ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?

ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?

ჭიშკართან შევყოვნდი. სკოლამდე რეკორდულ დროში მივედი. ძლივს ვსუნთქავდი - რამდენიმე წუთი შესვენება აშკარად მჭირდებოდა. კუთხეში სკამზე ჩამოვჯექი. ყვავილები ჩანთის უკან დავმალე. მართლა ლამაზი იყო. იასამნისფერ თაიგულს კმაყოფილი ვათვალიერებდი. 

ბატონი ზაზა ჯერ არსად ჩანდა. ვნერვიულობდი, მაგრამ ვერ დავიჩემებ ამ შეგრძნების უკმაყოფილო ვიყავი - მეთქი. საბოლოოდ შევეგუე, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი დაწყებულიყო. დილა გამახსენდა. ისევ ციცინათელებით განათებული მდელო. იქამდე აისი როგორ არასდროს მენახა? - ჩემს თავს რამდენჯერმე ხმამაღლა გაკვირვებულმა ვკითხე. მოვითენთე. უძილობამ სკამზე გამყინა. ალბათ ბოქლომის ხმა რომ არა, ტკბილად დავიძინებდი. კაი სანახავი ვიქნებოდი - სკოლის ჭიშკართან გათიშული თაიგულით ხელში. მკვდარზე ვენოკი; ბატონ ზაზასთან მივირბინე. გაუკვირდა. არაფერი უკითხავს - ეგ მაგისი საუკეთესო თვისება იყო. მეგობრულად მომესალმა და გზა დამითმო. არ ვიცი თაიგული შეამჩნია თუ არა. იმ დროს ამაზე არ ვფიქრობდი.

ჩემი გამოთვლებით ბავშვები ასე ათ წუთში მოვიდოდნენ. გაკვეთილის დაწყებამდე დრო იყო. ყველაფერს ბუნებრივად უნდა ჩაევლო - საჩუქარს მაგიდაზე დავტოვებდი და უკან გავბრუნდებოდი. ბატონი ზაზა რამეს მკითხავდა და საფულის დარჩენას მოვიმიზეზებდი. ტყუილიც არ გამოვიდოდა. შემდეგ მოსახვევთან მივირბენდი და ლევანს ჩვენს ადგილას დავხვდებოდი. თითქოს არაფერი, საკლასო ოთახში გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდოდით და ელენეს გახარებულ /გაკვირვებულ სახესაც ვნახავდი. 

ყველაფერი კარგად ჩაივლის - დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ერთი რამ მაინც მაწუხებდა. საქმე ისაა, რომ მაინც ვერ გადამეწყვიტა - გამემხილა თუ არა ლევანისათვის ჩემი ამბავი.

მოვიფიქრე ამ უკანასკნელში გზაში გავრკვეულიყავი.

ყველაფერი გენიალურადაა! - კლასიდან გასვლამდე ყვავილები კიდევ ერთხელ შევათვალიერე. თავი შევიქე და მოსახვევისკენ გავწიე.

ბატონი ზაზა აღარ შემხვედრია. ლევანსაც მისვლა მივასწარი. ერთმანეთს მივესალმეთ. ცოტა მეწყინა - ვერაფერი შენიშნა. დარწმუნებული ვიყავი ყველაფერი სახეზე მეწერა. ჰოდა, მეც გადავწყვიტე ლევანისთვის ჯერ არაფერი მეთქვა. სამაგიეროდ, მაგისი წუწუნის მოსმენა არ ამცდა. არ მახსოვს რით იყო უკმაყოფილო, მაგრამ სანამ კლასში ავედით, დამღალა.

შეიძლება მართლა მე ვიყავი ცუდი მეგობარი და ყველაფერმა მომხდარმა იმდენად ჩამითრია, რომ სულ გადამავიწყდა ლევანისთვისაც მეკითხა რას განიცდიდა ან რას ფიქრობდა. ზედმეტს ვითხოვდი. ეს აზრი წლების განმავლობაში ჩემი თავის ტკივილი გახდა, რაც მოსალოდნელიც იყო რიგი მიზეზების გამო. ლევანი ერთადერთია, ვინც ძველ ცხოვრებასთან მაკავშირებს. სხვა ყველა ძაფი დიდი ხანია გაწყდა. ბევრს აქვს ჩემზე ბოღმა; ბევრს მოვქცევივარ სასტიკად, მაგრამ თავს დამნაშავედ მარტო ლევანის წინაშე ვგრძნობ. წარმოგიდგენია, მეგობარო ? - თავს ვიდანაშაულებ. არა რა, ბავშვობის მეგობრი სულ სხვაა.

