ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ბურუსით მოცული ამბავი

ბურუსით მოცული ამბავი

 

ბურუსით მოცული ამბავი

 

თავი I

 

გარეთ კარგა გათენებულიყო, თუმცა ამინდი არც თუ ისე მზიანი გამოდგა. ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთების ხმა რახარუხით ისმოდა, წვეთები მუსიკალურად, რითმში ბრუნავდა, ისე როგორც მგზნებარე ცეკვის დროს. ზღვიდან მონაბერი უეცარი ქარისგან ნახევრად შიშველი ხეები ფოთლებს ვეღარ ინარჩუნებდა. ტოტებს ძლიერად აქეთ-იქით არხევდა და ოქროსფერ, მონარინჯისფრო ფოთლებს ჰაეროვნად ქუჩაში ფანტავდა. ერთი ჩვეულებრივი შემოდგომის დილა გათენდა.

 იმედგაცრუებულმა ცას ავხედე, ის მონაცრისფრო, მოქუფრული იყო. ზღვა შავი, აქაფებული, აღელვებული ჩანდა. ზვირთები ლამის ცამდე ადიოდა. რაღაც სევდიანად გადავხედე, არადა დღეს ყველაზე ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო მთელი ჩემი არსებობის მანძილზე.

 

ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვიდექი. ემოციებით დატვირთული სარკის წინ ვტრიალებდი, ჩემს თავს ვუყურებდი და ვერ ვცნობდი. ლურჯ შარვალ -კოსტიუმში და თეთრ გაწიკწიკებულ პერანგში ვიყავი გამოწყობილი, საყელოსთან ჰალსტუხს ვათამაშებდი, თითქოს ხელები მეხლართებოდა და არსად ვჩქარობდი. ასეთი ემოციური მომენტი ჩემ ცხოვრებაში მეორედ დამიდგა.

ერთხელ მაშინ, როდესაც 5 წლის ვიყავი და დედამ მიმატოვა, ჰო სწორედ, რომ მიმატოვა და საბერძნეთში წავიდა იმ იმედით, რომ ორ წელიდაში დაბრუნდებოდა. მახსოვს ის ძლიერი, ენით აღუწერელი ტკივილი. დღე და ღამ გაუჩერებლივ ვტიროდი, ალბათ ბებიას გული უმცირდებოდა, როცა ასეთ მდგომარეობაში მხედავდა. ჩემი ბავშვობა სწორედ მაშინ დასრულდა.

ახლა სხვა მომენტია, წესით ყველაზე ბედნიერი წუთები უნდა იყოს, მაგრამ რაღაც მაკავებს. დღეს ჩემი და ნათიას ქორწილია. ბებია დილიდან ფუსფუსშია. სალონში თმები დაივარცხნა, კაბა იყიდა. თბილისიდან სტუმრები ჩამოვიდნენ. მაგრამ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა ჩამოსვლა ახლაც ვერ მოახერხა. შეიძლება ქვეცნობიერად  სწორედ მაგიტომ დავთანხმდი ამ ქორწილს, მეგონა დედას მაინც ვნახავდი. ვფიქრობ ნაადრევი გადაწყვეტილება მივიღე, ნათია კარგი ადამიანია, საახლობლო არ ისე სახარბიელო, თუმცა ეს არაფერ შუაშია რის გაკეთებასაც ვაპირებდი. მაგრამ მგონი სანამ დროა მე ეს უნდა გავაკეთო, თუნდაც მთელი სანათესაო გადავიკიდო. ჰალსტუხი კისრიდან მოვიხსენი და დივანზე გადავაგდე. ტელეფონი ავიღე და ნათიას მივწერე: „მაპატიე, მაგრამ დღეს ქორწილი არ იქნება“. ვიცოდი, რომ ამას გამოხმაურება მოჰყვებოდა, ამიტომ ტელეფონი გავთიშე. კარები ბებიამ ფრთხილად შემომიღო.

-       კოტე, ბებო ამდენი ხანია რას აკეთებ?

-       ყველაფერი გადაიდო...ქორწილი არ იქნება!

-       რა? ხომ არ გაგიჟდი, რას ლაპარაკობ? მერე და ამდენი სტუმრები? მამაშენიც ჩამოვიდა... რამე მოხდა? იჩხუბეთ? - ხელი აუკანკალდა და გვერდით ტახტზე დამიჯდა.

-       ბებია, ვწუხვარ, რომ ასეთ სიტუაციაში ჩაგაგდე, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომა იქნებოდა. მე მივხვდი, რომ ნათია ისე არ მყვარებია, რომ მთელი ცხოვრება მასთან გავატარო.

-       ვაიმე, მამამისი ამას ასე არ დატოვებს. ისეც ამხელა ქორწილს თვითონ იხდიდა. მართალი გითხრა ნათია დიდად გულზე არც მე მეხატებოდა, მაგრამ შენი გულისათვის ვდუმდი.

