ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

არ ილოცო

არ ილოცო

სადგომში შესულს მოხუცი მწყემსი დამხვდა, უკვე ყველაფერი მოესუფთავებინა და ძროხებს ბალახს უყრიდა. ირაკლი უმალვე შეენაცვლა საქმეში და ორი მოძრაობით თივის მოდიდო ბორცვები ძროხების წინ აღმართა. გივი პაპა თბილად, ღიმილით შემხვდა, ნელა, აუჩქარებლად ამოიღო ჯიბიდან ნახვრეტერბიანი ვაშლი და გათლა დაუწო, შემდეგ კი ერთი ნაჭერი დანაზე წამოაცვა და გამომიწოდა, უკვე მაწვებოდნენ ჩემი აზრები, ვინ იცის ძროხიანი ხელებით მოსვრილმა სცადა ჩემი გამასპინძლება, თუმცა ერთიანად ზიზღმა ამიტანა საკუთარი თავის მიმართ და დაუფიქრებლად გამოვართვი. მადლობის ნიშნად ერთხელ სევდიანად ამომხედა და ფიცრულს მიეფარა.

ვაშლი გემრიელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარდა, ყველაზე გემრიელი იყო, რაც კი ოდესმე მიჭამია. ვაშლს ჰქონდა ფიქრების გემო, სევდის გემო, მარტოობის და გულწრფელობის გემო. ჩემთვის ჩუმად ვილუკმებოდი, რომ ისევ მკაცრი ხმა მომესმა.

-         მოდი, ჩემი პრინცესები გაგაცნო, - მითხრა და საჯინიბოს კარი ფართოდ გააღო.

თეთრი მოკრემისფრო ცხენი და კუპრივით შავი არსება დავინახე, შავი ცხენი აქამდეც მენახა, თუმცა ახლა თითქოს სხვა სილუეტები იდგნენ ჩემ წინ. თეთრი ფიგურა ოდნავ დაბალი და გამხდარი იყო, ფაფარი მოკლე ჰქონდა თუმცა ნუშისებრი თვალებით რომელიღაც მულტფილმის პერსონაჟ ცხენს მივამსგავსე. ჯერ მას გადაუსვა თავზე ხელი, შემდეგ შავ დიდ მასას მიუახლოვდა. მკლავი თავზე დააყრდნო და თავისთვის დაუწყო საუბარი. ცხენს პირისპირ გავუსწორდი, შევხედე და შემეშინდა. ნუთუ იქ ყველაფერი ასეთი სევდიანი იყო? ნუთუ ამ ყველაფერს შეეძლო ჩემში რაღაც შეეცვალა? ვეცადე მოვფერებოდი, თუმცა გამბედაობა არ მომეცა და უკან დავიხიე. ალბათ,  გვერდით მდგომმაც შენიშნა ეს, ჩემი ხელი აიღო და ცხენის ფერდებთან მიიტანა.

-         ყველა ცხოველი თავისებურად კარგია, მაგრამ ცხენებს ყველაზე მეტად შეუძლიათ გაგიგონ. დააბოლოვა და ჩემს ხელს მისი თითები მოშორდა.

-         ვერ დაგეთანხმები, ძაღლები ყველაზე მეგობრულები არიან.

ისევ გაეცინა და ოდნავ ხმადაბლა წარმოთქვა

-         ძაღლები მეგობრულები არიან, აი ცხენები ნამდვილი მეგობრები.

ამ ვითომ დასაბუთების ფონზე მაინც ვერ მივიტანე ახლოს მისი სიტყვები, თმცა არც აღარაფერი მითქვამს.

    სადგომი მოვაწესრიგე, საქონლის დაპურებაში ის დამეხმარა და ისიც გავიგე, რომ ძროხებს დღეში ორჯერ წველიან, დილით და საღამოს. საღამოს როგორც აღმოჩნდა მხოლოდ გივი პაპა ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ნაშუადღევზე შიმშილის გრძნობა მომეძალა. მანაც თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო და მოკლედ მომიგო:

-         წამოდი ვჭამოთ.

