ფსკერზე
ფსკერზე
30 აპრილი, 15:09
დღევანდელი დილა ძალიან უჩვეულო და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი იყო ჩემს ცხოვრებაში.
თავის დროზე სკოლაში პირველად მისვლა იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ როდესაც სკოლის ეზოში ერთმანეთთან შესახვედრად შევიკრიბეთ, საერთოდ არავისთვის შემიხედავს. მასწავლებლის ნაბიჯებს მივყვებოდი კლასისკენ და ერთი სული მქონდა როდის დავჯდებოდი, რადგან ნერვიულობისგან მუხლებიც კი მეკვეთებოდა. კლასში მისულებს რამდენიმე ბავშვი უკვე იქ დაგვხვდა და მასწავლებელმა გარედან შესულები შესაბამის მერხებთან გაგვანაწილა. მე მეორე ზოლში მოვხვდი. სასწრაფოდ მივედი და დავჯექი და მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც დავწყნარდი, შევამჩნიე დიდრონი თაფლისფერი თვალები, სწორი, თაგვისფერი თმა და მოკუპული, ულამაზესი ცხვირი. გვერდიდან ფართოდ გაშლილი ღიმილით შემომყურებდა.
-მე კირა ვარ.-მითხრა სწრაფად და თვალები კიდევ უფრო გაუბრწყინდა.
კირამ პირველივე დღეს გაიცნო აბსოლუტურად ყველა, გაგვაცნო საკუთარი თავიც, გაიჩინა მეგობრები და არაჩვეულებრივად მოერგო ახალ გარემოს. მახსოვს, გაოგნებული ვიყავი მისი კომუნიკაციის უნარით, ენერგიითა და მუდამ მომღიმარი სახით.
სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და გრძელდებოდა მანამ, სანამ კირა ამერიკაში არ წავიდა საცხოვრებლად. წასვლამდე კი დამპირდა, რომ აუცილებლად წამიყვანდა. რა თქმა უნდა, ეს ბავშური დაპირება იყო და მასში სიმართლის ერთი მარცვალიც კი არ ერია, მაგრამ მაშინ სრულებითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ეს ასე არ იქნებოდა. ჩემს მოლოდინებს კიდევ უფრო ამყარებდა კირას გამოგზავნილი წერილები, სადაც ის ამერიკულ ცხოვრებაზე, თავისუფლებაზე, სიყვარულსა და ჩვენს ძალიან დიდ მონატრებაზე მწერდა. პერიოდულად მეც ვაგზავნიდი წერილებს, თუმცა ეს მარტივი საქმე არ იყო, მითუმეტეს ამერიკაში. კირას ბოლო წერილი ჩემი ჯვრისწერის წინა ღამეს მივიღე. მწერდა, რომ ჩემთვის უკვე სამი მუსიკალური ფირფიტა ჰქონდა მოგროვებული და თავად თუ ვერ მოახერხებდა ჩამოსვლას, აუცილებლად გამომიგზავნიდა. ეს წერილი ძალიან უგულოდ წავიკითხე. როცა სხვა დროს სიხარულისგან ღამე არ დამეძინებოდა. არც იმ ღამეს მეძინა, თუმცა სრულიად სხვა მიზეზებით... მას შემდეგ აღარც მას მოუწერია და არც მე. როგორც მოგვიანებით დედამ მითხრა, კირას დედას უთქვამს მისთვის ჩემი ამბავი და თან დაუყოლებია, მოეშვი ახლა ამ სულელური წერილების წერას, ანა უკვე გათხოვილია და ამისთვის აღარ სცალია, შენს თავს მიხედეო.
კირამაც დაუჯერა დედამისს და მანაც ალბათ ჩემსავით გონების რომელიღაც დამტვრეულ, მტვრიან და ყველაზე მიჩქმალულ თაროზე შემოდო ჩვენი მეგობრობის ძველი, თუმცა მაინც დაუვიწყარი ამბები...
