ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შევხვდებით Zoom -ში!

შევხვდებით Zoom -ში!

„შევხვდებით  Zoom -ში!“

(ნაწარმოებში გამოყენებულია ამონარიდები მანანა ჩიტიშვილის პოეზიიდან და ანდრო დგებუაძის ლექციებიდან)

 

„რომეო და ჯულიეტა-2020“, როგორც შეარქვა „დავითამ“, თამაზ კირთაძისთვის ჯერ მხოლოდ მესამე საქმე იყო : ახალგაზრდა მსახიობი წყვილის განზრახ მკვლელობა, თვითმკვლელობა, თუ უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარი სიკვდილი ...

- ასეთი ბუნდოვანი და ამოუცნობი კარგა ხანია არაფერი მომხდარაო ჩვენს „მაზრაში“, - უკმაყოფილოდ აკანტურებდა თავს „ თავზარა“ და, მართლაც, შექსპირის  პადრე ლორენცოსავით დაჰყურებდა ულამაზესი გოგოსა და ასეთივე პირმშვენიერი ბიჭის გვერდიგვერდ, საკაცეებზე გაწოლილ გვამებს... შუა ხნის, ჩაფსკვნილ და უკვე გვარიანად გამელოტებულ პათანატომს, ისე, დაბადების მოწმობით, ნოდარი ერქვა და თავზარაშვილი იყო გვარად და პროზექტურაში რომ დაიწყო მუშაობა, თავიდან შემოსული შემზარავი შემთხვევებიდან სულ დაზაფრული და თავზარდაცემული სახით დადიოდა, ვერაფრით ხარშავდა იმ ემოციურ სტრესს, რასაც არა იმდენად გვამების გაკვეთა და ექსპერტიზა ანიჭებდა, რამდენადაც ადამიანის მიერ ადამიანის გამეტება სასიკვდილოდ, თანაც ასეთი მრავალფეროვანი, სადისტური ხერხებით, ჰოდა, ამაზე უკეთეს ზედმეტ სახელს რას შეარქმევდნენ?! ... შერჩა და შერჩა ეს „თავზარა“ და მერედამერე ისე შეეჩვია, ნოდარს რომ ეძახდნენ, თავს არც კი ატრიალებდა, რომ მოეხედა მავანის დაძახილზე ...

- სწორია გრიგოლიჩი ! - „სუფთა რომეო და ჯულიეტაა!“- და „თავზარა “ გამოცდილი პროფესიონალის სიმკვირცხლით ათავისუფლებდა ახალგაზრდა სხეულებს სამოსისაგან : გოგოს რატომღაც შავი ხავერდის კორსეტიანი სადედოფლო (და თან იმავდროულად სამგლოვიარო) კაბა ემოსა შავი ატლასისა და ტულის ქსოვილების კომბინაციით, შავი ატლასისავე ვარდებით, ბუმბულებითა და ლენტებით გაწყობილი, ბიჭს - უფლისწულის მოხდენილი ჭაობისფერი ხავერდის კოსტუმი მაქმანებიანი საყელო-მანჟეტებითა და ოქროს სირმებით დამშვენებული, ასეთივე ოქროს ღილებითა და შავი ტყავის მაღალი ჩექმებით, მოდის მიმდევრები „ბოტფორტებს“ რომ უწოდებენ ...ერთი შეხედვით, გარეგნული დათვალიერებით, არცერთს აჩნდა ძალადობის ნიშნები, მხოლოდ გვამური მიწისფერი ტონი და სილურჯეები თვალების უპეებთან და შემხმარი სისხლი მაგრად მოკუმულ ბაგეებთან ... ეს იყო და ეს...

-არა, ძმაო!... რაც ეს პანდემია დაიწყო?! არა, ტო, ვატრაკებ! ...რა პანდემია? რის ვირუსი? არც მანამდე, და არც მერე ასეთი „პაზორნი“ შემთხვევა არ მქონია ! – „თავზარამ“ ვაშლი ჩაკბიჩა, პირჯვარი გარდაისახა, და ლანცეტი მოიმარჯვა...

-ეს რა მანერა გაქვთ ამ პათანატომებს - მუშაობის დროს ჭამა! -გაღიზიანდა თამაზ კირთაძე და თვალი აარიდა გოგოს მარმარილოსავით თეთრსა და ჩამოქნილ სხეულს, თითქოს ქალიშვილს მხოლოდ სძინებოდეს და ახალგაზრდა კაცს რაღაცნაირად თავადვე შერცხვა მისი სათეატრო კოსტუმიდან გამომზეურებული სიშიშვლის უნებართვო დანახვის... დიდი ხანი არ არის, რაც თამაზ კირთაძე მეწყვილედ გაამწესეს გამოცდილ გამომძიებელ დავით ბაბუხადიასთან, რომელიც ცნობილი იყო თავისი პრინციპული, მაგრამ „ღვთისპირიდან გავარდნილი“ ხასიათით.... „განწყობის კაცად “, „უცხვირპიროდ“ და „ეშმაკის ჩლიქის მკვნეტავად“ მოიხსენიებდნენ ზოგ-ზოგები და ვინც კი ყური მოკრა, სად და ვისთან ერთად იწყებდა მუშაობას თამაზი, ყველამ რიგ-რიგობით გააფრთხილა: „ფრთხილად იყავი, ძმაო, მაგას თუ გაუძლებ, „ზნაჩიტ“  სატანასთანაც ითამაშებ „ჯოკერს“ „პარა-პარაშიო“...მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო და დაძაბული და დაკომპლექსებული თამაზი მძიმედ შეუდგა დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა მოეჩვენა, რომ რამდენადმე გადაჭარბებული იყო ბაბუხადიას საზოგადოებრივი შეფასება ...