   ჰო გახსოვთ უზარმაზარი რკინის ჭიშკარი, რომლის მიღმაც ლამაზი ნაგებობა მოჩანდა, ცოტახანში სწორედ ამ კარის ზღურბლთან ვიდექი და ინტერესი ახლა უფრო დიდი იყო, ვიდრე აქამდე.

რკინის დიდი მასა ნელა დაიძრა და ფეხქვეშ, პირველი, რისი დანახვაც შევძელი, ეს მომწვანო თხელი კლდის ფილები იყო. თვალი ზემოთ გავაპარე და თაღებიან კოშკს გადავაწყდი. ეს იყო სამი ნაგებობიგან გაერთიანებული, მოგრძო შენობა, მის მთელ ზედაპირზე ხავსი იყო მოდებული და ფართო დარაბები რომელსაც მინები არ ჰქონდა ალაგ- ალაგ დახეთქილიყო. ეზო სიმწვანეში ჩაფლულიყო და ტბა, რომელიც უფრო პატარა გუბურას ჰგავდა - ნაზად ირწეოდა. ჩემს გვერდით მყოფი ადამიანის არსებობა უმალვე დამავიწყდა, აჩქარებით მოვათვალიერე გარემო და იქვე ტბასთან, ორ ხეზე გაკიდებული ჰამაკი დავინახე. ნაჭრის, თავებში ჭილოფით მოწნული სარწეველა - დაზოლილი და გადახუნებული იყო, ეტყობოდა ათას წვიმას, რომ გადაეარა მასზე და იგი მაინც  ირწეოდა ქარის ყოველ ტალღაზე. აქ ეზოში ორი პატარა მთა ამოწვერილიყო და მათში ჩარგული უცნაური მცენარეები ალბათ საერთოდ არ იქნებოდა ლამაზი თბილისის ჩემს ეზოში, რომ გადამერგო. ჰამაკში ჩავეშვი და მასპინძელიც გამახსენდა.

-         ახლა მესმის, რატომ ხარ აქ. ულამაზესია,- მივუგე და ფეხსაცმელზე შემომჯდარი კალია გვერდზე გადავაგდე.

    ჰამაკში გემრიელად მოკალათებულმა სასახლის სახურავზე ფრინველების გაკეთებულ ბუდეს თვალიერება დავუწყე. სახლის წინ ფართო ვერანდაც შევნიშე, რომელზეც ხის ძველებური მაგიდა და სკამები შემოეწყოთ. რამდენიმე წუთში ჩემს წინ პატარა გორგოლაჭებიანი მაგიდა მოცურდა, მასპინძელმა ორი დიდი ფინჯანი მოიტანა პიტნის არომატს რომ აფრქვევდა და თეფშზე ახლად დაცხობილი ცომეული დაელაგებინა.

-         ეს თქვენ გამოაცხეთ ? - გამეცინა და ხელებში მოქცეული ცხელი ფინჯანიდან ხმაურიანად მოვხრუპე ჩაი.

-         არა, ჩემზე ბევრად ნიჭიერი მზარეულები არიან აქ, ასერომ მიირთვით. მითხრა და წინ საშუალო ზომის ხის სკამზე ჩამოჯდა.

-         იდეალურ ადგილზე ხართ, სასახლე შეუდარებელია. აი, ჰამაკს აქ არაფერი ჯობია.

-         შეგიძლია წამუშავების მერე აქ დაისვენო, - ეცადა ზრდილობიანი ყოფილიყო.

-         არამგონია ხშირად შევძლო აქ მოსვლა, მაგრამ თბილი დახვედრისთვის მადლობა. ეს მთლიანი ტერიტორია ვის ეკუთვნის? ნორმალურად მაინც გიხდიან?

შეკითხვები ცნობისმოყვარეობით მივაყარე.

-         კი, ნორმალურად იხდიან და ცუდი ხალხიც ნამდვილად არ არის.

