ბედუინები ოფისებში
ბედუინები ოფისებში
საღამოს დედა ბრუნდება სახლში. შეწუხებული სახე აქვს. მე პირდაპირ მიწაზე ვზივარ,კალთაში ბატკანი მიზის. დაჟინებით ვუყურებ, ამას მალევე გრძნობს და მეუბნება, რომ ჩვენი ფარა ნახევრად გამწყდარი დახვდა, მწყემსი ხელმოჭმული ეგდო სამშრალის ბოლოზეო. მე შეშფოთებული სახით ვუსმენ, თან ინსტიქტურად ჩემს ბატკანს გულში ვიკრავ. მერე ცრემლები მომდის. იმ ფარიდან ნახევარი ასე გავზარდე, უბეში.
აქ, მთებში და სოფელში ჩვენზე ყველამ იცის. ჩვენ ერთადერთი უკაცო ოჯახი ვართ აქ. მამაჩემი სახლიდან ჩემს გაჩენამდე წავიდა. მე მარტო ლეგენდები ვიცი მის გაუჩინარებაზე. ზოგი ამბობდა ქვემოთ, ბარისკენ ტყეებში უნახავთ, თან ტიროდა, თან ისრებით ტახს ტახზე კლავდაო. დედაჩემი იმას არ ელოდება. არც არასდროს მელაპარაკება მასზე. ადრე ეგრე იყო, მე კაცი მესიზმრებოდა. ის გაურკვეველ რამეებს მელაპარაკებოდა. მარტო სიტყვა „მამა“ მახსოვს იქედან. მერე გაურკვეველ ენაზე წარმოთქმული სიტყვები. მაშინ ის მამაჩემი მეგონა, შემიყვარდა ის კაცი. მერე წავიდა ჩემგან. პატარა ვიყავი ,თვალი ტყეში რომ მოვკარი, თავზე და ტანზე ქვიშისფერი ნაჭრები ჰქონდა დახვეული, ცისფერი შუქი დასდევდა, ხელში ახალშობილი ბიჭი ეჭირა, თითით მიმითითებდა თან შორიდან ხმა მოდიოდა მისი, ისევ უცხო, გაუგებარი სიტყები. მე ვუთხარი რომ ჩემგან წასულიყო, რომ არ მინდოდა მისი მოსმენა, რომ ის არ იყო მამაჩემი. მე მინდოდა მენახა ჩემი საკუთარი მამა ბეწვეულში გახვეული შავი, გრძელი თმებით. ეს კაცი არავის ჰგავს მსგავსს და ახლა ზუსტად ვიცი, ის უცხო კაცია, ის საშიში კაცია.
ცეცხლს ვანთებთ მე და დედა. ჭამა არცერთს გვინდა. დიდად არც არაფერი გვაქვს. ზამთარი წინაა, ჩვენ უსახსროდ ვრჩებით. მე ხის დაფაზე დადებულ ხორცის ნაჭერს ორად ვჭრი. ერთს მისკენ ვწევ, თან ისე, შეუმჩნევლად. ის ნელა იღებს, უგემურად ჭამს,თან თვალი ცეცხლზე უშტერდება. მე თვალს არ ვაშორებ. ვხედავ,რომ ისევ ძლიერია . ლამაზი და მკაცრი სახე აქვს, ამოწეული ყვრიმალები და წვრილი თვალები. თვალებთან ჭორფლები ოდნავ უფერმკრთალდება წელიწადის ამ დროს. მე ვგიჟდები მის სიარულზე. ბავშვობიდან ვხედავ, აქ ვიღაც კაცებს მისი ქმრობა უნდათ. მოდიოდნენ ხოლმე ადრე, რაღაცებს თავაზობდნენ, აშინებდნენ, ელაქუცებოდნენ. ბოლოს ალბათ ყველა დანებდა და დედას ასაკიც წამოეწია. მერე ჩემი ქმრობაც უნდოდათ. მე დედა თითქმის არაფერს მეუბნება იმის გარდა,რომ ყველას მოვერიდო,რომ სულ თან ვატარო, რაიმე მაგარი და მყარი, რომ თავის დაცვა შევძლო. ჭამას რომ ვამთავრებთ, ცხიმიან ხელებს ვიბან, და დასაწოლად მივდივარ კუთხეში. ერთხანს დაძინებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. მინდა დედას რამე ვკითხო. მინდა მისი ხმა გავიგო, მაგრამ ყველაზე მეტად ის მინდა, ვუყურო,რას იზამს, როგორ იზამს ახლა. როცა ჩემკენ ტრიალდება თავს ვიმძინარებ. ცეცხლიდან ცხელ წყალს დგამს. კასრში ასხამს და მერე ცივ წყალს ამატებს. ნელ-ნელა ტანზე იხდის. მე თვალს აღარ ვარიდებ იმის ტანს. პირველად ვამჩნევ, რომ ბევრი ნაირავი აქვს. ბარძაყებზე შრამები. მუცელზე მარჯვნივ რაღაც ნამწვავი მოუჩანს. ცრემლები მსკდება და მერე თავის შეკავება მიჭირს, ხმამაღლა მოვთქვამ. ის უცებ ტანზე რაღაცას იხვევს, მოდის და თავზე ხელს მისვამს, მეკითხება რა ხდება, ან რა მჭირს. მე ვატყუებ, რომ ცუდი სიზმარი ვნახე და გვერდზე ვტრიალდები, ერთხანს იქ ზის. არ ინძრევა. მე წარმოვიდგენ მის სახეს, მის ხელებს, რომელიც სულ კალთაზე ულაგია უძრავად.
