დისოციაცია
დისოციაცია
1
ჩემ წინ უზარმაზარი, ხავსისფერ ფასადიანი შენობა აღმართულიყო. ხის ორნამენტიან ფანჯრებს
მუქი ფარდები ფარავდნენ. ეს არც შუა საუკუნეების ნაგებობას ჰგავდა და აშკარად არც
თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში იყო. თითქოს ათამდე სკოლა ერთმანეთისთვის
შეეერთებინოთ. სკოლის მთავარი შესასვლელისკენ ქვის ბილიკი მიიკლაკნებოდა, გარშემო კი
სხვადასხვა ზომის მუხის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ.
სხვებთან ერთად ავტობუსიდან ჩამოვედი და იმ უჩვეულო გარემოს ვაკვირდებოდი. სულ სამი,
ორსართულიანი ავტობუსი მოსულიყო, ირგვლივ კი ასამდე მოზარდი ირეოდა. სახეზე ყველას
ცნობისმოყვარეობა აღბეჭდვოდა. არავინ საუბრობდა. ალბათ, ყველანი ერთმანეთისათვის
უცნობები ვიყავით. უნებურად ცაში ავიხედე, რომელიც ოკეანის ზედაპირივით კრიალა და ლურჯი
იყო. მზე შორეული წერტილივით მოჩანდა, თითქოს აქაურობის ბატონ-პატრონი ბრძანდებოდა და
ზემოდან აკვირდებოდა, ყველაფერი რიგზე თუ იყო.
- ყველანი ჩამწკრივდით! - უეცრად საიდანღაც მრგვალი, ნახევრად მელოტი და მომღიმარი
კაცი გამოხტა. - კეთილი იყოს თქვენი ფეხი "Septem Soror" - ის ბანაკში. მე მაიკლ
გორდონი ვარ. როგორც წესი, ახალი ნაკადის მიღება და დაბინავება მევალება.
დარწმუნებული ვარ, თავში ბევრი კითხვა გიტრიალებთ და გპირდებით, რომ პასუხებს
მიიღებთ, მაგრამ მოგვიანებით! - მაიკლმა ტაში შემოჰკრა და კიდევ უფრო მეტად გაიკრიჭა.
- სანამ თქვენი ოთახები მოწესრიგდება, გთხოვთ, ეზოში წამომყევით. იქ დაგხვდებათ
მუსიკა და კოქტეილები! წავედით, - მაიკლი შებრუნდა და წინ გაგვიძღვა.
ყველანი უკითხვოდ გავყევით. შენობის მხრიდან მართლაც შემოისმა მუსიკის ხმა, 80-იანების ახალ
ტალღას ჰგავდა. თავიდან ბილიკის სიგრძის შეფასებაში შევცდი. მანძილი ორი კილომეტრი მაინც
იქნებოდა. ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო მისი ფეხით გავლა, როცა ასეთი კარგი ტრანსპორტი
გვყავდა. ამ დროს უკან შევბრუნდი და ჩემდა გასაოცრად, ავტობუსების კვალიც არ მინახავს.
წინ ისევ ჩუმად და მომაბეზრებლად ნელა მივიწევდით. საშუალება მომეცა, გარემო უკეთ
დამეთვალიერებინა. მუხის სქელ ვარჯებს შორის ფერადი ყვავილები დავლანდე, შორს კი
თვალუწვდენელი, ხასხასა, მწვანე ველი იშლებოდა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ბავშვებს
გავხედე. საშუალო ასაკის დადგენა რთული იქნებოდა. იყვნენ როგორც 14-15 წლის
თვალებგაფართოებული გოგონები და ბიჭები, ისე უცნაურად შემოსილი თინეიჯერები და
სტუდენტებიც კი. სიმღერა თანდათან უკეთ ისმოდა, შეწყობილი ნაბიჯების ხმა კი თავში ჩაქუჩივით
მირტყამდა. იმაზე დავფიქრდი, თუ ასე უჩუმრად სად გაქრნენ ავტობუსები, როდესაც ერთი გოგო
მომიახლოვდა.
- Delta 5-ია.
- უკაცრავად?
- სიმღერა. 80-იანები არ გიყვარს? - დარწმუნებული ვიყავი, რიტორიკული შეკითხვა იყო.
- აჰ, ჰო, ალბათ. ეს სიმღერა არ მეცნობა.
- ელისონი, - გოგონამ ჩაიღიმა და წინ გაიხედა.
- სასიამოვნოა, - არც კი გამხსენებია, ჩემი სახელი მეთქვა.
- აქაურობა მომწონს. სამოთხეს ჰგავს.
- ალბათ, - მხრები ავიჩეჩე. რატომღაც ვინმესთან დიალოგში შესვლის სურვილით არ
ვიწვოდი. ჩემდა საბედნიეროდ, ელისონმა მოკეტა.
