მეძავობა ქართულად
მეძავობა ქართულად
მეძავობა ქართულად
მას ერქვა გერტრუდა. ის იყო ხმელი და მაღალი ჩრდილოელი ქალი, არც ლამაზი, არც უშნო, მაგრამ ცალსახად არამომხიბლავი, რაღაცნაირად არაქალური. ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ გერტრუდა იყო მამაკაცური, უბრალოდ ის მოძრაობდა ჩრდილოულად, რადგან ძარღვები მისი არ იყო მზით გამთბარი, ხოლო სხეული და სული მისი შეჩვეული იყო ტემპერატურის მხოლოდ დაბალამპლიტუდურ ცვლილებებს. ამავდროულად გერტრუდა იყო უნცაურად შიმშილგამძლე, როგორც საუკეთესო სარეისო ცხენი, ხოლო ეს შეძენილი თვისება მისი, გენეტიკურ ყინვაგამძლეობასთან ერთად, აუტანელს ხდიდა მასთან მუშაობას თბილისურ ჭინჭყლიან ნოემბერში, როდესაც ძვალი და რბილი ერთიანად დამზრალი გაქვს, ხოლო სული კი “აწეწლი მწარე ქარებით“.
ხოლო ამ თბილისურ ცივ ნოემბერში გერტრუდა ცდილობდა გარკვეულიყო ქართველ მეძავთა ყოფა–ცხოვრების რთულ ნიუანსებში, ცდილობდა გაემიჯნა ერთურთისაგან მათი ყოფის სევდიანი და ანგარებიანი პასაჟები და ცივილიზებული მსოფლიოსაგან აგრერიგად გარიყული და ნაღვლიანად ენდემური ქართველი მეძავებისთვის გაეხსნა მსოფლიო მეძავთა კოსმოპოლიტურ ერთობაში შემავალი კარი. ხოლო მიზნები მისი, თავადაც ხვდებით, იყო მეტად ამაღლებული და სიკეთის მომტანი, რადგანაც რა არს იგი სიკეთე, თუ არა დაცული სექსი და უფლებები? ტონი ჩემი ირონიული ჩათვალეთ ჩემს ნაკლად, არ მეწყინება, რადგან გახლავართ არა გაავებულად ირონიული, არამედ ირონიულად ობიექტური და ღმერთისა და კაცის წინაშე ვაღიარებ – სიკეთის ისეთი ფორმა, როგორიცაა დაცული სექსი და უფლებები ცალსახად გერტრუდასებრთა მონაპოვარია. ჩემნაირები კი ეძიებენ აღმაფრენებსა და გარდარეულ სიყვარულს, ხოლო მათ პლანეტაზე, სადაც მოძრაობა მხოლოდ პოლუსიდან პოლუსამდეა, არამცთუ ვინმეს უფლებები, არამედ ერთი კუნჭულიც კი არ არის დაცული.
ჩემი და გერტრუდას სამუშაო დღე ცხრა საათზე იწყება, ხოლო როდის თავდება იგი უწყის ღამეს შემორჩენილმა უკანასკნელმა მეძავმა ან „ ჰეფი ენდის“ უკანასკნელმა მაძიებელმა, ანუ უბრალოდ კლიენტმა, მავანის მიერ ამრეზით მოხსენიებულმა. სიმართლე გითხრათ, მეც ამრეზით ვუყურებ ამ კლიენტს, მაგრამ მინდა ეს უსამართლობა ჩემში აღმოვფხვრა, რადგანაც დამისახელეთ ვინმე, ვინც არ ეძიებდეს ბედნიერ დასასრულებს, ხოლო თუ ვის რა წარმოდგენა აქვს ბედნიერების ამ გაელვებებზე, ეს აღზრდისა და კულტურის საკითხია. ბოლოს და ბოლოს მაღალფასიანი მეძავიც რომ მეძავია და მათი კლიენტიც არსებითად იგივე კლიენტი, ესეც ხომ სიმართლეა. ხოდა გამოდის, რომ სოციალური სტატუსი და გაფხეკილი ჯიბე არ მომწონს მე ამ ღამეული თავგადასავლების მაძიებლების.... და კიდევ სცენაზე გამოდგმული მათი აგრესია და ბილწი სიტყვა, თორემ კულისებში ვირგებ ამ ყველაფერს დედის რძესავით....
გერტურდა ცოტა დაბნეულია - იმისათვის, რომ სქესობრივ მუშაკთა უფლებები ეფექტურად დაიცვას, სულ მცირე, საფუძვლიანად უნდა ჩაწვდეს იმ ფენომენის არსს, რასაც ჰქვია მეძავობა ქართულად. და სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი და სწორედ ამ თავის შეფასება ხდება არასათანადოდ, როცა იცქირები დისტანციიდან და თუ სამყაროს რომელი კუთხიდან იყურები, ცივილიზებული ევროპიდან თუ მოუჩარჩოებელი აფრიკიდან, ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.
