გვიანი შემოდგომა
გვიანი შემოდგომა
მართა მიქავა
გვიანი შემოდგომა
„ყველას, ვინც ერთ დროს დაიმსხვრა „
პროლოგი
“ხანდახან სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ იმდენად კარგია, რომ არარეალურს უფრო ემსგავსება და საბოლოოდ ისე ქრება, თითქოს სულაც არ უარსებია. ის კი, რაც გვრჩება მხოლოდ ნამსხვრევებია.
ფსიქოლოგიურ კიბოს ჰგავდა ეს ყველაფერი. ანდროს თვალები ყოველ წუთს იცვლებოდა. იმ წამს ის ანდრო იყო, პირველად რომ ნახა - მშვიდი, გაწონასწორებული. ადამიანი, რომელიც თოვლში წაქცეულ გოგოს ეხმარებოდა. ისეთი თვალები ჰქონდა ბიჭს, ვერასდროს რომ ვერ დაივიწყებდა ქრისტი.
თქვენ რას ამჩნევთ ხოლმე ადამიანში პირველად? ქრისტიმ იმ დღეს სრულიად გაუაზრებლად პირველი ანდროს თვალები დაინახა. მისნაირი თვალები ჰქონდა, ერთი ფერის, ერთი ფორმის. თითქოს საკუთარ თვალებს უყურებდა სარკეში, თუმცა ანდროსი უფრო მეტს იტევდა, მეტს მალავდა, მეტს გადმოსცემდა, ყველაფერი ერთად იყო. “სამყარო თავზე მექცევაო“- ასეთი მზერა ჰქონდა ბიჭს. ქრისტისაც ექცეოდა სამყარო თავზე, თუმცა ნამსხვრევები მხოლოდ ანდროს ეყრებოდა. გოგო ამ წამს, ახლა, ამ თვალებს უყურებდა, მზერას არ სწყვეტდა მას, რამდენადაც ეშინოდა, იმდენად იზიდავდა. ხანდახან რაც გაშინებს, ის გიზიდავს ყველაზე მეტად...
როცა დრო მოვა, ის გახდება მისი სიკვდილის მიზეზი. როცა დრო მოვა, იმ უკანასკნელ მომენტში, მას ყველაზე მეტად მოუნდებოდა, რომ იცოცხლოს, თუმცა ყოველი წამი დათვლილი იქნება, ის გაქრება, ხოლო ქრისტი დაბრუნდება და არსად იქნება ანდრო!
ყველაზე მეტად იტანჯებიან ადამიანები, რომელებმაც თავის გადასარჩენად სხვა ადამიანები გამოიგონეს, ის ადამიანები, რომლებიც არსაიდან მოვიდნენ და სადღაც ბინდში გაუჩინარდნენ; მათ კვალს კი სამუდამო დაღად დაატერებენ სიკვდილის პირას მყოფი სულები!
I-იქნებ ბედისწერაა?!
„-მანდ ნუ წევხართ, გაცივდებით!- თოვლზე წაქცეულ გოგოს ჯერ უცნობის ბოხი ხმა მოესმა შემდეგ კი მისმა თვალებმა სილუეტიც დალანდა, მისკენ ახალგაზრდა ცხენოსანი მიიწევდა, ალბათ დახმარების ხელის გაწვდენას ცდილობდა, მანამ, სანამ , ქრისტი უარის ნიშნად თავს გააქნევდა და თავად შეეცდებოდა წამოდგომას... ეს ყველაფერი რეალობაა! რეალობაა? ნუ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ისტორია ასე არ დაწყებუილა, არც დასრულებულა, ვაღიაროთ ქრისტიმ სცადა არც დაწყებულიყო, შემდეგ კი არც დასრულებულიყო, მაგრამ იქნებ ბედისწერაა?“
გვიანი შემოდგომის წვიმიან დღეს დაიბადა ქრისტი, უფრო სწორად უკვე შუა ღამე იდგა. შუა ღამეს დაბადებული ადამიანები გგონიათ რამით განსხვავდებიან სხვებისგან? ადამიანებისგან, რომლებიც დღის სინათლეზე გაჩდნენ. სულაც არა, ეს ადამიანზეა დამოკიდებული, ქრისტი კი ის ადამიანი იყო, რომელიც შუა ღამეს დაიბადა და მისი ცხოვრება არ ყოფილა ჩვეულებრივი.
წვიმს.
მერამდენე დღეა წვიმს?!
“დილის 07:00 საათია და წვიმის ხმა ძილში უნდა დამხმარებოდა.”
გოგო საწოლზე ზის. გაუნძრევლად შესცქერის სიცარიელეს კედელში და ვერ ხვდება, ასე ადრე რატომ გაეღვიძა ან რატომ ვეღარ იბრუნებს ძილს. ძილის დაბრუნებას აზრი არც ჰქონდა, მაინც უნდა ამდგარიყო. გონებაში უკვე გამოთვალა: ხუთი წუთი - ჩაცმა, ხუთი წუთი - სააბაზანო, ათი წუთი - ყავა, ან მოდი იმ ათ წუთს ძილში დახარჯავს და ყავას სამსახურში დალევს, ან ახლაც დალევს და სამსახურშიც... არა, არა, ახლა დაიძინებს, თუმცა რა დროს ძილია, უკვე საათზე მეტია ასე ზის ფიქრებში გართული და არ ინძრევა. მაღვიძარა მეორედ რეკავს. დილით არ ბანაობს, იცის რომ ეს ძალიან მაგარია და ღამით ბანაობას სჯობს, თუმცა დილით 6-ზე საბანაოდ ვერ გაიღვიძებს. დღეს მისი ასე ადრე გაღვიძების მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა ბანაობა, თუმცა ვერც იმას ხვდებოდა ნამდვილი მიზეზი რა იყო. მისი რუტინა 20 წუთიანია და ამას ჯერ არ ცვლიდა.