როგორც იქნა, მივაღწიეთ. ბილიკი დამთავრდა თუ არა, ჩვენ წინ შადრევნებით, ძელებით,
ყვავილებით, პატარ-პატარა ბუჩქებითა და ბუნგალოებით გადატენილი ხმაურიანი მოედანი
გადაიშალა. ადგილობრივები (?) გარშემო მხიარულად ირეოდნენ, ფერადი კოქტეილებით სავსე
ჭიქებს დაათრევდნენ, ცეკვავდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ახალმოსულთა ნაკადი
იქაურობას ბუნებრივად შეერწყა. ხალხი სიხარულით შეგვეგება. ლუდით სავსე ერთჯერად ჭიქებს,
სასაცილო ქუდებსა და ქაღალდის ყელსაბამებს გვირიგებდნენ. შევნიშნე, ელისონი უცნობ ბიჭს
როგორ ჩამოუჯდა. ალბათ, მასაც მუსიკაზე გაუბა ლაპარაკი. მინდოდა, რომ დაღლილი
ვყოფილიყავი, რომ დამძინებოდა, მაგრამ პირიქით, ენერგიით სავსე ვიყავი და არ ვიცოდი, რაში
დამეხარჯა, ამიტომ სასმელებს თავშეუკავებლად დავეწაფე და უკვე ჩამავალი მზის სხივებში
სხვებთან ერთად დავიწყე მოძრაობა. ნუთუ მართლა სამოთხეში მოვხვდით?
2
დიდ დარბაზში ვისხედით. მერხები და სკამები ტერასებად იყო ჩამწკრივებული. ოთახის ცენტრში
წითელი ჭაღი ანათებდა. მე მეოთხე რიგში ვიჯექი. ტრიბუნასთან ჩვენთვის უცნობი კაცი იდგა.
თაფლისფერი თვალები ცბიერად უკიაფებდა. თავს აქეთ-იქით ატრიალებდა, თითქოს ჩვენს
რაოდენობას ითვლიდა. გრძელი, სწორი თმა ცხენის კუდად შეეკრა. ნაცრისფერი, უჩვეულო
ფაშფაშა სახელურებიანი პერანგი ეცვა. კარებთან კიდევ ორი ქალი იდგა. სამარისებური სიჩუმე
კაცის ჩახველებამ დაარღვია.
- მოგესალმებით! - ხელები ფართოდ გაიწვდინა. - მინდა, იმ მისიის შესახებ მოკლედ
მოგახსენოთ, რომლის შესრულებაც გევალებათ და რისთვისაც აქ მოგიყვანეს. პირველ
რიგში, გეტყვით, რომ ყველაფერი, რასაც აქ გაიგებთ, თქვენს ცნობისმოყვარეობას
ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებს და ასეც არის საჭირო. - ცბიერი ღიმილი სადღაც გაუქრა. -
ყოველი თქვენგანი ჩვენს წინადადებას დათანხმდა. იძულებით არავინ მოგვიყვანია, მათ
შორის, შედარებით პატარებიც… მათზე პასუხისმგებლობა მშობლებმა ჩავგვაბარეს.
თქვენივე უსაფრთხოების მიზნით, ჩვენგან გარკვეული დროის მანძილზე ვერ შეიტყობთ, თუ
დედამიწის რომელ კუთხეში ვიმყოფებით. - კაცმა იმაში დასარწმუნებლად მიმოიხედა,
ახდენდა თუ არა მისი გამოსვლა საჭირო ეფექტს. - ყველამ ვიცით, როგორი საფრთხის ქვეშ
იმყოფება ჩვენი პლანეტა. სტატისტიკური მონაცემების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ეს
ყველასთვის მეტნაკლებად ცნობილია. ამ პრობლემის სიღრმე ყველამ უნდა გაითავისოს.
სხვა შემთხვევაში, თქვენი ადგილი აქ არ არის. ეს ბანაკი დედამიწის მომავლისთვის
ზრუნავს, თქვენ კი ჩვენი ახალი თაობა ხართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ
უკლებლივ ყველა ღირსეული არ აღმოჩნდება, ჩვენი მიზანი კი სწორედ ღირსეულთა
გამორჩევაა. დღეიდან თქვენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნებით. თითოეული ქცევა თუ
გადაწყვეტილება თქვენ პირად საქმეში ჩაიწერება. ეს კონკრეტული მისია მაშინ
დასრულდება, როდესაც თქვენ შორის უფროსს 23 წელი შეუსრულდება. თქვენ, თუ
შეიძლება, - კაცმა მეორე რიგში მჯდომ გოგონას მიუთითა. ის წამოდგა. - თქვენ მელისა
ლამბერტი ხართ, 22 წლის. 6 თვეში 23 შეგისრულდებათ, შესაბამისად, მისიის
ხანგრძლივობაც 6 თვე იქნება. 2022 წლის ხუთ მაისს, როცა მელისა 23-ე დაბადების დღეს
აღნიშნავს, თქვენ საბოლოო პასუხებს შეიტყობთ იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება ბანაკში და
ვინ დაგვტოვებს. როგორც კი ეს ნაკადი დაასრულებს მოსამზადებელ და შესარჩევ ეტაპს,
ჩამოვა ახალი, რიგით მეცხრე ნაკადი, რომლის გამოცდაშიც უკვე თქვენ, რჩეულები
დაგვეხმარებით. თქვენ მოგეცემათ სხვადასხვა სახის დავალებები, პირდაპირ თუ ირიბად.
იმას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის არ გეცოდებათ, რომ დავალებას ასრულებთ. არც
პირდაპირ მოცემული ყოველი "დავალება" იქნება ნამდვილი. ჩვენ მხოლოდ დეკლარაციით
გათვალისწინებული დავალებების შედეგებს შევიტანთ პირად სამეებში, - მამაკაცს ისევ
გადაურბინა ცბიერმა ღიმილმა. როგორ სიამოვნებდა ჩვენით მანიპულირება! -
რასაკვირველია, ამ დეკლარაციის შინაარსი არ გეცოდინებათ, მხოლოდ დროებით. ახლა კი
დაგტოვებთ, პროცედურული შეკითხვებისთვის ქალბატონებს მიმართეთ. - კაცმა
ფურცლები წამოკრიფა და დარბაზი უემოციო სახით, დაუმშვიდოებლად დატოვა.