-       ბებია, შენ არაფერზე იდარდო. - ბებიას აცრემლებული, დანაოჭებულ თვალებიდან შვება ვიგრძენი. მაგრად ჩავეხუტე, ისე როგორც არასდროს.

 

********

 

ამბობენ, ბედნიერი რომ იყო ადგილს მნიშვნელობა არა აქვსო. არ ვიცი ეს ასე არის თუ არა, მაგრამ ერთი ნათელია, ბედნიერი ხარ, თუ შენი საყვარელი ადამიანები გვერდში გყავს. მე თბილისში დავიბადე, თუმცა ოთხი წლიდან ბათუმში ვცხოვრობ. ქალაქის სახელწოდება ბერძნული სიტყვისგან „ბათუსი“-დან მოდის, რაც ღრმას ნიშნავს. პირველად ის მოხსენიებული აქვს რომაელ მწერალ ილინიასს (23-79), რომელიც კოლხეთის მდინარეების ჩამოთვლისას ასახელებს მდინარე — „Bathys“.

ეს ჩემი პატარა ქალაქია, თავისი პატარა ისტორიებით, საინტერესო ადგილებით და ცვალებადი ამინდით. იქ, სადაც განმარტოვება შეგიძლია და შენი ფიქრები და წუხილი წყალს გაატანო. სანაპიროზე ისეირნო დარია თუ ავდარია. საათობით მეთევზეების მშვიდ, უდარდელ, მხიარულ ან სევდიან სახეებს დააკვირდე. წყნარ, კამკამა ზღვის ზედაპირზე თეთრად მოფენილ თოლიებს მოეფერო.

 ბებიასთან ერთად ბათუმის ნავსადგურთან ახლოს პატარა ოროთახიან, მაგრამ მყუდრო ბინაში ვცხოვრობთ. რემონტი ჯერ კიდევ ბაბუას სიცოცხლეში გაკეთდა, ის კი 3 წელია ჩვენთან აღარ არის. მერე არც გაგვიახლებია. მაგრამ ბებიას ყველაფერი სუფთად, ლამაზად აქვს მოწყობილი. საძინებელში ადრე ერთად ვწვებოდით, სანამ პატარა ვიყავი, ახლა მას დავუთმე. ავეჯი ძველებურ სტილშია, კედლები ნათელი, სიყვარულით და სითბოთია გაჟღენთილი. ასევე პატარა სამზარეულო და მისაღები ოთახი გვაქვს.

საღამო ხანი იყო. კარებზე ზარი გაისმა. ბებია ნანერვიულებული, დაქანცული იყო, ამიტომ მალევე დაწვა, მე ტელევიზორს ვუყურებდი. ხმას დავუწიე და კარი გავაღე. ზღურბლთან გაბრაზებული, თმაგაჩეჩილი ნათია დამხვდა. ხელის ჟესტით სახლში შემოვიპატიჟე.

-       კოტე, ეს რაიმე თამაში იყო თუ რას ნიშნავდა?

-       ჩუმად, ბებიას სძინავს!

-       ნუ მაჩუმებ! ამიხსენი, ქორწილი რატომ ჩაშალე?

-       ნათია, ახლა არ შემიძლია ამაზე საუბარი.

-       სხვა ქალი გყავს?

-       ნუ სულელობ!

-       აბა, ასე მოულოდნელად რატომ? - ნერვიულობისგან ფრჩხილების კვნეტა დაიწყო.

-       იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებით, სხვადასხვა ტალღაზე ვართ მომართულნი.

-       ჩემნაირ გოგოს ცოლობაზე ბევრი ოცნებობს! ამ სოროში რომ ხარ შემძვრალი, მეფესავით იქნებოდი, სამსახურში დაწინაურდებოდი. კარგ ცხოვრებაზე უარი რატომ თქვი? ბედნიერების მატარებლიდან გადმოხტი და სადღაც ძირს ტალახში ჩავარდი. იცი ყველას თვალში თავს დამცირებულად ვგრძნობ, მამაჩემი და ჩემი ძმა გაგიჟებულნი არიან. არ იციან, რომ შენთან წამოვედი, თავს უფრო ვიმცირებ...მაგრამ მინდა, რომ დამიბრუნდე, იმიტომ რომ შენთან ერთად კარგად ვარ. - ახლოს მოვიდა და ხელები კისერზე შემომახვია, მაგრამ მე თავი გავინთავისუფლე.

-       არა, ნათია! ყველაფერი დასრულდა. აღარ მიყვარხარ! და ვფიქრობ არც შენ!