07:45
უკვე ადგა. ყავისთვის წყალიც დაადგა, სანამ სააბაზანოდან გამოვა ადუღდება და დროს არ დაკარგავს. წყალი ჯერ კიდევ ადუღების მოლოდინშია, თუმცა ქრისტიმ აჯობა, უკვე შარვალიც ჩაიცვა და წინდებიც. ზედას ეძებს, ჯერ შუქს არ ანთებს, თვალებს სტკენს. ერთი კვირის წინ სანთელი იყიდა, ხანდახან ანთება ავიწყდება ხოლმე, მაგრამ დღეს აანთო. რაღაცნაირი ვანილის სუნი მართლა ასდიოდა ამ სანთელს, როგორც კონსულტანტმა უთხრა, ნაზი ნათება აქვს და ყველაზე სასიამოვნოც, არც გტკენს და არც გაღიზიანებს. სანთლით ხელში, შარვლისა და ბიუსჰალტერის ამარა სამზარეულოში გავიდა, სანთელი მაგიდაზე დადო, ყავა გაიმზადა შემდეგ კვლავ საძინებელში დაბრუნდა, ზედა გადაიცვა და ოთახში მიმოიხედა, უკან გამობრუნება დაეზარებოდა, ამიტომ ახლავე დაფიქრდა, რამე ხომ არ მავიწყდებაო. ხო... სუნამო და აი მზადაა.
08:12.
პირველი ზარი შემოდის ქრისტის ტელეფონზე...
„ამ დილით ალბათ რამე აფეთქდა და იმიტომ რეკავს“- ღრმად ჩაისუნთქა გოგომ.
-გისმენ, გიო, რამე მოხდა?
-ჯერ გამარჯობა, ქალბატონო და დიახ, რაღაც ძალიან მაგარი მოხდა- აჟიტირებული საუბრობდა ბიჭი... გოგო, ბიჭისგან განსხვავებით, ნაკლებად ემოციური იყო.
-გისმენ...
-იცი სად მივდივართ?!
-რაა, სადმე მივდივართ?- ახლა ცოტა გაოცდა ქრისტი.
-კი, სამსახურიდან ათკაციან ჯგუფს გვგზავნიან თუშეთში...- გახარებულმა წამოიყვირა გიომ.
-თუშეთში?- ქრისტის ეს იდეა დიდად არ მოსწონდა. - და მე იმიტომ მირეკავ, რომ იმ ათკაციან ჯგუფში მოვხვდი?- გოგომ თმებზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
-ხო, არ გაგიხარდაა? ჩავალთ, ოთხი დღე იქ ვიქნებით, იმ ახალი ფილმისთვის კადრებს გადავიღებთ და დავბრუნდებით, სრულიად უფასოდ. მე შევთავაზე, რომ შენ ჩაესვით გუნდში, ყველაზე კარგი ხედვა ხომ შენ გაქვს!- გაიცინა ბიჭმა.
ეს ის მომენტია, როცა ქრისტი წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუშეთში წასვლის იდეა დიდად არ მოსწონდა. თან ეს გზები, თოვლი, სიცივე, არა კი უყვარადა, მაგრამ ახლა არსად წასვლა არ უნდოდა. მშობლებთან ამ თემაზე საუბარიც არ უნდოდა. ისიც იცოდა, რომ უკვე დიდი იყო, მაგრამ მშობლების აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია, თან მაშინ, როცა თუშეთი მათთვის რთული თემაა და ამაზე კამათი კი გარდაუვალი.
-ძალიან მაგარია, მადლობა, გიო... მაგრამ ახლა მე მგონი დაგვიანებულია თუშეთში ჩასვლა, უკვე შემოდგომაა...
-ეგ ამბავი, რა თქმა უნდა, გავარკვიე. ჩვენ ჩამოსულები ვიქნებით სეზონი რომ დასრულდება და უღელტეხილსაც ჩაკეტავენ...
-მაგრამ ეს ამინდია, წინასწარ ამის თქმა ცოტა უცნაურია...
-დამიჯერე, ძალიან მარტივად ჩავალთ და ჩამოვალთ, უბრალოდ თბილი ტანსაცმელი გაამზადე, ორ დღეში გავდივართ.
-რა, უკვე ორ დღეში?
-ხო... მაგრამ მე ვფიქრობ, შენი ამბავი გასარკვევია, შენ ხომ ერთი სცენის გადაღებაში უნდა დაეხმარო ზეგ?- ქრისტიმ იფიქრა ეგაა, გადავრჩი და არსად წასვლა არ მომიწევსო.