ვეჭვობდი, რომ ამ კაცს დიდხანს ვეღარ ვნახავდით. ის აბსურდი, რაც მან ილაპარაკა, ჩემ გონებაში
ალკოჰოლივით ტივტივებდა. ძალიან მეცინებოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ნუთუ არ შეეძლო,
სახელი მაინც ეთქვა? არასოდეს მინახავს, ვინმეს სხვების უცოდინრობით ამხელა სიამოვნება
მიეღოს. ის ამით იკვებებოდა, ჩვენს ცნობიერებას ჟანგბადივით ისუნთქავდა, ცეცხლს გვიკიდებდა
და რამდენიმე წამში თავადვე აქრობდა.
კაცმა როგორც კი დატოვა ოთახი, კარებთან მოდარაჯე ქალები ტრიბუნისკენ დაიძრნენ. ორივე
ქერა იყო, ორმოცს გადაცილებული. საინტერესოა, ნეტავ წარსულში ისინიც ავტობუსებით
მოიყვანეს?
- მაქვს პატივი, თქვენს შეკითხვებს გავცე პასუხი, - დაიწკრიალა ერთ-ერთმა მათგანმა,
რომელსაც შედარებით მუქი ცისფერი თვალები ჰქონდა. ორივეს თეთრი კოსტიუმი და
მუხლებამდე კაბა ეცვა. მათი შორიდან გარჩევა რთული იყო.
თავიდან დარბაზში სიჩუმე იყო. ცხადია, ყველას ასობით კითხვა უტრიალებდა, თუმცა მათთვის
თავის მობმა გვიჭირდა. იქნებ, ჩვენი შეკითხვა სასაცილო ან არაადეკვატური ყოფილიყო? იქნებ
მათზე პასუხის ნაცვლად მკაცრი შენიშვნა მიგვეღო?
- რომელ კონტინენტზე ვართ? - აუდიტორიის ბოლოდან დაბალი ხმა შემოისმა.
- თქვენი სახელი? - ისევ მუქთვალებამ უპასუხა.
- ნიკი, - გოგონა შეკითხვაზე პასუხს აშკარად არ ელოდა. უმრავლესობის მსგავსად, საკმაოდ
ინდიფერენტული ჩანდა.
- ნიკი… - ქალმა ტუჩები მოკუმა და ძირს დაიხედა. ნეტავ, იატაკს მიმართავდა? - მისტერ
ჰარისისთვის ყურადღებით რომ მოგესმინათ, ამ შეკითხვას არ დასვამდით.
- გასაგებია, ზუსტი ადგილმდებარეობის და კოორდინატების თქმას არ აპირებთ, მაგრამ
იქნებ ვენერაზე ვართ?
- ქალმა ირონიულად ჩაიცინა, - არა, ნიკი, ვენერაზე არ ვართ, და, როგორც აღნიშნეთ, ზუსტ
მონაცემებს ვერ გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე ვართ.
- დღის მანძილზე რით დავკავდებით? - ამჯერად წინა რიგებიდან წამოვიდა შეკითხვა. -
გავიგეთ, რომ რაღაც სპეციალურ დაწესებულებაში ვართ და ასე შემდეგ, მაგრამ რამე ხომ
უნდა ვაკეთოთ?
- რა თქმა უნდა, ბევრი რამით დაკავდებით. გექნებათ ყოველდღიური ლექციები სხვადასხვა
თემებზე, რომელთაც ჩვენი გამოცდილი პროფესიონალები გაუძღვებიან; ხშირად მოგიწევთ
სხვადასხვა ობიექტზე გასვლა, სხვადასხვა საკითხების კვლევა… ამასთან, ყველა ჩვენგანი
აქ თანაბარ პირობებშია, ამიტომ ყველას მოუწევს, ამა თუ იმ სასარგებლო საქმით
დაკავდეს, იქნება ეს საჭმლის მომზადება, ოთახებისა და დერეფნების დასუფთავება, ბაღის
მოვლა, და, რასაკვირველია, გექნებათ ბევრი თავისუფალი დრო. სწორედ ამ თავისუფალ
დროზეა გათვალისწინებული თქვენზე დაკვირვება.
ნელნელა კითხვების რაოდენობა იზრდებოდა, მათი უმრავლესობა ყოველდღიურ დეტალებს
ეხებოდა. როგორც ჩანს, პირველი უპასუხო კითხვის შემდეგ, ვერავინ ბედავდა, მართლაც
საინტერესო შეკითხვა დაესვა. ქალის პასუხებს სულ უფრო ნაკლებად ვუსმენდი. დარწმუნებული
ვიყავი, ყველას ფეხებზე ეკიდა ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფერო, ექვსთვიანი გადამზადება,
დედამიწის ბედი და ამ ყველაფერში საკუთარი როლი, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც იქ
ვიყავით. ალბათ ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა, მე ჩემი არ ვიცოდი.
