ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიყვარულის მსუბუქი ფრთები

სიყვარულის მსუბუქი ფრთები

                         I

 

„იყო დრო, როდესაც შენზე ვოცნებობდი“. განუწყვეტლივ უტრიალებდა გონებაში ანდრეის ეს სიტყვები.

ცხოვრება არა უსამართლო, არამედ მოულოდნელობებით აღსავსეა. იგი ყველაფერს გვაძლევს, რასაც კი მოვისურვებთ, მაგრამ ისეთ დროს, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად მოველით და სრულიად შესაძლებელია ჩვენ სანუკვარ ოცნებას ისე ჩავუაროთ გვერდი, რომ ვერც კი შევამჩნიოთ, შემდეგ კი მუდამ იმაზე ვწუწუნებთ თუ რატომ არ მოგვცა ცხოვრებამ ის ერთი რამ, რაც რეალურად ჩვენგან ერთი ხელის გაწვდენაზე იყო და რაც სამწუხაროდ უკან მოვიტოვეთ ჩვენივე უყურადღებობით.

გოგონა, რომელიც იმ დროიდან გიყვარდათ, რომელსაც ვეღარც კი იხსენებთ და მხოლოდ მისდამი სიყვარულია ერთადერთი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ საერთოდაც იყო ოდესღაც ასეთი დრო. არაფერში ხართ იმაზე მეტად დარწმუნებული, რომ მთელი თქვენი არსებით გიყვართ ეს ღვთაებრივი ქმნილება. ღვთაებრივი თქვენთვის, რა თქმა უნდა, თორემ ისიც ერთი უბრალო ადამიანია ყოველივე სხვისათვის, მაგრამ არა თქვენთვის და საინტერესოა თუ რატომ? ნუთუ სამოთხე მართლაც არსებობს?! – სიყვარულით გაბრუებული ეკითხებით საკუთარ თავს და პასუხსაც თავადვე სცემთ, რადგან ეს ხომ ისედაც ნათელია, თორემ სხვაგვარად, როგორაა აბა შესაძლებელი ასეთი იდეალური არსება დაბადებულიყო ამ ბნელით მოცულ და ნაკლოვანებებით სავსე ადგილას, რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ, თუმცა ამ ყველაფერზე, რაღაც დროის განმავლობაში ფიქრის შემდეგ ვხვდებით, რომ დედამიწა ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს და ვხვდებით ასევე იმას, რომ თავისებურადაა იდეალური. იგი სრულყოფილია, რადგან სრულყოფილება სიყვარულთან თანაარსებობს, სიყვარული კი ნამდვილია და დედამიწა სიყვარულითაა სავსე, უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს დავინახოთ. იმიტომ ვცოცხლობთ, რომ შევიყვაროთ და შეგვიყვარონ, სულ ესაა. სამოთხე მართლაც არსებობს და მისი ძებნა აღარაა საჭირო, ჩვენ უკვე იქ ვართ. ზუსტად ესაა სიყვარული, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის წყალობით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ცხოვრება არც ისე ცუდია და ესაა ადამიანური შესაძლებლობების მაქსიმუმი. ადამიანები საკუთარ თავებს სათანადოდ არ ვაფასებთ, რადგან გვგონია, რომ არც ისე განვითარებული ცივილიზაცია ვართ და ვფიქრობთ, იმისათვის, რომ საპირისპირო დავუმტკიცოთ საკუთარ თავებს საჭიროა მივწვდეთ ყველაზე შორეულ ვარსკვლავებს, რომლებიც იმდენად შორეულნი არიან რომ მათი დანახვაც კი შეუძლებელია ჩვენი ადამიანური თვალისათვის, თუმცა ვერ ვაანალიზებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, რაც არის ის, რომ კაცობრიობამ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც თავის მაქსიმუმს მიაღწია და აღმოაჩინა ყველაზე დიდებული, რამ რაც კი შეიძლებოდა აღმოეჩინა და რაც ბევრად დიდი და ძლიერია ყოველ მისტიკურ ციურ სხეულზე, ყოველ ასტეროიდსა თუ ატომურ ბომბზე და ეს სიყვარულია. მხოლოდ სიყვარულს ძალუძს გასცდეს ყველანაირ ფარგლებს, გადალახოს ყოველგვარი ბარიერი და შეეწინაღმდეგოს ისეთ ძლევამოსილ ძალებს, როგორებიც დრო და მაძნძილი არიან. სიყვარულმა ადამიანს გადაალახვინა ალბათ ამქვეყნად ყველაზე საშიში რამის - სიკვდილის შიშიც კი და ამით თვალუწვდენელ სიმაღლემდე აღამაღლა იგი. შეყვარებული ადამიანი ყველაფერზე მაღლა დგას, ხოლო, რაც უფრო მაღლა ვართ დაცემაც უფრო მტკივნეულია.

