ბიბლიის დაკარგული გვერდი; მოსიარულე ოქსიმორონი; მხეცი და უსახელო მონადირე
ბიბლიის დაკარგული გვერდი; მოსიარულე ოქსიმორონი; მხეცი და უსახელო მონადირე
ბიბლიის დაკარგული გვერდი
(აპოკრიფული ჩანახატი: N1.)
“ელოი, ელოი ლამა საბაქთანი...
სახარება.
26. - ხალხი ამბობს რომ ჯვარზე გაკრულს სიკვდილის შეგეშინდა და მამამზეს შეევედრე ხსნა. მან კი მიგატოვა. მართალია? - ჰკითხა დამცინავად.
- ტყუი. ვერავინ მოისმენდა ასეთ რამეს ჩემგან, რადგან არავინ ყოფილა ჯვრის სიახლოვეს რომაელების გარდა. ნუთუ ჯალათებს დაუჯერეთ?
27. - შენმა მოწაფეებმაც გაიგონეს როგორ ევედრებოდი გეთსამანიის ბაღში მამამზეს აგცილებოდა ჯვარცმის სიმძიმე.
- ასე არ ყოფილა. მოესმათ. მიუხედავად იმისა რომ ვთხოვე ეფხიზლათ ყველას ჩაეძინა. გადაღლილები იყვნენ და კარგად ვერ გაიგეს რას ვამბობდი.
28. - როდისღა ესმოდათ შენი? განა მთელი ეს ხანი უკმაყოფილო არ იყავი მათით? რამდენჯერ გაიქეცი და განმარტოვდი უდაბურ ადგილზე?
- არ იცი რომ „მარტო კაცი ჭამაშიც საბრალოა?“ - გაეღიმა იესოს.................................
მოსიარულე ოქსიმორონი (დეტექტიური კომედია)
თავი პირველი. ვინ მოიპარა ალმასის თვლები?
-გაძარცვულია ათეულობით მაღაზია და რამდენიმე კოლექციონერი. წაღებულია მხოლოდ ალმასის თვლები, რომლებიც ამოღებულია თავისი ბუდეებიდან ბასრი საგნით. სამკაულები ხელუხლებელია. - უხალისოთ მოვახსენე გამომძიებელს განსაკუთრებული განყოფილებიდან რომელიც ჩემს დასახმარებლად გამოგზავნეს .
- რა იცით ძიების საიდუმლოთა შესახებ? - მკითხა მოულოდნელად მან.
-რა დროს ძიების საიდუმლოებანია?-ვეღარ მოვითმინე მე.
-თავისთავად ის ფაქტი, რომ მხოლოდ თვლებია წაღებული, ხოლო, სამკაულები ხელუხლებელი, უკვე ბევრ რამეს მოასწავებს. დამნაშავის ამოცნობის დაუწერელ კანონებს თუ იცნობთ?- მკითხა მოულოდნელად გამომძიებელმა.
-მხოლოდ დაწერილ კანონებს -დაბნეულად მივუგე მე.
-ცუდია. დაწერილი კანონი ჩვენზე კარგად დამნაშავემ იცის ამიტომ მას ადვილად არიდებს თავს. - ყველა იმედი გადამიწურა გამომძიებელმა. პირველი დაუწერელი კანონია ეძებო დამნაშავე იქ სადაც ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენ მას. ეს არ იცის დამნაშავემ და იქ გელოდება. ისინი დამწყებები არიან. მეორე კანონი პირველზე გაცილებით დახვეწილია. დამნაშავემ იცის რომ მას ზუსტად იმ ადგილებში მოძებნიან სადაც ყველაზე ნაკლებად წარმოსადგენია მისი ყოფნა ამიტომ ცდილობენ სწორედ იქ არ დატოვონ კვალი, ისინი ოსტატურად შენიღბული გამოცდილი დამნაშავეები არიან, მაგრამ არსებობენ უნივერსალური დამნაშავეები რომლებიც კაცმა არ იცის სად არიან, ვინ არიან და რას აშავებენ. ისინი ლამის არ არსებობენ. არსად არასდროს ტოვებენ კვალს და მხოლოდ იგულისხმებიან. გამომძიებლის ნამდვილი საქმე მესამე დონის უნივერსალური დანაშაულის გახსნაა. არსებობს მეოთხე დაუწერელი კანონიც მათ შესახებ ვისაც დანაშაულის ცხელ კვალზე პოულობენ. თუმცა მეოთხე დონის დამნაშავეები არ არიან ნამდვილი დამნაშავეები, ისინი ან საერთოდ არაფერ შუაში არიან, ან ბრიყვები არიან.
-ვერ არის ჩემი საქმე კარგად- ჩავიბურტყუნე მე.
-სათვალთვალო კამერები თუ შეამოწმეთ?- კვლავ მოულოდნელად იკითხა მან.
-შევამოწმე და არსად არაფერია, ღამის პეპლებსა და ღამურებს თუ არ ჩავთვლით- კვლავ გაბრაზებულმა მივუგე.
-რამდენია ალმასის თვლების სავარაუდო ღირებულება?
-100 მილიონს აღემატება.