-         ჰო, მესმის. თუმცა რუსეთში გადაცხოვრებული ქართველები ქართველები არიან? მოკლედ, ოკუპანტი ბოსები გყავს,- გადავიხარხარე და ძროხის სუნით გაჯერებული ხევსურული ქუდი მაგიდაზე დავდე.

-         შეიძლება ასეც ითქვას, კი. ამჯერად გულწრფელად ჩაეღიმა და სანამ ჭამას დაიწყებდა ნაჭრის ნაქარგებიანი ხელსახოცი მუხლებზე დაიფინა.

-         ოჰ, თავადივით მანერებს ავლენ, ეტყობა, ამ გარემომ მაინც თავისი ქნა ჰომ ?

-         ალბათ, ჰო, სიტყვებს ძალიან მკაფიოდ და შეყოვნებით გამოთქვამდა - თუ აქ ორი თვე მაინც გაჩერდები, ნახავ, რომ „თავადიც“ მარტივად შეიძლება გახდე და მწყემსიც.

-         ოო, არა, მაგისგან ნამდვილად შორს ვარ და არ გეწყინოს, მაგრამ აქ არ უნდა მათხოვრობდე. შენნაირ ბიჭებს თბილისში მშვენიერი სამსახური აქვთ, დაგეხმარები თუ გინდა, რამეს მოგიძებნი,- მას უფრო მეტად გაეცინა და საერთოდ სხვა თემაზე გადაეშვა.

-         ჩემი სახელი იცით ?

-         კი, ირაკლი - მორჩილმა ნინომ ახსენა.

-         აი, მე თქვენი არ ვიცი, - ნიშნისმოგებით მომიგო და ჩაი მოსვა.

-         ქეთი. ჰოდა რას გეუბნებოდით,- არ ვცხრებოდი. ამ სუნიან საჯინიბოში ყოფნას გირჩევთ წამოხვიდეთ თბილისში, ბინას კარგ ფასად მოგიძებნით, იქირავებთ და სამსახურსაც მოვნახავთ.

      ჩემში კეთილშობილებამ ერთიანად იფეთქა და იქამდე არ დავისვენებდი ალბათ, სანამ ამ ადამიანს დედაქალაქს არ ვაჩვენებდი. მოულოდნელად ცოტა დამცინავ მზერას შევეჩეხე, ალბათ, უფრო მეტად იმაზე მწვავეს ვიდრე აქამდე შემოუხედავს.

-         მაპატიეთ ქეთი, ვაფასებ თქვენს სიკეთეს, მაგრამ ეს ჩემი სახლია და მომწონს თუ არა, უნდა დავრჩე, და ჰო, კიდევ, ძალიანაც მინდა რომ დავრჩე. ოჯახი რუსეთში მყავს, მე და ჩემი და სეზონურად ჩამოვდივართ ხოლმე და იცი? სადგომის სუნი პრობლემას არ წარმოადგენს. შეგიძლია შენს ტკბილ ქალაქში დაბრუნდე. ხელები ღიმილით გაშალა და სკამზე გადაწვა.

   სახე ერთიანად ამელეწა, წინ მხოლოდ ხისტი კი არა, მატყუარა ადამიანიც მეჯდა, სიბრაზე ყელზე მომაწვა და ხმის ამოღება ვერ შევძელი. გამწარებული ჰამაკიდან წამოვიმართე და კარისკენ გავწიე, თუმცა შეურაცხყოფა შეურაცხყოფა იყო და ჩაყლაპვა ნამდვილად გამიჭირდებოდა. ნახევრად სავსე პიტნის ჩაი სახეში მივასხი და გამოვვარდი. გზაში მხოლოდ მიწაზე მორიხინე რეზინების ხმა მესმოდა. არადა, რა რომანტიულია ფილმებში წყვილების კამათი, თუმცა განსხვავება ის იყო, რომ ძირითადად მელოდრამებში კარგად აღზრდილი ცეცხლოვანი მამაკაცები არიან, და მართალია, არც ის იყო კარგად აღზრდილი ტიპი და არც ჩვენ ვყოფილვართ წყვილი, თუმცა ამგვარი სცენა დამიჯერეთ, სიყვარულს აუცილებლად დაანგრევდა.

