავახილე, შემოსასვლელში ისააკი დავინახე, რომელიც დარცხვენილი მიღიმოდა.
-ბოდიში, ჩემი ბრალია, ვუთხარი ფეხბურთი ვითამაშოთთქო და ფეხსაცმელების გამოსაცვლელად გაიქცნენ-გამომიტყდა და თავი უკან გადავაქნიე.
-თამაშს აპირებ?-ვკითხე და წამოვდექი, რათა წელში გავსწორებულიყავი. თან გარეთ გავიხედე. ბალახი ისეთი მწვანე იყო, გეგონებოდათ აკვარელებით არის გაფერადებულიო, ცა კი გუშინდელთან შედარებით მოწმენდილი იყო და მზე სასიამოვნოდ აჭყიტებდა. ამ სითბომ ოდნავ გამომიკეთა ხასიათი და დახატვა მომინდა, მაგრამ საქმეს შუა გზაში ვერ მივატოვებდი.
-გუნდებს ვანაწილებთ და ცოტა ხანში დავიწყებთ, გამოხვალ ჩემს საგულშემატკივროდ?-მკითხა და შუბლით შუბლზე დამეყუდა.-ჩემი თილისმა ხარ, მოსაგებად მჭირდები.
-როგორც კი დავასრულებთ, გამოვალ- დავპირდი და გამოვტრიალდი, როცა ბავშვების ახლა უკვე მშვიდი ნაბიჯები გავიგე. უკან გრეისი მოყვებოდათ, რომელსაც ეტყობოდა, პატარები საკმაოდ გამოელანძღა, რადგან თავჩახრილები და დაღვრემილები მოდიოდიოდნენ.
-არ დაიგვიანო იცოდე!-გამაფრთხილა ისააკმა და ბავშვებთან ერთად გაიქცა.
მე კი ავიღე ხელში ჩოთქი და უფრო სწრაფი ტემპით დავიწყე ხეხვა, რათა მალე მოვრჩენილიყავი. ყოველთვის როცა სახლს ვალაგებდით, ყველაფერს გოგონები ვაკეთებდით, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო. კარგ ამინდში ბიჭები მაშინვე გარეთ გავარდებოდნენ და თამაშობდნენ, ჩვენ კი სახლის საქმეების კეთება გვიწევდა. მათ ამ საქციელს აღმზრდელებიც უწყობდნენ ხელს, რადგან დავალებებს მხოლოდ გოგონებს გვაძლევდნენ. რა თქმა უნდა, ბიჭებსაც არ სურდათ ჩვენს საქმეში ჩარევა, რათა: „ხელი არ შეეშალათ“, ამიტომ გარეთ გარბოდნენ გასართობად.
ხანდახან შურს ვიძიებდით. როცა აცივდებოდა, ყველას გავყრიდით გარეთ, სახლს კი ძალიან ნელა ვალაგებდით, მაგრამ შემდეგ აღმზრდელებმა გამოგვიჭირეს და გვეჩხუბნენ.
ალბათ მთელს დედამიწაზე ყველაზე საშინელი ადამიანი უნდა იყო, რომ ბავშვი ამ პანსიონში მოიყვანო ან ყველაზე უიღბლო ადამიანი, რათა აქ მოხვდე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა პატარებს ბევრად უკეთესად ექცევიან ვიდრე ოდესმე, ყოველივე ამისთვის მე და ჩემი თანატოლები ვიბრძოდით. ჩვენ კი ჯოჯოხეთში ვიყავით. დღემდე არ მჯერა როგორ მოვაღწიეთ აქამდე ცოცხლებმა, ალბათ იმაზე უფრო ძლიერები ვყოფილვართ ვიდრე მეგონა.
საქმე რომ დავასრულე, ოთახში ავირბინე, რათა სახატავი რვეული და ფანქრები ამეღო, შემდეგ კი გარეთ გავიქეცი და კარგი ადგილი მოვძებნე, სადაც თამაშს უკეთ ვუყურებდი.ისააკმა მაშინვე შემნიშნა და ხელი დამიქნია. ხანდახან მგონია, რომ ფიზიკურად გრძნობს, როდესაც მის სიახლოვეს ვარ, რადგან როგორღაც ყოველთვის ახერხებს ჩემს მოძებნას. როცა დარწმუნდა, რომ უკვე იქ ვიყავი და მას ვუყურებდი, მაშინვე შეეტყო ცვლილება და ახლა მთელი ენერგია გადაიტანა თამაშში. ამას, რა თქმა უნდა, ჩემთან თავის მოსაჩვენებლად აკეთებს, რათა დამიმტკიცოს როგორი მაგარია და რომ მასზე კარგად ფეხბურთს ვერავინ თამაშობს. ნეტავ თვითონაც თუ ხვდება, რომ ეს ყველაფერი ისედაც ვიცი?