-სამწუხაროა, რაც უფრო ძვირია დანაშაულის მოტივი, მით უფრო ძნელია დამნაშავის პოვნა თუკი ის ბრიყვმა არ ჩაიდინა , ჯერჯერობით კი სახეზე საპირისპიროა. თუმცა ორმაგად საინტერესოა-ხელები მოიფშვნიტა მან.
თავი 2 შავი ხვრელები
-წარმოგიდგენიათ როგორ უნდა დააშავოთ ციფრულ სამყაროში შეუმჩნევლად? -მკითხა უეცრად გამომძიებელმა.
-ვერ წარმომიდგენია.- მოკლედ მივუგე მე.
-შავ ხვრელად უნდა იქცეთ.
-ბატონო?
-უნდა გახვიდეთ მოვლენათა ჰორიზონტიდან.
-სად უნდა გავიდე?
-არ უნდა ჩანდეთ ანუ იცნობოდეთ, არ უნდა ისმოდეთ ანუ ხმაურობდეთ და არ უნდა იგრძნობოდეთ -ანუ მოქმედებდეთ.
-არამედ?
-როგორც გითხარით, მხოლოდ იგულისხმებოდეთ.
-შავი ხვრელები არა თხუნელას ორმოები, - თუ შეიძლება საქმეზე ვილაპარაკოთ- ვუთხარი მე, მან კი ყურიც არ მათხოვა:
-ამისთვის ისინი, უამრავ ხერხს იყენებენ რაც მათ გამოაშკარავებას კიდევ უფრო ართულებს.
-მაგალითად?
-ისინი იგავურად საუბრობენ, მათი სამეტყველო ენა კოდირებულია უნიკალური მეთოდებით.
-თავიაანთი დამწერლობაც ხომ არა აქვთ?
-ლაპარაკისას მათ სიტყვა „საით“ ,შეიძლება გამოიყენონ როგორც სიტყვა “ხვალ“„ ხოლო, სიტყვა „ხარ“ როგორც „შევხვდეთ“ მოკლედ ერთმა დამნაშავემ შეიძლება მეორეს ჰკითხოს: „საით ხარ? და იგულისხმოს „ ხვალ შევხვდეთ“ ცხადია ასეთი კომუნიკაციის მქონე დამნაშავეების მოსმენას აზრი არ აქვს. ისინი უამრავ კვალის ასაბნევ გზას მიმართავენ. არასდროს არიან იქ სადაც გვგონია რომ არიან, არასდროს გამოიყურებიან ისე როგორც წესით უნდა გამოიყურებოდნენ და არასოდეს იქცევიან იმგვარად როგორც გვარწმუნებენ რომ მოიქცევიან.
-რატომ?
იმიტომ რომ მოჩვენებები არიან და მარადიულ უცნობებად რჩებიან ყველასთვის. უდანაშაულობის ნიღბის ტარება არავის შეუძლია მათ გარდა ასე დიდებულად, ასეთი ოსტატური გულგრილობით. - დანაღვლიანდა გამომძიებელი განსაკუთრებული განყოფილებიდან.
-მოჩვენებების რომ არ მჯერა? -გამეცინა მე; თუმცა პენსიაში როცა გავალ თქვენი მონათხრობის მიხედვით აუცილებლად დავწერ ტრაქტატს სათაურით „დანაშაულის ფილოსოფიური საფუძვლები“ და რაღათქმაუნდა მოგიხსენიებთ - ვუთხარი ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა.
- მაშ უნდა ვივარაუდოთ რომ თქვენი ტრაქტატის წაკითხვის შემდეგ, დამნაშავეთა სამყაროც შექმნის დაუწერელ ირონიულ ტრაქტატს სახელწოდებით „გამოძიების უსაფუძვლო ფილოსოფია“ და თაობიდან თაობას გადასცემს როგორც ზეპირსიტყვიერების ნიმუშს. თუმცა ამას ჯობია შეგეძლოთ უდანაშაულოში დამნაშავის ამოცნობა და პირიქით.
-როგორ?
-მაგალითად მდინარე დამნაშავეა როცა კალაპოტიდან ამოდის და ხეებს გლეჯს. მაგრამ ხეც დამნაშავეა მდინარესთან ახლოს რომ დგას.
-რა საოცრებას ამბობთ, „შავი ზღვაც ხომ არ არის დამნაშავე რომ შავია?“ როგორც ერთ ჩვენებურ - ქართულ სიმღერაშია -გამეცინა მე.
-რატომაა საოცრება? - მკითხა მან.
-როგორ თუ რატომ, ხე ხომ თავისით არ ამოსულა მდინარესთან ახლოს?
-განა მდინარე თავისით ჩამოდის ხეობაში? იქნებ გადაუღებელი წვიმაა ამაში დამნაშავე? იქნებ ხეობა, მთა, სიმძიმის ძალა ან მიზიდულობის კანონი? იქნებ ყველაფერში მართლაც სამყაროა დამნაშავე თავისი აგებულობითა და მოცემულობით, მათ შორის შავი ზღვაც- მაინც მომწვდა გამომძიებელი.