ცოტა ხანი გადის. დედა არ ამდგარა. დასაბანი წყალი ალბათ უკვე გაცივდა, მაგრამ აქ ამაზე არავინ ნაღვლობს. მე რაღაც მეუბნება შინაგანად, რომ ეს ქალი ისეთი არ არის, როგორიც სხვა დედები. კარზე კაკუნი ისმის. მე დამფრთხალი ვტრიალდები და უხმობ ვუყურებ დედაჩემს. მის სახეზე გაკვირვებას ვერ ვატყობ, უფრო უდიდეს სევდასა და ტკივილს, რაც რაღაც დიდს ანგრევს ჩვენს შორის.
ფრთხილად დგება, ასე უხერხულად ფალასმოხვეულივე მიდის კართან. კარში გამოსახულების გამოჩენამდე უცივესი ქარი შემოდის, რაც შიშის ჟრუანტელთან ერთად მთელს სხეულს მართმევს. კარში ჯერ უცნაურ, დაბალძირიან ფეხსაცმელებს ვხედავ, შემდეგ უბეგანიერ, კრემისფერ შარვალს, მერე სწორედ ისეთ თავსახვევებს, როგორიც იმ უცხოენაზე მოლაპარაკე კაცს ახურავს ჩემს სიზმრებში. უკან კიდევ ორი ასეთი კაცი დგას. დედა იმათ თავს უქნევს, შემოდიან და პირდაპირ დაბალ მაგიდასთან სხდებიან. ერთი მათგანი, რომელიც კარში პირველად შევნიშნე პირდაპირ თვალებში მიყურებს. მერე იმ უცხო ენაზე დედას ლაპარაკს უბამს. დედაჩემიც იქედან რაღაცებს პასუხობს. მე ენაჩავარდნილი ვზივარ, არ მესმის რა ხდება, მარტო ამ უცნაურ კაცებს ვუყურებ, რომელთა კანის ფერი ჩემსაზე ბევრად მუქია, წარბები ბევრად სქელი, თვალები შავი. ის ჩემზე დაჟინებით მომზირალი კაცი ჩემკენ ტრიალდება და ჩემივე ენაზე მიწყებს ლაპარაკს. მამცნობს, რომ ამაღამ ჩვენი ფარა მთლიანად გაწყდება, რომ დედაჩემს მაინც მოუწევს, ბოლოსდაბოლოს ვიღაც კაცი იპოვოს, ვინც მის რჩენას შესძლებს. მე მაინც არაფერი მესმის. უფრო მშივრებიც ვყოფილვართ, უფრო უქონელებიც, უფრო საცოდავებიც, უფრო მარტოებიც, მაგრამ როგორღაც გადავრჩენილვართ. ვერაფერს ვპასუხობ, მარტო დედას ვუყურებ, რომელსაც რაღაც ნაჭერში გადახვეული გამოაქვს. ვხსნი და ტანსაცმელია, დაახლოებით ზუსტად ისეთი, როგორიც ამ კაცებს აცვიათ. ყურთან თავი მოაქვს და მეუბნება:
- ახლა შენ ამ ტანსაცმელს ჩაიცვამ და ამ კაცებს გაჰყვები. ნურაფერს მკითხავ, რადგან ეს ჩვენი ცხოვრება არაა!
უკვე ყველაფერი ერთიანად მაგიჟებს. რეალობა ბლანტ სითხედ იქცევა. მე ამ ბლანტი სითხით სავსე ჭურჭელში დამწყვდეულ ტყვედ. მერე ეს სცენები თავში ერთიანად ტრიალდება. მახსენდება , სადღაც მინახავს. მინახავს ეს კაცებიც. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავიხსენო, როდის იყო კიდევ მომენტი ასე უცნაური, მაგრამ ვერ ვახერხებ. თვალს რომ ვახელ იმ სამი კაციდან ყველას ერთნაირი სახე აქვს, იმ კაცის სახე, ჩემი სიზმრებიდან. მე ვუყურებ სამ ერთნაირ ადამიანს, რომლებიც წეღან სამი განსხვავებული კაცი იყო და ჩემდან უნებურად ყვირილს ვიწყებ, ვცდილობ ოთახში თვალებით დედა ვიპოვო, ის არსად ჩანს, მისი მოსაცმელი ძირს აგდია, ნივთებიც დაბლა ყრია მიმოფანტული. ფეხებში უდიდეს სისუსტეს ვგრძნობ და რასაც ბოლოს ვაცნობიერებ არის ის, რომ ხის საწოლს კეფას მაგრად ვარტყამ. მერე ყველაფერი მუქ, მჟავე მდგომარეობაში გადადის.
