ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მალე მოვალ, იკე

მალე მოვალ, იკე

„მალე მოვალ, იკე“

პირველი ბილიკი

რვის

სახლიდან გამოვიდა, ოქროსფერი ფოთლებით მოფენილი ქვაფენილი მკვირცხლად გადაჭრა და ერთადერთი შვილის სკოლისკენ მიმავალ გზას გრძელი, თხელი მოსაცმლის რხევით აჩქარებით გაუყვა. მწვანე სურო ბილიკს მესერ-მესერ მის კვალდაკვალ გასდევდა, სუსტი ქარი მუხის ფოთლებს ალაგ-ალაგ ჩაყოლებით არხევდა; ღობის თავზე, წვრილ მილებზე შემოხვეულ კივის ხვიარა ტოტებს ნაყოფი უკვე დამსხვილებოდათ, პატარა ღელეში კი, რომელიც გზის გასწვრივ მიედინებოდა, ყავისფერი, ყვითელნისკარტა იხვები მხიარულად გრილდებოდნენ. პაპანაქება ზაფხულის წყალობით ნაადრევად დაწყებული შემოდგომის პირველი თვეც არანაკლებ ცხელი იყო, თუმცა დღეს სასიამოვნო სიგრილე იგრძნობოდა. თეთრი მესრის შიგნით, მოცვის ბუჩქებთან წამოწოლილი ფილემონი მზეს ეფიცხებოდა და ირენეს კატას, რომელიც მოშორებით წამოკოტრიალებულიყო, ყურადღებას არ აქცევდა. ამ მშვიდ უბანს, ქალაქის ხმაურიანი ცენტრიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, შემაღლებულზე რომ მდებარეობდა, უბრალოდ „მუხებს“ ეძახდნენ. მუხის ხე მართლაც ყოველ რამდენიმე მეტრში იდგა და მათი წყალობით ამ დასახლებას ჩრდილი, სიგრილე და სუფთა ჰაერი არ აკლდა. სამეზობლოში, ძირითადად, მოხუცები მიმოდიოდნენ, რომლებიც საღამო ხანს ჭიშკრებთან იყრიდნენ თავს; თავიანთი მრავალწლიანი ცხოვრებიდან საინტერესო ამბებსა თუ ცხელ-ცხელ სიახლეებს ერთმანეთს უყვებოდნენ, ხან ჯანმრთელობის გაუარესებაზე, სიცხესა თუ წვიმებზე წუწუნებდნენ, ყველაზე ხშირად კი – მსოფლიო მნიშვნელობის სირთულეების: პანდემიებისა თუ გლობალური დათბობის მათეული გადაჭრის საშუალებებს ერთმანეთს უზიარებდნენ და სხვა ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე მსჯელობდნენ.

სწრაფი სიარულის მოყვარულმა სამანქანო გზა მარდად გადაირბინა და ბურკილის ხეების მწკრივის ჩრდილში მოექცა, ლურჯი შენობის ეზოში შევიდა და რადგან გაკვეთილების დასრულებამდე ჯერ კიდევ იყო ათი წუთი დარჩენილი – დაფნის ბუჩქების წინ, თეთრ სკამძელზე ჩამოჯდა; სკოლა ოთხსართულიანი, ცოცხალ ფერებად შეღებილი, თეთრსარკმლებიანი შენობა იყო, რომლის უკან რამდენიმე ტანმაღალი სექვოია აწვერილიყო. ეზოს წინა ნაწილში ველოსიპედების პატარა სადგომი მოეწყოთ, რომელზეც რამდენიმე ათეული მათგანი დაეყენებინათ; შენობის მარცხნივ კი, რამდენიმე მეტრის გარშემოწერილობის კაქტუსების ბაღი გაეშენებინათ, რომელიც ბამბუკის დაბალი ღობით იყო შემოსაზღვრული. ერთ-ერთი ოთახიდან მოსწავლეების სიმღერის ხმა გამოდიოდა და, როგორც ერთი მოსმენით ჩანდა, ქალაქს მომღერლების საკმაოდ ნიჭიერი თაობა ეზრდებოდა. ზარის ხმაც მალე გაისმა და შენობის ყველა ოთახიდან ხმაური ერთდროულად გამოვიდა. მთავარი კარებიდან ასობით ბავშვმა გამოაბიჯა და ზოგი ჯგუფად, ზოგი წყვილად, ზოგი კი მარტო – ეზოს შემოსასვლელისკენ გაემართა. საშუალო სიმაღლის, მღიმარე გოგონა რამდენიმე მეგობართან ერთად გამოვიდა შენობიდან, და რადგან პარასკევს მამიკო ყოველთვის აკითხავდა, ჯგუფელებს დაემშვიდობა და დაფნის ბუჩქებისკენ წამოვიდა

– მამ, დიდი ხანია მელოდები?

– ნწ, ახლა მოვედი, აბა, რა ხდებოდა?