-       იცოდე, ვერ გიშველის ის, რომ, პოლიციელი ხარ! თავაწეული ამაყად ვეღარ ივლი ქუჩებში, შენს ადგილზე აქედან გადავსახლდებოდი. - კარები ძლიერ მოაჯახუნა და გარეთ გავიდა. ჩემს საქციელს გამართლება არ ჰქონდა, ცუდად მოვექეცი, რომ ბოლო მომენტამდე შევინახე. ამერიკულ ფილმში მეგონა თავი, თუმცა ეს კინო სულაც არ იყო.

 

თავი II

 

 

მაღვიძარამ 07:30 დარეკა. ზანტად დივანიდან წამოვდექი. სახლში ძალიან ციოდა. აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე, სამსახურის ფორმა ჩავიცვი და ფანჯარა შევაღე. გარედან სუსხიანი, ცივი ზამთრის პირველი დილა სახეზე შემომეგება. გარეთ თოვლჭყაპი იყო. საძინებლის კარი გაიღო და ბებია თბილ ხალათში შეფუთული გამოვიდა.

-       დილა მშვიდობისა კოტე!

-       დილა მშვიდობისა. მე ხომ არ გაგაღვიძე?

-       არა, ნეტა გაგეღვიძებია, რამეს მოგიმზადებდი.

-       არ მინდა ბებია, გავიქცე უნდა. სადაცაა მეწყვილე მომაკითხავს. დღეს ძალიან ცივა, გარეთ არ გახვიდე, სახლში იყავი. პროდუქტები გუშინ ყველაფერი მოვიტანე, გათბობა ჩავრთე. სახლი მალე გათბება. შენ წადი, დაიძინე, დაისვენე.

-       მადლობა შვილო. დღეს ვახშამი როდის მოვამზადო? როდის იქნები?

-       დღეს გვიანობამდე მიწევს პატრულირება, ამიტომ არ დამელოდო. გასაღები მე მაქვს. აბა გავიქეცი. - თბილად მოვეხვიე და გარეთ გავედი.

 

 ღამის 4 საათაამდე ქუჩებში ვპატრულირებდი. ერთი წუთი დასვენება არ გვქონია, სხვადასხვა გამოძახებებზე დავდიოდით. როგორც იქნა, დაღლილ-დაქანცული, მეწყვილემ სახლთან დამტოვა. მანქანიდან გადმოვედი, კორპუსის სადარბაზოში შევედი თუ არა, სიბნელეში ვიღაც ორი ნიღბიანი ბიჭი დამხვდა. ვერც მოვასწარი ვერაფერი, ერთ-ერთმა დანა მუცელში ჩამარტყა, სისხლმა იფეთქა, ტკივილისგან იატაკზე დავვარდი. მეორემ ძლიერად სახეში ფეხი ჩამარტყდა, ერთმანეთში რაღაც გადაილაპარაკეს და მე გავითიშე.

არ ვიცი უგონო მდგომარეობაში რამდენი ხანი ვიყავი. ვიგრძენი ჩემი ტანი როგორ მოძრაობდა, სავარაუდოდ ვიღაცას ხელში ავყავდი. თვალების გახელა მინდოდა, მაგრამ მიჭირდა, ყურში მხოლოდ ძლიერი სირენის ხმა და ხალხის ჩოჩქოლი მესმოდა. წამით თვალი შევაღე, თვალებში მკვეთრი შუქი მომხვდა, ამიტომ,თვალები ისევ დამეხუჭა.

 

გარეთ თენდებოდა. ახალი დღე ახალი იმედით იწყებოდა. ცა ღრუბლებით იყო დაბურული. ღამით გადაუღებელი წვიმის გამო ქუჩები წყლით იყო სავსე, თუმცა ეს ახლა ნაკლებად ანაღვლებდა ქალბატონ ლიას, კოტეს ბებიას, რომელიც ნანერვიულებული, აცრემლებული, ჩავარდნილი თვალებით საავადმყოფოს ფოიეში ექიმის მოლოდინში ჩუმად მარტო იჯდა.

-       გამარჯობა ქ-ნო ლია, როგორაა საქმე? - ბებიასთან კოტეს თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი, სესილი მოვიდა.

-       ოხ, შვილო ჯერ არაფერი ვიცი. ვინ იცის რამდენი ხანია უგონოდ იყო, სანამ მეზობელმა იპოვა. ეს რა დამემართა. - ხელებს თავში ირტყამდა.

-       ყველაფერი კარგად იქნება. კოტე ძლიერია, ის გამოვა მდგომარეობიდან. და ვინც ეს ჩაიდინა ისიც პასუხს აგებს - სესილი ბებიას მხრებზე ხელით შეეხო, გაამხნევა. მათთან შუა ხნის ექიმი კაცი გამოვიდა.

-       გამარჯობა, თქვენ კოტე ქართველიშვილის ახლობლები ბრძანდებით?

-       დიახ, ბებია ვარ, როგორაა? -ბებია ფეხზე წამოდგა და იმედის თვალებით ექიმს შეხედა

-       მდგომარეობა სტაბილურია. ბევრი სისხლი დაკარგა, თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ახლა რეანიმაციაშია. ჯერ მისი ნახვა არ შეიძლება. ასე, რომ, სახლში წაბრძანდით, დაისვენეთ.