„გინდ დაიდანაშაულე, გინდ არა. რაღა მნიშვნელობა აქვს თუ ეს მეგობრობა უბრალო მოგონება გახდა“ - მაინც პოულობს ბატონი ხმა მიზეზს სიტყვაზე გამომეკიდოს. მეცინება. მომაყარა; აი, ისე - მასწავლებელი რომ კითხვას დასვამს და ბავშვი ხელის აწევის გარეშე პირდაპირ პასუხობს. მგონი, მართლა ეშინია სათქმელის გარეშე არ დარჩეს.

მოკლედ, ჩვენი ძმური ურთიერთობა რამდენჯერმე ავწონ-დავწონე. რამდენჯერმე კი არა ძალიან ბევრჯერ. საბოლოოდ დასკვნაც გავაკეთე. ამის გახსენების ,ალბათ, აღარც დრო მომეცემა და აღარც შესაძლებლობა, ამიტომ მოკლედ მოგახსენებ - მე ჩემი დანაშაული მიმიძღვის, რომელსაც ვნანობ; კი ბატონო, მაგრამ ლევანმა უპატიებელი ჩაიდინა - მეგობარი გასაჭირში დატოვა. ამგვარი რაღაცები ,ჩემნაირი უგულოსთვისაც კი, მიუღებელია.

ასე, რომ განაჩენი გამოტანილია - ელია ბოლქვაძე გამართლებულია. საქმის აპელაცია დაუშვებელი. მოსამართლე კმაყოფილი. 

ამბავი განვაგრძოთ :

ჩემი ძალიან მარტივი გეგმა უკვე კარგად წარმოდგენილ ფინალს ნელ-ნელა უახლოვდებოდა და უნდა დამეჯერებინა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, როდესაც საკლასო ოთახის კარი შევაღე და სახეალეწილი მივაშტერდი ლალი ჩხაიძეს, რომელიც ჩემი ნაჩუქარი თაიგულით თავს იწონებდა. ელენე თავის მერხთან იჯდა და გაკვეთილისათვის ემზადებოდა.

იმდენად ღრმად ამოვიოხრე, შეშინებულმა ლევანმა ზურგი გამიმაგრა. არაფერი მითქვამს : არც ლევანისთვის, არც ლალისთვის, არც ელენესთვის. დღის ბოლომდე ხმა არ ამომიღია. ყველას, ვინც მეკითხებოდა რა სახით ზიხარ, რატომ ხარ ეგრეო, ღამე ცუდად მეძინა-მეთქი ვპასუხობდი. ყველა მოტყუვდა, მათ შორის ლევანიც. სხვათა შორის, ეს ფაქტი, ჩემს წარმოსახვაში გათამაშებულ ზემოთ ხსენებულ პროცესზე ლევანის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვან მტკიცებულად გამოდგა.

„ნეტა, ოდესმე საკუთარი თავიც გაგესამართლა.“

მეხუმრები? მაშ ყველაფერი არ გცოდნია, ჩემო კარგო. არაერთხელ ვიყავი მეც ჩემი თავის წინაშე მოპასუხე. მაგრამ, სამწუხაროდ თავის მართლება კარგად გამომდის.

„სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ?“

ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდი რაში მადანაშაულებ - ცუდ ადამიანობასა თუ კარგ პროფესიონალიზმში?  

„ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ნუ ცდილობ თავი ამარიდო!“

აი, კიდევ ერთხელ შეცდი. არ ვცდილობ თავი აგარიდო. აღარ; წარმოიდგინე და მადლიერიც კი ვარ შენი. აბა, დაფიქრდი - შეგიძლია გაიაზრო, რა საშინელ მარტოობას განვიცდი?

იმ დღეს, როდესაც საკლასო ოთახში ვიჯექი, ვუყურებდი როგორ ტრაბახობდა ლალი ჩემი ელენესთვის სიმწრით არჩეული თაიგულით, მეგონა ზიზღს ვგრძნობდი და მართალიც ვიყავი, მაგრამ ის კი გამომრჩა, რომ ჩემს სხეულში შეიკრა რაღაც უფრო ძლიერი, რომლის სახელსიც არ ვიცოდი. ზიზღი აშკარაა. ის ჩუმჩუმელა. ვერაგი. მარტოობა მესტუმრა. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და უახლოესი მეგობრის თამადობით ვერავის ვუზიარებდი.

