ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

თამილა

თამილა

 

თამილა

„მასწავლებელი -ზოგჯერ უშვილო,

მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“.

თამილა, მარნეულის ერთ პატარა სოფელში დაიბადა, როგორც ჩვენში იტყვიან: მის დაბადებაში ღმერთის ხელი არ ჩარეულა! დაიბადა და დაობლდა.

ცხოვრებამ კი მძიმე განსაცდელი მოუწყო, ბედის დამწერმა ცრემლთა ზღვაში ცურვა მიუსაჯა. სამი წლის არც იქნებოდა, მამამისმა მეორე ცოლი შეირთო ეშმაკთან გარიგებული ფათმა.

***

ვინმემ რომ მკითხოს, რას გაიხსენებ სკოლის პერიოდიდანო? ვუპასუხებ:

-ბევრს არაფერს, მხოლოდ ლურჯ-თეთრი კედლები, დანით დაკაწრული დაფა, ნესტის სუნით გაჟღენთილი საკლასო ოთახი და ხანუმა მასწავლებელი, კუპრივით შავი თვალებით და კიდევ ალვის ხის ტოტისგან გამოთლილი ჯოხით ხელში, 

ხო შენ ფიქრობ, რომ ეს საშინელებაა! მართალი ხარ, მაგრამ ამ საშინელებაში იყო ერთადერთ ნათელი წერტილი, სახელად თეიმურაზი. პირველ კლასში რომ მიმიყვანეს, თავი საოცრებათა ქვეყანაში მეგონა, ოღონდ მე ერთი მოთხუპნული ჯადოქარი ვიყავი ყველას ლამაზად ეცვა- მაღლა აწეული თმები, ზედ დასკუპებული ბაბთები, თეთრი პერანგი, შავი ფეხსაცმელი, ვარდისფერი, წითელი, ლურჯი... ჩანთები ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ. შემრცხვა, არვიცოდი სად წამეღო ფეხები, რომ ჩემი დახეული ფეხსაცმელი არავის შეემჩნია .... მართლა თუ გაინტერესებთ, როგორი გემო აქვს სიღარიბეს მკითხეთ და ჩემს ბავშვობაზე მოგიყვებით. სკოლა - კლასში ოცდახუთი მოსწავლე ვიყავით, მათგან ერთ - ერთი იყო თეიმურაზი. მას არასოდეს დაუცინია ჩემთვის, ხშირად მიყოფდა დედამისის გამომცხვარ ღვეზელებს, დავალების შესრულებაშიც მეხმარებოდა, ანგელოზი იყო ნამდვილი ანგელოზი.

ოქტომბრის მზეს ჯერ თვალები ნორმალურად არც კი გაეხილა, ფათმას ვაჟმა საწოლიდან წამომაგდო. საწოლს ვწერ, თორე თხის ტყავი როდის ითვლება საწოლად?!  საშინელი სპირტის სუნი ასდიოდა... შემეშინდა ხმა ვერ ამოვიღე. მითუმეტეს, არც მამაჩემი იყო სახლში. არცკი მისადილია, ისე გამიშვეს ცხვრის სამწყემსად, მზემ რომ გულს ვარდები დაიფინა, შინისაკენ გამოვწიე მამა ისევ არ დაბრუნებულიყო სახლიდან მკრთალი შუქი ჩანდა და უცხო კაცების ხორხოცი გამოდიოდა, აღარ მახსოვს, ეს უკვე მერამდენე შემთხვევა იყო მაგრამ მახსოვს ფათმას სიტყვები: დაგკლავ, თუ მამაშენს ენას მიუტანა!

ალბათ არაა ძნელი მისახვედრი თუ ვინ იყო ის ხალხი და რას საქმიანობდა დედინაცვალი, მისი სავსე მკერდი მუდმივად ღაჟღაჟებდა ბიუსჰალტერი კი მანეთებით იყო გატენილი. ახლა ვხვდები, რატომ, არ მოინდომა არცერთმა მშობელმა, თავიანთი შვილები ჩემ გვერდით, რომ დაესვათ კლასში „ბოზი ზრდის და დღეს - ხვალ თვითონაც დაადგება მის გზასო“ პირველკლასელი ბავშვისთვის ძნელი მისახვედრი იყო მათი ნათქვამის გააზრება. ერთხელ მაღალი კლასის ბიჭებმაც დამცინეს, მეგონა დახეული სამოსის გამო მაგრამ არა.. ტირილი დავიწყე, შემრცხვა. თეიმურაზმა მათ ქვები ესროლა, ეგონა შეაშინებდა და მე კი დამიცავდა, კარგი დედა ჰყავდა მას ქართველი ქრისტიანი, მარიამ დეიდა ხოხბისფერი თმები და ფასკუნჯისფერი თვალები ჰქონდა,