„ჩემი ერდათერთი ოცნება იყავი“. ანდრეის შავ პიჯაკზე სულ პატარა, ოდნავ მხურვალე, თუმცა სრულიად უვნებელი ცრემლის წვეთი დაეცა, რომელმაც ჯერ მისი სიცივისგან გაწითლებული ლოყა გამოიარა და შვების მომგვრელი სითბო აგრძნობინა მთელ სხეულში, რაც წესით შეუძლებელი უნდა ყოფილიყო ისეთი პატარა და უძლური რაიმესათვის, როგორიც ადამიანის თვალიდან წამოსული ცრემლია, თუმცა სწორედ ეს პატარა, ერთი შეხედვით უვნებელი წყლის წვეთია, რომელსაც შეუძლია ადამიანის გულს მწველი სითბო განაცდევინოს და ფერფლად აქციოს იგი.

           რა თქმა უნდა, სიყვარული სხვადასხვა სახის არსებობს. ყოველშემთხვევაში, ამას ამბობენ დღევანდელი მეცნიერები, რომლებიც შეისწავლიან იმ ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც მაშინ მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში, როდესაც იგი შოკოლადს ჭამს და მისი ორგანიზმი სეროტონინის რაღაც დოზას გამოყოფს. მათ, რომ ჰკითხოთ დარწმუნებული ვარ ზუსტ რიცხვსაც კი გეტყვიან. ზოგი გეტყვით ოთხი სხვადასხვა სახის სიყვარული არსებობსო, ზოგი გეტყვით რვაო, ზოგი თორმეტიო და ასე შემდეგ. ზოგი მეცნიერი საერთოდაც არ აღიარებს სიყვარულის არსებობას და იმ გრძნობას, რომელსაც ჩვენ უბრალო მოკვდავები სიყვარულს ვუწოდებთ ისინი მრავალგვარი გაუგებარი ბიოლოგიური თუ ქიმიური ტერმინებით ახსნიან, თუმცა ფაქტი ისაა, რომ სიყვარული იქნება ამ ქვეყნად ერთადერთი რამ, რასაც მეცნიერება ბოლომდე ვერასდროს ჩასწვდება და კაცობრიობას ზუსტად ვერასოდეს ეცოდინება თუ რა არის სიყვარული, მაგრამ ვფიქრობ, არაა საჭირო ამაზე ნერვიულობა, რადგან ყველას ვისაც ოდესმე ჰყვარებია იცის, რომ სიყვარული გრძნობაა, რომელიც გამოიხატება თავისთავად და არა ტერმინი, რომელსაც თავისი ახსნა აქვს და მეცნიერული ენით გადმოგვცემს მისი ცნების მთავარ აზრს. სიყვარული ადამიანის თვალებში ამოიკითხება და არა მის საუბარში. ვისაც ჩაუხედავს საკუთარი დედის სიყვარულით აღსავსე თვალებში, რომლებიც შემოგვცქერიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის თავს გაწირავენ იცის ეს რა გრძნობაცაა, ხოლო კიდევ უფრო განსხვავებული გრძნობაა, როდესაც საკუთარ ძმას უყურებ თვალებში და გრძნობ, რომ მზად ხარ მისთვის მოკვდე, თუმცა არ იცი ეს როგორ უთხრა მას, არ იცი როგორ დაანახო, მაგრამ ზუსტად იცი, რომ მის გამო ყველაფერს გააკეთებ, რადგან იგი შენი სულის ნაწილია და არავის მისცემ უფლებას ზიანი მიაყენოს მას. ნუთუ აუცილებელია ბოლომდე ვწვდებოდეთ არსს და ყველაფერი გვესმოდეს ისეთი კარგი რამისა, როგორიც სიყვარულია, რომ შევძლოთ მისით ტკბობა? ნუთუ რაიმე კატასტროფაა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანს გონება გაუნათდეს ამგვარ საკითხებში? ნუთუ არაა შესაძლებელი, რომ მანამდე დავაფასოთ ჩვენი საყვარელი ადამიანები და ვაგრძნობინოთ თუ რამდენად ძვირფასები არიან ჩვენთვის, ვიდრე დავკარგავდეთ მათ? ადამიანები ამაზე უკეთესნი არიან და ეს უნდა დავიჯეროთ. საკმარისია პატარა რწმენა ვიქონიოთ მათში და ისინი მიაღწევენ უზარმაზარ მწვერვალებს.

           ადამიანი, რომელიც ცხოვრებას შედარებით ბნელ ფერებში ხედავს და მისგან არც ისე დიდ სიამოვნებას იღებს საკუთარ თავს რეალისტს უწოდებს და ვერც კი წარმოუდგენია თუ მასზე ჭკვიანი ამქვეყნად ვინმე შეიძლება დაიარებოდეს, ხოლო, ასეთ ადამიანებს საზოგადოება კი პესიმისტებს უწოდებს. განურჩევლად, ყოველ ადამიანს დაბადებისთანავე ეძლევა ყველაზე დიდებული საჩუქარი, რაც შესაძლებელია იქონიოს და ესაა ნიჭი სიყვარულისა. ამ შემთხვევაში გამონაკლისები არ არსებობს და ეს ნიჭი აბსოლუტურად ყველასათვის ერთნაირადაა ნაბოძები, თუმცა ზოგი ცდილობს უბრალოდ არ დაინახოს ეს, ხოლო ზოგი კი რაღაც გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს ამის გაანალიზებას.