3
უცხო გარემოში პირველი დილა სავსებით ჩვეულებრივი იყო. მზე აქაც ისე ამოვიდა, როგორც ჩემ
სახლში. აქაც ისევე გავათენე, როგორც ჩემ სახლში. რატომღაც მეგონა, რომ საერთო ოთახები
გვექნებოდა. საბედნიეროდ, შევცდი. შენობა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ სასაცილოც კი
იქნებოდა, ერთ ოთახში ორნი მაინც რომ შევესახლებინეთ. ინტერიერი საზაფხულო ბანაკისგან
არაფრით გამოირჩეოდა: ოთხი კედელი, პატარა საშხაპე, საწოლი, მარტივი ფერები და
ტანსაცმლის კარადა. ჩემს _______°__ყურადღებას მხოლოდ სამსართულიანი წიგნების თარო იქცევდა, მაგრამ
არც იმდენად, რომ ახალგაღვიძებული მათი შინაარსით დავინტერესებულიყავი. ეს საქმე დროებით
გადავდე.
გაღვიძება არ მიჭირდა, მაგრამ ლოგინიდან წამოდგომა ჩემთვის კაცის მოკვლის ტოლფასი იყო.
თავს იმაზე მყუდროდ ვგრძნობდი, ვიდრე საკუთარ სახლში, სადაც 19 წელი გავატარე. როგორღაც
ადგომა მოვახერხე. ფანჯარა მთელი ღამით ღია მქონდა. ხედი ზღაპრული იყო. თითქოს ორი მწვანე
სფერო ერთმანეთს სიმწვანეში ეჯიბრებოდა, შუაში კი ქვის გრძელი, ნაცრისფერი ბილიკი
მიიკვლევდა გზას. ეს სწორედ ის ბილიკი იყო, რომლითაც აქ მოვედით. როგორც ჩანს, შენობის
წინა ნაწილში დამაბინავეს.
აქ ყოფნისას პირველად მომინდა მოწევა. სიგარეტი თან არ მქონია. არც პირადი ნივთები. მხოლოდ
ის გამაჩნდა, რითიც მოვედი: კრემისფერი მაისური, შავი შარვალი და ზამთრის მაღალძირიანი
ფეხსაცმელი. ფანჯარას მოვშორდი და კარადა გამოვაღე. შიგნით რამდენიმე ერთნაირი,
შინდისფერი მოკლესახელოიანი პერანგი და ორიოდე შორტი დამხვდა. ქვემოთ წყვილი შავი
ფეხსაცმელიც იდო. ალბათ, დღესვე უნდა ჩაგვეცვა.
ნელთბილი შხაპი მივიღე და ბანაკის ფორმა ჩავიცვი. სარკიდან ლურჯთვალება და ქერათმიანი ბიჭი
მიყურებდა. უეცრად ზარის რეკვა შემომესმა. ეს ალბათ იმის ნიშანი იყო, რომ სადღაც უნდა
შევკრებილიყავით, თუმცა არ ვიცოდი, სად. შეიძლება, ეს დეტალები გუშინ კრებაზე განიხილეს
კიდეც, მაგრამ მე რატომღაც არ ვუსმენდი.
ოთახიდან გავედი. დერეფანში რამდენიმე მოზარდი წინ მიაბიჯებდა. წითელი ხალიჩა ნაბიჯების
ხმას შეძლებისდაგვარად ახშობდა. ბავშვებს გავყევი. არავინ ლაპარაკობდა. ყველა გულგრილად
მიდიოდა წინ. დერეფნებში რამდენჯერმე შეუხვიეს და სამი სართულით ქვემოთ ჩავიდნენ. ბოლოს
ფართოდ გაღებულ კარებთან აღმოვჩნდით. ჩვენი დანიშნულების პუნქტი სასადილო ყოფილა.
შიგნით უკვე ყაყანი იყო. ზოგიერთებს ერთმანეთი გაეცნოთ. მაგიდებთან ჯერ არავინ იჯდა. ყველა
რიგში ჩამწკრივებულიყო და შუშის თაროს მიღმა საუზმეს ათვალიერებდა. ზოგი მოხარშულ
კვერცხს და ფაფას იდებდა დაფაზე, ზოგი გახუხულ პურს ბეკონით, ზოგი კი უბრალოდ ყავას. მეც
მხოლოდ ყავას დავჯერდი და ფანჯრის გვერდით, ცარიელ მაგიდას მივუჯექი. ჩემდა გასაოცრად,
მაგიდაზე ვერცხლის პორტსიგარი იდო. მოურიდებლად გავხსენი და ერთი ღერი უფირმო სიგარეტი
ამოვიღე, წითელი ფილტრით. იქვე ბროლის საფერფლე და რკინის ოქროსფერი სანთებელაც იდო.
ისევე მოურიდებლად გავუკიდე და გავაბოლე, მაგრამ მშვიდად ყოფნა დიდხანს არ დამცალდა.
დავინახე, გაკრეჭილი სახით პირდაპირ ჩემკენ როგორ მოაბიჯებდა ელისონი, მგონი იმ ბიჭთან
ერთად, გუშინ რომ გაუბა ლაპარაკი.
- გამარჯობა, უსახელო! - სკამები გამოსწიეს და ჩამოსხდნენ.
- გამარჯობა, ელი, - ყალბად გავუღიმე და უცნობ ბიჭს თავი დავუქნიე. მანაც იგივე
გაიმეორა.