თავის მოკვლა, რომ ვცადე მაშინაც მან გადამარჩინა. მეხუთე კლასში ვიყავი, იმ წელს საშინელი ზამთარი დადგა, ყინავდა, ძვალსა და რბილში ატანდა ზამთრის ყინვა, ოთხად მოკუნტულმა სხეულზე უცნაური სიმძიმე ვიგრძენი, მერე სუნი ჭუწყის, მანქანის გამონაბოლქვის, სპირტის, ახმედს - დედინაცვლის ვაჟს ჩემი გაუპატიურება უნდოდა ვკიოდი მაგრამ .... გამოვიქეცი თავი დავაღწიე მომდევდა, ნადირივით ღრიალებდა, არც კი დავფიქრებულვარ ისე, გადავეშვი მეორე სართულის აივნიდან. თვალები რომ გავახილე, უკვე საავადმყოფოს საწოლში ვიწექი დაბინტული და თაბაშირში ჩასმული, თავზე მარიამ დეიდა მედგა ის უფროსი ექიმი იყო, ბევრი მეხვეწა, მაგრამ სიმართლე ვერ მათქმევინა თუმცა ყელის არეში დათვის ტორების კვალი ისევ მეტყობოდა. სამი თვე გავატარე საწოლს მიჯაჭულმა .

აპრილის თვეს ატმის კაბები  რომ ამშვენებს და დედამიწას  - ყვავილების სურნელი ჩემს ცხოვრებაშიც დადგა პირველად გაზაფხული. დედაქალაქ თბილისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჩამოვიდა ახალგაზრდა მშვენიერი სოფია, პირველი დღიდან შემიყვარა და შემიყვარდა მეც, მისგან ვიგრძენი ადამიანური სითბო და დედობრივი ზრუნვა. აქამდე თავი პეპელა მეგონა, რომელიც ფერმკთალი სახით ელოდება ყოველ წამს სიკვდილს ახლა თითქოს სამყაროს აღქმა დავიწყე მივხვდი რომ ღარიბ და უიღბლო ადამიანებსაც აქვთ შანსი ცხოვრების გასაგრძელებლად.

ჩვენი სოფლის ერთ მაღალ ადგილას ძველი ტაძარი იყო, თეიმურაზმა მითხრა: - ეგ ადგილი წმინდა გიორგის ეკუთვნის დედაჩემისგან ვიცი ქრისტიანების მფარველი წმინდანია სამ ღეში მისი დღეობაა. მთელი ღამე ძილი არ მომკარებია, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი სკოლაში, თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა, ვინ იყო წმინდა გიორგი? სად ცხოვრობდა? ახლაც ცოცხალი იყო თუ არა?! პირველი, ვინც სკოლის ეზოში დავინახე, სოფია მასწავლებელი იყო მივეჭერი და ვკითხე მას წმინდა გიორგის ნახვა მინდა, სად ცხოვრობს?! დაიბნა გაოცებული სახით მიყურებდა მერე გამიღიმა ხელი ზეცისკენ ასწია და მითხრა: -აი იქ ჩემო თამილა, იქ არის წმინდა გიორგი რატომ გაგიჩნდა ეგ კითხვა?

-მას თეიმურაზმა მითხრა წმინდანს გველეშაპი მოუკლავს. მინდოდა, მეც მეთხოვა მისთვის რაღაც......

-რისი თხოვნა გსურს? იქნებ მე დაგეხმარო

-ა არა თქვენ ვერ შესძლებთ...

ამასობაში ლომის ხმიანმა ზარმაც დაიწკრიალა კლასში ყველა რაღაცაზე თათბირობდა ბავშვების აურზაური ნაზმა ხმამ და ფშატისფერმა თვალებმა  დააწყნარა. ჟოლოსფერი;  კაბით შემოფარფატდა სოფია, მხსნელი და მფარველი !