უკეთ რომ გამიგო, ერთსაც გეტყვი. არ გაინტერესებს რატომ არასდროს არ მომიყოლია ჩემი ამბავი ლენასთვის? შენი აზრით, საკმარისად არ მიყვარს ან არ მინდა ბოლომდე გამიცნოს? წყეულიმც იყავ, არა! ვერ გეტყვი რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ მოვუყვებოდი ყველაფერს ლენას. რას მეტყოდა. სათანადოდ ვერ მაფასებ! მე ისიც ვიცოდი; სულ ვიცოდი, ოდესღაც ამ შედეგამდე მოვიდოდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა - ან უნდა მომეყოლა ყველაფერი და საკუთარი შვილის სიბრალული ამეტანა ან უნდა გამეგრძელებინა სიჩუმეში ცხოვრება და მაგის ზიზღს შევჩვეოდი.

მეორე ავირჩიე.

შენ რაც შეგეხება - ჩემი პირველი მსმენელი ხარ და როგორი აუტანელიც არ უნდა იყო, შენი ყოფნა მახარებს. სიცარიელეს მივსებ და იმასაც კი შევეგუე, რომ არ ვიცი საიდან ან რა მიზნით ხარ მოსული.

„ჩემი გულის მოგებას ცდილობ?“

სხვათა შორის, საერთოდ არ მჭირდება შენი კეთილგანწყობა. მეც და შენც ვიცით არსად არა ხარ წამსვლელი.

„კეთილი, ეს გასაგებია, მაგრამ თუ ნებას დამრთავთ, ბატონო, ერთი კითხვა მაწუხებს - რატომ არ ივაჟკაცე, წაართვი ლალის ყვავილები და ყველას თანდასწრებით ელენეს გადაეცი. ეგ იქნებოდა გმირული, ლამაზი საქციელი.”

იმიტომ რომ მშიშარა ვარ. ბედნიერი ხარ? შემეშინდა. საჭირო დრო ვერ ავარჩიე. მერე ვეღარაფერი ვთქვი. რაც უფრო დიდხანს დავრჩი ჩუმად, მით უფრო მეშინოდა, რომ ელენე არ შემარჩენდა უმოქმედობას. შენც არ მომიკვდე, გეგონება, ამის პირდაპირ თქმა მოერიდებოდა.

ელენემდე ჩემმა ყვავილებმა ერთხელ მიაღწიეს. მისი დასაფლავების დღეს. თაიგული მამაჩემს გავატანე. ძალა არ მეყო დასაფლავებას დავსწრებოდი. 

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თაიგული სულ ორი ქალისათვის მაქვს ნაყიდი. რა თქმა უნდა, სკოლის პირველ დღეს ლენას მასწავლებლებისათვის ნაყიდს არ ვთვლი. ერთს დედაჩემის ხსოვნას ვუძღვნიდი, მეორეს ელენესას. ტრაკიგულია არა? ამ თაიგულებს არაფერი უნახავთ საფლავის ქვის სიცივის გარდა.

ჰოდა, ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ელენემ ვერასდროს გაიგო, რომ ის თაიგული მაგისთვის იყო, მაგრამ რატომღაც გულის სიღრმეში სულ მჯეროდა, რომ ყველაფერს მიხვდა. ის ყვავილები საგანგებოდ ელენესთვის ავარჩიე. არა მგონია ვერ შეემჩნია.

იმის მიუხედავად, რომ ჩემი რომანტიკული დებიუტი ისე არ დასრულდა, როგორც მინდოდა, დღის ბოლოს ელენესთან მივედი : ვალი უნდა დაგიბრუნო და დღეს სახლამდე მიგაცილო - მეთქი. გზაში ვიხალისეთ. გამიკვირდა; იქამდე არ შემინიშნავს - საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ასე გაგრძელდა სადღაც ორი კვირა. სკოლიდან სახლში ერთად ვბრუნდებოდით. ერთხელ სანაპიროზეც გავისეირნეთ. სანაპიროზე სიმინდი არ მაქვს ნაჭამიო. ეგ გამოსასწორებელია - მეთქი. ელენემ სიმინდი ჭამა, მე გავცურე. კლასელებს ვემალებოდით. ეგეც მოგვწონდა. ერთი სიტყვით, ნამდვილი შეყვარებულებივით ვიქცეოდით.

