,,ასტრალში"
,,ასტრალში"
დილის 8 საათია.
სახლის მეპატრონემ გამაღვიძა. გამხდარი ქალია, წარბები საერთოდ არ აქვს, ხოლო თმა წითლად აქვს შეღებილი. კარზე ხშირი კაკუნი იცის ხოლმე. ნელ-ნელა ავდექი ლოგინიდან, პერანგი მოვიფარე და ეზოში გავედი.
-დილა მშვიდობის. სახლის ქირა გაქვს გადასახდელი.
-ვიცი, მახსოვს. ახლავე გამოგაწვდი.
შევედი სახლში და საფულედან ამოვიღე გუშინდელი გამომუშავებული ფული. მთლიანი თანხა გადავეცი. სახეშეჭმუხნულმა დაითვალა. ეზო შეათვალიერა და მითხრა.
-შემდეგი თვიდან მეტის გადახდა მოგიწევს.
-კი, მაგრამ, ისედაც ბევრს ვიხდი. ამ სახლს მაგდენიც არ ეკუთვნის.
-რაზე მესაუბრები? მადლობა თქვი, რომ აქ შეგიფარე. ზოგს ეგეც კი არ აქვს. თუ თანხის გადახდას არ აპირებ, ღობე მაინც შეღებე. ვერ ხედავ, საღებავი გადასული აქვს და ცუდად ჩანს. შენი წასვლის მერე კლიენტი რომ მოვიდეს, ნორმალურ მდგომარეობაში უნდა დავახვედრო.
-ჯერ ხომ ვცხოვრობ?! არ ვაპირებ წასვლას.
-ხოდა შეღებე, თუ არ გინდა, რომ აქედან უფრო ადრე წახვიდე.
ეზოდან გავიდა. კარი არ დაუკეტავს. მივედი, გაფუჭებული საკეტი, რომელიც გარედანაც თავისუფლად იღებოდა, ხელით ავათამაშე, იქნებ რამენაირად ისევ ერთ ადგილას გაჩერებულიყო. ისევ მელოდიის ხმა შემომესმა მეზობლის სახლიდან. მათთან მისვლა და თან იმ კეთილი ქალბატონის მიერ გამომცხვარი ხაჭაპურის დარჩენილი ორი ნაჭრის მიტანა გადავწყვიტე.
სახლში შევედი. სუნამო დავისხი. პერანგის ძებნა დავიწყე, რომელიც გუშინ მოსაცმელად მქონდა წაღებული. ვერსაც ვიპოვე და გონებაში ვიხსენებდი, თუ სად შეიძლებოდა წამეღო. გამახსენდა! ტაქსში დამრჩა.
რამდენიმე წუთს გაგრძელდა ბრაზი, თუმცა აზრი არ ჰქონდა. რანაირად დავაბრუნებდი?! იმ კაცის არანაირი მონაცემი მქონდა და მაისური გადავიცვი. სახე დავიბანე, წყალიც გამოვივლე პირში და თეფშზე დაწყობილი ხაჭაპურის ნაჭრებით მეზობლის კარისკენ გავემართე.
ქუჩაში ბავშვები ბურთით თამაშობდნენ და შემთხვევით ბურთი ხელზე მომხვდა, კინაღამ თეფში გამივარდა.
-ბოდიში, ბიძია. ძალით არ გვინდოდა.
-არაუშავს, შვილო. არ ინერვიულო.
გავუღიმე და ფეხით გავუგორე ბურთი, რომელიც ჩემს ღობესთან გაჩერებულიყო.
მელოდიის ხმას გავყევი და მეზობლის კართან მისულმა ნელა დავაკაკუნე, რომ მისთვის ჰარმონია არ დამერღვია. კარი ისევ იმ ქალბატონმა გააღო. ყვითელი კაბა ეცვა, ფერადი ყვავილებით მორთული. ხელზე რამდენიმე ფერადი სამაჯური ეკეთა და გაღებისას აათამაშა, კედელს მიაყრდნო და თავით მანიშნა, რომ შევსულიყავი. ხაჭაპური შესასვლელშივე გამომართვა და სამზარეულოში შეიტანა. იმედი მაქვს, თეფშს უკან გამატანს, რადგან სულ რამდენიმე გამაჩნია.
-მობრძანდით. არ მოგერიდოთ და მადლობა, ასეთი გემრიელი პურისთვის.
-პური არაა, ხაჭაპურია.
-მაპატიეთ, უცბად ლავაშის პურები მეგონა.
მისაღებ ოთახში ტახტზე დავჯექი და ახლა უფრო დეტალურად დავიწყე ოთახის თვალიერება. ისეთი ნათელი და ლამაზი ოთახია, ფარდები სისუფთავისგან გამჭვირვალეც კია. ამ ოთახის ნახევარია მთელი ჩემი სახლი, თუმცა ჩემიც არაა, მხოლოდ დროებითია. ფეხის ხმა მომესმა.