     მონასტერში გადასვლისთანავე დავუკავშირდი მორჩილ ნინოს იმის სათქმელად, რომ იქ ვეღარ გავჩერდებოდი რიგი მიზეზების გამო, თუმცა მოპასუხემ ტელეფონის აღებისთანავე მაცნობა ამბავი, რომ დედა ანას მდგომარეობა დამძიმდა და კიდევ რამდენიმე კვირა მომიწევდა მარტო დარჩენა. ფეხისთრევით დავიწყე ჯერ ოთახების დალაგება, შემდეგ ტაძარში უსაგნოდ ვიბოდიალე. ეკლესია ნამდვილად არ იყო ადგილი, სადაც რწმენა შეიძლებოდა მეპოვნა, სადაც შეიძლება რაღაც ჭეშმარიტი მეგრძნო, თუმცა ნამდვილად ვიჭერდი სიმშვიდეს და მხოლოდ იქ ვფიქრობდი „არაფერზე’’.

       ტაძრიდან გამოსვლისთანავე პატარა ჭიდან, რომელიც დიდი კაკლის ხის ქვეშ ჩამალულიყო რამდენიმე სათლი ამოვიღე და ძლივს გახურებულ ფეჩზე შემოვდგი. წვალებით ჩამოვხსენი ხის ტოტზე დაკიდებული უზარზმაზარი საბანი და ოთახში ავათრიე, ვეცადე კანი ისე გამეხეხა რომ მთელი დღის ჭუჭყი თავისი მოგონებებიანად ჩამორეცხილიყო, ისიც ვეცადე დამპალ ხის იატაკზე ფეხები არ გამესვარა და ფეხაკრეფით ავიპარე საწოლზე რომ პიჟამაში თავი გამეყო. არ ვიცი ღამის რომელი საათი იქნებოდა, პორველი თუ ორი, დედები იქ არ იყვნენ და ვერც გამომიცხადებდნენ ძილის განრიგს, თუმცა მაინც საკმაოდ ჩუმი ნაბიჯებით გამოვედი ოთახიდან, ისე რომ კედლებსაც არაფერი გაეგოთ და ქვემოთ ჩამოვიპარე.

       ფიქრი იმაზე მძიმე აღმოჩნდა იმ კელდებში ვიდრე წარმოვიდგენდი, ზაფხულის ღამეები უფრო ცივი და ხანგრძლივი გამოდგა. ვიკარგებოდი ყოველი შებინდებისას და დილამდე ვერ ვპოულობდი საკუთარ თავს. დილამდე ვერაფერს ვპოულობდი. ფეჩი გაჭირვებით ავანთე, თუნუქის პატარა ჯამში რამდენიმე პიტნის ფოთოლი ჩავაგდე, წყალი დავასხი და ჟანგმორეულ ზედაპირზე შემოვდგი. მეგონა არასდროს ადუღდებოდა. ჩამუხლული ვუყურებდი რკინის ჭრილიდან ცეცხლს და ვფიცავ მან ყველაფერი გაათბო ჩემი კანის გარდა. ახლა ნეტა როგორი იყო ჩემი ქუჩა? ჩემი უბანი, ეზო, ძაღლები, მაღაზია, რომელშიც სულ ვადაგასული პროდუქტი ეწყო, ალბათ იმ ვიტრინიდან აუცილებლად ავიღებდი გემოდაკარგულ, გაყვითლებულ შოკოლადს და გემრიელად დავღეჭავდი, დედიკოს მომზადებულ ხახვიან სუპსაც მოვხრუპავდი ასე ძალიან რომ ვერ ვიტან და გულისამრევ რომანტიულ ფილმებს ჩავუჯდებოდი.