სანამ თვალს გავახელ ყურებში შემოდის ჭრიალის ხმები, პირი მთლიანად გამშრალი მაქვს. ძალიან მწყურია. თავის წამოწევას ძლივს ვახერხებ, რადგან კეფა ძალიან მტკივა. ჩემს წინ უსასრულო ჰორიზონტი იშლება, არ ვიცი რა დროა, თენდება თუ ღამდება, მაგრამ აუტანელი სიცივე და დანისლული ხეები უფრო განთიადისას ჰგავს. ვცდილობ, უჩუმრად შევტრიალდე. მხოლოდ ორ უზარმაზარ კამეჩს ვხედავ, რომელზეც ეს ურემია შებმული. ისინი წინ მონოტონურად მიიწევენ. კისერს ქვემოთ ბეჭები აუდ- ჩაუდით. მძიმე ხვნეშა მესმის მათი. გარემო ძალიან უცნაურია. აქედან არაფერი ჰგაქვს ჩემი სოფლის ბუნებას. გარშემო მარტო მინდვრები და აქა-იქ განიერი, გატყავებული ხეები მოსჩანს. მე აქეთ- იქეთ თვალებს ვაცეცებ, ვამოწმებ ის კაცები ხომ არსად სჩანან და რომ ვერ ვხედავ, შიში მტოვებს. გონებაში დედაჩემის სახე ჩნდება. მე არ ვიცი მართლა ვხედავ და მხედავს, თუ მე წარმოვიდგენ, მაგრამ ისეთივე უდრეკი, ძლიერი თვალებით მიყურებს და თითქოს თავს აქნებს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ახლა იმაზე ბრაზი და მონატრება ერთმანეთში ირევა. ზურგზე ვეშვები და მხოლოდ განთიადის უფერულ, გამჭვირვალე ცას ვხედავ, რომელშიც მზის სხივები მოციმციმე სვეტებად ჩნდებიან. მახსენდება, როგორ ლოცულობენ მზეზე მეზობლის ქალები და კაცები, როცა მაღლა, გორაკის თავზე იკრიბებიან.მე და დედა არ დავდიოდით იქ სალოცავად. ადრიდანვე ამიკრძალა დედამ, უსულო მოვლენებს არ უნდა ეთაყვანოო. ერთხელ დილით ადრე გავეპარე, ზაფხულის დილა იყო, როცა მზე ყველაზე ადრე ამოდის. გორაკის თავი სავსე იყო მზის სხივებისთვის ხელებმიპყრობილი ხალხით. თვალები დახუჭული ჰქონდათ, დიდხანს ელოდნენ ასე გახევებულები, მეც შორიახლო დავიჩოქე, ხელები მათ მსგავსად ცის კიდეს მივაპყარი. იმ დღეს მზე არ ამოსულა. თვალები რომ გავახილე ხალხი უკან ეშვებოდა ვაივიშით, ტირილით, მოთქმით და გოდებით, რომ სოფელი გაწყდება, რომ მზემ უარჰყო მათი ყველა ლოცვა, ყველა ძღვენი. თითქოს თუ მართლა არ ვიცი, მაგრამ მე ვერავინ მამჩნევდა. მთელმა სოფელმა შორიახლო ჩამიარა და ყველა სახლში შეიყუჟა უბედურების მოლოდინში. მე არ ვიცი როდემდე დავრჩი იქ, რადგან აღარ იყო აღარც საღამო, აღარც დილა. სახლში რომ შევედი დედა ცეცხლის პირას იჯდა უძრავად, რომ შემომხედა ოდნავ გაიღიმა, ცხოვრებაში ეს ღიმილი სულ რამდენჯერმე მინახავს. მაშინ მთელი ქოხი უსწრაფესად გაავსო მანათობელმა ჩიტებმა, რომლებიც მთელი ღამე ჩვენს თავზე გალობდნენ და მეორე დილას, მზის ამოსვლისას სადღაც ბურუსში გაუჩინარდნენ.
ახლა იმ მზის სხივების სვეტებში ისევ ის ჩიტები ჩნდებიან, მე თვალს ვაყოლებ იმათ ჰაერში ტრიალს, მერე პირდაპირ კამეჩების თავზე სხდებიან, თითქოს ახლა უფრო სწრაფი ნაბიჯით მიდიან ეს გიგანტური, მძიმე ცხოველები. გარემო თანდათან უფრო და უფრო უცნაური ხდება. ხეები ცოტავდება, მიწა შრება. ჩემი წყურვილი უკვე გაუსაძლისია. ვატყობ ჩემი ჩიტები ამ მზეზე ვეღარ ძლებენ, ვეღარც ამ კამეჩებს მიაქანებენ გამეტებით. ისინი თითო-თითოდ ტოვებენ მათ ბეჭებს და უკან, თვალუწვდენელ მტვრის ბურუსით სავსე სივრცეში უჩინარდებიან. მხოლოდ წინ ვიხედები და ვხედავ, როგორ ეკეცებათ კამეჩებს ფეხები, როგორ ენარცხებიან ქშენით. ჩამოვდივარ ურმიდან. გარშემო ვიხედები, არაფერი მოსჩანს გარდა ქვიშით დაფარული, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული გორაკებისა. ცოტახანში პირი ნახევრად მევსება ქვიშით. მერე ამ ჩემს თავსაბურავს მთლიანად ვიხვევ, ისევე როგორც ზაფხულში