-ქალბატონო, თქვენ ეს სახლი...
-დიახ, გისმენთ.
უცხო ხმამ მიპასუხა. წამოვიწიე და თავი შევაბრუნე. ჩემ უკან ულამაზესი არსება იდგა, დახვეწილი ჩაცმულობით. გოგონა ტანზე მომდგარი შავი კლასიკური შარვლითა და თეთრი სიფრიფანა მაისურით. გამხდარი და მაღალი, გრძელი, ყავისფერი ხვეული თმითა და ფითქინა კანით.
მომიახლოვდა. კანი ნაზი, ატმისფერი და სურნელოვანი ჰქონდა, ასევე პატარა ხალი უცნაური ფერის თვალთან. ეს უჩვეულო ფერი მწვანესა და ყვითლის ნაზავი იყო. მზის სხივმა რომ დაანათა, უფრო გაუღიავდა. ჩემ გვერდით მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა, მუხლები მიატყუპა და ხელი გამომიწოდა.
-თქვენ ჩვენი მეზობელი ხართ, ხომ?
-დიახ, აქვე ვცხოვრობ. პატარა სახლში, თქვენს მოპირდაპირე მხარეს.
მიჭირს საუბარი, თითქოს ენა გადამეყლაპოს. ის ისეთი ლამაზია, ისეთი ნაზია, ხმის ტემბრიც კი იმდენად ხმადაბალი და მშვიდი აქვს, რომ მელოდიასავით ჩამესმის.
-დედაჩემს იცნობთ უკვე...
და მან თავისი სახელი წარმოთქვა ისე, რომ წამიერად ვიფიქრე, ანგელოზის სახელს მიმხელდა. დაკვირვებით ვუსმენდი. ამ დროს დედამისი შემოვიდა.
-გაიცანით ერთმანეთი, ეს ჩემი ქალიშვილია.
-დიახ, ახლახანს მითხრა.
-შვილო, ეს ჩვენი მეზობელია, პიანინოს ხელოსანია. კარგი ადამიანი ჩანს. ახლა მე უნდა წავიდე და სტუმარს მიხედე. ხვალ დავბრუნდები.
მანდილოსანი კარისკენ გაემართა, გოგონამ გააცილა და კარი ჩაკეტა, ფეხზე მდგარმა თვალი გავაყოლე. გოგონა დაბრუნდა. ხელით მანიშნა რომ დავმჯდარიყავი, შემდეგ კი თავადაც შემომიერთდა სავარძელზე. თვალებში მიყურებს და საუბარს იწყებს.
-ადამიანის სიცოცხლე თეთრ კვადრატს ჰგავს, რომელიც ცხოვრების მანძილზე სიკეთის ქმნისგან ნელ-ნელა ზომაში იზრდება. მაგრამ ერთ დღესაც ტკივილს აუცილებლად გამოცდის და ამის შემდეგ ირგვლივ შემოეკვრება შავი გარსი, რომელიც ყოველი ტკივილის შემდგომ უფრო შთანთქავს თეთრს და ემსგავსება შავ კვადრატს. იქნებ რამენაირად ვიცოცხლოთ მუდამ თეთრში, ყოველდღე არ მოგვკლას სიშავემ და არ დაგვამსგავსოს შავ კვადრატში მოქცეულ ადამიანს?!
თავი ძირს დახარა, თმები წინ გადმოყარა, სახე კარგად არ უჩანდა. ხელები მუხლებზე დაიწყო, წამოდგა, კედლებს ხელი გაუსვა და პიანინოს მიუახლოვდა.
-დედა მყავს. მაგრამ მიყვარს?! იქნებ, მეშინია, რადგან იძულებულს მხდის, მასთან ვიცხოვრო. სხვა მიყვარდა. სხვას ვუყვარდი. მაგრამ დედას არ უნდოდა. მეც არ ვუნდოდი, მაგრამ, მაინც ვყავდი. მამაც არ უყვარდა, სულ იმას იძახდა, შენ გამოა, რომ ეს ადამიანი აქ ცხოვრობსო.
მარჯვენა ხელი ფარდას ჩამოუსვა და დასუნა.
-რა თეთრია. უბრალო. არაფერს ამბობს ეს ნაჭერი. არ ლაპარაკობს. როგორი მშვიდია და ნაზი.
შემომხედა და განაგრძო საუბარი.
-თქვენც როგორი თეთრი კანი გაქვთ. არაფერი გაწუხებთ, არა?!
-რეალურად ბევრი რამ მაწუხებს. მესმის, როგორ ტკივილს განიცდი, არ მეგონა დედათქვენი ასეთი თუ იყო.