  ჩაი უკვე ადუღდა, გაბზარულ ქვაბისოდენა ფინჯანში სითხე ნელა გადმოვასხი და მონასტრის წინ , პატარა ხის მაგიდას მივუჯექი. ტელეფონი ამოვიღე, მინდოდა ჩემიანების მოკითხვა , კავშირიც დავიჭირე, მაგრამ სურვილი გაქრა, განა რა არ მინდოდა მათი ხმა გამეგო ? მეგობრების ახალი სასიყვარულო ისტორიები მომესმინა, მაგრამ მე რა უნდა მეთქვა, რა იყო სათქმელი, მოსაყოლად კი ღირდა ჩემი სოფლური ცხოვრება? სურვილ დაკარგულმა ტელეფონი დავდე და სიბნელეში ლანდი შევნიშნე. ეშმაკი არამგონია ყოფილიყო, თუ რწმენა მექნებოდა აუცილებლად ამცდებოდა უწმინდური, და ნეტა უწმინდური ყოფილიყო, სიბნელეს ირაკლის მეტისმეტად წყნარი სახე გამოეყო და ნელ-ნელა მომიახლოვდა.

-         ახლა ჰო უნდა გეძინოს? დაკვირვებით შემომხედა და ჩემ წინ დაეშვა.

-         ვერ ვიძინებ, აქ ვეღარ ვჩერდები. მოკლედ მოვუჭერი და ქილაში დარჩენილი ჩაი ფინჯანში დავუსხი - ეს შენ, მიუხედავად იმისა, რომ არ იმსახურებ.

-         მაგრამ ? - შეკითხვით მომიგო და ჩაი მოსვა.

-         მაგრამ, სტუმარი ღვთისაა, მაგიდის ზედაპირზე ქაღალდის პაკეტი გამოასრიალა და გარემოს თვალი მოავლო.

-         ეს რა არის? გგონია ურთიერთობას საჩუქარი გაათბობს? ცინიკურად გავიღიმე და უკან დავუბრუნე.

-         ურთიერთობის რა გითხრა, მაგრამ შენს ფეხებს ნამდვილად გაათბობს, წინდებია, უბრალო ნაქსოვი წინდები. აქ გამოგადგება.

  იმ მომენტში ალბათ ყველაზე უკეთესად შევათვალიერე მისი ყოველი ნაკვთი - წარბები ხშირი და მეჩხერი ჰქონდა, თმა ბოლომდე გადაპარსული, თუმცა მაინც შეამჩნევდით მუქ ამოწეულ თანაბარ ღერებს, წვერი მუქი ქერა და რიგიანად შესწორებული ჰქონდა, წარბებიდან კი ორი მსხვილი ნუშისებრი ჭრილი მოუჩანდა, თვალები კი. თვალები ... აქამდე არასდროს შემიხედავს, ამღვრეული ზღვის და მომწვანო ფერის ჰქონდა, და არა - ყავისფერი, რა იყო საინტერესო - თვალის ფერი? კი, ალბათ იმ საღამოს ცოტა მესიმპათიურა კიდეც, თუმცა მისი თვალები ფერის გამო ნამდვილად არ დამმახსოვრებია. სამწუხაროდ, ირაკლიმ შენიშნა ჩაძირვის მომენტი და უჩვეულოდ თბილი ხმით მომმართა

-         რაო, თვალებმა თქვეს რამე? - გაეცინა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ჩემი ამგვარი დაკვირვება სიმპათიას დაუკავშირა.

-         არაფერი, უბრალოდ ჩავფიქრდი, მხრები ავიჩეჩე და დავამატე - დამიჯერე, შენი თვალების დამსახურება ნამდვილად არ არის, საუბარი რომ გაგვიგრძელდა, ნაძალადევი ღიმილი ვესროლე, უხეშად ქაღალდის პაკეტი ავიღე და მონასტერში სწრაფი ნაბიჯებით შევედი.

-         ფინჯნები დაგრჩა, - უკნიდან მომაძახა, თუმცა პასუხის გაცემის სურვილი ნამდვილად არ მქონია.