მინდვრებში მუშაობისას. შორს რაღაც მოსჩანს. მზეში და ჰაერში ისე ლივლივებს, ვერაფერს ვარჩევ. ფეხს ვუჩქარებ, მაგრამ ქვიშაში მეფლობა, ჩქარა სიარული მიჭირს. ძლივსძლივობით ვუახლოვდები, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდები, თითქოს უკან მიდის გამოსახულებაც და საგნებიც. ცოტახანში ვარჩევ, რომ კარავი დგას, მის ჩრდილში ქალი წევს გულაღმა. ხელები მკერდზე აქვს დალაგებული. მოშორებით კაცი მოსჩანს, დიდ, უცნაურ ცხოველთან ერთად, რომელიც კუზიან ცხენს ჰგავს, მაგრამ ტანად ბევრად დიდია. მივდივარ, ქალი ფეხზე ვარდება, ქმარს რაღაცას ეძახის. მე მომაკვდავივით მის ქვეშაგებზე ვეცემი და ვერც ვახერხებ პირიდან ერთი სიტყვა მაინც ამოვისროლო, წყალი ვითხოვო. ჩემივე ხროტინის ხმა მესმის. ქალი პირზე წყალს მაწვეთებს, მერე მეხმარება, რომ დავლიო. მე ტუჩები და ლოყები საჩინლად მეწვის, ფეხები მთლიანად ჩახარშული მაქვს. შორიდან ხმები მოდის იმ ქალის, ტონით ვხვდები, რაღაცას მეკითხება, შუალედებში შესვენებებს აკეთებს, მაგრამ ერთი სიტყვაც არ მესმის მისი. ცოტახანი ასე უძრავად ვზივარ, არ ვიცი კიდევ რამდენხას შემიძლია ამ სიცხის ატანა. მხოლოდ ის ვიცი, რომ უსაშველოდ ვიტანჯები. მთელი სახე მეწვის, ფეხებს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ. ის ქალი მოდის და ფეხებზე რაღაც ნაჭრებს მაფენს. სახეზე მყრალ, მწვანე მასას მისვამს, რაც ძალიან მსიამოვნებს, კანს უცნაურად მიგრილებს.
უკვე ღამეა როცა ჩემი გონება სხეულს უბრუნდება. გულაღმა ვწევარ. მთელი ცა ვარსკვლავებითაა მოფენილი. მე ვცდილობ ამოვიცნო ვარსკვლავების ნაცნობი განლაგებები, ისეთი, რომელიც ჩვენი გორაკებიდან ჩანდა. აქედან ცა სხვანაირი მოსჩანს, უფრო დაკლაკნილი, მუქი. თითქოს შუისკენ ღრმავდება და სადღაც უსასრულობის მილში უჩინარდება. გვერდს ვიცვლი. სიბნელეში ვარჩევ, რომ ის ქალი სულ შიშველი წევს ქვეშაგებზე. იმ კაცს თავი მის საშოსთან უდევს. ხელი-მუცლის ზემოთ. მე მუცელსა და მუხლებს შორის მთელი სხეული მტკივდება. მერე ეს ტკივილი ზემოთ მოდის გულს გარშემო რამდენჯერმე უვლის და ბოლოს თავში გროვდება. ორივეს მოწითალო კანი აქვს. მათ და გიგანტურ ცხოველს თითქმის ერთი ფერი აქვთ ამ სიბნელეში. სამივეს ღრმად სძინავთ, დაქანცული, უდარდელი ძილით. მე დიდხანს ვუყურებ იმათ სხეულებს, რომელთა მსგავსად ცოცხალი მანამდე არაფერი მენახა. არ ვიცი რა დრო გადის იმათ ცქერაში. მერე ვერც ვიაზრებ, თვალები ისევ მეხუჭება. ცოტახანში შრიალის ხმა მაღვიძებს. თვალებს ვახელ. ვხედავ, კაცი დგება. სხეულიდან ქვიშას იბერტყავს. მისი სხეული ახლა უფრო ხილვადია, თითქოს გამჭვირვალეა. ძნელი სათქმელია, რა ასაკისაა, თუმცა მუცლით და მუხლებით დიდად ახალგაზრდას არ ჩამოჰგავს. რაღაცას უცხო ენაზე ბუტბუტებს, მისი თვალები თეთრად ანათებს სიბნელეში და თითქოს ეს სინათლე უფრო და უფრო ძლიერდება. თითქოს კანი უფრო და უფრო უწითლდება. ხელში გრძელი დანის მაგვარ დიდ იარაღს იღებს. იმ კუზიან ცხოველთან მიდის, ჯერ შუბლთან ხელს უთათუნებს, მერე იმავე ადგილას კოცნის, ბუტბუტს ისევ აგრძელებს საიდანაც ზოგს სიტყვას უფრო გამოკვეთილად წარმოთქვამს. მერე ამ იარაღს ცისკენ იშვერს და მომენტალურს ყელს ჭრის კუზიანს. იმას ბღავილი გზაში უწყდება და ფხვიერი ქვიშა იმის სისხლს უმოწყალოდ იწოვს და ხვრეპს. ქალი უძრავად წევს. მე სუქნთქვას ვწყვეტ. მერე შორიახლოს ქვიშის უდიდესი ურჩხული ჩნდება. ჯერ შორიდან ხარივით მოიზლაზნება და მერე უსწრაფესად ტრიალებს ჩემ წინ, სხეულებსა და მსხვერპლის თავზე. მზის