-მგონი გამოძიების კალაპოტიდან ამოვვარდით ორივე- ვუთხარი მე მას, მან კი განაგრძო:
-ამიტომაც არაა ადვილი გამომძიებლად მუშაობა. თუმცა სამართლიანობის ერთი წვეთი, მისი პატარა ნატეხი, სამყაროს დასაბამიერ სიმძაღეს ატკბობს.
-მგონია რომ ლიტერატორი უფრო ხართ.... -ვაჯახე ეგრევე.
-მე კი მგონია რომ ოდესღაც გემოვნებიანი მკითხველი იყავით.- სიტყვა მომიჭრა მანაც და განაგრძო; -გამომძიებლები ტკივილგამაყუჩებელ წუთებს უნდა ჩუქნიდნენ დაზარალებულებს, ამდენად სამყაროს ადამიანურ საძირკველზეც ზრუნავდნენ და მისი სიმაგრისთვის შრომობდნენ. ამაში კი ზოგს წესიერი გასამრჯელოს გადახდაც არ უნდა.
-ძლივს რაღაცაში გეთანხმებით.- ვუთხარი მე.
-თქვენი აზრით ქურდის ქურდი ცხონდა?-მკითხა მოულოდნელად.
-ღმერთმა იცის-მოკლედ მივუგე მე.
-ჩემი აზრით ქურდის ქურდი მაშინ ცხონდება თუ მიტაცებულს სწორად გაანაწილებს და თავისთვის მხოლოდ წვალებისას დაიტოვებს.
-წვალებისას?
-დიახ წვალებისას. და თუ ასეთ მაცხოვნებელ დანაშაულთან გვაქვს საქმე, მისი ამოხსნა ძალიან გაგვიჭირდება.
-რა გაგვიჭირდება?
-საცხონებელი პირის პოვნა.
-საცხონებელი პირი ვინ არის?
-ამ შემთხვევაში ის ვინც ალმასები მოიპარა. - დაასკვნა მშვიდად მან.
-ესე იგი ვისი პოვნა გაგვიჭირდება?
-სავარაუდო ცხონებულის.
-ვისზე ამბობთ?- უკანასკნელი ძალები მოვიკრიფე მე.
-მასზე, ვინც ცხონდება.
-ვინ ცხონდება, რეებს ლაპარაკობთ?
-ვინც უსამართლოდ განაწილებულ ნაქურდალს სწორად გადაანაწილებს.
-შენ ძმაო არსენა ოძელაშვილის ვინმე ხომ არ ხარ, ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ იცოდე დროზე ადრე ჩამოგვაშორებენ საქმეს. - ვუთხარი მე.
-ვერ ჩამოგვაშორებენ.
რატომ?
-ჩვენ ხომ არ ვიცით ამ შემთხვევაში ის ვინც ალმასები წაიღო მართლაც ცხონდება თუ არა. აი, ამიტომაა საჭირო სწორად გამოძიების ჩატარება. - გაიღიმა მან და მთხოვა სამივე კოლექციონერის სახლში მიმეყვანა.
თავი მესამე. (დედუქცია)
საღამომდე ვიდეოკამერების ჩანაწერებს ჩავკირკიტებდით ორივე, ვიდეოჩანაწერებში ღამის პეპლებისა და რამდენიმე ქვემძრომის გარდა ვერაფერი ვნახეთ, ჩემი უცნაური თანამგზავრი კი მაინც კმაყოფილი ჩანდა.
-დავუშვათ თქვენ გინდათ ბუს კვერცხები და სიმაღლის გეშინიათ. -წამოიძახა მოულოდნელად მან.
- რა კავშირშია სიმაღლის შიში და ბუს კვერცხები ერთმანეთთან?
- დავუშვათ.
- კარგი დავუშვათ. - დავთანხმდი მე.
- ბუს კვერცხები ბუდეში აწყვია.
- შემდეგ?
- ბუდე ხის კენწეროზეა.
- მერე?
- რა უნდა გააკეთოთ მათ ხელში ჩასაგდებად?
- რა უნდა გავაკეთო?
- თქვენ უნდა დაძლიოთ სიმაღლის შიში და ხეზე ახვიდეთ. - მომიგო სრული სერიოზულობით მან. შემდეგ კი ისევ მოულოდნელად მკითხა:
-თქვენი აზრით სხვისი ბედნიერება სასურველია?
- რატომაც არა? კითხვა შევუბრუნე მე.
- ლამაზი ქალი ბედნიერებაა?
- რა თქმა უნდა.
- მაშ გამოდის რომ სხვისი ლამაზი ქალი სასურველი ყოფილა თქვენთვის და თქვენი აზრით. თუმცა ამ დანაშაულის აღკვეთისთვის რა იქნებოდა ყველაზე კარგი?
- ასე უცებ ვერ გეტყვით. - მივუგე მოკლედ.
- რა თქმა უნდა აღმკვეთი ღონისძიება და რაში მდგომარეობს აღმკვეთი ღონისძიება? -აღსაკვეთი მოვლენის გამოცნობაში.
- კონკრეტულად?- ყურადღება მოვიკრიბე მე.