- ეს ითანია, - მასზე მიმითითა ელისონმა. - შენც ყავა და სიგარეტი? - პორტსიგარს დასწვდა
და სამი ღერი ამოიღო. - აბა, გაგვიმხელ შენს სახელს?
- ლეო.
- ...მე სხვანაირ სახელს ველოდი, - ელისონს თითქოს ლატარეა წაეგოს.
- ჰო … - უზომოდ მინდოდა, ეს დიალოგი მალე მორჩენილიყო, რომელიც, ალბათ, ჯერ არც
დაწყებულა.
- ლეო, არ გინდა შემოგვიერთდე? კლუბივით რაღაცას ვაკეთებთ, რამდენიმეს უკვე
ვუთხარით, - ელისონმა პოტენციური თანამონაწილეების ძიებაში უკან გაიხედა.
- რა კლუბს? უკვე? - მოჩვენებითი გაოცება გამოვხატე.
- ჰო, ანუ ჯერ არ ვიცით რა და როგორ, მაგრამ ნელნელა მოვიფიქრებთ… მოკლედ, მოდი
რა, - ელისონმა ნახევარი ღერი ჩაწვა და ღიმილით გაგვეცალა.
- ლეო, - ჩაიღიმა ითანმაც და მარტო დამტოვა.
როგორც ვხვდებოდი, ამ წყვილს უახლოეს მომავალში თავს ვერ დავაღწევდი. წარმოდგენა არ
მქონდა, მათი კლუბი რად უნდა ქცეულიყო და რომ არ დავმალო, არც მინდოდა, მქონოდა.
სასადილოდან გამოსული ეზოში ჩავედი. შადრევნის გვერდით, ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი და კიდევ
ერთ ღერს მოვუკიდე. მის ცენტრში გველისკუდიანი ქალის ქანდაკება იყო, გარშემო კი სხვადასხვა
სახეობის გველები აფრქვევდნენ წყალს. ეს ქალი, ალბათ, რომელიღაც მითოლოგიურ არსებას
განასახიერებდა, ჩემთვის აშკარად უცნობს.
- ლამაზია? - ნახევრად მელოტი, შუახნის კაცი მომიჯდა.
- არც ისე.
- ეს ანუნაკია.
- უკაცრავად?
- ეს ქალი… ანუნაკია… ამბობენ, მათი ცივილიზაცია სადღაც შორს, სხვა გალაქტიკაში
ბინადრობს. - კაცი შადრევანს ჩაფიქრებით შეჰყურებდა, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ
მასზე ფიქრობდა. - მაინც ლამაზია.
- თქვენ ამის გჯერათ? - არ ვიცოდი , რატომ ვკითხე.
- რისი? - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ შემობრუნდა.
- აი, ანუნაკის, თუ როგორც თქვით.
- რატომაც არა, - ისევ შადრევანს მიუბრუნდა. - რატომ არ უნდა მჯეროდეს? შენც გირჩევ,
ლეო. - მარცხენა მუხლზე ხელი დამადო და გეზი შენობისკენ აიღო.
დღეს რატომღაც ყველა მალე მტოვებდა. ალბათ, ენერგეტიკულ დონეზე ვაგრძნობინებდი, რომ
მარტო ყოფნა მინდოდა. ცუდი აზრი არ იყო.
რამდენიმე წუთში ზარის ხმა ისევ შემოისმა, ამჯერად განცხადებასთან ერთად:
- ყურადღება, ზუსტად ხუთ წუთში, 527-ე აუდიტორიაში, ახალმოწვეულთათვის პირველი
ლექცია ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.
არაფერს ვკარგავდი. ყოველ შემთხვევაში, უსაქმოდ ჯდომას მაინც ჯობდა. თან იქნებ, რამე
საინტერესოც გამეგო, ამიტომ ნამწვი სანაგვეში ჩავაგდე და პირველ ლექციაზე დასასწრებად
გავემართე.
4
- ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ხედავდეს კიდეც მათ.
თავის თავში ჩაკარგული მისტერ ჰარისი, მისი აზრით, ჩვენთვის ინფორმაციის გადმოცემას
ცდილობდა. საუბრობდა მატრიცულ სიმრავლეებზე, ფრაქტალებზე, რომლებიც თითქოს ყველგან
არიან და მათ თურმე ყველგან უნდა ვხედავდეთ.
- უბრალოდ ჰაერს დააკვირდით, ოღონდ იმას ნუ უყურებთ, რაც თქვენ წინაა. უყურეთ ჰაერს.
თითქოს ამ პროცესისთვის განსაკუთრებული მომზადება მჭირდებოდა, სკამზე მოხერხებულად
წამოვჯექი და ფანჯრიდან შემოჭრილ სინათლეს დავაკვირდი. მოღრუბლული ამინდი იყო, ამიტომ
მზის სხივები ჩვეული სითბოთი და სიკაშკაშით ვერ გვახარებდნენ. თვალები მოვჭუტე და შევეცადე,
ყურადღება ჰაერზე, სივრცეზე, სისავსესა თუ სიცარიელეზე გამემახვილებინა. მართლაც დავლანდე
პატარ-პატარა, ატომის ბურთისმაგვარი ფორმები. მზერის მეტად დაძაბვის შემდეგ წაგრძელებული
ფიგურებიც გავარჩიე. ისინი იმდენად გამჭვირვალენი და მსუბუქები იყვნენ, თითქოს არც
არსებობდნენ. დარწმუნებული ვიყავი, მათ ადრეც ვხედავდი. მახსოვს, ღრმა ბავშვობაში მამამ
ტყეში სასეირნოდ რომ წამიყვანა. ხასხასა ველზე, მოსიყვარულე ბალახებში ვიყავი ჩაფლული,
უცოდველ ლურჯ ცას ავყურებდი და მზერით პატარა ბურთულაკებს დავსდევდი. მათ დასაჭერად
ხელებიც გამიწვდენია, მაგრამ მათი ფუნქციის შესახებ არასოდეს დავფიქრებულვარ. უფრო იმას
ვფიქრობდი, რომ მზის ნათებისაგან აჭრელებული თვალები თავისით ქმნიდნენ რაღაც
გამოსახულებებს.