– მათემატიკა, ლიტერატურა, ბუნება, ხელოვნება

– შესანიშნავია, და განწყობა?

– რახან პარასკევია – პიცის

– აბა რა! ჩანთა მომეცი, წამოგიღებ

ლაპარაკ-ლაპარაკით ჭიშკრისკენ გაუყვნენ, რა დროსაც შენობიდან რამდენიმე მასწავლებელმა გამოაბიჯა. პედაგოგებს მშობლის ცნობა არ გასჭირვებიათ, რადგან არამხოლოდ ქალაქისა და ქვეყნის, არამედ მსოფლიო დონეზე სახელგანთქმული მთარგმნელი და მწერალი, მარკოზ ენკემანი, ისედაც ყველამ იცოდა. თავად მარკოზი კი, ასეთი სახელის მიუხედავად, ყველაზე მეტად იმით ამაყობდა, რომ ის სკოლის ძალიან წარმატებული მეოთხეკლასელის – იკეს მამა იყო

– შუადღე მშვიდობისა – მიესალმა მარკოზი მასწავლებლებს – როგორ ბრძანდებით?

– მშვენივრად, მხნედ, თავად როგორ გიკითხოთ, ბატონო მარკოზ?

– გმადლობთ, მეც შესანიშნავად, აბა, მაია, როგორ იქცეოდა ჩვენი ქალბატონი?

– როგორც ყოველთვის – ბრწყინვალედ

– ანუ ეკუთვნის ნაყინი?

– უდავოდ

– ძალიან კარგი, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ქალბატონებო

მასწავლებლებს იკემაც დაუქნია ხელი; სკოლის ეზოდან გადმოვიდნენ, საპირისპირო მიმართულებით ქუჩა გადაკვეთეს, ვარდისფერი აზალიების ბაღი გადაჭრეს და აკაციების ხეივანს გაუყვნენ

– უკითხავად არ იცოდი რა საოცრება შვილი გყავს? – ჩვეულებისამებრ გაიკრიჭა იკე და თმა ზემოთ აიწია

– რა თქმა უნდა, ვიცოდი, გადავამოწმე უბრალოდ – ღიმილითვე უპასუხა მარკოზმა – აბა, რა ისწავლე დღეს?

– ბევრი რამე: წყლის ცირკულაცია, ბაროკო და როკოკო[1], ლიტერატურის მასწავლებელი კი ჟიულ ვერნის „განძის კუნძულზე“ გვიყვებოდა

– ჩვენში დარჩეს და „განძის კუნძული“ სტივენსონისაა[2]

– გამორიცხულია რამე მეშლებოდეს, მაია ახსნიდა არასწორად

– ჰო, აბა რა – ჩაილაპარაკა მარკოზმა ხუმრობით – ეგ უნამუსო

ბავშვს გაეცინა. ხეივანი გადაჭრეს, თელების წინ მდებარე პიცერიის კარი შეაღეს, მეორე სართულის კიბეს აუყვნენ და ვერანდაზე ავიდნენ

– აბა, რომელი გვინდა? – ჩაათვალიერა მენიუ მარკოზმა

– ბევრი ყველით, ბევრი ზეთისხილით, ბევრი პომიდვრით, და რაც მთავარია, ანანასის გარეშე

– მშვენიერია, და წვენი?

– ჟოლოს, რა თქმა უნდა

– გენაცვალე გემოვნებაში – გაეცინა მარკოზს და შეკვეთა გაგზავნა – აბა, მოიფიქრე რა გსურს საჩუქრად? სამ დღეში თოთხმეტი სექტემბერია უკვე

– არაა საჩუქარი საჭირო, უსაჩუქროდაც შეიძ... კიარადა, იცი რა მინდა? აი ის, შუშის სფერო როა, რომ ამოატრიალებ და თოვს შიგნით, ნჯღრიალას რომ ვეძახი მე

– იკე, სექტემბერში ეგ სად გიშოვო? – გაეცინა მარკოზს – სხვა რამე მოიფიქრე, უფრო ძვირიანიც შეიძლება, ბოლოს და ბოლოს რვა წლის ხდები

– აბა, მელა არაო და.. არც წავი? კაპიბარა ან ქრცვინი?

– ცხოველი რად გინდა? ფილემონი ხომ გვყავს?

– მაშინ არ ვიცი, მოვიფიქრებ რამეს

– ამ თვის პროექტზე რა ხდება? რა თემა აირჩიე?

– ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიური ცვლილებები

– მშვენიერია, საუკუნის მიწურულს რას დაწერ უკეთესს

– მამ, ამ საუკუნეში ბევრი რამე შეიცვალა? რაც მე თავი მახსოვს ახალი არაფერი გამოუგონებიათ

– „რაც თავი გახსოვს“ თორე დიდი ხნის მყავდე – გაეცინა მარკოზს – კი, მართლა ბევრი რამ შეიცვალა; ძალიან კარგი თემაა ეგ და წერისას ბევრ რამესაც გაიგებ

– ხო, მასწავლებელმა გვითხრა, რომ სანამ ეს მაჯის ჰოლოგრამები გამოჩნდებოდა, ხალხი სმარტფონებით ლაპარაკობდა, მანამდე ღილაკებიანი მობილურები ჰქონდათ, უფრო მანამდე კი – სულ სხვანაირი, კაბელებით ყოფილა შეერთებული სპეციალურ ხაზებს და როცა ვინმე გირეკავდა, ვინაობა არ ჩანდა რადგან არც მონიტორი ჰქონდა – გაეცინა იკეს – ვერც ფოტოს იღებდა და ვერც ინტერნეტს უკავშირდებოდა

– მაშინ ინტერნეტი არც იყო – გაეღიმა მარკოზს – ეგრეა, მშვენივრად დაგიმახსოვრებია, კი, ასე ვითარდებოდა ტელევიზორიც, კომპიუტერიც და ყველა საოჯახო ნივთი

– ჰო, კომპიუტერი ადრე ცალკე მოწყობილობა იყოო გვითხრეს, დიდი და მძიმე, მერე უფრო თხელი, ახლა ტელეფონიც და კომპიუტერიც ჰოლოგრამაშია ორივე, მოკლედ, ასეთ რამეებზე უნდა დავწერო პროექტი; შენ როგორ ხარ? რა ხდებოდა დღეს?

– დაგტოვე სკოლაში, წავედი უნივერსიტეტში, სამი ლექცია მქონდა, ადრე გამოვედი დღეს და სახლში ავლაც მოვასწარი; აქაც ახლა ფეხით მოვედი, სახლში დავტოვე მანქანა

– ფეხით წავიდეთ უნდა?

– ლეა გამოგვივლის, წეღან მომწერა გამოვალთ დღესო, აჩეც მოვა, შეიძლება დარჩნენ ამაღამ

– აჰამ, მე და აჩე გუშინწინ მთელი საღამო დინოზავრებზე ვუყურებდით პატარა ფილმებს, კარგი იყო ძალიან

– აბა რა! და ამაღამ რა უნდა იმეცადინოთ?

– რავიცი, რამე საინტერესოს მომიყვება ან ჩამირთავს

– დღესაც ჭიდაობით უნდა დაასრულოთ? – გაეცინა მარკოზს

– მისი ბრალი იყო

– იმ ბალიშებს მე აღარ დავალაგებ – მოტანილი პიცა მარკოზმა თეფშებს შორის ჩადო – დადექით შენ და აჩე და როგორც არევთ, ისე დაალაგეთ

– მან მესროლა პირველმა და მე მერე ავყევი, აბა, ხომ არ შევარჩენდი?

– ჰო, დარწმუნებული ვარ, უდანაშაულო იყავი

– დიახაც – გაიკრიჭა იკე და ცხელი პიცა გადაიღო – მამ, მარილი მესროლე რა

– არ გინდა მარილი, აქვს საკმარისად

– არ აქვს! დაავიწყდა მზარეულს – გაეცინა იკეს – ან გაიფიქრა თავიანთი გემოვნებით მოაყრიანო?

– სახლში რომ ყველაფერს ამლაშებ ისიც გეყოს

– მარილი დამამადლა ბავშვს, მამაა ახლა ეს? – ჩაილაპარაკა იკემ და წვენი დააყოლა – აუ, ენა დამეწვა!

– ბევრმა ლაპარაკმა იცის – გაეცინა მარკოზს და ჰოლოგრამას დახედა – მიდი, ჭამე, ლეა გამოსულა სასტუმროდან

– რომელზე მოვალო?

– ოთხზე

– აჰამ, მიდი, მამ, ჭამე შენც, აღარაა ცხელი

რამდენიმე წუთში პიცერიის კარი გამოიხურეს და გაჩერებასთან გამოვიდნენ

– აუჰ, რა ჩავსკდი! – ჩაილაპარაკა იკემ და მოსაცდელის სკამზე ჩამოჯდა

– გასუქდები და ნახავ

– მეეჭვება, მშვენიერ ტანზე ვარ, თან სპორტზე სულ დავრბივარ და რა გამასუქებს?

– ეგ კარგია, მე ვარჯიშს ვეღარ ვასწრებ რაც ლექციები დამეწყო, მაგრამ მგონი არ მომიმატებია

– აბა, გამომხედე – უკან დაიხია იკემ და მარკოზი შეათვალიერა – არა, დიდებულ ტანზე ხარ, მოხდენილი მამიკო მყავს მე

– საინტერესოა – ვითომ ჩაფიქრდა მარკოზი – პიცა უკვე მიიღე, წესით აღარ უნდა მეპირფერებოდე

– მართლა გეუბნები, ჩემს ერთ მასწავლებელს მოსწონხარ, ყოველ პარასკევს, როცა უნდა მომაკითხო ხოლმე, სარეცხივითაა გადმოფენილი სამასწავლებლოს აივნიდან

– მართლა? – გაეცინა მარკოზს – ვინაა?

