ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მომკელი

მომკელი

შესავალი

 

 

2099 წელი - მთვარე

 

როდის დაიწყო ყველაფერი?

ან როდის დასრულდება?

სამყაროებისა და მათში დაბუდებული ტკივილის აღქმა იშვიათს თუ შეუძლია. გრძნობა, როცა ფრენა გინდა, მაგრამ ფრთები არ გაქვს, ცურვა გინდა, მაგრამ ფარფლები არ გაქვს, აზროვნება გინდა, მაგრამ გონება ვერ ჭრის.

სამყაროები იცვლება. ძალთა თანაფარდობა ირღვევა. რაც უფრო განვითარებულია გონება მით უფრო საშიშია ის გარემომცველი რეალობისთვის. რაც უფრო შორს მიფრინავს კოსმოსური ხომალდი მით უფრო იზრდება კოსმოსის წიაღი.

ადამიანს გაჩერება არ შეუძლია, თუ მას აზროვნება შეუძლია. საკითხავი კი ისაა გონი, რომელიც ყველაფერს ქმნის, რისი ჩაფიქრებაც შეუძლია, უნდა გაქრეს თუ პირიქით განვითარება გააგრძელოს.

რა აერთიანებდა სამყაროს ოცდაორი საუკუნე? ქრისტე? მუჰამედი? ბუდა? ალბათ ის, რომ ადამიანს რწმენის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, არაფრის არსებობის რწმენაც რწმენაა, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. ერთი რამ რჩება უცვლელი - ადამიანური სისასტიკე და აზროვნების საწყისიდან წამოსული კითხვა კეთილი მოერევა თუ ბოროტი?

და ახლა მე, რომელიც უკანასკნელად გავყურებ დედამიწას და ყელ გამოჭრილი საკუთარ სისხლში ვიხრჩობი, ჩემს დასმულ ურყევ ჭეშმარიტებაზე ვფიქრობ - ადამიანის გონებას არ შეუძლია იმის წარმოდგენა რისი არსებობაც შეუძლებელია.

 

ნაწილი I - კითხვები

 

„როცა ადამიანებს თავში კოსმოსი აქვთ შემჯდარი, მიწიერ საქმეებს დაუდევრად ეპყრობიან.“

 

აიზეკ აზიმოვი „მარადისობის აღსასრული“

 

2022 წელი - საქართველო

ამ წლის 5 აპრილს დაიბადა ადამიანი, რომელმაც შეცვალა არსებული წარმოდგენები რეალობასა და ირეალურობას შორის. ადამიანის შეზღუდულმა მრწამსმა და შეუცნობლის შიშმა სახე იცვალა.

და საკითხავი ერთი რამე გახდა - შეუძლია გონებას უფრო დიდი გონების შექმნა?

 

***

ისტორია გამუდმებით მეორდება. უბრალოდ ჩვენ გვგონია ყველაფერი სახეცვლილი.

მომკელი ბიჭი, რომელიც ზემოთხსენებულ წელს დაიბადა ძალიან დიდი ხანი ცხოვრობდა, ორდინალური, ზემდგომზე დამონებული ცხოვრებით. ისწავლა, იშრომა, შემდეგ ისევ ისწავლა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სხვისთვის და არა საკუთარი თავისთვის. საკუთარ თავში კი ნამდვილ მომკელს მალავდა - იგი იზრდებოდა, როგორც ერთი ჩვეულებრივი დედამიწეული წერტილი, მანამ სანამ გზაგასაყარზე არ დადგა 23 წლის ასაკში, აერჩია არსებული ობიექტური რეალობა თუ წასულიყო დინების წინააღმდეგ და საკუთარი რეალობა შეექმნა.

მან დინების წინააღმდეგ წასვლა არჩია.

ისტორია დინების წინააღმდეგ მოცურავე ინდივიდებზე ბევრს ყვება, ზოგზე გადამეტებულად, ზოგზე კი პირიქით, მაგრამ ჩვენ ვიცით, უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ მომკელმა ყველაფერი შეცვალა და წერტილი დაუსვა ადამიანურ უმწეობასა და უაზრობას.

ოცდამეერთე საუკუნე ცარიელ ბანკაში მოთავსებული ბაქტერიასავითაა, რომელიც გამუდმებით შობს ახალ ბაქტერიას, სანამ ბანკა ბოლომდე არ გაივსება. დედამიწაც გაივსო, ყოველგვარი რობოტების რევოლუციისა და კლიმატური შურისძიების გარეშე. პირველი კოლონია დაარსდა მარსზე და მთვარეზე, სიღრმისეული შესწავლა მიდიოდა იუპიტერის თანამგზავრის იოსი და ადამიანმა მზის სისტემის გარეთ დაიწყო მოგზაურობაზე ფიქრი. ოცდამეერთე საუკუნის მეორე ნახევარი ადამიანთა თანხმობის ეპოქად იქცა - მთავარ შემოქმედთან მომკელთან ერთად და მაშინ, როცა მომკელი მიღწეულით ტკბებოდა და ვარსკვლავთშორის იყურებოდა უფრო დიდი მიზნებისკენ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მტერი ძალებს მთვარეზე იკრებდა და რომ მტერი ძველი და ნაცნობი იყო, რომ ეს მტერი მთელი ისტორიის განმავლობაში ჭამდა და შთანთქავდა, რასაც მისი აყროლებული პირი მიწვდებოდა, ღორების კოლტი, რომელიც საბოლოო დარტყმისთვის ემზადებოდა, მაგრამ რა მოხდება მომავალში ან როგორ შეიცვლება ძალთა თანაფარდობა ამის გარკვევას დრო ჭირდება. დრო კი ისაა, რაც ოცდამეორე საუკუნის ადამიანს უხვად ექნება.