პირველი სხივი იმის მხოლოდ ერთ ნაწილაკს ხვდება და ის უსწრაფესადვე უჩინარდება. თან მიაქვს თავისი სხეულები და მსხვერპლები. ჩემს წინ მხოლოდ ტალღებად დაშლილ ოქროსფერ ქვიშის საფარს ტოვებს, რომელზეც ახლა კაცია აღმართული. უკან ის დიდტანიანი ცხოველი უდგას, რაც იმ კაცს და ქალს, წინა ღამიდან. ეს კაცი მათარას და ხმიადის ნატეხს მაწვდის, ზედ რაღაც ფრაზას მოაყოლებს, რაც ჩემთვის მხოლოდ ბგერებია. რატომღაც ვხვდები, ამ ცხოველით მგზავრობას მთავაზობს. მე ძალიან კარგად ვიცი, სხვა არჩევანი რომ არ მაქვს, ან უნდა გავყვე, ან აქ შიმშილით, წყურვილითა და სიცხით მოვკვდე ნაშუადღევამდე. ამიტომ ფრთხილად ავდივარ ჩამუხლული ცხოველი ზურგზე, იმის კუზებს შორის მოხერხებულად დაჯდომას ვცდილობ. მერე ის აღიმართება, ნელა მიდის, ზანტად, თითქოს უძრავად მიაქვს თავისი სხეული. ზემოდან ქვიშის ტალღები კიდევ უფრო კარგად ირჩევა, რომელსაც ბოლო არ უჩანს, რომელიც მოშორებით ცას უერთდება და ყველაზე უცნაურ ფერთა შეხამებას ქმნის. იმ კაცს თავზე დავცქერი, ნელა მიუყვება გვერდით თავის ცხოველს. ზუსტად ერთნაირად გვაცვია, მეც მხოლოდ თვალები მიჩანს ჩემი თავსაბურავიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, იმან ძალიან კარგად იცის რომ მე ქალი ვარ. მე ვუყურებდი, როცა ჩემ წინ წამოიმართა ის ჰაერში რაღაცას ყურადღებით ყნოსავდა და მაშინ მიხვდა, მაშინ მიცნო.
რამდენიმე ხანში ისეთ ადგილას მივდივართ, პატარა ჭაა. ულამაზესია ეს ადგილი, უცხელესი და უჩუმესი. იქ ფერადი ნაჭრებით მოწყობილი შეხურულია მოწყობილი. იმაში მანიშნებს, რომ შევიდე, მერე წყალი მოაქვს და მაწვდის, მე უსწრაფესად ვსვამ და ის გზაში მაჩერებს, ისევ მანიშნებს, ეგრე არ შეიძლებაო. მერე ჩემს ხმიადს ვაყოლებ, რომელიც უკვე ძალიან გამხმარია და რომელსაც ძალიან უცნაური სუნი აქვს. ის კაცი ჩრდილში სახეზე სახვევს იხსნის. ძალიან მუქი კანი და უშავესი წვერი აქვს. უმსხვილესი ტუჩები და უმუქესი თვალები.ვხედავ, რომ ძალიან ლამაზია და ვცდილობ, იმ კაცს შევადარო, ჩემი სიზმრებიდან. მინდა ვიცნო, ის არის თუ არა, მაგრამ არ არის. იმას არაფრით ჰგავს, არც ფერით, არც ნაკვთებით. ღამემდე იქ ვზივართ, არაფერს ვამბობთ. ის დროდარდო რაღაცას ეწევა გრძელი ჯოხიდან, რომელსაც დამწვარი ბალახის სუნი ასდის. ის ყველა ჩასუნთქვისას მიყურებს პირდაპირ თვალებში, თან თითქოს ჩუმად ეღიმება, სახეზე არა, გულში, რაც თვალებში ძალიან მარტივად მოსჩანს. საღამო და ბინდბუნდი ერთანეთის მიყოლებით მოდიან და ირგვლივ ყველაფერს უფრო ჩუმსა და იდუმალს ხდიან. მე უკვე ძალიან ვიღლები, თავს ქვეშაგებზე ვდებ, შორს ვიყურები, იმ კაცს თვალებს ვარიდებ, მაგრამ მაინც ვხედავ, მის ფეხებზე გველი მიცოცავს. მერე იმის თავს უახლოვდება. გარედან ეტმასნება, აუვლ ჩაუვლის. ეს ხელით ეთამაშება. მერე დაწოლილივე ჩემკენ ჩოჩდება, თან ეს შავი გველი მოჰყავს. ტუჩებზე ხელს იდებს და ამბობს: „შშშშ“. მე გველი უკვე თვალებში მიყურებს. თავისი პირი ჩემს ცხვირთან მოაქვს, ჩემს ამონასუნთქს ისუნთქავს და უეცრად პირს აღებს, იმ პირიდან სიხლის წყარო ამოსჩქეფს და ჩემს ტანზე ღარებად იწყებს დენას. მე ვყვირილს ვიწყებ. ფეხებში ძალა მერთმევა, ეს კაცი მოდის. თავზე ხელს მისვამს. თან ხელს გველის ტანისკენ იშვერს. ერთანეთის მსგავს აფორიაქებულ სიტყვებს წარმოსთქვამს და გველის სხეულს რაც ძალი და ღონე აქვს ისვრის. მე თვალს ვაყოლებ და ვხედავ, იმისი ტანი ჰაერში შემზარავად, უსიცოცხლოდ იკლაკლება და მოშორებით ქვიშაში ენარცხება. კაცი უკვე