-არც მე მეგონა, უბრალოდ ვფიქრობდი, ჩემი წარმოსახვაა და სინამდვილეში, უბრალოდ კარგი და კეთილია მეთქი. თუმცა ყოველი განცდილი ტკივილისა და დამალული ძალად ღიმილს შემდეგ, მივხვდი, რომ ის სხვანაირია. დედაა, რომელსაც შვილზე მეტად საკუთარი თავი აინტერესებს.
პიანინოს მიუჯდა, მეც წამოვდექი და მივუახლოვდი. გოგონამ ხელები პიანინოს კლავიშების საფარს ძლიერად დაადო.
-იმედი მაქვს, ამ ყველაფერს მას არ მოუყვებით.
-არა, რა თქმა უნდა. არ მინდა ცუდად იგრძნო თავი.
-მუსიკის გაკვეთილებზე სიარული არ მინდოდა. ყოველდღე საყვედურებს ვიღებდი, თუ როგორ ცუდად აღზრდილი ვიყავი და როგორი რთული ხასიათი მქონდა. იურისტობა მსურდა, თუმცა მეუბნებოდა, რომ ეს ქალის საქმე არააო. მამაჩემის სახლიდან წასვლის შემდეგ მთელ დღეს ამ პიანინოსთან ვატარებდი. ის, რისი კეთებაც არ მსიამოვნებდა თავიდან, საბოლოოდ, ჩემი მეგობარი გახდა.
-მე კი ყოველთვის მსურდა მასზე ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოები შემესრულებინა. დაკვრა კარგად არ ვიცი, მხოლოდ მაშინ ვუკრავ, როდესაც შესაკეთებლად მივდივარ, კლავიშების შესამოწმებლად.
-დაგაკვრევინებდით, მაგრამ არ შეიძლება.
-არ შეიძლება? რატომ?
-უბრალოდ არ მინდა.
-კარგით, მე ხომ არც მითხოვია?!
გავუღიმე და მანაც გამიღიმა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მისი თვალების უკან ცრემლები იმალებოდა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. გოგონამ თვალებზე ხელი სწრაფად გადაისვა და კარისკენ გაემართა. ეზოს ბავშვები იყვნენ.
-თქვენთანაა ის ბატონი? აქ ერთი კაცი ეძებს.
გოგონამ ჩემკენ გამოიხედა.
-მგონი თქვენ გეძებენ.
გაკვირვებული კართან მივედი. გოგონა კი აბაზანისკენ წავიდა.
-ბიძია, ეს კაცი გეძებთ.
ბავშვის უკან ტაქსის მძღოლი იდგა, რომელმაც სახლამდე უფასოდ მომიყვანა. მამაკაცს მივუახლოვდი, რომელმაც ჩემი პერანგი გამომიწოდა.
-ეს მანქანაში დაგრჩათ. როგორც კი მოვახერხე მოსვლა, მოგიტანეთ.
-დიდი მადლობა.
გამოვართვი და მან საგულეს ჯიბისკენ წაიღო ხელი.
-მოიცა, შვილო, აი, ეს თანხა იდო შიგნით და ამოვარდა. ვიფიქრე, არ დაიკარგოს და შევუნახავ მეთქი.
ფული გამომიწოდა. გამიკვირდა, რადგან ვერ მივხვდი, საიდან შეიძლებოდა ყოფილიყო.
-თქვენთვის დაიტოვეთ.
-არა, რას ბრძანებთ, მე არ მეკუთვნის. ხომ გითხარი, არ მჭირდება მეთქი.
ხელები ზემოთ ასწია და მანქანისკენ სწრაფად წავიდა. ჩაჯდა და მივუახლოვდი.
-აიღეთ, ჩემი ხათრით.
-არ მინდა, მართლა არ მინდა. მოიხმარე ეგ ფული.
დაქოქა მანქანა და წავიდა. შორიდან ხელს მიქნევდა.
წამიერად თითქოს თვალები გამიშტერდა, ჩავფიქრდი და გამახსენდა ქალი, რომელმაც ხაჭაპური გამომატანა. ალბათ, სწორედ მან ჩამიდო ფული, დამშვიდობების დროს. სახლში შევედი, გოგონა სველი სახით გამოვიდა აბაზანიდან. ვუთხარი, რომ სხვა დროს ვინახულებდი. გამიღიმა, გარეთ გავედი და კარი დაკეტა. ეზოში მყოფ ბავშვებს ხუთლარიანი მივეცი და ვუთხარი, რომ ნაყინი ეყიდათ.
მათი ღიმილის შემხედვარეს, მჯერა, რომ ბავშვური გრძნობები ყველაზე მეტად გულრწფელია.
სახლში შევედი და ლოგინზე წამოვწექი. გოგონას სიტყვები თავში მიტრიალებდა. შავი კვადრატი, თეთრი კვადრატი... დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა ეტაპზე შეიძლება იყოს ჩემი ეს ყოფა. რამდენი მაკლია იქამდე, რომ სრულიად დაიფაროს ტკივილით. კიდევ რამდენის გაძლება შემიძლია?!