- როცა ალმასების კოლექცია გაქვს დარწმუნებულიც კი უნდა იყო რომ არავინ ეცდება მის შევსებას თქვენს გარდა, არამედ... არამედ ბევრი მის დაცარიელებასაც მოისურვებს და ზოგიერთ შემთხვევაში ვინმე ამას შეძლებს კიდეც. თუმცა უარესი სხვა რამაა.
- უარესი რაღაა? -ვკითხე მე.
- უარესი არის ისეთი რამის ფლობაა რაც თქვენ არ გეკუთვნით...
- მე ძალიან არ მომწონს თქვენი ამგვარი დამოკიდებულება გამოძიებისადმი და სიმშვიდე.
- სულაც არ ვარ მშვიდად, ერთი სული მაქვს სხვა ჩანაწერებიც ვნახო, -თქვა მან.
სათითაოდ ჩამოვიარეთ ყველა მაღაზია. ყველა ვიდეოჩანაწერში მხოლოდ თაგვები, ჩიტები, ხვლიკები და პეპლები დაბორიალობდნენ, რამდენიმე ჩანაწერში ძაღლმა და კატამაც გაირბინა ხოლო ერთ - ერთ ჩანაწერში გველის წიწილებსაც მოჰკრა თვალი განსაკუთრებული განყოფილების გამომძიებლის გამჭრიახმა თვალმა.
სიბრაზისგან ლამის ტუჩების კვნეტა დავიწყე.
- გამოძიებაში მთავარია დადგინდეს ჩადენილია თუ არა ნამდვილად დანაშაული და ვინ არის ამ სინამდვილის ავტორი. სხვა დანარჩენი გვერდითი მოვლენებია. დამნაშავის ძებნა იწყება აშკარა და დაფარული დანაშაულის ნიშნებიდან. მას შემდეგ რაც დანაშაულის ადგილზე ცხელი კვალი არ ჩანს. თუ კვალი არსებობს მაშინ გამოძიებაც აღარაა საჭირო. გამომძიებლის მოვალეობაა დანაშაულის უხილავი ძაფის პოვნა.
- ამას ქვია ნემსის ყუნწში გაძვრომა.- ვთქვი მე.
- ამას ჰქვია სწორი ნაბიჯით სვლა დანაშაულის ლაბირინთებში.
- ასეთი რა დაგიშავე ღმერთო? - ვბურტყუნებ ჩემთვის.
- ზოგჯერ დანაშაულის ადგილზე დატოვებულია ყალბი ნიშნები მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ნამდვილი დამნაშავის კვალია. არსებობს შემთხვევითი და წინასწარ დაგეგმილი ნაკვალევი. ცრუ კვალს რომ ავცდეთ აუცილებელია დანაშაულის დამამტკიცებელი ნიშნების ცოდნაც. კომპიუტერულ ეპოქაში დამნაშავეებმა იციან რომ მათ აკონტროლებენ. ამიტომ ისინი მუდმივად ცდილობენ გავიდნენ კონტროლის ზონიდან და მწყობრიდან გამოიყვანონ არასასურველი სისტემები. აუდიოვიდეო თვალთვალი მართალია ამცირებს წვრილ-წვრილ აშკარა დანაშაულებებს, მათ შორის მასობრივ ხულიგნობებს. სამაგიეროდ იზრდება პროფესიონალების მიერ ჩადენილი ფარული, კარგად ორგანიზებული დანაშაულებების რიცხვი. ბევრად სასიამოვნოა გამოძიება მაშინ როცა ეჭვმიტანილის უდანაშაულობის დამამტკიცებელ ნიშნებს ხვდები, მათი ხვდომილება ნამდვილ დამნაშავემდე მიგიყვანს. - თქვა მან და ისევ სასწრაფოდ დამეკითხა:
-თქვენი აზრით სიცოცხლე მშვენიერია?
-დიახ.- უხალისოდ მივუგე მე.
-მშვენიერება მარადიულია?
-ასეა.
-მაშ გამოდის სიცოცხლე მარადიული ყოფილა ამ გაგებით. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, უფრო მთავარი რომ ზღვარი უდანაშაულობასა და დანაშაულს შორის შუბლის ძარღვზე გადის ან არ გადის.
-ვერ გავიგე?
-ზღვარი უდანაშაულოსა და დამნაშავეს შორის არ არსებობს.
-ეგ რას ნიშნავს?
-იმას რომ შუბლის ძარღვი გაწყვეტილია.
-ეს შეგონებანი კარგია მაგრამ არა მგონია დამნაშავის პოვნაში დაგვეხმაროს!
-გეგონოთ, - ნიშნის მოგებით მითხრა მან. დავუშვათ თქვენ ეძებთ დამნაშავეს დამნაშავის კვალი კი არ ჩანს, როგორ უნდა მოიქცეთ?
-უკვე აღარ ვიცი - ვუპასუხე მე.
სწორია არ იცით, საიდან გეცოდინებათ როცა კვალი არ ჩანს ან ვერ ხედავთ.