გერტრურდა ცხელ–ცხელი ემოციებითაა ჩამოსული ბოტსვანადან, ბოტსვანელი მეძავების უფლებებს იცავდა ოთხი თაკარა აფრიკული წელიწადის მანძილზე. ოთხი ოხშივარამოსული წლის მანძილზე ამაღლებდა მათ ცოდნას დაცული სექსის საკითხებში, თეორიულად რაღა თქმა უნდა, და კიდევ ებრძოდა შიდსს.
–Nthuse Gertruda[1] ! მიშველე გერტრუდა!
– Ke nale mathatha Gertruda! მე მაქვს პრობლემები გერტრუდა!
–Ke tshwerwe ke mala Gertruda! მე ავადა ვარ, მე ცუდად ვარ გერტურუდა
და კიდევ თხოვნა და შეძახილი მრავალზე მრავალი: ბოტსვანურ-ყოფითი, სქესობრივ- საგანმანათელებლო, ახლობლებ- მოკითხვთი, რომელთაც ვერ გადმოგცემთ სრულად, რადგან მწირია ძლიერ ჩემი ტსვანური. ხოლო არჩევდა გერტუდა მათ შორის უპირატესად სარეაგიროს, არ იზარებდა, იღწვოდა, დათოხარიკებდა აფრიკის წვიმამოწყურებულ მიწაზე, აღმა მიჰყვებოდა ლიმპოპოს ნაპირებს, მოპანის ჩრდილ ქვეშ ასვენებდა დამაშვრალ სხეულს, დაღმა მომავალს სევდით ავსებდნენ ათასწლოვანი ბაობაბები, რადგან მათ ვარჯთ ქვეშ ცხოვრება კაცთა მთლად ერთი წამის გაელვებად ესახებოდა.. მერე კი როცა ოკავანგოსთან “სანუგეშოდ ინამა ცრემლით”, როცა ათასგზის გადაკვეთა კალაჰარის ცხელი დიუნები, მეტად მოიწადინა, და მეტად მოისურვილა ბოტსვანელთა გადარჩენა და დღეგრძელობა:
–ჩვენ უნდა ვუშველოთ ბოტსვანელ მეძავებს, რადგან ისინი იხოცებიან შიდსისაგან, რომელიც შეეყარათ მტარვალი და უკულტურო ბოტსვანელი კლიენტებისაგან!
–ჩვენ უნდა ვუშველოთ ჭეშმარიტ ბოტსვანელ ქალებს (იგულისხმება არამეძავები ქართული გაგებით, თორემ ბოტსვანურით ღმერთმა უწყის) რადგან ისინი იხოცებიან შიდსისაგან, რომელიც შეეყარათ მოღალატე და უპასუხისმგებლო ბოტსვანელი ქმრებისაგან!
– ჩვენ უნდა ვუშველოთ ბოტსვანელ კაცებს, რადგან დიდია როლი მათი, ვითარცა ინფექციის გადამტანისა მასპინძლიდან მასპინძელზე, მსგავსად კოღო ანოფელესისა.
და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ...
–Tswee-Twsee Getruda !!! Tswee-Twsee ..( გეხვეწები, გთხოვ გ ე რ ტ რ უ დ ა !!!)
- ჩვენ უნდა ვუშველოთ ბოტსვანას, რადგან შიდსი აღგვის მას მიწისაგან პირისა, რადგან ყოველი მეექვსე პატიოსანი ბოტსვანელი დაავადებულია ამ მძიმე სენით, რადგან შემოკლებულა დღენი მათი ცხოვრებისა და ჩამოჩოჩებულა 35 წლამდე, რადგან არ შველის თურმე ამ სენს სიმწიფეში შესული ბოტსვანური დემოკრატიაც ( არ დაგავიწყდეს მკითხველო, რომ დემოკრატიულია იგი ბოტსვანა 1966 წლიდან აქამომდე, და თუ დღენი მისი არსებობისა დათვლილია, დემოკრატიულად მიებარება იგი აფრიკის მიწას, რათა აღსგდეს მერე, მეორედ მოსვლის ჟამს, დემოკრატიული და გაბრწყინებული!)