 

I კითხვა - არსებობს თუ არა მეორე მხარე?

 

არსებობენ ანგელოზები და დემონები, მაგრამ არ არსებობს მათი შემოქმედი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანს სამყაროს მასშტაბებზე წარმოდგენა არ ჰქონდა მტკიცედ სწამდა მზისა და ვარსკვლავების ღვთიურობისა, ზეციური სამყაროს არსებობისა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ერთადერთი, რაც ცის მიღმაა ეს უსასრულო კოსმოსია, უსასრულო გალაქტიკებით, ვარსკვლავებით და პლანეტებით, მათზე სიცოცხლის განსხვავებული ფორმებით. მაშინ, როცა ადამიანი ფაქტების წინაშე დადგა და დაინახა სიცოცხლე სხვა ცივილიზაციიდან, ცაში აღარავინ იხედებოდა ღმერთის გამოჩენის იმედით, არამედ შიშით სხვა სამყაროებისა, რადგან ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ როგორი ღმერთი დაიბადა სხვა ცივილიზაციებში, ან დაიბადა თუ არა საერთოდ, ან იქნებ მხოლოდ ეშმაკის სწამდათ - ჩვენ ცივილიზაციაში ღმერთის ყველა სისასტიკის შემოქმედის.

ადამიანს შეუცნობლის ეშინია. ეშინია, რადგან იცის, რომ სამყაროს არსებობის შესაძლებლობა აბსურდულია, რადგან ის რაც შექმნილია შემქმნელი ჭირდება, რასაც უსასრულო წრებრუნვაზე - მარადისობამდე მივყავართ. მარადისობის არსებობაც შეუძლებელია, რადგან მასაც უნდა ქონდეს საწყისი, და თავად საწყისის არსებობაც შეუძლებელია საწყისის გარეშე.

რეალურად საწყისი არ არსებობს, ის მხოლოდ ილუზიაა, სამყაროც ილუზიაა და თავად ადამიანი ამ ილუზიის შემოქმედია, ადამიანი საკუთარი თავის მესიაა.

მაგრამ... თუ არსებობს მეორე მხარე, მატერიალური სამყაროს მიღმა არსებული, ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი ზღვარი, ის ბევრად უფრო ლოგიკური მოცემულობის მქონე იქნება ვიდრე თავად რეალობა.

და ამ ზღვრის მიღმა მართლაც შეიძლება არსებობდეს შემოქმედი.

***

„არავითარი დასაწყისი არ არსებობს, ყველაფერი მხოლოდ გაგრძელებაა.“

მიგელ დე უნამუნო „სიყვარული და პედაგოგიკა“

 

სანამ უშუალოდ ისტორიის მოყოლას დავიწყებდეთ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - დრო, რადგან სწორედ დროის საშუალებით მოხერხდება ოცდამეორე საუკუნეში ადამიანის ძირეული ოცნებების ახდენა. მაგრამ სანამ დროის არსებობას ობიექტურ ცნებად განვიხილავთ ჩიხში აღმოვჩნდებით, ამიტომ დრო, როგორც არაობიექტური, ხელშესახები და ადვილად სამართავი ცნება ისე განვიხილოთ.

ოცდამეერთე საუკუნეში ბევრი კითხვა დაისვა, პრობლემა კი ის იყო, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ვერ ხერხდებოდა. თეორიები იქმნებოდა ფაქტების გარეშე, ადამიანი კი დამდგარი წყალივით დინების გარეშე არსებობდა. მაგრამ, საკმარისია პატარა ბიძგი, დამდგარი წყალი უზარმაზარ მოძრავ ტალღებად იქცევა და ყველაფერს შთანთქავს, რაც მის შიგნით და გარეთაა. როგორც ყველაფერს ისევე ადამიანს აქვს ორი მხარე და ამ ორი მხარის მონაცვლეობა ქმნის გზას. გზა ბევრია, შენ ერთი უნდა აირჩიო.

და უნდა იფიქრო იმაზე, რომ ეს გზა შენი ემოციებით იქნება ნაკარნახები და არა სხვისი. საუკუნეები იცვლებოდა და მონობის ფორმებიც მასთან ერთად. ადამიანს სწორედ მონობიდან დახსნამ გაუღო სამარადისოდ დაკეტილი კარები, რომლის იქითაც შეცნობილი და შეუცნობელი სამყარო მთელი თავისი იდეალურობით იმზირებოდა.