-დავით ბაბუხადია!... შეგიძლია, „დავითა“ დამიძახო ხოლმე, ქართულ-ჯიგრულ პონტში!- და ბაბუხადიამ ხელი მთელი ძალით ჩამოართვა და თან თვალი შინაურულად, ძმაკაცურად ჩაუკრა ახალგაზრდა მეწყვილეს და თამაზის წარმოსახვაში ბავშვობაში მაგიდიდან უნებურად გადმოვარდნილ ბროლის საკანფეტესავით დაიმსხვრა ყველა ის მითი, რაც აქამდე ამ ნახევრად ჭაღარა, ჩაფსკვნილ -ჩაგოდრებულ  კაცზე სმენოდა. კაცზე, რომელიც არაფრით ტოვებდა ტიპური გამომძიებლის შთაბეჭდილებას, პირიქით, თავისი ჰაბიტუსითა და პლასტიკით ზღაპრის სასაცილო დევს ჩამოჰგავდა , ხოლო როცა სათვალეს მოირგებდა ცხვირზე, ხოლო ცხვირპირზე- პირბადეს, პანდემიამ რომ განუყოფელ აქსესუარად უქცია მთელს კაცობრიობას, მთლად კომიქსის ნახატ პერსონაჟს ემსგავსებოდა ამერიკული საყმაწვილო „ბესტსელერებიდან“ . პირველი ორი საქმე სულ იოლად გახსნეს: ერთი - სამეზობლო ძარცვა იყო ძალადობის ტრივიალური ელემენტებით და ცხელ კვალზე აყვანილმა ეჭვმიტანილმა ეგრევე , პირველივე დაკითხვაზე ყოველგვარი ზედმეტი ჩალიჩის გარეშე აღიარა არათუ თავად დანაშაული, არამედ ჩადენილის ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი და ისეთი წვრილმანი ამბებიც კი უამბო და ჩამოუწიკწიკა გამოძიებას, არც არავის რომ უკითხავს და მოუთხოვია, მეორე საქმე უფრო რთულად მოეჩვენა თამაზს: 16 წლის გოგონა იყო ნაცემი ოჯახის მამრების მიერ : როგორც სჩანს, მამა და უფროსი ძმა უკრძალავდნენ მასზე ათი წლით უფროს ცოლ-შვილიან მამაკაცთან ურთიერთობას და თავდაპირველად , ოჯახის მოთხოვნით, საქმე არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და ძალადობის მუხლით აღიძრა, მაგრამ ძიების მსვლელობისას მოვლენები ზუსტად იმ სცენარით წარიმართა, რაზეც „დავითა“ პირველივე დღიდან ამტკიცებდა: „მანდ მთლად მასე არ იქნება, ეგენი რო ჰყვებიან, „მამენტ“ ,გოგოც იქნება ბრალშიო! “ , და აგაშენოთ ღმერთმა, რაც ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებასავით სიტყვა-სიტყვით გამართლდა მისი ყველა ვარაუდი. ის კი არადა, როგორც „დავითა“ მოიხსენიებდა, „ამ „ლუპუსტაწა“ და „ტრაკანა“ გოგომ სასამართლოს პირველივე სხდომაზე ურცხვად განაცხადა:    „მიყვარს  ეს კაცი, ჩემი ნებით გავხდი მისი საყვარელი და რაც არ უნდა მცემონ და ამიკრძალონ, მაინც დავანგრევინებ ოჯახს და საბოლოოდ ჩემი ქმარი იქნებაო, თუ არადა, მოვკლავ და მერე თავსაც მოვიკლავო...ჩვენო, ერთად უნდა ვიყვნეთო! ... ასე წერია ჩემსა და მის ბედის წიგნშიო!“ ... ცხადია, არც ქალიშვილი ჩანდა მთლად ჯანსაღი ფსიქიკის და არც მოძალადეები- სატრფო, მამა და ძმა - იყვნენ ფრთიანი ანგელოზები, თან არასრულწლოვანის სპეციფიკაც იყო გასათვალისწინებელი ...ასეა თუ ისე საქმე გამომძიებელთა მხრიდან გახსნილი იყო და რეაგირებისათვის სარეაბილიტაციო ჯგუფზე - სოციალურ მუშაკზე, ფსიქოლოგსა და შესაბამის სამართალდამცავ უწყებებზე გადამისამართდა , ხოლო შედეგად, მოძალადე მამაკაცების წინააღმდეგ რამდენადმე შერბილებული ვერდიქტი გაცხადდა, რამეთუ ამ საქმეს ევას მიერ ადამის ცდუნების ბიბლიური მოტივები მსჭვალავდა .