ძალიან ახლოს მოდის. ხელებს უკვე მთელს სხეულზე მისვამს. ჩემს ტანზე ოფლი და გველის სისხლი ერთმანეთს ეზილება. მე მთელს სხეულზე ბუსუსები მაყრის. მუხლებსა და მუცელს შორის ისევ ტკივილს ვგრძნობ. მისი ხელები ჯერ ჩემს მკერდს ეხება, მერე საშოს. მალე ის ჩემს ზემოთ აღმოჩნდება. მე უკვე ვეღარ ვარჩევ და აღარ ვფიქრობ იმ ტკივილზე და სიცხეზე, რაც სხეულში მაქვს. ეს კაცი ნელნელა ჩემს სხეულში შემოდის. მე თვალებში ვუყურებ. ჯერ თვალები უშეშდება, მერე პირი ეღება შემზარავად და ზემოდან მეცემა, იმის ხროტინი და ჩემი ყვირილი ერთანეთს საზარლად ერწყმის. გვედით ეცემა და ვხედავ, ჯერ ასო უხმება, მერე მთლიანად გვამი, პატარავდება და ქვიშის ერთ ნამცეცად იქცევა, რომელსაც ქარი ქვიშის ტალღებს ურევს და სადღაც შორს მიაქანებს. მე ვნება, ცრემლები და შიში ერთმანეთში მერევა. გულაღმა ვწვები და დედას ვეძახი, რომელსაც ვიცი, აქედან ჩემს ხმას ვერ მივაწვდენ, რადგან ვიცი, რომ ეს ის სამყარო არაა, სადაც ვცხოვრობდით, ეს დაწყევლილი მიწაა.
იმ ღამით უსასრულო მინდვრები მესიზმრება. იმ მინდვრებში ჩემგან ძალიან შორს დედაჩემი ბალახს თიბავს, მერე მიწაზე ჯდება, შუბლიდან ოფლს იწმენს, მერე იხედება და მეძახის, წყალი ჩამომიტანეო. მიმაქვს და წინიდან რომ ვუყურებ ვხედავ, ტანს ქვემოთ ბუს ფეხები გამობმია, ტანს ზემოთ ისევ დედაჩემია. იმ ფეხებს მოუხერხებლად ხან წინ სწევს, ხან უკან. მთხოვს, რომ გვერდზე მოვუქციო, რამენაირად. ხელს როგორც კი ვახლებ, ის ფეხები ლღობას იწყებ და უჩინარდება.
რომ მეღვიძება გამთენიაა. ქვიშის ტალღები ოდნავ შეფერადებული, თითქოს ისე საზარლად არ გამოიყურება, როგორც დღის სინათლეზე. სანახევროდ შემოხურული ნაჭრების კარვებიდან გამოვდივარ მერე ამ კარავს ოდნავ გვერდს ვუვლი, უკან ვიხედები და ამომავალი მზის შუქზე ძალიან გარკვევით ვხედავ, კარვის დახშული მხარის უკან ქვით ნაგები პატარა ქალაქი მოსჩანს. ქვიშიან დაბლობზე თავგამეტებით ვეშვები, რამდენიმე წუთში კი ქალაქის მისადგომელთან ვდაგავარ. ჩემს წინ ქვის დიდი კარიბჭეა აღმართული რომელზეც არწივის მსგავსი ფრინველია გამოსახული, ოღონდ ოთხი თავით. ზედ ამ კარიბჭესთან ვჯდები, იმის იმედით, რომ ოდესმე გაიღება. ვგრძნობ, უკვე წყურვილისგან აღარ შემიძლია. სახე მთლიანად გადატყავებული მაქვს, თვალები ქვიშით სავსე.
ნელნელა გარშემო ყველაფერი ცხელ ჰაერში ლივლივს იწყებს. მომენტალურად თვალი მიშტერდება. მოშორებით ბუჩქი მოსჩანს, ისიც ჰაერში ლივლივებს. ძლივს ვარჩევ, გამხმარ ტოტებზე ზემოდან პატარა ყვავილი გამობმია და წითლად ელვარებს. დროდადრო ამ წითელი ყვავილიდან სისხლის წვეთები გადმოდის და ნელნელა მიუყვება ბუჩქის გამხმარ ტოტებს, ცოტახანში მთელი ბუჩქი წითლდება, მაგრამ არცერთი წვეთი ეცემა ცხელ ქვიშას. ჩემი ტუჩები უეცრად თავისით იწყებს მოძრაობას და ყურებში ჩემივე ხმა შორიდან, ჩურჩულით ჩამესმის:- „ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა,ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა.“ ქვემოდან გველი ეკლაკნება მერე იმ წითელ ყვავილთან მიდის პირს აღებს და ერთიანად ყლაპავს. თავს ჩემკენ აბრუნებს, წითელ ენას ყოფს. ვიცანი, ის გველია, მე რომ სისხლი გადმომანთხია. მერე იმ ბუჩქის უკან დედაჩემის სახე ჩნდება. მას მთელი სახე სისხლის წვეთებით აქვს დაღარული. ვერ მიყურებს, თვალები აქეთ-იქეთ გაურბის. მე თვალებს ვხუჭავ და ვახელ, ვხუჭავ და ვახელ. მეორე გახელაზე უკვე დედაჩემის სახე აღარსად ჩანს, თითქოს ისიც გადნა და ცხელ ჰაერს წებოვან მასად შეერია.