დრომ სახე იცვალა და მასთან ერთად ჩვენც - ადამიანებმა.

არსებობამაც იცვალა სახე. მეორე მხარემ კი ფორმა მიიღო.

და სწორედ ამის შემდეგ მიხვდა ადამისა და ევას ცოდვის ნაყოფი, რომ სიცოცხლის მშვენიერება სიკვდილში უნდა ეძიო, სხვანაირად ვერ შეძლებ არსებობის ყოველი წამით ტკბობას.

დაე იქმნას დრო!

 

II კითხვა - არსებობს თუ არა არაფერი?

 

დასაწყისში იყო ილუზია.

შემდეგ შევქმენით ღმერთი.

2035 წლის 4 აპრილს მართლმადიდებლურ ტაძარში მყოფი მომკელი პირველად დაფიქრდა ყოფის უაზრობაზე. სამყარო, სადაც ადამიანს კანონით შეზღუდვა ჭირდება ცხოველური ინსტიქტების წარმოჩენის თავშესაკავებლად, გონიერ, მაგრამ განვითარების დაბალ დონეზე მდგომ ინდივიდებზე მიუთითებს.

მისი აზრით თუ ღმერთი არსებობდა მის სიტყვას ადამიანი ვერ გაიგებდა, მაგრამ თუ გაიგებდა ეს ადამიანი ნამდვილად არ იქნებოდა ის მამაო, რომელიც შუა წირვისას, მგალობელ გოგონას საჯდომზე უყურებდა. მომკელი ტაძრიდან გავიდა და შიგნით არაღასდროს შესულა. მან სხვა ღმერთი იპოვა.

მისი აზრით ღმერთი ადამიანურ საქმეებში არ ერევა, არც ქარია მისი გამოგზავნილი და არც ქარიშხალი, ღმერთი არ კლავს ბოროტს ან მხარს უჭერს კეთილს, ადამიანი დიდი ხანი ვერ ხვდებოდა, რომ ღმერთის არსებობის შემთხვევაში მისი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვიყვარდეს. და, რომ ადამიანი დაბადებით თავისუფალია და რომ სიცოცხლის მთავარი არსი თავისუფალი ნებაა და ამ ნებას ღმერთი არ აკონტროლებს, არამედ მხოლოდ შენ და შენში ჩადებული გენეტიკური კოდი.

მომკელი ცამეტის გახდა.

შუაღამე იყო. ცივი ნიავი ქროდა ეზოში. მომკელი კი ფიქრობდა და უაზრობად ეჩვენებოდა ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდებოდა. შემდეგი დღიდან მომკელს მეგობრები აღარ ეყოლება, რადგან მისი ახლად გამოჩეკილი აზრით დრო მხოლოდ საკუთარ თავთან და შენზე ჭკვიანებთან ერთად უნდა გაატარო.

სასიამოვნო ღამე იყო, სასიამოვნო იყო ჩრდილებში ყურება და უფორმო ფორმების აღქმა, ვინაიდან სიბნელე რეალურად არ არსებობს და მისთვის იმ ფორმის მიცემა შეგვიძლია როგორიც გვინდა.

სიბნელიდან მომკელის ყურადღება ცამ მიიქცი, ცის მიღმა კი კოსმოსმა, და მაშინ დაიბადა პირველი რეალური ოცნება, თანაც ისეთი ოცნება, რომელიც თითქოს მუდმივად მის ქვეცნობიერში იყო დაბუდებული და მხოლოდ პოვნას საჭიროებდა.

ამ დღის შემდეგ მომკელი აღარ გაჩერებულა.

სიბნელე სიბნელეში - კოსმოსიც სხვა არაფერია თუ არა უსასრულო, იდეალურად უფორმო და ლოგიკურად არარსებული სიბნელე.

ვინაიდან სიბნელე მხოლოდ სინათლის არ ყოფნაა, ის ვერაფერი ვერ იქნება. სიბნელე მხოლოდ აღწერილობაა და არა მდგომარეობა. სიბნელის შემთხვევაში იმის მტკიცება, რომ არაფერი არსებობს ან არ არსებობს რთულია, მხოლოდ დამოუკიდებელი ფაქტების შეჯერება შეგვიძლია. ობიექტურად არაფერი არ არსებობს, მაგრამ რატომღაც ადამიანები ყველაფრის აღსაწერად არაფერს ვიყენებთ.

 

III კითხვა - სად ვეძებოთ ილუზია?

 

რამდენს ლაპარაკობენ და მაინც რა სიჩუმეა. მომკელს სიჩუმის ეშინოდა, რადგან სწორედ სიჩუმეში მყოფმა შეიყვარა პირველად 2036 წლის 11 სექტემბერს. გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე გამოუთქმელი დარჩა, რადგან ეშინოდა.