ხოდა გადაეშვა გერტრუდა თავ-ფეხიანად ბოტსვანელთა გადარჩენის კეთილშობილურ საქმეში და თუმც იყვენენ ბოცვანელნი კეთილგანწყობილნი, რადგან გაგიკვირდებათ და თავადაც უნდოდათ დღეგრძელობა, დუნედ იწერებოდა მათი გადარჩენის სკანდინავიურ-აფრიკული საგა... და მიმართა მათ გერტუდამ, დაფიქრდა რა ცოტაოდენ:
- სხვა გზა არ არის!!! უნდა გაიხსნას ქარხნები ადგილობრივი, ყოველმხრივ სანდო პრეზერვატივთა საწარმოებლად, რადგან ადგილობრივებმა ხომ მეტად იცით თქვენი სხეულის ყველა ნაწილთა, რბილთა და წარზიდულთა ანატომია და შეუპოვრობა. …და კიდევ, და აუცილებლად, და უყოყმანოდ უნდა აღვადგინოთ ტრადიცია ძველი, აწ შიგადაშიგ მივიწყებას მიცემული და ჩავატაროთ საერთო სახალხო ეროვნული წინადაცვეთა, კონტროლირებული მედიცინის უმუშაკეს მუშაკთა მიერ, რამეთუ ცხელ-ცხელ კვლევებზე დაყრდნობით, ამცირებს იგი შიდსის გავრცელებას ძალუმად თურმე…
დაუჯერეს გერტურუდას რასაკვირველია, რადგან გასაკვირად ალალი იყო იგი და კიდევ მართალი. გაიხსნა ქარხანა შერჩეულ ადგილზე, გარდასახეს ჯვარი მას თავისებური, აკურთხეს თავისებურად, ზოგმაც შეუკურთხა ბუნებრივია ტსვანურად, და დაიწყო და დაიწყო წარმოება პრეზერვატივის, ადგილობრივის, მეტად მორგებულისა და სანდოსი, ხოლო ეწოდა მას „Viva”, რადგან თუმც არ აძლევდა ის შიდსით დაღდასმულ სიცოცხლეს აღმოცენების საშუალებას, ყველა დანარჩენის სიცოცხლეს წარმართავდა ხანგრძლივად და ბედნიერად. წინადაცვეთის მოდიფიცირებული ტრადიციის აღდგენაზე კი მცირე რამ ვიცი, მაგრამ მიამბო გერტრუდამ - არ ყოფილან წინაამღდეგნი ბოტსვანელნი, რადგან დავიწყებული ძველი ყოფილა ეს.
და გამოხდა ხანი და მოიტანა ოკავანგოს ნაპირებიდან ქარმა ის ხმები, ასე რომ ელოდა გერტრუდა, გადარჩენის ხმები იყო ეს…
–Ke itumetse ke a leboga Gertruda !! მე ბედნიერი ვარ, ბ ე დ ნ ი ე რ ი ვ ა რ გ ე რ ტ რ უ დ ა ა ა ა!
ხოდა იფიქრა მანაც, გულ და იმედ მოცემულმა- ჩვენ გადავარჩენთ ბოტსვანას და ეს წარმატებული მაგალითი გავრცელდება იმ ქვეყნებზეც, სადაც ახლად წამოჩიტულ დემოკრატიას ვერ გადაუჭრია ქვეყნის გადარჩენის რთული ამოცანა, რადგან ვერ გაუგიათ ხელისუფალთ ამა ქვეყანათა, რომ ქვეყანას არსებითად ღუპავენ გაუნათლებელი და უწიგნური ბოზები, რომლებმაც არღარა იციან, გარდა უწესო აღებ–მიცემობისა. ... და გაუჩნდა სარბიელი ახალი გერტრუდას, რადგან გამოიჩეკა დემოკრატია ქართულ მიწაზეც, ხოლო წამოჩიტვა მისი გახდა პრობლემა... და დარჩა ქართული ქუჩის მეძავი, მრავალეროვანი, დაუცველზე დაუცველი და სევდიანზე ათას გზის სევდიანი, ხოლო მეძავნი ზედა ეშელონებისა გატუტუცდნენ ნამეტნავად. და მარტო სურვილით რომ რამე კეთდებოდეს ჩვენ ვერ ვუშველიდით ვითომ ჩვენს ბოზებს? ფული სჭირდება დემოკრატიისათვის შესაფერ მეძავთა განვითრებას და დრომოჭმულ-საბჭოურ-ბოზანკალური წარმოდგენების აღმოფხვრასაც ჩემო მეგობრებო. ჰოდა, მოიძია გერტრუდამ ფული ევროპულ და ამერიკულ მადლიან ხაზინებში. ჩვენც მოთმინებით ველოდით ამ დღეს და ერთხმად შევძახეთ:
-Nthuse Gertruda და tswe-tswe და რავიცი კიდევ.. ნუ გვაწვალებ თუ ქალი ხარ, მოგვხედე, მოდი, თორემ შენებას ჩვენსას არა აქვს მადლი და გვეშლება ქვეყანა და იჩოჩებს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბლა და დაბლა ბოტსვანისებურად, და ქრებიან ზურნა–ჭიანურზე მომღერალი ბედნიერი დღეგრძელი მოხუცები საქართველოს მთაშიც კი, რადგანაც შეესიენ გაუნათლებელი ბოზები ბარსაც და მთასაც.