- „ოოო, ქალი? -ქალი, ბიჭო, ისეთი შობელლეიტენანტი რამაა, რას არ ჩაგადენინებს კაცს!“- „დავითა“ ერთობ კმაყოფილი იყო, რომ მისი ვერსია გამართლდა და ახლა ახალგაზრდა მეწყვილეს დამცინავი, ნიშნისმომგებიანი მოჭუტული მზერით  თვალს არ აშორებდა... თამაზ კირთაძეს კაი ზეინკალივით ბურღავდა და ადუღაბებდა „დავითას“ გამჭოლი მზერა და ერჩივნა მიწა გასკდომოდა ფეხქვეშ, ოღონდ ამ კაცს ასე არ გაეყარა თვალი თვალში ... მას ხომ თავიდან გოგონა საზოგადოებრივი და ოჯახური ბულინგისა და დევნის ჩვეულებრივი მსხვერპლი ეგონა და ფართოდ მსჯელობდა ტრენინგებზე მრავალგზის მოსმენილი გენდერული თანასწორობისა და ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ... სხვადასხვა კოდექსისა და რეზოლუციის ფრაზებს ციტირებდა და საშინლად მოსწონდა, რომ ეს ყოველი ასეთი ახლებური ცოდნით არ სმენოდა დავით ბაბუხადიას, რომელმაც, ახლაც, ამ მესამე საქმეშიც მშვენიერი არტისტული წყვილის გვამების დანახვაზე, დაიჟინა- „შერშე ლა ფამო!“ და ნიძლავზე ხელიც კი ჩაურტყა თამაზს „თავზარას“ თანადასწრებით:

-„ვინც წააგებს, პურმარილს კისრულობს  თავისი „ნავაროტკებით !“- მოკლედ, კაი მწვადი, კაი ქაბაბი, კაი ხინკალი , კაი დედალი ისრიმ-მაყვალში! ..შენ ,ძმაო, ბაზარი არ არი, წილში ხარ! - და „თავზარამ“ კმაყოფილმა , რომ ნებისმიერ ვარიანტში ხეირობდა, ჩაჭრა თამაზისა და „დავითას“ ნიძლავზე გაწვდილი მარჯვენა ...

 „გამოძიება ,რასაკვირველია, დაადგენს რომელია მომხდარი  - საშინელი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ვიღაც არაადამიანის (ან არაადამიანების) ხელით, თუ უბრალოდ უბედური შემთხვევა... ექსპერტიზაც თავის სათქმელს იტყვის, თუმცა ამ საბრალოების უბედური პატრონებისა და ახლობლებისათვის ამას განა აქვს მნიშვნელობა?- კირთაძე კარის ჭრიალმა გამოაფხიზლა ფიქრებიდან ...

-თავიდანვე თუ ასე იფიქრე, დამნაშავეს ვერ მიაგნებ და ამ გორდიას კვანძსაც ვერ გახსნი...-

-„საშინელი ნიჭი აქვს ამ კაცს!“ - გაიფიქრა თამაზმა და ბაბუხადიას შემცბარმა შეხედა:

- რა კვანძი? რის კვანძი და საერთოდაც, თქვენ რა იცით, რას ვფიქრობ ან , რას ვფქირობდი?

- უკაცრავად კი ვარ, უოტსონ, მაგრამ „პრაფესია“ მაქვს ეგეთი! -გაეცინა „დავითას“ და თამაზს ისევ , როგორც პირველ შეხვედრისას, შინაურულ-ძმაკაცურად თვალი ჩაუკრა :

„- ჩემს ხნოვანებას რომ მოეწევი, წელიწადში ერთი ასამდე წვრილმან ხულიგანს, მძარცველს, „რამკიანს“, „ურამკოს“, ნარკობარიგას თუ ნარკომომხმარებელს , ორ ამდენ სუტენიორსა და მის დაქალოჩკას რო ჩააყუდებ ვირის აბანოში და ერთ სამასზე მეტ სამძიმარზე დადგები ჭირისუფლის გვერდით კაი გარე ბიძაშვილივით დედის მხრიდან , მიხვდები საიდან მოდიან ნიჭები და უნარები! გაიგე, უოტსონ?!... და ისა, გენცვ,  თქვენ „ეროვნულებზე“ უნარების გამოცდა უთუოდ გექნებათ ჩაბარებული, ახალგაზრდავ! ... მაგრამ გორდიას კვანძზე მისხალი წარმოდგენა არ გაქვთ , ალბათ, არც არიადნეს ძაფი გეცოდინებათ და კიდევ  ... მოკლედ, აი რას გვიამბობს „გუგული დეიდა“ გორდიაზე , - და „დავითამ“ სალოკი თითით მობილურზე უცებ ჩამოსქროლა მობილურის ეკრანი , მერე ერთხანს წკაპუნი აუტეხა და კმაყოფილმა, რომ საჭირო ინფორმაციას იოლად მიაგნო, სახე გაებადრა :

-„გორდიას კვანძი“ ითქმის რაიმე დახლართული საქმის, ძნეეელი ამოცანის, გაააამოუვალი მდგომარეობის შესახებ. გორდიას კვანძის გახსნა - რაიმე რთუუული, დახლართული საკითხის გააააბედულად, ძალის გამოყენებით გადაწყვეტაა. ძვეეელი ბეეერძნული ლეეეეგენდის მიხედვით, ფრიგიის მეფემ გორდიამ (Gordias) დახლართა ეს საააასწაული კვანძი; ორაკულს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ვინც ამ კვანძს გააახსნიდა, აზიის მბრძაააანებელი გააააახდებოდა; ააააალექსანდრე მაააააკედონელმა გააახსნის მაააააგივრად კი, მააახვილით გაკვეთა იგი.“ მააშ?! ... აი ეგრე, ძგაფან! და- გაკვეთა! არა, ძმაო, რაც მართალია, მართალია, ეს ალექსანდრე ძაან დიდი მაიმუნი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ! ...