კირასთან ერთად გათენებულ ღამეებს ყოველთვის დარიჩინის სუნი ჰქონდა. ახლაც კი იმდენად რეალურად ვგრძნობ ამ სუნს, რომ ცხვირი მეწვის და გული უცნაურად მითბება. როდესაც მასთან ვრჩებოდი დედამისი უგემრიელეს ვაშლის ნამცხვარს გვიცხობდა ხოლმე, რომელიც მთლიანად შემოგვქონდა ოთახში და მთელი ღამის განმავლობაში თან ვჭამდით, თან ვლაპარაკობდით, მუსიკას ვუსმენდით, გიტარაზე ვუკრავდით, კროსვორდებს ვავსებდით და კიდევ სხვა უამრავი რამ, რაც შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა. ეს ოჯახი იმდენად სავსე და იმდენად ერთიანი იყო, რომ სხვებისგან შეუმჩნევლად მუდმივად თვალს ვადევნებდი მათ მიმიკებს, სიცილს, საუბარს, ერთმანეთთან დამოკიდებულებებს. რამდენჯერმე ძალიან შემრცხვა კიდეც, როდესაც კირამ ჩემი დაჟინებული მზერა შეამჩინა მის მშობლებზე, თუმცა მაშინვე მიხვდა რატომაც ხდებოდა ასე და გამხნევების ნიშნად მხარზე მომეხუტა.
ჰო, ის, რასაც იქ ვხედავდი, საშინლად მაკლდა და ამის გაცნობიერება მხოლოდ მაშინ დავიწყე, როდესაც ერთ საღამოს კირასთან უნდა დავრჩენილიყავი, თუმცა დედაჩემი ცუდად გახდა და დარეკა, რომ უკან დავბრუნებულიყავი. მე მაშინვე ავიღე ჩანთა, დავემშვიდობე ძვირფას მეგობარს და სახლში დავბრუნდი. ჩვენს პატარა, ძველი ნივთებით სავსე სახლში დიდ, ლამაზ, მუდამ ხმაურიან და თითქოს სიყვარულით სავსე სახლთან შედარებით ისეთი სიჩუმე იყო და ისეთი ნესტის სუნი ტრიალებდა, რომ წამიერად ძალიან შემძულდა იქაურობა და შემეცოდა დედაჩემი, რომელსაც არასდროს უგრძვნია ის, რაც მე სხვებთან მაინც ვიგრძენი და მერე რა, რომ ჩემი სულაც არ იყო.
მოკლედ რომ ვთქვა, მე და კირა მართლა განუყრელი მეგობრები ვიყავით, ყოველ შემთხვევაში ასე გვეგონა მაინც და როგორც ყველაფერს, ამასაც ჰქონდა არც თუ ისე მარტივად გადასატანი, თუმცა მაინც შეგუებადი დასასრული. მე ჩემს ორმოში დავიწყე ლპობა, ის კი ალბათ თავის გზას მიუყვებოდა.
ვერ ვიტყვი რომ წლების შემდეგაც ისე ხშირად მახსენდებოდა მისი არსებობა, როგორც ადრე, როცა დღე არ გავიდოდა მონატრებულ მეგობარზე ფიქრის გარეშე, მაგრამ მისთვის სულ არსებობდა ადგილი ჩემს გულში, რომელსაც ვერავინ დაიკავებდა.
დილით, როდესაც ნოესთვის საუზმის გაკეთებას მოვრჩი, ჩვენს სახლთან სრულიად უცხო მანქანა გაჩერდა და იქიდან ძალიან თავისუფლად, კომფორტულად ჩაცმული გოგო გადმოვიდა. სათვალეების ქვემოდან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და აშკარად რაღაცას ეძებდა. შემდეგ ტელეფონი ამოიღო და დარეკა. ზარის დასრულების მერე ერთიანად მოტრიალდა ჩვენი სახლისკენ და გაბედული ნაბიჯებით წამოვიდა წინ.