და გერტრუდამაც ჩაიცვა რკინის ქალამნები, დასტოვა ბოტსვანა და გამოეშურა საქართველოსკენ, ხოლო გზა იყო გრძელი და სახიფათო, რადგან არ იყო ამ დროს ფრენა პირადპირი გაბორონესა და თბილისს შორის და შემოვიდა იგი ტრაპზონის მხრიდან, როცა იყო საღამო ხანი. ბინდში იკარგებოდა ამ დროს პირველი ქალაქი საზღვრისპირული, განახლების ფრთაშეხებული და ამ შეხებით შეშინებულ - სიქათქათეშეფარკლული. ხოლო იყო ეს ქალაქი ქვეყნის პირველ კაცთა ფავორიტი და წამოჩიტული დემოკრატიის სიმბოლოდ ქცეული, თუმც ჯერ კიდევ ჭუჭყიანი, მოუვლელი და ძველებური ყაიდის მეძავობის პატივმცემელი. ფრთხილად შემოუყვა გერტურდა ქალაქის განაპირა ქუჩებს და აქ კი შეხვდა მას ტალახიანი გზის შუაგულში დამდაგრი ხალხი: კაცები და ქალები და რა თქმა უნდა ბავშვები, ხოლო გზის მიღმა იყო წუმპე–ჭაობი და უყურებდა ეს ხალხი ამ წუმპე–ჭაობს თვალმოუცილებელი მოლოდინით და ჰგავდა მათი თვალები უდაბნოს პირას მდგარ ებრაელთა თვალებს, თითქოსღა ახლა იწყებოდა ორმოცწლიანი გამოცდა მათი... ახლომახლო სოფლებისა და ამ ქალაქის მკვიდრნი იყვენენ ისინი, ვინც ზაფხულიდან ზაფხულამდე აშუშებდა ვნებაჩამცრხალ ქალაქს და არ ბეზრდებოდა მისი ქარ-წვიმა-ჭინჭლყიანი საღამოები. ხოლო ელოდნენ ისინი დიდ-პატარიანად მოცეკვავე შადრევანის ამოფრქვევას, რომელიც ამ წუმპე-ჭაობის მიღმა აეგო მავანს, შადრევანთა მოყვარულს. იყვნენ ბავშვები მათი ცუდად ჩაცმულნი და ცუდად ნაკვებნი, ამიტომაც გულის ამოვარდნამდე სათუთი იყო მათი მოლოდინი... და უცებ მიწიდან, უფრო სწორად წუმპე–ჭაობიდან ამოხეთქა ჯერ სინათლემ .. მერე წყალმა,.. ამოიყოლა ამ წყალმა წუმპის სიღრმიდან მუსიკა, და იქმნებოდა ეს მუსიკა მიწის წიაღში, ხოლო ქმნიდა მას ღმერთი უცილობლად, მძიმე გზებითა და ქარტეხილებით მოღწეული ამ წუმპე-ჭაობამდე... მერე წყალი ესე სინათლიანი აიჭრა ქალაქის ზაფხულგამოვილ ცაში და ყოველ წვეთში ატყდა ციალი ცისარტყელათა ....და მერე უცებ, ამოვარდნენ მიწიდან გალაქტიკები, და გალაქტიკა მათ შორის ერთი რძისფერი ფრიად, ირმის ნახტომად მონათლული და მშობლიური… ხოლო გავდა ეს ღვთიური მანანის გადმოდინებას უდაბნოს თავზე, აჩენდა რადგან იგი იმედს ღარიბ გულებში....ლამაზი და ბედნიერი სამშობლოს იმედს.. და დააღეს ურძეობით გამომშრალი პაწია პირები ცუდად ჩაცმულმა ბავშვებმა, ხოლო დედებმა მათმა მოისინჯეს რძეგამშრალი ძუძუები, ხოლო რძისფერი ნისლით გაიჟღინთა გონება კაცთა და ტვინი მათი იქცა ათრთოლებულ პლაცენტად, რომელიც კვებავს კუჭის გზის ავლით და შემოყვნენ ამ პლაცენტას ტვინის სიღრმეებისაკენ ცისარტყელიანი წვეთები. და გაქრა წუმპეც, ტალახიც, მომავლის შიშიც, შიმშილიც, ატივტივდნენ, ატივტივდნენ, ნელ–ნელა ნ ე ლ– ნ ე ლ ა ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი, ვითარცა ნაყოფნი სანაყოფე წყალში... დარდდავიწყებულნი, მოჯადოვებულნი და გაგიჟდა გერტურდა, რადგან შეშურდა – სხვა სიმკვრივე ჰქონდა მის ჩრდილოულ სხეულს და ვერ შეტივტიდა ის ამ ცაში, ვერ ამჩატდა ასე მარტივად, ხოლო როდესაც უყურებდა ის პირდაფჩენით ყველაფერ ამას, ძალუმად შიში მოერია- ნუთუ დარდდავიწყების ასეთი ნიჭით დაჯილოვებულთ, დაუცველი სექსისა და შიდსის გამო ელით დაღუპვა? და აქ კი გაახსენდა მას ბოტსვანა, ბოტსვანელი მეძავები, გამძვინვარებული შიდსი და ამოხეთქა შეგუბებულმა ტირილმა მისი სულიდან.