-კი, ეგრე იყო.
-კარგი, ეგ არაფერი, არაუშავს. ჩვენ ზეგ წავალთ, შენ ერთი დღით გვიან ჩამოხვალ, უკან კი ერთად დავბრუნდებით. მარტო წამოსვლის ხომ არ გეშინია?- სიცილით იკითხა ბიჭმა.
-ხო, როგორ არა, კარგი... ეგრე ვქნათ, შეხვედრამდე.
-აბა, დროებით.
„რაღა მაინც და მაინც თუშეთი და ის საშინელი გზა, ღმერთებო. იმ სიმაღლეზე ნორმალურად ვერც ვისუნთქებ.“
ყველა თანამშრომელი ოფისშია. დიდი თათბირისთვის ემზადებიან. ახალი ფილმის გადაღებები მალე დაიწყება და მთელი გუნდი მზად უნდა იყოს. საუბარს უფროსი მენეჯერი იწყებს:
-მოკლედ, ფილმში სცენები საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და რეგიონში იქნება. ჯგუფები უკვე გადაგანაწილეთ. ყველაზე რთული ამ ეტაპზე თუშეთში გადაღებების წარმოებაა. 15 ოქტომბრის შემდეგ აბანოს უღელტეხილი ჩაიკეტება და რაც ვიცით ის არის, რომ გაზაფხულის შუა რიცხვებამდე არც გაიხსნება, ამიტომ ეს სასწრაფოა. ნუ ნერვიულობთ, მოასწრებთ, ამინდები მშვენიერია.- ამ წინადადების დასრულების შემდეგ ცაზე გაიელვა რამოდენიმე წამში კი ქუხილის ხმაც გაისმა, ამაზე ბატონმა დავითმა ჩაიღიმა.- ღმერთისგან ნიშნავს ჰგავდა!
-ნიშანს, რომ შინ დარჩენა ჯობს.- ეს სხვათაშორისად ჟღერდა, მაგრამ დავითმა მაინც გაიღიმა და სხვებიც აყვნენ, ქრისტიც არ ჩამორჩენილა.
-ყველაფერი განვიხილეთ, ყველა სცენის გადასაღები ადგილი, ყველა შესაძლო ვარიანტი. ამ ეტაპზე ისეთ რამეებს ვეძებთ, რაც უფრო იაფი დაჯდება, რადგან არ ვიცით ფილმი რამდენად შემოსავლიანია. მოკლედ, კოლეგებო, სულ ეს არის! მხოლოდ თუშეთის გუნდი დარჩეს, დანარჩენები საქმეს დაუბრუნდით. ოთახიდან მართლაც ყველა გავიდა, მხოლოდ ჩვენ დავრჩით.
- ბავშვებო, იმის თქმა მინდოდა,რომ ფრთხილად იყავით და თუ ატყობთ, რომ რაღაც პრობლემაა, უკან ბრუნდებით სასწრაფოდ. თავგანწირული კადრები არ მჭირდება. ქრისტი ერთი დღით გვიან ჩამოვა, აქ კიდევ 24 საათით გვჭირდება.
თანხმობის ნიშნად გოგომ თავი დაუქნია. ქრისტი ძალიან კარგი თანამშორმელი იყო, პროფესიონალი, ამიტომ უფროსს საშუალება რომ ჰქონოდა, ხუთივე კუთხეში მას გააგზავნიდა, მაგრამ გოგო მხოლოდ ერთი იყო.
შემოდგომა ძალიან ლამაზია. ქრისტისაც ყველაზე მეტად შემოდგომა უყვარდა. ქუჩაში ბევრს სეირნობდა, სანამ ჩამოცვენილ ფოთლებს გახვეტდნენ. ძალიან ბედნიერი იყო, მარტო ცხოვრობდა. უნივერსიტეტის შემდეგ საცხოვრებლად მარტო გადავიდა, თუმცა მშობლების ხშირი სტუმარი იყო. იმ საღამოსაც, სანამ სახლში წავიდოდა, ჯერ მშობლებს გაუარა. შინ ტკბილეული, დედას საყვარელი ხილი და მამას საყვარელი სასმელი აიტანა. სიამოვნებდა მშობლების გახარება. ბავშვობიდან ასეთი იყო, დედისერთა. მშობლებს, რა თქმა უნდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდათ. მისი მარტო გადასვლის იდეა არ მოსწონდათ, მაგრამ შვილს ვერ შეეწინააღმდეგნენ. არაფერს უკრძალავდნენ, თვლიდნენ,რომ ქრისტი ისედაც ყველაფერს თავს გაართმევდა.
კარებზე ზარია.
-მგონი, შენმა შვილმა სახლის გასაღები დაკარგა, როდის აქეთ აკაკუნებს კარებზე?- გაზეთიდან თავი ღიმილით ამოჰყო კაცმა...
-დაავიწყდა ალაბათ, ხომ იცი ამ მუშაობით სულ გადაიღალა ბავშვი...- წუწუნით გამოდის ნინე სამზრეულოდან და საყვარელ შვილს კარებს უღებს.
-გასაღები დამავიწყდა, -იღიმის ქრისტი და დედას ეხუტება...
-ვიცი, მივხვდით მე და მამა. აბა, როგორი დღე გქონდა?