-კარგით რა! მაღადავებთ ,ტო?- თამაზმა გადაწყვიტა რატომღაც თავად „დავითას“ საუბრის მანერა აერჩია  და თავადვე გაუკვირდა საკუთარი არჩევანის - ეს „ტო“ რაღაცნაირად მიკერებულივით ჟღერდა და სასაცილოს ხდიდა მისთვის დამახასიათებელ სერიოზულ და რესპექტაბელურ იმიჯს...

- ჯერ ერთი თუ თქვენობით ვსაუბრობთ, ეს „ტო“ „ნეპრიჩომაა“, ხოლო თუ „ტო“ მოსულა , და, მამენტ, რატომაც არა?! -ეს „თან“-ი რა შუაშია და საერთოდაც, „კარგი რა!“ და არა კარგი-(თ!) რა!“ ...კიდე მე გაღადავებ, ტო?! შეხედე- აქ არის ჩვენი ამბავი - და აქ ვართ ჩვენ ! - და „დავითამ“ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი და ასანთი ამოიღო ...

- Это элементарно, Уoтсон! - რა გვაქვს ამ ეტაპზე? - ორი ანგელოზის გვამი და!... - „დავითამ“ გვერდიგვერდ დადო ორი ღერი სიგარეტი და მეორე მხარეს ასანთის კოლოფი დაუპირდაპირა - და 50-მდე ეჭვმიტანილი, მათ შორის ზოგი დასირებულთა კატეგორიიდან ...მიდი ეხლა და გამოხვეტე „პარაშა“ ამ ავგიას თავლიდან!...

-ეგ ვინღაა?

-ვააა, გამაგიჟებთ რა, ეს „მილენიალები!“ ისევ და ისევ , მოვუხმოთ „გუგული დეიდას“ - აა, აბ, აგ, ად, აე, ავ... ავგეა!

„დავითამ“ შუბლზე აზიდული სათვალე ცხირზე ჩამოიწია, პირბადე ნიკაპქვეშ ალიკაპივით ამოიდო და მობილურიდან ტექსტი კითხვას სხაპასხუპით ჩაარაკრაკა :

-„ავგეამ მამისაგან მემკვიდრეობად უამრავი რემა და ჯოგი მიიღო , რომლებსაც ბოსლებსა და თავლებში ინახავდა .ავგეას, ეს ზემო ხსენებული, ბოსლები და თავლები 30 წლის განმავლობაში არავის გაუწმენდია, რის გამოც დაგროვებული ნაკელის მიზეზით მთელი პელეპონესი ყარდა. ფუჰ, შეგირცხვათ ევროპული ცივილიზაცია ! ...“ – „დავითამ“ სალოკი და ცერა თითი ნესტოებზე გაიჭირა, თითქოს მართლა ნაკელის სიმყრალეს შეეწუხებინოს მისი ყნოსვა და კითხვა ცალყბად განაგრძო : „ ჰოოოდა, ერესთევესის დავალებით ჰერაკლეს, იგივე ჰერაკლიუსს, იგივე ერეკლეს, „ტოესტ“, ჩვენებურა ირაკლის, შენ ხარ ჩემი ბატონი, ურთულესი დავალება უნდა შეესრულებინა და ეს თავლები უნდა გაეწმინდა. ჰერაკლემ „ჩენჯი“ შესთავაზა ავგეას - ერთ დღეში შეჰპირდა თავლების გაწმენდას და სანაცვლოდ მეფეს ჯოგისა და რემის მეათედი უნდა მიეცა. ჰერაკლემ მოიშველია იოლაოსი, თავლებს კედლები მიუნგრ- მოუნგრია და მდინარეები ალფეოსი და პენეოსი მიუშვა .... დაღამებამდე კი სულ დააწკრიალ-დაამარმარა ეს თავლები ჩვენმა მოხერხებულმა და მამაცმა ჰერაკლიუსმა, რაც მისი მეექვსე დავალება გახლდათ, მაგრამ ამ ავგეამ „ნაგლად“ „გადააგდო“ ეს ჩვენი „პაივცემული“ ფალავანი , და განა ამით დასრულდა ჰერაკლეს უიღბლობანი?! ნათქვამია, „გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო “ - ამ ჩვენი ცოდვით სავსე ერესთევსმაც არ ჩაუთვალა გმირობად, აქაოდა იოლაოსი დაიხმარიეო, თანაც ავგეას გაურიგდიო და რემისა და ჯოგის წილში ჩაუჯექიო და „პუპლუც“ არ დატოვა ეს კუნთმაგარი ჯეელი?! აბა? „ელიტარნი“ კორუფცია მაშინაც არსებობდა, მააშ! 

-დებილი და ერთუჯრედიანი იყო ეგ შენი ჰერაკლიუსი და მაგიტომ!- ისედაც „აჭრილი“ თამაზი ამჯერად აშკარად გაბრაზდა, რომ უკვე მეორედ გამოიჭირა „დავითამ“ ბერძნული მითოლოგიის არცოდნაში...