მისი იდეები, მის ცხოვრებას არ შეესაბამებოდა. არავის არ ესმოდა მისი სურვილებისა და მიზნებისა, ვერავინ ვერასდროს ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა ან რის გაკეთებას ცდილობდა, მომკელმაც მარტივი გამოსავალი იპოვა, მისთვის საშიში სიჩუმე და თითქმის აბსოლიტური მდუმარება.

გულჩათხრობილი გახდა, იშვიათად ლაპარაკობდა, და თუ ლაპარაკობდა მხოლოდ იმიტომ, რომ კითხვებისთვის ეპასუხა, თავად კითხვებს აღარ სვამდა და ალბათ ამიტომაც განსხვავდებოდა სხვებისგან.

 

***

 

12 ოქტომბერს, დილით, დედასთან იჩხუბა, ამის შემდეგ მას თითქმის აღარ ელაპარაკებოდა. შემდეგ უკვე აღარც მამას ელაპარაკებოდა. რადგან მას არ ეკითხებოდნენ სურვილებს, არამედ მხოლოდ შედეგებს, შედეგები კი ყოველთვის არ ემთხვეოდა სურვილებს.

ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, მაშინ, როცა მომკელი 16 წლის იყო მან მორიგი დაცინვა ვეღარ აიტანა და სისხლში ამოსვრამდე სცემა მისი თანაკლასელი. პრობლემები ერთბაშად მოგვარდა, ამის შემდეგ მომკელი სკოლიდან გააგდეს, მაგრამ მისმა თაობამ მას სხვა თვალით დაუწყო ყურება და მალევე სხვა ყურით მოსმენა.

სასაცილოა. სანამ სისხლი არ დაინახეს მანამდე ადამიანსაც ვერ ხედავდნენ.

წარსულმა აწმყო სისხლის წყალობით შექმნა, მომავალი კი ბუნდოვან მონახაზად დატოვა.

სამყაროს არ ახსოვს წარსული, ის სისხლის საბურველშია დამალული. ადამიანი კი წარსულის პირმშოა.

გვეგონა, რომ ადამიანები თავისებურად სამყაროს ცენტრს წარმოვადგენდით, მაგრამ ისიც კი არ ვიცოდით, რომ თავად სამყაროს არ გააჩნია ცენტრი. განვითარებაც ილუზიაა და განვითარების ილუზიაც ილუზიაა.

მომკელის უსიცოცხლო თვალები მაშინ აენთო, როცა მიღმიერ სამყაროს დაუწყო მზერა და ილუზიებზე ფიქრი დაიწყო. თუ ყველაფერი ილუზიაა მაშინ ყველაფრის შექმნა დასაშვებია, რის წყაროსაც ილუზია მოგვაწვდის გონების გავლით. წყნარ დილას კოღოების ყურთან გაუთავებელი სერენადა არღვევდა, რომელიც ჩვენ მთავარ გმირს საერთოდ არ უშლიდა ხელს ფიქრში. მომკელი სულ უფროდაუფრო მეტს ფიქრობდა, ფიქრი მისი იარაღი გახდა, სიტყვა კი თავდაცვის და მორგების მექანიზმი. სამყაროში, სადაც მისი აზრით სამართალის ყოველდღიური სახე სინამდვილეში უსამართლობა იყო მექანიზმები ცვლას საჭიროებდა. ყველა მექანიზმი ცვეთადია, ის რაც დაშვებული იყო იესოს დაბადებამდე, დაუშვებელ იქნა მისი დაბადების შემდეგ. წერტილის არსებობა ადამიანური ბორკილების მეტაფორული აღწერილობაა.

მომკელის ფიქრები ფიქრებად რჩებოდა და ხორცს ვერ ისხამდა, თავადაც არ ჩქარობდა, რადგან უკვე ხვდებოდა, რომ დრო თავზე საყრელად ექნებოდა შემდეგ ცხოვრებაში. ამ ცხოვრებაში - ფიქრის და ნაწილობრივ კეთების. შემდეგ ცხოვრებაში კი კეთებისა და მკვლელობის. 

რა არის მკვლელობა? ან რა არის დაბადება? სავარაუდოდ ორივე ილუზიაა. სავარაუდოდ...

 

IV კითხვა - სადამდე შეგვიძლია განვითარება?

 

ოცდამეერთე საუკუნის განვითარების აღმავალი ტენდენცია წინა საუკუნეების ტენდენციაზე ბევრად მეტია. ის რასაც ადამიანმა მიაღწია 30 წელიწადში გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ ის ბევრად მეტს შეძლებს უახლოეს მომავალში ვიდრე წარმოუდგენია. ფაქტებს და ლოგიკას იქამდეც მივყავართ, რომ ყოველი აღმასვლის მერე დაღმასვლა მოდის, საინტერესოა ეხება თუ არა ეს კაცობრიობას? და თუ ეხება როდის იქნება გონებრივი განვითარების პიკი? ან როგორი იქნება? რა მოხდება მას შემდეგ, რაც დაღმასვლა დაიწყება? ან საერთოდ დაიწყება კი? როგორც აღვნიშნე ოცდამეერთე საუკუნე კითხვების დასმის საუკუნეა.

უნდა ველოდოთ სასწაულებს.