-ნორმალური, არაფრით განსხვავებული. რაღაც ახალს იღებენ და კარგი ადგილები უნდა ვნახოთ ფილმისთვის. მაა, ნუღა კითხულობ მაგ სულელურ გაზეთებს...-ღიმილით ამბობს გოგო და თან მამის გვერდით სავარძელში ეშვება....
-აბა რა გვინდაო, ახლა სად გაგიშვეს, სადმე დასალიერში?- იკითხა მამუკამ.
-ნუ, არც მთლად იქით, სადმე თუშეთში - გაიღიმა ქრისტიმ.
თუშეთის გაგონებაზე ნინე ქრისტის მიწოდებულ ჩანთებს შეეშვა და მისაღებში, სავარძელში მეუღლის გვერდით თავადაც მოკალათდა.
-გაიმეორე, ქალბატონო, აბა სადო?
-თუშეთში, ბოჭორნას მიმდებარე ტერიტორია...- სიტყვა არ დაასრულებინეს ქრისტის, ისე ჩაერთთვნენ მშობლები საუბარში:
-შვილო, ახლავე უარი თქვი, ახლავე - საუბარი ნინემ წამოიწყო...
-დედა, დამასრულებინე. მანდ ასვლა გაჭირდებოდა, უკვე ოტომბერია, ამიტომ ალისგორი აირჩიეს. ოთხი დღე გავჩერდებით და დავბრუნდებით. ნუ, მე სამი დღე მომიწევს მხოლოდ.
-არა! - მხოლოდ ეს თქვა მამუკამ და გაზეთებს დაუბრუნდა.
-მამა, მე მგონი საკმარისად დიდი ვარ, რომ ჩემი მარშრუტები თავად გადავწყვიტო. ეს ჩემი სამსახურია და დიახ, ჰიმალაიზე რომ დასჭირდეთ ასვლა მანდაც ავალ, რა თქმა უნდა, თუ ფეხი არ დამიცდება.
-უკვე სისულელეებს ლაპარაკობ! შენ იცი საერთოდ რა გზაა?! საშინელება, არაფრისგან არ ხარ დაზღვეული- მეწყერი, დიდთოვლობა, ქვათა ცვენა და კიდევ რა ვიცი რამდენი რამ, ვინ მოთვლის....
-დაზღვეული არც აქ ვარ, გარეთ რომ გავალ...
-ქრისტიი!- მამამ შეუბღვირა...
-ეს სამსახურია მამა და გავიხსენოთ, არც შენი სამსახური იყო მარტივი, არა მხოლოდ შენთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის.
-ჩემი სამსახური მაგალითად ნუ მოგყავს!
-ხო,რა თქმა უნდა, მე მაგალითების მოყვანაც არ შემიძლია, როცა თქვენ მეჩხუბებით. ქრისტიმ ხელები გადაიჯვარედინა და მშობლებს თვალი აარიდა.
-ეს არ გვიგულისხმია. საერთოდ წამოდი იმ სამსახურიდან, რამე უფრო მშვიდი მოვძებნოთ. ღამით არ გძინავს, დღისით არ გძინავს, სულ გადაღებებზე ხარ. თან რას იღებთ, მოდი ვაღიაროთ არცერთი...- მამას სიტყვა გააწყვეტინა ქრისტიმ.
-შეიძლება სცენარი არ მოგწონთ, მაგრამ ეგ მე არ მეხება, მთავარია ადგილები შევარჩიო სწორად და როგორც მახსოვს, ეგ ადგილები არავის დაუწუნია.
-ხო, მაგას ჩვენც ვაღიარებთ შვილო, მაგრამ…
-დედა, კიდევ რამდენი მაგრამ უნდა თქვათ. მოკლედ, მე წავედი, უნდა გავემზადო და კიდევ უნდა დავისვენო.- თქვა ქრისტიმ და ფეხზე წამოდგა.
-თუ წახვალ, ხმას არ გაგცემ!- თქვა მამუკამ და შვილს თვალი აარიდა. ნინემ გაკვირვებით შეხედა მეუღლეს, თავადაც არ მოელოდა მსგავს რამეს.
-მამუკა, რას ამბობ?!- თვალები დაუბრიალა.
-ფილმის პრემიერაზე ერთად წავიდეთ 15-ში. როგორც კი ჩამოვალ, სახლში მოვალ, სუვენირებს წამოგიღებთ.
-მანდ სუვენირებს ვერ იყიდი, ერთადერთი რასაც იქ ნახავ, გზად მოფენილი საფლავის ქვები, მთა და თოვლია!
-ყოჩაღ, მამა, სწორედ ამის მოსმენა მინდოდა!
-ყველა სიმართლე, რასაც ვამბობ მხოლოდ იმისთვის არის, რომ შენ იყო უფრო ფრთხილად!
-ვარ კიდევაც!- ქრისტიმ ესღა თქვა, მანტო მოიცვა, კაშნე შემოიხვია და სახლი დატოვა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები და გარეთ გავიდა.