- ნო-ნო-ნო-ნო! იკაჩოზე ეგეთები არ იყოს! ...და „იტოგში“, ჩემო ელ გრეკოს ფუნჯით ნახატო ევროპიელო, კი ნუ ბრაზობ, წიგნი აიღე და წაიკითხე, ან ისა- თქვენებურად „დაგუგლე“ ...ძაან ჯიგარია „გუგული დეიდა“ - ბოზივით კეთილია - უარს არაფერზე გეტყვის! ...

-და მოიცა, ბოზები კეთილები არიან? - თამაზმა გადაწყვიტა რამენაირად შეეცვალა საუბრის თემა, რადგან მისი ნაკითხობის ხაზგასმით დაბალი დონის დაფიქსირება „დავითასგან“ აღიზიანებდა და წონასწორობას აკარგვინებდა.

- მე , „ლიჩნად“, ჩემი არცთუ ხანმოკლე და ფრიად შინაარსიანი პრაქტიკის გადამკიდეს, ჯერ არაკეთილი ბოზი არ შემხვედრია !... – „დავითამ“ მოწყალედ გაუღიმა თანამოსაუბრეს, ვითომ ეშმაკობას მიგიხვდიო და ტელეფონში კაი ხნით ჩაყვინთა ...

 

 

. . .

 

ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა -არც არაფრით გამორჩეული ...ფანჯრიდან ტრადიციული ურბანული პეიზაჟი ნელ-ნელა იძენდა მკვეთრ ფერებს და იმპრესიონისტული ფერწერიდან სულ უფრო ნატურალისზმისკენ იჩოჩებდა ...ვათა უკლებამ წინა დღეს მობილურში დაპროგრამებული მაღვიძარა სალოკი თითის ცეცებით დაადუმა და ცალი თვალით ფანჯრისკენ გააპარა მზერა ...„ისე , რა მნიშვნელობა აქვს, რა ამინდია ?! ...მეც ვატრაკებ რა! ...მაინც „-Zoom-შია“ რეპეტიცია ჩანიშნული ...“ გაიფიქრა უკმაყოფილოდ და ...