იქ თითქმის შუადღემდე ვზივარ.
მზე თითქმის გადასულია, ჰორიზონტზე რაღაც ჩრდილი იკვეთება, რომელიც ჩემკენ ნელნელა სწორედ იმ მხრიდან ეშვება, საიდანაც მე ჩამოვედი აქ. თვალით ადვილად გასარჩევ სიშორეზე კარგად მოსჩას, წვივებზე ბეწვეული აქვს დახვეული, მაღალია, მუქი კანი აქვს. კარგად გამოკვეთილი კუნთები. მხარზე პატარა ნაჭრის ჩანთა აქვს გადაკიდებული. მზეზე ტანი მთლიანად უბზინავს, სანამ მომიახლოვდება იქედანვე ვხვდები, მთელ ტანზე სანელებლების სუნი ასდის. თმა გრძელი აქვს, ოქროსფერი და ხუჭუჭი. მაშინ ვხვდები, ეს ბიჭი მართლა გავს მსხნელს, უძველესი, დავიწყებული ზღაპრებიდან. ჯერ ბუჩქთან მიდის, იმას სულ ქვედა ტოტებიდან პატარა ნაწილს აჭრის და ფეხზე დახვეულ ცხოველის ბეწვში ირჭობს. მერე მიახლოვდება, უცნაურ სალამს მაძლევს, მერე ჩემთვის რატომღაც ძალიან გასაგებ ენაზე მეუბნება:
„-მეუდაბნოვე ვარ, იოანე მქვია და წლებია გელოდები. მე მოვნათლავ იეშუას, მანამდე მოგნათლავ შენ, როგორც მასზე ერთი დღით უფროს დას. იეშუა ბოლოჯერ მთის კენწეროზე ჩაისუნთქებს. შენ იმის მერე დიდხანს იცოცხლებ, ნახავ ჩემს სიკვდილს იმაზე ბევრად მალე, ვიდრე ჩემი სიბერე დადგება.“
მე ვუყურებ თვალებში, რომელიც გასაოცრად ლურჯია და წესით ბოლო დღეების შემდეგ აღარ უნდა მიკვირდეს რაიმე მსგავსი, რაიმე უცნაური, რაიმე მაგიური, მაგრამ მიკვირს და ჩემს ტვინში ერთმანეთს ერევა წყურვილი, შიმშილი, უძილობა და სანელებლების სუნი.
~~
***
მეტროში გაჭედილი ვდგავარ. ზუსტად აქ,ამ ორ სადგურს შორის მეტროს ვაგონები განსაკუთრებულად ჯაყჯაყებს. მე თითქმის ზეპირად ვიცი ,რომელ მხარს გადამაქანებს და ზოგჯერ სხვების დაბნეულ ბარბაცს ირონიიის თვალითაც ვუყურებ.
ყოველ დღე ვდგები ზუსტად 06:30-ზე. უკვე კარგი ხანია, წითელციფერბლატიან მაღვიძარას რამდენიმე წუთით ვასწრებ. მერე ნერვულად ვთიშავ, რომ მისი ხმა წამითაც არ გავიგო. ძლიერ ყავას ვსვამ აივანზე. მერე დაბლა, ქუჩაზე ვიფურთხები, იმის ნიშნად, რომ ამ სამყაროში წესები დიდი ხანია, აღარ არსებობს, არც ეტიკეტი, არც ზრდილობა, არც ტაქტი. საკრალურ სიმაოვნებას მგვრის, როცა წარმოვიდგენ, ჩემი ნერწყვი ვიღაცის მანქანას ეცემა, ან ტროტუარს, მერე ვიღაც მას ფეხით გასრესს და თავის ბინაში შეიტანს. მერე იაბანავებს, ტანზე ზედმიწევნით წაისვამს სხვადასხვა მოსავლელ საშუალებებს და მშვიდად დადებს თავს თეთრ ბალიშზე, ვითომ გარშემო სამყარო არ ენგრეოდეს.
ყოველ დილით აივანზე გასულს კორპუსის ფასადებზე გაკრული ათასნაირი ხელოვნებად შერაცხული ნახატი თუ ინსტალაცია მხვდება. ზოგჯერ წამით ვღიზიანდები, რომ იქ ჩემი სახელი არ წერია, ჩემი სულელური პორტრეტი არ ხატია იდიოტური, კმაყოფილი გამოხედვით. ვაცნობიერებ, ჯერ კიდევ ვერ ამირჩევია, ვინ მინდა ვიყო, ის ვინც ამ პოსტმოდერნისტულ ნაგავს გააკეთებს და სარფიანად გაყიდის, თუ ვისაც ამის აფსურდულობა ეცოდინება და თავის სოროში ცოცხალმკვდარი დიდხას გაიღვიძებს, ეცდება დაიჯეროს, რომ ყოველი დღე ახალი შანსია და დღის ბოლოს გააცნობიეროს, დიდი ხანია ეს შანსი აღარაფერში სჭირდება, დიდი ხანია მექანიკურ მანქანად გადაიქცა და ვეღარავინ ამჩნევს, რადგან მეტისმეტად მოძველებულია, თანაც ნელი.