„თითქოს ისევ თოთხმეტი წლის ვარ და ექსკურსიაზე არ მიშვებენ“.- ქრისტი გაბრაზებული იყო, თუმცა არ შეეძლო მშობლებზე განაწყენება, იცოდა, რომ ისინი ღელავდნენ, ამიტომ დატოვა სახლი ნაჩქარევად. არ სურდა ჩხუბი იმ ადამიანებთან, რომლებიც ასე უყვარდა .
-მამუკაა! მისთვის ასე არ უნდა გეთქვა, ხომ იცი რანაირია...- ნინე შეწუხებული დადის ოთახში და ვერ გაურკვევია რა ქნას....
-რით ვერ მოეშვა ამ თუშეთს, ჯერ იყო და 14 წლის ასაკში მოუნდა მანდ წასვლა...
-მას არ მონდომებია, კლასი მიდიოდა ექსკურსიაზე და რა ქრისტის ბრალი იყო...
-ნუ, რაც იყო. მერე 18 წლის ასაკში და აჰა, ახლა 22 წლის ასაკში ისევ თავიდან ვადგავართ ამ გზას. ეს რა წყევლაა? და ახლაც რომ არ წავიდეს, ალბათ იგივე 26 წლის ასაკშიც გაუმეორდება...
-კარგი, მამუკა, ვიცით რომ ახლა მას ამას ვერ დავუშლით, მაინც მოუწევს წასვლა, უკვე დიდი გოგოა.
-დედა-შვილმა პირი შეკარით.- ნინე მეუღლეს გვერდით მოუჯდა.
-მამუკა, ხომ იცი, რომ ამას ახლა ძალიან განიცდის, თან წარმოიდგინე ასე დამძიმებული თუ წავა ბავშვი ვერაფერს გააკეთებს, თუ ჩვენგან არ ექნება მხარდაჭერა, ძალიან გაუჭირდება.
-ანუ რას მეუბნები, რომ ახლა ავდგეთ და თუშეთისთვის შესაფერისი ტანსაცმელი ვუყიდოთ? -ჩაიცინა მამუკამ.
-გაუხარდება, ჯერ კიდევ ბავშვია და შენ ეს იცი.
-ბავშვმა მშობლებს უნდა დაუჯეროს..
-ის ყოველთვის ჩვენკენ იყო, ყოველთვის გისმენდა და იზიარებდა შენს ნათქვამს და მოდი გავიხსენოთ, შენზეც არანაკლებ გვინერვიულია (მამუკამ თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა).
-კარგი, ხვალვე ვუყიდოთ ყველაფერი და გავამზადოთ ქალბატონი...
-ყოჩაღ! -კმაყოფილმა გადახედა ნინემ მეუღლეს.
-მიხარია, რომ თქვენი გული მოვიგე ქალბატონო, მაგრამ ჩვენი შვილი ზედმეტად ჯიუტია, ატყობ ხო შენც?
-კი, ვატყობ უკვე 22 წელია.
ქრისტიმ სახლის კარები ნელა შეაღო, შესვლისთანავე ჩაკეტა და შუქები აანთო. კარებში გასაღების ჩატოვება ყველა მარტო მცხოვრები გოგოს ძლიერი მხარეა, ასე თავს მეტად დაცულად გრძნობს. თუმცა ისიც იცი, თუ ვინმეს შემოსვლა მოუნდა, გასაღები ვერ შეაჩერებს.
როგორც ყოველთვის სიმშვიდე... ქრისტის უყვარდა მარტო ყოფნა, ეს მისთვის ნორმალური იყო, ამ სიმშვიდეს ახლა მხოლოდ მისი თუშეთში წასვლის ამბავი არღვევდა. თავში სულ თუშეთი უტრიალებდა. უცნაურად ეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ მის ცხოვრებაში ორჯერ უთხრეს უარი იქ წასვლაზე და მესამედ მაინც მიდიოდა. თითქოს ბედისწერა იყო და ნეტა რისი ბედისწერა, თან ჯგუფთან ერთად ვერ მიდიოდა, მარტო უწევდა წასვლა. ერთი ისიც კი გაივლო თავში, ხომ არ უნდა მოვკვდეო, მაგრამ მაშინვე უკან წაიღო სიტყვები. ეს ეტყობა საყოველთაო ჩვევაა- როცა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შენ მაინც ცუდზე ფიქრობ, გონებას ყველაფრისთვის ამზადებ.
იმ ღამეს მალევე ჩაეძინა. ბევრი არ უფიქრია, ან რაზე უნდა ეფიქრა, ამ შემთხვევაში უარს ვერ იტყოდა.
დილა. 07:30
გარეთ ისევ წვიმს.
ქრისტი ტელეფონს იღებს და ამინდის პროგნოზს ამოწმებს.
„ამინდი არა მხოლოდ ბარში,არამედ მთაშიც მკვეთრად გაუარესდება“, - წერია სტატიაში. „შესანიშნავი დრო იყო ამინდის გასაფუჭებლად“, დაიწუწუნა ქრისტიმ და სანთელი აანთო. “ჯობდა ის რაღაც ცისფერი ფერის მეყიდა, მე მგონი, უკეთესი სუნი ჰქონდა. ღმერთო, როგორ ცივაა.“
დღეისთვის დასვენების დღე აიღო. თუმცა რა დასვენება, საღამოს მაინც უნდა მივიდეს გადასაღებ მოედანზე და კიდევ ერთხელ შეამოწმოს ყველაფერი .