- „რო-დემ-დე?!“ - ფიქრს უკვე ხმოვანი ფრაზაც წამღერებით დაამატა ...ერთი გაიზმორა, რეზინის „Made in China“ შლაპუნებში ფეხის თითების ცმაცუნით გატანტალდა სააბაზანოსკენ და სულ რაღაც 25 წუთში , დაბანილ-დავარცხნილი და დილის სავალდებული მოციონ-ჩავლილი საყვარელი ტოსტის ბუტერბროდის ხრაშა-ხრუშითა და ფინჯანი ყავის წრუპვა-წრუპვით გაჰყურებდა ქალაქს, რომელიც დღითიდღე უცხო და აუტანელი ხდებოდა მისთვის და არამხოლოდ მისთვის...„Привёл себя в марафэт!“ - ო, როგორ მოსწონდა ეს ფრაზა, მხოლოდ არ ახსოვდა ვისი სიტყვების სკივრიდან იყო ამოღებული და საგულდაგულოდ რესტავრირებული...თუმცა ახლა ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა?! სიტყვები ჩნდებიან და ქრებიან...მერე მათ ადგილს სხვა, ახალი სიტყვები იკავებენ ... მერე ეს ძველები ან დავიწყებას ეძლევა, ან თუ გამოჩნდა, ვინმე მზრუნველი და პედანტურად თანამიმდევრული, შეინახავს, გაუფრთხილდება და გამოიყენებს კიდეც... მიუხედავად ახალგაზრდული წლებისა, ვათა სწორედ ამ ანტიკვარის მოყვარულთა კასტას განეკუთვნებოდა: უყვარდა ძველი ნივთები, წეს-ტრადიციები, სიტყვები, ამბები, ფოტოები... ისინი უწინდელ, გარდასულ დროს ახსენებდნენ და იმ მოვლენებს და სახეებს, რომელსაც ერთ დროს მოესწრო, ან იქნებ ვერც მოესწრო, მაგრამ , სამაგიეროდ, რაღაც ისტორია იცის მათ შესახებ და სწორედ ამ პატარ-პატარა ამბების წყალობითაა ფასეული და უნიკალური... ეს ბოლო პერიოდი ვათა ამჩნევდა, რომ დრო-ჟამი ძალიან სწრაფად მიჰქროდა...აქამდე ამის შესახებ არადროს უფიქრია ამდენი , დაუნანებლად ფლანგავდა დღეებს, საათებს, წუთებს და სრულებით არ სწყდებოდა გული იმაზე, რომ გაფრენილს უკან ვეღარ მოაბრუნებ, ვერ შეინარჩუნებ... ის კი არადა, მუდმივად ეჩვენებოდა, რომ რაღაც თვალსა და ხელს შუა უსხლტებოდა, რაღაც მთავარი და არანორმალურად მნიშვნელოვანი ... „არანორმალურად“ -ეს მისი საყვარელი ეპითეტი (თუ ფორმულირება) იყო, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან გამოყოლილი - დრამის თეორიის ლექტორისგან ნასესხებ-ნაზიარები და ახლა უკვე წლების გამოცდილებით გათავისებული. ვათამ, პირველადი პროფესიით მსახიობმა, მცირე არტისტული პრაქტიკის მერე სამაგისტრო კურსის გავლა რეჟისურაში ამჯობინა და სულაც არ გასჭირვებია მიმღები კომისიის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში , რას - რას და წარმოსახვასა და პროფესიულ უნარებს ნამდვილად არ უჩიოდა, თაობის საუკეთესო, ერთობ იმედისმომცემ არტისტად მიაჩნდათ და მესამე კურსზე რამდენიმე პატარა როლიც კი ანდეს ტელე-რეკლამებსა და სერიალებში ... ყველას ეგონა, რომ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე დიდი და პრესტიჟული თეატრის სცენაზე ამოყოფდა თავს და სულ მალე აჭრელდებოდა ყვითელი პრესა მისი ინტერვიუებითა და ექსკლუზიური პაპარაცული კადრებით, მაგრამ ვათამ რამპის ჩირაღდნების კაშკაშა, მომნუსხველ ფოერვერკსა და „Number one“-ის უპირატესობას კულისებში სიგარეტით ხელში ნერვიული ბოლთის ცემა ამჯობინა და მუდმივი განცდა დაუკმაყოფილებლობისა, უფრო სწორედ, ტანჯვა საკუთარი თავით უკმაყოფილებისა, რაც რეჟისორის პროფესიის თანამდევი ვნება და განსაცდელია ...ისე, კაცმა რომ თქვას, ერთობ ანტიარტისტული ჰაბიტუსის პატრონი, ერთი ნახვით, სულ არ ტოვებდა მსახიობის შთაბეჭდილებას, ვათაზე ვერავინ იტყოდა , „at least“, სიმპათიურიაო, პირიქით, რაღაც არაპროპორციული და პიკასოს ტილოების პერსონაჟებივით დანგრეული შტრიხები თანაარსებობდნენ ვათას არაორდინარულ გარეგნობაში ...ის იმ კატეგორიის მასალა იყო, თეატრში „ტიპაჟს“ რომ უწოდებენ რეჟისორები და კინემატოგრაფში - „კინოშნიკები“...სევდიანი და ჯიუტი მზერა გამჭოლი ეფექტით ახდენდა ზეგავლენას თანამოსაუბრეზე და მკაფიოდ გამოკვეთილი ხასიათი საბოლოოდ ასრულებდა პორტრეტს . ასეთი უცხო და ამოუცნობი ხიბლის იყო ვათა უკლება ჯერ კიდევ ბავშვობიდან, მაგრამ გოგონები არასდროს სწყალობენ მსგავსი ვიზუალის ბიჭებს და ვათაც მიეჩვია სუსტი სქესისაგან დაუინტერესებლობასა და აბსოლუტურ გულგრილობას... ალბათ, ამანაც განაპირობა მისი შემდგომი ნაბიჯები რეჟისურის მეტად პრაგმატული პროფესიის მიმართულებით ...ახლა, როცა უკან მოიტოვა პიესების კითხვით გატეხილი ბევრი უძილო ღამე, მრავალი სარეჟისორო ექსპლიკაცია, ნერვიული, დაძაბული რეპეტიცია, უნაყოფო ძიება და წარმატების აპლოდისმენტში ჩაძირული პრემიერა , როცა მიწვევა მიიღო ერთ-ერთი წარმატებული თეატრის ახალგაზრდული დასიდან , ბედი არ გინდა?! - მსოფლიო,( როგორც სცენის მუშა გერონტა იტყოდა,) „ ამ დედააფეთქებულმა“ პანდემიამ მოიცვა და ისიც, დინებას აყოლილი, ვირტუალურ სამყაროში გადასახლდა, სამყაროში, სადაც დროს თავისი კანონები აქვს, სადაც არ არსებობს ჰარმონია ადამიანური შეგრძნების ხუთი ფუნდამეტური სახეობის კვინტეტში : შეხება, გემო, ყნოსვა, უნდა გამორიცხო, რჩება მხოლოდ სმენა და ხედვა , პირობითია სივრცე და განზომილება, ყველაფერი არის და არც არის და თითქოს, თავად შენც კი, თან ხარ და თან არ ხარ ... ზუსტად იმგვარად, როგორც სარკეში, ანდა სიზმარში , რეალობის ანარეკლში, რომელსაც დიდი პრეტენზია კი აქვს , რომ იმეორებს აქაურ, ამ წამიერ ვნებებსა და განცდებს, მაგრამ სინამდვილეში სრულიად ახალ , აბსოლუტურად ორიგინალურ , დამოუკიდებელ მოცემულობას ქმნის , სადაც ყველაფერი ცოტ-ცოტაა და თვით ყველაზე შეუსაბამო, ერთმანეთთან შეურიგებელ, შეუფერებელ საგნებსა და მოვლენებს შეუძლიათ თანაცხოვრება, თანაარსებობა, ზუსტად ისე, როგორც თავად ვათას გარეგნობაში ... მეორე კურსზე ვათასთვის აღმოჩენად იქცა შუა საუკუნეების ესპანელი დრამატურგისა და პოეტის პედრო კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“ , უნივერსიტეტში უცხოურ დრამატურგიას მაგარი ქალი უკითხავდა, ჭარმაგი , ღვაწლმოსილი და უსაზღვროდ განსწავლული არამხოლოდ დრამატურგიაში...ქალბატონმა ელენემ თანაბრად იცოდა ფილოსოფია, ფსიქოლოგია და კიდევ სხვა ბევრი ნაჟური ლოგოსისა და რაც მთავარია, ორიგინალში კითხულობდა დანტესა და პირანდელოს, ანუ იტალიურის საფუძვლიანი მცოდნე გახლდათ და ამის გამო ვათა კიდევ უფრო მეტი პატივისცემით იმსჭვალებოდა ამ ტანმორჩილი ქალისადმი, რომელიც ლექციაზე თითქმის არ უწევდა ხმას, ისე მომნუსხავად იმორჩილებდა ვათას თანატოლთა არც თუ იოლად მოსათვინიერებელ აუდიტორიას. ... კალდერონიც მან შეაყვარა... კიდევ ბევრი რამ შეამეცნა და შეაყვარა, და კიდევ, თავდაუზოგავი შრომის გემო ასწავლა , მხატვრული ლიტერატურის კითხვით მოგვრილი სიამოვნება დააჭაშნიკებინა და საერთოდაც, კარგი ლიტერატურული გემოვნება ჩამოუყალიბა. ამ ქალს შესანიშნავი გამოკვლევა ჰქონდა ლუიჯი პირანდელოს მწერლურ, დრამატურგიულ და ფილოსოფიურ სამყაროზე ...ეს წიგნი კარგა ხანს ვათას სასთუმლის სამშვენისად რჩებოდა, აი, „სამაგიდო წიგნს“ რომ ეძახიან ძველები „ბიბლიასავით“... „საცა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“ გაახსენდა პასაჟი „ბიბლიიდან“ ... გუშინ ვიღაც სასულიერო პირისათვის შეუსაბამო, არატრადიციული გარეგნობის მამაო ხმის სულში ჩამწვდომი „ბარხატოვანი“ ტემბრითა და უცნაურად არტისტულად ცეცხლოვანი გამოხედვით ტელეკრანიდან მოძღვრავდა ეკრანს გამოღმა არსებულ წარმოსახვით მრევლს და მანაც ახსენა ეს საყოველთაოდ გაცვეთილი და ძალიან ძველი ფრაზა -  ჰარმონიის უნივერსალური ,მარტივი და კონცეპტუალური მეტაფორა...და ვათამ წარმოიდგინა, რა მოხდებოდა, სათეატრო სწავლების ნაცვლად ეკლესიის გზა რომ აერჩია და მორჩილიდან ბერობამდე, ბერობიდან სამღვდელოებამდე რომ გაევლო ყველა ნაბიჯი ღვთის მსახურებაში...უსმენდა მამაოს და ერთის მხრივ, ეჭვი არ ეპარებოდა მისი სიტყვების გულწრფელობაში, ხოლო მეორე მხრივ , აოცებდა მისი პიროვნული გამოხატულების ხერხები, რითაც აშკარად მანიპულირებდა პოპულარული „თოქ-შოუს“ არატიპური სტუმარი : ხმა, მზერა, აქცენტები, ტევადი პაუზები, მამაკაცური ხიბლის ოდნავ ნარცისული ერისკაცული გამომზეურება, მრავლისმთქმელი ქვეტექსტის შემცველი მიმიკური შეფასებები ...