-მას ხვალ გიორგობაა და ჩვენთან გეპატიჟებით სოფლის თავს რომ სალოცავია, კლასელებიც წამოვლენ მას ხომ მოხვალთ?

ემუდარებოდა გაბრიელი, დამავიწყდა მეთქვა, ჩემს კლასში სულ ორად - ორი მუსლიმი ვსწავლობდით. მამაჩემმა გადაწყვიტა ქართულ სკოლაში მივეყვანე

-სახელმწიფო ენაა და რაღაცაში გამოგადგებაო!

-ალბათ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში.

- მას მეც მინდა რომ ჩვენთან მოხვიდეთ კიდევ არზუ და თამილაც წამოვლენ. დედამ თქვა: მათაც ველოდებიო, თავი მოიწონა თეიმურაზმა.

ექვსში, დილით, წვიმამ ცა ჩამოაქცია ზეცას ჭაობისფერი მზერა ჰქონდა და შუბლშეკრული იუწყებოდა, კიდევ კარგახანს არ წავალო, ჩვეულებისამებრ მე ისევ ცხვარში გამამწესეს თან გამაფრთხილეს,

-დღეს ქართველებს დღეობა აქვთ და გზის პირებზე და ეკლესიის მახლობლად აძოვე ცხვარს. 200 - მანეთ ნაკლებ არ გაყიდო,

- თვალებ დაღრენით გადმომძახა ფათმას ვაჟმა,

- თამილა, თამილა შორიდან ნაცნობი ხმა მესმოდა. მასწავლებელი ... შემრცხვა თავს მაღლა ვერ ვწევდი დახეულ კალოშებსაც ვმალავდი ბალახებში

- ჩემო გოგო ამ წვიმაში აქ რა გინდა?

თვალებში ცრემლები აუბრჭყვიალდა სოფიას, მერე დედაშვილურად ჩამიკრა გულში და პირველად ვიგრძენი, თუ რას ნიშნავდა ადამიანური სითბო და ადამიანის გულისცემაც გავიგონე. ტაძარში შესულს სანთლების სითბო მეამა, გაყინული ხელები ანთებული სანთლებისკენ გავწიე. თან მიკვირდა რატომ ენთო ამდენი სანთელი ერთად

-       მამაო, მამაო, ესაა ის გოგო ვისზეც გიამბობდით ხომ მონათლავთ ქრისტიანულად?

თეიმურაზის ხმამ იქ მყოფთა ყურადღება იმ წამსვე მიიქცია, ახლა უფრო შემრცხვა ყველა მე მიყურებდა დავიმალე სოფიას მივეკარი და მისი თავსაბურავის ბოლო სახეზე ჩამოვიფარე, ჩემ წინ თეთრწვერა ბერიკაცი გაჩერდა, შემომხედა, გაიღიმა, თავზე ხელი დამადო და რაღაც ჩაილაპარაკა.

საოცრებას ჰგავდა ის დღე. ყველაფერი გამოვკითხე სოფია მასწავლებელს, ისიც გულდასმით მიყვებოდა წმინდანის ცხოვრებაზე და საღვთო კანონებზე, მაგრამ თან იმასაც მეუბნებოდა, შენი სარწმუნოებაც არანაკლებ საინტერესოა და თქვენც გაქვთ წმინდა წიგნი ყურანიო.

***

 

მაგრამ ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დროებითი იყო. 10 მაისს სკოლიდან დაბრუნებულს სახლში უცხო მამაკაცი და კიდევ ვიღაც ქალები დამხვდნენ, ოთახში დიდი ჩემოდნები ეწყო

-       შენ დასანიშნად არიან მოსულები, ხმა არ ამოიღო ბაქოდან ახლახანს ჩამოვიდნენ, გაგაყოლებ და თავიდანაც მოგიშორებ!