ფაქტები იმასაც გვეუბნებიან, რომ სასწაულები არ არსებობს, უბრალოდ ადამიანის შეზღუდული გონების წიაღი მუდამ სასწაულად რაცხავს პროგრესს. პროგრესი მხოლოდ ტერმინი არაა პროგრესი ქმედებაა, მისი მიღწევა რთულია, შედეგები ამ სირთულეებს წონის, მაგრამ გონება იფიტება, დაღლილ გონებას არ შეუძლია სრული პოტენციალის გამოყენება, სრულ პოტენციალი ქმნისს პროგრესს. ალბათ ადამიანის რუტინული ცხოვრების მთავარი მიზანი იმის მიღწევაა, რომ გონება მუდმივად ანთებული იყოს იდეების საწვავად. საინტერესო ისაა, რომ ამას თავად გონება შეძლებს და თვითონ ააღწევს განვითარების უმაღლეს საფეხურზე თუ საჭირო გახდება ხელოვნური ჩარევა, რაიმე სახის ქიმიური ნარკოტიკი ან მარსიდან ჩამოტანილი რომელიმე მინერალი, იქნებ სწორედ მარსია ჩვენი არაკისი და არ ვიცით, იქნებ მისი სიღრმეები ფრემენებს მალავენ და არც ეს ვიცით ჯერ. ადამიანს მხოლოდ ილუსტრაციების სჯერა აღარავინ ირწმუნებს ახლად დაბადებული მუჰამედის ძალებს იმიტომ, რომ მუჰამედს ძალები არ ქონია. საჭირო იყო მისთვის ძალების მინიჭება, სამყაროს ჭირდებოდა მითები. ადამიანები კი მითების შექმნაში ყველაზე ძლიერები ვართ.

საინტერესოა გაჩნდება კიდევ ახალი რელიგიები? იქნებ მარსზე სიცოცხლის აღმოჩენის შემდეგ სრულად ჩამოიშალოს ადამიანური სარწმუნოების მთავარი საფუძველი და ოცნება იმისა, რომ ღმერთი დაბრუნდება, დაამხობს ყველა ხელისუფლებას და თვითონ იმეფებს. მგონი მეფობა მოძველდა და ცოტა მარტივი სქემაა შესაქმნელი. ფაქტია ამ აღმოჩენამ ძირეულად შეარყია ყველა თეორია თუ დილემა, რელიგიური ღირებულება თუ ადამიანის წარმოდგენები სამყაროს შესახებ.

ამ საუკუნეში წერტილები კითხვის ნიშნად გადაიქცა საინტერესოა რა ნიშნად გადაიქცევა ის ოცდამეორე საუკუნეში.

მომავალს საბურველი ფარავს, განვითარების ილუზია აღამსვლის ილუზიასთანაა თანხვედრაში, ადამიანის ცხოვრება ამ ილუზიებით შედგენილი კიბეა, მყიფე საფეხურებით. სიბნელეში შევდივართ და არ ვიცით რა იმალება ამ სიბნელის იქით. იქნებ პირველ ყოფილი სინათლე? ან პირველყოფილი სიტყვა. არ ვიცით, ჯერ კიდევ არაფერი არ ვიცით და ეს გვაგიჟებს. ცოდნა ძალაა, უცოდინრობა ტკივილი, უვიცობა ბედნიერება. სიბნელე ყველგან ერთნაირია მხოლოდ მზის ნათებები განსხვავდება, მგონი ეს სიტყვები, სადღაც ამოვიკითხე, მე კი სინათლესთან მიმართებაშ ერთი აზრი გამაჩნია - სინათლე მხოლოდ იმას ეკუთვნის ვინც სიბნელეში გაიზარდა.

 

V კითხვა - რა გველოდება სიკვდილის შემდეგ?

 

რა არის სიკვდილი და როდის დგება ის? წინასწარ გაწერილი სცენარით თუ ორგანიზმის ლოგიკური გამომდინარეობით?

მატერიისა და არამატერიის შემქნელი გონი ან ქმნილება მატერიალური გონებისთვის მიუწვდომელია, შესაბამისად ადამიანის გონებამდე მისი არსებობა მოვიდა გამარტივებული ფორმით - ფაქტი პირველი - თუ ღმერთი არსებობს ის ჩვენი სახეხატი არ იქნება. თუ არამიწიერმა გონმა შეგვქმნა ჩვენ გარკვეული მიზნით, მაშინ რა აზრი ექნებოდა ამ მიზანს თუ თითეული სიცოცხლე წინასწარაა დაგეგმილი.

ფაქტი მეორე - გონმა ჩვენ შეგვქმნა რაღაც მიზნით, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა არის ეს მიზანი. გამარტივებულ ძირამდე დაყვანილი ბიბლია ნამდვილად იტევს საინტერესო იდეებსა და მიგნებებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ის გამარტივებულია ადამიანის გონებისთვის იგი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებებს.