-მამაო, გულახდილად მიპასუხე, ხშირად გეპრანჭებიან გოგონები?! -ეკითხებოდა გადაცემის წამყვანი რესპონდენტს და ისიც აღსარებისათვის დამახასიათებელი გულწრფელობით ადასტურებდა საკუთარი მრევლის ქალთა შემადგენლობის ამ ცოდვისადმი მიდრეკილებას... და ვათა უეცრად მიხვდა, რომ მამაო რომ ყოფილიყო, მას არადროს დაუსვამდნენ ამ სკანდალური ხასიათის კითხვას ... არც კი დაინტერესდებოდნენ მისი ფარული პირადული ამბებით , „Love story“ - ით მითუმეტეს...ის, ალბათ, უფრო ფილოსოფიურ ასპექტში იქნებოდა ძლიერი და თეოლოგიურ მოსაზრებებს და კანონიკურ დოგმებს ორიგინალური კუთხით წარმოუჩენდა მსმენელს... „არასწორია გზა, ან სულ ჩუმად რომ ხარ, ან სულ რომ ლაპარაკობ...ჩემი აზრით, სწორედ და სინთეტურად მაშინ აზროვნებს ადამიანი , როდესაც განუწყვეტლივ სვამს კითხვას , რომელიც ინტრიგნულად მოსდის მას თავის აზრებში, მაგრამ იცის წამი, როდის გაჩუმდეს და მოუსმინოს რაღაცას, რაც არის მასში , მაგრამ ის თვითონ არ არის . მასშია, მის შიგნითაა, ოღონდ მასზე მეტია . ამის მერე ,რაც იბადება, მე მგონი იმას ჰქვია ნაფიქრალი“…ვათას ძალიან მოსწონდა ერთი თანამედროვე მოაზროვნის ეს ფრაზა და ცდილობდა დაეჭირა ის წამი , როცა დუმილში იპოვიდა საკუთარ თავზე მეტს ... ელოდა, თუმცა ამაოდ ...

-„და რა მდგომარეობაა სიჩუმე?“ -ეკითხებოსა ის მეორე მე ვათას და ისიც დაუფიქრებლად პასუხობდა :

-მცდელობა მოუსმინო იმას, რაც ლაპარაკობს ჩემში სიტყვების გარეშე...