           მარტივი არაა უპირობოდ გიყვარდეს, თუმცა ყოველი ადამიანის დაუძლეველი სურვილია, რომ თავისუფალი იყოს და უნდა იყოს კიდეც, თავისუფლება კი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულშია. ადამიანს, რომელსაც უყვარს ცხოვრება, შესაბამისად უნდა უყვარდეს ყოველივე მასში შემავალი: ყოველი ფოთოლი, ყოველი ხე, ყოველი ქვიშის მარცვალი, ყოველი ცხოველი თუ მწერი და ყოველი ადამიანი. „გიყვარდეს მტერი შენი“, „გიყვარდეს მეზობელი შენი“, „გიყვარდეს ყველა და ყველაფერი“. დიდებული ადამიანების ამ ცნობილ ფრაზებს არასდროს ჰქონიათ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა და მათ ყოველთვის ერთ დიდ უაზრობად მივიჩნევდი, მაგრამ ახლა, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება შეიცვალა, მინდა გიამბოთ სულისშემძვრელი ამბავი დიდებული ადამიანისა, რომელსაც არაამქვეყნიურად უყვარდა ერთი გოგონა და გოგონასაც ასევე უყვარდა იგი, თუმცა მარადიული ბედნიერების ვარსკვლავმა მათ თავს ზემოთ არ გაანათა.

 

                                                                       * * *

 

           სუსხიანი ზამთრის ყველაზე ცივ საღამოს ანდრეი ტაბიძე მარტოდმარტო იჯდა ტბის პირას, სადაც ანასთან ერთად დადიოდა ხოლმე და ცდილობდა გაეხსენებინა ყოველი წუთი, რომელიც მათ ამ ადგილას ერთად გაეტარებინათ. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა და რა თბილადაც არ უნდა ჩაგეცვათ, ან რომელი სხვა ხერხითაც არ უნდა გეცადათ გამთბარიყავით მაინც ვერ მიაღწევდით საწადელს. პირიქით, შესაძლებელი იყო კბილები სერიოზულადაც კი დაგეზიანებინათ სიცივისგან გამოწვეული კანკალით, ასე რომ ასეთ დროს ანდრეის გარდა ამ ადგილას ვერავის ნახავდით, ხოლო ანდრეი კი სრულიად უმოძრაოდ იჯდა. არც ისე თბილი ქურთუკი ნიკაპამდე ჰქონდა შეკრული და მიბჯენილი სახეზე, ხელები კი ჯიბეებში ჩაელაგებინა და არაფერი ეტყობოდა იმისა თუ ოდნავადაც კი გრძნობდა სიცივეს. არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ საერთოდ გრძნობდა რაიმეს, მაგრამ იგი გრძნობდა და თანაც ძალიან ძლიერად. გრძნობდა თუ რაოდენ ძლიერ უყვარდა ანა და გრძნობდა მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ისე, როგორც არასდროს. ამჟამად ტკივილი იმაზე ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე იმ დღეს, როდესაც უშუალოდ განიცადა ეს ყველაფერი. ადამიანი ყველაზე სახიფათოა, როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე ყოველივე სხვისათვის მაშინ, როდესაც იგი საკუთარ თავთან და საკუთარ ფიქრებთან მარტო რჩება, რადგან ამ დროს მის გონებას შეუძლია ყველაზე ბნელ ადგილებს ისე მისწვდეს, რომ ვერც კი გაანალიზოს. ანდრეი კი იმდენად ღრმად იყო ჩაძირული საკუთარ ფიქრებში, რომ მის გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა, ვეღარაფერს გრძნობდა. ფიქრობდა ცხოვრებაზე, რომელიც შეიძლებოდა ანასთან ერთად ჰქონოდა და ფიქრობდა ცხოვრებაზე, რომლის გატარებაც მის გარეშე მოუწევდა.

           ხშირად ფიქრობდა ანდრეი ანაზე და საერთოდ არ ცდილობდა იმას, რომ როგორმე დაევიწყებინა ის ტკივილი, რომლის გადატანაც სულ ცოტახნის წინ მოუწია, რადგან ეშინოდა, რომ თუ კი ამას იზამდა, მაშინ მოუწევდა დაევიწყებინა ანაც. ეს ტკივილიც ხომ მისი ნაწილი იყო, ანდრეი კი ჯერ მზად არ იყო მის გასაშვებად. იგი ამ ტბასთან მოდიოდა, რადგან მისი მეხსიერება აქ ყოფნისას ერთი ორად ძლიერდებოდა. მრავალი ბედნიერი მოგონება აკავშირებს ამ ადგილთან, რომლებიც ანასთან გაიზიარა. უყვარდა სიჩუმე და სუფთა წყლის სუნი, უყვარდა გარშემო ხეებზე მყოფი ჩიტების ჭიკჭიკის ხმა, რომელიც ზოგჯერ არსაიდან ჩაესმოდა. როდესაც აქ ორივე ერთად იყვნენ ხოლმე, ანა ყოველთვის ამბობდა, რომ ჩიტებს მათთვის რაღაცის თქმა სურდათ და ყურადღებით უნდა მოესმინათ, ასე რომ ორივენი გაჩუმდებოდნენ და უსმენდნენ. არცერთს არასდროს უთქვამს ერთი მეორესთვის, თუმცა ჩიტების მომაჯადოებელ გალობაზე უფრო სასიამოვნოდ მათ ყურებს ერთმანეთის გულის ცემის ხმა ხვდებოდა და მათ მართლაც ესმოდათ ეს ხმა.