– ლიტერატურის მასწავლებელია ახალი

– აუჰ, საინტერესოა

– მართლა, და ერთი-ორი სხვა მასწავლებელიც გეტრფის, შენი მოსვლის დროს ეზოშიც იმიტომ გამოდიან რომ შენ გაგეპრანჭონ

– ოჰ, ოჰ, რა წარმოსახვა გაქვს

– მართლა გეუბნები – განაგრძო იკემ – ბევრი უფროსკლასელი მოსწავლეც ხურს შენზე, მიჩვეულები არიან რომ პარასკევს მომაკითხავ, ეზოში როცა შემოდიხარ ერთმანეთს ანიშნებენ მოვიდაო, აბა რა, მიმზიდველია ჩემი მამიკო

– შენ რა გითხარი – იცინოდა მარკოზი – და შენთან როგორაა საქმე? მიჯნურები ხომ არ გაწუხებენ?

– შენ იხუმრე და ერთ ბიჭს მგონი კი მოვწონვარ

– უკაცრავად?

– ორი წლით პატარაა, მეორეკლასელი, მისი ჯგუფი ჩემი ოთახის გვერდით ახლა გადმოიყვანეს. ამასწინათ კაფეტერიაში ვისხედით, ის მარტო შემოვიდა, პიცა იყიდა და რადგან თავისუფალი მაგიდა არსად იყო – სარკმლის რაფისკენ წაიღო თეფში. ჩვენ სამი ვიყავით და ღიმილით ვუთხარი თუ გინდა მოდი, აქ არის ადგილი-მეთქი. უხმოდ მოვიდა, დაჯდა და პიცა ისე შეჭამა, ჩვენთვის არც შემოუხედავს. იმ დღის შემდეგ სადაც კი ვხედავ – ეღიმება, წითლდება და ან კედელს ასკდება ან ფეხს წამოკრავს ხოლმე რაღაცას

– უიმე, რა მყავხარ ასეთი ეშხიანი, ეცემიან ბიჭები შენზე

– დიახაც – გაიკრიჭა იკე

– წარმატებებს გისურვებ სიყვარულში მაგრამ შენთვის სწავლაა მთავარი

– ისე მითხარი თითქოს ქორწილი მქონდა უკვე დაგეგმილი

– და დაახლოებით ოცდაათ წლამდე ქორწილსაც არ გირჩევ – გაეცინა მარკოზს – პროფესიაში რომ შემდგარი, დონე ქალბატონი იქნები, მერე ეძებე მეორე ნახევარი

– ვიცი, ბატონო, ვიცი

– ვიცი რომ იცი

– ვიცი რომ იცი რომ ვიცი

– არ დაიწყო ახლა! – გზას გახედა მარკოზმა და ხელით შუბლი მოიჩრდილა – სად წავიდა ეს ქალი? არსად ჩანს, მიიწიე, ჩამოვჯდები მეც

– მობრძანდი      

– სახლში რომ მივალთ, გამახსენე, კაი ამინდია და ლეიბები გავამზეუროთ

– ეგ დილით მოგეფიქრებინა უკეთესი იქნებოდა

– დამავიწყდა, საუზმეს ვამზადებდი, შენ მიერ დაღვრილ რძეს ვწმენდდი, თან ტანსაცმელს ვიცვამდი და ვემზადებოდი

– ის რძე ფილემონმა დაღვარა – უდანაშაულო სახე მიიღო იკემ – აჰა, მოაღწია ამანაც

თეთრი მანქანა მათ წინ გაჩერდა

– გაგიყვანოთ სადმე? – სათვალე ჩამოიწია ლეამ და მამა-შვილი შეათვალიერა

– „მუხებში“ – ვითომ სერიოზული ხმით უპასუხა მარკოზმა

– ათად გაგიყვანთ

– ძვირია, მადლობა – უპასუხა იკემ და გზას გახედა

– ჩასხედით დროზე თორემ მომადგა ავტობუსი – დასერიოზულდა ლეა და კარები შიგნიდან გააღო

– არიქა, ქალო – იკეს მიუბრუნდა მარკოზი – სად გარბიხარ? ჩანთას ტოვებ აქ?

– უი – მობრუნდა იკე

– მიდი, შეხტი უკან, მე წამოვიღებ

– აბა, სად დადიხარ, ლამაზო? – ჰკითხა მარკოზმა ლეას როცა დაიძრნენ და მთავარ გზაზე გავიდნენ

– სასტუმროდან მოვდივარ, წყვეტაა ტურისტების, ხოიცი, მაგათთვის სექტემბერიც ზაფხულია

– ოჰ, სალონშიც ყოფილხარ

– ჰო, ცოტა დრო გამოვნახე – გაეცინა ლეას და მარცხნივ შეუხვია

– კოხტად გაქ მაგრამ უფრო მოკლედ აღარ გინდა, ჩემზე მოკლედ გაქვს უკვე

– ჰო, რავიცი, არადა სულ ოდნავ მოაკელი-მეთქი ვუთხარი

– მე მომწონს – სავარძლებს შორის თავი გადმოყო იკემ – მოკლე თმაში ლამაზი სახე და თეთრი კბილები უფრო კარგად გიჩანს

– გენაცვალე შენ, თქვენ რაშვებით, აბა?