ოქროს კბილებში გველის სახე ეხატებოდა დედინაცვალს. შემეშინდა, ის კაცი ჩემზე 15 წლით უფროსი მაინც იქნებოდა. დღემდე მზარავს გახსენება, თუ როგორ მისმევდა სახეზე ხელებს... ვდუმდი ვლოცულობდი, როდის წავიდოდნენ სახლიდან, ღამემ მთვარესთან გაყრა დაიწყო, ოთახში თეთრი შუქი გამოჩნდა სკივრს თავი ავხადე. ერთადერთი, ვინც იმ წამს თვალწინ მედგა დედაჩემი იყო, რომელიც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში მყავდა დახატული, ერთი, ორი, სამი .... და ცხოვრებასთან გამომშვიდობება დავიწყე... რამდენ ხანს ვეგდე უგონოდ, ან ვინ მიპოვნა, არ ვიცი! თუმცა მახსოვს სოფია მასწავლებელი, ცივი საავადმყოფოს პალატა და უცხო კაცები.

-       ნუ გეშინია, ჩემო გოგო, ახლა ყველაფერს მოყვები, გვიამბობ, რა მოხდა და რატომ გადაწყვიტე თავის მოკვლა.

-       მეფერებოდა მასწავლებელი და ხმაში ნელ - ნელა ბზარები ეპარებოდა , შიში აღარ მახსოვდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრებიდან ღრუბელი სამუდამოდ გადაიფანტებოდა და კონკიას მსგავსად მეც დავამარცხებდი ბოროტ ფათმას და მის ვაჟიშვილს, როგორც იქნა, ყველაფერი მოვყევი, დედინაცვალს ხელწერილი დააწერინეს და გააფრთხილეს არასრულწლოვანის გათხოვება კანონით ისჯებაო!

იმედი მქონდა, თვრამეტ წლამდე ვერავინ შემეხებოდა, მითუფრო რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში იყო სოფია, რომელმაც ერთი ხელის მოსმით წაშალა ცუდი დღეები აი ისე, დაფიდან ძველ ტექსტს, რომ შლი და ახალი მაგალითების წერას იწყებ. 

კითხვის ნიშნებიც ნაკლები იყო, თანდათანობით დავიწყე ადამიანური ცხოვრება შიშის გარეშე. ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ აღარ გამყიდიდნენ, ვერც გათხოვებას მაიძულებდნენ. დროებით მაინც აღარ შევადარებდი ჩემს თავს ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრს“... ახლა მეც მყავდა დედა !

ცხვარში სიარულს კი მივეჩვიე განსაკუთრებით, შაბათ - კვირა, მაგ დროს თეიმურაზი მეხმარებოდა, ჩამოირბენდა შუადღეს, ჩამოვსხდებოდით მუხის ჩეროში და მიკითხავდა სხვადასხვა წიგნებს, მერე მასწავლებელმაც დაიწყო სიარული. სანამ ცხვარი მოსასვენებლად იწვა, სოფია ქსოვასა და ქარგვას მასწავლიდა. მიხაროდა, ზამთარში ჩემი ხელით მოქსოვილი წინდები რომ მეცმეოდა, აღარ გავიყინებოდი... 

***

ასე გრძელდებოდა ღრუბლებგადაყრილი სინათლის სხივშეპარული ჩემი ცხოვრება. ერთ დღეს სოფიამ ალისა და ნინოს სიყვარულის ისტორია გვიამბო, მახსოვს, ბევრი ვიტირე თვალების დამძიმებამდე, ვსლუკუნებდი.

-       ნოემბერში თეატრალურ წარმოდგენას გავმართავთ. სწორედ შენიქნები ნინო ჩემო თამილა! თეიმურაზ, აი, შენკი „ბატონი“ ალის როლს მოირგებ .

-              გაგვიღიმა სოფიამ, გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა, ვერ ვხსნიდი, რა მჭირდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ბედნიერი ვიყავი .... შემოდგომის მზემ გულს ხელები დაიკრიფა და სოფლის გორებს გადაეფინა, წვიმდა შამბიანი გზა ლავანდის ხმელი სურნელისკენ მიიკლაკნებოდა, არც სოფელი ჩანდა და აღარც ადამიანთა ხმები წვდებოდა ყურს, თეიმურაზმა პერანგი გაიხადა და მდინარის ტალღებს შეუერთდა, შემეშინდა უკიდეგანო სივრცეში მარტო დარჩენის.... ლოყაზე სველი ტუჩების სიმხურვალემ შემაკრთო, ფიქრებს აყოლილი პატარა ბავშვივით ავქვითინდი, მთელი ძალით ვიკრავდი გულში ლომის მხარ - ბეჭს. მზემ უკანასკნელი სხივი აათამაშა. წყლის შერჩენილი წვეთები ალმასისებრ ბრწყინავდა მის მხარ - ბეჭზე, იმ ღამით დამთავრდა ყმაწვილქალობა. ბედნიერების თუ შიშის ცრემლები მოულოდნელად მომწყდა თვალებიდან...