-       გასაგებია, მადლობა ექიმო

 

 

******

ორი კვირის შემდეგ.

 

ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რაც მთავარია გამოვძვერი, ჭრილობა დიდი იყო. ბიულეტენზე ვიყავი. მთავარია სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. პოლიციამ მოკვლევა დაიწყო. მე კი ვიცოდი, რომ ამაში ნათიას ძმა იყო გარეული, „ქურდულ სამყარო“-ს აწვებოდა. თავდასხმიდან მეორე დღესვე ნათიასგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მივიღე: „ კოტე ცეცხლს ეთამაშები, კიდე კარგად გამოძვერი J“.

 საღამო ხანი იყო. დივანზე წამოწოლილი ტელევიზორს ვუყურებდი, ბებია სამზარეულოში ფუსფუსებდა. „FaceTime”-ით ჩემი ბავშვობის მეგობარი, მეტსახელად „რიჟა’“ მირეკავდა. ისე ლუკა ჰქვია, უბრალოდ მისი ჟღალი, კულულა თმების გამო რიჟა შევარქვით.

-       ვაა რიჟ, როგორ ხარ ძმაო?

-       კარგად, შენ რა დაგემართა? გუშინ ჩემს დას ვწერდი. შენი ამბავი მიამბო.

-       ჰო, ცუდი ამბავი მოხდა. მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. არ იდარდო!

-       როგორ არ ვიდარდო ტო? სანამ შენ მანდ ხარ, ნათია არ მოგასვენებს. არ გინდა ჩამოხვიდე? ერთად ვიქნებით. აქ უფრო ბევრი შესაძლებლობებია, ვიდრე მანდ. შეავსე დროზე „მწვანე ბარათი“-ს გათამაშების აპლიკაცია, რა იცი ეგებ მოიგო ან სხვა რამით იჩალიჩო და ჩამოხვიდე.

-       როდის იყო რამე მომიგია?

-       მოსინჯე, რას კარგავ.

-       კარგი, ძმაო.

კიდევ დიდხანს სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა და მეორე დღესვე აპლიკაციის შევსებაზე დავიწყე ზრუნვა. ბებიასთვის არაფერი მითქვამს, რადგან ჯერ კიდევ ამ ამბავს არასერიოზულად ვუყურებდი. ლუკა მართალი იყო, სანამ აქ ვიყავი, ნათიას სანათესაო არ მომასვენებდა.

 ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი იყო: რუტინული სამუშაო გრაფიკი, სახლი და სხვა არაფერი.

ახალ წელს რამდენიმე დღით მამასთან წავედი, დამპატიჟა. ჩემი ნახევარდა მოვინახულე. ნეა 12 წლისაა. ჩვენ, ბავშვებს, კარგი ურთიერთობა გვაქვს. მამასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაკავშირებს. დიდი ხანია მასზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან მეგონა, რომ დედა მის გამო წავიდა საბერძნეთში. თუმცა აღმოჩნდა, რომ განშორება სწორედ დედისგან მოდიოდა. დრო ძალიან ჩქარა გავიდა, უკვე 29 წლის ვარ. დღემდე ბავშვივით მჯეროდა, რომ საქრთველოში დაბრუნდებოდა. თუმცა რაც წავიდა, არც ერთხელ არ ჩამოსულა. მიზეზები სხვადასხა იყო. მესმის, რომ მისთვისაც იქ, უცხო გარემოში ყოფნა, თავიდან ადვილი არ იქნებოდა. ალბათ ისიც იტანჯებოდა იქ, როგორც მე აქ. დედა თითქმის აღარ მახსოვს, ვიდეო თვალით კი ვესაუბრები, მაგრამ ის უკვე სხვა ადამიანია. მის მიმართ სიცარიელეს და სიბრაზეს ვგრძნობ. ვიცი, დიდი დრო გავიდა, თუმცა მე მისგან მხოლოდ ერთი მინდოდა - სიყვარული და სითბო. მინდოდა, რომ ახლოს ყოფილიყო. სანამ პატარა ვიყავი, ფულს გვიგზავნიდა. იმ დღიდან, რაც მე სამსახური დავიწყე, მის დახმარებაზე უარი ვთქვი. მგონი დღემდე ბებიას ჩუმად მაინც უგზავნის. რამდენჯერ ვთხოვე, რომ სახლში დაბრუნებულიყო. ვიხსენებ და თვალებს ცრემლები მისველებს. ახლა კი უკვე გვიანია, რომც დაბრუნდეს, ის ჩემთვის უცხო ქალი იქნება.