           ანდრეი ამჟამად ცდილობდა გაეხსენებინა ის დრო, როდესაც ბოლოს იყო ამ ადგილას ანასთან ერთად. დაახლოებით ოთხი თვის წინ, მანამ სანამ ანას მდგომარეობა გაუარესდებოდა და საავადმყოფოში დაწოლა მოუწევდა, აქ იყო მასთან ერთად. სწორედ ამ ადგილას უთხრა, რომ ყოველთვის უყვარდა, უთხრა, რომ, როდესაც პირველად დაინახა მისთვის გულში ჩაილაპარაკა სიტყვები: „მე შემიყვარდება ეს გოგო“, და მხოლოდ ერთი კვირა გასულიყო, რომ უკვე თავდავიწყებით იყო მასზე შეყვარებული, მაგრამ ამის შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს. საკუთარ გრძნობებს მუდამ გულში ღრმად ინახავდა და შორიდან შეჰყურებდა ანგელოზს, რომელიც მისი უნდა გამხდარიყო. ანდრეი ფიქრობდა, რომ ვერ გადაიტანდა თუ კი ანა მის გრძნობებს იგივეთი არ უპასუხებდა და გათელავდა მათ. იმდენად ეშინოდა, რომ ვერაფრით გაბედა რაიმე ეთქვა მისთვის ექვსი წლის მანძილზე. ცოტა რამ თუ იცოდა ანდრეიმ იმის შესახებ, რომ ანაც მთელი ამ დროის განმავლობაში იგივეს განიცდიდა.

 

                                                                       II

 

           მცხუნვარე ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს მზე არც ისე ნათლად ანათებდა და მთელმა თბილისმა შეძლო შვებით ამოესუნთქა. უკვე ორი სრული კვირა გადიოდა, რაც წვიმის წვეთი არ გაჰკარებოდა მიწას და ჰაერშიც სულშემხუთავი სითბო და მტვერი იგრძნობოდა, თუმცა ყველა ცხოვრებას აგრძელებდა იმ იმედით, რომ მშვენიერი შემოდგომის დადგომასთან ერთად შვებისმომგვრელ სიგრილესაც შეიგრძნობდნენ. შემოდგომა კი შორს სულაც აღარ იყო და შეიძლება ითქვას კიდეც, რომ უკვე ჩვენს კართან იდგა და უბრალოდ ელოდებოდა თუ როდის შემოვუშვებდით. ეს იყო 31 აგვისტო, ზაფხულის ბოლო დღე, ძველი ცხოვრების დასასრული და რაღაც ახლის, იმედისმომცემის დასაწყისი. სულ რაღაც ერთ დღეში შეიცვლებოდა ყველაფერი. ადამიანთა სახეები უფრო სიცოცხლით სავსე ფერს მიიღებდნენ, რასაც ვერ ვიტყვით ფოთლებზე, რომლებიც მართალია თავისებურად ლამაზდებიან, რადგან განსხვავებულ ფერებში შეიქმნებიან, თუმცა საბოლოოდ მაინც უფერულდებიან და მიწაზე აღმოჩნდებიან. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს დასასრულია, თუმცა ასევე შესაძლებელია ამ სიტუაციას შევხედოთ, როგორც, რაიმე ახლისა და უმშვენიერესის დასაწყისს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამავე ფოთლების დაცარიელებულ ადგილას სულ ცოტახანში კვლავ ვიხილავთ ზუსტად ისეთივე სილამაზეს, როგორსაც მივტიროდით.

           შემოდგომა კარს მომდგარიყო და ახალ დასაწყისს გვპირდებოდა, თუმცა რეალურად ბევრი არაფერი იცვლებოდა. ღარიბი კვლავ ღარიბი იყო, სნეული კი კვლავ სნეული.

           უზარმაზარი საავადმყოფოს მანქანებით გადავსებულ ეზოში, ერთადერთი მუხის ქვეშ, ერთადერთ სკამზე იჯდა ანდრეი და ანას ელოდებოდა. როდესაც აქ მოდიოდა ანდრეი ფიქრობდა, რომ მისი მოულოდნელი სტუმრობა სასიხარულო სიურპრიზი იქნებოდა ანასთვის, მაგრამ თითქოს ანას გულმა უგრძნოვო და ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ანდრეიმ საავადმყოფოს ეზოს ტერიტორიაზე შეაბიჯა ანამ დაურეკა.