ფაქტი მესამე - ბიბლია არაა უტყუარი ფაქტებით სავსე ნაშრომი. გონის მიერ წამოწყებული პროცესები კოსმიური და მიწიერი მიილტვის კონკრეტული მიზნისკენ, ამ მიზნის ამოხსნას შეეცდება ოცდამეორე საუკუნეში მომკელი და საკმაოდ ახლოსაც კი მივა.

ფაქტი მეოთხე - მატერიალური გონებით შეუძლებელია არამატერიალურ საქმეთა შესწავლა და გაგება. სამოთხე და ჯოჯოხეთი სამყაროს ორი უკიდურესობა, მედალის ორი მხარე, ბუნების ორი გამოვლინება, ძირეული ბრძოლა.

ფაქტი მეხუთე და ყველაზე მტკიცე - ჩვენ სიკვდილის გვეშინია. ადამიანთა უმრავლესობა გრძნობს და ესმის, რომ ამქვეყნიური გაქრობის შემდეგ არამატერიალურ სამყაროში, რაღაც სხვა ყოფა იარსებებს, მაგრამ არ იცის როგორი იქნება ეს ყოფა. პური სამოთხიდან არ ცვივა.

ადამიანის გონებისთვის მარტივი წარმოსადგენია სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ იქნება ისეთი, როგორიც ბიბლიაშია აღწერილი.

ფაქტი მეექვსე - ჩვენ ჯერ არ ვართ სრული სიმართლისთვის მზად, რადგანა ადამიანის გონებას არ მიუღწევია ევოლუციის შესაბამის დონემდე.

სიკვდილი, გარდაცვალება, უფრო დიადი გზის საწყისი თუ უბრალოდ გაქრობა? ენერგია უკვალოდ არ ქრება, შესაბამისად, არც ადამიანი.

ოცდამეერთე საუკუნეში სიკვდილი გაუბრალოვდა, ადამიანის გონება შეეგუა ფაქტებს, რომ ღმერთი არ აპირებს დედამიწაზე ჩამოსვლას, მეფობას და საუკუნე სისცოცლის მიცემას ერთგული სულებისთვის. სიკვდილმა აზრი დაკარგა, ყოფამაც დაკარგა გარკვეულწილად აზრი, ადამიანური გონება დეპრესიის მორევში ჩაიძირა, პასუხგაუცემელი კითხვების გამო. ადამიანი ვერ იგებდა როგორ ეკეთებინა ის რაც უყვარდა ან საერთოდ რა იყო ის რაც მას უყვარდა.

წინასწარმეტყველები და პილიგრიმები ცდებოდნენ და ცდებიან, როცა ამბობენ, რომ ღმერთი ყოველთვის გამოგიწვდის დახმარების ხელს, ერთადერთი ვინც შენ დაგეხმარება ისევ შენ ხარ, დაბადებიდან ერთადერთი, მარტოსულობისთვის განწირული, იდეების გამოხატვის გარეშე დარჩენილი, საკუთარ თავში ძალის არსებობის სკეპტიკურად შემყურე. და მაინც როდის შეძლებს ადამიანი საკუთარი ძალის აღმოჩენას? ამას კითხვას შეიძლება ორი სავარაუდო პასუხი მივაწეროთ - როცა ის სიკვდილის დაამარცხებს, ან როცა ის გაიგებს რა ელის სიკვდილის შემდეგ.

 

VI კითხვა - რა შეიძლება იყოს ბუნების იქით?

 

ყველაფერი, თავისთავად, შექმნილია რაღაცის მიერ. საზოგადოებაში წარმოდგენები შემქმნელზე მეტად არაერთგვაროვანი და დაუსაბუთებელია. ბუნება არის ყველაფერი, რაც ემსახურება ადამიანის არსებობას, შესაბამისად ბუნების გარეშე ადამიანი ვერ იარსებებდა. ყველაზე მარტივად, რომ მივუდგეთ ბუნების არსებობის ფენომენს შეიძლება ასეთი რამის თქმა - ბუნება იმ ბიძგის საბოლოო შედეგია, რომელმაც გამოიწვია აფეთქება. თავად ეს ბიძგი შეიძლება ჩაითვალოს ბუნების შემქმნელად. ვინაიდან ბიძგის დანახვა შეუძლებელია, ჩვენ მხოლოდ შეიძლება ვიგრძნოთ ის, შესაბამისად მას ვერ დავინახავთ და ვერ შევეხებით ბუნებაში, მისი არსი კიდევ უფრო მაღლა და შორსაა, ვიდრე ჩვეულებრივი მატერიალური ბუნება.

მრავალმილიონიანი ისტორია უამრავ ფაქტს გვაწვდის ბუნების ძალის შესახებ. შეიძლება ბუნების ძალა უმეტესწილად ადამიანთა მიერ გადამეტებულ ცნებად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ თავად ბუნება მეტად ძლიერია და მარტივად შეუძლია აღარ მოუაროს ადამიანს თუ თავად ადამიანი არ მოუვლის ბუნებას. იმ შემთხვევაში თუ წარმოვიდგენთ იმ მასშტაბის ძალას, რასაც ბუნება ფლობს, წარმოუდგენელი იქნება უკვე იმ ძალის წარმოდგენა, რომელმაც ბუნება შექმნა. აქედან გამომდინარე, შემქმნელი, რომელიც არის ყველაფრის იქით (პირობითად დავარქვათ „ბუნების დედა“ ) არის მიუწვდომელი და უხილავი ამ მდგომარეობიდან.