ერთ-ერთი ხის ძირას, სადაც კარგი ჩრდილი იყო, მოვკალათდი და მაშინვე ხატვას შევუდექი. თამაშს იმდენად ყურადღებას არც ვაქცევდი, რადგან ესკიზების გაკეთება დავიწყე და როცა ვხატავ, სამყაროს გამოვეთიშები ხოლმე. ამ დროს მხოლოდ დაკვირვების საგანს ვუყურებ, ეს კი ისააკი იყო. მიცდია სხვების ხატვაც, გოგონებსაც რამდენჯერ უთხოვიათ პორტრეტები, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ისააკის ნახატები გამომდის ისეთი, როგორიც მინდა. შეიძლება იმის გამო, რომ მისი სახის ყველა ნაკვთი თუ ნაოჭი იდეალურად მაქვს დამახსოვრებული, ან ის, რომ როდესაც ფეხბურთს თამაშობს, მისი სხეული ყველაზე გრაციოზულად მოძრაობს და ულამაზესი სანახაობაა?
ისააკი ისე დარბის, თითქოს მიფრინავსო და ხელებს ისე ამოძრავებს, თითქოს ცეკვავს. საოცარი კოორდინაცია და სხეულის პროპორციები აქვს, რომელიც ალბათ ყველა მხატვრისთვის სასიამოვნო სამუშაო იქნებოდა.
-ანგარიში რამდენია?- მეკითხება ალისა, რომლის მოულოდნელმა მოსვლამ შემაშინა და ნახატი გამეჩხაპნა.
-წარმოდგენა არ მაქვს,მაგრამ მოღუშულ სახეებზე ვატყობ წითლები აგებენ-მივუგე პასუხად. წითლებად კი ისააკის მოწინააღმდეგეე გუნდი მოვიხსენიე, რომელთაც წითელი ბენდენები ჰქონდათ მკლავზე შემოხვეული.
-ჰოო, მაილზს ვატყობ მალე აფეთქდება-თქვა სიცილით, მაგრამ სახე შეეცვალა და უეცრად იყვირა -კაილ ფრთხილად!- შესძახა ალისამ და სანამ მე სიტუაციის გააზრებას მოვასწრებდი, ბურთი, რომელიც თურმე ჩემკენ მოფრინავდა, სახეში მომხვდა და ინერციით უკან გადავყირავდი.
წამით თვალთ დამიბნელდა და ვარსკვლავები გამომესახა, თავი კი უწონო გამიხდა. მეგონა ცხვირი გამიტეხეს, რადგან სისხლი წამომივიდა, მაგრამ საშინელი ტკივილის გარდა, სხვა არაფერი სერიოზული არ ჩანდა.
თვალები ნელ-ნელა გავახილე და სიბნელე რო გადავიდა, დავინახე რო ისააკს ჯოშუასთვის საყელოში ჩაევლო ხელი და რაღაცას უყვიროდა. მაშინვე მივხვდი, რომ მისი ნასროლი იქნებოდა, რადგან ისააკი უმიზეზოდ არავის არ დაეტაკებოდა.
-ისააკ შეეშვი!-ვუყვირე მე, როგორც კი აზრზე მოვედი და მანაც გამიგო. ცოტა ხანს კიდევ უყურა ჯოშუას გამგელებული თვალებით, შემდეგ ხელები გაუშვა და ჩემი მიმართულებით გამოიქცა.
ალისამ ბურთი აიღო და მას გაუწოდა -შემდეგისთვის ფრთხილად იყავით, შეიძლებოდა ბავშვებს მოხვედროდათ- მიუგო მან.
ისააკმა გამოწვდილ ბურთს ყურადღება არ მიაქცია და ჩემ წინ დაიხარა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტკბილი ხმით მკითხა-ძლიერად მოგხვდა? მართლა კარგად ხარ?
-ჰო, ფაიფურის კი არ ვარ, არაფერი მომსვლია-ვუთხარი სიცილით-არ ინერვიულო, წადი თამაში გააგრძელე და გამარჯვებით შური იძიე -თვალი ჩავუკარი და გაეღიმა.
-მართალია, ფაიფური არა, ნიბლია ხარ -მითხრა და ცხვირზე მაკოცა, სადაც ბურთი მომხვდა.
მანაც დაპირება შეასრულა. თამაში ისააკის გუნდმა მოიგო, მაილზი კი გამძვინვარებული ყვიროდა, სანამ არ დაიღალა და ბალახზ ძალა გამოცლილი გაიშოტა.