08:30
ქრისტი შეტყობინებებს პასუხობს, თან ყავას სვამს.
ტელეფონის ზარის ხმა. დედა რეკავს. ქრისტიმ ტელეფონს ხმა გამოურთო, მაგრამ ვერ შეძლო დედის ზარის დაიგნორება, ამიტომ უბრალოდ უპასუხა.
-ხო, დედა...
-დილა მშვიდობისა, დედი...აბა, რას აკეთებ?
-მეილებს ვპასუხობ, მერე საყიდლებზე გავდივარ.
-არანაირი საყიდლები-
-დედა, რა გჭირთ ორივეს, მაინც მივდივარ! გაიგეთ, ეს სამსახურია.
-არა, არა, ეგ არ მიგულისხმია. მე და მამამ გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი ჩვენ გიყიდოთ, რაც დაგჭირდება.- ქრისტის უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე,ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მამუკა ამას ოდესმე დასთანხმდებოდა და ასე მარტივად გამოძვრებოდა ამ ამბიდან.
- 10-ზე გამოგივლით და ერთად წავიდეთ .
-დე, ხო კარგად ხართ?- სიცილით იკითხა ქრისტიმ.- ასეთი რა უთხარი მამას, რანაირად მოახერხე?
-რავი, ხო იცი ყველაზე მეტად უყვარხარ, როგორ გაძლებდა შენ გარეშე ?!
-მართალია.
-მოხვედი ხასიათზე?- იკითხა ნინემ
-ისედაც კარგ ხასიათზე ვიყავი.
-კი, კი, შეგატყვე.- ჩაიცინა ნინემ.
-კარგი ხო, გავემზადები ახლა და დაგელოდებით. საღამოს ისევ გადაღებებზე გავდივარ.
ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ქრისტი ვარაუდობდა. საყიდლებზე მშვიდად წავიდნენ და იქიდანაც მშვიდად დაბრუნდნენ. გოგო თითქოს უფრო მეტს ფიქრობდა წასვლაზე. ლამის მამუკას აზრი გაითვალისწინა და უარი თქვა თუშეთზეც და სამსახურზეც, ოღონდ ეს მხოლოდ ხუთ წუთს გაგრძელდა, შემდეგ ისევ ძალა მოიკრიბა, საღამოს გადაღებებს დაესწრო. უფროსს კიდევ ერთხელ დაელაპარა და უთხრა, რომ თუ გზაში რაღაც ისე არ წავა, უკან დაუფიქრებლად მობრუნდება. კაცმაც დამჯერედ დაუქნია თავი - გადაწყვეტილება ისე მიიღე, როგორც საჭიროდ ჩათვლიო.
-ადრე ახსენე, ორჯერ მითხრეს მშობლებმა უარი თუშეთში წასვლაზეო?!
-დიახ, ასე იყო!
-იქნებ ბედისწერაა, იქნებ იქ რა გელოდება?!- ღიმილით იკითხა კაცმა.
-თუ იქამდე ჩავაღწიე, კიდევ ვიფიქრებ რამეზე! -ქრისტიმ ეს სიტყვები ღიმილით უთხრა უფროსს.
-ხომ იცი, რომ არაფერი არ მოხდება!
-იქნებ კარგი არც არაფერი მელოდება?!
-ქრისტი, ვიცი, რომ პესიმისტი ხარ, მაგრამ ასეც არ შეიძლება.
-ხო, ვიცი, ვიცი, მაგრამ ამ ფიქრებს მაინც ვერ გავურბივარ.
-არც არავინ გეუბნება, რომ გაექცე. თუ ეს ბედისწერაა, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც უნდა იყოს.
-და თუ თუშეთში მაინც არ წავედი, ანუ არც არაფერი არ მოხდება?
-არა! ანუ არ ყოფილა შენი ბედისწერა იქ წასვლა და სულ ეს არის.
ამ სიტყვებმა ჩააფიქრეს გოგო და უბრალოდ გადაწყვიტა, რომ იქ უნდა წასულიყო, რაც უნდა ყოფილიყო ეს ბედისწერა თუ უბრალო გასვლა თუშეთში, მაინც უნდა გაეკეთებინა, მის გარდა ამას სხვა ვერც ვერავინ ვერ გააკეთებდა. არ ყოფილა ქრისტის ცხოვრება შავ-თეთრი, მაგრამ ბოლო პერიოდი კი იყო მოსაწყენი, მხოლოდ იმას ფიქრობდა, ამ გასვლით ცოტა გავერთობი და განვიტვირთებიო.
II-ბუნებას ვერ შეეწინააღმდეგები
„შენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ერთ ადამიანს გადაარჩენს“
„იმ დილას ამ ფიქრებით გავიღვიძე, ნეტა მე უნდა გადამერჩინა ვინმე თუ თავად გავხდებოდი გადასარჩენი?!“
გამგზავრების დღე.
-დედა, გთხოვ, ახლა ერთსაათიანი დამშვიდობება არ გვინდა. სამი დღით მივდივარ. -თვალები გადაატრიალა ქრისტიმ.
-დე, მე მგონია, რომ საუკუნით მიდიხარ.- გადაეხვია გოგოს.