   წინდების ჩაცმასაც არ ვაპირებდი, თუმცა ის ხომ ამას ვერ გაიგებდა. სქელი, მწვანე, ჯვრებიანი ქსოვილი ფეხებზე ამოვიცვი. იმ ღამეს სიცივეს არ გავუღვიძებივარ.

   სიზმარში წვიმდა, გადაუღებლად, მე ჩემს საწოლში ამოჩემებულ ჭრელ ბალიშს ვებღაუჭებოდი და ქარის უგონო ხმაურს ვიჭერდი. ვფიქრობდი მამაზე, ვცდილობდი მისი დარიგებებიდან რომელიმე გამეხსენებინა, თუმცა მას არასდროს ვუსმენდი. ძილში ტკივილის შეგრძნება უფრო ღრმა ყოფილა, თუმცა მონატრება შეიძლება მისი წარმოსახვით ჩაგეხშო, მინდოდა წარმომედგინა მისი სახე, ამელაპარაკებინა გონებაში თუმცა კლდიდან ვარდნამ მოულოდნელად გამომაღვიძა და თვალებიც პირველად სიბნელეს შეხვდნენ.

    დილა ისეთი სუსხიანი აღარ იყო, როგორც აქამდე. გარეთ გასვლისთანავე ტაძარი მოვაწესრიგე, საქონელთან გავედი, ნაშუადღევს კი კარტოფილი შევიწვი, დღემ ჩვეულებისამებრ ჩაიარა, თუმცა განსხვავება ის იყო, რომ ირაკლი იმ დღეს არ გამოჩენილა, ერთ წამს გავიფიქრე რაიმე ჰო არ ვაწყენინე მეთქი, თუმცა ფიქრები თავიდან ამოვიგდე და ყველა ჩემი ახლობელი მოვიკითხე. ისინი კარგად იყვნენ, ალბათ მეც არ ვიყავი ცუდად, თუმცა ამან უფრო შემაშინა, და წასვლის სურვილი ცოტა უფრო გამიძლიერა. ნაშუადღევს ბოსტნეულის სოუსი მოვამზადე, კარტოფილით, სტაფილოთი, ცოტა ჭარხლითა და ნიგვზით. არომატი არ ჰქონდა ისეთი როგორიც ბებოს გაკეთებულ სოუსს თუმცა ახმაურებულ კუჭს ცოტა დააწყნარებდა. ის იყო თეფშში უნდა გადმომეღო, რომ თვალი მთებისკენ გამექცა და დავინახე ჩემს წინ ცხვრების ფარასთან წამომჯდარი მოხუცი. იგი ერთ წერტილში ჩაფიქრებით იხედებოდა და ჯოხზე დაყრდნობილს არც მიუქცევია ყურადღება პატარა ბატკნისთვის, რომელიც კლდის კიდეზე ოდნავ დაცურდა. ქვაბს ხელი წამოვავლე, გამხმარი პური თავსაფარზე დავდე და ფერდობისკენ გავწიე. არ ვიცი რამდენი წუთი ავდიოდი, ზემოთ ასულს კი თუნუქის ქვაბის სიმხურვალე ოდნავ შეგრილებული მომეჩვენა და მოხუცსაც პირისპირ გავუსწორდი

-         გამარჯობა გივი პაპა, მარტო ჭამა არ მინდოდა, ჰომ არ დამეწვევით?

თითქოს ჩემმა სიტყვებმა ღრმა ფიქრებიდან გამოიყვანაო, მისი მზერა ჩემს თვალებთან შეჩერდა და იმ წუთებში მივხვდი, რომ ფიქრი გავაწყვეტინე.

-         რაისთვინ შასწუხდი ქალავ, აქ ყველაფერი გოქ, მაგრამ მოსვლით კი ძრიალ გამახარე. ჯოხზე დაყრდნობილი ძლივს წამოდგა და თავის პატარა ხის ქოხში შემიძღვა.