-ალბათ ისევ ეშლებათ მისამართი-მეთქი-ჩავილაპარაკე ჩემთვის, რადგან არაერთხლ ყოფილა ასეთი შემთხვევა, თუმცა ქალი დაჟინებული მზერით იყურებოდა ჭიშკრის მეორე მხრიდან. გადავწყვიტე უბრალოდ სახლში შევსულიყავი, მაგრამ იმ წამსვე წინ გადმოიწია და სუსტად, მაგრამ მაინც გავიგე ჩემი სახელი.
-ანა, შენ ხარ?-მეკითხებოდა ძალიან ნაცნობი ხმა.
-კი, მე ვარ.-ვპასუხობ გაურკვევლობაში მყოფი, რადგან უკვე რამდენი წელია აქ ჩემთან სტუმრად არავინ მოსულა.
უცებ ადგილზე ჩერდება და მოულოდნელად მეუბნება:
-ნახე, სამი ფირფიტა ჩამოგიტანე.
ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი, ჩემი ბედნიერი წლების თანაზიარი და ყველაფერი კარგის თანამონაწილე-კირა ჩემ თვალწინ იდგა და უცებ მომენტალურად დავბრუნდი იქ, სადაც ოდესღაც ჩემი და მისი გზები გაიყარა. თითქოს მართლა შეასრულა პირობა და ჩემს წასაყვანად ჩამოვიდა ამერიკიდან.
ჩემს წასაყვანად?
ღმერთო, ეს მართლა კირაა.
და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? რა ძალა აქვს ასეთი მათ შორის გაბმულ გრძნობებს, რომ შუძლია ერთმა მეორეს სიცოცხლე დაუბრუნოს ან წაართვას, იმედი მისცეს ან საერთოდ გაანადგუროს... „ადამიანი ადამიანისთვის დღეა“, თუმცა არამხოლოდ დღე, ზოგჯერ საშინელი, მტანჯველი და დაუსრულებელი ღამეც, რომელსაც არ ახლვს თან არცერთი მანათობელი სხეული. მაგრამ კირა ჩემს წინ იდგა და მართლა მზესავით ანათებდა. თითქოს უფსკრულის პირას მისულმა მსოფლიოში საუკეთესო ვერტმფრენი დავინახე, რომელიც პირდაპირ მოფრინავდა იმისთვის, რომ გადავერჩინე.
მეც დაუფიქრებლად ავედი ვერტმფრენიდან ჩამოგდებულ კიბეზე. დიდი ხნის უნახავ მეგობარს, ჩემს ბავშვობასა და საუკეთესო წლებს ერთიანად ჩავეხუტე.
კირა დაუსრულებლად მიყვებოდა იმ პერიოდის შესახებ, რომელიც გამოვტოვე. მიყვებოდა და იმდენად რეალური იყო ეს მონაყოლი, რომ მეუფლებოდა შეგრძნება თითქოს არც არასდროს დავშორებივართ ერთმანეთს. შემდეგ თვალი მოავლო აქაურობას და ჩვეული ენერგიით, სილაღითა და რაღაც უცნაური ბავშვურობით მკითხა:
-აბა, მომიყევი ახლა შენზე. როგორ ხარ?
როგორ ვარ? კირა ალბათ ერთადერთი ადამიანია, ვინც აუცილებლად დაიჯერებდა იმას, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ... მაგრამ!
ეს ის „მაგრამ“ არის, რომელიც ხშირად სწორედ იქ გვაჩერებს, სადაც კი არ უნდა ვჩერდებოდეთ, პირიქით, ყველაზე დიდი სიჩქარით უნდა ვაგრძელებდეთ გზას. სიტყვა, რომელიც მანამდე ნათქვამ ყველა აზრს, პირობასა თუ გეგმას ერთიანად უსვამს ხაზს და მისგან აღარ ტოვებს საერთოდ არაფერს. ვზივარ და ვფიქრობ, როდემდე უნდა იდგეს ეს „მაგრამ“ ჩემი ცხოვრების სადარაჯოზე? აღარ დადგა დრო, რომ ოდესმე მეც დავიწყო ლაპარაკი?
მაგრამ ნოე?