           – ფანჯრიდან დამინახე, ხომ ასეა? – ბედნიერებისგან იღიმოდა ანდრეი. მთელი დილა წამებს ითვლიდა, სანამ ანას ხმას ისევ მოისმენდა.

           – ცდები, ანდრეი ტაბიძე. – იღიმოდა ანაც.

           – მაშინ, ალბათ გახსოვდა, რომ დღეს დასვენების დღე მქონდა და იცოდი, რომ მოვიდოდი.

  – გეფიცები, წარმოდგენა არ მქონდა, რომ მოდიოდი. უბრალოდ შენი ხმის გაგონება მომინდა და დაგირეკე.

           ანდრეის გული უთბებოდა, როდესაც ამ სიტყვებს ისმენდა, თუმცა ამასთანავე არ შეეძლო არ შეემჩნია დაღლილობა და ტკივილი ანას ხმაში, ასე რომ მას არ შეეძლო გულწრფელად ყოფილიყო გახარებული.

           – ახლავე ამოვალ. – მხოლოდ ეს თქვა ანდრეიმ ოდნავ მიჩუმებული ხმით.

           – არა, მანდ იყავი და დამელოდე, – უთხრა ანამ. – სუფთა ჰაერზე მინდა გამოსვლა.

           – როგორც ინებებთ, ჩემო ქალბატონო. – ანდრეის გონებაში ამ დროს უამრავმა აზრმა ერთდროულად გაიელვა. არ უნდოდა ანა ქვემოთ ჩამოსვლით გადაღლილიყო და უნდოდა ეთქვა თავად ამოვალ, არ მინდა დაიღალოვო, მაგრამ იცოდა, რომ ამის თქმას აზრი არ ჰქონდა, რადგან თუ კი ანა რაიმეს გადაწყვეტდა, ვეღარაფერს გადააფიქრებინებდა. ასე რომ არც უცდია.

           – ამ ოთახში ფანჯარაც კი არ იღება. – უკმაყოფილოდ წარმოთქვა ანამ. – კარგი, ახლავე წამოვალ.

           – არ იჩქარო, – ანდრეის სახეზე სევდანარევი ღიმილი გამოესახა. – მე აქ ვარ.

           ანდრეი იმ ერთადერთი ხის სკამისკენ გაემართა, რომელსაც საკმაოდ მოხუცი მუხა გადმოჰყურებდა და მზის სხივებისგან იფარავდა. არც ისე ცხელოდა, თუმცა მაინც ძალიან ესიამოვნა ჩრდილქვეშ ყოფნა. რაც თავი ახსოვს, მზის სხივები მუდამ უსიამოვნოდ ხვდებოდნენ მის თვალებს. შავი სათვალე მოიხსნა და იმის ნაცვლად, რომ პერანგის საყელოზე ჩამოეკიდა, გვერდით გადადო სკამზე იმდენად მოშორებით, რომ ანას თავისუფლად შეძლებოდა დაჯდომა. უეცრად ანდრეის გულმა ძალიან სწრაფად დაიწყო ფეთქვა. თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა მისთვის, მაგრამ ანდრეიმ არა თუ პასუხის ღირსად არ ჩათვალა, არამედ ყურიც კი არ ათხოვა სულ ერთი წამითაც კი. ჩათვალა, რომ ეს უბრალოდ მოუთმენლობა იყო გულისა, რადგან უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც მის თვალებს ანა არ ეხილათ, რომლის ყურებითაც ალბათ ვერასდროს დაკმაყოფილდებოდნენ და არასდროს ისურვებდნენ მასთან განშორებას, რადგან იგი ყველაზე მშვენიერი ნახატისავით იყო, რომელსაც შეგიძლია რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად უყურებდე და გრძნობდე, რომ მშვიდად ხარ. გრძნობდე, რომ შენი სული, თუ კი საერთოდ არსებობს ამგვარი რამ, მშვიდადაა. გამომდინარე აქედან ანდრეი ფიქრობდა, რომ მხოლოდ მაშინ შეძლებდა სიმშვიდის პოვნას, როდესაც მისი თვალები ანასას შეხვდებოდნენ.

           ანას ვარდები უყვარდა. უყვარდა მათი წითელი მშვენება. უყვარდა მათი მომაჯადოებელი, ძლივს შესაგრძნობი სურნელება, თუმცა არ უყვარდა ყვავილების თაიგულები. შესაძლოა ითქვას, რომ არცერთი სხვა ყვავილი უნდოდა ოდესმე ვარდის გარდა და ანდრეისაც ამჟამად ერთადერთი ვარდი ეჭირა ხელში, რომელსაც ერთი სული ჰქონდა თუ როდის გადასცემდა ანას, რათა მის თვალებში ამ პატარა რამით გამოწვეული პატარა სიხარული დაენახა. ანდრეიმ იცოდა იმ დროს ანა, რასაც ეტყოდა, როდესაც ამ ყვავილს გადასცემდა, რადგან ეს არ გახლდათ უბრალოდ ყვავილი. ყოველ ჯერზე, როდესაც კი ერთ პატარა ყვავილს უძღვნიდა ანდრეი ანას, უბოძებდა თავის გულის რაღაც ნაწილსაც და ანაც სიხარულით იღებდა ამ საჩუქარს.