სუბიექტური დამოკიდებულება ჩემი აზრისა სამყაროს არსებობასთან დაკავშირებით ერთი შეხედვით დიდი უტოპიაა, მაგრამ მე მაინც მჯერა მისი. ყველაფერი, რაც შექმნილია ჭირდება შემქნელი, შესაბამისად ამ მიდგომით ყველაფერი უსასრულოდ სამარადისოდ არსებობს, ანუ ის წერტილი საიდანაც დაიწყო ყველაფერი მუდმივი იყო იქამდე სანამ არ აფეთქდა. საბოლოო შემქნელამდე, რომ მივიდეს ადამიანი ამისთვის მეტად რთული გზაა გასავლელი, მაგრამ საბოლოო მისვლის შემთხვევაში და დანახვის მისი აღქმა მაინც დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ადამიანი, როცა გაუთვიცნობიერებლად იხედება სარკეში, ვაგონის მინაში ან წყალზე ხედავს მის ანარეკლს, ერთი შეხედვით ეს სილუეტი რეალურია და ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ ჩვენ ვართ, მაგრამ საკმარისია კარგი დაკვირვება თვალდაუხამხამებლად და ჩვენ ნელ-ნელა ვიბნევით ვხვდებით, რომ სილუეტს, რომელსაც ვუყურებთ რიგ მომენტებში არარეალურად ჩანს და ნამდვილი პერსონა არა ეს სახე ან სხეულია, არამედ მასში ჩაბუდებული სამარადისო არსი, როგორიცაა კვალი, მუდმივი წრებრუნვის შედეგი, რომელიც არ ქრება. ჩვენ ვაკვირდებით წარბებს, სახეს, სხეულის ყველა დეტალს, არ მოგვწონს ზედმეტი თმა, არ მოგვწონს ამჟამინდელი თმის სტილი, ჩაცმულობა, მაგრამ როგორც კი უფრო შორს წავალთ და დავფიქრდებით იმაზე თუ სინამდვილეში ვინ ვართ ჩვენ ყველაფერი აზრს კარგავს იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვგებულობთ.

თუ გვინდა მივიდეთ პასუხამდე ძიება უფრო ღრმადაა საჭირო. ვაკვირდებით ბუნებას, კავშირს ბუნებასა და ჩვენს შორის, მაგრამ არსს მაინც ვერ ვიგებთ. ვსხდებით, სინათლე ორი წუთის წინ ჩაქრა, ინტერნეტი გათიშულია, ღამეა, სანთელი არაა სახლში, ამ დროს ვჯდებით და ფიქრს ვიწყებთ ყველაფერზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელა-ნელა, მივდივართ მოგონებებამდე, შემდეგ აწმყომდე, ვფიქრდებით ჩვენს სიზმრებზე, გადავდივართ ილუზიურ სამყაროში და ვცდებით ზღვარს, მივდივართ ამოუხსნელ კითხვებამდე, გვგონია, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია ანდაც უარესი - პასუხები არ გვჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ სუსტად წარმოგვაჩენს, სინამდვილეში ჩვენ მეტი შეგვიძლია, შეგვიძლია გავცდეთ ამ კიხვებსაც, უბრალოდ გვერდი ავუაროთ და ვცადოთ იმ ნათელში შესვლა, რაც არის ბუნების იქით, განსხვავებულ განზომილებაში, შეიძლება მას ზმანებაც ვუწოდოთ, რადგან ყველაფერი ზღაპრულად ჩანს ადამიანის გონებისთვის, თუმცა ეს ალტერნატიული აწმყოა, ეს ადგილი ყველაფრის საწყისია, მისი შეცნობა მაინც უაღრესად წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ იმას მაინც შევძლებთ ნაწილობრივ დავკმაყოფილდეთ რამდენიმე ამოხსნილი განტოლებით, რომელთა ფესვები ვერადავერ ამოვხსენით ამ რეალობაში.

ის წრებრუნვა, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით რელიგიური თვალსაზრისითაც ისაა, რაც ზემოთ ვთქვი, უბრალოდ რიგ შემთხვევაში ზედმეტად პრიმიტიული და ფანატიკური. ნამდვილი რელიგიის მიმდევარი ვერასოდეს ვერ შეძლებს გაცდეს ბუნებას, ვინაიდან მას ბორკილები ზღუდავს, არა მისივე ღმერთის მიერ შებმული ბორკილები, არამედ მისი გონების მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქმნის განწყობილებას, რომ მე ეს არ შემიძლია, რადგან მე მე ვარ და ვერ ჩავერევი იმაში, რაც შემოქმედმა კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა.