- თუ დაინახეთ, ეს სურათი თქვენ გონებაში სამუდამოდ აღბეჭდეთ, - განაგრძო მისტერ
ჰარისმა. - ახლა კი მინდა, ჩვენს დღევანდელ თემას შევეხო… სული…უძველესი
წყაროებიდან ვიცით, რომ ადამიანის სული უკვდავია. დედამიწაზე, ფიზიკურ სხეულში, ის
გამოცდილების მისაღებად იგზავნება. ყველა ცოცხალი ორგანიზმის სული თხელ, ფაქიზ
სამყაროში იმყოფება, თუმცა იქ მას გარდაქმნის უნარი არ გააჩნია. - ხელები ერთმანეთს
გადააჭდო და ნელი ნაბიჯით ფანჯრისკენ გაემართა. - ადამიანის სული ელექტროსადგურს
წააგავს. ფიზიკური შემადგენელი მოიხმარს ნავთობს და გამოიმუშავებს ენერგიას, სული კი
შემდგომ ამ ენერგიას იყენებს. შეუძლია, ის თვითგანვითარებისთვის, სხვა სულთა
დასახმარებლად, რაიმეს შექმნისა თუ პირიქით, განადგურებისთვის გამოიყენოს. სწორედ
ამაშია არჩევანის თავისუფლება. - ამ დროს ფანჯარასთან მივიდა და რამდენიმე წუთს
მდუმარედ გასცქეროდა შორეთს, თითქოს თავის ნათქვამს უფიქრდებაო. - ერთი სულის
სხვადასხვა სხეულში მრავალჯერად განსხეულებას უძველესი წიგნები რეინკარნაციას
უწოდებენ. - ამის თქმისას ისევ ჩვენკენ შემობრუნდა. - ახლა კი უფრო
საინტერესოზე…ალბათ, თითოეული თქვენგანი რაღაც მომენტში დაფიქრებულა
უკვდავებაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ აბსოლუტური უკვდავების მისაღწევად სულმა
ყველა განვლილი ცხოვრების განმავლობაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება უნდა
შეაჯამოს. ამის განხორციელებაში საიდუმლო ცნობები უნდა დავიხმაროთ. დავუშვათ,
ადამიანის სხეულში სრული სულის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია მოთავსებული, - მისტერ
ჰარისი დაფისკენ შებრუნდა და რაღაცის ხაზვა დაიწყო. - შეჭმარიტი მე კი თხელ
სამყაროებში არსებობს. იქ არ არის ჩვენი ფიზიკური ცნობიერების მიერ აღქმადი დრო თუ
სივრცე. ამ სამყაროებიდან ცოდნის მიღების უნარს ასტრალში გასვლა ვუწოდოთ. სწორედ
იქ შეგვიძლია ჩვენი წარსული ცხოვრებებიდან მონაცემების ამოკრება. - გაუგებარი სქემის
ხაზვას მორჩა და ჩვენკენ შემობრუნდა. - ჩვენ სხეულში მოთავსებული სულის ნაწილისა და
მისი სისრულის მიმართებას დაახლოებით ასე გამოვხატავთ.
ამ დროს დედამიწის ატმოსფერომ ყველაზე უცნაური ხმა გამოსცა, რაც კი ოდესმე მომისმენია. ამ
ხმამ თვით მისტერ ჰარისიც კი დააეჭვა. ვერც კი ვიფიქრებდი, თვითკმაყოფილების გარდა, სხვა
ემოციის გამოხატვა თუ შეეძლო, მაგრამ ამის საპირისპირო ჩემ წინ იდგა: კაცი სმენად იყო ქცეული
და ზუსტად იცოდა, რისი ხმაც ესმოდა. ასე სწორედ ამან დააეჭვა. მის შემხედვარე აუდიტორიას
დაძაბულობის ტალღამ გადაუარა. მეც კი ტვინში განგაშის ზარი ჩამესმა, რომელიც თითქოს ყველა
ჩვენგანში ერთდროულად აწრიპინდა. ჰაერი მოულოდნელობის და გაურკვევლობის ატომებით
გაივსო. სუნთქვაც შეუძლებელი ხდებოდა. დრო იმ ბრინჯაოს საათის ციფერბლატებს უკან
ექაჩებოდა, დარბაზის კედელზე რომ ეკიდა.
- გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, - მისტერ ჰარისმა ოდნავ აკანკალებული ხმით სცადა
ჩვენი დამშვიდება. - ახლა რაც არ უნდა მოხდეს, არც ერთ თქვენგანს არანაირი საფრთხე არ
ემუქრება.