– პიცა გადავირტყით

– უფრო სწორად, პიცა მე ავიღე, ამან – მარილი ჭამა ცოტა პიცით

– მოეშვი, გოგო, ამ მარილს – ჩაილაპარაკა ლეამ და სარკით უკან გაიხედა

– აბა, ისე ჩალის გემო აქვს – თავი იმართლა იკემ – და აჩე სადაა?

– მოვა დაახ. ნახევარ საათში, თუ დააგვიანდება, არაუშავს, ჩვენც ვიცით ჭიდაობა – გაეცინა ლეას და „მუხების“ აღმართში აუხვია

– ჰოდა ყველამ ვიჭიდაოთ, ან ბალიშების სახლი ავაშენოთ – გამოცოცხლდა იკე

– მშვენიერი აზრია, მარკოზს უყვარს დალაგება თან – გაეცინა ლეას

– დღეს რამე ფილმს ვუყუროთ, საშინელებას

– რა დროს შენი საშინელებებია – გამოხედა მარკოზმა – რამე სათავგადასავლო ვნახოთ, მოგზაურობაზე, მეკობრეებზე, განძზე

– მშვენიერია აზრია – დაეთანხმა ლეა – აჩე რამე გემრიელობებსაც წამოიღებს

– აუ, რა კაია! – გაუხარდა იკეს – უკანა ეზოში გავიდეთ და კოცონი დავანთოთ

– ვნახოთ, შეიძლება, მანამდე შენ სამეცადინო გაქვს

– შაბათია ხვალ

– კაი, ჰა, დავანთოთ

– აჰა, ჩალაგდით – გააჩერა ლეამ მანქანა და ხის თეთრ ღობესთან ახლოს გადააყენა – ათია თქვენზე

– ჩემს ანგარიშზე ჩაწერეთ – გაეცინა იკეს და მანქანიდან გადავიდა

ეზოში შევიდნენ თუ არა, წინკარში, თავის პატარა, ხის სახლში წამოწოლილი ძაღლი წამოხტა და კუდის ქიცინით გაიქცა ჭიშკრისკენ

– აბა, რას შვრები, ფილემონ? – ჰკითხა იკემ და თოვლივით თეთრ ძაღლს შუბლზე აკოცა – ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?

– მგონი, პირიქით, დაისვენა ცოტა – ხუმრობით გამოხედა მარკოზმა, საკეტს სამაჯური მიადო და კარი გაიღო

– მობრძანდი, მარკოზ – გაისმა ექოს, ციფრული დამხმარის ხმა კედლის მონიტორიდან – რამეს ხომ არ ისურვებთ?

– ექო, კონდიციონერები ჩართე რა, ცხელა ძაან

– ნება შესრულებულია

– მადლობა, ლამაზო – უპასუხა მარკოზმა მონიტორს – ხალხო, მე წყალს გადავივლებ, ლეა, საზამთროა მაცივარში და თუ ძალიან გინდა რომ დაჭრა, ხელს ვერ შეგიშლი

– აჰამ

– ფილემონ, ხოარ გშია შენ? – ჰკითხა იკემ ლურჯთვალება ძაღლს რამდენიმე წუთში, როცა ტანსაცმელი გამოიცვალა და ხის კიბე ჩამოირბინა

– თასი ცარიელი აქვს – თქვა ლეამ და საზამთროს ნაჭრები დიდ, გამჭვირვალე სინზე დააწყო – მიდი, ქათმის ხრაშუნები ჩაუყარე

– მოდი, ფილემონ, აჰა, მიირთვი... ჩემი ჭკვიანი ბიჭი... ჭამე, გასკდი – ეუბნება და თავზე ეფერება

– იკე, ნუ გაასუქე ეგ ძაღლი, ისედაც ამხელაა ტანად – ჩამოვიდა მარკოზი ნახევრად სველი თმით და პირსახოცი სარეცხ მანქანაში შეაგდო – ხომ ხედავ, ღიპი დაედო უკვე

– მოზარდია და კარგი კვება სჭირდება

– რაღა მოზარდი, ხუთი წლისაა უკვე

– გუშინდელივით მახსოვს ფილემონის მოყვანა – ღიმილით გახედა ლეამ მარკოზს – იკე რომ სამი წლის გახდა მაშინ მოუყვანა აჩიმ, რა უცებ გავიდა ხუთი წელი