ფიქრს მივყავართ გარკვეულ წინააღმდეგობებამდე, მაგრამ ის მაინც გვზრდის გვკვებავს და თუ გვინდა შევიცნოთ არსის გარკვეული ნაწილი აუცილებელია მოვიშოროთ ეს ბორკილები და შემდეგ თავისთავად, მეთოდურად მივალთ არსებობის იმ წერტილამდე, რომ უკან მოხედვისას არ ვიტყვით - „ცხოვრებამ უცბად ჩაიარა.“ თუ გვინდა, რომ ეს ასე არ მოხდეს უნდა დავიწყოთ ფიქრი და ვეძებოთ პასუხი კითხვაზე - „რა შეიძლება იყოს ბუნების იქით.“ ღმერთი, ჩემი წარმოსახვის ნაყოფი, არაფერი თუ ყველაფერი.

შემოქმედი იმალება ბუნების იქით ან შემოქმედი არსებობს ბუნების იქით.

 

I გადახვევა

 

ეს ჩანაწერები, რომელსაც ახლა გაეცნობით ეკუთვნის მომკელის ძმას. ჩანაწერები შემთხვევით აღმოაჩნეს მას შემდეგ, რაც იგი საკუთარ პალატაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. დღემდე ბუნდოვანია მიზეზი, ბოლოს ის მომკელს ელაპარაკა, მომკელი კი ამ თემასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს.

„ რატომაა ასეთი რთული წარსული სახეების გახსენება?.. მხოლოდ ჩუმი, უსიტყვო, სილუეტები... რამდენი ხანია ვცდილობ... მხოლოდ ბებოს დანაოჭებული სახე მახსენდება, სულ ეძინა, იმდენი ეძინა ხან რეალობასა და სიზმარს ვეღარ არჩევდა. რეალობას მგონი მეც ვეღარ ვარჩევ... ეს ფურცელზე დახატული ლაქები, ყოველთვის ერთიდაიგივე რამეს ვხედავ... არაფერი არ იცვლება. და სახეებიც თითქოს უფრო ბუნდოვანი ხდება.“

„ისეთი სიჩუმეა, ხან ყველაფერი მესმის. დაძინებას არ მაცდიან, სულ ჩურჩულებენ და ჩურჩულებენ. თითქოს უნდათ, რომ ფხიზლად ვიყო. წამლები კი სიფხიზლის საშუალებას არ მაძლევს. არც ეს კედლები მაძლევს სიფხიზლის საშუალებას, არც მოგონებები.“

„გაღვიძებისას ხან დედას ხმა მესმის ხოლმე. ჩუმი და ნაზია, მაგრამ არ მესმის რას მეუბნება. ჩემს აქ ყოფნას ალბათ რამე მიზეზი აქვს, აბა ასე უბრალოდ ხომ არ გამომკეტავდნენ. უკვე იმდენი ხანია ასე ვარ აღარც ვიცი ამ კედლების იქით თუ არსებობს კიდევ რამე.. მხოლოდ სარკმელი და ეს უზარმაზარი მოშრიალე სიმინდის ყანა.“

„ბებო დამესიზმრა.. იწვა, ადგომა უჭირდა. ბევრი ხალხი მოდის ხოლმე შენ რო სახლიდან გადიხარო, ალბათ ორეულები არიან, რო შევხედავ ქრებიანო. ნეტა გენახა იმ დღეს ვიღაც პატარა ბებერი კაცი როგორ მცემდაო. ქალი და ბავშვი მოდიან, აქვე მიჯდებიან ხოლმე და მელაპარაკებიანო, მაგრამ სახელს ვერ ვიმახსოვრებო... სახელებს ვერ მე ვიმახსოვრებ, საკუთარსაც კი. მხოლოდ ასოციაციები.“

„სახლთან ახლოს, უზარმაზარი ხეები იყო, მუდმივად უშრიალებდათ ფოთლები. ზამთარში კი უძრავად იდგნენ შიშველი ტოტებით. თითქოს ეძინათ. მათი ფოთლები ავსებდა ხოლმე ჩემი სახლის წინ მდებარე ბაღს. ამიტომ მუდმივად ბოლის და მიწის სუნი ასდიოდა არემარეს, ვიღაც მუდმივად წვავდა მათ.“

„როგორი საშინელია ასეთი სიჩუმე. მხოლოდ საკუთარი აზრების მოსმენა რომ შეგიძლია. ისიც არასრული და დანაწევრებულია, როგორც მოგონებები. ხან თითქოს დავიწყებ აწყობას, სურათი რაღაცას ემსგავსება, მაგრამ მალევე იშლება. რატომ იშლება არ ვიცი. ადრე ვიღაცამ მითხრა, რომ ერთ დღესაც მოზაიკას ისევ ავაწყობდი, მეც ამ დღეს ველოდები. რამდენი ხანი არ მახსოვს, ალბათ არც ისე ბევრი, ან შეიძლება ბევრი, ვინ იცის.“

„ გუშინ ვფიქრობდი იქნებ აქ იმის გამო ვარ, რომ მოვლენებს სხვებ