ჩემმა ნათქვამმა სიმართლემ რომ ისევ ჩამომაშოროს ნოეს, მერე ხომ აზრი დაეკრგება აბსოლუტურად ყველაფერს? რად მინდა ასეთი სიმართლე?
ამ ფიქრებიდან ისევ კირას ხმას გამოვყავარ:
-ანა, აქ ხარ?-თა ნ უხერხეულად იღიმება. ამ დროს კარი იხსნება და სახლში ისე შემოდის ჩემი ქმარი, რომ ვერც კი ვხვდები რანაირად გამომეპარა მისი მოსვლა. უცებ იმდენად ვიძაბები, რომ ვგრძნობ როგორ მეტყობა სისხლძარღვები ყელზე და საფეთქელზე... თუმცა ჩემი ქმარი სახიდან არ იშორებს გარეთ გასვლისთვის კარგად დაყენებულ ანგელოზის მზერას და ძალიან მხიარულად იწყებს:
-ვა, ან, სტუმარი თუ გვყავდა ვერ დამირეკე? გამოვაყოლებდი რამეს...-ამ სიტყვებით ოთახში შემოდის და კირასკენ იხრება, თუმცა უცებ გაუაზრებლად ვეფარები კირას და მერე ვხვდები, რომ მას ჩემი დაცვა არაფერში სჭირდება, რაადგან აქ ერთადერთი მსხვერპლი მე ვარ.
-გამაცანი შენი მეგობარი-მეუბნება ძალიან ჩვეულებრივი ხმით.
-ეს კირაა, ჩემი ბავშვობის მეგობარი.-ვეუბნები მოკლედ და ვცდილობ მეც ჩვეულებრივი ხმის ტონი შევინარჩუნო, თუმცა ხმის კანკალს მაინც ვერაფერს ვუშვრები და შორიდან ჩამესმი ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც საერთოდ არ ჰგვანან ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანის ნათქვამს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ის ჩემზე უკეთესი მსახიობია.
-სასიამოვნოა-და ერთმანეთს მხიარულად ართმევენ ხელს.
ჩემკენ მოდის და ხელს ნაზად მხვევს. კირა, რომელიც ჩემი არაჩვეულებრივი ოჯახით აღფრთოვანებულია, მორცხვად გვიღიმის, მე გაშეშებული ვდგავარ, ნოე კი ძალიან უცნაური მზერით გვაკვირდება და ამ „იდეალური“ ოჯახის იდეა იმდენად საზარელი მეჩვენება ჩემი თეთრად ნათენები ღამეების ფონზე, რომ წამიერად ეჭვი მეპარება აბსოლუტურად ყველაფერში. იქნებ საერთოდ არ ვარსებობ და სრულიად სხვა განზომილებიდან ვუყურებ ყველაფერს?-ვფიქრობ და ეს ფიქრიც ისეთი არარეალურია, რომ საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი შეცოდების გრძნობა მიჩნება... ალბათ მართლა მიაღწია იმას, რაც უნდოდა და საბოლოოდ გავგიჟდი.
წამიერად ვფიქრობ, რომ კირა მართლა ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველაფერს გაიგებს და ეს ბოლო შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენო, მაგრამ... და ისევ „მაგრამ“, რომელიც ჩემ მიერ დაწყებულ ყველა წინადადებას მოსდევს და საბოლოოდ დღე ისე მთავრდება, რომ მე ისევ „იდეალურ“ ოჯახს ამოფარებული ვრჩები იქ, სადაც ჩემი ყოფნა ყველაზე რეალურია.
კირა მიდის და მაგიდაზე სამი ფირფიტა რჩება. რა თქმა უნდა Beatles-ია, ჩემი და კირას საყვარელი ჯგუფი, და ალბათ ცხოვრების კიდევ ერთი ხუმრობაა მის არჩეულ ფირფიტებზე ჩაწერილი სიმღერების სახელები:
Help!
A Day in the Life
I Want to Hold Your Hand
და თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი. და იქმნა ნათელი.
და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგია. და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან ნათელი და ბნელი.
და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე ერთი.