– აბა რა, ფილემონი და იკე მართლაც ერთად გაიზარდნენ, გვანან კიდეც ერთმანეთს – იხუმრა მარკოზმა იკეს გასაბრაზებლად – ოღონდ ფილემონი არ იღრინება

– ნუ მიწვევთ, ბატონო მამა – წარბის აწევით შეხედა იკემ – აუ, აჩეს მიწერეთ ვინმემ, ძვლები წამოუღოს ფილემონს და მალე მოვიდეს, ერთი სული მაქ ეზოში კოცონს როდის დავანთებთ

– წამოსულია უკვე – მაჯის ჰოლოგრამას დახედა ლეამ – ვეღარ მოასწრებს ყიდვას; მოდით, დაჭრილია საზამთრო, მარკოზ, წვენიც გამოიღე რაა

– აჰამ, მოვედი

– ხელები!

– ვიბან ხო, ვიბან – საპირფარეშოსკენ გაიქცა იკე

– მარკოზ – ახლოს მივიდა ლეა – იკეს საჩუქარი უნდა მომაფიქრებინო, არაფერი უხსენებია?

– აქეთ მომაფიქრებინე, მეც არაფერი მომდის აზრად, სათამაშოები, წიგნაკები და ტანსაცმელები რამდენი უნდა ვუყიდო? რამე განსაკუთრებული მინდა მეც, არა, არაფერი უხსენებია

– აუ, ფულს ხოარ ვაჩუქებ? უფანტაზიობა მგონია

– არაფერი გინდა, ნუ წუხდები, ისედაც არ გაკლია იკესთვის პატივისცემა – უთხრა მარკოზმა და საზამთროს ნაჭერი აიღო

– ნუ იცით მშობლებმა ეგეთი ლაპარაკი, იქნებ უნდა რამე ბავშვს

– ჰოდა, თავად ჰკითხე, ჩემთვის არაფერი უთქვამს

– იკეს ხომ დინოზავრები უყვარს, სულ მოვიარე მთელი ქალაქი და დინოზავრის რამე დიდი, ფუმფულა სათამაშო ვერსად ვიშოვე, ორი დღეა მაგაზე დავდივარ, აჩის უნდა ვკითხო რას..

– აჰა, დავიბანე, სუფთა მაქ? – გამოვიდა იკე საპირფარეშოდან და ოთახის მეორე ბოლოდან დაანახა ხელები მარკოზს

– უჰ, კრიალებ

– და ისე, ლეა, ასე თუ გინდა რომ საჩუქარი მომეწონოს – ღიმილით უთხრა იკემ – შენი სუნამო მაჩუქე, ხომ იცი, ვეცემი მაგ სუნზე

– გვისმენდი? – გაეცინა ლეას

– შემომესმინა   

– გაჩუქებ მაგრამ, ხომ იცი, აქ არ იყიდება ეს, და თუ შევუკვეთ, ერთი კვირა დააგვიანდება ჩამოტანას და შენს დაბადების დღემდე არ მოესწრება, ანუ სჯობს რამე სხვა მოიფიქრო ისევ

– ეგ სუნამო მინდა, სხვა არაფერი – გაუხარდა იკეს – არაუშავს, დაველოდები ერთი კვირა

– ეე, მეც მინდა საზამთრო – კარი შემოაღო აჩემ; მოღიმარი სახით და დიდი, თეთრი კბილებით დას ჰგავდა თუმცა საშუალოზე მაღალი ფიგურით ლეას ოდნავ უსწრებდა; ტყავის ჩანთა კიბის სახელურზე ჩამოკიდა, პროდუქტებით სავსე პარკი კი სამზარეულოს მაგიდაზე დადო – უჩემოდ ცეცხლავთ?

– ამ წამს დავსხედით – უპასუხა მარკოზმა და სკამი გაუწია

– აი, ფილემონია კარგი ბიჭი – აჩე მიახლოებულ ძაღლს მოეფერა, ხელები დაიბანა და მაგიდას მიუჯდა – მელოდებოდა სანამ მოვიდოდი

– გელოდებოდა არა ის – გაიკრიჭა იკე – ჭამა უკვე მაგან

– ყველა ერთნაირია – მხრები აიჩეჩა აჩემ და ბავშვს შეხედა – ვა, იკე, რა ლამაზი ხარ დღეს!

– მოიცა, გუშინ მახინჯი ვიყავი?

– არა – გაეცინა აჩეს – თმა გაქ სხვანაირად: შეკრული, თან ცოტა წინ ჩამოყრილიც

– ჰო, ცხელა და შევიკარი

– აჰამ, აბა, რას განიხილავთ?