-და თქვენ დაინახეთ რამე, ვიდეოჩანაწერებში ორდღიანი ქექვის შემდეგ, თავი კინოთეატრში მგონია უკვე. - ვუთხარი მე.
-დღეს გვეყოფა წავიდეთ სასტუმროში- მითხრა გამომძიებელმა ელიტარული განყოფილებიდან და ოთახიდან გაქანდა.
თავი მესამე. ოქსიმორონი
-მშვიდი საღამოა. -ვუთხარი გზაში მე.
-მეუღლე გყავთ არა? - მკითხა როგორც სჩვეოდა მოულოდნელად.
-მეგობარი გოგო - ვუპასუხე მე.
-როგორც მიგანიშნეთ, ქალის არსება თავის თავში მუდმივად ატარებს დანაშაულის ონტოლოგიურ გაგებას. მისთვის უცხოა დანაშაულისა და უდანაშაულობის მეტაფიზიკა - დამნაშავის უდანაშაულობა და უდანაშაულოს დამნაშავეობა.
-თქვენ გყავთ ცხოვრების თანამგზავრი?- ვკითხე სასწრაფოდ რათა მორიგი გაუგებრობისთვის თავი ამერიდებინა.
-მეგობარ ქალზე მეკითხებით თუ ცოლზე?
-ორივეზე - გავუთამამდი ჩემს კომპანიონს.
-სამწუხაროდ ქალებში მიმართლებს. -თქვა მან; რადგან მანდილოსნებთან მიმართებაში ხშირად ვიყენებ ოქსიმორონებს, ისევე როგორც დამნაშავეებთან. ყოველ შემთხვევაში გამოძიების ლიტერატურული ხერხებიდან ყველაზე მეტად ტროპებს ანუ გადატანითი მნიშვნელობის შემოვლით გზებს ვანიჭებ უპირატესობას. განსაკუთრებით კი ოქსიმორონს.
-ეგ რას ნიშნავს? - დავინტერესდი ამ იშვიათი გამონაკლისით.
-ოქსიმორონი მახვილგონივრული სისულელეა არაჩვეულებრივი სიტყვათშეთანხმებით.
მახვილგონივრულ სისულელე? -გამიკვირდა მე.
დიახ. მაგალითად წინადადებაში რომელიც სულ ახლახანს გითხარი, „სამწუხარო გამართლება“ ოქსიმორონია.
-რატომ ?
-იმიტომ რომ გამართლება არასდროს არის სამწუხარო.
-კიდევ რა მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ?
-მაგალითად ქალბატონებთან ურთიერთობაში ყოველთვის მოუსვენრად მშვიდი ვარ.
-კიდევ როგორ იქცევით ? -გავხალისდი მე.
კიდევ ვცდილობ უსირცხვილოდ სამართლიანი ვიყო მათ მიმართ და უნებართვოდ ვნებიანი. როგორც წესი ვნების გამოხატვას ნებართვა სჭირდება ადრესატისგან, მე კი ამას არ დაგიდევთ, რადგან განსაკუთრებით ეს უკანასკნელი მოსწონთ ქალებს. შეგიძლიათ დამისახელოთ, მსოფლიოს კრიმინალური და ლიტერატურული ისტორიიდან, სხვა სფეროებს რომ თავი დავანებოთ ორი ყველაზე ცნობილი ოქსიმორონების ავტორი?
არა რა თქმა უნდა!- სასწრაფოდ გავეცი პასუხი.
პირველი ეს გახლავთ დონ კიხოტ ლამანჩელი ხოლო მეორე შერლოკ ჰოლმსი.
-მკვლელი შეგცოდებიათ ოდესმე? თემის შეცვლა გადავწყვიტე მე.
საწყალი მკვლელები, აი უკვე ოქსიმორონებით ლაპარაკობ, რადგან ნამდვილი მკვლელი არასდროს არის საწყალი. - თქვა მან.
მარტო მე კი არა. მგონი მთელი მსოფლიო ოქსიმორონებით ლაპარაკობს და ეს სამყაროც ერთი დიდი ოქსიმორონია- ვუთხარი მე მას.
გეთანხმებით- ღიმილით მომიგო მან; გინდათ ჩემი საიდუმლო გაგიმხილოთ? დიდი ხანია გამოძიებას თავი დავანებე.
-აბა ახლა რას აკეთებთ?
-გამოძიებაში გეხმარებით. დამოუკიდებლად დიდი ხანია აღარ ვმონაწილეობ გამოძიებაში და დაკავებული ვარ მოსალოდნელი დანაშაულის ხელის შეშლით.
-ესეიგი დანაშაულს ჩაშლით ხართ დაკავებული და ამით გამოძიებას უწყობთ ხელს.
-ასაკში რომ შევალ დ ხ შ კ უ- ს შექმნაზეც ვიფიქრებ - დამიმარცვლა მან; დანაშაულის ხელის შემშლელი კერძო უნივერსიტეტი. სადაც სწორედ ამ მიმართულებით აღიზრდებიან სამართლდამცველთა თაობები. მოკლედ მსურს ნაკლები იწვალონ გამომძიებლებმა. - თვალი თვალში გამიყარა მან.