„სანამ?“

სანამ ჩამოკრა მწუხრის ზარმა!

როგორ პოეტურად ჟღერს არა?

„გირჩევნია მოეშვა ზედმეტ პათოსს.”

შენ კი გირჩევნია მოკალათდე.

ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.  

***

რა ვქნა, ისევ ბედზე მომიწევს ქოთქოთი. ბედი რომ არ ჩარეულიყო იმ დღეს მაღვიძარა დარეკავდა ან ვასილი გამაღვიძებდა ან ,რავიცი, თავში რამე დამეცემოდა; ჩვეულებრივად ავდგებოდი. მოვწესრიგდებოდი, ვისაუზმებდი და სკოლაში წავიდოდი, მაგრამ არა - ბედმა თავისი თქვა, თუმცა მისი ვერავინ გავიგეთ.

გავიღვიძე, საათს შევხედე - პირველი გაკვეთილი უკვე დაწყებულიყო. რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი და სკოლისკენ გავიქეცი. გზაში ვფხიზლდებოდი. წესიერად ვერ ვმოძრაობდი. ახლაც ყველაზე მეტად მეზიზღება, როდესაც სახლიდან ისე გავდივარ კბილების გამოხეხვას ვერ ვასწრებ. სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. ვერც მაშინ ვფიქრობდი.

ჭიშკარი ჩაკეტილი დამხვდა. სკოლაში ასეთი წესი გვქონდა - ბატონი ზაზა ზარის დარეკვისთანავე ჭიშკარს ბოქლომს არგებდა, შესვენებებსა და საკლასო დღის დასასრულს კი ხსნიდა. ისე, ახლა რომ ვიაზრებ, ყველაზე დიდი ძალაუფლება მაგას ჰქონდა. ბატონი ზაზა - სკოლის ჭიშკრის მცველი! ჩემნაირი ძილისგუდა ბავშვების რისხვა. 

რაღა უნდა მექნა?! საათს შევხედე, გაკვეთილის დასრულებამდე ოც წუთზე მეტი იყო დარჩენილი. გავისეირნებ - მეთქი, ვიფიქრე და შენობას წრეების რტყმას მივყევი. ერთი ის მამშვიდებდა, რომ კაი გამოძინებული ვიყავი. ბოლო წლებია ღამე მაქსიმუმ სამი/ოთხი საათი დავიძინო. მაშინ კიდე ,ვასილის თქმისა არ იყოს, ძილის გამო კაცსს გავყიდდი.

ნათელი და სანთელი მამაჩემო!

კუთხეში ერთი ქალი იჯდა. სიგარეტს ღერებად ჰყიდდა. აქტიური მწეველი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ხანდახან სიგარეტი დროის გაყვანის ძაან კაი ხერხია. ჰოდა, ვიყიდე ორი ღერი და ასანთი. გაკიდება დავაპირე და უცებ დამარტყა - შე იდიოტო, რომელიმე მშობელმა ან მასწავლებელმა რომ დაგინახოს, სახლში მისვლა აღარ გინდა? - მეთქი. თავი ერთ-ერთ პადიეზდს შევაფარე. კიბეზე ჩამოვჯექი და ღრმა ნაფაზი დავარტყი. თავბრუ დამეხვა. მესიამოვნა. აკრძალული ხილი უფრო ტკბილია. მეორე, მესამე - ცოტა მაკლდა სრულ განცხრომამდე, როდესაც უცნაური ხმა მომესმა.

სმენა დავძაბე. ზემოდან მოდიოდა. რაღაც გმინვის მსგავსი იყო. მეცნო, მაგრამ თან მეუცხოვა. ვიფიქრე, ავალ, გავარკვევ რა ხდება. ხომ მშვიდობაა - მეთქი. ვაი, ყოველთვის ცუდზე ნუ ფიქრობ, ელია - საკუთარი თავი შევაკავე. რაის გმინვა; შენ მაინც ხო იცი ამ პადიეზდში მაღალკლასელები რისთვისაც იპარებიან. ავიდოდი და კლოუნი გამოვიდოდი. ყველაზე უხერხულ სიტუაციაში ამოვყოფდი თავს. ჰო, ჰო - ეგრე იქნებოდა. ვერაფრით მოვისვენე. სიგარეტი ჩავაქრე. ხმა ხან წყდებოდა, ხან ძლიერდებოდა. რაღაც მკარნახობდა, რომ უნდა ავსულიყავი. გუმანი? შეიძლება უბრალოდ ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა.