_ ქალბატონო, ქალბატონო, რა გატირებს გენაცვალე, გადამრევს ეს ქალი,რა ნახა სატირალი!– სწრაფად დაეშვა ძირს ერთი შეტივტივებული, იქნებოდა ისიც ასე გერტრუდას კბილა და კილოკავი მისი აჭარული იყო ისეთი საამო, რომ ცოტათი ტსვანურსაც მიამსგავსა გერტრუდამ და აღრიალდა უფრო მეტად. მაშინ დაეშვნენ გუნ–გუნდად სხვა შეტივტივებულნიც, ძალით დასცეს ძირს გერტრუდა, აუწიეს ზევით ფეხები, რომ სისხლი წასულიყო თავისაკენ და არ წასვლოდა გული და მიუნიავეს, და მიეფერნენ, ხოლო გერტრუდა სლუკუნებდა:
_ შიდისი, შიდსი, გაანადგურებს ამ ყველაფერს, ო, ბოტსვანა! ო, საქართველო!
_ რა შიდსი გენაცვალე? სად არის შიდსი? რუსების მოგონილია მაი ამბავი. ნუ გეშინია შე კაი ქალო, ჩვენთან რა უნდა შიდს?!
_ ბოზები! ბოზები! არ აწყენინოთ ბოზებს, თორემ გაქრება ეს სინათლე, ეს ცისარტყელა და დაბრუნდებით სიბნელეში, არ იცით თქვენ, მე კი ვიცი ი ი!– კვლავ სლუკუნებდა გერტრუდა . ხოლო ხალხს ახსოვდა ეპოქა ავადსასხესენებლი წყვდიადის და არ აპირებდა ეს ხალხი არსად დაბრუნებას.
–ბოზებს ვინ აწყენინებს შე კაი ქალო? მაგიზა ტირიხარ? ვინ გვყავს ჩვენ მაგათზე უკეთესი, მაგათ შემოევლოთ ჩემი თავი! ––ეს ისევ ის აჭარელი იყო, გერტრუდას კბილა, პირველი რომ გამოექომაგა და ამიტომაც ჰქონდა უპირობოდ ადგილი პირველ რიგში, გერტრუდას სიახლოვეს.
ახლა სულ გაგიჟდა გერტრუდა ––– არ არის ეს ხალხი ხელწამოსაკრავი. ასეთი ჰუმანიზმი, ასეთი დამოკიდებულება მეძავთა მიმართ, სულის ასეთი სიმჩატე და მყისიერი დარდგაქარვების ასეთი უნარები თანდაყოლილი... აბა რისთვის წამოვიდა აქ? არ ყოფილა აქ შიდსი და ჰყვარებიათ აქ ბოზები ნამეტნავად, ხორციელადაც და სულიერადაც. ვის უნდა დაეხმაროს? აგერ თვითონ დასახმარებელი შეიქნა საზღვარი არ გადმოუკვეთავს ისე.
დახმარება როგორ არ გვინდა გერტრუდა, ნუ გამოიტან დასკვნებს ნააადრევს, მაგრამ ჩვენი დარდები განა ჰგავს დარდებს ბოტსვანურს, ანდა თუნდაც ჩრდილოულს. ხომ არ გვერგება გერტურდა მე და შენ ერთი კაბა, ან იქნებ სულაც არ მინდა ეს კაბა ოხერი და “ ბრიუჩნი კოსტიუმი” მირჩვენია რამე სადა და მეტად მოყვანილი ჩემს ნახევრად აზიურ თეძოებზე. თუ ვერ გაიგებ ამას გეტრუდა არ გეგონოს ამ ნანავმა და კილოკავმა დამატკბობელმა დიდხანს გასტანოს. არ გინახვას შენ ამ შადრევანივით ამოფრქვეული მყისიერი სიშმაგე და არდანდობა! ხოლო იციან უტიფარი მზით გატუტუცებულმა ჩვენმა შვილებმა, ის რაც არ იცის ბევრმა სხვამ, რადგან გონება მათი არის სხარტი, და ის რაც ისწავლეს თავიანთ ქუჩა–ეზოებში განაზოგადებენ მერე, როცა გაიზრდებიან მსოფლიო ეზო–ქუჩების მასშტაბით. ხოლო ცოდნა მათი ქუჩური ჟღერს ასე: ყველა ქუჩასა და ეზოს აქვს თავისი ფორმულა, და თუ არ იხელმძღვანელე ამ ფორმულით, ვერ ამოგიხსნია მაშინ ამოცანა და არ შეგიშვებენ მაშინ ამ ეზოში. ხოლო უფრო რთულად არის საქმე მათი, ვინც საკუთარი ეზოს ფორმულასაც ვერ ხსნის და რჩება აბდალი და ოროსანი, და თუ ოროსანი ხარ შენ შენს ეზოში, დაეგდე იქ და სად მიფორთხავ, რომ მიფორთხავ?!