-თქვენ გინდათ უსამსახუროდ დამტოვოთ? - გამეცინა მე.
-არა, მე მინდა კათედრაზე მიგიწვიოთ. თქვენ იქნებით დხშკუ-ს ერთ-ერთი პირველი ასოცირებული ოსტატი დანაშაულის ხელის შეშლის მიმართულებით. - ღიმილით მითხრა მანაც.
-ასოცირებული ოსტატი?
-ანუ ნებადართული პროფესორი.
-არ მგონია, რამეში გამოგადგეთ, ჩემი მონაცემებით გამოძიებას ხელს თუ შევუშლი მხოლოდ. - თავის დაძვრენა გადავწყვიტე ამ არც თუ ისე სასიამოვნო შემოთავაზებიდან.
-მაშინ ლექციები წაიკითხეთ გამოძიების ხელოვნებაზე - არ მომეშვა ის.
-მით უფრო მაგ განხრით არ ვივარგებ. - სულ მთლად მოვისაწყლე თავი.
-ანდა სიტყვის მიზანში სროლის საათებს მოგცემთ - განაგრძობდა უცნაური გამომძიებელი განსაკუთრებული განყოფილებიდან.
-მაგაზე დავფიქრდები - სხვა გზა აღარ მქონდა მე.
-კარგი, გვეყოფა, ხვალ ხვალ საქმეს გავხსნით რადგან ყველაფერი ნათელია- თქვა მოულოდნელად გამომძიებელმა.
-რას ნიშნავს ყველაფერი ნათელია? - ვკითხე მე.
-რას ნიშნავს და ოქსიმორონს რადგან ყველაფერი სულაც არ არის ნათელი.
-ვერ გავიგე?
-ხვალ გაჩვენებთ მათ, ვინც ალმასის თვლები მოიპარეს.
-მაჩვენებთ?
-სავარაუდოდ. - თქვა მოსიარულე ოქსიმორონმა.
მეოთხე თავი. ბინარული წერტილები
მეორე დღეს ჩემი მეწყვილე დილიდანვე შეეცადა ვიდრე განყოფილებაში მივიდოდით მანქანაში მცირე ზომის პროფესიული კითხვარით დაკავებულიყო და ჩვენი ურთიერთობის მოკლე ვადაში აღებული ჩემი საგამოძიებო ცოდნა გადაემოწმებინა სამართალმცოდნეობაში.
-როგორ უნდა ამოიცნოთ პირველრიგში ნამდვილი დამნაშავე- მკითხა მან.
-ნიღბით, რადგან ნამდვილი დამნაშავე ყოველთვის ოსტატურად შენიღბულია. - ვუპასუხე მე.
-რა არის ცხელი კვალი?
-სიბრიყვე..
-რა გვაყენებს ცრუ კვალზე?
-არასაკმარისი ცოდნა სინამდვილის შესახებ.
-რას შეისწავლის დანაშაულის მეტაფიზიკა?
-დანაშაულის უხილავი ძაფის წვერის სიგრძეს და მიმართულებას.
-რას შეყავს გამოძიება ჩიხში?
-გამომძიებლის უხასიათობას და უნებისყოფობას
ხუთიდან ხუთი სწორი პასუხი საოცარი შედეგი გვაქვს- გაიღიმა მან.
-ღმერთის გწამთ?- მოულოდნელად ვკითხე მე.
-ღმერთის მიზეზის რადგან ამ მიზეზის გარეშე არანაირ გამოძიებას აზრი არ აქვს, თუმცა... თუმცა ადამიანებს აუცილებლობის ძალით დაავიწყდათ ყოვლადმოწესრიგებული ღმერთი...
-რას ეძაცხით აუცილებლობის ძალას?
-სინამდვილეს.
-და რა არის სინამდვილე?
-მაგას გამოძიება დაადგენს- გაეცინა გამომძიებელს. განსაკუთრებული განყოფილებიდან.
-დარწმუნებული ხართ რომ ადამიანებს ასე ადვილად ავიწყდებათ ყველაფერი ?
-სავსებით. ჩვენ ხომ გულმავიწყები ვართ.
-გულუვიწყებს არ შეხვედრიხართ არასდროს?- წავუბრძენკაცე.
-მოგიხდათ ბინარულობა?
-ეგ რაღაა?
-გარემომცველი სინამდვილისთვის თვალის გასწორება.
-და გამოძიებას რატომ ეკარგება აზრი ღვთის მიზეზის გარეშე?
-მისი მიზეზის გარეშე სამყარო უსამართლოა. ძალმომრეობრივ სინამდვილეში კი წესიერების ადგილი არ არის.
-მაშ, თქვენ ამბობთ რომ ადამიანი ღმერთს დაშორდა...-ვუთხარი მე.
-დიახ, ეს დაუვიწყარი განშორებაა -გაეღიმა მას.
-დაუვიწყარი განშორება, ხომ ოქსიმორონია?
-სადღაც კი.
-გამოდის, რომ სამყარო დეტექტიური რომანი ყოფილა თავის პერსონაჟებით - ღმერთი ძებნილი, კაცი მაძებარი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი დანაშაული.