 

 

 

 

თავი III

 

დრო სწრაფად გავიდა. უჟმური, ცივი ამინდები გაზაფხულის მზემ ჩაანაცვლა, თითქოს ბათუმი განათდა. ჰაერიც უფრო გამჭირვალე ჩანდა და სახეში სასიამოვნო, აყვავებული ბუნების სურნელი გეგებებოდა. ქუჩებს სეზონური ყვავილებით რთავდენ. ერთ-ერთი გამოძახების დროს ბოტანიკურ ბაღში ამოვყავი თავი. ენით აღუწერელი სილამაზეა, განსაკუთრებით სასიამოვნოა აყვავებული „საკურა“-თი ტკბობა. გამახსენდა ბოლოს ბოტანიკურ ბაღში ნათიასთან ერთად ვიყავი. სიურპრიზი გავუკეთე და პიკნიკზე აქ წამოვიყვანე, სადაც თავს კაცი სამოთხეში იგრძნობს, სადაც ყველანაირ გასაჭირს დაივიწყებს და უბრალოდ ამ სილამაზით ისიამოვნებს. თუმცა, ნათიამ სცენები მომიწყო- „ აქ რომ წამომათრიე, რესტორნის ფული არ გაქვს-ო?“ მიკვირს ახლა ჩემი თავის, როგორ შემეძლო ასეთი ადამიანის მოწონება? არც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა... ნუ მეც „ალენ დელონი“ არა ვარ, მაგრამ... ეჰ ფიქრებმა შორს წამიყვანა.

სახლში მარტო ვიყავი, ბებია მეზობელთან იყო გადასული. კარების ხმამ რეალობაში დამაბრუნა. კარი გავაღე და გაკვირვება ვერ დავმალე.

-       არ მელოდი, ხომ? - ცხვირ აწეული სახლში შემოვიდა

-       ნამდვილად არ გელოდი. ვხედავ იმიჯი შეგიცვლია

-       მოგწონს ჩემი ქერა თმები? ტუჩებიც დავიბერე - ნათია ცხვირ წინ  რამდენიმეჯერ დატრიალდა.

-       გიხდება - მშრალად ვუთხარი, თუმცა მართლა არ მომწონებია, ხელოვნურ თოჯინას გავდა.

-       უკვე გვიანია ჩემო კოტე, აქ იმიტომ მოვედი, რომ მინდოდა ჩემგან გაგეგო ეს სასაიხარულო ამბავი. -კმაყოფილი სახით ჩემ წინ დადგა

-       რა ამბავი?

-       ვთხოვდები. ასე, რომ ჩვენ შორის „ლუზერი“ მხოლოდ შენა ხარ!

-       მიხარია.

-       არ გაინტერესებს ვინ არის ის ბედნიერი?

-       ვიცნობ?

-       კი, შენი კლასელი თემოა. ჩვენ უკვე დიდიხანია ვხვდებით ერთმანეთს.

-       მაშინაც, როცა ერთად ვიყავით?

-       კი.

-       მაგარია! ერთმანეთის ღირსი ყოფილხართ. ბედნიერებას გისურვებთ ახლა კი მიბრძანდი და იმედია აწი აღარ გნახავ. - გაბრაზებული ხმით მივმართე.

-       მოსაწვევი გამოგიგზავნო?! - დამცინავი ტონით მითხრა და გარეთ გავიდა. სიბრაზემ ამიტანა, კედელს ხელი ისე ძლიერ დავარტყი, რომ სისხლი წამომივიდა. ბებია მალევე სახლში დაბრუნდა, ამიტომ არ მინდოდა მისთვის ჩემი უხასიათობა მეჩვენებია. ოთახში შევბრუნდი და კომპიუტერი ჩავრთე თუ არა, მაილზე წერილი შემოვიდა. აღარც გათამაშება მახსოვდა, უფრო სწორედ არც ვუყურებდი ამ ამბავს სერიოზულად. როცა შეტყობინება მივიღე იმის თაობაზე, რომ მე გავიმარჯვე და მომეცა საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებში წავსულიყავი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალებს არ ვუჯერებდი. სიხარულისგან გული აჩქარებულად მიცემდა. მხოლოდ იმაზე მწყდებოდა გული, რომ ბებია წამოსვლაზე ვერ დავითანხმე, უარი მითხრა. მისი მარტო დატოვება არ მინდოდა, თუმცა ამ შანსის ხელიდან გაშვებაც სისულელე იქნებოდა. ამიტომ ბებიამ თვითონ შემომთავაზა, რომ წავსულიყავი. თვითონ დასთან მახინჯაურში გადავიდა საცხოვრებლად. ყველას დავემშვიდობე და წავედი იქ, სადაც ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა.