– იკეს ვერ წამოვაცდენინეთ რა საჩუქარი სურს დაბადების დღეზე

– ვერ წამოაცდენინეთ? – გაუკვირდა აჩეს – თქვი, შვილო, შენხელა როცა ვიყავი – ეგრე რომ ჩემთვის ეკითხა ვინმეს, ვეტყოდი კიარა სიას ჩამოვუწერდი

– არ ვმალავ – მხრები აიჩეჩა იკემ და საზამთრო ჩაკბიჩა – მართლა არაფერი მახსენდება

– ეჰ, ფანტაზია არ გაქვთ ახლანდელ ბავშვებს – წვენი დაისხა აჩემ – მახსოვს, დაბადების დღეზე ახალი ფეხსაცმელები და ფერადი წინდები რომ მაჩუქეს, სიხარულისგან მთელი დღე დავათრევდი წინ და უკან

– კაი ახლა, ნუ გამოიყვანე შენი ბავშვობა უქონელი – გამოხედა ლეამ ძმას და მოტანილი პროდუქტები მაცივარში შეალაგა – შეიძლება ბევრი არაფერი გვქონდა მაგრამ ტანსაცმელი ნამდვილად არ გვაკლდა

– აუ, დამშვიდდი შენ, ბავშვებთან საუბრებს უხდება ასეთი რამეების თქმა თორემ კი მახსოვს როგორი ბავშვობაც გვქონდა

– აჩ, რატომ დაგაგვიანდა? – ჩაერთო საუბარში პირგამოტენილი იკე – თერაპიები გქონდა?

– კი ბატონო, შვილებმა სახლიდან გამოაგდეს, უფრო სწორად ერთმა მეორესთან გაუშვა საცხოვრებლად, მეორემ კი უთხრა – პირველმა მოგხედოსო, ქუჩაში იჯდა საწყალი, პოლიციამ იპოვა, დემენცია აქვს და ჰოსპისში მოიყვანეს

– როგორ მომწონს შენთან – წვენი მოსვა იკემ – რამხელა და რა ლამაზი ბაღი გაქვთ

– მოდი, მოდი, ჩვენს მოხუცებსაც ძალიან მოსწონხარ

– ძალიან საყვარლები არიან, მეც მიყვარს მოხუცები, ირენესთან და პელოსთან ერთად სულ კარგად ვერთობი

– ბავშვებთან ურთიერთობა ერთ-ერთი თერაპიაა, რომელსაც მოხუცებთან ვიყენებ

– შენი მეთოდები ძალიან მომეწონა, მართლა კარგი ფსიქოლოგი ხარ, არ მეგონა მოხუცები თუ ბავშვებთან საერთო ენას პოულობდნენ, ისინი ხომ შორს არიან ბავშვების ასაკიდან, მეგონა სიმშვიდე და სიჩუმე უყვარდათ

– სიმშვიდეც უყვართ და ბავშვებიც. ბევრი მსგავსებაა მოხუცსა და ბავშვს შორის: ორივეს ყურადღება უყვარს, პრობლემებით არ გამძიმებენ, მსუბუქები არიან, ლაღები და მხიარულები. არც მოხუცს და არც ბავშვს აინტერესებს ისეთი რამეები, რომელთა გამოც სხვები დღე-ღამეს ასწორებენ: ფული, მანქანები, სიმდიდრე, სახელი და ძალაუფლება. ორივეს, ბავშვსაც და მოხუცსაც, უბრალოდ დაუჯექი, ელაპარაკე და ყურადღება მიაქციე, მეტი არაფერი უნდათ კმაყოფილებისთვის; ამიტომ ხშირად ვიწვევ საბავშვო ბაღის ბავშვებს ჩვენს ეზოში სათამაშოდ. საერთო ენას ძალიან მარტივად პოულობენ. არაერთხელ მინახავს, როცა ჩაკეტილ ან უხასიათო მოხუცებს, არც მომვლელებს, არც მე ან სხვა ფსიქოლოგს ახლოს რომ არ გვიკარებდნენ, რამეზე დარდობდნენ და ვერაფრით ვახალისებდით, სწორედ ბავშვებთან რამდენიმეწუთიანი თამაშის შემდეგ გაუღიმიათ და გემრიელად გაუცინიათ. ასეა, ნებისმიერი ადამიანის გახალისება შეიძლება თუკი უპოვი რაც აბედნიერებს

– ძალიან კარგი პროფესია გაქვს, მეც მინდა ფსიქოლოგობა, მეც მინდა სხვებს ვეხმარებოდე, ვამშვიდებდე და პრობლემებს ვუმსუბუქებდე, მოხუცების ფსიქოლოგობა მინდა მეც, შენსავით

– გერონტოფსიქოლოგია[3] მართლაც საინტერესოა მაგრამ როცა გაიზრდები შეიძლება მერე აღარ მოგინდეს – უპასუხა აჩემ და მაგიდასთან მოსულ ფილემონს კისერზე მოეფერა – მოხუცის ფსიქოლოგობა მარტივი არაა, დიდი მოთმინება და ენერგია გჭირდება. და, ზოგადად, ფსიქოლოგიის ნებისმიერი მიმართულება დიდ ემოციურ გამძლეობას მოითხოვს, სხვისი აზროვნება რომ შეისწავლო და თან დაეხმარო, ჯერ საკუთარი გონება უნდა გყავდეს კარგად გაწვრთნილი და განმტკიცებული