და საერთოდ მინდა გითხრა გერტრუდა, შე ჩრდილოელო შენა, სად მოვა შიდსი ჩვენ პრობლემებთან გენაცვალე, ერთგანზომილებიანია ეს შენი შიდსი, მარტივი ფორმულა აქვს მას და ზუსტი ამოხსნა, ხოლო არსებობენ ისეთი გეო–პოლიტიკურ–პათოგენური ზონები, სადაც არამცთუ ზუსტი ფორმულები, არამედ ფარდობითობის თეორიაც გამოიყურება ისე რა, საშუალო დონის რაიმე დებულებად. აქ ორჯერ ორი იცი როგორი ცვლადია? აწყვეტილი. აქ შენ რომ შეხედავ და წყალი არ გაუვა ისეთი შენება გგონია, თურმე არის გაგანია ნგრევა, და ნგრევა პირიქით შენება თავქუდმოგლეჯილი... მავანისათვის კიდევ ეს შენი ნგრევა–შენება არის უბრალოდ გართობა და ოინბაზობა, და უყურებს და იცინის და ფეხზეც კიდია... მის ეზო-ქუჩას არ შეეხო ოღონდ.. და რომ გალიე ფეხქვეშ ათიათასობით კილომეტრი გენაცვალე და გადმოსერე ოკეანეები და გადმოიარე კონტინენტები, შორიდან მაინც გეკითხა, შემოგეძახა, მეტადრე რა გვიჭირდა ჩვენ და ჩვენს მეძავებს, მრავავალმხრივ გაჭირვებულებს ..
მგონი ეს ყველაფერი არ უნდა მეთქვა, რადგან რომ ვთქვი, გერტრუდა დაიბნა და რომ დაიბნა, დაიბნა სრულებით ანუ თავ–ფეხიანად და იკითხა:
– რა ვერ გავიგე იცი? მართლა მეძავობენ ქართველი მეძავები?
და მაშინ მე ვუთხარი მას და ამ პასუხმა მოუწია უკვე რიკოთს გადმოღმა:
_ წამოდი გერტრუდა, განახო ეს ხალხი, ვკითხოთ რა უჭირთ, რა უნდათ,მთლად ნუ გადაყრი მათ წყალში, შიდსი თუ არა აქვთ, იქნებ სიფილისი აქვთ, ან გონორეა, ან სურდო ან ჯანდაბა ...
წამოდი გერტრუდა, რადგან მე ამ საკითხში უცოდინარი და გაუნათლებელი ტუტუცი დავთანხმდი შენს გიდობას. დავთანხმდი, რადგან კარგად მიხდიან. ხომ ხედავ, ძირითადად ყველა თანხმდება, გააჩნია შეთავაზებას. და განა დათანხმებამდე მე არ გადავიტანე სირცხვილისა და უხერხულობის ხუთი წუთი: ვიცი კი მე საფუძვლები ქართული მეძავობის და თუნდაც სპეციფიური ინგლისური, ანუ ტექნიკურ–მეძავური? მაგრამ ნაბიჯი გადავდგი და ამიტომ––– წამოდი გერტრუდა, მე ვყოფილვარ შენი ბედისწერა!
და ჩვენ წავედით .. სასაზღვრო ჯარების ნაწილში. ეს გერტრუდამ მოიფიქრა. გილიოტინაზე თავდადებულისათვის რომ გეკითხათ: მითხარი კიდევ სად შევხვდებით მეძავებს? (იგულისხმება, რომ უკვე შევხვდით ქუჩაში, საუნაში, სამეზობლოში, სახლში და კარში) მითხარი და გაგიშვებთო, ვერ ვუპასუხებდი, და ვაღიარებ კიდეც, რომ ვარ მე ტუტუცი და თვითმარქივია მეძავთმცოდნე. ხოლო გერტრუდა იყო გამოცდილი და ესმოდა კარგად, რომ საზღვრებზე წყდება ბედი კაცობრიობის და უტევენ სწორედ საზღვრებს პირველ რიგში მტრები ხილულნი და უხილავნი და მეძავნიც ბუნებრივია. ხოლო განსხვავდება ეს საზღვრები ერთმანეთისაგან ფრიად: არის ზოგი კაცთა გონებაში, ზოგიც ერის გენეტიკაში, ზოგიც ემთხვევა საზღვრებს გეოგრაფიულს, ხოლო ჩვენ კი წავედით ...ვაზიანის სამხედრო ბაზაში, რადგან აქ წვრთნიდნენ სასაზღვრო ნაწილს ჩვენი ჯარისა და დაგვხდა იქ ჩვენ... ჰაოსი. არ დაიბნე ჩემო მკითხველო და არ დამწამო მერე უპატივცემულობა სასაზღვრე ჯარისა და შესაბამისად ჯაჯუშობა საზღვრისპირა მტრისა– ქაოსი კი არა, არამედ ჰაოსი, ძმა ქართლოსისა და მეთაურობდა იგი ამ სასაზღვრო ჯარის ნაწილს საზღვრიდან შორს, საქართველოს გულში. მიხვდებოდით, იყო ჰაოსი წარმოშობით სომეხი, ხოლო ოჯახი მისი ბიბლიის მცოდნე და ზედმიწევნით პატივისმცემელი. თავადაც იყო იგი კაცი შესანიშნავი და შემკული ყოველი სიკეთით, რის დადასტურებასაც იპოვნით სულ მალე, ხოლო ფლობდა იგი ენას ქართულს, როგორც საკუთარს, და თუ ჭარბობდა მასში კილოკავი ვაზიანური , დამნაშავე ამაში არ იყო ჰაოსი ნამდვილად.