 

*********

 

დადგა ის ნანატრი დღეც, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრე, კერძოდ კი კალიფორნიის შტატში, ქალაქ „ლოს ანჯელეს“-ში, შემოკლებით ელ-ეი - ანგელოზთა ქალაქი, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით აშშ-ის მეორე ქალაქია ნიუ-იორკის შემდეგ. ეს არის უზარმაზარი მეტროპოლი, რომელიც სავსეა კინოვარსკვლავებით, მსახიობებით, მუსიკოსებით, სერფერებით, ყველანაირი მოძრაობით და საიდუმლოებებით.

ლუკასთან დავბინავდი. ლუკა ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჯერ კიდევ თბილისიდან მოდის ჩვენი ურთიერთობა, ოჯახებით ვმეგობრობდით. ჩემი ბათუმში გადმოსვლის შემდეგ გაგვიწყდა ურთიერთობის ძაფი, თუმცა სტუდენტობის დროს ისევ დავახლოვდით. ის ჩემთვის მეგობარზე ძვირფასია, ის ჩემი ძმაა. ლუკა შტატებში გაცვლითი პროგრამით მოხვდა. შემდეგ დარჩა, ფეხი მოიკიდა და ახლა კერძო ფირმაში პროგრამისტად მუშაობს.

თავიდანვე გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, თუმცა ნელ-ნელა ჩავები ქალაქის რიტმულ ცხოვრბაში. ენის ექვსთვიანი კურსი გავიარე, სხვადასხვა გამომუშავებით სამსახურებში ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი, იმისთვის, რომ მიზანს მიმეღწია. და ის სასურველი დღეც დადგა, როდესაც მე ლოს-ანჯელესის პოლიციაში დეტექტივ-გამომძიებელის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. ადვილი არ იყო, თუმცა ასრულებადი. ბევრი შრომა ჩავდევი, რომ აქამდე მოვსულიყავი.

 

 ორი წელი გავიდა, რაც ჩემთვის უცხო ჰაერს ვსუნთქავ. ავღმოჩნდი იქ, სადაც არასოდეს მიფიქრია, რომ ვიქნებოდი. გული მწყდება, რომ შორს ვარ ჩემი სამშობლოსგან, მაგრამ იმით ვარ ბედნიერი, რომ გამოცდილებას ვაგროვებ, ცხოვრებას ვიწყობ, იმისთვის, რომ ერთ დღეს ისევ უკან დავბრუნდე. თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა შემიძლია. ბებია ძალიან მენატრება. საახალწლოდ დავპატიჟე, იმედია გამოგვივა და ცოტახნით მაინც ჩამოვა. მინდა, რომ ვაჩვენო სამყარო. თავის ცხოვრებაში არსად არ ყოფილა. მინდა ჩემით იამაყოს.

ქალაქი შობა-ახალი წლისთვის ემზადებოდა. ქალაქის ქუჩები საზეიმო ვითარების მოლოდინში იყო. ლამაზი, ბრჭყვიალა განათებით რთავდენ. ქალაქი თოვლის გარეშე იყო, თუმცა საახალწლო ვითარების აღქმა შეიძლებოდა: სახლებს ლამაზი განათებებით რთავდნენ.

 გარეთ მხიარული ფუსფუსი შეიმჩნეოდა. ხვალ შობა თენდებოდა, რომელსაც აქ 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ბებია წინა ღამით ჩემთან ჩამოვიდა. ქართული სული, სითბო ჩამოიტანა. დავინახე თუ არა, ბავშვივით გული ამიჩუყდა, თვალებიდან ცრემლი წამსკდა, მაგრამ ეს სიხალურის ცრემლია. მაგრად გულში ჩავიხუტე. აეროპორტიდან სახლამდე მანქანაში გაუჩერებლივ ვსაუბრობდით. ისეთი ლამაზი და ბედნიერი მომეჩვენა, რომ კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით, რომ დავიჟინე და აქ ჩამოვიყვანე. საგანგებოდ მომზადებულა, თმები შავად შეუღებია, უხდებოდა მის ლამაზ ფითქინა სახეს.

აპარტემენტიან ბინაში ვცხოვრობდით. ჰოლში პორტიე იჯდა, შესვლისთანავე გამიღიმა. ბინა პატარა გვქონდა: ერთი საძინებელი, სტუდიოს ტიპის სამზარეულო და მისაღები ოთახი. პატარა მწვანე ნაძვის ხე, ფერადი ბურთებით შემკული წიგნების თაროზე იყო შემოდებული. სახლში შევდიოდით, როდესაც სამსახურიდან დამირეკეს. შვებულებაში ვიყავი, მაგრამ რაღაც საბუთზე ხელი მქონდა მოსაწერი. ამიტომ წავედი, ბებია და ლუკა სახლში დავტოვე. ერთ საათში მეც მათ შევუერთდი. ბინაში შევედი თუ არა, სასიამოვნო, არომატული საჭმელების სურნელი მეცა. მაგიდა გაშლილიყო. ბებიას ღვეზელები, ხაჭაპური დაეცხო, სადღესასწაულო „ბაჟე“ (ნიგვზის სოუსში და სუნელებში ინდაურის ხორცი იდო). სუფრას ხილი, ტკბილეული, ჩურჩხელა ამშვენებდა.