თვალების მაღლა აწევის მეშინოდა, არმინდოდა სოფიას შეემჩნია ამოუხსნელი ბედნიერება, თუ შეცოდება, შიში რომელიც ახალ თავსატეხს გააჩენდა ჩემს ცხოვრებაში. მერხზე ფერად თვსაფარში გახვეული წიგნი დამხვდა წარწერით „ვერავინ დაგვაშორებს! გილოცავ დაბადების დღეს!“ ეს ალი და ნინოს წიგნი იყო, მჩუქნელს კი შენც მიხვდები მკითხველო!

ორი კვირის მერე სხეულში უცნაური ტკივილი ვიგრძენი, ღამეები არ მეძინა, მივხვდი, რომ მასწავლებლისთვის უნდა გამემხილა ჩემი ბედნიერების შეცდომა, სოფიამ დიდხანს მისმინა, თვალებში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა სხეული უცეცხლოდ მეწვოდა, თეიმურაზსაც თვს ვარიდებდი, ვგრძნობდი, უკანასკნელი დღეები იყო მასთან სიახლოვის, სოფიამ მამაჩემი დაიბარა სკოლაში, ათასი მიზეზი მოიგონა და მეორე დღეს თბილისში წამომიყვანა ექიმთან

-       გოგონა ორი კვირის ორსულია

-              გველის ნაკბენივით ჩამესო ეს სიტყვები გულში. 17- წლის გოგოსთვის, რომელსაც ათას ერთი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი, ახლა დედობის გზაზე დასადგომად მოამზადა განგებამ, ვდუმდი, ერთადერთი, რაც შემეძლო ტირილი იყო საღამოს სოფიას მამა დავთთან წაყვანა ვთხოვე სოფლის თავზე, წმინდა გიორგის ტაძარში, ვთხოვდი ვემუდარებოდი მამაოს, რომ მოვენათლე ჩემი შეცოდებაც მოვუყევი, სულის გადარჩენა და ჩემში ჩასახული არსების კეთილდღეობა მსურდა! მოვინათლე, ნათლია კი ჩემი სულის ანგელოზი სოფია იყო, პირობა ჩამოვართვი, თეიმურაზს არაფერს ეტყოდა!

-              ერთი თვის შემდეგ სხეულმა ვაშლის ფორმაზე ოდნავ შესამჩნევად დაიწყო მომრგვალება. თეიმურაზს უკანასკნელად შევხედე იმ დღეს თვალებში უსიტყვოდ, მაგრამ მრავლის მთქმელი თვალებით დავცილდი, ერთადერთი რაც შევძელი, წერილის დატოვება იყო: „მაპატიე .... უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაგელოდები... მერე კი ჩემს მიწად ქცეულ სხეულზე უამრავ მზესუმზირად ამოვალ ზუსტად ისე, როგორც კლიტი აპოლონის მოლოდინში, მზის ამოსვლას დაელოდე, იქ, სადღაც, მე შენი გულისთვის გავიღიმებ. წერილი ჩემი ხელით მოქარგულ ხელსახოცში გავახვიე და ჩანთაში ჩავუდე.

ნაშუაღამევს, მე და სოფია თურქეთისაკენ მიმავალ ავტობუსში ვისხედით, ზუსტად ვიცოდი, რომ წინ იმაზე რთული ცხოვრება მელოდა, ვიდრე აქმდე გამოვიარე, მაგრამ ახლა მარტო აღარ ვიყავი, ჩემს გვერდით მასწავლებელი და ჩემში კიდევ ახალი სიცოცხე იყო. დამღლელი მგზავრობის შემდეგ, ბინბაშიქამდეც მივაღწიეთ( თურქეთის სოფელი ) მგზავრობით დაღლილს და ნერვებისგან ძალ - ღონე გამოცლილს მესიამოვნა სოფლის სიგრილე და კაკლებიანი ეზოს სიმშვიდე. გამიმართლა, აზერბაიჯანული რომ ვიცოდი მასპინძელ ოჯახთან კომუნიკაცია არ გამჭირვებია. მასწავლებელმა პაპა - ბებიას საკუთარი შვილივით ჩამაბარა .