ოჰ ღმერთო მაღალო, ამ ჩრდილოელ ქალთა უმანკო პირდაპირობა.. და დამეცა მე ეს პირდაპირობა პირდაპირ თავში, რადაგნ უნდა ვთარგმნო და ეს ყოველივე კი ასე ჟღერს:
_ ბევრი ბოზი გყავთ ნაწილში?
ვთარგმნე, და ჩემმა ხმამ მოკლებულმა უმანკო ჩრდილოულ პირდაპირობას, და უტიფარი მზის გამუდმებული ცქერით შეცვლილმა ჩემმა შუქჩრდილებმა, და ენამ ჩემმა ზენით გაჩენილმა და ახლა გზააცდენილმა, ჰაოსი გაყინა იქ სადაც იდგა, და იდგა იგი ფაქტიურად გეო–პოლიტიკურ–პათოგენური ზონის საზღვარზე, როგორ უკვე მოგახსენეთ.
_ ..ანუ სქესობრივი მუშაკი?
ჰაოსი არ გალღვა
_ ..ანუ ნაწილში კი არა, ნაწილთან მიმდებარედ?...
_ ..ანუ, როცა საზღვარზე ხართ ჯარისკაცებს ხომ უნდათ ქალები?..- მოვეშვი ცრუ მანჭვა-გრეხვას და მარტივად მივაწოდე კაცს დედააზრი.
და მივხვდი, რომ ჰაოსი გადარჩა, თან გადარჩა ომახიანად, მხოლოდ იმ მისიით, რომ დაეცვა ქართული ჯარისა და საზღვრის ღირსება.
_ აი ქალბატონო ჩვენი საზღვარი და განა ქალი მოიკიდებს აქ თავის სუსტ ფეხებს, რაც არუნდა ბოზი და ვიგინდარა იყოს იგი?!
და გააყოლა გერტრუდამ თვალი ჰაოსის ხელს, და დაინახა ოდნავ მტვერდადებული კავკასიონის თეთრი მწვერვალები- გოროზად აღმართულიყვნენ ისინი ჰაოსის კედლის ბარელიეფზე და თავისთვის გაიფიქრა :
_დიახ, აღარ გადის ეს საზღვარი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. დიახ, მჭიდროვდება ის მალი–მალ და მოიწევს შიგნით, მაგრამ არ დაინახო უსამრთლობაა, რომ ის, რაც ჯერ კიდევ არის, არის მშვენიერი და თან გახლავთ საიმედოდ დაცული როგორც ადგილობრივი, ასევე გადამთიელი მეძავებისგან.
....და არის ეს ჯარისკაცებში სიხარულისა თუ დარდის მომგვრელი, გერტრუდას ამაზე აღარ უფიქრია,რადგან ეს მისი კვლევის საგანი აღარ იყო. ომახიანი ინგლისურით კი აი რა თქვა:
-მაშ ჰომოსექსუალები გეყოლებათ ნაწილში ბევრი?...
ჯერ მე გავიყინე, ისე რომ ვერ ვთარგმნე, ჰაოსი ორი წუთით ჩამომრჩა, რადგან დედანში გააზრება გაუჭირდა, მაგრამ ტექნიკური ენის ხომ მოგეხსენებათ -ტერმინები პრაქტიკულად არ იცვლება. გალღობის რიგი კი საპირისპირო იყო:
–––თფუი ეშმაკს!!! ––– დაიგრგვინა ჰაოსმა, ქართლოსის ძმამ და გაგიკვირდებათ, ტექნიკური ტერმინი აღმოჩნდა ესეც.
.......ჩქარ– ჩქარი ნაბიჯებით წამოვედით და მომყვებოდა მზერა ჰაოსის გაგიჟებული:
_ შენც?...–––– მეუბნეობდა ეს მზერა და გერტრუდაზე უპირატესად საძულველი მე ვიყავ ვგრძნობდი, მე პრაქტიკულად ძმისშვილი მისი…
–––ჯარი დაცულია, ჯარი დაცულია!– იმეორებდა გერტურდა, თითქოს ყოფილიყო ეს ვიკინგთა ჯარი, რომელიც ამაგრებდა მისი ჩრდილოური ქვეყნის კარიბჭეს. იმეორებდა და იგძნობოდა როგორ შურდა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსი, რადგან ვიკინგებიდან მოყოლებული აქამომდე დაშლიგინებენ ბოზები მისი ქვეყნის საჯარო ნაწილებში და მათ მიმდებარედ და ვერავინ ამოძირკვა ეს თარეში. აქ კი ნახეთ რა ხდება – ეძახე ახლა ტერიტორია გეო–პათოგენური.