-       ბებია, ოქროს ხელები გაქვს! როდის მოასწარი?! - ახლოს მივედი და ჩავეხუტე

-       ოჰ, ბებო ისეთი არაფერია. სულ ჩამოლეულხარ, წესიერად ალბათ არ ჭამ.

-       ზოგჯერ იმდენი საქმეა მართლა მავიწყდება ჭამა. მაგრამ ახლა აქ ხარ და გამასუქებ შენი ამბავი, რომ ვიცი - ყველას გაგვეცინა და მაგიდას მივუჯექით.

 

ბებიას თვალით:

 

 მაგიდასთან ვიჯექი და კოტეს ვუცქერდი. ისეთი დავაჟკაცებული, დიდი იყო. თვალები ეშხიანი, ცასავით ცისფერი და უმანკო. თვალ-წარბი დედასი ჰქონდა. ნეტა ამაზე დიდი ბედნიერება თუა, რომ შენს შვილს უყურო, თვალსა და ხელს შუა როგორ იზრდება როგორც კაცდება. ნეტა დედამისი ნანობს? ეჰ, ჩემი შვილია და ვერ ვიმეტებ კიდევ იმისთვის, რომ გავლანძღო, თუმცა ამის ღირსი ნამდვილად არის.  ე.ი. სადღაც მე შევცდი, ისეთი ვერ გავზარდე, როგორიც საჭირო იყო. გული მიმცირდებოდა, როცა აცრემლებულ კოტეს ვუყურებდი, თვალებით სულ მას ეძებდა; მზერა კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი, სულ ელოდებოდა, როდის შემოაღებდა ის კარს, მისი დედა... წამოსვლამდე დამირეკა ჩემმა შვილმა და ვუთხარი, რომ კოტესთან მივდიოდი. რაღაც გაკვირვება შევატყვე. მინდა, რომ მისი შვილის წარმატებით გაიხაროს, იმედია ოდესმე ჩამოვა, მე თუ არ დავხდები ცოცხალი, მისი კოტე მაინც ჩაიხუტოს გულში.

კოტე, ჩემი კოტე ახლა თითქოს ბედნიერი მომეჩვენა, მიუხედავდ იმისა, რომ რთული სამუშაო გრაფიკი აქვს, დამნაშაავებთან აქვს კავშირი. მაგრამ აქ თავს მაინც კარგად გრძნობს. აკეთებს იმას, რაც მოსწონს.

მაღალი, მოცეკვავის ტანი აქვს. ცოტა გამხდარი მომეჩვენა, მაგრამ ხელები და ტანი დაკუნთული აქვს, ეტყობა სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებს. როგორ მინდა კარგ ადამიანს შეხვდეს, ისეთს, რომელიც იზრუნებს მასზე. კოტეს უჭირს თავიდანვე სითბოს გამოხატვა, სადღაც გულის სიღმეში აქვს ჩამალული. იმას კი, ვისაც გაუღებს გულის კარს, მის მიმართ ბოლომდე ერთგული იქნება. კარგი კიდევ, იმ ნათიასთან ოჯახი არ შექმნა- ერთი გათამამებული გოგო იყო, მუდამ წუწუნებდა. ეჰ, რა უსინდისო იყო, კინაღამ შვილიშვილი მომიკლა.

 

-       ბებია, ლია, აქ ხარ? - ფიქრებიდან კოტემ გამომაფხიზლა.

-       აქ ვარ, აქ...უბრალოდ ფიქრებმა გამიტაცა. თბილად გავუღიმე. სასიამოვნო საღამო გამოვიდა. მაგიდასთან ვისხედით და ძველ ამბებს ვიხსენებდით. ლუკას დავემშვიდობეთ (დროებით მეგობართან გადავიდა) და ჩვენ თითქმის გათენებამდე ვსაუბრობდით. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. კარგი კიდევ და დავთანხმდი აქ ჩამოსვლაზე. იქნებ მეტჯერ ვეღარც კი ვნახო ჩემი კოტე?!

 

 

თავი IV

 

ბებია ორი კვირით იყო ჩამოსული, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი მისთვის ქალაქი დამეთვალიერებინა. 5 იანვარს დაბადების დღე აქვს, 70 წლის ხდება და ამიტომ წინასწარი ჯავშანი გავაკეთე ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში, სადაც ულამაზესი ხედი სანტა მონიკას მთაზე იშლება. რესტორანში ასევე ლუკა თავის შეყვარებულთან, ქეთრინთან ერთად დავპატიჟე. ქეთრინი ინგლისიდან იყო. პატარა სიმაღლის ქერა, სასიამოვნო ქალია. თითქმის წელიწადია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ბებიასაც ძალიან მოეწონა, საქართველოში დაპატიჟა.