თავში ათასი აზრი მიტრიალებდა რა იქნებოდა ამის მერე? ავისრულებდი ოცნებას? ... გავხდებოდი ოდესმე ექიმი? როგორ გავზრდიდი ჩემს შვილს? და კიდევ ათასი რამ.  სოფია დიდხანს ვერ გაჩერდებოდა თურქეთში, თავიდანვე გააცნობიერა, რომ ჩემს გამო სასწორზ დადო მთელი თავისი მომავალი.

***

გამიმართლა, პაპა რამაზის დახმარებით სკოლის ბოლო კლასი დავამთავრე, პარალელურად კი სოფლის ფაბრიკაში დავიწყე მუშაობა, ახლა თავის გასატანი ფულიც მქონდა და მშვიდად დასაძინებელი ადგილიც.

ივლისის მიწურულს მზისგან გათანგულმა დღემ თვალები მოიფშვნიტა და ძილისთვის მოემზადა, სხეულში უცნაური ტკივილი ვიგრძენი, სამშობიარო ბლოკში ჩოჩქოლო ატყდა, თითქოს გულისცემა გაჩერდა მეანისა და სამედიცინო პერსონალის ორ საათიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ქვეყანას ახალი სიცოცხლე მოევლინა!

-       ექიმო, ჩემი შვილი , ჩემი პატარა...

-       გილოცავთ, თქვენ ვაჟი შეგეძინათ!

ამ სიტყვებმა შეცვალა ჩემი სამყარო, გულზე ყველაზე სუფთა სიყვარულის სიმბოლო მეწვა, ახლა დედამიწაზე ყველაზე ძლიეი ქალი და დედა ვიყავი.

მეორე დღეს პალატაში შავებში გამოწყობილი ქალი შემოვიდა. ვერ ვიცანი, დავიბენი, მერე კი მთელი ძალით ვიკივლე.

-              დედა! ჩემ წინ ჩემი სოფია იდგა სამონაზვნო ტანისამოსში გამოწყობილი, დღემდე არ ვიცი, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვიცი, რომ მან ჩემი თავი სიკვდილს გამოჰგლიჯა, ნაცრისფერი და მტვრიანი დღეები გამიფერადა, ღრუბლები ბედნიერების წვიმად მიქცია. და ყველა კითხვის ნიშანი გააქრო დარდიანი ბავშვის ფიქრებიდან.

*** 

ყველა ნატვრა ავისრულე, ექიმი ვარ და ვცდილობ, არცერთი ბავშვი არ დარჩეს უდედოდ ამ სამყაროში, ჩემი ბავშვობიდან 20- წელი გავიდა.

აგვისტოს მზე ავის მომასწავლებლად აცხუნებდა, ამწვანებული გარემო ნელ - ნელა ოქროსფერს იხდენდა და რაღაც ამოუხსნელთან შესახვედრად მამზადებდა.

სამი თვეა ისრაელში ვარ, სულის გაყინვამდე მენატრება ჩემი კუპრისფერთმინი ბიჭი, თავადაც ხშირად მსაყვედურობს:

-დე, რით ვერ მორჩი შენს სწავლებას, ჩამოდი, მომენატრე!

-თამილა, სასწრაფოდ ტელევიზორი ჩართე, საქართველოში ომი დაწყებულა, რუსულ შეიარაღებულ ძალებს საჰაერო თავდასხმა განუხორციელებია, ერთ წამში გავიყინე, სხეულის ყველა ნაწილი დამეწვა, თვალწინ ათასმა ამბავმა ჩმიარა. 9- აგვისტოს ისრაელის მედ. პერსონალთან ერთად საქართველოში ჩამოვფრინდი. ამდენ წლიანი განშორების შემდეგ საკუთარ სამშობლოში უკვე რეალურ ომში მომიწია ჩართვა. აეროპორტშივე გვაუწყეს, რომ მარნეულის აეროდრომი დაიბომბა, ამიტომ ჩვენც იქ უნდა ჩავსულიყავით, თან ერთადერთი ვიყავი, ვინც ქართული და აზერბაიჯანული იცოდა. ვერასოდეს აღვწერ, რა ვიგრძენი; დაჭრილი და შეშინებული ადამიანების სახეები, ჰოსპიტალის დერეფანი გადაჭედილი იყო ხალხით: ოჯახის წევრები, დაშავებულები, გულშემატკივრები, ვინც მზად იყო, უანგაროდ გაეღოთ სისხლი ჯარისკაცთა გადასარჩენად, ირგვლივ სიკვდილის ფერი და სუნი დატრიალებდა,

ტელეფონმა დაიწკრიალა

-                 დე საქართველოში მოვდივარ, როგორც ჟურნალისტმა, ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო.