თვალებგაფართოებული კაცი აუდიტორიიდან გავიდა და ასობით ბავშვი ამოუცნობის წინაშე
სრულიად მარტონი დაგვტოვა. დარწმუნებული ვიყავი, სკოლის მთელ ტერიტორიაზე, ყველა იქ
მცხოვრები, იმავეს გრძნობდა, რასაც ჩვენ.
ის შორეული ხმა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რა დროსაც ყველანი უხმოდ ვისხედით და გონებაში
მოქმედების განვითარების ყველაზე ცუდ ვარიანტებს განვიხილავდით. ბოლოს უკვე ნამდვილი
ზარის ხმა გაისმა. ბავშვების ტალღა მაშინვე გასასვლელს მიაწვა. საშინელი ჩოჩქოლი ატყდა. ყველა
ცდილობდა, წინ გაჭრილიყო და გარეთ პირველი გავარდნილიყო. ჩვენს დერეფანში გატყორცნილ
ჯგუფს სხავადასხვა სართულებიდან, კიბეებიდან და მოსახვევებიდან ხალხის მასა მდინარის
შენაკადებივით ემატებოდა. გვერდითი მზერით ვხედავდი, ზოგი როგორ ეცემოდა, თუმცა მათი
დრო არავის ჰქონდა. ყველა ეზოში გასვლის ჟინს აეკვიატებინა. წინ ისე გაცხოველებულნი
მივრბოდით, თითქოს ზომბები ვიყავით და ტვინების უზარმაზარ საწყობს მივაგენით.
გასასვლელ კარიბჭესთან ძლივს ჩავაღწიე, მაგრამ იქ უარესი სიტუაცია დამხვდა: ყვირილი, კივილი,
ტირილი… ყველაფერი ერთად ჩამესმოდა. არც კი ვიცოდი, რა მამოძრავებდა და რა მაიძულებდა,
იმ ბრბოში თავი შემეკავებინა და სხვებივით ძირს არ გავრთხმულიყავი.
ხალხი ერთმანეთს უმოწყალოდ აწვებოდა. კარებში ვინც გაძვირებოდა, თავს თუ ვერ შეიმაგრებდა,
კიბეებზე გორდებოდა. მზის სხივებს სულ უფრო ახლოს ვგრძნობდი. დაბოლოს, როგორც იქნა,
გასასვლელ ხაზთან ვიყავი. უცებ შეტაკება ვიგრძენი და მარმარილოს საფეხურებზე პირდაპირ
თავით გადავეშვი. როგორ მინდოდა, გაჩერება შემძლებოდა, მაგრამ წონასწორობას ვერ
ვინარჩუნებდი. ფერები და ხმები ერთმანეთში მერეოდა. ქვას ძლიერად ვასკდებოდი, მაგრამ
არაფერი შემეძლო. თვალთახედვის არეალში ვამჩნევდი, ჩემთან ერთად სხვებიც როგორ
დაგორავდნენ. ტკივილი იმდენად აუტანელი გახდა, ბოლოს მსიამოვნებდა კიდეც. ცრემლები
უნებურად წამსკდა. რაღაც წამს ვიგრძენი, რომ ხრეშზე ვეგდე. ხალხი თავზე მაფრინდებოდა. მზე
მაშინვე ჭრილობებზე მეცა და სხივები მარილის კრისტალებივით დამაყარა. თავი გაჭირვებით
ავწიე. წინ გავიხედე. დაბინდული მზერით ძლივს ვარჩევდი, ხალხი სულ წინ, გზისკენ როგორ
გარბოდა. იქ, სადაც ავტობუსებიდან ჩამოგვსვეს, უზარმაზარი, მომრგვალებული,
ვერცხლისფერ-მოიისფრო მასა დავინახე და ის იყო ვხვდებოდი, თუ რა გამოსცემდა იმ ხმებს,
რითიც ყველაფერი დაიწყო, რომ ზედ მძიმე სხეული დამეცა. ზუსტად ერთ წამში გავითიშე.
5
ბუნდოვნად ვხედავდი, როგორ დამტრიალებდა თავს მედდა. მისი სტერილურად სუფთა სამოსი
ჩემს მდგომარეობასთან სრულ შეუსაბამობაში იყო. ვგრძნობდი, სხვადასხვა ადგილას კანი როგორ
მეწვოდა.
- გთხოვთ, ცოტა ხნით არ გაინძრეთ, ჭრილობებს დაგიმუშავებთ, - მთხოვა, როცა ნელნელა
თავის წამოწევა დავიწყე.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი ზიანი მარჯვენა იდაყვს მიადგა. ორივე მუხლიც მსუბუქად
მქონდა გაკაწრული, თავი კი, მარმარილოს საფეხურებზე განმეორებითი დარტყმების მიუხედავად,
არ გამტეხია, მაგრამ ვეჭვობდი, მინიმუმ ტვინის შერყევა მექნებოდა. სახე, საბედნიეროდ, გადარჩა.
- გაირკვა, რა ხდება? - ბოლო საფეხურზე მიწოლილმა შეწუხებული ხმით ვკითხე მედდას,
როცა ის უკვე მუხლებს მიმუშავებდა.
- ამას თქვენ თვითონ ნახავთ. სიარული აუცილებლად უნდა განაგრძოთ, ოღონდ ეცადეთ, არ
ირბინოთ.
- სერიოზულადG__U6B‚__р? არ უნდა დამაწვინოთ? - ვკითხე ჩემ ჯანმრთელობაში საკმაოდ
დაეჭვებულმა.