-აბა რა, დეე... მაა, დროებით და კიდევ ისეთი სახე ნუ გაქვს, შეიძლება სუვენირები ვერ ჩამოგიტანო, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ!- ქრისტი მამასაც გადაეხვია და მანქანაში მოკალათდა.
-დრობით, ქალბატონო.- გაიღიმა მამუკამ და მეუღლესთან ერთად ხელი დაუქნია.
-ღმერთო, ვერც კი წარმოიდგენ ნინე, როგორ არ მინდა ახლა მისი გაშვება. ნეტა ახლა მანქანა გააჩეროს და ჩამოვიდეს, ხომ შეიძლება.
-მამუკა, ძალიან განიცდი. წამო, სახლში წავიდეთ, სამ დღეში ჩამოვა.
-აჰაა, ხო, მალე ჩამოვა.
თუშეთისკენ მიმავალი მანქანა.
-პირველად მიდიხართ თუშეთში?- იკითხა ახალგაზრდა მძღოლმა.
-დიახ.
-არ ინერვილოთ, ეს გზა ასჯერ მაინც მაქვს გავლილი. ხო, გაგაფრთხილებთ, რომ გზაში ტელეფონი არ იჭერს და არც იმ სოფელში სადაც მივდივართ.
ნეტა როგორია ამ გზის ასჯერ გავლა? იმ გზის, რომელიც ასე აშინებდა ხალხს, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი... მეც მაშინებდა, შეიძლება მშობლებთან არ ვიმჩნევდი, მაგრამ ძალიან მეშინოდა, ეს გზა ასჯერ რომ გამევლო, რომელიმეზე მაინც გამისკდებოდა გული.
-დიახ, ეს უკვე გავიგე, ალბათ როგორი მოუხერხებელია.
-არ ვიცი, მე მგონი, მარტო ერთი ადამიანი ცხოვრობს. ახლა არის ხალხი, მაგრამ უკვე ჩამოსვლასაც დაიწყებდნენ.
-აჰა, მადლობა, გასაგებია! -ქრისტის აქაც ეტყობოდა, რომ დიდად ადამიანებზე არ გიჟდებოდა, ამიტომ ამ ტიპის საუბრის გაწყვეტას სცდილობდა.
ამინდი კვლავ ცუდი იყო, უარეს შემთხვევაში ექვსი-შვიდი საათი დასჭირდებოდა ჩასასვლელად. ნუ, ყველაზე ცუდი შემთხვევა სხვა რამ იქნედა, მაგრამ მოდი არ დავკონკრეტდეთ.
სულ რომ არაფერი, საქმე კვლავ ბევრი ჰქონდა ქრისტის და უბრალოდ ლეპტოპი ამოიღო და სანამ ინტერნეტი ისევ ნორმალურად მუშაობდა, რაღაცები უნდა დაესრულებინა.
გზად დედამ სულ ცოტა შვიდჯერ დაურეკა. მამას არ დაურეკავს ინფორმაციას დედის დახმარებით იღებდა. ქრისტიმ როგორც იქნა დადო ყურსასმენები და მძღოლს ჰკითხა: -რამდენ ხანში ავალთ სოფელში?
-კიდევ ერთი საათი დაგვჭირდება, ასეთ თოვლს არ მოველოდი, თან ჯერ კიდევ ადრეა...
-საშიშია? იქნებ უკან დავბრუნდეთ?!
-თქვენი გუნდი უკვე იქ არის, თან საშიში არაფერია, ნუ თუ თქვენ გეშინიათ შემიძლია გავბრუნდე.- ქრისტიმ რამოდენიმე წამი იფიქრა, ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა, მაგრამ უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
-დავბრუნდეთ....
-დარწმუნებული ხართ ?
-დიახ.
-კარგით, აქ ვერ მოვაბრუნებ, ცოტა წინ უნდა წავიდეთ.
-კარგი.- გადაფიქრებაზე არც უფიქრია, შინ დაბრუნება უნდოდა. ისიც იცოდა,რომ მამამისი მართალი აღმოჩნდა და ეს გზა სახუმარო ნამდვილად არ იყო.
ქრისტის ეს საშინელი გზა ალბათ არც დაავიწყდება და იმის წარმოდგენა, რომ ამ გზის გამოვლა უწევდა, პირდაპირ გასაჭირში აგდებდა გოგოს. მთელს სხეულზე ტაომ დააყარა, როცა მანქანა უცნაურად გადაიხარა ხრამისკენ. სუნთქვა გაუხშირდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ეტყობა ეს მძღოლი მართლა გამოცდილი იყო ამ ჯოჯოხეთურ გზაზე სიარულით. გზად მათი საფლავებიც ნახა, ვინც აქ დაიღუპა. “გზად მოფენილი საფლავები“, როგორც მამამ უთხრა, თუმცა არც მაშინ გაჩერებულა. ერთ წამს ისიც კი წარმოიდგინა, თუ აქ ჩაცვივდებოდნენ, მისი საფლავის ქვასაც დადებდნენ,მისივე სურათით. ნეტა რომელ სურათს აირჩევდნენ? ხალხი მასაც დააკვირდებოდა, დაიწუწუნებდნენ, იტყოდნენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო სიკვდილისთვისო და გზას გააგრძლებდნენ. თუშეთში ბევრ ფოტოებს გადაიღებდნენ, მშვენიერ ბუნებაში, სოციალურ ქსელში ატვირთავდნენ ბედნიერი სახეებით. ამ სილამაზის ნახვით გაოცდებოდნენ და სულ დაივიწყებდნენ იმ გოგოს საფლავს, რომელსაც გზად თვალი მოჰკრეს. მისი საფლავის ქვაც სხვებს შორის ჩაიკარგებოდა. იქნებ საფლავის ქვაზე ფოტოც გადაეღოთ და მიეწერათ ყველამ ერთი გული და „ამინ“ დავუწეროთო, ეს უფრო საშინელი იქნებოდა. ნუ, მოკლედ რომ ვთქვათ, იმავე რამეს გააკეთებდნენ, რაც თავად ქრისტიმ გააკეთა, უბრალოდ გზა გააგრძელა, დაივიწყა საფლავები ისე, თითქოს ეს უბრალო ქვები ყოფილიყო.