-სწორ კვალზე იდექით, მაგრამ მცდარად დაასკვენით. - მითხრა მან.
-თუ სწორ კვალზე ვიდექი, მცდარად როგორ დავასკვენი?
-იჩქარეთ. ისინი ხომ ჯერ ისევ ძებნაში არიან. -გამიღიმა კვლავ გამომძიებელმა.
-ვინ ისინი?- დავიბენი მე.
-ღმერთი და კაცი, ერთმანეთის ძებნაში - ჩვეული სიდინჯით მომიგო ამჯერადაც. შეგიძლიათ ორმაგი ოქსიმორონის მაგალითი მომიყვანოთ გამოძიების დაუწერელი სახელმძღვანელოდან?
-მარტივ ოქსიმორონებს ხომ ვაბულბულებ და ახლა ორმაგი მომთხოვეთ.-ვუთხარი უკმაყოფილოდ.
-ამ ერთხელაც დაგეხმარებით - შევეცოდე მას.
-ყურადღებით გისმენთ -ვუთხარი მე.
-დავუშვათ თქვენს წინ მჯდარი ეჭვმიტანილი მომხიბვლელი ქალბატონია, როგორ უნდა აუხსნათ მას, ორმაგი ბინარული ოქსიმორონით, ის, რომ, ქალის სილამაზე მარადიულია.
-რაღა თქმა უნდა ვერ გეტყვით- ვუთხარი მე.
-თქვენ უნდა უთხრათ, მას, რომ ქალის სილამაზე მუდმივად ცვალებადია და სწორედ ამ ცვალებადობით მუდმივი!
-ვერ გავიგე?
-თქვენ უნდა დაიჭიროთ ქალის მომხიბვლელობის ოქსიმორონი ბინარული წერტილებიდან.
-აუხ...-აღმომხდა მე.
-მიეჩვევით არაფერია.
-ნუთუ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი გაქვთ?
-როგორ გეკადრებათ, ხელოვნურობა დამღუპველია გამოძიებისთვის მით უფრო ქალებთან ურთიერთბაში. რაც უფრო ბუნებრივია ბინარული ოქსიმორონი მით უფრო შედეგიანია გამოძიებაც.
-ბოლოს და ბოლოს რას ნიშნავს ეს ბინარულობა?
-კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი, მატერია და ანტიმატერია, ცოტა და ბევრი, სიკვდილი და სიცოცხლე, არაფერი და ყველაფერი. უფრო სწორად ჩვენი სამყაროსეული გაგებაა ბინარული.
-მერე ეს კარგია?
-გამოძიებაში გვეხმარება, ადამიანურ საიდუმლოთა ამოხსნის კარგი საშუალებაა, სამყაროსეულ ამონახსნზე კი რა გითხრათ.- ღიმილით მითხრა მან.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქამდე პატარა ბავშვივით დეტექტივობანას ვთამაშობდი. - გულწრფელად ვუთხარი მე.
-ყოველშემთხვევაში, ეცადეთ, ყოველთვის შეინარჩუნოთ დამაბნეველი წესრიგი გამოძიებაში თუ არა საპირისპირო სქესთან მაინც.
-ოქსიმორონი?
-ოქსიმორონი.
-კიდევ რას მირჩევთ? - ჩავეკითხე მე.
-ამით თქვენ მათ აიძულებთ, უყვარდეთ.
-დამაბნეველი წესრიგი, იძულებითი სიყვარული, მომდევნო ოქსიმორონი რა იქნება? -ვკითხე ნაძალადევი ღიმილით.
-მზის დაბნელება ღამის შუქში!
-ეგ ხომ ორმაგი ოქსიმორონია? - გამეღიმა მე; ვინმე მშვენიერი ხომ არ მოგვეხიბლა ამ საღამოს მე და თქვენ სპორტული ინტერესით? - ვკითხე გამომცდელად.
-გინდათ გამეჯიბროთ? ისე, საქმეების შეკერვას, ქალების შებმა ჯობია. თუმცა კაცის უპირველესი საქმე წესიერებით საკუთარი თავის წვრთნაა და სხვა სავარჯიშო არ შეეფერება მას. გარდა ამისა, ერთი შემეცნებითი ლიტერატურული ნაშრომი გერჩიოთ, ას უმეცარ საგამოძიებო ნამუშევარს. - მომიგო ჩვეული იუმორით.
თავი მეხუთე. ვინ გაწვრთნა ქურდები?
ამასობაში განყოფილებაშიც მივედით და სახტად დავრჩი როცა გამომძიებელმა ელიტარული განყოფილებიდან აუღელვებლად მითხრა:
-მძარცველები ვიდეოკამერებში ჩანან. კარგად დააკვირდით.
-ხუმრობთ? - ვეღარ მოვითმინე მე.
-როგორ გეკადრებათ - შეშფოთდა ის.
-ნაღდად ეგრეა. - დავასკვენი მე და ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი ჩავრთე ნერვიულად.
-ყურადღება მიაქციეთ ვიდეოჩანაწერის თითოეულ კადრს, უხილავი დამნაშავე ყოველთვის დეტალებში იმალება, - კვლავ გამიმეორა მან.