– რავიცი – დაიბნა იკე – ვიფიქრებ მანამდე

– მოიცა რა – ჩაერთო ლეა – ფსიქოლოგად ძმაც მეყოფა, იკე ბანკირი ან საგადასახადო სამართლის იურისტი უნდა იყოს, ორივე მჭირდება ჩემს სასტუმროში

– ბარემ მზარეულიც – გაეცინა მარკოზსაც – კარგი საჭმელების კეთება რომ იცოდეს, ან რამე ისეთი – თავისი ოთახი რომ ხშირად დაალაგოს ხოლმე

– აუჰ, დააწყვეს ამათმა გეგმები – გაეცინა იკეს – ვიზამ რამეს, ბევრი პროფესია მექნება, კარგ კარიერას შევიქმნი და მოგხედავთ ყველას

– სანამ კარიერას შეიქმნი, ჯერ ის მოიფიქრე, დაბადების დღის აღნიშვნა სახლში გირჩევნია თუ გასართობ ცენტრში

– აუ, არ ვიცი

– საჩუქრად რა გინდა – არ იცი – ეცინებოდა ლეას – წვეულება სად გინდა – არ იცი

– ეგეთებზე ფიქრი მეზარება უბრალოდ – კიდევ ერთი ნაჭერი საზამთრო აიღო იკემ – მამ, შენ რომელი გირჩევნია?

– გასართობ ცენტრში, აქაურობა არ მექნება დასალაგებელი – ოთახში მიმოიხედა მარკოზმა. პირველი სართული ერთი დიდი, გაშლილი სივრცე იყო. შემოსასვლელის პირდაპირ კიბე ადიოდა მეორე სართულზე; მარცხნივ პატარა ბიბლიოთეკა იყო, მარჯვნივ, კიბის გვერდით სამზარეულო, მეორე მხარეს კი ბუხარი, წინ მდგარი დივნითა და სავარძლებით, ბუხრის მარჯვნივ დიდი სარკმელი, რომელსაც იმხელა რაფა ჰქონდა რომ მარკოზიც კი ხშირად იქ მოკალათდებოდა ხოლმე და კითხულობდა, მის მარჯვნივ მხარეს უკანა ეზოში გასასვლელი კარი; უფრო იქეთ კი, სიბნელეში, სადაც გარედან შემომავალი შუქი ვერ აღწევდა, სარდაფის ვიწრო კიბე ჩადიოდა. კედლები ათასგვარი საინტერესო ფოტოებით, მოგზაურობებიდან ჩამოტანილი სუვენირებითა და იკეს ნახატებით იყო გაფორმებული

– სახლში არ სჯობს აღნიშვნა? – იკითხა იკემ – თუ აირევა მე დაგალაგებინებ

– შენ შენს ოთახსაც კი არ ალაგებ, ლამაზო

– იქ არავის ვეპატიჟები, არეულშიც მშვენივრად ვაგნებ ყველაფერს

– ისე, მარკოზ, მაგაში შენ გგავს, ზემოთ, კაბინეტში შენი სამუშაო მაგიდაც სულ არეულია – გაეცინა ლეას, წვენი მოსვა და ჭიქის მიღმა იკეს თვალი ჩაუკრა

– რაღა მაგაში დამემსგავსა – წარბი ასწია მარკოზმა – მიდი, ახლა მოიფიქრე, თუ გასართობ ცენტრში ვაკეთებთ, დაჯავშნა უნდა იქაურობას, კერძებს არჩევა და კიდევ ბევრი წვრილმანი

– ოო, მეზარება ამდენი ამბავი, აქ, სახლში გავაკეთოთ, ვიწრო წრეში

– ვიწრო წრე არ გამოვა, ყველა ჯგუფელი უნდა დავპატიჟოთ

– მაშინ ეზოში იყოს – შეეშველა აჩე – თან აქაურობაც აღარ აირევა

– კაი აზრია – შესძახა დანარჩენმა სამმა ერთდროულად

– ჰოდა, ეგაა, ეზოში იყოს – ჩაილაპარაკა მარკოზმა – ცოტა მივალაგოთ, მოლი გასაკრეჭია, ხვალვე მოვიყვან მკრეჭს, სახლიც მოვრთოთ და ეგარი

– მეც დაგეხმარებით

– ბარემ მეც

– გცალიათ ორივეს?

– მე კვირაში ნებისმიერი ორი დღის არჩევა შემიძლია – უპასუხა აჩემ, თან საზამთროს კურკებით თამაშობდა – ასე რომ, კვირას და ორშაბათს ავიღებ  

– მე როცა მინდა მაშინ მოვალ, ჩემია ის სასტუმრო – ლეამ ხუმრობით მედიდური გამომეტყველება მიი&