- არა, - გაიღიმა. - როგორც გითხარით, ისე მოიქეცით. იქით, - ხელი გზისკენ გაიშვირა,
რომელიც, როგორც მახსოვდა, შენობიდან ორ კილომეტრში იყო. - ახლა კი დაგტოვებთ,
სხვა პაციენტები მელიან.
როცა მარტო დავრჩი, იქაურობა კარგად მოვათვალიერე. ჩემსავით ოცამდე ბავშვი
დასახიჩრებულიყო. ზოგს ჯერ კიდევ მედდა დასტრიალებდა თავს, ზოგი კი შოკში იყო და ვერ
გაერკვია, ვისი ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი აღმოჩნდა.
- ეი! - გაისმა უკნიდან.
ხმა აშკარად საიდანღაც მეცნობოდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. თავის აწევა ვერ
გავრისკე. მაინც მეგონა, რომ სულ ცოტა 3 დღე პალატაში უნდა ვწოლილიყავი, ამიტომ ორგანიზმს
ინსტინქტურად ვუფრთხილდებოდი.
- გეძახდი.
გვერდით ითანი მომიჯდა. უფრო სწორად, მომეწება, თუმცა არც მისი გაწევის და არც გვერდზე
ჩაჩოჩების თავი არ მქონია, მხოლოდ ოდნავ შევბრუნდი, რომ მენახა, რა სჭირდა. ამ დროს თვალი
ჩამიკრა და წინ გაიხედა.
- მეც ვგორდებოდი, მაგრამ შემაჩერეს. არაფერი მჭირს, უბრალოდ ცოტა დასვენება
გადავწყვიტე. - აშკარად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
გაუნძრევლად ვეგდე და წინ ვიყურებოდი. ადგილზე მედდები თითქმის აღარ დარჩნენ. როგორც
ჩანს, მათი საჭიროება აღარ იყო, თუმცა ბავშვები ჯერ კიდევ ეყარნენ შემოსასვლელთან, კიბეებზე,
ხრეშზე თუ მინდორზე. ზოგი შადრევანთან ფეხებს ისველებდა.
- ელისონი ალბათ უკვე იქაა, მომეჭიდე, - ხელი გამომიწოდა და ჩემი წამოყენება სცადა.
იმ გზის გავლა კიდევ ერთხელ მომიწია, თუმცა ამჯერად უფრო წამათრიეს, ვიდრე წავედი. ითანი
მთელი გზა ხმას არ იღებდა. დაღლილი ჩანდა, მაგრამ არავის უთხოვია, მომხმარებოდა, ამიტო
სინდისიც არ მაწუხებდა.
დეჟავუს შეგრძნება მქონდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც ადამი და
ევა იგრძნობდნენ ვაშლის გასინჯვის შემდეგ. თითქოს უცოდველი ბავშვი აღარ ვიყავი, თითქოს
რაღაც დავაშავე, არადა იქ სულ რამდენიმე დღე გავატარე. არ ვიცი, ასე ჩამავალი მზე მოქმედებდა
თუ სუსტი თავბრუსხვევა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მომყოლი ყვავილები აშკარად უფრო მკვეთრი და
ფერადი იყო, ვიდრე პირველ ჯერზე.
- თითქმის მივედით, - მომმართა გადაღლილმა ითანმა.
- ოჰ, - არ ვიცოდი, რა მეთქვა.
მთელი გზა თავჩახრილი მივდიოდი. იმის წინასწარ მეშინოდა, რაც იქ გველოდა. თავი ავწიე და
ტომარაში ჩაყრილი ბრინჯის მარცვლებივით მიმოფანტული ხალხის გარდა ვერაფერი დავინახე,
მაგრამ არა… ბოლოში, იქ, სადაც ავტობუსები გაჩერდნენ, ან უფრო შორს, ისევ ის
მოვერცხლისფრო, ჩემთვის აშკარად უცნობი მოწყობილობა მოჩანდა. მზეს თითქოს გადაეწყვიტა,
მთელი მსოფლიოსთვის განკუთვნილი სხივები მხოლოდ მისთვის ეტყორცნა.
- როგორც იქნა! - დავინახე, ელისონმა ხალხის მასა როგორ გამოარღვია და ჩვენკენ
წამოვიდა. - ლეო, - თავი ოდნავ დამიკრა.
- გამარჯობა, ელი.
- ძალიან გტკივა? - ჩემს პლასტირგადაკრულ მუხლებს დაჭყანულმა ჩახედა.
- თითქმის არა.
ძალიან მინდოდა, სადმე დავმჯდარიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამის შესაძლებლობა კიდევ დიდხანს
არ მომეცემოდა.
- რა ხდება? - ნახევრად ჩურჩულით ჰკითხა ითანმა.
- ვიღაცები არიან, - ელისონი შეიშმუშნა. - მაგრამ არ ვიცით… ჯერ არავინ გვინახავს.
- და ეს რა არის?
- როგორც ჩანს, მათი ხომალდი.
- რა?
შევეცადე, ყურადღება მომეკრიბა. მაშინღა შევამჩნიე, რომ ისევ ითანს ვიყავი დაყრდნობილი. ის და
ელისონი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, "ხომალდს" გაჰყურებდნენ. ეს იყო არც ისე დიდი,
მაგრამ აშკ