-ვერცერთ ჩანაწერში ვერაფერს ვხედავ, - ნახევარსაათიანი კირკიტის შემდეგ ვეცადე, რაც შეიძლება მშვიდად მეთქვა მოსიარულე ოქსიმორონისთვის.
-მძარცველები კარგად გაწვრთნილი ჯუჯა ზაზუნები არიან, - წერტილი დაუსვა ჩემს ჯახირს ოქსიმორონმა; ალმასები ზაზუნებმა მოიპარეს.
-ეს რას ნიშნავს- დაბნეულობისგან იატაკზე დავჯექი მე.
-იმას, რომ ვიღაცამ კარგად გაწვრთნა ისინი ალმასების მოსაპარად. ჩართეთ ხელმეორედ ჩანაწერი და კარგად დააკვირდით. განსხვავება აშკარაა თაგვებს, ვირთხებსა და ჯუჯა ზაზუნებს შორის. ზაზუნებს მათთან შედარებით მოკლე და ფუმფულა კუდები აქვთ და ტანითაც უფრო პატარები არიან. გარდა ამისა, უფრო სწრაფად დარბიან. სხვა ყველა სულდგმული, რომელიც კადრებში ჩანს, შემთხვევითი ამვლელ-ჩამვლელია, ზაზუნების გარდა. ყველა ვიდეოჩანაწერში მხოლოდ ზაზუნები ჩნდებიან მეორედ და ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობენ. ჯერ წინ და შემდეგ უკან.
-შეუძლებელია და როგორ ამოიღეს სამკაულებიდან თვლები?
-კბილებით.
-ხელით წაიღეს ბრილიანტები თუ ზურგით? - ვიკითხე უმისამართოდ გაბრაზებულმა.
-ნუ ამცირებთ ზაზუნებს, მათ უნაკლოდ შეასრულეს თავიაანთი დავალება, გარდა ამისა, გამოძიებაში დაუშვებელია ლიტოტესი. მათ ალმასის თვლები პირით წამოიღეს, თანაც კარგად დანაყრებულებმა. ამას ჯობია სხვა შემოვლითი გზებით გახვიდეთ ფონს. ჰიპერბოლა და ლიტოტესი მიუღებელია გამოძიებისთვის. ზაზუნები ძარცვის წინ კარგად გამოკვება პატრონმა რომ ალმასის თვლები არ გადაეყლაპათ. ცხოველებმა ყბებში შეინახეს თვლები და მშვიდად დაბრუნდნენ უკან. დანაყრებული ზაზუნა ყბაში ინახავს საჭმლის ნაწილს. მას ინსტიქტი კარნახობს რომ შემდეგი ჭამისთვის თადარიგი დაიჭიროს.
-მაშ ასე არა? - სიმწრისგან გამეცინა მე.
-სავარაუდოდ. - მტკიცედ მიპასუხა გამომძიებელმა განსაკუთრებული განყოფილებიდან.
-და დამნაშავეებს ვერასდროს დავიჭერთ ?- ვკითხე მე .
-აკი გითხარით, გამოძიების მთავარი მიზანია დაადგინოს დანაშაულის სინამდვილე. - მხიარულად მომიგო მან.
-მოკლედ, ვინ გაწვრთნა ზაზუნები, ვერასდროს გავიგებთ, ხომ სწორი ვარ? - ვკითხე ცოტა არ იყოს გულმოსულად
-სცადეთ. -მიპასუხა ჩვეული სიდინჯით.
-ვერც იმას გავიგებთ ახლა ვის ხელშია ალმასები?
-არა. ეგ ხომ ვიცით! - გაკვირვებით შემომხედა მან.
-სადაა? -ლამის წამოვიყვირე მე.
-ზაზუნების მწვრთნელთან. - კვლავ აუღელვებლად მიპასუხა გამომძიებელმა.
-მაშ ასე... - მხრები ჩამოვყარე საბოლოოდ მე.
-მაშ ასე, შეამოწმეთ არის თუ არა ზაზუნების კვალი სამკაულებზე ხოლო შემდეგ დახურეთ საქმე არასაკმარისი სამხილების გამო, ან...
-ან? - ხავს მოვეჭიდე მე.
-ან გამოაცხადეთ ძებნა ზაზუნებზე.
-საიდან იცით, ამდენი რამ მათზე?- ეჭვის ჭია შემიჩნდა უცებ.
-როგორც იქნა იდიომიც შემოიტანე გამოძიებაში. -მგონი პირველად მომმართა შენობით გამომძიებელმა.
-იდიოტი გამომიყვანეთ? - კარგად ვერ გავიგე მისი ნათქვამი.
-მეგობარო, შენ ისეთივე იდიოტი ხარ, როგორც მე შუბლზე ძარღვგაწყვეტილი. შუბლზე ძარღვის გაწყვეტაც და ეჭვის ჭიის გაჩენაც ენის პირველყოფილი გამონათქვამებია... ბავშვობაში რამდენიმე პატარა ზაზუნა და ზღვის გოჭი მყავდა. უწყინ<