––მაგრამ მე მიხვდი, რომ თქვენ არ გიყვართ ჰომოსექსუალები!– უცებ გაბრაზდა გერტრუდა, ხომ უნდა ეპოვნა ბეწვი რაიმე ქართულ თვალებში? და რა იცოდა, რომ ჰაოსის თვალები არ ნიშნავს თვალებს ქართლოსისას.
–––მაგასთან მაიგივებ გერტრუდა?– გავყიდე ჩემი ბიძა დაუფიქრებლად, რადგან ღირსების საკითხი იყო ეს.
და განა არ ვიცოდი პასუხი ღირსი და შესაფერი წარმომავლობის?
–არავის საქმეში არ ვერევით ჩვენ გერტრუდა! და საერთოდ არავის საქმე არ არის გერტრუდა, ვის ქალი უყვარს, ვის კაცი, და ვის თუნდაც ბანანი!...... ეს ბანანი რაღა იყო ღმერთო! გამხსენებოდა მაგალითად ვაშლი და ფორთოხალი, რას იფიქრებს ახლა გერტრუდა? მაგრამ სიტყვა უკან ვეღარ დავაბრუნე და გერტრუდამაც, ამ უმანკო ჩრდილოელმა გერტრუდამ, ვისთვისაც ცნობილი იყო ქვეცნობიერის სიღრმეებიდან ამოსროლილი სიტყვების ფასი, გაიგო ნათქვამი ზუსტად ისე, როგორც შეეფრებოდა მის ერუდიციასა და გამოცდილებას. და თან იცით რა მოხდა? გაიგო და ეჭვიც შეეპარა ჩემს ჰალალმართლობაში, რადგან სხაპასხუპით ვიყავი მე და კიდევ ვსხაპასხუპობდი ერის სახელით. და არ უცხოვრია გერტრუდას არც საბჭოეთში, არც კიდევ რაიმე სხვა დიქტატორულ რეჟიმებში, მაგრამ გრძნობდა იგი ინტუიციით, რომ საზეიმოდ და სხაპასხუპით ერის სახელით ლაპარაკი უმეტესწილად ტყუილია. და რა გრჯის შე ოხერო, მიამატო, რომ ყველა კი არა, მე ვფიქრობ ასე და ყველა კი არა, მე ვარ ბედნიერი და ყველას კი არა, არამედ მე მიყვარს ჰომო, ბი, კვატრო და კვინტო სექსუალები.
_ მე ვიცი, ნამდვილად ვიცი, შენ რომ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო მაღალპროფესიონალ ჰომოსექსუალს სამუშაოდ არ აიყვანდი! (იცის გერტრუდამ რომ ექიმი ვარ, თან უბრალოდ ექიმი კი არა, არამედ მეძავთმცოდნე..)
ოჰ, გერტრუდა როგორ აგრევია რამსები კარგო! და არ შევედი მე მასთან პოლემიკაში, რადგან არ მეყო ნერვი და არც მქონდა დიდი სურვილი ამისი. ცოტა შემეცოდა კიდეც, როცა მიყვებოდა როგორ სულ ძალისძალით დაამეგობრა თავისი მცირეწლოვანი შვილი ერთსქესიან დედ–მამის შვილებთან და როგორ აერია რამსები მის შვილსაც, და როგორ დასჭირდა ფსიქოლოგი და როგორ უშველა და გადაარჩინა და გახდა ის ამის შემდეგ მსოფლიოს ღირსი მოქალაქე და მე კი არაჩემი ნებით გაჩენილი გეო–პოლიტიკურ– პათოგენურ ზონაში ცუდი გზით წავსულვარ და ღირსი ამისა კი არ ვჩანვარ, და მოვეგო ეგება და გონს......
––– აგიტატორი ხარ შენ გერტრუდა, მაგრამ არ მეზიზღები ხომ გრძნობ? რადგან შემწყნარებლი ვარ მე. შენ კი აგერია ერთმანეთში როგორც ჩანს ტოლერანტობა და აგიტატორობა. და თუ გაინტერესებს მინცდამაინც, მოგახსენებ, რომ ავიყვან ნებისმიერ მაღალპროფესიონალს განურჩევლად სქესისა, ასაკისა და რწმენისა, რადგან დეფიციტია დღეს გერტრურდა მაღალპროფესიონალისა ყველაგან, ყველა სფეროში, და არა აქვს ამას არანაირი კავშირი ჰომო და ჰეტეროსექსუალობასთან! არანარი სექსუალი არ არის მოწოდების სიმაღლეზე ამ ქვეყანაში დღეს! აი, ასე ბატონო!
არ დავუსვი ბეჭედი!? როგორი იყო ?! გერტრუდა დანებდა, დააფასა ჩემი ქართველობაცა და მაშასადამე ევროპელობაც, მყის ჩაიხედა წინასწარ გაწერილ განრიგში და მითხრა:
- ვიჩქაროთ, ჭირიმე, მინისტრებს ლოდინი არ უყვართ, კი მივხვდი თქვენს შემწყნარებლობას