           დაახლოებით სამი წუთი გასულიყო ტელეფონზე საუბრის შემდეგ. ანდრეი ნერვიულად ათამაშებდა მარჯვენა ფეხს. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა ანას და თანაც უკვე ნერვიულობასაც იწყებდა იმის გამო, რომ იგი ამდენ ხანს არ გამოჩენილიყო. გააზრებასაც კი ვერ ასწრებდა ისე წარმოუდგებოდა ხოლმე მისი სახე გონებაში. სხვაზე საერთოდ არაფერზე შეეძლო ფიქრი. ანდრეი წამოდგა, რადგან არაღ შეეძლო ერთ ადგილას, გაუნძრევლად ჯდომა და გონებაშიც ათასი აზრი უტრიალებდა, რომლებსაც თავი უკვე ძალიან აეტკივებინათ მისთვის. ყოველივე ამისდა გამო გადაწყვიტა თავად ასულიყო ზევით, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ზუსტად ამ მომენტში ანაც გამოჩნდა. ანდრეიმ დაინახა მისი სიყვარული და ადგილზევე გაიყინა. მოეჩვენა, თითქოს უეცრად, არსაიდან ყველაზე შავი ღრუბელი გადმოჰფენოდა იქაურობას და ერთი წუთის წინ ცაზე ნაზად მოლივლივე, მოთეთრო ღრუბლები, რომლებშიც რაღაც იმედის ნაპერწკალი მაინც იყო, ძალიან შორს გაეფანტა. ყველაფერს ბნელი მოჰფენოდა, როდესაც ანდრეი უყურებდა თუ როგორ მოჰყავდა ექთანს სამედიცინო ეტლით ერთ დროს ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ბრწყინვალე გოგონა, რომელიც მუდამ ბედნიერების ჯადოსნურ მტვერს აფრქვევდა გარშემო მყოფთ მხოლოდ და მხოლოდ მისი არსებობითა და ახლოს ყოფნით და ყველას, განსაკუთრებით კი ანდრეის მუდამ იმედს უსახავდა და გაუაზრებლად შთააგონებდა, რომ ცხოვრება ჰყვარებოდა, ისე რომ არც კი ცდილობდა და არც კი იცოდა თუ ამას აკეთებდა, მაგრამ იგი ანდრეის ცხოვრებას ერთი ორად საინტერესოს ხდიდა და ხალისი შემოჰქონდა მასში, ისევე როგორც ყველას ცხოვრებაში ვისთანაც კი რაიმე სახის ურთიერთობა გააჩნდა.

არაერთხელ უნახავს ანდრეის თუ როგორ მისულა ანა ქუჩაში სულ მარტოდ მყოფ ბავშვებთან, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ და როგორ თბილად ჩაჰხუტებია მათ, როგორ უთქვამს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და უკოცნია მათთვის მიუხედავად იმისა თუ რამდენად ჭუჭყიანები იყვნენ ისინი და მიუხედავად იმისა თუ როგორი შემაწუხებელი სუნიც არ უნდა ჰქონოდათ მათ. ანდრეის კარგად ახსოვს, როდესაც ერთხელ ანამ ქუჩაში, სიცივეში მყოფ ქალბატონს მთელი ფული მისცა, რაც კი თან ჰქონდათ და შემდეგ სახლში დასაბრუნებლად საკმაოდ დიდი გზის გავლა ფეხით მოუწიათ, ასეთ სიცივეში და როდესაც ანდრეი ამაზე წუწუნებდა ანამ უთხრა, რომ მადლობელი ყოფილიყო იმისათვის, რომ ჰქონდა ადგილი, სადაც მისვლასა და თბილ ლოგინში დაძინებას შეძლებდა. ანდრეი, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ ანა მართალი იყო და მან გაითვალისწინა მისი ნათქვამი, თუმცა ეს უშუალოდ მის სიტყვებს არ გამოუწვევიათ. უფრო მეტად ეს მისი ღიმილის დამსახურება გახლდათ, რომელიც ამ სიტყვების წარმოთქმისას გამოესახა ანას სახეზე. ანდრეი მიხვდა, რომ იმ მომენტში ანას გონებაში იმ მოხუცი ქალის სახე წარმოუდგა და ანას მშვენიერ სახეზე ამიტომაც გამოესახა ბედნიერების გამომხატველი ღიმილი, თუმცა იგი ბედნიერი იყო არა იმიტომ, რომ სიკეთის გაკეთების შემდგომ კმაყოფილებასა და საკუთარი თავისადმი გაძლიერებულ სიყვარულს განიცდიდა, არამედ იმიტომ, რომ ის ქალბატონი, რომელსაც მასზე ბევრად უფრო უჭირდა დღეს შეძლებდა თბილი პური შეეჭამა და ვინ იცის იქნებ შვილები, ან შვილიშვილებიც კი ჰყოლოდა მშიერი, რომელთა გამოკვებასაც შეძლებდა. სულ ეს იყო ანას ბედნიერებისა და დანაღვლიანების მიზეზი.