ერთი ხერხი მქონდა მოფიქრებული, რომელსაც მაშინ მივმართავდი, როდესაც გადაყწვეტილების მიღება მიჭირდა. ხუმრობით ვასილის მართლმსაჯულებას ვეძახდი - წარმოვიდგენდი, რას იზამდა ძვირფასი მამაჩემი. როგორც კი ამაზე დავფიქრდი, მივხვდი - საყოყმანო არაფერი იყო. სულ მცირე, იოტისოდენა ალბათობა მაინც რომ არსებულიყო იმისა, რომ ვინმეს, სადმე დახმარება სჭირდებოდა, ვასილი უკან არაფრით დაიხევდა. ჰოდა, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა და წინაპრების შთაგონებით შეგულიანებული ხმას გავყევი.

კიბეს ფრთხილად ავუყევი. ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ მინდოდა. თუ მართლა არაფერი ხდებოდა, რა იცი იქნებ ისე ჩამოვსულიყავი, რომ ვერავის შევემჩნიე. აუ, ისე რო რამე შეიძლებოდა კარგი მუშტიც მომხვედროდა. სილუეტი დავლანდე. სიფრთხილე დავივიწყე. კიბემ დაიჭრიალა. შემომხედა; არ მახსოვს რა ვიფიქრე ან რა ვიგრძენი ან საერთოდ რამე თუ ვიფიქრე ან ვიგრძენი. ის მახსოვს, რომ წონასწორობა დავკარგე.

ელენე!

გუმანი იყო კი გუმანი. ელენე ტიროდა. ჩემი ნახვა არ ესიამოვნა. თვალებში ვუყურებდი და საკუთარ დაბნეულ სახეს ვხედავდი. ერთი ნაბიჯი და მტაცებელივით ჩამაფრინდებოდა. ხელები თვალებზე აიფარა. სისხლი, დალურჯებები, დაბეჟილობა. თავის ხელში აყვანას ცდილობდა? როგორც არ უნდა ყოფილიყო, არ გამოსდიოდა. მოზღვავებულ გრძნობებს ვერ იმორჩილებდა - ცრემლები მოსდიოდა და მოსდიოდა; ელენე იღვრებოდა და იღვრებოდა.

შიში, მღელვარება, გაუგებრობა.

ნაბიჯი გადავდგი.

-ელია… არა, არ მოხვიდე.

- ელენე, რა მოხდა?

-არ მოხვიდე - მეთქი!

-რა ხდება, წამოდი. დახმარება გჭირდება.

-არ მომეკარო. წადი. მარტო დამტოვე.

-რა დაგემ… ვინ… ნაცემი ხარ.

-შენ საქმეს მიხედე.

-კაი, კაი თუ არ გამომყვები გავალ და ვინმეს დავუძ…

-არც გაბედო. ვინ მიგდიხარ - გეუბნები წადი, შემეშვი - მეთქი. ჩემს მაგივრად რატომ წყვეტ დახმარება მჭირდება თუ არა.

-უბრალოდ მინდა დაგეხმარო. დაგიცვა.

-გინდა დამიცვა? კაი, ნუ გამაცინებ. მოგწონს, არა? პატარა ბიჭი ხარ. პატარა, სულელი ბიჭი, რომელსაც ზღაპრები უყვარს. გმირულად უნდა დამიცვა და მერე? ვიცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად?

-რას ლაპარაკობ?

-სიმართლეს, ელია, სიმართლეს. ვინმემ ხო უნდა გითხრას , რომ ცხოვრება ზღაპარი არაა. უნდა დამიცვას! იცი მაინც ვისგან მიცავ? მამაჩემისგან. არ ელოდი, არა? ახლა მითხარი - დასახმარებლად რომ ეძახი ხალხს, რა ჯანდაბა გინდა მაგათ ვუთხრა? ის, რომ სახლში მისვლის მეშინია, რადგან იქ კაცი მელოდება, რომელიც გამოდის ძალადობას უარჰყოფს, მოძალადეებს თითს უქნევს, მაგრამ როგორც კი ორ ჭიქაზე მეტს დალევს, საკუთარი შვილის ცემით ერთობა?