- „ჰე, მორჩი ფილოსოფოსობას!... “- დატუქსა ვათამ საკუთარი თავი და შეეცადა, გაეხსენებინა გუშინდელი რეპეტიცია, რომელიც ერთობ ნაყოფიერად და შემართებით კი დაიწყო , მაგრამ ვერ დაასრულა, რადგან მოულოდნელად ელექტროენერგია გამოირთო და, შესაბამისად , ინტერნეტ-კავშირიც გაწყდა... „ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას“ ზღაპარი, რომელსაც დგამდა ვათა უკლება ერთ-ერთ ახალგაზრდულ დასთან ერთად, ბავშვობიდან დიდად არ უყვარდა...უფრო სწორედ კი, გოგოების საკითხავ წიგნად მიაჩნდა და მიუხედავად, იმისა, რომ უოლტ დისნეისა და მის ანიმაციებზე გიჟდებოდა, ვერცერთ ასაკში ვერაფრით მოიხიბლა ვერც ფიფქიას სილამაზითა და დიასახლისური ნიჭით, ვერც ჯუჯების სასაცილო და კოლორიტული შვიდეულით და ვერც, მითუმეტეს, „ჰეფფი-ენდური“ სიუჟეტით, რომლის ზღაპრული დიდაქტიკა სიკეთისა და სათნოების , მშვენიერებისა და კეთილშობილების ბოროტებაზე, ვერაგობასა და ცბიერებაზე უდავო გამარჯვების ლამაზი ფეერია იყო და უპირობოდ გოგონების საოცნებო ბედის წიგნი ...ალბათ, სწორედ ამის გამო არ უყვარდა, რადგან საბავშვო ბაღში და მერეც, უკვე სკოლაში ყველა ჯგუფელი გოგო ფიფქიობაზე (ან კონკიობაზე - ვერსიის არჩევანს გააჩნია!) ოცნებობდა და სანუკვარი უფლისწულის მოლოდინში ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა სასურველი პერსონაჟისათვის ... ის გოგოც, ვათას საბავშვო ბაღიდან რომ უფორიაქებდა სულს, ფიფქიობას ეთაყვანებოდა და, ბუნებრივია, ყველა ბიჭს, რომელიც მისი გულის მოგებას ცდილობდა, სწორედ ფიფქიას შეყვარებულ უფლისწულს ადარებდა...ვათა კი უფლისწულობის სტერეოტიპის სრული ანტიპოდი იყო , მართალია, მაღალი, გამხდარი და ხვეულთმიანი, მაგრამ კარტოფილივით დაგრძელებული ცხვირითა და მასზე ადრეული ასაკიდან წამოსკუპებული პინოკიოს სათვალით, რომელიც, ერთის მხრივ, ასაკს მატებდა, ხოლო, მეორეს მხრივ, მეტად სასაცილო იერს ანიჭებდა ამ ჰაბიტუსის მუდამ სევდიანი გამომეტყველების პატრონს... პინოქიო კი ვახსენეთ, მაგრამ თავის დროზე ასოციაცია სულ სხვა მიმართულებით გაექცა და „ჩემი პიერო“, -ასე შეარქვა ბაღის მასწავლებელმა ქეთუსია ზაქარეიშვილმა და ლამის სკოლის დამამთავრებელ კლასამდე შერჩა ეს ზედმეტი სახელი ვათა უკლებას, რადგან ბაღის ჯგუფელთაგან ბევრმა ერთად გადაინაცვლა სკოლაში და, შესაბამისად, ჯგუფელობის ნაცნობი „საკლასო ფოლკლორიდან“ ბევრი ნიუანსი გაიყოლა სახსოვრად. მათ შორის, ვათა უკლებას ზედმეტი სახელი „ჩემი პიერო “ , რომელსაც სხვადსხვა კლასში სხვადსხვა ეპითეტებიც დაუმატეს ენაკვიმატმა კლასელებმა : „ჩემი უიღბლო პიერო“, „ჩემი სევდიანი პიერო“ , „ჩემი სასოწარკვეთილი პიერო“ , „ჩემი ხელმოცარული პიერო“ და მსგავსი ... ვათა კი ბავშვობიდან დიდი უკუღმართი და „ფხაჭუნა“ აზრების წყალობით სულ შინაგან ჭიდილში იყო დადგენილ, საყოველთაოდ მიღებულ სტერეოტიპებთან და მუდამ დინების საწინააღმდეგო გზით ეწადა სვლა ...ხან გამოსდიოდა და ხან არა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ჯერაც იმ ასაკში გახლდათ, როცა ადამიანი თავის თავს ეძიებს და ჯერჯერობით სიამოვნებას ვერ იღებს სულის დანაშრევთა არქეოლოგიური კვლევის წიაღსვლებით, ანუ სულში ხელის ფათურის ამ რთული და ხანგრძლივი, სიურპრიზებით აღსავსე, პროცესით...კარგა ხანს ებრძოდა ბავშვობის მეგობრებში გამეფებულ იარლიყს, მაგრამ ამოდ და ბოლოს, თავადაც მობეზრდა, ხელი ჩაიქნია და და ბედს დამორჩილდა...  იმ ერთადერთის და განუმეორებელის, ანუ „მალვინას“ გული კი მაინც ვერ მოიგო ... ის კი , „მალ