მძღოლმა მანქანა მოაბრუნა, თუმცა ათ წუთში მკვეთრად დაამუხრუჭა, ისე რომ სავალ ნაწილს მოშორდა. ქრისტი მიზეზს იმ წამსვე მიხვდა და სუნთქვა შეეკრა იმ მანქანას ვეღარ ხედავდა, რომელიც წინ მიჰყვებოდა. გაუარესებული ამინდის გამო მათ წინ მიმავალი მანქანა ხრამში გადავარდა. ქრისტი ფრთხილად ჩამოვიდა მანქანიდან, თუმცა იქაურობას არ მოშორებია. ჩავარდნილ მანქანასაც ხედავდა, სუნთქვა ეკვროდა, თითქოს კისერში რაღაც გაეჭედაო; თითქოს იმას გრძნობდა, რასაც ის ადამიანები იქ, ქვევით; იმასაც გრძნობდა, რომ ცოცხლები იყვნენ, მაგრამ ვერ სუნთქავდნენ. პულსი ეცემოდა და ქრისტიც კარგავდა გონებას მანამ, სანამ მძღოლმა შეძლებისდაგვარად არ მოაბრუნა ამ ქვეყნისკენ და უთხრა,რომ მანქანაში უნდა დაბრუნებულიყო და გზა გაეგრძელებინათ, ოღონდ თუშეთისკენ და არა ქრისტის სახლისკენ. ამ ავარიის გამო შინ ვერ დაბრუნდებოდნენ, გზები ორივე მხარეს ჩაიკეტა. აქ გაჩერებით კი მხოლოდ მოძრაობას აფერხებდნენ და ხელს უშლიდნენ დაშავებულების ამოყვანაში.
-ერთი თქვენი ასაკის გოგო მჯდარა და ვიღაც კაცი. ორივე გადარჩა, თუმცა კაცი უფრო ძლიერადაა დაშავებული, უფრო მაღლა რომ ვყოფილიყავით, თვალი მანქანასაც კი ვერ ჩასწვდებოდა, იმ ხალხის ნაწილებსაც კი ვერ იპოვიდნენ.
-საკმარისია!- შეაწყვეტინა ქრისტიმ.- ისიც საკმარისია, რაც გავიგე; ისიც, რაც ვნახე და ისიც თუ სადაც მივდივართ.- იმ წამს ისე არ უნდოდა გზის გაგრძელება, მზად იყო უკან წასასვლელი გზა ფეხით გაეარა, მაგრამ ვერ შეძლებდა, რატომღაც სრულიად წაერთვა ძალა სიარულისაც, სუნთქვისაც; თითქოს მძიმე ტვირთი ედო გულმკერდზე და ვერ ინძრეოდა. ძლივს ჩაჯდა მანქანაში, ღვედი შეიკრა, მაგრამ ტკივილს კვლავ გრძნობდა, ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, ან ეს ტკივილი საიდან მოდიოდა. უმიზეზოდ გაჩენილი ტკივილი იყო, რომელიც პირველად იგრძნო ქრისტიმ.
-მალე ავალთ,- გახარებულმა თქვა მძღოლმა, თუმცა მანქანა ამ სიტყვების შემდეგ მალევე ჩაქრა.
-ფუ, შენი...- წამოიყვირა კაცმა. რაზეც ქრისტიც გამოერკვა ფიქრებიდან. კვლავ მომხდარზე ფიქრობდა, იმაზე, რომ რამოდენიმე წამიც და შეიძლებოდა ეს თვითონ ყოფილიყო, იმ ხრამში თავად გადავარდნილიყო და თუ გადავარდებოდა იცოცხლება კი ?
გონს მოსულ ქრისტის გაჩერებული მანქანის დანახვაზე ელდა ეცა. კიდევ რამდენი რამ უნდა მოხდეს, სანამ იმ ადგილამდე ჩავაღწევთო,- გაკვირვებას ვერ მალავდა გოგო, ცოტათი ბრაზობდა კიდეც, თუმცა მაინც მადლიერი იყო, იმ გადავარდნილ მანქანაში თავად რომ არ იჯდა. სულ რომ არაფერი, ცოცხალი იყო, ისიც უკვირდა, რომ