დედაჩემს ძალიან ვგავარ. ღმერთმა დამცინა. მეც წარუმატებელ ქორწინებას ვახსენებ. ხანდახან გონების დაკარგვის პირას მივდივარ. ყვირილიც აღარ შემიძლია. ამ დროს მუხლებზე ეცემა, თავზე ხელს მისვამს, ცრემლები მოსდის და პატიებას მთხოვს. ცივი წყალი და ყინულები. იმიტომ კი არა, რომ ნანობს. იმიტომ, რომ ჭრილობები ჩაცხრეს. ვინმემ რომ არ შეამჩნიოს. იცის არავის ვეტყვი და მაგით სარგებლობს.

პათოლოგია. “მამა, მამიკო, მაპატიე ძალიან ვწუხვარ. მძიმე დროა, ძალიან მძიმე. გაივლის, ყველაფერს გამოვასწორებ”. ერთი და იგივე, ისევ და ისევ. აღარც მახსოვს, რამდენჯერ მაქვს ეს სიტყვები მოსმენილი. იცი ყველაზე ცუდი რა არის? პირველად დავიჯერე. ჰო, დავუჯერე. ახალი სახლი, ახალი სკოლა - მეგონა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ჩემი ფეხები.

მოდი მიპასუხე - გარეთ გახვალ და ვინმეს დაუძახებ?

ელენე აშლილ-დაშლილი, მისვრილ-მოსვრილი.

-არ ვიცოდი.

-გაჩუმდი! საიდან უნდა გცოდნოდა. შენ რა იცი როგორია არასასურველი შვილი რომ ხარ. ოჯახი არასდროს მყოლია, ელია. შენი ძალიან მშურს. დედაშენი მკვდარია, მაგრამ დედაშენის ხსოვნა უფრო ნამდვილია, ვიდრე ყველაფერი, რაც ჩემს ოჯახს აქვს ან ჰქონია. იმაზე აღარაფერს ვამბობ, როგორ უყვარხარ მამაშენს.

თქვა და გაჩუმდა. დაიცალა. პირველი ვიყავი, ვისაც ეს უთხრა. სიტყვები ყელში მეჩხირებოდა. გასაგებია - მაშინ სამზარეულოში, რატომ აუცრემლიანდა თვალები. მე, დებილი - თავი ნაბიჭვრად ვიგრძენი. მთელი გულით მინდოდა ელენეს დახმარებაც და დაცვაც, მაგრამ ხელმოცარული ვიყავი.

ხმა, ვიცი საზიზღარ ადამიანდ მთვლი; ვერ შეგეწინააღმდეგები. ამ ამბავშიც კი, სადაც ელენე ერთადერთი მსხვერპლია. ისე ვყვები, გეგონება მე ვიყო ყველაფრის თავი და ბოლო. გეფიცები, არ ვიტყუები.

ჰკითხე, რომელიმე ჩემს კლიენტს - არც ერთი არ გეტყვის, ელია ბოლქვაძე უგრძნობი კაციაო. იცი რატომ ფიქრობენ ასე? იმიტომ, რომ აფერისტი ვარ. იმას ვამბობ და ვაკეთებ, რაც საქმეს სჭირდება. ტყუილ თანაგრძნობასაც გამოვხატავ და თუ საჭირო გახდა, მეც მათთან ერთად ვოხრავ. ვამბობ იმას, რისი მოსმენაც უნდათ. ვამშვიდებ, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. ვთამაშობ.

მაგრამ ახლა გულწრფელი ვარ.

მაშინაც გულწრფელი ვიყავი.

მეც მტკიოდა.

მეც ვიტანჯებოდი.

ჩუმად; ელენე მიყურებდა და ვებრალებოდი, თან ვეზიზღებოდი. თავისი თავიც ეზიზღებოდა. იცი, რა გავაკეთე?

ბოდიში - მეთქი ამოვისლუკუნე და გავიქეცი. პასუხს არ დაველოდე. ბოდიში, ბოდიში ძალიან ვწუხვარ - მეტს ვერაფერს ვამბობდი. ერთი ეგ შემეძლო - დაუსრულებლად ბოდიშების ხდა, პატიების თხოვნა. 

საჭირო სიტყვების საძებნად გამოვიქეცი.

…რას იტყვი ხმა?

იმედია ახლაც უპასუხოდ არ დამტოვებ.

“პატარა იყავი, ელია. რა უნდა გექნა? ვწუხვარ, მთელი გულით ვწუხვარ - სხვა მეც ვეღარაფერს გეტყვი.”