 

კოტე, შვილო მადლობა ასეთი მშვენიერი საღამოს მოწყობისათვის. ძალიან ბედნიერი ვარ. - ბებიას გული აუჩუყდა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. ჩემი ხელი მის დანაოჭებულ ხელს დავადევი და გავუღიმე

-       მეც ბედნიერი ვარ, რომ შენ არსებობ - მომღიმარედ ქალს ვუთხარი

-       ეხლა აქ ნუ მატირებთ! - ლუკა ჩაგვეჭრა საუბარში, ყველას გაგვეცინა. 

 

მიიწურა ბებიას არდადეგები.  მინდოდა, რომ უფრო მეტხანს დარჩენილიყო, მაგრამ ამჯერად არ გამოგვივიდა. ბებიას დავემშვიდობე. აეროპორტიდან უკან ვბრუნდებოდი, როცა ტელეფონმა დამირეკა, სამსახურში გამომიძახეს. მორიგი მკვლელობა იყო. სახლშიც აღარ მივსულვარ, პირდაპირ დანაშაულის ადგილზე მივედი.

ქალაქიდან მოშორებით მიტოვებული სახლი იდგა. გარედან, რომ შეხედავდი სახლი შიშის მომგვრელი ჩანდა. ორ სართულიანი სახლი საშინლად გამოიყურებოდა: ხის ფანჯრები ჩამპალიყო, მინებიც ჩამსხრეული. გარედან სახლი დაგლახავებული, შემაძრწუნებელი, დაობილი, ხავსიანი იყო. აქ ხშირად უსახლკაროები და ნარკომანები იყრიდენ თავს. მანქანიდან გადმოვედი. კრიმინალისტები უკვე ადგილზე მუშაობდნენ. კიბის ხის საფეხურზე ფეხი შევდგი თუ არა, კრაჭუნი დაიწყო. ნამდვილად არასასიამოვნო შეგრძნებას ტოვებდა ყოველი აქ გატარებული წამი. ოთახში საკმაოდ ბნელოდა, ამიტომ პოლიციელებს პროჟექტორები ჰქონდათ ანთებული.

-       გამარჯობა დეტექტივო - პოლიციის ახალგაზრდა ოფიცერი, მისტერ დოლმანი შემხვდა და დეტალების მოხსენება დაიწყო.

-       გამარჯობა, ვიცით რაიმე გარდაცვლილზე?

-       ვინაობა არაა დადგენილი, ახალგაზრდა ქალია დაახლოებით 30წლამდე - ცხედართან ახლოს მივედი. შევათვალიერე, მძაფრი სუნი ასდიოდა.

-       როგორც ჩანს დიდი ხნის გარდაცვლილია

-       დიახ სერ, ზუსტად ექსპერტიზის შემდეგ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ორი დღის მაინც უნდა იყოს

-       უსახლკაროს არ ჰგავს, მდიდრული ტანსაცმელი აცვია. რა უნდოდა ამ ღმერთით დავიწყებულ ადგილას?

-       შეიძლება ნარკოტიკის საყიდლად იყო. - ოფიცერმა თავისი ვარაუდი მომახსენა.

-       ყველაფერია შესაძლებელი. რა არის მკვლელობის იარაღი?

-       სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნება, ზოგ ადგილას ტანსაცმელი შემოხეული აქვს. თუმცა ეს არაა მისი სიცოცხლის მოსპობის ნიშანი - ჩვენს განყოფილებაში ახალგადმოყვანილმა სამედიცინო ექსპერტ-კრიმინალისტმა მის ხლოია გოლდმა მომმართა.

-       გასაგებია. ჩანთა ან რაიმე პირადი ნივთები მას თან ჰქონდა?

-       არა სერ. - პოლიციის ოფიცერი შემომიბრუნდა და მითხრა

-       ვინ აღმოაჩინა ცხედარი?

-       ვიღაც მოხუცმა, ღამის გასათევად შემოვიდა. - გასვლას ვაპირებდი, როცა მის ხლოიამ შემაყოვნა:

-       დეტექტივო, ერთი წუთით, პირში რაღაც აქვს - პირიდან ფრთხილად გამოიღო პატარა წითელი ნაყოფი.

-       ეს რა ჯანდაბაა?

-       სავარაუდოდ შხამი, როგორი, ამას ანალიზის შემდეგ მოგახსენებთ.

-       მადლობა მის გოლდ. სწორედ ეს იქნება მისი გარდაცვალების მიზეზი. ოფიცერო დოლმან, დაკითხეთ ყველა და ანგარიში ჩამაბარეთ.

-       კარგით დეტექტივო. - ერთი სული მქონდა სახლიდან გარეთ როდის გამოვიდოდი, იქ თითქოს სული მეხუთებოდა.