ანდრეი ვერ მოძრაობდა, ვეღარ ხედავდა, აღარ ესმოდა და აღარ სუნთქვადა. ძლივსძლივობით შეძლო ყელზე ხელი მოესვა, რათა ცივი ოფლი მოეწმინდა, რომელმაც უეცრად დაასხა. პირველად ჰხედავდა ანას ეტლში მყოფს და აღარ იცოდა რა ეფიქრა. გონებაში ერთი აზრი მეორეს მისდევდა ელვის სისწრაფით. შიშმა მოიცვა მთელი მისი არსება და მთელ სხეულში იგრძნო, რაღაც აუხსნელი და აუტანელი, გამყინავი და ამავდროულად მწველი მხურვალების მომგვრელი გრძნობა. ძლივს იკავებდა თავს, რომ თვალზე ცრემლი არ მოსდგომოდა, რადგან ვერ დაუშვებდა, რომ ანას ამ მდგომარეობაში ენახა. იგი მუდამ ძლიერი უნდა ყოფილიყო მისთვის. ყოველშემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა.

– ცუდად ხომ არ ხარ საყვარელო? – ჰკითხა ანამ ანდრეის, როდესაც ექთანმა მასთან მიიყვანა, თავად კი სიტყვის უთქმელად გაბრუნდა და წავიდა. ანდრეი დააფიქრა ექთნის პირქუშმა გამომეტყველებამ, როდესაც სულ ერთი წამით მოჰკრა თვალი მას.

ირონია მარტივად შეინიშნებოდა ანას დასმულ ამ კითხვაში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ლოგიკურიცაა, რომ ამგვარი კითხვა გაუჩნდა, რადგან ანდრეი მართლაც არ გამოიყურებოდა კარგად. რა თქმა უნდა, ანამ იცოდა თუ რა რეაქციაც ექნებოდა ანდრეის, როდესაც მას ასეთ მდგომარეობაში ნახავდა, თუმცა იცოდა ისიც, რაც შემდეგ მოხდებოდა, რადგან იგი ძალიან კარგად იცნობდა მას.

თავზარდაცემულმა ანდრეიმ კი საბოლოოდ შეძლო საკუთარი თავი ხელში აეყვანა და საკუთარ შიშებზე მაღლა დამდგარიყო, როგორც იქცეოდა ხოლმე ყოველთვის, როდესაც ამას საჭიროდ თვლიდა. მხოლოდ ანასთვის, მხოლოდ მისთვის. არ იცოდა რა გაეკეთებინა, რა ეთქვა, თუმცა მისმა სხეულმა მის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება და ცალ მუხლზე დაიჩოქა. მისმა მარჯვენა ხელმა ანას მარცხენა ხელი ფრთხილად აიღო და ეამბორა. ეს იყო კოცნა, იმდენად ნაზი და წმინდა გრძნობით აღვსილი, რამდენადაც შესაძლებელია და ამას ადამიანის ენა უბრალოდ ვერ გადმოსცემს. ვერა ღირსეულად. ანდრეიმ სცადა მთელი მისი სიყვარული ამ ერთ კოცნაში ჩაექსოვა და როდესაც მისი ტუჩები ანას სათუთ ხელს ნაზად შეეხო, ანამ იმ მაგიურ წამს შეძლო შეეგრძნო ყოველივე ის, რასაც გრძნობდა ანდრეი. მოზღვავებულმა გრძნობებმა აიძულეს ანა, რომ არაამქვეყნიური სიამოვნების განცდისაგან დაეხუჭა თვალები, რათა ბოლომდე დამტკბარიყო ამ დაუვიწყარი, ყოვლად განუმეორებელი მომენტით და სწორედ ამ მომენტში იგრძნო მან კიდევ, რაღაც სხვა, რაღაც მისთვის უცნაური, რაღაც ისეთი, რაც აქამდე არასდროს განუცდია და ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე სხვა თუ არა სიმშვიდე. სულიერი სიმშვიდის სანუკვარმა შეგრძნებამ ანას დააძლევინა ყოველგვარი შიში, თუნდაც სულ რამდენიმე წამით და იგი ამ მომენტში უზომოდ მადლიერი იყო. მადლიერი იყო გრძნობისა, რომელსაც განიცდიდა და მადლობელი იყო ადამიანისა, რომელმაც ეს გრძნობა მოჰგვარა, მადლობელი იყო ასევე იმისდა გამოც, რომ შეეძლო ჰყვარებოდა და არასოდეს ყოფილა ამაში იმაზე მეტად დარწმუნებული ვიდრე ახლა. გრძნობდა თუ რაოდენ ძლიერ უყვარდა ანდრეის და გრძნობდა, რომ უბრალოდ განუზომლად უყვარდა მასაც ის.

           – უმშვენიერესი ხარ. – ძალიან ნელა უთხრა ანდრეიმ. ხმა იმდენად ოდნავ უთრთოდა, რომ თითქმის შეუძლებელი იყო შეგემჩნიათ, თუმცა ანას, რა თქმა უნდა, ეს არ გამოჰპარვია.