პასუხის დაბრუნება ვერ მოვასწარი, პირჯვალი გადავისახე მხოლოდ,

-              თამილა, სასწრაფოდ საოპერაციოში  თქვენი დახმარება გვჭირდება ჯარისკაცია დაჭრილი,

თვალთ დამიბნელდა სისხლსა და მიწაში ამოგანგლული სახე, ჩემი ბავშვობა ტკივილი და სიყვარული, ახლა მისი სიცოცხლე ჩემს ხელში იყო. ოპერაციამ ოთხ საათზე მეტხანს გასტანა, პაციენტს ორივე ქვედა კიდური შევუნარჩუნეთ, ყველა ტაშს უკრავდა, მე კი გული მეფლითებოდა, დერეფანში გამოსულმა ბოლო ღონეც დავკარგე და უგონოდ დავეცი.

-       დედას ერთადერთო, ჩემო დატანჯულო გოგო,

თმებზე ჩემი სოფიას, ჩემი მასწავლებლის, დედის და ახლა უკვე დედა ანას მშვიდი ხელის სითბო ვიგრძენი.

-       დრო მოვიდა, ჩემო გოგო,  დრო, ღმერთის ნება უნდა აღსრულდეს!

ვერ ვბედავდი, ვერ შევდიოდი მის პალატაში, მეშინოდა,

-       თამილა, სასწრაფოდ სისხლი გვჭირდება, მე-2 უარყოფითი პაციენტი თეიმურაზ გავაშელიშვილი, სისხლის ბანკს მარაგი აღარ აქვს, დრო 24 საათზე ნაკლები გვაქვს!

-       დრო დადგა, დრო მამაშვილს შეხვედრის...

უკანასკნელი ძალები მოვიკრიფე და ჩემს ვაჟს, გიორგის დავურეკე. ....

შევძელი და გადავარჩინე, კიდევ ერთხელ გადავარჩინე ჩემი ბავშვობა, 12- ში ომი დამთავრდა საავადმყოფოში მყოფმა თითოეულმა პირმა ამოისუნთქა. უკანასკნელი ძალები შევაგროვე ნაწილ - ნაწილ, პალატაში სამარისებური სიჩუმე იდგა, ვტიროდი მე, სოფია(დედა ანა), ტიროდა თეიმურაზი, ერთადერთი ვინც ამ ამბაში ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო, ეს გიორგი იყო, მერე ჩაიმუხლა, თავი ჩემი მასწავლებლის კალთაში ჩარგო და დაიწყეო სთხოვა, ყვებოდა დედა ანა ჩემი ბავშვობის შავ ზღაპარს , თითოეულ დეტალს იხსენებდა, .....

-       დროა, ჩემო გოგო, უფლის ნებაა, დღეს სწორედ იმ მიწაზე ხარ, სადაც შენი თავი მაპოვნინა უფალმა, იქ ვართ, სადაც თქვენმა სიყვარულმა იზეიმა და სადაც საბოლოოდ უნდა იგვირგვინოს.

თეიმურაზი ცრემლებს მალავდა, ახლაც ისეთივე ამაყი იყო, როგორც ოცი წლის წინ, მუჭში კი ბოლომდე მომწყვდეულ მოქარგულ ხელსახოცს მალავდა.

ახლა 39 წლის ვარ, ზუსტად იმხელა, აღარც ბავშვი  რომი ითქმის და არც მთლად დიდი, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია თქმა, რომ ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო, დაგიხსნას ნესტიანი ცხოვრებისაგან, აგარიდოს დაბნეულ კითხვის ნიშნებს და აქ ამ სამყაროშივე გაპოვნინოს სამოთხე!....