იმ დღეს ჩემი თანამშრომელი ქსეროქსის აპარატიდან ფურცელს აცურებს. მერე ახალ ბრძანებას აძლევს. კლავიატურას უპარტყუნებს თავდაჯერებულად. ნანი ჰქვია. კარგი გოგოა, თავდაჯერებული ,თავდაჭერილი, მოწესრიგებული. დღეს ლურჯი კლასიკური შარვალი და მისი წყვილი პიჯაკი აცვია, შიდგნით თეთრი პერანგი. ღაწვებზე რაღაც უსვია, თან შესამჩნევი ,თან შეუმჩნეველი, მაგრამ ფუნდამენტური შტრიხი შეაქვს მის დღევანდელ ლუქში. საქმესთან ერთად ყოველთვის ყავას წრუპავს. უცივდება, მაგრამ მაინც აგრძელებს წრუპვას, თითქოს აქ ის სითხე კიარაა მნიშვნელოვანი, რაც მუყაოს ჭიქაში ასხია, არამედ თვითონ პროცესი, პროფესიული უზრუნველყოფის პაწაწინა გარანტი. ხოდა ეს პატარა მუყაოს ჭიქა უცებ ხელიდან უსხლტება, დაახლოებით ნახევარი ჭიქა კლავიატურას ესხმება. კასი იჭრება, სახეზე ალმური ედება. უეცარი კივილი აღმოხდება და თვალებიდან ცრემლები მოსდის. არავის უნახავს კასი მტირალი, ცრემლიანი, ძლიერი ნანი, კომპანიის სახე ნანი, საცოდავი ნანი, რომელსაც ღრმად სწამს, ახლა რომელიმე გაბღენძლი ზემდგომი მოვა, რომელიც არასდროს უნახავს და სამსახურიდან დაახვევინებს, მარტო იმის გამო რომ, სტარბაქსის მზოსან გოგონას მობზრიალე ხუთქიმიანმა ვარსკვლავმა ოდნავ მარჯვნივ სძლია.
დამშვიდდი ნანი, საყვარელო. ამისთვის პანღურს არავინ ამოგკრავს. აქ ყველას ძალიან სჭირდები, შენ ლამაზი ხარ, გამოცდილი, გაღიმება შეგიძლია, მაშინაც კი თუკი მწვავე შეკრულობა გაწუხებს მთელი დღე ჯდომისგან, ან მალათშორისი ნერვის ანთება.
რამდენიმე წუთში ნანი მშვიდდება. ჯერ დილაა, მარტო მე და ის ვართ ოფისში. არც იცის, თუ ვვუყურებ. სახეს ნერვულად იწმენდს. მერე ტექნიკური უზრუნველყოფის ბიჭებთან რეკავს და ნახევარ საათში ახალი კლავიატურა მოაქვთ. ნანი წელში გამართული, მომღმარი ხვდება. თითით მიუთითებს სველ კლავიატურაზე და მუშაობას აგრძელებს, თითქოს ყურადღებასაც არ აქცევს, თითქოს მნიშვნელობა არ ჰქონდეს, ექნება თუ არა კლავიატურა, თთქოს აქ კლავიატურა კიარა კასის მოწესრიგებული, ლაქწასმული თითები უფრო მნიშვნელოვანი იყოს. კარგი ნანი, ბრო. მორჩი ამ სპეკტაკლს, ამ ბიჭებთან მაინც, ვინც ყველაზე კარგად იციან ოფისის ვირთხების ფასი.~
ფასი: დოლარნახევარი საერთაშორისო ბაზარზე
მთელი დღე მეშხამება, რატომ არ ვიცი. მაგრამ ზოგადად ასეა, რაღაც სიტუაციებზე წარმოდგენა გაქვს, ადამიანებიც იცი, როგორები არიან, მაგრამ როგორც კი ეს სპეკტაკლები შენს ცხვირწინ ვითარდება, მაშინვე ცხოვრება გენგრევა.
ნაშუადღევს ჩემი ვითომდა ოთახის, მინით შემოგუდული კაბინეტის კარს ნანი აღებს, შემოდის და უხერხულად შუადღემშვიდობისას მისურვებს. მერე რაღაცნაირად მიღიმის, ტუჩებს მარჯვნივ ბრეცს. მე ვუყურებ და ვგრძნობ, სახეზე მაწერია, რომ ვითხოვ დროზე გადმომცეს,რაც დააბარეს, მაგრამ უეცრად სულ სხვა რამ მესმის:
-გუშინ რომელიღაც იტალიელი ანონიმი მხატვრის ნახატი ჩამოიტანეს ეროვნულ გალერეაში, ჩემი სამეგობროდან ყველამ უკვე ნახა და გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ, ძაან მაგარიაო და თუ გინდა სამუშაო საათების მერე ერთად წავიდეთ და ვნახოთ. რას იტყვი?
მე არ ვიმჩნევ გაკვირვებას, არც სურვილის არქონას და დაუფიქრებლად ვამბობ
-ხო, რავი, არაფერი მაქვს საღამოს დაგეგმილი, შეგვიძლია წავიდეთ.
მერე ისევ ისე იღიმის, როგორც წეღან, ოღონდ ახლა თვალები უფრო უციმციმებს, მივხვდი, ძალიან გაუხარდა. გადის ნანი, კარს ზურგს უ