           ანდრეის კვლავ ეჭირა ანას ხელი და ვერაფრით ახერხებდა გაშვებას. ფიქრობდა, რომ ასე მისი სიტყვები, როგორღაც უფრო მეტ ძალას შეიძენდნენ. სიყვარულმა ათქმევინა ანდრეის უმშვენიერესი ხარო ანასთვის და ამავეთი გაბრუებელი ვერც კი ხვდებოდა, რომ იტყუებოდა. ანდაც როგორ შეეძლო მიეღო ის ფაქტი, რომ იტყუებოდა და ის, რაც რამდენიმე წამის წინ თქვა უკვე დიდი ხანი იყო, რაც სიმართლეს აღარ შეესაბამებოდა. მისთვის ანა მუდამ მშვენიერი იყო და ამ ფაქტს ვერასდროს ვერაფერი შეცვლიდა, რადგან ის, რაც ანდრეის მასში უყვარდა მისი სული იყო. მისი მშვენიერი სული, რომელიც ვერასდროს დაკარგავდა თავის მშვენიერებას ისე, როგორც სამწუხაროდ მისმა ხორციელმა სხეულმა დაკარგა.

           ანა, როგორც საკმარისად ჭკვიანი ადამიანი იმის მისახვედრად, რომ საკუთარი გარეგნული სილამაზე დიდი ხანი იყო, რაც მის უკან დარჩენილიყო ხვდებოდა ასევე იმასაც, რომ მას ვეღარც ვეღარასდროს დაიბრუნებდა. ყოველშემთხვევაში, უკვე აღარ სჯეროდა ამის და არ უნდოდა ფუჭი იმედებით დაემძიმებინა საკუთარი თავი, რომლებიც ბოლოს არსად მიიყვანდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მუდამ პოზიტიური და ცხოვრებისათვის იმედით შემყურე ანა საბოლოოდ დაცემულიყო. მისი რეალური მშვენიერება ისევ მასში გახლდათ. იმედი ბოლომდე არასდროს დაუკარგავს და კვლავ ცდილობდა სიამოვნების მიღებას ყოველი პატარა დეტალისაგან, სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდა.

           – ეს ჩემთვის ხომ არაა? – უთხრა ანამ ანდრეის და მიუთითა ვარდზე, რომელიც კვლავ ხელში ეჭირა.

           – რა თქმა უნდა, შენთვისაა. – იყო ანდრეის პასუხი, შემდეგ კი ძალიან ნელა გაუწოდა ყვავილი ანას, რომელმაც სიხარულით მიიღო ეს საჩუქარი და გულში ნაზად ჩაიკრა ორივე ხელით, ისე, რომ მისი ფურცლებისათვის ზიანი არ მიეყენებინა, მას შემდეგ, რაც მათი სურნელი შეიგრძნო.

           – დიდი მადლობა, ანდრეი. – უთხრა ანამ და გაუღიმა მადლიერებისა და ბედნიერების გამომხატველი ღიმილით. ამ ღიმილში არ შეინიშნებოდა არც ტკივილი, არც დაღლილობა და არც სხვა რაიმე უბედურების გამომხატველი ნიშანი. ეს იდეალური ღიმილი იყო, რომელსაც მხოლოდ საყვარელი ადამიანის სახეზე თუ ნახავთ, რომლის თვალებიც ისეთივე სიყვარულით შემოგნათიან, როგორითაც ანა უყურებდა ანდრეის.

           – დაჯექი, ანდრეი! – მხიარული ტონით უთხრა და ოდნავ გაუცინა ანამ დაბნეულ ანდრეის, რომელიც კვლავ ფეხზე იდგა და ალბათ არც მოაფიქრდებოდა, რომ დამჯდარიყო თუ კი ამას ანა არ ეტყოდა.

           სულიერად დამძიმებული ანდრეი სკამზე ჩამოჯდა. ანამ საკუთარი ეტლის ბორბლებისაკენ წაიღო ხელები, რათა უფრო მიახლოებოდა სკამს, რომელზეც ანდრეი იჯდა, ხოლო ანდრეიმ კი ამ მომენტში წამოდგომა სცადა, რათა ანას მიხმარებოდა, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ მის მაგივრად გაეკეთებინა გასაკეთებელი და გულში გაიფიქრა, რომ კარგი იყო ეს, რომ დროულად გაანალიზა და არ წამოდგა, რადგან ანას ეს ნამდვილად არ ესურვებოდა. რა თქმა უნდა, მისცემდა ანდრეის დახმარების უფლებას, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ანდრეის ეგრძნო თავი უკეთესად, მაგრამ თავად კი საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობა გატანჯავდა.

           როგორ არ ცდილობდა ანა, რომ ეს შეგრძნება საბოლოოდ დაეძლია, თუმცა ზუსტად მაშინ, როდესაც იფიქრებდა, რომ გაიმარჯვა, ეს ყველაზე საშინელი გრძნობაც ს